იითშობილი სრულად 1 ტომი
ნაწილი I: გამოღვიძება ვინც ფიქრობს, რომ ღამე მხოლოდ დღეს ცვლის, ცდება. ღამე ცოტას ჯადოსნობს კიდეც — და ამას იშვიათად ამჩნევენ. ხანდახან, თითქოს თამაშით, ქარს აჰყვება, პატარა ღრუბელს გადასწევს, ერთ ფანჯარას გაანათებს და... სამყაროს ბილიკებს უხმაუროდ შეუცვლის მიმართულებას. ეს შეუმჩნეველი იდუმალება მისი მთავარი ძალაა. ის ღამეც, ალბათ, ჩვეულებრივად ჩაივლიდა სუსტი აღნაგობის გოგონასთვის, ცინდა პირველისთვის — რომ არა ღამის ონავრობა. თუმცა ფაქტია: იმ ღამით გოგონამ ნამდვილად უჩვეულო რამ ჩაიდინა. ხუთიოდე წლის, ფერმკრთალი გოგონა საახალწლო ნათურებით განათებულ ოთახში იჯდა. ძილის დრო ახლოვდებოდა, მაგრამ თავშესაფრის სხვა ბინადრების მსგავსად, მასაც უჩვეულო შფოთი აფხიზლებდა. ცინდას ცისფერი თვალები ფართოდ გაეხილა. ჩალისფერი თმები სახეზე ჩამოჰყროდა და საახალწლო ნათურების მყვირალა, არათანაბარ ციმციმს უბღვერდა. მისი ყოველი გაელვება უსახო კედლებზე გრძელ, მახინჯ ჩრდილებს ტოვებდა. ეს ხელოვნური შუქი თითქოს კანს უწვავდა, მოსვენებას არ აძლევდა და შიგნიდან ბრაზით ავსებდა. სწორედ ასეთი ბრაზიანი მზერა გადაიტანა მასზე ერთი წლით უფროს, წითურ გოგონაზე — ნინი ბუთხუზზე. თავშესაფარში ბავშვების ნახევარი ცინდას ცელქ, ონავარ და კონფლიქტურ გოგოდ მიიჩნევდა. თუმცა, წითელლოყება ნინისთან შედარებით ის ანგელოზი იყო — ნინის ბევრად რთულ და მომაბეზრებელ ხასიათზე ყველას კბილები უცვდებოდა. სინამდვილეში, ორივეს ერთი და იგივე უხილავი, მწარე სიმარტოვე ღრღნიდა — ის ბავშვური, ობლობის სუნი, რომელიც ამ კედლებში ყველას ასე კარგად ეცნობოდა. სწორედ ეს ტკივილი ამოსდიოდათ ხან ბრაზად და ხან უმიზეზო გაღიზიანებად. ცინდა ისე მიშტერებოდა ამ მეორე ბუნტისთავს, რომ თავადაც ვერ ამჩნევდა საკუთარ მზერას. ნინი ერთი წლით უფროსი იყო — პუტკუნა, ცინდასავით ჭორფლიანი, ოღონდ ცეცხლისფრად წითური. გოგონამ იგრძნო ეს მწველი მზერა, უცებ შემოტრიალდა, მივარდა, ჩალისფრ თმებში ხელები წაავლო და მთელი ძალით მოქაჩა. — რას მომჩერებიხარ და მიბღვერ?! — დაიღრინა ნინიმ. ცინდას ხმა არ ამოუღია. პატარა, აკანკალებული თითები ინსტინქტურად კისერზე ჩამოკიდებულ, ფირფიტის ფორმის კულონს ჩაავლო — იმ ერთადერთ თბილ ნივთს, რაც დედისგან დარჩენოდა. ნინის მზერა გოგონას ყელზე გაეყინა, სადაც თითქოს ბავშვური ბრაზის პასუხად, კულონმა წამიერად, იისფრად და მკვეთრად გაანათა. ნინიმ თვალები მოჭუტა, სახე უფრო დაეჯღანა და იყვირა: — შე მახინჯმძივიანო! ამ სიტყვამ და უხეშმა ხელმა პირდაპირ კულონს უწია. — ხელი გაუშვი! — იკივლა ცინდამ, სიმწრისგან თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და ხელები დაიგრძელა. ერთმანეთის თმებში ჩაბღაუჯებული გოგონები იატაკზე დაენარცხნენ. იმ წამს ცინდა ვეღარც გარშემომყოფ ბავშვებს ხედავდა და ვეღარც ტკივილს გრძნობდა. გაისმა ლითონის წვრილი, მინისებრი ჟღრიალი. ძეწკვი გაწყდა. კულონი აციმციმებული ნათურების შუქზე იატაკის ძველ, ჩაშავებულ ნაპრალში ჩავარდა და თან გაიყოლა თავისი უკანასკნელი, იისფერი ელფერი. — არაა!.. — იყვირა სასოწარკვეთილმა ცინდამ. ბავშვები უცებ მოგროვდნენ მათ ირგვლივ — ვიღაც იცინოდა, ვიღაც ყვიროდა. ნათურები უფრო სწრაფად აციმციმდნენ. ერთი დიდთავა ბიჭუნა კუთხეში ჩაიკეცა და ყურებზე ხელები აიფარა. სხვა უფროსების დასაძახებლად გაიქცა. ძიძა მართა სულ მალე შემოვარდა ოთახში, ხმელი ტანით ბავშვების გროვა გააპო და გოგონები ერთმანეთს უხეშად დააშორა. ნინი განზე გასწია, მაგრამ სწორედ იმ წამს მოხდა რაღაც, რამაც ახალგაზრდა ქალი ადგილზე გააქვავა. „დედიკო!... ისევ მე... მე ვარ ცუდი?“ — ხელმა ისევ მოძებნა კულონი და ცარიელ ყელზე გაეყინა. ცინდას შიგნით რაღაც დაიმსხვრა — ჩუმად და შეუკეთებლად... ირგვლივ ყველანაირი მოძრაობა გაქრა, თითქოს ჰაერიდან ჟანგბადი ამოტუმბესო. და უცებ, მისმა ცისფერმა თვალებმა სიბნელეში უცნაურად, ალმოდებული იისფერი ნათებით გაანათეს. აწურულმა მართამ შეჰკივლა და ორივე გოგონას დასაჭერად ხელები გაიწვდინა, თუმცა... ხელში მხოლოდ ჰაერი და ცინდას პატარა, გაყინული მაჯა შერჩა. იმავე წამს, თითქოს ოთახში უხილავი ჭურვი გასკდაო, მძლავრმა ტალღამ ნინიკო ჰაერში აიტაცა და შორს მოისროლა. გოგონა ზურგით მძიმედ დაენარცხა კედელს და იატაკზე, უგონო თოჯინასავით გაიშხლართა. ცინდამ საკუთარ ხელებს შეხედა, გუგები შიშისგან იმდენად გაფართოვებოდა, რომ ცისფერი გარსი თითქმის გაუქრა და ყელში მოწოლილი ხმა ჩაეხშო. ის უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან და საძინებელში შევარდა. გოგონა საწოლსა და ძველ, ზედაპირგადაქერქილ კომოდს შორის არსებულ ვიწრო, ბნელ კუთხეში ჩაიკეცა, მუხლები ნიკაპთან მიიტანა და მთელი სხეულით აკანკალდა. ბავშვთა სახლის განათებას მართლაც რაღაც დაემართა — ახლა ყველა ნათურა გიჟურად ციმციმებდა, თითქოს მალე აფეთქებას აპირებდნენ. დერეფნებსა და ოთახებში ქაოსი გამეფებულიყო — შეშინებული ბავშვები წივილ-კივილით აწყდებოდნენ ერთმანეთს და ვერ იგებდნენ, რა ძალამ დაატრიალა ეს გრიგალი. ძიძა მართა კი გაოგნებული იდგა ნინისთან. გონებაში იმ წარსულს ებრძოდა, რომელშიც ცინდა გაეცნო — იმავე შიშთან ერთად, რაც მათ პირველ შეხვედრას მოჰყვა. აზრებს ვეღარ უყრიდა თავს: აღარ იცოდა, ნინი დაემშვიდებინა, სხვა ბავშვებზე ეზრუნა თუ სასწრაფოდ ცინდას ძებნა დაეწყო. თავშესაფრის თითქმის ყველა თანამშრომელმა მოირბინა. საძინებელში პირველი სასმლის მძიმე სუნით გაბრუებული მოხუცი დარაჯი შემობარბაცდა, მას კი უკან დარბაისელი დირექტორი, ლევან მამასახლისი მოჰყვა, რომელიც მხოლოდ იმის წყალობით აღმოჩნდა შენობაში, რომ თავის კაბინეტში გვიანობამდე შემორჩენილიყო. ოთახში ჩამოწოლილი სიმძიმე აშკარას ხდიდა, რომ რაღაც უბედურება დატრიალდა. — არაფერია... ბავშვები უბრალოდ წაკამათდნენ, ცინდას... ცოტა ზედმეტი მოუვიდა, — ბუტბუტებდა ფერდაკარგული ძიძა, კედელს აკროდა და ხელებს ნერვიულად იმტვრევდა. სახეარეული დარაჯი დარეტიანებულ, იატაკზე გაშხლართულ ნინის დაჰყურებდა, მერე თავი მოიქექა და ალბათ გაიფიქრა — ან მე დავლიე ამ საღამოს ზედმეტი, ან ამ ბავშვებმა ჩაიდინეს რაღაც სრულიად წარმოუდგენელიო. თუმცა, გოგონას მიტკალივით გადათეთრებულ სახეს რომ შეხედა, სახიდან ღიმილი გაუქრა. ბატონ ლევანს ყურები აეწვა. სათვალე ცხვირზე გაისწორა, მძიმედ, ხრინწიანად ჩაახველა და ოთახს მრისხანე მზერა მოავლო. მერე, ხმას აუწია და ხელი ჰაერში გაასავსავა. — რა გახდა ეს ცინდა პირველი?! სულ დავი-დარაბაში როგორ ეხვევა?! — რაღაც რომ ხდება, სულ იმას ვნატრობ — ოღონდ ის არა, ის არა!.. და აი,.. სწორედ ის! — სიტყვებში აირია მინიშნებებით ამეტყველებული ქალი. ბატონი ლევანი ადგილზე გაშეშდა. ძიძის ნაწყვეტ-ნაწყვეტმა სიტყვებმა გონებაში ძველი, წლების წინ ჩამარხული და უსიამოვნო გაფრთხილება ამოუტივტივა. მამაკაცს ყელი გაუშრა. მან წამით თვალი მოავლო იქვე მდგარ, დაბნეულ დარაჯს და ტუჩები შეატყუპა — ზედმეტი ყურების თანდასწრებით ამაზე სიტყვასაც არ დაძრავდა. — ნინი საძინებელში გადაიყვანეთ, — გასცა მოკლე განკარგულება. მართამ ნინისთან ჩაიმუხლა და დიდი სიფრთხილით, მხოლოდ თითების წვერებით მოჰკიდა ხელი, თითქოს ეშინოდა, გოგონას გაშეშებული სხეულიდან უხილავ დენს არ დაერტყა. ლევანი კი უკვე სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა დაბნელებულ დერეფანს — ცინდას ეძებდა. მარცხენა ხელი შარვლის ჯიბეში ღრმად ჩაეყო და გასაღებების ასხმას ნერვულად აჩხარუნებდა, რათა უცნაური, უთქმელი შიშით გამოწვეული თითების კანკალი დაემალა. მეორე ხელს კი ჰაერში მკაცრად ათამაშებდა და უკან ედევნებულ, ბარბაცით მომავალი დარაჯს ტუქსავდა. — ამ ბოლო დროს ზედმეტს ხომ არ სვამ, ბესო ბატონო? — უკან არც მიუხედავს, ისე გადმოსძახა დირექტორმა. — ოჰ, რას ბრძანებთ, ბატონო დირექტორო... — ენა ოდნავ დაება მოხუცს, — მხოლოდ ერთ პატარა ჭიქას თუ შევეჭიდები... ისიც იმიტომ, რომ გარეთ, ყინვაში, არ შემცივდეს და არ გავცივდე... — ჰო, კარგი, კარგი... ნუ გამირითმე ახლა! აბა, ამ საძინებელში შევიხედოთ! ოთახში შესვლისთანავე შუქის ჩამრთველი მოძებნეს. ჯერ ფანჯრის მარჯვნივ მოატარეს მზერა, სადაც ორი უსახური, ერთნაირი, თითბრის საწოლი იდგა, მერე მარცხნივ — ორ იდენტურ საწოლსაც გადაავლეს თვალი. მათ შორის კი, მუხლებში თავჩარგული, პატარა და აკანკალებული ფიგურა შენიშნეს. კიკინებჩამოშლილი ცინდა, ვიწრო კუთხეში ჩაცუცქულიყო, თითქოს ცდილობდა, კედლის ნაწილად ქცეულიყო. ბატონმა ლევანმა ღრმად ამოისუნთქა. შიშის პირველ ტალღას მცირეოდენი სიმკაცრე მოჰყვა, თუმცა გოგონას დანახვაზე ხმაში ბრაზის ნაცვლად უფრო მეტი სიფრთხილე დაეტყო. ნაბიჯი გადადგა, თითბრის საწოლის ცივ საზურგეს ხელი ჩაავლო და ბავშვს ზემოდან დააცქერდა. — ცინდა... — ჩუმად, მაგრამ მკაცრად ჩაილაპარაკა დირექტორმა, — შემომხედე. ლევანმა მზერა გოგონას თვალებს გააყოლა — ბავშვი ფანჯარას მისჩერებოდა. თითქოს ღამის წყვდიადიდან, რაღაც უცნაური, უცნობი სუნთქვის თუ ფრთების ფარფატის მსგავსი ხმა აღწევდა. თუმცა, ამას მხოლოდ თავად სამყარო, ან ცინდა — ეს უჩვეულო გოგონა თუ გაიგონებდა. ბავშვმა ფანჯარას თვალი მოაცილა, აცრემლებული, აფორიაქებული მზერით ახედა მამაკაცებს და დაგროვილი ემოცია ერთიანად ამოხეთქა: — მე არაფერი მიქნია... მე არაფერი დამიშავებია! — კარგი, ბესო, შენ მართას დაეხმარე, მე კი ცინდას მივხედავ, — ლევანის ხმას სიმშვიდე და მოულოდნელი ლმობიერება გაერია. მან ხელი ფრთხილად გადაუსვა გოგონას აჩეჩილ თმაზე, თითქოს ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ ბავშვი მომხდარის გამო ყველაზე მეტად იყო დასჯილი. მამაკაცი ჯერ ბოლომდე ვერ ან არ იაზრებდა, თუ რა დატრიალდა ამ ოთახში. მოგვიანებით, როცა ბავშვები როგორც იქნა დასაძინებლად გადაანაწილეს, მართამ ყველაფერი სიტყვა-სიტყვით უამბო. ქალი გაფართოვებული თვალებით ისე მიშტერებოდა, თითქოს ამ სამყაროში ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ კოშმარის ახსნა შეეძლო, მის წინ მდგომი დირექტორი იყო. მაგრამ ამ ყველაფერს გონივრული ახსნა არ მოეძებნებოდა. მომხდარს ორივე მათგანი ერთ ძველ, შიშნარევ გაფრთხილებამდე მიჰყავდა. დირექტორმა უცებ თვალები ზევით აატრიალა და ისე ჩაფიქრდა, თითქოს საკუთარი თავი სხვენში დაკარგა — იქ, სადაც ძველი სკამები, გატეხილი ქოლგები და „ერთ დღეს გამომადგება“ ნივთები ინახებოდა. მერე ისევ მართას გახედა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა: — აბა, ჩემო მართა... — შეყოვნდა, თითქოს სიტყვის შეცვლა უნდოდა, მაგრამ მაინც განაგრძო, — ის სფერო სად ინახება? მართა ადგილზე შეხტა, თითქოს უთხრეს, ახლავე მთვარეზე უნდა გავფრინდეთო. — რომელი?! — ქალს ხმა ჩაუწყდა და მზერაც სხვა მხარეს გაექცა. — აი, ის... გივარგიმ რომ დაგვიტოვა, ცინდასთან ერთად. — მგონი, ამის დრო მართლა მოვიდა, — ჩაილაპარაკა მართამ და ნიკაპზე თითები აათამაშა. — იმ შეშლილმა მოხუცმა ხომ გაგვაფრთხილა, როგორც კი გოგონა უჩვეულო რამეებს დაიწყებს, მაშინვე მიხმეთო. — ჰო… მაგრამ მე მეგონა, უცნაური ნიშნავდა, მაგალითად, კედელზე ხატვას ან უცნაურ სიზმრებს... — ჩაიბუტბუტა ქალმა და დირექტორი ეჭვით შეათვალიერა. მართას უკვე ისიც არ გაუკვირდებოდა, რომ მის წინ მდგარი, კუბოკრულ კოსტუმში გამოწყობილი, თმაგადასვლეპილი და მრგვალსათვალიანი კაციც იმ „შეშლილ მოხუცთან“ იყო შეკრული და ამდენ ხანს ერთად ატყუებდნენ. ორივემ ერთდროულად მიმოიხედა, თითქოს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ დერეფნის სიბნელიდან სხვა არავინ უსმენდათ. მესამე სართულზე ისე სწრაფად აირბინეს, თითქოს იქ უფასო საგზურებს არიგებდნენ. სხვენის ძველი ლუქი გადმოსწიეს, დასაკეცი ხის კიბე ჭრიალით ჩამოუშვეს და იქიდან წამოსულმა საუკუნოვანმა მტვერმა ორივე ერთდროულად ააცემინა. — აქ უნდა იყოს… სადღაც ამ კუთხეში… — ბუზღუნებდა თვალებგადმოკარკლული და ნიკაპწაწვეტებული ქალი, სანამ მტვრიან ნივთებს ხმაურით, აქეთ-იქეთ გადააწყობდა. ბოლოს, ერთ ძველ, გაშავებულ ხის კოლოფში მიაგნეს იმას, რასაც ოთხი წელი მშვიდად ეძინა. ლევანმა ყუთიდან ვაშლის ზომის, მძიმე, ბლანტი კრისტალი ამოიღო. — ეს აქ არ გაიხსნება! — მკაცრად თქვა და სფერო ქალის გაოცებულ თვალებს მოაცილა, თან კვლავ თავშალში გაახვია. სხვენის ვიწრო კიბეზე ჩამოსვლა ბევრად რთული აღმოჩნდა. მოუხერხებელ კოსტუმში გამოწყობილ კაცს ფეხი აუცდა, სახელურს ხელი ვერ ჩაავლო და წინ მიმავალ მართას მთელი სიმძიმით დააწვა. ორივე რიხინითა და გრუხუნით დაეშვა მეორე სართულის იატაკამდე. ლევანი წამსვე წამოხტა, შარვალი გაისწორა და მართას დაასწრო: — რას მომჩერებიხარ, კარგად ვარ! მართა ნატკენ მხარს ისრესდა, პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ კაცმა ფეხს აუჩქარა და დერეფნის ბოლოსკენ გაემართა. მეორე სართული ფეხაკრეფით, სუნთქვაშეკრულმა გაიარა — იქ ბავშვებს ეძინათ და ძველ, გამომშრალ პარკეტს არანაირი ჭრიალი არ უნდა ამოეშვა. პირველ სართულზე ჩასულმა, კორიდორის ბოლოს მდებარე საკუთარ კაბინეტს შეაფარა თავი და კარი ზურგსუკან საგულდაგულოდ გადაკეტა. ოთახში ყრუ სიჩუმე ჩამოწვა. ლევანმა თავშალიდან კრისტალი ამოიღო და მუხის ძველ მაგიდაზე ფრთხილად დააბრძანა. კოლოფის ფსკერიდან გაყვითლებული, უხეში ქაღალდის ნაგლეჯი ამოიყოლა, რომელზეც ნაბღაჯნი, მძიმე ასოებით ეწერა: „ინსტრუქცია: მარჯვენა ხელი სამჯერ გადაატარე სფეროს და დამელაპარაკები.“ წაიკითხა ერთხელ... მერე მეორედ... მესამედაც. სათვალე მოიხსნა, თვალები მოისრისა და ჩუმად ჩაილაპარაკა: — არა... ასეთი სიტყვები აღარ მაკვირვებს... უბრალოდ, საკუთარ გონებას ვერ ვაიძულებ, ამ აბსურდს აზრი გამოუძებნოს. ფიქრებით ოთხი წლის წინანდელ წარსულს დაუბრუნდა. იმ კაცმა — მხრებზე მოგდებული უზარმაზარი ნაბდითა და გრძელი, აჩეჩილი წვერ-ულვაშით — თავიდანვე ჩააფიქრა. თუმცა, მისმა დარბაისლურმა, მძიმე და მტკიცე ხმამ უნებლიერად დაარწმუნა. ან იქნებ... იმავე წამს მოაჯადოვა კიდეც, როგორც კი კაბინეტის ზღურბლს გადმოაბიჯა? ლევანმა თავი გაიქნია, უსიამოვნო ფიქრი სწრაფად მოიშორა და ისევ მოგონებების ძაფს მიჰყვა. კაცს გივარგი ნაბდიანი ერქვა. უთხრა, რომ ეს გოგონა მისი ძმისწულის შვილი იყო. თან ბავშვის დედაც ახლდა — თვალცრემლიანი ქეთევანი, საოცრად ნაზი და სასიამოვნო შესახედაობის ქალი. მათ აუხსნეს, რომ მათი ოჯახი საზღვრის სამსახურთან დაკავშირებული რაღაც უძველესი შეთანხმების წრიდან იყო და ბავშვს მათთან, მთებში, სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა. იმ დროისთვის ცინდა ერთი წლისაც არ იქნებოდა. — მხოლოდ თქვენ განდობთ, — უთხრეს მაშინ, იმედით სავსე თვალებით შემყურეებმა, — უკრისტალოებიდან, მხოლოდ ასეთ ღირსეულ კაცს შეუძლია მისი გადარჩენა. ურისოებიდანო? - გაიოცა მაშინ ლევანმა, მაგრამ მალევე, გივარგიმ სქელი, ძველი ბაჯაღლოს ბეჭედი უსახსოვრა, რომელშიც სამი მწვანე ზურმუხტი იყო ჩასმული. ლევან მამასახლისიც დათანხმდა. ის ბეჭედი კი... რა მოსატანია. მაშინვე ხომ ქალაქში გაყიდა. მიღებული თანხის დიდი ნაწილი თავშესაფრის კედლების შეკეთებასა და ბავშვების ზამთრის ტანსაცმელს მოახმარა. წასვლისას კი იმ უცნაურმა კაცმა, თითქოს სასხვათაშორისოდ, ზღურბლიდან მიაძახა: — ყუთში ინსტრუქციაც დევს... თუმცა, იმედი მაქვს, არასოდეს დაგჭირდებათ. მას შემდეგ გივარგი და ბავშვის დედაც ისევე გაქრნენ დირექტორის ცხოვრებიდან, როგორც სიტყვა - უკრისტალოები გაქრა ასე აუხსნელად მისი გონებიდან. ხანდახან ლევანს მაინც ეუფლებოდა უცნაური შეგრძნება, თითქოს ის ნაბდიანი კაცი შორიდან, უხილავად უთვალთვალებდა. მაგრამ ახლა ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა — ცინდამ საკუთარი თავი გამოავლინა და ეს ყველაფერს ძირფესვიანად ცვლიდა. ლევანი სფეროს მიაშტერდა. სურდა თუ არა, გოგონას იდუმალი გზა უკვე იწყებოდა, თუმცა დირექტორმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა მძიმე ხვედრი ელოდა წინ ამ პატარა, ონავარ ბავშვს. უცებ მისი ყურთასმენა რაღაცამ მიიპყრო — თითქოს სიახლოვეს ფრთების მსუბუქი, უწყვეტი ფარფატი გაისმა. ლევანმა ხელი ყურთან მიიტანა, მოიქექა და თავი ძლიერად გადააქნია, რათა აკვიატებული ხმა მოეშორებინა. — მომეჩვენა... — ჩაილაპარაკა ჩუმად, თუმცა ხმაში დარწმუნებულობა აკლდა. ბატონმა დირექტორმა კარი კიდევ ერთხელ შეამოწმა, დარწმუნდა, რომ ჩაკეტილი იყო და მაგიდას მიუბრუნდა. უცებ ის უცნაური სიტყვა გაახსენდა, რომელიც წლების წინ გივარგიმ ახსენა — უკრისტალოები. მაგრამ ახლა, როცა სფერო იხილა, პირველად დაეჭვდა, რომ თეია და ის ძველი სტუმრები ყოველთვის იმ მეორე მხარეს იდგნენ, რომლებსაც ეს უცნაური სიტყვა ვერაფრით მოერგებოდა. თითქოს საკუთარი ეჭვებისთვის დასწრება სურსო, მარჯვენა ხელი აწია და დაბურულ სფეროს გადაატარა. პირველად — არაფერი მომხდარა, მხოლოდ ხელები აუცახცახდა. მეორედ გადასმისას — მოეჩვენა, რომ კრისტალის სიღრმეში ნაპერწკალი აინთო. კაცს უკვე ცივმა ოფლმა დაასხა. გულისცემა ყელში ურტყამდა, ჰაერი არ ყოფნიდა და როგორც კი ხელისგული მესამედ შეეხო ზედაპირს — სფერო ბრმად მჭრელი, ოქროსფერი სინათლით განათდა. ლევანმა ინსტინქტურად უკან ისკუპა, მძიმე მუხის სკამი ხმაურით წააქცია და ზურგით კედელს აეკრა. ზუსტად იმავე წამს კედლის საათმა ბოლოჯერ, ყრუდ დაიწკაპუნა და წიკწიკი შეწყვიტა. ჩამოწვა სიჩუმე... ისეთი მძიმე და აბსოლუტური, ყურებს რომ მტკივნეულად აგუბებს. — ხომ ვიცოდი... მაგრამ მაინც არ ვიცოდი... — ამოიხავლა მამაკაცმა, რომესაც თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა. სფერო აღარ მშვიდდებოდა. მის შიგნით სინათლის ალმური ტალღებად ბობოქრობდა, მერე კი კრისტალმა კვამლის გამოშვება დაიწყო — თეთრი, ბლანტი და ზანტი ნისლი ოთახში გველებივით გავრცელდა და იატაკი სრულიად მოიცვა. ეს უცნაური ორთქლი ისე მძიმედ მიაწვა ფანჯრის მინებს, თითქოს ცოცხალი ყოფილიყო და გარეთ, თავისუფლებისკენ ეძებდა გასასვლელს. კაცს ვერ გადაეწყვიტა — გაქცეულიყო, ადგილზე დამჯდარიყო თუ ფეხზე ამგარი დალოდებოდა, რა ამოხტებოდა ამ ნისლიდან. მისი გონება, რომელიც ყოველთვის მყარ, საღ აზრს ეყრდნობოდა, ახლა უმწეოდ აწყდებოდა კედლებს. თვალები სტკიოდა, მაგრამ მზერას ვერ აცილებდა იმას, რასაც მთელი ცხოვრება ზღაპრად მიიჩნევდა და ახლა რეალურად ხდებოდა, მის საკუთარ, მტვრიან კაბინეტში. უეცრად სფეროს შუაგულიდან თეთრმა, მჭრელმა სხივმა იფეთქა და ოთახში გაბნეული ბურუსი წამსვე თავისკენ შეისრუტა. ლევანმა ინსტინქტურად მოჭუტა თვალები. სინათლის სვეტი ნელ-ნელა გაიშალა, ჰაერში ფორმა იცვალა და მისგან მამაკაცის მკაფიო ლანდი გამოიკვეთა — თეთრწვერა, თეთრჩოხოსანი მოხუცი, რომელსაც თავზე მრავალნანახი სვანური ქუდი ეხურა. მისი სილუეტი იატაკიდან რამდენიმე გოჯის დაშორებით ლივლივებდა და პარკეტს საერთოდ არ ეხებოდა. ლევანს სუნთქვა ყელში გაეჩხირა. ზუსტად ამ დროს, ფანჯრის მიღმიდან ისევ გაისმა ის უცნაური ხმა — ამჯერად უფრო ახლოს, თითქოს მინას რაღაც მძიმე ფრთა გაჰკრაო. დირექტორი შედრკა. ჰოლოგრამასავით მოციმციმე ლანდმაც წამით მზერა ფანჯრისკენ მიმართა — მისი თვალები მრისხანებით, ფხიზლად და ავისმომასწავებლად აელვარდნენ. მალევე მინის ზანზარის თითქმის შეუმჩნეველი ხმა ჩაცხრა. ლევანმა ნელა, წყვეტილად ჩაისუნთქა. მოხუცის რეაქციამ დაარწმუნა, რომ ის წამიერი ხმა მისი ჰალუცინაცია არ ყოფილა. — ლეოს გაუმარჯოს! — ხმამ ყრუდ, თითქოს ღრმა ჭიდან ამოსული ექოსავით შეავსო ოთახი. — გა... გამარჯობა... — ძლივს ამოილაპარაკა ლევანმა, — ლევანი მქვია... და, სიმართლე გითხრათ, ასე ნამდვილად არ გელოდით. ლანდმა თავი მძიმედ დახარა, თითქოს მადლობას უხდიდა წლების წინ გაწეული სამსახურისთვის. — არც მე ველოდი ამ ზარის ასე მალე აჟღერებას, — მოხუცის ხმა კიდევ უფრო დაბალი, მასიური ტემბრით გაჟღერდა, — მაგრამ დრო აღარ გვაქვს. ბავშვმა უნებლიე ჯადოსნობით მტერი უკვე კვალში ჩაიყენა. ის ძალა, რაც დღეს მან გამოათავისუფლა, შუქურასავით ანათებს მათთვის. — მთელი ეს წლები... რაღაცას კი ველოდი... მაგრამ საერთოდ არ მეგონა, თუ ასეთი რამ მართლა შესაძლებელი იყო, — ჩაილაპარაკა ლევანმა და მაგიდაზე დაგდებულ ქაღალდის ნაგლეჯს დახედა. — ზუსტად ერთ საათში, არმაზის ტყესთან, ძველი გზის ბოლოს მომიყვანეთ ბავშვი. მე ის მიმყავს. ლევანმა წამით თვალები დახუჭა, მერე კი უმწეოდ დაუქნია თავი. — ალბათ... ასე ჯობია. მისი უსაფრთხოებისთვის. თუმცა, შვება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას უნდა მოჰყოლოდა, საოცრად მწარე აღმოჩნდა. ლანდი გაქრა, სფერო კი წამსვე დადუმდა და ჩაქრა. ზუსტად იმავე წამს კედლის საათმა თითქოს გაწყვეტილი წუთი გააგრძელა და ოთახში კვლავ გაისმა: ტიკ... ტაკ... მამაკაცი კიდევ რამდენიმე წამს იდგა სრულიად გაუნძრევლად, თითქოს ელოდა, რომ კედლებიდან ისევ ამოხეთქავდა თეთრი ნისლი. შემდეგ უცებ გამოფხიზლდა და სწრაფად დაიძრა. ტელეფონი აიღო, თავშესაფრის მძღოლს დაურეკა, მოკლე და მკაცრი ბრძანება მისცა, მერე კი დერეფანში გავარდა მართას მოსაძებნად. შუაღამე დგებოდა... და ის გოგონას დიდ, სახიფათო გზას უმზადებდა. ის უცნაური შეგრძნება — ჰაერის მძიმე სუნთქვა თუ სიფრიფანა ფრთების ფარფატი ფანჯრის მიღმა — ნელ-ნელა მოცილდა ბავშვთა სახლის ცივ რეალობას და იქით გასწია, საითაც ცოტა ხნის წინ გამოღვიძებული, ველური ჯადოსნობა მიეზიდებოდა. გზა მცხეთისკენ ბატონი დირექტორი, სინამდვილეში, უსაყვარლესი და სათნო კაცი გახლდათ. ცინდას ყოველთვის კეთილად ექცეოდა და მის ონავრობასაც ისეთი მოთმინებით იტანდა, თითქოს სპეციალურად ჰქონოდა ნასწავლი. ახლაც, კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ, თავადვე შევიდა საძინებელში და ფრთხილად გააღვიძა გოგონა. ბავშვმა მაშინვე თავის მართლება დაიწყო, მაგრამ კაცმა თბილი ღიმილით დაუყვავა: — შეუძლებელია, ასეთ რამეში შენყოფილიყავი დამნაშავე! ალბათ ძველ გაყვანილობაში ძაბვამ მოიმატა და ნინი უბრალოდ მოკლე ჩართვამ დააზიანა. — ჰო… ზუსტად ასე იქნებოდა, — კმაყოფილად დაეთანხმა პატარა ონავარი, ისევ საწოლში ჩაწვა, გვერდი იცვალა და თვალები მოხუჭა. — ნუ გეშინია, ჩემო გოგო, ნუ გეშინია… ცინდას კი სულაც არ ეშინოდა. უბრალოდ, ადგომა და გამოფხიზლება საშინლად ეზარებოდა — ეს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა იყო მისთვის. აი, კულონის დაკარგვას კი ძალიან განიცდიდა. თუმცა, ამ უკანასკნელს, გულის სიღრმეში, უთქმელად დარდობდა. იმ ღამეს ცინდა, თბილისის მეოთხე ობოლთა თავშესაფრიდან, პირიქითა ქუჩის 17 ნომრიდან მიმავალი, მხოლოდ ერთ რამეს მიხვდა: მისი ცხოვრება თავდაყირა დგებოდა. თითქოს უხილავმა ხელმა ახალი კარი გაუღო, რომლის მიღმაც დიდი საქმეები, ზღაპრული თავგადასავლები და ჯადოსნური სამყარო ელოდა. ქალაქის ცენტრში, ძველ უბანში, პატარა გორაკზე არსებული თავშესაფარი საპატიო ადგილს იკავებდა. ჩვეულებრივ, იქ მშვიდი და ოჯახური გარემო სუფევდა, მაგრამ იმ ღამით ყველაფერი ქაოსში გაეხვია. შუაღამისას, ეზოს მარადმწვანე ბუჩქებს შორის, მძღოლმა თეთრი მინივენი ბღუილით დაქოქა. ძიძა მართას უკვე გაემზადებინა ცინდა. გოგონას ცისფერი ნაქსოვი ქუდი ეფარა და ყელზე ისეთი ღუნღულა კაშნე ეკეთა, რომ ცხვირიც კი ძლივს უჩანდა. აშკარა იყო — ძალიან მოწყენილი იყო. — როგორც ვთქვი, სადარდებელი არაფერია, — ამშვიდებდა ლევანი, რომელსაც თავადაც ცოტა შეშინებული სახე ჰქონდა, — სადაც მიდიხარ, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა… უკეთესად, რაღა თქმა უნდა! მართა კი დანამულ თვალებს იწმენდდა და ცინდას ნაწნავებს ეთამაშებოდა. — კი მაგრამ… ასეთი რა დავაშავე? — წყლიანი თვალებით იკითხა გოგონამ. — რას ამბობ, საყვარელო, — ჩაეხუტა მართა, — შენ აქ ყველას ქომაგი ხარ. არავისთვის არაფერი დაგიშავებია. — მალე დაბინავდები და იქ აღარავინ გაგაბრაზებს, — დაამატა ლევან მამასახლისმა და მანქანის კარი გაუღო. გულაჩუყებული ბავშვი ჯერ დირექტორს ჩაეხუტა, მერე მართას გამოემშვიდობა. ქალმა გულში ჩაიკრა, აკოცა და აცრემლებული შენობისკენ გაიქცა. ცინდამ თავი დახარა და მანქანაში ჩასკუპდა. დირექტორი მიხვდა, რომ მისი ყველაზე კვიმატი და უჩვეულო ბარტყი ნაწყენი ტოვებდა ბუდეს, თუმცა თავს იმშვიდებდა — იქ, „თავისნაირებთან“, ნამდვილ ზღაპარს დაიწყებდა. თედომ ძრვა კიდევ ერთხელ დააბღუვლა — ეს ნიშნავდა, რომ წასვლის დრო დამდგარიყო. გზა გაიწელა. ცინდას მცხეთამდე ფანჯარაში არც კი გაუხედავს. ვერც შენიშნა, რომ ეს პატარა, ძირძველი ქალაქი საახალწლოდ გაბრწყინებული და განათებული ხვდებოდათ. გოგონა ფიქრებში იყო ჩაძირული: ვერ გაეგო, მართლა მან დააზიანა ნინი თუ ყველაფერი მართლაც, მოკლე ჩართვის ბრალი იყო. ერთი კი ზუსტად იცოდა — სატირლად უკვე დიდი იყო. ჩვევისამებრ, ხელი ისევ ყელზე მოისვა, იქ, სადაც დედის სახსოვარი კულონი ეგულებოდა, მაგრამ სიცარიელე დახვდა და ისევ მოიწყინა. ტირილს არ აპირებდა, უბრალოდ საყვარელ ადამიანებთან განშორებამ გული აუჩუყა და ამაზე ცოტათი ბრაზობდა კიდეც. თეთრწვერა ბაბუა და დევი ბეღელა ასეთ ფიქრებში მიაღწიეს არმაზის ტყის მისასვლელს. აქ გზა ვიწროვდებოდა და ასფალტიც ქრებოდა, თითქოს წინ წასვლას ერიდებოდა. ხეები ერთმანეთს ზემოდან ეჯაჭვებოდნენ, ქარი კი ტოტებზე შემორჩენილ რამდენიმე გამხმარ ფოთოლს არხევდა. თედომ მანქანა გააჩერა. — აქ უნდა დაველოდოთ ხელმძღვანელის ძმობილს, პატარავ, — უთხრა მან, — მე გადავალ, მივიხედ-მოვიხედავ, შენ კი მანქანაში დარჩი. ცინდამ არ იცოდა, რომ ამ სიჩუმეში ყველაზე ხმაურიანი წამი უახლოვდებოდა — წამი, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა. თედო როგორც კი გადავიდა, სულ ორიოდე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო, რომ ბუჩქებიდან ვიღაცამ თავში რაღაც მძიმე ჩასცხო. მძღოლი უგონოდ დაეცა მიწაზე. ცინდა მანქანიდან გადმოხტა — და იმავე წამს იგრძნო, როგორ აიტაცეს ჰაერში. მის წინ ზღაპრული და შემაძრწუნებელი სანახაობა გადაიშალა. ცეცხლმოდებულ რაშებზე ამხედრებული, ქალის მსგავსი, აალებული მხედრები ისეთი სისწრაფით მიაქროლებდნენ, რომ მათთან ერთად თითქოს ჰაერიც იწვოდა. ფლოქვების თქარუნი და უცნაური, გამყინავი შეძახილები ჩაესმოდა. გოგონამ ხმაც კი ვერ ამოიღო, ყვირილი სადღაც ყელში გაეყინა. ცინდა გრძნობდა მათი სხეულების სიმხურვალეს, ხედავდა გრძელ, მოელვარე თმას, ქარში ცეცხლივით რომ იფანტებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ არც მას წვავდნენ და არც თვითონ იწვოდნენ. მოულოდნელად ტყე გაიპო და იქიდან უზარმაზარი, ორთავა ბაყბაყდევი გამოვარდა! მისი ნაბიჯები მიწას აზანზარებდა. დევმა ცეცხლოვან მხედრებს გზა გადაუჭრა. ცხენები აფორიაქდნენ და ცეცხლიც უფრო აელვარდა, ცხენ-მხედარი ერთმანეთში აირია. იმავე წამს, ვიღაც ძლიერმა მამაკაცმა ცინდა მკლავებში მოიქცია და ჰაერში აიტაცა. მისი ღრმა, მშვიდი სუნთქვა პატარას გულისცემას უჩქარებდა. ათრთოლებულმა ცინდამ შეამჩნია, რომ მამაკაცის ხელში კაშკაშა კრისტალი ისე ანათებდა, თითქოს პატარა, შავი მზე ყოფილიყო. ცინდამ ზუსტად იცოდა — თვალების მოფშვნეტა და გაღვიძება აღარ უშველიდა. სიზმრებს ხომ ხელით ვერ ეხებიან. — ნუ გეშინია, პატარა ქალბატონო, — გაისმა თეთრწვერა ბაბუას ხმა, — მე დაგიცავ! ცინდამ კაშნედან ცხვირი ამოყო და სერიოზულად მიუგო: — სინამდვილეში… სულ სხვა რამე მემაშფოთებს. კაცი მზერით მიხვდა ბავშვის გაოცების მიზეზს და გაეღიმა: — დიახ, ეს დევია, სახელად ბეღელა... და დიახ, მას ორი თავი აქვს. ნუ გაგიკვირდება — ის ძალიან კეთილია. მე კი გივარგი ნაბდიანი ვარ, სამყაროთა საზღვრის მცველი და შენი ახალი მასპინძელი. გოგონამ თვალები მოიფშვნიტა და ეშმაკურად ჩაიღიმა. — დღეს აღარაფერი გამაკვირვებს. მიხარია ბეღელას გაცნობაც და თქვენიც, ბატონო გივარგი… — თავაზიანად თქვა და მაშინვე ჩაეჭიდა სიტყვებს: — რაო… რის მცველიო? — აჰა, ჰა! — ჩაიცინა გივარგიმ, — ოდესმე ყველაფერს გაიგებ, გპირდები. იმასაც გაიგებ, ვინ დაგვესხა თავს. გზაში ყველაფერს ვერ მოგიყვები. მაგრამ, უნდა მენდო… დიახ, დიახ... ლევან მამასახლისი მენდობა. — ჰო, მართლა, — გოგონას აქ საბრალო მძღოლი გაახსენდა, — თედოს რა ეშველება? — თედო კარგადაა. უკვე თბილისისკენ მიდის, თან კარგი ამბით ბრუნდება. გოგონას სახეს ჯერ გაოცება დაეტყო, თუმცა მალევე გაახსენდა რამდენიმე წუთის წინ გავლილი სასწაულები და მის გამოხედვას ნდობა მოემატა. — ახლა კი, თუ ნებას დამრთავ, შენი მეგზური ვიქნები ცაგერამდე. — ცაგერამდე?.. — თვალები გაუფართოვდა გოგონას, — იქ რა მინდა? — ჰოო… — ოდნავ დააყოვნა გივარგიმ, — იქ შენი ბებო და პაპა ცხოვრობენ, დედაშენის მშობლები. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ მათთან იცხოვრო. ხომ თანახმა ხარ? ცინდა სიხარულით ლამის იქვე ცეკვას მოჰყვა. ნამდვილად შეასრულებდა პატარა გამარჯვების ცეკვას, ასე რომ არ ჰყოლოდა უცხო ბაბუას ატაცებული. — თანახმა ვაარ! — ყვიროდა და ხითხითებდა, — დედიკოს მშობლები! თანახმა ვარ, დიიახ! — აბა, დროს ვკარგავთ, ბეღელა, — შეუძახა გივარგიმ, — გაშალე ხალიჩა! ბაყბაყ დევმა იქვე, ხეებს შორის გადამალული ძველი, მტვრიანი ხალიჩა ფრთხილად დაფერთხა, ზედ დასკუპდა და ორივე თავით სერიოზული სახე მიიღო. მარჯვენა თავმა ჩაიბურტყუნა: — წინასწარ გაფრთხილებთ… ფრენისას არ მკითხოთ „კიდევ შორს ვართო?“ არ მიყვარს. ცინდას გაეცინა. გივარგიმ ხელი დაჰკრა ჰაერში აწეულ ხალიჩას, რომელმაც მტვერი ააფრქვია, ოდნავ შეირხა, მერე კი ერთიანად აიჭრა მაღლა და ტყის სიღრმეში გადააფრინა ისინი, სადაც საიდუმლო ტრანსპორტი ელოდათ. — ვაიჰ, აი ეს მესმის! — აღმოხდა ცინდას და სწრაფად ახედა გივარგის, ხომ არ შეამჩნია ჩემი გაოცებაო. — ალადინის დროინდელი ხალიჩაა, მისივე შემოწირულობა, — მშვიდად თქვა გივარგიმ. — ოღონდ ალადინს ცოტა ეშინოდა სიმაღლის, — დაამატა ბეღელამ მარცხენა თავის ყბის მოძრაობით, — მე კი არა. ხალიჩა ხე-ბუჩქნარში გადამალულ, მოზრდილ მარხილთან დაეშვა. შავ-წითელი ტყავით გაწყობილი, ფაფუკი ბეწვეულით დათბილული მარხილი ექვს ზღაპრულ ჯიხვს ეჭირა. ჩაბსკვნილი ჯიხვები ისეთი სქელბეწვიანები იყვნენ, რომ ცინდას ეგონა — ქარსაც კი გაუჭირდებოდა მათთან ჭიდილიო. ბეღელა იქვე, ხალიჩაზე დარჩა, გივარგიმ კი ჯერ პატარა სტუმარი შემოასკუპა მარხილზე, მერე თავადაც წინ დაუჯდა. ხელით ანიშნა დიდებულ ცხოველებს: — აბა, ცაგერისკენ! ჯიხვებმა ერთდროულად, ფრუტუნით ამოისუნთქეს, თითქოს ერთმანეთს ჩუმად უთხრეს — „მზად ვართო“ — და ზღაპრული ტრანსპორტი ნელა დაიძრა. თავდაპირველად მიწას მოწყდნენ, მერე მარხილი ოდნავ შეირხა, თითქოს ეჭვი ეპარებოდა, ნამდვილად უნდა გაფრენილიყო თუ არა. მაგრამ წამში ცა მის ქვემოთ დარჩა. ცინდას სუნთქვა შეეკრა. ქვემოთ ტყე სათამაშოებად გადაიქცა, მდინარე ვერცხლისფერ ძაფს დაემსგავსა, ხოლო ქარი ისე ეფერებოდა მარხილს, თითქოს თვითონაც უნდოდა მგზავრობა. სავსე მთვარის ფონზე და გივარგის კრისტალის ელვარებაზე სანახაობა კიდევ უფრო გამძაფრდა. ცინდასთვის აშკარა იყო, რომ ეს ცაში ფრენის ფანდი გივარგის ბრჭყვიალა ქვასთან იყო კავშირში და მშვიდად ჩაეღიმა. მათ უკან, ბაყბაყ დევი ხალიჩით მოტაატებდა და მართლაც, რა უნდა ყოფილიყო გოგონასთვის ამაზე საუცხოო და სახალისო. გივარგიმ თეთრ, ღუნღულა ბეწვეულში გაახვია ცინდა. ზღაპრულმა ჯიხვებმა სიჩქარეს უმატეს. გოგონა კომფორტულად მოკალათებული თავს ნამდვილ ზღაპარში გრძნობდა და პირველად იგრძნო, რომ მისი ადგილი სწორედ აქ იყო — ამ საოცრების შუაგულში. თუმცა ჯერ არ იცოდა, რომ ეს მხოლოდ დიდი მოგზაურობის დასაწყისი იყო. პროლოგი: პირველი დასაწყისი დიახ, ყველა ზღაპარს თავისი ფესვი აქვს. და ამ ისტორიის ფესვები ბევრად უფრო ადრე იწყებოდა — იმ ღამით, როცა მთვარე ყინულივით ანათებდა… ღამის ჯადოსნობებზე რომ ვისაუბრეთ, იქვე უნდა გვეთქვა — მისი წყვდიადი საშიშია. მაგრამ ზოგჯერ სწორედ ღამის სიბნელე იცავს უმწეოებს, როცა სინათლე შორს არის. წარსულის ერთ შორეულ ღამეს მთვარე ყინულს ჩამოგავდა. ციცაბო ბილიკებზე, თოვლის მძვინვარე ნამქერში, ორ შავნაბდიან და ჩოხოსან მებრძოლს ახალგაზრდა ქალი — ქეთევანი მიჰყავდათ. მკაცრი და ულმობელი ზამთარი იდგა. გზაზე მხოლოდ ქარის ზუზუნი და სადღაც შორს — გველეშაპის მძიმე ღრიალი ისმოდა, რომელიც მთების გულს მრისხანე ექოდ ედებოდა. ქეთევანს ხელში ჩვილი ეჭირა, თბილად გამოკრული. პატარას სუნთქვა ხანდახან ძლივს იგრძნობოდა — თითქოს სიცოცხლე და ყინვა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეჭიდებოდნენ. ქალის მეუღლე, სხვა მებრძოლთან ერთად, უკან გაბრუნდა, რათა მტერი შეეჩერებინა და დედა-შვილისთვის დრო მოეგო. კაცი მონასტრის შორიახლოს შეყოვნდა, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ცოლსა და შვილს — როგორც ერთადერთ თბილ სხივს ამ გაყინულ სამყაროში — და ქარიშხალს გადასძახა: — ჩვენი სიყვარული დაგიცავთ, ჩემებო!.. ქარმა სიტყვები აიტაცა და ცაში გაფანტა. იმ ღამის მერე ოჯახის მოყვარული ვაჟკაცი ცოცხალი აღარავის უნახავს. ოჯახი კი გადარჩა — სიყვარულისა და უდიდესი თავგანწირვის ფასად. ქეთევანის კაკუნი მონასტრის მძიმე კარზე ძლივს ისმოდა. ხელები სრულიად გაყინვოდა, თვალები ებინდებოდა. მუხის კარი მაინც გაიღო და თბილმა ხელებმა ქალი და ბავშვი შიგნით შეიყვანეს — იქ, სადაც იმ წამს მათი ერთადერთი ხსნა არსებობდა. დედამ უკანასკნელი ძალებით გოგონა გულში ჩაიკრა და ცივ იატაკზე უგონოდ ჩაიკეცა. როცა წმინდა დედებმა ბავშვი აიყვანეს, მათთან გამოვიდა დედამთავარი — ძალიან მოხუცი ქალი, თვალებში მკრთალი, მაგრამ უცნაური, ღრმა სინათლით. მისი ნაოჭები საუკუნეების საიდუმლოებებს ინახავდა. მან ჩვილს შეხედა, მერე ქეთევანს და ხრინწიანი, ძველი ხმით თქვა: — აქამდე შენს სიცოცხლეს იცავდი, ახლა კი მისთვის უნდა გაძლიერდე. ქეთევანმა პასუხად მხოლოდ მადლიერების ცრემლი ჩამოაგდო. დედამთავარმა ბავშვი ხელში აიყვანა. ერთხანს დადუმდა, მერე თითქოს სხვა, ადამიანებისთვის უხილავ სივრცეში გაიხედა: — შენამდეც მიგვიღია ასულები მფარველობაში, მაგრამ… შენი გზა ბევრად მეტს იწონის. — უცებ მოხუცის თვალები სრულიად გათეთრდა, თითქოს სამყაროთა საიდუმლო არხებს ერთმანეთს უკავშირებდა, — თვალებთან მეწამული სხივი დაგთამაშებს, შვილო. ასეთი ნიშანი დიდ ამბებზე მიგვანიშნებს. შემდეგ, იგი მწოლიარე დედას მიუბრუნდა: — როცა დაგმალეთ, შენც ატარებდი ძალას, მაგრამ შენი ასული… ბევრად უფრო მძიმე ტვირთს აიღებს. ეკლიან გზას გაივლის, მაგრამ უზენაესი მფარველობა ექნება. ფირუზისფერ მოსასხამებში გახვეული ლამარიელი დედაოები თავდახრილები, ჩუმად იდგნენ. მერე წამოიმართნენ და ბავშვი შენობის სიღრმეში წაიყვანეს. ქეთევანმა ამ დროს მარჯვენა ხელში უცნაური სიცივე იგრძნო. რომ დახედა, გული შეეკუმშა — გაშლილი მტევნიდან თოვლში ცისფერი კრისტალი ჩამოვარდა — უსიცოცხლო, თითქოს შიგნიდან ჩამქვრალი აქვამარინი. ის ქალის მეუღლეს ეკუთვნოდა და მისი აქ, ამ სახით გაჩენა კარგს არაფერს მოასწავებდა. ქვა სიცოცხლესა და ნათებას კარგავდა. იმავე წამს, სამმა გრძნეულმა დედაომ ერთდროულად აღმართა ხელები ცისკენ და ერთხმად აღავლინა ძველი ვედრება: — ლამარის ქნაშ!.. ლამარის ქნაშ!.. ქვა უცებ შიგნიდან აელვარდა — თითქოს ცის ნაპრალიდან ჩამოსული ვარსკვლავის სხივი მასში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. ქეთევანმა სუსტად ამოიოხრა: — თუ ოდესმე ჩემი შვილი ბნელში დაიკარგება… ამ ქვამ დაიცვას იგი, როგორც საკუთარი მამა დაიცავდა… რამდენიმე ღამის ლოცვის შემდეგ, ლამარიელებმა ქვა ბოლომდე გაასხივოსნეს და ახალი სახელიც დაარქვეს: ლამარისი — ცრემლიდან დაბადებული სინათლე. ჩვილ გოგონას კი მონასტერში საიდუმლო სახელი მისცეს: ცინდა. ძველი შელოცვების ძალით, ეს სახელი მის კვალს სამუდამოდ დაფარავდა და უხსოვარი დროიდან დაუძინებელი მტრის თვალს მოაშორებდა. მაგრამ ამბავი აქ არ დასრულებულა. ეს ისტორია ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე თავად მონასტრის უძველესი კედლები. ლამარიის გრძნეულმა დედებმა იცოდნენ — დროდადრო სამყაროში რჩეული ასულები იბადებოდნენ. ისინი ძველი, პირველქმნილი ძალის შთამომავლები და უშრეტი შუქის გამტარები იყვნენ. მათი გზა ორ სამყაროს შორის გადიოდა — ლეგენდებსა და ადამიანებს შორის — ვიდრე უკანასკნელი, წინასწარმეტყველებაში ნათქვამი ასული არ იშობოდა. უსაფრთხოების გამო ისინი თაობებს აღარც კი ითვლიდნენ — არც ქეთევანმა იცოდა, მერამდენე იყო ამ ჯაჭვში და არც მისმა ასულმა. ქალისა და ბავშვის ეს ამბავიც მხოლოდ მკაცრმა მთებმა დაიმახსოვრეს — ყოველ შემთხვევაში, დედაოები ასე იმედოვნებდნენ. თუმცა, შავი გველეშაპი მათ კვალს ამაოდ, მაინც დაეძებდა. ღამღამობით იგი გადადიოდა სამყაროდან სამყაროში, არღვევდა საზღვრებს და გამალებით ეძებდა ბავშვს, რომელსაც წინასწარმეტყველების მიხედვით მისი სრული დასასრული მოეტანა შეეძლო. მაგრამ, თუკი შელოცვა ვერ დაიცავდა, ან მთა უცებ იტყოდა უთქმელს, ზოგიერთი ერთგული მცველი საუკუნეების მანძილზე ჩრდილში იცდიდა — ისეთ შეუმჩნეველ და უბრალო სახეში, რომელსაც ბოროტება მნიშვნელობას არასოდეს მიანიჭებდა. ასეთები მოთმინებასა და ერთგულებას დიდხანს სწავლობენ. და როცა მათი დრო მოდის — ისინი უბრალოდ მზად არიან. პროლოგი II: მეორე დასაწყისი გავიდა ათწლეული. ერთ ცივ დილას, სამყაროთა საზღვარზე — ქალაქ გუშაგში — იგივე ამბის სრულიად სხვა დასაწყისი ჩაიწერა. — ჩვენ უკრისტალოების სამყაროში გავიზარდეთ — იქ, სადაც ხალხს კრისტალები მხოლოდ ლამაზ ქვებად მიაჩნია და მათ ნამდვილ ძალაზე არაფერი იციან. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც — კრისტალოსნების სამყარო. ადგილი, რომელსაც ბევრი ზღაპრად მიიჩნევს, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავს. აიქითა და აქეთა სამყაროები ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობენ. მათ შორის კი საზღვარი გადის — იდუმალი სივრცე, სადაც ზოგჯერ გზები იკვეთება. და ჩვენც, სწორედ ამ საზღვარზე მოგვიწევს ხშირად გავლა. მოგზაურთა ზონაში ქვაღორღიანი ქუჩა ჯერ კიდევ ნისლში იყო გახვეული, მაგრამ ჰაერში უკვე ტრიალებდა ცხელი პურისა და ფუნთუშეულის თბილი სურნელი. ადრიანი დილიდან იქ ერთი უცნაური მგზავრი გამოჩნდა — შავ სმოკინგში გამოწყობილი, თითქმის ადამიანის ზომის, ძველი, შავი ცილინდრით დამშვენებული ვირთაგვა. აქ, ქალაქ გუშაგში, ის დიდ ყურადღებას არ იპყრობდა. ამ ნეიტრალურ ზონაში კეთილი თუ ნაკლებად კეთილი არსებები დიდი ხანია მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ნოზები წყლით სავსე გამჭვირვალე ეტლებით სეირნობდნენ; ფერადფაფრიანი კენტავრები ბრჭყვიალა ელფებს ეკეკლუცებოდნენ, ხოლო ცეცხლოვანი ალები ნელა გადაადგილდებოდნენ ქუჩებში — მათი ცეცხლის ენები ხომ სისწრაფესთან ერთად საშიშიც ხდებოდა. დარბაისელი ვირთაგვა ჩუმად მიაბიჯებდა და ცდილობდა, ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. შავი სმოკინგის შიგნით პატარა იის ქოთანს სათუთად მალავდა და ხანდახან თათს ჰყოფდა, რომ დარწმუნებულიყო — ყვავილი ისევ თავის ადგილზე თუ იყო. ქუჩის ბოლოს, მრგვალი ფორმის ტკბილეულის მაღაზიასთან გაჩერდა და თავზე აჭედილი აბრა გადაამოწმა: „მიშგვანის ტკბილეული“. ქოთანი ფრთხილად შეისწორა, ირგვლივ ეჭვით მიმოიხედა და მუხის კარზე ნაზად დააკაკუნა. შიგნიდან ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი გაისმა. კარი გაიღო და იქიდან ზორბა ქალი გამოვიდა — ფაფუკი თმით, ვარდისფერი ლოყებითა და კარამელის სურნელით გაჟღენთილი წინსაფრით. იის ქოთნის დანახვაზე ქალს სახეზე ფერი დაეკარგა, მაგრამ აღელვების დასამალად მაინც საქმიანი ტონით იკითხა: — ამაში რამდენს ითხოვთ? — ორ ბრინჯაოს ვარდს, — ხრინწიანი, დაბალი ხმით მიუგო ვირთაგვამ. — ორს… დიახ, რა თქმა უნდა, ორი ბრინჯაოს ვარდი! — ქალმა სასწრაფოდ მოიჩხრიკა ჯიბეები, მერე ელვასავით შევარდა შიგნით და მალევე დაბრუნდა ძველი მონეტებით. ვირთაგვამ თითის ბალიშებით მონეტებზე ამოტვიფრული ვარდის გამოსახულება გრილად შეიგრძნო, თავი თავაზიანად დაუკრა და ქალაქის ჩრდილებში გაუჩინარდა. ქალი აღფრთოვანებული შებრუნდა მაღაზიაში. მის ხელში იისფერი ია მეწამული გულით ფეთქავდა — შიში და სიხარული ერთდროულად შეეხო მის სულს, როცა ყვავილის ფურცლებში თითქოს რაღაცამ ნაზად ამოისუნთქა. ქალს შიშმა და სიხარულმა ერთდროულად დაუარა. — იწყება… — ჩუმად ჩაიჩურჩულა ქალმა. იმავე წამს, შორს, ლამარიის წმინდა კელიებში, ქეთევანის გული ოდნავ შეირხა — თითქოს საუკუნეების მანძილზე დაკარგული საიდუმლოს სუსტი გულისცემა ეგრძნოს. ხოლო ბნელ, საშინელ სამყაროში შავ გველეშაპს ძარღვებში ცივი სისხლი გაეყინა. მიხვდა — წინასწარმეტყველების ხორცშესხმის დრო ახლოვდებოდა. ლამარისი კი, ისევ ანათებდა მკრთალ ცისფრად — იგი კვლავაც ფარულად იცავდა მათ, ვისაც ამ სამყაროში ჯერ კიდევ სჯეროდა სინათლის. თავი 1 — წიგნაკი, რომელიც წესებს არ ემორჩილებოდა დიდი ხანია, ადამიანებს ჰგონიათ, რომ სასწაულები მხოლოდ სხვა, შორეულ სამყაროებს ეკუთვნის. და მაინც, ერთი პატარა, ყოველდღიური სასწაული — წერა-კითხვა — კვლავ ცხადად რჩება მათთან. სწორედ მისი წყალობით, სიტყვები დროს არ ემორჩილება. ასე შეუძლია ძველ ხმას მოაღწიოს იმ შორეული დროიდან, რომელიც ბევრისთვის ჯერ არც კი დამდგარა. ერთხელ, როცა ჯიხვებშებმული მარხილით მცხეთას გადაუფრინეს, სამყაროთა საზღვრის მცველმა, გივარგი ნაბდიანმა, გზაში პატარა გოგონას უთხრა: — დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ. მანამდე კი, სანამ დრო მოვიდოდა, გარკვეულწილად უნდა დაბრუნებოდნენ საწყისებს. ჩვენი ქვეყნის წარსული ხომ ღმერთსა და ადამიანს შორის გამართულ იდუმალ საუბრებს ჩამოგავს. ბევრი ხმა ჩაჩუმდა, ბევრი მოძრაობა დაიკარგა, მაგრამ ზოგი საიდუმლო დროის სიღრმიდან მაინც ბრუნდება — თითქოს ძველი ექო ახალ ბგერას ეძებდეს. ეს არის ისტორია გოგონაზე, რომელიც იყო ცინდა, იაგუნდი და ბოლოს ის ვინც სულ იყო მაგრამ არ იცოდა — თეია პირველი. ბავშვობის ლანდები ცაგერში თეიას საკუთარი თავი ხუთი წლის ასაკიდან ახსოვდა. მანამდე კი… მხოლოდ ბუნდოვანი ფრაგმენტები შემორჩენოდა. იცოდა, რომ მშობლები მხოლოდ ერთ წლამდე ზრდიდნენ, მერე კი ბავშვთა სახლის ცივ კედლებში აღმოჩნდა. ერთ ღამეს, მისივე უსაფრთხოებისთვის, შუაღამით წამოახტუნეს საწოლიდან. ახსოვდა გზა, სიბნელე და საკუთარი პატარა, შეშინებული გულის ძგერა. თვალები დაეხუჭა და თავისებურად ლოცულობდა: „ღმერთუნა, ჩემო ღმერთუკა, გთხოვ, არ დაივიწყო, რომ მიყვარხარ“. სწორედ მაშინ აღმოჩნდა ერთი უჩვეულო, თეთრი ბაბუას ხელში, რომელმაც თბილი და მზრუნველი ხელი გამოუწოდა. მას ბაბუაწვერასავით ქათქათა, ჭაღარა თმა ჰქონდა და თეთრი ბეწვეული ემოსა. — ნუ გეშინია, პატარავ, — უთხრა მან მშვიდი ხმით, — შენ ახლა ცაგერში, ბებო-პაპასთან წაგიყვან და იქ იცხოვრებ ტკბილად და თბილად. დაბადებიდან მის დამცავ მექანიზმს სახელები ქმნიდნენ. გრძნეულმა დედებმა ჯერ „ცინდა“ დაარქვეს და ამ სახელით გააქრეს ბინდის გველეშაპის თვალსაწიერიდან. მაგრამ, როცა მოგვიანებით, შემთხვევითი სასწაულით თავი გამოიმჟღავნა, დედაოებმა გივარგის დააბარეს — ამიერიდან „იაგუნდი“ დაერქვასო. ასე დაბინავდა გოგონა ცაგერში. იქ ზამთარს განსაკუთრებული ფერები ჰქონდა. გარშემო აღმართული მთები უფრო ზეცას ეკუთვნოდნენ, ვიდრე მიწას. დილაობით, უძველესი კოშკები ბურუსში იკარგებოდნენ და ისევ ჩნდებოდნენ, როგორც ნისლეულში შემოჭრილი მზის სხივები. ამ წყნარ, თოვლიან სამყაროში მას თავიდანვე დაემგზავრა შეგრძნება, რომ მალე მისი პატარა ხელები დიდ საიდუმლოს შეეხებოდნენ. ქალაქის ბოლოს მათი ქვის სახლი შეუმჩნევლად იდგა. მისი კედლები დროს გაესვარა, ხოლო სახურავის გადახრილ, წითელ კრამიტს ყოველი ამოვარდნილი ქარი ჩამოყრით ემუქრებოდა. თეიას სწორედ ამ კრამიტების ქვეშ, სხვენში ძრომიალი შეუყვარდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მოსწონდა ზეცასთან ახლოს ყოფნა. სწორედ იქ, ძველ ნივთებს შორის, იპოვა პირველად სქელი ტყავის ყდით დაფარული, გაცვეთილი წიგნაკი. მოლურჯო წიგნაკი ერთ საღამოს ბუხარი გიზგიზებდა. ძველი ხალიჩებისა და ხის ავეჯის სიმყუდროვეში, თეია იატაკზე იჯდა, ჭრელ ბალიშებს შორის, და თავის ერთადერთ საიდუმლო მეგობარს ჩაჰკირკიტებდა. — მართალია, შენი არაფერი მესმის, მაგრამ მაინც ძალიან ძვირფასი ხარ, — ჩუმად მიუალერსა წიგნს. — პაპა გენაცვალოს, ასე მე მეფერები? — შეოესმა უცებ ზურგსუკნიდან. დათა პაპა მხრებში მოხრილი, თეთრწვერა და თაფლისფერთვალება მოხუცი იყო. სულ ხუმრობდა, მაგრამ ახლა მისმა გამოჩენამ გოგონას ლოყები აუწითლა. შეცბა. მოხუცების თქმით, ეს ფერგადასული, მოლურჯო წიგნაკი მასზე ადრე დედამისს ეკუთვნოდა. თეიას უყვარდა მისი სიძველის და ცოტა მელნის სუნიც. ყდაზე ამოტვიფრულ იას თითი გადაუსვა და ვიგრძენი, როგორ გადმოვიდა ყვავილიდან ნაზი სითბო. ეს სითბო ისე იღვრებოდა მის სულში, როგორც დედის უნახავი ალერსი. ამ ნივთმა მისი დაკარგული კულონი სრულად ჩაანაცვლა. წიგნაკს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: ხანდახან ისე დაიმალებოდა, რომ ვერცერთ კუთხეში ვერ პოულობდა. თითქოს ეთამაშებოდა და მერე უცბად, სრულიად მოულოდნელ ადგილას ჩნდებოდა. მისი ძებნით მოხუცებიც გაწამებულები ჰყავდა. ფუმფულა, თმააწეწილი თუთა ბებო ამაზე სულ ბურდღუნებდა: — ბებო, ეგ წიგნი არ მომწონს… რაღაც წესებს არ ემორჩილებაო. თეიას კი ეს ძალიან ახალისებდა. გულში ხითხითებდა: „არც მე გამომდის წესების მორჩილება, ჩემო ბუზღუნა ბებიკო…“ გაბურძგნული წინასწარმეტყველი მაშინ თეია უკვე ექვსი წლის იყო და თავი დიდი გოგოსავით ეჭირა. სწორედ იმ წელს შემოვიდა მის ცხოვრებაში პირველი აშკარა ჯადოქრობა. ერთ საღამოს მათ ეზოში ბაიყუში ჩამოვარდა — ფეხი და ფრთა ჰქონდა ნატკენი. გოგონამ ძალიან განიცადა, მაშინვე სხვენში გადამალა და მკურნალობას შეუდგა. სამი დღის განმავლობაში სახვევებს უცვლიდა და თუთა ბებოს სახსრების მალამოს ფრთხილად უსვამდა. ფრინველი კი ფართხალებდა და ბუმბულს იწეწავდა. ძალიან სასაცილო იყო ეს ყვითელთვალება, გაბურძგნული არსება — თეიასავით მარტოსული, მაგრამ სიცოცხლისმოყვარული. ბოლოს მოღონიერდა. გოგონას გული სწყდებოდა, მაგრამ სიკეთე ბოლომდე უნდა მიეყვანა — სარკმელი გამოუღო და ჰაერში ააფრინა. — აბა, საყვარელო, დაუბრუნდი შენს სახლს, — დაუყვავა. მან კი ჰაერში წრე შემოხაზა და მოულოდნელად მკაფიო, ადამიანური ხმით უპასუხა: — მადლობა, პატარა იაგუნდი… — ჰა?! — სახტად დარჩენილმა წამოიძახა თეიამ, — რატომ აქამდე არ მითხარი, თუ ლაპარაკობდი?! — არ გიკითხავს… თორემ გეტყოდი, — უპასუხა მან, ნისლში გაუჩინარდა და საბოლოო სიტყვებად დაუტოვა: — წიგნაკს გაუფრთხილდი, ის შენი სიბრძნის წყარო გახდება. ეს უკანასკნელი შეძახილი დიდხანს ჩარჩა გოგონას თავში. მის უღიმღამო ბავშვობაში სასწაულები ნელ-ნელა ჩვეულებრივ ამბებად იქცეოდნენ. ახალი წლის საოცრება დრო გავიდა. თეია უკვე თერთმეტი წლის იყო და ისევ მკაცრი, თოვლიანი ზამთარი იდგა. როგორც იცოდა, მამა დიდი ხნის წინ გარდაცვლილიყო, დედა კი დედაქალაქში ცხოვრობდა და მათ შესანახად შრომობდა. მაგრამ ეს სიტყვები სულ უფრო ნაკლებად ამშვიდებდა. მის საძინებელში, საწოლთან, უბრალო ჩარჩოში ჩასმული ერთადერთი ფოტო იდო: მამას ხელში ჰყავდა აყვანილი და უღიმოდა, დედა კი გვერდიდან ეხუტებოდა. ხარისხით ცუდი, ბუნდოვანი სურათი იყო, მშობლების სახეებსაც კი ვერ არჩევდა მკაფიოდ, მაგრამ ყოველ ღამით მისი ყურება სიმშვიდეს ჰგვრიდა. ყოველ ახალ წელს ფიქრობდა: იქნებ ამჯერად საჩუქრის მაგივრად თვითონ ჩამოვიდესო. იმ ასაკში სახელი „იაგუნდი“ უკვე ძალიან ეხამუშებოდა. ბებიამისის სახელიც კი, თუთა, უფრო მოსწონდა. ჰოდა, ერთ დღეს მოხუცებს გამოუცხადა — თუ გიყვარვართ, ამიერიდან თეია დამიძახეთო. მაგ დროისთვის საკუთარი წიგნაკიდან ამ სახელის ამოკითხვა უკვე გარკვევით შეეძლო და საოცრად ებგერებოდა. „მამა არ მყავს, დედა შორსაა, ის უცნაური თეთრი ბაბუაც გაქრა და საიდუმლო თან გაიყოლა… ეს ძველი სახელი რაღა საჭიროა?“ — ეს ფიქრი აღარ ასვენებდა და მოხუცებიც დათანხმდნენ. ახალი წლის ღამეს, როგორც ყოველთვის, თუთა ბებო ბუხართან ფუსფუსებდა. ცხელი ჭვიშტარის სურნელი მთელ ოთახში ტრიალებდა. დათა პაპამ კი, ჩვეული ეშმაკური ღიმილით შემოსძახა: — მოდი, პაპი, ჭამე, თორემ მაგ წიგნაკში ჩაიძირები! თეიამ კი, რომელიც იმ წამსაც ამაოდ ეძებდა თავის „მეგობარს“, ჩუმად უპასუხა: — მშია, პაპი, მაგრამ აქ ყოფნა მირჩევნია… ბებომ თეფშით ოქროსფერი ჭვიშტარები მიუტანა და დაიწუწუნა: — ქარვისფერები აიღე, შვილო, ეს ორი კი ცოტა დამეწვა, მე და პაპაშენს დაგვიტოვე. დათა პაპამ ლიმონიანი ჩაი დაუსხა. გოგონამ სულსწრაფობით ენაც კი დაიწვა, როგორც ყოველთვის. მოხუცები მართლა ძალიან უყვარდა, მაგრამ სულ უფრო ხშირად გრძნობდა, რომ მათი მშვიდი სამყაროს ნაწილი აღარ იყო. დედისგან ისევ ამანათი მოვიდა. ბებიამ და პაპამ ბრჭყვიალა ლენტით მორთული ჩიჩილაკის ფეხებთან დააბრძანეს საჩუქარი — წითელი, ბეწვისყელიანი თბილი ჩექმები. ლამაზი იყო, მაგრამ გოგონასთვის ნამდვილ საჩუქრად ისევ ის ყვავილისყდიანი წიგნაკი რჩებოდა. მოიწყინა. ჩექმებს დახედა და დაიჩურჩულა: — კარგი, ფეხები თბილად მექნება, მაგრამ დედასთან ერთად ხომ მაინც ვერ ჩავიცვამ… წიგნაკი კიდევ ერთხელ მოძებნა — ამჯერად სარკმლის ფარდის უკან იმალებოდა. მისი გახუნებული ასოები ძლივს ჩანდა, მაგრამ შემორჩენილი სიტყვები ზეპირად იცოდა. წიგნი ინახავდა ლეგენდებს გაუგებარი სამყაროს მცველებზე, მესაზღვრეებზე, მათ მტერსა და სიკეთე-ბოროტების მარადიულ ბრძოლაზე. და უცებ მოხდა რაღაც ისეთი, რასაც ვეღარაფრით ახსნიდა. ალბათ, მათ ქუჩას ისევ იმ ძველმა ქარმა გადაუარა, წარსულის ლანდებს რომ დაატარებდა. იდუმალი სტუმარი ფანჯრის მიღმა თეიამ უცნაური, ფრთაფარფატა არსება შეამჩნია. ის ბზუოდა და მრგვალ თვალებს აფახულებდა, თითქოს გარეთ უხმობდა. მოხუცები რომ არ შეეშინებინა, არაფერი თქვა, ისე მიირბინა სარკმელთან. ფარდის მიღმა დიდრონი თვალები ფანჯრის რაფას ნელ-ნელა ამოსცდა. სახე კარგად დაინახა… და მოეჩვენა, რომ მესამე თვალი შუბლზეც ჰქონდა. — თუ მოლანდებები არ დამწყებია, — უთხრა საკუთარ თავს და თვალები მოიფშვნიტა, — ეს იასამნისფერი, ელამი არსება ნეტავ ვინ არის? როცა ის გაუჩინარდა, წიგნაკს დახედა და სუნთქვა შეეკრა: ფურცლებმა ნამდვილად ამოისუნთქეს! ასოები ოქროსფრად აინთო და ერთმანეთს შეეკრა, თითქოს ცეცხლში ჩამოსხმული ოქროს ძაფით იქარგებოდა. მან ხელისგულზე თბილი ჰაერის ნაკადი იგრძნო და სწორედ ამ დროს წიგნიდან დაბალი, მისტიკური ხმა ამოიფრქვა: „იის ყვავილი ორ მონეტად გაიყიდა. მონეტები საზღვარზე დადგნენ — რაც გამრუდებულია, გასწორდება. ია უწყვეტი ხაზია — ყველა დედის ცრემლისა, რომელიც შენამდე დაიღვარა“. ბავშვს გული საგულედან ამოუვარდა: — დედა?.. დედაჩემის ცრემლები? — ყველა სიტყვიდან გონებაში მხოლოდ ეს ჩაებეჭდა. გრძნობდა, რომ უკვე სხვა სამყაროს ზღურბლზე იდგა. მოხუცები მიჩვეულები იყვნენ, რომ ახალი წლის ღამეს ადრე წვებოდა. საძინებელში განმარტოვდა, მაგრამ რაღა დააძინებდა? მათთვის გამოსამშვიდობებელი მოკლე წერილი დაწერა. პალტო მოიცვა, დედის ნაქსოვი ქუდი და კაშნე მოირგო, ახალი, წითელი ჩექმები ჩაიცვა და წიგნაკს მიუბრუნდა: — აბა, სად ხარ, ჩემო მეგზურო? ამ ერთხელ მაინც ნუ დაიმალები! და იქვე, კარებთან აყუდებული აქანდაზის უკან მოჰკრა თვალი მოლურჯო ყდას. ღრმად ჩაისუნთქა, წიგნაკი აიღო და სახლიდან ჩუმად გამოეპარა. აივანზე თოვლი აჭრიალდა. ბუნება თითქოს ზარ-ზეიმით ხვდებოდა მის ნაბიჯს. ფრთაფარფატა არსების ბზუილი ახლა უფრო მკვეთრად ესმოდა. ის აღარ დამალვია. ეს მსუქანი და მრგვალი არსება პატარა ფრთებით, რომელიც ფუტკრის ბზუილივით ხმას გამოსცემდა, არც ბუ გამოდგა და არც ნაცნობი ბაიყუში. ის უცხო წარმოშობის არსება გაეთამაშა და ცხვირწინ აუფრინდა. და უცებ, თეიას სულში ნაცნობმა ჟრუანტელმა დაიარა — ეს ხმა... ეს ხომ ზუსტად ის იყო, წლების წინ, ბავშვთა სახლის ცივი კედლების მიღმა რომ სუნთქავდა და მის შფოთს აუხსნელად ამშვიდებდა. თურმე, მთელი ეს დრო... — რა საყვარელი ხარ! — წამოიყვირა გოგონამ და ხელები აიფარა. უხმაუროდ გადაძვრა ღობეზე და თოვლში მიმავალ არსებას აედევნა. და როცა პირველი ნაბიჯი გადადგა, უკვე ზუსტად იცოდა: ზოგი გზა მხოლოდ ერთხელ იწყება და უკან დაბრუნებას აღარასოდეს გპირდება. თავი 2 — იქითა სამყაროს კიდე თეია პირველს ბავშვური გულით სჯეროდა, რომ თუ ლეგენდას ბოლომდე ჩაწვდები, ჭეშმარიტების უძველეს ფესვებს დაინახავ. ვინც ამას ეთანხმება, შეძლებს მზერით გასცდეს ნაცნობ ბილიკებსა და მიჩვეულ საზღვრებს. სწორედ ასე დაინახა თეიამ ის იქითა სამყარო, რომელიც მუდამ, დაბადებიდანვე სუნთქავდა მასში. კავკასიონის ქედის სამხრეთით, ყველაზე მაღალ მწვერვალებზე, გადაჭიმულია ზე-სვანეთი. მისი დაკლაკნილი გზებიდან ერთ-ერთი ყველაზე მიუვალ, სხვა რეალობაში განცალკევებულ მწვერვალზე მიემართება — იქ, სადაც ჩვეულებრივი ადამიანის ფეხი არასოდეს დამდგარა. ამ კაცისგან მივიწყებულ, იდუმალ ადგილს ზეშვანიერას უწოდებენ. ამბობენ, რომ იქაურ ყურძენს მზის თბილი გემო დაჰყვება, ჰაერს კი მთის ისეთი გრილი სურნელი, რომელიც ყოველ სუნთქვას აჯანსაღებს. აქ, ცისა და მიწის მიჯნაზე, ჰაერი მთელი საქართველოსთვის იფილტრება, ხოლო თოვლი ბროლის მსხვილ მარცვლებად ცვივა ციდან. სწორედ აქ კონტროლდება აქაური და იქაური სამყაროების მარადიული მშვიდობაც. იმ დღეებში, როცა ჩვენი ამბები იწყებოდა, ნოყიერი ჰაერი უკვე ახალი წლის სურნელით იყო გაჯერებული, თუმცა ზეშვანიერა სიმშვიდეს ნელ-ნელა კარგავდა. ათასწლოვანი ციხე-კოშკი ალგეონი, რომელიც ბეჭედივით ამშვენებდა იდუმალ მწვერვალს, შუაღამიდან გამთენიამდე უცნაური, ამაფორიაქებელი მოვლენის ეპიცენტრად ქცეულიყო. მრგვალი, ფერადბეწვიანი ფრთოსნები — ის უცნაური არსებები, რომელთაგან ერთ-ერთი თეიას ეზოში გამოჩნდა — თითქოს ერთი უხილავი ნებით იმართებოდნენ; ერთდროულად მოძრაობდნენ და ჰაერში ფრთებს რიტმულად ურტყამდნენ ერთმანეთს. თავიდან მხოლოდ რამდენიმე მოფრენილიყო ნაცნობი ბზუილით — მათ მსუქან სხეულებს პატარა ფრთები ძლივს იჭერდა ჰაერში. მერე ათობით დაემატა, ბოლოს კი იმდენად ბევრნი გახდნენ, რომ ალგეონის კედლებზე ჩამოკიდებული კრისტალის ფანრები მათი ათასობით თვალის ბრჭყვიალს ვეღარ ფარავდნენ. ეს უცნაური მზვერავები, ნამდვილი ქაოსის ოსტატები, ერთდროულად მრავალი მიმართულებით იყურებოდნენ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ, გვერდითა მეზობლისთვის შეუმჩნევლად შეეღიტინებინათ. თუმცა, მათ მხიარულებაში ახლა შიში გარეულიყო. ხან ერთი გაიძახოდა შეშფოთებული: — ბინდის გველეშაპი გამოჩნდა... გამოფხიზლდით! ხან მეორე აყოლებდა: — დრო დადგა... ვერაგი მტერი კვალზე გავიდა!.. გივარგი და ონისე ნაბდიანები გამთენიისას, კოშკის ქვედა სართულზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. რკინის კარი ხმაურით გაიღო და ციხე-კოშკში თოვლითა და ტალახით დასვრილი, სამყაროთა საზღვრისმცველი ძმები — გივარგი და ონისე ნაბდიანები შემოცვივდნენ. თბილი, დამატყლული ჩექმები ბაკუნით გაიბერტყეს, სქელი ნაბდები მოიხსნეს და წელის ნაქარგი სარტ....ბიდან ვერცხლის ხანჯლები აუბრჭყვიალდათ. მათ თვალებში მტკიცე, უძველესი ცეცხლი ციმციმებდა. — მთელი ღამე ასე არიან... ისევ და ისევ ამ ამბავს ყვებიან, — ტკივილიანი ღიმილით თქვა გივარგიმ და ზემოთ, აჟიტირებული ფრთოსნებისკენ გაიხედა. მის ღრმა, ნაცრისფერ თვალებს თეთრი, ხშირი წარბები და ტალღოვანი თმა უმალავდა. თეთრ სვანურ ქუდზე, თმასა და წვერზე თოვლი მიყინვოდა. სახის ნაკვთები მკაცრი ჰქონდა, მაგრამ კეთილი გამოხედვა ამ სიმკაცრეს საოცრად ურბილებდა. ხმელ ტანზე რძისფერი ჩოხა-ახალუხი საოცრად მოხდენოდა. მიუხედავად უხვი ჭაღარისა, მისი მხარბეჭის და უძირო ეშხის პატრონზე ვერავინ იტყოდა, დაბერებულაო. მაგრამ ღრმა, იდუმალი მზერა მაინც გასცემდა მის მიერ მრავალი წლის მანძილზე ნაგროვებ სიბრძნეს. — ჰო, მაგრამ ყველა და ყველაფერი თავის ადგილზე დავაბრუნეთ, — ღიმილითვე უპასუხა ძმაზე მაღალმა უმცროსმა, ონისემ, თან ორივეს მძიმე კომბალი კუთხეში მიაყუდა. — კიდევ კარგი, მივუსწარით. მტერი ცაგერში რომ შესულიყო, ახლა სხვა ამბავში ვიქნებოდით. ონისეს დაბალი წვერი და მუქი თმა ჰქონდა, ოდნავ შეპარული ჭაღარით, რომელიც მხოლოდ საფეთქლებსა და კეფას უფარავდა სანახევროდ. უპეებში ჩაცვენილი თვალები შავად, მგზნებარედ უელავდა. უფროს ძმასთან შედარებით მის ხასიათში სიცივე ჭარბობდა, მაგრამ სითბოს ბოლომდე მალვაც არ შეეძლო. ⚔️ ბინდის გველეშაპი და ბრძოლა იმ მხარეში უხსოვარი დროიდან ვრცელდებოდა ხმები სამყაროს ყველაზე საშიშ ურჩხულზე — ბინდის გველეშაპზე, რომელიც წყვდიადს ნთქამდა და საზღვრებს აზიანებდა. გივარგი და ონისე სხვა მესაზღვრეებთან ერთად საზღვრებისკენ მაშინვე გაიქცნენ, როგორც კი ნიშანი მიიღეს. მათ კარგად იცოდნენ, რომ ყოველი წამი ძვირფასი იყო — საზღვრების დაცვაზე ხომ ორივე სამყაროს სიცოცხლე ეკიდა. მართალია, თავად გველეშაპი მათ მისვლამდე ბინდბუნდში გაიძურწა, მაგრამ მესაზღვრეებს მსუბუქი ბრძოლა მაინც მოუწიათ იქითა სამყაროს წვრილმან ჯიბგირებთან, რომლებიც საზღვრის გარღვევას ცდილობდნენ. — ეს მუჭის ტოლა ჭინკები ვერაფერს გაბედავდნენ, რომ სცოდნოდათ, ბრძოლაში მარტო დარჩებოდნენ! — კბილებიდან გამოსცრა ონისემ და ხანჯალი ქარქაშში დააბრუნა. გივარგი შედარებით მშვიდად იყო, მაგრამ მისი ჩამწყდარი ხმა ყველაფერს ამბობდა: — ქაჯებს კი ატრიალებენ თითის წვერზე და უძახე ახლა მუჭის ტოლები... მთავარია, რომ ბარიერი გადარჩა. ძმებმა ერთმანეთს მნიშვნელოვანი მზერა გაუცვალეს, კოშკის გრძელ, ქვის კლაკნილ კიბეს მძიმე ნაბიჯებით აუყვნენ და ზედა სართულების სიბნელეში გაუჩინარდნენ. 🏰 ციხე-კოშკი ალგეონი და „ძველი დღეთაგანი“ ციხე-კოშკში ადრინდელი სიჩუმე ასე იოლად ვერ დაბრუნდებოდა. სამხრეთ კოშკურაში — სადაც იშვიათად თუ ადიოდა სხვა ვინმე — ძმები ახლა აუცილებლად უნდა ასულიყვნენ. სქელ კედლებში დაყოლებული, ვიწრო გვირაბი სწრაფად მოითავეს და სამხრეთის ნაგებობაში შევიდნენ. როცა მცველ-მესაზღვრეების ფეხქვეშ ქვის კიბე აჭრიალდა, ერთმა ყველაზე მოუხერხებელმა „თვალიამ“ კედელზე დამაგრებულ შანდალს ფრთა გაკრა და ისეთი ხმაურით ჩამოყარა ძვირფასი კრისტალები, რომ ყველა დანარჩენი არსება ერთიანად აიშალა. კოშკურაში წამსვე აურზაური ატყდა. ვიღაცამ ყვირილი წამოიწყო, სხვამ შეშინებულმა აიტაცა: „გველეშაპი უკვე აქააო?!“ ბოლოს ერთ-ერთი მათგანი — ქოლგის ფორმის მუცლით — ისე შეასკდა მეზობელს, რომ ამ უკანასკნელმა სამი სართული ერთიანად ჩაირიხინა. — დილისთვის აქ არცერთი აღარ იყოს! — ბრძანა გივარგიმ მკაცრად. — ყველა თავის საგუშაგო პოსტს დაუბრუნდეს! ამ სიტყვებზე მას უნებურად ხელი შარვლის ჯიბეზე მოესვა. უხეში ქაღალდის შრიალზე გაახსენდა ერთი მზვერავი ქალის დილის წერილი. მის წასაკითხად ამ დრომდე ვერ მოეცალა, თუმცა ვერც ახლა შეყოვნდებოდა — ჯერ საქმე უნდა დაესრულებინათ. გივარგიმ ორ კოშკს შორის გადებული ბეწვის ხიდი მოზარდი ბიჭივით მარდად გადაირბინა და თარგამში — სამხრეთის საიდუმლო დარბაზში შეაბიჯა. ონისე ძმას სწორედ მაშინ შეჰყვა, როცა უფროსმა კედლის შანდლებში ჩასმული კრისტალები ხელის ერთი აქნევით აანთო. ქვის პატარა მარცვლებმა ჯერ სუსტად გაიბრწყინეს, მერე კი თითქოს სუნთქვა დაიწყეს და ოთახს რბილი, თბილი ნათება მოეფინა. ალგეონს სანთლების ნაცვლად სწორედ ასეთი კრისტალები ანათებდა —ასეთივე ცოცხალი ქვები, მცველსა და მესაზღვრეებს ხელშიც ეზრდებოდათ. ონისე მძიმე, მუხის კარს კეტავდა, როცა უკნიდან ძმის ხმა მოესმა: — აბა, სად შევინახეთ ის... მე და შენ რომ ვიცით? — კრისტალი... „ძველი დღეთაგანი“? — თვალები შუბლზე აუვიდა ონისეს, — როგორ, შენ არ იცი? — მე ყველაფერი ვიცი! — გამოფხიზლდა უფროსი ძმა და წიგნების ჩხრეკას თავი დაანება. ეს იყო ალგეონის უძველესი კრისტალი — ქვა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უდიდესი პატივისცემით ინახავდნენ. გივარგიმ ცაში გამავალ, მაღალ სარკმლებთან მიირბინა. ოთხივეს სათითაოდ გადაუწია სქელი, ბორჯღალოს გამოსახულებიანი ფარდები, შემდეგ კი ძველ სკივრთან ჩაიმუხლა და ხელით თვის მცველს ანიშნა, ორნამენტებიანი კიდობნისთვის ობობის ქსელი გადაეწმინდა. — აბა, გავაჩოჩოთ?! — ფრთხილად, გივარგი, წელს გაუფრთხილდი. კიდევ ასი წლის ხომ არ გგონია თავი?! — მაგდენის როდის ვიყავი, აღარც კი მახსოვს, — უფროსმა ძმამ უცებ შეკრა წარბი. ეტყობოდათ, ბრძოლით დაღლილიყვნენ, მაგრამ ძველი ნივთი მაინც ყოჩაღად გასწიეს გვერდზე. შემდეგ იატაკიდან ქვის ფილებიც ერთად ამოყარეს. — ლამარიის წყალი სად გვაქვს? — იკითხა გივარგიმ. — როგორ... შენ არ იცი?! — სასაცილოდ გამოუვიდა, მაგრამ მაინც გაიმეორა უმცროსმა ძმამ. — რომ ვიცი, იმიტომ გეუბნები, სწრაფად მომიტანე-მეთქი! — მე... უკვე მოვიტანე, — ამ პასუხით ონისემ კვლავ მოახერხა ძმის გაღიზიანება და გვერდით თითბერის ჭურჭელი დაუდგა. ამასობაში, იატაკის სიღრმიდან მტვრიანი, მოოქროვილი ქსოვილი ამოიღეს — ასომთავრულით ნაქარგი ქისა. იქიდან კვამლიანი ბროლის მოზრდილი კრისტალი გივარგი ნაბდიანმა მოწიწებით გაათავისუფლა და მარმარილოს ნავში ჩააბრძანა. ქვამ ლამარიის წმინდა წყაროს წყალში მონოტონურად იწყო ბრუნვა და ნავის კიდეები მსუბუქ, სურნელოვან კვამლში გახვია. — მუშაობს! — ონისემ სულმოუთქმენლად მიირბინა ნივთთან, — ნება მიბოძე... — ჩაილაპარაკა და მარჯვენა ხელის მტევანი გაშალა. მის თითებს შორის შეხორცებული საფირონის კრისტალი იისფრად აელვარდა, თითქოს ქვა მცველის გულისცემას აჰყვაო. მესაზღვრეების ხელში კრისტალები ჩვეულებრივი ქვები არ გახლდათ — ისინი პატრონს თავად ირჩევდნენ და სიცოცხლის განმავლობაში მასთან ერთად იზრდებოდნენ ძალის მისაცემად. ონისემ თავისი სხივი რელიქვიას გადაატარა და მბჟუტავმა კვერცხმა უცებ — ფლიფ! — დაიბუთქა და მელნისფერი კვამლი ამოუშვა. გივარგიმ ძმას შეუბღვირა: — აბა, რას ჩადი?! — მეგონა, ესეც არ გახსოვდა... უბრალოდ ნიმუში განახე, — ჩაიღიმა უმცროსმა. სამყაროთა საზღვრისმცველს თვალები სიმწრით მოეჭუტა: — ხომ არ ინებებდი, შენი საფირონის ძალა სხვაგან გამოიყენო და ის „თვალიები“ დააკვალიანო? როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დერეფნებში ხმაურობენ და ყირაზე გადადიან. — სიამოვნებით. რაც ჩემი საქმე აღარაა, იქ აღარც უნდა ჩავერიო, უფროსო ძამიკოვ... მომიტევე, — ონისე სულსწრაფი იყო, მაგრამ ბრძოლაში — მარდი და უშიშარი. საუკუნეებს მისი მხრები ოდნავ კი მოეხარა, თუმცა შავი ჩოხა და რუხი ფერის ახალუხი მაინც საოცრად უხდებოდა. — ვიცი... ვიცი... მე უბრალოდ მესაზღვრე ვარ, შენ კი — ერთადერთი მცველი, წინამძღოლი! წავალ, ბრძანებას გავცემ, თავ-თავიანთ პოსტებს დაუბრუნდნენ. მან შავი სვანური ქუდი მოიხადა, ძმას თავი დაუხარა და კაბინეტი დატოვა. 