„უიღბლო რომანები“ და განქორწინება - მიზეზი, შედეგი და პრევენცია ასტროლოგიური კუთხით
ამ ქვეყნად არ მოიძენბენა ადამიანი, ვის ცხოვრებაშიც ერთხელ მაინც არ ჰქონია ადგილი ე.წ. "უიღბლო რომანს" ან ცალმხრივ სიყვარულს. თუმცა, გაცილებით რთულადაა საქმე, როცა საკითხი წლების მანძილზე შეჩვეულ პარტნიორთან დაშორების აუცილებლობას ეხება. მიჩნეულია, რომ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანებს კონკრეტული დამოკიდებულება გააჩნიათ ქორწინების, ოჯახური ფასეულობებისა და განქორწინების პრობლემების მიმართ. ამ მხრივ ზოგი მაქსიმალურად გაურბის "უღელში თავის გაყოფის" პერსპექტივას, ზოგი ნაადვრევად ქორწინებდა და 30 წლამდე ლამის მესამე ოჯახის შექმნასაც წარმატებით ახერხებს. მავანის ცხოვრება კი თავისებურ "საქორწინო კარუსელს" წააგავს, ერთი და იმავე პარტნიორთან განშორება-შერიგების ეტაპებით... მოდით, ერთად გავარკვიოთ, მაინც რაშია საქმე და კონკრეტულად რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან უფრო მეტად მიდრეკილნი ოჯახური სიმყარისკენ. ვერძი ვერძების დიდი ნაწილი იმპულსური, ფიცხი და დაუფიქრებელი ხასიათით გამოირჩევა. ამიტომ ვერძებს შორის განქორწინება საკმაოდ ხშირია. თუმცა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ასევე ხშირად ახერხებენ თითქმის გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას პარტნიორთან, საკუთარი საქციელის გულწრფელად მონანიების ხარჯზე. კურო კურო სტაბილურობის მოყვარული, გაწონასწორებული ხალხის ზოდიაქოა. ამიტომ კუროებს შორის განქორწინების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. თუმცა, თუკი კურო ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს კიდეც (რაც ხანგრძლივი ფიქრის და აწონ-დაწონის შედეგად ხდება) იშვიათად იცვლის აზრს სამომავლოდ. ტყუპი ტყუპი ცვალებადობითა და არაპროგნოზირებადი ხასიათით არიან გამორჩეულნი. ამ ხალხის უმრავლესობას მალე ბეზრდება ყველაფერი და მუდმივად ეძებს სიახლეს. აქედან გამომდინარე, ტყუპში საკმაოდ ხშირად ვხვდებით განქორწინების ფაქტებს და რამდენიმე ქორწინების ალბათობაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებში, ჩვეულებრივი ამბავია. კირჩხიბი კირჩხიბი ემოციურად ფრთხილი, ოჯახის და სანათესაოს მოყვარული ნიშანია. ამ ხალხის დიდი ნაწილი, ყოველთვის განსაკუთრებული წინდახედულებით არჩევს მეწყვილეს ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, კირჩხიბებს შორის განქორწინება გაცილებით ნაკლები კოეფიციენტით ფიქსირდება. თუმცა, თუ მაინც უწევს კირჩხიბს ოჯახის დანგრევა, განქორწინების ფაქტს იგი ძალიან მტკივნეულად და ხანგრძლივად განიცდის. ლომი ლომები მეფური ბუნების, ეპატაჟური ფიგურები არიან. ამ ნიშნით დაბადებული ქალებიც და მამაკაცებიც სიყვარულის, ფლირტისა და რომანტიკისთვის არიან გაჩენილნი. ამიტომ ლომისთვის ცხოვრება უფერულია, თუკი არ უყვარს და თავადაც არ არის სიყვარულის ობიექტი. ასტროლოგების აზრით, ლომებშიც საკმაოდ მაღალია განქორწინების კოეფიციენტი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეყვარებულობის პერიოდიდან ოჯახურ რუტინაზე გადასვლის ფაქტს ბევრი ლომი ვერ ეგუება და იწყებს მორიგი ინტერესის ობიექტის ძიებას. ქალწული ქალწულები წინდახედულებით, ცხოვრების რეალისტური ხედვითა და სიფრთხილით გამოირჩევიან. ასტროლოგების აზრით, ზუსტადაც რომ ზედმეტად ფხიზელი გონებაა იმის მიზეზი, რომ ქალწულს ხშირად უჭირს პარტნიორის პოვნა-არჩევა. აქედან გამომდინარე, პრობლემა ქალწულისთვის განქორწინებაზე მეტად დაოჯახების საკითხი უფროა. სამაგიეროდ, ბუნებით ერთგული ქალწული, იშვიათად მიდის ოჯახის დანგრევაზე თუ, რა თქმა უნდა, მოახერხა და შექმნა იგი. სასწორი სასწორის ხასიათი ხათრიანობას, ლოიალურობასა და დიპლომატიურობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს არასოდეს გააჩნიათ პარტნიორის პოვნის პრობლემა. თუმცა, ოჯახური სიმტკიცის შენარჩუნების საკითხში, სასწორები მაინც მოიკოჭლებენ, რაც განქორწინების ალბათობას ზრდის მათ შემთხვევაში. ასტროლოგების აზრით, სასწორი ოჯახს ხშირად მერყევი, რბილი ხასიათის გამო ანგრევს. მას არ შესწევს უნარი იბრძოლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად. მორიელი უზომოდ ძლიერი სექსუალური ტემპერამენტის მიუხედავად, ასტროლოგები თვლიან, რომ მორიელებს საერთო ჯამში საკმაოდ კარგად შეუძლიათ ოჯახური სიმყარის შენარჩუნება. თუმცა ექნება თუ არა სიმშვიდე მეუღლესთან ურთიერთობაში, მაინც მთლიანად თავად მორიელზეა დამოკიდებული, გამომდინარე იქიდან, რომ ერთგულების უნართან ერთად ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გარკვეული ექსტრიმისა და სადო-მაზოხისტური ელემენტების სიყვარულისკენაც არიან მიდრეკილნი პარტნიორის მიმართ. მშვილდოსანი მშვილდოსანი ბუნებით მაძიებელი, იდეალისტი და ცვალებადი ნიშანია. მას ძალიან მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, გიჟდება პუბლიკაზე. ოჯახი კი ძალზე პატარა ფართობია ხშირად მისი შემოქმედებითი პოტენციალის გამოსახატავად. აქედან გამომდინარე, მშვილდოსნებში განქორწინების მაჩვენებელი საკმარისზე მაღალია. ამის მიზეზი კი ზემოთ ხსენებულ კოლექტივიზმთან ერთად, მშვილდოსნის იდეალისტური ბუნებაცაა. შესაბამისად, მისთვის ერთ დროს გაიდეალებული პარტნიორი, მალე კარგავს "ბლესკს" და იდეალისტი მშვილდოსანი, უმალვე იწყებს მორიგი უფრო "ჭეშმარიტი" სატრფოს ძიებას. თხის რქა თხის რქები ტრადიციული აზროვნების მქონე, გაწონასწორებული და პრინციპული ინდივიდები არიან. ამ ადამიანების უმრავლესობა არასოდეს დგამს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ნაბიჯს ხანგრძლივი გაანალიზების გარეშე. აქედან გამომდინარე, თხის რქა ხშირად გვიან ან გარიგებით ოჯახდება. თუმცა, განქორწინების მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა შორის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თხის რქას გასაოცარი ერთგულება ახასიათებს ოჯახური კერის მიმართ. მერწყული მერწყული გამოკვეთილი ინდივიდუალობის მქონე, არაპროგნოზირებადი და თავისუფლების მოყვარული ნიშანია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ხშირად იკავებენ თავს ოფიციალური ურთიერთობებისგან. ამიტომ კლასიკური ქორწინება ბევრ მერწყულს არც აქვს. თუმცა, დამოუკიდებლობის სიყვარული ბევრ მათგანს უბიძგებს პარტნიორის ცვლისკენ ან განქორწინებისკენ, როცა ურთიერთობა ოფიციალურია. თევზები თევზები რბილი, ხათრიანი, ლოიალური და მეოცნებე ინდივიდები არიან. ამ ხალხის უმრავლესობა საკმაოდ მარტივად ექცევა მასზე უფრო ძლიერი პარტნიორის გავლენის ქვეშ, ამიტომ თევზებს შორის ნაადრევი ქორწინება ხშირია. თუმცაღა, არც განქორწინების კოეფიციენტია დაბალი მათში. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხშირად აქვთ ჩვევად გააიდეალონ მომავალი მეუღლე, ამ იდეალების მსხვრევას კი, რომელსაც აუცილებლად მოიტანს ოჯახური რუტინა, თევზების სათუთი ბუნება ვეღარ უძლებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.