ზოდიაქოს ნიშნის დაქალები
ვერძი დაქალი დაქალია თუ ძმაკაცი, ცოტა რთული გასარკვევია. შეუძლია შეყვარებულის ფუნქციაც შეითავსოს და მართალია, კომბლებს სულაც არ თლის და ჭერში სულაც არ აწყობს, დაუფიქრებლად წამოიცვამს რქებზე ყველას, ვინც გაწყენინებთ. თქვენი გამბრაზებელი ხომ მისი გამბრაზებელია. არც იფიქროთ მისი შეჩერება (განსაკუთრებით თუ მთვრალია) თქვენ შეიძლება სულაც არ მიიჩნევდეთ თავს განაწყენებულად, მაგრამ ეს იმიტომ რომ საწყალი ხართ. როდემდე უნდა იყოთ ასეთი საწყალი? თქვენ მერე მოგხედავთ, ხვალ… ჯერ ტაქსში ჩაგსვათ და სახლში გაგიშვათ…. ან ვინმეს მიაბაროს თქვენი თავი მშვიდობიანად რომ მიგაცილოთ სახლამდე… დილით თავზე დაგადგებათ, ლოგინიდან წამოგაგდებთ.. გგონიათ გუშინდელზეა გაბრაზებული? გუშინდელი სად ახსოვს… მთელი დილაა გირეკავთ, სად ხართ? ეგონა რომ მოკვდით… მოკლედ, შერეკილია რა… მაგრამ ერთი ვერძი დაქალი კი უნდა გყავდეს… ისეთი დრო მოვიდა… კურო დაქალი აი, ის დაქალია, ბავშვობაში მეგობრობის დღიურში რომ გიწერდათ – მეგობრობა მარადიულიაო და დღემდე რომ სჯერა ამის. მასთან დამეგობრება ადვილი არაა, მაგრამ თუ დაგიმეგობრდათ ბოლომდე ერთგულია თავისი ხუთივე გრძნობით (მეექვსეში უჭირს ცოტა). მას შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, ყველანაირად გვერდში დაგიდგებათ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, კუროსთვის ცხოვრებაც ბიზნესია, ყველაფერს რასაც გასცემს აბანდებს და თუ ძალიან აზარალეთ, თავს არ გაგაკოტრებინებთ, მაშინვე შეწყვეტს ინვესტირებას. მოკლედ, კარგი მეგობარია და სანაცვლოდაც იგივეს ელის, ზედმეტად ნერვებს არავის ააშლევინებს და თავსაც არავის გულისთვის არ მოიკლავს. ერთხელ ცხოვრობს ამქვეყნად და სულიერი სიმშვიდის დაკარგვად არავინ უღირს. მას კომფორტი უყვარს. თქვენთან ისე არ ამოვა სასუსნავი რომ არ ამოგიყოლოთ, ხოდა კეთილი ინებეთ თქვენც დაახვედრეთ რამე.. აბა, მარტო მისი მოტანილი რას ეყოფა? ტყუპი დაქალი დაქალია თუ არა საკითხავი, აი, ეს არის. მისთვის ყველა დაქალია, ვისთანაც სამჯერ მაინც უჭორავია და მთელს სადაქალოში მაინც ყველაზე კარგად ის უგებს ყველას. მან აბსოლუტურად ყველაფერი იცის თქვენზე, თანაც თქვენგან არა. ასე რომ, რამის დამალვას აზრი არ აქვს. ამაზე გაბრაზება არ ღირს. აბა, დაფიქრდით, ყველაფერი იცის-მეთქი თქვენზე და მაინც უყვარხართ. საოცარი არ არის? თან არც გირჩევთ მასთან თამაშს, მთელი სადაქალოს კურიერი ეგ არის და ლაპარაკიც ეხერხება. ისეთი გაქნილია, შეუძლია სამკვდრო-სასიკვდილოდ გადაკიდებულები ერთმანეთთან შეგარიგოთ და დობილად შეფიცულები ერთმანეთს წაგკიდოთ. მოკლედ, დიდი ინტრიგანი ვინმეა, სამაგიეროდ ყველაზე ,,ჯიგარია” მთელს ზოდიაქოს ნიშნებს შორის, კაცის მოსაკლავად, ან დასამარხად რომ მიდიოდეთ, ვაიმე, რა მაგარიაო, გამოგყვებათ. შეიძლება თქვენს შეყვარებულსაც კი გაეფლირტაოს, მაგრამ ეგრე ეგ ყველასთან ფლირტაობს, საკუთარ თავთანაც კი, ხოდა სულაც არ ნიშნავს ეს ღალატს. თქვენი გულისთვის დაუფიქრებლად შეიქმნის პრობლემებს (რომლიდანაც ძალიან მოხერხებულად გამოძვრება), ძალიან კეთილია, ძალიან მხიარული, ძალიან საინტერესო, ძალიან უყვარხართ და მის გვერდით არასოდეს მოიწყენთ, იმიტომ რომ სევდიან თემებზე დიდხანს ვერ ჩერდება, ასე რომ ემოციებისგან დაცლა თუ გინდათ, მაინცდამაინც ტყუპ დაქალს ნუ მიადგებით. ცოტა შიზოფრენიკია, მაგრამ ეს რა მისი ბრალია? კირჩხიბი დაქალი დაქალი კი არა დედაა, ან შვილი. მოკლედ, დაქალის გარდა ყველაფერი. როცა თქვენ გიჭირთ დედაა, თავზე გადაგყვებათ, როცა მას უჭირს შვილი, თავზე გადაყოლას ითხოვს და თუ ცუდ ხასიათზეა არცერთი – დიდი უჟმური ვინმე ხდება ამ დროს და თუ შეუჩხიკინებთ უცებ შეიძლება თავში გესროლოთ, რაც ხელში მოხვდება. პონტის აგდება თუ გინდათ, კირჩხიბი დაქალი დაივიწყეთ, ხალხში ნუ წაიყვანთ, თორემ სიტუაცია თუ არ მოეწონა, ჩაგაშხამებთ ყველაფერს, მთელი საღამო იჯდება ცხვირჩამოშვებული და თქვენ რომ გაერთობით ეწყინება. ის ძალიან მგრძნობიარეა და ყველანაირ საზოგადოებაში გახსნა უჭირს, სამაგიეროდ ძალიან ახლობლებთან ინაზღაურებს ყველაფერს, ძალიან თბილია და მზრუნველი. ღამით მასთან თუ დარჩებით დილით შეიძლება საწოლში მოგართვათ ყავა და მისი გამომცხვარი ალადები, ცოტა წუწუნა კია, მაგრამ მარტო მაგ ალადების გულისთვისაც კი ღირს მისი ატანა. ლომი დაქალი პირველად მაშინ გაგაგიჟებთ თავზე რომ გადაყვებით, მის გასაკეთებელ საქმეს რომ გააკეთებთ და ისე რომ მიიღებს ამ ყველაფერს, თითქოს ასეც უნდა იყოსო. იგი კი არ გთხოვთ ხოლმე რამეს, გავალებთ, უბრალოდ თხოვნის ფორმას აძლევს. სამაგიეროდ, თვითონაც ძალიან სულგრძელია, კეთილი და თუ რამით შეუძლია დახმარება, არავითარ შემთხვევაში არ დაიხევს უკან. იგი გულკეთილია, გულწრფელი, რამე სიმდაბლის ჩადენას არავითარ შემთხვევაში არ იკადრებს, თქვენ კი არა საკუთარ თავსაც არ აკადრებს და ყველაფერს გაპატიებთ, თუ, რა თქმა უნდა, ამით მის თავმოყვარეობას არ შეეხებით. იგი ყოველთვის გემოვნებიან საჩუქრებს გჩუქნით და ფული კი რა გულიც არ ენანება თქვენთვის. მოკლედ, იმდენი დადებითი თვისება აქვს, ცოტა ,,პონტის გოგო” როა და ყურადღების მისაქცევად რომ ყირაზე დგება, უნდა აპატიოთ. იგი გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე და როცა სადაქალო იკრიბებით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუდამ ის იყოს პროგრამაში. ქალწული დაქალი ნამდვილი და ქალია, იგი თქვენი ცხოვრების არცერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას არ გამოტოვებს, პირველი კოცნა იქნება ეს, მეორე ბავშვი, თუ მეოთხე ქმარი. თანაც მერამდენედაც არ უნდა თხოვდებოდეთ, თქვენი ქორწილის დღეს თქვენზე ადრე ადგება და თქვენთან გამოიქცევა, რომ ამ დღეს იდეალურად გამოიყურებოდეთ. იგი ნამდვილი განძია, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როცა ასე ძვირი ღირს კარგი მაკიაჟის გაკეთება. მას არასოდეს გამოეპარება