🔮 წინასწარმეტყველება და უსტარი გივარგიმ კარი კვლავ მყარად გადარაზა და დამშვიდდა. კოშკურის შუაგულში წყლის ნავი სარკესავით მშვიდი გამხდარიყო, თუმცა შიგნიდან ნელა ფეთქავდა იდუმალი შუქი. ამ შუქში ჩაფლულიყო დიდი ბროლის კრისტალი, რომელსაც ალგეონში სახელი დიდი ხნის წინ დაერქვა. არავინ იცოდა მისი ასაკი; ის ყველა მცველის ფიცსა და საიდუმლოს იტევდა. ამბობდნენ, „ძველი დღეთაგანი“ დროის წინაშე მდგარი ქვააო — ვინც ერთხელ მაინც ესაუბრა მას, არასოდეს გაქრება, მხოლოდ წყლის ხმაში დაბრუნდება უკან. გივარგი მუხლებზე დაეშვა, წყალს მიუახლოვდა და ხელისგულით შეეხო. შემდეგ კრისტალის კვერცხს ხელი გადაატარა. მის მარჯვენაზე შავი ონიქსი უკვე ღვიოდა და მისგან თხელი კვამლი ადიოდა. როცა კრისტალის ელვამ და „ძველი დღთაგანის“ ნათებამ ერთმანეთი მიიღეს, ოთახში სპირალური ხვეულა წარმოიქმნა. გივარგიმ მაშინვე ჩაიბუტბუტა: — გამეხსენ! წყალი შეიმღვრა. ეს იყო არქაელი, წინა მცველი. ის, ვინც თავის დროზე აღადგინა ეს ციხე-სიმაგრე და ეს ქვა ხვამლის ქვაბულებიდან თარგამში — სამხრეთის კოშკურაში გადმოიტანა. — გადამწყვეტი დრო დგება, არქაელ, — თქვა გივარგიმ, — და გამარჯვებამდე ნუ მიმატოვებ… გთხოვ, გამიმჟღავნე ის, რაც უნდა გამჟღავნდეს. კვამლი და ელვა წამით გამძაფრდა. საზღვრების მცველი ძლივს იკავებდა მარჯვენას, რადგან ქვემოდან წამოსული ძალა აშკარად უპირატესობდა. ოთახში ჰაერი დაიძრა, მსუბუქი ნივთები შეირხა, ძველი მაგიდიდან რამდენიმე ფურცელი აიტაცა და კედელს მიაყარა. თუმცა ქაოსი სწრაფადვე დაცხრა. მამაკაცის ხელი ნელა დამშვიდდა. კრისტალი გაიწმინდა და ოქროსფრად აელვარდა. გივარგიმ აწეწილი თმა-წვერი მოიწესრიგა და თვალები მოიჩრდილა, თითქოს უფრო მკაფიოდ უნდოდა დაენახა გამოსახულება. — ის მოდის და დახვდით... მოამზადეთ... მის გზას ხელს ნუ შეუშლით, — ახლანდელ მცველს ეცნო მისი წინამორბედის ხმა, თუმცა ამჯერად ის თითქოს უფრო შორიდან, საუკუნეების მიღმიდან მოდიოდა. ამის შემდეგ არქაელი აღარ დალაპარაკებია. ნივთის შუაგულიდან მკვეთრ სხივს კვამლოვანი წარწერები ამოჰყვა და გივარგის მოქუფრულ თვალებში თანმიმდევრობით გაირბინა: „ის, ვინც უსამართლოდ მოკვდა — მასშია, ვინც უსამართლოდ სუნთქავს — მისით შეირყევა!“ გაკვირვება არ გამოუხატავს — თითქოს მთელი ცხოვრება მსგავს სიტყვებს ელოდა. მხოლოდ ჩაფერფლილ ასოებს გააყოლა თვალი. — საუკუნეებია, დაჯერება მიჭირდა, მაგრამ ვიცოდი… — ჩაილაპარაკა, — თუმცა რაღაცამ მოვლენები დააჩქარა. წესით, ვინც ნაშობია, ჯერ პატარა უნდა იყოს… მაგრამ ის უკვე მოდის. მე კი ლოდინი აღარ მომასვენებს. კოშკის კენწეროში, ცივ იატაკზე ჩაიმუხლა. მთვარის შუქი მკვეთრად ეცემოდა ქვას. თითქოს საკმარისი იყო, რომ სიჩუმესთან მარტო დარჩენილიყო, მაგრამ სწორედ ამ დროს ჯიბეში მივიწყებული წერილი აწკრიალდა. — კიდევ კარგი, შეხსენება დაუყენებია, — კმაყოფილმა ჩაიბუტბუტა. ოთხად მოკეცილი ქაღალდი მართლაც მობილურივით ვიბრირებდა. გივარგიმ გახსნა, ხელის ნაზი გადასმით დაამშვიდა და ხმადაბლა ამოიკითხა უსტარი, რომელიც ერთდროულად საგანგაშოც იყო და... გულის მაამებელიც: „იქითა და აქეთა სამყაროების საზღვრისმცველ გივარგი ნაბდიანს, აქეთა სამყაროს მზვერავ გულთამზე მარაულის უსტარი. ეს-ესაა მივიწყებულმა მტერმა ცაგერთან თავისი მსახურები დაგზავნა და კვალი დატოვა. სოფლის შემოგარენში, ბოსლებში ალები იპარებოდნენ და ცხენებს ფაფარს უწნავდნენ. მდინარე რიონს ჭინკები დასტრიალებდნენ. მათი კივილი ტურების ხმას ერეოდა და ხალხი, რა თქმა უნდა, ვერაფერს ამჩნევდა. მაგრამ მე უფრო მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს — ის, რასაც სხვისგან ვერ გაიგებდით: ჩემს ტკბილეულის მაღაზიაში ძველი წინასწარმეტყველების იის ყვავილი მომიბრძანდა. გესმით, ბატონო გივარგი? ჰოდა, ერთი თქვენი მსუქანი „თვალია“ აქეთობის დაზვერვისას შევაწუხე, კავით ჩამოვაგდე (იმედია, მაპატიებთ), ტკბილეულით გავუმასპინძლდი, ეს წერილი ფეხზე შევაბი და თქვენკენ გამოვაქროლე. რადგან ია შესყიდულია — ამბავი დაწყებულია ამ გარიჟრაჟის ამბებიდან! პ. ს. უსაფრთხოებაზეც ვიზრუნე“. გივარგიმ კითხვა დაასრულა თუ არა, წერილი ხელში აენთო და ფერფლად იქცა. — საინტერესო მექანიზმია, — მშვიდად თქვა, — ჩვენს გულთამზეს ფანტაზია არასოდეს ღალატობდა. მაგრამ მის გულში ახლა სხვა ცეცხლი ენთო — დრო დამდგარიყო. ზუსტად ისეთი დრო, როგორსაც ძველი მცველები წარმოიდგენდნენ ხოლმე: არანაირი ზარების რეკვა, არც ცის გაპობა — უბრალოდ ის მშვიდი, უხმო მომენტი, როცა ზუსტად ხვდები, რომ რაც აუცილებლად უნდა დაწყებულიყო, უკვე დაიწყო. თავი 3 – ღამის შეტყობინებები გადამწყვეტი ზამთარი იდგა. ახალ წლამდე მხოლოდ ერთი დღე რჩებოდა. ზე-სვანეთის ხელუხლებელ მწვერვალებში ჩამალულ ციხე-კოშკ ალგეონში გივარგი, ონისე და სხვა მესაზღვრეები საგანგაშო თათბირისთვის შეიკრიბნენ. ბოლო შეტყობინებებმა აჩვენა: მართალია, ბინდის გველეშაპი თვალით ჯერ არავის ენახა, მაგრამ იქითა სამყაროს ბინადარნი საზღვრებს სულ უფრო ხშირად და აგრესიულად არღვევდნენ. ეჭვი აღარ არსებობდა — მათ უკან ბევრად ძლიერი, ბოროტი ძალა იმალებოდა. ბჭობის კაბინეტს ძველი, ალმიანი ჭაღები ანათებდა, რომლებზეც ალგეონის უმთავრესი სიმბოლო — ოქროსფერი ბორჯღალო და მის სხივებში მოქცეული ციხე-სიმაგრე ეხატა. უზარმაზარი სივრცე ნელ-ნელა აივსო მესაზღვრეების კრისტალების ციმციმით — თითქოს ვარსკვლავთა ცივი შუქი კედლებს ეფინებოდა. ყველა, ვისაც სამყაროს უსაფრთხოება ებარა, უკიდურესად დაძაბული ჩანდა. სქელი, ბრინჯაოს კარი მძიმედ მიიკეტა. კარის ცენტრში საძმოს გერბი იყო გამოსახული: ნადირობის ქალღმერთი დალი, რომელიც ოქროსფერი თმით ჯიხვის რქებს ჩაჭიდებოდა, მის ზურგს უკან კი თოვლიანი მთების ცხრა უძლეველი მწვერვალი აღმართულიყო. გერბზეც და ალმებზეც სამი ძირითადი ფერი ჭარბობდა — ოქროსფერი, ალისფერი და თეთრი. — ჩვენს ცაზე ციმციმა აღარ მშვიდდება, საზღვრის დამცავი ველის გაძლიერება ყოველდღიურად გვიწევს. თავდასხმის შემთხვევები საგრძნობლად იმატებს, — თქვა მხარძლიერმა, ხევსურულქუდიანმა მებრძოლმა, რომელსაც სახეზე ძველი, ღრმა ნაიარევი ემჩნეოდა. — ბერუჩა მართალია! — კვერი დაუკრა ნათანმა. ხისტი, მწვანეთვალება მამაკაცი, რომელსაც ზურმუხტისფერი ჩოხა საოცრად შვენოდა, ყველაზე მშვიდი ჩანდა. სათქმელიც დინჯად ჩამოაყალიბა: — თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ბარში მოსახლეობის ბოსლები და ბეღლები უკვე საიმედოდ გავამაგრეთ. ისე გავაკეთეთ, რომ უკრისტალოებმა ვერაფერი იგრძნეს. სოფლებს ქვებითა და უძველესი ლოცვებით დამცავი სარტყელი შემოვავლეთ. ჩვენი მხრიდან მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. — ძმებო, გეთანხმებით, — გივარგის მადლიანი, მშვიდი ხმა დარბაზს ერთიანად მოეფინა. — მაგრამ მგონი ბერუჩა თვით ონისეზე მეტად ფიცხია, — უფროსმა მცველმა ღიმილით სცადა დაძაბულობის გაფანტვა და ბერუჩას ხევსურულად ნაქარგ ტანისამოსზე მარჯვენა ხელი მეგობრულად დაადო. შემდეგ ნათანსაც შეუსწორა ხვეულ თმაზე კახური ქუდი: — შენი შრომისმოყვარეობა კი ნამდვილად შესაქებია, ნათან. ასეთი მღელვარებისას გივარგის მარჯვენაზე შეზრდილი შავი ონიქსი ცეცხლოვან ნაპერწკლებს ყრიდა და დარბაზის ქვის თაღებზე მუქ, მბჟუტავ ლაქებს ტოვებდა. მისი თვალები არანაკლებ ელვარებდნენ, ვიდრე თავად ქვა. — ლეჩხუმში სიტუაცია დროებით დავასტაბილურეთ. კიდევ კარგი, ახალი წელი მოდის და ბარში ხალხს ზედმეტი ხმაური და ბათქაბუთი არ უკვირს, — სახე მოეღუშა თუშურად გამოწყობილ ჯარჯის, — მაგრამ შავმა გველეშაპმა სოფელ მაზერის მახლობლად მძიმე კვალი დატოვა. მიწა კილომეტრებზეა ამომწვარი. როგორც ჩანს, ის ლეჩხუმიდან სვანეთამდე რაღაც იდუმალ კვალს მოჰყვებოდა. სასწრაფოდ მოგვიწია იქაურობის მცენარეებით დაფარვა, თუმცა ნაპრალები მაინც დარჩა... მისი მსახურების განდევნისას კინაღამ უდიდესი დანაკარგი განვიცადეთ. — დედა ქეთევანზე ამბობ? — თვალები აენთო ონისეს. — საბედნიეროდ, დედაოზე ახლა მისი სულიერი დები ზრუნავენ, — უფრო მეტად დაიძაბა გივარგი, — ლამარიაში ჰყავთ, თავიანთ ტაძარში, სამკურნალო ლოცვების მფარველობაში. — თუ ბინდის გველეშაპი მართლაც დაბრუნდა, დრო სამუდამოდ იცვლება... და ამ სამყაროში აღარავინ არის უსაფრთხოდ! — ვერ მშვიდდებოდა ბერუჩა. მისი სისხლისფერი ლალის კრისტალი ხურდა და ღვიოდა, თითქოს სადაც იყო, მრისხანების ლავას გადმოაფრქვევდა. — ეს ჭინკები ერთიანად უნდა გაგვეჟლიტა, ეს მოღალატეები! — აღელდა ონისეც. — აი, უკვე ათასი წელია მსახურობ და მაინც ვერ ისწავლე რისხვის მართვა, ძმაო! — გივარგის თვალებში ცეცხლის ალები ათამაშდა. ის მარცხენა ხელით მარჯვენაზე დამაგრებულ კრისტალს ატრიალებდა და წრიულად მოძრავ მაგიურ სფეროს აკვირდებოდა. — მღელვარება ჩვენს ქვებზე განსაკუთრებით მოქმედებს — ეს კარგად იცი. დიდი ძალისხმევა გვჭირდება მათი ენერგიის დასაცხრომად. ასე თუ გავაგრძელებთ, მოთმინებას ყველა დავკარგავთ... ისედაც ხომ იცით, რომ მხოლოდ ექვსი მესაზღვრეღა დავრჩით... — თქვა დაბალი, ჩამწყდარი ხმით. — ნუ იქნები ზედმეტად თავმდაბალი, — შეაწყვეტინა ონისემ, — ხუთი მესაზღვრე და ერთი უზენაესი მცველი. შენ, ჩემო გივარგი! გივარგიმ მაინც მოწიწებით დაუკრა თავი საძმოს და განაგრძო: — რადგან დრო სწრაფად იცვლება და, ველოდით თუ არა, ორი მონეტის ამბავი უკვე დაიწყო… — პაუზის შემდეგ უფროსმა მცველმა ომახიანად გამოაცხადა: — მინდა უდიდესი ემოციით გაუწყოთ: ია გზას დაადგა და უკვე შესყიდულია! ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში შევედით. და რადგან ამ მოვლენებს გველეშაპის გააქტიურება და თავდასხმები მოჰყვება, ჩვენი თითქმის დაცლილი რიგები სასწრაფოდ უნდა შევავსოთ. ახალი მცველ-მესაზღვრეები უნდა მოვიხმოთ! უცებ სამარისებულმა სიჩუმემ მოიცვა დარბაზი — ისეთმა, თითქოს თავად ალგეონის კედლებმაც კი სუნთქვა შეკრესო. შემდეგ კი კაბინეტში ჩურჩულისებრი გადაძახილის ხმა გაისმა, რომელიც ერთიდან მეორეზე გადადიოდა: — ორი მონეტის ამბის დასაწყისს მოვესწარით… — ორი ბრინჯაოს ვარდი გადახდილია… — ია შესყიდულია… და მერე, მოულოდნელად, დარბაზი ერთიანმა გუგუნმა შეძრა: — მოვიხმოთ!.. — მოვიხმოთ! საძმოს წევრების აღმართული მარჯვენებიდან, კრისტალებში ჩაკეტილმა სხივებმა მძლავრად ამოხეთქეს. ჭერი მრავალ ფრად აენთო — თითქოს ჰაერი წმინდა, ჯადოსნურმა ცეცხლმა გააპო. ათას წელიწადში ერთხელ გვიანი ღამე იყო. ყველა მესაზღვრე თავ-თავის საგუშაგო კოშკს დაუბრუნდა. დარბაზში მხოლოდ ონისე და გივარგი დარჩნენ. ძმები ნაბდიანები პირველად და უკანასკნელად შეუდგნენ იმ რიტუალის ჩატარებას, რომელიც ათას წელიწადში მხოლოდ ერთხელ იმართებოდა. წითელი ხის, გველისფეხება მაგიდასთან ონისე პერგამენტის ძველ ფურცლებს დაერია. კედელზე წითელი, ქერცლიანი გველეშაპის ტყავი ეკიდა, მის ქვეშ კი, ჩრდილში, უხმოდ ითვლიდა საუკუნეებს ქვიშის საათი — დრო იქ ისე ნელა მიედინებოდა, როგორც მთელ ალგეონში იყო მიღებული: საუკუნეებით და არა წუთებით. — გეყოფა, ონისე, ფურცლების შრიალი, — გაეცინა გივარგის. — მართალია, გუშინდელი დღესავით გვახსოვს ჩვენი მოხმობის დღე, მაგრამ წერილები იმ ძველ დროს დავუტოვოთ. ხომ გახსოვს, როგორ ხდებოდა? უხილავ, ათასობით გზავნილზე მისამართი თავისთავად იწერებოდა გზადაგზა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ თორმეტი აღწევდა მიზანს. — მახოვს, — გაიღიმა უმცროსმა ძმამ, — ჩემი წერილი ხის ტოტებში აიხლართა და ყველაზე გვიან მივიღე. ძლიერი ქარი რომ ამოვარდა, მხოლოდ მაშინ განთავისუფლდა, ჩვენს სარკმელში შემოფრინდა, პირდაპირ ცხვირზე მეცა და გამაღვიძა. — მე კი ის მახსოვს, რომ ჩემს წერილს პაწაწუნა, გამჭვირვალე ფრთები ჰქონდა და ღამით ფარფატით მომიფრინდა. სწორედ ამ ნაზ ფართხალზე გამეღვიძა, — მხიარულად დასძინა გივარგიმ. — და მერე დავინახე, რომ შენც, ჩემ გვერდით მწოლიარს, ზუსტად ისევე გაგეღიმა, როგორც მე... მაგრამ ახლა, — მან თავი გააქნია, თითქოს წარსულიდან აწმყოში გადმოხტაო, — შეგვიძლია კრისტალის ძალით პირდაპირ თანამედროვე საშუალებებს დავუკავშირდეთ. ლეგენდარულმა მცველმა საკუთარი შავი ონიქსის დახმარებით, თითებიდან წამოსული სხივით ჰაერში დაიწყო იდუმალი გზავნილების წერა. ეს იყო პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როცა ალგეონის უძველესი მოხმობის სიტყვები პირდაპირ ბავშვების მობილურ ტელეფონებში იგზავნებოდა. გარიჟრაჟიც მოახლოვდა. ასობით პატარა, მრგვალი „თვალია“ საგუშაგოდ გაიგზავნა სამყაროს კიდეებზე. დიდ ბროლის სფეროში ჩაშვებულმა ბრძანებამ ყველა კოშკიდან მიიღო იმპულსი. პაწაწუნა არსებები, რომლებიც სასაცილოდ ბზუოდნენ, ჰაერში აიჭრნენ, საზღვრების შემოწმება დაიწყეს და მონაცემებს მესაზღვრეებს გადასცემდნენ. განგაშის შემთხვევაში კი საქმეში თავად მცველიც ერეოდა. ეს თავგამოდებული, ფრთაფარფატა არსებები თავიანთი საქმის უბადლო ოსტატები იყვნენ. ამ დროს კი, სადღაც ბარში თუ მთაში, თავიანთ ოთახებში, ათი-თორმეტი წლის ბავშვები ძილში შეშფოთებულნი წრიალებდნენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში იღებდნენ იდუმალ შეტყობინებებს. ჯერ კიდევ ბნელოდა. გარეთ წვიმისა და თოვლის ხმები ერთმანეთში ირეოდა. უმრავლესობას შეტყობინების ხმა საერთოდ არ გაუგია. ზოგმა ვერ გამოიფხიზლა და ეს ყველაფერი სიზმრად ჩათვალა. ერთმა გოგონამ ტელეფონი ბალიშის ქვეშ ღრმად დამალა და თვალები მაგრად დახუჭა — თითქოს ასე უცნაური შეტყობინება თავისით გაქრებოდა. სხვა ბიჭმა ეკრანი ისევ გაანათა, გაურკვეველ ხაზებს უყურებდა და ვერ ხვდებოდა, რატომ უცემდა გული ასე გამალებით. ბევრმა წაიკითხა, მაგრამ აზრი საერთოდ ვერ გამოიტანა. — ეს რა ხდება, ჩემო ძმაო? ესენი ხომ სულ ბავშვები არიან... რატომ ბავშვები? — იკითხა ონისემ. — არც ჩვენ ვიყავით დიდები, ონისე... თუმცა ზრდასრულები კი გახლდით. მეც მიკვირს ეს ამბავი, — ამის თქმისას გივარგის ორჯერ შეეცვალა სახის გამომეტყველება. — იმედია, შენმა ახალმა მეთოდმა არ გამოიწვია ეს არეულობა. შეხედე... მხოლოდ ხუთასმა ბავშვმა იგრძნო საერთოდ რაღაც, — ნერვიულობდა ონისე. — ორასმა გახსნა, მაგრამ მხოლოდ ოთხმოცმა სცადა წაკითხვა, — დაუმატა გივარგიმ, როცა დიდი ბროლის სფეროში ციფრები და მონაცემები აციმციმდა. დარბაზი თითქოს სუნთქვაშეკრული ელოდა ფინალს. — და ბოლოს... მხოლოდ თერთმეტმა მოახერხა აზრის გამოტანა, — ხმა აუკანკალდა უფროს მცველს. ონისე, რომელიც იატაკზე ჩამუხლული თვლემდა, წამსვე წამოხტა და ეკრანს მიაშტერდა. — თერთმეტი?.. და... სადაა მეთორმეტე? — ერთხმად იკითხეს ძმებმა, რადგან პროცესი დასრულებულად გამოცხადდა და ბროლის სფერო უცებ ჩაქრა. ნაბდიანებმა ერთმანეთს თვალებში ჩახედეს, შემდეგ კი ჩაბნელებულ სფეროს შემკრთალნი მიაშტერდნენ, თუმცა იქ აღარაფერი შეცვლილა. გივარგის გულში გაურკვეველი შიში ჩაეღვარა — თითქოს წინასწარ გრძნობდა, რომ ეს მეთორმეტე სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ზუსტად ის, ვისზეც არქაელი მას ასე საიდუმლოდ ესაუბრა... მალე ძმები არნახული აურზაურის შემსწრენი გახდნენ. თავ-თავიანთი კოშკებიდან მესაზღვრეები ფრთიანი მზვერავების მეშვეობით უწყვეტად გზავნიდნენ შეშფოთებულ შეტყობინებებს — ისინი უდიდეს აღშფოთებას გამოთქვამდნენ არჩეული თანაშემწეების ასაკსა და სიმცირეზე. ალგეონი დიდმა შფოთმა მოიცვა. თოვლი იმ გარიჟრაჟზე ჩვეულებრივზე მძიმედ, პირქუშად ცვიოდა ციდან. თავი 4 — მოსაწვევები ტკბილეულის მაღაზიიდან ვისაც აინტერესებს, რა ხდებოდა მაშინ, როცა ზრდასრულების მაგივრად ბავშვებმა მიიღეს იდუმალი შეტყობინებები — უნდა იცოდეს, რომ ამ მოვლენამ მთელი დადგენილი წესრიგი თავდაყირა დააყენა. უზენაეს მცველსა და მესაზღვრეებს პირველად მოუწიათ ყველაფრის გადახედვა და გეგმების თავიდან დაწერა. მათ ბავშვების დახვედრის ადგილიც სახელდახელოდ შეცვალეს და თავად მიღების სცენაც, თავისი ატმოსფეროთი. დრო საშინლად ცოტა ჰქონდათ — მხოლოდ ახალი წლის დადგომამდე. სასწრაფოდ მოთაფლეს გულთამზე მარაული, რომ სწორედ მის მაღაზიაში იგრძნობდნენ ბავშვები თავს დაცულად და მყუდროდ პირველი შეხვედრისას. — აბა, რას ამბობთ, გივარგი ბატონო! სად მე, ჩემი პატარა მაღაზიით და სად ამხელა პასუხისმგებლობა? — შეშფოთდა ქალი. — ოჰ, არ გინდათ თავმდაბლობა, გულთამზე! იის ქოთანი ხომ თქვენ გამოისყიდეთ — ეს უდიდესი არსის მქონე მცენარე?! აქ კი, აწითლებული სახის ჩვენების მეტი, ქალმა ვეღარაფერი გაუბედა საზღვრისმცველს და შეთანხმებაც შედგა. გივარგი ნაბდიანმა ხელის ერთი მოქნევით, შავი ონიქსის ერთი გასხივებით შეალამაზა და გადაასხვაფერა მაღაზია, რათა იქ ბავშვებისთვის საჭირო ნივთებიც ყოფილიყო და საუცხოო ტკბილეულიც. — სასწრაფოდ, საღამომდე შეიკრას მერხები ალგეონში, გამზადდეს საკლასო ოთახი და საძინებლები! ბავშვებმა სასიამოვნოდ და საამურად უნდა იგრძნონ თავი, — გასცა განკარგულება გივარგიმ. — ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა მოვასწროთ? — შეშინდა ონისე. — და რა, ისე დაბერდი, ძმაო, რომ კრისტალის ძალას ვეღარ უმკლავდები? დაიხმარეთ ყველა გაწვრთნილი ქაჯი, დევი ბეღელა და საღამოს ყველაფერი მზად დაგვხვდეს! ჰოდა, დარბოდნენ თავიანთი ქაჯებიანად ჯარჯი, ბერუჩა თუ ონისე მესაზღვრე და ყველაფერს უდიდესი გულისყურით ამზადებდნენ. საღამომდე დარჩენილი დრო ერთ დიდ, უწყვეტ სუნთქვად იქცა, სადაც წუთებს აღარავინ ითვლიდა. ყველას ესმოდა, რომ ბავშვები ის სუფთა ფურცლებია, რომლებზეც განსაკუთრებული კალმით უნდა წერო. არა, ცოდნას ჯადოსნობითაც მისცემდნენ, მაგრამ სათუთ ბავშვებს ხომ სჯობს სათუთად, ნელა და საფუძვლიანად ჩაუღვარო სულში ყოველივე კეთილი, რაც მერე ფაქიზი გაზაფხულის ყვავილივით გაიზრდება სულში. თანაც, ბავშვები ხომ ისედაც უნდა სწავლობდნენ და მეცადინეობდნენ?! მალე სამზარეულოც საახალწლო მორთულობებით ააბრჭყვიალეს და საძინებლებიც თბილი, მსუბუქი განათებებით შეათბეს. განსაკუთრებული ამბავი მოხდა საკლასო ოთახთან დაკავშირებით. ის ონისემ ბოლოს მაინც თავისებურად გადააწყო: — არ ივარგებს, ბიჭებო, მერხები და ზედმეტი ოფიციალურობა. ცოტანი არიან და უმჯობესია მეტი სიმყუდროვე შევუქმნათ. — ჰო... და რას გვთავაზობ? კლასში მცენარეები დავაწყოთ? — მოუვიდა თავში სათავისო იდეა ნათანს. — იქნებ პირდაპირ აქ გადავიდნენ ჭიდაობა-კრივის გაკვეთილებზეც და აქვე შემოვყაროთ სავარჯიშო ლეიბები? — დაამატა მებრძოლი სულის ჯარჯმა. მისი უძირო, ცისფერი თვალების სევდას და სახის ცივ გამომეტყველებას საოცრად ეხამებოდა ძველნაქარგიანი ტანსაცმელი, თუშური გამაშები და ფაფახი. ღია ფერის თმა-წვერი მეჩხერ ჭაღარას დაემშვენებინა, სახე კი — ოდნავ შესამჩნევ ნაოჭებს. — ოჰ, არა... მე ვიფიქრე, რომ ეს მერხები გავაქროთ და ერთი დიდი, ნახევარწრიული მაგიდა დავდგათ — შუაში თავისუფალი სივრცით, სადაც მასწავლებელი დადგება. ირგვლივ შემოუსხდებიან ბავშვები და ყველა თანაბრად მოისმენს სათქმელს. ყველას მოეწონა იდეა. აანთეს თავიანთი მარჯვენის ცერსა და საჩვენებელ თითს შორის ჩაზრდილი კრისტალები და წამში გააქრეს ყველაფერი, რაზეც მანამდე დიდი შრომა და ჯაფა გასწიეს. მერე კი, პირდაპირ ხელის ჯადოსნობით, ახალი სკამ-მაგიდა დაამონტაჟეს და კმაყოფილებმა დაისვენეს. ✉️ გზავნილი რჩეულთათვის რაც შეეხება გამთენიის სატელეფონო გზავნილებს — შეტყობინებების ტექსტი კი იყო მარტივი, მაგრამ ყველას დაებინდა გონება, ვინც რჩეულებში ვერ მოხვდა. ჩვენს სამყაროში ხომ თითოეულს თავისი წილი მისია აქვს... შეტყობინება ამბობდა: ძვირფასო ახალგაზრდავ, კაცობრიობა დიდ საფრთხეშია და შენგან დახმარებას ითხოვს. როგორც რჩეულს, გული სულ განიშნებდა — ახლა ჩვენც გიხმეთ. დრო არ ითმენს. შეკარი ერთი ჩანთა, მხოლოდ იმ ნივთებით, რაც არ გეთმობა. მზის ჩასვლისთანავე სახლის უკანა კარიდან გამოდი (თუ სახლს უკანა კარი არ აქვს — ეზოს უკნიდან; თუ ეზო არაა — სახლის ზღურბლიდან). შენი მოსაწვევი გზად თავად მოგაგნებს. პატივისცემით, სამყაროთა საზღვრისმცველი — გივარგი ნაბდიანი სულ ეს იყო. მაგრამ ვინც წაიკითხა და გულით დაიჯერა, სწორედ ისინი აღმოჩნდნენ რჩეულებში. სულ თერთმეტი ბავშვი — სხვადასხვა კუთხის, სხვადასხვა ხასიათის, მაგრამ ყველას გულში ერთი პატარა, საერთო ნაპერწკლით. მზე ნელა გადაიხარა დასავლეთისკენ და როცა საღამოს სიჩუმე ჩამოწვა, მოვლენებიც დაიძრა. საღამოს ექვსი საათისთვის ბავშვები სახლიდან ჩვეულებრივი გზით კი არ გასულან — სახელდახელო პლატფორმიდან, სახლის უკანა კარიდან, ეზოდან თუ ზღურბლიდანვე წარიტაცნენ და... თვალის დახამხამებაში აღმოჩნდნენ მესტიის კიდეზე, ტკბილეულის მაღაზიის კართან, რომელსაც აბრაზე ეწერა: „მიშგვანის ტკბილეული“. მაღაზიას უკანა გასასვლელი კარიც ჰქონდა, რომელიც იქითა სამყაროს ქალაქ გუშაგში, ქვაღორღიან ქუჩაზე გადიოდა — იქითაც ზუსტად იგივე წარწერა აბრწყინებდა კედელს. 🍬 „მიშგვანის ტკბილეული“ ძველ, მრგვალ კედლებზე და პირდაპირ სივრცეში დაკიდებული ქარვისფერი სფერო-მანათობლები ტკბილეულის მაღაზიას საოცარ, ზღაპრულ იერს აძლევდა. თაროებზე მბზინავ შეფუთვებში ჩაწყობილი ნუგბარი და ფერად-ფერადი კანფეტები თითქოს უძველეს ჯადოსნურ ძალას ინახავდა. ჰაერში თაფლისა და კარამელის სურნელი ტრიალებდა, შიგნიდან კი გულთამზეს მშვიდი, თუმცა ხალისიანი ხმა ისმოდა, რომელსაც ბავშვებს აგებებდა. ეს ხმა ისეთი თბილი იყო, თითქოს მაღაზიის ცივ კედლებსაც კი ამშვიდებდა. გულთამზე — მთასავით ქალი იყო, თუმცა ნაზი თაფლისფერი თვალებითა და გრძელი, წაბლისფერი თმით — უბრალო გამყიდველივით გამოიყურებოდა. მისი ჩაცმულობაც სადა იყო: თბილი შალის ჟაკეტი და ალუბლისფერი თავსაფარი. მაგრამ თვალებში იმაზე მეტი საიდუმლო უელავდა, ვიდრე უბრალო ვაჭრობას შეეფერებოდა. ბავშვები ამას მაშინ ვერ მიხვდებოდნენ, თუმცა ქალის მზერა თითოეულ მათგანს გამჭოლად აფასებდა. კარი სათითაოდ შეაღეს და ყველას ერთნაირი სურათი დახვდა: ღიმილიანი, ფუშფუშა ქალბატონი შაქრიანი ვანილის სურნელით, რომლის ლოყებიც წითელ ვაშლებს ჰგავდა და თვალებში კეთილი სხივი უბზინავდა. — კეთილი იყოს თქვენი ფეხი! თქვენი მოსაწვევი თუ შეიძლება! პირველმოსული სათვალეებიანი, რაჭველი გოგონა იყო. შავი, გრძელი თმებით. ის ოდნავ დაიბნა, ჯერ ამ უსაშველოდ მაღალი და ტანადი ქალის დანახვით, მერე — ტელეფონში შეტყობინება ხომ წაეშალა. მაგრამ ჯიბეში შემთხვევით აღმოაჩინა მოკეცილი, ბაფთიანი ქაღალდი ოქროსფერი ასოებით: ახალწვეული N 1 — ანა თოდაძე, 12 წლის. გამგზავრების ადგილი: სახლის ზღურბლი. დანიშნულების ადგილი: მესტია-გუშაგი, ტკბილეულის მაღაზია „მიშგვანის ტკბილეული“. პატივისცემით, სამყაროთა საზღვრისმცველი — გივარგი ნაბდიანი. — აჰ... სინამდვილეში მხოლოდ პირველი პუნქტი უნდა ამოგეკითხა, ძვირფასო — N 1, მაგრამ გასაგებია. აქეთ მობრძანდით... აირჩიეთ, თან რას გაიყოლებთ, გეთაყვა? გაოცებულ, ტანმაღალ გოგონას თვალი მაშინვე უცნაურ ტკბილეულზე გაექცა. მაღაზიაში იყო ყველაფერი: ბუზღუნა ნაზუქები, საახალწლო მილოცვის მთქმელი გოზინაყი, ფერადი მამალოები, რომლებსაც თუ ჩაკბიჩავდი — იყივლებდნენ, ციყვისა და შაშვის ფორმის შოკოლადები — თავისი მახასიათებელი ქცევებით. იდო ტკბილ-მჟავე ტყლაპებიც, პირში რომ ტკაცუნა მაშხალებივით სკდებოდნენ. მაგრამ მათ გვერდით, ისე, თითქოს შემთხვევითო, ეწყო ძველი რუკები, სახელმძღვანელოები მოძრავი ნახატებით, ჭრელ-ჭრელი კრისტალების სამკაულები საუცხოო მუხტით და ქოთნის ჩვეულებრივი ყვავილიც კი. „ამ მაღაზიას, როგორც ჩანს, ორი არსი აქვს“, — გაიფიქრა ტკბილ-მჟავე სურნელებით გაბრუებულმა ანამ, თუმცა თავის გასართობად მაინც ყველაზე დიდი ენციკლოპედია აიღო, რომელიც გადაშლისას გვერდების სწორებით მიესალმა. მალე გამოჩნდნენ კახელი, ოქროსქოჩრიანი ტყუპებიც. ისინი მაღაზიაში შესვლისთანავე ერთმანეთში აჩურჩულდნენ: — აუ, ნახე, რამდენი ფერადი კანფეტია! — აციმციმდა ილია. — ისე ამბობ, თითქოს პირველად ხედავდე, — გაეცინა ელიას, თუმცა მზერა მალევე გაეყინა, როცა კანფეტების ონავრობა აღმოაჩინა. — N 2 და N 3 — ილია და ელია ინანიშვილები, ათი წლისები, — ერთმანეთში სწრაფად გაერკვნენ სტუმარ-მასპინძელი. თუმცა, ჯერ იყო წამი, როცა ბიჭებმა თავს წამომდგარი გოლიათი ქალის დანახვაზე პირები დააფჩინეს. ტყუპებმა ტკბილეული ძლივს ჩაიყარეს პირში, რადგან კანფეტები ხელიდან უსხლტებოდნენ, და მერე, გაბრწყინებული თვალები ხანჯლებისკენ გაექცათ. ილია პირველ ხანჯალს სწვდა, ელია — მეორეს, თან იკამათეს კიდეც: — არა, ჩემია უფრო ბასრი! — არა, ჩემიო! შემდეგ სხვებიც გამოჩნდნენ: დათა თუშეთიდან — პირდაპირ ბეწვეულითა და თბილად ჩაცმული; ვაჩე ნოღაიდელი — თხელი ხალათით, თითქოს სანაპიროზე გასასვლელად ემზადებოდაო; და ერთიც მსუქანი ბიჭი, სახელად ნიკოლოზი, იგივე ნიკალა — პირდაპირ პიჟამათი! ის იმდენად მთვლემარე ჩანდა, რომ შოკოლადთან ერთად ბალიშსაც ეძებდა. თუმცა, ვერც ციყვი-შოკოლადი მოიხელთა — ისიც კი სკუპ-სკუპით დაუბრუნდა დახლს. თურმე, მეწყვილე შოკოლადს თუ არ აიღებდი, მეორე უსათუოდ უკან ბრუნდებოდა მასთან. — ესენი, როგორც ჩანს, ვერც კი აცნობიერებენ, რომ სახლიდან გამოსვლა მომენტალურ, სახიფათო მოგზაურობაში წასვლას ნიშნავს, — ჩუმად თქვა მასპინძელმა და გივარგისკენ გადაიხარა. ამ მხიარული ქაოსის შემყურე გივარგიც აფორიაქებულიყო. გულთამზეს, რომელიც თავზე დაჰყურებდა, გადაუჩურჩულა: — ხომ არ გადავამლაშეთ ამდენი ჯადოსნობით? — არაა... — გადაიკისკისა თვალებციმციმა ქალმა, — თქვენ ხომ მათი გულის მოგება და ბედნიერების ნაპერწკლების მიძღვნა გამოძრავებდათ? მაშ, ნუ იწუწუნებთ! გივარგიმ სქელ ულვაშებში ჩაახველა და კვლავ განზე გადგა. — დაგჭირდებათ გზისთვის ენერგია, მთებში შორი გზაა, — თან საუბრობდა და თან საქმეს აკეთებდა გულთამზე მარაული. ის წაბლის თაფლით დაფარულ ნიგვზისა და ნუშის ნუგბარს თაროდან იღებდა და ჩანთებში უცურებდათ. როცა თერთმეტივე ბავშვი შეგროვდა, ხოლო იის ქოთანი კვლავინდებურად შეუმჩნეველი დარჩა თაროზე, გივარგიმ და გულთამზემ გულისტკივილით შეხედეს ერთმანეთს. ნუთუ იჩქარეს დასკვნებში და ჯერ კიდევ გადაიდო დიდებული ამბები?! — ეს ბავშვების ასაკი ხომ როგორღაც გადავლახეთ, მაგრამ... ამ იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტან! — თვალცრემლიანმა შესჩივლა ქალმა მცველს. 🌸 მეთორმეტე სტუმარი — თეია პირველი სწორედ ამ დროს, ზარის წკრიალის ფონზე, კარი კვლავ აჭრიალდა. მაღაზიაში ხმაური წამით ჩაცხრა და ყველამ ერთდროულად კარისკენ მიიხედა. ზღურბლზე გათოშილი და მობუზული გოგონა იდგა — სუსტი აღნაგობის, ფაფუკი, ჩალისფერი თმებით. ეცვა დიდი, გრძელი პალტო და პიტნისფერი ქუდი ეფარა. ხელში ისეთი ჩანთა ეჭირა, აშკარად დედის ნაქონი უნდა ყოფილიყო. გოგონამ პიტნისფერივე კაშნიდან ჭორფლიანი სახე ამოყო და მორცხვად თქვა: — მე... თეია მქვია... თეია პირველი. — პირველი?.. პირველი უკვე გვყავდა... — გაიკვირვა გამყიდველმა. — არა, ჩემი გვარია პირველი... — კიდევ უფრო დაიბნა ბავშვი, — მითხრეს, აქ დედაჩემს ვნახავდი... თეიას სიტყვებზე პუტკუნა ნიკალამ ჩაიფხუკუნა. ყველაზე მაღალმა და შავგვრემანმა ბიჭმა კი დამცინავად ჩაიცინა. კახელი ტყუპი ძმები ამ ორის საქციელმა საშინლად გააბრაზა — ისე შეუბღვირეს, აშკარად მზად იყვნენ მუშტებიც კი ჩაერთოთ საქმეში. თუმცა, მიუხედავად სიმამაცისა, ხვდებოდნენ, რომ ფიზიკური ძალა იმ ორის მხარეს იყო. ერთმა ქერა გოგონამ კი ხუჭუჭთმიანს ჩასჩურჩულა: — აქ მშობლების საძებნად ხომ არ ვართ მოსულები? გივარგი ნაბდიანი დაიძაბა. რა თქმა უნდა, ბავშვი ეცნო, მაგრამ აქ რას აკეთებს?.. და ეს სახელი?.. თვითნებურად შეუცვლია! „ახლა გასაგებია ბოლო დღეების კონფლიქტებიც...“ — თავის თავში აზრები სწრაფად დაალაგა და ჩრდილიდან გამოვიდა. მისი უძირო თვალები მრავლისმეტყველად ენთო. — და შენი ციფრი? — ბავშვების ჩურჩულისთვის ყური არ უთხოვებია, თავაზიანად განაგრძო ცოტათი გაოგნებულმა გულთამზემ. — ციფრი არ ვიცი... უბრალოდ, ხიდთან ერთი ბიჭი შემხვდა... მითხრა, რომ აქ მელოდებოდნენ და მეც მოვედი. — კი მაგრამ... რომელი ბიჭი?! ამ დროს გივარგი ჩაერია თავისი გამორჩეული, ბოხი ხმით: — ახლა ყველაფერი გასაგებია, არა, გულთამზე?.. ყველაფერი რიგზეა... — ესაა მეთორმეტე! ეს სიტყვები ქალმაც და კაცმაც ერთად წარმოთქვეს — პირველმა კითხვითი ტონით და მეორემ მტკიცებით. უნდა გენახათ, რამხელა გაუხდა ბავშვს ნაცნობი მამაკაცის დანახვაზე თვალები! ისე კი... რა უკვირდა? მალევე მიხვდა, რომ ამ სამყაროში აღარაფერი უნდა გაჰკვირვებოდა და რადგან ეს თეთრ თმა-წვერა ბაბუაც არ ჩქარობდა მის „ამოცნობას“, თავადაც იყუჩა. გივარგი კი თეიას მიუბრუნდა: — მობილური გაქვს, გეთაყვა? გოგონამ დიდი, ცისფერი თვალები ძირს დახარა და უარის ნიშნად თავი გააქნია. — ჰო, ახლა მართლაც ბევრი რამაა გასაგები... — თვალებში კვლავ იმედი გაუბრწყინდა მასპინძელს, — აირჩიე, რას წაიღებ მაღაზიიდან. თეიამ ჯერ მადისაღმძვრელი ქადა გასინჯა. — მშიერი ჩანს, — ჩაილაპარაკა გულთამზემ და მაშინვე მის ჩანთაში ჩირეულის ჩალაგებას შეუდგა. ალბათ იმიტომ რომ გოგონას ჯერ ტკბილეულმა აუტოკა ცნობისმოყვარეობა. ფერად-ფერადი კანფეტები ერთმანეთს დამალობანას ეთამაშებოდნენ და თეია მალევე დარწმუნდა, რომ აქ სრულიად სხვა სამყაროს წესები მოქმედებდა. სახლში ხომ ზუსტად ასეთივე „მოთამაშე“ წიგნაკი ეგულებოდა! უცებ გოგონა პირდაპირ ყვავილების თაროებთან შეჩერდა და იქიდან იის პატარა ქოთანი გამოარჩია. — იები?.. უსაყვარლესი და ძვირფასი იები?! — წამოიყვირა და თვალები აუწყლიანდა, — ეს... შეიძლება წავიღო? — მორიდებით გაიშვირა ხელი ქოთნისკენ. აბა, რა იცოდა, რომ აქ, უცხო მხარეში, მისი მეგობარი წიგნაკის უმთავრესი მშვენება — ია — ასე ცხადად დახვდებოდა და გაახარებდა? იმ წამს სულ გადაავიწყდა საკუთარი სევდიანი იმედიც კი, რომ აქ დედას ნახავდა. გივარგი და გულთამზე კი სუნთქვაშეკრულნი უყურებდნენ ერთმანეთს. — ია?.. — გულთამზემ თვალები აატრიალა, — ნეტა ვიცოდე, ეს გოგო საიდან მოვიდა... გივარგიმ იქვე, ალუბლისფრად შეღებილ სკამზე ჩამოსვა ფერდაკარგული ქალი, თან თეთრ წვერ-ულვაშში ძლივს მალავდა ბედნიერ ღიმილს. გოგონას თავი დაუკრა და თბილად დაუყვავა: — ია... როგორ არ შეიძლება, ჩემო გოგო, ის სწორედ შენ გელოდა! და სწორედ აქ მოხდა იმ უხილავი ხაზის შერწყმა, რაც მხოლოდ ორ მონათესავე სულს აერთიანებს. თეია და ია ერთი უცნაური, ჯადოსნური სხივით გათბნენ. უკანა კარის საიდუმლო ბავშვები ნელ-ნელა გროვდებოდნენ მაღაზიის უკანა კართან, საიდანაც სრულიად სხვა რეალობა ელოდათ. გულთამზემ სიყვარულით სავსე თვალები კიდევ ერთხელ მოავლო მათ და ყველას დაურიგა იქაური ფულის ფორმის შოკოლადები — შრაშუნა ფოლგით შეფუთული ოქროს ქარვები, ვერცხლის თეთრები და ბრინჯაოს ვარდები. რიგში პირველი ადგილი იმ გოგონამ დაიკავა, რომელიც ყველაზე ადრე მოვიდა. გულზე იმ იშვიათი სოკოების ენციკლოპედიას იკრავდა, რომელსაც ნესტიანი ტყისა და სოკოების სურნელი ასდიოდა და კმაყოფილი დაჰყურებდა მას. ნიკალა ჯავახი — თავნება შავი თმით, — სიმწრით ცდილობდა სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა. მაგრამ ცალ ხელში გოზინაყი ეჭირა და როგორც კი ჩაკბეჩა დააპირა, ტკბილეული ალაპარაკდა: — მოგესალმებით, პატარა ბატონო. მესამე მუხლი, მეშვიდე პუნქტი: ყოველი დეგუსტატორი ვალდებულია, ჯერ მილოცვა მოისმინოს და მერე დამაგემოვნოს. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ახალ თავგადასავალში! ამ სიტყვების შემდეგ გოზინაყი ისევ ჩვეულებრივ ტკბილეულად იქცა. თორმეტი წლის სამცხე-ჯავახელმა ბიჭმაც, თითქოს მის თვალწინ სასწაული კი არა, სრულიად ჩვეულებრივი ამბავი მომხდარიყო, ურეაქციოდ, აუჩქარებლად დაუწყო მას ღეჭვა, მეორე ხელში კი ფოლგაში შეხვეულ შოკოლადის მონეტებს აშრაშუნებდა. ამ ორის უკან სალომეა ბეთანელი მოკალათდა — მუდამ ხალისიანი გოგონა მცხეთა-მთიანეთიდან, რომელსაც გრძელი, ჭრელი და ფერადი წინდები მოუჩანდა. ის სქელ, ძველებურ კარაბადინს დიდი ინტერესით აკვირდებოდა და თავისთვის ბუტბუტებდა: — ეს, ალბათ, რომელიღაც იშვიათი, საუკუნოვანი გამოცემაა... წიგნმა თითქოს მისი სიტყვები გაიგონაო, პასუხად ხმამაღალი მთქნარებით, ზანტად გადაიშალა და ყდები შეაფათქურა. სალომეას გვერდით მწვანეთვალება მირიან გურული მოეწყო — მხიარული, მუდამ მოღიღინე ბიჭი, რომელიც ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ამ ორმა ინტერესით აათვალიერა ერთმანეთი. — თითქმის ტყუპებივით ვართ, — ჩაიღიმა მირიანმა და თავის ჟღალ ხუჭუჭებზე ხელი გადაისვა. — ჰო, ჭორფლებიც კი ერთნაირად გვაყრია ცხვირზე, — გაეცინა სალომეას და თაფლისფერი, ხუჭუჭა თმა მხრებზე გადაიყარა. — მე ათის ვარ. შენ? — მეც ზუსტად ათის! — თავი დააქნია ბიჭმა, მერე კარაბადინს დახედა და ცხვირი აიბზუა. — ოღონდ, შენგან განსხვავებით, წიგნების კითხვა გულზე საერთოდ არ მეხატება. მაგას მირჩევნია, მთელი დღე ვიღიღინო და ტყეში ვირბინო. — სამაგიეროდ, მე მიყვარს, — ამაყად მიუგო გოგონამ და ფერადწინდებიანი ფეხები შეათამაშა. — ჰოდა, თუ შენ წიგნებს წაიკითხავ, მე გზაში სიმღერებს ვიმღერებ, — მხრები აიჩეჩა მირიანმა. — კარგი გარიგებაა, — გაეცინა სალომეას. ეს უკვე პატარა მეგობრობის დასაწყისს ჰგავდა. დათა თუში ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. შუბლზე ჩამოზრდილი წაბლისფერი თმიდან თვალები ძლივს მოუჩანდა, მაგრამ ბინოკლი მაინც ზედ დაედო და მაღაზიაში ისე დარბოდა, თითქოს დიდ სათამაშო მოედანზე ყოფილიყო. ცოტა უხეშიც ჩანდა — იბღვირებოდა, ყველაფერს ხელს ავლებდა, ათვალიერებდა და აყირავებდა. მისი შემყურე გივარგი ბავშვურად, გულიანად იბადრებოდა. „ამას ერთი კარგი თუშური კომბალი აკლია ხელში და პირდაპირ, ახლავე შეგვიძლია მისიაზე გავგზავნოთ“, — გაიფიქრა მცველმა თავისთვის. დათასგან სრულიად განსხვავდებოდა რიწა ემხვარი — აფხაზეთიდან ჩამოსული, საოცრად მოწესრიგებული გოგონა. ეს ზღვისთვალება, ქერათმიანი პატარა ქალბატონი გივარგის ყოველ სიტყვას ისეთი მონდომებითა და ყურადღებით ისმენდა, თითქოს სწავლა უკვე დაწყებულიყო. მას რუკების დიდი დასტა მოემარჯვებინა ხელში. რიწა აბსოლუტურად თავშეკავებულ გამომეტყველებას ინარჩუნებდა, თუმცა თვალები მაინც უფართოვდებოდა კმაყოფილებისგან, როცა ხედავდა, როგორ ცოცხლდებოდნენ და მოძრაობდნენ ძველ ეტრატებზე დახატული ნახატები. ბოლოს, ისინი გვერდიგვერდ დადგნენ რიგში. ამ ორ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ბავშვს შორის ჩამოვარდნილი უხერხული სიჩუმე ერთმა უბრალო აღმოჩენამ ოდნავ განმუხტა — როგორც კი გაიგეს, რომ ორივე თერთმეტი წლის იყო, ერთმანეთს უკვე ნაკლები სიფრთხილით შეხედეს. მათ სახეზე კი პირველმა, ზავისმაგვარმა სიმშვიდემ გადაირბინა. გივარგიმ თითებს შორის ჩასმული კრისტალით გზა გაანათა უკანა კარისკენ: — ეს კარი ერთხელ გაიღება. ისიც — მხოლოდ თქვენთვის. უნდა იცოდეთ: ვინც ახლა გადადგამს ნაბიჯს, უკან ვეღარ დაიხევს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება — თქვას... ვინც მზადაა კი გამომყვეს და უკანა გზა დაივიწყოს! ყველა ჩუმად, მაგრამ თვალებგაბრწყინებული დგებოდა რიგში, წითელი, ფერადი მინებით გაწყობილი კარისკენ. თერთმეტივეს თვალი გაურბოდა იმ გოგონასკენ, რომელსაც არანაირი შეტყობინება არ მიეღო და თითქოს აქ არც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ის მათთან ერთად იდგა და არანაკლები ინტერესით აკვირდებოდა გარემოს. სხვა ბავშვების ნივთები აშკარად ჯადოსნური იყო, თეია პირველის ია კი სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებოდა უბრალო თიხის ქოთანში. ალბათ ამიტომაც უცქერდნენ მას ეჭვითა თუ გულგრილობით. ბოლოს რიგში სანდრო ქარქაშიძე ჩადგა — ყველაზე მაღალი და ტანადი ბიჭი, რომელსაც წელზე დიდი, მძიმე ხმალი ება (მესაზღვრეებმა იქვე, შესასვლელშივე მოკრძალებით შეახსნეს და შეჰპირდნენ, რომ საიმედოდ შეუნახავდნენ). მისი მებრძოლი იერისა და ტანადობის შემყურე, ყველას უფროსი ასაკის ეგონა, თუმცა სანდრო სულ რაღაც თორმეტი წლისა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მას გაურბოდნენ, სანდროს გვერდით თეია მივიდა და სრულიად უშიშრად დაუდგა გვერდით. ის ყველაზე სუსტი, ფერდაკარგული გოგონა იყო ამ მრავალფეროვან რიგში, რომელსაც გულზე მთელი ძალით მიეკრა იის ქოთანი. ამ ორის — გოლიათივით ბიჭისა და იის მცველი, ნაზი გოგონას გვერდიგვერდ დგომამ უცნაური სიმშვიდე ჩამოაგდო ირგვლივ. გულთამზემ პატარა იისფერ ყუთში სწორედ ის მრგვალი, მოთამაშე კანფეტები ჩაყარა და თეიას გაუწოდა: — ეს ქაცვისები ძალიან მოგიხდება, თმა უფრო მორჩილი გაგიხდება. ეს შტოშისები კი შეინახე. სიმართლესაც გიბრუნებს, როცა იკარგება, და თუ ვინმე იცრუებს, იმასაც აჭამე, — თქვა და თვალი ჩაუკრა. გივარგიმ, რომელიც მაღაზიის კუთხეში უხმოდ აკვირდებოდა ყველაფერს, მოკლე მზერით გადახედა გულთამზეს. მათი თვალები წამით შეხვდა ერთმანეთს — ერთი უხილავი შეთანხმება, ერთი ძველი საიდუმლო. როგორც კი ბავშვები გარეთ გავიდნენ, გივარგი ქალს მიუბრუნდა და ოქროს ქარვა გაუწოდა. — ოქროს მონეტა? — წამოიყვირა გულთამზემ, თვალებში გაოცება და სითბო ერთდროულად გამოეხატა. — ეს… დიდი გულუხვობაა, ბატონო მცველო… ბავშვებმა ხომ სულ რაღაც ორიოდე ვერცხლის ღირებულების ტკბილეული მიირთვეს. — აბა, რა მოსატანია ეგ… — იუხერხულა გივარგიმ და ზორბა ქალს თვალებში ახედა — თქვენ მხოლოდ ოქროს იმსახურებთ. გულთამზემ მაღაზიას „უჩინარის შელოცვა“ მოხსნა და კვლავ ხილული გახადა ჩვეულებრივი გამვლელებისთვის. მერე ფანჯრიდან გაიხედა და თავისთვის ჩურჩულით დაამატა: — თეიას შთამომავალი უკვე გზას ადგას… ბინდის გველეშაპი ამას უკვე გრძნობს. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მაღაზიის უკან, გულთამზე, სვანეთის ყველაზე საიმედო მზვერავი იდგა. მისი როლი მხოლოდ სიცრუის დამაფრთხობელი კანფეტების დარიგება არ იყო — ის გზავნილებს აგროვებდა, კვალს ეძებდა და მცველებს ფარულად გადასცემდა. კარი ჩაიკეტა და უკან მხოლოდ სურნელი და ტკბილეულით სავსე თაროები დარჩა. ჯადოსნური ნივთები სათითაოდ მიეკედლნენ მათ პატრონებს, დიდებული საქმეებისთვის გზის გასაკვალად. თავი 5 — ნეიტრალური ზონის დასაწყისი გარეთ გასულ გოგო-ბიჭებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ მესტიის ქუჩებში იდგნენ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ. თავდაპირველად გარემო ნაცნობი ჩანდა — იგივე ქვაფენილი, იგივე კოშკიანი სახლები, ოღონდ უფრო ღრმა სიძველის იერით. თითოეული კუთხე რაღაც უცნაურ, დაძველებულ სინათლეს ასხივებდა. ლიცლიცა კოშკებს შორის ჩაკარგულ ქუჩებს ჯადოსნობის მკაფიო ელფერი ეტყობოდა — ყველაფერი მკრთალად და მონაცვლე ფერებით ციმციმებდა, ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებში. ეს იყო ორ სამყაროს შორის მოქცეული ნეიტრალური ზონის დასაწყისი. იქითა სამყაროს სული და სუნი აქ ისევე მკაფიოდ იგრძნობოდა, როგორც ზღვისპირა ქალაქში იგრძნობა ხოლმე მლაშე წყლის სურნელი, სანამ თავად ზღვას დაინახავდე. ამ ზონას, რომელიც სამყაროების უსაფრთხო საზღვარს წარმოადგენდა, ათასწლეულზე მეტია, რაც გივარგი და ონისე ნაბდიანები იცავდნენ. აქ სხვა მესაზღვრეებიც ცხოვრობდნენ, რომლებიც იმავე დანიშნულებას ემსახურებოდნენ. აქვე იყვნენ ადამიანებიც — კრისტალოსნები, რომელთაც ამ საქმისთვის უძველესი ფიცი ჰქონდათ დადებული. ეს იყო რთული, მაგრამ ღირსეული საქმე — მხოლოდ იმათთვის განკუთვნილი, ვისაც სამყარო ჯერ კიდევ დედის მუცელშივე მონიშნავდა. გარდა ამისა, ნეიტრალური ზონის ტყეებსა თუ ღელეებში, ქვაბულებსა და მოუდგომელ კლდეებში, მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ ჩვენთვის უცნობი არსებებიც — ჭინკები, ფერიები და ურჩხულებიც კი. მათ შორის სრული ჰარმონია სუფევდა. ნეიტრალური ზონა სწორედ ამის გარანტი იყო — მშვიდობისა და თანაარსებობის. თუმცა, გივარგი ამბობდა, რომ სიფრთხილე იქაც საჭიროა, სადაც მშვიდობა ყველაზე მტკიცედ გეჩვენება. ბავშვებმა გრძელი, მოხრილი ქუჩა ჩაიარეს, რომლის ორივე მხარეს, კოშკებსა და მურყვამებს შორის, პატარა მაღაზიები და სავაჭრო სტენდები ჩამწკრივებულიყო. — შეხედე! — ხელით უკნიდან მოქაჩა ვიღაცამ თეია, — ესენი ხომ ნოზები არიან? გაოცებული სალომეა ბეთანელი მას გამჭვირვალე აკვარიუმ-ეტლებით მოარულ ქალთევზებზე მიუთითებდა, რომლებიც ვანილის, შოკოლადის და კანფეტის გემოს ლიმონათს აგემოვნებდნენ. თეია, რომელიც აშკარად უკვე დამშვიდებული და კმაყოფილი ჩანდა ამ უცაბედად თავს დამტყდარი სიახლეებით, თვალებგაბრწყინებული დაეთანხმა სალომეას და თავი დაუქნია. აქ ფერიები ფერად ბამბის ნაყინს მიირთმევდნენ, ზოგიც კრიალოსნებს ყიდულობდნენ, თან ჰაერში ონავრობდნენ. ყველა ისეთი მშვიდი და კეთილგანწყობილი ჩანდა, რომ გოგო-ბიჭები გაოცებულები ეკითხებოდნენ გივარგისა და ონისეს: — ნუთუ მართლა არსებობენ? — და ყველა ასეთი კეთილია? — არა, მთლად ყველა კეთილი ნამდვილად არ არის, — მიუგო გივარგიმ და იქვე მიმავალ ლურჯფაფრიან კენტავრზე მიუთითა, რომელსაც მარჯვენა კოჭზე კრისტალებიანი რგოლი ეკეთა, — მაგრამ აქ შემოსვლისას ყველას ფეხზე აი ამ ბრინჯაოს სამაჯურს აბამენ. — და ჩვენ რატომ არ გვიკეთია? — იმიტომ, რომ აქ ადამიანები იშვიათად ხვდებიან, მით უმეტეს — დიდი ხნით. ახლა კი, აქედან მოვუსვათ! მიჰყევით ონისეს. და მართლაც, ქუჩის ბოლოს მათ ბეღელა — ორთავა და ბანჯგვლიანი დევი ელოდებოდა, რომელიც მარხილებში შებმულ ჯიხვებს ეფერებოდა და ბავშვებსაც ღიმილიანი სახით ესალმებოდა (ბავშვებს კი ეგონათ, რომ უბრალოდ იჯღანებოდა). როცა თეიამ და ბეღელამ ერთმანეთი დაინახეს, ძალიან გაუხარდათ. ბეღელამ გოგონას თავი დაუკრა და კვლავ სცადა გაღიმება, თეიამ კი მიირბინა და ჩაეხუტა. ამ მოულოდნელმა სცენამ ბავშვების გაკვირვება გამოიწვია, ალბათ — ზოგის შურიც, მაგრამ გივარგი ნაბდიანმა სასწრაფოდ შეუძახა დევს: — აბა, ბეღელა, მზად ხარ? — კიიი! — მარცხენა თავის ყბით დაიროხროხა წითელჟილეტიანმა, საავდრო ღრუბლების მსგავს, მატყლის ჩექმებში გამოწყობილმა დევმა და ბავშვებს ფუმფულა ბეწვის პლედები ჩამოურიგა. — ის ლაპარაკობს?! — წამოიძახა ნიკალამ, რომელსაც აქამდე ხმა არ ამოეღო. — რა თქმა უნდა, — გაეცინა ონისეს, — ეს ჩვენი ბეღელაა, ჩვენი მარჯვენა ხელი. გივარგიმ თეიას თვალი ჩაუკრა. გოგონა ხან ბეღელას შეჰყურებდა ბედნიერი სახით, ხანაც გივარგისკენ აპარებდა მზერას, მაგრამ სიტყვას არ ძრავდა. ძმები ნაბდიანები კმაყოფილები ჩანდნენ. მათთვის ეს ახალი ნაკადი — ჯანმრთელი, გონიერი და მამაცი ბავშვები — მოულოდნელი, მაგრამ უდიდესი იმედის ნიშანი იყო. — და თეია? — დაბალ ხმაზე ჰკითხა ონისემ ძმას, — ძმაო, თეია პირველი?.. ჩვენი ადამის... — ვერ ჩაამთავრა სიტყვა. — შშშ... აქ არა, ონისე... შინ ვისაუბრებთ, — მიუგო გივარგიმ ღიმილით, თუმცა მღელვარება მასაც დაეტყო. — ჰო... თუმცა... იმას იაგუნდი უნდა ერქვას! — მაინც დაიჩურჩულა უმცროსმა ნაბდიანმა, — ასეთი რამ არცერთ ჩანაწერში არ შემხვედრია. ის თუ არის, ჯერ აქ რას აკეთებს? — საქმეც მაგაშია, ჩემო ონისე, რომ იაგუნდი უნდა ერქვას... მაგრამ... აღარ ჰქვია! — ცალყბად გადაუკრა ძმამ ისე, რომ მისკენ არც მიუხედავს, — აქ არ ველოდით, არც ამ ასაკში, მაგრამ ორმა მონეტამ მაინც აქ მოიყვანა. — ახლა კი გასაგებია, რატომ აირია ყველაფერი... — ჩაიბურტყუნა გაოცებულმა ონისემ. — ამიტომაც ამოტრიალდა სიმშვიდე თავდაყირა! მოციმციმე და ფერისცვალება განათებებით დამშვენებულ ქუჩებს ბავშვები ბოლომდე ჩაუყვნენ. მირიანი, ვაჩე და სებე უკვე დამეგობრებულიყვნენ. თერთმეტი წლის სებე ჩარგეიშვილი თვით სიცოცხლე იყო — ეს იმერელი, ჩალისფერთმიანი ბიჭი თავის არჩეულ სალამურს აღფრთოვანებული აჩვენებდა მირიანს, რომელიც ჩიტის ფორმის სასტვენზე ჩაციკლულიყო. ორივეს ძალიან უყვარდა სიმღერა და დაკვრა. აჭარელი ვაჩე ნოღაიდელი კი უბრალოდ ზღვისშვილი იყო — ისეთივე ღრმა და უსიტყვო. ეს ათი წლის ბიჭი, მირიანის ჩიტის ფორმის სასტვენს თვალს ვერ წყვეტდა. ზოგჯერ თავის არჩეულ ბუნების წიგნსაც გადახედავდა ხოლმე, საიდანაც ბულბულის გალობა მოისმოდა. სამყაროთა საზღვრისმცველი ბავშვებს გაეცალა, ონისემ კი ისინი სამ მარხილში გადაანაწილა — თითოეულს ჯიხვების სამი წყვილი ეზიდებოდა. — აბა, გადაიფარეთ ბეწვეული, — თქვა მან და დათვის ბეწვის თბილი პლედები ჩამოურიგა, თითოეულს გაუსწორა და თასმებიც გადაუჭირა. — ასეთი დაცვა საჭიროა? — აღტაცებით იკითხა წითურმა ბიჭუნამ გურიიდან, რომლის გვერდით მჯდომი სალომეა აშკარად შეშინებული ჩანდა. მაგრამ, მის წინ მჯდომი თუში ბიჭის ურეაქციო გამომეტყველება აშკარად ამშვიდებდა. — არაფერია საშიში, ეს მხოლოდ საზღვრის წესებია, — დაამშვიდა ისინი ონისემ. ბავშვების ბოლოს, მეოთხე მარხილში, თავად ონისე მოთავსდა და გვერდით გივარგი მიუჯდა. მათ ხელები ზემოთ აღმართეს და თითებს შორის ჩამაგრებული კრისტალები ერთდროულად აინთო. თითოეული კრისტალი ჯერ სუსტად ალიცლიცდა, მერე კი — უფრო მკაფიოდ. ონისემ ჯიბე მარცხენა ხელით მოიჩხრიკა, პაწია კოლოფში შენახულ ბრჭყვიალა მტვერს სული შეუბერა და თავის დაქნევით გივარგის ანიშნა. — იბრწყინე! — ღრმა ემოციით წარმოთქვეს ძმებმა. ისეთი გრძნობითა და მონდომებით თქვეს, რომ ნამდვილი საოცრება გამოიწვიეს — კრისტალებიდან სინათლემ იფეთქა და მტვრად დაიფანტა. ბრჭყვიალა, ძლევამოსილი ნაპერწკლებით აივსნენ ბავშვებიც და ჯიხვებიც. — ეს ხომ ახალი წლის ღამეა? ჰოდა, ზარ-ზეიმი და სიბრჭყვიალე არ გვაწყენს! — ხარხარებდა გამხიარულებული ონისე. მისი ძმა გივარგი კი დინჯად, შეფარვით იღიმოდა — ეტყობოდა, კმაყოფილი ჩანდა. გოგო-ბიჭები ამ ულამაზეს მტვერს გაყინული ხელებით იჭერდნენ, მაღლა ყრიდნენ და ძალიან ერთობოდნენ. ზემო სვანეთის მთებში ნაზარდი ჯიხვების წინაშე ნაბდიანების ჯადოსნურმა ხელებმა თითქოს პირდაპირ ცაში გაიყვანეს ბდღვიალა ელვის რელსები და დევის ქოთქოთის ფონზე ყველანი თანმიმდევრობით აფრინდნენ. ბეღელა კი უკან მიჰყვებოდა მათ, მფრინავ ხალიჩაზე წამოსკუპებული. ის ოსტატურად ეჭიდებოდა კოტიტა ხელებით ხალიჩის კიდეებს, ბანჯგვლიანი, „საავდრო ღრუბლებში“ ჩაწყობილი ფეხები კი კოხტად შეეკეცა ერთმანეთში და როხროხა ღიღინით მისდევდა ბავშვებს. ასეთი ხალისიანი თავგადასავლით დაიწყო მათი იდუმალი გზა ახალი სამყაროსკენ. თავი 6 — ათასწლოვანი ციხე-კოშკი ალგეონი — ახალწვეულების მობრძანება უკან მოიტოვეს აციმციმებული მესტია — ფერადი ნათების, მხიარული ხმაურისა და საოცრებების ქუჩა. ბოლოს, ერთ მკვეთრად აღმართიან ბილიკს გადაუფრინეს და გზა ორივე მხარეს ამოზრდილ ვეება ლოდებს შორის გააგრძელეს. ბნელში ზოგან თითქოს საშინელი არსებებიც მოჩანდნენ, ან ბავშვებს ასე ეჩვენებოდათ დაღლილობისგან. თუმცა, როცა დაბურულ ტყეს მიუახლოვდნენ და იქიდან შემაძრწუნებელი ღრიალი გაიგონეს, ყველა ერთიანად აყვირდა. ძმებმა ნაბდიანებმა ბავშვებს ხედვა კრისტალის ძალით მყისვე დაუბურეს და მჭექარე სვანური „მგზავრული“ შემოსძახეს. მათმა მძლავრმა, თითქოს ღვთაებრივმა ხმებმა სხვა ყველაფრის ხმა გადაფარა და მგზავრებიც დაამშვიდა. მალე ყველაფერი კვლავ ნათლად და ლამაზად გამოჩნდა დაბლა. მარხილებიდან გადაშლილი, კრისტალებით აციმციმებული იდუმალი დასახლებები და თოვლიან მწვერვალებზე ჩამწკრივებული მანათობელი კოშკები თვალწარმტაცი იყო. ერთმანეთს ენაცვლებოდა ცოცხალი სოფლები და დაბურული, ხელუყოფელი ტყეები. მაგრამ ამ ახალი სამყაროს ხეებიც კი თითქოს ნებაყოფლობით უთმობდნენ გზას სტუმრებს — როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ჩუმად გრძნობს ახლის მოსვლას. როცა მშობლიურ, ათასწლოვან ციხე-კოშკს მიუახლოვდნენ, ზუსტად შუაღამე დამდგარიყო. ახალი წლის შესახვედრად გივარგი და ონისე უკვე „მრავალჟამიერს“ მღეროდნენ. უზარმაზარ მთებში ჩაფლული, ვეება და უძლეველი, ათასწლოვანი ალგეონი გამოჩნდა. კიდევ ერთი მკვეთრი გადახვევა მარცხნივ და მარხილები კარიბჭის წინ, რიგ-რიგობით დაეშვნენ. ეს იყო მაღალ, კლდოვან ქედზე შემდგარი ციხე-კოშკი — სვანური ნაგებობების მსგავსი, ქონგურებიანი კოშკურებით, მაგრამ სულ სხვა განზომილების გრავიტაციით შეკრული. მის ზემოთ ჩამოკიდებული მინისფერი ბურთები ციმციმებდნენ, როგორც ფხიზელი ყური და თვალი — ზოგან ისე ბჟუტავდა სინათლე, როგორც თვალის კუთხეში მოქცეული ძველი მოგონება. ალგეონის დამცავი ველი კი ცაზე ლივლივებდა, ჩრდილოეთის ნათებას ჰგავდა და მისტიკურ საიდუმლოს მალავდა. კარიბჭე დიდი, მძიმე და რკინაკრული იყო. იგი ხმაურით გაიღო. შიგნით შემავალმა ბავშვებმა დაინახეს, როგორ გამოცვივდნენ მათ დასახვედრად უცნაური არსებები — რუხი და ჟღალი ბეწვით დაფარულები. სირბილისას ხელებს მიწაზე ურტყამდნენ, მაიმუნებივით. მათ კარიბჭე გააღეს და ისევ სწრაფად დაკეტეს, მერე კი ჯიხვები მარხილებიანად თავლებისკენ წააცუნცულეს. ჭიშკარზე ალგეონის უძველესი ნიშანი იყო გამოსახული — ბორჯღალო და ცხრა მწვერვალი. მესაზღვრეებმა ახალწვეულებისთვის კრისტალების მაშხალები გაუშვეს, მობრძანება და დღესასწაული ერთად მიულოცეს, თან თბილად შეიპატიჟეს შიგნით. გამორჩეულად თავაზიანი, შედარებით ტანმორჩილი, მწვანეჩოხოსანი მამაკაცი მათ მიუახლოვდა და ჩუმად გადაუჩურჩულა: — აქ ქაჯები შეგხვდებიან და ნუ შეშინდებით, ეს ალგეონის ყველაზე მცირე საიდუმლოა. ალგეონის აღმოსავლეთის ფრთა შიგნიდან სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ბავშვებს აქამდე ენახათ. შიდა კედლები ცოცხალი ქვებით იყო ნაგები და თუ კარგად დააკვირდებოდით, მათი ზედაპირი თითქოს რიტმულად სუნთქავდა. კოშკის შუაგულში დიდი მრგვალი დარბაზი მოჩანდა, სადაც იატაკიდან ჭერამდე გამჭვირვალე მილები მიიმართებოდა — მათ შიგნით ამ კედლების ცოცხალი მეხსიერება მოძრაობდა ნათების სახით. ცენტრალური დარბაზიდან, როგორც გულიდან, ნაწილდებოდა ყველა სართულზე ამავალ-დამავალი კიბეები. ბავშვები ინტერესით ათვალიერებდნენ დიდ, მორთულ ნაძვის ხესა და პატარა, ტრადიციულ ჩიჩილაკებს. თვალს ჭრიდათ აბდღვიალებული გარემო. ზოგის თვალებში აღტაცება ბრწყინავდა, ზოგთან კი — შიში. ნიკალას დაეფიცებოდა, რომ დარბაზებში მათი ჩრდილები ხანდახან წამიერი დაგვიანებით მოძრაობდნენ, მაგრამ გაიფიქრა, რომ ეს უფრო დაღლილობის ბრალი იყო. თუმცა, ყველანი ერთ გრძნობაზე თანხმდებოდნენ: აქ იმიტომ იყვნენ, რომ მათი არსი, ქვეცნობიერად, ყოველთვის ამ ადგილისკენ მოიწევდა. — ეს ციხე-კოშკი თქვენი დროებითი თავშესაფარია, — უთხრა ონისემ და ჰაერში ოქროსფერი მოწმობები აალივლივა, რომლებზეც ბრჭყვიალა ასოებით იწერებოდა ბავშვების სახელები და მათი წარმოშობა. თითოეული მათგანი მცველ-მესაზღვრის დროებითი წოდებით იბეჭდებოდა. ონისე ამ მანათობელ გრაგნილებს ჰაერშივე კრავდა და მესაზღვრეების მილოცვების ფონზე გივარგისკენ ამისამართებდა. გივარგი კი მათზე ალგეონის უძველეს ბეჭედს — ბორჯღალოსა და ცხრამწვერვალიან მთას — ასვამდა და ასე გადასცემდა ნამდვილ პატრონებს. ბოლოს უფროსმა ნაბდიანმა საზეიმოდ განაცხადა: — ახლა კი, ყველას სადღესასწაულო ვახშამი გელით! ალგეონის მთავარი მისაღები სივრცე საახალწლოდ სრულიად გარდასახულიყო. მის შუაგულში გრძელი სუფრა გაეშალათ — ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი თავად დარბაზის ქვას გამოეზარდა. თეთრი ტილოს მაგიერ, მაგიდას მსუბუქად უბრწყინავდა კრისტალური ქსოვილი, რომელიც სინათლეს ისრუტავდა და მერე სუნთქვასავით ნელა აბრუნებდა ირგვლივ. სუფრაზე უხვად ელაგა სუნელებით გაჯერებული, ორთქლიანი სვანური კუბდარი; მრგვალი, ლამაზად ჩამწკრივებული მჭადები და სულგუნი; სხვადასხვა ფერისა და გემოს ფხალი, ნიგვზის მდიდარი სურნელით გაჟღენთილი; ნოყიერი საცივი და ოქროსფრად დაბრაწული დედლები. იქვე აღმართულიყო ნიგვზიანი გოზინაყის მთები, ხოლო ვერცხლის ლანგრებზე დაჭრილი ჩურჩხელებისგან ყვავილები და ვარსკვლავები გამოესახათ. სვანური მარილი პატარა ქვის ჯამებით ეწყო; ვინც მას ხელს შეახებდა, თითებზე სასიამოვნო სითბოს იგრძნობდა, თითქოს მთების პირველყოფილი ძალა გადმოდიოდაო. ღვინოც უცნაური იყო — გამჭვირვალე ჭურჭელში ჩასხმული ნელა, თავისით მოძრაობდა და როგორც კი ვინმე ხელს მიუახლოებდა, ზედაპირი ფერად, ცოცხალ ტალღებს აჩენდა. თეია პირველი ვერ გაიხსენებდა ვერცერთ დღესასწაულს, რომელსაც აქამდე სიხარულით დასწრებოდა, რადგან საკუთარი დაბადების დღეც კი ყოველთვის აღიზიანებდა. ახლა კი სახეზე ღიმილი დასთამაშებდა — და ეს არ იყო ძალდატანება ან უბრალო თავაზიანობა; სიხარული ბუნებრივად დაჰკვიდრებოდა ბაგეზე. ახარებდა კახელი ტყუპების გაცნობა, რომლებიც ერთ წამს არ ტოვებდნენ მარტოდ და სულ თავისკენ უხმობდნენ. სუფრასთანაც ერთად დასხდნენ. — აბა, რა მოგაწოდო? — ეკითხებოდა ერთი. — ეს ძალიან გემრიელია. ისიც! — თითით აჩვენებდა მეორე. დარბაზის შუაგულში, გამჭვირვალე მილებში ალგეონის მეხსიერება უფრო სწრაფად ამაძრავებულიყო — სინათლე ცეკვავდა, კედლები სუნთქვას აჩქარებდნენ და თითქოს თავად უძველესი კოშკი ზეიმობდა. ბავშვებს დაეუფლათ განცდა, რომ ეს სუფრა მხოლოდ ვახშამი არ იყო — ეს იყო მიღება, კურთხევა და დიდი გზის დასაწყისი. ციხე-კოშკის ოთხივე კუთხეს მძლავრი კოშკურები აგვირგვინებდა. შენობებს ერთმანეთთან ქონგურებიანი გალავნები და საიდუმლოებით მოცული ქვის გვირაბები აკავშირებდა. თავად მთავარი ნაგებობა ოთხსართულიანი იყო, კოშკურებთან ერთად კი ხუთი სართული გამოდიოდა. ბავშვები დასავლეთის ფრთისკენ გადაიყვანეს. გზად მათ პირველად გამოსცადეს საკუთარი მანათობელი მოწმობები, რომლებიც, საიდუმლო ოთახების გარდა, ყველა კარს უხმოდ აღებდნენ. პირველ სართულზე სამზარეულოს მრავალინგრედიენტიანი სურნელი მთელ სივრცეს ავსებდა. კახელი ტყუპები ერთმანეთის მოწმობებს ადარებდნენ — იშვიათი იყო, ვინმეს ისინი პირველივე ნახვაზე სწორად გაერჩია. თუმცა, მაგიური საბუთები არ შემცდარან: ილიას მოწმობა ილიას მიფრენოდა, ელიასი კი — ელიას, პირდაპირ ცხვირწინ. ბავშვები იმავე შენობის მეორე სართულზე გადაანაწილეს. ყველას სათითაო ოთახი შეხვდა — საკუთარი ფარდულითა და პირადი მყუდრო კუთხით დიდ ფანჯარასთან. საწოლებთან სხვადასხვა ფერის რბილი სინათლით ანათებდნენ უფორმო კრისტალები. ახალწვეულებს სათითაოდ აუხსნეს, რომ ხელის მსუბუქი გადასმით შეეძლოთ ნათების ძალისა და ფერის შეცვლა. იმ ღამეს ყველას ღრმად და უშფოთველად ჩაეძინა. მხოლოდ სებე და მირიანი გაერთნენ ცოტათი დიდხანს, ვიდრე დანარჩენები. მათ თავ-თავიანთ ოთახებში, კრისტალების ციმციმითა და მათი ფერების თამაშით, კიდევ ერთი, პატარა, პირადი დღესასწაული გამართეს. თავი 7: ცრემლისა და სისხლის შვილი რა მშვენიერი იყო თბილი კერა ახალი დასაწყისით — მაშინაც კი, როცა სარკმლიდან ისევ მოღუშულ და ცივ ამინდს უყურებდი. ღამის სიმშვიდემ ალგეონის კედლებში ჰპოვა ექო. ქვებზე ჩამოკიდებული ხის პანელები და ძველი სვანური ქსოვილები ცივ ლოდებს საოცარ სითბოს მატებდა. თეიას ოთახში იისფერი კრისტალები ბჟუტავდნენ. მათ შუქზე თაროებზე ჩამწკრივებული ჭრელი კერამიკული თასები და კედლებზე ჩამოკიდებული ხევსურული, მოჩუქურთმებული საკინძები უჩვეულოდ ბზინავდნენ. ფარდებს მიღმა მკაფიოდ იგრძნობოდა ქარის ნესტიანი სუსხი, რაც ოთახის მყუდროებას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ხელით გამოთლილ ხის საწოლზე გოგონა კომფორტულად მოეწყო. სასთუმლიდან შავად მოხატული ბორჯღალოს ორნამენტები გადმოყურებდნენ. პატარა ქალბატონმა მაქმანიანი ბალიში მოირგო და ჩუმად გაიფიქრა: — მაინც კარგია, რომ აქ მოვხვდი — თუნდაც მხოლოდ ამისთვის ღირდა ყველაფერი. ეს იყო ყველა სხვა ბავშვისთვის „უკანა კარის“ სამყარო — ადგილი, სადაც ნებისმიერი სახლის უკანა გასასვლელიდან მოხვდებოდი. მხოლოდ ერთი რამ უნდა შეგძლებოდა: გულში უნდა გაგეღო კარი და მერე შეგედგა ფეხი იქ, სადაც ზღაპრები არასოდეს მთავრდებოდა. მაგრამ თეიასთვის ასე მარტივად ხომ არაფერი ხდებოდა. სხვებზე მეტად იწვალა იმ გზაზე, რომელიც, უცნაურია, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ მისთვის იყო ნაცნობი. მართლაც, რას წარმოიდგენდა, რომ მისი ძველი ნაცნობი გივარგი ბაბუ — ეს საუკუნოვანი საზღვრისმცველი — აქ დახვდებოდა. უკვე მოსწონდა ისიც და სხვა მესაზღვრეებიც. ამ კოშკის ქვის კედლებივით მტკიცეები და სანდოები ჩანდნენ. მაგრამ გულში მაინც გაკრა ფიქრმა: რა იქნებოდა, ეს ყველაფერი დედის კალთიდან რომ რგებოდა? რა იქნებოდა, დედა აქ დახვედროდა... მისგან მორთმეული თბილი კერძი და ცხელი სასმელი გოგონასთვის დიდი ხანია ოცნებად ქცეულიყო. თეიას სწამდა — დედამდე მისთვის არაფერი არსებობდა და მის შემდეგაც ყველაფერი ფერმკრთალდებოდა. „ნეტავ, რა მაძლებინებს? — გაიფიქრა. — ალბათ ის, რომ საამურია თავად ფიქრიც დედაზე“. თვალები დახუჭა და წარმოსახვაში ძველებურად ჩაეხუტა მას: აი, მაკოცა და ღუნღულა საწოლში ჩამაწვინა… მეც კიდევ ერთხელ ვაკოცე და ტკბილად ჩამეძინა… მაგრამ იმ ღამით ძილი მაინც არ მოდიოდა. ფანჯრიდან ეზოს გადახედა. მთვარის ცივ შუქზე უზარმაზარი დევი ბეღელა მძიმე ხის მორებით თოვლს თელავდა და გზას წმენდდა. მისი ერთი თავი შორეულ, თეთრ მთებს გასცქეროდა, მეორე კი — საუკუნოვან სვანურ კოშკს. მერე თეიას ფიქრები იმ მზარეულის ოჯახს დაუბრუნდა, რომელმაც საზეიმო სუფრაზე მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. წარმოიდგინა, როგორ იღვრებოდა სამზარეულოს ფანჯრიდან ოქროსფერი, თბილი შუქი. იქ დიასახლისი მელანო ფუსფუსებდა, გვერდით შავნაწნავებიანი ქალიშვილი ლილე და შავქოჩორა ვაჟი თარხანი ედგა, მათ უკან კი მელანოს მეუღლე — მგელიკა — ჩუმად, ბოხი ხმით ღიღინებდა. თეია ღიმილით წარმოიდგენდა, როგორ ზელდა ქალი ცომს და თან შვილებს თბილი მზერით უღიმოდა. მოეჩვენა კიდეც, რომ მათი სიცილი, ზანზალაკის წკრიალივით, მართლა აღწევდა მის ყურამდე. „არასოდეს გავბოროტდები… ღმერთო, ძვირფასო, მაპოვნინე ჩემი მისია სამყაროში, სადაც ბავშვებს მშობლები ჰყავთ, მე კი — მიზანი“. ლოცვისას ის ბიჭი გაახსენდა, აქეთ რომ გამოგზავნა. ზაფხულივით ნათელი თვალები ჰქონდა და გაზაფხულივით ცოცხალი სახე. მეცხვარესავით უხეში ბეწვეული ეცვა, მხრებზე კი მრავალნაცადი კომბალი ედო. სახლიდან გამოქცეული თეია ხიდს გადადიოდა თავის ფრთიან მეგზურთან ერთად, როცა ეს შემხვედრი ბიჭი შენიშნა. გოგონას ფრთიანი მეგზური უცებ იმ უცნობის ზურგს უკან გაუჩინარდა, თითქოს მისივე ნაწილი ყოფილიყო. ბიჭმა გათოშილ გოგონას თბილი ღიმილით ჰკითხა: — გზას ხომ არ ეძებ? თეიამ თავი დაუქნია: — კი, მაგრამ... უფრო დედას. ბიჭმა კომბალი მხრიდან ჩამოიხსნა და სვანეთის მზერამიუწვდომელი მწვერვალებისკენ მიუთითა: — ან ახლა წახვალ იქით, ან — აღარასოდეს. იქ გელიან, თუ დამიჯერებ. დედაზე აღარაფერი უთქვამს — თითქოს ეს სიტყვა თავად იმ ხიდზე დატოვა — და წავიდა. მხოლოდ იმედისმომცემი ღიმილი დაუტოვა. თეიას კი ამ შეხვედრამ აუხსნელი რწმენა შემატა. ახლა სიმწრით ეღიმებოდა, რომ მაშინ იმ სიტყვების ღრმა აზრი ბოლომდე ვერ გაიგო. მაშინ ხომ ხიდზე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მითითებული გზისკენ და... უცებ უკვე იმ ტკბილეულის მაღაზიის კარზე აკაკუნებდა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. საწოლზე ჩამომჯდარს მალე ჩამოეძინებოდა კიდეც, მაგრამ უცებ ბალიშის ქვეშ რაღაცამ შეუღიტინა. ეს მისი ძველი უბის წიგნაკი იყო — იმ ღამისთვის უკვე მივიწყებული. გადაშალა და გვერდი, სადაც აქამდე არაფერი ეწერა, შიგნიდან ოქროსფრად განათდა. ქვის კედლებში სიჩუმემ თითქოს საკუთარი ხმა იპოვა. ოთახში კრისტალების ნათება, რომელიც ღამის მყუდრო ტონზე ბჟუტავდა, უცებ აციმციმდა. ქოთანში ია შეირხა და წიგნაკში მელნისფერი, ცოცხალი ასოები ნელ-ნელა ამოიკვეთა: „ცრემლისა და სისხლის შვილო — იითშობილი ხარ. ის, ვინც მსხვერპლის სამართალს დაეძებს“. ამ წიგნაკში წარწერები ხან ჩნდებოდა, ხან ქრებოდა, მაგრამ ასეთი სიტყვები — პირდაპირ მისთვის განკუთვნილი — ამ ბოლო დროს დასჩემებოდა. მალე ასოები ისევ გაქრნენ. გვერდები სწრაფად გადაფურცლა, მაგრამ იქ აღარაფერი ეწერა. გრძნობდა, რომ ეს სიზმარი არ იყო. თბილ საბანში გაეხვია, მაგრამ ხმა ახლა თითქოს თავად კედლების სიღრმიდან, ქვებიდან მოსდევდა: — ცრემლი და სისხლი… როცა იითშობილში გაერთიანდება… ოთახში ჰაერი დამძიმდა. — ...