შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგონებათა ამბავი


30-04-2015, 00:33
ავტორი Anna)))
ნანახია 2 540

ზამთრის დაბურულ საღამოს ფარდა ჩამოაფარა დედაჩემმა,
(იდგა, ალბათ, ოთხმოცდაცამეტი, ზუსტად არ მახსოვს),
კარი მაგრად ჩაკეტა,
ნავთქურა ჩააქრო და უცნაურად შემომხედა იქვე, კუთხეში მჯდარს.
„არასოდეს შეიყვარო პირველმა“ _ თქვა მან _
„და საერთოდ, იქნებ სცადო და არასოდეს შეიყვარო.
რა საჭიროა სიყვარული!
მოვა, არაფერს მოგიტანს,
წასვლის წინ კი თვალების ფანჯრებს ჩაგიმსხვრევს ცრემლებით,
ლოყებზე სისხლიან ნაკვალევს დაგიტოვებს.
ჭკვიან გოგოებს არ ჭირდებათ სიყვარული.
არ შეიყვარო!“
ბავშვები დააძინეს მეგობრებმა,
მთელი დღის დაღლილობა ჭურჭელთან ერთად მირეცხ-მორეცხეს,
დასხდნენ, ჩამოისხეს ქარვისფერი ღვინო,
გადახედეს განათებულ ქალაქს
(ახლა უკვე ორიათას ცამეტია),
ჩემს გალურჯებულ ხელებს დანანებით დახედეს.
„არასდროდ შეიყვარო პირველმა“ _ თქვეს მათ _
„რა საჭიროა სიყვარული,
რომელიც მდუღარე ნაკვერჩხალზე გავლასავით მტკივნეულია,
აგვისტოს შუადღის ჰაერივით უძრავი
და ცარიელ სახლში გატარებული საღამოებივით სევდიანი.
რა საჭიროა სიყვარული,
რომელსაც მუდამ მარტოობის ჩრდილი ადგას
და იმ ყვავილების სუნი ასდის,
რომლებსაც ელოდი და არ მოგიტანეს.
ერთ დღეს თვითონ მოგძებნის ის,
ვისაც მანამდე თვითონ ეძებდი,
ის, ვისაც ზურგით დაუდგები და შემოგაბრუნებს,
ვისაც ხელს კრავ და არსად წავა,
ვინც სიმშვიდის ციხე-სიმაგრეში გაცხოვრებს.
ამიტომაც არასოდეს შეიყვარო პირველმა.“
არ დამინახავს, საიდან მოვიდა ღმერთი-მამაჩემი,
იგი მოვიდა ფეხშიშველი,
ჩემსავით ლოყებდასერილი თვალების ნამსხვრევებით,
ჩემსავით გალურჯებული ხელებით,
მოვიდა და ოთახის კუთხეში ჩემსავით ჩამოჯდა.
„არ გამოსცადო სიყვარული შენი“ _ თქვა მან _
„უბრალოდ, გჯეროდეს, რომ არაფერია მასზე დიდი
და მასზე მშვენიერი,
უბრალოდ, გჯეროდეს, რომ მისი ძალა
ერთმანეთის მიმართულებით დაძრავს დედამიწის ორ ნახევარსფეროს.
არ გამოსცადო სიყვარული შენი,
უბრალოდ, იცხოვრე მის სილურჯეში მანამ,
სანამ სიკვდილი არ გამოგაფხიზლებს.“
მე ახლა ვზივარ მაისის მზით გამთბარ ოთახში,
ვზივარ და ვუყურებ კომპიუტერის ეკრანს,
ვზივარ ისე, როგორც შენს წინ ვიჯექი ჩემს საყვარელ კაფეში,
ვზივარ, ვიღიმები, გისვამ ათას სულელურ შეკითხვას
და ვფიქრობ,
რა მნიშვნელობა აქვს დანარჩენს,
როცა ვარ მე,
ხარ შენ
და ცრემლებივით გამჭვირვალე ჰაერი ჩვენს შორის...
სალომე ბენიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent