შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი არსებობისთვის ! (1 თავი)


15-03-2015, 20:48
ავტორი Aunt B.
ნანახია 6 819

დილით წვიმის შემაწუხებელმა ხმამ გააღვიძა.. თვალები გაჭირვებით გაახილა და წვიმისაგან დანამულ ფანჯრებს უკმაყოფილოდ გახედა. როგორ ვერ იტანდა ზამთრის აუტანელ დღეებს და ქალაქში თვეობით გამეფებულ სიცივეს..
გაბუსხული წამოდგა და როგორც შეეძლო სწრაფად მოირგო სიფრიფანა სხეულზე ფუმფულა ხალათი, რომ როგორმე ოთახში არსებული სიცივის შეგრძნება თავიდან აეცილებინა მაგრამ დაბალმა ტემპერატურამ თავისი მაინც გაიტანა და ელენესაც შეუბრალებლად უბიძგა კანკალისკენ..
ერთმა ყლუპმა ცხელმა ყავამ სასიამოვნოდ დაუარა სხეულში და კანკალით დაღლილი კუნთები წამიერად მოუდუნდა. კმაყოფილმა ჩაიღიმა საყვარელი სითხის სურნელით გაბრუებულმა და პატარა ყვითელ ფურცელზე ნაჩქარევად მიწერილ მისამართს დიდი ინტერესით დააჩერდა. ამ დღეს უკვე თითქმის ერთი კვირა ელოდა და ერთი სული ჰქონდა ქვეყნის ერთერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიის მფლობელს პირისპირ შეხვედროდა, რომ როგორმე ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებელი ფონდისთვის რაიმე მიზერული თანხის გაღებაზე მაინც დაეთანხმებინა. მილიონჯერ ჰქონდა გააზრებული როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო მათი საუბარი.. იმდენად სურდა პატარების დახმარება რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი მაგრამ რამდენად მომთხოვნი იქნებოდა მის მიმართ კომპანიის პრეზიდენტი?
ნაჩქარევად გაემზადა, აღელვებულმა დაავლო ხელი ფურცელს და ჩანთის წინა ჯიბეში დაუდევრად ჩაიჩურთა, თვალი კიდევ ერთხელ მოავლო პატარა ოთახს და კარი ფრთხილად გაიკეტა. გარეთ გამოსვლისას ერთიანად დაეჯახა აუტანელი სიცივე და ძლიერმა ქარმა თვალები ისე აუწვა რამდენიმე წამით ნაბიჯიც კი ვერ გადადგა, ბუზღუნით გააჩერა ტაქსი და მძღოლს მისამართი ცრემლების წმენდით უკარნახა, სავარძელზე შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოეწყო და კომპანიის „იდუმალ“ პრეზიდენტზე ჩაფიქრდა. ვერაფრით გაეგო ეს კაცი რატომ იყო ასეთი შეუვალი და რატომ ამბობდა ადამიანების, მითუმეტეს ბავშვების დახმარებაზე უარს. თვითონ რომ ამდენი ფული ჰქონოდა ალბათ არც არავისი თხოვნა დასჭირდებოდა ისე მოიძიებდა და მიაგნებდა ყველას ვისი დახმარებაც შეეძლო.. მაგრამ.. იქნებ ჰგონია რომ ვატყუებთ და თაღლითები ვართ ? საბოლოოდ მაინც გაამართლეს მისმა კეთილმა ფიქრებმა უცნობი მილიონერი და ოდნავ დამშვიდებულმა იმით, რომ ყველაფრის ახსნას ძალიან მარტივად შეძლებდა გაბედულად შეაღო უზარმაზარ ფლიგელში შემავალი რკინის მძიმე კარი. ქვის ფილებზე ქუსლების გამაღიზიანებელმა კაკუნმა თავგზა ისე აუბნია ვერაფრით გაარკვია საით უნდა წასულიყო, ბოლოს როგორც იქნა რეგისტრატორს მიაგნო და აღელლვებულმა ძლივს იკითხა სად შეიძლება ვნახო ალექსანდრე ტაბიძეო. ზედმეტად გადაპრანჭულმა ქერა გოგონამ ალმაცერად ამოიხედა და თმის ღერიდან ტერფამდე ირონიულად შეათვალიერა დაბნეულობისაგან აწითლებული ელენე.
- ბატონი ალექსანდრე შეხვედრაზეა, ვერ გაესაუბრებით! - მისთვის არც კი შეუხედავს ისე უპასუხა ქერამ და კლავიატურაზე რაღაცის ბეჭდვა განაგრძო. იმდენად ეწყინა მისი დაუფარავი უყურადღებობა ელენეს ცოტა დააკლდა რომ იქვე ტირილი არ დაიწყო მაგრამ როცა გაახსენდა აქ რისთვისაც იყო მაშინვე შეიკავა უკვე თვალზე მომდგარი ემოციები და ხელები ქერას მაგიდაზე დააწყო. მისთვის თვალი მანამ არ მოუშორებია, სანამ ვულგარულმა თოჯინამ კვლავ არ ინება გოგონასთვის ყურადღების მიქცევა.
- რამე გაუგებრად გითხარით ? - არც ამჯერად დაიშურა ირონია და ელენეს მზერა თავხედურად გაუსწორა.
- ალბათ მე აგიხსენით გაუგებრად ის, რომ ბატონი ალექსანდრე დღეს აუცილებლად უნდა ვნახო! - თვითონვე გაუკვირდა საკუთარი კატეგორიული და მომთხოვნი ტონი ელენეს. ქერამ უკმაყოფილოდ გამობურცა მუქი ქონტურით გადიდებული წვრილი ტუჩები და თვალები გადაატრიალა, ფეხზე ზლაზვნით წამოდგა და ელენეს ლიფტისკენ გაუძღვა.
- სულ ბოლო სართულზე დაელოდეთ კაბინეტთან, თუ ლოდინი დიდხანს მოგიწიათ მდივანს სთხოვეთ დახმარება - მოჩვენებითი ზრდილობით ჩამოურაკრაკა ალბათ უკვე ძალიან ბევრჯერ ნათქვამი ტექსტი და დასრულებისთანავე გაეცალა.
ამდენი ლოდინისგან დაღლილმა უკვე ისიც იფიქრა ხვალ ხომ არ მოვიდეო მაგრამ ფიქრი დასრულებული არც ჰქონდა აჩქარებული ნაბიჯების ხმა რომ მოესმა და იმედიანად გაიხედა მარჯვნივ, მაგრამ მოძრავი სამი უზარმაზარი ფიგურის დანახვაზე იმდენად აფორიაქდა კითხვის დასმაც კი ვერ გაბედა. სამმა მამაკაცმა გაცხარებული კამათით ჩაუქროლეს და ზუსტად იმ კარის უკან მიიმალნენ, რომელიც წესით ბატონი ალექსანდრეს კაბინეტი უნდა ყოფილიყო.
- ვინმეს ელოდებით? - სასიამოვნო ხმა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ შიშისგან შეხტა.
- მაპატიეთ.. უკაცრავად.. - უხერხულად შეიშმუშნა სასიამოვნო გარეგნობის შავგვრემანი გოგონა, ელენემ წამიერად შეათვალიერა და მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე გონებაში მაშინვე მდივნის პოზიციაზე განამწესა. იმით გახარებულმა, რომ ვიღაცისთვის რამის კითხვა მაინც შეეძლო სწრაფად დაივიწყა წუთისწინანდელი შეშინება და გოგონას ჩვეული ლაღი ღიმილით გაუღიმა.
- ხომ ვერ დაგეხმარებით ? ვინმეს ელოდებით? - მზრუნველად იკითხა მდივანმა და ელენეს პასუხის მოლოდინში რაღაცის გადასამოწმებლად წითელყდიანი წიგნაკი გადაშალა.