გაიხსენებ, ვინ იყავი მანამდე. ხმა ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მაშინ, როცა სახლიდან გაქცევისკენ უბიძგებდა. კრისტალების შუქი წამით ჩაქრა და ისევ აინთო — ახლა უკვე მკაფიო იისფერი ელფერით. იის ფურცლებს თბილი ნათება გადაეფინა, თითქოს უხილავი, მოსიყვარულე თითები ნაზად შეეხოო. — იითშობილი?.. — ჩაიჩურჩულა და სარკმელზე შემოსკუპებულ პატარა იის ქოთანს შეხედა. მბჟუტავი სინათლის ფონზე გამთბარ გამოსახულებას დააცქერდა. — მე მითხრა?.. რას უნდა ნიშნავდეს?.. ბოლო სიტყვები ძლივს შეეხო სივრცეს, თითქოს თვითონ ქვასაც ერიდებოდა მათი საიდუმლოს გამხელა: — შენს არჩევანზე დგას ის, რაც ჯერ კიდევ ცოცხლობს. და მაშინ წიგნაკი ისევ სრულიად გათეთრდა. იის ფურცლები გაჩერდა და ნათება ჩაქრა. კრისტალების შუქი ძველ, მშვიდ ბჟუტვას დაუბრუნდა. თეიას ხელები ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა — თითქოს ის მაგიური სხივი მართლაც ფიზიკურად შეეხო. მთვარე ისევ ცივი იყო, მაგრამ ოთახში რაღაც მაინც სამუდამოდ შეცვლილიყო. თეიას გვიან ჩაეძინა. დევის მძიმე ნაბიჯების მიწისქვეშა რხევა და ქარის ზუზუნი საუკეთესო ძილისპირულად გამოადგა. მთვარის შუქი კვლავინდებურად ეცემოდა თოვლს. შორს კი, თეთრი ქედების მიღმა, ზეშვანიერას უხილავი საზღვრები იწყებოდა. ის ღამე იყო ბზინვარე ზღურბლი — ნამდვილი თავგადასავლისა, რომელსაც მთელი სამყაროს ჩათრევა შეეძლო… მაგრამ მის გადარჩენას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც ტკივილთან ერთად სწავლობს რწმენას და დაკარგვასთან ერთად — მიგნებას. და როცა დრო მოვა, ის სხვასაც გაუწვდის ხელს იმ ადგილიდან, სადაც თვითონ ერთხელ სრულიად მარტო იდგა და ელოდა… თუნდაც მხოლოდ ერთ შეხედვას, ერთ სიტყვას, ერთ თბილ სიზმარს დედაზე. თავი 8: ალგეონის დილა და ძველი ლეგენდა ამბობენ, რომ მზის ამოსვლა სასწაულია. ასევეა საყვარელი ადამიანის ჩახუტება. ან თუნდაც პატარა ბავშვის გულწრფელი სიცილი — ისეთი, შენც უნებურად რომ გაგეღიმება. ეს ყველაფერი უდიდესი საოცრებაა, მაგრამ ჩვენ მათ ყოველდღე ვხედავთ, ვეხებით, ვეჩვევით და ამიტომ ხშირად ვეღარც კი ვამჩნევთ, რამდენად მისტიკურია სამყარო. იმასაც ამბობენ, რომ ძველად, როცა მიწაზე მეტი ჯადოსნობა არსებობდა, ბოროტება გაჩნდა. ის სარეველასავით მოედო ზღაპრულ არსებებს. ზოგიერთი მათგანი ისე გაძლიერდა, რომ ადამიანთა მოდგმასაც კი დაემუქრა. მაშინ შემოქმედმა ისინი საზღვრებს მიღმა გადაიყვანა და სამყაროები ერთმანეთს დააშორა. მათ შორის კი შექმნა ნეიტრალური სამფლობელო — ადგილი, სადაც წესებს ვეღარავინ დაარღვევდა. მაგრამ დრო გავიდა. დღეს ჰაერში ისევ გაჩნდა მივიწყებული ამბების ნაცნობი სურნელი. რადგან ძველი ზღაპრები არასოდეს კვდებიან — ისინი უბრალოდ მოთმინებით ელოდებიან მას, ვინც მათ მოუსმენს. თეიას პირველი დილა ალგეონში სწორედ ასე დაიწყო. თვალები რომ გაახილა, ღამის ქარი და თოვა სადღაც გამქრალიყო, მზე კი ოთახში კაშკაშა სხივებს აფრქვევდა. მალე ნაცნობი, მხიარული ბზუილი მოესმა. ფანჯრის რაფას ჯერ ორი ელამი თვალი ამოჰყვა, მერე კიდევ რამდენიმე და ბოლოს იასამნისფერი ბეწვის პატარა, ფრთიანი გორგალი მთლიანად ამოხტა ოთახში. — თქვენ ხომ თვალიები ხართ, არა? — გაიცინა თეიამ. — პატარა, ფრთიანი მზვერავები! მე უკვე ყველაფერი ვიცი თქვენზე! გოგონა სიხარულით წამოხტა საწოლიდან და ფანჯარას მივარდა. უზომოდ უხაროდა, რომ ძველმა მეგობარმა ისევ მოინახულა. გაღვიძებისას საწოლის გვერდით, პატარა კომოდზე, ყველას დახვედროდა საგანგებო ბროშურა — „ალგეონის ქრონიკები“. იქ დაწვრილებით ეწერა თვალიებზე, სხვა ადგილობრივ ბინადრებზე და ციხე-კოშკის იდუმალ კოშკურებზე. სხვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თეიას მათი გადაკითხვა უკვე მოესწრო. თვალია ცოტათი დაიბნა, მერე თითქოს გაუღიმა და უსიტყვოდ გაფრინდა სადღაც. ამ დროს თეიამ ფანჯრის რაფაზე თავისი იის ქოთანი შენიშნა — ნაზი და ჩუმად მოღიმარი. — რა სუსტი ხარ, ჩემო თხელფურცლიანო... როგორ მაბრუებ, — გოგონამ ნაზად მიუალერსა ყვავილს, რომელიც რაღაცით ძალიან აგონებდა საკუთარ თავს. უცებ უნებურად თბილი ცრემლი ჩამოუგორდა და პირდაპირ იის ფურცელს დაეცა. საოცრება ის იყო, რომ ია თითქოს გააზრებულად, ცოცხლად აცეკვდა ამ ცრემლზე და არა უბრალოდ მექანიკურად. თეიას გაეღიმა, თუმცა ამ დროს საგუშაგოს ზარების შორეულმა გუგუნმა უხმო და მთელი მისი ყურადღება გარეთ გადაიტანა. ალგეონი იღვიძებდა. თეიამ საწოლის კიდეზე მისთვის საგანგებოდ დატოვებული, ხევსურულად ნაქარგი ულამაზესი კაბა და თბილი გამაშები ჩაიცვა და პირდაპირ ეზოში გაიქცა, სადაც ბავშვები უკვე იკრიბებოდნენ. ეზოს ნაწილი დიდ ბორცვზე იყო გაშენებული და იქიდან ხელისგულივით ჩანდა თორმეტი, შედარებით პატარა კოშკი. მათ მიღმა, ჰორიზონტზე, გადაშლილიყო გრძელი, იდუმალი ველი, რომლის კიდეზეც სხვა სამყაროს ნაცრისფერი, ციმციმა ნათება ტრიალებდა. ბავშვები ფარულად ხითხითებდნენ. თეიამ კარგად მოათვალიერა შეკრებილები და მალე მიზეზსაც მიხვდა: სებეს სახე წითლად ლივლივებდა, მირიანისა კი — მკაფიო მწვანედ. თეიას გაეცინა. მასთან ერთად კახელმა ტყუპებმაც ჩაიხითხითეს. თუმცა, ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ, პასუხი თავად მოვიდა. — ზოგიერთებს, — ჩაილაპარაკა ონისემ და ამაყი, მრავლისმეტყველი მზერით ჩაუარა ახალწვეულებს, — იმის ნაცვლად, რომ მშვიდად დაეძინათ, მთელი ღამე კრისტალების წვალებაში გაუტარებიათ. ის მათ წინ გაჩერდა, წარბი შეიკრა და დაამატა: — ვინ რა ფერის ნათებით მოიხიბლა, სახეზეც აშკარად ეტყობა! შერცხვენილი ბიჭები ერთდროულად აინთნენ — ახლა ორივე ჭარხლისფერი გახდა და თვალებს არავის უსწორებდა. ბავშვები კიდევ დიდხანს იცინებდნენ, რომ არა ონისეს მკაცრი და მჭექარე ხმა: — სიჩუმეს მოვითხოვ! ამ დროს უფროსი ძმა, გივარგი ნაბდიანი გამოჩნდა. როგორც ყოველთვის, ტრადიციული, ღია ფერის ჩოხა-ახალუხი ეცვა და ზემოდან თეთრი ნაბადი ჰქონდა მოსხმული. ონისე მის გვერდით დადგა — შავ ნაბადში გახვეული, მკაცრი და მრავალმნიშვნელოვნად დუმილით მოცული. — ჩემო ძვირფასებო, ახლა ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი უნდა გითხრათ, — თქვა გივარგიმ მშვიდად. — ოდესღაც თორმეტი უძლიერესი მესაზღვრე იდგა ამ მიჯნაზე. მან ნელა მოავლო თვალი შეკრებილებს. — ისინი საუკუნეების განმავლობაში თავდადებით იცავდნენ ამ ადგილს. ზოგიერთი მათგანი დღემდე აქ დგას და ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს. მაგრამ დადგება დღე… და თქვენ უნდა შეგვცვალოთ. ეს არც დღეს მოხდება და არც ხვალ, — დაამატა მან, — ამისთვის დროა საჭირო. დიდი შრომა, სწავლა და მზადება. ბავშვებმა გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს. — მინდა კარგად გაიგოთ, — განაგრძო გივარგიმ სერიოზულად, — ეს ადგილი საბავშვო ბანაკი არ არის. რა თქმა უნდა, აქ თამაშსაც შეძლებთ, მაგრამ მთავარი მაინც სწავლა და თავდაუზოგავი ვარჯიშია. თქვენ წინ მრავალი დღე და ღამე გელით გარჯაში. ივარჯიშებთ, დაიღლებით და ბევრ რამეს შეიმეცნებთ. ჩვენ კი ამ რთულ გზაზე მარტო არასოდეს დაგტოვებთ — მუდამ თქვენ გვერდით ვიქნებით. და კიდევ ერთი რამ, — ის ცოტა ხნით შეჩერდა და ხელი ჰორიზონტისკენ გაიშვირა, — იქ, თქვენს წინ რომ კოშკები დგას, თითოეულ თქვენგანს ელოდება. თითოსთვის თითო კოშკი თქვენი ნამდვილი სახლი გახდება — ადგილი, სადაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ იცხოვრებთ და თქვენს ძალებს განამტკიცებთ. თითოეული ბავშვი გრძნობდა, რომ ეს იყო რაღაც უდიდესი საიდუმლოს დასაწყისი. რაღაც ისეთი, რაც გაქცევას კი არა, პირიქით — საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას ჰგავდა. ამის შემდეგ მცველ-მესაზღვრე ძმები ბავშვებს სამზარეულოსკენ, სასაუზმოდ წაუძღვნენ. ილია და ელია თეიას გვერდით მიაბიჯებდნენ. თეიას თვალში ეს კახელი ტყუპები მზეს ჰგავდნენ — თბილები, მხიარულები და ნათელნი. — ეს ქაჯები ბეღელას სულ დასცინიან, არა? — წაიბუზღუნა ელიამ სხარტად, როგორც სჩვეოდა. — მაგრამ თან უზომოდ ეხმარებიან კიდეც, — დინჯად დაამატა ილიამ თავისი აუღელვებელი ტონით. თეიამ ინტერესით დაუგდო ყური მათ საუბარს. ნუთუ ბეღელას მართლა არ ეშლებოდა ნერვები ამ ონავარ არსებებზე? მათ წინ ზუსტად ერთი ქაჯი ატუზულიყო, მოწითალო ბეწვით დაფარული. ის ორთავა დევს აჯავრებდა: — ბეღელ, ბეღელ… ახლა მე რომ გელაპარაკები, მარჯვენა თავით მისმენ თუ მარცხენათი? იქვე მეორე ქაჯი, რუხბეწვიანი, ხმამაღლა ახარხარდა: — დევო, დიდთავა, როგორ დაგიძახო, როცა ორთავა ხარ? აჰაჰა! დიდთავება გამოდიხარ, დიდთავება! ბეღელა კი, ის უთქმელი და კეთილი ბუმბერაზი, სულაც არ ბრაზდებოდა. პირიქით, სახის სასაცილო დაღრეცით, ორივე სახით ერთდროულად ცდილობდა თბილად გაღიმებას. თეიამ თავი უკმაყოფილოდ გააქნია, თავისი ნაჩუქარი კაბის ჩრდილიდან ცისფერი თვალების მზერა ცაზე გადაიტანა და თქვა: — რა ონავრები არიან ეს თვალიებიც... დასაზვერად მიფრინავენ და აშკარად ეტყობათ, რომ ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ჰაერში თვლემს. ამაზე ბიჭებს გაეცინათ და თეიას უბიძგეს, ნაბიჯისთვის აეჩქარებინა. ალგეონის სამზარეულო ძველებური სვანური სტილით იყო მოწყობილი. მის სქელ კედლებში, პატარა ნაპრალებიდან კრისტალების მისტიკური სინათლე ტრიალებდა. იქაურობა უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა — თითქოს ამ ქვებში ჯერ კიდევ ცოცხლობდა ის უძველესი დღეები, როცა პირველ მოხუც სვანებს აქ ნადირის ძვლები ჩაუმტვრევიათ და ცეცხლზე პირველი წვნიანი მოუდუღებიათ. ახლაც იმავე დიდ კერიაში ცეცხლი გიზგიზებდა. დარბაზის შუაგულში იდგა ლაფა — დაბალი, სქელი ხის მაგიდა. მის ირგვლივ ტყავგადაკრული სკამები და მარტივი საჯდომები ეწყო. გოგო-ბიჭები მაგიდას შემოუსხდნენ, მაგრამ ყველას თვალები აქეთ-იქით გაურბოდა — ირგვლივ იმდენი რამ იყო დასათვალიერებელი! კუთხეს ამშვენებდა ღდა — ქვისგან ნაშენი, დიდი ბუხარი. მის თავზე ეკიდა ძველი სპილენძის თასები, ტაფურები და რძის ქოთნები. დაბალ თაროზე ბუხრისთვის გამზადებული ფიჩხი ელაგა. კედლებს ნიამორისა და ჯიხვის ვეება რქები ამშვენებდა. ბუხარსა და შესასვლელს შორის იდგა საგანგებო საჯდომი ქვა, რომელზეც გივარგი დაბრძანებულიყო. მის ფეხებთან სამზარეულოს შავი, თეთრგულა კატა წამოწოლილიყო და მშვიდად ფშვინავდა. მისი სიმსუქნითა და თავდაჯერებული იერით თუ იმსჯელებდით, აშკარა იყო — აქაურობას სწორედ ის განაგებდა. „ზუსტად ციცკას ჰგავს, ჩემს სათამაშო კატას,“ — გაიფიქრა თეიამ და გულში გაეღიმა. გოგონა ილიასა და ელიას შორის იჯდა და იმ კედელს შესცქეროდა, სადაც სინათლე ნაკლებად აღწევდა. მისი ყურადღება ხის დიდმა დაფამ მიიქცია — სვანები მას „დაქვარს“ ეძახდნენ. როცა სხვებს გამოეყო და ახლოს მივიდა, დაფაზე ამოკაწრულმა უცნაურმა მანიშნებლებმა კიდევ უფრო გააოცა. ელიაც უკან მიჰყვა. — შეამჩნიე ეს დახრილი ხაზები? — ჩუმად ჰკითხა ბიჭმა. — ერთმანეთს როგორ საოცრად კვეთენ? — ჰო, — დაფიქრდა თეია, — მგონი, ამ კოშკში ოდესმე მცხოვრები ყველა მცველისა და მესაზღვრის ამბავია ამ ნიშნებში დამალული. ამ დროს ლაზურალიდან (სამზარეულოს სათავსოდან), ხელების ტილოზე წმენდით თავად დიასახლისი მელანო გამოვიდა. მხრებზე ფარჩის სქელი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული, რომ ცეცხლის ნაპერწკლები აერიდებინა. ბავშვებს დილა მშვიდობისა უსურვა და ისე თბილად მოავლო თვალი, თითქოს თითოეული მათგანი წამსვე გულში ჩაიწერა. ჰაერში ტრიალებდა სვანური მარილისა და ბუხრის ნატურალური კვამლის მათრობელა სურნელი. როცა ონისემ თქვა: „ეს ადგილი ცოცხალიაო“, ბავშვებმა ფიზიკურად იგრძნეს, რომ მართლაც ასე იყო. აქაურობა ხმებს ინახავდა: ყოველი კოვზის ჩხრიალი და ყოველი ნაპერწკალი თითქოს წარსულის ჩუმ ფშვინვას იმეორებდა. მზარეულის გოგონა ლილე სიხარულით მიიჭრა თეიასთან: — დილა მშვიდობისა! როგორ გამოიძინე? — ჰკითხა თბილი ღიმილით და მკლავზე ხელი ნაზად ჩამოაყოლა. — ცოტა უცნაური ღამე იყო... მაგრამ ახლა ძალიან კარგად ვარ, მადლობა. თეია ლილეს მოჩითულ კაბასა და თავშალს თვალს არ აშორებდა. „ასეთი თავსაბურავი მეც ძალიან მინდა,“ — გაიფიქრა და კმაყოფილი დარჩა, რომ ეს ხმამაღლა არ წამოიყვირა. ის ხევსურული კაბა, რომელიც თეიას ეცვა, ისედაც ლილეს ნაჩუქარი იყო — წინა ღამით ჩუმად დაეტოვებინა მის საძინებელში. ამ საყვარელ გოგონას დანარჩენი ახალწვეულებისთვისაც დაუტოვა ღამის საიდუმლო საჩუქრები: ტრადიციული კაბები, მოსასხამები თუ თავსაბურავები. — დასხედით, რაღას უცდით, ჩემო სიხარულებო, — ჭვარტლიანი, მაგრამ უზომოდ კეთილი ღიმილით მიმართა მათ მელანომ. — აქ ყველანი ახლები ხართ, მაგრამ ჩვენ თქვენ უკვე ოჯახის წევრებად გთვლით. — თუ ასეა, — მორიდებით ჩაიჩურჩულა ნიკოლოზმა, — დამატებითი პურიც გვეკუთვნის, არა? ბავშვებს ხმამაღლა გაეცინათ. მათ თვალებს რა გამოეპარებოდათ და უკვე კარგად იცოდნენ, რა უძირო მადას ფლობდა ეს პუტკუნა ბიჭი. — ჯერ ეგ შეჭამე, რაც გიდევს და მერე მოითხოვე! — შეუბღვირა ხუმრობით ელიამ. — იცით, თავისებურად ორივე მართალია, — სიტუაცია მყისვე განმუხტა თბილმა დიასახლისმა, — ნათქვამია: ჯერ ჭამენ და მერე ლაპარაკობენო. საუზმემ ყველანაირი პირველადი დაძაბულობა საბოლოოდ მოხსნა. მაგიდაზე უხვად ელაგა ფაფუკი, ცხელი პური და კვერები, ველური კენკრის ჯემები, მოხარშული კვერცხები და პიტნიანი ნადუღი. თაროებზე კი ცხელი პიტნისა და ასკილის თუხთუხა ჩაი ორთქლავდა. — ეს კვერი რაიმე უცნაურ ხმას ხომ არ გამოსცემს? — ეჭვით იკითხა სებემ, რომელიც კრისტალების ამბავზე ჯერ კიდევ ფრთხილობდა. — არანაირს, — სერიოზულად უპასუხა მზარეულის ვაჟმა, მხარძლიერმა თარხანმა, — მაგრამ თუ არ შეჭამ, ხმას მალე შენი საკუთარი მუცელი გამოსცემს! შავთვალება ლილე ბავშვებს ცივ წყალს ურიგებდა დოქიდან. — ნელა დალიეთ, — აფრთხილებდა და ეშმაკურად უციმციმებდა თვალები, — აქაური წყალი „ზემთიურია“. სწრაფად თუ დალევთ, შეიძლება მთელი დილა გაუჩერებლად ასლოკინოთ. — მართლა? — შეშფოთდა აჭარელი ვაჩე და ჭიქა დაუშვა. — არა, უბრალოდ ვიხუმრე, — მხრები აიჩეჩა ლილემ, — მაგრამ მაინც ნელა დალიე, ცივია. იქვე თარხანი ბუტბუტებდა: — ეს კვერცხებიც განსაკუთრებულია… თავგადასავლიანი. — რას ნიშნავს „თავგადასავლიანი“? — გაოცდა თეია. — ერთხელაც იქნება, გაჩვენებთ, — თვალები აუციმციმდა ბიჭს, — ჩვენი ქათმები კვერცხებს ბუდეში კი არ დებენ, პირდაპირ ჰაერში ისვრიან. სწორ დროს უნდა ისკუპო და დაიჭირო. — და თუ ვერ დაიჭირე? — იკითხა ელიამ ინტერესით. — მაშინ კვერცხი გაიმარჯვებს და შენს ცხვირზე გატყდება, — მხრები აიჩეჩა თარხანმა. ბავშვები გულიანად იცინოდნენ, თუმცა ამ უცნაურ სამყაროში ბოლომდე მაინც ვერ გაეგოთ, რასაც ისმენდნენ ხუმრობა იყო თუ სუფთა რეალობა. შემდეგ მათ კვლავ მოაკითხა დიასახლისმა. კაკლის მურაბასავით ტკბილი და მუქი თვალებით შემოანათა შეკრებილებს და მაგიდა დამატებითი ნახელავით შეავსო — შაქრის, ხახვისა და მარილის გულიანი, ნაზუქებით, რომლებიც სასწაულ სურნელს აფრქვევდნენ. თეია მალე დანაყრდა. საოცრად კმაყოფილი დარჩა „თავგადასავლიანი“ კვერცხისა და ცხელი, ხახვიანი ნაზუქის დაგემოვნებით. მერე კი, ვიდრე სხვები ჭამას ასრულებდნენ, ფიქრებს მიეცა. წინა ღამიდან, ტყუპების გარდა, განსაკუთრებით დაამახსოვრდა ანა — თავისი დიდშუშებიანი სათვალეებით; სანდრო — ცოტათი თავმომწონე და ამაყი; წითური გურული მირიანი, რომელიც ლაპარაკისას გამუდმებით ცხვირს იფხანდა, და სალომეა, რომელიც თავისი ხვეული თმითა და ნაზი ხმით პატარა, საყვარელ ბეკეკას ჰგავდა. თეია ახლა დანარჩენებსაც აკვირდებოდა. ზოგს ჯერ კიდევ ერიდებოდა ლაპარაკი, ზოგი უკვე ხუმრობდა, ზოგიც ჩუმად ათვალიერებდა ახალ სამყაროს. მას ძალიან უნდოდა, ამ უცნაურ კოშკში თორმეტივე ახალწვეული ნელ-ნელა, თითოეული თავისებურად გაეცნო. მესაზღვრეების გაცნობა ბავშვები აღმოსავლეთ შენობაში, საგანგებო სამეცადინო ოთახში გადავიდნენ. როცა მთავარი დარბაზი გაიარეს, კედლებში ჩაშენებულ მილებში მოძრავი თხევადი მეხსიერება თეიას მიახლოებისას უცებ ბევრად უფრო სწრაფად აბობოქრდა. ამ უცნაურმა მოძრაობამ გოგონას სისხლის მიმოქცევა ააჩქარა და წამით შეაკრთო კიდეც. თუმცა ილიასა და ელიას მშვიდმა სახეებმა დაამშვიდა — გაიფიქრა, ალბათ მომეჩვენა, ან უბრალოდ სხვა ვერავინ შეამჩნიაო. უკვე დანიშნულების ადგილზე, ნახევარწრიულად განლაგებულ მუხის დიდ მაგიდასთან, მათ ყველა ადგილობრივმა მესაზღვრემ წარუდგინა თავი. პირველი, ვინც ბავშვებს მაგიდის ცენტრიდან მიესალმა, ბერუჩა ჩრდილელი იყო. სახეზე ღრმა ნაიარევი გასდევდა, ხშირი წარბების ქვეშ კი ცისფერი თვალები ცივად უელავდა. გამორჩეული მებრძოლი სხვებს გამოეყო და მხრები მრავალმნიშვნელოვნად მოიჩეჩა: — მე ბერუჩა ვარ. თქვენთან ერთად საზღვრებს დავლაშქრავ. თავად ნახავთ, იქ, წყვდიადში, როგორ არსებებს შეუძლიათ ნავარდი. ამისათვის, ალბათ ჩემს ნაიარევზე ერთი შეხედვითაც ბევრს დაასკვნით, — თითქოს ფარული სიამაყით დაამატა მან. ანამ თავი ვერ შეიკავა, სქელი, შავი თმები შეარხია და თქვა: — პირველ რიგში თვალიები გაგვაცანით, ხომ შეიძლება? — სწორედ მათით დავიწყებთ, — მიუგო ბერუჩამ და მასთან ერთად, თითქოს მის სახეზე იმ ძველმა ნაიარევმაც კი გაიღიმა. შემდეგ ჯარჯი ძვალმაგარი გამოჩნდა. გრძელი, მკვრივი მკლავები და სახეზე მტკიცე, შეუვალი იერი ჰქონდა, თუმცა კოპებქვეშ მოქცეული ღრმა თვალებით რაღაც ფარულ, ძველისძველ სევდას ატარებდა. — ჩემთან ხრიდოლს შეისწავლით, — თქვა მან ბოხი ხმით. — გაითვალისწინეთ, ხრიდოლში პირველ გაკვეთილზეც ნუ მოელით დანდობას. ტყუპებმა ერთმანეთს აღფრთოვანებული სახეებით გადაულაპარაკეს და სიხარულით დაუქნიეს თავი მწვრთნელს. ნათან მეღვინე კი თავისი კაშკაშა, ზურმუხტისფერი თვალებით უღიმოდა ბავშვებს. მან საუბარი მაშინვე ფლორასა და ფაუნაზე წამოიწყო: — ჯადოსნურ მცენარეებსაც განსაკუთრებული გაფრთხილება და მოვლა უნდა, — თქვა მან. — ვისაც ბუნება მთელი გულით უყვარს, მასთან სამყარო მუდამ ჰარმონიაში რჩება. — მე, მე მიყვარს! — წამოიძახა ანამ. — იმ ტკბილეულის მაღაზიიდანაც კი მცენარეების ძველი სახელმძღვანელო წამოვიღე! — მაშ, მე და შენ აუცილებლად დავმეგობრდებით, — სიამოვნება დაეტყო ნათანსაც. უფროსი მცველი, გივარგი ნაბდიანი, თავისი ღრმა, გამოცდილი მზერით სრულიად სერიოზული ჩანდა. ის ყოველთვის ისე მედიდურად იდგა, თითქოს შორიდან საუკუნო, განმწმენდ წვიმას ელოდა. ბავშვები ნელ-ნელა ცხვირებს აქეთ-იქით აბრუნებდნენ. ზოგიერთი მათგანი ალმაცერად, ეჭვით უყურებდა თეიას. თითქოს მათთვის მხოლოდ ის იყო გაუგებარი, უცხო — თეიას ხომ არ მიუღია ისეთი საიდუმლო, წინასწარი შეტყობინება, როგორც დანარჩენებს... თუმცა ძმები, ილია და ელია, სულ სხვაგვარად ეპყრობოდნენ გოგონას და გვერდიდან ერთი ნაბიჯითაც არ იშორებდნენ. ელიამ, ტყუპისცალთაგან უფრო ცქვიტმა და მოუსვენარმა, თეიას ჩუმად გადაუჩურჩულა: — აბა, შენი გაძლიერებული, დამატებითი საგანი უკვე აირჩიე? — ჯერ არა... ვფიქრობ, — უპასუხა გოგონამ ოდნავ დაბნეულად. „ალბათ ეს ყველაფერი გუშინ გამოაცხადეს, როცა მე ჩემს ფიქრებში დავფრინავდი,“ — გაივლო გულში. — წუხელ ალგეონის ქრონიკები არ წაიკითხე? — ისევ ცოცხლად ჰკითხა ელიამ, — ხრიდოლზე რას იტყვი, არ ივარჯიშებ ჩვენთან ერთად? — ოჰო, მართლა? რა მაგარია! — გაიღიმა თეიამ და გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა. მას ხრიდოლზე მეტად ის ფაქტი ესიამოვნა, რომ ამ ბიჭებმა მასთან მეგობრობის მზაობა პირველებმა გამოხატეს მაშინ, როცა სხვები სიფრთხილესა და დისტანციას ამჯობინებდნენ. ამ პროცესს კუთხიდან ჩუმად აკვირდებოდა გივარგი. მას გამჭვირვალე სათვალის მიღმა, თვალებში თბილი ნაპერწკალი გაუკრთა. გვერდით მდგომ ონისეს გადახედა და დაბალი ხმით უთხრა: — ხედავ? კარგი დასაწყისია. ონისემ წარბი მაღლა ასწია, შეხედა თეიასა და ტყუპებს და კმაყოფილმა დაუკრა თავი. თეიამ კიდევ ერთხელ მოავლო ბავშვებს თვალი. ისინი დიდი ინტერესით ირჩევდნენ დამატებით შესასწავლ საგნებს და ამ ერთობამ გოგონას გული საბოლოოდ გაუთბო. თუმცა აქ დედა ვერ ნახა, მაგრამ ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ ამ ბავშვებს შორის მას თავისი ხელშეუხებელი ადგილი ჰქონდა და, რაც მთავარია — დიდი მიზანი. მხიარულმა ბიჭებმა — გურულმა და იმერელმა — რა თქმა უნდა, მუსიკა აირჩიეს: მაგიური სიხშირეები და ის უხილავი ტალღები, რომლებიც სამყაროს ძვლებამდე არხევენ. მძიმედ და დინჯად მოძრავმა ნიკალამ ქვისმთლელობა ამჯობინა — ქვას ისე ინტერესით უყურებდა, თითქოს მის სიღრმეში დამალულ ცოცხალ სულს ხედავდა. დათამ და ვაჩემ ბუნებასთან ყველაზე ახლო გზა აირჩიეს — ტყის ბინადრები და ფრინველების ენა; ის საიდუმლო წესრიგი, რომელიც მხოლოდ ხელუხლებელმა ბუნებამ იცის. ცოდნისმოყვარე ანა, როგორც უკვე შეთანხმდნენ, მცენარეებსა და სოკოებს მიუბრუნდა. გრძნეულობის ნიჭით სავსე სალომეამ და რიწამ მითოლოგია ირჩიეს — იქითა სამყაროს ისტორია, ძველი ღმერთები, გმირები და მივიწყებული ომები. ხოლო სანდრომ ალგეონის ყველა დროის იარაღები და თავდაცვითი სისტემები აირჩია — ძველი, ახალი და ისეთებიც, რომელთა გამოყენების დრო სამყაროში ჯერ კიდევ არ დამდგარა. ამ რთულ საგნებს ისინი ძირითადი გაკვეთილების შემდეგ, დამატებით დროს დაუთმობდნენ. ხშირად ხომ ცხოვრებაში სწორედ ეს „დამატებითი“ ნიჭი ხდება ხოლმე ყველაზე მთავარი... თავი 9: საიდუმლო გახსნილია ბავშვები ჟრიამულით გაიფანტნენ ალგეონის ვრცელ ეზოში. ირგვლივ სირბილის, თოვლში გუნდაობისა და მხიარული სიცილ-კისკისის ხმა გაისმა. ყველანი ერთი უზარმაზარი, დათოვლილი ნაძვის ხის გარშემო ჩაებნენ თამაშში. იქვე ბაყბაყდევი ბეღელა და მისი ორი ონავარი ქაჯი მეგობარიც წამოეწივნენ ბავშვებს; უფროსი მეგობრები — თარხანი და ლილე კი საკუთარი კრისტალებით ფერად-ფერად, უწყინარ სხივებს ესროდნენ ერთმანეთს და ახალწვეულების აღფრთოვანებულ ოვაციებს იწვევდნენ. — შეხედეთ, ციყვები ყოფილან კენწეროში! — დაიყვირა ერთ-ერთმა ბიჭმა და ხელი მაღლა გაიშვირა. — გარბიან, ნახე... მგონი, ძალიან დავაფრთხეთ! — აჰყვნენ სხვებიც. თეია კი ამ საერთო მხიარულებას ჩუმად გამოეყო. ის ნელი ნაბიჯით წავიდა იმ ძველი, მიტოვებული კოშკისკენ, რომელიც მისი საძინებლის ფანჯრიდან ასე მისტიკურად მოჩანდა. შინაგანმა ინტუიციამ უკარნახა, რომ სწორედ იქ, ამ მივიწყებულ კედლებში უნდა ეპოვა საკუთარი წარსულის გასაღები. ლტოლვა დედისადმი და დაუდუმებელი ცნობისმოყვარეობა გოგონას შეუჩერებლად მიაქანებდა წინ. გალავნის ვიწრო, ჩრდილიან გასასვლელს გაჰყვა და ბოლოს ძველ კოშკში შეაბიჯა. შიდა ხის კიბე თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე ისე მძიმედ ჭრიალებდა, თითქოს საუკუნოვანი ძილიდან ძალით აღვიძებენო. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა მაღლა. გზად მხოლოდ აბლაბუდების სქელი ქსელით დალუქული ოთახები ხვდებოდა — იგრძნო, რომ იქ მისი შინაგანი ძალა ჯერჯერობით ვერ ჭრიდა და კარებიც არ იღებოდა. მეხუთე სართულზე, ვიწრო დერეფნის ბოლოს, მძიმე რკინის კარი ოდნავ ღია დაუხვდა. შიგნით შეიხედა და გაოცდა — ეს ძველი, მივიწყებული წიგნების საცავი იყო. ირგვლივ საუკუნოვანი მტვერი, უცნაური გრაგნილები და ობმოკიდებული, სქელი ტყავის ყდიანი წიგნები ეწყო. ჰაერში ძველი მელნისა და ზეთის მძიმე სურნელი ტრიალებდა. თეია რამდენიმე მწკრივად განლაგებულ უზარმაზარ თაროებსა და მათ შორის ჩადგმულ მერხებს ინტერესით ავლებდა თვალს, როცა ზურგსუკან მძიმე, დინჯი ნაბიჯების ხმა მოესმა. — აქ ყოფილხარ, პატარა ქალო... დამფრთხალმა მყისვე უკან მიიხედა. მის წინ უფროსი მცველი, გივარგი ნაბდიანი იდგა. მისი ღრმა თვალები გოგონას საოცარი სინაზით, თუმცა უაღრესად სერიოზულად უმზერდნენ. — შენი ფეხები ჯერ არ უნდა შეხებოდა ამ იატაკს... აქ ბევრია ისეთი რამ, რასაც ეს ძველი კედლებიც კი უდიდეს საიდუმლოდ ინახავენ, — თქვა მოხუცმა. მან ნელა ჩაუარა თაროებს და მიუახლოვდა კუთხეში მდგარ დიდ, მტვრიან სკივრს — დიახ, თაროდან კი არა, სწორედ ამ საიდუმლო სკივრიდან ამოიღო ერთი ძველი, სქელყდიანი წიგნი. მცველის ხმელი, მედიდური სხეული თითქოს საუკუნო ქარებისგან გამოეკვეთა ბუნებას. მის ღრმა თვალებში უამრავი ძველი ომის კვალი და მრავლისმეტყველი სევდა უტრიალებდა. მისი სიტყვები მძიმე იყო, თავშეკავებული, მაგრამ მშობლიური. — გინდა, მე მოგიყვე ყველაფერი, სანამ ამ ფურცლებში თავად იპოვი? — ჰკითხა ისეთი ტონით, თითქოს პასუხი წინასწარვე იცოდა. თეიას ჯერ გაუკვირდა — საიდან მიხვდა, ზუსტად რა მაწვალებსო, მერე კი გაიაზრა, თუ ვის წინაშე იდგა და ჩუმად დაუკრა თავი. — ადრე დაგპირდი, რომ შენს გამტაცებლებზეც და სხვა დანარჩენზეც სიმართლეს პირადად გეტყოდი... როგორც ჩანს, ეს დროც დადგა, — თქვა მოხუცმა. გივარგიმ საკუთარ ონიქსის მბზინავ კრისტალს დაბალი ხმით უბრძანა: — აინთე! ოთახი წამსვე მისტიკური ნათებით აივსო. ახლა სინათლის მკაფიო სხივებზე უკეთ ჩანდა ჰაერში მოფრიალე მტვრის უამრავი ნაწილაკი. მოხუცმა ნელა, სხარტად დაიწყო მოყოლა: — ოდესღაც სამი განუყრელი მეგობარი ცხოვრობდა ამ მიწაზე — ქალღმერთის დარი თეია, აკა და შიო. ისინი სამყაროს საზღვრებს ზებუნებრივი ძალებით იცავდნენ, როგორც პირველი მცველ-მესაზღვრეები. თეიას სუნთქვა შეეკრა. ეს სახელები ხომ თავისი იდუმალი წიგნაკიდან უკვე ეცნობოდა! მის თვალწინ, კრისტალის ნათებაში, სურათები გაცოცხლდა — ჯერ ბუნდოვანი, მერე კი სრულიად მკაფიო. — შიო შორს, ყველაზე საშიშ და ბნელ საზღვარზე გაემგზავრა. და როცა უკან დაბრუნდა, ის აღარ იყო ძველებური... გულით იქაური, ქვესკნელის წყვდიადი მოჰყვებოდა. მის არყოფნაში კი თეიამ და აკამ ერთმანეთი შეიყვარეს და ოჯახი შექმნეს. ეს რომ შიომ გაიგო, მათ უდიდეს მტრად ექცა. ჩათვალა, რომ მისი ადგილი მათ ცხოვრებაში აღარ არსებობდა და ყველაფერი წაართვეს. სამყაროთა საზღვრისმცველმა საკუთარ მარჯვენა ხელს ისევ მტკიცედ უბრძანა: — ხილულად! ბიბლიოთეკის თაროების ქვეშ ჩრდილები უცებ რეალურად ამოძრავდნენ. ახლა რჩეულ გოგონას თითქოს ამბის გმირების მძიმე სუნთქვაც კი ესმოდა. ამ ყველაფრის ფონზე თეიას თვალები გაუფართოვდა, ხელები კი სრულიად გაეყინა. კედლებზე კადრები ცოცხლდებოდა: ულამაზესი იების მდელო... ორი შეყვარებული... მშვიდი, ვარსკვლავიანი ღამე. — სწორედ შიოს მუხანათური დაბრუნების დღეს უთხრა უფროსმა თეიამ თავის ქმარს, აკას, რომ სხეულით პატარა სიცოცხლეს ატარებდა... თეიას გული გამალებით აუფანცქალდა მკერდში. — შიომ ეს ვერ აიტანა. ჩათვალა, რომ მათი ძველი კავშირი სამუდამოდ დაირღვა. მან აკა ხანჯლით, ზურგიდან, ვერაგულად მოკლა... მერე კი ფეხმძიმე თეიას მიუახლოვდა... მაგრამ მან ერთი რამ არ იცოდა. გივარგიმ ხელი მკვეთრად ასწია. ამ მოძრაობას კრისტალის მსუბუქი გრგვინვა და ჰაერის გაპობის ხმა მოჰყვა. გოგონას სხეულს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. კედელზე ჩრდილთა ბრძოლა აირია. — შემოქმედმა თეიას მუცელში მყოფი უცოდველი ნაყოფი დაიცვა... როცა ყველაფერი დასრულდა და ქალღმერთის დარი დაეცა, მისი უკანასკნელი ცრემლი იების მდელოზე ჩამოგორდა. თეია უყურებდა ამ კადრებს და გრძნობდა, თითქოს თავადაც იმ სისხლიან მდელოზე იდგა. — იმ წმინდა ცრემლმა ბავშვის სიცოცხლე შეინარჩუნა, — განაგრძო გივარგიმ. — და მთელ იმ არემარეს მიმოეფრქვა ზებუნებრივი, ძლიერი ქალის სული. ასე გაჩნდა სამყაროში პირველი იმუნიტეტიანი „ცრემლის ყვავილი“ — ია, რომელიც მხოლოდ მთვარის შუქზე ბრწყინავს ხოლმე განსაკუთრებულად. ამბის მსენელ გოგონას უცებ გაეყინა სისხლი, მაგრამ ხელები კი უცნაურად გაუთბა. მოხუცის ხმა შეიცვალა, ბევრად უფრო მძიმე და ეპიკური გახდა: — ძველი წინასწარმეტყველება ამბობს: „მოვა სამოცდაათჯერ შვიდი სინათლის გამტარი… და უკანასკნელში მისი ასული აღმოცენდება…“ ბიბლიოთეკის მაღალ კედლებზე ექოდ გაისმა ეს სიტყვები. — შიო კი ღვთის უმკაცრესმა წყევლამ მოიცვა: „ამიერიდან შეოლი გერქმევა და მიწაზე იხოხებ!“ კადრები კედელზე საზარლად შეიცვალა. — შეოლი, ზუსტად იმ წამს, როცა მომაკვდავ, თვალცრემლიან თეიას ბოროტად ეამბორა, ენის სისინით საშინელ, შავ გველეშაპად გადაიქცა. დაგვაჯული ფეხებითა და მუცლით მიწაზე ფორთხვით მოშორდა იმ არემარეს. მას ცოდვამ წარუშლელი დამღა დაასვა, ამიტომ მხოლოდ შებინდებისას, ბინდის დადგომისას იკრებდა სრულ ძალას, გამთენიისას კი დაჩიავებულ, დასუსტებულ ადამიანად გარდაიქმნებოდა და ბნელ ორმოებში იმალებოდა. სწორედ ამიტომ, მას სამყაროში „ბინდის გველეშაპად“ იცნობენ. — იყო კიდევ ერთი უმთავრესი ნიშანი, — თქვა გივარგიმ და თეიას თვალებში ჩახედა. — წინასწარმეტყველება იის შესახებ — რომელიც დროთა განმავლობაში ორ ბრინჯაოს მონეტად უნდა გამოსყიდულიყო. თეიას თვალები აუწყლიანდა. გივარგიმ დინჯად განაგრძო: — და ეს წინასწარმეტყველება უკვე აღსრულდა. როცა შენმა იამ ოთახში გაიღვიძა, ეს იმას ნიშნავს, რომ სინათლის გამტარი ასული უკანასკნელი იქნება… იამ ხომ სწორედ შენ აგირჩია — იდუმალ ცრემლის შვილი... — იამ… მე ამირჩია? — ხმადაბლა, სიმწრით იკითხა გოგონამ. — მაგრამ მე ხომ არაფერი ვიცი... მე არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, როგორ ვუშველო ამ ყველაფერს... გივარგიმ მას გამხნევების ნიშნად მხარზე მძიმე, თბილი ხელი დაადო. — არ იცი. თავიდან ეს არავინ იცის, ჩემო პატარავ. კითხვები სწორედ ამიტომ იბადება. დადგება დრო — და პასუხებს სხვის სიტყვებში კი არ დაუწყებ ძებნას... მათ პირდაპირ შენს საკუთარ გულში იპოვი. აი, მაშინ კი ყველაფრისთვის მზად იქნები. მერე კი ხმას დაუწია და ჩუმად დაამატა: — შენ ბევრჯერ დაგმალეთ ბოროტებისგან. აქამდე სხვადასხვა სახელით გიცავდით, რათა გველეშაპს შენი კვალი არ ეპოვა... მათ შორის იაგუნდსაც გეძახდით, რომ სიცოცხლე შეგენარჩუნებინა. — მე... ეს არ ვიცოდი, — მოერიდა თეიას, როცა გაიაზრა, რამხელა საფრთხეში უცხოვრია აქამდე. — ვიცი, — თბილად გაუღიმა გივარგიმ. — და როცა შენი კვალი მაინც გამოჩნდა, სწორედ მაშინ სცადეს შენი გატაცება იმ ალეგებმა. თუმცა, ისინი ბოროტები არ არიან — როგორც ჩანს, შეოლმა აიძულა. ესეც შენი დიდი გზის ნაწილია. მაგრამ შენი ნამდვილი, პირველი სახელი... თეიაა. ქალღმერის დარის სახელი გქვია. ამ სახელით დაიწყო ეს ამბავი და ეს სახელი კიდევ ბევრჯერ აგუგუნდება სამყაროში. გოგონამ თავი დახარა. მას უცებ გაახსენდა, რომ პატარაობაში, როცა კი რამე საშინელი სიზმარი ან შიში შემოაწვებოდა, ყოველთვის გივარგის დამამშვიდებელი, ბრძნული სიტყვები მოჰყვებოდა ხოლმე... ბებო-პაპასთან შორს, სოფელშიც ხომ სწორედ მან გაამგზავრა უსაფრთხოებისთვის. მიხვდა, რომ ახლაც ბოლომდე უნდა ენდოს ამ კაცს და მოთმინებით აივსოს. — მაგრამ, მე აქ სხვა რამის გასაგებად შემოვედი... დედაზე... მამაზე... — როგორც იქნა, უდიდესი გამბედაობა მოიკრიფა თეიამ, თუმცა შიშისა და ემოციისგან სიმწრის ოფლმა დაასხა. სურდა მშობლების ბედზე ყველაფერი დაწვრილებით სცოდნოდა. — ვიცი... ვიცი, რომ კიდევ უამრავი რამ გაინტერესებს, — სიტყვა საოცარი თავაზიანობით, რბილად შეაწყვეტინა გივარგიმ. — მაგრამ ახლა წადი, დაბრუნდი სხვებთან ეზოში და გამხიარულდი. ცოტა დრო მომეცი და სიტყვას გაძლევ, რომ შენს ყველა კითხვას პირადად ვუპასუხებ, როცა საათი ჩამოჰკრავს. ახლახან მოსმენილი და ნანახი ამბავი აღარ ჰგავდა იმ ნაწყვეტ-ნაწყვეტ, იდუმალ ჩანაწერებს მისი ძველი წიგნაკიდან, რომელიც ხან უჩინარდებოდა და ხანაც თავისით ენახებოდა. ახლა ყველაფერი ერთ დიდ სურათად, წარუშლელად ჩაებეჭდა გონებაში. თუმცა, ასეთი მძიმე საიდუმლოებებით დატვირთულს, ყურები უზუზუნებდა, ფიქრები ამღვრეოდა. და ეს პატარა ია... ჯერ ხომ წიგნაკის ყდიდან უალერსებდა საიდუმლოდ, ახლა კი რეალურად ჰყავდა ოთახში და ისეთ უცნაურ, უსაზღვრო სითბოს გადასცემდა, რასაც სიტყვებით ვერც კი აღწერდა... უცებ გარედან ალგეონის საგუშაგო ზარების მძლავრი ხმა ისევ შემოიჭრა კოშკში. თეიამ მთელი სხეულით იგრძნო — მზად იყო თუ არა, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი და საშიში თავგადასავალი იწყებოდა. თავი 10: შემდეგი დღე — შემდეგი ნაბიჯები ალგეონის ბჭობის კაბინეტში, მცველ-მესაზღვრეების შეკრების ადგილზე, ჯერ კიდევ ღამის ბაცი კრისტალები ანათებდნენ. ირგვლივ სრული სიჩუმე იდგა. გივარგი ნაბდიანი წითელი ხის გრძელ მაგიდას ეყრდნობოდა. წინ წერილებით სავსე ოქროს სინი ედო და დანარჩენ მესაზღვრეებს თვალებში უყურებდა. მისი კრისტალის ალი ოდნავ ბჟუტავდა და ანარეკლი მცველის თვალებშიც ცახცახებდა. — თქვენც გესმით, — დაიწყო ბოლოს მძიმე ხმით, — ამ ბავშვების მოყვანა შემთხვევითობა არ ყოფილა. თითოეული მათგანი დაბადებიდანვე გამოირჩეოდა სხვებისგან. ზოგი ხედავდა სიზმრებს, რომლებიც წინასწარ აფრთხილებდნენ განსაცდელზე, ზოგი სიმართლეს ეძებდა წიგნებში, ზოგი კი ისეთ ნიშანს ატარებდა, რომელსაც ვერავინ ხსნიდა. მათი გზები აქამდე სწორედ ამიტომ მოვიდა. ონისემ თავი ოდნავ გადააქნია: — მაგრამ მათი ოჯახები? ყველანი შეეგუებიან?.. არ ვიცი... ბავშვებთან თუ გვექნებოდა საქმე, ამას ხომ ვერ წარმოვიდგენდით. მისი უფროსი ძმა მაგიდაზე დაკეცილ ქაღალდებს შეეხო და კიდეებზე თითი ფრთხილად გადაუსვა, თითქოს თითოეულში განსაკუთრებულ სულისკვეთებას ღვრიდა. — ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. თითოეულ ოჯახს გადაეგზავნება წერილი — არა მხოლოდ ახსნა, არამედ მადლობაც. ვუთხრათ, რომ მათი შვილი არჩეულია დიდი საქმისთვის. ზოგს ეს გაამხნევებს, ზოგს დააფიქრებს, მაგრამ ასეა საჭირო. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მათი სიყვარული აქ არასოდეს დაიკარგოს. მესაზღვრეები უხმოდ უყურებდნენ ცვილით დაბეჭდილ წერილებს — თითოეული დაკეცილი, დალუქული და მზად იყო გზისთვის. ყველას ეწერა ზედ ბავშვის სახელი. საზღვრების მცველმა ამოიოხრა: — უმრავლესობა ობოლია, ზოგიც — სითბოსა და მზრუნველობას ნაკლებად შეჩვეული. ასე ნაკლებად გაწყდება მათი ძაფი ამიერ მხარეს, როცა ალგეონში დარჩებიან. მაგრამ ვინც მაინც გრძნობს ტკივილს — ჩვენ უნდა გავუყუჩოთ. მაგრამ ვინც მაინც გრძნობს ტკივილს — ჩვენ უნდა გავუყუჩოთ. პირველი წერილი უკვე გზაშია, დანარჩენებს კი თქვენ დაარიგებთ, ძმებო. მძიმე სიჩუმის შემდეგ ნათან მეღვინემ ჩუმად თქვა: — მაშ, ახლა ჩვენ ვართ მათი ოჯახი. — ჩვენ მათი მეორე ოჯახი ვართ. — ჩუმად თქვა გივარგიმ. იმ წამს კრისტალების ალი თითქოს უფრო ძლიერად აინთო. ლეჩხუმი: თეიას ბებო-პაპას დამშვიდება ლეჩხუმის ულამაზეს მხარეში, ცაგერის გარეუბანში, თოვლიან მთებსა და მდინარის ხმაურს შორის, წითელკრამიტიან ძველ სახლში ბუხარი აინთო. ორმა მოხუცმა კი ფუსფუსი დაიწყო. ქვის კედლებში სითბო დატრიალდა. ჭერში გამუქებულ კოჭებზე საუკუნის სუნთქვა ტრიალებდა, სპილენცის ქვაბები კი ელავდა. იატაკზე სქელი ხალიჩები იყო გაფენილი. ეზოში ცხენზე ამხედრებული, თბილად ჩაცმული ქალი შევიდა. მალე ჭრიალა კარზე მძიმე კაკუნი გაისმა. — ვინ უნდა იყოს, დათა? — შეშფოთდა მოხუცი ქალი. — ვინ იქნება, ალბათ მეზობელი... ვის მოვენატრებოდით, — უპასუხა ქმარმა და კარისკენ წავიდა. კარი მძიმედ გამოაღო და სტუმარი შემოვიდა — ლამაზი, მაგრამ აშკარად აღელვებული. ზღვისფერი თვალები ცრემლით უბრწყინავდა. დათოვლილი თავშალი მოიძრო და ნიკაპი აუთრთოლდა. — მამა... — თქვა და ცრემლი წასკდა. — დამშვიდდი, შვილო, — უთხრა მოხუცმა, ნაზად მოეხვია ხელის კანკალით და ოთახში შეუძღვა. — ეს ვისი ხმაა? — გაისმა თუთა ბებოს ხმა ბუხართან. სუნთქვააჩქარებული ქალი მიუახლოვდა და აცრემლებულ დედას ჩაეხუტა: — მეგონა, ჯერ ადრე იყო... ის ხომ მზად არ არის... დედა - შვილი ერთმანეთს ჩაეხუტა. მათი შემყურე ნათელი იყო — მათ შორის დიდი მონატრება იდგა. თუთა ბებომ შვილი თბილად დაკოცნა, მერე თავი დახარა: — ვიცოდით, იაგუნდი სხვანაირი ბავშვი იყო. თითქოს ამ სახლს არ ეკუთვნოდა. — ვიცი, დედი... ცუდი დედა ვიყავი, მაგრამ... ჩემი და მისი გზა ერთმანეთს უნდა მოშორებოდა, სანამ დრო მოვიდოდა. თუთა ბებომ ხელზე ხელი მოკიდა: — შენ ხომ წლების განმავლობაში გვიცავდი... ახლა კი ის შენს სიახლოვეს უკეთ იქნება. — წერილი... — ქალს თვალები გაუბრწყინდა. — უნდა დაეტოვებინა წერილი. — არაფერი გვიპოვნია, — თქვა დათა პაპამ. ახალმოსული ფარდაგით გამოყოფილ ოთახში შევარდა. ძველი ლოგინი, ტანსაცმელი, ბავშვის ჩუსტები თუ მიტოვებული ნივთები... ყველაფერი თავდაყირა დააყენა, სანამ ლეიბის ქვეშიდან ოთხად დაკეცილი ქაღალდი არ გადმოვარდა. გაფითრებულმა გახსნა და ჩუმად წაიკითხა: „ძვირფასო ბებო, პაპა, აქ აღარ დავბრუნდები. მე გზა მეძახის და მას მივყვები. თუ ოდესმე მოგენატრებით, ჩემს შავ ფისუნიას ჩაეხუტეთ, თქვენთან დავტოვე. მიყვარხართ... დედაც მიყვარს და თუ მე ვერ ვნახავ, თქვენ აკოცეთ. თქვენი იაგუნდი.“ — იაგუნდი... ოოო, დედი... ეს სახელი რატომ მოიშორე?!.. — ტირილით ხმა ჩაუწყდა, თითქოს სიტყვები ყელში გაუჩერდა. მერე კი თავის სანუგეშებლად ჩაილაპარაკა: — მას ვუყვარვარ... წესით მაპატიებს... მერე საკუთარი ბავშვობა გაახსენდა. თორმეტი წლის იყო, როცა ორმა ჭაღარა მამაკაცმა აუხსნა, რომ ეკუთვნოდა ხაზს, სადაც დედები შვილს დროებით ტოვებდნენ, მტრისთვის თვალების ასახვევად. მანამდეც და მას შემდეგაც მშობლებს იშვიათად ხედავდა. ქალმა ღრმად ამოისუნთქა და თქვა: — ბავშვობიდან გაფრთხილებული ვიყავი... მეგონა მის სრულწლოვანებამდე დრო გვექნებოდა, მაგრამ... ალბათ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს... ოთახი ნელა და ზრუნვით მიალაგა, ჩარჩოში მოთავსებულ ფოტოს მტვერი გადაწმინდა — იქიდან ბავშვის მამა და პატარა ცინდა იღიმოდნენ, როგორც მაშინ ეძახდნენ. მერე შავი სათამაშო ფისუნია — ციცკა ჩაიხუტა და მოხუცებთან დაბრუნდა. ისადილეს, გულით მოეფერნენ ერთმანეთს და როცა დამშვიდობების დრო დადგა, ქალმა გულის ჯიბიდან წერილი ამოიღო — ალგეონიდან გამოგზავნილი: „ძვირფასო თუთა, დათა, ცნობილია, რომ თქვენი გოგონა მოულოდნელად წავიდა, თითქოს საკუთარი ბილიკის ძებნა გადაწყვიტა. მაგრამ ეს გზა შემთხვევითი არ ყოფილა. იგი არჩეულია იმ ძალით, რომელსაც ვერასდროს ავხსნით სიტყვებით. მისი არსებობა დაკავშირებულია იმ საზღვრებთან, რომელთაც ჩვენ ვიცავთ. ის აღარ დაბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არც მარტო დარჩება. აქ, ჩვენს შორის, ის იპოვის ახალ ოჯახს — ბავშვებს, რომლებიც მის გვერდით გაიზრდებიან და ჩვენ, ვინც მათ გვერდით ვიქნებით. მადლობა, რომ ასეთი გოგონა აღზარდეთ. თქვენი სიყვარული მასში ცოცხლობს. დაე, სიმშვიდის ბალზამმა ტკივილი შეგიმსუბუქოთ. პატივისცემით, სამყაროთა საზღვრისმცველი გივარგი და სხვა მესაზღვრეები.“ დათა პაპამ სათვალე მოიხსნა, ცრემლი ჩუმად შეიწმინდა. თუთა ბებოც ფრთხილად ეხვეოდა შვილს. ქალიშვილმა გაუღიმა, თიხის ქილა გახსნა და თითით ამოიღო მოყავისფრო, თაფლის სურნელის ბალზამი. — ეს ტკივილს გაგიყუჩებთ, — თქვა და შუბლზე მსუბუქად დაადო. თვალებში წყალი ედგათ, მაგრამ თითქოს სიმშვიდე ჩამოწვა. — ჰო, როგორც მაშინ, როცა შენ წაგიყვანეს ჩემგან... მას შემდეგ აღარც ჩვენ დავბრუნებულვართ სამეგრელოში, შენს მამულეთში. ქალს თვალებში ტკივილი ჩაუდგა. ცრემლები ჩამოუგორდა და დიდი სიყვარულით ჩაეხუტა დედას. — მუდამ მენატრებით და მენატრება სამეგრელო... — ჩურჩულით თქვა. — თქვენს მეტი აღარავინ გვყავს მე და ჩემს შვილს. მაგრამ ახლა ვიცი, სადაც იქნება... იქ მოეწონება. თუთამ ხელი ჩაჰკიდა და ღიმილით თქვა: — დაგვივიწყებ? მონატრებულმა ქალიშვილმა თავი გაიქნია და ხელებზე მოეფერა: — ეს ღიმილი ყოველთვის იყო შენი ძალა, ჩემო დედიკო. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ეს არ მავიწყდება. მოხუცებმა დალოცეს. წასვლამდე ქალმა ეზოს, თოვლით დაფარულ ნაძვებს და მზის სხივით გაბრწყინებულ ძველ ჭას თვალი მოავლო. კვამლი ისევ ამოსდიოდა სახლს, თითქოს მოგონებებს აყოლებდა. მოხუცი მამა კვლავ ზღურბლიდან, ცახცახით უქნევდა შვილს ხელს. ცაგერი კი მათ მიღმა ჩუმად დუდუნებდა წარსულთან. სხვა ბავშვების ოჯახების დამშვიდება იმ ღამეს მესაზღვრეები სხვადასხვა მხარეს გაიშალნენ — თითქოს თავად ღამემ დაყო მათი გზები. როგორც კი აქეთა სამყაროში ჩაფრინდებოდნენ, მათი ზებუნებრივი ცხენები ფრთებს კარგავდნენ და მიწაზე სვლას იწყებდნენ. ბაცი მთვარე თან მიჰყვებოდა ყველას — თითქოს ერთი სინათლე უნათებდა ყველა ოჯახს, სადაც წერილები უნდა მისულიყო. ონისე თავისი შავხავერდა ბედაურით წავიდა და პატარა ზღვისპირა სოფელში ჩაფრინდა, სადაც ბიჭი ბიძასთან იზრდებოდა. ბიძამ ხელში კანკალით დაიჭრა წერილი. ონისემ ნაზად წაიცხო ბალზამი თითზე და შუბლზე მოუსვა. — ეს ტკივილს შეამსუბუქებს, — უთხრა ჩუმად. კაცმა თავი დახარა და ცრემლი ჩამოუცურდა: — აი, ეს ხის ჩიტი მისთვის გამოვთალე, ფრინველები უყვარს... მიცემა ვერ მოვასწარი, იქნებ გადასცეთ. სხვა მესაზღვრე, მწვანე ჩოხოსანი, წითელ რაშზე ამხედრებული მივიდა პატარა ქალაქის თავშესაფარში, სადაც ერთ-ერთი გოგოს გამზრდელი ქალი მორიგეობდა. წერილი რომ წაიკითხა, ტუჩები აუკანკალდა, მაგრამ ბალზამის შეხებისთანავე გულზე ხელი მიიდო — თითქოს სიმძიმე მოეხსნა. — მთავარია, რომ მარტო არ იქნება. ფოთლების შეგროვებას კი ყველგან მოახერხებს. მესამე მესაზღვრე, სახეზე დიდი, დამახასიათებელი შრამით, ქალაქგარეთ მცხოვრებ ხალხმრავალ ოჯახს ეწვია. მამა წერილს ხმამაღლა კითხულობდა, ბავშვები უხმოდ უსმენდნენ. როცა ბალზამი შუბლთან მიუტანეს, ჯერ ხელი გაშალა უარის ნიშნად და მწარედ აქვითინდა, შემდეგ კი მიიღო. კაცმა ამოიოხრა: — ახლა ვიცი, დიდ საქმეს ემსახურება. აქ კი ისე ვერ ვკვებავდით, როგორც უყვარდა. ასე, ერთიმეორის მიყოლებით, ყველგან დამშვიდების სიტყვები გაისმა. ზოგი ტიროდა, ზოგი დუმდა. მაგრამ ალგეონში ახალი ოჯახი იბადებოდა. წერილები რჩებოდა მაგიდებზე, სალოცავ კუთხეში, საწოლებთან. ყველგან ტრიალებდა სურნელი — თაფლიანი ბალზამის, რომელიც ტკივილს აქრობდა, მოგონებას კი არა. თავი 11: ადამ პირველი და ივა შავნაბადა შუადღისთვის ილია და ელია ხრიდოლის გაკვეთილისთვის ტანსაცმლის შესაკერად მელანოსთან წავიდნენ. თეიაც მათ გაჰყვა, თან ბიჭებს ეჭიკჭიკებოდა: — მე თავიდანვე ხევსურული ტანისამოსი დამახვედრა ლილემ. ისე, ალბათ რაჭულ საცეკვაოსაც შევიკერავ — ჯინსებთან და თბილ სვიტერებთან ერთად, მომწონს ჭრელი ჩითის კაბებიც, წინსაფრები თუ თავსაფრები. ბიჭებს კი სულ სხვა რამ აინტერესებდათ — მისი საიდუმლოები, რომლებზეც გოგონა სიტყვას არ ძრავდა. ბოლოს ელიამ მაინც იკითხა: — მე და ილიას სულ არ გვეზარება შენთან ერთად შენი ამბების გარკვევა. რატომ არ წაგვიყვანე საცავში? — მშობლებზე რამე გაიგე? — იკითხა ილიამაც. — დიდი ვერაფერი გავარკვიე… მხოლოდ ის, რომ… — რომ მამაშენი ჩვენს სართულზე, დერეფნის დაფაზე კიდია? — ნელ-ნელა ამოიბუტბუტა ილიამ, რომლის ოქროსფერი ქოჩორი კახური ქუდის შიგნით არეულიყო. თეია მას თმებს ულაგებდა, თან ისე გაიკვირვა: — მამაჩემი კიდია?! — ჰაჰა! მამაშენის სურათი… არ დაკვირვებიხარ? წამო! — სიცილით ჩაჭიდა ხელი ელიამ და დარბაზის წინ კიბეებს აუყვნენ. ილია მათ უკან მიჰყვებოდა. მეორე სართულზე, ეზოს მხარეს, ბავშვების საძინებლები იყო ჩამწკრივებული, წინ კი მოსასვენებელი სივრცე — ძველებური ტახტებითა და ჭრელა-ჭრულა ხალიჩებით ხვდებოდათ. კედლებში ჩასმულ ხის ორნამენტებს შორის კრისტალები საკუთარ ღრმულებში იდგნენ, თითქოს კედელს კი არა, დროს ეჭირათ — ზოგი მკვეთრად ანათებდა, ზოგი ჩუმად ბზინავდა. ჭერის ქვეშ ორი ჭაღი დაცურავდა — სივრცის ფორმით შექმნილი, ერთმანეთში გადაბმული რგოლებივით. ხან ერთიანდებოდნენ, ხან ისევ ცილდებოდნენ; ნელა ბრუნავდნენ და შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, რომ სინათლე კი არ ანათებდა ოთახს, არამედ თავად სივრცე იხსნებოდა და იკეცებოდა მათ ირგვლივ. დერეფანში დიდი დაფა იყო, სადაც გარდაცვლილი შვიდი მესაზღვრის პორტრეტი ეკიდა. ბიჭებმა შუაში, ორ პორტრეტზე გაამახვილეს ყურადღება. ადამ პირველი გმირულად დაეცა შეოლთან შერკინებისას. ერთადერთი იყო, ვინც მას პირისპირ შეებრძოლა. 1975 — 2015 პორტრეტიდან შავჩოხოსანი, მოზრდილი თმა-წვერიანი მამაკაცი ამაყად და ღიმილით იყურებოდა. თეიასავით ჩალისფერი თმა ჰქონდა და თხელი სახის ნაკვთები. — თეია, მგონი ჰგავხარ?! — თქვა ილიამ. — მაგრამ თვალები ყავისფერი აქვს, — დაამატა შეჭმუხნილმა ელიამ. თეიამ გულიანად გაიცინა: — მართლა გამაცინეთ… თუ გვარი და გარდაცვალების თარიღი ჩემს ჩვილობას დაემთხვა, ანუ მამაჩემია? — არა, არა... თანაც, მამას დემეს ეძახდნენ. მერე ამოიხვნეშა და თავი ისე გააქნია, რომ ბიჭებმა ერთმანეთს უხერხულად გადახედეს — თითქოს თვალებით ეკითხებოდნენ, ეს რა წამოგვცდაო. სამივე უხერხულობის გასაფანტად გვერდით ჩამოკიდებულ პორტრეტს მიაშტერდა. ივა შავნაბადა დაკარგულია. სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. წარწერა მხოლოდ ერთი იყო: „მე ჩავდივარ ჩრდილში, რომ სხვებს სინათლე გაუხანგრძლივდეთ.“ თეია მალავდა, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მოუნდა, ადამი მართლაც მამამისი ყოფილიყო. თუმცა დაეჯერებინა და იმედი გაცრუებოდა? ამას ვეღარ გადაიტანდა. ცრემლი ძლივს შეიკავა და ნერწყვი მწარედ გადაყლაპა. მამის ერთადერთი ფოტო ჰქონდა ნანახი — ცაგერში, საძინებელში. იქ მამა პროფილში იდგა, ჩვეულებრივ ტანსაცმელში. ახლა პარალელს ავლებდა და… ვერაფერს პოულობდა. დედის სახეც კი ბუნდოვნად ახსოვდა — ბავშვი ისე ჰყავდა ჩახუტებული, სახე თითქმის ეფარებოდა. — ახლა წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება, — უთხრა ელიამ ჩუმად. — სიმართლეს მაინც გავიგებთ შენს მშობლებზე. ილიამ ორივეს გადახვია ხელი: — ჩვენ ცოცხალი მშობლები გვყავს, მაგრამ წლებია არ გვინახავს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. — დამიჯერე, ამ დაფაზე მამაშენის ნახვა უფრო სასიხარულო იქნებოდა, ვიდრე ეს გაურკვევლობა, — თავი ჩახარა ელიამ, მერე კი მხიარულად გადაიტანა სიტყვა: — იცით, ნიკალას დილით საწოლის თავზე ქვის საჭრეთელი დახვდა. რომ ვნახეთ, მხოლოდ სულელივით იღიმოდა. — მესაზღვრე ბერუჩამ ჩამოუტანა მისი სოფლიდან, — წამოილუღლუღა ილიამ. თეიას გაეღიმა, ხმა აღარ ამოუღია. ბიჭებს ხელები თანაგრძნობით ჩასჭიდა და მელანოსკენ გააქცია. ეზოდან გასვლა და სვანური სოფელი როდესაც დიასახლისისგან განთავისუფლდნენ, თეია გასასვლელისკენ მიმავალ მის ვაჟს, თარხანს მიუახლოვდა. თხუთმეტი წლის ბიჭი სხვებზე უფრო მაღალი და მხარბეჭიანი იყო, მშვიდი, შავგვრემანი სახით. — თარხან, — ჩურჩულით უთხრა გოგონამ, — შეგიძლია ისეთი ადგილი გვანახო, სადაც მოწყენილობისას მიდიხარ? ცოტა ემოციური დღეა და... შენ ხომ იცნობ ალგეონს. ბიჭი დააკვირდა, თუმცა აღარ ჩაეძია და თავი დაუქნია. — მოდი, გავიდეთ ეზოდან, — ღიმილით გაიყოლა ბავშვები, — ერთი ადგილი ვიცი და თქვენც გაჩვენებთ... აბა, მომყვებით? — კი, სიხარულით! — ერთხმად უპასუხეს. ისინი ეზოდან გავიდნენ და მიხვეულ-მოხვეული ბილიკით გორა აიარეს. ქარი ხანდახან ჩუმად ჩურჩულებდა, თოვლის ქანჩებში კი მზის სხივები ელვარებდა. ბოლოს, მწვერვალთან ახლოს, თარხანმა ხელი გაიშვირა: — აი, აქაა. ბავშვების თვალწინ საოცარი სურათი გადაიშალა — ხელისგულივით მოფენილი ზღაპრული კოშკები, ერთმანეთზე ზევით აღმართულიყო. ზოგის წვერზე შუქურასავით ენთო უზარმაზარი კრისტალი, ზოგი კი სრულად ჩამქვრალი და მოღუშული ჩანდა. მათ შორის გველივით დაკლაკნილი თოვლიანი ბილიკები მიუყვებოდა მთებს. ერთ მთის ძირში, ნახევრად ნისლში ჩაფლული, ჩვეულებრივი სვანური სოფელი ჩანდა. — ეს რა არის?.. — გაოცებულმა იკითხა თეიამ. — ეს უკვე ნეიტრალური ზონა აღარ არის, — აუხსნა თარხანმა. — აი, სწორედ ეს მხიბლავს აქ. თითქოს ორ სამყაროს შორის უხილავი დერეფანი იყოს გაჭრილი. აქედან ჩვენი თვალები სვანეთს ეხება — იმ კუთხეს, სადაც უკრისტალოები ცხოვრობენ. — ვინებიი? — ერთად წამოიძახეს ტყუპებმა, თუმცა გაოცებისგან პირი თეიასაც გაეღო. — ჰო, რა გაგიკვირდათ, ჩვეულებრივი ხალხი, ვის ცხოვრებაშიც კრისტალები მხოლოდ ლამაზ ქვებად რჩებიან. გოგონა დიდხანს იყურებოდა იქით. სოფლის ბოლოს ცხენოსანი ბიჭი გამოჩნდა — წყლის საცავიდან ცხენს ასმევდა. თარხანმა ჯიბიდან პატარა ჭოგრიტი ამოიღო. — გინდა დააკვირდე? — ჰკითხა თეიას. — მინდა. ჭოგრიტში ჩაიხედა და ცხენთან მდგარი ბიჭი მკაფიოდ დაინახა — მშვიდი, თითქოს სხვა რეალობიდან წამოსული. რაღაც უხილავი ხაზი გადიოდა ამ მხატვრულ სურათსა და მის გულს შორის.თითქოს იქით დარჩენილი სამყარო და თეიას სული ერთმანეთს უხმოდ ცნობდნენ. — გეყოს, თეია, ახლა მე გამახედე, — ცქმუტავდა ელია. არც ილია იყო მშვიდად. თეიამ ჭოგრიტი უცებ ჩამოსწია. — რომ შეგვამჩნიოს? — თვალებიდან უცებ მოიხსნა გოგონამ. მოეჩვენა, რომ ბიჭმა გამოხედა. — არა, შეუძლებელია, — თავი გააქნია თარხანმა. — მიცდია, ხელიც დამიქნევია. ვერავის შევუმჩნევივარ. ჭოგრიტი ბიჭებსაც ათხოვა. მათაც დაიკმაყოფილეს ცნობისმოყვარეობა. მალევე თარხანმა ილიას მხარზე ხელი დაადო: — წავიდეთ, თვალების დაზვერვის დრო მოდის. უკანა შესასვლელით დავბრუნდეთ. ისინი ჩუმად დაბრუნდნენ კოშკში, თუ არ ჩავთვლით მცირე საუბარს, რომელიც თარხანმა მთელი სერიოზულობით წამოიწყო: — სამივემ უნდა დაიმახსოვროთ და გაიაზროთ, რომ ზოგი სიმართლე არ გიცავს და რისკის ქვეშ გაყენებს. ეს ადგილი ყველაზე კარგად ამშვიდებს, მაგრამ ზღვარია. თუ ოდესმე გადაკვეთთ, შესაძლოა მესაზღვრეობას დაემშვიდობოთ. — არაა, რას ამბობ, იქ რა გვინდა?! — კარგად გვესმის, რასაც ამბობ, იქ არაფერი გვესაქმება. ერთი მეორეს დაასწრეს ტყუპებმა პასუხი. თეია კი მათ ნათქვამზე თავს დასტურად აქნევდა — თუმცა იგრძნო, რომ მის შიგნით რაღაც სწორედ ამ „არასდროსში“ დაიმალა. ტყუპებს აინტერესებდათ, თარხანის ოჯახშიც თუ ფლობდნენ პირად ქვებს, რადგან ხელზე არანაირი კრისტალის კვალი არ შეენიშნებოდათ. — გვაქვს, — თქვა თარხანმა. — მაგრამ მათი ძალა შეზღუდულია. ჩვენც კრისტალოსნები ვართ, ოღონდ სხვა წესით. ჩვენი კრისტალები ხელზე არ იბეჭდება და მათთან ისეთი კავშირი არ გვაქვს, როგორიც თქვენ გექნებათ. ვირთაგვა არჩილი და დევი ბეღელა ამ საუბრით ისინი ციხე-კოშკში შევიდნენ, რა თქმა უნდა, უკანა შესასვლელით. თარხანს სურდა ცოტა ხნით ბიჭები მოენახულებინა, უკვე დარბაზთან იყვნენ მისულები, რომ მან უცებ ხელი თავში წამოირტყა: — აუ, არა!.. დედა მომკლავს! გაახსენდა, რომ სამზარეულოში კარტოფილი ჰქონდა მისატანი. — ეს ჩემი ბრალია და მე გამოვასწორებ, — დაამშვიდა თეიამ, — მე მივუტან, წადი ბიჭებთან. ბიჭები დერეფანში სხივლახტას თამაშობდნენ. ერთმანეთს სამეცადინო კრისტალებით ფეხის ტერფებზე სხივს უმიზნებდნენ. იყვნენ თავდამსხმელებიც და მცველებიც. თუ რომელიმე მცველი სხივს ვერ აირიდებდა, კედელთან დგებოდა ალიყურის მოლოდინში. ილიამ და ელიამაც უცებ მოიმარჯვეს კრისტალები. თარხანს კი ეცინებოდა — ნამდვილი თამაში თვალით არც გინახავთო, თუმცა ბავშვების გართობას მხიარულად ადევნებდა თვალს. — ოჰ, ეს ბიჭები! — ჩაილაპარაკა და დერეფანს ბოლომდე ჩაუყვა თეია. — „ალგეონის ქრონიკებში“ ამოიკითხეს, ჯერ თამაშის წესებს არ იცნობენ და უკვე თავს დებენ, პროფესიონალები ვართო. ჰო, ეს ის ბროშურა იყო, რომელიც საწოლის გვერდზე, კომოდზე დახვდათ პირველივე ღამეს. ყოველ კვირას თავისით ახლდებოდა და ახალ-ახალი ამბებით იტვირთებოდა. სტატია ცალკეულ ფანჯრებად ამოხტებოდა მათ წინ და მოვლენებს თითქოს ცოცხლად ხედავდნენ. თამაშიც ალბათ ასე — კადრებად დაიჭირეს. საკუჭნაოსთან, ჩაბნელებულ კუთხეში, გოგონამ აღმოაჩინა ვიწრო, ხვეული კიბე, რომელიც მაღლაც ადიოდა და დაბლაც ეშვებოდა. სწორედ იმ სიბნელიდან მიუახლოვდა უცნაური ფიგურა — პატარა ადამიანის ზომის ვირთაგვა, შავი, პრიალა ცხვირით და ორი ნახშირივით შავი, მრგვალი თვალით. დახვეწილი სმოკინგი ემოსა, მაგრამ აშკარა სიძველის კვალით. თეთრი ხელთათმანები კი ოდნავ გაყვითლებოდა. — ნუ გეშინიათ ჩემი, — მკაფიოდ, მაგრამ საოცრად თბილი ხმით თქვა მან და თავი დაუხარა. — მე ბატონი არჩილი ვარ. გოგონამ პირზე ხელი აიფარა და უკან დაიხია. გული ისე უცემდა, თითქოს ამოვარდნას ლამობდა. — ლაპარაკობ?! — დიახ, — მშვიდად მიუგო არჩილმა. — მთლად აქაური არა ვარ… მაგრამ ახლა თქვენ გნახეთ — და ამის ძალზედ მოხარული ვარ. თეია შიშმა თუ უხერხულობამ აიძულა უკანმოუხედავად გაქცეულიყო. თითქოს არ იყო მზად მასთან შეხვედრისთვის და მით უმეტეს — საუბრისთვის. არჩილი კი დინჯად, თითქოს თავის ჩრდილთან ერთად, სარდაფისკენ ჩაუყვა კიბეს. მისი შავი, პრიალა ფეხსაცმლის ხმა კედლებში ირეკლებოდა და აუჩქარებლად, თითქოს მიწისქვეშა საიდუმლოებისაკენ მიემართებოდა. — მისი თვალები... რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ზოგი რამ არ ქრება, — ჩაილაპარაკა ვირთაგვამ, თავი დახარა, თითქოს საკუთარ ფიქრებს ერიდებოდა. — საინტერესოა... ძალიან საინტერესო... — თქვა და მძიმე ნაბიჯებით გზა გააგრძელა. საღამოს შეკრება დიდ დარბაზში საღამომდე, ბოლო ლექციისთვის, ყველა ალგეონის დიდ დარბაზში შეიკრიბა. ეს შეხვედრა მხოლოდ სწავლას აღარ ემსახურებოდა — მასში განტვირთვის ნოტიც იგრძნობოდა. კედლებში გამავალი გამჭვირვალე მილებიდან ყრუ ბუყბუყი ისმოდა, რომელიც უნებლიეთ ამშვიდებდა ყველას. დარბაზს ამშვენებდა ჰაერში მოლივლივე სფერო-განათებები. ისინი ნელა, როგორც სავსე მთვარე ღამის ცაზე, დაცურავდნენ და რბილ სინათლეს აფრქვევდნენ. ბავშვები წრეზე დასხდნენ, ონისე კი ცენტრში დადგა. თვალებში სიმძიმე და სიბრძნე უტრიალებდა. მარჯვენა ხელზე, ცერასა და საჩვენებელს შორის, კრისტალს ფრთხილად ატრიალებდა. სწორედ ამ დროს მძიმე კარი გაიღო და ორი ქაჯი ხტუნვა-ხტუნვით შემოვიდა. დიდ კალათას მოახუსხუსებდნენ და იცინოდნენ. წელში მოხრილ, მაიმუნის ქცევის არსებებს ტურის თვალები და დინგი ჰქონდათ ადამიანის მსგავს თავზე. — ეს წითურა და რუხბეწვაა, ბეღელას დამხმარეები, — უჩურჩულა სალომეამ თეიას, რომელსაც ეტყობოდა, რომ მათი დანახვა აკრთობდა. — და თან ნერვების მშლელები, — ჩაიბუტბუტა უკმაყოფილოდ თეიამ, მაგრამ სალომეას მაინც გაუღიმა. მათ კრისტალებით სავსე კალათა ოთახის ბოლომდე ჩაიტანეს და იქ ვერცხლის ჭურჭლებში დაცალეს. მერე კი ამ ჭურჭლებით ოთახის ყველა კუთხე დამშვენდა. გაღვივებული ნაკვერჩხლის მსგავსმა ნათებამ სასიამოვნოდ დაიარა ბავშვებში. წითურა და რუხბეწვა ოთახიდან ისევ ხმაურით გავიდნენ. მათი დანახვისას, განსაკუთრებით სანდრო და ნიკოლოზი აყვნენ ემოციებს. — ბიჭოოოს, ესენი ვინ არიან?! — ნიკოლოზი ირგვლივ იყურებოდა. — თვალებით შემჭამეს, გეუბნები! — ჰაჰ! შენ კი არა, მე როგორ შემომხედეს, ეგ გენახა, ხმას ვეღარ ამოიღებდი! — წაიტრაბახა სანდრომ. — ქაჯებს ნუ შეაწუხებთ. ისინი სწორი მიდგომით კარგად იწვრთნებიან, მაგრამ ბავშვებთან დიდად ვერ მეგობრობენ, — მათი ოხუნჯობის შემხედვარემ, ათასწლოვანმა მესაზღვრემ, რამდენადაც შეეძლო, რბილად მისცა მითითება. როცა სიწყნარე ჩამოწვა, ონისემ შესავალი გააკეთა: — აქ თქვენ ისწავლით მითოსს, ანუ ჩვენს ისტორიას. ხრიდოლს — რომ ფიზიკურად ივარჯიშოთ, და ბოლოს — კრისტალებთან შეხვედრის წესებს. ცეკვა-სიმღერაზე აღარაფერს ვამბობ — ისეთივე ჯადოსნობითაა სავსე, როგორც სწორი სუნთქვა ან დადებითი ფიქრები. მერე კი... — აქ პაუზა გააკეთა და ისე გამოაცხადა, როგორც უდიდესი მოვლენა: — თქვენ მზად იქნებით სხივლახტისთვის! ბავშვებს სიხარულის ტალღამ გადაუარა, ისეთმა, როგორზეც ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავდნენ, მაგრამ მოუთმენლად მოელოდნენ. შემდეგ კი ონისეს გვერდში ამომდგარმა გივარგიმ გამხიარულებული ბავშვები დააშოშმინა და აიმაღლა ხმა: — კრისტალები უბრალო ქვები არ გეგონოთ — ისინი ცოცხლები არიან. ზოგს მთაში სძინავს, ზოგს — მდინარის ფსკერზე, ზოგს კი — ტყის გულში. თქვენს პირად კრისტალს თქვენ ვერ აირჩევთ. ის თავად გიპოვნით, როცა მზად იქნებით. აქ ისევ გაისმა ოვაციები. გივარგი მშვიდი იყო, უძირო ბალანსივით. — ჩვენ ჯადოქრები არა ვართ. მაგრამ წესებით ვცხოვრობთ — და ამ წესებში ზებუნებრივი ძალების ფლობაც შედის. მთავარი წესი მარტივია: სუფთა გულის გარეშე ისინი არ დაგემორჩილებიან... მოკლედ რომ ვთქვათ, უნარები უსაზღვროა — ისევე, როგორც მათით სარგებლობის ნიჭი. — როგორც გავიგეთ, — ხელი ასწია რიწამ, — როცა ძალას ემოციით უშვებ, ის უმართავი ხდება. შედეგი ან უკეთესია… ან ბევრად უარესი. ონისემ თავი დაუქნია და უპასუხა: — ძალების ბალანსი მაშინ მიიღწევა. როცა მართავ გონებით — ბრძანება ზუსტ პასუხს გაძლევს. ბალანსი კი იდეალური მდგომარეობაა: გული და გონება ერთად. საუკეთესო შედეგი სწორედ აქ იბადება. ამას მხოლოდ უმაღლესი დონის განსწავლით აღწევს კრისტალის მფლობელი. ბავშვები მართლაც პირდაღებულები უსმენდნენ, აღფრთოვანებულები და მოწყურებულები. ამჯერად თეიამ გადაუჩურჩულა სალომეას: — ონისე ძალიან მკაცრი და ფიცხი ჩანს, მისი მეშინია კიდეც. — გივარგი კი პირიქით, ცდილობს ცივი ჩანდეს, მაგრამ უფრო მშვიდია, არა? — სიტყვა მიაგება ხუჭუჭთმიანმაც. — კრისტალი ძალას გაძლევთ, — აგრძელებდა საზღვრისმცველი გივარგი, — მაგრამ ის არ მოდის უფასოდ. თუ გულში ბოროტება გექნებათ, ქვა გაგთქვავთ. ადრე თუ გვიან, ენერგიას ცუდად შემოგიბრუნებთ. თუ გულწრფელები იქნებით — ის გამარჯვებას მოგიტანთ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე... მათ მარტივ ბრძანებებს ვაძლევთ სიტყვით ან გულში. გახსოვდეთ: მისი ძალა მხოლოდ თქვენთან ერთად იღვიძებს. გივარგის შავი და ონისეს იისფერი ქვები კი, საჩვენებელ ვითარებაში, საოცრად ელავდნენ, იკვამლებოდნენ და სრულყოფილ ფორმებს იღებდნენ. ბავშვები პირდაღებულნი უყურებდნენ და ცდილობდნენ, თვალით არ ჩამორჩენილიყვნენ სხივთა ამ საოცარ თამაშს. — და სხივლახტი? ამისთვისაც კრისტალები ხომ დაგვჭირდება? — ემოციურად წამოიყვირა მირიანმა. ონისემ კოპები შეკრა. გივარგიმ კი სათვალის ზემოდან გახედა ონავარ ბიჭს და მოთმინებით აუხსნა: — სხივლახტისთვის ქვა ყველას ერთნაირი დაგირიგდებათ. ისინი ნელ-ნელა თქვენთან ერთად გაიზრდებიან, შეგიცნობენ და ჩამოყალიბდებიან იმ არსის ქვად, რომელიც გჭირდებათ. დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა. სწორედ მაშინ კარი გაიღო და ფეხაკრეფით შემოვიდა ქალი, ზღვისფერებში ჩაცმული — მკაცრი, მაგრამ მშვენიერი. თავი ოდნავ დაუკრა მცველ-მესაზღვრე ძმებს და ბოლოში ჩამოჯდა. რიწამ ჩურჩულით უთხრა სალომეას: — ის ლამარიელია… ღვთისმსახური. — შენ რაღა იცი? — ეჭვით გადახედა სალომეამ. — ყველას ასეთი ფერის კაბა და მანდილი მოსავს. მითოლოგიის სახელმძღვანელო ხომ მოგცეს. სალომეამ თვალები გადაატრიალა. ალბათ გაიფიქრა — ამ გოგოს უკვე მთელი წლის მასალა გადაუკითხავსო. თეიას, რომელიც სალომეას მეორე მხრიდან ეჯდა, ეს სიტყვები გულში ჩაეჭრა — როგორც უცხო კარზე პირველი კაკუნი. „ლამარიელი“… სიტყვა თითქოს მსუბუქად ითქვა, მაგრამ მასში რაღაც ძველი და მძიმე იყო — თითქოს ვიღაცამ უხილავი ძაფი მის სახელთან მიაბა. დევი ბეღელა ეზოში მოგვიანებით, როცა ვახშმის დრო დადგა, ეზოდან ხმაური შემოესმათ. თეია გარეთ გავარდა და უზარმაზარი ორთავა დევი დაინახა, მორის ქვეშ მოქცეული. მან როგორც იქნა ფეხი გაინთავისუფლა, მაგრამ ტკივილისგან ბრდღვინავდა — ერთი თავი ღრიალებდა, მეორე ყმუოდა. — საწყალი… ეს ხომ ბეღელაა?! — წამოიძახა და მისკენ გაიქცა. ფრთხილად შეეხო მის ფეხს და დაინახა — ცერა თითი ძლიერ ჰქონდა დაზიანებული. დევი ტიროდა. — მტკივა... მტკივა... — ლუღლუღებდა მოუქნელი და ღონიერი არსება. — ახლავე დავბრუნდები, ასე იყავი, არ ადგე! — უთხრა გოგონამ და კოშკში გაიქცა. მალევე დაბრუნდა მელანოს მალამოთი, რომელსაც ფიჭის სანთლის სურნელი ჰქონდა. ნაზად წაუსვა და თითიც გადაუხვია. მთელი ქილა დააცალა და მთელი რულონი ბინტიც. დევის თვალები ოდნავ დაცხრა, ერთმა თავმა მადლიერად ჩაიცინა, მეორემ კი ჩუმად ამოისუნთქა. გოგონამ ვახშამი გამოტოვა. როცა ბრუნდებოდა, ონისემ მკაცრად ჰკითხა: — სად იყავი? ვახშამი გამოტოვე. — არ ვიყავი მშიერი, — წყნარად უპასუხა ჭორფლიანმა ქალბატონმა და ფაფუკი თმების რხევით მოცილდა მას. ონისემ ღრმად ამოისუნთქა, მერე გაეღიმა. — რა გამორჩეულია ჩემი გოგო... — ჩაესმა იმ იდუმალი ქალის ხმა, რომელიც უკნიდან ამოდგომოდა. როცა მისკენ მიიხედა, ქალის ლამაზი სახე და ღიმილი სითბოს ღვრიდა. — ჩშშ, გაჩუმდი, ქეთევან... ღვთის გულისათვის! ის საღამო სიჩუმით დასრულდა. იმ სიჩუმეში უფრო მეტი ითქვა, ვიდრე სიტყვები შეძლებდნენ. თავი 12 — ქეთევან ლამარიელი მზარეული, უსაყვარლესი მელანო და მისი ქალ-ვაჟი, ძალიან გამრჯე და კეთილი ხალხი ჩანდა. პირველივე გამასპინძლებიდან, მათი შრომისა და მხიარულების შემყურე თეია აღფრთოვანებული იყო. სხვა პატარა, მომავალი მცველ-მესაზღვრეებიც დერეფნებში ჩუჩულებდნენ მათ ამბებს. — ისინი მამლის ყივილამდე დგებიან, ჩემო ბატონო, აბა?! — რბილი, მელოდიური ხმით ჩაილაპარაკა იმერელმა მესტვირემ და თან თავის საკრავს თითები გადაუსვა. — თქვენ ის თუ იცით, ძამია, აქაურ შენობებსა და სამზარეულოებს აურას რომ უწმენდენ ყოველდღე? — ცქვიტად უპასუხა გურულმა მეგობარმა. — ჰო, აბა?! კრისტალებითაო, — ხმამაღლა გამოეპასუხა სანდრო, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თვალები აქეთ-იქით მოატარა. — ღამ-ღამობით ამ ქვებს სულ ცვლიან თურმე, დაცლილებს კიდე მთვარის შუქზე ტოვებენ ბანზე, რო გაიწმინდოს და თავიდან დაიმუხტოს. აი, ეგრეა, თუ არ გჯერათ! — კვლავ რომ მიმოიხედა, კიდევ დაამატა, — ჩემი თვალით ვნახე, კაცო... როგორ ემატებოდათ ბზინვარება იმ სიბნელეში! — ე, მაგი რაია, ბიძია! მე თარხანმა მითხრა, ყველა ბუხარს მე ვანთებო და სხვა ბევრი საქმეც მაკისრიაო, — საუბარში კვლავ ცოცხლად ჩაეჭრათ გურული მირიანი, რომლის მზისფერი ჭორფლები სიცილისას ერთიანად ათამაშდა. — აბა, თქვენ გგონიათ, აქ მარტო ხმლის ქნევაა? იმდენი საქმე აქვთ, თავპირს ვერ იბანენ, მარა მაინც სულ იღიმებიან, ჩემო ძამია! ტყუილი კი არ უთქვამს იმ კაცს. — ის თხუთმეტი წლისაა, ბიჯო, ლილე კიდე — ცამეტის. ჩვენზე დიდები არიან. აი, მე ჯერ ათის ვარ, ჩემი ძმაც ათისაა, მაა?! — პირდაპირ სიტყვით მიუახლოვდათ ელია. ამაზე იქ მყოფ ყველას გაეცინა, რადგან არავისთვის იყო გასაკვირი, რომ ეს გაჭრილი ვაშლივით იდენტური ძმები ტყუპები იყვნენ. სალომეას ლილესგან გაეგო, რომ მგელიკა ჩახრუხაძე — თარხანის და ლილეს მამა, მეტყევეც იყო და დარაჯიც. შრომით ალგეონში არცერთ მესაზღვრეს ტოლს არ უდებდა. შეიძლება ითქვას, რომ საქმე არ არსებობდა, რაშიც ის და მისი ოჯახი არ მონაწილეობდა. — მეც გამიგონია… აქა ხევიდან ჩამოსულანო… — თბილი, მშვიდი კილოთი ჩაერთო საუბარში რაჭველი ანა, რომელიც იმ წამს შეუერთდათ, — იქინე მზვერავები ყოფილან, აბა… — რაღაც მეც ვიცი, ჰო! — არ აცადა საუბრის დასრულება სანდრომ და მტკიცედ ჩამოაყალიბა, — თურმე მგელიკა სხივლახტს შესანიშნავად თამაშობდა. ერთი სული მაქვს, მეც მალე დავიწყო ვარჯიში. ერთი-ორი ისეთი ილეთი კი ვიცი ჩემი კუთხიდან, აქაც რო გამომადგეს! — ლილემ მითხრა, რომ ეს თამაში პაექრობა კი არა, ერთმანეთის გატანა და მეგობრობაა, — ლამაზი, დამამშვიდებელი ღიმილით დასძინა რიწამ, რომელსაც არ მოსწონდა სანდროს ამპარტავნული ტონი. ეს ქერათმიანი ლამაზმანი ხომ მშვიდობის მტრედს ჰგავდა. — მათაც აქვთ კრისტალების ამოქმედების გარკვეული უნარი. ასეთ ხალხს აქ კრისტალოსნებს... — აბა, გეყოფათ ლაილაი და ყურების ცქვეტა, ამ დერეფანში რას უდგახართ? თუ დანაყრდით, აქეთ მობრძანდით! — გულიანად შემოუძახა ონისემ, — დღეს ჩვენი სულიერი და — ქეთევან ლამარიელი უნდა წარგიდგინოთ, წავიდეთ ბანზე. ბანი მეოთხე სართულზე იყო გაშლილი და გალავნის შიდა ხაზს მიუყვებოდა. აქ ტარდებოდა გაკვეთილი — ადგილზე, საიდანაც ჩანდა ის, რასაც ქვემოდან ვერავინ ამჩნევდა, ალგეონის თვალწარმტაცი შემოგარენი. ხის სვეტებიანი დერეფანი პირდაპირ ღია სივრცეში გაიჭრა და თან გაიყოლა გოგო-ბიჭები. შორიდან შხარა გადმოჰყურებდა მიდამოს — თეთრი, მშვიდი და უძრავი. მის გვერდით თეთნულდმა გამოანათა ნისლების საფარველიდან, შორიახლოს კი უშბას ორთავიანი, მრისხანე მწვერვალი გამოიკვეთა. ეს მთები რაღა თქმა უნდა, ორივე სამყაროს ამშვენებდა. მხოლოდ ერთი განსხვავება იყო — ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევდნენ მცველ-მესაზღვრეების ზონას, რომელიც ფარულად, ნისლისა და უძველესი ჯადოსნობის მიღმა იცავდა მათ სამყაროს. შუადღის მზეზე ყოფნა სასიამოვნოც იყო და ძალის მომცემიც. ბავშვები ჩვეულებრივ ტანსაცმელში დადიოდნენ და სიცივეს სულაც არ ეპუებოდნენ, მაგრამ გაკვეთილებზე ტრადიციული სამოსის ჩაცმა არჩიეს. დროთა განმავლობაში ისე შეეჩვივნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტანისამოსს, ჩოხებსა და მოქარგულ კაბებს, რომ ხშირად აღარც იხდიდნენ. ბანზე გაშლილ ბავშვებს მზის სხივები ეთამაშებოდათ, როცა მათი ყურადღება მოულოდნელად ქალის გამოჩენამ მიიპყრო. ზღვისფერი კაბა ეცვა, მისი თავსაბურავი კი სიოსთან ერთად ნაზად, თითქოს ტალღებზე ელივლივოს, ისე ირხეოდა. ქალმა წინ გადადგა ნაბიჯი და მისი მარჯვენიდან ცისფერმა ნათებამ ბავშვებს გრილი შხეფებივით გადაუარა. — დალოცვილები იყავით, მომავალო მცველ-მესაზღვრეებო, — თქვა მან. მის ხმას საოცარი სიმშვიდე და სითბო მოჰქონდა, თუმცა შიგა და შიგ ყინულის კრისტალებივით მჭრელი ნოტებიც იგრძნობოდა. მისი მცენარეული, ზღვის სინოტივით გაჯერებული უცნაური სურნელი ბავშვებს სასიამოვნოდ აბრუებდა. ქალის იდუმალ ენერგიასა და სილამაზეს ყველა გრძნობდა. გამომეტყველება ცივი ჰქონდა, მანერები — მკაცრი და თავდაჭერილი, რაც მის სინაზეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ეს განსაკუთრებით შეამჩნია თეიამ: ლამარიელი თითქოს განგებ არ უსწორებდა მას თვალს, მზერა სწრაფად გადაჰქონდა სხვა ბავშვებზე, თითქოს რაღაცის ეშინოდაო. გოგო-ბიჭები ერთმანეთს მიყუჟულები ჩამწკრივებულიყვნენ. ონისემ ხელით ანიშნა, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ. — დღეიდან, ჩვენი მეხუთე მესაზღვრის პასუხისმგებლობით აღჭურვილი ქეთევანი, თქვენს განკარგულებაში იგულეთ. გრძნეული ქალი ხელს მძიმედ, ოდნავ გაჭირვებით ამოძრავებდა. ფერდის ჭრილობა, რომელიც ბრძოლაში მიეღო, ჯერ კიდევ ახალი იყო და უფეთქავდა, მაგრამ მისი ნატიფი ფეხის ნაბიჯი მაინც მტკიცე და ამაყი ჩანდა. თვალი კვლავ ყველას გადაავლო, თითქოს თითოეულ ბავშვში სინათლის მიძინებულ ნაპერწკალს ეძებდა. — კრისტალოსნები ეს ის ხალხია, ვისაც კრისტალებმა მოუხმეს. აქ გრძნეულებით სავსე მზერა მოავლო ახალწვეულებს — იცოდეთ, შემთხვევით აქ არავინ მოხვედრილხართ. თუ თქვენს მარჯვენა ხელს არ ექნებოდა ეგრეთ წოდებული „კრისტალის ძარღვი“, რომელიც აქამდე გულისხმასავით გესაუბრებოდათ, აქ ვერ აღმოჩნდებოდით. აქ ბავშვებს მოულოდნელი ემოციის ტალღამ გადაუარა. ზოგმა მაშინვე ხელისგული შეითვალიერა. ვიღაცამ აღელვებულმა ჩაილაპარაკა: „ამას ხომ სულ ვგრძნობდი?!