აბრამი
ვიდრე ღმერთი ბჭობდა, და ბაყაყები გუბიდან ხალიჩაზე ხტებოდნენ, ბავშვი დავიბადე და აბრამი დამარქვეს. ენაძვლიანი გამოვდექი, ვერც სიმართლე ვიღაღადე და არც არავის უკითხავს, რატომ სტირიო, მხოლოდ ის მკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - იქაურ ქუდს არ დავიხურავ, რა ქვეყანასაც მოვედითქო, ვუპასუხე. დიდხანს ველოდე ობლის კვერის გამოცხობას. ბოლოს, ყველა კაცი სიკვდილის შვილი როდიათქო, ვთქვი, ცივ თონეში გამომცხვარი კვერი ჯიბეში ჩავიდე და სანამ ურემი გადაბრუნდებოდა, გზას დავადექი. ერთი კარგი ცხენი მყავდა - დეზების რტყმით სული ამოვხადე. მისი კვიცი კი, გვარიდან გახტა და მგელი შეჭამა. თხაც მყავდა, ერთი... ისიც გავყიდე და უკან ვეღარ ვიყიდე - მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო და მგლის თავზე სახარების წასაკითხად წგაიქცა, უპატრონო ეკლესია კი, ეშმაკებმაც მიატოვეს. არც ბევრი მდომია და ის ცოტაც დავკარგე, რაც გამაჩნდა. არც ბევრი მცოდნია და მაინც უამრავჯერ შევცდი. სოფლიდან გაძევება ვითხოვე და მამასახლისობა დამაკისრეს, თოფიც მე ვიყავი და მეთოფეც, ერიც მე ვიყავი და ბერიც, მაგრამ რად გინდა?! – ბრმა ვიყავი და თვალხილულები მატყუებდნენ, თვალით ვერ ვხედავდი და ყურით გაგონილს მივსდიე. გზად, ჩემს წინ მიმავალი კაცებისგან გადებული ხიდი შემომხვდა და ვიდრე მე, ჭკვიანი, ხიდზე გადავრბოდი, ვიღაც გიჟი ფიქრობდა: ვინც არ დაიზარა, არც გაიხარაო. მართალიც იყო - უმადლო გამოდგა ხიდი, ჩამიტყდა და მღვრიე წლიში ჩავვარდი, იმედიანი შიმშილი მკლავდა და ერთი თევზიც ვერ დავიჭირე. შველა ვითხოვე და გამგონმაც ვერ გაიგო, მხოლოდ ავმა ძაღლმა მიწილადა უკანასკნელი ლუკმა. დავრდომილი ვიყავი და ვირის გარდა, ყველამ წიხლი დამიშინა - სხვისი ლუკმა უგემურიათქო, ვთქვი, გლახას დასეტყვილი კიტრი მივეცი, წავეკიდე და წყალზე გადამიყვანა. მოუკრეფელში შევედი და თხილნარს ქვა ვესროლე, ერთი კაკალი მადლი ჩამოვარდა, ქვაზე დავდე, მარილი მოვაყარე, და წაღმაღთზე გავაგორე. ქვამ ხავსი მოიკიდა, მადლი კი, წინ აღარსად დამხვედრია - ჩემი წილი თხილის გულიც ძმებს შეეჭამათ (არც ძალა ღმოჩნდა ერთობაში), ბოროტებამ ამაშენა და გულკეთილობამ დამაქცია, მშიერი ვიყავი და მაძღრებიც მშივრები მეგონენ, სიკეთე გავეცი და ყველამ დაივიწყა, სანეხვეზეც გადამაგდეს და ბედიც არ მომცეს. გაჭირვებაც ვნახე და გაქცევაშიც ვერ ვივარგე - ვალი კარიდან შემოვიდა და ჭუჭრუტანაში რას გავატევდი... მტრებიც მომრავლდნენ და ჭერიც თავზე ჩამომექცა. ასჯერ გავზომე და ერთხელაც ვერ გავჭერი, ქარიშხალი დავთესე და სიოც კი ვერ მოვიმკე, ხოლო ჭინჭრის ძირზე უეკლო ვარდები ამოვიდნენ. იონჯაც გაწყდა და ორი კურდღლის მადევარმა, ორივე დაიჭირა - ვირიც მოკვდა და ვირის პატრონიც. ბოლოს კი, ისე მოხდა, რომ ქვეყანაც ჩალით დაიხურა, ჯოჯოხეთიდან მორიგი მუგუზალი მოევლინა სოფელს და ახალი ცოცხით იმდენი ქვიშა მოიტანა, რომ ძაღლებიც დადუმდნენ გაოცებისგან, ქარავანიც შედგა (ვირის საპალნემ, აქლემები წელში გაწყვიტა) და ერთადერთმა მერცხალმა და ერთადერთმა ენძელამ გაზაფხული მოიყვანეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.