- იცით, მე ბატონ ალექსანდრესთან მინდა შეხვედრა.. თუ შესაძლებელია შესაძლებელია? - დაღლილმა ძლივს ამოთქვა და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა მის წინ მდგომს.
- კი, რა თქმა უნდა... სულ ცოტა ხნით დამელოდეთ, უბრალოდ თქვენი მოსვლის შესახებ გავაფრთხილებ.. და რა გადავცე კონკრეტულად რა საქმე გაქვთ?
- საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით მინდა რაღაც ვთხოვო.. - უხერხულობისგან თავი ჩაღუნა და თითებს დაუწყო წვალება. მდივანი დროებით დაემშვიდობა და კარს იქით მიიმალა.. ელენე კი უფრო მეტად მოიცვა აღელვებამ.. თავადაც ვერ ხვდებოდა ასე რა ანერვიულებდა, დახმარებას თავისი თავის გამო ხომ არ თხოვდა? მაგრამ ასეთი მიზეზის გამოც კი საშინლად ეუხერხულებოდა ვინმეს შეწუხება, მითუმეტეს ისეთი პიროვნების, რომელსაც მანამდე არც კი იცნობდა.
- მობრძანდით, ბატონი ალექსანდრე გელოდებათ.. - მდივნის მშვიდმა ხმამ ფიქრები შეაწყვეტნა, წამოდგომისას ღრმად შეისუნთქა გრილი ჰაერი და აკანკალებული ხელი რკინის სახელურს შეახო. ცივი მეტალის შეხებისას ისედაც შემცივნულს უფრო მეტად ჩაეღვარა საძულველი სიცივე მთელ სხეულში და უსიამოვნო შეგრძნება კიდევ უფრო მეტად გაუძლიერდა კაბინეტში შესვლისას მისკენ ზურგით მდგარ სილუეტს რომ შეავლო თვალი.
- დაბრძანდით ! - ძარღვებშიც კი გაუყინა სისხლი შავი სილუეტის მკაცრმა ტონმა, მუხლები წამიერად მოეკვეთა და რომ არ წაქცეულიყო მისი „ბრძანება“ მაშინვე შეასრულა, გორგოლაჭიანი სავარძელი ოდნავ გამოაცურა და ფრთხილად ჩამოჯდა. განერვიულებულმა ვერაფრით მოუყარა სათქმელს თავი და ისევ ალექსანდრეს დაელოდა , იქნებ რამე მაინც ეკითხა მისთვის..
- ესე იგი ქველმოქმედება.. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა გაყინულმა, უემოციო ხმამ და სილუეტს ფართო მხრები ირონიულმა სიცილმა აუთამაშა. - რატომ უნდა დავეხმარო ვინმეს? ან მოდი პირდაპირ მითხარით ამ საქმიდან პირადად თქვენ რამდენი შეგხვდებათ? - იმდენად მოულოდნელი იყო კითხვა, მისი დამოკიდებულება და ირონიული ტონი, რომ ელენემ რამდენიმე წუთის შემდეგ გაიაზრა მისი ნათქვამის მნიშვნელობა. დაუმსახურებულმა შეურაცყოფამ თვალები აუწვა და სიმწრისგან წამოსული ცრემლი გაბრაზებულმა პატარა მუჭით შეუმჩნევლად მოიწმინდა. როგორ მოუნდა ამ თავხედი მამაკაცისთვის სახეში გაერტყა მაგრამ კარგად იცოდა რომ ამას ვერ შეძლებდა. მაშინვე მიხვდა, რომ ამ კაცისთვის არაფრის ახსნას არ ექნებოდა აზრი და საკუთარ თავზე გაბრაზდა აქ მოსვლითაც კი რომ საშინლად დაიმცირა თავი.
- მე .. უნდა წავიდე.. - ძლივს ამოთქვა რამდენიმე სიტყვა და წამოდგომა დააპირა სილუეტი მისკენ რომ მიტრიალდა და გაკვირვებული პირდაპირ თვალებში ჩააცქერდა.
„გთხოვ ოღონდ ახლა არ იტირო რა , ოღონდ ახლა არა!“ მთელი არსებით თხოვდა საკუთარ თავს და ვერც ალექსანდრეს თვალებს აცილებდა თავისას. მამაკაცი იმდენად გაკვირვებული უყურებდა ამან კიდევ უფრო მეტად დააბნია. როგორც იქნა წამოდგა, უკაცრავად შეწუხებისთვისო დაიჩურჩულა და გასასვლელისკენ გაიქცა. აკანკალებული თითებით ძლივს შეეხო ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს და დასველებულ ლოყაზე ხელის ზურგი ჩამოისვა. ვერც კი გაიაზრა იმდენად მოულოდნელად იგრძნო მკლავებზე მძიმე მარწუხები და შიშისგან კინაღამ გული გაუსკდა ვიღაცამ თავისკენ რომ შეატრიალა და ამ ვიღაცაში წუთის წინ მოლაპარაკე სილუეტი ამოიცნო. ალექსანდრეს გაბრაზებისგან ყბები უსაშველოდ დაჭიმვოდა, თვალები უფრო მეტად ჩაშავებოდა და ელენეს თაფლისფერ თვალებს არაფრით არ წყდებოდა. მძიმედ სუნთქავდა და ხელებს მის სიფრიფანა მკლავებს გამეტებით უჭერდა, მაგრამ შეშინებული ელენე საბედნიეროდ ტკივილსაც კი ვერ გრძნობდა. ლიფტის კარის გაღების ხმამ თითქოს ოდნავ გამოაფხიზლა, აფექტში მყოფმა სწრაფად ჩამოუშვა ხელები და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია..
- რა... გქვია ? - ხმაც კი საშინლად შეცვლოდა და უფრო ხრინწიანი ტემბრი მეტ სიმკაცრეს მატებდა.
- ელენე .. ელენე ძნელაძე - ვერც კი მიხვდა რატომ დაუკონკრეტა ასე, რამ გამოიწვია მისი აღელვება ან საერთოდ რა ხდებოდა მის თავს. შეშინებულმა თვალები დახუჭა და აღსასრულს გულგაჩერებული დაელოდა.
- თვალები.. გაახილე! - მძლავრად შეანჯღრიეს ძლიერმა ხელებმა და მანაც სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება. ალექსანდრემ კიდევ რამდენიმე წამით უყურა თვალებში , შემდეგ რაღაც ამოიბურდღუნა და მაშინვე გაბრუნდა უკან ისე, რომ გოგონასთვის აღარც შემოუხედავს. საკუთარ თავზე სიმწრით გაეღიმა როცა ლიფტის კარის დახურვისას თავი სამშვიდობოს იგრძნო, გარეთ გამოსვლისას ღმად ჩაისუნთქა ჰაერი და ცხოვრებაში პირველად ესიამოვნა წვიმის წვეთების სიგრილე.. ხარბად შეუშვირა სახე და გულიც თანდათად დაუმშვიდდა. ვეღარც სიცივეს გრძნობდა,არც შიმშილის შეგრძნება აწუხებდა, გონებაში სურათი დახატა როგორ იყო გახვეული თბილ პლედში და ჩაის სვამდა, სახლში ყოფნა ისე მოუნდა ახლა კინაღამ ამის გამო ატირდა. ტაქსი გააჩერა და როცა უკვე ნაცნობი შენობა და სადარბაზო გამოჩნდა საბოლოოდ დამშვიდდა, მაგრამ არც კი შეუმჩნევია მთელი გზა როგორ მოყვებოდა უზარმაზარი შავი “FORD”-ის მარკის ჯიპი..

***

მოაჯირს ხელს ისე უჭერდა, რომ სახსრების გაუსაძლისი ტკივილი უკვე გონებასაც კი უბინდავდა მაგრამ ჯიუტად არ ნებდებოდა და თითქოს ფიზიკურ ტკივილს სულიერი ქაოსის ჩასახშობად იყენებდა. არაფრით შორდებოდა „სიკეთის სხივჩამდგარი“ თაფლისფერი თვალების არაამქვეყნიური გამოსახულება და მთელ შინაგან სამყაროს დაუნდობლად უშფოთებდა. თავის მიზნებსა და სურვილებში ყოველთვის დარწმუნებულს ახლა ვერ გადაეწყვიტა მიეცა თუ არა ამ თვალებისთვის კიდევ დიდხანს მზერის უფლება.. რომ მიეცა, იცოდა თავს ვეღარასდროს დაანებებდა, ეს ყველაფერი თავისი სიმართლით გაჟღენთილ პირად სამყაროს რადიკალურად შეუცვლიდა მაგრამ თუ ასე არ მოხდებოდა მაშინ... მაშინ რა იქნებოდა თუ ერთხელ უკვე დაკარგულს ისევ დაკარგავდა? პირველად აშინებდა საკუთარი გაურკვევლობა .. არც მისი ვინაობა აინტერესებდა, არც ცხოვრების წესი, მხოლოდ ერთი რამ სურდა - დაუსრულებლად ეყურებინა მისი სიკეთით სავსე თაფლისფერი თვალებისთვის, რომელიც ასე გავდნენ..
- ალექსანდრე?! - კარი დაუკაკუნებლად შემოაღო რეზიმ და ნებართვას არც დალოდებია ისე შემოაბიჯა ოთახში. ასეთ მომენტებში რეზიმ ზუსტად იცოდა, რომ მისთვის არაფერი არ უნდა ეკითხა. ბავშვობის მეგობრები უკვე წლების მანძილზე ითავისებდნენ მის ტკივილს და ლაპარაკს გადაჩვეულ ალექსანდრეს უსიტყვოდ უგებდნენ. სხეული ისე დამძიმებოდა მოეჩვენა, რომ მთელი ენერგია შემობრუნებაზე დახარჯა, მისალმების ნიშნად მეგობარს ოდნავ გაუღიმა და მაგიდაზე გაშლილ ფოტოებს ყურადღებით დააცქერდა.
- უმცროსი გაგნიძეა .. - შავგვრემან ახმახზე მიუთითა რეზიმ და უკვე ინტუიციით წინასწარ ცნობილ მოსალოდნელ „ბრძანებას“ მაინც უდიდესი მოთმენით დაელოდა.
- სანამ ძმის ადგილსამყოფელს არ იტყვის მანამდე აწამეთ.. მერე მოკალით ! - სასტიკმა განაჩენმა ყურები დაუგუბა და რეზის მზერა ძლივს გაუსწორა, მეგობარის გამომეტყველებამ თითქოს მთელი ორგანიზმი წაუშალა.. როგორ ვერ იტანდა რეზი ასეთ მომენტებს, როცა დანამდვილებით იცოდა ალექსანდრეს რაღაც ძალიან უჭირდა მაგრამ დახმარება არ შეეძლო.. მისი დახმარება არავის შეეძლო!
- ნუ დარდობ.. აუცილებლად მივაგნებთ! - ზუსტად ის მოისმინა რისი მოსმენაც სურდა, მეგობრები არასდროს ღალატობდნენ .. ამაშიც არ შემცდარა, ცხოვრების მეგზურები ჯერ კიდევ ორი წლისამ ყველაზე სწორად შეარჩია. მადლობის ნიშნად მხოლოდ ოდნავ დაუკრა თავი, მის დუმილს მიჩვეულმა რეზიმ ოთახი დატოვა თუ არა კვლავ რამდენიმე წამისწინანდელ პოზიციას დაუბრუნდა და უკვე გამოღვიძებულ ქალაქს შურის თვალით გადახედა. გულწრფელად შურდა ამ პატარა კაცუნების, რომლებიც მეასე სართულიდან მინდვრის მწერებს უფრო გავდნენ.. ალბათ როგორი ფასეულობებისგან დაცლილი და ერთფეროვანი იყო მათი გაჭირვებული ცხოვრება.. როგორ სძულდა ადამიანები და უკვე როგორ უყვარდა თაფლისფერი თვალები, რომლებსაც ალბათ ჯერ კიდევ ეძინათ..

პალატის კარი გულდამძიმებულმა გამოიკეტა და მთელი ღამის შეკავებულ ცრემლებს უფლება მისცა მის ლოყებზე გზა მოენახათ. პალატის ფანჯრიდან უყურებდა პატარა გოგონას, რომელსაც მძიმედ სუნთქვისგან პატარა მხრები ძლივს აუდჩაუდიოდა და მშფოთვარედ ეძინა. ელენემ უკვე აღარ იცოდა რით დახმარებოდა, გონებაში მხოლოდ ექიმის სიტყვები უტრიალებდა „თუ ქიმიოთერაპიებს ერთ კვირაში ვერ დავიწყებთ, შანსი აღარ გვექნება“ და საშინლად ტანჯავდა უმოქმედობის აუტანელი შეგრძნება. საათს დახედა და წასვლის დროაო გაიფიქრა.. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძლივს ნაპოვნი სამსახური საშუალებას არ აძლევდა პატარა გოგონასთან დღეც დარჩენილიყო. ცრემლები მუჭებით მოიწმინდა და კიდევ ერთხელ შეავლო ფანჯრიდან მძინარე პაციენტს მზერა..
- თქვენი შვილია? - ყურებს არ დაუჯერა ყინულივით ცივი ხმა მის მფლობელთან რომ დააკავშირა. შიშისგან გული აუჩქარდა და მარჯვნივ მდგარ ალექსანდრეს ფრთხილად გახედა, იმაში დასარწმუნებლად ხომ არ მელანდებაო, მაგრამ მისმა შუბლშეკრულმა სახემ და მტკიცე გამომეტყველებამ ეს იმედიც გაუქრო. მერე კითხვის შინაარსი გადახარშა და ძლივს მოახერხა პასუხის გაცემა
- არა.. მეგობარია - დაიჩურჩულა და აცრემლებულმა ისევ ფანჯარაში გაიხედა. ალექსანდრეს არ გამოპარვია როგორ შეცვალა მის თვალებში შიში გადამდებმა სითბომ და წამიერად გაუთბა ამდენი წლის განმავლობაში გაყინული გული.
ნერვები უკიდურესად მოუშალა მისმა უანგარო ალოგიკურმა ცრემლებმა და შუბლი კიდევ უფრო მეტად მოეჭმუხნა.
- რა ჭირს? - უინტერესოდ იკითხა და თვალები ელენეს მზერის ობიექტისკენ გადაიტანა. როგორ უნდოდა პატარა გოგონას სუსტ სხეულს მასშიც აღეძრა თანაგრძნობის მსგავსი ემოცია მაგრამ არაფერი უგრძვნია, მზერა ისევ პირვანდელ ობიექტზე დააბრუნა და პასუხს დაელოდა.
- ლეიკემია.. ქიმიოთერაპიები ჭირდება - დაღლილმა ამოისლუკუნა ელენემ და შეფარვით შეათვალიერა მოულოდნელი სტუმარი, რომელიც არაფრით ხსნიდა შუბლს და სიბრაზეშერეული აღელვება კიდევ უფრო მეტად უძლიერდებოდა.
- მისი მშობლები სად არიან? - იგივე ტონით იკითხა და ინტერესით ჩააჩერდა მისკენ შემობრუნებულ ცრემლებისგან გაღიავებულ თაფლისფერ თვალებს. ელენემ მის გამჭოლ მზერას ვეღარ გაუძლო და ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა, მისი ქცევით უკმაყოფილო ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა და მანაც იძულებით გაიმეორა გოგონას მოძრაობა.
- არავინ ყავს.. ბავშვთა სახლიდანაა .. - კიდევ ერთხელ გააკვირვა გოგონას ალოგიკურმა პასუხმა და იმდენად გაღიზიანდა, რომ არა წლების განმავლობაში გამომუშავებული თვითკონტროლი ალბათ ყველაფერს დალეწავდა.