“ სხვამ კი უცებ წამოიძახა: „გამუდმებით რაღაც მჩხვლეტდა აქ!“ და მეორე ხელით მარჯვენის ცერა და საჩვენებელს შორის ადგილზე მიუთითა. ბავშვები დამფრთხალი და გაოცებული თვალებით უყურებდნენ საკუთარ ხელებსაც და ლამარიელსაც. — დაბადებიდან თქვენში საზღვრის ანარეკლი ჩანდა და ეს ანარეკლი აქამდე ფარავდა თქვენს ნამდვილ გზას უბრალო ადამიანთა სამყაროში. აქ კი, ალგეონში, პირველად გაიგებთ, რატომ იყავით სხვებისთვის ყოველთვის „უცნაურები“. მერე კი უფრო მძლავრად, თითქოს შინაგანი ბრძანებით, აენთო ქეთევანის კრისტალი. — თქვენ ჩემგან უნდა ისწავლოთ, თუ როგორ შექმნათ და მართოთ სინათლე, — დაიწყო მან და აღმართული ხელიდან, ცერასა და საჩვენებელს შორის მყარად ჩამჯდარი აქვამარინი ნაზად შეარხია. პატარა, ლურჯი სხივი ავარდა ჰაერში, წრედ გაიშალა და მათ თავს ზემოთ მსუბუქად, წრიულად ამოძრავდა. — სინათლე მხოლოდ მაშინ გემორჩილებათ, როცა გული რიტმში ძგერს და სუნთქვა მშვიდია. ახლა კი, რადგან ჯერ პერსონალური ქვები არ გწვევიათ, საცდელ, სამუშაო კრისტალებს დაგირიგებთ. მას ონისე დაეხმარა და ოქრომკედით მოქარგული ბალიშით სხვადასხვა ფერის თუ ზომის კრისტალები ჩამოარიგა. — სცადეთ, ნუ მოგერიდებათ. კრისტალი უბრალოდ ხელში დაიკავეთ, მჭიდროდ, მაგრამ ძალდატანების გარეშე. გაითავისუფლეთ თავი ზედმეტი ფიქრებისგან და თავდაჯერებულად იმოქმედეთ, მაგრამ მსუბუქად. — ისე საუბრობდა, ხელის ნატიფი მანევრირება არ შეუწყვეტია ქალს. ბავშვები ერთიანად მოტივირებულები ცდილობდნენ კრისტალების გამოცოცხლებას, მაგრამ ქეთევანის მზერა უცებ თეიაზე შეჩერდა. ქალი წამით შედრკა, თითქოს სიტყვა გაუწყდაო. ამჯერად ამ მზერას ვეღარ მალავდა — იქ, საოცარი სიმკაცრის მიღმა, ისეთი უძირო სევდა და სინაზე იკვეთებოდა, რომელიც სხვა არავის შეუმჩნევია. თითქოს ამ წამს ბანზე მხოლოდ ის ორნი იდგნენ. თეიამ დაბნეულმა დახარა თავი, გული მკერდში უცნაურად, გამაფრთხილებლად აუჩქარდა. „ეს თვალები... ნუთუ მართლა მე მიყურებს?“ — გაიფიქრა გაოცებულმა. თავი სწრაფად გააქნია, რათა, როგორც ქეთევანმა ურჩია, ფიქრებისგან განთავისუფლებულიყო. მაშინვე თავის გამხნევება სცადა და ისევ სინათლის შექმნას მიუბრუნდა. მაგრამ ქეთევანი მაინც თვალს ვერ სწყვეტდა მის სახეს. მხოლოდ მერე დაიძრა და მზერა სხვაზე გადაიტანა, როცა მიხვდა, რომ ონისემ ეს პაუზა შეამჩნია. — გახსოვდეთ, — თქვა კვლავ მკაცრი, შეურყეველი ხმით, — სინათლე თქვენშია. ის უნდა გამოავლინოთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მზად იქნებით. აბა ვნახოთ, ვინ გულით და ვინ გონებით შეძლებს მართვას. მაშ, ხმამაღლა და თამამად: — აინთე! და მალევე: — სალომეა... რიწა... კარგია, გოგონებო! მართლაც, ყველა ბიჭი ამ ორ გოგონას შეჰყურებდა. ისინი ხელით ისე ენერგიულად იქნევდნენ კრისტალს, თითქოს ტანსაცმლიდან მტვერს ფერთხავდნენო. ყველას გაეცინებოდა ამ მოძრაობაზე, რომ არა საოცარი შედეგი: მათი კრისტალები კაშკაშა ნაპერწკლებს ყრიდა ჰაერში და ეს საკმარისი იყო, რომ დანარჩენებს გაოცებისგან პირი დაეღოთ. თეია ოდნავ დაბღვერილი უცქერდა ხან მათ, ხან გრძნეულ ქალს. ქეთევანის უცნაურ მზერას ის სრულიად დაებნია და მთელი კონცენტრაცია დაეკარგა. მისი კრისტალი ჯერ კიდევ ცივი და მქრქალი იყო. — სანდრო, ბიჭო, შენც გამოგდის, ხედავ?! — სიხარულით დაუყვირა ნიკოლოზმა, რომლის ხმაც საერთოდ იშვიათად ისმოდა ხოლმე, გარდა იმ გამონაკლისებისა, როცა სამზარეულოში მელანოს გაკეთებულ საჭმელზე ეთქმოდა საქებარი. ონისემ კმაყოფილმა შემოჰკრა ტაში და მისი საფირონის იისფერმა ელვამ ბავშვების მიერ გაფანტული ნაპერწკლები ჰაერშივე შეაგროვა. — პირველ შედეგებს სამახსოვროდ შეგინახავთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველას ერთნაირად გამოგივიდათ. დღეისთვის საკმარისია, არა, დედაო?! ქეთევანი თავის მსუბუქი, დახვეწილი დაკვრით დაეთანხმა მას. ის არც ისეთი ასაკოვანი ჩანდა, როგორც ონისე ან სხვა ძველი მესაზღვრეები, მაგრამ არც მთლად ახალგაზრდა — ასე, 40 წლამდე იქნებოდა. გრძელი, ოქროსფერი თმის სქელი კულული მხოლოდ წელთან მოუჩანდა თავსაბურავიდან. სახეზე ისეთივე ძლივს შესამჩნევი ოქროსფერი ჭორფლები დაჰკროდა, როგორც პატარა თეიას, თითქოს ორივესთვის მზეს ერთი და იგივე ნაკვალევი დაეტოვებინა. მისი ტანსაცმელი მკაცრი იყო, სულ დახურული — სქელი ოქრომკედის ქამარი მხოლოდ მანევრირებისას გამოუჩნდა, ასევე — ოქროს მძიმე სამაჯურები მკლავსა და მაჯებზე. მაგრამ მისი უძირო თვალების ცივი სითბო მაინც ყველაფერს ამსხვრევდა გარშემო. ჰო, ასე ასკვნიდა თეია პირველი: თვალები ხომ მთის მდინარე არაა, მხოლოდ ცივი რომ იყოს — ქეთევანის თვალების სხივი ერთდროულად ცივიც იყო და საოცრად თბილიც. ქალმა ბოლოს ხელის მკვეთრი, წრიული მანევრით ცაზე ულამაზესი ცისარტყელა შექმნა და წარმოთქვა ნაზი, თითქმის ნამღერი სიტყვები: — ცისარტყელა მშვიდობის ზავია ღვთისგან. ვიდრე ფერადი ცისარტყელა ამშვენებს ცას, იქამდე არ განადგურდება კაცობრიობა... ეს ხომ იცოდით, ბავშვებო? ყველა ბავშვი თავაწეული, სუნთქვაშეკრული ტკბებოდა სანახაობით, სადაც წვიმისა და მზის გარეშე, ლურჯ ცაზე თაღად გადარკალული ცისარტყელა ელვარებდა. მერე უცებ ხელი დაუშვა ქალღმერთის მსგავსმა. მას ონისემ მაშინვე თბილი მოსაცმელი გაუწოდა. ქეთევანმა სქელ საყელოში ჩარგო თავი, ზურგი შეაქცია მათ და წავიდა ისეთივე ლამაზი, ამაყი რხევით, როგორითაც მოვიდა. თეიას მისი ცივი მზერა გულში კვლავ ეთბო, სხვებს კი ისევ ეცივათ — როგორც შორიდან მოცქირალი კავკასიონის მწვერვალების უცვლელი, თეთრი ყინვა. თავი 13 — ბავშვების მისია: კრისტალების გაცნობა (ბეღელას საჩუქარი თეიას) მადლიერმა ბეღელამ გადაწყვიტა, დილისთვის გოგონა ისე გაეხარებინა, როგორც მხოლოდ თავად შეეძლო — ჩუმად, მაგრამ დიდი მასშტაბით. სანამ თეიას ეძინა, მის საძინებლის ფანჯარასთან უზარმაზარი სასრიალო მიამაგრა. მოლიპული, გველივით დაკლაკნილი და ისე მყარად მიდგმული, თითქოს იქ ყოველთვის ყოფილიყო. სასრიალოს თავში პატარა, ორფრთიანი კარი ჰქონდა. რომ გააღებდი, გზას თავად წყვეტდი: თუ მარჯვნივ გასწევდი — სასრიალო პირდაპირ სავარჯიშო მოედნისკენ გაგაქროლებდა და გრილი ქარი სახეში შეგეჯახებოდა; თუ მარცხნივ გახსნიდი — მრუდესავით მოხვეული მილი სულ სხვა მხარეს უხვევდა და ბოლოს პირდაპირ სამზარეულოსთან ჩაგსვამდა, სადაც დილა უკვე თბილი პურის სურნელით იწყებოდა. თეიამ თვალი რომ გაახილა და ფანჯრიდან სასრიალო დაინახა, ერთი წამით გაოცდა, მერე კი მხიარული სიცილით გადაეშვა ქვემოთ. ქარში თმების ფრიალით მიქროდა — თითქოს თავად ამ ულამაზეს დილას გამოქცეოდა. — ნახეთ! ნახეთ! ბეღელამ რა ქნა! — გაისმა ეზოდან. ბავშვები წამებში გამოცვივდნენ. ყველას უნდოდა ეცადა „ბეღელას ახალი გზა“. ერთი მეორეს მიყოლებით სრიალებდნენ, პირდაპირ რბილ თოვლში ეფლობოდნენ, სიცილით დგებოდნენ და ისევ მაღლა გარბოდნენ. ეზო ერთიანად აივსო ისეთი ჟრიამულითა და სიცილით, რომელიც ცივ ქვასაც კი გაათბობდა. იმერელმა სებემ ვეღარ მოითმინა, თეფშზე დაყრილი ფქვილის ქულასავით ხმა ამოუშვა და იმერულად, მელოდიურად შესძახა: — ეს ბიჭი კარგად თამაშობს, ორერაა! — და გულიანი სიმღერა წამოიწყო. პირველი, რა თქმა უნდა, გურული მირიანი აყვა — ხმამაღლა, მთელი გულით. მერე დანარჩენებიც აყვნენ. სიმღერის ხმები მთელ ალგეონში გაიფანტა — თითქოს თვით თეთრმა მთებმაც გაიღიმესო. მაგრამ ალგეონში სიმღერა უბრალო ხმა როდი იყო. აქ ყოველ ნოტს თავისი სიხშირე ჰქონდა — უხილავი ძაფივით ებმოდა აქეთა და იქითა სამყაროს. ზოგი სიმღერა სიყვარულს ატარებდა, ზოგი — ბრძოლის სიმამაცეს, ზოგი კი — ტკივილსა და განკურნებას. ბავშვებმა ეს ჯერ, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ. მაგრამ სებე რომ ამღერდა, ჰაერი თითქოს უცნაურად აღელდა. ბეღელას სქელი ულვაში ოდნავ შეირხა; რაღაც ძველი გაახსენდა — ისეთი, დიდი ხნის წინ მივიწყებული, მაგრამ გულში არასოდეს გამქრალი. შორიდან მჭვრეტელმა ვირთაგვა არჩილმაც კი თავი ასწია და პატარა ყურები აიწკიპა. — რას მღერი, სებე, ეგ რაია? — ჩუმად იკითხა ხუჭუჭთმიანმა. — არ ვიცი... თავისით მოდის, აბა?! — მხრები აიჩეჩა სებემ და სიმღერა მაინც არ შეუწყვეტია. უცებ ყაბალახიან ვაჩეს საშინელი სლოკინი აუვარდა: — ჰიქ... ჰიქ... — თვალები გაუფართოვდა ბიჭს, — მე... მე ვერ ვჩერდები, რა მჭირს, და?! — სუნთქვა შეაჩერე, მალე! — ხელი მოკიდა ელიამ. ვაჩე ჭარხალივით რომ გაწითლდა და გაიბერა, მერე შეუძახა: — ახლა ისუნთქე! მაგრამ სლოკინი მაინც არ წყდებოდა, თითქოს ჰაერში აყოლილ ნოტებს ებრძოდა. — არ შეგეშინდეთ, — ბეღელამ პირველად დაიროხროხა მტკიცედ და მკაცრად, — ასე ხდება ხოლმე. ძალა ყველას თავისი უცნაური გზით ეხმიანება. ამ დროს თეიას თვალებში უცნაური, ღრმა სინათლე აინთო. თითქოს სებეს სიმღერამ მის გონებაში საიდუმლო კარი გაუღო — წამით თვალწინ გაურბინა უძველესი წარსულის ფრაგმენტებმა. მან ცხადად დაინახა: ძველი მცველები და მესაზღვრეები როგორ იკრიბებოდნენ ყოველ წელს, თებერვლის ბოლო ღამეს — გაზაფხულის მოსვლამდე. მთვარე ზუსტად შუა ცაზე იდგა, ალგეონის კოშკები კი შიგნიდან სინათლით ივსებოდა. ისინი მღეროდნენ და ცეკვავდნენ ისე, რომ თვით ჰაერი იძროდა მათ გარშემო. ხელში კრისტალის მძლავრი ჩირაღდნები ეჭირათ. ისმოდა სალხინო, საბრძოლო და სამახარობლო ხმებიც. ყველაფერი — ცეკვაც და სიმღერაც — უძველეს ქართულ სულს ატარებდა და ორივე სამყაროს შორის მყარ ხიდად იქცეოდა ხოლმე. ამბობდნენ, სწორედ ამ მისტიკურ ღამით იბადებოდა ახალი ძალაო. ასე ეგებებოდნენ უძველესი ალგეონელები გაზაფხულს, ცეცხლოვანი ნათებით და მხიარულებით. თეიამ ეს ყველაფერი თავად იხილა საკუთარი თვალებით. ზესვანეთის თოვლიან მწვერვალებს ზემოთ, ცეცხლის ალებში, თორმეტი ქალ-ვაჟი ცეკვავდა — ალგეონის უძველესი მცველ-მესაზღვრეები. გივარგი და ონისეც იქვე იყვნენ — ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები, შემართულები. წარსული და აწმყო გოგონას სუნთქვაში ერწყმოდა ერთმანეთს. თეია დუმდა. ასეთი უცნაური, ხილვითი უნარი ბავშვებიდან სხვას არავის გამოევლინა. მერე გონს მოეგო და ხმამაღლა მხოლოდ ბეღელას დაუძახა: — უღრმესი მადლობა, ბეღელ! ბეღელამ მადლიერებით დახარა თავი. მის ხმაში უჩვეულო სითბო და ძველი ძალა ერია: — მადლობა შეენ, ჩემი ფეხის მორჩენისთვის, თეიაა... საღამოს, როცა მზე მთების მიღმა გაწითლდა, თორმეტივე ბავშვმა ნელა მოიყარა თავი ბანზე ასასვლელად. კიბეები ძველი და ცივი იყო — ისეთი, თითქოს წარსული ბრძოლებისა და დაღვრილი სისხლის ამბებს ჩურჩულებდნენ. ზემოთ ასვლისას თეია გვერდით მომავალ ილიასა და ელიას მიუბრუნდა და ხმადაბლა უთხრა: — ქეთევანი აქ ახალია. — საიდან მიხვდი? — ელიამ გაკვირვებით ასწია წარბი. — მეხუთე გახდა. როცა მესაზღვრეებიდან მეხუთე და მეექვსე დაკარგეს, სწორედ მაშინ უნდა დაემატებინათ ისიც. — თან საკმაოდ ახალგაზრდაა, — ძმას პასუხი დაასწრო ილიამ. — ანუ... ივა ჩაანაცვლა? — ელიამ ხმას კიდევ უფრო აუწია. — ვგრძნობ, რომ ადამი ჩაანაცვლა. დიახ, ადამი და არა ივა, — მტკიცედ თქვა თეიამ. — ჰო, შეიძლება... მითოლოგიას კარგად უნდა ჩავუჯდეთ, თეია, შენი ისტორიაც ხომ ამ ყველაფრის ნაწილია, — თქვა ელიამ. — მეც ეგ უნდა მეთქვა, — ჩაიბუტბუტა ილიამ. — სხვებმა ჯერ არაფერი იციან, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით?! — მხრებში ამაყად გაიჭიმა ელია. თეიამ თავი ოდნავ დახარა, თითქოს საკუთარ ფიქრებში ჩაიძირაო: — ჯერ უძველეს მითებს გავდივართ, უახლესამდე კიდევ შორია. ბანზე ავიდნენ. იქ, ამაღლებულ ადგილზე, თითქოს თვითონაც ცასა და ვარსკვლავებს მიუახლოვდნენ. ტკბილეულის მაღაზიის სუვენირები: ბავშვების მისია ბანის კუთხეებში კოცონი ენთო და ცეცხლი თბილად უნაწილებდა სითბოს შეკრებილებს. ერთ კუთხეში უდიდესი ბროლის კრისტალი ბრჭყვიალა თოვლივით ლიცლიცებდა, სითბოსა და სინათლეს ერთდროულად აორმაგებდა. ბავშვები ონისესა და გივარგის ირგვლივ განლაგდნენ. ნელ-ნელა სიჩუმე ჩამოწვა — ისეთი, სიტყვასაც რომ ერიდება. მხოლოდ ქარის სუნთქვა ისმოდა, ბანზე გადაქროლილისა და მთებისკენ გაბნეულის. გივარგი სხვებს გამოეყო, მზერა ყველას მოავლო და დაიწყო: — დადგა გადამწყვეტი დრო, ნათელი მოვფინოთ კიდევ ერთ ჭეშმარიტებას. მზექალა მარაულის მაღაზიაში თქვენ შემთხვევით არ აგირჩევიათ ნივთები — მათ თავად იპოვეს თქვენთან მოსასვლელი გზა. თითოეულ მათგანს თქვენი სულის ნაწილი მოჰყვება — ეს არც ბედი იყო და არც შემთხვევა. ეს თქვენი გზის ნიშნები და მიმართულებებია, რომლებიც გზას გაგინათებენ, როცა ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელდება. წამით სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ ონისემ ხელის მსუბუქი მოძრაობითა და აწეული წარბით აჟრიამულებული ბავშვები ჩააწყნარა და გივარგის სიტყვას შეუერთდა: — ახლა კი გაიხსენეთ, თან რას ატარებთ გულთამზეს მაღაზიიდან? ბავშვები ძირს ჩამოსხდნენ. ზოგს ნივთები თანაც ჰქონდა. ამ დროს, მათ ცენტრში აღმართული ბროლის კრისტალი შიგნიდან განათდა. მისი წახნაგებიდან სქელმა, მოვერცხლისფრო ნისლმა იფეთქა, ირგვლივ შუქ-ჩრდილები ათამაშდა და ღია ცასავით ღრმა სივრცეში, თითქოს შორეული სიზმრიდან, იმ დღის ნაწყვეტები გამოჩნდა, როცა ბავშვებმა მაღაზიის ზღურბლს გადააბიჯეს. თუშმა დათამ თუშური ქუდის ქვეშ წაბლისფერი, კისრამდე დაშვებული თმა გაისწორა და მის გვერდით მჯდომს დაძაბულად გადახედა. ქერათმიანმა ვაჩემ ქვეცნობიერად ყაბალახზე იკრა ხელი. თვალები გაუფართოვდა, მზერა კრისტალის ანარეკლისთვის არ მოუცილებია, ისე ამოთქვა: — ეს ხომ მე ვარ, ჩემი ჩიტების სახელმძღვანელოთი! — მერე, შარვლის ჯიბიდან ხისგან გამოთლილი ჩიტი ამოაძვრინა, — ეს კი მესაზღვრე ბერუჩამ ჩამომიტანა ჩემი სოფლიდან. მასაც აქვს ჯადოსნობა — ჩემი ოჯახის სითბო! გივარგიმ ღიმილით დაუქნია თავი და უთხრა: — ცას თავისი ენა აქვს, ვაჩე. ზოგჯერ ის, რაც ჩვენთვის უბრალო ჭიკჭიკია, სხვებისთვის ძველი ამბავია. შენ ისეთი სმენა დაგყვა, რომელიც მალე ქარსა და ფრთების შრიალში ნათქვამს დაიჭერ. ამ დროს კრისტალის სიღრმეში ნისლი შეიძრა. ათასობით ფრთის აჩქარებული ჩრდილი აელვარდა წახნაგებზე. ციური სივრციდან თითქოს ასობით ჩიტის ერთდროული, საოცარი გალობა შემოიჭრა — ისეთი რეალური, რომ ბავშვებმა უნებლიეთ მაღლა აიხედეს, თითქოს ჭერიდან ფრინველთა გუნდი ეშვებოდა. ვაჩე აღტაცებისგან გაირინდა, თვალები გაუბრწყინდა და თავისი ხის ჩიტი გულზე მიიკრა. ამასობაში მირიანმა, რომელიც კუთხეში იდგა და თავის სასტვენს ატრიალებდა, ოდნავ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: — ნეტავ ჩემი სასტვენი რაღა ჯანდაბას უნდა ნიშნავდეს? კრისტალმა მაშინვე უპასუხა მის ხმას. ნისლმა ფორმა იცვალა და მათ თვალწინ გაცოცხლდა გულთამზეს ხელები, რომლებიც ძველებურ ნივთს საგულდაგულოდ წმენდდნენ. ქალის სახე არ ჩანდა, მხოლოდ მისი ჩურჩული გამოკრთა ბროლიდან: „ეს უბრალო ნივთი არ არის... — შენი სიმღერები მხოლოდ ჰაერის რხევა არ არის, მირიან, — მიუგო ონისემ და ბიჭს მხარზე ხელი დაადო, — ხმას შეუძლია ააშენოს და ხმასვე შეუძლია დაანგრიოს. შენ ისეთ სიხშირეებს შეეხები, რომლებიც ალგეონის უხილავ სიმებს შეაზანზარებს. ეკრანზე მირიანის მომავლის ფრაგმენტმაც გამოანათა, თუმცა ისევ — ბუნდოვნად, სიმბოლოებით. ბროლის გულში გაჩნდა მირიანის სილუეტი, რომელიც მღეროდა, მის ირგვლივ კი ჰაერი სიცხისგან ალივლივებული ატმოსფეროსავით ათამაშდა. ოქროსფერი და ლაჟვარდოვანი ენერგეტიკული ტალღები კვამლივით ტრიალებდა მის გარშემო, თითქოს თავად ბგერებს შეესხათ ხორცი. ბავშვები გაოცებისგან სუნთქვაშეკრულები უყურებდნენ ამ სანახაობას. მესაზღვრე ონისემ კი, მძიმე ატმოსფეროს განსამუხტავად, ბიჭს თვალი ჩაუკრა, თან მისი ახალი სამოსი შეათვალიერა: — ჰოდა კიდევ... ეს ლურჯი ჩოხა ისე გადგას ტანზე, თითქოს დაბადებიდანვე შენი ყოფილიყოს. მერე, ვითომც აქ არაფერიო, ონისე სებეს გადაწვდა, რომელსაც სახლის ფლოსტები აღარ ეცვა და ტანზეც უკვე ახალი, იმერული სამოსი მოერგო: — აი, სებეს სალამური კი... ეგ უბრალო ხე არ არის, შვილო. ეგ სულის სუნთქვაა. მისი ცხრა ხვრელი ცხრა ფარულ კარს ჰგავს. როცა შენი სუნთქვა ამ ხეს შეეხება, ისეთ ჰანგს გააღვიძებს, რომელიც იარებს ამთელებს. ბროლის სიღრმეში ნისლმა ისევ იცვალა ფერი. ჯერ სებეს ძველი ნაბიჯები გამოჩნდა, როცა მაღაზიას თავისი სახლის ფლოსტებით ესტუმრა, მერე კი წახნაგებზე თითქოს გაზაფხულმა იფეთქაო — მკაფიო, ცოცხალმა მწვანემ გადაუარა კრისტალს. ბავშვებს მოეჩვენათ, რომ ირგვლივ ნესტიანი ტყის, ფიჭვისა და მიწის სურნელი დატრიალდა, სადღაც შორს კი, კლდეებზე, ნიამორების ჩლიქების ხმა გაისმა. სებემ სალამურს თითები გადაუსვა, აშკარად კმაყოფილმა. სალომეამ და რიწამ — მოხევურ და აფხაზურ კაბებში გამოწყობილებმა — ერთმანეთს გადახედეს. მათ სამოსს საუკუნოვანი დიდებულების სურნელი ასდიოდა. გოგონებმა ერთად, თითქმის ერთ ხმაში იკითხეს: — ჩვენ რას გვეტყვით? — სალომეა, შენი სიზმრების კარაბადინი ფუჭი ხილვების წიგნი არ არის, — თქვა გივარგიმ და გოგონას სერიოზული მზერა მიაპყრო, — შენი ღამეები სხვებზე გრძელი იქნება. შენ ისეთ სამყაროში შეაბიჯებ, სადაც ჩრდილები ლაპარაკობენ. იქ, სადაც სხვები ვერაფერს ხედავენ, შენ პასუხებს იპოვი. — შენ კი, აფხაზეთის მზეთუნახავო, — ონისე რიწას მიუბრუნდა, რომელიც თავისი კუთხის საუკუნოვან მშვენებას ასხივებდა, — შენი ფარული რუკები ჩვენი თვალები გახდება წყვდიადში. შენი ხელი დახაზავს გზებს, რომლებსაც ბოროტება ვერასოდეს წაიკითხავს. რიწამ უნებლიეთ გაიფიქრა თავის პერგამენტის რუკებზე, რომლებიც სახლში, ფანჯრის რაფაზე ჰქონდა დატოვებული. მის ბაგესთან ნაზმა, თავდაჯერებულმა ღიმილმა გაირბინა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა: — ჰო... მათი შექმნა მართლაც მინდა. ალგეონში გზები და ბილიკები თითქოს თავად მელაპარაკებიან — რომელი საით მიდის და რომელი რისთვის ვარგა. — სანდრო, შენ ხმალს მუდამ თან ატარებ, ოღონდ მერე... როცა გაიზრდები. შენ იქნები ჩვენი იარაღების დამცველი და მათზე მზრუნველი, — დაამატა გივარგიმ. სანდროს აშკარად მოეწონა თავისი როლი, მხრებში გაისწორა და ამაყი ღიმილით იკითხა: — შეიძლება დღესვე ვნახო? ონისემ ხელი აწია, რომ მისი მებრძოლი ჟინი დაეცხრო: — მალე ნახავ იარაღების საცავს, ნუ ჩქარობ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ბროლის კრისტალის გული კიდევ ერთხელ შეირხა. ამჯერად ნიკალას სახე ამოტივტივდა — აშკარად ნამძინარევი, თმები აქეთ-იქით აჩეჩილი, პიჟამა კი ისეთი ჭრელი, თითქოს საბავშვო ნახატიდან ამოხტაო. წამში ბანზე სიცილი აგორდა. — არაა! — წამოიძახა ნიკალამ და სახეზე ხელები აიფარა, — ეს მე არ ვარ! მაგრამ კრისტალმა არ დაინდო — ნისლში მკაფიოდ გამოისახა მომენტი, როცა მან დახლიდან მსუქანი ქადა დაითრია და გემრიელადაც ჩაკბიჩა. ნიკალას ყურები აუწითლდა. უეცრად, ბროლის ნათება ერთიანად ჩაქრა. არც მომავლის ფრაგმენტი გამოჩენილა და არც რაიმე განმარტება. ბანზე მძიმე, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. გივარგიმ მზერა გადაავლო ბავშვებს, სახე დაუსერიოზულდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. თითქოს ეს სიჩუმე იმაზე მეტს მალავდა, ვიდრე ნებისმიერი კადრი. შემდეგ კრისტალმა ისევ გაიბრწყინა. ილია და ელია წინ გადმოიწივნენ, თვალებში მოლოდინი ჩაუდგათ, მაგრამ მაღაზიის სცენა არ გამოჩენილა — არც კადრი, არც ვიტრინა, არც მათი არჩევანი. — რა ხდება? — წარბშეკრულმა ილიამ ნაბიჯი კრისტალისკენ გადადგა. მოულოდნელად, ბროლიდან მკვეთრმა, თეთრმა ნათებამ იფეთქა და მომავლის გრიგალმა წალეკა სივრცე: ორი სხეული ჰაერში აიზიდა, თითქოს მიზიდულობის ძალა საერთოდ დაჰკარგესო. ისინი ქარის ნაკადებს მიჰყვებოდნენ, სწრაფ, მბრუნავ ილეთებს აკეთებდნენ ჰაერში. ელიას, როცა საკუთარი თავი ცაში მოლივლივე დაინახა, სიხარულისგან კინაღამ სუნთქვა შეეკრა. ილიამ ლოყაზე უჩქმიტა და აზრზე მოსულს თმები აუჩეჩა. — ვფრინავთ?.. — ამოიჩურჩულა ელიამ. კადრი უცებ გაწყდა, თითქოს ძაფი გააყოლესო. — და მაღაზია? — უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ილიამ, — ეგ ნაწილი რატომ არ ვნახეთ? კრისტალმა პასუხი არ გასცა, კვლავ ჩვეულ, ცივ ბრწყინვალებას დაუბრუნდა. თეია ჩუმად იდგა, კუთხეში მიყუჟული. მალე მზერა და სიტყვები მასაც მიწვდა. — ხოლო თეია... — გივარგის ხმაში უცნაური ბზარი გაუჩნდა. მის უხერხულობას ონისემ მსუბუქი ჩახველებით უპასუხა. — ჰო, თეია... ის აქ თითქოს უცხოა, — თქვა ნელა, თითქოს სიტყვებს ფრთხილად აყოლებდა ქარის მოძრაობას. როცა კრისტალში გამოჩნდა, როგორ შეეხო თეია იის ქოთანს, სანდრომ ირონიული ღიმილით გადახედა გოგონას და ხმამაღლა თქვა: — მაგ იის ქოთანს ახლაც სახლში ინახავს და რწყავს ხოლმე. ყველა ამბობს, საკუთარი ცრემლებითაო! ბავშვებს სიცილი აუვარდათ, თუმცა ეს სიცილი ჰაერშივე გაიყინა. გოგონამ დაიმორცხვა, ფერი შეეცვალა და ისე მოიკუნტა, თითქოს საკუთარ თავში ჩაძრომას ლამობდა. ერთი წამით ცრემლიც კი მოერია, მაგრამ უცებ გაახსენდა, ვინ იყო. ის სუსტი არ გახლდათ. სწრაფად მოეგო გონს, თავი ამაყად, მკვეთრად ასწია და ამღვრეული, მეწამული ჩრდილით დაფარული თვალებით შეხედა გივარგის. მის მზერაში კითხვა ყვიროდა: „მითხარი ერთხელ და სამუდამოდ — რას ვაკეთებ აქ? რა მევალება?“ გვერდით მდგარმა ანამ ეს უსიტყვოდ იგრძნო. არაფერი უთქვამს — უბრალოდ, თავისი თბილი ხელი მყარად ჩასჭიდა და მტკიცედ დაუდგა გვერდით. გივარგი სანდროსკენ მიბრუნდა, მისი მზერა ისეთი ცივი და მჭრელი იყო, რომ ბიჭს ღიმილი სახეზე შეაშრა: — ამიერიდან თეიაზე ასეთი ტონით საუბარი აღარ გავიგონო. მისი ია... ეგ უბრალო ყვავილი არ არის, სანდრო, ეგ წინასწარმეტყველების ხმაა. დადგება დრო, როცა თითოეული თქვენგანი საკუთარ თავსა და გადარჩენას ერთმანეთში იპოვის. ონისემ მრავლისმეტყველი, შეშფოთებული მზერა შეანათა გივარგის. მანაც თვალები წამიერად დახარა, თითქოს ზედმეტი წამოსცდაო. ონისემ თითქმის უხმოდ, თავისთვის ჩაილაპარაკა: — ჯერ ადრეა... ბროლის ზედაპირზე უცებ სრული, ბლანტი სიბნელე ჩამოწვა. ნისლიდან თეიას ფიგურა გამოიკვეთა — ის სრულ წყვდიადში მარტო იდგა. მოულოდნელად, შორიდან შემზარავი, მიწისქვეშა მხეცის ღრიალი გაისმა. ხმა იმდენად რეალური იყო, რომ ბანზე მყოფნი ყველანი ერთიანად წამოიშალნენ, თუმცა თავად გოგონას სახეზე შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა. წამში, თეიას სხეული ჰაერში უწონოდ აიზიდა. მისი თვალებიდან და მარჯვენა ხელის მტევნიდან მძლავრმა, მეწამულ-იისფერმა შუქმა იფეთქა. ეს არ იყო უბრალო ნათება — ეს იყო ტალღა, რომელიც წრიულად, გრიგალივით გავრცელდა სივრცეში. სინათლე გაათმაგდა... თითქოს, ეკრანის საზღვრები გაარღვია და სადაც იყო იისფერი ნაპერწკლები პირდაპირ იქ მყოფთ შეასკდებოდა სახეში. ბავშვებმა იკივლეს. ზოგმა თვალებზე აიფარეს ხელი. — აუ, ეს რა იყო?! — აყვირდა სანდრო და თეიასკენ ხელები გაასავსავა. — დაინახეთ? დაინახეთ ხელიდან რა გადმოაფრქვია? — არ ცხრებოდა ელია და გაშეშებულ ილიას მხარზე ხელს უბრახუნებდა. — ეს გოგო კოსმოსია! — აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნიკალა, რომელსაც თავისი ქადის სცენა საერთოდ გადავიწყებოდა. ბანზე ნამდვილი ქარიშხალი დატრიალდა. ბავშვების აღტაცებულმა ყვირილმა, ტაშისცემამ და ოვაციებმა ყველა სხვა გრძნობა გადაფარა — ირგვლივ ყველაფერი ამ ერთმა ემოციამ წალეკა, ისე რომ ვაჩესა და დათას უნარებზე საუბარი აღარც არავის გახსენებია. მათი მოლოდინი ამ საერთო აურზაურში უბრალოდ ჩაიკარგა. თეია დაბნეული იდგა შუაგულში. ჯერ კიდევ ჩამქვრალ კრისტალს შეჰყურებდა ამწვარი თვალებით, რადგან მეწამული ნათება ჯერ კიდევ ჩარჩენოდა მზერაში. თუმცა, მასთან მივარდნილმა ბავშვებმა, რომლებმაც კითხვები დააყარეს, ის მალევე გამოაფხიზლეს. ცისფერთვალება, სასიამოვნო სახის აჭარელი ბიჭი, ვაჩე, დათასთან მივიდა — ჯერ კიდევ უკანკალებდა მუხლები — და უთხრა: — მთის მდინარეების დამორჩილება და ცხოველების ენაზე საუბარი, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესოა. დათას გაუკვირდა ვაჩეს ნაბიჯი. ის ხომ ასე განსხვავდებოდა მისგან — ვაჩე მუდამ მოღიმარი საუბრობდა, დათა კი იბღვირებოდა და ჩუმად აკვირდებოდა ყველას. — მადლობა, — მშვიდად ჩაილაპარაკა დათამ. — როცა შენ ჩიტებთან ერთად იგალობებ, ყველა დადუმდება და ამ ძალას დაემორჩილება, — ქათინაურის თქმა სცადა დათამაც. მას კვლავ თბილად გაუღიმა ვაჩემ. — იცი? მომწონს შენი თუშური ფაფახი და ბეწვის მოსაცმელი. ნეტავ მეც მასეთი ხომ არ ჩამეცა? — შენი აჭარული ტანსაცმელიც ვაჟკაცურია, — ამოღერღა დათამ ისე, თითქოს დღეისთვის ზედმეტი ელაპარაკოსო. ბიჭებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და სხვა ბავშვებს გახედეს. ყველანი რიგ-რიგობით მიდიოდნენ გულამომჯდარ თეიასთან და მის უნარზე საუბარს ცდილობდნენ. ალბათ ძალიან დაღლიდნენ, ნაბდიანებს ტაში რომ არ შემოეკრათ და ყველანი თავიანთ ადგილებზე არ დაებრუნებინათ. სიჩუმე ისევ ჩამოწვა — ამჯერად უფრო მძიმე და ფიქრიანი. ბოლოს სანდრო ნიკალას ყურს მიუახლოვდა, რომელიც ჯერ კიდევ აწითლებული სახით იდგა: — თეიამ თავის ქოთანს მიხედოს, რა! — ჩაიჩურჩულა დაღვრემილმა, — ეგ ლიდერი მაინც ვერ გახდება! მხოლოდ თვითონვე გაეცინა საკუთარ სიტყვებზე, ნიკალას ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მაგრამ სანდროს სიცილი ბოლომდე არ გაჰყვა. გულში, თავისთვის, გაურკვეველი და მწველი შფოთი ჩაუდგა: „ეს რა იყო... რამ გაანათა ასე მისი ხელიდან?..“ პირადი კრისტალების არსი — ლეგენდარული ნათარისი და მორილაფი ალგეონის ფანჯრის რაფებზე ფიფქები კვლავ იკავებდნენ ადგილს, თითქოს საგულდაგულოდ ეწყობოდნენო. შენობაში თბილი სიმყუდროვე სუფევდა. ონისე თარგამისკენ მიმავალ გივარგის წამოეწია, ნაბიჯს აუწყო და ხმადაბლა უთხრა: — ამას წინათ შევესწარი, ბავშვები სხივლახტზე საუბრობდნენ. მგონი, ურიგო არ იქნება, ამაზე მეტი შეიტყონ. გივარგიმ სათვალეების ზემოდან შეხედა ძმას — ისე, როგორც მაშინ უყურებდა ხოლმე, როცა იდეა ერთდროულად აინტერესებდა კიდეც და აფიქრებდა კიდეც. — მშვენიერი აზრია, — თქვა დაფიქრებით, — მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, ვინ უნდა ასწავლოს. ამაზე შენც იფიქრე და საქმეს შევუდგეთ. — ეჰ... — ონისეს სახეზე სითბომ გადაურბინა, — ხომ გახსოვს, როგორ გუგუნებდა აქაურობა, როცა თორმეტივე ერთად ავტეხდით ხოლმე თამაშს? გივარგიმ მცირე პაუზის შემდეგ ჩუმად გაიღიმა: — რაღაც, ამ ბოლო დროს ხშირად უბრუნდები ახალგაზრდობას. ონისემ შავ თვალებში მყისვე დაიბრუნა ჩვეული სიმკაცრე. გივარგის სიტყვები მსუბუქი ნიშნისმოგებით იყო ნათქვამი, მაგრამ თავადაც ეტყობოდა — ბავშვებით აჟრიამულებულ ალგეონში წარსულის აჩრდილები მასაც ხშირად აკითხავდნენ. ასე, საუბარში გართულნი, ძმები დიდ დარბაზში შევიდნენ. იქ შეკრებილი ბავშვების დანახვისას გივარგიმ ხელი მაღლა ასწია და ჩვეული, მებრძოლის სიდინჯით ამეტყველდა. მის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, შავმა კრისტალმა იფეთქა. ის იმდენად მუქი იყო, თითქოს გარშემო არსებულ სინათლეს თავის წყვდიადში ისრუტავდა. — ეს ჩემი ნათარისია — შავი ონიქსი, — თქვა გივარგიმ და ქვა ბავშვებს მიუახლოვა, — მის უძველეს ისტორიას მითოლოგიის ლექციებზე ჩაუღრმავდებით. ბავშვები სუნთქვაშეკრულები დააკვირდნენ ქვას, რომლის გარშემოც ჰაერი უცნაურად ლივლივებდა. ონისემ, თავის მხრივ, ხელი გაშალა და მის ხელზე იისფერმა ქვამ მკრთალად, პულსაციასავით გაანათა. — ეს კი ჩემი მორილაფია — საფირონი. მის ამბავს თავად მოგიყვებით, როცა დრო მოვა. — ალბათ მაგიტომ იყო... — ხმამაღლა, უნებლიეთ წამოსცდა სანდროს და სასწრაფოდ მარჯვენა ხელის ცერა თითზე დაიხედა, — სულ მექავებოდა ამ ბოლო დროს. ბავშვებმა მისკენ მიიხედეს, ზოგს გაეღიმა. სანდრომ მხრები გაასწორა და დაამატა: — ჰო, რა იყო... ალბათ ჩემი ქვის მოლოდინს წინასწარ ვგრძნობდი. — მე კი... მანდ სულ სიმძიმეს ვგრძნობდი, — ჩუმად გაიხსენა ვაჩემ, თან ცერსა და საჩვენებელს შორის რბილობი მოისრისა, — თითქოს რაღაც უხილავი მიჭერდა და მაწუხებდა. — თქვენც ყველანი აღმოაჩენთ თქვენსას, — თქვა გივარგიმ და ორივე ძმამ კრისტალების ნათება დააცხრეს, — შეიძლება აქ იპოვოთ, ალგეონში, შეიძლება — ყველაზე წარმოუდგენელ, სახიფათო ადგილზე. მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: კრისტალი მხოლოდ ნამდვილ მესაზღვრეს მიეკუთვნება. როცა საათი ჩამოჰკრავს და მოინათლებით, ის თქვენთან ერთად აინთება და ბოლომდე თქვენი სულის ნაწილი გახდება. წრეში აღელვებული ჩურჩული აგორდა. — „მოინათლებით“ რას ნიშნავს?.. — იკითხა ვაჩემ, რომელსაც ცნობისმოყვარეობა თვალებში უელავდა. — ამას მერე გაიგებთ, — სითბონარევი, მშვიდი ხმით უპასუხა გივარგიმ, — ახლა კი, ყურადღებით იყავით. თქვენი გზა უკვე იწყება. ძმებმა ბავშვები დარბაზის დიდ, თაღოვან ფანჯარასთან მიიყვანეს და შორს, ნისლში ჩაძირული, მოგუშაგე თორმეტი კოშკი დაანახვეს. ღამის წყვდიადსა და ბურუსში მათი უმეტესობა იკარგებოდა. მხოლოდ ექვსი მათგანი იდგა მედიდურად და მათი კოშკურებიდან კაშკაშა, ცოცხალი შუქი სცემდა ცას. მხოლოდ ექვსი ენთო. — ამით დღევანდელი შეხვედრა დასრულდა, — თქვა გივარგიმ და ფანჯარას მოცილდა, — მალე ამ კოშკების საიდუმლოზე მოგიყვებით. ანთებულ კოშკებში თქვენი მასპინძლები წაგიყვანენ, დანარჩენებს კი მაშინ გაიცნობთ, როცა თქვენი დრო დადგება. ქარმა ამოიოხრა, თითქოს ალგეონის ქვას შეეხო. ბავშვები ერთმანეთს თბილად შეჰყურებდნენ — ყველამ იგრძნო, რომ მათი გზა უკვე დაწყებული იყო. ეზოს სიღრმიდან მზარეულის გოგონა უღიმოდათ. მის სახეს ისეთი სიმშვიდე ედგა, თითქოს უკვე იცოდა — თორმეტეული თავის ნამდვილ გზას ადგებოდა. — აქეთ მოდით, ჩაი დავლიოთ, — გულიანად დაუქნია ხელი ბავშვებს ლილემ და ყველანი სასადილოში დაპატიჟა. ბავშვები გამხიარულდნენ. მხოლოდ თეია მიდიოდა ღრმა ფიქრებში ჩაძირული. გივარგის სიტყვები თავში უტრიალებდა. ონისეს სიტყვებიც — არა როგორც მოსმენილი ხმა, არამედ როგორც შეგრძნება, რომელმაც ზუსტად იცოდა, რას ამბობდა: ჯერ ადრეა… თავი 14 – ამეთვისტოს ნაპერწკალი რიწასთვის რიწამ სარკმლებში შემოჭრილი მზის სხივების კვეთით აირბინა კიბეები და ხის სვეტებიანი დერეფნით ბანზე გაიჭრა. სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა, თვალები — გაცისკროვნებული. — ვიპოვე!.. ვიპოვე! — გახარებულმა მაღლა აღმართა მუჭი. ყველანი ერთიანად წამოხტნენ და მის გარშემო მოიყარეს თავი. გოგონამ ხელი გაშალა. მის ხელისგულზე ნათელი, გამჭვირვალე კრისტალი ელავდა, თითქოს ზამთრის ცას აესხლიტა პატარა, იისფერი ნამსხვრევი. გივარგი დაიხარა, ქვას ყურადღებით დააკვირდა და მშვიდად თქვა: — ეს ნამდვილი ამეთვისტოა, საზღვრისპირა კლდეების ნაშობი. მან ნათარისის შავი სხივით ქვის იატაკზე ორი ბზინვარე წრე მოხაზა, მერე გოგონას შეხედა და დაამატა: — სიმშვიდე და სიბრძნე... თითქოს ეს ორი ძალა შენს შიგნით ერთმანეთს ეჯიბრება, რიწა. გოგონამ თავისივე ხელით შედგენილი, ნახევრად გადაშლილი რუკა მკერდზე მიიკრა და გაკვირვებულმა ჰკითხა: — სიბრძნე ამ ქვის თვისებაა? განა უსულო ქვას შეიძლება საკუთარი ხასიათი ჰქონდეს? გივარგიმ ჩუმად ჩაიცინა, ამეთვისტო ორ თითში მოიქცია და მზის შუქზე შეატრიალა. ნათარისიდან წამოსული შავი კვამლი ნელ-ნელა გაკრთა და ამეთვისტომაც, თითქოს უფრო თამამად გაიბრწყინა. — კრისტალები ზუსტად ისე არიან, როგორც ადამიანები — გარედან ცივი და მყარი, შიგნით კი ფიქრების მთელი ოკეანე დუღს. ეს ქვა გონებას წმენდს, ქაოსს აცხრობს და სხეულს ტკივილისგან იცავს. მას მხოლოდ ისეთი ადამიანი იპოვიდა, ვინც ფიქრს მიენდობა. შენ კი, მოაზროვნე გოგონა ხარ და როცა შენს რუკებს ხაზავ, სიბრძნის პირველ ბილიკსაც მაშინ ადგები. წრეში აღელვებული ჩურჩული გავრცელდა. ნიკალა, რომელსაც ისედაც არ უყვარდა ზედმეტი ლაპარაკი, ახლაც სიტყვას ვერ ძრავდა; მხოლოდ აღფრთოვანებული ისვამდა ცალ ხელს თავნება ქოჩორზე და თავისთვის, ემოციურად გაიძახოდა: „ვაა... ვაა...“ სხვები კი საქმის მცოდნეებივით ბჭობდნენ; ზოგის თვალებში ფარულმა შურმა გაირბინა, ზოგს კი გულწრფელი სიხარული დაეტყო. სანდრო წინ გამოიწია, მის მკაცრ სახეზე ღრმა უკმაყოფილება აღბეჭდილიყო. — სად იპოვე? — მკვეთრად, თითქმის ბრძანებით იკითხა ბიჭმა. — ალგეონის უკანა ეზოს რუკას პირდაპირ ქვაზე ვხატავდი, — სიხარულს ვერ მალავდა რიწა, — უცებ შევამჩნიე, რომ ტყის ბილიკის მარჯვნივ, თოვლის ღრმა ნაპრალში რაღაც უცნაურად ღვიოდა. მზის შუქზე ისე ბრწყინავდა, შეუძლებელი იყო, ვინმეს გამოპარვოდა. მის გონიერებასა და ნიჭზე ყველამ იცოდა. ბევრი ფარულად იმასაც ფიქრობდა, რომ პირველად კრისტალს სწორედ ის იპოვიდა. სანდრომ უხასიათოდ მოისრისა შუბლი. — თოვლში მე არ ვჩიჩქნაობ და... — ჩაილაპარაკა ოდნავ ხმამაღლა, თითქოს თავის მართლებას ცდილობდა. თეიამ ჩუმად გაიღიმა და მხარზე ფრთხილად შეეხო ბიჭს: — ნუ ნერვიულობ, სანდრო. ჩემზე ადრე მაინც იპოვი, ზუსტად ვიცი. შენ ხომ ყოველთვის ყველაზე წინ ხარ. ამ სიტყვებზე ბიჭს სიამაყით გაეღიმა და სახის გამომეტყველება შეურბილდა. ბავშვები ისევ ამეთვისტოს გარშემო შეიკრიბნენ. ქვის დაბურულ, იისფერ სხეულში შუქის სხივები ნაპერწკლებად იშლებოდა. — ყველა კრისტალი თავად ირჩევს თავის მესაზღვრეს, — ბანზე მოულოდნელად ონისეს ხმა გაისმა. ის ხმაურზე ამოსულიყო და ახლა მათკენ მოაბიჯებდა, — და თუ მან შენ აგირჩია, რიწა, ეს შემთხვევითობა ვერანაირად ვერ იქნება. — ონისე, — უფროსმა ძმამ მხარზე ხელი დაადო უმცროსს, — დროა, ძველთაგანი ავამოქმედოთ. პირველი ქვა მზად არის, თავისი საპატიო ადგილი დაიკავოს. საზღვრისმცველმა ამაყად, თუმცა იდუმალი ღიმილით გადახედა ძმას. გივარგი კი, თავის მხრივ, ჩაფიქრებული აკვირდებოდა აჟიტირებულ ბავშვებს. სანამ ყველა ქვას უტრიალებდა და აღფრთოვანებას გამოხატავდა, თეია ჩუმად, შეუმჩნევლად ჩამოშორდა წრეს. როცა გოგონა ღრმად აზროვნებდა, ან მის სულში მძაფრი ემოციების ქარიშხალი ტრიალებდა, თვალებში უცნაური, მეწამული სხივი უჩნდებოდა. ბავშვების ნახევარს ეს უკვე შემჩნეული ჰქონდა, თუმცა ყველას ეგონა, რომ ეს უბრალოდ ანარეკლი იყო — მისი საფეთქლების ზედაპირზე არსებული, ზედმეტად ფერმკრთალი და გამჭვირვალე კანის გამო. თეიამ ზურგის ქარით იგრძნო... ზუსტად იმ მხრიდან, რომელიც რიწამ აღწერა, ტყის პირას, ვიღაც იდგა. ვიღაც მათ აკვირდებოდა. იმ შორს, მოშორებით მყოფმა უცხო არსებამაც მყისვე იგრძნო, რომ თეიამ შეამჩნია. მან ელვის სისწრაფით მიატრიალა ცხენი და ფიჭვნარის წყვდიადში გაუჩინარდა. თუმცა, ზუსტად იმ წამს, როცა ცხენი და მხედარი ადგილიდან დაიძრნენ, ისინი ერთიანად, ცეცხლწაკიდებულებივით აალდნენ ჰაერში. ეს იყო წამიერი, შემზარავი და ულამაზესი სანახაობა, რომელმაც თეიას სუნთქვა გაუყინა. კრისტალების საცავი სკივრი - ძველთაგანი ბავშვები სიცილითა და მხიარული აურზაურით, დიდ დარბაზში შევიდნენ. იქ გივარგისა და ონისეს „ძველთაგანი“ — უძველესი, მუხის სქელი ფიცრებისგან შეკრული სკივრი გაემზადებინათ მოპოვებული ქვების შესაგროვებლად. თეიამ დაინახა, რომ სკივრი უცნაურად, პატარა გოშიასავით იქცეოდა. როცა ბავშვები უახლოვდებოდნენ, ის ადგილზე ცმუკავდა, მძიმედ ირხეოდა და რკინის დიდ ბოქლომს კუდივით აქიცინებდა. თუმცა, ყველას უღრენდა, სიახლოვეს არავის უშვებდა და მხოლოდ გივარგის ხელს ემორჩილებოდა. მცველმა ძველებურ თავსახურს თბილი ხელი გადაუსვა თუ არა, სკივრმა ხის ჭრიალით „პირი დააღო“. რიწას ამეთვისტო იქ ფრთხილად ჩაუშვეს და აღრენილი სკივრის თავი ბავშვების აღფრთოვანებული ოვაციების ფონზე საგულდაგულოდ დალუქეს. თეია მათ არ მიახლოვებია. მან ჩუმად იბრუნა პირი და ძველი კოშკის წიგნსაცავისკენ გაემართა. ტყუპები — ილია და ელია — ფეხდაფეხ აჰყვნენ უკან. გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა და ხმადაბლა შესჩივლა: — ყველა გვესაუბრება საზღვრებზე, პირად კრისტალზე, იმ კოშკებზე, რომლებსაც ჩვენი ქვები შეერწყმება... მაგრამ არაფერს გვეუბნებიან ბეჭდებზე. შეამჩნიეთ, რომ აქ ყველა უფროსს თითზე სქელი, უცნაური თვლებიანი ბეჭედი უკეთია? — ეგ მეც უნდა მეთქვა! — დაეთანხმა ელია. ის თავის ქოჩორს იფხანდა და, როგორც საუბრისას სჩვეოდა, სახით ემოციურად იმანჭებოდა. — განსაკუთრებით გივარგის ბეჭედი მესიმპათიურება. — ჰო, ისეთი უცნაური ენერგისაა, ახლოს რომ დამიდგება, თავბრუ მეხვევა ხოლმე. — სიტყვების წელვით დაამატა ილიამ. — და რა იცი, რომ მაინცდამაინც ბეჭდის ბრალია, იქნებ გივარგის შიშით გეხვევა თავბრუ? — გაეცინა თეიას. — არა, მართალს ამბობს, — ჩაერთო ელიაც, როგორც ყოველთვის, წარბშეკრული და სერიოზული, — ერთხელ ონისეს ბეჭედს დავაკვირდი და... შემომიბღვირა. ჰო, რა გაცინებთ! აშკარად ვიგრძენი, როგორ გადმომხედა იმ ქვიდან რაღაცამ და დამიბღვირა. — არ ვიცი, რა გიბღვერდათ ან გიღრენდათ, — ჩაფიქრდა თეია, — მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ეს იდუმალი ბეჭდები მათთვის ბევრ რამეს განსაზღვრავს. ალბათ, იმაზე მეტსაც, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. — შენ ყველაფერს რაღაც სხვა თვალით ხედავ, თეია, — უთხრა ელიამ, — შენ რომ არაფერი გეთქვა, მე და ილია ამაზე საერთოდ არ დავფიქრდებოდით. — ეგრეა, მა რა?! — ძმას კვერი დაუკრა ილიამ. გზად მათ ნიკალა შემოუერთდათ. სამზარეულო მოენახულებინა და ტყლაპში საგულდაგულოდ გადახვეული ჩირეულის ჭამით, კმაყოფილი მოძუნძულებდა. — საზამთროს და ნესვის ჩირი... გაგისინჯავთ? — სავსე პირით, ძლივს ამოღერღა მან. — არა, — ერთმანეთს გადახედეს ტყუპებმა. — უნდა სცადოთ, — ნიკალამ თვალები ნეტარებისგან მინაბა, — აი, ასე... ტყლაპს ჯერ კიდევ თბილ-თბილ, შემდნარ შოკოლადში ამოავლებ... მერე ზედ დააყრი ჩირს... შაქრიანს, სურნელოვანს... — მან სიტყვა ვეღარ დაამთავრა, მხოლოდ მოკლედ ჩაიტკბარუნა პირი, — აამმმ... უგემრიელესია! თეიამ ნიკალას შეხედა, თავი ღიმილით გააქნია და ტყუპებს მიუბრუნდა: — თქვენ ნიკალას გაჰყევით, დარბაზში დაბრუნდით და მერე მითხარით, რამდენად შთამბეჭდავად გამოიყურება ძველთაგანი. მე მოგვიანებით ვნახავ. ამ სიტყვებით თეია მათ სწრაფად მოშორდა და დერეფნის გრძელ ხაზში გაუჩინარდა. ტყუპებმა ერთმანეთს მხრების აჩეჩვით შეხედეს, მაგრამ სულაც აღარ უკვირდათ თეიას ეს ჩვევა და ნიკალასთან ერთად უკან, ძველთაგანის სანახავად დაბრუნდნენ. სხვა ბავშვებს სწორედ იმ წამს შეუერთდნენ, როცა ოქროს საწმისზე საპატიოდ დაბრძანებულ სკივრს უკვე ღრმად დაეძინა და დარბაზში მისი მძიმე, ხავერდოვანი ფშვინვა ისმოდა. თეია ადამ პირველის ძველი პორტრეტის სანახავად წავიდა — სწორედ მაშინ, როცა იქ ყოფნისთვის სხვა არავის ეცალა და ირგვლივ სრული სიჩუმე იდგა. სკივრის სანახავად კი ბევრად გვიან დაბრუნდა, როცა დარბაზი მთლიანად დაცარიელდა. ასე უფრო მშვიდად, აზრიანად ახერხებდა იმის განცდას, რისი ნახვაც სურდა. გოგონა მარტო იდგა მძინარე, მცმუკავ სკივრთან, მის თბილ ფიცრებს უყურებდა და ცხოვრებაში პირველად, გულწრფელად გაუელვა ფიქრმა — ნეტავ, როდის დადგებოდა დღე, როცა საკუთარ ქვას აქ, ამ უსაფრთხო საცავში ჩაუშვებდა? აბა, რა იცოდა იმ წამს, რომ ეს ერთგული სკივრძაღლა მის კრისტალს ვერასოდეს უდარაჯებდა. თავი 15 – ბიბლიოთეკის ჩრდილები და წიგნის ჭიების ოჯახი მცველმა და მესაზღვრეებმა დიდხანს იმსჯელეს და ბავშვებისთვის სხივლახტის თამაშის წესების ახსნა თავიდან ნათან მეღვინეს მიანდეს. ეს სანდომიანი სახის, ტანმორჩილი კაციც, ალბათ იმიტომ დათანხმდა, რომ ყველაზე თავმდაბალი და უპრეტენზიო იყო მთელ საზღვარზე. ნათანმა კი სცადა თამაშის ახსნა, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობდა, ოდესღაც სხივლახტის ეს შეუდარებელი და მოუხელთებელი ოსტატი, წესების ერთ სისტემაში მოქცევას, მით უფრო იხლართებოდა საკუთარ სიტყვებში. რა ექნა? მისი ხმა ვენახის მყუდრო შრიალს უფრო უხდებოდა, ვიდრე ხმაურიან სათამაშო მოედანს. სანამ ილაპარაკებდა, თამაშისთვის განკუთვნილი მიწა თავადვე მოხაზა — იატაკზე რვიანის ფორმის ორმა დიდმა წრემ ერთმანეთი გადაკვეთეს. შუაში ვიწრო სივრცე დარჩა. თითქოს მიწამ ღრმად ამოისუნთქა და ეს ამოსუნთქვა იქვე, ხაზებს შორის გაიყინა. ბავშვების აღფრთოვანებული ოვაცია ტყის პირას ექოდ გაისმა. — წესები... ჰო, წესები მარტივია, — დაიწყო ნათანმა და ხელები ნერვიულად მოისრისა. — ორ ჯგუფად იყოფით. ერთნი საკუთარ თავსა და კრისტალს იცავთ, მეორენი კი... მეორენი ცდილობთ, სხივით გამოსტაცოთ ის მოწინააღმდეგეს. რაც მთავარია — არცერთ შემთხვევაში არ გადახვიდეთ მოხაზულ ხაზს მიღმა. და ჰო... კრისტალის ართმევა მცველებსაც შეუძლიათ მოწინააღმდეგისთვის. ჰო... აი, ეგრეა რა. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს. — ანუ, მარტივია? — ეჭვით იკითხა მირიანმა. — ძალიან მარტივია! — თავდაჯერებით თქვა ნათანმა და თითზე შეთამაშებული ზურმუხტის ქვიდან მწვანე სხივი გამოუშვა. — აბა, სანდრო, მოინდომე! სხივი პირდაპირ ბიჭისკენ გავარდა. — სხივი დამახვედრე! არ დაუშვა, რომ შენს ქვას მივწვდე! სანდრომ დროულად ისკუპა და პირველი დარტყმა აიცილა, მაგრამ მეორე, მოულოდნელი სხივი მაინც მოხვდა. ბიჭი წაიქცა და ბალახზე გადაგორდა. — უჰ... — აღმოხდა ნათანს. — ასე არ ითვლება! — აყვირდა სახეალეწილი და ფეხამწვარი სანდრო. — მოუმზადებელი ვიყავი! ონისე მოთამაშეებს ჩრდილიდან აკვირდებოდა. მერე, მკაცრი მზერითა და ხელმომუჭული მიუახლოვდა ნათანს. თავის ოდნავი, უკმაყოფილო გაქნევით ანიშნა — ასე არაფერი გამოვაო. ნათანმა ეს თავადაც კარგად იცოდა. სიმწრის ოფლმა დაასხა. ქვები ჯერ კიდევ უსიცოცხლოდ დუმდნენ, მათ გააქტიურება სჭირდებოდათ. — თამაშამდე... — ხმამაღლა მიმართა ბავშვებს ნათანმა, — ამ უსახო ქვებს სახლში წაიღებთ. მათ უნდა გაგიცნონ, უნდა შეგეთვისონ. თუ შინაგანი კავშირი ვერ შედგა, ისინი უბრალო კენჭებად დარჩებიან და არ დაგემორჩილებიან. მოედანზე უკმაყოფილო გუგუნი ატყდა. ონისემ მჭექარე ხმით გადაფარა ბავშვების ხმაური: — ეს ყველაფერს ართულებს, მაგრამ სხვა გზა არ არის. თამაშის მთავარი საიდუმლო ქვის „ათამაშებაა“. ჯერ მხოლოდ ამაზე იმუშავებთ! — მერე კი... მერე ყველაფერი თავისთავად წავა, — სიტყვა დაიბრუნა ნათანმა, — ამ თამაშს მსაჯი არ ჰყავს. ყველაფერს თავად კრისტალები აკონტროლებენ. ისინი ანთებენ ლურჯ გაფრთხილებას, წითელ დამარცხებას და მწვანე მოგების ნიშანს. თავიდან ყველა ქვა ერთნაირია, მაგრამ განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადიან. რაც მეტს ითამაშებთ, ქვა მით უფრო მეტად გამოავლენს თავის ხასიათს და ფერებსაც შეიძენს. ბავშვები ერთმანეთს უკმაყოფილოდ უყურებდნენ — ვერ ხვდებოდნენ, რით დაეწყოთ ან რა არ გაეკეთებინათ. მათი კრისტალები ჯიუტად დუმდნენ: არც იცვლებოდნენ და არც შუქს გამოსცემდნენ. მიწაც ცივად ინახავდა დუმილს — არც თბებოდა და არც რეაგირებდა. ბავშვებმა მოედანი ზანტად, იმედგაცრუებულებმა დატოვეს. — მოიცა, კაცო... სახლში ქვას უნდა ველაპარაკო? — ჩურჩულით იკითხა ელიამ, — მე მეგონა, დღესვე გავმართავდით ნამდვილ ომს. — მე უკვე ვხედავ ამ სურათს, — ჩაიცინა სანდრომ, — „გამარჯობა, ჩემო ქვაო, დღეს როგორ ხასიათზე ბრძანდები?“ — და თუ არ დამემორჩილა? — წარბშეკრულმა, შეშფოთებულმა ჩაილაპარაკა სალომეამ. — მაშინ ის დაგიმორჩილებს შენ, — მხრები აიჩეჩა სანდრომ, — უბრალო ქვა ხომ არ არის, აბა რას იზამს. — მე თუ ღამით ხმა გამცაა, — სრულიად სერიოზული სახით თქვა ნიკალამ, — პირდაპირ ფანჯრიდან გადავაგდებ! — ნუ გადააგდებ, ბიჯოოს! — გაეცინა ელიას, — იქნებ მომგებიანი ქვაა და გამოგადგეს? ნათანი უკან მოსდევდათ. ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. მხოლოდ თავის ზურმუხტის ქვას, ვაზარისს აწვალებდა თითებს შორის, რომელიც მისი მღელვარების საპასუხოდ მწვანე, სურნელოვანი კვამლით იბურებოდა. — ქვების გააქტიურებას დრო დასჭირდება, წაიღეთ, ბავშვებო... ესაუბრეთ, გვერდით მოასვენეთ, ახლოს იყოლიეთ და... ყველაფერი გამოვა, — ამ სიტყვებით დაემშვიდობა ნათანი მათ და გულში ფარულად იმედოვნებდა, იქნებ ცოტა ხნით მობეზრდეთ ეს ამბავი და აღარ შემაწუხონო. ონისემ ჩუმად, მრავლისმეტყველი მზერით გადახედა მიწაზე დახაზულ რვიანს, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა ნიადაგზე. ქრებოდა, მაგრამ არა სამუდამოდ. — მართალია, შორეული წარსული როგორღაც გავარკვიე, მაგრამ ჩემს მომავალს მაინც ვერ ვხედავ... — გზაში ბიჭებს შესჩივლა თეიამ, — გივარგიმ მითხრა, რომ დიდი მისია მელის, მაგრამ ზუსტად რა, არ ვიცი. — კი მაგრამ, შენი უბის წიგნაკი არაფერს გეუბნება? — ჰკითხა ილიამ. — ის მხოლოდ ძველ ლეგენდებს ყვებოდა, თანაც საშინლად გაუგებრად, — შეახსენა ძმას ელიამ. — ჰო, რაღაც მოშლილი აქვს მაგ წიგნაკს, ელი, — დაეთანხმა ილია. — მოშლილის რა გითხრათ, მაგრამ... — თეიამ ჩანთის გარედან წიგნაკს მჭიდროდ მოუჭირა ხელი, — მგონია, რაღაც აკლია, რომ ბოლომდე ალაპარაკდეს. და მაინც, ვგრძნობ, ჩემზე ბევრ რამეს მალავს. — თეია, შენს თავს სულ რაღაც ხდება. ხან წიგნაკი გელაპარაკება, ხანაც ია გირჩევს გზას. — თქვა ილიამ. — შენი მოსვლა, უცნაური ალღო და კეთილი გული უკვე ყველამ შეამჩნია. — ძმას სიტყვა ჩამოართვა ელიამ, — აქ ბავშვების ნახევარს ჰგონია, რომ მომავალი მცველი შენ გახდები, მეორე ნახევარი კი სანდროს უჭერს მხარს... ასე რომ, ნუ ჩქარობ. — მცველობაზე სულაც არ ვფიქრობ, — მშვიდად მიუგო თეიამ, — მაგრამ... შეიძლება მართლაც ვჩქარობ. თუმცა, შინაგანად ვგრძნობ, რომ უნდა ვიჩქარო. მენდეთ... თქვენ მაინც მენდეთ. — ჩვენ გენდობით, მა რა! — თქვა ელიამ და მოუთმენლად შეიშმუშნა, — რა შეგვიძლია გავაკეთოთ შენთვის? — მეტი არაფერი... ისედაც ყველაფერს აკეთებთ. ჩვენ ხომ ერთად ვფიქრობთ, — თქვა დამძიმებული გონებით, თუმცა მაინც თბილად გაიღიმა გოგონამ, — ახლა უნდა წავიდე. მან წიგნაკი ზურგჩანთაში ჩააბრუნა და მისავით იდუმალი, მარტოსული ძველი შენობისკენ დააპირა გაქცევა. — მოიცა! — წამოიძახა ელიამ და გზა გადაუღობა, — ამჯერად ასე იოლად ვერ მოგვიშორებ! — ჰო, საკმარისია ეს შენი გაქცევები, — ილიასაც ჩაეცინა და ძმას გვერდით დაუდგა. თეია ბიჭებს დაჰყვა. წიგნსაცავში სრული სიწყნარე იშვიათობა იყო, ახლა კი იქ ნამდვილი, მრავლისმეტყველი სიჩუმე იწვა. თეიას ხშირად ეჩვენებოდა, რომ კედლებზე ჩამწკრივებული ძველი წიგნების სუნთქვაც კი ესმოდა. ზოგჯერ ფურცლები თავისით, უმიზეზოდ შრიალებდნენ. და აი, სწორედ ახლაც, ერთ-ერთი თაროდან მოულოდნელად მკაფიო ხმა გაისმა: — ახჩუუუ!.. — დააცემინა? — გაოცებისგან თვალები დააჭყიტა ილიამ. — ჭია მჭამს, შვილო, და მაგიტომ... — სუსტი, ხრინწიანი ხმით უპასუხა ძველმა წიგნმა. ელიამ ჯერ გაოგნებულმა შეხედა ძმას, მერე კი ჩუმად ჩაიფხუკუნა: — აბა, რა გინდა, ბატონო წიგნო, ჭიამ დიეტა დაიცვას? ამაზე ილიაც აფხუკუნდა, რის გამოც თეიამ ორივეს მკაცრად შეუბღვირა. ბიჭები მყისვე გაისუსნენ. თეიას თავადაც ეღიმებოდა, ამ ორი ონავარივით უკვირდა საკუთარი თვალით დანახული და ყურით მოსმენილი საოცრებები. მისი ჭორფლიანი სახე გაოცებისგან მოიჭმუჭნა — ხომ არაფერი მეჩვენებაო, მაგრამ წიგნი აშკარად შფოთავდა. გოგონამ მას ფრთხილად გადაუსვა ხელი და ფურცლებს შორის ჭიის ძებნა დაიწყო. როცა ფურცლავდა, თითებზე მსუბუქი, ცივი სრიალი შეიგრძნო. — ჰეი... რატომ მაწუხებ უარესად? — შესჩივლა წიგნმა, რომელიც საუკუნოვან მოხუცს ჰგავდა, — ჩემი შველა თუ გინდა, მაგ უძღებ ჭიის ოჯახს სხვა, უსარგებლო ფურცლები შესთავაზე საკვებად და მე სამუდამოდ დამეხსნებიან. — შევთანხმდით! — გახალისდა გოგონა, — შემდეგში უამრავ ფურცელს მოგიტან, შენ კი მე დამეხმარე... ჭიავ, ჭიავ, სიამოვნებით გავიცნობდი შენს ოჯახს! ტყუპები სუნთქვაშეკრულები უყურებდნენ. ცოტა ხნის ლოდინი მოუწიათ, მაგრამ უცებ წიგნის ფურცლები აშრიალდა. ხმა მძიმედ, აუჩქარებლად უახლოვდებოდა გვერდის კიდეს... შრაშ, შრუშ... და სიძველისგან გაყვითლებული ფურცლიდან ვერცხლისფერი, ქერცლიანი ჭია ამოძვრა. თავის გრძელ საცეცებს ნამდვილი ულვაშებივით აცმაცუნებდა. თეიამ ფურცელი მოწიწებით გადაშალა ბოლომდე და იქ კიდევ ორი პაწაწინა, გამჭვირვალე ქმნილება აღმოჩნდა. ისინიც „შრაშ, შრუშ“ — ოდნავ შესამჩნევად ილუკმებოდნენ და მამას ეკვროდნენ. — ესენი თუ ასეთი მსუნაგები არიან, დედამისი რაღა იქნება?! — თავი მოიფხანა გაოცებულმა ელიამ. ილიასაც გაეცინა, მაგრამ თავი შეიკავა და ძმას ხუმრობით თავზე წამოარტყა. მალე გვერდიდან კიდევ ერთი, საოცრად მოზრდილი ლარვა წამოეწიათ, რომლის სიმსუქნემ და ზომამ ბავშვები საბოლოოდ აახითხითა. — არ უნდა გამოჩენილიყავი, ბატონო ფითქინა! — მრისხანედ გაუწყრა ქმრის მსუქან ტანს მეუღლე ჭია და შვილებს უკან გაუძღვა, — მსუნაგავ... მადიანო... გამომყევით აბა! მამათქვენი გონს საერთოდ არ ემსახურება! — ქალბატონო წიგნის ჭიავ, არაფერს დაგიშავებთ, მართლა კარგი განზრახვა მაქვს, — დაუყვავა თეიამ, რომელსაც აღტაცებისგან პირი ღია დარჩენოდა, — აი, ნახავთ, რა გემრიელ, ახალ-ახალ ფურცლებს მოგიზდავთ საჭმელად! მამა ლარვამ კი უკმაყოფილოდ, უფრო მედიდურად აამოძრავა საცეცები: — ეჰ... სამწუხაროდ, ტყუილად გენდეთ, პატარა ქალბატონო. ჩვენ მხოლოდ ძველი, საუკუნოვანი და ნესტიანი ფურცლები გვიყვარს... ლამაზა, ჩემო ფაშფაშავ, დამელოდე! — და ოჯახის უფროსმა სწრაფად აიკრიფა კალთები. — არ ვიცოდით, ბატონო ფითქინავ! ძველებს მოგიტანთ, ვფიცავ! — მიაძახა წიგნის სიღრმეში გაუჩინარებულ ოჯახს თეიამ და ბოდიშის ნიშნად წიგნს მხრები აუჩეჩა. მერე მაღალ თაროებთან მივიდა და ანბანის მიხედვით დაიწყო საჭირო ტომის ძებნა. ილიამ და ელიამაც დაიწყეს წიგნების გადარჩევა. — ახლა რაღას ეძებ, თეია? — ჰკითხა ელიამ. — რაღაც სხვას... ისეთს, რაც სულ ერთსა და იმავეს არ იმეორებს, — ჩაილაპარაკა გოგონამ. მისი ყურადღება ერთმა ბორდოსფერმა ყდამ მიიპყრო. „წინასწარმეტყველებები“ — ხმამაღლა ამოიკითხა სათაური. წარწერა დიდი, მწვანე ასოებით ეწერა წიგნის ზურგზე. სასწრაფოდ გადაშალა, მაგრამ იქაც ერთი და იგივე ამბავი მეორდებოდა: „ღმერთებივით მესაზღვრეები...“ — ოჰ, ეს ხომ უკვე ზეპირად ვიცი! რაღაც ახალი მინდა! — თეიამ წიგნი ისე შეანჯღრია, თითქოს ცოცხალ ადამიანს შეეკამათაო. წიგნმა ფურცლები მძიმედ შეარხია და ჩურჩულით უპასუხა: — ვერ მიხვდი კიდევ, გოგონა? მე მხოლოდ იმას გიჩვენებ, რისი დროც მოსულია. ოჰ, ეს ბავშვები... ასეულობით წლის წინაც შენსავით მოუთმენელი ბავშვები დამტრიალებდნენ თავს, მაგრამ ვერაფერი მიიღეს. ახლა კი, წადი... — მაშინ საიდან უნდა გავიგო მეტი? მე ხომ მისია მაქვს! — თეია თაროებს განაწყენებული მოშორდა. სწორედ მაშინ ელიამ თაროს ყველაზე ზედა, მტვრიანი კუთხიდან დიდი, მძიმე ტომი გამოაძრო და სირბილით მოარბენინა: — ნახე, რა ვიპოვე! წითელ ყდაზე ოქროსფერი ასოებით ეწერა: „წითელი გველეშაპის ამბავი“. ბავშვები იქვე, ხის იატაკზე ჩამოსხდნენ და ბოლო აბზაცი ერთად ამოიკითხეს: „ეს გველეშაპი ალგეონის ახლო-მახლო კრისტალოსანთა სოფლებს აოხრებდა. მაშინ იგი დაამარცხა ონისემ — ყველაზე ძლევამოსილმა მცველობის კანდიდატმა — გივარგისა და გულქანდას დახმარებით. ონისეს ობსიდიანის ძალა არემარეს აზანზარებდა.“ — ობსიდიანის? — კითხვა შეაჩერა გაოცებულმა თეიამ, — მას ხომ... — ჰო, — ჩუმად თქვა ელიამ, — მას ახლა საფირონი აქვს. თუმცა ჩვენ ხომ უკვე ვიცით... როცა ოჯახის წევრი კვდება, შეუძლია სიკვდილამდე საკუთარი ქვა მეუღლეს გადაულოცოს. ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. — ასეა... — ჩაილაპარაკა თეიამ, — ნეტავ რა მოხდა სინამდვილეში... რამდენი რამ არ ვიცით. ამასობაში გოგონამ იქვე, ყველაზე დაბალი თაროდან გაცვეთილი, ყვითელფურცლებიანი წიგნი აიღო, რომლის შეხებაზეც ჰაერში მტვრის კორიანტელი დატრიალდა. „ქართული ხალხური ზღაპრები“ — ხმამაღლა წაიკითხა სათაური, მაგრამ შიგნით ცარიელი, გაყვითლებული ფურცლების გარდა არაფერი დახვდა. — ჰოდა, ცარიელი თუა, არავის სჭირდება, — ჩაილაპარაკა თეიამ და წიგნი იქვე, მაგიდაზე დადო. ბიჭები მისკენ ზურგით იდგნენ. წითელ ყდას ხელიდან ხელში ატრიალებდნენ და კვლავ წითელ გველეშაპზე კამათობდნენ. — ვერ ვიჯერებ... გველეშაპები მართლა აქ დაფრინავდნენ? — აბა ის წითელი ტყავი? — მიუგო ილიამ, — საკუთარი თვალით არ გინახავს? ახლაც მესაზღვრეების კაბინეტის კედელს ამშვენებს. — ჰო… — ჩაიბურდღუნა ელიამ, — იმ დიდ კედელზეა გაკრული... მაგრამ მაინც, რაღაც აკლია ამ ამბავს. თითქოს ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც წერია. მათ ისევ გადაშალეს ბოლო გვერდი, თითქოს სიტყვები ამჯერად სხვანაირად გამოჩნდებოდა. ზუსტად ამ დროს, პატარა ქალბატონი ცემინებით მიუახლოვდა იმ წიგნს, ჭია რომ შესჩენოდა და წინ ეს ძველი ზღაპრები დაუდო, თან ჩურჩულით წარმოსთქვა: — მხოლოდ დასუნე, ჩემო ფითქინა, ისეთი მადისაღმძვრელი, ნესტიანი ფურცლები აქვს?! წიგნი, რომლის დახმარებასაც თეია სულ ცოტა ხნის წინ ცდილობდა, წამით დადუმდა, შემდეგ კი მკაფიოდ დაიჩურჩულა თავისთვის: — მადლობა, პატარა ქალბატონო, რომ ცდილობ ყოფა შემიმსუბუქო... მერე კი, მისკენ ზურგით შებრუნებულ, ბიჭების კამათით გართულ თეიას მიაძახა: — შენ... შენი უბის წიგნაკი გჭირდება! იქ არის ყველაფერი, რაც გაინტერესებს! ის შენთვის შეიქმნა და გზასაც ის გაგიხსნის!.. თუმცა, ეს სიტყვები გოგონას აღარ გაუგონია — ბიჭების ხმამაღალმა კამათმა წიგნის ჩურჩული სრულიად ჩაახშო. წიგნიც სამუდამოდ დადუმდა, ფურცლები მშვიდობიანად დაილაგა ერთმანეთზე. აშკარა იყო, ჭიების ოჯახი მას უკვე მოსცილებოდა. ისე მოადუნა ძველი ყდა, თითქოს აქამდე არც არასდროს ელაპარაკა. თეია დუმდა. ტყუპებმა იქაურობა კვლავ ცხარე კამათით დატოვეს. — მე მეგონა, აქაურობის ერთადერთი მტერი ბინდის გველეშაპი იყო, ყოფილი უძლეველი მესაზღვრედან წარმოშობილი, — თქვა ელიამ, როცა დერეფანში გავიდნენ. — შენ რა გეგონა, არ ვიცი, — მიუგო ილიამ და კოპები შეკრა, — მაგრამ ეს სამყარო გველეშაპებზე, დევებზე და სხვა ბუმბერაზებზე იმაზე ბევრად მეტ საიდუმლოს ინახავს, ვიდრე ჩვენს წიგნებში წერია. თავი 16 — ღამე უბის წიგნაკთან იმ საღამოს თეია თავის ოთახში განმარტოვდა. ბავშვების მხიარული ჟრიამული საერთო ოთახიდან ჯერ კიდევ აღწევდა მის ყურებამდე, მაგრამ ახლა მათ განწყობაზე არ იყო. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და უბის წიგნაკი კვლავ გადაშალა. ფურცლები ჩვეული სიცარიელით მიეგებნენ. მხოლოდ ზოგ ადგილას აციმციმდებოდა ხოლმე ის ნაწყვეტ-ნაწყვეტი, საიდუმლოებით მოცული ლეგენდა: „პირველი მცველ-მესაზღვრეები... ერთი გაბოროტდა და ქალღმერთისდარი მოკლა...“ შემდეგ ისევ სრულიად ცარიელი სივრცე იშლებოდა და მერე კვლავ იგივე ტექსტი ბრუნდებოდა. — რატომ მხოლოდ ეს?.. რატომ მეორდება ერთი და იგივე?.. — თავისთვის დაიჩურჩულა გოგონამ. უეცრად მოგონებამ შეაკრთო. ექვსი წლის იყო, როცა მშობლიურ სახლში პირველად მიაგნო ამ წიგნაკს. გაახსენდა, ბებია როგორ გაუწყრა მაშინ: — ეგ დედაშენის იყო, იაგუნდ, ახლავე დააბრუნე ადგილზე! მისთვის კარგი არაფერი მოუტანია, მხოლოდ ჩვენთან განშორება!.. ბაბუასაც მკაცრი სახე ჰქონდა: — ეს ნივთი აქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, სად იპოვე? დადე, სადაც იდო!.. მაშინ პატარა გოგომ მალულად მაინც მიისაკუთრა წიგნაკი და თბილი საბნის ქვეშ დამალა. ძალიან უნდოდა, მის ბავშვურ კითხვებზე პასუხები სწორედ იქ ეპოვა — გაეგო, რატომ მოუკვდა მამა, რატომ დააშორეს დედას და რატომ იყო მისი უსაფრთხოება მუდმივად დამოკიდებული ხალხისგან იზოლირებაზე, მარტოობაზე. მაგრამ წიგნაკი მხოლოდ უძველეს ამბებს ყვებოდა — ისიც ისე ნაწყვეტ-ნაწყვეტად, თითქოს სიტყვებს გულმოდგინედ ზოგავდა. — ეს წიგნაკი… გამოდის, ბაიყუშმა მე კი არა, დედაჩემს მიუტანა! — გაოცდა თეია, — ბებიამ და ბაბუამ იცოდნენ, რომ დედის იყო და თანაც, ბედნიერება არ მოეტანა. იქნებ დედაც ამიტომ წავიდა მათგან, რომ საკუთარი გზა ეძებნა? გოგონა ჩაფიქრდა. — გამოდის, წიგნაკმა ისიც შეაგულიანა და აიძულა წასულიყო… ზუსტად ისე, როგორც მე. თეიამ იის სიმბოლოიანი წიგნაკი გაბრაზებულმა დააგდო იატაკზე. წამით მოეჩვენა, რომ ოქროსფერი ასოები ციმციმით ჩამოცვივდნენ ხალიჩაზე, მაგრამ იცოდა, ასე მაინც ვერაფერს გაიგებდა. ბოლოს მაინც აიღო, სათუთად შეინახა და ბალიშის ქვეშ ამოიდო, თითქოს სიზმარი რამეს გაამხელდა. დაბნეულმა და აფორიაქებულმა თვალები დახუჭა. — სიმართლეს ბოლომდე ალგეონშიც არავინ მეუბნება... „ჯერ ადრეა“... მხოლოდ ეს ჩამესმის ყურში! იქნებ ლოცვა ახლაც დამეხმაროს... — ჩუმად ამოიჩურჩულა, ხელები გულზე დაიკრიფა და პატარა ბავშვივით, მთელი გულით წარმოთქვა სიტყვები. იმავე წამს ბალიშის ქვეშ წიგნაკი ისე აკაშკაშდა, თითქოს მის შიგნით სინათლის მძლავრი სხივი შეიჭრაო. ფურცლებზე ციმციმა ასოები აენთო და ნელ-ნელა, ნაპერწკლების ცვენით, მკაფიო სიტყვებად ჩამოყალიბდა: „შვიდი წინასწარმეტყველება გაიხსნება შენთვის. პირველი უკვე იცი... მეორეს ახლა გაიგებ.“ შემდეგ კი, ფურცლის შუაგულში, ახალი საიდუმლო გამოიკვეთა, რომელიც ცეცხლოვანი ასოებით იწერებოდა: მეორე წინასწარმეტყველება „იითშობილის იაგუნდი — შენი სულის ნაწილი. ის სისხლით გამოიწრთო შენთვის, ისევე, როგორც შენ გამოიწრთობი მისით.“ წიგნაკის გვერდი ოდნავ შეირხა, თითქოს ცოცხალი ორგანიზმივით სუნთქავდა. ბოლო სიტყვებმა ზარივით ჩამორეკეს თეიას გონებაში: „გახსოვდეს, ძალა მხოლოდ ტკივილის ფასად იხსნება... და მხოლოდ მათთვის, ვინც სიყვარულს არ კარგავს.