თქვენი დაბადების დღე, მაგრამ სამაგიეროდ ასევე არ გამოეპარება არცერთი თქვენი ნაკლი. ხოტბის შესხმა არ ეხერხება, ემოციებსაც დიდად ვერ გამოხატავს, თავისი მწარე მწარე შენიშვნებითაც შეიძლება სიცოცხლე გაგიწამოთ, მაგრამ როცა თქვენს დასარეცხ ჭურჭელს დარეცხავს და თქვენს დასაწერ დავალებას დაწერს ამკრიტიკული შენიშვნების თანხლებით, მაშინ მიხვდებით, თუ როგორ ყვარებიხართ. სასწორი დაქალი თუ გყავთ საშოპინგოდ არავითარ შემთხვევაში არ გაჰყვეთ, თორემ ძალიან მაგრად გაუგებთ კაცებს, რომლებიც თქვენ საყიდლებზე დაგყვებიან. აი, ქალებზე რომ ამბობენ ჩამოუყალიბებლები არიან, არ იციან რა უნდათ, ვინ უნდათ, რატომ უნდათ და რაც არ უნდა კარგი ჰქონდეთ, სულ უკეთესი უნდათო, სულ სასწორი გოგოების ბრალია. იგი იმდენს ფიქრობს, გაგაგიჟებთ. ერთ დღეს შეიძლება მოგადგეთ და შეწუხებულმა რა გკითხოთ, იცით? ,,აი, მე კი მიყვარს ჩემი შეყვარებული, კი მომწონს, მაგრამ ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა მაგ ,,ბანძ” ბიჭს როგორ ხვდებიო და მართლა ,,ბანძია”? შენ როგორ ფიქრობ, უნდა დავშორდეო?” თუ უთხარი, კი დაშორდიო, თქვენ რა გგონიათ? მართლა დაშორდება! თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ მერე ისევ არ შეურიგდება. მოკლედ, ცოტას სასწორიც კი აფრენს. ამ ყველაფრის მიუხედავად, იგი შესანიშნავი მეგობარია, თვითონ არ იცის რა უნდა, თორემ თქვენ რა გინდათ, ამას გადასარევად ხვდება. მორიელი დაქალი ან საუკეთესო დაქალია, ან ატანა არა აქვს თქვენი. ის ტიპია, იმდენი რამე რომ იცის თქვენზე, ან სამუდამოდ მეგობრებად რომ უნდა დარჩეთ, ან თუ დაშორდით მისი მოკვლა რომ მოგიწევთ. მას არასერიოზული, ზედაპირული ურთიერთობები არ იტაცებს, თუ თქვენთანაა, ბოლომდე გიხსნით გულს და არც თქვენ იფიქროთ, რამე გამოაპაროთ. იგი ბევრ რამეს უსიტყვოდაც ხვდება და ზედმეტი კითხვებით არ შეგაწუხებთ; საიდუმლოებებსაც პატივს სცემს, მისი ცხოვრების ყველა ასპექტში თავადაც არ გახედებთ და არც თქვენ მოგთხოვთ, მაგრამ თუ ღმერთი გაგიწყრათ და რამე მოატყუეთ, მის ნდობას ვეღარასოდეს დაიმსახურებთ. თუ მასთან ხართ, ზურგს უკან ინტრიგების ხლართვას არ გირჩევთ, ამას აუცილებლად გაიგებს და არ გაპატიებთ, მაგრამ თუ მისი ერთგული იქნებით, თქვენი მტერი მისი მტერიც გახდება. მისი ,,მტერი კიდევ კუკიაზე წევს” იგი უფასო ექსპერტია ნებისმიერ საკითხში, განსაკუთრებით კი ადამიანების ბნელი მხარეების დანახვის საკითხში და თუკი ვინმეში ან რამეში ეჭვი გეპარებათ მას შეიძლიათ მიმართოთ, ღრუბლებიდან ჩამოგაფრენთ და რაც არ უნდა მტკივნეული სიმართლე იყოს, ყოველთვის პირდაპირ გეტყვით. ეს ხანდახან არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ აუცილებელი, სამაგიეროდ არც თქვენი ნიჭი გამოეპარება და ყველანაირად გაიძულებთ კომფორტის ზონიდან გამობრძანდეთ და თქვენი ოცნებების ასრულებისთვის იბრძოლოთ, ჰოდა, რა გინდათ? უფასო ექსპერტები და ექსტრასენსები ქუჩაში კი არ ყრია? მშვილდოსანი დაქალი სასჯელია თუ ღვთის საჩუქარი კარგა ხანს ვერ გაარკვევთ. ხან ისეთი საყვარელია მთელს ქვეყანას გააგებინებს როგორი კარგი ჰყავხართ, ხან კიდევ საჯაროდ გამოგიცხადებთ – რას ჰგავხარ, შე უბედურო, სალონში იყავი თუ ომშიო… ეს ის ტიპია, ფეხს რო წაიკრავთ, ჯერ მაგრად რომ იცინებს და მერე რომ გამოგიწვდით ხელს ასაყენებლად… იუმორის გრძნობა თუ არ გაქვთ, მალე სოციალურ ქსელში საკუთარი თავი შეიძლება წაიშალოთ მისი არაადექვატური კომენტარების გადამკიდე. განა საწყენად გეუბნებათ… ასე ფიქრობს და რა ქნას?.. მოგატყუოთ? ისედაც იმდენ რამეზე ფიქრობს, ახლა კიდევ მაგაზე ადარდე. აწიე ერთი ადგილი და წამო, სადმე წავიდეთ, ქალაქიდან გავიდეთ, ამ ვიკენდზე ვიპიკნიკოთ, იცი, რა მაგარი ტური ,,გაიჩითა” ნეპალში? აუ, წავიდეთ რა… იცი, მე რომ ვიყავი იაპონიაში… გერმანიასთან ვერც შევადარებ…აა, არა ეგენი ბუდისტები არ არიან.. იცი, მაგ ტომს ერთ უცნაური ჩვეულება აქვთ… მოკლედ, მეც იგივეს ვაკეთებ ახლა… ტვინს ვღუნავ… მაგრამ, მშვილდი არ ღუნავს, მართლა საინტერესო ამბებს ყვება და თანაც შესანიშნავი ორატორია, მერე რა თუ ქალწულივით ციფრებში და დეტალებში არ ახსოვს. მთავარი ხომ ეგ არ არის, მთავარია მას შუა კვირაში, ან გამოცდის წინა დღეს თქვენი კლუბში წასვლაზე დაყოლიება შეუძლია და ყველაფრის თავზე დამხობა შეუძლია. თხის რქა დაქალი დაქალის კი არა დის პოსტზეც კი მენეჯერად გრძნობს თავს. შვილებსაც ასე ზრდის – თანამშრომლებივით, ხოდა სიყვარულის ბუშტი როდესმე გაუსკდება და ემოციებს გამოხატავსო, ნუ დაელოდებით. თუმცა რას გიხსნით, მთელმა სადაქალომ არ იცით ცოტა ,,მუდაკი” როა? იგი ცოტა ცივია, თუნდაც პირად რუკაში სხვა ნიშნების გავლენა ჰქონდეს და ,,ლაითი” თხის რქა გახლდეთ, მაინც გარკვეულ დისტანიას ინარჩუნებს ურთიერთობაში. ამიტომ შეიძლება იფიქროთ ყველაფრის ბოლომდე მოყოლა არ ღირს, ცოტა უნდა ვაკონტროლო რას ვამბობო, მაგრამ ცდებით, მას ყველანაირი სისულელის გაგება და ბუნებრივად მოსმენა შეუძლია. დიდი-დიდი თქვენზე შთაბეჭდილება წაუხდეს და სულელად ჩაგთვალოთ. როცა ხუმრობს, თავის ხუმრობებზე ხშირად მარტო თვითონ კვდება სიცილით, ხუმრობის ობიექტს კიდევ შეიძლება სახეზე ღიმილი შეეყინოს, რაღაცნაირი იუმორის გრძნობა აქვს. სამაგიეროდ, ყოველთვის ზუსტად იცის თქვენ სად, როგორ უნდა მოიქცეთ, როდის რა თქვათ, სად რა ჩაიცვათ და ვისთან როგორი ურთიერთობა გქონდეთ. იგი თქვენს სადაქალოში თითქოს ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე უფროსია, თუნდაც ასაკით უმცროსი იყოს. მას ყველა ენდობა, ყველა პატივს სცემს, იმიჯი აქვს – თითქოს არასოდეს უშვებს შეცდომებს და ბრახ… უცებ ისეთი გაუგონარი სისულელე შეიძლება გააკეთოს და ისე სიცილით მოგიყვეთ მერე ამის შესახებ, გაღიმებული დარჩებით და მთლიანად შეგეცვლებათ მასზე წარმოდგენა. მერწყული დაქალი – ერთი მაინც თუ არ გყავთ სადაქალოში, ჩათვალეთ სამეგობრო არ გყოლიათ, თქვენ ალბათ იცით მერწყული მეგობრობის ნიშანია, მაგრამ მეგობრობის გარდა მისი მმართველი ურანი ყველანაირ ნორმიდან გადახრას მართავს, ყველანაირ სიგიჟეს და არანორმალურობას. ხოდა, აბა, სიგიჟის, არანორმალურობის, არაორდინალურობის გარეშე რა მოსაწყენები იქნებით, რა ნიშნებიც არ უნდა იყოთ თავშეყრილი, წარმოგიდგენიათ? მან შეიძლება ერთ დღეს საკუთარ ეზოში დაჭერილი და თავისი ხელით შემწვარი ლოკოკინები მოგართვათ ვახშმად და მერე ტაროს კარტი გაგიშალოთ. ,,ეს როდისღა ისწავლა?” არაუშავს, შეეჩვევით, წლების მეგობრები რომ იყოთ, კიდევ ბევრჯერ მოახერხებს თქვენს გაოცებას. მას უამრავი მეგობარი ჰყავს, ყველა ძალიან უყვარს, ზოგადად ადამიანების მიმართ ყველაზე მეტად დადებითად განწყობილი ნიშანია, მაგრამ არც ისე გულღიაა, როგორც გეჩვენებათ. მას ემოციური დონეზე გახსნა საკმაოდ უჭირს, ემოციური დამოკიდებულებების შიშის გამო, ძალიან ახლოს არავის უშვებს, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის შუაღამეზე მხოლოდ და მხოლოდ ფროიდზე სასასუბროდ გეწვიოთ. ჰოდა, თუ მის სულში ხელების ფათურს არ დაიწყებთ და ცოტა პირად სივრცესაც დაუტოვებთ, როცა დაგჭირდებათ და რამდენიც დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ეჭვგარეშე გეიმედებოდეთ, მიუხედავად მისი არაპროგნოზირებადობისა. თევზები დაქალი დაქალი კი არა მონათესავე სულია. იგი კილომეტრების დაშორებით გრძნობს როგორ ხასიათზე ხართ და როცა ტელეფონზე ურეკავთ, წინასწარვე იცის რა თემაზე აპირებთ მასთან საუბარს, გუშინ სიზმარში გნახათ, ან რა ვიცი, ხილვა ჰქონდა. მოკლედ, ძალიან ასტრალშია და მისთვის საყოფაცხოვრებო საკითხებზე რჩევის კითხვას არ გირჩევთ, მაგრად დაიბნევა, თუ რამე სიზმრების გასაშიფრად შეგიძლიათ შეაწუხოთ, კარგი ფსიქოანალიტიკოსივით აგიხსნით რა გჭირთ. მან არასოდეს იცის რა ჭამოს, რა ჩაიცვას, სად წავიდეს, რა ქნას, მთლიანად თქვენზეა მონდობილი, მაგრამ ყველაფერი უხარია, რასაც თქვენთან ერთად აკეთებს. ხანდახან გეჩვენებათ რომ მისთვის ყველაფერი სულერთია და თან არაფერია სულერთი. დიდი უცნაური ნიშანია, ასტროლოგებსაც კი აბნევს. შეუძლია გაპატიოთ მის მოკვლას რომ აპირებდით და არ გაპატიოთ, მესამე დღეა რომ არ დაგირეკავთ მისთვის. ისე მაგრად გაგიგებთ, სხვა ვერცერთი ნიშანი რომ ვერ გაგიგებთ და ყოველთვის მზად არის თავისი მხარი შემოგთავაზოთ საქვითინოდ, თუმცა საუბედუროდ, ზუსტად ისევე გითანაგრძობთ, როგორც ქუჩის უბედურ ძაღლებს უთანაგრძობს და ერთხელ შეიძლება ძალიან რომ გჭირდებოდეთ, რომელიღაც მისი ამ თვისებით ბოროტად მოსარგებლე შანტაჟისტს გადაჰყვეს თავზე და თქვენ კი არა საკუთარი თავი დაივიწყდეს. თქვენ გამუდმებით მოგიწევთ მისი ღრუბლებიდან ჩამოთრევა და მერე მიწაზე დახეთქებულისთვის იარების მოშუშება, მაგრამ სამაგიეროდ სად ნახავთ სხვას ამქვეყნად ისეთს, მზად იყოს თქვენთან ერთად მოიკლას თავი? ასეთი მარტო თქვენ გყავთ, ჰოდა, შეიღირსიეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.