- და შენ მისი მფარველი ანგელოზი ხარ? - დამცინავმა ტონმა შეცვალა ცივი ჟღერადობა და ელენეც წამიერად გაფითრდა. თვალები ბრაზით აევსო და თავბრუ დაეხვა.
- ფრთხილად! - შეუღრინა წაბარბაცებულს და რომ არ წაქცეულიყო გაყინული ხელი შეაშველა.
- ნუ მეხებით ! - და საერთოდ.. მიბრძანდეთ აქედან ! - მისი ხელი უხეშად მოიშორა და თვალდახუჭულმა თავი ცივ მინას მიაბყრო. ვერც კი გაიაზრა ისე ჩააფრინდა მის სუსტ მკლავებს ალექსანდრეს ხელები და ძვლების ტკივილი რომ იგრძნო თვალებიც მაშინ გაახილა..
- მე.. როცა მელაპარაკები.. თვალებს ნუ ხუჭავ ! - კბილებში გამოსცრა სიბრაზისგან აწითლებულმა ალექსანდრემ და ხელები უფრო მეტად მოუჭირა.
- მეტკინა .. - ამოიტირა გულგახეთქილმა ელენემ და მოსაშორებლად ოდნავ გაიბრძოლა.
- მითხარი რატომ აკეთებ ამას? როგორ ხარ ასეთი კეთილი ელენე რატომ გამომეცხადე მაინცდამაინც ახლა როცა თითქმის უკვე ყველაფერი მთავრდება? - გაურკვეველ კითხვებს თითქოს თავის თავს უსვამდა ალექსანდრე.
- არ ხართ ნორმალური.. გამიშვით რა - ბოლოს უკვე თხოვნაზე გადავიდა მისი მისუსტებული ხმა. ძლივს მოეგო გონს ალექსანდრე და ატკივებული თითები ფრთხილად მოაცილა მის მკლავებს. გოგონამ ტირილით დაიზილა ატკივებული ადგილები და ხმისამოუღებლად გაეცალა იქაურობას. დაღლილს არც თვალი გაუყოლებია, არც მოსაბრუნებლად გაყოლია.. არაფერს ჰქონდა აზრი და მაინც.. ელენესთვის მისმა უშინაარსო კითხვებმა მისთვის მთელი ცხოვრების აზრი დაიტია. ზუსტად იცოდა, რომ ახლა ყველაზე არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა მაგრამ რატომღაც მაინც ძალიან მოუნდა ამის გაკეთება. უაზროდ შეათვალიერა პატარა პაციენტი და მუშტები შეკრა.. მერე კი .. მერე გაუცნობიერებლად მიაკვლია მთავარი ექიმის კაბინეტს და ის გააკეთა რასაც ზუსტად იცოდა, რომ თავს ვერასდროს აპატიებდა.

---

სამსახურის შემდეგ დაღლილი ისევ საავამდყოფოს მიადგა, გეზი ნაცნობი პალატისკენ აიღო. ჩამოშვებულმა ჟალუზებმა უსიამოვნოდ ააფორიაქეს, მაგრამ როცა კარი შეაღო და ცარიელი საწოლი დაინახა რაღაცამ მთელი შიგნეულობა ჩაუწვა. რომ არ წაქცეულიყო კარს მიეყუდა და სახეზე ცივი ხელი ჩამოისვა.
- ელენე.. კარგად ხართ? - შორიდან ჩაესმა ნაცნობი ხმა და უკვე ტირილის პირას მისულმა გვერდით მდგომ ექიმს დაბნეულმა ახედა.
- ანიტა.. სად.. - ემოციებმა არაფრით გააგრძელებინეს სათქმელი..
- დამშვიდდი ელენე.. კარგადაა! ქიმიოთერაპიას უკეთებენ და დღეს ვერ ნახავ - ღიმილმა გაუნათა აღელვებულ ექიმს სახე და ელენე სკამზე ჩამოაჯინა.