“ ახლა მესმის, იაგუნდი... ეს ჩემი ქვის სახელიცაა და, ვინ იცის, როდიდან ელის ჩემთან შეხვედრას. ბოლო სიტყვებმა თეიას საკუთარი ბავშვური ლოცვა გაახსენა, როცა სულ პატარა იყო და ჩურჩულებდა: „ღმერთუნა... ღმერთუკა... არ დაუშვა, რომ სიყვარული დავკარგო“. ეს იყო უბრალო, გულწრფელი სიტყვები, მაგრამ თითქოს იმ ღამეს მათ იმაზე შორს მიაღწიეს, ვიდრე პატარა გოგონას ოდესმე წარმოედგინა. უცებ ციმციმა ასოები ისევ დაიშალნენ და უგზო-უკვლოდ გაქრნენ ფურცელზე, თითქოს იქ საერთოდ არაფერი დაწერილიყოს. ხილვები და წარსულის აჩრდილები იმ ღამით, სანამ ჩაძინებას ცდილობდა, თვალებდახუჭულსა და დაღლილს, მოულოდნელად ისევ ხიდის ბიჭი გაახსენდა. ის, ვინც მაშინ გულით უთხრა: „ან ახლა დაადგები ამ გზას, ან ვეღარასდროს“. მერე დაესიზმრა — სადღაც ზეცაში, თეთრი ღრუბლების მიღმა, ახლაც იდგა ის ბიჭი და მშვიდად დასცქეროდა ზემოდან. მის თვალებში მზის თბილი შუქი იდგა, სახეზე კი ოდნავ ირონიული, მაგრამ საოცრად თბილი ღიმილი უთამაშებდა. თეია გრძნობდა, რომ ეს არ იყო უბრალო ბიჭი. ის იყო, ვინც მისი დაბადებიდანვე ითხოვდა, რომ გოგონას საკუთარი ბილიკი არასოდეს დაეკარგა. უცებ სიზმარი ღრმა, მისტიკურ ხილვაში გადაიზარდა. თეიამ დაინახა დედამისი, რომელმაც პირველად ჩაიხუტა გულში ახალშობილი იაგუნდი და ზუსტად იცოდა, რომ მის შვილს რაღაც დიდებული და მძიმე ელოდა. მერე, ტკივილებით მოცული და დასუსტებული დედა წამოდგა და მაშინვე დაეშვა სადღაც, ქვედა სართულების მსგავს, ბნელ ქვაბულებში. იქ, მიწისქვეშ, უსასრულო და მისტიკური სიჩუმე ბინადრობდა. დედას ხელში პატარა, საოცრად ბრჭყვიალა კრისტალი ეჭირა — ნამდვილი სინათლის წყარო და ძალის სიმბოლო. მან ეს ქვა მიწაში ღრმად ჩაფლა, ისე, რომ ვერავის ეპოვა. ამ დროს თეიას ყურში შორეული, საზარელი გველეშაპის ღრიალი ჩაესმა. დედა ჩვილთან დაბრუნდა, ცრემლიანმა აკოცა და უთხრა: — ეს შენი გზაა... ერთხელაც, როცა დრო მოვა, ის თავად გიპოვის. შემდეგ ხილვა შეიცვალა. თეიამ საკუთარი თავი დაინახა — ხუთი წლის ცინდა, პატარა ხელებით ლოცვაში ჩაფლული, როგორ ჩურჩულებდა: „არ დამავიწყო, ღმერთო, როგორ მიყვარხარ...“ ეს უბრალო სიტყვები იყო, მაგრამ იმდენად გულწრფელი, რომ სამყაროს საძირკველი შეარყია. სწორედ იმ ძველმა ლოცვამ გახსნა გზა, სწორედ ამიტომ გაიღვიძა წიგნაკმა და იპოვა თავისი პატრონი. და ბოლოს, ისევ ხიდი... როცა იმ უცნაურმა ბიჭმა თითქოს უმნიშვნელოდ, მხარზე დაადო ხელი, მეორე ხელით კი მის პალტოს ჯიბეს შეეხო. მაშინ თეიამ ვერაფერი შეამჩნია, მაგრამ ახლა, ხილვაში ხედავდა: სწორედ იმ შეხებით გააცოცხლა ბიჭმა წიგნაკი და შიგნით უხილავი ნიშანი ჩაბეჭდა. მან წიგნაკი გოგონას ლოცვას მიაბარა, რადგან გულწრფელი ლოცვა იყო ერთადერთი გასაღები მის გასახსნელად. როცა თეიამ თვალები გაახილა და საწოლში წამოჯდა, გაოცდა. ეგონა, არც კი ჩასძინებოდა, მაგრამ ყველაფერი, რაც ახსენდებოდა, შორეული სიზმრის შთაბეჭდილებად ეჩვენებოდა. თუმცა მალე დარწმუნდა — ის ბიჭი უნდა ეპოვა! ხიდის ბიჭი, რომელმაც აქ მოიყვანა. მისთვის უნდა ეკითხა, რა მოეხერხებინა ამ საიდუმლოებით მოცული წიგნაკისთვის. ვერ წყნარდებოდა... თუმცა, როცა გამთენიისას ცა განათდა, სულში უცნაური მშვიდობა ჩაეღვარა და ჩაეძინა. ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ კრისტალიც და ეს წიგნაკიც ოდესღაც დედამ საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიპოვა მისთვის და რომ მისი გზა ბევრად ადრე დაწყებულიყო — იმ პატარა, გულწრფელი ლოცვით, რომელიც ბავშვობაში წარმოთქვა. თავი 17 — ონისეს გაკვეთილი: თორმეტი კოშკი # სახელი მდებარეობა სიმბოლო დანიშნულება 1 შეფარა ჩრდილოეთი ფიჭვის ფესვები დამალვა, დაცვა, ტკივილის შემსუბუქება 2 მცნობარი ჩრდ-აღმოსავლეთი ქარის რუკა შეტყობინების გამგზავნი, განგაშის სიგნალი 3 შვება აღმოსავლეთი იის ყვავილი სულიერი განსვენება, დროებითი თავშესაფარი 4 ჟნავი აღმ-სამხრეთი ნათესი მინდორი დროის დარაჯი, ციკლის მცველი 5 სალმაი სამხრეთი ლაჟვარდის ქვა წყლის წესი, სიმშვიდე, გამწმენდი ძალა 6 მბრძანე სამხ-დასავლეთი რკინის რქა გამაფრთხილებელი, საფრთხის მთხრობელი 7 ბეწვისხიდი დასავლეთი გრძელი თოკი არჩევნის, გადალახვის, სარისკო გზების მცველი 8 ღარიბო ჩრდ-დასავლეთი ნაკვალევი თოვლში მინიმალისტი მჭვრეტელი; ვინც ყველაზე ცოტა იცის, მაგრამ ზუსტია 9 ნაფოტი ჩრდილოეთი გახუნებული ჩანაწერი ძველი მემკვიდრეობის დამცველი 10 შუბანი ცენტრალური წერტილი არწივის თვალი ცენტრალური სადარაჯო, ყველაზე მაღალი კოშკი 11 რჩენილი გარეთა რკალი ჩუმი ხმა ის, ვინც არ ჩანს, მაგრამ არსებობს 12 მირონი მისტიკური შემოსასვლელი დახურული კარი შესასვლელი „გადასასვლელიდან“, საიდანაც მოულოდნელად მოდიან დილა თოვლივით ნათელი გათენდა. მზის სხივები ფრთხილად ეპარებოდნენ ალგეონის ცივ, ქვის იატაკს და კედლებზე გაჩენილ ძველ ბზარებში სათითაოდ იპარებოდნენ. საუზმის შემდეგ, როგორც კი ბოლო წვეთი ჩაი მოსვა, ონისე დინჯად წამოდგა. — გამომყევით, — თქვა მკაცრად და ომახიანად. ლურჯწინსაფრიანმა მზარეულმა, მელანომ, მათ კარი ფართოდ გაუღო. ქალი ბავშვებს თბილი ღიმილით გამოემშვიდობა. მესაზღვრე ონისემ თორმეტივეს ხელში პერგამენტის გრაგნილები ჩამოურიგა, სადაც თორმეტი კოშკის აღწერა და დახასიათება ეწერა. ბავშვები გულისყურით აკვირდებოდნენ იდუმალ ხელნაწერებს — პერგამენტზე ასოები ლიცლიცებდნენ, კოშკების ნახატები იხრებოდნენ, ხოლო მათ წვეროებზე დახატული ალმები თითქოს ქარში ფრიალებდნენ. — დავნაძლევდეთ, რომ ყველაზე ჩაბნელებული და ნარ-ეკალში ჩაფლული კოშკები მამია ივერისა და გულქანდა მზიანისა იქნება? — გზად ჩასჩურჩულა გულმხიარულმა იმერელმა გვერდით მომავალ ენაკვიმატ გურულს. — ვითომ რატომ, ჩემო ძამია სებე? — გაეღიმა მირიანს. — დაფაზე მათ პორტრეტებსა და წარწერებს დააკვირდი? — ჰოო… ყველაზე ადრე ეგენი დაიღუპნენ, ჩემო მირიან. როგორც მახსოვს, სამასი წლის წინ. — დავნაძლევდეთ, რომ ყველაზე მიუდგომელი კოშკი მაგ ლოგიკით არ იქნება შერჩეული! — იხტიბარი არ გაიტეხა გურულმა. ბიჭებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ონისეს მკაცრი მითითებით მაშინვე ხმა გაიკმინდეს. სქელკედლიანი, გრძელი დერეფანი მყუდრო სიჩუმეში გაიარეს. ბოლოს, ხის თაღებიანი კიბე აიარეს და პირდაპირ ღია ეზოში გავიდნენ. იქ, ციხესიმაგრის უკანა პლატოზე, შემაღლებულ ადგილას აღმოჩნდნენ — და ბავშვებს სუნთქვა შეეკრათ. მათ წინ, თითქოს მიწაში შუბლის ძარღვივით მყარად ჩასმულ ბორცვებზე, წრიულად შემოწყობილი დიდებული სვანური კოშკები აღმართულიყვნენ. ზოგი მათგანი შიგნიდან საოცრად ბრწყინავდა, ზოგი კი სრულიად ჩაბნელებული იდგა. ისეთებიც გაარჩიეს, ღრმა ბზარები რომ დასდევდა კედლებზე, ან მთლად ველური მცენარეებითა და სუროთი იყო გარშემორტყმული. თორმეტიდან მხოლოდ ექვსი ანათებდა თბილი, ცოცხალი ფერით. — ონიქსი, საფირონი, ლალი, ზურმუხტი, ჯარჯის ლურჯი კიანიტი და აქვამარინი — ეს ის ცოცხალი ქვებია, რომლებიც ამ კოშკებს ასულდგმულებენ, — ჩამოთვალა ათასწლოვანმა მესაზღვრემ, რომელიც კოშკების შემყურე თითქოს თავადაც ახალი, უცნაური ენერგიით აივსო. ბავშვები აღტაცებულები აკეთებდნენ შედარებებს — პერგამენტის გრაგნილებზეც ზუსტად ისევე ციალებდნენ შესაბამისი კრისტალები, როგორც მათ წინ აღმართულ გოლიათებზე. — ესენი თქვენი კოშკებია, — თქვა ონისემ და ხელი გაიშვირა, — ყოველი თქვენგანისთვისაა თითო, მაგრამ ჯერ არცერთი მათგანი არ გიცნობთ. ბავშვები გაჩუმდნენ. სანდრომ ხმადაბლა, ეჭვით ამოთქვა: — ეგ როგორ... უნდა მიცნოს კოშკმა? მე თვითონაც არ ვიცნობ ბოლომდე საკუთარ თავს. მირიანს გაეცინა და მეგობრულად მხარი გაჰკრა: — ხოდა გაიცანი ბოლოს და ბოლოს, თორემ დაიკარგები ამხელა ალგეონში! ონისემ მათ გვარიანად დაუცაცხანა, მკაცრი მზერა მოავლო მთელ ჯგუფს და კვლავ კოშკებს მიუბრუნდა: — ექვსი კოშკი მიძინებულია. ექვსს კი სიცოცხლე შემორჩა — ოთხი მათგანი მოქმედ მცველ-მესაზღვრეებს ეკუთვნის. ერთის ანთება დედა ქეთევანმა შეძლო... და ერთიც… ჩემია. მან ჯერ ხელი ცენტრალური კოშკისკენ გაიშვირა. იმავე წამს, მის კედლებში ჩასმულმა საფირონმა სიმშვიდე დაკარგა — ის იისფრად გაღვივდა და აკვამლიანდა. — ეს ცენტრალური, მოქუფრული ღრუბლის ფერი, გივარგის ჟნავია, — თქვა ონისემ. ეს მართლაც საშიში, დიდებული და ყველასგან გამორჩეული კოშკი იყო. როგორც კი მესაზღვრემ მისი სახელი ახსენა, კოშკურის კრისტალი შავად აბობოქრდა და ხავერდოვან, მოკაშკაშე კვამლში გაეხვა — ასე გამოეხმაურა ის ონისეს მორილაფს, მის იისფერ ძალას. შემდეგ, მოხუცმა თავი იმ კოშკისკენ მიაბრუნა, სადაც მაღალი, ოდნავ დახრილი, მაგრამ საოცრად მწყობრად აშენებული კედლები იდგა. იქიდან მუქი იისფერ-მეწამული შუქი იღვრებოდა. — ეს ჩემი რჩენილია... ჩემი ღირსება! — სიამაყით წარმოთქვა მან და ბავშვებს კმაყოფილებით გადახედა, — როდესაც მოემზადებით, როცა საკმარისად ისწავლით და თქვენი შინაგანი ძალებით გაიღვიძებთ, მაშინ თქვენი კოშკებიც ზუსტად ასე აფეთქდებიან შუქით. „რჩენილი“ მელნისფერ კვამლში ალივლივდა. ქერათმიანმა რიწამ გაოცებისგან ხელი აიფარა პირზე: — ჩემი კრისტალი უკვე ძველთაგანშია და... როცა მას მივიღებ, კოშკი ასე გამომეხმაურება? — არამარტო გამოეხმაურება, — ჩაერია ონისე, — კარსაც გაგიღებს და თავის საიდუმლოსაც განგიცადებს. სებემ ჰორიზონტს გახედა, სადაც ბინდის სიღრმეში ორი სრულიად ჩამქრალი კოშკი იდგა. — და იმ ორს რა სჭირს? მაგათთან მისვლაც შეიძლება? აქედან ყველაზე პირველი ვისი კოშკი ჩაქრა? ონისე რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. სახეზე ღრმა ნაღველი გადაეფინა, თითქოს ძველ, მძიმე ამბებს იხსენებდა, მაგრამ ამაზე საუბარს ახლა აშკარად არ აპირებდა: — ზოგ კოშკთან გზა რთულია, შვილო. მათი პატრონის სისხლი მძიმე ბრძოლაში დაიღვარა... ზოგთან კი, შესაძლოა, ცოტათი მარტივი იყოს მიახლოება. ის კოშკები თქვენით, თქვენივე თავგანწირვით უნდა გააღვიძოთ. ბავშვები თვალს ვერ წყვეტდნენ ამ ბეჭედივით შემოწყობილ თორმეტეულს. თეია ბოლოში იდგა, ყველასგან ოდნავ მოშორებით და ღრმად სუნთქავდა. როცა კოშკს, სახელად „შვებას“ შეხედა, გულში უცნაური ჩხვლეტა იგრძნო. ბოლოს, ძლივს ამოღერღა: — ეს ცისფერი შუქით… ქეთევან ლამარიელის კოშკია? — მოგწონს? ეს „შვებაა“, — გაუღიმა ონისემ, თუმცა მისი ღიმილი ჩვეულებრივზე მოკლე აღმოჩნდა, — სწორად გამოიცანი. „შვებამ“ იმავე წამს ნაზი ფირუზისფერი ელფერი აიკრა, თითქოს პატარძალივით გაინაზა და გაიპრანჭაო. იმ წამს თეიას გული უცნაურად შეეკუმშა — არა შიშით, არა სიხარულით… თითქოს ეს შუქი ზედმეტად ახლოს მოვიდა მასთან, თითქოს მის სულში რაღაცას ეძებდა. თეიამ გაუცნობიერებლად გადაყლაპა ნერწყვი და ხმადაბლა, თითქმის თავისთვის, ტყუპებს ჩასჩურჩულა: — ადრე… ეს ადამის კოშკი უნდა ყოფილიყო. ილიამ და ელიამ გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს. არცერთს არ გაეღიმა. თეიას ნათქვამი ზედმეტად ზუსტად ჟღერდა — თითქოს ეს უბრალო ვარაუდი კი არა, ძველი მოგონების გაელვება ყოფილიყო. გოგონას გულმა ისევ უცნაურად დაჰკრა — თითქოს კოშკი პირდაპირ მის ფიქრებს პასუხობდა. სწორედ ამ დროს ონისემ სამეულის ფუსფუსი შეამჩნია. მისი მკაცრი მზერა თეიაზე შეჩერდა. წამით მოხუცს თითქოს დაავიწყდა, რომ ბავშვებთან ერთად იდგა. სახეზე ფერი გადაუვიდა, მერე კი სწრაფად მიაბრუნა თავი კოშკებისკენ, თითქოს საკუთარ, აკრძალულ ფიქრებს გაურბოდა. დათამ შეამჩნია თეიას აფორიაქება, ახლოს მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა: — შენ შეტყობინებაც არ მიგიღია, ხო? თეიამ თავი დაუქნია, ცოტა განაწყენებულმა: — შეტყობინება არა, მაგრამ გზამ თვითონ მომიყვანა აქ და ყველაფერი ვიცი! თუმცა, ბიჭი მის განსჯას არც აპირებდა. სიტყვა თბილად გააწყვეტინა: — მე ვგრძნობ, რომ შენ უფრო დიდი მისია გაკისრია... ყველა ჩვენგანისგან გამორჩეული! ამასობაში ონისემ გაკვეთილი დაასრულა: — ყველაფერი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, მაგრამ იცოდეთ: კოშკებს სძინავთ, თუმცა ისინი უკვე გრძნობენ თქვენს ნაბიჯებს. ისინი უძველესი სიზმრებიდან გელოდებიან. მოხუცი უკვე წასასვლელად შემოტრიალდა, როცა სებეს ძველი შეკითხვა გაახსენდა. უცებ კვლავ მიუბრუნდა ხარბად მოცქირალ ბავშვებს: — სებე, აი ის კოშკი, რომელიც ყველაზე მეტადაა გამჭვარტლული... დალი ოქროსთმიანის იყო. და იცოდე, მას ყველაზე პირველს არ დავუტოვებივართ... — აი, ხომ ვიცოდი?! — თავმომწონედ აბზიკა ისედაც აბზეკილი ცხვირი წითურთმიანმა მირიანმა და სებეს გამომწვევად გადახედა. — დიდი ამბავი, ისეთი რა მოიგე? დევებთან ბრძოლა? — უპასუხა სებემ და ორივეს ხმამაღალი სიცილი აუტყდა. თუმცა ონისე მათ აღარ გაწყრომია. ის ახლა ბევრად უფრო ღრმა ფიქრებში ჩაძირულიყო: — ერთ დროს, დალის ოქროსფერი თმებივით ბზინავდა ეს ულამაზესი კოშკი. მისი ქალცედონი ამ ღვთაებრივი ქალივით ნაზად ანათებდა და შეეძლო, ერთი გატყორცნილი სხივით ათი გაავებული დევი მიწაზე დაენარცხებინა. თუმცა, ერთხელაც... უბრალოდ ასე მოხდა — მისმა კრისტალმა მასთან ერთად დაიძინა ღრმა, საუკუნო ძილით... თავი 18 — დაძაბულობის ელფერი ყველა ბავშვს ძალიან აინტერესებდა მომავალი ლექციები და წვრთნები. გოგო-ბიჭებს გულს უჩქარებდა იმაზე ფიქრი, რომ სულ მალე საკუთარი კრისტალები ექნებოდათ და ვისწავლიდით მათთან თანაცხოვრებას. ყველას ხიბლავდა წარმოდგენა, რომ ნათლობის შემდეგ ამ ქვებით სასწაულებს მოახდენდნენ, საზღვრებს დაიცავდნენ და, თუ ძველ ლეგენდებს დავუჯერებდით, ათას წელსაც იცოცხლებდნენ. მაგრამ ყველაზე დაუცხრომელი წადილი მაინც სხვა რამ იყო — გაეგოთ, თუ რა ხდებოდა იმ საზღვრებს მიღმა, რომელთა ნეიტრალურ ზონას ჯერ მხოლოდ კიდეებით ეხებოდნენ. მზვერავების მიერ მოტანილ ინფორმაციას ხარბად ეცნობოდნენ და მათგან შეკოწიწებულ ფრაგმენტებს საათობით ვაანალიზებდნენ. ასე გაიცნეს ძირითადი კანონდამრღვევები — ცეროდენა ჭინკები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვარდათ ალგეონის ტყეში გამოსეირნება და ოინების მოწყობა. იშვიათად სტუმრობდნენ ცეცხლოვანი ალებიც; ისინი ბევრად უფრო ფრთხილები და გონიერები ჩანდნენ, თითქოს საკუთარ ყოველ ნაბიჯს წინასწარ ზომავდნენ. მაგრამ ბავშვებს ყველაზე მეტად ის ამბები აშინებდათ, რომლებიც მესაზღვრეების თვალებში შფოთნარევ ანარეკლს ტოვებდა. მათი ჩუმი, ფარული საუბრები მოწაფეების ყურებამდეც აღწევდა — ფრაგმენტებად, დაუმთავრებელი წინადადებებით. ეს მუხანათი ხმები საზღვრებს იქიდან მოდიოდა… ბინდის გველეშაპი. ძველი გველ-გველეშაპი. შეოლი. ეს ერთი და იგივე არსება იყო — ბოროტების უცნაური ანომალია, რომელიც ალგეონში ჯერ არავის ენახა. თითქოს არც საზღვრის იქით იცოდნენ ბევრი რამ დაზუსტებით, მაგრამ იქიდან მოსული ხმები ყველას უფრთხობდა ძილს. ზოგჯერ თეიას ეჩვენებოდა, რომ ეს საზარელი ჩურჩული შენობის კედლებში რჩებოდა და დილამდე აღარ ქრებოდა. ერთხელ ბავშვებმა შემთხვევით მოჰკრეს ყური, როგორ უთხრა ბერუჩამ ონისეს: — ჭინკა იმის სანაცვლოდ გავუშვი, რაც მომახსენა… მშვიდობას დიდი დრო არ უწერია, ჩემო ონისე. იქითაც ზუსტად ისეა, როგორც აქეთ. ონისემ მრისხანედ შეკრა წარბები: — შეოლზეც ისევ იგივე ხმებია? — ხმები კი არა… უკვე მოქმედებაც ჩანს, — თითქმის ჩურჩულით მიუგო ბერუჩამ, — თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი სიმშვიდე მალე ნამსხვრევებად იქცევა. სხვა დროს ბიჭებმა მოისმინეს გივარგისა და ნათანის საუბარიც. ისინი შენობის ბნელ კორიდორში შეჩერებულიყვნენ და მათი ხმები ბავშვებს უკვე ნაცნობი ხრიკით — სამყურაში ჩაჩეჩქვილი გიშრის მტვრის საშუალებით — სუფთად მისწვდა. — ალმა ჭინკას თვალებში ჩახედა, თითქოს მისგან სიცოცხლის უკანასკნელ ნექტარს ქაჩავდაო... — ამბობდა გივარგი. — თვით ჯოჯოხეთიც ვერ იხსნის მისგან იმ ბედკრულს. თურმე მისი შვილი მოეტაცა და ქვესკნელში მიჰყავდა. ნათანი გაოცდა, საზღვრის მცველმა კი უფრო ჩუმად ამოილაპარაკა: — მტერი ჩრდილიდან გამოდის და უფრო მეტ ბუნების შვილს იტაცებს, ვიდრე ოდესმე… მე საკუთარ სიცოცხლესაც დავთმობ, ოღონდ ის არსება დავიჭირო, ვინც ალგეონის სიმშვიდე სამუდამოდ გააქრო. აი, ასეთ სიტყვებს ისმენდნენ ბავშვები შიგადაშიგ. ისინი მათ გულებში შიშნარევ ცეცხლად იკვრებოდა — ჯერ ჩუმად, მერე კი უკვე ყოველ სუნთქვაში წვავდათ. მაგრამ შიშზე ბევრად ძლიერი იყო სურვილი, მალე მოძლიერებულიყვნენ ფიზიკურად და შინაგანად, რომ თავადაც შეძლებოდათ ამ დიდ ბრძოლებში მონაწილეობის მიღება. გარშემომყოფები მთავარ არჩევანს სანდროზე და თეიაზე აკეთებდნენ — თითქოს მათ სხვებზე ადრე მოუწევდათ ამ მოვლენებთან შეჯახება. სანდრო ყველაზე მამაცი და მიზანდასახული იყო. თეია კი ხშირად ისეთ რამეებს ამჩნევდა, რასაც დანარჩენები მხოლოდ მოგვიანებით ხვდებოდნენ. თვითონაც ვერ ხსნიდა, რატომ. მას ეჭვი არ ეპარებოდა: ეს საზარელი ხმები მათ ყურამდე იმიტომ კი არ მოდიოდა, რომ თავად უახლოვდებოდნენ საზღვრებს… არამედ იმიტომ, რომ საზღვრები თავად მოდიოდნენ მათკენ. თავი 19 — თეია ამჟღავნებს ფარულ უნარებს ერთ საღამოს, როდესაც ალგეონის ეზოში ბავშვები ცეცხლთან ისხდნენ, ერთმანეთში დაიწყეს საუბარი. — მე ვფიქრობ, რომ თუ კრისტალს მივიღებ, ჩემს სოფელში უნდა შემეძლო დაბრუნება, რომ იქ დავიცვა ხალხი, — თქვა რიწამ. — მე კი მინდა თავად ვნახო, როგორია იქითა მხარე, სადაც ის ურჩხული ცხოვრობს, — თქვა სანდრომ და თვალები გაუბრწყინდა. — იქით უნდა წავიდე... ქვესკნელში. ივა მესაზღვრის პორტრეტის ქვეშ წარწერა გახსოვთ? ის ქვესკნელში ჩადიოდა! — ჰო, და ერთხელაც ვეღარ დაბრუნდა! — გაშმაგებით წამოხტა და სიტყვაც ააჩქარა დათამ, თითქოს სანდრო უკვე გზას ედგა და მის შეგონებას ცდილობდა. — მე მცენარეებით ვიმოქმედებ, — მშვიდად თქვა ანამ და ბიჭების ფორიაქი არც კი შეიმჩნია. — ბებიაჩემი მკურნალი იყო და ვიცი, რა ძალა აქვთ მათ. სანამ სხვა რამეს იტყოდნენ, თეიამ წამოიძახა და თითქოს ყველას აზრი ერთიანად შეაგროვაო, მშვიდად და მკაფიოდ თქვა: — სანამ იქით გადავდგამთ ნაბიჯს, ჯერ უნდა ვიცოდეთ, ვის რა გამოგვდის, — რიწა, შენ ყოველთვის გზას პოულობ. მაშინაც კი, როცა სხვები იბნევიან. შემდეგ ანასკენ შებრუნდა: — შენ კიდე სულ რაღაცებს სწავლობ. რომელ მცენარეს რა შეუძლია, რომელი შველის, რომელი — არა. ეგეც საჭიროა. ბოლოს სანდროს შეხედა: — შენ კი ყველგან პირველი გინდა გაიქცე, სადაც რამე ხდება. — აბა, უკან ხომ არ დავიხევ? — მაშინვე შეეპასუხა სანდრო. თეიას გაეღიმა: — არ გთხოვ მაგას. უბრალოდ ჯერ ყველაფერი არ ვიცით. მან წრეზე შემომსხდარ ბავშვებს გადახედა. — მგონია, რომ თითოეულს რაღაც გამოგვდის. მარტო ერთის ძალა ვერაფერს გახდება. ერთად უფრო ძლიერები ვართ. ბავშვები გაჩუმდნენ. ეს ზუსტად ის იყო, რასაც ყველა ცდილობდა ეთქვა, მაგრამ ვერ ახერხებდა. თეია თითქოს მათ ფიქრებში შევიდა და ყველას ნაფიქრი ხმამაღლა ჩამოაყალიბა. სანდრო შეცბა, თუმცა წამიერად გასწორდა მხრებში. თეიამ განაგრძო, მის თვალებში რაღაც მკვეთრი და იმედის მომცემი ელავდა: — როცა ერთად ვართ… — სიტყვა წამით გაუჩერდა, თითქოს თავადაც უსმენდა იმას, რაც თავში უტრიალებდა, — გზა უფრო ნათელი ხდება. ცეცხლის ალები ეზოს შუაგულში ციმციმებდნენ. ბავშვები წრედ ისხდნენ და ერთმანეთის თვალებში იმ ამბებს კითხულობდნენ, რაც უფროსების ჩურჩულით მოესმინათ. თითქოს ყველა ერთსა და იმავეს ფიქრობდა, მაგრამ ხმამაღლა ჯერ ვერავინ ბედავდა თქმას. თეიას გვერდით ჩუმი ილია ფოთოლივით მერყეობდა. სუსტი ხმით ჩაიჩურჩულა: — იქით წასვლა ხმებთან თამაშია... თეია მართალს ამბობს. მაშინვე აყვირდა ელია, თვალები ანთებული ჰქონდა: — ხმა თუ შემოდის, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გავუგონოთ! ვისაც არ ეშინია, ის უნდა წავიდეს! სანდრო მართალია, მარტო ლოდინი არაფერს მოგვიტანს! ამასობაში ხუჭუჭა გურულმა, მუდამ გაღრეჭილმა, თვალები ყველას შემოავლო და მხრები აიჩეჩა: — მე ვამბობ... სადაც შიშია, იქ სიფრთხილეცაა საჭირო. ჭინკა თუ ჩამაფრინდა თმაში, მერე ვეღარავინ მიშველის!.. ისეთ სიმღერას დავცხებ, მთებს იქით გაიგონებენ! — ია უა ოუაოო, ია უაოოოო... ყველა ახარხარდა და ბავშვებმა მოდუნება შეძლეს. ნიკოლოზი სიცილისგან აყირავდა კიდეც და მორის იქით თავით გადაეშვა, რამაც პატარა ონავრების თორმეტეულს მეტი სიცილის მიზეზი მისცა. დათას და სანდროს, იმ მუხლმაგარ ბიჭებსაც კი გაუჭირდათ ამ სქელუას წამოყენება. ცეცხლი აშკარად უფრო მძაფრად აალდა. ქარმა მსუბუქად შემოირბინა ეზო, ბავშვების თმები არია. ეზოს კიდესთან ონისე იდგა. მას ქარი არ აინტერესებდა — თეიას შეჰყურებდა. ზოგმა შეშინებულმა ხელით სახე დაიფარა, ზოგი კი გაფაციცებით მიაშტერდა თეიას, თითქოს მისგან ელოდნენ პასუხს. — ეს… შენ გამოა? — ჩურჩულით ჰკითხა სალომეამ. თეია წამით გაჩუმდა, თუმცა სიმშვიდე შეინარჩუნა: — ალბათ… ქარია, — თქვა მან, მაგრამ თვალები ცას არ მოსცილებია. ხმა ისე მშვიდად ჟღერდა, თითქოს ზუსტად იცოდა, რასაც ამბობდა. თუ ეს ქარი იყო, მაშინ მან ყველა ბავშვი გააერთიანა — თითქოს მათი ფიქრები ერთმანეთში აურია. სანდრომ აქეთ-იქით გაიხედა და სწრაფად თქვა: — თუ შენ არ ხარ, მაშინ ვინ შეკრა ჩვენი აზრები, თან ისე, რომ ქარიც კი გააქტიურდა? მირიანმა ხუმრობით ჩაილაპარაკა: — შენ ყოყოჩობ და თეიას დასაწყნარებელი გახდი?! სანდრომ შეუბღვირა. მირიანი ადგილზე გაიყინა, დათა კი ისე დაიძაბა, თითქოს მათ გასაშველებლად გაემზადაო. მაშინ თეიამ ნელა, მაგრამ მკვეთრად თქვა: — ყველას თავისი ძალა აქვს: სანდრო — შენი სიმამაცე, რიწა — შენი სიბეჯითე, მირიან — თუნდაც შენი სიმღერა… ეს ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ. ცალ-ცალკე ვერ გავიმარჯვებთ. ონისემ უხმაუროდ ჩაისუნთქა, თითქოს რაღაც დიდი ხნის წინ ნანახი ნიშანი საბოლოოდ დაემთხვაო. ბავშვები გაჩუმდნენ. თითქოს თითოეულმა საკუთარი ფარული აზრი მოისმინა — ოღონდ მათ ნაცვლად ეს ყველაფერი სუსტმა და „მოუწვეველმა“ თეიამ ჩამოაყალიბა. ბავშვებს მოსწონდათ, როცა სხვაზე უკეთ გამოსდიოდათ რაღაც და ასეთ დროს ერთმანეთისგან გამორჩეულებად თვლიდნენ თავს, მაგრამ თეია საკუთარ მიღწევებზე ყოველთვის დუმდა. მას სურდა, ყველა ბავშვი ჩართულიყო საქმეში და თავად არავისგან გამორჩეულიყო. ერჩივნა, მხოლოდ ის კი არ შეექოთ, არამედ ყველა ერთად. ბავშვები ნელ-ნელა გაიფანტნენ. ეზოში მხოლოდ ცეცხლის ნელა ქრობის ხმა დარჩა. ონისე ბოლომდე არ დაძრულა — თითქოს ელოდა, კიდევ რამე მოხდებოდა. მაგრამ არაფერი მოხდა. თავი 20 — თეიამ არწივის მართვე გადაარჩინა შემდეგ საღამოს, როცა მზვერავი თვალიები რამდენიმე საათით დაშოშმინდნენ, თარხანი და თეია ბორცვზე ავიდნენ. გოგონას ქარი მხრებზე ჩამოშლილ თმას უფრიალებდა. აქედან მთები თითქოს ხელის გაწვდენაზე იყო, ხოლო ნაცნობი სოფლის გზა შორს, ერთ წერტილში იკარგებოდა — თითქოს მინის ბურთში ჩაეკეტათ. თეიას უყვარდა აქ დგომა. — აქ რომ ვარ, ყველაფერი მშვიდდება, — თქვა თარხანმა. — მე მგონია, რომ აქ ცაც უფრო ახლოა, — ჩუმად უპასუხა თეიამ. უკან დაბრუნებისას ბუჩქებში წრიალი გაიგონეს. პატარა არწივის მართვე იყო გაბმული. ფოთლები მის წკავ - წკავს იმეორებდნენ. — ვაიმე… ასე ვერ დავტოვებ. — შეწუხდა თეია. ბიჭმა ხელი წაავლო: — ფრთხილად! ეკლები დაგაზიანებს, ან ბრჭყალებით გაგკაწრავს, არც ისეთი პატარაა. — არაუშავს. ახლა მე ვჭირდები.— ჩაიჩურჩულა თეიამ, ხელი გაინთავისუფლა და ნელა მიუახლოვდა მართვეს. — იცოდე, დედაც შეიძლება აქვე ტრიალებდეს. თუ მტრად ჩაგვთვლის… — ბიჭმა მახვილი მოიმარჯვა. — მე დაგიცავ. ეკლებმა თითები დაუსისხლიანეს, ხევსურულად ნაქარგი მოსაცმელიც დაუფლითეს, მაგრამ თეიამ მართვე მაინც გაანთავისუფლა. ფრინველმა ფრთები ძლიერად გაშალა. ჰაერის ტალღამ გოგონა წააქცია და თავადაც ბარდებში აიხლართა. — თეია! — შეჰყვირა თარხანმა. მახვილით ნარ-ეკალი შემოაჭრა, გოგონა წამოაყენა. მართვე კი ცაში აიჭრა. — რა მამაცი ხარ… — აღფრთოვანებით უთხრა ბიჭმა. — და კეთილიც. — უბრალოდ თავი მის ადგილას წარმოვიდგინე, — თქვა თეიამ და თვალები დახარა. — დედაზე ვინერვიულე… ყველა დედა განიცდის შვილის დაკარგვას. თარხანი დადუმდა. თეიას ხმა ოდნავ უკანკალებდა. ამ დროს ცაზე ირაო შეკრა დედა არწივმა. მისმა უზარმაზარმა ჩრდილმა ორივე გადაფარა. ფრინველმა ერთი წრე შემოხაზა, ხმამაღლა შეძახილი გამოსცა და ღრუბლებში გაუჩინარდა. თარხანმა ხელი ჩასჭიდა. — ასეთი დიდი არწივი არასდროს მინახავს… წამოდი, წავიდეთ! ალგეონის ეზოში რომ შევიდნენ, თარხანმა უცებ შეაჩერა. — მოწმობა არ დაგრჩეს ფუღუროში. თეიას გაეცინა. — აბა, რას ამბობ. წინაზე სებე და მირიანი ბეღელას ქოხის სანახავად გაიპარნენ ტყეში და იცი, რა მოხდა? — არა, რა? — პირადობები თან გაიყოლეს. ტყისკენ მიმავალ ბილიკზევე აწრიპინდნენ. მგელიკამ დაიჭირა და ყურებით მოაცუნცულა უკან. თარხანს სიცილი აუტყდა. — მართლა? — მართლა! — სერიოზული სახით დაუდასტურა თეიამ, მაგრამ თავადაც ვეღარ შეიკავა ღიმილი. თეია უზარმაზარი ხის ფუღუროსთან მივიდა, ხელი შიგნით შეყო და ოქროსფრად ალივლივებული მოწმობა გამოაძვრინა. — შენ რატომ არ გაქვს მოწმობა? — ჰკითხა მოულოდნელად. ეტყობოდა რომ ახლა გაახსენდა. თარხანმა მხრები აიჩეჩა. — მე მოსწავლე აღარ ვარ. თანაც, მე მომავალი მესაზღვრე არ ვარ. რაც უნდა მესწავლა, ბავშვობიდან მასწავლეს. უკვე კრისტალოსანი ვარ და უფლება მაქვს, იქ წავიდე, სადაც მინდა. — და ლილე? — არ მოეშვა თეია. — ლილეც. — მართლა? — ჰო. უბრალოდ, არ უყვარს ამაზე ლაპარაკი. ბიჭს გაეღიმა. — სინამდვილეში ბევრად მეტი იცის, ვიდრე წარმოგიდგენია. თეიამ უნებურად უკან, მთებისკენ გაიხედა. დედა არწივი ისევ ახსოვდა. — მაშინ თქვენ რატომ არ დადიხართ საზღვრებზე? — დავდივართ, — მშვიდად თქვა თარხანმა. — უბრალოდ, ახლა თქვენი დროა სწავლის. ჩვენი — მეთვალყურეობის. ციხე-კოშკის კარს რომ მიუახლოვდნენ, ბიჭმა ნახევრად ხუმრობით დაამატა: — თუმცა, თუ ასე გააგრძელებ, მგონი მალე ჩვენზე მეტი საქმე შენ გექნება. — მე? — გაეცინა თეიას. — ჰო, შენ. მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ ბოლომდე არ ხუმრობდა. ამ საუბარში ისე მიუახლოვდნენ ციხე-კოშკს, ვერც კი შეამჩნიეს, როგორ შეაღწიეს შიგნით. ბავშვები მოსასვენებელში დახვდნენ. ყველა ერთდროულად ლაპარაკობდა. — ნიკოლოზს მთელი ღამე კრისტალის ციმციმი აღვიძებდაო! — საერთოდ არ ჩამქრალა! ამ ლაპარაკისას, ილიამ და ელიამ ერთმანეთს გადახედეს და უდარდელად თქვეს: — ჩვენ შევულოცეთო. ამის შემდეგ ერთი ამბავი ატყდა. როგორც ჩანდა ტყუპები თეიასთვის ვერ მოიცლიდნენ — მათ ახლა სხვა ქვა იპოვეს და იმას დაუწყეს კირკიტი, იმ იმედით, რომ სალომეას კოშმარები დასიზმრებოდა. — საინტერესო იქნება, სიზმრების დედოფალი როგორ აგვიხსნის ახალ სიზმრებს, — ჩუმად იცინოდნენ ძმები. — ოჰ, რა აუტანლები ხართ! — წამოიძახა თეიამ და იქ აღარ დაყოვნებულა. როცა დერეფანში გავიდა, იქ ვაჩე შემოხვდა: — საინტერესოა… ის არწივი… მე ფრინველებს ვცნობ და… ასეთი დიდი არწივი აქ არ უნდა ბინადრობდეს… — თითქოს თეიას უთხრა ვაჩემ, მაგრამ მაშინვე ჩაუარა; ჩანდა, უფრო საკუთარ ფიქრს ხმამაღლა აგრძელებდა. გოგონა მიხვდა, რაზეც საუბრობდა, მაგრამ თავი გააქნია და თარხანს წამოეწია. — პირველივე გაკვეთილზე უნდა ვიკითხო დამცავ მექანიზმზე, — შესჩივლა. — მინდა, ჩემი ოთახის ქვები ანტიშელოცვით რეაგირებდნენ. — თქვენს შელოცვებს ჯერ აციმციმების მეტი რა შეუძლიათ, — ჩაიცინა თარხანმა. — შენ ის მითხარი, ახლა საით აპირებ წასვლას? — სადილისას ჩანაწერები სასადილოში დამრჩა. სამეცადინო მაქვს. თან ცოტახნით ლილესაც ვნახავ. თარხანმა თავი დაუქნია. — მაშინ იჩქარე. ზოგ ნივთს მარტო ყოფნა არ უყვარს. თეია გაოცდა და ბიჭს ახედა. მან კი გაიცინა. მათ გზა გააგრძელეს, მაგრამ გოგონას გულში ისევ ის ბორცვი და ცაში გაფრენილი არწივი ტრიალებდა. ლილეს პურის კაცუნები და სტუმრობა ბატონ არჩილთან თეია ლილესთან სველი პურისგან კაცუნების გამოძერწვით გაერთო. ეს ღიპუცა კაცუნები გაშრობისას საოცრად თბილები რჩებოდნენ, თითქოს ხელის სითბოს იმახსოვრებდნენო. ლილეს თარო სავსე იყო სხვადასხვა პურის ფიგურით — მათ პაწაწინა თვალები და ცხვირი სხვადასხვა კრისტალისგან ჰქონდათ გაკეთებული. — თითოეულს ერთი პატარა უნარი აქვს, — აუხსნა ლილემ, — ერთი სუნთქვას ამშვიდებს, მეორე სიცხეს „იწოვს“, მესამე კი ცუდ სიზმრებს აშორებს. მაგრამ ეს მხოლოდ ავადობისას მუშაობს; სხვა დროს უბრალო პურებია. ძველად ასე გვიცავდნენ ბავშვებს. თეიამაც გამოძერწა საკუთარი ღიპუცა კაცუნა. მას გულთან ამეთვისტო მიამაგრა, შუბლზე — მთვარის ქვა, მუცელზე კი ვარდისფერი კვარცი. ბოლოს ცომში ისე ჩამალა ლაბრადორიტის ნამსხვრევი, თითქოს თვითონაც არ იცოდა, რატომ. როდესაც ფიგურა გასაშრობად დადო, უცებ შეამჩნია — კრისტალები ზედაპირზე აღარ დარჩა; თითქოს პურმა ისინი სრულად შეიწოვა სიღრმეში. — ჰა?.. — ჩურჩულით თქვა ლილემ, — ასეთი რამ არასდროს მინახავს. თითქოს კაცუნა და კრისტალი ერთმანეთს შეეთვისნენ. ასე მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა თავად მესაზღვრეები ულოცავდნენ ქვებს. — გთხოვ, ცუდი სიზმრებისგან დამცავ კაცუნას წავიღებ? — სწრაფად თქვა თეიამ. თითქოს ცდილობდა, ლილეს ყურადღება მის უცნაურ ფიგურაზე დიდხანს არ შეჩერებულიყო. ლეპიდოლიტისა და ამეთვისტოს ნატეხებიანი ფიგურა ამოარჩია — რა თქმა უნდა, სალომეასთვის. — წაიღე, — გაუღიმა ლილემ, მაგრამ ღიმილში სევდაც გაერია. — იცი... სანამ თქვენ მოხვიდოდით, ძალიან მოწყენილი ვიყავი. — მართლა? — გაუკვირდა თეიას და კაცუნა კაბის ჯიბეში ფრთხილად მოითავსა. — ჰო. მამა და თარხანი სულ თავიანთ გზაზე არიან... — ლილემ ფანჯრიდან გაიხედა. სავარჯიშო მოედნიდან ბავშვების ხმაური ისმოდა და ოდნავ ჩაეღიმა. — აი, ახლაც, ისევ კახელ ტყუპებს დასდევს სადარაჯოდ. თეიაც მობრუნდა და ლილესავით ფანჯარაში გაიჭყიტა. ლილე არ შემცდარა. ზუსტად იმ წამს, სავარჯიშო მოედანზე ილიასა და ელიას მორიგი ოინი ლამის კატასტროფით დასრულდა. ტყუპები ცდილობდნენ სამეცადინო ქვებით, ვითომ ერთმანეთში შეთამაშებული ფანდით, თარხანი გაეოცებინათ. კრისტალების ნათება ისე გადააჯვარედინეს, რომ მოულოდნელად მძლავრი მეწამული ტალღა აზვირთდა და პირდაპირ მათკენ წამოვიდა. ბიჭები შიშისგან ადგილზე გაშრნენ. თარხანი წამში აღმოჩნდა მათ წინ. თავისი მყარი, ლურჯი კრისტალის ფარი აღმართა. ნაპერწკლებმა იფეთქა, ჰაერი ზუზუნით გაიპო, მაგრამ თარხანმა ფეხი არ მოიცვალა და დარტყმა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. — სულელებო! წესები იმიტომ არსებობს, რომ ასე კატის კნუტებივით არ ეთამაშოთ! — დაუყვირა ქოშინით და კრისტალი ჯიბეში ჩამალა. ტყუპებმა ჯერ შეშინებულებმა გადახედეს ერთმანეთს, მერე კი ლოყებშეფაკლულმა ელიამ სიმწრით ჩაიცინა და თარხანს მხარზე ხელი დაჰკრა. — ოო, თარხან-ბატონო, ნამდვილი ალგეონელი მგელი ხარ! გადაგვარჩინე, თორემ დედაშენი ჩვენს ნაცარზე შოთის პურებს გამოაცხობდა! თარხანმა მხოლოდ თავი გადააქნია, თუმცა მის მკაცრ სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაირბინა. — თქვენს ქვებს ჯერ რა შეუძლიათ... დიდი-დიდი თმები აგტრუსოდათ, — თქვა და შეტრუსული წამწამები მოიფშვნიტა. ფანჯარასთან მდგარმა ლილემ და თეიამ სიცილი ვეღარ შეიკავეს. გული რომ იჯერეს, ლილემ მზერა ისევ თეიას მიუბრუნა. — აი, რას გეუბნებოდი... მე სულ აქ ვრჩებოდი. დედას ვეხმარებოდი, ან რაღაცებს ვძერწავდი, ვკერავდი, ვამზადებდი... მაგრამ მაინც მარტო ვიყავი. თეიამ პირველად შეხედა ლილეს არა როგორც ყველაფრის მცოდნე და მუდამ თავდაჯერებულ გოგოს, არამედ როგორც ჩვეულებრივ ბავშვს — მასზე ოდნავ უფროსს, უფრო ყოჩაღს, ხელსაქმეში ხელგაწაფულს, ლამაზი ხატულა თვალ-წარბითა და მშვიდი ღიმილით. — ახლა კი მიხარია, რომ მყავხართ, — განაგრძო ლილემ. — შენ, სალომეა, რიწა... ანაც. ზოგჯერ ჩემთვის დიდად არ გცალიათ, მაგრამ მაინც. თეიას გულში რაღაც თბილად შეირხა. აქამდე ეგონა, რომ მარტოობა მხოლოდ თავად იცოდა. ახლა კი მიხვდა — ზოგჯერ ყველაზე მხიარულ ადამიანებსაც სჭირდებათ, რომ ვიღაც ელოდებოდეთ. სასადილოდან უკან დაბრუნებისას კიბეებს ჯერ არც კი მიახლოებოდა, როცა ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა: — თეია... ჩაიზე ხომ არ დამეწვეოდით? ხმა მშვიდი და სასიამოვნო იყო. როცა მიიხედა, ჩრდილიდან ვირთაგვა არჩილი გამოვიდა. თეიას აღარ შეშინებია — პირიქით, ეს შეთავაზება ესიამოვნა კიდეც. ამ უცნაურ არსებას აქ, ალგეონში, ახლოს არავინ იცნობდა. გოგონას კი შესანიშნავი შანსი ეძლეოდა, ის პირადად გაეცნო. — დიდი სიამოვნებით, ბატონო არჩილ. მრგვალთვალება მასპინძელს ულვაში მსუბუქად აუცმაცუნდა: — მაშ, აქეთ მობრძანდით, პატარა ქალბატონო. არჩილი წინ გაუძღვა. მძიმედ მიაბიჯებდა, ეტყობოდა, რომ ფეხები აწუხებდა. სხვა მხრივ კი, მხოლოდ ულვაშში შეპარული ჭაღარა გასცემდა მის ასაკს. მარჯვენა ხელით კიბისკენ ანიშნა, მარცხენა კი ზურგს უკან ეჭირა. ისინი წრიულ, ვიწრო კიბეს ჩაუყვნენ და ხის პატარა კართან შეჩერდნენ. როცა კარი გაიღო და არჩილი შიგნით შევიდა, თეიას ოდნავ დახრა მოუწია. ხის კარის მიღმა სოროს მსგავსი ოთახი გაიშალა. ჭერი დაბალი იყო, მაგრამ მრგვალი — სივრცე სულაც არ აწვებოდა ადამიანს, პირიქით, მიწა თითქოს ფრთხილად ეხუტებოდა ყველაფერს, რაც შიგნით იმყოფებოდა. კედლებში ჩაშენებულ ნაპრალებში სხვადასხვა ზომისა და ფერის კრისტალები ენთო. ზოგი თბილ ქარვისფერ შუქს აფრქვევდა, ზოგი — ცივ ლურჯ ციმციმს, ხოლო ყველაზე პატარა ქვები მწვანედ სუნთქავდნენ, როგორც ტყის სიღრმეში ჩამალული ციცინათელები. შუქი არ კაშკაშებდა — რბილად ეღვრებოდა ოთახს და თვალს არ ღლიდა. ოთახის შუაგულში ძველი ფესვიდან გამოთლილი მრგვალი, დაბალი მაგიდა იდგა. ირგვლივ სამი სამფეხა სკამი შემოეწყოთ — სხვადასხვა სიმაღლის, მაგრამ ერთნაირი ფორმის, თითქოს თითოეული მათგანი თავის განსაკუთრებულ სტუმარს ელოდებოდა. — აქ დაბრძანდით, პატარა ქალბატონო, — მიუთითა არჩილმა ერთ-ერთ სკამზე, — მიწისქვეშ ბალანსი ყველაფერია. თეია დაჯდა და მაშინვე იგრძნო, როგორ მოდუნდა მხრებში. სკამი მყარად იდგა, იატაკი კი საოცრად თბილი იყო. არჩილი კუთხეში მიბრუნდა, პატარა ქვის ღუმელთან, რომელზეც ბრინჯაოს ჩაიდანი თუხთუხებდა. — ეს ჩაი რთული დასამზადებელი არ არის, — თქვა მშვიდად, — მცენარეები აქვე, მიწისქვეშ იზრდება. მან ჩაიდანში გამხმარი ბალახები ჩაყარა და ბოლოს წყალში პატარა, გამჭვირვალე კრისტალი ჩააგდო, რომელიც ნელა დადნა. როცა ჩაი დაასხა, ოთახი მსუბუქი სურნელით აივსო — არც მძაფრით, არც ტკბილით, უბრალოდ ისეთით, რომ სუნთქვა ბევრად მსუბუქი გამხდარიყო. თეიამ ფინჯანი ხელში აიღო და პირველად იგრძნო, რომ ალგეონში ყოფნისას აღარსად ეჩქარებოდა. — ჩაი თუ გემრიელია, ესე იგი ნაყოფიერიცაა, — თქვა არჩილმა. — გემრიელია… და თითქოს გონებაც დამიმშვიდდა, — ჩუმად უპასუხა თეიამ. არჩილმა ოდნავ გაუღიმა — ისეთი ღიმილი ჰქონდა, როცა სიმართლეს ბოლომდე არ ამბობენ ხოლმე. — ეს ჩაი ხმებს აწყნარებს. — ხმებს? — იმას, რაც ჯერ არ უნდა გაჟღერდეს. სოროში მყუდრო სიჩუმე ჩამოვარდა. კრისტალებმა კედლებში თითქოს ფერი ოდნავ შეიცვალეს. — და თუ მინდა, რომ გაჟღერდეს? — იკითხა თეიამ. არჩილმა პასუხი არ იჩქარა: — მაშინ ამას ჩაი აღარ ეყოფა. ზოგჯერ ხმას მიწა უფრო კარგად იცავს, ვიდრე კოშკები. მიწას ახსოვს, ვინ დაიფიცა და ვინ შეინახა ფიცი. თეიას კითხვა ყელში გაეჩხირა. — დალიეთ, სანამ თბილია, — მშვიდად თქვა არჩილმა, — რაც უნდა იცოდეთ, თავის დროზე თავად მოგაკითხავთ. — მან ფინჯანი გადაატრიალა და დაამატა: — ვიცი, ღამღამობით შფოთავთ. ეძებთ პასუხებს. თეიას არ გაჰკვირვებია მისი სიტყვები. — მინდა დაგამშვიდოთ, — განაგრძო არჩილმა, — ყველაფერს გაიგებთ… ნელ-ნელა. როცა წიგნის კითხვას იწყებთ, ჯერ ბოლო გვერდს ხომ არ კითხულობთ? თეიამ ფინჯანი მაგიდაზე დადგა. ხმა არ შეეცვალა, მაგრამ თვალები აუწყლიანდა: — მინდა ვიცოდე მამაზე… დედაზე. თეიამ ტუჩები ოდნავ გამობერა და მზერა ფინჯანზე გადაიტანა, თითქოს საკუთარ სევდას მალავსო. არჩილმა გაგებით დაუკრა თავი: — ვიცი. გივარგიმაც იცის. მაგრამ ახლა დუმილი ჯობს. — რატომ? არჩილის ხმაში პირველად გაჩნდა მძიმე ტონი: — იმიტომ, რომ უკვე იციან… თქვენი გზა დაიწყო. და ვინც ეს იცის, ის ეცდება, მეტი გაიგოს. კრისტალები კედლებში თითქოს ერთიანად შეკრთნენ. — ნუ აყვებით ხმებს, — თქვა დაბალ ხმაზე, — ენდეთ მცველს. ის გასწავლით ყველაფერს, რაც გჭირდებათ. და მერე… მტერს აღარ დაემალებით. ოთახში კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა — ისეთი, სადაც შიში კი არ იყო, არამედ მხოლოდ დიდი მოლოდინი. როცა თეია წამოდგა, არჩილმა ისეთი ღრმა, შეუმცდარი მზერით შეხედა, რომ გოგონამ ძლივს გაუძლო. სწორედ მაშინ ივარაუდა, რომ არჩილი, შესაძლოა, ყველაზე დიდხანს იდგა ამ მიწაზე და ყოველ გაგონილ ამბავს მომავლისთვის ინახავდა. — ბევრი რამ, რაც თქვენ გეხებათ, საიდუმლოა, — თქვა მოხუცმა ბოლოს, — ნურავის დაემდურებით. — მან მრავლისმეტყველი პაუზა გააკეთა: — თუ რამე გაგიჭირდეთ, მე აქ ვარ — დაბლა. — ოდნავ გაუღიმა და ფრთხილად დაამატა: — და ბედი ყოველთვის ზეცაში არ წყდება. ზოგჯერ ის მიწიდან იღვიძებს. თეიამ თავი დაუკრა. როცა კარისკენ დაიძრა, სოროს სიღრმე მას აღარ აშინებდა. გოგონა მიხვდა: იქ, ზევით, ყველა ზეცისკენ მიიწევდა. ვირთაგვა არჩილი კი მიწას ეკვროდა და ამიტომ სულ სხვა, უცნობი საიდუმლოს გასაღებს ჰგავდა. თავი 21 — თვალიების არჩევა და სხივლახტა თებერვალი დადგა. სუსხი არ იკლებდა. თოვლი უხვად ეფინა მთებსაც და ბარსაც, ფანჯრების მიღმა ახლაც შეუჩერებლად ცვიოდა ფანტელები. ონისეს ხმა დერეფანში მკვეთრად გაისმა — ისეთი მტკიცე ხმა ჰქონდა, კედლებსაც კი შეაზანზარებდა. — გახსოვდეთ, ბავშვებო, — თქვა ცივად, — ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. ვინც მათ სწორად ვერ მართავს, სხვაც ყველაფერი გაუჭირდება. ის წინ მიუძღოდათ. ზურგი გამართული ჰქონდა, ნაბიჯი — ზუსტი. ბავშვები ორ მწკრივად მიჰყვებოდნენ უკან და თბილად ჩაცმულები თეთრად გადაპენტილ ეზოში გამოვიდნენ. — თვალიები, — განაგრძო ონისემ და გაჩერდა, — უბრალო არსებები არ არიან. ისინი ჩვენი თვალებია საზღვრებს მიღმა. თუ მათ გულს სწორად ესაუბრებით, გზას ყოველთვის გაჩვენებენ. ბავშვები შეცბნენ და ინტერესით მიაჩერდნენ მას. — ემოციურები არიან, ზოგჯერ დაბნეულებიც, — განაგრძო მცველმა, — მაგრამ ვინც მათ სწორ მიმართულებას აძლევს, ერთგულ თანამებრძოლს იღებს. ახლა გაიცნობთ რამდენიმე მათგანს. თითოეული თავად აგირჩევთ თქვენ. დანარჩენები ცვლებში მუშაობენ — სამ საათში ერთხელ, დღე და ღამე. ეს თორმეტი კი… — მცირე პაუზა გააკეთა, — დღისით თქვენთან იქნებიან. ონისემ ცას ახედა. ქარმა მსუბუქად დაჰბერა და პირველი თვალია დაეშვა ზუზუნით. — რიწა, — თქვა ონისემ, როცა თვალიას მიმართულება შესამჩნევი გახდა, — ამან აგირჩია. ფაშფაშა მამლაყინწა გოგონას მხარზე დაეშვა — ოქროსფერი კუდით და ბზინვარე, დაფიფქული ფრთებით. — ყიყლიყოო! — დაიყვირა გამარჯვებულივით. რიწა შეხტა და სიცილი ვერ შეიკავა: — გასაგებია, რატომაც გეძახიან მამლაყინწას… შენ ჩემი მეგობარი იქნები? მამლაყინწამ თავი ამაყად დაუქნია, თითქოს სხვა ვარიანტი არც კი განიხილებოდა. მალე მეორე თვალია ჩამოფრინდა — ფუმფულა, იისფერი, ოდნავ არეული ბუმბულით. — ეს პუწია, — თქვა ონისემ, — დაბნეულია, მაგრამ ვინც ერთხელ შეიყვარა, ბოლომდე უყვარს. პუწი უხერხულად დაეშვა თეიას მხარზე, კინაღამ წაბორძიკდა, მერე კი სწრაფად გასწორდა და კისერში ჩაებუდა, თითქოს სულ იქ ყოფილიყოს მისი ადგილი. თეიას სახე უცებ გაუნათდა. — ამას ვიცნობ… — თბილად გაიღიმა გოგონამ, — შენ ჩემთან იყავი ცაგერში. პუწი ხმის ამოუღებლად ჩაუღუნღულდა და ფრთა მსუბუქად შეახო ლოყაზე. ონისემ წამით შეხედა მათ და მზერა მაშინვე მოარიდა, თითქოს რაღაც ზედმეტს არ უნდა შეხებოდა. — ილია, ელია! — თქვა მკაცრად, — თქვენც გეწვივნენ. ორი თვალია ერთად დაეშვა — პიკო და პაკო, ნამდვილი ტყუპებივით. ფრთები ერთდროულად დააწკაპუნეს: — წავედით-წავედით! ბიჭებმა თავიანთი კახური ქუდები სიცილით მოიხადეს და იმათ დაახურეს. პიკო და პაკო არ ჩუმდებოდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო სწრაფი იყო. ონისემ თავი გააქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. — ნიკოლოზს შავტუხა შეხვდა, — თქვა მოკლედ. პუტკუნა თვალია ბიჭის წინ დაეშვა. — ვნახოთ, ვინ უფრო ჯიუტია, — ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა. სალომეას და ანას თალიკო და სულიკო შეხვდნენ — ნამდვილი პრანჭიები, ვარდისფერ და ცისფერთმებიანები. ბუმბულის ნაცვლად გრძელი თმები ჰქონდათ, ბაბთებით შეკრული. — ფრთხილად, არ გამეხლართოთ! — იცინოდა ანა. — თმის გარეშე ვერ ვიარსებებთ! — ერთხმად უპასუხეს თვალიებმა. სანდროსკენ რობინი დაეშვა — მწვანე ბუმბულებითა და საბრძოლო იერით. — ახლა ორნი ვიქნებით გმირები, — თქვა სანდრომ ამაყად. რობინმა მკერდზე ხელი მიიდო და თავი მსუბუქად დაუქნია. — რობინიო?! — გადაიხარხარა სებემ. სანდრომ ფეხი დაუდო და ბიჭი კინაღამ გადაყირავდა. — სებე, — მკაცრად თქვა ონისემ, — შენი ფუფალა იქნება. ვარდისფერი, ფარშევანგის კუდიანი თვალია დაეშვა ეზოში და იქაურობა სიცილმა მოიცვა. ფუფალა რაღაც მელოდიას ღიღინებდა და სცენაზე გამოსული მსახიობივით ტრიალებდა. — შენც მღერი?! — დაბღვერილმა სებემ ხმამაღლა ჰკითხა. ფუფალამ თავი დაუქნია და კუდი უფრო ფართოდ გაშალა. დათას, მირიანს და ვაჩეს სამი თვალია ეწვია — გმირი, ნაცარა და ნაბოლარა. ესენი სხვებისგან განსხვავებით ბეწვიანები იყვნენ. გმირს ყველა თვალზე წარბი ჰქონდა და ამაყად იკოპებოდა. ხუჭუჭა ნაცარა მშვიდად იდგა ჰაერში, ნაბოლარა კი ფერად-ფერადი იყო — თითქოს მის ბეწვს ცისარტყელა გაეთამაშაო. მათი მოძრაობით ჰაერი ოდნავ შეირხა. — ამას ტაკობზეკია უნდა ერქვას! — იცინოდნენ ბავშვები. ნაბოლარა კი ბედნიერად ცმუკავდა. ცოტა ხანში ყველამ ფეხზე შემოაბა ერთგულების სამაჯური კრისტალით. ასეთივე ნიშნები ბავშვებმა თავადაც გაიკეთეს ხელზე. — ეს თქვენი კავშირია, — თქვა ონისემ, — თუ დაიკარგებით, სამაჯური გაცოცხლდება. თქვენს ხელზეც და თვალიას ფეხზეც ერთი ფერის შუქი აინთება. ისინი დაგიცავენ. ხედავენ იმასაც, რასაც თქვენ ვერ ამჩნევთ. — მან ცივი მზერა ეზოს მოავლო: — განსაკუთრებით მაშინ, როცა საზღვარს მიუახლოვდებით. ალგეონის ეზოში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. ქარიც კი დადუმდა. — ახლა კი, — თქვა ბოლოს, — წადით, დაიწყეთ თვალიების შეცნობა. დრო აღარ იცდის. უკვე დასამალი აღარ იყო — ნათან მეღვინეს ოცნება ბავშვებზე არ ახდა და მათ სულ უფრო სწყუროდათ საკუთარი სალახტაო ქვების გამოღვიძება. ონისემ და გივარგიმ ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ გადაწყვიტეს, ბედი ბერუჩას ეცადა. ონისე ჩუმად იდგა, ხელები ზურგს უკან ჰქონდა ჩაკეცილი და ბავშვებს ისე უყურებდა, თითქოს თითოეულ მათგანში სისუსტეს ეძებდა. მის მზერას სიცივე დაჰყვებოდა — ისეთი, რომელიც კითხვებს კი არ სვამს, არამედ პასუხებს ითხოვს. მანამდე კი, სანამ ბერუჩა წესებსა და აზრებს თავს მოუყრიდა, ბავშვები დილაუთენია შეიკრიბნენ მოედანზე, რადგან თვალიებისთვის პირველი რაც ეთხოვათ, მათთან ერთად სხივლახტას თამაში იყო. როგორც კი ალგეონის პირველმა მამალმა იყივლა, რიწას თვალია მამლაყინწამ — ისე გაიქნია კუდი, თითქოს ორკესტრს დირიჟორობდა და ბავშვებს დაუძახა: — აბა, გელოდებით! თამაში გავაჩაღოთ! ყველანი გუნდებად დაიყვნენ — რვიანის ერთ წრეში ბავშვები ჩადგნენ, მეორეში კი თვალიები. ვითომც ბევრი გაეგებოდათ, ფრთოსნებმა ჯერ ბავშვები დააყენეს დაცვაში. — ფეხებქვეშ დაილაგეთ ეგ კრისტალები, — აუხსნა ერთმა თვალიამ, თან ისე იჭყანებოდა, ეტყობოდა, თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების, — წესით, უნდა გალღვნენ და მოგისმინონ. ბავშვებმა ერთხანს უცადეს მიწის განათებას ისე, როგორც ეს ნათანთან მოხდა, მაგრამ, როცა დარწმუნდნენ, რომ მსგავსი არაფერი განმეორდებოდა, თამაში მაინც დაიწყეს. თვალიები თავდასხმას შეუდგნენ. სხივს სხივზე სტყორცნიდნენ ერთგულების სამაჯურის ქვებიდან — ზოგი ზუზუნით მიფრინავდა, ზოგი შუაგზაში მიმართულებას იცვლიდა და სრულიად უდანაშაულო ბუჩქს ეჯახებოდა. ბავშვები მალ-მალე „იჭრებოდნენ“ — ხან ხელებს იფარებდნენ, ხან თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ. მათი საკუთარი ქვები კი უძრავად, თითქმის მკვდრებივით ეყარნენ მიწაზე. მერე თვალიებს სანდრომ შესთავაზა: — ვიდრე ქვები „გაცოცხლდებიან“, მანამდე ჩვენც რომ ჩვენი სამეცადინო კრისტალები დავიხმარიოთ? თვალიებმაც, ვითომ ბევრის მცოდნეები ყოფილიყვნენ, ნება დართეს. მაგრამ ბავშვები მაინც უმიზნო წერილებივით დაფრიალებდნენ. ნიკალა — სქელი და მოუქნელი — სხივის აცილებისას ისე დაენარცხა საჯდომზე, მიწაც კი შეირხა. წამოდგომა სცადა, მაგრამ ისევ ჩამოჯდა და ამოიოხრა. ზემოდან მისმა თვალიამ, შავტუხამ, გადმოხედა: — მანდ რას დარჩი, ნიკალა, კვერცხის დადებას ხომ არ აპირებ?! ეზოში სიცილი ატყდა. ნიკალამ ხელი ჩაიქნია — თითქოს ეთქვა, დღეს აქ მოვერგები მიწასო. ცოტა მოშორებით სანდრო ცდილობდა, მამაცი გამოჩენილიყო. მკერდი გამოზნიქა, თვალები მოჭუტა და სხივის ასაცილებლად ისეთი მონდომებით გაიქნია ფეხი, თითქოს ლეგენდარულ დარტყმას ასრულებდა… მაგრამ გაჭიმული ტერფი საკუთარ კრისტალს ამოკრა და ქვა შორს გატყორცნა. — ეუფ, ეს რა ქენი! — შეჰყვირა მისმა თვალიამ, რობინმა, და შურდულივით გაეკიდა ქვას. რობინმა ქვა ჰაერშივე დაიჭირა, თუმცა წაბარბაცდა და მოედნის კიდეზე დაგროვილ სქელ თოვლში ჩაეფლო. წამოაყენეს. ფრთებს იფერთხავდა და ბუტბუტებდა, თითქოს ესეც მისი წინასწარ გათვლილი გეგმის ნაწილი ყოფილიყო. ყველაზე მეტად კი მაშინ იცინეს, როცა სქელწარბა და დაბღვერილი გმირი დათას დაესხა თავს ისეთი სერიოზულობით, თითქოს სამყაროს ბედი წყდებოდა. — შენ მეგობარი ხარ თუ მტერი?! — დაუყვირა დათამ ერთ ფეხზე ხტუნვით, — ფეხები მეწვის, ნუ მიმიზნებ! ფერად-ფერადი არსებები ყველა მოძრაობაზე სასაცილოდ იზნიქებოდნენ — ერთს ენა გადმოუვარდა, მეორეს თვალები სხვადასხვა მხარეს გაექცა. თეია კი, სხვებისგან განსხვავებით, თამაშში ბოლომდე ვერ ჩაეშვა. თვალებში უცნაური სიცივე ჩაუდგა — მის წინაშე თითქოს დრო თავად გაიპო. მან დაინახა წარსული: ახალგაზრდა მცველი და მესაზღვრეები, რომლებიც ზუსტად ამავე თამაშს თამაშობდნენ. ისინი ჰაერში ბზრიალებდნენ, მიწას თითქოს არც კი ეკარებოდნენ და სიცილსა და სერიოზულობას საოცრად უხამებდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი გამოეყო სხვებს — შავი, აბრეშუმისთმიანი გულქანდა. ის ჩუმად, მაგრამ მტკიცედ უმაგრებდა ზურგს ახალგაზრდა ონისეს. ონისემ კრისტალი მაღლა ასწია. სხივი ელვის სისწრაფით გაიჭრა ჰაერში და გივარგისკენ გაფრინდა — ზუსტად, დაუხარვეზებლად. სხივი მის ტერფს შეეხო. წამით ყველაფერი დადუმდა. გულქანდას და ონისეს კრისტალები მწვანედ აინთო — გამარჯვების ფერით. გივარგის ქვა კი წითლად აციმციმდა მოკლედ, მკვეთრად, მარცხის ნიშნად. გივარგის უკან ოქროსთმიან დალის მოეწყინა — მისი გუნდის წევრს, თვალებში სევდიანი, იდუმალი ბრწყინვალებით. კადრში სხვებიც მოჩანდნენ. ახალგაზრდები, ამბიციებით სავსენი. არავინ იცოდა, რომ წლები ყველაფერს სრულიად სხვაგვარად გადააწყობდა. ხილვამ გადაიარა. თეიამ ფეხებთან დადებულ საკუთარ გამჭვირვალე ქვას დახედა. დაიხარა, თითქოს ცოცხალ არსებას ელაპარაკებოდა: — მინდა მენდო… მე დაგიცავ. ქვა ნელ-ნელა თბებოდა. მისი სითბო თეიას გულისცემას დაემთხვა, თითქოს ორივე ერთ რიტმში სუნთქავდა. ამ წამიდან რაღაც შეიცვალა — მათ საბოლოოდ იპოვეს ერთმანეთი. სწორედ ასე, სიცილ-ხარხარში და თოვლსა და მტვერში ამოსვრილები, გაემართნენ ბავშვები ბერუჩასთან — უკვე ნამდვილი, სერიოზული გაკვეთილის დასაწყებად. თავი 22 — მესაზღვრე ბერუჩას გაკვეთილი ტყეში და ცეცხლისთმიანი ალი — მზეხა ბერუჩამ, როცა ეს გაოფლილი და „ნაბრძოლი“ ბავშვები ჩაიბარა, შრამიანი სახე მოეღუშა: — წუხელ არ გეძინათ, თუ დილით თავს დაგვესხნენ და მე არაფერი ვიცი? — თქვა და თვალიებსაც გადახედა, — აშკარად რაღაც ბრძოლა გადაგიტანიათ. ბავშვების ხელში კრისტალები რომ დაინახა, მესაზღვრე ყველაფერს მიხვდა. — გასაგებია… მართალია, თვალიები კარგი მზვერავები არიან, მაგრამ ამ თამაშის ბევრი არაფერი გაეგებათ, — ხმა დაუმშვიდდა ბერუჩას, — ტყეში წავიღებთ ქვებს. იქ თავისით დაიმუხტებიან. ტყე სუნთქავდა. წიწვების სურნელი ყინვის სიგრილეს ერეოდა. ბავშვების სიცილი ნელ-ნელა ჩაწყნარდა და უცებ — სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ბერუჩა გაშეშდა. — მოითმინეთ… თვალიები მაღლა აიჭრნენ. პუწი უცნაურად დაიძაბა — თვალები გაუმკაცრდა, ბეწვი აებურძგლა. ეს უკვე თამაში აღარ იყო. ბუჩქებს მიღმა უცებ სინათლემ იფეთქა. ცეცხლივით აელვარდა ცხენის ფაფარი. ნახევრად შიშველი მხედარი გამოჩნდა — თვალებში მზის ცეცხლით. — ალი… — ჩუმად თქვა ბერუჩამ. პუწი ცხენს კუდში ჩააფრინდა, მაგრამ ცეცხლმა დასწვა და უკუაგდო. ზღაპრული რაში აჭიხვინებული გაქროლდა ტყის სიღრმეებისკენ, სწორედ იმ წამს კი ბერუჩას ლალის კრისტალი აენთო. სინათლის ბადემ ალი შეაკავა — ცეცხლმა თავად შექმნა საკუთარი საკანი. — ალი არ დაიწვება, — თქვა ბერუჩამ მშვიდად. შემდეგ, ბავშვებისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე მიმართა ტყვეს: — მზეხა, შენ ტყუილად არ მოხვიდოდი. ქალმა თვალები დახუჭა. ცეცხლი მის ირგვლივ წრიულად ამოძრავდა. — ქვესკნელის საზღვარი ისევ იღება… ეს მარტო თქვენ არ გაწუხებთ. იგი თვალებს არავის უსწორებდა, რომ თავისი ელვარებით ვინმე არ დაეზიანებინა. თეიამ ყველაფერი გაიგო. მზეხამ ახლა სწორედ მას მიმართა: ალი ყველა მოღალატე არ არის. ბოდიშს გიხდი… თეია მიხვდა, რომ იმ ძველ, მისთვის მტკივნეულ ამბავზე ებოდიშებოდა. ბერუჩამ სინათლის ბადე მოხსნა. ალმა ჩასტვინა და ნიშანზე მისი დამფრთხალი ცხენიც მიუახლოვდა. ქალი ელვის სისწრაფით გაქანდა და ცხენს ავაზასავით მოახტა. წამში ცხენ-მხედარი თვალს მიეფარნენ. ქაოსის გამო სხვადასხვა ფრად აციმციმებული განგაშის სამაჯურები ნელ-ნელა ჩაცხრა. — მე კიდე მგონია, ცხენმა რაღაც იცოდა, — ჩაილაპარაკა დათამ და გვერდულად გახედა იმ ადგილს, სადაც თოვლმომდნარ მიწას ჯერ კიდევ ასდიოდა კვამლი. — ცხენმა? — ჩაიჩურჩულა ვიღაცამ. თეიამ მშვიდად დაუმატა: — ჰო… შენ ხომ ცხოველების გესმის. მაგრამ ალმა კი ნამდვილად იცოდა. — წამით შეყოვნდა, — მისი ამეთვისტო ყელზე ვერ შენიშნეთ? ყველა ჩაფიქრდა. დუმილს მხოლოდ ქარი არღვევდა — ფრთხილად არწევდა ფიჭვების წვერებს. — ის არ გვესხმოდა თავს, — განაგრძო თეიამ ჩუმად. ყველა მისკენ მიტრიალდა. — რაა? — წამოიძახა სანდრომ. — გვაფრთხილებდა… ცხენი გაიქცა, მაგრამ ქალს რაღაც უნდა ეთქვა. მეჩვენა… სანამ კრისტალის სხივი მოხვდებოდა, თქვა: „საზღვარი ისევ იღებაო“. ეს დიდი მნიშვნელობის უნდა იყოს. სალომეამ ფრთხილად იკითხა: — და… შენ მისი ენა გესმის? თეია დაიბნა. წამით თავი დახარა: — როგორც ჩანს… მესმის. — მერე თემა სასწრაფოდ შეცვალა, თითქოს საკუთარ თავსაც გაექცაო, — რიწა, შენი კრისტალი მზეხამ დაგიტოვა. არაფერი გახსენდება? რიწას თავიდან უარის თქმა უნდოდა, მაგრამ მერე თავი დახარა და თვალებმოჭუტულმა ამოიხედა: — შენ მართალს ამბობ. იმ დღეს, გზადაგზა, ჩემს უკან ცეცხლს ვამჩნევდი… თითქოს ვიღაც მდევნიდა. მერე კი ეს ქვა ვიპოვნე. — მასაც მსგავსი უკეთია ყელზე, — დაამატა თეიამ. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს. ანამ თითები ერთმანეთში გადააჯვარედინა: — საოცარი და ამაღელვებელი ამბავია… თეიამ ჯიბეში დამალულ საკუთარ სალახტაო ქვას ხელი მოუთათუნა, თითქოს ჩუმად ამხნევებდა: „კიდევ კარგი, კალათისთვის არ გაგიმეტე“. ამ დროს თარხანის სიტყვები გაახსენდა — ზოგ ნივთს მარტო დარჩენა არ უყვარსო. ბერუჩამ ჩუმად ამოისუნთქა. თვალიებს გადახედა, მერე ბავშვებს: — დღეს თქვენი სათამაშო ქვების დამუხტვა არ გამოვიდა, — თქვა მოწყენით, — არეულობა მათზე ცუდად იმოქმედებდა… სხვა დროს მივხედავთ. — მერე დაამატა, უკვე უფრო ჩაფიქრებულმა: — მაგრამ იმაზე მეტი გაიგეთ, ვიდრე დაგეგმილი მქონდა. ამ დროს ფიჭვების ქვეშ რაღაცამ ამოიგმინა. იქ, სადაც თოვლი უცნაურ ძალას გაედნო, ბავშვებმა ბზარი აღმოაჩინეს — თოვლში ჩაჭრილი ვიწრო ნაპრალი, საიდანაც საეჭვო წითელი შუქი ამოდიოდა და დღის სინათლეს ერეოდა. ტოტო ჯიშკარიანის გაცნობა დილით თოვლის ქათქათა შუქმა ალგეონის კოშკის ფანჯარა სრულიად გადაათეთრა. თეია საწოლზე მუხლებჩახუტებული იჯდა და ხელში ძველ წიგნაკს ატრიალებდა. გივარგის ხმა ჯერ კიდევ ჩაესმოდა ყურებში — წინასწარმეტყველების ბოლო სიტყვები თითქოს თავად ამ ფურცლებშიც ჩაბუდებულიყო. წიგნაკის გვერდებს ფრთხილად აყოლებდა თითებს და გრძნობდა, რომ ზოგი ჩანაწერი იცვლებოდა. თითქოს სიტყვები მალულად იშლებოდნენ ან ინიღბებოდნენ. საბოლოოდ, ფურცლები მხოლოდ უდანაშაულო სიმშვიდით იწონებდნენ თავს. თეიამ რამდენჯერმე სცადა — გვერდები სწრაფად გადაშალა, ამოწერა უცნაური ასოები, ზუსტად დააკვირდა ნაჭდევებს, მაგრამ — ამაოდ, არაფერი გამოვიდა. თეიამ წიგნაკი დახურა და ჩუმად ამოიოხრა. გარედან ტყუპების — ილიასა და ელიას მხიარული ყიჟინა შემოიჭრა. ხრიდოლის გაკვეთილის დრო იყო! ისინი, აგრეთვე ვაჩე, საალომეა და ანა ოთახში შემოუცვივდნენ, ფანჯარა ფართოდ გამოაღეს და ეზოში სიცილით ჩასრიალდნენ. თეიამაც ხელი ჩაიქნია თავის ფიქრებზე და მათ გაჰყვა. თოვლი წელამდე არ იყო, მაგრამ ისეთი მშრალი და ქათქათა დახვდათ, ხელს რომ ჩაყოფდი, შრაშუნით გეპასუხებოდა. ზოგი მუცელზე გაწოლილი წინ ხელებით ჩაეშვა ჯერ კიდევ გაუთელელ თოვლში, ზოგი ზურგზე გადაგორდა და სიცილით მოსრიალდა. მერე კარგად წაიგუნდავეს და გზას აჩქარებით დაადგნენ, ისე, თითქოს თოვლი მათ უკან მოსდევდა. ყოველი ნაბიჯი ხმამაღლა შარიშურობდა. ტყუპებს ხევსურული, საბრძოლო ტანსაცმელი ზედგამოჭრილი ჰქონდათ. ერთმანეთს გადახედეს და მხრები ამაყად გაშალეს. თეიამაც თავისას დახედა, ქამარი ოდნავ შეისწორა და იგრძნო, როგორ შემოეხვია ძველი ქსოვილის უხეში, მაგრამ უკვე ნაცნობი სითბო. ბოლოს ყველანი თავ-თავიანთ დამატებით საგანზე გაიქცნენ. სამეული თოვლში სირბილით კარგად გახურდა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზში გადაინაცვლეს. დარბაზის თეთრი კედლები ყინულივით ბრწყინავდა, კედლებზე სარკეებიც პრიალებდნენ, იატაკზე კი პატარა ნამქერები ნელა დნებოდა. ჯარჯი შუაგულში იდგა. მან ხმალი მაღლა ასწია და მოულოდნელად ისეთი სწრაფი და რთული მოძრაობა შეასრულა, თითქოს ბზრიალით დაფრინავდა — კედელთან მდგარი ფარნებიც კი შეირხნენ. ბავშვებმა გაოცებისგან პირი დააღეს. ჯარჯი გაჩერდა, თითქოს ეს სრულიად ჩვეულებრივი რამ ყოფილიყოს, ხმალი ჩამოუშვა და გაიღიმა: — ერთი დღეც მოვა და თქვენც ასე იზამთ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ბიჭებმა თეია განცალკევებით გამოკითხეს. — რამე გაარკვიე? — ჩურჩულით ჰკითხა ილიამ. — არაფერი ჯერ, — თავი დახარა გოგონამ. თეიას გული უცნაურად უცემდა. სამზარეულოში ლილეს და თარხანს გადაეყარა — ბიჭი ქვაბს რეცხავდა და დას აწვდიდა გასამშრალებლად. მათთან ვერ გაჩერდებოდა, რადგან გული მოუთმენლობით ავსებოდა. საღამოს, როცა მოუსვენრობამ სულ შეაწუხა, თეია ისევ იმ ბორცვზე ავიდა, რომელსაც „განმარტოების ბორცვი“ შეარქვა. ჰაერი ნისლით იყო სავსე, სოფლის ლამპიონები ქვემოდან მკრთალად ციმციმებდნენ. სწორედ მაშინ დაინახა ნაცნობი ბიჭი — ცხენთან იდგა და რატომღაც სოფელში შესვლას არ ჩქარობდა. თეიამ თავი ვერ გააკონტროლა და მისკენ გაიქცა. გამარჯობა! — შორიდანვე დაუძახა სუნთქვააჩქარებულმა, — ადრეც დაგინახე აქ! ბიჭმა ღიმილით შეხედა: — აქ ხშირად მიწევს გავლა. გიდი ვარ, ამ გზით ჩავდივარ სოფელში. — მერე ინტერესით ჰკითხა: — შენ ვინ ხარ? — მე… მე იაგუნდი… უფროსწორად, თეია. — ამის თქმისას სახე ბოლომდე ღიმილით ჰქონდა მოფენილი. სოფლის ბიჭი მაღალი და კარგი აღნაგობის ჩანდა; სავარაუდოდ, მამის დიდი, თბილი ქურქი ეცვა, გაცვეთილი ჯინსი კი ჩექმებში ჰქონდა ჩატანებული. — ჰაჰა! იაგუნდი თუ თეია, რა მნიშვნელობა აქვს. სასიამოვნოა, იაგუნდო-თეია! — მხიარულად თქვა ბიჭმა, — აქ მარტო რას აკეთებ? რამდენი წლის ხარ? — თორმეტის გავხდები მარტში… მაგრამ ზუსტად როდის, არავინ იცის. არ მიყვარს ჩემი დაბადების დღის აფიშირება. — მე თექვსმეტის ვარ, ახლახან მქონდა დაბადების დღე. სიამოვნებით აღვნიშნავდი… მამა რომ კარგად იყოს, ან დედა ცოცხალი მყავდეს. თეიამ თანაგრძნობით დაუქნია თავი: — მესმის. მეც ნახევრად ობოლი ვარ. ბიჭს დაღლილი, მაგრამ ჯიუტი სახე ჰქონდა; საუბრისას ტუჩი ოდნავ ემანჭებოდა, რაც მის ხასიათზე მეტყველებდა. — მამა ავადაა. ჩემმა პატარა და-ძმამ პური რომ ჭამოს, უცხოელებისთვის ტურებს ვუძღვები, სვანეთს ვაჩვენებ… ასე ვცხოვრობ. თეია გაოცებული უსმენდა ამ კოჟრილთითებიან ბიჭს, თითქოს ის ყოფილიყოს ჯადოსნური კრისტალების სამყაროდან და არა თავად. — რა საინტერესოა… — გულწრფელად წამოსცდა გოგონას და ტოტოს წითელფაფრიან ცხენს ხელი გადაუსვა. ცხენის ნამიანი სხეულიდან თივისა და გრძელი გზის სუნი ამოდიოდა. — შენი ცხენი ძალიან მომწონს… ისიც გიდია, ხომ? — ეჰ… ჩემი არაა. მეზობლისგან ვქირაობ. ერთი მაინც რომ ჩემი მყავდეს, ბევრად უკეთესად ვიცხოვრებდით. თეია თითქოს უცებ გამოერკვა: — დაბინდებულა... ახლა მეჩქარება! — სწრაფად გამოემშვიდობა და გაიქცა, — კიდევ შევხვდებით! ბიჭმა ღიმილით გააქნია თავი. „რა უცნაური ბავშვია“, — გაიფიქრა და გაკვირვებულმა შენიშნა, რომ თეია მაღლა, მთის მწვერვალისკენ მიიწევდა, — კი მაგრამ, მაქეთ სად მიდიხარ? თეია არ გაჩერებულა. იცოდა, რომ ზედმეტად შეჰყვა საუბარს. — გაგაცილებ, ბნელდება! — გამოსძახა ბიჭმა. — ისევ შევხვდებით, ალბათ! — დაიყვირა თეიამ შორიდან. — ტოტო… ტოტო ჯიშკარიანი ვარ! — არ ნებდებოდა ბიჭი, — თუ გინდა, სოფელში მიკითხე! თავი 23 — საიდუმლო კოშკურა თარგამი და მეხსიერების მილები გივარგის საიდუმლო კოშკურა თარგამი სამხრეთით იდგა — მზის მხარეს, სადაც ჩრდილი იშვიათად ჩერდებოდა. კოშკურამდე მისასვლელი გზა არცთუ მარტივი იყო: მიხვეული-მოხვეული, ვიწრო ქვის კიბე თითქოს ჰაერში ეკიდა და ბეწვის ხიდით მთავრდებოდა, სადაც ერთდროულად ძლივს თუ გაივლიდა ერთი ან ორი ზრდასრული ადამიანი. თარგამში გივარგი ატარებდა მთელ თავის დროს და იქ მას იშვიათად თუ ესტუმრებოდა ხოლმე ონისე, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც ძალიან სერიოზულ საქმეზე ბჭობდნენ. იქ, მაღლა, სრული სიჩუმე მკვიდრობდა. ჰაერი თბილი ორთქლივით ამოდიოდა ქვის ნაპრალებიდან. გამჭვირვალე, ლაბირინთისებურ მილებში სინათლედ მიედინებოდა მბზინავი, ცისფერი სითხე, რომელიც დროდადრო ფერს იცვლიდა, თითქოს ვინმეს ძველ მოგონებას გაევლოს შიგნით. ეს იყო მეხსიერების მილების დაბოლოება — თავად ალგეონის გონება, სადაც ყოველი მცველის ხმა, ყოველი ფიქრი და ყოველი დადებული ფიცი საუკუნეების მანძილზე ინახებოდა. აქ გივარგი წმინდა წყლის ნავთან ჩაიმუხლებდა ხოლმე, სადაც წყლის ზედაპირი ხან თანაბრად ბრწყინავდა და ხანაც ნელა ღრმავდებოდა, თითქოს ეს სარკე თავად სუნთქავდაო. იქიდან ყოველთვის მკაფიო ჩურჩული ისმოდა — ძველი მცველის ხმა, რომელიც რიტუალის დროს აუცილებელ ცოდნას გადასცემდა ახალ თაობას: „გახსოვდეს, გივარგი, სიტყვები არ გადაეცემა ყველას. შენ ხარ ხიდი, და ხიდი არ ლაპარაკობს — იგი მხოლოდ აკავშირებს“. ამ სიტყვებზე გივარგი ყოველთვის უხმოდ დაუქნევდა თავს უხილავ ხმას და წამოდგებოდა. მერე კი ჩუმად ბრუნდებოდა ქვემოთ, დიდ დარბაზში, სადაც არც ერთ ბავშვს არ სჭირდებოდა ზედმეტი განმარტება, რომ თარგამში ყოველი საუბარი ცოცხლობდა და სუნთქავდა. ტყუპებსა და თეიას ხრიდოლში დილაადრიანად ევარჯიშათ, ამიტომ დიდ დარბაზში სხვებზე ბევრად ადრე მივიდნენ. თეიამ კედლებზე გაყოლებული გამჭვირვალე მილები ყურადღებით შეათვალიერა, თითქოს ახლა შეამჩნია პირველად. — ესაა ალგეონის მეხსიერება, ხომ ასეა? — ჩუმად თქვა გოგონამ, — აქ ინახება ყველაფერი, რასაც კოშკი ოდესმე ხედავდა, ისმენდა ან გრძნობდა. მაგრამ ინფორმაცია აქ მხოლოდ გზას გადის და მაღლა, მცველის თარგამში ტრიალებს. — ის აქ არასოდეს არავის ესაუბრება, მხოლოდ მცველს. მხოლოდ ის იგებს ძველ ჭეშმარიტებას, — დაამატა ილიამ. ილიამ და ელიამ ერთმანეთს გადახედეს და გაბედულად მიუახლოვდნენ ერთ-ერთ მილს: — სამაგიეროდ, რაღაცის დანახვა ჩვენც შეგვიძლია! შიგნით სინათლე უცებ გაცოცხლდა, შუქი აბზრიალდა და მილიდან ნაცრისფერი ფიგურები ამოკრთა — ქალისა და კაცის ნაცნობი სილუეტები სახლის წინ, მაღალ თივის ზვინთან იდგნენ. ბებია თბილად იღიმოდა, ბაბუა კი ხელში ბავშვებს ათამაშებდა. — ბებია... — ჩაიჩურჩულა ილიამ, — იქ ჩვენი ბებია თინაა. — და ბაბუა ოთარი… — დაამატა ელიამ, — მაგრამ მამა სად არის?.. მილში შუქი უცებ გაჩერდა, შემდეგ კი სწრაფად გაბნელდა. მხოლოდ შორიდან გაიელვა რაღაც ფერფლისფერმა ლაქამ — თითქოს ბნელი ჩრდილი შუქს სასწრაფოდ გაეცალაო. — ვერ ხედავს, — თქვა თეიამ ჩუმად, — როცა ადამიანი საზღვრებს გარეთაა, მეხსიერება მის სახეს ჯერ არ იცნობს. — ანუ მხოლოდ გარდაცვლილებს გვიჩვენებს, არა? — მოიწყინა ილიამ. — შუქი მხოლოდ სუფთა გულის ადამიანებს აჩვენებს გარდაცვლილ ახლობლებს, — გაახსენდა ელიას, — ეს უკვე გვითხრა ონისემ. სხვებისთვის მილები სრულიად ჩუმად რჩება. მილები ამ დროს თითქოს მართლაც დადუმდნენ, თითქოს თანაუგრძნეს ბავშვების უსაზღვრო სევდას. თეია ნელა მიუახლოვდა სხვა მილს. ეშინოდა, ძალიან ეშინოდა, რადგან არავითარ შემთხვევაში არ უნდადა იქ საკუთარი დედა დაენახა. თუმცა, შიგნით ჩახედვა მაინც გაბედა. ცისფერი სითხე ტალღასავით აიტყორცნა, თითქოს კოშკმა ნაცნობი სული შეიცნოო. უცებ მილში კაცის სილუეტი გამოისახა — სიმპატიური, მაღალი, მოკლე წვერით. სათვალის შიგნიდან, მის ნათელ თვალებში ბნელი მღელვარება უტრიალებდა, თითქოს თავადაც გამალებით ეძებდა ვიღაცას. თეიას სუნთქვა შეეკრა. თითქოს მთელი დარბაზი კიდევ უფრო მეტად დადუმდა. — მამა?! — მარტოსულივით ჩაილაპარაკა სიჩუმეში. — ადამი დაინახე, ხომ? ვის ხედავ მანდ? — ვეღარ მოითმინა ელიამ. მას თითქმის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ თეია მილში სწორედ ადამ პირველს დაინახავდა. გოგონას ცხელი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე და მაშინვე გაიბზინა მილის შიგნით შუქმა, თითქოს ალგეონმა ეს ემოციაც საკუთარ მეხსიერებაში ჩაიწერა. საიდან მოიტანე... ის არ ყოფილა! ილიამ ძმას მკაცრად შეუბღვირა და თეიას თბილად გაუღიმა: — კარგია, თეია… დედა მაინც გეყოლება ცოცხალი. ის იქ არ გამოჩენილა, ხომ? თეიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია: — დედა არ ჩანს… ანუ ცოცხალია! — მერე ხმა დაუბუჟდა, თითქოს საკუთარი სიტყვების ბოლომდე არ სჯეროდაო, — ალბათ მართლაც ცოცხალია… უბრალოდ… არ მოდის ჩემთან, — გოგონამ კვლავ მოიწყინა, მერე კი სევდიანად, ცალყბად ჩაიღიმა: — თქვენც ხომ მხოლოდ ინტერნეტით იცნობთ მშობლებს… არა? სამივემ უხმოდ გაიღიმა — ეს სიმწრის გაღიმება იყო. ბავშვებმა მხრებზე ხელები გადახვიეს ერთმანეთს და სწორედ ამ დროს თეიას გონება უცებ გაუნათდა: — მოდი, ამიერიდან სულ ერთად ვიყოთ! და როცა რამეს ჩავიფიქრებთ, აი, ასე გადავხვიოთ ხოლმე ხელები, თავები მხრებში ჩავრგოთ და წამომწყებმა თქვას: საქმეში ვართ? მერე კი, თითქოს შეუთანხმებლად, სამივემ ერთხმად, მტკიცედ გაიმეორა: — საქმეში ვართ! მხოლოდ მილებში გამთბარი ცისფერი შუქი რჩებოდა მშვიდი — თითქოს მათ ბავშვურ სიცილსაც და ამ დიდ ჩანაფიქრსაც სამუდამოდ შეინახავდა. მალე დარბაზში სანდრო და მისი ხშირი მეგზური ნიკოლოზი შემოვიდნენ. გარედან სხვა ბავშვების ხმაურიანი შეძახილებიც ახლოვდებოდა. სანდროც ინტერესით მიუახლოვდა ერთ-ერთ მილს, ჩაიხედა და უცებ, შეშინებულმა და შეძრწუნებულმა, ელდასავით უკან დაიხია. მილში რაღაც უცნაური მასა მოძრაობდა — თითქოს ვიღაც ბნელი მუშტებს გამალებით უქნევდა შიგნიდან. სანდროს ასეთ რეაქციაზე ბავშვები ჩუმად აფხუკუნდნენ. — ამპარტავნება დაგღუპავს. — უთხრა ბურდღუნით ნიკოლოზმა, რომელიც ფეხდაფეხ მოჰყვა სანდროს, — დარწმუნებული ვარ, იქ ნამდვილი მონსტრები დაინახე. — შენ არაფერი იცი! — სანდროს ამის მეტი არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაბრაზებულმა შეუბღვირა ნიკოლოზს. თავად კი, ალბათ, შინაგანად მიხვდა, რომ ალგეონში სიცრუე და ამპარტავნება ყოველთვის ისჯება — უხმოდ, მაგრამ მტკივნეულად. ისე, რომ მხოლოდ თავად დამნაშავემ იცის, რატომ. თავი 24 — გაზაფხული და პირველი კრისტალები მთებში ზამთარმა ისე იცის გაჯიუტება, გეგონება, აქედან აღარასოდეს წავაო. თუმცა, აქეთა და იქითა სვანეთში გაზაფხულმა მაინც მოახერხა შემოპარვა. ზესვანეთიდან ფრთხილად გადმოაბიჯა, თითქოს მთებს შორის გაბმულ წვრილ ძაფზე დადიოდა. ქვემოთ, სოფლებში, სითბომ და ყვავილების სურნელმა ერთიანად გაიღვიძა. მაღლა, მწვერვალებთან, თოვლი ჯერ კიდევ ჯიუტად იჭერდა ადგილს, მაგრამ ალაგ-ალაგ შავი მიწაც გამოჩნდა. მალე მწვანე მდელოები ნაზი იებითა და ყოჩივარდებით შეივსო. ვირთაგვა არჩილიც უფრო ხშირად გამოდიოდა გარეთ და სურნელოვან ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. მას თითქმის სულ თან დაჰყვებოდა ორთავა დევი ბეღელა. რას ლაპარაკობდნენ ის ორნი, არავინ იცოდა. მზე უფრო დიდხანს ათბობდა სველ მიწასა და ახალ ბალახს. ბავშვებიც უცებ გამოცოცხლდნენ. ალგეონის სქელი, ცივი კედლები ვეღარ აკავებდა მათ — ბორცვებსა და მდელოებში ხშირად დარბოდნენ, თვალიები კი ჰაერში ონავრობდნენ და ჟრიამულით დაფარფატებდნენ. ერთ ლამაზ შაბათ დილას ბავშვები ალგეონის გარშემო, სხვადასხვა ადგილას გაიფანტნენ. სანდრო და ნიკალა დიდლოდებიან კლდეებთან ისხდნენ. იქ ნიკალას ქანდაკებების გამოთლა უყვარდა. ამჯერად ნადირობის ქალღმერთ დალის ფიგურას უჩხიკინებდა. მისი სახე მთვარის შუქზე გამოკვეთილ ქალს ჰგავდა — თითქოს პატარა მოქანდაკის ხელს ქვაში ნამდვილი სული ჩაედგა. ნიკოლოზი მუშაობდა, თან გადასაკიდი ჩანთიდან სვანურ კუბდარს ძიძგნიდა და სანდროს უსმენდა. — ბიჭო, ნიკალა, შენ სად იპოვე შენი მოწითალო სარდონიქსი? — ჩაეკითხა სანდრო. — ქვას ვტეხდი… და შიგნით იყო, — მოკლედ უპასუხა ნიკოლოზმა. ის სიტყვაძუნწი, მაგრამ საქმეში საოცრად ძლიერი ბიჭი იყო. მრავალშვილიანი ოჯახის მეშვიდე შვილს ადრე სამცხე-ჯავახეთშიც ბევრი უთლია პატარ-პატარა ქანდაკებები, როცა მშობლებს მეზობლისთვის შეგირდად მიებარებინათ. აქ კი, სასწავლო კრისტალის დახმარებით, ხელში ნამდვილი საოცრებები გამოსდიოდა. — აბა, რაღა გიჭირს! — ჩაეღიმა სანდროს, — აქამდე თუ ერთ ქანდაკებას მთელ კვირას ანდომებდი, მალე ერთ საათში დაამთავრებ. — თუმცა, ამ სიტყვებს აშკარად სიმწრით სცრიდა კბილებში. — ჰო… — ნიკოლოზმა კმაყოფილმა დაუკრა თავი და ქვას კრისტალის თბილი სხივი კიდევ ერთხელ გადაატარა. ჩუმ ბიჭს აშკარად უხაროდა თავისი წარმატება. ამ დროს შორიდან გოგონების კისკისი და ხმაურიანი ჟრიამული მოისმა. ხმები ჩანჩქერის მიდამოდან მოდიოდა. ბიჭები მაშინვე მათკენ გაიქცნენ. იქ სალომეასა და ანას აღფრთოვანებული საუბარი გაისმა: — რა ბედნიერებაა! ახლა ანასაც აქვს საკუთარი კრისტალი! — ციტრინი! — სიხარულით თვალები უბრწყინავდა ანას, — როგორ მიხარია, ვერ წარმოიდგენთ! ახლა ნამდვილად არ დავასვენებ არც ერთ მცენარეს! — ჰო, აბა რა! შენი სქელი წიგნის ყველა ფურცელზე ახლა თითო მცენარე იქნება ჩანიშნული, — გაეცინა სალომეას. ბიჭებმა ანას კრისტალის პოვნა მიულოცეს და მაშინვე ჰკითხეს, თუ როგორ მიაგნო მას. — ტყის ზოლში მივდიოდი, ფეხი ამიცურდა და წყალში ჩავვარდი, — თქვა ანამ, — ზუსტად იქ დავინახე მისი კაშკაშა ბზინვარება. ონისემაც უკვე დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად ჩემი კრისტალია. სანდრომ მოღუშულმა ჩაღუნა თავი. უკვე რიწას, ანას, სალომეას და ნიკოლოზსაც ჰქონდათ თავიანთი ქვები… თვითონ კი ჯერ ვერაფერს პოულობდა. — რა გჭირს! — სანდროს უხასიათობა გაიკვირვა ნიკალამ. — საქმეს მიხედე, მე კი წავალ, — ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ, — იმ გამჭვირვალე კრისტალს მაინც „გავეცნობი“ ახლოს… ალგეონში ყველანი ერთად დაბრუნდნენ. თვალიები ისევ ონავრობდნენ და თავზე დასტრიალებდნენ ბავშვებს. მალე ილია და ელიაც გამოჩნდნენ. ისინი მაშინვე თეიასკენ გაიქცნენ და დღევანდელი ამბის მოყოლა ატეხეს: — დღეს ხრიდოლის ვარჯიშზე თარხანმა მოედანზე გამოგვიწვია! გორაკზე ვჭიდაობდით, უცებ იქვე პატარა ხევში ჩავცვივდით და პირდაპირ შეშინებულ ჭინკებს თავზე დავახტით, იქ ეძინათ თურმე! — სულმოუთქმელად ყვებოდა ილია. თეია გაოცებული ჩაეკითხა: — როგორ? თვალიებმა ვერ აღმოაჩინეს და თქვენ ნახეთ? — კი წიოკობდნენ ის საცოდვები, მაგრამ მაგათ ვინ უსმენდა! — იცინოდა ილია. — მერე მე და ილიამ ერთი ხმით ყვირილი მოვრთეთ, — სიცილით აყვა ელიაც, — იმ ურჯულოებს თარხანმა მაშინვე წკეპლა გადაუჭირა — აქ, ამ კოშკის ახლოს რას აკეთებთო?! ჩვენც გული მოგვეცა და... უკან გამოვუდექით! — ჰო, სულ მუხლებამდე გვწვდებოდნენ, — სიცილისგან ილია უფრო და უფრო სწრაფად ახერხებდა ლაპარაკს, — უნდა გენახა, ჩვენმა პიკომ და პაკომ რა დღე აყარეს, სულ ჰაერში აბურთავეს! აბა, რა ვიცოდით, თუ გულიდან ქვებს ჩამოიწყვეტდნენ და ჩვენ გამოგვიწვდიდნენ? — მე ლაზურიტი მერგო, ელიას კი — ცოიზიტი! თურმე აქეთობას, გაზაფხულობით ჰყვარებიათ ხოლმე გადმოპარვა, — კვლავ ჩაერთო ელია და თავისი ახალი ქვა ამაყად აათამაშა ჰაერში. — თარხანმა გითხრათ ესეც? — სიცილით იკითხა თეიამ და ყველამ ერთად გადაიხარხარა. ამ დროს დიდ დარბაზში გივარგი გამოჩნდა. მან ბავშვებს კრისტალების პოვნა მიულოცა და მშვიდად უთხრა, რომ დრო იყო, სანდროსავით თავ-თავიანთ სალახტაო ქვებს დაბრუნებოდნენ და ვარჯიში გაეგრძელებინათ. ბავშვები გახარებულები გაიქცნენ თავიანთი ოთახებისკენ. მათი ჟრიამული ნელ-ნელა მიწყდა. სანდრო განმარტოვდა და ალგეონის ერთ-ერთ ცარიელ დერეფანში გავიდა. ბრაზი ჯერ კიდევ აწვალებდა. ყველას თავისი ქვა ჰქონდა: რიწასაც, ანასაც, ტყუპებსაც. მას კი — არა. დერეფნის ბოლოს ნაცნობ კედელს მიადგა. მეხსიერების მილები ისევ მშვიდად ლივლივებდნენ კედლების ზედაპირზე. სანდრომ ხელი მიადო. ცოტა ხანს დაელოდა და — არაფერი. კიდევ უფრო ჯიუტად შეეხო, მაგრამ მილები კვლავ ჩუმად დარჩნენ. არც მუშტები დაუქნევია ვინმეს, არც ზურგი შეუქცევია და არც გაუღიმია... თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდნენ. — კაი მაშინ... — ჩაილაპარაკა და ხელი ჩამოუშვა. თითქოს მილების სიმშვიდემ დააფიქრა, რომ პრობლემა მათში კი არა, საკუთარ თავში იყო. ცოტა ხნის შემდეგ, ისევ ნიკალა მოიკითხა. ნიკალა ოთახში ბრუნდებოდა, ამჯერად შებოლილი, დაწნილი ყველის ღეჭვით. სანდრომ უხერხულად შეაჩერა: — წეღან... უხეშად გამომივიდა. ნიკალამ თავი ასწია: — რა? — შენზე არ ვიყავი გაბრაზებული, — მხოლოდ ეს თქვა სანდრომ. ნიკალას თბილად გაეღიმა: — ვიცი. — მერე ჩაკბეჩილ ყველს დახედა და ჩუმად დაამატა: — მეც მენატრება ჩემი ოჯახი. სანდროს არაფერი უპასუხია. ორივე ცოტა ხანს კიდევ დარჩა დერეფანში, სარკმლიდან ეზოს გადახედეს. მაგრამ ჩუმად იყვნენ. მთებში კი გაზაფხულის ქარი ნელა არხევდა ახლად ამოსულ ბალახს, — თითქოს ეჩურჩულებოდათ, თუ ვისთან მივიდოდა შემდეგი კრისტალი. თავი 25 — მესაზღვრე ივას ქვესკნელიდან დაბრუნება სებე და მირიანი კარგად უგებდნენ ერთმანეთს. ორივე დასავლეთ საქართველოს შვილები იყვნენ — იმ მხარის, სადაც იუმორი ბავშვობიდანვე ჩაგესხმება სისხლში, სადაც სევდაც კი სიცილით მთავრდება. სებე გარეგნულად მუდამ სერიოზული ჩანდა, მირიანი კი ისე იცინოდა, თითქოს ყველა ჩრდილი უნდოდა გაეფანტა ამ სამყაროდან. ახლა ისევ ღიღინით მიუახლოვდა მეგობარს. — წამო, ტყის პირას გავიაროთ, ძამია, — შესთავაზა მხიარულად. — შენ სალამურზე დაუკრავ, მე ვიმღერებ. იქნებ ციყვებიც ავაცეკვოთ, დავლურის ხასიათზე მოდიან, როცა გურია-იმერეთი ერთხმად მღერის! სებემ ღიმილი ვერ შეიკავა: — მაინც არ მომასვენებ… უარი რომ გითხრა, შემიკიკინებ. რადგან ბავშვებს ახლა მეგზურები ჰყავდათ, ალგეონის შემოგარენშიც არ ეკრძალებოდათ გავლა. თავიანთი თვალიებიანად ტყისკენ გადაუხვიეს, როცა უცებ ბალახებს შუა, შავჩოხოსანი შენიშნეს — მაღალი, ხმელი, თითქოს თავად ტყის ჩრდილიდან ამოსული. ორივე გაშეშდა. მირიანს სიცილი შეაშრა, სებეს თვალებიდან ფერი გადაუვიდა. უკან გაქცევა დააპირეს, მაგრამ უცნობმა მიაძახათ — მღელვარედ, თუმცა საოცრად ბარიტონულად: — ჰეი, ბიჭებო, ნუ გეშინიათ ჩემი... უნდა მცნობდეთ წესით! მირიანი წამით გაიყინა. მერე, მოულოდნელად, როგორც ყოველთვის, სიტყვები ზედიზედ მოაყარა: — უნდა მცნობდეთო?... ეს კაცი ჩვენს დაფაზეა... მკვდრების დაფაზე! — აააააა! — იყვირას ერთხმად და სანამ ალგეონისკენ ეშვებოდნენ — გურული და იმერული ტონით — ერთნაირი შიშის სიმღერა ატეხეს. — დაფის კაცი მოგვდევს! დაფის კაცი! — გაჰყვიროდნენ, სანამ ხის სვეტებიან დერეფანში არ შევარდნენ და პირდაპირ ონისეს მკერდს არ მიეჯახნენ. ონისემ მხოლოდ წარბი ასწია, მშვიდად: — რა მკვდარზე ლაპარაკობთ, ბიჭებო? რა ხმამ შეგაშინათ? — დაფის კაცი! დაფის კაცი მოგვდევს! — შესძახა მირიანმა. სებე ხმას ვერ იღებდა — მკვდრისფერი დაყვებოდა სახეზე. ონისემ მის ზურგს უკან მოფარებული ბავშვები ქეთევანს გადააბარა, მან კი ლამარისის თავზე გადატარებით დააწყნარა ისინი და ისევ დაბრუნდა ეზოში — სადაც ჩოჩქოლი იდგა. ჭიშკართან ქაჯები ბრგე კაცს აკავებდნენ და კომბლებით უკრავდნენ გზას. — ამაზრზენია თქვენი საქციელი! — დაიღრიალა შავჩოხოსანმა. — ვერ მცნობთ? მის ხელიდან ნაცრისფერი ქვა შეელამუნა შუქს, თითქოს თავისით აინთო. მრისხანება ქეთევანის განწირულმა ხმამ ჩაახშო: — ივა?!... ნუთუ შენ ხარ?! ქალი წაბარბაცდა, ცრემლები უბრწყინავდა თვალებში. ონისემ მხარზე ხელი დაადო ახლადმოსულს და ჩუმად თქვა: — გამოატარეთ. — ქეთევან... — ამოიოხრა ივამ, — ონისე... მათი სახელების ერთდროულად წარმოთქმამ ჰაერი გააჩერა. ბერუჩა საკუთარი კოშკიდან მორბოდა, ჯარჯი კი ქეთევანთან ერთად ლამარიიდან დაბრუნებულიყო. გივარგი მხოლოდ თარგამიდან იხედებოდა, თვალებში ჩაღრმავებული ეჭვი და ფიქრი ენთო. ივა ჩრდილელი ფერმკრთალი ჩანდა, თითქოს სული დაეკარგა, მაგრამ ამაყად იდგა — მხრებგაშლილი, დაბრუნებით გაბრწყინებული. — წამოდი, — უთხრა ონისემ ჩუმად, — გივარგი გვიხმობს. ბერუჩა და ჯარჯი ჩურჩულით რაღაცას განიხილავდნენ, წვერზე ხელს ისვამდნენ, რომ ვერავის გაეგო. რაღაც მაინც ისმოდა: ქვესკნელში ყოფნა... არ ნიშნავს აუცილებელ გარდაცვალებას... თეიას კი ქეთევანის ცრემლები გულში ჩაეჭრა — თითქოს ცივი წყალი დაედინა ცხელ გულზე. — რატომ უნდა ტიროდეს? ფიქრობდა თავისთვის. როცა ივა თეიას გაუსწორდა, ადგილზე გაშეშდა და მზერა გოგონაზე გაეყინა. მერე თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, ონისემ მას კვლავ ხელით ანიშნა გაყოლოდა. გაყვა, მაგრამ მზერა ერთხანს თეიაზე დარჩა. ქეთევანმა კი ახალმოსულს ჩუმად ჩასჩურჩულა: — შენმა დანახვამ ძველი ტკივილი გააღვიძა… თითქოს ის, ვინც დავკრძალე, კიდევ ერთხელ მოკვდა. — ხმა უთრთოდა ფერდაკარგულ ქალს. ამის გაგონებაზე ივა თითქოს მშვიდად დარჩა, მაგრამ შუბლი დაენამა და შარვლის კიდეზე ნეკა თითი აუთამაშდა. — და, გთხოვ, ამ ბავშვზე ნურაფერს იკითხავ... ჯერ ადრეა, ივა. წასვლისას ივამ სინანულით თავი მდაბლად დაუკრა ქალს და ქედმაღალი ნაბიჯით გაეცალა. სალომეამ ჩუმად ჩასჩურჩულა თეიას: — ტირილის დროსაც კი ლამაზია... — ჰო... თვალები ზღვასავით აემღვრა. ქეთევანის მზერამ თეია შეაძრწუნა — თბილიც იყო და შორეულიც. თითქოს მზის და მთვარის ნათება ერთდროულად დაეტია იმ თვალებში. გოგონას უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ გაბედა — ის ხომ თეთნულდივით იყო, ცივი და წმინდა. თავი 26 — გაძლიერებული ვარჯიშები და მესაზღვრის საიდუმლო როცა ჯარჯიმ გაიგო, რომ ილიასა და ელიას ჭინკებთან ნამდვილი ბრძოლა მოუხდათ, დიდხანს აღარ ულაპარაკია. თითქოს ყოველგვარი სიტყვა ზედმეტი გახდა. მის თვალებში მძიმე სიჩუმე ჩადგა — ისეთი სიჩუმე, რომელიც წინასწარ გეუბნება, რომ მშვიდი დრო სამუდამოდ დასრულდა. იმ დღიდან ხრიდოლის სწავლება მათთვის სულ სხვა გზით წავიდა — ბევრად უფრო ღრმად და მკაცრად, ვიდრე მათი ასაკი მოითხოვდა. ხრიდოლი აქ მხოლოდ რკენა და ფარიკაობა აღარ იყო. მას დაემატა შვილდოსნობა, ჯირითი და ის უხილავი წესები, რომლებიც ჯერ გონებას ამაგრებს და მერე — სხეულს. ჯარჯი ხშირად აჩერებდა ხოლმე გამალებულ ვარჯიშს, თვალებში ჩახედავდა ბავშვებს და ეუბნებოდა: — ილეთი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა შიში შენზე წინ არ გარბის. თუ შიშმა გაგასწრო — ჩათვალე, რომ მან უკვე დაგაგდო. ბერუჩას მოაყვანინა ყველაზე მოზრდილი, მარდი ჭინკები და ბავშვებს მათთან აჭიდავებდა — არა როგორც უწყინარ თამაშში, არამედ როგორც ნამდვილ ბრძოლაში, სადაც შეცდომას ხმა არ აქვს, მაგრამ მწარე შედეგი ყოველთვის მოჰყვება. ჭინკები არ ხუმრობდნენ და არც ინდობდნენ მათ. ჯარჯი ბავშვებს ღამეებსაც აღარ ასვენებდა. ერთხელ ვარჯიში ღრმა ბინდში დაიწყო და მხოლოდ სავსე მთვარის შუქზე დაამთავრა. ჭინკების ჩრდილები ცივ კედლებზე უცნაურად ირხეოდა, იწელებოდა და იშლებოდა. ბავშვები სწავლობდნენ, როგორ ებრძოლათ არა მხოლოდ იმასთან, ვინც მათ წინ იდგა, არამედ იმასთანაც, ვინც თვალს არ უჩერდებოდა და ზურგიდან ეპარებოდათ. ყველა თავდაუზოგავად შრომობდა, მაგრამ სამეული თავად ითხოვდა იმაზე მეტს, ვიდრე შეეძლოთ. — კიდევ ერთხელ! — იყვირებდა ხოლმე ელია, როცა უკვე სუნთქვა ბოლომდე ეწურებოდა. — ახლა უკეთ გამოგვივა! — ეთანხმებოდა ილია, დაცემული მიწიდან სასწრაფოდ წამოდგებოდა და ჩოხის კალთებს იფერთხავდა. მალე ქაჯებთან შესაძლო შერკინებაზეც კი ისე ალაპარაკდნენ, თითქოს ეს მათი ცხოვრების ბუნებრივი გაგრძელება ყოფილიყოს. უიშვიათეს ილეთებს პირდაპირ ჰაერში ასრულებდნენ — ჯიხვებს გაეკიდებოდნენ, დიდ რქებში ჩაეჭიდებოდნენ, ზურგზე შეახტებოდნენ და კლდეებზე ელვასავით დაფრინავდნენ. ზეშვანიერაში ჯიხვები ბევრად უფრო დიდები და ძლიერები იყვნენ, ვიდრე აქეთა სვანეთში, ამიტომ იქიდან დაცემაც ორმაგად მტკივნეული იყო. ჯარჯის კარგად ესმოდა — ისინი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. მაგრამ ისიც იცოდა: ამ სამყაროში ბრძოლა ყოველთვის მოულოდნელად იწყება და ვინც დროულად არ ისწავლის მყარად დგომას, იმას გადარჩენა გაუჭირდება. ეს საუკუნეებით გაკაჟებული კაცი ვარჯიშს ყოველთვის მაშინ ამთავრებდა, როცა ბავშვებს ძალა საბოლოოდ ეცლებოდათ. ერთხელ, როცა ილიამ ძლივს ამოთქვა და ჰკითხა: — ჯარჯი მასწ, რატომ არასდროს გვასვენებთ დროზე? მოხუცს პასუხი არ გაუცია. მხოლოდ ქამარზე ჩამოკიდებულ პატარა, ხის ძველ სათამაშო ცხენს ნაზად გადაუსვა ხელი — თითქოს ამოწმებდა, ისევ იქ იყო თუ არა. იმ ღამეს განსაკუთრებით დასევდიანდა და ვარჯიშიც ჩვეულებრივზე ადრე დაასრულა. ბერუჩა, რომელიც შორიახლოს ტრიალებდა, ილიას გვერდით გაჰყვა და ჩუმად უთხრა: — შენ არაფერი დაგიშავებია, შვილო. მისი ბრძოლა საკუთარ თავთან მაშინ დაიწყო, როცა თავისი შვილი ვეღარ დაიცვა. ცოლ-შვილი საუკუნეების წინ დაკარგა… და ასეთი ტკივილი გულში არასოდეს შუშდება. მესაზღვრე ივა შავნაბადა და ეჭვი გაზაფხული ჩუმად, შეუმჩნევლად გაბატონდა ალგეონის ბორცვებზე. მდინარეები გათბნენ, ქვებს შორის მთის წყალი თითქოს ბევრად უფრო მხიარულად გარბოდა და ბავშვებიც სიცილით, ფეხშიშველა ხტუნაობდნენ ნაკადულებში. თეია ილიასა და ელიასთან ერთად ეზოში სეირნობდა. — დღეს ილეთები როგორ საოცრად დახვეწე, თეია! — აღფრთოვანებით უთხრა ილიამ, — შენ კი არ ჭიდაობ… ცეკვავ პირდაპირ! ელიამ სიცილით დაამატა: — ცეკვავ, კი… ოღონდ ზოგჯერ ანას მამლაყინწას ჰგავხარ, როცა მიწაზე მოადენ ხოლმე ზღვართანს! თეიამ გაკაპასებით, მთელი ძალით სცხო მუჯლუგუნი ტყუპისცალს: — ენა მოთოკე, თორემ შემდეგ ჯერზე შენ დაგაგდებ მიწაზე! მათი მხიარული სიცილი ჯერ კიდევ არ შეწყვეტილიყო, როცა ვიწრო ბილიკზე ივა შავნაბადა გამოჩნდა. იგი დიდ, შავ ცხენზე ამხედრებულიყო. ბავშვების წინ ქუდი მოიხადა, თავი ოდნავ, თავაზიანად დაუკრა და ტყისკენ მშვიდად გაემართა. თეიამ თვალები ეჭვით დააწვრილა. — გახსოვთ? — ჩუმად, ძლივს გასაგონად თქვა, — საზღვრის ახლოს რომ უცნაური ნაპრალი ვნახეთ… სადაც ალი დაგველაპარაკა? — მაგას რა დაგვავიწყებს, — წარბშეკვრით უპასუხა ელიამ, — დღემდე სისხლი მეყინება, როცა იმ ადგილს ვიხსენებ. თეია ივას თვალს არ აშორებდა, სანამ ის ხეებში არ გაუჩინარდა. — მე მგონია, რომ ივა სწორედ იმ ნაპრალში ჩადის. უბრალოდ… ეს როგორმე მშვიდად უნდა დავამტკიცოთ, თორემ სხვა მესაზღვრეები ჩვენს სიტყვას არ დააჯერებენ. — აბა რას ამბობ, — შეეპასუხა ელია და ხმას კიდევ უფრო დაუწია, — ის ხომ ერთადერთია, ვინც ჩვენს სხივლახტასთვის მომზადებას ასეთი დიდი სიხარულით მოეკიდა? და თუ მართლა არასწორ გზაზეა, თვალიებმა როგორ ვერაფერი აღმოაჩინეს? — თვალიებს იქითა სამყაროს ვერც ერთი ბინადარი ვერ გამოეპარება, — მტკიცედ უპასუხა თეიამ, — მაგრამ ივა სულ სხვა საქმეა. მან ზედმიწევნით იცის მათი განრიგი, მათი ბუნება… მათი გაცურება საოცრად ეხერხება. — ჰო, ზოგჯერ ჩვენც კი ვაცურებთ ხოლმე მაგათ, — მხრები აიჩეჩა ილიამ, თუმცა სახეზე ეჭვი მასაც აშკარად დაეტყო. თეიას გულს რაღაც მძიმე ლოდივით არ ეშვებოდა და უცნაური, გაუცნობიერებელი ბრაზით უვსებდა. ისევ ადამ პირველის ამბავი გაახსენდა. თუ ივა მართლაც ასე ახლოს იყო მასთან, რატომ ვერ ხვდება იმას, რასაც სხვები უკვე ამჩნევდნენ? მაგრამ მესაზღვრე ჯიუტად დუმდა. და ეს საიდუმლო დუმილი ნებისმიერ პასუხზე ბევრად უფრო მძიმე იყო. ბავშვების მოსასვენებელი და სამეცადინო კუთხე ივა შავნაბადა შავთმიანი, ხმელი და უფერხორცო კაცი იყო. ჩაშავებული თვალები ჰქონდა, მოღუნული ცხვირი და ძაფივით თხელი, მოლურჯო ტუჩები. ამის მიუხედავად, მისი გარეგნობა უცნაურად მიმზიდველი ჩანდა — ბრიალა თვალები და ხშირი, ტალღოვანი თმა მის მკაცრ სახეს რაღაც იდუმალ ეშხს სძენდა. სხვებთან შედარებით ახალგაზრდადაც გამოიყურებოდა. ალბათ იმიტომ, რომ როგორც ადამ პირველი და ქეთევან ლამარიელი, ისიც ბევრად მოგვიანებით შეუერთდა მესაზღვრეთა რიგებს. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებდა თეიას ეჭვს, რომ ივა, ქეთევანი და ადამი ერთმანეთთან განსაკუთრებულად ახლოს იყვნენ. ერთი-ორი ადამიანის დამატება საჭიროების დროს მესაზღვრეებში კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ მეტის — მხოლოდ ათასწლეულში ერთხელ. ივამ გულწრფელად გაიხარა, როცა ალგეონში ფუნქცია მიეცა. საკუთარი კოშკის დაბრუნების მერე სხივლახტის წესების სწავლება იტვირთა მხრებზე — ისე, თითქოს დიდი ხნის ნატვრა აუხდაო. ამ მისიამ ერთიანად გაახალისა და ახალი ენერგია მისცა. გაზაფხულის საღამოებზე ბავშვებს ველად გაირეკავდა და ღია ცის ქვეშ, საუცხოო ფრინველების ჭიკჭიკის ფონზე, თამაშ-თამაშით აცნობდა რთულ წესებს. თითოეულ ქვას თავის პატრონს მიუსვამდა ფეხებთან — და ქვებიც, თითქოს მართლაც ცოცხლები იყვნენ, ჩუმად „უსმენდნენ“ მესაზღვრეს. — მაშ ასე, — დინჯად იწყებდა ივა, — ჯერ ქვებს დიდხანს დააკვირდით. არა ისე, უბრალოდ, არამედ უფრო გონებითა და გულით. — ანუ, უნდა მოვეფეროთ? — ხითხითებდა მოუსვენარი ელია. — ზუსტად, — თავს უქნევდა ივა, — მერე კი ხელი გადაუსვით და ფრთხილად ძირს დასვით. — ძლივს არ გავაღვიძეთ ეს უფერული ქვები? — შეხედეთ! სითბოს გამოსცემენ! — აუ, ეს წითლად ინთება! მგონი გავაბრაზე! — ხედავთ? — ეუბნებოდა ივა, — უკვე რეაგირებენ. როცა დამარცხდებიან — გაწითლდებიან, როცა გაგაფრთხილებენ — გალურჯდებიან, და თუ მოიგებთ… გამწვანდებიან. — რა სულზე მოგვისწრო ივა მესაზღვრემ! — ეჩურჩულებოდა სანდრო ნიკალას. ის კი თამაშისგან ისე ქოშინებდა, მგონი სულ არ უხაროდა ეს ამბავი, მაგრამ ცალყბად მაინც გაუღიმა მეგობარს. მართლაც, ივა რომ არა, ვინიცის, რამდენ ხანს დარჩებოდნენ ქვები ჩუმად და ამოუცნობად. მან ასწავლა ბავშვებს, რომ მათთან მხოლოდ ხელით კი არა, გულით და მთელი არსით უნდა ელაპარაკათ — შიგნიდან ამოსული ხმით. ასე, სიცილ-ჟრიამულით ბრუნდებოდნენ მისი გაკვეთილებიდან ბავშვები. უკვე ყველას შეეძლო სხივლახტის ქვების ანთება და მათთან ვარჯიში. და რაც მთავარია — ყველამ იცოდა: ეს უკვე მხოლოდ უწყინარი გართობა აღარ იყო. ბავშვებმა მალევე გაითავისეს წესები. მცველებს ფეხქვეშ დადებული ქვა უნდა დაეცვათ, ხოლო თავდამსხმელები სხივების დახმარებით ცდილობდნენ ამ ქვების მოპოვებას. თუმცა თავდამსხმელებს საკუთარი ქვებიც ჰქონდათ — ზურგს უკან განლაგებული. ამიტომ, თუ მეტისმეტად გადაერთვებოდნენ მცველების ქვების წართმევაზე, თავად შეიძლებოდა დარჩენილიყვნენ დაუცველები და მცველებს მათი ქვები „მოეპარათ“. თამაში საოცრად სახალისო და დაძაბული აღმოჩნდა. თუ თავდამსხმელები მცველებს ზედიზედ სამჯერ წაართმევდნენ ქვას, ქვები აინთებოდა და თამაში მათი გამარჯვებით დასრულდებოდა. თუ მცველები თავდამსხმელების ქვის მოპარვას ზედიზედ ორჯერ შეძლებდნენ, გამარჯვება მათ რჩებოდათ. არსებობდა მესამე გზაც — თუ რომელიმე მცველი სხივებს გაექცეოდა, რვიანის შუაგულში მდებარე კუნძულამდე მიაღწევდა და იქ ფეხს დაადგამდა, თამაში იმავე წამს მცველების გამარჯვებით სრულდებოდა. თუმცა, კუნძულზე ჩადგომას ჯერ ვერავინ ახერხებდა. საღამოობით, როცა თამაშით გულს იჯერებდნენ და დღის ხმაური ნელ-ნელა ილექებოდა, ბავშვებს ერთად ყოფნა განსაკუთრებით უყვარდათ. მოსასვენებელ ოთახში ბიჭებს ბუხრის მარჯვნივ ჰქონდათ მოწყობილი თავიანთი „სამეფო კუთხე“. ზამთარში, როცა პირველად შემოდგეს ამ სივრცეში ფეხი, ფანჯრის ფართო რაფაზე ყრიდნენ მუთაქებსა და ჭრელ ბალიშებს და იქ თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ციდან ჩამოვარდნილი ღრუბლები დაეყარათო. ახლა კი ზოგი სავარძლებში „გაიჭიმებოდა“, ზოგიც პირდაპირ იატაკზე დაგებულ რბილობებზე ეშვებოდა და ფეხებს თავისუფლად ჰყრიდა. გოგონებს ბუხრის მარცხნივ ედგათ დიდი ტახტი და მრგვალი მაგიდის გარშემო რკალისებრი დივანი. მეორე ფანჯრის რაფა მათთვის იყო: ისეთი განიერი, რომ სამნი-ოთხნი ერთად ჩაიკუჭებოდნენ (განსაკუთრებით მაშინ, როცა ლილეც მათთან იყო) და ჩურჩულით ატეხდნენ საუბარს — თითქოს იქვე, ფარდებს მიღმა, პატარა საიდუმლო საბჭო ბუდობდაო. მეცადინეობისას კი ყველა მრგვალ მაგიდასთან იყრიდა თავს. ვისაც ტახტი ეყოფოდა, იქ დაიჭერდა ადგილს, დანარჩენები სავარძლებში მოეწყობოდნენ. მალე უფრო დაცხებოდა და მეცადინეობებიც შეწყდებოდა, მაგრამ მანამდე მცირე გამოცდების ჩაბარება მაინც უწევდათ. ასე გადაწყვიტეს მცველ-მესაზღვრეებმა — ბავშვები ყველაფერში ტონუსში უნდა ყოფილიყვნენ, გონებითაც და სხეულითაც საუკეთესო ფორმაში. რა თქმა უნდა, ბიჭებს ყოველთვის ერჩივნათ, ჯერ ანას და სალომეას გაეკეთებინათ დავალებები და მერე მათი ახსნების მზამზარეული „დაგემოვნება“ მოეხდინათ. მირიანმა სინით სამი ახალი ქვა ჩამოიტანა — ლაზურიტი, ფირუზი და ქიანიტი. ფრთხილად დადო მაგიდაზე და ანას გადახედა. — აბა, — თქვა საზეიმო ხმით, — ესაა დღევანდელი ასათვისებელი მასალა. სანდრომ აქეთ-იქით მიმოიხედა და ნიკოლოზს მუჯლუგუნი უთავაზა. ამ უკანასკნელს საშინლად ეზარებოდა ერთი ადგილის აწევა, ზლაზვნით, მაგრამ მაინც გაჰყვა მეგობარს. ეს მოძრაობა თეიას არ გამოჰპარვია. ანამ თვალები აატრიალა და ბავშვებს საყვედურიანი ტონით გასძახა: — ჰო, აბა რა! ჯერ მე უნდა დავიმახსოვრო და მერე თქვენ დაგიღეჭოთ. — ეგ შენთვისაც საუკეთესო გზაა მასალის განსამტკიცებლად, — გაეღიმა მირიანს და თმის ხუჭუჭები შეარხია. სალომეა გვერდით მიუჯდა ანას. — მოდი, მეც დაგეხმარები. შენ სახელმძღვანელო გადაშალე, მე თითოეულ ქვას დროულად მოგაწვდი. საზეპიროსაც და მოსაყოლსაც ყოველთვის ამ ორ გოგოს ანდობდნენ — ასე ნასწავლი სხვებისთვის თითქოს თავისით იდებოდა გონებაში. რიწა შესაძლოა ყველაზე გულისხმიერი და გონიერი იყო, მაგრამ მას განმარტოებით მეცადინეობა უყვარდა. დათა საერთოდ არავის აწუხებდა, თუმცა, თუ ამ ორს დახმარებას სთხოვდნენ, უკან არასდროს იხევდნენ. ანა ხმამაღლა კითხულობდა, რადგან, თავის თავს თუ გამოუტყდებოდა, ასე თავადაც ბევრად უკეთესად იმახსოვრებდა ტექსტს. თან თითს ყვითელ ხაზებს აყოლებდა: — ლაზურიტი, იგივე ლაპის ლაზული — ნახევრად ძვირფასი ქვა. ფერი: მუქი ცისფერი. სიმაგრე: ხუთიდან ექვსამდე. ფორმულა: Na2Ca[S, SO4, 2I(Al6Si6O24)] ბიჭებმა ერთდროულად დაიწუწუნეს: — ანა, კარგი რა… გადადი პირდაპირ იმაზე, რაც ჩვენს საქმეში გვჭირდება! — ყველაფერი უნდა იცოდეთ! — მტკიცედ მიუგო ანამ. — აჰა, ანუ თუ ხაჭაპურს აცხობ, ჯერ ფქვილის ქიმიურ შემადგენლობას სწავლობ? — წაიბუზღუნა ნიკოლოზმა. — აბა რა! — წამოენთო ანა, — და თუ ასე გეხატებათ გულზე, ადექით და თქვენით იმეცადინეთ! როცა ანას მოთმინების ფიალა ბოლომდე ივსებოდა, ბიჭებს ყოველთვის სალომეა შეიბრალებდა ხოლმე, რითაც მათ თვალში ქულებსაც საგრძნობლად აიმაღლებდა. ახლაც ზუსტად ისე მოიქცა. — მოკლედ, — დაიწყო სალომეამ მშვიდად, — ლაზურიტი გეხმარებათ საიქიოსთან კავშირში. ერთგვარი გამტარი ქვაა. იცავს ადამიანს ავსულებისა და მაცილებისგან. კარგია მხედველობისთვის და ტკივილსაც საგრძნობლად ამცირებს. ელიამ ტყუპისცალს ჩუმად უჩურჩულა: — რისთვის გვაწვალებენ… მივიღებთ ჩვენს პირად მინერალებს და ეს სხვა ქვები მალევე შვებულებაში გავლენ. ძმამ მხრები აიჩეჩა — ეთანხმებოდა, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერი თქვა. ამ დროს მათ გვერდით მოულოდნელად თეია გაჩნდა. — დაგჭირდებათ, — თქვა გოგონამ მშვიდად, მაგრამ სრული დარწმუნებით, — შეიძლება დადგეს წუთი, როცა პირადი ქვა თქვენს ბრძანებას ვერ აირეკლავს. ან სხვა არსებას უნდა დაეხმაროთ და მინერალი აჩუქოთ. საიდან გეცოდინებათ, რომელი უშველის? ბიჭებს სახე ერთდროულად შეეცვალათ. კარგად იცოდნენ — სრულფასოვან მესაზღვრედ ვერ გადაიქცეოდნენ, თუ ყველაფერში ყოჩაღები არ იქნებოდნენ. თეიამ ხელები შეკრა. — რაც ისწავლეთ, ისწავლეთ. დანარჩენს მერე მივხედავთ. მალე სამივე ერთად კოშკის დერეფანში აღმოჩნდა. — ივას კოშკი მოვინახულოთ! — ჩუმად, მაგრამ აღტაცებით თქვა თეიამ. — ჰოოო… — აზარტი მიეცა ილიას, — რადგან შენსას არ იშლი! პუწი და ჩვენი პიკო-პაკო უკვე დასაზვერად წავიდნენ, იოლად გავალთ! გოგონა წამით შეჩერდა, მერე ხმას კიდევ უფრო დაუწია და დაამატა: — მარტო მე მეჩვენება, რომ ივასგან ადამსა და ჩემზე ბევრად მეტის გაგებაა შესაძლებელი? — აჰა, ანუ მაინც მეთანხმები, რომ ადამი — თეიამ ელია სიტყვაზე შეაჩერა და პირზე ხელი ააფარა. — არა. მაგრამ მინდა ეს კაცი აუცილებლად გადავამოწმო. თქვენ არ გაეჭვებთ, როცა თამაშისას უცებ ითიშება და ისედაც უფერული, სულ მთლად მიცვალებულს ემსგავსება? ან ვერ ამჩნევთ, ზოგჯერ როგორი მკაცრი ხდება… ბოროტიც კი? — ბოროტებაში რა ჩაუთვალე? — გაკაპასდა ელია, — სანდრო რომ საცემია და მხოლოდ უყვირის? თუ როცა სებე და მირიანი აკაკანდებიან და ივა წკიპურტებით აშოშმინებს? — არა… — თავი გააქნია გოგონამ, — როცა ჩვენ ალგეონში გვიშვებს, ზოგჯერ ისეთი მზერა აქვს... არ ვიცი. თითქოს რაღაცას მალავდეს. ავისმომასწავებელი ღიმილით გვაკვირდება… მერე კი უცებ ტყისკენ მიიჩქარის. — დიდი ამბავი, — ხელი აიქნია ილიამ, — კაცმა ათი წელი ქვესკნელში გაატარა… ცოტა ხანს მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ტყუპებმა ერთმანეთს გადახედეს და ბოლოს მაინც მოლბნენ. — ჰო, კარგი… კარგი… თეიამ განუყრელ მეგობრებს მხრებზე ხელი გადახვია. მათაც იგივე გააკეთეს. შემდეგ კი გოგონამ ჩუმად, მაგრამ მტკიცედ იკითხა: — საქმეში ხართ? პასუხი ერთდროულად, ჩურჩულით გაისმა: — საქმეში ვართ! ივა შავნაბადას კოშკი ისინი უხმაუროდ გაემართნენ დერეფნის ბოლოსკენ, თეიას ოთახში შეიყუჟნენ, ფანჯარასთან მიიპარნენ და ეზოში ჩამავალი სასრიალოთი პირდაპირ მოედნისკენ ჩაცურდნენ. სამზარეულოსთან დევი ბეღელა ფიჩხს ეზიდებოდა, ქაჯებიც იქვე ფუსფუსებდნენ, მაგრამ ბავშვებმა ფეხაკრეფით ჩაუარეს მათ. საღამოს მოედანი უკვე ცარიელი იყო. იქიდან აიღეს გეზი კოშკებისკენ. — ამბობენ, ივა მესაზღვრე სექტემბრიდან ქვესკნელის არსებებთან ბრძოლის ახალ ხერხებს გვასწავლისო… — ამოილაპარაკა ელიამ. — იქიდან დიდი ცოდნა ამოიტანა, ეჭვგარეშეა, — დაუდასტურა თეიამ. — იქნებ სწორედ ამიტომ უნდა გავიგოთ, რამეს თუ მალავს. სანამ დაბრუნდება, მის კოშკში უნდა შევიპაროთ. ბავშვებმა ფრთხილად გაიკვლიეს გზა. მიწა ნესტიანი იყო და ტოტები ფეხქვეშ მსუბუქად ტყდებოდა. კოშკისკენ უნდა გადაეხვიათ, როცა ელიამ უცებ ორივეს ხელი სტაცა და ბუჩქებში შეათრია. ფოთლებმა ჩუმად დაიშრიალა. — ჩუმად… — ძლივს გასაგონად თქვა მან. მათ დაინახეს სანდრო და ნიკალა, რომლებიც თავიანთ თვალიებს უბრუნდებოდნენ. ღიპუცა, მრავალთვალა არსებები უხალისოდ ფარფატებდნენ, რადგან ქვები, რომლებსაც იქნევდნენ, არ რეაგირებდნენ. ბიჭებს მათთვის დროებითი კრისტალები დაეტოვებინათ — სათამაშოდ, ყურადღების გადასატანად, თუმცა თვალიების ხელში ისინი არ ამუშავებულიყვნენ. — მეც არ ვთქვი, რა ჟრიამული მესმოდა… — ჩაიჩურჩულა თეიამ. — თან მიკვირდა, აქ რა უნდოდათ თვალიებს… ელიამ სწრაფად ააფარა ხელი პირზე, თვითონ კი ჩაიბურდღუნა: — კი გამიკვირდა, სამეცადინოდ რომ არ დარჩნენ. სანდრომ კრისტალი ჰაერში ააგდო და ერთ-ერთ თვალიას სხივი წინ აუთამაშა. ეს იყო მისი გმირი, რომლის თვალები ერთდროულად აენთო და მერე მოწყენით ჩაქვრა. — ესენი აშკარად რომელიღაც კოშკს სტუმრობდნენ, — დაიჩურჩულა ტყუპმა, — და მარტო სათამაშოდ არ მოსულან. ნიკალამ ივას კოშკისკენ გაიხედა და წამით გაჩერდა. მერე სანდრომ მოქაჩა და ორივე ბილიკს იქით გაუჩინარდა. ბუჩქებში ჩამალულებს სიჩუმე დაუბრუნდათ — მაგრამ ჰაერში ეჭვი დარჩა. ივას მურყვამი — ახლად ანთებული, გრძელი, ფიქალებიანი, სიჩუმით მოსილი ჩანდა. — თავბრუ მეხვევა! — წუხილით ამოთქვა ელიამ. — ასე ახლოს ჯერ არ მივსულვართ. — მეც იგივე მჭირს, — დაეთანხმა ილია, — მგონია, კოშკი სუნთქავს… და მე ეს მესმის! — ვაჟკაცები ხართ თუ არა? — თქვა თეიამ ომახიანად, თუმცა სახეზე შფოთი ეტყობოდა. — იდუმალი და საუცხოოა, მაგრამ არა თავზარდამცავი. — შიგნით როგორ შევალთ? — იკითხა ელიამ. — ყველა კარს პატრონის ქვა აღებს. თეიამ ღრმად ამოიხვნეშა, მერე თვალებში ნათელი ჩაუდგა: — ვერ შევალთ, მაგრამ… პუწი კი მიუახლოვდება. გეგმა შეადგინეს: ხვალ დილიდან, პუწისთან ერთად მიუბრუნდებოდნენ კოშკს. ბიჭები თავიანთ თვალიებს კი რაღაცით დააკავებდნენ, მაგრამ ჯერ არ იცოდნენ, რით. მეორე დღეს, ხრიდოლის ვარჯიშის შემდეგ, სამმა მეგობარმა პირდაპირ კოშკისკენ აიღო გეზი. ივას კოშკი — „მბრძანე“ — სამხრეთ-დასავლეთით, პატარა ბორცვზე იდგა. მის აქეთ მხოლოდ ორი კოშკი მოჩანდა — სალმაი და ბეწვის ხიდი. არც ისე ახლოს, რომ მესაზღვრის ყურადღება მიექციათ. დღისით კოშკში თითქმის არასოდეს იყვნენ. ილიამ და ელიამ სცადეს პიკოსთვის და პაკოსთვის რამე გასართობი მოეფიქრათ, მაგრამ მათ არც ფრენბურთი მოინდომეს და არც დაჭერობანა. ამიტომ, მათთან ერთად ახლო-მახლო დაიწყეს ბორიალი. თეიამ დღის სინათლეზე ახლოდან შეათვალიერა ზეშვანიერული მურყვამი — საცხოვრებელი კოშკი. დღისით ის არც ისე საშიში ჩანდა, როგორც საღამოს. კირით შებათქაშებული ხუთსართულიანი ნაგებობა იყო, პატარა სარკმლებითა და სათოფური ხვრელებით. კოშკს თავზე ორქანობიანი სახურავი ედგა, წვერში უდიდესი კრისტალით, რომელიც ივას შემთხვევაში მეორედ ანთებულიყო. — პუწი, ჩემო პატარა მეგობარო, მიუახლოვდი! — დაუძახა თეიამ. — საცხოვრებლის მეორე სართული კარგად მოათვალიერე, იქ უნდა იყოს საძინებელი! პუწიმ კუდი ააფრიალა, მაღლა აიჭრა და სარკმლები შეათვალიერა. მალე საძინებელიც იპოვა. ღრმად ჩაისუნთქა და მონდომებით მოათვალიერა ყველა დეტალი. რამდენიმე წუთში ცაზე სხვა მზვერავებიც გამოჩნდნენ. თეია შეშფოთდა. — პუწის შენიშნავენ! უნდა დავბრუნდეთ! — დაბრუნდი, პუწი! — აჩქარდა გოგონა. პუწი დაფაცურდა, ბრტყელი ღიპუცი რაფიდან გადმოაგორა და სწრაფად დაეშვა. როცა ტყუპებთან მიირბინა, მათთან მწვავედ მოკამათე სანდრო შენიშნა. მის გვერდით ცარცივით გაფითრებული ნიკალა დუმდა. — ძალიან კარგად ვიცი, თეია საიდანაც დაბრუნდა, — იღრინებოდა სანდრო. ტყუპები ხმას არ იღებდნენ. მხოლოდ მუშტი მოიღერა ელიამ, რომელსაც ილიამაც მიბაძა. ნიკალა სანდროს ამოუდგა გვერდით. თეიამ ტყუპები განზე გასწია და სანდროს წინ აესვეტა. — მეც კარგად ვიცი, გუშინ სადაც მობრძანდებოდით თქვენ ორნი. ისიც დავინახე, თქვენს ქვებს როგორ ათამაშებდნენ თვალიები. და რა — გავიქცეთ და ჩვენ-ჩვენი ცოდვა მესაზღვრეებს ვუამბოთ? ტყუპებმა გაკვირვებით შეხედეს თეიას. ის კი მტკიცედ უყურებდა სანდროს, რომლის თვალებში სხივი გამქრალიყო. — დალი ოქროსთმიანის კოშკთან მიახლოვება უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე იმ კოშკთან მისვლა, სადაც ჩვენი მენტორი ცხოვრობს. იქნებ დავალება მქონდა ჩასაბარებელი? — ჰო… ასეა! — ერთხმად წამოიძახეს ტყუპებმა. სანდროს სიმწრის ოფლმა დაასხა, ყბა დაეჭიმა. — თქვენ სამნი უნდა მიფრთხილდეთ, — ამოღერღა ბოლოს. ბავშვები დაელოდნენ, სანამ სანდრო, ნიკალა და მათი თვალიები დაშორდებოდნენ. ეს უკანასკნელები, ცოტა ხნის წინ მხიარულად რომ ეთამაშებოდნენ პუწის და პიკო-პაკოს, ახლა კი უხმოდ მიჰყვებოდნენ თავიანთ პატრონებს. — რა იცოდი, რომელი კოშკი მოინახულეს? — ჰკითხა ელიამ. თეიამ ირონიულად გაუღიმა: — თქვენ რა, თქვენს თვალიებს არაფერს ეკითხებით? გოგონამ ტყუპებთან ერთად შვებით ამოისუნთქა. მერე ალგეონში დაბრუნდნენ. პუწის მოპოვებული ინფორმაცია ივას შესახებ თეიას მთის ბროლში დაამახსოვრებინეს. საღამოს, თეიას ოთახში, ბროლის გამოსახულება კედელზე გააშუქეს. — ჩვეულებრივი ოთახია, — თქვა ილიამ, — მაგიდა, სკამი, საწოლი… არაფერი განსაკუთრებული. თეიამ ეკრანი მოაახლოვა: — მოიცა… ამ ფიგურას ხედავთ? — შემდეგ კრისტალს უბრძანა: — გაადიდე! სარკმელთან, საწოლის თავზე, ხანჯლის შავ ტარზე წითლად ამოკაწრული გველეშაპი გამოჩნდა, თითქმის შეუმჩნეველი ყვავილით. გველეშაპის ენა თითქოს მოძრაობდა კიდეც, ყვითელი ყვავილი კი ირხეოდა. — ღმერთო… — ნელა ამოთქვა ილიამ, — ეს ნიშანი ცოცხალივითაა... — გველეშაპზე დამბურძგლა… ეს რა იყო! — აღტაცებით თქვა ელიამ. თეია მტკიცე ჩანდა: — შეიძლება ვცდები კიდეც. მაგრამ სანამ არ დავრწმუნდები, თავს ვერ დავიმშვიდებ. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, სიბნელეში ლოყები აუწითლდათ. — ახლა რომ ვუთხრათ ვიღაცას, ივა ბნელ ძალებს შეეკრაო, არავინ დაგვიჯერებს, — თქვა ელიამ. — მაშინ ჩუმად ვიმოქმედოთ, — უპასუხა თეიამ, — ჩვენი თვალით უნდა ვნახოთ სიმართლე. გეგმა მაქვს! თავი 27 — ჩუმად თარგამისკენ საღამოობით თვალიები ბავშვებს თან აღარ დასდევდნენ, მით უმეტეს — შენობაში. ჰოდა, შემდეგ დღეს, როცა ყველაფერი მოითავეს და მოსაღამოვდა, არცერთი ამ სამთაგანის გული დასასვენებლად არ გაჩერდა. მათ დერეფანში დაიწყეს ბორიალი. გვიან საღამოს, როცა მგელიკა ჩახრუხაძე ტყიდან დაბრუნდა, ბავშვები ჩაუსაფრდნენ. ის ხომ კრისტალოსანი გახლდათ, რომელსაც ქვა ჯიბით დაჰქონდა. როდესაც კაცი საპირფარეშოში გავიდა, ბავშვებმა დაინახეს, რომ ქვა ჩოხაში ჩატოვა — იქიდან ელიამ ის ფრთხილად მოიპარა. შემდეგ ონისეს მოჰკრეს თვალი. — ამ დროს ყოველთვის მცველთან დადის, — დაიჩურჩულა ელიამ. — უნდა გავყვეთ, — სწრაფად თქვა თეიამ, რადგან სწორედ ამ მომენტს ელოდნენ. სამივენი უკან აეკიდნენ და ჩუმად გასწიეს თარგამისკენ — იქ, სადაც გივარგი იშვიათად უშვებდა ვინმეს. როცა სამხრეთისკენ აიღეს გეზი, განსაკუთრებით ფრთხილობდნენ, რომ ონისეს საკმაოდ ჩამორჩენოდნენ, მაგრამ არც ისე, რომ კვალი დაეკარგათ. როცა შენობაში შესვლა დააპირეს, მგელიკას კრისტალით ისარგებლეს. მას ხომ ალგეონის ყველა კარი ემორჩილებოდა. აქაც ყველაფერი იოლად მოგვარდა. თარგამისკენ ამავალი კიბეები ვიწრო იყო და მოხრილი. თითოეულ ნაბიჯს ჭრიალი მოჰყვებოდა. კედლებზე კრისტალები ბჟუტავდნენ — ისე, თითქოს აჩრდილები ჩურჩულებდნენ. ბავშვებს სიმწრის ოფლი ასხამდათ. ყოველი ჭრიალისას ჩერდებოდნენ და მხოლოდ მერე აგრძელებდნენ გზას. როცა ბეწვის ხიდი რიგ-რიგობით გადაიარეს, ბავშვებმა სუნთქვაც კი შეიკავეს. — დაბლა არ ჩაიხედოთ! — უბრძანა ელიამ და პირველმა გადაიარა. მუხლები უკანკალებდა, მაგრამ სამშვიდობოს გავიდა. მას მიჰყვა თეია და თვალი ჩააპარა ქვევით. მთელი ხუთი სართული ხელისგულზე მოჩანდა. სული შეეხუთა, თუმცა მაინც გადალახა წინაღობა. არც ილია დარჩა მიღმა, თუმცა მოეჩვენა, რომ უკნიდან აჩრდილი ეპარებოდა. ფეხს ისე აუჩქარა, თეიამ ხელი მიაშველა, რომ არ ჩავარდნილიყო. თეიას ქვა ხელში მოემუჭა, რომ არ დაკარგვოდა — ქვა ცოცხალი ჩანდა: შიგნიდან თბილი სინათლე ტრიალებდა და როცა თეიამ ჩუმად ჩასჩურჩულა: „გახსენი ხმა“, ქვის შიგნით რაღაც გაჩხაკუნდა. შემდეგ კაცების საუბარი მოისმა. — ივა… რამდენჯერაა ჩასული ქვესკნელში და დაბრუნებული… — ონისეს ხმა იყო, მძიმე და ცივი. — ერთხელ, როცა მტერს დევნიდა, ღრმა ბზარში ჩახტა და კვირების შემდეგ ამოვიდა, თითქოს დრო ვერ შეეხო. გივარგის ხმა უფრო მშვიდად, მაგრამ დამარწმუნებლად ჟღერდა: — მაგრამ ბოლო შეტაკებისას ადამიც იქ იყო, ის გარდაიცვალა. ივა კი ვერსად ვნახეთ — და ახლა ისევ ცოცხალია? რა ძალამ დააბრუნა, ონისე? ცა ვერ აამოძრავებდა მკვდარს, თუ ბნელი ხელი არ შეეხო. ადამის ხსენებაზე თეიას თითები შეუმჩნევლად აუკანკალდა. ქვა ხელში თითქოს პასუხად გათბა. — თუ რამე ძალა მართავს, გავიგებთ, — თქვა ონისემ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. ქვა ბაცი შუქით ბჟუტავდა, თითქოს თვითონაც უსმენდა. მერე ისევ გაისმა გივარგის ხმა, უფრო ჩუმად, მაგრამ გამჭოლად: — ცოცხალი რომ ყოფილიყო მაგ შემთხვევაშიც, რაღა ახლა დაბრუნდა? ბავშვებმა ერთმანეთს შეხედეს. თეიას ხელში ქვა აცახცახდა. ელია ინსტინქტურად ფეხზე წამოიწია, ტყუპისცალმა მკლავზე ხელი დაადო: — ჩუმად! ბიჭები წაბარბაცდნენ. მერე შიგნიდან გაისმა ხმა: — ონისე… გაიხედე! ქვა გაჩუმდა. მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. — კარებთან ვინ არის? — მკაცრად იკითხა ონისემ. ბავშვები შეცვივდნენ კიბის ბრუნზე, კედელს მიეკრნენ და სუნთქვა შეიკავეს. კარები ჭრიალით გაიღო. შუქი წამით გადმოიღვარა დერეფანში, ბავშვების ფეხებთან ჩამოწოლილ მტვერს გაჰყვა და ისევ ჩაქრა. ონისემ მხოლოდ გადახედა დერეფანს, თვალით თითქოს ჩრდილს დაეძებდა. მერე ოდნავ თავის ქნევით ჩაიჩურჩულა: — თაგვები აქაც ამოდიან?! კარი მიხურა. თეიამ ძლივს გაბედა სუნთქვა. ქვა მკრთალად ანათებდა, თითქოს ეშინოდა, ხმა არ გამოეცა. როცა ფეხაკრეფით, ერთმანეთს მიყოლებულნი დაეშვნენ დაბლა, ლაპარაკი გაბედეს. — გესმოდათ? — ჩუმად იკითხა ილიამ. — მათაც ეჭვი აქვთ... — და ადამიც ახსენეს, — დაამატა ელიამ, — ვინც ივას გვერდით იბრძოდა... — ამის თქმისას ელიამ თეიას გახედა. გოგონამ ქვა გულთან მიიხუტა და მხოლოდ ეს თქვა: — ჰო... და რაც უფრო მეტი გვესმის, მით უფრო ირევა ყველაფერი. ქვა თბილად აენთო — მაგრამ ამჯერად, თითქოს დაეთანხმა არა სიტყვებს, არამედ მის შიშს. ბიჭებმა ცივი ოფლი მოიწმინდეს შუბლიდან, თეიას კი იმხელა თვალები გახდომოდა, ბუს თავად უფრო ჩამოგავდა, ვიდრე თავისი პუწი. ჩამოდიოდნენ ვიწრო, დახვეულ ხის კიბეებზე — ისე ჩუმად, როგორც მხოლოდ იმ სამს შეეძლო, ვისაც ცნობისმოყვარეობა უფრო ეძალებოდა, ვიდრე საღი აზრი. ელია წინ მიდიოდა, ტყუპისცალი უკან იხედებოდა, თეია შუაში მიდიოდა — თვალებგაფართოებული და დაძაბული. დასავლეთის შენობაში მშვიდობით დაბრუნდნენ, მაგრამ ძალა გამოცლილი ჰქონდათ. გზაში ხან ალგეონის აჩრდილებთან ებრძოლათ და ხანაც — საკუთარ მდიდარ წარმოსახვასთან. სასადილო ოთახიდან კაცის ხმა ისმოდა. თეიამ მუჭაში ჩარჩენილ კრისტალს დახედა და თქვა: — მგელიკა სასადილოშია, ალბათ ვახშმობს. ახლავე თუ არ დავაბრუნეთ ქვა, მიხვდებიან ჩვენს ამბავს. აბა, ვცადოთ. ელია, შენ სახტად აზროვნებ, მიდი და გამოელაპარაკე, იქნებ ყურადღება გადაუტანო. თეიამ თითები ნერვულად აამოძრავა ქვის ზედაპირზე. ქვა კი ოდნავ აუთრთოლდა, თითქოს ანერვიულდა. — ჩშშშ... ახლა დაგაბრუნებთ პატრონთან, მშვიდად! — თქვა ილიამ. ელიას დანახვა მგელიკას, ამ სქელულვაშიან კაცს, ისე გაუხარდა, რომ თვალები აუციმციმდა. — მარტო აღარ ვივახშმებ! — თქვა და ბიჭი გვერდით მოისვა. — კუბდარს გიწილადებ, ვაჟკაცო, აქ მოდი! — აენთო გიშრის დიდრონი თვალები. კუბდარი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი რამ იყო, რაც ელიას გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ ღიმილ-ჯღანვით, ვაჟკაცურად გადაყლაპა ერთი ლუკმა. ამ დროს თეია ჩუმად გაძვრა სამზარეულოში, ილიაც უკან აედევნა. იმედი ჰქონდათ, რომ მელანო — თავისი საქმეებით გართული — ქვას სადმე გადადებდა და დაივიწყებდა. ქალი მართლაც ზურგით იდგა, ცომს ზელდა და ნელა მღეროდა თავისთვის. თეია ოთახის შუაში გაშეშდა — თითქოს რაღაცამ შეაჩერა. — ჩშ, ეს ქულაა... ახლა აჩხავლდება. — რა დროს კატაა, თეია, — ჩურჩულითვე მიუგო ილიამ. ბიჭმა ვეღარ მოითმინა, სწრაფად გამოართვა ხელიდან კრისტალი და ფრთხილად, მაგრამ თეიაზე გაბედულად გადადგა ორი ნაბიჯი. სწორედ იმ წამს ფეხი ხის სამფეხა სკამს წამოკრა — რომელიც სულაც არ იდგა იქ, სადაც წესით უნდა ყოფილიყო — წაბარბაცდა და წინ გადაქანდა. მაინცდამაინც იმ შავ-თეთრ კატას გამოედო, სამზარეულოს ასე ერთგულად რომ დარაჯობდა. ცხოველი მართლაც აჩხავლდა და გამწარებულმა პირდაპირ თეიასკენ ისკუპა. თეიამ იკივლა, ქულამ დაიკნავლა. დამფრთხალ ბიჭს კრისტალი ხელიდან გაუსხლტა და პირდაპირ ფქვილით სავსე ტომარაში ჩაუვარდა, თვითონ კი მელანოს ეცა ზურგზე. — ვაიმე, რა ხდება?! — იკივლა მელანომ, უკან ისკუპა და ზურგზე ბიჭიანად დაეშვა. მელანო მაღალი, ჩაფსკვნილი ქალი იყო, ჩითის კაბითა და ფურფუშელებიანი წინსაფრით. ძირს დაეცა, ილია კინაღამ გადათელა. ბიჭი ოთხზე წამოხტა, თუმცა წაქცეულ მელანოს ხელით ტომარაც გამოეყოლებინა და ფქვილი ტალღასავით გადაევლო თავზე ორივეს. თეიამ ვეღარ მოითმინა — ისეთი სიცილი აუვარდა, რომ მისი ხმა სამზარეულოდან მთელ ალგეონს მოედო. მალე იქ ყველა შევარდა, ვისაც არ ეზარებოდა, თვით ბატონი არჩილიც კი დერეფნის სიბნელიდან სასადილოსკენ იჭყიტებოდა. ულვაშებში მასაც ეცინებოდა, თუმცა არასოდეს გაერეოდა ხალხში. ილიამ, ოთხზე მდგარმა და ფქვილში მოთხვრილმა, რომ წარმოიდგინა, რა სჭირდა, იქვე გადაგორდა ხარხარით. მელანომ გადმოყრილ ფქვილის გროვაში მეუღლის ქვის ბრწყინვალება შეამჩნია, წამოიმართა, ხელი წაავლო და იყვირა: — მგელიკააა!.. ეს ქვა სად დაგიგდიააა?! მაშინვე გაისმა პასუხი: — ჩემო ჩიტო, აბა სად დამიგდია? მეც ვეძებდი! — სულ იმას გეუბნები — ან ყელზე ჩამოიკიდე, ან სამაჯურზე დაიმაგრე, რამე მოუხერხე... არა! ასე უნდა ატარო ჯიბით! რა აუტანელი ხასიათი გაქვს! — საყვედურებს არ იშურებდა ქალი. ფქვილისგან თან თავ-პირს ისუფთავებდა, თან სიცილი ედგა გულში, რომელმაც ბოლოს ხმამაღლა ამოხეთქა. და ასე — ფქვილში მოთხვრილები და სიცილით მუცელატკივებულები — დაიშალნენ ალგეონის მკვიდრნი. თითქოს თავად ალგეონმაც, ამდენი ხნის ნაფიქრ-ნაავდრალმა, ბოლოს ამოისუნთქა და გაიღიმა. ბავშვები ჩუმად უსმენდნენ მათ ხმაურიან სიცილს და ალბათ პირველად იგრძნეს, რომ ციხე-კოშკი აღარ იყო უცხო — ის უკვე მათიც გახდა, თბილი, ფქვილივით რბილი სახლი. თავი 28 — სოკოს ასპარეზობა რადგან მთებში გაზაფხული შემოჭრილი იყო ამიერ და იმიერ მხარეშიც, მთების ძირში სოფლებს სითბო და ყვავილების სურნელი უვლიდა. ია და ყოჩივარდა ენთო მდელოებზე — იისფერი ლაჟვარდი და მზისფერი ნათება. ბავშვებიც გამოცოცხლდნენ. მათ ალგეონის კედლები ვეღარ აკავებდათ — ბორცვებსა და მდელოებზე უფრო ხშირად გადიოდნენ. გივარგიმ ასპარეზობა დააწესა და ყველას აუწყა: — ხვალ სოკოს ასპარეზობა გვექნება. ვინც ყველაზე იშვიათ სოკოს იპოვის, მის კოშკში პირველი ცეცხლი აინთება. მაგალითად, „შავი ქერის სოკო“, რომელიც მხოლოდ გაზაფხულის პირველ მზის სხივზე ამოდის და მხოლოდ ზეშვანიერას მხარეში გვხვდება — მას სამკურნალო ძალა აქვს. მეორე დღეს ბავშვები დაჯგუფდნენ. ეზოდან ოთხი მიმართულებით გავიდა ოთხი სამეული. რიწა, მირიანი და სებე — ჩრდილოეთის ხევისკენ, ტენიანი ბალახისა და მაღალი ნაძვებისკენ გაემართნენ. სანდრო, ნიკოლოზი და ანა — დასავლეთის წყაროსკენ წავიდნენ. ილია, ელია და თეია — აღმოსავლეთის მიმართულებით, იქ, სადაც, გივარგის სიტყვებით, „სოკო მზის მარცვლიდან იბადება“. სამხრეთით კი ვაჩეს, სალომეას და დათას შეხვდათ გზა. ტყე ნისლით იფარებოდა. ილია ბილიკს გაუყვა, ელია ხეებს შორის დარბოდა, თეია კი დაკვირვებით ათვალიერებდა ბალახს. ტყეში წვიმის სუნი ტრიალებდა. მიწა ნოტიო იყო და თეიას ფეხსაცმელი თითოეულ ნაბიჯზე ფრთხილად ცურდებოდა. უცებ თეია შედგა. ბალახებში პატარა იისფერი ნათება შეამჩნია. თავიდან ეგონა, მზის სხივი ცელქობდა, მაგრამ როცა დაიხარა, დაინახა — სოკო იყო. ისეთი, როგორიც არც ერთ წიგნში ენახა. ზედაპირზე თითქოს ვერცხლისფერი შუქი ციმციმებდა, თითქოს შიგნიდან რაღაც ცოცხალი ელავდა. თეიამ ის ფრთხილად აიღო და შუშის ქილაში ჩადო. მაგრამ სწორედ აქ მოხდა რაღაც მოულოდნელი: ელიას ფეხი აუსრიალდა სველ ფესვზე, მძიმედ დაეცა, თავი ქვას მიარტყა და სისხლის წვეთებმა თითები გაუწითლა. ილია მაშინვე დაიხარა, მაგრამ უჩვეულო და ღრმა შიში დაეუფლა, რომელიც ელიას სისხლის დანახვაზე ამოეზარდა გულში. — შენ წადი, — მტკიცედ უთხრა თეიამ გაფითრებულ ილიას, — დახმარება მოიყვანე, თორემ შენც ცუდად გახდები... მე აქ დავრჩები და მივხედავ. ილიამ თავი დაუკრა და ტყის ბილიკს სწრაფად გაუყვა. თეიამ ჩაიმუხლა, კაბის ქვედა ნაწილი შემოიხია, ჭრილობა მჭიდროდ გადაუხვია ელიას და ზურგზე მოიკიდა ბიჭი. იგი იძულებული შეიქნა, ყველა ნაპოვნი სოკო გადაეყარა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ. შორიდან სანდრო მოუყვებოდა გზას. მას თეიას შეძახილები მოესმა, როცა გოგონამ ელია ზურგზე მოიკიდა, ამიტომ მათ გზას დაადგა. დაინახა, როგორ გადააგდო გოგონამ ქილა ბალახში და გაჰყვა გივარგის ხმის მიმართულებას. სანდრომ მათ დაუძახა, მაგრამ ვერ გააგონა. როცა იმ ადგილს მიუახლოვდა, დაიხარა და ქილა ხელში აიღო. სხვა სოკოებს შორის სწორედ ის მუქი იისფერი სოკო გამოარჩია. ამ უცნაური მცენარის გულში რაღაც ბრწყინავდა, რაღაც იდუმალი ვერცხლისფერი ძალა. სოკო ქართლელი ბიჭის ხელში უცნაურად დამძიმდა. ის კი ამ დროს არ ფიქრობდა გამარჯვებაზე, არც იმაზე, რომ ეს სოკო ვიღაცამ გადააგდო — მაგრამ იგრძნო რაღაც ძლიერი: ის ახლა მას ეკუთვნოდა. ხელი ისე მოუჭირა ქილას, თითქოს ვინმეს შეეძლო მისი წართმევა. სანდრომ ჭურჭელს თავი მოუკრა და ფრთხილად ჩაიდო ჩანთაში. მთელი გზა არაფერი უთქვია თავისი სამეულის წევრებისთვის, მხოლოდ ერთხელ შეხედა უკვე მოშორებით მიმავალ თეიას, რომელიც გივარგის უახლოვდებოდა. მცველმა მაშინვე აიტაცა ელია ხელში, ქანცგაწყვეტილ თეიას კი თბილად შეხედა და შეაქო: — სოკო ვერ მოიტანე, თეია, მაგრამ ბევრად უფრო ძვირფასი რამ ჩამაბარე — მეგობრის სიცოცხლე. საბრალო გოგონა ფეხზე ძლივსღა იდგა, მაგრამ ამ სიტყვების გაგონებაზე სახე გაუნათდა. ის ონისემ აიყვანა ხელში და ასე, მზრუნველობითა და სიმშვიდით დააბრუნეს ბავშვები ალგეონში. ბავშვები უკან ბრუნდებოდნენ, თითოეულს თავისი ნადავლი ეჭირა — ვის ქვა, ვის სოკო, ვისაც უცნაური ბალახი, რომელიც თითქოს თითონ უყურებდა მათ. პირველი ნიკოლოზი მოვიდა, პუტკუნა და გახარებული. ხელში ეჭირა მრგვალი, ფაფუკი სოკო, რომელიც უცნაურად იქნევდა თავს. — ნახეთ, რა ვიპოვე! — თქვა ნიკოლოზმა გამარჯვებულის სახით. მაგრამ უცებ სოკომ ხმის ამოღება დაიწყო — წკმუტუნებდა, ყმუოდა და პატარა ცრემლები ჩამოსდიოდა. — ეს ხომ მტირალა სოკოა! — წამოიძახა ანამ. — წიოკა ჰქვია! ახლა მთელი დღე არ გაჩუმდება! — აბა, რა ვიცოდი, — სიმწრით გაეცინა ნიკოლოზს, — მეგონა, რომ მღეროდა. — ჰო, აგემღერება, მთელი ღამე რომ დაგიტირებს, — მიუგო სალომეამ და თავი გადააქნია. ნიკოლოზს აღარ ეცინებოდა, სოკოს წკმუტუნს თავისიც ააყოლა და ფიქრობდა, რა ექნა. ხუჭუჭა, მზისფერი სალომეა კი ამაყად მოუახლოვდა ჯგუფს — კალათში მოყვითალო სოკოები ელაგა. — აი, ეს კი საჭმელად ვარგისია. საღამოს მე მოვამზადებ, — თქვა მან თავდაჯერებულად. — აბა, სად იპოვე? — ჰკითხა გივარგიმ, რომელიც ინტერესით დააცქერდა მის ნადავლს. — ალგეონის ქვემოთ, სადაც მიწა ოდნავ ბზინავს, ხის ნაპრალებში იყო და იქიდან სითბო ამოდიოდა, — უპასუხა სალომეამ. — სოკო თუ თბილ მიწაზე იზრდება, რაღაცას იმახსოვრებს, — გაუღიმა მცველმა. მტირალა სოკო კი ისევ ტიროდა. ნიკოლოზმა ფრთხილად დაასვენა ის ბალახზე და უთხრა: — კარგი, წიოკა, არ იტირო. ჩვენ შენ კარგ ადგილას დაგტოვებთ, გინდა? სოკო გაჩუმდა და მხოლოდ ჩუმად ჩაიკრუტუნა პასუხად. მცველობის კანდიდატი — დაჯილდოება და ზეიმი სანდროს სამეულის ზურგჩანთა ახალი სოკოებით იყო სავსე. ბრწყინვალე აღმოჩენებიდან გივარგიმ სწორედ ის გამოარჩია, რომელიც თეიას ქილაში იდო. სანდრომ მხრები აიჩეჩა: — ალბათ რომელიმე სამეულმა დაიწუნა და გადააგდო. მე კი ვფიქრობ, საინტერესო სოკოა. იმავე საღამოს დიდ დარბაზში ცერემონია გაიმართა — გამარჯვებულის დაჯილდოება. შუაგულში საგულდაგულოდ დაბრძანებული სკივრი იდგა. ის მშვიდად თვლემდა, თითქოს სუნთქვასაც აკონტროლებდა. მის შიგნით ბავშვების კრისტალები თავს დაცულად გრძნობდნენ. — სოკოს ასპარეზობაში გამარჯვებულად სანდროს გუნდი გამოვლინდა! — გამოაცხადა გივარგიმ. მის სიტყვებს გვერდით მდგომი ონისე კვერს უკრავდა. მცველები მათ უკან განლაგებულიყვნენ — ჩუმად, მაგრამ ყურადღებით. — ეს სწორედ ის შავი ქერის სოკოა, რომლის პოვნაც ძალზე იშვიათია, — განაგრძო გივარგიმ და სათვალის ზემოდან გადახედა ბავშვებს. მარცხენა ხელში მას მელნისფრად მანათობელი სოკო ეჭირა. ალგეონის კრისტალური განათების ფონზე იგი შავ ელფერს იკრავდა. მცველ-მესაზღვრეების ხელის კრისტალები საზეიმო ვითარებაში ღვივოდნენ. იისფერ-მოშავო კვამლში სიტყვები თითქოს უფრო მძიმედ, უფრო მნიშვნელოვნად ილექებოდა. მბზინავი ნაპერწკლები ჰაერში ციმციმებდა. — გამარჯვებული გუნდის ლიდერი, სანდრო ქარქაშიძე, ჯილდოვდება ალმასის ქვით! — გამოაცხადა ქეთევან ლამარიელმა უზადო ხმით. — პერსონალური საჩუქარი, პირადად ორ სამყაროს შორის საზღვრის მცველისგან — გივარგი ნაბდიანისგან! ხავერდში ჩაფლული მბზინავი ალმასი ბიჭს გადასცა. სანდრო სიხარულით ცას ეწია, თვალები აუცრემლიანდა. გამარჯვებულმა მუშტი შეკრა და ისე იქნევდა, გეგონებოდა, ჰაერში ჭინკას ახრჩობდა. მერე უცებ დასერიოზულდა. ყველა მცველ-მესაზღვრეს სათითაოდ ჩამოუარა ხელის ჩამოსართმევად. — სანდროს გუნდს კი გადაეცემა საპატიო ქვები, — გაგრძელდა ცერემონია, — რომლებშიც ჩატვირთულია სათავგადასავლო ფილმები ძველი მესაზღვრეების ცხოვრებაზე. რეალურ კადრებზე დაყრდნობილი, რომლებიც თვალიებმა შემოგვინახეს. გუნდის ერთ-ერთი წევრი, ნიკალა, საჩუქრით დიდად არ გადარეულიყო — ალბათ კარგი მწვადები ერჩივნა. ანას ბედნიერებას კი საზღვარი არ ჰქონდა. სანდრო ფრთხილად მიუახლოვდა სკივრს და თავისი ალმასი მის ღრმულში ჩაუშვა. სკივრმა პირი დაკუმა, ორჯერ დატრიალდა წრიულად, მერე კი, ვიდრე საბოლოოდ დაწყნარდებოდა, ნამდვილი ავი მცველივით დაიღრინა — თითქოს ანიშნა, რომ მისი საკუთრება საიმედო ყბაში ჩაეშვა. თეიას წამით მოეჩვენა, რომ სკივრი მოძრაობისას მისკენაც გადაიხარა, თითქოს რაღაცას ეძებდა — მერე კი წკმუტუნით ჩაიკეტა და ჩაბნელდა. გოგონამ თავი გააქნია. „ალბათ მომეჩვენა“, — გაიფიქრა მან. ის მოშორებით იდგა. გულნატკენი იყო, მაგრამ არაფერს ნანობდა — მან ხომ მეგობარი გადაარჩინა. ელია უკვე იქ იყო, თეიას ახლოს, სავარძელზე ჩამომჯდარი. ნათანის რეცეპტით დამზადებული მელანოს გამაყუჩებელი დაალევინეს. ბიჭი თვალს არ აშორებდა მეგობარს — დამნაშავე ლეკვივით უმზერდა, პატრონს რომ შეუჭამა ჩუსტი. გოგონა მიუჯდა გვერდით. — მაპატიე რა, — უხეშად, მაგრამ გულით უთხრა ელიამ. თეიამ გაუღიმა და ხელი მხარზე დაჰკრა: — რას ამბობ… შენც იგივეს გააკეთებდი. გივარგიმ ტაში შემოჰკრა. მისმა ნათარისმა ზარივით ხმა გამოსცა და წკრიალი მთელ ალგეონს მოედო. ზეიმი გახსნილად გამოცხადდა და ყველანი ბანზე გაიშალნენ. ქეთევანის მშვენება და სიმშვიდე ღამის სიდიადესაც კი ჯაბნიდა. ბერუჩამ და ჯარჯიმ თავიანთი კრისტალებით დიდი კოცონი დაანთეს. შამფურებზე სოკოები აასხეს — ვინც იპოვა და ვინც ვერა, ახლა უკვე ყველა კმაყოფილი ჩანდა. დიდ ქვაბში ბორჯღალის ფორმის ხინკალი იხარშებოდა, მისი სურნელი ორთქლთან ერთად შემოგარენში იფანტებოდა. სიცილი და თბილი კვამლი ერთდროულად ეფინებოდა ბანს. მალევე მოზეიმეებს მელანო და მისი მეუღლეც შეუერთდნენ — იშვიათად ჩნდებოდნენ ასე, ბავშვებთან ერთად. შემდეგ მესაზღვრეები თავ-თავიანთი კოშკების მიმართულებით ბანის კიდეებს მიუახლოვდნენ. ზეშვანიერას ჰანგების ფონზე, ცეცხლი დაანთეს საცეცხლურებში. ალგეონი ცოცხლდებოდა. ლილემ და თარხანმა ტრადიციულ ტანისამოსში იცეკვეს მოხეური. მერე მათ ყველა ბავშვი შეუერთდა. რაჭული განი და მცველ-მესაზღვრეების ხმები ნელა გაერია ცეკვა-სიმღერას. სვანური ჰანგები მთებში გაისმა და ბებერმა ციხე-კოშკმა თითქოს ამოისუნთქა. სიხარულითა და სიმშვიდით გაჯერებული ალგეონი მედიდურად იდგა ცეცხლის შუქში. ნათება კოშკიდან ბანზე ეცემოდა. მესაზღვრეები ფავორიტებს ირჩევენ იმ ღამით განსაკუთრებით ხარობდნენ ის ბავშვები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ საკუთარი კრისტალი. ყველა ბანზე იყო — თბილი სინათლისა და მუსიკის ფონზე. ნათანი ანას ესაუბრებოდა. აშკარა იყო, რომ გოგონა მისი ფავორიტი გამხდარიყო. ბევრს ეჭვი არ ეპარებოდა — მისი კოშკი ანასი გახდებოდა. ბერუჩას ფავორიტი დათაც მისი კომპანიონობით იწონებდა თავს. ჯარჯის კი ვერ გადაეწყვიტა — ილიას ღონი ერჩივნა თუ ელიას მოხერხებულობა? ორივე ძმას ფავორიტად მიიჩნევდა. ქეთევანი თეიასთან მისვლას ვერ ბედავდა. თეია ამას გრძნობდა. „ქეთევანი მე არასოდეს ამირჩევს“, — ფიქრობდა გოგონა. „ახლაც გავუცრუე იმედი“… გული უჭერდა. „ნეტავ, მე ვინ ამირჩევს? გივარგიმ სანდრო აირჩია. იქნებ ონისემ?“.. — გაუელვა თავში. მაგრამ იქ კიდევ იმდენი ბავშვი იყო — ყველა გამორჩეული, ყველა საუკეთესო… სანდრო ქარქაშიძე გივარგის თვალსაწიერში ნამდვილად მოხვდა, თუმცა აშკარად ივას ფავორიტი იყო. — აღფრთოვანებული ვარ თქვენი გმირობებით, მესაზღვრე ივა, — თქვა სანდრომ. — თქვენ ხომ არაერთხელ დაბრუნდით ქვესკნელიდან. ივას ჩაეღიმა. სანდროს მერე მეტის თქმა მოუნდა: — თქვენ და ადამ პირველი ჩემთვის სამაგალითოები ხართ. ადამის სახელზე ივას შუბლი ოდნავ დაენამა. სასმისის ჭიქაზე ნეკა თითი შეუმჩნევლად აუთამაშდა — თითქოს უხილავ სიმს შეეხო. — ჰო… ურთულესი გზები გამოვიარე. ქვესკნელის ლაბირინთებში ათი წელი დავყავი. მაგრამ იქ ისეთი არსებებიც ცხოვრობენ, რომლებთანაც მესაზღვრის უნარები მეგობრობის ტოლფასია. — მან მცირე პაუზა გააკეთა, მერე სანდროს ჩახედა. — გატყობ, მამაცი ბიჭი ხარ. იქნებ, ჩემი კოშკისთვის მოგამზადო… რას იტყვი? სანდროს სუნთქვა შეეკრა. — ეს… ეს შესანიშნავი სიტყვებია ამ საღამოსთვის! — მაშ, გადაწყვეტილია, ჩემო მამაცო, — უთხრა ივამ და ბიჭს ხელი ისე დაჰკრა ზურგზე, ლამის ხველა დააწყებინა. — თუ მე მომენდობი, აშკარად წინ წახვალ, შვილო. მესაზღვრემ ეს სიტყვები ისე თქვა, თითქოს თვითონაც იცოდა, რომ ყველა გზა ერთნაირი არ იყო. — ეჭვი არაა, — სანდრო ყველას მოეწონა...— ჩუმად გამოუტყდა თეია ტყუპებს. თვალი მაინც საღამოს გმირისკენ გაურბოდა. ბიჭები წარბშეჭმუხვნით უცქერდნენ მესაზღვრე-შეგირდს. ამ სამეულს გული აშკარად ცუდს უგრძნობდა. მოგვიანებით, როცა ბავშვები დაიშალნენ და ალგეონის ბგერები ჩაცხრა, გივარგიმ და ონისემ იმ დღის აქტიურ მზვერავ თვალიას მოუსმინეს. — შავი ქერის სოკო, რომელიც სანდრომ მოიტანა, სინამდვილეში თეიამ აღმოაჩინა, — თქვა თვალიამ. გივარგის თვალებში სითბო გაუკრთა. — ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩავიფიქრე. — ანუ, თეიას გამარჯვება არ გვაწყობდა? — ჰკითხა ონისემ, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა. გივარგიმ ჩაიღიმა. — არა. სწორედაც ასე იყო საჭირო. ეს ქვა სანდროს უნდა ჰქონდეს. — მაშ, გადაწყვიტე ბიჭი გამოსცადო? — მისი გული მინდა ვნახო, — მშვიდად თქვა გივარგიმ. — რამდენად მზადაა იმ ტვირთისთვის, რაც წინ ელოდება. — მის თვალებში უცნაური ნათელი ანთებულიყო — ისეთი, როგორიც მაშინ უნათებდა გონს, როცა ბავშვის ხასიათსა და ბედს წონიდა. ონისემ თავი დახარა და მძიმედ თქვა, როგორც წარსულის ამოძახილი: — ჰო… მცველად გახდომა მხოლოდ სიმამაცისა და ღონის კი არა, გულის სისუფთავის გამოცდაცაა… ეს მე და შენ ნამდვილად არ გვესწავლება. გივარგიმ თანაგრძნობით შეხედა მას. მათ ხომ ერთმანეთის სიცოცხლე საკუთარს ერჩივნათ. მათი ძმობა საუკუნეებმა წმინდა კავშირად ჩამოაყალიბა. საღამომ მშვიდად ჩაიარა. ალგეონი ჰუმანურად სუნთქავდა. თითოეული ბავშვი თავის გზაზე გადიოდა — ზოგი გამარჯვებით, ზოგი ტკივილით, ზოგიც ახლად გაჩენილი სიმპათიებით. თეია სევდიანობდა. თითქოს გული კარნახობდა, რომ ეს ქვა მისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რატომ დაკარგა იგი. ელია ხომ გადარჩა. სულ ოდნავ გაუღიმა საკუთარ თავს, ამაყად ასწია თავი და ჩაილაპარაკა: — მეგობრობა პირველ რიგში… არა უშავს. მე წინასწარმეტყველება მოვისმინე — ჩემი ქვა აუცილებლად გამოჩნდება. თავი 29 — ბერუჩას გაკვეთილი უკვე საზღვრის მიღმა მეორე დილას ალგეონში ჰაერი უჩვეულოდ ჩუმი იყო. ბანი ჯერ კიდევ ცარიელი გახლდათ, კოშკების ჩრდილები კი მზის პირველ სხივებს ებჯინებოდა. ბჭობის კაბინეტში გივარგი და ონისე მარტო იყვნენ. წითელი ხის მაგიდაზე შავი ქერის სოკო იდო — სიშავემდე მელნისფერი, თითქოს შუქს არ ირეკლავდა, არამედ შიგნით ითრევდა. მის გვერდით ბრინჯაოს თასი მოედგათ; სურნელი მძაფრი არ იყო, მაგრამ გულში სიმძიმეს ტოვებდა. ონისე სიტყვებში ფრთხილობდა, არ ჩქარობდა. ხელები მშვიდი ჰქონდა, მაგრამ თვალებში ის დაღლილობა უჩანდა, რომელსაც მხოლოდ ძალიან ძველი მოგონებები ტოვებს. — ეს ყველაფერი… — ჩუმად დაიწყო მან და თასს დააშტერდა, — ყველაფერს დაალაგებს, არა? გივარგიმ პასუხი მაშინვე არ გასცა. სოკოს დახედა. — არა, — თქვა ბოლოს, — არ დაალაგებს. ონისემ თავი ასწია: — მაშინ? გივარგიმ დაბალ ხმაზე დაიწყო, თითქმის საკუთარ თავს ესაუბრებოდა: — ვისაც ეჭვი აქვს, უღრმავდება. ვისაც შიში აქვს, ფესვებს გაიდგამს. ვისაც შური აქვს… — შეჩერდა, თითქოს სიტყვა მძიმე იყო, — შური ძალად იქცევა. — და თუ არცერთი? — იკითხა ონისემ. გივარგიმ მხრები ოდნავ აიჩეჩა: — მაშინ გაუძლებს და სწორედ ამას ვნახავთ. ონისემ მძიმედ ამოისუნთქა: — ბავშვია ჯერ… — ვიცი, — მშვიდად უპასუხა გივარგიმ, — ამიტომაც არ ვაძალებთ არაფერს. მხოლოდ გზას ვაჩვენებთ, დანარჩენს თვითონ გადაწყვეტს. ცოტახანში წითელი, ქერცლიანი გველეშაპის ტყავით დამშვენებულ კაბინეტში ნათან მეღვინე შემოვიდა. სოკოს დანახვაზე არაფერი უკითხავს — მხოლოდ მიუახლოვდა. გივარგიმ თასი მისკენ მიაჩოჩა და სოკოიანად გაუწოდა. — ამისგან სუბსტანცია დაამზადე და სანდროს დაალევინე. — ამ სოკომ გაამარჯვებინა, ასეა? — მაინც იკითხა ნათანმა. ონისემ და გივარგიმ ერთმანეთს გადახედეს. მერე გივარგიმ მოკლედ თქვა: — ვნახავთ, თუ დაიმსახურა. — და ამით საუბარი დასრულდა. ნათანმა თავი დაუკრა. თასი აიღო და ისე გავიდა დარბაზიდან, თითქოს არც იცოდა — ან იქნებ იცოდა კიდეც — რომ ხელში ეჭვის, შიშისა და შურის საზომი ეჭირა. მალე თვალიები ერთიმეორის მიყოლებით აფრინდნენ — ზოგი დასაზვერად, ზოგი კი ბავშვების ფანჯრებთან მიფარფატდა. ნაზად ბზუოდნენ, თითქოს ყველას ჩუმად ესაუბრებოდნენ: — ადექით… დროა. საზღვარზე გავიდეთ. სანამ ნაბოლარა არ დაბზრიალდა, ტაკო არ აპრიხა და ცისარტყელასებრი ნათება არ დაატრიალა, ბავშვები ადგომას არ ჩქარობდნენ. მისმა მოულოდნელმა მანევრმა ლამის ფოიერვერკი მოაწყო ცაში. ფერადი შუქი ოთახებში შეიჭრა და მაშინვე დაფაცურდნენ ყველანი. ეზოში, ბერუჩასთან, რიგ-რიგობით მოიყარეს თავი. მხოლოდ ფერხორციანი ნიკალა და მისი პუტკუნა, შავტუხა თვალია მივიდნენ ნახევრად მძინარენი. მათ შემყურე ბავშვები სიცილს ძლივს იკავებდნენ; თეიას პუწი კი აშკარად გოგონასთან ერთად ხალისობდა. — დღეს პირველად გადავალთ საზღვარზე, — თქვა საუკუნეებგამოვლილმა მესაზღვრემ, — ასე რომ, ძილის დრო ნამდვილად აღარ არის. — შემდეგ კოპებშეკრულ თვალიებს — გმირს და რობინს — გახედა და დაამატა: — თქვენს თვალიებს მიბაძეთ. მათ უსმინეთ. თუ საფრთხე დაგემუქრებათ, გაჩერდებიან და სამაჯურები აინთება — როგორც თქვენი, ისე თქვენი თანამეგზურის. გზა ტყისკენ მიემართებოდა. ჯერ ფიჭვნარში შევიდნენ — ჰაერი ფისით იყო გაჟღენთილი. ნიავმა ნაძვების წვერები ფრთხილად შეარხია. მიწა ნესტიანი იყო, ტოტებზე კი წვიმის წვეთები ბრწყინავდნენ. ცოტა ხანში გზა ხშირფოთლოვან ტყეში გადაიჭრა. აქ გაზაფხული მძაფრად სუნთქავდა. ყოველი ბალახი, ყოველი ყვავილი და ხე სიცოცხლით იყო სავსე. ფრინველების გალობა ყურს უტკბობდა. ბავშვებმა ისეთი ფრინველებიც შენიშნეს, რომელთაც აქამდე არც ერთს ენახა. უცებ ცაში გამოკიდებული რუხი ციმციმა გამოჩნდა. მის ირგვლივ სივრცე თითქოს ირხეოდა. წინ სქელნისლიანი ზოლი გადაიშალა. — ეს არის საზღვარი, — ჩუმად თქვა ჯარჯიმ, — მის მიღმა იწყება ის მხარე, საიდანაც ჩვენი ლეგენდები მოდიან. ყოველი მითის ჩრდილი იქედან არის მოსული. ახლა ფრთხილად იარეთ. ნისლში შევიდნენ. გზას მხოლოდ აჩირაღდნებული თვალიები უნათებდნენ. ისინი ხან ერთად შეგროვდებოდნენ, ხანაც გაიშალებოდნენ და შემოგარენს ზვერავდნენ. მერე კი თავიანთი სამაჯურის მეწყვილეს უბრუნდებოდნენ და გაჯგიმულები მიფრინავდნენ მათ გვერდით — თითქოს თითოეულს თავისი ადამიანი უნდა დაებრუნებინა უკან. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისევ ტყეში აღმოჩნდნენ — მაგრამ ყველაფერი სხვანაირი იყო. უფრო ნათელი, უფრო ფერადი, თითქმის არამიწიერი. ფოთლები შუშასავით ბზინავდა. მიწა რბილი და მბზინვარე იყო. ხეები ისეთი მაღლები ჩანდა, რომ მათი წვერები ნისლში იკარგებოდა. დიდრონ ყვავილებს ფერები მზის სხივთან ერთად ეცვლებოდა — ჯერ იისფერი, მერე ვარდისფერი, ბოლოს კი ცისფერი. ბერუჩა შეჩერდა და ბავშვებს მიუბრუნდა: — აბა, ვის რა ლეგენდები გსმენიათ? თქვენს მხარეში ვისზე გიყვებოდნენ, როგორც საშიშ არსებებზე? — ირონიული ღიმილით დაამატა: — თამამად… თამამად. პირველად რიწამ თქვა: — აფხაზეთში გვიყვებოდნენ ტყის სულებზე — ქალის სახით ჩნდებიან და კაცებს იტაცებენ. თუ თვალი თვალს შეხვდება, უკან გზას ვეღარ პოულობ. ჩემი სახელიც ლეგენდას უკავშირდება… ულამაზეს ქალს ერქვა, მერე კი ტბას დაერქვა. შემდეგ სამცხე-ჯავახელმა ბიჭმა გააგრძელა: — ჩვენთან ამბობენ, რომ ოჩოკოჩი ბუდობს ტყეებში. ნახევრად ადამიანია, ნახევრად ველური ცხოველი. მკერდზე ძვლის მახვილი ამოსდის და მარტო მოსიარულეებზე ნადირობსო. ილიამ კი სულ ორი სიტყვა თქვა, ნელა და მშვიდად: — ჩვენ მაცილზე გაგვიგია... ბოროტი სულია. მესაზღვრე მოღუშული ისმენდა. როცა ილიამ მაცილი ახსენა, შეცბა და პირი გაუშრა. რაც შეეძლო სწრაფად თქვა: — საიქიოს ბოროტი ძალა, რომელიც მოიცავს მსხვერპლს და მის ჭკუაზე ატარებს... შეუძლია წლობით მართოს მსხვერპლი და ნელი ტანჯვით ამოსწოვოს სიცოცხლე. ბავშვები გაისუსნენ. მესაზღვრე კი აგრძელებდა: — თქვენ ზღაპრებად გსმენიათ. მე ზოგიერთ მათგანს პირადად შევხვედრივარ. ოდესღაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ. ახლა იქითა მხარეში ბინადრობენ. — ხელი ჰორიზონტს მოავლო და უფრო თბილი ხმით დაასრულა: — ჩვენ კი მათ ნეიტრალურ ზონაში ვართ, იქ, სადაც ვერცერთი მათგანი ვერ შეგვეხება. — როგორც ჩვენს მხარეს ქალაქი გუშაგში? — წამოიძახა სანდრომ, აშკარად ფიქრის გაგრძელებაში მყოფმა. — დიახ, — დაუდასტურა ბერუჩამ, — და ამათ მხარეს, როგორც ქალაქი ზებულო — სადაც დევებიც კი წესის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამენ. ნეიტრალური მიწა კანონზე დგას, არა ძალაზე. ბავშვები ჩუმად იდგნენ. უყურებდნენ, როგორ იცვლიდა ფერს ჰორიზონტი, როგორ ინაცვლებდა ცა, და გრძნობდნენ, თითქოს ყოველ სუნთქვას სხვა სამყაროსკენ მიჰყავდათ. ნისლიანი ზოლი ნელ-ნელა გადალახეს. ჰაერი უცებ გათბა — თითქოს ვიღაცამ მზის სხივებით მოფინა გზა. მიწა ზურმუხტისფრად ბრწყინავდა. ბალახები ქარს აჰყვნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. მინდორში უცნაური მცენარე ყვაოდა. თითქოს ცოცხალი. მის გამჭვირვალე ფოთლებს სინათლე გადაჰკრავდა. ნაყოფი ფერს იცვლიდა — ვერცხლისფრიდან ცისფრამდე, მერე იასამნისფერ და ბოლოს წითელ ელფერს იღებდა. როცა ჩამოვარდებოდა, მის ადგილას ახალი, ვერცხლისფერი ამოდიოდა. მცენარეებიდან მსუბუქი ზუზუნი ისმოდა. — ეს… ლაპარაკობს? — გაოცებულმა იკითხა რიწამ და ნაბიჯით უკან დაიხია. — მე მეჩვენება თუ მართლა ხმა აქვს? — ჩურჩულით დაამატა ნიკოლოზმა. ბერუჩას ჩაეღიმა. — აქ ყველაფერი ცოცხალია. ნათანი მეუბნებოდა, რომ ამ მცენარეს „გვიშ ლემჰუნაალ“ ჰქვია. ზოგი კი უბრალოდ „ლემჰუნას“ ეძახის. ამბობენ, სმენაც აქვს და მეხსიერებაც. თუ სწორად გამოაშრობ მის მწიფე ნაყოფს, ფხვნილს მიიღებ… რომელიც ადამიანის გულის თვალს ხსნის. რაც გულში ჩაიდო — ასრულდება. თითქოს სიტყვები გაიგოო, მცენარემ ფოთლები შეარხია. ერთ-ერთი ნაყოფი რბილ მიწაზე ჩამოვარდდა. შიგნიდან ალისფერი ნათება მოდიოდა. მესაზღვრე დაიხარა, ფრთხილად აიღო და ანას ჩააბარა. — ეს ნათანს უნდა წაუღო. ვუთხარი, რომ შენ ჩაგაბარებდი. ანამ ნაყოფი ხელისგულზე დაიდო. სუსტად ფეთქავდა — როგორც პატარა გული. მერე ფრთხილად გაახვია ხელსახოცში და კაბის ფართო ჯიბეში შეინახა. — დაიმახსოვრეთ, — თქვა ბერუჩამ, როცა გზა გააგრძელეს, — ამ მხარეში ყველაფერი ცოცხალია: ქარი იძინებს, წყალი იმახსოვრებს და ყვავილსაც შეუძლია ამბავი მოყვეს… თუ გულით მოუსმენ. თავი 30 — ცეცხლოვანი ფასკუნჯი და სალომეა ჰაერი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდა და ტყე თითქოს გზას უთმობდა მათ. სადღაც შორს, ნისლის მიღმა, ბრწყინავდა ალგეონის მიმართულება — ადგილი, სადაც მალე მათ პირველი გამოცდა ელოდათ. გზა უფრო ღრმად ჩადიოდა ირეალურ ტყეში, როდესაც უცებ მათ წინ უზარმაზარი, ულამაზესი წითელფრთიანი არსება გამოჩნდა. — მისი სახელია ფასკუნჯი — ლომის ტანით, არწივის თავითა და ცეცხლოვანი ფრთებით, — თქვა ბერუჩამ და მარჯვენა ხელი აღმართა. მისმა კრისტალმა მისალმების მსგავსი ტალღა გაუგზავნა ფრინველს. ფასკუნჯის ფრთები ისე ბზინავდნენ, თითქოს მათში დღე და ღამე ერთად ჩაესხათ — წითელი ღუმელივით ღუოდნენ და ხვეულებად იფინებოდნენ ჰაერში. ბავშვები ოვაციებს ვერ მალავდნენ, შიში და აღტაცება ერთდროულად ეუფლებოდათ. ბერუჩამ ნაბიჯი წინ გადადგა. მისი უკვე ანთებული კრისტალი წვრილ ნაპერწკლებს ისროდა. — დაიმახსოვრეთ, ბავშვებო, — თქვა სერიოზულად, — ფასკუნჯი მხოლოდ ფრთოსანი არსება არ არის. ის საზღვრის მიღმა სამყაროს ერთ-ერთი მცველია. მისი ბუდე ქვესკნელშია, იქვე, სადაც შავი გველეშაპიც სახლობს. ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. გველეშაპი ფასკუნჯების სისხლით ძლიერდება და მათ ბარტყებს იპარავს. ამიტომ, თუ ამ ბრძენ არსებას პატივისცემით მივუდგებით, შესაძლოა გზაც გაგვინათოს. ჰაერში სუსტი ხმაური დატრიალდა — კრისტალების აციმციმებულმა იმპულსებმა ფასკუნჯის ფრთების წვერებს მიაღწია. ფრინველმა თავისი ზღაპრულად მძლავრი ხმით დაიგრგვინა, თითქოს პასუხად. მან რამდენიმე წრე შემოარტყა მათ და კლდის პატარა ფერდობზე დაეშვა. — ახლა, როცა ფასკუნჯიც ჩვენთანაა, ეს შემთხვევით არ ხდება, — თქვა ბერუჩამ, — ვინც გაბედავს და მიუახლოვდება, ის დაჯილდოვდება. სანდროს და ტყუპ ძმებს გმირობის სურვილი აღარ ანთებიათ — ალბათ იმიტომ, რომ მათ უკვე საკუთარი კრისტალები ჰქონდათ. გამოწვევა მხოლოდ დათამ, ვაჩემ, სებემ და მირიანმა მიიღეს. ნიკოლოზი, რომელიც ყველაზე მეტად მეგობრობდა ქვებთან, ამ ასპარეზს არ შეუერთდა. სხვებმა კი უშიშრად დაიწყეს კლდეზე ცოცვა. დათა ისე მიიწევდა წინ, თითქოს სოფელში, ღობის ძირზე დაბერებულ კაკლის ხეზე ადიოდა — მშვიდად და დარწმუნებით. თუმცა, რაც უფრო უახლოვდებოდნენ ფასკუნჯს, მით უფრო მკვეთრად გრძნობდნენ მის სუნთქვასა და სიმხურვალეს. უცებ ფასკუნჯმა ფრთები გაშალა და ირგვლივ ალი გაავრცელა. მირიანი შეცბა და უკან დაიხია. სებემ არასწორი გზა აირჩია — ნაბიჯი გადადგა და კლდის კიდე ფეხქვეშ ჩამოეშალა, ამიტომ მან აღარ სცადა თავიდან დაწყება. ვაჩეც მალევე გაჩერდა — მის წინ არცერთი საყრდენი აღარ ჩანდა, კლდე მოლიპული და ცარიელი გახდა. მხოლოდ დათამ იპოვა სწორი გზა. ბოლომდე აცოცდა და ლომისტანიანი, არწივისსახიანი არსების წინ, ათიოდე მეტრში შეჩერდა. თვალებში არ შეუხედავს — მუხლი მოიყარა და პატივისცემის ნიშნად თავი დაუკრა. ფასკუნჯმა ფრთები გაშალა და ერთ წამს დათა ბავშვების თვალთაგან დაფარა. ვერავინ გაიგო, რა მოხდა იმ წამს იქ, ფრთების ჩრდილში. როცა ისევ გამოჩნდა მამაცი თუში, ის ფასკუნჯს მხრებზე ეჯდა და ცაში მასთან ერთად ირაოს კრავდა. ქვემოთ სამყარო დაიკეცა, ზემოთ კი მხოლოდ ქარი და სიჩუმე დარჩა — დიადი სიჩუმე. ხეობები ხასხასა ხაზებად დაეწყვნენ, მდინარეები ვერცხლის ძაფებივით აკაშკაშდნენ. ცოტა ხანში ისინი მიწას დაუბრუნდნენ. დათა მეგობრებს მიუახლოვდა, ხელი აღმართა და კრისტალის შუქმა ყველას ოვაცია გამოიწვია. — ეს მთვარის ქვა ჩემი არაა, — თქვა მან მშვიდად, — მან სალომეასთან გამომატანა. ბერუჩას თავი არ აუწევია, ისე გაიღიმა: — აი, მესმის ჯილდო სალომეასთვის… ეს დიდი პატივია. სანდრო მირონიულად გაიღრიჭა, მაგრამ დათამ მხოლოდ ერთხელ შეუბღვირა — და ხმა მაშინვე გაიკმინდა. ბოლოს და ბოლოს, ამ დღის გმირი დათა იყო. სანდრო ჩუმად უყურებდა მას — თითქოს იმახსოვრებდა, როგორ იქცევა ნამდვილი გმირი, როცა არჩევანი სხვაზე კეთდება. — ქვა მას ეკუთვნის, — თქვა ბერუჩამ და სალომეას გაუწოდა, — მან მისი არსი იგრძნო. სალომეამ ცრემლიანი თვალებით ფრთხილად შეახო ხელი მთვარესავით იდუმალი ციალის მქონე კრისტალს. — უღრმესი მადლობა, დათა… — ჩურჩულით თქვა და სიხარული ვეღარ დამალა. შემდეგ ფასკუნჯისკენ შებრუნდა, მუხლი მოიყარა. ფრინველი დიდი სისწრაფით დაეშვა, გოგონას თავზე ირაო გააკეთა და წითლად შეღებილ ღრუბელში გაუჩინარდა. სალომეას ხშირი, ხვეული თმები ჰაერში გაიშალა, მაგრამ აღარ შეშინებულა. ის ხომ ფასკუნჯის რჩეული გახდა. ბერუჩამ ჩუმად შეხედა კრისტალს და თქვა: — მთვარის ქვა… სინათლეს ინახავს. როცა სხვები გზას ვეღარ ხედავენ, ის პატრონს უნათებს — გონებასაც და გულსაც. შემდეგ კი ხელი მხარზე დაადო სალომეას: — ეს ქვა შენს გზას ეკუთვნის, სალომეა. ბავშვებმა მიულოცეს, ბერუჩამ კი ახალი ქვა ფრთხილად შეინახა ჩანთაში. თეია ჩუმად იყო. სალომეას სიხარული გულით უხაროდა, მაგრამ სიღრმეში კითხვას უპირისპირდებოდა, რომელიც ასპარეზობიდან მოჰყვებოდა: რატომ ხედავენ სხვები სინათლეს მარტივად — როცა თვითონ მხოლოდ მაშინ ხედავდა, როცა რამეს თმობდა? ფასკუნჯთან შეხვედრის შემდეგ ბავშვები დიდხანს ვერ წყნარდებოდნენ. თუმცა ალგეონში მათ კიდევ ერთი სანახაობა ელოდათ... ქალაქი ზებულო და დევების სტუმრობა თვეში ერთხელ, ზღაპრებისა და ლეგენდების ქალაქ ზებულოდან ორი დევი ჩამოდიოდა ალგეონში. მათი ჩამოსვლა ბავშვებისთვის თვის ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა იყო. ამჯერადაც, როგორც კი ალგეონს მოუახლოვდნენ, საგუშაგო კოშკიდან ზარების უცნაური რეკვა გაისმა. მალევე რამდენიმე თვალია შემოფრინდა და ქარის ხმაზე სწრაფად დაიყვირა: — დევები გვიახლოვდებიან! ყოველ ჯერზე ამ დროს ბეღელა კარიბჭესთან ჩნდებოდა. მათი დანახვა ისე უხაროდა, როგორც დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრებისა. დევები მის ალერსს მშვიდი თავშეკავებით პასუხობდნენ, მაგრამ ბეღელასთვის ესეც საკმარისი იყო. — მოვიდნენ! სწრაფად! — პირველი ყოველთვის სებე გარბოდა ფანჯრისკენ. — მეც აქ ვარ, ძამია! — მირიანი, როგორც ყოველთვის, უკან მიჰყვებოდა. დევებს წონა და მადანა ერქვათ. ერთს სამი თავი ჰქონდა, მეორეს — ხუთი. ალგეონის კოშკებს მეორე სართულამდე სწვდებოდნენ. ბავშვებს კი ეამაყებოდათ, რომ ბეღელა მათზე მაღალი იყო — ტყის შვილი, უხეში და თავისუფალი. ისინი კი ქალაქელი დევები იყვნენ — მოწესრიგებულები, მძიმე და სოლიდური იერით. ჯერ მათი ნაბიჯების ზანზარი შემოდიოდა კედლებში, მერე კი — ოხვრა, თითქოს ოხშივარიც მოჰქონდათ. ეტლებს ველური, სქელკიდურა ბედაურები ეზიდებოდნენ. ორი ვაგონი მოჰყვებოდა. პირველში თვითონ ისხდნენ, მეორეში კი — ოქროს ქარვებითა და ვერცხლის თეთრებით სავსე სკივრები ელაგა. ზებულოდან მხოლოდ მონეტები არ შემოდიოდა. ალგეონისთვის იქიდან მოდიოდა ნედლი კრისტალიც — უსახო, უხასიათო ქვა, რომელიც ძალას მხოლოდ აქ, კოშკების ჩრდილში იძენდა. ეტლის უკან, მოოქროვილ ჩარჩოზე, უზარმაზარი სასწორი ეკიდა. მისი თეფშები გზაზე მსუბუქად ბზრიალებდნენ და ერთმანეთს ედებოდნენ — თითქოს წინასწარ ამოწმებდნენ, რა იწონიდა მეტს ამ მიწაზე და რა ნაკლებს. — იცი, ერთი ოქროს ქარვით მთელ სოფელს იყიდი, — აღფრთოვანებით თქვა სანდრომ. — ერთი ოქროს ქარვა ოცი ვერცხლის თეთრია, — ჩუმად დაუზუსტა ნიკალამ. — და ერთი თეთრი ოც ბრინჯაოს ვარდს უდრის… — ბრინჯაო აქ რა მოსატანია… — ჩაიბურდღუნა ნიკალამ. მაგრამ სწორედ ბრინჯაოს ვარდისთვის შრომობდნენ მთელი შემოგარენის სოფლები — დღე და ღამე. ოქრო და ვერცხლი მხოლოდ დიდ ქალაქებში ჩნდებოდა — ზებულოში ან გუშაგში. სოფლის მაცხოვრებლებისთვის კი ისინი მხოლოდ მინის ქვეშ, საიუველიროს დახურულ დარბაზებში არსებობდა. და მაინც — ამ სამყაროს უძველესი ლეგენდა ორ ბრინჯაოს მონეტაზე იდგა. ბავშვები ამას ნელ-ნელა სწავლობდნენ: ოქრო მოვა და წავა, ვერცხლიც, მაგრამ ის, რაც მართლა იწონის, ყოველთვის თვალით არ ჩანს. ზებულო ძალის ქალაქი არ იყო. იქ ყველაფერს წონიდნენ. და ბოლოს — თვითონ ადამიანსაც. თავი 31 — გაკვეთილები მდელოზე, ენგურზე და კრისტალებთან მესაზღვრე ნათანს არ გასჭირვებია სანდროს ჭიქაში სუბსტანციის შეუმჩნევლად გარევა — იმ ხსნარში ლემჰუნას ყვავილიც იყო ნაზად გახსნილი. სიყვარულით ზრუნვისთვის, მსუბუქი გამოვლინებისთვის და მაინც — ჭეშმარიტების გამოსამჟღავნებლად. საუზმობისას ნათან მეღვინე მშვიდად მოემსახურა ბავშვებს და წყალი ყველას ჩამოურიგა. ასე ეზიარა თავისივე გამოსამჟღავნებელ ხსნარს ასპარეზობის გმირი. მესაზღვრეებს მხოლოდ ლოდინი დარჩენოდათ. ეს ხსნარი ადამიანს არ ცვლიდა — არც უმატებდა და არც აკლებდა, მხოლოდ ზედაპირზე ამოჰქონდა ის, რასაც გულში ატარებდა. ბავშვები ჩვეულ რიტმში აგრძელებდნენ ცხოვრებას. რიწა და სალომეა დერეფანში ჩურჩულებდნენ და თან საკლასო ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდნენ. — ხომ იცი, ბიბლიოთეკაში ხშირად ვუზივარ ძველ რუკებს, იქ ბევრი სხვა რამეც წავიკითხე, — თავის ცოდნას უზიარებდა რიწა. — მაინც რა? მეც ბევრი რამ ვნახე წიგნში, — არც სალომეა ჩამორჩებოდა მონდომებით. — ის, რომ მესაზღვრეების ბეჭდები და მათში ჩასმული თვლები, მათი მარჯვენის მთავარ კრისტალებზე ძალას აბალანსებენ. — ამას საცავი რად უნდა გოგო, ისევ წინასწარ წაიკითხე სახელმძღვანელო? — ჰაჰ! — გაეცინა რიწას, — შენც წაგიკითხავს წინასწარ?! ახლა ორივე გულიანად იცინოდა და წინ მხიარულად მიიწევდნენ. კვლავ რიწა განაგრძობდა: — თავდაპირველად, უზენაეს მმართველს, მორიგე ღმერთს, მხოლოდ ერთი პიროვნებისთვის — პირველი მცველისთვის უბოძებია მაგიური კრისტალი. ამ კრისტალს შემოუკრებია სხვა თერთმეტი კრისტალი თავიანთი პატრონებიანად... ასე გაჩენილან პირველი მესაზღვრეები. — ჰოო... ამას კი ნამდვილად საცავში აღმოაჩენდი, — გაიღიმა სალომეამ, რომელიც უკვე ადგილს იკავებდა ნახევარწრე მაგიდასთან. მაგიდის ირგვლივ სხდებოდნენ სხვა ბავშვებიც, რომელთა წრის შიგნითაც უკვე იდგა და ილოდებოდა ნათანი. — ერთი მეც უნდა ჩავუჯდე მაგ წიგნებს, — მოულოდნელად თქვა ნიკოლოზმა და გაოცებულ გოგონებს განუმარტა, — ჰოო... მარტო მწვადები არაა ჩემი ცხოვრების მიზანი, მითოლოგიაც მხიბლავს. ნათანმა კედელზე კრისტალების საათს გახედა და ღიმილით გამოაცხადა: — დღეს წიგნები და კალამები არ დაგჭირდებათ. დღეს ბუნება იქნება თქვენი მასწავლებელი. ჰოდა, ყურადღებით იყავით. შესაძლოა, რომელიმემ თქვენი კრისტალიც იპოვოთ. I. მდელოზე მდელო ყვავილებით იყო მოფენილი. ხელის მტევნის სისხო პეპლები მათ ნექტარს ეტანებოდნენ, თითოეული ზღაპრულად დაფერილი და მოელვარე. მობიბინე ბალახის სურნელი ჰაერში ტრიალებდა. — აქ ყოველი მცენარე რაღაცას გეუბნებათ, — აუხსნა ნათან მეღვინემ, — მესაზღვრე ბუნებას უნდა უსმენდეს. ბავშვები ბალახში მიმოიფანტნენ. უცებ მირიანმა ეკალზე ხელი გაიკაწრა და ანერვიულდა: — აუ, ეს რა მეგობარია?! სისხლი წამომივიდა! — შენსავით ხუმარაა და გეხუმრა, — ჩაიცინა ნიკოლოზმა. — შენ ხმა ამოიღე? — შეუბრუნდა ხუჭუჭა ჟღალი და სხვა ბავშვებმაც ჩაიკისკისეს. სიცილი არ დაემთავრებინათ, რომ ნიკოლოზს მოყვავილე მცენარის მტვერი ცხვირში შეუფრინდა და ცემინება დაიწყო: — აჰჩუუ! აჰჩუუ! — ამ მცენარეს შენზე ალერგია აქვს! — წამოიძახა ანამ. მან ეს სრული სერიოზულობით თქვა, რაზეც სხვებს სიცილი არ დაუკლიათ. — ანა ხომ ყველა ყვავილზე გიჟდება, მას ის ყვავილი უფრო ეცოდება, ვიდრე ნიკალა, — ხითხითებდა ცელქი ელია, რომელსაც ილია თავშეკავებული ღიმილით ეთანხმებოდა. ანამ კი ყვავილს დიდი ფოთოლი მოაცალა და თავისი წიგნისთვის, ფართო და თბილი მოსაცმელის ჯიბეში შეინახა. ამ დროს საშინელი ყვირილით ჩაურბინათ სებემ. ისეთ ხმებს გამოსცემდა, თითქოს სატირალის სიმღერას მღერისო, მაგრამ რომ მოახლოვდა, ყველა მიხვდა, რაც უჭირდა. ილია და ელია იქით-აქედან აედევნენ. ილიამ ნათანს დაუძახა: — ცხვირში რაღაც მსუქანი და ოქროსფერი შეუფრინდაო! — ოო, ეს ცხვირბუზაა... ფრთხილად, ჩემო ბიჭო, ცხვირის ფაუნა მისი სამოთხეა! ეცადე ცხვირით არ ისუნთქო, თორემ უფრო ღრმად დაიდებს ბუნაგს. ერთი თითი მეორე ნესტოს მიაჭირე და პირით ისუნთქე. — ახლა რა უნდა ვქნა?! — უფრო ხმამაღლა აყვირდა თუ ამღერდა სასოწარკვეთილი სებე. ილია მას ამშვიდებდა, ელია კი შიშისგან ყვიროდა: — ცხვირბუზა დასახლდა სებეს ცხვირშიი! შეშინებული და ცხვირგასიებული ბიჭი ვიდრე არ დაამშვიდეს, ნათანმა ვერაფერი შეძლო. ისიც უკან დასდევდა სამეულს. მერე კი ბიჭი შეანჟღრია, გონს მოიყვანა და როცა დააწყნარა, კრისტალი ცხვირზე დაუმიზნა და მსუბუქი სხივი ტალღა-ტალღა მიუშვა მის ნესტოებში. ცოტა ხანში დაბორიალებული, მსუქანი მწერი რეტიანივით გამოფოფხდა და დაენარცხა მიწაზე, ერთხანს ვერ შეძლო გაფრენა. ის იყო, გამწარებულმა სებემ გაჭ....ტვა დაუპირა, რომ ანამ შეჰკივლა: „რას ჩადიო!“. მწერი გაფრინდა და გაფრენისას ფეხი ისე მწარედ დაკრა ქვას, რომ ახლა ამ სიმწრით დაიწყო სებემ ასკინკილა. ახლა მართლა გაეცინათ ბავშვებს, ნათანიც კი ვერ იკავებდა თავს და ხმამაღლა ჩაიხარხარა: — ბუნება სებეს დღეს მოთმინებაში ცდის! ბავშვები მიხვდნენ, რომ ეს ისეთი გაკვეთილი იყო, წიგნებში რომ ვერ იპოვიდნენ. მხოლოდ თეია იჯდა ჩუმად, ბალახს ხელს უსვამდა. თითქოს ქარი მის თითებზე ჩერდებოდა და ყვავილები მისკენ იხრებოდნენ. ნათანი ჩაფიქრებული აპარებდა თვალს მისკენ და შეამჩნია, რომ ყვავილები მისკენ მანამდე იხრებოდნენ, სანამ ქარი დაუბერავდა. გოგონა კი იების მდელოს ხედავდა — იმ ადგილს, სადაც ოდესღაც დიდებულ თეიას უყვარდა დასვენება. ხედავდა ისე მკაფიოდ, თითქოს მოგონება კი არა, იმ ძველი მცველ-მესაზღვრის დაბრუნება ყოფილიყოს. გაზაფხულია და მდელო იებით იფარება. ქალღმერთისდარი თეია დაბრუნდა, იებთან ერთად მისი სულია მოფენილი ამ მადლიან ყვავილებზე. ისე ნათლად ხედავდა, თითქოს იქ ყოფილიყო თავადაც, მასთან ერთად. II. ენგურზე მდინარის ხმაური მთებში გუგუნებდა. — ამ წყლის ენერგეტიკა წმენდს, — თქვა ნათანმა, — როცა კრისტალები ბლანტდებიან, აქ იბრუნებენ ძალას. — თავადაც ჩაყო ბადე და რამდენიმე ბრდღვიალა ქვა ამოზიდა. ბავშვებს პატარა ქვები დაურიგა. ნიკალამ პირველმა ჩადო წყალში და ქვა მკრთალად გაბრწყინდა. — მიმიღო?! — ამაყად დაიძახა. — ჰა-ჰა, ეგ რა სუსტად ანათებს, — გაეცინა ელიას. მერე ელიამ ჩადო თავისი ქვა და დინებამ წაიღო. — ვაიმე, წავიდა! ბიჭმა ჩაყვინთვა არ დააყოვნა. მალევე ამოყო თავი, გალუმპული თმებიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა. თუმცა იღიმოდა, რადგან ხელს ქვაც ამოაყოლა. სხვები სიცილით იგუდებოდნენ. ვაჩეს ქვას საერთოდ არ გამოეხმაურა წყალი. — ესე იგი, უსულო ვარ? — გაიბუტა ბიჭი. — არა, უბრალოდ ცუდად გარეცხე! — წამოიძახა ანამ და დასახმარებლად მიუახლოვდა. უცებ ერთმა ქვამ მზისფერი ნათელი გამოსცა და მთელი დინება გაანათა. სიჩუმე ჩამოვარდა. ის თეიას ეკავა ხელში და ცალთვალმოჭუტული ცდილობდა მზერა გაესწორებინა. ყველა მისკენ მიტრიალდა. — ეს ქვები სახლში წაიღეთ, გაკვეთილების მომზადებაში დაგეხმარებათ, — ენთუზიაზმს არ იშურებდა ნათანი, — თუ მათ სიბრძნის ყვავილებზე დააწყობთ, მეხსიერების გაუმჯობესებას შეუწყობენ ხელს. არ დაგავიწყდეთ, ყვავილები ხშირად უცვალეთ, თუმცა გამხმარიც ვარგისია. ზოგჯერ ბერუჩა ჩრდილელი მთების ფერდობებზე ასეირნებდა ბავშვებს. ერთ დღეს, მზის ჩასვლის ფონზე, შხარას ცხრა მწვერვალი დაანახვა და უთხრა: — იცით, შხარა ცხრა მწვერვალით ხასიათდება. ამიტომ არის ალგეონის ერთ-ერთი სიმბოლო ცხრა მთა — ცხრა დიდი საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მაშინ გაცხადდება, როცა დრო მოვა. ყველა გაოცდა, თუმცა თეია სხვაგვარად — ეს სიტყვები საკუთარი თავისკენ მიემართებოდა, თითქოს ის დრო უკვე მის შიგნით იძროდა. ოდნავ შეიშმუშნა. ბავშვებმა კი მალევე სხვა თემაზე გადაიტანეს საუბარი, თითქოს მძიმე ჰაერი უნდა გაეფანტათ. ჯარჯი ძვალმაგარი სხვა გზებს ირჩევდა. ერთხელ დალის კლდეებთან მიიყვანა ბავშვები. — აი აქ, სადაც გამოქვაბულებია, ამბობენ, ჯერაც ბუდობს დალის შუნი — ოქროსრქებიანი იერსკენი. ვაჩე ნოღაიდელმა ჯიბიდან თავისი ხის ჩიტი ამოიღო და მსუბუქ, ჩიტივით სტვენას მოჰყვა — ერთხელ, მეორედ. კლდის თავზე რაღაც ამღერდა და უცებ, ზუსტად იმავე მელოდიით, პასუხი დაბრუნდა: „ამ კლდის თავზე ქვაბულია… იქ რომ ოქროსრქებიანი ჯიხვია, ქებულია…“ ვაჩე კლდეზე აძვრა. ქვაბულის ბნელში ოქროსფერი ნათება ელავდა. შესასვლელთან ოქროსფერი ჩიტი გამოჩნდა. — შენ ვინ ხარ? — ჰკითხა ვაჩემ. — ოქროსქანქარა ვარ, — უპასუხა ჩიტმა. ვაჩემ სთხოვა, ჯიხვისთვის მოეხმო. ოქროსქანქარამ იგალობა — და მის ხმას პასუხი მოჰყვა. ოქროსრქებიანი იერსკენი გამოვიდა: მშვიდი, მაგრამ უძველესი ძალით სავსე. ყელზე კრისტალი ეკიდა. ვაჩემ ჩიტის გალობა სტვენით გაიმეორა და, ჯიხვის ნებართვით, კრისტალი მოხსნა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა დალი. მისი გამოჩენა ქარის ამობერვას ჰგავდა — თმა და ჰაეროვანი კაბა ერთდროულად უფრიალებდა. მან განრისხებულმა დაუღრიალა: — როგორ გაბედე?! მის განრისხებას მთის ქარის გაძლიერება მოჰყვა, ქვებიც კი შეირხა. მაგრამ მერე ბიჭს შეხედა — უშიშარს, რომელმაც ჩიტის ხმა გაიგონა და ჯიხვამდე მშვიდობით მივიდა. ოქროსთმიანი დალის თვალებმა იელვა: — ბიჭო… ამდენი რომ მოახერხე… ეს ჩემთვის ნიშანია. ეს ქრიზოლიტის კრისტალი შენია. ვინც ჩიტის ხმას გაიგონებს და ძალას არ მოითხოვს, მას მთა თავად მისცემს. დალოცვაც უეცარი იყო, მაგრამ ძლიერი: — დღეიდან შენ იქნები სალი კლდეების საპატიო სტუმარი. მომავალში — მისი მცველი. როცა ვაჩე კრისტალს ეხებოდა, ქრიზოლიტის მწვანე სიღრმეში (რომელსაც ზოგი ვეფხვის თვალსაც ამსგავსებდა) ოქროსფერი ნაპერწკლები იღვიძებდნენ — ზუსტად ისეთი, როგორიც დალის თვალებში დაინახა. კრისტალი ელვარებდა არა უხეში შუქით, არამედ ღრმა სიმშვიდით. შემდეგ, ოქროსთმიანი ზღაპრული ქალი ჯიხვს მოახტა, ქარის სისწრაფით აუყვა კლდეებს. თითქოს ჯიხვი მიწას არ ეკარებოდა და ჰაერში მინავარდობდა. ვაჩე ჩამოვიდა. ბავშვებმა იგრძნეს: ეს თამაში აღარ იყო. ნიკოლოზმა ჩაილაპარაკა: — აბა, მეც რომ დავძებნო ჯიხვი, ასეთს მეც მომცემს? სანდრომ მხარი გაკრა: — შენ ჯერ ქათამთან ივარჯიშე! ნიკალას მოეჩვენა, რომ მისი მეგობარი, რომელსაც თვალი დიდხანს გასჩერებოდა ვაჩეს კრისტალზე, ზედმეტად უხეშობდა. თუმცა, სანდრო თავადაც დაფიქრდა წამით. ყველას გაეცინა, იქვე ჩამოსხდნენ და ახალ კლდის რჩეულ ვაჩეს უკვე სულ სხვა თვალით შეხედეს. თავი 32 — დათა და მგლის ლეკვი დილა ნისლიანად გათენდა. ტყიდან სველ მიწას ნელა ამოსდიოდა ორთქლი, თხელი ქარი კი ფოთლებს შორის ქროდა და თითქოს ჩუმად გადაჰქონდა საიდუმლოები. ბავშვები საზღვრისკენ მიიწევდნენ, როცა დათა უეცრად შეჩერდა. შორიდან მკრთალი, სევდიანი ყმუილი მოესმა — ისეთი ხმა, რომელიც ერთდროულად გეძახის და გაფრთხილებს. — მგელია… — ჩურჩულით თქვა ბიჭმა. — ნუ შედიხარ, დათა! — შესძახა სალომეამ, — სახიფათოა. ტყეში შავი აჩრდილები დაძრწიან! დათა წამით დაფიქრდა. მერე ხელი მოისვა ქამარზე ჩამოკიდებულ ჯაყვაზე. თვალებში რკინისებრი ნაპერწკალი გაუკრთა — არა ბრაზის, არამედ მტკიცე გადაწყვეტილების. — მე ხომ მათი ენა მესმის, — თქვა მშვიდად, — ეს ხმა დახმარებას ითხოვს. თავზე ფაფახი შეისწორა, ბეწვის ჟილეტი შეიკრა და ნელი ნაბიჯით შეიჭრა ტყეში. ბალახზე ცვარი ბრწყინავდა. შორიდან ფრინველების ხმა ისმოდა, მაგრამ ყმუილი უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა. მალე ძირს მოკუნტული, პატარა მგლის ლეკვი დახვდა — რუხი ბეწვითა და ჩამოყრილი ყურებით. თვალებში შიში და სიცივე ჩასდგომოდა. დათამ მის გვერდით ჩაიმუხლა და ხელი ზურგზე ნაზად გადაუსვა. — ნუ გეშინია, პატარა… ხროვას ჩამორჩი, ხომ? ლეკვმა თავი დახარა, თითქოს მართლა ესმოდა მისი სიტყვები. — დედა დაჭრილია… მამა მის საშველად გაიქცა… სხვები ვერ ვიპოვე, — წკმუტუნით ამოთქვა ლეკვმა, — მციოდა… დავიღალე და ჩამეძინა… დათამ ამოისუნთქა. წამით თვალები დახუჭა, მერე თავი ასწია და მოულოდნელად მგელივით ყმუილს მოჰყვა — სუფთა, ძლიერი ხმა გაისმა, მთებში გამავალი ბგერა. ცოტა ხანში პასუხიც მოისმა — ღრმა, მძიმე ყმუილი, რომელმაც ჰაერი ვიბრაციით აავსო. ბუჩქებს ჩრდილი გამოეყო და იქიდან ნელა გამოვიდა დიდი, რუხი მგელი. მისი ბეწვი ვერცხლისფრად უნათებდა, თითქოს მთვარის შუქი პირდაპირ მის ზურგზე დაღვრილიყო. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მიწაზე თრთვილი ჩნდებოდა, თვალებში კი ისეთი ძველი სიბრძნე იდგა, რომელიც სიტყვებს არ საჭიროებდა. ეს იყო მამბერი — მგლების ღვთაებრივი ლიდერი, რომლის წინაშეც ტყეში სუნთქვაც კი ჩერდებოდა. ლეკვი მაშინვე მას მიუცუცქდა. მამბერმა დათას თვალებში ჩახედა და თავი ნელა დაუქნია მადლობის ნიშნად. იმ წამს ბიჭმა იგრძნო, რომ მისი სული ხორცს სცილდებოდა და ტყის ყველა მობინადრის გულისცემას ერთდროულად აყურადებდა. მგელმა ნელა მოიქექა ბეწვი, თავი დახარა და დათას წინ ვეფხვის თვალი დააგდო. ქვა მზის შუქზე ისე აბრჭყვიალდა, თითქოს შიგნით ცოცხალი ნადირი სუნთქავდა. — ეს შენია, — გაისმა ტყის მისტიკური ხმა დათას გონებაში. — ჩემი? — დაიბნა დათა. — ეს ძველი ტყისმცველის კრისტალია, — თქვა მგელმა, — საუკუნის განმავლობაში ვინახავდით. ანდერძი გვავალებდა, გადაგვეცა მისთვის, ვინც ტყეს სიტყვაზე ადრე მოუსმენდა. დათამ ქვა ხელში აიღო. კრისტალი მძიმე იყო და ხელისგულს სასიამოვნოდ უთბობდა. მის ოქროსფერ-ყავისფერ ფენებში თითქოს გაქვავებული სინათლე ტრიალებდა. ყოველ მოძრაობაზე ქვის სიღრმეში მბზინავი ზოლი ცოცხლდებოდა. მგელმა კვლავ დაუქნია თავი, ლეკვი გვერდით ამოიყენა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. დათა ჩუმად იდგა, თვალებზე ცრემლები ჩასდგომოდა, როცა მგლებისკენ იყურებოდა. მერე მისი თვალია ფრთით მსუბუქად შეეხო დათას მხარზე — თითქოს ეუბნებოდა: „ახლა უკვე იცი“. ტყიდან გამოსვლისას მზის შუქი დათას სახეზე დაეცა. სხვა ბავშვების თვალიები ხის ტოტებზე ისხდნენ და ჩუმად ბზუოდნენ, თითქოს ისინიც გრძნობდნენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. ბავშვები სირბილით მიუახლოვდნენ. — სად იყავი, დათა! — შესძახა სალომეამ. დათა კი მშვიდად იღიმოდა. ხელში რუხი კრისტალი ეკავა, რომელიც შიგნიდან თითქოს სუნთქავდა. ბერუჩა მიუახლოვდა მას: — საიდან გაქვს ეს? — მამბერმა მომცა, — თქვა დათამ, — დიდი ტყისმცველის ანდერძით ინახავდა, ახალი მესაზღვრისთვის. ბიჭმა ბავშვებს თვალი გაუსწორა: — ისინი მტრები არ არიან. ამ საზღვრებს ისე იცავენ, როგორც ჩვენ — უბრალოდ თავისებურად. ალგეონში დაბრუნებისას მათ გივარგი შეეგება. თითქოს უკვე იცოდა ყველაფერი. დათას მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. — ტყემ შეგამჩნია, — თქვა მშვიდად, — და ვინც ტყეს უსმენს, ის მარტო არ რჩება. — ანუ… ტყის მცველი გახდა? — ჩუმად იკითხა ნიკალამ. — ეს ტიტული იშვიათად ისმის, — უპასუხა გივარგიმ, — და მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ბუნებას მეგობრად უყურებს და არა როგორც საკუთრებას. — ეს კრისტალი? — ჰკითხა ანამ. — ტყის გულის ნაპერწკალია, — თქვა გივარგიმ, — როცა დრო მოვა, თავის ძალას თავად გაჩვენებთ. დათა ჩუმად იდგა. ქარიც კი თითქოს შეჩერდა მის მოსასმენად. მერე ნელა მოიხსნა ფაფახი, თავი დახარა და თქვა: — მე ვემსახურები ტყეს, რომელიც ჩუმად გვიცავს. ბერუჩამ თავი დაუქნია: — თითოეულ თქვენგანს თავისი გზა აქვს. დათამ თავისი იპოვა… და ამიერიდან ჩვენი ბილიკები უფრო ღრმად შევა ზეშვანიერას გულში. იქ აღარ კმარა სმენა — იქ სულით უნდა გესმოდეს. სანდრომ დათას გახედა, თითქოს მილოცვას აპირებდა, მაგრამ მერე მზერა მოარიდა. ბავშვებმა გულითადად მიულოცეს ახალ კრისტალოსანს. და როცა ისინი იქაურობას ტოვებდნენ, დათა თავისი თვალიას ფრთას შეეხო მხარზე — თითქოს მადლობა გადაუხადა, რომ მის გვერდით იყო. ზუსტად იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ტყე ყმუილს აეკლო, ახლა სიჩუმე დარჩა. სიჩუმე, რომელიც მხოლოდ ნამდვილ მესაზღვრეებს ესმით. ამასობაში, ალგეონის ეზოში ივა შავნაბა ქეთევანს დაეწია. თეია და ტყუპები ყურადღებად იქცნენ და, თითქოს უმიზნოდ, მაგრამ მაინც მათ სიახლოვეს დაიწყეს სეირნობა. თავიდან სიტყვები ერთმანეთში აირია, მერე კი ცალკეული ფრაზები გამოიკვეთა. ივა ამბობდა, რომ მათ ორს სხვებზე მეტი საერთო ჰქონდათ და ჰკითხა, იქნებ რამით დახმარებაც შეძლებოდა. ქეთევანი პასუხობდა, რომ ბოლო დროს გაძლიერებულიყო და ახლა უკვე ლამარიის ძალებს აკონტროლებდა. ივას ჩაეღიმა — ზედმეტად მარტივად, თითქოს ეს ძალები წინასწარ წარმოედგინა — და ჰკითხა, ლამარია ზუსტად სად იყო და სად უწევდა სიარული. ქეთევანმა უპასუხა, რომ შორიახლოს იყო, ხვალ აპირებდა წასვლას და, თუ მოინდომებდა, შეეძლო გაეცილებინა კიდეც. ბავშვები გადაღლილები იყვნენ — კვირის განმავლობაში ხომ თითქმის ყოველდღე ვიღაც საკუთარ ქვას პოულობდა. ახლაც ძალაგამოცლილები უბრუნდებოდნენ ოთახებს, როცა ლილემ ქვემოდან დაუძახა თეიას და წამოეწია. — დღეს რაღაც უჩვეულო მოხდა და მინდა იცოდე, — ანერვიულებულმა დაიწყო ლილემ. — თქვი, ლილე, — უთხრა თეიამ, თუმცა გულის სიღრმეში უცნაურმა მოუსვენრობამ გაუელვა. — გოგონებს ახალ სამკაულებს გილაგებდით ოთახებში, რომ გაგხარებოდათ და… ივა მესაზღვრე გამოვიჭირე. შენთან შესვლას ცდილობდა. სწორედ მაშინ დავადექი თავზე. — ალბათ ჩემთან საუბარი უნდოდა, — თქვა თეიამ სწრაფად. გულში კი სიხარული და იმედი ერთდროულად მოეძალა. სულ ერთი წამით ფიქრი შეეპარა — იქნებ იმაზე სურდა საუბარი, რაზეც წლებია არავინ ელაპარაკებოდა… მაგრამ რაღაც პატარა, აუხსნელი ეჭვიც თან გაჰყვა. — მართლა?.. — ლილემ კი შვებით ამოისუნთქა, — მე კი სულ სხვა რამ ვიფიქრე… ის მეგობარს სწრაფად მოშორდა, მაგრამ კიბეზე ჩასვლისას გული ისევ შეეკუმშა. გაახსენდა ივას მზერა — თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. ან პირიქით, რაღაცის დამალვა. ისიც გაახსენდა, თუ რამდენად გაბრაზდა იგი, როგორ გაუმკაცრდა გამოხედვა, როცა იქაურობის დატოვება მოუწია. თავი 33 — ლამარიას მონასტერი და გველეშაპის თავდასხმა ზემო სვანეთში, უშგულის ფონზე, დიდებული ლამარია დგას. შხარას მთების ჩრდილში თეთრი ქვის მონასტერი უძველესი ნაგებობაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მზესა და ქარს უძლებს. აქ ყველაფერი მთის კანონს ემორჩილება — თითოეული კლდე, ქარი და ნისლიანი ხეობა. იქით, ზეშვანიერაში, საზღვრის ახლოს კიდევ ერთი ლამარიაა — უძველესი კომპლექსი, რომელსაც გრძნეული დედების ინსტიტუტს უწოდებენ. აქ ათასწლეულების განმავლობაში ქალები ცხოვრობენ, რომლებმაც მიწიერ და ზეციურ ცოდნასთან მიღწევა ერთდროულად მოასწრეს. მათ აცვიათ ღრმა ცისფერი სამოსი, მთების ნიშნებით მოქარგული; მხოლოდ სახეები და მოხატული ხელები უჩანთ, რომლებზეც ძველი წერილების სიტყვებია ამოკვეთილი. მთელ მონასტერში ისმის გალობა — ნელი, მძლავრი და მთების ძალით გაძლიერებული. გრძნეული დედები ბალანსის მცველები არიან — ისინი არ იბრძვიან, მაგრამ იციან, როგორ შეაჩერონ ის, რაც სხვებს არ ძალუძთ. მათ საპატიო წევრს ქეთევანიც წარმოადგენდა, რომელიც ხშირად ალგეონში გახლდათ, რადგან მესაზღვრეებს ეკუთვნოდა. ახლა, როცა თეია თავისი გზით მიდის, დედებმა ქეთევანი მუდმივად მის გვერდით დატოვეს. მაგრამ გამთენიისას, როცა მთვარე ნისლში ჩაიძირა და მთები უცნაურად დადუმდნენ, ბარიერი დაირღვა. ჰაერი უცაბედად გაიჭრა, მიწა შეიძრა და მთის სიღრმიდან ამოხეთქა ბნელმა ბრდღვინვამ. ბოლოს გაისმა ფრთების მძიმე ტყლაშუნი — გველეშაპი მთელი თავისი ბნელი დიდებულებით ამოდიოდა. მთის კალთაზე, სადაც კლდე ცას ეხებოდა და ცეცხლისფერი მზე უნდა ამოსულიყო, გამოჩნდა მისი უზარმაზარი ჩრდილი. ფრთები ქარს ჭრიდნენ, თვალები წითლად ანათებდნენ. მისი ხმა მთის ძვლებამდე აღწევდა — ღრმა, მეტალისებრი ბგერა ქვესკნელის სიბნელეს ჰგავდა. ფრთის მოქნევა, პირის დაღება და ცეცხლის ნაკადი მთელ მონასტერს გადაეკრა. ხეები აინთნენ, ქარი აღრიალდა, თითქოს ბუნებაც დაიძრა. გრძნეული დედები გამოქვაბულებიდან გამოცვივდნენ, თავ-თავიანთ ადგილებზე განლაგდნენ. კრიალოსნებს ატრიალებდნენ და ლოცვა წამოიწყეს — უხილავი, ზეცაში აღმავალი ბგერები მთას ფარივით შემოევლო. მათი ხმები და მიწის გუგუნი ერთმანეთს ერწყმოდა. გველეშაპი არ ნებდებოდა. მისი კუდი ქვის ბორცვებს აპობდა, ფრთები ბნელ ცას ფატრავდა. დედამთავარი — უძველესი მსახური გურანდუხტი — მონასტრის თავზე აიყვანეს. ცეცხლი უკვე გალავანს წვდებოდა. იგი მუხლებზე დაეცა, ხელები აღმართა და ძველ ენაზე წარმოთქვა: — სიტყვა იყოს ბარიერი, ბგერა იყოს ფარი! ის მანამ არ გაჩუმდა, სანამ ჰაერში წარმოქმნილი მბრუნავი ნათება მთელ მონასტერს არ მოედო. გველეშაპს ბოლო ღრიალი აღმოხდა, ფართოდ გაშალა ფრთები და უკან დაიხია. მხოლოდ მძიმე დარტყმა მოასწრო — გალავნის ნაწილი დაინგრა, ჭიშკარი კი სრულად დაიწვა. მონასტერი და კდეში გამოჭრილი კელიები გადარჩა, მაგრამ ეზო ადგილ-ადგილ გადამწვარიყო და ცეცხლის კვამლი ნისლს ერწყმოდა. — ვიგრძენი: ის არა მარტო ბოროტი ძალის, არამედ დაუძლეველი შიშის მატარებელიცაა. წინასწარმეტყველებას საკუთარ თავში ატარებს და ვერ ისვენებს. რჩეული გოგონას ყოველი ნაბიჯი მის ტკივილს აღვიძებს. შეეცდება, არ დაუშვას, რომ ბავშვის ცრემლები კიდევ დიდხანს ეცემოდეს იას — ეს მას სტკივა. მერე თვალები დაუცხრა და მკაცრად ბრძანა: — ქეთევანს უხმეთ! სასწრაფოდ! ქეთევანი ცრემლიანი მირბოდა ბილიკზე, საკუთარი კოშკიდან ალგეონის ციხე-კოშკისკენ. მისი ფირუზისფერი მანდილი ჰაერში ფარფატებდა. საფარი გადალახა, ციხე-კოშკში შეაღწია და ბოლოს გივარგისთან მიირბინა. თეიამ მისი ხმა ჯერ კიდევ საწოლში ყოფნისას იგრძნო, ფრაგმენტებად დაინახა ქეთევანის განცდები და გულშეწუხებულმა წამოიძახა: — ნეტავ რა დაემართა?! ქეთევანი გონებაგაფანტული ჩაუვარდა ფეხებში გივარგის, რომელიც მის მოსვლას ისედაც ელოდა. სულმოუთქმენლად ამოთქვა: — ლამარიას თავს დაესხა შეოლი! განგაშია გამოცხადებული… გივარგი დადუმდა, შემდეგ კი ღრმა მწუხარებით თქვა: — გუშინ შენ და ივამ იქაურობა ხომ მშვიდობით დატოვეთ?.. გამთენიისას კი თავდასხმა განხორციელდა... მან დაუყოვნებლივ უხმო ორ ქაჯს და უბრძანა: — გაუყევით ქეთევანის გზას, იქ მშვიდობით დააბრუნეთ. ჯარჯი ძვალმაგარი, რომელიც ბერუჩასთან ერთად შემოვიდა ოთახში, წინ გამოვიდა: — აქ რაღაც არ მომწონს, ბატონო. გაუგონარი ამბავია ლამარიის აღმოჩენა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, მეც გავაცილებ. გივარგიმ თავი დაუქნია. ქეთევანი და ჯარჯი, ზეციური რაშებით, ერთად გაფრინდნენ ლამარიისკენ. მათი გზა ნისლში დაიკარგა — იქით, საითაც ჯერ კიდევ ცეცხლის კვამლი ტრიალებდა. თავი 34 — თეიას კრისტალი ეძახის დილა ალგეონში მძიმე სიჩუმით შემოიპარა. თეია ნელა წამოდგა საწოლიდან, თითქოს ჯერ კიდევ გამთენიის ბურუსში იყო გახვეული. თვალები ეწვოდა, ხელით მოიფშვნიტა — როცა შინაგანი ხმა არ ასვენებდა, სულ ასე ემართებოდა. — რაღაც მოხდა და ამას მთელი არსებით ვგრძნობ… — ჩაილაპარაკა თავისთვის, — ქეთევანი ლამარიაში წასვლამდე ივას ესაუბრებოდა და, როგორც ვიცი, გააცილა კიდეც. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ივას რაღაც სჭირს. ფანჯრიდან ეზოს შეხედა: ბეღელა ისევ იქ ფუსფუსებდა, თუმცა ახლა თითქოს უფრო ჩუმად, უფრო მძიმედ სუნთქავდა. თითქოს ახლა მის გონებაში ერთი და იგივე კითხვა ტრიალებდა: რა ელის ამ ბავშვებს? თეია სასრიალოთი ეზოში ჩასრიალდა და სამზარეულოდან შემწვარი ხორბლის სურნელი შეეგება — თბილი და სასიამოვნო. დაინახა შავგვრემანი მზარეულის ქალიშვილი, რომელიც ხის კოვზით ფაფას ურევდა, მისი ძმაც იქვე, ეზოში ფუსფუსებდა. ორივეს სახეზე ისეთი სიმშვიდე ეტყობოდა, რაც თეიას გულში უცნაურ ნაპერწკლად ჩავარდა: ალბათ, ასეთი უნდა იყოს ოჯახური ცხოვრება… მაგრამ ოჯახი მისთვის მხოლოდ სიზმრად დარჩა. მხოლოდ დედის სითბოთი ნაქსოვი ფიქრი ახსოვდა, რომელიც ვერასდროს განიცადა ბოლომდე. — საერთოდ არ მშია, — გულისტკენით წარმოთქვა და აზრი შეიცვალა. ძველ წიგნსაცავში წასვლა ამჯობინა — რაღაც მძიმე შეგრძნება გულს არ უსვენებდა. შიგნით შესულმა იგრძნო, რომ მძიმე კარების ჩარჩო დაბალ ხმას გამოსცემდა — არ ჭრიალებდა, არამედ ჩურჩულებდა. თაროებზე ჩამწკრივებული ძველი წიგნები თითქოს მისკენ აფრქვევდნენ ენერგიას. ოთახის შუაში პატარა მაგიდა იდგა, მინის ქვეშ გაშლილი რუკით. რუკაზე ორი მხარე იყო მოხატული — აქეთა და იქითა სვანეთი, მათ შორის კი ვიწრო, ნეიტრალური სივრცე იკვეთებოდა. ეს იყო საზღვარი, რომელსაც იცავდნენ მცველები და მესაზღვრეები. — ეს რუკა აქ ადრე არ მინახავს… ნამდვილად არ იყო აქ! — ჩაილაპარაკა განცვიფრებულმა. რუკის ზედა კუთხეში, მელნით ფრთხილად დატანილი უცნაური ნიშანი გამოჩნდა — წითელი წვეთი. თეიას შეაჟრჟოლა. — „ცრემლისა და სისხლის შვილი…“ — გაისმა მის გონებაში ძველი სიტყვები. ცრემლი მოიწმინდა, მაგრამ როგორც კი თითი რუკას შეახო, წითელი ნიშანი ნელ-ნელა მეწამულ შუქად გადაიქცა და მის სიღრმეში საკუთარი გამოსახულება დალანდა. რუკა დამძიმდა და მაგიდაზე მყარად დაეშვა. ოთახში სუნთქვაც კი დამძიმდა. მეწამული შუქი უცნაურად ეცნობოდა. სადღაც უკვე ენახა... ან იქნებ წაეკითხა... გული აუჩქარდა. "იაგუნდი..." სიტყვა თავისით ამოუტივტივდა გონებაში. "სისხლი..." "ცრემლი..." დანარჩენი სიტყვები გაურკვეველ ბგერებად ჩაიკარგა რუკის სიძველეში. სწორედ ამ დროს, კარებთან მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. ვიღაც იქიდან ისე გადიოდა, რომ თეიამ ვერც კი შეამჩნია მისი იქ ყოფნა. ბიბლიოთეკის ზღურბლზე მიმავალ ჩრდილს მხოლოდ ბოლო წამს მოჰკრა თვალი. გოგონამ თვალები მოჭუტა; ფანჯრიდან შემოსულმა სინათლემ მხოლოდ უცხოს სილუეტის ხაზები გაანათა. პირველად პრიალა ფეხსაცმელი შენიშნა, მერე კი თვალები — შავი, მრგვალი, თითქოს შავი მიწიდან ამოსულიო. დაბალი ჩხაკუნით დაიხურა კარი. — აქ ვინაა ამ დილით? — გაბედა და თქვა, მაგრამ იქ აღარავინ იყო. თეია შეკრთა, მაგრამ შინაგანი გრძნობით თავი შეიკავა — თითქოს ხვდებოდა, რომ ეს უცხო, მტერი არ უნდა ყოფილიყო. რუკის წითელი ნიშანი, მეწამული შუქი და იაგუნდის ხმა აშკარად მიუთითებდნენ, რომ რაღაც უმნიშვნელოვანესი მწიფდებოდა. ბავშვების ყოველდღიურობა ჯადოსნური ელფერით შუადღე იდგა, როცა მზის სხივები ალგეონის ბორცვს ზუსტად გულში ესობოდა და ცეცხლივით აელვარებდა მზის გულზე გაშლილ მინდორს. ჰაერი ოდნავ ირხეოდა — თითქოს თვითონაც ესწრებოდა ბავშვების თამაშს. სალომეა, ანა და რიწა ვარდისფერი კვარცის კრისტალებს წრეში ალაგებდნენ და კისკისებდნენ. — დავმუხტოთ და გვეცოდინება, მართლა მუშაობს თუ არა? — თქვა სალომეამ და ნაზად მოეფერა ქვებს. — აჰა, და ვინ გინდა, რომ შეგიყვაროს? — ეშმაკურად დააწვრილა თვალები ანამ. — რას ამბობ, — სიცილით მიუგო სალომეამ, რომელსაც თვალი თუშურ ჭრელ გამაშებში გამოწყობილი თუშისკენ გაეპარა, ხმამაღლა კი ეს თქვა: — ამ ქვებს სიყვარულის ძღვენი აქვთ. როცა ზეშვანიერადან სვანეთში გადავლენ, იქიდან მთელ ქვეყანას შემოივლიან და თავიანთ გულს იპოვიან. გოგონები ბრინჯაოს ჭურჭელში ქვებს აგროვებდნენ, ახლად დაკრეფილ ყვავილებს მოაყრიდნენ და ასე ააქტიურებდნენ. სინალდი — მარადიული გრძნობა; ტრიფალია — ნაზი სიყვარული; ვარდიზვანა — ფერითა და სურნელით გულებს ავსებს. ირჩევდნენ მცენარეებს ამ რიტუალისთვის და ღიღინებდნენ. მათ ფეხქვეშ მიწა ოდნავ იძვროდა, თითქოს ცეკვას აყვებოდა. ამ დროს უნდა გენახათ მათი მეგობარი თვალიები! სულიკო ჰაერში ამოტივტივდა, თითქოს საჰაერო ბუშტი ყოფილიყოს, და ამჯერად ცდილობდა გულის ფორმა მიეღო. პრანჭია თალიკო ნარნარებდა, რომ საკუთარი სილამაზე წარმოეჩინა, მაგრამ ქარს აყოლილი ფოთოლივით უმისამართოდ დაშრიალებდა. მამლაყინწა ისე სასაცილოდ აშლაპუნებდა ფრთებს, თითქოს წყალში ცურავდა და არა ჰაერში. გოგონები ათ წრეს არტყამდნენ მარცხნიდან მარჯვნივ, მერე ისევ უკან და ბოლოს ხელები თავს ზემოთ ასწიეს. — სამყაროს წმინდა ძალებო, სუფთა წყაროებო, გრილო ჰაერო, მსუბუქო მიწავ, ცეცხლო მწმენდელო… — ერთად წარმოთქვეს მათ, — უწყალობეთ ამ ქვებს სიყვარულის ძალა. დაე, იქმნას ასე! დაე, იქმნას ასე! სიტყვების ბოლო ნოტაზე ჰაერი თითქოს ვარდისფრად აელვარდა და წამის განმავლობაში ალგეონის ეზო ყვავილების ნაზმა სურნელმა დაფარა. მაღლა აივანზე ჩაფიქრებული იჯდა გივარგი, თარგამის მოაჯირს გადმოაწყო ხელები. მისი უხილავი წიგნი ჰაერში ფარფატებდა, ფურცლები თვითონ გადაიშლებოდა და შავი მელნის ნაცვლად მბრწყინავი შროშანისფერი შრიფტით იწერებოდა სიტყვები. — სამი გოგოს ალიანსი ძლიერი ძალაა, — ჩაილაპარაკა მცველმა, — ანა გონიერია, სალომეა იდუმალი, რიწა კი გულით სუფთა და მშვენიერი. მერე თვალები შორს გააპარა, სადაც ბიჭები ხრიდოლში ვარჯიშობდნენ. — სანდრო ამბიციურია, ელია მოქნილი, ილია კი ორივეზე ღონიერი… მაგრამ ყველა ერთ გზას ვერ აირჩევს, — ჩაიღიმა და დაამატა: — ადამიანი სწორედ მაშინ მოტეხს სავალალო ტოტს, როცა ფიქრობს, რომ ტყე უსასრულოა. მისი თვალი სანდროზე შეჩერდა. — მე მაინც ამ ბიჭს ვადებ ხელს. მასზე ორი ყური და ორი თვალია საჭირო, — თქვა ჩუმად და წიგნი დახურა. სამზარეულოში თეია და ლილე ჩაროზს ამზადებდნენ. ჰაერი შოკოლადისა და ლიმონის არომატით გაჟღენთილიყო. — რა კარგი სუნი აქვს ახალ-ახალ ზეფირებს! — შეიყნოსა თეიამ და თვალები დახუჭა. — აი, შოკოლადში ამოვავლოთ, — შესთავაზა ლილემ და თითით აპრეხილ ცხვირზე თბილი შოკოლადი მოსცხო. ორივემ გულიანად გადაიკისკისა, თხევადი შოკოლადით სავსე თასი კი მაგიდის შუაგულში ბნელ ზღვასავით ელავდა. ამ დროს კარი გაიღო და მოისმა ურიკის ჭრიალი — მათკენ მირიანი და ვაჩე მოიჩქაროდნენ. — გულთამზე ამოსულა! ტკბილეული უნდა გავუტანოთ, — შესძახა ვაჩემ. ამ დროს სებეს ხმაც შემოესმათ. განწირული ყვიროდა: — ფუფალალ… ფუფალალ… როცა სამზარეულოს მიადგა, თეიამ გასძახა: — პუწის არ შორდება, სარკესთან იპრანჭებოდა და პუწის თხოვდა, ბუმბულები ამიფუეო. — არასწორად გადანაწილდნენ, მე აშკარად გოგოების თვალია შემხვდა! — უკმაყოფილოდ იმანჭებოდა ჩოხოსანი. მიმოიხედა, ვერც პუწი დაინახა, ვერც ფუფალა და ძებნა განაგრძო: — ფუფალალ… ფუფალალ, აქ მოდი! ლილემ და თეიამ ლამაზად ჩაალაგეს მზა, ნაირ-ნაირი ტკბილეული გამჭვირვალე პარკებში. თუმცა, ამისთვის ცოტა ძალისხმევა დასჭირდათ. დამალობანას მოთამაშე კანფეტები ხელიდან უსხლტებოდნენ, არ სურდათ პარკებში დამწყვდევა. ციყვის ფორმის შოკოლადის ზეფირები კი წყვილებად, სკუპ-სკუპით, თავად ხტებოდნენ მაქმანებიან ქისებში. ჩირეული ტყლაპში გახვევას ცდილობდა, თითქოს დასაძინებლად გაემზადნენო. სანამ ბიჭები ურიკას უბიძგებდნენ, თეიამ მზერა მოჰკრა ეზოს ბოლოს, სადაც გულთამზე ცხენიდან ჩამოდიოდა და ორი თავით გაბადრულ ბეღელას ებაასებოდა. იქ მიიტანეს დანარჩენმა გოგონებმაც ალგეონის ენერგეტიკით დამუხტული სამკაულები. გულთამზე იდუმალი, არაჩვეულებრივი ქალი იყო. თითქოს, ტანით რამხელაც იყო, შიგნით იმხელავე გულს ატარებდა. ძველ, ხის ბზარებშიც კი სინათლეს ტოვებდა — თვალებში შორეული მზე უნათებდა, თმაში კი ნაღვერდლისფერი მტვერი უელავდა. მის გვერდით იდგნენ ქაჯები — ჰაელი და მაელი, მდუმარებითა და სიფრთხილით გამორჩეულები. გულთამზემ მისკენ მიმავალ თეიას შეხედა და ოდნავ გაუღიმა. — ია როგორ არის? — იკითხა ისე, თითქოს ქარმა შემოაგდო სიტყვაო. თეიამ ცისფერი თვალები ოდნავ დახარა, მერე მზერა ასწია და ნაზად თქვა: — ის კარგადაა, გაიზარდა. გულთამზემ ჩაფიქრებით დაუქნია თავი. — მჯერა, — თქვა ნელა, — რადგან შენც გიყურებ და ვეღარ გცნობ, მოგიხდა მასთან ყოფნა... მაგრამ რაღაც გაწუხებს. თეიას გაეღიმა, მაგრამ მის თვალებში ერთი წამით გაიელვა ტკივილმა — ისეთმა, რომელიც მხოლოდ მას ესმოდა. — ვიცი, რომ აქ რაღაცას არ გვეუბნებიან. ქეთევანი წავიდა, ჯარჯიც თან გაჰყვა. მე კი... ცუდი წინათგრძნობა მაქვს. გულთამზე ნაზად შეეხო მის ხელს, თითქოს სიტყვებთან ერთად ძალაც მიაწოდაო. — ნუ ბრაზობ. რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერს მიხედავენ. აქამდე შენ არ ყოფილხარ აქ, მაგრამ ისინი ყველაფერს აგვარებდნენ. თვალი ჩაუკრა, მერე ცხენზე შეჯდა და ჩუმად უთხრა: — დღეს ღამით ცაში აიხედე, ჩემო გოგო. ჩემი გვერდში დგომა „ცის ხმობით“ უნდა დაგიმტკიცო. ეს იყო მცველ-მესაზღვრეების ხრიკი — „ცის ხმობის“ სანახაობა. ამ ჟესტით ერთმანეთს თანადგომას უცხადებდნენ როგორც სიკეთისას, ასევე უბედურების დროსაც. ამაზე თეიას სმენოდა, მაგრამ პირადად ჯერ არ ენახა და მოუთმენლობით აივსო. გულთამზე ქაჯებთან ერთად ქალაქ გუშაგისკენ გაემართა. ალგეონის დოვლათი მაღაზია „მიშგვანის ნუგბარში“ გადაჰქონდათ. სადაც, მის ჯადოსნურ დახლებზე მარტო ტკბილეული კი არა, ალგეონის ქვებისგან დამზადებული ლამაზი სამკაულებიც დახვდებოდათ მყიდველებს. მათი შეძენა შეიძლებოდა როგორც გუშაგის მხარეს, ისე მესტიის მხარეს — ორივე სამყაროში. იქ ზემოთ, ალგეონში, ბიჭები კვლავ ვარჯიშობდნენ. დათა უცნაურ ცხოველებს აკვირდებოდა, ვაჩე კი ფრინველებს — აქ ზოგი ცხოველი ბუმბულით შემოსილი დაფრინავდა, ზოგი ფრინველი კი მიწაზე დაბაჯბაჯებდა. ზოგი არსება ქვისგან ნათალს ჰგავდა, მაგრამ სუნთქავდა და მშვიდობიანად მოძრაობდა, თითქოს ქვასა და სიცოცხლეს შორის დაბადებულიყო. სებე სალამურზე უკრავდა და მთელ ალგეონში მისი რიტმი მღელვარე მდინარესავით ვრცელდებოდა. ჰანგი კოშკებს ედებოდა, ეზოებს უვლიდა და ჰაერში იშლებოდა. ნიკოლოზი თიხას ზელდა და მისგან პატარა სახლს ძერწავდა — ისეთი მონდომებით, თითქოს ოდესღაც იქ მართლაც აპირებდა ცხოვრებას. სწორედ ამ მშვიდ საღამოს, სებეს სალამურის ჰანგებმა პატარა სტვენია ჩიტი მოიზიდა. იგი ბიჭის თავთან ჩამოფრინდა, რამდენიმე წრე შემოავლო და ბოლოს გვარიანად დაასკინტლა პირდაპირ ქუდზე. ბიჭი გამწარებული წამოხტა და ქუდს დაუწყო წმენდა. სწორედ მაშინ ჩიტუნამ ფრთა შეარხია და ნისკარტით მიწაზე რაღაც პატარა გაუგორა — მზის ანარეკლივით მოციმციმე ქარვის ნატეხი. სებემ გაოცებით აიღო ქვა ხელში. — ოქროსფერი ქარვა, ჩემი ქვა! — უზომო სითბოთი ამოთქვა სებემ და თავადაც ოქროსფრად შეუფერადდა სახე. ასეთ დროს ალგეონი მთლიანად ცოცხლდებოდა — თითქოს ყოველი სულიერი, ქვა და ბალახი ერთნაირი გულისცემით სუნთქავდა. თითქოს თვითონ ციხესიმაგრე ოცნებობდა იმაზე, რომ მის შიგნით გაზრდილი ბავშვები ერთ დღეს თავად გამხდარიყვნენ ახალი სამყაროს მცველები. თავი 35 — ალგეონის საღამო და გულთამზეს „ცის ხმობა“ საღამო ნელ-ნელა ეშვებოდა ალგეონის ბორცვზე. ცის კიდიდან ვარსკვლავები ისეთი სისწრაფით ამოცვივდნენ, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელი მათ შეკავებას ვეღარ ახერხებდა და ბოლოს ერთიანად შემოუშვაო. ეზოში ბავშვები დიდი, მრგვალი ქვის გარშემო შეკრებილიყვნენ. თითოეულს ყელზე თავისი სამეცადინო თვალი ეკიდა — მბჟუტავ შუქზე ისინი სხვადასხვა ფრად ელავდნენ. მთებში საღამოები ზაფხულშიც გრილია. ჰაერში მელანოს მომზადებული საღამოს ჩაის სურნელი ტრიალებდა — თაფლის, ცაცხვისა და ოდნავ შავი პიტნის თბილი არომატებით. მირთმევამდე, ჩაის ირგვლივ ავანტურინისა და ვარდისფერი კვარცის ქვებს აწყობდნენ, აქა-იქ კი ამეთვისტოსაც დაინახავდით. ალგეონში სჯეროდათ, რომ ასეთი საღამოები მშვიდ სიზმრებს უზრუნველყოფდა. პირველმა სანდრომ ამოთქვა: — იცით, რა მგონია? ეს ვარსკვლავები ზემოდან გვაკვირდებიან — ვისი ქვა უფრო ანათებსო. — შენ კი იმედოვნებ, რომ შენი, არა? — თვალები აატრიალა ანამ, — იმედები ალმასის ზომის გაქვს. — შენ ფიქრებიც ლურჯი გაქვს და სიზმრები — კიდევ უფრო ლურჯი, — გაეცინა სანდროს. ანასაც გაეღიმა და საკუთარ, დროებით ქვას დახედა. ლაზურიტი მართლაც ლურჯზე ლურჯი იყო. ბავშვები ისე აკისკისდნენ, რომ სამზარეულოში თეიასა და ლილესაც კი გაეგონათ — ეზო სიცილით აივსო. რიწამ, რომლის სამეცადინო, დროებითი კვარცი თვალისმომჭრელად ელავდა, ჩუმად თქვა: — მე მგონია, ჩვენი ქვები გვაკვირდებიან. აი, მაგალითად, როცა ანა ბრაზობს, ლაზურიტი წამით ქრება… მერე ისევ ინთება, როცა მშვიდდება. — აბა, ჩემი რას შვრება, როცა მე ვბრაზდები? — იკითხა მირიანმა და, როგორც ყოველთვის, გაიკრიჭა. მის ტოპაზს ისეთი შუქი ჰქონდა, თითქოს მთვარის ნატეხი ჩაესხათ გულში. — შენ შენი ქვაც კი დაგცინის, როცა ყბედობ, — გაეცინა ანას. ელიამ წითელი ძოწი ხელისგულზე დაიდო: — ვნახოთ, ვის ქვას შეუძლია ბალახი ააციმციმოს. ქვა მაღლა ასწია და მთელი მონდომებით მიაჩერდა, თითქოს საკუთარ ძალას უხმობდა. რამდენიმე წამში ბალახზე მართლაც გაირბინა ნათებამ — კაშკაშა სხივი მთელ სიგრძეზე დაიკლაკნა და უცებ ჩაქრა. — ელიაა! — ერთხმად იყვირეს ბავშვებმა, — ეს როგორ გააკეთე?! — არ ვიცი… — გაოცებით თქვა ბიჭმა, — ან, მე და ბალახი მეგობრები ვართ. ყველამ გადაიხარხარა. ილია კი ძმის წარმატებას აშკარა გაოცებით შეხვდა. თეია ამ დროს სამზარეულოდან გამოვიდა და ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა. შორიდან აკვირდებოდა ფერად შუქებს. გულთამზეს სიტყვები არ შორდებოდა გონებიდან: „მოგიხდა მასთან ყოფნა“. იის ქოთანი რომ გაახსენდა, თითქოს შორეული მელოდია ჩაესმა — ისეთი, რომელსაც მხოლოდ მაშინ ისმენ, როცა ნათელსა და ბნელს შორის დგახარ. აფორიაქებული და სევდიანი მდუმარებდა. უცებ, ბორცვის უკნიდან სიბნელეში ელვარე სხივები ამოიფრქვა. ცაზე იები მოიხატა. მერე ისევ… და კიდევ ერთხელ — სულ სამჯერ. თითქოს ცა თავად თამაშობდა ფერებით. მხოლოდ თეია მიხვდა — ეს გულთამზეს ნიშანი იყო. არა სანახაობისთვის, არამედ მის გასამხნევებლად. შემდეგ ფიგურები დაიშალა და ციდან მეწამული წვიმასავით ჩამოიღვარა ნათება. — ნახეთ! ვარსკვლავების წვიმაა! — შეჰყვირა სებემ. მის გვერდით წამოხტა მირიანიც. სხვებიც სიცილით წამოიშალნენ, ფეხები მიწაზე ერთხმად დააბაკუნეს — თითქოს ცას რიტმს კარნახობდნენო. სვანურად ამღერდნენ და წრეში ცეკვა წამოიწყეს. თეიაც აჰყვა მათ — უკვე გულგამთბარი ჩანდა, რადგან ხედავდა, რომ ვიღაც მასზე ხილულად ზრუნავდა და იცოდა: რაც მოხდა, მას ეძღვნებოდა. იმ ღამით პირველად აელვარდა ერთდროულად ყველა კრისტალი ბავშვების ხელებში და სხივები ღამის ცისკენ აიტყორცნა — თითქოს ქვები და ვარსკვლავები ერთმანეთს პასუხობდნენ. პირველად მათ ემოციებს მოჰყვა გაერთიანებული შედეგი — არა მხოლოდ ცალკეული ქვის გამოძახილი, არამედ საერთო სიხარული. თეიამ გულში გაიფიქრა: ქვები ახლა სწავლობენ ერთმანეთს — ზუსტად ისე, როგორც ჩვენ... სხვებს ეს თითქოს უკეთ გამოსდით. მათ ის მაინც ამხნევებთ, რომ საკუთარი კრისტალები უკვე ელოდებათ — თუნდაც სკივრძაღლაში. მალე მათ შეეთვისებიან და მოინათლებიან. მე კი, ალბათ, ვერა... ზოგჯერ მგონია, მცველი ან მესაზღვრე ვერასოდეს გავხდები. ბავშვების თქმის არ იყოს — მე ხომ მოსაწვევიც არ მიმიღია... არც ხმა, არც ნიშანი... თითქოს ვიღაცამ უბრალოდ გამომტოვა. და მაინც, თუ ჩემი ქვა არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც უნდა ვეძებო. ლოდინი აღარ შემიძლია“. თეია წამოხტა, შინ შევარდა და რუკა აიღო — ის, რომელზეც მისი ქვის ადგილსამყოფელი იყო მონიშნული. რუკა რთული გასარკვევი აღმოჩნდა, ამიტომ ეზოში რიწასთან დაბრუნდა. ილია და ელია გვერდიდან არ შორდებოდნენ, ამხნევებდნენ. — ნახავ, ნათლობა ჯერ არც გამოცხადებულა, — უთხრა ილიამ, — აუცილებლად იპოვი. — მაგრამ, როგორც ჩანს, ქვა აქ არ არის, — ჩაილაპარაკა თეიამ, — მე უნდა წავიდე. — ჩვენც წამოვალთ! — მაშინვე ერთხმად დაეთანხმნენ ძმები. — რიწა, ამ რუკაზე რას მეტყვი? გოგონამ მზერა დაძაბა და სწრაფად მოავლო თვალი ძველ, გახუნებულ ხაზებს. — ეს უნიკალური, უძველესი რუკაა… — თქვა ჩურჩულით, — ასეთი საიდან გაქვს? — რუკის იდუმალებით შეძრულმა თეიას შეხედა და დაამატა: — ასე უცებ ვერაფერს გეტყვი. გასაშიფრია… თან, ძალიან მოძველებული. უნდა დამიტოვო. — მაგრამ დრო არ ითმენს, რიწა. ეს ჩემი ქვის სამყოფელს უნდა აჩვენებდეს. — მაშინ ძალიან მოვინდომებ, — თქვა მტკიცედ, — ხვალ ჩაგაბარებ. უკვე ოთახისკენ მიმავალ გზაზე რიწამ ჩაიბუტბუტა: — საინტერესო მინიშნებაა ეს იისფერ-მეწამული ლაქა… და ისე ჩაიძირა რუკის წიაღში, რომ პირდაპირ საკუთარ ოთახს მიაშურა. თავი 36 — სვანი ბიჭი ტოტო და ცხენი ნარჩიტა ზაფხულის დადგომისას თითქმის ყველა ბავშვი უკვე კრისტალოსანი იყო — ყველა, გარდა მირიანის და თეიასი. ივლისის პირველ დილას ქეთევანი მირიანის ოთახში შევიდა. ლოცვის შემდეგ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც უხილავი ეძახდა. საწოლთან, კომოდზე, სადაც „ალგეონური ქრონიკები“ ჩნდებოდა, პატარა, ლურჯი ტოპაზიც იდო. მოგვიანებით მირიანი სიცილით ყვებოდა: — სანათი მეგონა… ვიფიქრე, რატომ ვცვალო სხვებივით ყოველდღე ქვები, როცა ეს სულ ანათებს-მეთქი. თან კი ვგრძნობდი, რომ ქვა სხვანაირი იყო — შიგნიდან სუნთქავდა. — ვერ ხვდებოდა, რაში იყო საქმე, — დაამატა სებემ ისეთი ტონით, თითქოს მან ყველაფერი წინასწარ იცოდა. — აბა, თეიას ოთახშიც შევიხედოთ, — თქვა მირიანმა ხუმრობით. ბავშვები მაინც აჰყვნენ, თუმცა თეიასთან — არაფერი დახვდათ. გოგონა გაბრაზდა. — აბა, ოთახში მქონდეს და არ ვიცოდე?! — წამოიყვირა და სირბილით გავარდა. ტყუპები — ილია და ელია — დაედევნენ, მაგრამ თეია თავლაში დაიმალა. პუწი ცდილობდა მის დამშვიდებას, თუმცა, როცა მოსაღამოვდა, გოგონა ციხე-კოშკამდე მიაცილა და თავად დასაზვერად გაფრინდა. თეიამ ვერ მოისვენა და ისევ საჯინიბოში დაბრუნდა. იქ ყველაზე წითელი და მშვიდი ცხენი აარჩია — ნარჩიტა. — ყვითელი და მრგვალი არ ხარ, მაგრამ ნარჩიტა გქვია, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხარ, — მიუალერსა გოგონამ. თითქოს ცხენმაც იგრძნო მისი განზრახვა, აფრუტუნდა. გოგონამ დამცავი შრისკენ გასწია — იმ ადგილას, სადაც სვანეთის სოფელი ჩანდა. ნარჩიტაზე ამხედრებული უშიშრად გადაახტა ბარიერს და სოფლის გზაზე აღმოჩნდა. მიხვეულ-მოხვეულ ბილიკზე ტოტო გამოჩნდა. ბიჭმა მაშინვე იცნო და გაუღიმა. — ცხენები მიყვარს… შენი კი საოცარია! — აღფრთოვანება ვერ დამალა ტოტომ, — ოდესმე მეც მეყოლება. მეტიც — ჩემი ფერმა მექნება! თეიამ ამოიოხრა: — თითქოს რაღაც დავალება მაქვს… მაგრამ ვერ ვასრულებ. — როცა რამე არ გამომდის, მწვერვალებს ვუყურებ, — უთხრა ტოტომ, — მათი სიდიადე გადამდებია. იცი, თეთნულდი და უშბა როგორ გაჩნდნენ? შეყვარებულები იყვნენ. მშობლებმა ერთად ყოფნა აუკრძალეს, მათ კი ილოცეს: „ღმერთო, ერთად მაინც გაგვაქვავეო“. ასე იქცნენ მთებად. — რა სევდიანი, მაგრამ ლამაზი ამბავია… — ჩურჩულით თქვა თეიამ, — უშბას ნაბადში გახვეულ კაცს ვამსგავსებ. — კარგი თვალი გაქვს, — გაეღიმა ბიჭს, — იქით კი ხვამლია… ამბობენ, ამირანი იქაა გამოკეტილიო. მოულოდნელად თეიამ თქვა: — ეს ცხენი შენ მოგიყვანე. ტოტო გაოცდა: — მართლა? ასეთი ჯიშიანი და ლამაზი ცხენი არასოდეს მინახავს. მართლა შემიძლია დავიტოვო? — ვის ვავნებთ, — ჩაილაპარაკა თეიამ და ცხენს ხელი გადაუსვა, — მშობლებიც არ მყავს, რომ დამტუქსონ… ტოტო ცხენს მოეფერა, ნარჩიტა გამუდმებით ფრუტუნებდა. ბიჭმა გოგონა ფერდობამდე მიაცილა. როცა ემშვიდობებოდა, ზემოდან არწივის ყივილი გაისმა. უზარმაზარი არწივი გამოჩნდა — ისეთი დიდი, რომ ორივე დაფარა. — ამხელა არწივი არასოდეს მინახავს… — გაოგნდა ტოტო. — ალბათ, ისევ მართვეს იცავს, — თავისთვის ჩაიჩურჩულა თეიამ. გოგონა ფერდობს აუყვა. გზიდან უკან მოიხედა — ტოტოს თვალებში მთის სიჩუმე იდგა. მერე ნაბიჯი გადადგა იქით, სადაც ცა იასამნისფრად იწვა… — ნარჩიტა ჰქვია! — შეუძახა შორიდან და გაუჩინარდა. იმავე საღამოს პუწის დიდი თავგადასავალი გადახდენოდა. როცა თეია კოშკში დატოვა, მალევე უკან მიბრუნებულიყო. უნდოდა ღამის მუშაობამდე შეემოწმებინა, რომ გოგონა ნამდვილად კარგად იყო. ის ხომ, სხვა თვალიებივით, ძალიან მიეჯაჭვა ბავშვს. თუმცა, მის ოთახს რომ ეახლა, თეიას კართან ივა მესაზღვრე დახვდა. კარს აღებდა, როცა პუწი ზურგიდან ჩააფრინდა. — აბა, გონს მოდი! — დაუღრიალა ივამ და კუდში სწვდა. — გთხოვ… გამიშვი, — აქვითინდა პუწი. — საიდუმლო შენც გაქვს, — ჩუმად უთხრა ივამ, — არ გენდომება სხვებმა გაიგონ. პუწი გაისუსა. — ჰოოო, რა იყო, არ გესიამოვნა? ძალიან კარგად იცი, რომ გოგონა საითაც გაუხარდება, იქით დაბოდიალობს და თვალს ხუჭავ, — ივამ შეათვალიერა მის სხეულზე მიმოფანტული თვალები, რომლებსაც ნერვულად აფახულდნენ და აჩქარებით დაამატა. — თანაც რამდენ თვალს?! — შემიბრალე, — პუწი თავის თავს სულაც არ დარდობდა, მხოლოდ გოგონაზე ფიქრობდა. — ახლა წავიდეთ და ნანახი დავივიწყოთ, — ბრძანა ივამ. გარეთ გასულები არ იყვნენ, რომ ივამ თავი მოთოკა და პუწის მოუბოდიშა — ეს მყისიერი აფეთქება მავნე ჩვევად დამჩემდაო, და იქაურობა თავჩაღუნულმა დატოვა. პუწი კი, აბა რაღას იტყოდა, გაოგნებულმა თვალები დააფახულა და საქმეს დაუბრუნდა. მეორე დილას, საუზმობისას, რიწა თეიას მიუჯდა და რუკა ჩუმად გაუწოდა. — გავშიფრე. ეს იისფერი ცრემლი შენი ქვის ნიშანია. ხვამლის ძირში უნდა იყოს. მის ჩაწითლებულ თვალებზე თეიამ დაასკვნა, რომ გოგონას უჩვეულო რუკის გამო ღამე უძილოდ გაეთენებინა. მერე სუნთქვა შეეკრა — რუკას ახლა მოძრავი ნიშნები ჰქონდა, რომლებიც გზას უჩვენებდნენ. ლუკმა ვეღარ გადაყლაპა და ოთახისკენ გაქცევა დააპირა. ილიამ და ელიამ ჯერ თვალი გააყოლეს, მერე კი უსიტყვოდ გაეკიდნენ. — თეია, იცი, რა გავიგეთ? — დაიწყო ელიამ იმ იმედით, რომ გოგონას ცოტათი მაინც გაახალისებდა, — თუ მესაზღვრეს ოჯახი ჰყავს, სიკვდილის პირას მყოფს შეუძლია საკუთარი ქვა მეუღლეს დაუტოვოს. — ეგ ხომ მითოლოგიაშიც გავიარეთ, — ირონიულად მიუგო თეიამ, თან ნაბიჯს არ ანელებდა, — საინტერესოა, აქამდე როგორ არ იცოდი. — სალომეა ეუბნებოდა ანას — აქ ყველაზე საუცხოო ქვა დალი ოქროსთმიანს ჰქონიაო, — დაამატა ილიამ, — რა სამწუხაროა, რომ მას ქმარი არ ჰყავდა და მისმა ქალცედონმა მასთან ერთად დაიძინაო. ამ სიტყვებზე თეიამაც და ელიამაც გაკვირვებით შეხედეს ილიას — ელიამ იმიტომ, რომ ძმას ამდენი არასოდეს მოუყოლია, თეიამ კი ჩუმად თქვა: — მას არავინ ჰყავდა, მართალია… მაგრამ… უცებ მოწყდა და კიბეებს დერეფნისკენ აუყვა. იქ, დაფის წინ გაჩერდა და ადამ პირველის პორტრეტს მიაშტერდა. — აქამდე ამას როგორ ვერ მივხვდი… როგორ გამომრჩა?! — რას, თეია? — იკითხა ილიამ. — რა, მაინც რას? — დაუმატა ელიამაც. — ადამის ქვა… რაღა რა?! — სასოწარკვეთილმა ხელები პირზე აიფარა. თვალს ვერ წყვეტდა ადამის მკერდქვეშ მოხრილ მარჯვენას, სადაც მკაფიოდ ბრწყინავდა მისი აქვამარინი. თეია ადგილიდან მოწყდა და საკუთარ ოთახში შეიკეტა. კარს ზურგით მიეყრდნო, თითქოს ასე შეაჩერებდა გულს, რომელიც ყელში ამოსვლას ლამობდა. სუნთქვა აუჩქარდა, თვალები კი ერთ წერტილს მიაშტერდა — იქ, სადაც თითქოს პასუხები უნდა გაჩენილიყო, მაგრამ მხოლოდ უფრო მეტი კითხვა იდგა. ილია იმავე დროს ელიას უჩიჩინებდა: — აბა მითხარი, ადამის ქვამ ასე რატომ აატირა? ელიამ თავში წამოარტყა, არც კი დაფიქრებულა: — ბოლოს და ბოლოს, ტვინი გაანძრიე! ეგ ქვა ახლა ქეთევანს უზის მარჯვენაზე! ილია ადგილზე გაშეშდა. — ანუ… მოიცა… თუ ადამის ქვაა და ქეთევანს აქვს… — ჰო, — მოუჭრა ელიამ, — როგორც იქნა, მიხვდი. დიდხანს აღარ უსაუბრიათ. რაც უფრო აწყობდნენ, მით უფრო იშლებოდა ყველაფერი. ადამმა ქვა ქეთევანს დაუტოვა — ეს უკვე ცხადი იყო. მაგრამ მერე იწყებოდა ის ნაწილი, რომელსაც სიტყვებით ვეღარ შეეხებოდნენ. — აქამდე როგორ ვერ მივხვდით… — ჩურჩულებდნენ ძმები. ცოტა ხანში გოგონამ კარი გამოხსნა, რომელიც კინაღამ ცხვირში მოხვდა ცნობისმოყვარე ელიას. თეია შურდულივით დაეშვა ძირს. ვიდრე გარეთ გავიდოდა, რიწამ შენიშნა, წამოეწია და უთხრა: — აი, ეს გამომართვი, რუკის ფხვნილია. მის დამზადებაში ანა დამეხმარა. მინიშნებებს მოაყარე და ცხენსაც მოაფრქვიე, თვითონ წაგიყვანს სწორი გზით. — რა თავაზიანი ხარ! მერე გაოცებულ და კმაყოფილ თეიას საიდუმლო გაუმხილა: — მე... ძველი... ჩემი წინამორბედი მესაზღვრის ჩანაწერები მაქვს და იქიდან ვსწავლობ ხრიკებს. როცა რიწა მოშორდა, თეიამ გულისტკენით ჩაილაპარაკა: — რუკა კარგია, მაგრამ როგორ წავალ... რთულადაა ჩემი საქმე. თეია უკვე ძლიერ გაღიზიანებული იყო. საგზალი მოამზადა — მჭადი, ყველი, ჩურჩხელა და წყალი ჩაალაგა ჭრელ ხურჯინში, რომელიც ლილემ დაუთმო. ცხენს ვეღარ გამოიყვანდა თავლიდან — უნამუსო სულაც არ იყო ეს სათნო, დედ-მამის ნატრული ბავშვი, თუმცა ალგეონში უკვე ნახევარი ჯგუფი ჩურჩულებდა მის შესახებ. ნიკალა ზოგადად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, ამიტომაც, როცა სანდრომ თქვა „ჩემიანიაო“, ისიც დადუმდა და ასე დარჩა... როცა სანდრო რამეს ამტკიცებდა თეიაზე — და რატომღაც ბოლო დროს ხშირად იქცეოდა ასე — ისიც მის მხარეს იკავებდა. — მას არც შეტყობინება მიუღია, არც მოსაწვევი, — თქვა ერთხელ სანდრომ, — იქნებ კრისტალსაც ვერ იპოვის? — ეგ რა ლაპარაკია? — შეუბღვირა ილიამ. — რაც არის, ისაა, — ჯიუტობდა სანდრო, მაგრამ ხმაში თავდაჯერება აღარ ეტყობოდა, — მერე რომ იმედი გაუცრუვდეს, უარესი იქნება. — შენ რა იცი, რას იპოვის და რას ვერა? — აენთო ელია. სანდრომ პასუხი ვეღარ მოიფიქრა. მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ჩუმად ჩაილაპარაკა: — მე უბრალოდ არ მინდა, მერე გული ეტკინოს... — თავისით მოვიდა, — დაემოწმა ნიკალა, — გამორჩეულია კი, მაგრამ იქნებ… შემოგზავნილია? ბიჭები სხვებმა გააშველეს. მხოლოდ რამდენიმე უჭერდა მხარს თვალდახუჭულად. ილია და ელია მუდამ მზად იყვნენ მუშტებზეც გადასულიყვნენ, ოღონდ ვინმეს არ ეთქვა თეიაზე ცუდი სიტყვა. რიწა ფრთხილად იცავდა, არ იწონებდა ასეთ საუბრებს — მან ხომ იცოდა საიდუმლო რუკის ამბავიც. სებე და მირიანი, ოღონდ ამღერე და ათამაშე, სხვის საქმეებში დიდად არ ერეოდნენ. მით უმეტეს დათა, სამართლიანი იყო და არც ჭორაობა უყვარდა. თეია კი, რუკითა და საგზლით, ასევე თავისი სამეცადინო კრისტალით შეიარაღდა და პუწის მიუბრუნდა. პუწი ცრემლიანი თვალებით უყურებდა — იცოდა, იმ გზაზე ვერ გაჰყვებოდა, აქიდან დაუკითხავად რომ გადასულიყო, უმკაცრესად დაისჯებოდა. — პუწი, შენც გაქვს ოცნება? — უეცრად იკითხა თეიამ. თვალია პუწიმ ყველა თვალი ერთდროულად დააფახულა. — მაქვს! — თქვა ტუჩებათრთოლებულმა, — მინდა სამოგზაუროდ წავიდე. — ჰა?! ეს შენ ამბობ, ვინც დღე და ღამ ხეტიალსა და დაზვერვაში ხარ? — ეგ ხომ სამსახურია, თეია. მაშინ არაფერს ვათვალიერებ — მხოლოდ ვსაზღვრავ და ვიმახსოვრებ. მე კი მინდა უბრალოდ ვიხეტიალო, თვალს წყალი დავალევინო. თეიამ გაიღიმა: — აი, გამაოცე, პუწი... გპირდები, როცა დავბრუნდები, შენი ოცნების ახდენაზე ვიზრუნებ. მე კი... — თავი დახარა და ამოთქვა: — მეც მაქვს გულში ყველაზე დიდი სურვილი: დედის ჩახუტება და უკეთესად გახდომა... მერე თვალიას გახედა, თვალი ჩაუკრა და ირონიულად უთხრა: — შემიძლია კარგი ვიყო, მაგრამ მინდა უკეთესი გავხდე! თვალია კი ცოტა არ იყოს შეშინებული ჩანდა, თითქოს იფიქრა, ზედმეტი წამომცდაო. — შენ ნუ გეშინია, ჩვენი მცველი ამ კოშკებივითაა — ისეთი, ვერაფერს რომ გაუბედავ, მაგრამ ვიცი, ყველაზე კეთილი და სამართლიანია. ასეთი „მცველური“ თვისებები საუკუნეების განმავლობაში განუვითარდა სულში. გოგონა წავიდა. პუწი კი ცხვირსახოცს უქნევდა — იმავეს, რომლითაც ცოტა ხნის წინ თვალებზე ცრემლი მოიწმინდა. ბეღელაც კი ატირდა, რადგან მათ შემხედვარე მიხვდა — ნანახი კარგს ვერაფერს მოასწავებდა. თეიამ უკან მოიხედა და მათ კვლავ ხელი დაუქნია. ბეღელამაც, რომელიც პუწის ცხვირსახოცივით სახეზე იკრავდა, იგივე გააკეთა, მერე კი თეიას ჟესტი გაიმეორა და პირზე მიიდო თითი: — შშშშ… თავი 37 — ნათლობის წინასწარი სიჩუმე გივარგიმ შუადღისთვის ბჭობის კაბინეტში მესაზღვრეები შეკრიბა. მათში დაძაბულობა და საბრძოლო მზადყოფნის სული ტრიალებდა. — ლამარია შელახულია, — თქვა გივარგიმ ისე, თითქოს ყოველი სიტყვა მძიმე ქვა ყოფილიყოს, — და როცა ლამარია სუსტდება, ბავშვები პირველ რიგში ხდებიან სამიზნე. — გაიარ-გამოიარა და განაგრძო: — ქეთევანი და ჯარჯი მალე დაბრუნდებიან. ვნახოთ, რა ამბავს მოიტანენ, მაგრამ ვშიშობ, დედაოების ლოცვა ჩვენი ბავშვებისთვის ახლა შესუსტებულია. — დიდი გამოცდილება არც გვაქვს, როგორ ვიზრუნოთ ბავშვებზე, — დატრიალებულ მოვლენებს განიცდიდა ნათანი. — არა უშავს. ჩვენ გაცილებით საშიშ არსებებთან დაგვიჭერია საქმე, ბავშვები რა მოსატანია, — ყველა დაამშვიდა უმცროსმა ნაბდიანმა. ივა კი ჩუმად იდგა, თითზე ქვას აწვალებდა, რაც არ გამოპარვია გივარგის. თითქოს ქვა არ ემორჩილებოდა — ან იქნებ, თავად აღარ ემორჩილებოდა ქვას. — სასწრაფოდ უნდა ჩავნიშნოთ ნათლობა, ვიდრე გამოუსწორებელი რამ დატრიალებულა, — უფრო დარწმუნებით წარმოთქვა მცველმა, — გველეშაპს გეზი აქეთ უჭირავს. ნათლობით ბავშვები ჩვენსავით ათასწლოვანი არსის გახდებიან და თავდაცვაც უკეთ გამოუვათ. — კი მაგრამ, თეიას რომ არ აქვს ქვა? — შეწუხდა ივა, — ნუ მოვნათლავთ უმისოდ. — არა უშავს რა... თეიას ახლა მე დაველაპარაკები და ყველაფერს ავუხსნი. მეტის მოცდა აღარ შეიძლება! — მე ჩემს კოშკს დავხედავ და მალე დავბრუნდები, — მათ გაეცალა ივა, რომელიც რატომღაც სხვებზე მეტად აწრიალებულიყო. — ონისე! ივა არ მომწონს. წავალ, თეიას, მერე კი არქაელს დაველაპარაკები. — მიდი, გივარგი, დაუჩქარე. რაც ის დაბრუნდა, ყველაფერი აირია. ბერუჩა ჩრდილელმა დაუყოვნებლივ მისცა დავალებები მგელიკას. ალგეონის ყველა კარი და კარიბჭე უნდა გადაემოწმებინა და საგულდაგულოდ ჩაერაზა. საგანგებო რეჟიმი დაუწესეს ქაჯებსა და თვალიებსაც გუშაგობისა და დაზვერვისთვის. გივარგიმ იცოდა, რომ ლამარიის დედაოების ძალისხმევა, თეიას კვალის ასარევად, შესაძლოა მთლად სანდო აღარ ყოფილიყო. გველეშაპი ტყუილად არ მიიტანდა იერიშს და იქიდან თეიას კვალს აიღებდა. ამიტომ, ნათლობის ჩანიშვნა საბოლოოდ გადაწყვიტა. დასაკარგი დრო აღარ იყო და დღის იმავე მონაკვეთში უხმო ბავშვებს. ის დადგა გამორჩეულ და ამაღლებულ ქვის ფილაზე. ტალღოვანი თმები მხრებამდე დასთამაშებდა. მის გვერდით ონისეს მტკიცედ ეჭირა მუქი წითელი ბალიში, რომელზეც ფერადი, დაუმუშავებული კრისტალები გადაენაწილებინა. მათ უკნიდან ზურგს უმაგრებდნენ ალგეონის ქაჯები და დევი ბეღელა. შხარას მწვერვალის თეთრი ქედი მზის შუქზე ელვარებდა და სხივები ნაზად ეცემოდა ალგეონის ეზოს. ბავშვები ნახევარწრედ ჩამოსხდნენ ქვებზე, ფეხები ხასხასა ბალახში ჩაეშვათ. ძალიან ლამაზი გაზაფხულით შემოსილიყო არემარე. მხოლოდ კახელ ტყუპებს ეტყობოდათ უხასიათობა. დაბღვერილ სანდროს კი მოუსვენრობის წრიალი შესჩენოდა. — დღეს თქვენი კრისტალები მიემართებიან პირქუშასთან, — თქვა ონისემ მშვიდად, თუმცა მტკიცედ, — უძველესი ოსტატის, რომლის ხელით ცეცხლიც მორჩილი ხდება და ქვაც ოქროდ იქცევა. ყველა მცველს და მესაზღვრეს მან დაუმზადა პერსონალური კრისტალის ხელთათმანი. გივარგის თვალებსა და ხმაში ისეთი ემოციური ცვლილება შეიმჩნეოდა, აშკარად საკუთარ ნათლობას უტრიალებდა გონებით. ის ამაყი, ფრთხილი და მზრუნველი გახდა ერთდროულად: — ეს ღვთაებრივი ცერემონიაა და ამით პირველად ეზიარებით ღვთაებრივ სხივს. თქვენს სხეულში დრო სხვაგვარად დაიწყებს დინებას. ნუ შეგეშინდებათ — კრისტალი იზრუნებს თქვენზე. რიწამ თვალები გააფართოვა და აღფრთოვანებით უჩურჩულა სალომეას: — აკი ვიცოდი, ეს რაღაც უხილავი ხელთათმანი იქნებოდა! — ჰო, მაგრამ… — წარბები შეკრა სალომეამ, — გივარგის და მესაზღვრეებს ხომ ხელში აქვთ?... ალბათ თავიდან ასე იყო მათიც. მირიანი და სებე, რომლებსაც ონისე ხშირად უშლიდათ გვერდიგვერდ დგომას, ახლაც ჩუმად ხითხითებდნენ და ერთმანეთს უჩურჩულებდნენ. ონისემ მკაცრად, მათკენ მოქნეული ხელის ფონზე წამოიძახა: — სიჩუმე!.. ყურადღებით იყავით. ახლა თქვენი ენერგია მკაფიოდ იგრძნობა. უფროსმა ნაბდიანმა ნელა გადადგა ნაბიჯი ბალიშისკენ. მისმა ხელმა აიღო ერთ-ერთი კრისტალი, მზის სხივზე მარაგივით გამოიფინა ოქროსფერი ნაპერწკლები. ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იაზრებდნენ ყველაფერს, სუნთქვაშეკრულები უყურებდნენ. — პირქუშა მათ გადაამზადებს თქვენს ენერგიასთან შესაბამისად. ეს ხელთათმანი თქვენს ხელს ერწყმის — კრისტალი კი თითქოს ხელიდან ამოიზრდება. სამი დღის შემდეგ ჩატარდება ნათლობა. იმ დღიდან გაივლით ქვასთან შეგუების პერიოდს. ამის შემდეგ ეს ძალა სამუდამოდ იქნება თქვენთან. ნაპერწკლები ნელ-ნელა აცვივდნენ ცაში, ერთმანეთს კვეთდნენ და ზოგი ბავშვი გაოცებით იღიმებოდა. სხვები ცოტათი შეშინებული, თუმცა სერიოზული თვალებით აკვირდებოდნენ ოქროში ჩასმულ ბალიშზე მოთავსებულ ქვებს, რომლებიც პირველ სალამს უძღვნიდნენ დღის შუქსა თუ მომავალ მესაკუთრეებს. — დიახ, — სიტყვა დაასრულა გივარგიმ, — ახლა იწყება თქვენი რეალური სვლა კრისტალის ძალაში. თითოეული ნაპერწკალი, რომელსაც გამოიწვევთ, მხოლოდ თქვენი სულიერი სვლა იქნება. სწორედ ამ დღიდან ალგეონურ სიმშვიდეს დაძაბული მოლოდინი შეერია. თავი 38 — სანდროს ნაბიჯი და საიდუმლოს გამჟღავნება ცინდა-იაგუნდ-თეია პირველის ამბები იმ დღესვე გახდა ცნობილი. სანდრო არა მხოლოდ იარაღს უვლიდა, არამედ თავლაშიც დიდ დროს ატარებდა. ამიტომ, ნარჩიტას გაქრობაც და დამნაშავის ვინაობაც დილითვე გამოააშკარავა, ჯერ კიდევ ნათლობის გამოცხადებამდე. სწორედ ამიტომ, და არა მხოლოდ ამიტომ, შეეპარა მას მოუსვენრობა. ჯერ საკუთარ თვალიას უსაყვედურა — როგორ ვერ შენიშნე ეს ამბავიო. თუმცა ეს უკვე ცნობილი იყო: თვალიები მტერს არ გააკარებდნენ ალგეონს, ბავშვებს კი სხვაგვარად უყურებდნენ. ბავშვებმა შეძლეს და ისე შეაყვარეს მათ თავი, რომ მათ გარეშე სიტყვას აღარ ძრავდნენ მცველ-მესაზღვრეებთან. მოსაღამოვებამდე, როგორც კი საშუალება მიეცა, სანდრომ ამბავი ონისეს მიუტანა: — თეიამ ცხენი წაიყვანა… სოფელში. — თეია აქ მომიყვანე! — მკაცრად უბრძანა მესაზღვრემ. მალე ალგეონში ყველა თეიას კითხულობდა, თუმცა ამაოდ. ქეთევანმა განსაკუთრებით დაკარგა ფერი. — ის ძალიან მგრძნობიარე და კეთილია, — გოგონას გამოესარჩლა ჭარხალივით აწითლებული ელია, რომელშიც შიშს აშკარად აჯობა მეგობრობამ. — ვერ დაუშვებდა, რომ… — ძმას შეეშველა სიმწრის ოფლში გახვეული ილია, — შეეცოდა მშრომელი ბიჭი. ავადმყოფ მამას მარტო უვლის და ცხენი ამიტომ წაუყვანა. — თქვენ ორნი, მომიახლოვდით! — ბრძანა ონისემ. გივარგი ჩუმად მიუახლოვდა ჩოჩქოლის ეპიცენტრს და ხელი დაადო ონისეს. ტყუპებმა, რაც იცოდნენ, ყველაფერი მოუყვნენ უფროსებს. ონისე, პირით რომ ვერაფერს ამბობდა, ბრაზისგან ცხვირიდან უშვებდა ცეცხლს. გივარგი კი მშვიდად, დაწვრილებული თვალით, წვერში ჩამალული ღიმილით ისმენდა ყველაფერს. ბოლოს რბილად თქვა: — არც ისეა საქმე, როგორც ახლა ჩანს. დილით ცხენის ამბავიც მითხრა და წასვლის გეგმაც გამანდო. სიმართლე გითხრათ, ასეთ გმირულ საქციელს ველოდი კიდეც მისგან. ყველა იქ მყოფი გაშრა, დიდიც და პატარაც. ყველას ერთ დონემდე გაუფართოვდა თვალები. გივარგი კი დინჯად აგრძელებდა სააუბარს: — თეია მამაცია, ის აუცილებლად დაადგებოდა გზას საკუთარი კრისტალის მოსაპოვებლად. მე მხოლოდ ის ვთხოვე, რომ სამიოდე დღე მოიცადოს, ზუსტად ნათლობამდე. თუ მანამდე ქვა არ აღმოაჩნდება, თავად გავუშვებ მას საკუთარ გზაზე. ახლა კი თარხანთან არის. გაისეირნებს, დამმშვიდდება და დაგვიბრუნდება. საუკუნოვანი საზღვრისმცველის დაბალანსებულმა ტონმა სიმშვიდე მოიტანა. მხოლოდ სანდრო ელვარებდა თავის გულში — ჩუმად და ფარულად. და ეს ელვარება ცხელ ლავად ედებოდა მის შიგნეულს. თეიას საიდუმლოს გამჟღავნება იმ დღეს ბავშვებისთვის აღარაფერი უთქვამთ. მეორე დილას გივარგიმ და ონისემ ზრდასრული და ნორჩი მესაზღვრეები მეხსიერების დიდ დარბაზში შეკრიბეს და ქეთევანთან ერთად ყველაფერი გაანდეს. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. პატარა გოგონას ამბავს გულაჩუყებულები ისმენდნენ. რიწა აცრემლებული ეყრდნობოდა სალომეას მხარს; ანას თვალები სათვალის დიდი მინებიდან შებრალებას ითხოვდნენ. ამ ბავშვს მძიმე ტვირთი ეწვა მხრებზე. ჩვილობიდან ობლად გაზრდილს, საკუთარი გზისკენ და მომავალი მისიისკენ მარტო უწევდა სვლა. მათ ესმოდათ — შესაძლოა სიცოცხლის დათმობაც კი დასჭირვებოდა ძველი მტრის გზის გადაკვეთისას. ალგეონში გავრცელებული ფრთხილი ხმები აქამდეც მოესმინათ. ამბობდნენ, რომ მალე გამოჩნდებოდა ის, ვისაც სამართლიანობის დაბრუნება შეუძლია. შესაძლოა, სწორედ ასეთი იყო ეს გოგონა — უკანასკნელი სინათლის გამტარი. იმ წუთებში ყველამ ერთი რამ გაითავისა: სანამ დრო მოვიდოდა, ისინი დაიცავდნენ თეიას. მერე კი თეია დაიცავდა მათ. ქეთევანი ლოცვას შეუდგა. ანამ, რიწამ და სალომეამ კოშკების წინ, ველად, სამაიას ცეკვა დაიწყეს. ილია და ელია ვაჩესთან ერთად სვანურს უვლიდნენ. სებე და მირიანიც კი დასერიოზულდნენ — ძველი მესაზღვრეების სიმღერებს მღეროდნენ. თვით სანდროც, დათასთან და ნიკალასთან ერთად, ჩუმად ემსახურებოდა ყველას, ხელები საქმეში ჰქონდა ჩარგული, მაგრამ ფიქრები სხვაგან დაეხეტებოდა. ლოცვების, სიმღერების და ცეკვების ენერგეტიკა პირდაპირ მიმართული იყო გოგონას ქვის მოხმობაზე. მათ შორიახლოდან აკვირდებოდა ვირთაგვა არჩილი, დევი ბეღელას გარემოცვაში. არავინ იცოდა, რას ემსახურებოდა მისი დუმილი, მაგრამ ყველამ იგრძნო — მის ყოფნას ფასი ჰქონდა. ის მხოლოდ პირის მოძრაობით ლოცულობდა. გულთამზე კი, მგელიკას ოჯახის მსგავსად, კრისტალებს მუხტავდა და თაროებზე აწყობდა. ნათლობამდე ორი დღით ადრე, მთელი დღე ამ რიტუალში გაატარეს. ეს მუხტი სჭირდებოდა ალგეონს, მშვიდობის დარაჯს და მთების შვილს. ეს ერთიანი სული და გადაჭდობილი ხელები ქმნიდნენ მისთვის წარმატების გარანტიას. ტოტოს გზა ზესვანერაში გივარგი გულში ხარობდა თეიათი: მისი სიმამაცე, გულწრფელობა და სხვების დახმარების სურვილი — უპირობო ლიდერის თვისებები გამოვლინდა მასში. ცხენის ამბავმა კი ახალი გზა გახსნა: საქმე სოფლის ბიჭს, ტოტო ჯიშკარიანს ეხებოდა. მისი ამბავი უბრალო საქმედ არ დარჩენილა. მალე გაირკვა, რომ ის სულ სხვა ამბებში ჩაება — უხილავ ჯაშუშურ ბადეში, სადაც მის ნდობას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ტოტო სოფლის ჩუმ გზაზე მიდიოდა, თეიას ნაჩუქარი ნარჩიტა გვერდით მიჰყვებოდა. საღამოვდებოდა, ცა მზეს წითლად შეეღება. მოულოდნელად მიწაზე რაღაც შეფუთული შენიშნა, მზისგან ისიც ბრწყინავდა — რულონივით გადახვეული ქაღალდი. პირველად ეგონა ტურისტის დავარდნილი რუკა, მაგრამ როცა ასწია, ცვილის ბეჭედი დაინახა. ბეჭედზე უცნაური სიმბოლო იყო გამოსახული — შავზე ცეცხლისფრად ამოტვიფრული გველეშაპი და ყვითელი ყვავილი. მისი კონტურები ცეცხლივით ლივლივებდა, რამაც ტოტო გააოგნა. ასეთი რამ არასოდეს ენახა. პატარა გიდი ცნობისმოყვარეობას ვერ მოერია. მან ფრთხილად გახსნა დაბეჭდილი ქაღალდი და უცხო ენაზე დაწერილი წერილი აღმოაჩინა, თუმცა თითქოს ძველი ქართულით იყო ნაწერი. წაკითხვა გაუჭირდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცნო: „გველეშაპი“, „საზღვარი“, „ზესვანეთი“. მის გვერდით პატარა ნახაზიც იყო — ალგეონის ციხესიმაგრის გეგმა, კოშკების მონიშვნით. გულში შიში გაუკრთა. ეს უბრალო ტურისტის რუკა ვერ იქნებოდა… თუმცა, იცნობდა ერთ ასეთივე უცნაურ გოგოს, როგორი უცნაურიც ეს ნაპოვნი გრაგნილი იყო. მეორე დილას წერილი იქ მიიტანა, სადაც თეიას დაშორდა. დიდხანს იცადა, მაგრამ გოგონა იქ არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, თეიას თანატოლი ტყუპები გაჩნდნენ მის ზურგს უკან, სწორედ მაშინ, როცა წასასვლელად შეტრიალდა. — მოიცა… შენ თეიას ეძებ, არა? — ჰკითხა ძმებში უფრო სიცოცხლით სავსემ. — ჰო, თქვენ მას იცნობთ? — ჩვენი მეგობარია, — უფრო დინჯად მიუგო მეორემ. — ეს… გზაზე ვიპოვე. მგონი თქვენი ნახვის ღირსია. ელიამ რომ გახსნა და წაიკითხა, სახეზე ფერი დაკარგა. წერილი აშკარად იქითა სამყაროს ჯაშუშს ეკუთვნოდა: შიგნით ეწერა, რომ ბავშვები ძლიერდებიან და თუ დროულად არ მოხერხდა „ქალღმერთის ცრემლის“ ხელში ჩაგდება, მალე მოინათლებოდნენ და ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა. ილიამ კი ძმას უთხრა, რა კარგია, რომ ვიბეჯითეთო. ეს სიამაყით ნათქვამი სიტყვები იყო, რადგან ყველაფერი გაიგო, რაც შიგნით ეწერა. ძმამ კი ხმამაღლა თქვა: — მადლობა… — ტოტო მქვია... თეიას ხომ გადასცემთ?.. მომიკითხეთ... — მე ელია ვარ, ეს ჩემი ტყუპისცალი ილიაა... ვფიქრობ, აქ ერთ საათში უნდა შევხვდეთ. — მოვალ. წერილს ბეჭედი აღარ ჰქონდა, თორემ ძმები მაშინათვე ამოიცნობდნენ ნიშანს. ტოტოს წასვლამდე მოიცადეს, მერე კი ისკუპეს იმ გზაზე, რომელსაც მისგან განსხვავებით ხედავდნენ. ისე ჩახტნენ ხვრელში, თითქოს ჰაერშივე გაქრნენ. გივარგიმ რომ გაიგო, გიდი ბიჭი თავისი თვალითა და ყურით შეაფასა. როცა თეიამ გეზი ხვამლის მთისკენ აიღო, ილიასა და ელიას თარხანისთვის ეთხოვათ, თეია აზრზე მოეყვანა. თარხანი მას წამოეწია, ცხენზე შეისვა და მალევე დაარწმუნა, რომ ჯობდა გივარგის დალაპარაკებოდა. გოგონაც უკვე დამშვიდებულიყო და თარხანისთვის იგივეს თხოვნას აპირებდა, გივარგისთან მიეყვანა. ასე გაანდო თეიამ საზღვრების მცველს საკუთარი ფიქრები და დასკვნები. მეორე დღეს, როცა ტოტოს ამბები დატრიალდა, ტყუპებმა გივარგის გადასცეს საიდუმლო, ჯაშუშური წერილი და საზღვრების მცველმა სწორედ თეია და თარხანი გაგზავნა ბიჭის წამოსაყვანად. თეია მხოლოდ ამ მიზეზით დათანხმდა მცველს საკუთარი ნაჭუჭიდან და ოთახიდან რომ გამოსულიყო. მცველმა გაოცებისგან შოკში მყოფ ტოტოს მკაცრად უთხრა, რომ მისი ქმედება საფრთხის ქვეშ აყენებდა ალგეონს, მაგრამ გულში მიხვდა: ეს ბიჭი უკვე მათ მხარეს იყო, თავისი ნებითაც კი. შემდეგ დღეს, ნათლობამდე ერთი დღით ადრე, ნათანმა ტოტო მესტიაში, ტკბილეულის მაღაზიაში მიიყვანა და თბილად ჩააბარა გულთამზეს. — შენ იგივე გზას გაივლი, რაც ამ საუცხოო ქალმა გაიარა. ერთმანეთს იცნობდეთ და ითანამშრომლეთ. ტოტო სახეგაბრწყინებული იყო. ხვდებოდა, რომ სულ სხვა სამყაროში შეაბიჯა. განსაკუთრებით მაშინ ჩამოუვარდა ყბა, როცა საბოლოოდ მიხვდა — ეს მაღაზია უბრალო ადგილი არ ყოფილა. ჩრდილში მოქცეულ დერეფანში, მესტიის მხრიდან კარზე ზარის სუსტი წკრიალი გაისმა. ხმას მაღაზიის კედლების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მიშგვანის ტკბილეულს ორი ფენის, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრავი, წრიული კედლები ჰქონია! — თავში ელვასავით გაუელვა ამოხსნილმა ამოცანამ. როცა მესტიის მხრიდან ადამიანი შემოდიოდა, გარე კედლები ტრიალდებოდა და ინტერიერს „შენიღბავდა“ — ჯადოსნური ნივთები ჩვეულებრივ სამკაულებად და ტკბილეულად გარდაიქმნებოდა. მხოლოდ უმცირეს მაგიას იტოვებდნენ, თითქოს დადებითი ენერგიის სახით. ზღაპრული არსებებისთვის კი ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობდა. შიდა კედლების მობრუნებასთან ერთად მაღაზია ნამდვილ სახეს იბრუნებდა — ჯადოსნური ნივთები კვლავ ცოცხლდებოდნენ, ხოლო თაროებზე გამოფენილი საგნები თავიანთ ნამდვილ ძალას ავლენდნენ. ტოტომ აღფრთოვანებით მიმოიხედა. — ანუ ერთი და იგივე მაღაზიაა... და მაინც ორი სრულიად განსხვავებული სამყარო, — ჩაილაპარაკა თავისთვის. — ასეთი რამ ხომ მხოლოდ ზღაპრებში უნდა არსებობდეს! როცა გულთამზემ მაღაზიის სხვა მხარეს, ქალაქ გუშაგში გაიყვანა და აჩვენა ნეიტრალური ზონა თავისი ტურისტებით, ბიჭს კინაღამ გული შეუღონდა. გულთამზემ მოასულიერა და თბილად უმასპინძლა, დაიწყეს თანამშრომლობაზე საუბარიც. — შენ მომამარაგებ და მე გადაგიხდი, ნაღდი, ჩვენებური ოქროთი! თან ყველაფერს გასწავლი, რომ ალგეონისთვისაც, თეიასთვისაც სასარგებლო იყო და ჩემი მაღაზიისთვისაცო. შტოშის კანფეტები — სიმართლე მამაზე დრო იწურებოდა. ნათლობამდე ერთი დღეც აღარ რჩებოდა, მაგრამ თეიას კრისტალი ისევ დუმდა. ამდენი ემოციის ფონზე ისე მოიწყინა, რომ უკვე ფიქრობდა — ალბათ შეოლსაც კი შეხვდებოდა პირისპირ, ოღონდ ეს გაურკვევლობა დასრულებულიყო. ამ ფიქრებში იყო, როცა ალგეონიდან გამომავალ შავჩოხოსან მამაკაცს მოჰკრა თვალი. დაუფიქრებლად დაედევნა. გადაჭრით უთხრა თავს — ან ახლა გამოსტყუებდა სიმართლეს, ან აღარასოდეს. უკანა ეზოდან ბილიკი ძველ კოშკებს შორის იკარგებოდა. იქ სუნთქვა გიჩერდებოდა — თითქოს ქვებსაც ჰქონდათ იარები, ომებისგან დარჩენილი, და ჩუმად გიყურებდნენ. ივა სწრაფად მიდიოდა, მხრებში გაჭიმული, მზერით ამაყი — თითქოს ქარსაც არ აძლევდა უფლებას, წინ გაესწრო. — მესაზღვრე ივა!.. — გასძახა თამამად თეიამ. კაცი შეჩერდა. — მითხარით… როგორი იყო ადამ პირველი? ივას სიმწრის ოფლმა დაასხა და ნაბიჯი შეანელა. თითქოს კითხვამ კი არა — გაჟღერებულმა სახელმა დაარტყა. — ადამი?.. — გაიმეორა ნელა, — გმირი იყო... მამაცი კაცი... თავისი ცოლ-შვილი დაიცვა. — ქვას ფეხი ძლივს გადაატარა, — ჯიუტიც იყო, — დაამატა ოდნავ ჩახლეჩილი ხმით და ყალბი ღიმილით, — ვუთხარი, ნუ გამოიწვევ გველეშაპს-მეთქი… მაგრამ ხომ იცი, როგორი იყო. მაინც გამოიწვია. სიტყვა „გამოიწვია“ ჰაერში ჩამოკიდა, თითქოს გაგრძელებას ვეღარ ბედავდა. თეიამ ყელში სიმწარე იგრძნო, მაგრამ მაინც გაბედა: — მე პირველი ვარ გვარად… ჩემი გვარი მართლა არაფერს გეუბნებათ? ივა წამით გაქვავდა, ძალიან მცირე ხნით — მაგრამ თეიამ შეამჩნია. მის თვალებში რაღაც გადაფრინდა. გაკვირვება არა — უფრო, სწრაფად დამალული შიში. — მართლა? — ღიმილიც ზედმეტად სწრაფად მოევლინა სახეზე, — რა კარგია… რა საოცარია… შენ მისი… — ხმა გაებზარა, — მისი მოგვარე ხარ. სიტყვები ეწყობოდა, თვალები — არა. იმ სიცარიელეში, რაც ივას მზერაში ჩადგა, რაღაც უცხო იძროდა. თითქოს თავადაც არ იყო ბოლომდე იქ. „ეს კაცი რაღაცას მალავს“, გაიფიქრა თეიამ. და მაშინ გაახსენდა შტოშის კანფეტები. იმ დღის შემდეგ, როცა ქაცვისები გამოვლია და თმა მაინც არ დაემორჩილა, ეს კანფეტები ყუთიდან ამოცვივდნენ და ოთახის ბნელ კუთხეებში დაიმალნენ. დღეს დილით ერთმა უცნაურად ისკუპა და მის ჯიბეში აღმოჩნდა. თეიამ კანფეტი ამოიღო: — მიირთვით. ძველ გემოს გაგახსენებთ. ივამ კანფეტი აიღო. წამით დაყოვნდა, მერე დააგემოვნა. და სწორედ მაშინ მოხდა, რაც მოხდა. მისი ყელი ოდნავ შეიკრა. თვალებში ჩამოუბნელდა — თითქოს შიგნით ჩახშობილი მეხსიერება იძულებით ამოტივტივდა. მზერა წამით გამკაცრდა, შემდეგ კი — გაუფერულდა. თეია ელოდა. „რამ გააქვავა?“ გაიფიქრა, „რამ დაავიწყა მეგობრობა?“ ივა სივრცისკენ იხედებოდა, თითქოს მთებს შეეძლოთ ეთქვათ ის, რასაც თვითონ ვერ ამბობდა. — იცოდე… — დაიწყო ნელა, — მე ბევრჯერ მინახავს სიკვდილი. — ხმა ჩაუწყდა, — მამაშენისაც... იმ ღამეს... ჰაერს თითქოს ცეცხლი წაეკიდა. მკვეთრად აღვივებდა გრძნობებს. — მამაჩემის?.. — სიტყვა ძლივს ამოთქვა თეიამ. ივას თვალებში ახლა ორი რამ იდგა ერთად — ტკივილი და რაღაც უხილავი წინააღმდეგობა. თითქოს შიგნით ვიღაც ეუბნებოდა, გაჩერდიო. — ის… თქვენ გიცავდათ… — ჩაიჩურჩულა, — მაგრამ… „მაგრამ“ აღარ გაგრძელდა. შორიახლოდან ყორნის ჩხავილი გაისმა — მკვეთრი, უხეში. თითქოს უხილავმა ფარდამ ორივე გამოაფხიზლა. ივამ თავი შეარხია. მის შიგნით რაღაც დაიხურა. — წამოდი, თეია. კოშკში დავბრუნდეთ. რაღაც დამავიწყდა. ხმა ისევ მტკიცე და ცივი ჰქონდა. თეიამ იგრძნო — იმ კაცმა, რომელიც წამით თითქმის სიმართლეს ამბობდა, უკან დაიხია. მის ადგილას თითქოს სხვა იდგა — ყინულივით მტკიცე და მიუღწეველი. ყორნის ჩხავილი და ივას სიტყვები ერთ ნოტად შეიკრა. და იმ ხმაში თეიამ ვეღარ იპოვა ის, ვინც ადამის მეგობარი უნდა ყოფილიყო უწინ. თავი 39 — მტრის ფარული ნაბიჯები სანდროს შური აბრმავებს სანდრო აღელვებული დაეხეტებოდა ჰაერზე. ურჩიეს, აქაური ჰაერი ამშვიდებსო, მაგრამ როგორც სიფრთხილეს, ისე ჩასაფრებულ ცოდვასაც არასოდეს სძინავს. სწორედ მაშინ მიუახლოვდა ივა შავნაბადა — მისი მენტორი — და სათხოვარი გაანდო. ივა საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. მისი ამღვრეული სახის დანახვაზე ბიჭს გააჟრჟოლა, თუმცა გულმა მაინც მიიღო ივას შეთავაზება. თეიას გულში ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. ასეთ განწყობას კი ყოველთვის დედ-მამის აუტანელი წყურვილი მოსდევდა — იმდენად, რომ ახლად მიღებული ამბების მართალი და ტყუილი ერთმანეთში ერეოდა. სწორედ ამ დროს მოძებნა სანდრომ და ჩუმად უთხრა: — მე მყავს მეგობარი… მითხრა, საღამოს ჩანჩქერთან მიხვიდე. ამბობს, რომ შენს მშობლებზე სიმართლეს იის ქოთანში გაგიცვლის. თეიამ გაიკვირვა: — რა სიმართლეს? ან… რატომ უნდა დავიჯერო? სანდრომ აქეთ-იქით მიმოიხედა, თითქოს საკუთარ საქციელს ეჭვის თვალით უყურებდა. ყურში ზარივით ჩაესმოდა მცველის დარიგება — ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ რჩეული, მერე კი ის დაიცავს ყველას სიცოცხლესო. ბოლოს, ჯიბიდან კონვერტი ამოიღო. თეია გაშეშდა. მზერას ვერ წყვეტდა სანდროს, ბიჭსაც იგივე სჭირდა. მერე კონვერტი ფრთხილად გახსნა. იქიდან ჰაერში ამოცურდა ფაქიზი ფურცელი, რომელზეც მბრწყინავი ასოებით ეწერა: ვიცი, ვინ მოკლა მამაშენი და ვინ არის დედაშენი. ვიცი, რატომ არავინ გეუბნება არაფერს, როცა ყველამ ყველაფერი გაიგო. თუ გინდა შეიტყო სიმართლე — მოდი მზის ჩასვლისას კლდის ჩანჩქერთან, იქ, სადაც დიდი შავი ლოდებია. მაშინვე ჩაქრა კალიგრაფიული შუქი და ფურცელი ისევ კონვერტში ჩასრიალდა. თეიამ წერილი სანდროს მიუგდო. პირს სიმწრით აკავებდა; ხმა არ ამოუღია — მხოლოდ კიდევ უფრო აღელდა და გაიქცა. სანდრომ გაოფლილი ხელით კონვერტი შეატრიალა. შეეძლო დაეწვა, ყველაფერი ამით დასრულდებოდა. მაგრამ არ დაწვა... თეიას კვალს კი, შორიახლოდან, ტყუპები თვალს არ აცილებდნენ. სასოწარკვეთილ გოგონას უკან აედევნენ. თეიამ სწრაფად აიღო იის პატარა ქოთანი. გულში უკვე ყველაფერი იცოდა დედ-მამეზე, ამიტომაც მოუნდა დარწმუნებულიყო, თუნდაც ეს ცოტა საშიშადაც ჟღერდა. ტყუპებმა თავიანთი დროებითი ქვები მოიმარჯვეს, ხევსურული ტანსაცმელი ჩაიცვეს და თეიას სწრაფად მიუახლოვდნენ. — ჩვენც მოვდივართ! — ვერ წამოხვალთ… პუწი უნდა გაართოთ, — უთხრა თეიამ, — სანდროსთან საუბარს ესწრებოდა და, მართალია წერილი ვერ წაიკითხა, ხვდება, რომ კარგს არაფერს ვაპირებ. უნდა გაიყვანოთ. ტყუპებმა ერთმანეთს გადახედეს. — პუწი, აქ მოდი! — დაუძახა ელიამ, — რას იტყვი, ჩვენი პიკო, პაკო და შენ რომ სამოგზაუროდ წახვიდეთ? — რაო?.. სამოგზაუროდო?.. მცველი დაითანხმეთ? — ეჭვით იკითხა თვალიამ. — მთლად ასე არაა… — ალუღლუღდა ილია, მაგრამ სიტყვა ძმამ გამოსტაცა: — ზუსტადაც ასეა! მან გადაკვრით, მაგრამ მაინც თქვა — „თქვენი თვალიები მალე დაისვენებენ, როცა თქვენ მოინათლებით“ო, — და ძმას მუჯლუგუნი უთავაზა. ივა შავნაბადას სხვა ძალა მართავს ამ დროს ტყუპებს გული ცუდს უგრძნობდათ. მალევე ჩამოღამდა და თვალიები, რომლებიც მათ დაჰყვებოდნენ, ჩამოშორდნენ. ძმები ალგეონისკენ გაიქცნენ. გზიდანვე გაუშვეს განგაშის ნაპერწკლები, მაგრამ ივას კრისტალის სხივმა ისინი ჩაყლაპა. ივა უკვე ის აღარ იყო, ვისაც იცნობდნენ — მისი თვალები ნაკვერჩხალივით ღვივოდნენ და შავად იკვამლებოდნენ. ილიამ და ელიამ ეს არ იცოდნენ. ის ბიჭებს მალულად უთვალთვალებდა. ტკივილის მომგვრელ ცრემლებს ებრძოდა და ხიდან ხეს ამოფარებული მისდევდა უკან. ძალიან ცდილობდა, ბიჭებისთვის არაფერი დაეშავებინა, მაგრამ შინაგანი, ბნელი ძალა თითქმის უპირატესობდა. რა თქმა უნდა, ტყუპების თვალიებსაც ეგრძნოთ საფრთხე და უკან გამობრუნდნენ. მათი და ბიჭების სამაჯურები ბოლო ხმაზე აწრიპინდნენ. ალგეონის თავზე ციმციმაც უკუღმა დატრიალებულა და განგაშის საფრთხე ყველა მესაზღვრემდე მიუტანია. თეიას პუწისაც დაუჭერია ღალატის და თავდასხმის ტალღები, მიუხედავად იმისა, რომ თეიამ საკუთარი სამაჯურის ხმა შელოცვით დაახშო. პუწის გივარგი თავის თარგამში ეპოვა და ყველაფერი მოეხსენებინა. სამყაროთა საზღვრისმცველს უკვე დაენახა ბავშვების განგაშის ნიშანი და ონისესთან ერთად მათკენ მიიჩქაროდა. ბიჭებმა დაინახეს, რომ გივარგი მათკენ მოქროდა, მაგრამ მიწას ფეხს არ აკარებდა. თან კაშკაშა სხივი მათი მიმართულებით მომართა. ტყუპები შეკრთნენ, რადგან ისე ჩანდა, თითქოს ძალიან გაბრაზებული კაცი მათკენ მიისწრაფვოდა და მათ დაემიზნა. „რა დავაშავეთ? რას გვიშვრება?“ — გაიფიქრეს შეშინებულებმა და თავზე ხელები დაიფარეს. გივარგის უკნიდან ონისეს ხმა თავზარდამცემად გაჟღერდა: — გივარგი! ბავშვებთან ფრთხილად! ამ დროს ზურგს უკან საზარელი ხმები გაისმა. ბიჭები ძირს დაცვივდნენ. — უკან! — დაიყვირა ვიღაცამ. განგაშზე სხვა მესაზღვრეებიც მაშინვე იქ გამჩდარიყვნენ. ივა იმ მომენტიდან აღარავის ენახა, რაც პატარა შარისთავი შტოშის კანფეტით გაუმასპინძლდა. ახლა კი ჩუმად დაბრუნებულიყო და ბიჭებს ეპარებოდა. — ილია, ელია! — შეჰკივლა ქეთევანმა, რომელიც მოულოდნელად მათ გვერდით გაჩენილიყო. ბიჭები მის ზურგს უკან დაიმალნენ. — აქ ვარ, არ შეგეშინდეთ! — ჩურჩულით უთხრა ბიჭებს ლამარიელმა. გივარგი ნათარისის სხივს ივაზე აკავებდა და თვალს არ აშორებდა. ივაც ცდილობდა საკუთარი მუქი რუხი სხივით შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ის უცნაურად იკლაკნებოდა და ძალას კარგავდა. უცებ ივას თვალებში ანთებული ცეცხლი ჩაქრა. მისი პირიდან ნელ-ნელა ამოიზიდა ბნელი ლანდი, კვამლში გახვეული, თითქოს ჩრდილი გაცოცხლდაო. ის მათკენ ხავილით გაიწელა, კლაკნვითა და ძრწოლვით. — ეს ხომ მაცილია, ფრთხილად! — გაისმა შეძახილები. — ეს მოღალატე! — ბრაზობდა ელია. — არა... დაელოდე... — არ იჯერებდა ილია. მაგრამ გივარგიმ სხივი გააძლიერა. მაცილი თანდათან შემცირდა და ბოლოს საზღვრისმცველის სხივთან ერთად გაქრა. ყველაფერი დამშვიდდა. ბრძოლა დასრულდა. — ტყუპებო... მე არ... — ივა უსულოდ დაეცა მიწაზე. — არაა! — შეჰკივლა ქეთევანმა. — ივა მესაზღვრე! — ილიაც უგონოდ დაეცა. მას თვალცრემლიანი ელია დაეჯაჯგურა: ძამიკო, გონს მოდი! ილიამ თვალები გაახილა და დაელმებულმა სულელურად გაუღიმა: — აქ ვარ... მე დაგიცავ, ნუ გეშინია! ელია დაიბღვირა და ბიჭი წამოაყენა, ორივე ფერს იბრუნებდა. ივა კი გაყინული და დუჟმორეული იწვა. — პულსი აქვს! ცოცხალია! — იყვირა ქალმა. — ცოცხალია, — დაამშვიდა გივარგიმ, — მე მხოლოდ მაცილი გავანადგურე. ონისემ ქეთევანი წამოაყენა. ბერუჩა და ნათანი ბავშვებს ამშვიდებდნენ. ჯარჯიმ და ონისემ ივა სამკურნალო კოშკურაში უგონოდ გადაიყვანეს, იქიდან კი ლამარიის მონასტერში გადაგზავნას უპირებდნენ. თავი 40 — თეია ბინდის გველეშაპის პირისპირ მზის ბოლო წითელი სხივები ჯერ კიდევ ეცემოდა კლდეს, როცა ჩანჩქერის ხმა ჩრდილში ჩაიკარგა, რომელიც თითქოს არსაიდან ჩამოიღვარა. ლოდზე ჩამომჯდარმა თეიამ ზურგს უკან გაიხედა და უზარმაზარი ჩრდილის მიზეზი დაინახა. გოგონას სული გაეყინა. ერთი წამით სუნთქვაც კი დაავიწყდა, მაგრამ მასში ჩამჯდარი ბრაზი და გაურკვევლობა შიშზე ძლიერი აღმოჩნდა. კლდის ლოდებზე, ჩანჩქერის პარალელურად, მობობღავდა რაღაც დიდი და შავი — როგორც თავად ღამე. და ღამე მართლაც დაეშვა კლდის კალთებზე, მის კვალდაკვალ. დაგვაჯული ურჩხული უზარმაზარ მუცელს მიწაზე აფორთხიალებდა და ორკაპა ენას ასისინებდა. ძველი, სქელი ქერცლი საზარელ ჯავშანს ჰგავდა; შიშველ ფრთებს ატლაშუნებდა და გრძელ კუდს აქეთ-იქით აქანავებდა. როცა ძირს ჩამოიზლაზნა და მეტალის თვალები გოგონას გაუსწორა, მისი სხეული უცებ შეიცვალა. გველეშაპის ფორმა ჩამოიქცა და იქ, სადაც ურჩხული იდგა, ახლა დაჩიავებული ადამიანის სხეული დარჩა. ფრთები მოხრილ მხრებზე მიაჭკნა და დაეკეცა. ქოსა იყო — უთმო, უწარბო, ფეხებდაგრეხილი. თეიას არ ესმოდა, ეს მისმა დანახვამ გამოიწვია, იის ყვავილმა თუ ღამის ძალამ, მაგრამ იცოდა — მის წინ ახლა სხვა სახის საშინელება იდგა. ყვავილი გულში ჩაიკრა და ხელები მოუჭირა. ბნელეთის მბრძანებლის პირისპირ დარჩენილ თეიას ეს სახეცვლილი არსება ავადმყოფური ხმით გამოელაპარაკა: — მამის ამპარტავნება... და დედის სინაზე... თეიამ შიში არ შეიმჩნია, თუმცა სისხლი ეყინებოდა: — მითხარი, რა არ ვიცი! გველეშაპმა ირონიულად გაიღიმა და წრე შემოავლო: — დედა... იცოდე, მისმა ენამ დაღუპა იგი. შენ იგივე შეცდომა არ დაუშვა. „დედა… ის მკვდარია?“ — უნდოდა ეყვირა, გაელანძღა, მაგრამ ენაზე იკბინა. სიმართლის გაგება ამჯობინა. — იმ ორმა... არა მარტო მეგობრობა წამართვა, არამედ იმედი და მომავალი ჩამიქრო! — გამოსცრა არსებამ. გოგონა მიხვდა — გველეშაპი ქალღმერთის დარ თეიას გულისხმობდა. — მაშ, გინდა გაიგო, ვინ იყვნენ შენი მშობლები?.. — ჩაიცინა მან, — გეტყვი… ერთი პირობით. ია მომეცი! ხმელი ხელი ისე სწრაფად გაუშვირა, როგორც ენას ასისინებდა, თან გამხმარი ტოტებივით დაგრეხილ თითებს მანჭავდა: — მომეცი ია… — ხმადაბლა განაგრძო, თითქოს საიდუმლოს ანდობდა, — და ცოცხალს დაგტოვებ... მე კი დაგიცავ, და ისინი — ვინც დღეს გმართავენ — ერთ დღეს შენ წინ დაიჩოქებენ. თეია შეკრთა. — აქ არავინ გეუბნება სიმართლეს, გოგონავ… — მძიმე თვალები დაუწვრილდა გველეშაპს, — ბავშვებს იყენებენ. თქვენ ყველას გზრდიან, რომ ერთ დღეს მსხვერპლად დამიდონ თქვენი თავები… როგორც ადრე სხვები. — უსიცოცხლო ხმა ჩურჩულებდა, თითქოს თეიას გონებაში საწამლავი ეწვეთებოდა: — გგონია, შემთხვევით მოგიყვანეს აქამდე? როცა დრო მოვა… შენც გაგწირავენ. — საჩვენებელი, ხმელი თითი იისკენ გაიწოდა, — მაგრამ მე სხვანაირად შემიძლია დავასრულო ეს თამაში… თეიამ ქოთანი მკერდთან მიიხუტა. გველეშაპმა ჯერ ისე შეხედა გოგონას, თითქოს მის წინ უბრალოდ ბავშვი იდგა, რომელიც გზამ აქ შემთხვევით მოიყვანა. მაგრამ როცა თეიამ ყვავილი კიდევ უფრო მიიკრა, მისი მზერა შეიცვალა. გველეშაპმა პირველად დაინახა არა ბავშვი, არამედ ის, ვინც მზად იყო, რაღაც დაეცვა. თეიამ ყვავილი პირთან მიიტანა და თვალები გაუსწორა: — ჯერ სიმართლე მითხარი მშობლებზე! თორემ… შევჭამ! ყვავილს რამდენიმე ფურცელი მოსწყდა და მიწაზე ჩამოიყარა. შეოლი შედგა და შეკრთა. მერე დაბალი, მძიმე ხმით თქვა: — ჰმ… შენ დედის თვალები გაქვს — სვანეთის ცის ფერი. ისეთი, როგორიც გაზაფხულობითაა. ამ სიტყვებზე წამიერად სევდამ მოიცვა, თითქოს შორეული წარსული ტკივილით დაუბრუნდა, მაგრამ შემდეგ თვალები დაუწვრილდა და ეჭვმა ისევ დაიპყრო, მერე თემა შეცვალა: — გამბედაობა ეყო, ჩემს წინააღმდეგ გამოსულიყო... მე კი მოვკალი. შეოლმა საზარელი კბილები გამოაჩინა. — აჰაჰაჰა! მე ვკლავდი ღმერთებს!.. გგონია, ადამს დავინდობდი?! მისი სიცილი მთებმა გადაიგორა. თეიას წამიერად გაეყინა სისხლი. — ადამი… მან ადამი ახსენა. — ის შენ და დედაშენს გიცავდათ. ივასთან ერთად ქვესკნელის ხვრელებთან მომაგნო. სიკვდილს ეძებდა… და იქ იპოვა. თეიას ცრემლი გადმოუგორდა: — ის მე მიცავდა?.. დედას იცავდა?.. — ხმა უთრთოდა, — და დედაჩემი… ვინ არის? სად არის? — დედაშენი? — ზიზღით გაიცინა დემონად ქცეულმა, — ის და მისი წინამორბედი დედები არასდროს მადარდებდნენ. შენი ხორციელი დედა ლამარიელია. მათ ჰგონიათ, არ ვიცი ქეთევანზე სიმართლე! — ქეთევან ლამარიელი... დედაჩემია… — ჩაიჩურჩულა გოგონამ. მწარე სიმართლე საბოლოოდ დადასტურდა. უცებ ურჩხულმა სხვა თემაზე განაგრძო: — მე არ მინდოდა შენი ხელის ხლება, სანამ იას არ იპოვიდი. უშენოდ ვერასოდეს მივაგნებდი და ჩვენც არ შევხვდებოდით, ჩემს მონობაში ჩავარდნილ ივას რომ მოეხერხებინა დავალების შესრულება. მაგრამ ვერ მოახერხა! ეს სიტყვები ისეთი ზიზღით წარმოთქვა, რომ თვალებიდან ლამის ცეცხლი გადმოეფრქვა: — წლების განმავლობაში ქვესკნელის ტყვე იყო… დაუმორჩილებელი, სანამ მაცილი არ ჩავუსახლე სულში! ჰაჰაჰა!.. დანაშაულის გრძნობა იყო მისი სულის ბზარი! — შემდეგ საზარლად გადაიხარხარა, — ბოლოს ყველას დავიმორჩილებ — ნებით თუ ძალით! ახლა კი ეს იმუნიტეტის ყვავილი თავად მომართვი! — ხმელი ტუჩები გააღო და სუსტი ალი გამოუშვა, — ამ იის ძალამ ჩემი ლამაზი, ადამიანური სახე წამართვა… და ახლა დამიბრუნებს! — ამ იას ძალა თეიას ცრემლმა უბოძა… და ყველა სხვა დედის... ქეთევან ლამარიელის ცრემლმაც! — დედის გახსენებაზე გოგონა არნახული ძალით აივსო, — ეს ყვავილი შენთვის არასოდეს გახდება იმუნიტეტი! გველეშაპმა ხელი წამოიღო და იას შეეხო. იმ წამს გოგონას თვალების ირგვლივ იისფერი ნათება გაძლიერდა. პაწაწინა ცრემლი ჩამოუგორდა და იის ფურცლებს შეერია. ყვავილის ფურცლები წამოიმართა — თითქოს ძარღვებში სუნთქვა ჩაუდგათო. მოულოდნელად გოგონას მარჯვენა ხელი იებით მოიხატა. სიღრმიდან ამოსული ძალა გველეშაპისკენ გაეშვა და გრგვინვამ მთელი სივრცე გააყრუა. სინათლე მეწამულ ნისლად გაიშალა. მიწა შეირხა, ხეები გადაიხარა. სხივმა გაოცებული შეოლის გულში გაიარა — მის ადამიანურ სხეულზე შავი ქერცლი დაიშალა, თითქოს ბნელი მატერია ნელ-ნელა ჩრდილებად იფანტებოდა. თეია ძალას ვერ აკონტროლებდა. ხელი უბუჟდებოდა, უმძიმდებოდა. ბოლოს წაბარბაცდა. მისი ტკივილი მიწამაც გაიგონა. ხეებმა ტოტები ჩამოსწიეს, ქარმა მისი სახელი დაიჩურჩულა. შეოლს ძალა აღარ ეყო. ქოთანს ხელი ვერ ჩაავლო, შიგნიდან იწვოდა. თეიამ მის სახეს შეხედა და პირველად მიხვდა — ბოროტი სულაც არ ნიშნავს დაუმარცხებელს. მერე ის ფერფლივით გაიფანტა ჰაერში და ქარმა წაიღო. იის ჭურჭელი ძირს დაეცა და დაიმსხვრა, მაგრამ ყვავილს რამდენიმე კვირტი მაინც შერჩა. თითქოს ბუნებამ ჩუმად დაიმახსოვრა ეს დღე. უზენაესის სხვადასხვა გამოვლინება თეია გონებით ბნელში განათებულ ბილიკზე აღმოჩნდა. წყვდიადში სინათლის სხივი აისივით გაიზარდა და მას მოჰყვა მოხუცი — ოქროს ქამარზე ძველი კრისტალები უელავდნენ, თვალებში კი ისეთი შუქი ედგა, რომელიც მშობლიურ, ბავშვობაში ნანახ გზებს ჰგავდა. — შენ… ვინ ხარ? — ჩუმად ჰკითხა თეიამ. მოხუცმა გაუღიმა: — ის, ვისაც ეძახდი. თეია გაოცებული მიაშტერდა. — მახსოვს… ყველანი რაღაც დიდს მთხოვდნენ. შენ კი მხოლოდ იმას მთხოვდი, არ დამვიწყებოდა, როგორ გიყვარდი. ეს ლოცვა იშვიათია. თეიას თვალები გაუფართოვდა: — შენ იყავი… ის პატარა, ხიდის ბიჭი? მოხუცს გაეღიმა: — იცი, როდის მიჩნდება ხოლმე პატარად ყოფნის სურვილი? როცა ბავშვი ან ბავშვური გული მეძახის ისე, თითქოს მართლა ხედავდეს, რომ ვუსმენ, — ღმერთუკა… ღმერთუნა… — ჩურჩულით გაიმეორა თეიას ლოცვა. — ჰო, — თბილად თქვა თეიამ, — ასე მოგმართავდი. — მაშინ უნდა შევხედო ყველაფერს ისე, როგორც ბავშვი ხედავს. თეია გაჩუმდა, მერე გაკვირვებით თქვა: — და… ახლა გაიზარდე? — არ დავბადებულვარ, რომ გავიზარდო. არ მაქვს დასაწყისი, რომ დასასრულისკენ წავიდე — დრო ჩემთვის გზას არ ნიშნავს. — მაშ, ბაიყუშიც ხომ შეგეძლო ყოფილიყავი… ცაგერში? — რატომაც არა? — მსუბუქად გაეცინა მოხუცს. ამ დროს ჰაერი ოდნავ დამძიმდა. სიბნელემ თითქოს ჩაისუნთქა. თეიას გული შეეკუმშა. — ის ისევ აქაა? — იკითხა ჩუმად. მოხუცმა თავი ოდნავ დახარა: — ზოგი რამ ერთ შეხვედრაზე არ სრულდება. არც ბრძოლა და არც გზა. — ანუ… არ დამთავრდა? — რაც დღეს დაიშალა, დროებითია. ვშიშობ, მისი ნამდვილი სახე ჯერ უხილავია. მაგრამ არც შენია ბოლომდე ჩამოყალიბებული, — მისი ხმა აღარ იყო მძიმე. უფრო ჰგავდა იმას, ვინც იცის, რომ ყველაფერი თავის დროს მოდის. მოხუცი ნაზად შეეხო თეიას თავზე: — წადი. გაიზარდე. ახლა სხვა არაფერია საჭირო. ქარმა მსუბუქად გაიარა ბილიკზე და სილუეტი ნელა გაიფანტა. მოგონების შლეიფი თეია მარტო იდგა ბნელ ბილიკზე, მაგრამ მისი ფიქრები სხვაგან იყო — სხვა გზებზე და სხვა წარსულში გადასული, სადაც პირველად დაინახა ის პატარა ბიჭი. გაახსენდა — იმ ქაოტურ საღამოს, თავშესაფრიდან რომ გამოაქციეს, ნინიმ დედის ძეწკვი ჩამოგლიჯა, კულონიანი. აღმზრდელს ძეწკვის ამბავი არც უკითხავს. არადა, მანამდე ის უკითხავდა მასზე დატანებულ წარწერას: „დედა მუდამ შენშია“. ძიძა ალბათ ძალიან შეძრწუნებული იყო. სწორედ მაშინ გვერდით მოუჯდა უცნობი ბიჭი. — ნუ იდარდებ, — უთხრა მშვიდად, — როცა რამეს კარგავ, ხანდახან სხვაგან პოულობენ... შენც აუცილებლად იპოვი, სხვა დროს, ან სხვა ფორმით. — შენ მასე ხარ? — ჰკითხა პატარა ცინდამ. ბიჭმა გაიღიმა: — მე ბევრს ვკარგავ და ცოტას ვიძენ. მაგრამ ნაპოვნი მაინც დაკარგულზე მეტია. ცინდამ, რომელიც იმ დროს ხუთი წლის იყო, ჩურჩულით თქვა: — მე არავის ვახსოვარ და არავის ვუყვარვარ... ბიჭმა ისევ გაიღიმა: — მე კი ყველას მაშინ ვახსენდები, როცა რამის თხოვნა სურთ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ მსახური არ ვარ. — აბა, ვინ ხარ? — მე... ის ვარ, ვინც უნდა ვიყო... გავა დრო — ისევ ასე ვიქნები... ან შენთან, ან სხვასთან, ვისაც დავჭირდები. ახლა თეიას ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა — ეს ბიჭი... ხიდის მწყემსი ბიჭი... სიტყვები იგივე იყო, მხოლოდ სახე იცვლებოდა. თვალები დახუჭა და ჩუმად წარმოთქვა: — შენ, ვინც ხარ... ვინც უნდა იყო... გთხოვ, არ დამივიწყო. ქარი ისევ ქროდა. გულში შიში აღარ ედგა ისე მძიმედ. იქ რაღაც სხვა იბადებოდა — არა გმირობა, არა წინასწარმეტყველება, უბრალოდ სითბო და შეგრძნება, რომ როცა ეძახი — გისმენენ. და ეს საკმარისი იყო ამჯერად. ქეთევან ლამარიელისა და ვირთაგვა არჩილის დახმარება მოულოდნელად ჩანჩქერსა და ლოდებს შორის რაღაც ამოძრავდა. მიწა ოდნავ დაიძრა, თითქოს სუნთქვა შეიცვალა და ქვეშეთიდან ტენიანი მიწის სურნელი ამოიფანტა. ჭრიალა ხის მძიმე კარი გაიხსნა და გამოჩნდა ბატონი არჩილი, შავ სმოკინგში, ოდნავ დამტვერილი ცილინდრით. მაგრამ ამჯერად ჩვეულებრივი აღარ იყო — თვალებში წითელი ნაპერწკლები უელავდა. მის გვერდით ნელა ამოვიდა ქალი — მაღალი, ფერმკრთალი, მანათობელი ზღვისფერი თვალებით. ქეთევანი ყურადღებით მიჰყვებოდა ვირთაგვას, როცა მოულოდნელად ცაში გაუნძრევლად მოტივტივე ფიგურები შენიშნა. — არჩილ... ესენი?! გმირი... სულიკო... მამლაყინწა... არჩილმა ნელა ასწია თავი და ჰაერში ქვასავით გაშეშებულ თვალიებს შეხედა: — შეოლის ძალაა, — თქვა დაბალი ხმით, — გუგები ფართოდ აქვთ გახელილი… მაგრამ შიგნით შუქი ჩაუქრათ. მან ისინი გააქვავა, სული გაუყინა. ქეთევანი სათითაოდ შეეხო მათ. შესალოცი სიტყვები იჩურჩულა და მისი ლამარისი აციმციმდა. სიჩუმე ჩამოწვა. მოშორებით მხოლოდ ჩანჩქერის ხმაური ისმოდა. — იცოცხლებენ, — თქვა ბოლოს ქალმა, როცა მათში სითბოს ნაკადი შენიშნა. და სწორედ მაშინ — სუსტი, მტკივნეული კვნესა გაისმა. ქალმა პირველმა გაიგონა, კლდის ნაპრალს მიუახლოვდა, ჩაიხედა და გაფერმკრთალდა: — აქ არის! ნაპრალში, ქვებს შორის, გადაჩეხილი თვალია ეგდო. ის დაჭრილი იყო, მის თვალებში ყინული ნელა იფანტებოდა. — პუწი! შენ ალბათ იბრძოდი, შე საბრალო! — ქალის ხმა ჩაესმა დაჭრილს, რომელიც ახლა მისთვის ლოცულობდა. პუწიმ ყინულჩამდგარი გუგები ოდნავ შეარხია: — თეია დიდ საფრთხეშია… კლდის იქით... იჩქარეთ! დედისა და შვილის შეხვედრა ქეთევანმა და არჩილმა გზა განაგრძეს. როცა კლდეს შემოუარეს, თეიაც შენიშნეს და მიუახლოვდნენ, ის უგონოდ იწვა. ქალი შეჩერდა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა, ხელები აუკანკალდა. — ამ ბავშვმა თავად გაუძლო ბნელს… — ჩურჩულით თქვა. თეია მიწაზე ოდნავ გაინძრა. ამღვრეული მზერა მათკენ ასწია და ძლივს ამოთქვა: — დედაო?.. ქეთევან… დედა?.. ქალს ისეთი ღიმილი გადაეკრა, როგორსაც მხოლოდ დედა თუ გადაიკრავდა შვილისთვის — საკუთარი გულის სითბოთი. მან ჩაიმუხლა და ბავშვს ზედ დაემხო: — დედი… დიახ, მე ვარ, დე… ისინი ჩაეხუტნენ ერთმანეთს — წლები, ტკივილი და მარტოობა ერთ ჩახუტებაში დაიშალა. როცა ალერსი და ცრემლი გაქარწყლდა, ქეთევანმა ფრთხილად წამოაყენა გოგონა, ხელი მაღლა ასწია — და ლამარისის ცისფერი ნათება მაღლა აიტანა. ეს იყო ქვა, რომელსაც ლამარიელები უვლიდნენ. ქვა, რომელიც იცნობდა ამ სულს პირველივე ამოსუნთქვიდან. ქეთევანმა ხმამაღლა წარმოთქვა ძველი სიტყვები: — „ისე, როგორც მამა დაიცავს შვილს — დაიცავი და აღადგინე მისი არსი!“ უმაღლესი გრძნობის სიმბოლო როცა ლამარისის ნათებამ სულით ხორცამდე შეძრული დედისგან გაიბრწყინა, არჩილის პატარა ხელისგულებიდანაც ამოიჭრა მრგვალი, სუფთა სხივი და ჰაერში, თეიას თავზე გაჩერდა. თეიას ირგვლივ ლამარისის ნათება — ცისფერი ზღვა ირეკლებოდა. მის ზევიდან კი, არჩილის ხელიდან ამომავალი ვერცხლისფერი მთვარე და მისი ბაცი სხივები იკვეთებოდა. ალგეონში ასე ამბობდნენ — უმაღლესი გრძნობა ყოველთვის ქმნის სიმბოლოს. ყოველი კრისტალოსანი კი საკუთარ ნათებას მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა მასში სიყვარული შიშზე ძლიერია. ბატონი არჩილი რამდენიმე ნაბიჯით გადგა, პატარა ცხვირი მაღლა ასწია და მორჩილად ჩაიბურტყუნა: — ეს შენი დროა, პატარავ… თეიამ ზემოთ აიხედა — მოხუცი აღარ ჩანდა. მხოლოდ სინათლის შლეიფი ტრიალებდა და ჩურჩულივით ფრთხილად ჩაესმოდა ხმა: „მე არსად წავსულვარ… ახლა შენში ვარ“. დილის ერთი თხელი სხივი გადმოვარდა მთის კალთაზე. ქეთევანმა ხელი გაუწოდა: — წამოდი, შვილო. თეიამ ხელი მოჰკიდა. ბატონი არჩილი მათ წინ გაუღძვა. სამივე ნელა გაუჩინარდა ჩანჩქერის ქვეშ — იმ ადგილას, რომლის შესახებაც აქაურები ამბობდნენ: „ამ ჩანჩქერის ქვეშ ქალაქი იმალება… ქალაქი, რომელიც მხოლოდ საჭირო დროს აჩენს თავის კარს“. თავი 41 — მცველის შეგონება სანდროს ალგეონის ეზო დილის მუხტს აევსო. კოშკები შორიდან მედიდურობდნენ, თითქოს იცოდნენ, რომ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. ბავშვები გროვად იდგნენ — ზოგი ჩუმად უყურებდა სანდროს, ზოგი თვალს არიდებდა. არცერთს არ უთქვამს სიტყვა, მაგრამ იცოდნენ, რომ რაღაც შეიცვალა. გივარგი ნაბდიან მესაზღვრეებთან ერთად მოშორებით იდგა, როცა სანდრო ტკივილიანი სახითა და მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა. განმარტოვდნენ და მცველმა მას მხოლოდ ერთი რამ ჰკითხა: — დაბრუნდი? სანდრომ თავი დაუკრა. მერე წყლიანი თვალებით ამოიხედა — როცა მზე მთის ზურგს ზემოთ ავიდა, თითქოს მასში გაჩენილი ყველა გრძნობა ერთმანეთს შეერწყა იმ ერთ ნოტში, რომელსაც სინდისის ხმა ერქვა. — ეგ ხმა, — თითქოს თავისთვის ჩაიჩურჩულა მცველმა და ბიჭს სახეზე არც უყურებდა, — სინდისი ზარს ჰგავს. ერთხელ თუ არ უპასუხე, ისევ რეკავს. ხშირად თუ გააჩუმე — ერთ დღესაც ვეღარ გაიგონებ. — მე ვერ გავიაზრე, რომ თეიას ზიანს ვაყენებდი, — აქვითინდა სანდრო, რომელიც ახლა ძალიან განსხვავდებოდა იმ მამაცი ბიჭისგან, როგორიც აქამდე ჩანდა, — არადა ვნახე, ივა მესაზღვრე თავის თავს არ ჰგავდა. მე... ალბათ დავბრმავდი და შედეგზე არ ვიფიქრე. ბოდიში... — ამ სიტყვას თითქოს მძიმე ტვირთი ამოაყოლა. — არა, არა, ჩემო კარგო... ეგ ბოდიში მე არ უნდა მოვისმინო, ის თეიას ეკუთვნის. მან გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა. მერე, უფრო სიღრმიდან ამოთქვა: — ნივთისგან განსხვავებით, სულიერ განძს თავიდან საბოლოოდ არ ვკარგავთ. ის გვიბრუნდება, თითქოს შანსს გვაძლევს, დავაფასოთ და უკეთ გავუფრთხილდეთ. მაგრამ ჩვენ ამას ხშირად არასწორად ვიგებთ... გვგონია, რომ ყოველთვის დაგვიბრუნდება. მერე კი ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ საბოლოოდ დავკარგეთ. — თეიაზე ამბობ? — არა მხოლოდ... შენს გულსა და გონებაში ბევრი სულიერი საგანძურია, რომელსაც მოვლა სჭირდება. გივარგი მშვიდად გაეცალა ბიჭს. სანდრო მიწას მოსწყდა და შერცხვენილი გაიქცა. ონისე სხვებს გამოეყო და ნიკოლოზს ანიშნა, გაჰყოლოდა, სხვებმა კი თეია მოინახულეს. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ წლის დასასრულისთვის მცველობის კანდიდატი აღარ ყავდათ. სანდრო შურმა დააბრმავა, თეია წესებს არღვევდა. ის კი არა, ნათლობაც ჩაიშალა და ჯერჯერობით ალგეონი გაურკვევლობამ მოიცვა. თავი 42 — სასწავლო წლის დასასრული ივნისის ბოლო იდგა — დაწყებითი კლასის დასასრული ამ დღეებში მოდიოდა, მაგრამ ბავშვებს გამოცდები გაუუქმეს. ერთი კვირით ადრე თეიას ისეთი დიდი ამბები გადახდა, რომ ყველანი შოკში იყვნენ. ბავშვები ნათლობაზე აღარც ოცნებობდნენ — ისევ იმავე მოვლენების გამო. იმასაც ფიქრობდნენ, რომ ჯგუფური დაუმორჩილებლობის გამო, რაშიც თეია და კახელი ტყუპები იყვნენ გარეულები, ასევე სანდროს ნაბიჯის გამო, სასჯელსაც ვერ ასცდებოდნენ. ამის გამო თეია და ის დანარჩენებიც, ამოჩემებულები ჰყავდათ. მაგრამ გივარგიმ და მესაზღვრეებმა სხვანაირად გადაწყვიტეს. ბოლოს და ბოლოს, თეიამ ნებით თუ უნებლიედ ხომ ბინდის გველეშაპი დაამარცხა? ბავშვების გასამხნევებლად ნათლობა მაინც დაიგეგმა და რამდენიმე დღეში სისრულეში მოყვანასაც შეუდგნენ. შუადღე მიწურული იყო. ყველა საგულდაგულოდ მოწყობილ მოედანზე შეიკრიბა — იქ, სადაც ჰაერში გამოკიდებული თაღები იდგა. თაღებს ზემოდან ღრუბლების საფარი ეჭირა, იატაკი კი ია-ვარდით იყო მოქარგული. ჭერი ღრუბლიანი ჩანდა, მაგრამ კრისტალების ნათება ყველაფერს თბილ შუქში ახვევდა. — ნახე, თითქოს ცა დაგვემხო თავზე, — ჩურჩულით თქვა ნიკოლოზმა. — არა, — გაეღიმა ანას, — თითქოს ცა ზრუნავს. სცენაზე მესაზღვრეები ერთად გამოვიდნენ. ბავშვებმა მაშინვე ტაში შემოჰკრეს. ტაშის დამკვრელი სხვაც ბევრი იყო — ახლო-მახლო დაბებიდან და სოფლებიდან მოსული კრისტალოსნები, ნეიტრალური ტერიტორიების ბინადრები: ალები, ქაჯები და სხვა ზღაპრული არსებები, რომლებსაც ბავშვები ქალაქ გუშაგიდან იცნობდნენ. ნათლობის კანდიდატები სცენის მარცხნივ განლაგდნენ. ყველანი ბედნიერები იყვნენ — ამ დიდებულ დღეს ხომ პირადი კრისტალებით ჯილდოვდებოდნენ. სწორედ ამ დღიდან იწყებოდა მათი გზა სრულყოფისკენ. უცებ ყველამ იგრძნო რაღაც უცნაური — თითქოს ჰაერი შეირხა, ჟრუანტელმა ყველას გადაუარა და წამიერად კეფა აუწვათ. — იგრძენით? — ჩურჩულით იკითხა სანდრომ. — ჰო… — უპასუხეს რიწამ და სალომეამ ერთხმად, — ჭექა-ქუხილია. მაშინ კი ციდან პირდაპირ ცეცხლოვანი ეტლი დაეშვა. — პირქუშაა! — აღფრთოვანებით წამოიძახა დამსწრე საზოგადოებამ და ის მქუხარე ოვაციით დააჯილდოვა. ღვთაებრივი მჭედელი პირქუშა სცენაზე ჩამობრძანდა. ლამაზი სახე ყვავილისგან ჰქონდა შეჭმული, თუმცა გოლიათ ტანზე ოქრომკედით ნაქარგი სამოსი ეცვა, რაც დიდებულ იერს აძლევდა, ზურგზე კი ოქროს ძაფით ნაქსოვი მოსასხამი შვენოდა. ხვეულთმიან თავზე ოქროს გვირგვინი ედგა, ხელში კი ბრწყინავი ურო ეჭირა. მან გრდემლს დაარტყა. კლანგ! ჰაერში პირველი ხელთათმანი გაჩნდა და სებეს ხელს მზისფერი ქარვით მოერგო. კლანგ! ახლა მირიანის ხელი დაამშვენა ლურჯმა ტოპაზმა. კლანგ! კლანგ! მესამე და მეოთხე დარტყმა გაისმა. თითო დარტყმაზე ჰაერში ახალი ხელთათმანი ჩნდებოდა და თითო ბავშვის ხელზე საკუთარი კრისტალი ინთებოდა. გრდემლის ხმა მთელ დარბაზში იღვრებოდა, როგორც ძველი ფიცი, რომელიც ქვასა და ცეცხლს შორის იდებოდა. ქვემოთ კი ტაშისა და შეძახილების ხმა არ წყდებოდა. სტუმრები, ოვაციისა და მილოცვის ნიშნად, სცენას კრისტალების სხივებს უგზავნიდნენ — იქ ზოგი პეპლის ფორმას იღებდა, ზოგი ჩიტის, თევზისაც კი შეიქმნა. თორმეტეულის თვალიებიც კი ბედნიერებისგან კუნტრუშობდნენ და ერთმანეთს ულოცავდნენ პატრონების წარმატებას. ბოლოს გივარგი გამოვიდა წინ. მის საზეიმო თეთრ ჩოხას ოქროს ძაფის გვირისტი ამშვენებდა. — მადლობა, პირქუშა, — თქვა მან ხმამაღლა, — უკვე ათი ათასწლეულია, რაც ორი უდიდესი სამყაროს საზღვრის მცველ-მესაზღვრეებს ხელთათმანებით აჯილდოებ, რომლებიც არასოდეს ცვდება. მათი წყალობით ქვა ხელზე გვიხორცდება და დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ბავშვები სუნთქვაშეკრულნი უსმენდნენ. — დღეიდან, — ბავშვების მიმართულებით განაგრძო გივარგიმ, — თქვენ სრულუფლებიანი წევრები ხართ. როცა დრო მოვა, ჩვენც ჩაგვანაცვლებთ და ორ სამყაროს დაიცავთ. შემდეგ მან ხელით ანიშნა: — თეია, მოდი. თეია ნელა მივიდა, სახე ცრემლიანი ჰქონდა. გივარგიმ ხელი მოხვია და წინ დააყენა. — მინდა გაგაცნოთ ეს გმირი გოგონა, — თქვა მან, — ჩვენი მესაზღვრეების შვილი, პირველი მცველ-მესაზღვრეების ქალიშვილად წოდებული, სამართლიანობისა და ბალანსის... მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ზემოდან ღრუბლების ჭერი გაიხსნა და თაღები განზე გადაიწია. — ზევით აიხედეთ! — ქვემოდან დაიყვირა ვიღაცამ. უზარმაზარი ფრთების ტყლაშუნი გაისმა. გივარგისა და თეიას თავზე დიდი არწივი გამოჩნდა. ჭინკებმა თავზე ხელები დაიფარეს, ფერიებმა უკან დაიხიეს, წყლის ჭურჭლებით მობრძანებული ნოზები კი აღტაცებით უყურებდნენ ცის მოულოდნელ სტუმარს. გივარგიმ ხელი ასწია, ნათარისი აინთო: — მშვიდად! — თქვა მტკიცედ. არწივმა კლანჭები გაშალა და მეწამული კრისტალი, ნათარისის შავი კვამლის ფონზე, ქვემოთ დაეშვა. ის პირდაპირ თეიას მარჯვენა ხელთან შეჩერდა და მოერგო იმ უხილავ, იებით მოქარგულ ხელთათმანს, რომელიც გველეშაპთან ჭიდილში გააქტიურდა. თეიას გაეღიმა, გული დაუამდა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ახლა დაეწყო სუნთქვა. — უღრმესი მადლობა… — გაუბედავი ხმით უთხრა ფრინველს. არწივის ხმაც დაუყოვნებლივ გაისმა: — ეს ჯილდოა შენი გულის საქმეებისთვის. — მის გვერდით მეორე არწივი გამოჩნდა — ის, რომელიც თეიამ ერთხელ გადაარჩინა. გოგონამ მასაც აღფრთოვანებით გაუღიმა. — ეს ამირანის ძღვენია, დიდებული ხვამლის მთიდან. ქვა მის ნამდვილ პატრონს გადაეცა. არწივებმა ირაო შეკრეს და ცაში გაუჩინარდნენ. ირგვლივ ოვაციები არ წყნარდებოდა. გივარგიმ თეიას მარჯვენა მაღლა ასწია. მისი უდიდებულესობა — იაგუნდი გასხივოსნდა მეწამული ელფერით. მისალმების ნიშნად, საკუთარი კრისტალები ჯერ მესაზღვრეებმა აანთეს. მერე ბავშვებმა. მერე მთელმა მოედანმა უპასუხა ნათებით. ყველა, ვისაც შეეძლო, რიგ-რიგობით უშვებდა სიხარულისა და გამარჯვების სხივს ზეცისკენ, სამყაროსთვის მადლობის ნიშნად. ეს იყო ენითაუღწერელი სანახაობა — ისეთი, სიტყვებს რომ ასწრებს და გული ვერ იტევს. სიხარულით დატვირთული ცრემლი ყველას თვალებში ბრწყინავდა. პუწი, რომელსაც შუბლი და შუბლის არეში მოქცეული თვალიც ჯერ კიდევ შეხვეული ჰქონდა, მამლაყინწა, ფუფალა და დანარჩენი თვალიები სიხარულისგან თავბრუდახვეულები ჰაერში ხტოდნენ და ყირაზე გადადიოდნენ. დევ ბეღელას ახლა ორივე სახეზე გამოხატვოდა ბედნიერი ღიმილი და სასაცილოდ ბუქნიდა. როგორც იქნა, სანდრომ გამბედაობა მოიკრიბა და თეიას მიუახლოვდა. მზერა მძიმე და ნაღვლიანი ჰქონდა. — მაპატიე, თუ შეგიძლია… — ამოილუღლუღა სრულიად შეცვლილმა, თითქოს წაშლილმა. — მე ვინ ვარ, რომ მიბოდიშებ?.. — ასე თქვა, თუმცა გულში ესიამოვნა თეიას, — ღმერთს უთხარი. თუ მას დაელაპარაკები, შენს თავსაც აპატიებ. მერე შეძლო და გაუღიმა. მისმა გულწრფელმა სითბომ სანდროს გული აუწვა და მტკივნეული ცრემლი გადააყლაპა. თავი — 43 საღამოს ზეიმი და მუდმივი მოწმობები საღამოს ზეიმამდე, როცა ბავშვების დროებითი მოწმობები ნამდვილ საბუთებად უნდა გადაქცეულიყო, თეიას ხელი ექავებოდა. ეს ნიშნავდა, რომ კრისტალი მას ეჩვეოდა — თავისიანად იღებდა. იგივე ხდებოდა დანარჩენ თერთმეტეულშიც. ზოგს ხელისგული ეფხანებოდა, ზოგს მხარი უთრთოდა, ერთს ასლოკინებდა კიდეც. — ეს ნორმალურია? — შეშფოთდა რიწა. — თუ მწვანედ გავანათებ, გთხოვთ, მითხარით… — ჩუმად თქვა სალომეამ. ამ დროს სებე მართლა აინთო — ჯერ ლურჯად, მერე ყვითლად, მერე ვარდისფრად. — უი, უი, უი! — იყვირა მან, — მე ფუფალას დავემსგავსე! — საბოლოოდ თვის თვალიად გადაიქცა! — სიცილით ჩაიკეცა ნიკალა, — სებე-ქამელეონი! სიცილი ისეთი გადამდები აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნით ყველას დაავიწყდა ნერვიულობა. ამ დროს ჯარჯი ძვალმაგარმა ბერუჩას გადაულაპარაკა: — ივას ჯერ კიდევ არ აქვს უკეთესობა. — სანდრო მენტორის გარეშე დარჩა… — მიუგო ბერუჩა ძვალმაგარმა, — მაგრამ ქვამ თავისი ქნა. გამოააშკარავა კიდეც და გონზეც მოიყვანა. — ჩვენმა მცველმა დაკვირვებით აწონა ყველაფერი, — დაამატა ჯარჯიმ, — და ქვა იმას მისცა, ვისაც ბალანსი სჭირდებოდა. თეიამ ეს საუბარი მოისმინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ალგეონის ბურჯები, მთის ხალხის სამოსში, მშვიდად იდგნენ — თვალებში სიბრძნე უელავდათ. პირქუში მესაზღვრის ღიმილი ამ დროს ონისე სამეულს მიუახლოვდა. — შენ წესებს არასდროს ემორჩილები? — მკაცრად ჰკითხა თეიას. გოგონამ თავი დახარა: — ბებიაც სულ ამას მეუბნებოდა… ძალით არ ვაკეთებ… უბრალოდ… ასე გამომდის. ტყუპებმა ერთმანეთს გადახედეს: „ახლა რა მოხდება?“ — თვალებით კითხულობდნენ. მაგრამ ონისემ მოულოდნელად ხელი გადაუსვა თეიას თავზე. — ზოგჯერ წესებსაც სჭირდებათ, ვინმემ შეამოწმოს, სწორია თუ არა, — ჩუმად თქვა მან. ტყუპები გაშტერებულები დარჩნენ. — მან გაიღიმა? — ჩურჩულით ჰკითხა ერთმა მეორეს. — მგონი, მთვარე ამოვიდა შუადღეს… — უპასუხა მეორემ. ბავშვებმა კისკისით ჩამოაცილეს „პირქუში მესაზღვრე“ და ონისე, თავის ქნევით, გივარგისთან დაბრუნდა. ნანატრი შეხვედრა ყვავილებით მოქარგულ ხალიჩასთან ნათანი და ქეთევანი გამოჩნდნენ. ყველაფერი კრისტალების შუქში ბრდღვიალებდა, ჰაერში ყვავილების სურნელი ტრიალებდა. შორიდან უცნაური, საუცხოო ფრინველების გალობა ისმოდა. — ძალიან მოგინდომებია, ნათან… — ქეთევანმა ირგვლივ მოავლო თვალი, — აქაურობა ულამაზესია… თეია?! — დედი! — ხელებგაშლილი გაეშურა თეია. ისინი ისე გადაეხვივნენ ერთმანეთს, თითქოს წლების სიჩუმე ერთ ჩახუტებაში ჩაეტია. ილია და ელია ღიმილით უყურებდნენ მათ. ილიას ლოყებიც კი შეუვარდისფრდა. — ხედავ? — ჩურჩულით თქვა ელიამ, — ახლა მართლა მშვიდია. — ჰო… — დაეთანხმა ილია, — ეს იშვიათად ხდებოდა. დიდებული მეჯლისი მალე ყველანი დიდ დარბაზში გადავიდნენ. დაიწყო საღამოს ფინალი — ქეიფი, ცეკვა და სიმღერა. მეჯლისზე გულთამზემ ტოტოც მოიყვანა. შინდისფერ ჩოხაში გამოწყობილი ბიჭი ოდნავ უხერხულად იდგა. — ტოტო, ეს ქაჯი რუხბეწვაა, — წარუდგინა ნიკოლოზმა. — და ეს — თვალიაა. არ შეგეშინდეს, მხოლოდ შაბათობით იკბინებიან, — დაამატა სებემ. როცა ტოტო გაოცდა, თარხანმა გადახვია ხელი და ჩასჩურჩულა: — მხოლოდ მე მენდე, — სხვების გასაგონად კი თქვა: — მე ყველაფერს ავუხსნი, არ მოვაწყენ. მალე სცენაზე გივარგი ავიდა. მისი ხმა დარბაზში მშვიდად გაისმა: — დროებითი მოწმობები მხოლოდ დასაწყისისთვის იყო. დღეს თქვენ მათ ნამდვილ სახეს იხილავთ. ჰაერში ქაღალდები ააფრიალა. ისინი უცებ ოქროდ გადაიქცა, ზედ წარწერები კი ვერცხლად აკიაფდა. მოციმციმე ასოებით გამოჩნდა: სტატუსი: მუდმივი ამ დროს ქვებმა ერთდროულად დაიგრგვინა — მცველის, მესაზღვრეების, კრისტალოსნებისა და ბავშვებისაც. თითქოს თავად ალგეონმა ამოისუნთქაო. მერე კი ყველა ცეკვავდა: კრისტალოსნები, მესაზღვრეები, იდუმალი არსებები. ქაჯებიც კი ისე ტრიალებდნენ, თითქოს ფრთები ჰქონოდათ. ჰაელი და მაელი რუხბეწვასა და წითურას კინტაურს ეცეკვებოდნენ. პუწი ჰაერში შლიდა ცხვირსახოცს და პირნისკარტით აფრიალებდა. ამ დროს რობინი უკნიდან ფეხებში გამოუძვრა და ცხვირსახოცი აართვა. — აბა, დამიჭირე! — დაიძახა და გაიქცა. დევმა ბეღელამ ისეთი ხმით გადაიროხროხა, დარბაზში ჭაღიც კი შეზანზარდა. ქეთევანმა თეია გადაკოცნა, სახეზე ხელები ნაზად მოუსვა და გულში ჩაიკრა: — აღარასოდეს გაგიშვებ. — არც მე, დე… — ჩუმად უპასუხა თეიამ და პირველად იგრძნო, რომ სიტყვები უბრალოდ სიტყვები არ იყო. — ივა კარგად იქნება? — ჰკითხა ჩუმად. ქეთევანმა თავი დაუქნია: — გამოჯანმრთელებას დრო დასჭირდება... მაგრამ ჩვენთანაა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. და ამჯერად ეს ფრაზა ნამდვილ, ურყევ დაპირებას ჰგავდა. დასაწყისის დასასრული თეიამ, ლილემ და ქეთევანმა სამაია იცეკვეს. სცენას ირგვლივ ყველა სულგანაბული შემოერტყა. ხელგაშლილნი, წელში გამართულნი, ნელი და ღირსეული ტრიალით ისინი ლეგენდარულ გვირგვინოსნებს ჰგავდნენ — იმათ, ვისაც სიმძიმე კი არა, სიმშვიდე ატარებთ. ნელი ტრიალისას თეიამ შორიდან შენიშნა ვირთაგვა არჩილი. ის ისევ ყველასგან შორს, განცალკევებით იდგა — თითქოს აქ იყო და, თან, არც იყო. თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. არჩილმა ოდნავ გაუღიმა და ისე ნელა დატოვა იქაურობა, როგორც თავად თეია მოძრაობდა ცეკვის რიტმში. ბოლო ბრუნვისას გოგონას თვალებში ხილვა ჩაუდგა: ძველი მცველები და მესაზღვრეები ერთმანეთს ულოცავდნენ დღევანდელ საღამოს. მათი თვალები ისე ანათებდნენ, როგორც ალგეონის ირგვლივ ახლად ანთებული თორმეტი კოშკი. მამა შორიდან უგზავნიდა კოცნას. ის უღიმოდა ისე, როგორც მხოლოდ ისინი იღიმიან, ვინც მუდამ ახლოს არიან — თუნდაც სხვა რეალობიდან. და მაშინ… თითქოს მიწის სიახლოვეს რაღაც ფრთხილად გაფხაკუნდა. თეიამ იხილა — ვირთაგვამ ძალიან თავაზიანად ასწია თათი. — გახსოვდეს, თეია… — ჩურჩულით თქვა მან, — ყველაფერი ციდან როდი იწყება. იმავე წამს, ქვესკნელის სიღრმეებში, ბინდის გველეშაპი გამოჩნდა. ის აღარ იყო დიდი და ბობოქარი; მძლავრი სხეული დაკარგვოდა, დიდებაც სადღაც გაფანტულიყო. მაგრამ ხელის გაშლისას იის ერთი ფურცელი გამოაჩინა. მისი ხმა აღარ ემუქრებოდა, მხოლოდ შორეულ ექოდ იფანტებოდა ისტერიული სიცილი, რომელიც გამყინავი ირონიასავით ედებოდა წყვდიადს. თეიამ ხელზე დაიხედა. იებით მოხატულ მტევანზე თბილმა სინათლემ გაუელვა და მიხვდა — ზოგჯერ იმედი სწორედ ასე ჩნდება: არა მეხის გრგვინვასავით, არამედ ჩუმი, შინაგანი სითბოთი. იისფერი აფეთქება ის თავის ოთახში დაბრუნდა. უკან მისდევდა მეჯლისის სიცილი, კისკისი და დედის შეძახილი: — საით, თეია? ოთახში შესულმა დაინახა: შეოლთან ბრძოლის შემდეგ ახალ ქოთანში გადარგული ია დაღლილიყო. ფურცლები ჩამოცვენოდა — თითქოს ძალიან გრძელი დღე გამოევლო. იატაკზე კი ლურჯყდიანი წიგნაკი გამოჩნდა. თეიამ ერთ ხელში წიგნაკი აიღო, მეორეში — იის ჩამოვარდნილი ფურცელი. ყდაზე ამოტვიფრულ ყვავილს ალერსით გადაუსვა ხელი და ფურცელი ზედ დაადო. მერე კი კვლავ იგრძნო შეოლის სიახლოვე. „აღვდგები და მოვალ!“ — გაისმა მისი სუნთქვის მსგავსი ხმა. იმავე წამს ხელში ამოზრდილი იაგუნდი აინთო. წიგნაკი, იის ფურცელი და კრისტალი ერთმანეთს შეერწყა — მათი საერთო ნათება ერთ რიტმში აფეთქდა. მეწამულმა და იისფერმა შუქმა მთელი ოთახი გაანათა. თეიამ თავი მაღლა ასწია. მის ხმაში აღარ იყო ბავშვური ყოყმანი: — მე აქ ვარ… — თქვა მკაფიოდ, — და მე აღარ მეშინია. გარეთ სამყარო მშვიდად სუნთქავდა. თორმეტი კოშკი მედიდურად ანათებდა. სადღაც ძალიან შორს კი, ღამის წყვდიადში, ვიღაცამ პირველად იგრძნო, რომ სინათლე დაბრუნდა. პირველი წიგნის დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.