- კი მაგრამ.. როგორ? მერე თანხა? - ალუღლუღდა დაბნეული და გახარებულმა კინაღამ ტაში შემოჰკრა.
- თანხა უცნობმა გადაიხადა.. სახელი და გვარი არ უთქვამს მაგრამ ცოტა უცნაური ტიპი იყო - გაკვირვება ვერ დამალა ექიმმა და ელენეს გამამხნვებლად ისევ გაუღიმა.
- როგორ გამოიყურებოდა? - დაეჭვებულმა იკითხა გოგონამ და როცა ექიმის მიერ „უცნობი ანგელოზის“ აღწერა ალექსანდრეს აღწერილობას ზუსტად დაემთხვა გულზე თითქოს რაღაც მოეშვა. ექიმს გაბედნიერებული დაემშვიდობა და იმედმიცემული გაემართა სახლისკენ. ოდნავ დამშვიდებულმა თვალებზე საშინელი სიმძიმე იგრძნო და ძვლებიც რომ ატკივდა მიხვდა რომ ისევ მაღალი სიცხე ექნებოდა. ბავშვობიდან ასე ემართებოდა, როცა რამეზე ძალიან ღელავდა ყოველთვის მაღალ ტემპერატურსთან უწევდა გამკლავება. სახლში მისვლისას ბურტყუნით მოიძია თერმომეტრი და პლედში თბილად გაეხვია. თავი ისე ჰქონდა დამძიმებული ახლა ვერც ალექანდრეზე იფიქრებდა და ვერც მის მოულოდნელ ქველმოქმედებაზე, ანიტა რომ კარგად იქნებოდა ბოლომდე ეს აზრიც ვერ გაიაზრა, ისე მოუდუნა ოდნავმა სითბოს შეგრძნებამ სხეული და ემოციური დღით დაღლილს ღრმად ჩაეძინა.

***

ვერაფერმა შეუმსუბუქა არასწორი საქციელის ჩადენით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა. ზუსტად იცოდა, მისი დანახვისთანავე მიხვდა, რომ ელენეს გამო არჩეული გზის შეცვლა მოუწევდა. უკვე იმასაც ნანობდა მისი თავიდან მოშორება რეზის ან ერეკლეს რომ არ სთხოვა. ელენეს არც კი უთხოვია ისე გადაწყვიტა მისი დახმარება. ზუსტად ეს აზრი უჭამდა შიგნიდან ყველაფერს და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. სწრაფად წამოდგა საწოლიდან და სეიფის გასაღების კომბინაცია შესაშური სისწრაფით გაიმეორა. იარაღს მაყუჩი ფრთხილად მოარგო, ტყვიების რაოდენობაც შეამოწმა და იქვე დაგდებულ გასაღებს აღელვებული გადაწვდა.
15 წუთი არც დაჭირვებია ელენეს სახლთან მისასვლელად, მანქანა ოდნავ მოშორებით გააჩერა და მტკიცე ნაბიჯებით გაემართა თაფლისფერ თვალებთან საბოლოოდ შესახვედრად.


------
ესეც ჩემი ახალი ისტორია.. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევე მოიწონებთ, როგორც ჩემს პირველ ისტორიას, რომლითაც ვიცი ძალიან ბევრი გავაბრაზე გამომდინარე იქიდან, რომ მისი დასრულება ვერ შევძელი. თავს არ გავიმართლებ და ახსნას არ დავიწყებ მაგრამ ბოდიშს კიდევ ერთხელ მოვიხდი!
რაც შეეხება ახალ ისტორიას უკვე თითქმის დასრულებული მაქვს და ძალიან ძალიან მინდა, რომ მოგეწონოთ..



№1  offline მოდერი MyLove

გააგრძელე აუცილებლად!! :)) ძAლიან მომწონს!! :**
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2 სტუმარი nino

Mmmmmmm kai martla uwpewveli gaagrdzele D's mal ample Dade xolme dzaan kai xar<33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent