შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადები (სრულად)


9-05-2024, 22:41
ავტორი nestandarejan
ნანახია 11 222

სანამ კითხვას დაიწყებთ, მინდა იცოდეთ, რომ ისტორიაში გამოყენებული ყველა ფაქტი და პერსონაჟი ავტორის ფანტაზიის ნაყოფია და არ შეესაბამება სინამდვილეს.

თავი პირველი
მუხბე
ბნელდებოდა. მარჯნისფერი რიდით შემოსილიყვნენ ჭაღარა მყინვარები და გარემოსაც სილურჯე ქურდივით ეპარებოდა, ხის კორომებში ღრმად ჩასახლებულ სოფლის გზაზე ფარებანთებული შავი მანქანა რომ შემოხრიგინდა.
ერთადერთი მგზავრი პირველივე მოსახლის ჭიშკართან ჩამოსვა და უკან სწრაფადვე გაბრუნდა. გაქცეულს დაემგვანა სოფელს ნაჩქარევად გარიდებული მანქანა.
მაღალმა სხეულმა მხარზე მოიგდო ერთადერთი ზურგჩანთა და გარემოს შეყრილი წარბებით გახედა. აშკარად ეტყობოდა, აქ მოსვლა დიდად რომ არ უნდოდა, მეტიც - ეჯავრებოდა კიდეც ეს ადგილი, სახლები, მაღალ-მაღალი, ამაყი კოშკები, მთები და გზებზე უმისამართოდ მიყრილი ქვებიც კი, იმის მიუხედავად, რომ აქამდე ამ სოფელში არც არასდროს ყოფილა.
ინსტიქტურად გაუყვა დაკლაკნილ გზას, სად მიდიოდა, ისიც კი არ იცოდა ნორმალურად. საკუთარი ფეხსაცმლის წვერებს უყურებდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, რამე ისეთი რომ არ მოხვედროდა თვალში, რაც უარესად გაუფუჭებდა გუნებას.
ციოდა, მთებზე ჩამოწოლილი ნისლი ნელ-ნელა სოფელსაც უახლოვდებოდა. წეღან თბილი დაისით არ ამაყობდა აქაურობა? ეს ნისლი ასე უცებ საიდან მოვიდა...
მესამე მოსახლემ მალევე გამოაღო სახლის კარი. ეზოში მიწოლილი ნაგაზები მაშინვე ფეხებზე აეტორღიალნენ კაცს, მისგან აშკარად მოფერებას და ყურადღებას იყვნენ ნაჩვევნი და როდესაც დაყვირებით მოიშორა პატრონმა, გულმოსულები გაძანძალდნენ სახლის უკან.
ჭიშკარი გამოაღო ივამ და ჯერ წარბებშეყრილმა გახედა კარგა ხნის უნახავ მეგობარს, შემდეგ კი ფართოდ გაშალა მკლავები და გადაეხვია მოსულს.
ერთადერთი ოჯახი იყო ხორგუანების, სადაც მიესვლებოდა ამ სოფელში ფილფანების გვარის ჩამომავალს.
-მეგონა, გადაიფიქრე და გაბრუნდი. -ზურგზე მაგრად შემოარტყა ხელი ერთი-ორჯერ ლუკას. კარგად დააკვირდა მის გაგულგრილებულ სახეს, არცერთი ემოცია რომ არ ემეტებოდა აქაურობისათვის. -საძებნელად გამოვდიოდი უკვე.
-ისედაც ყველა მე დამეძებს, შენც აღარ დაგამატებ მაგათ სიაში.. -ცალი ხელი გადახვია მეგობარს ლუკამ.
იღიმოდა, მაგრამ სიხარული არ ემჩნეოდა სახეზე. მძიმედ დააბიჯებდა იმ მიწაზე, სადაც სასურველი დიდი ხანია აღარ იყო მისი ოჯახი. ფოთლის ყველა გაშრიალება ახსენებდა ამას.
ორსართულიანი სახლი ედგათ ეზოში ხორგუანებს, რომელსაც გვერდს მაღალი საგვარეულო კოშკი უმშვენებდა. შინ შევიდნენ თუ არა, ლამაზი სახის ქალი შემოეგება მოსულს. დიდ ხანს ელოდა თამარა ლუკას აქ ნახვას. ერთი-ორჯერ კი მოინახულა ქალაქში, მაგრამ როცა შეატყო ერეკლეს, არ სიამოვნებდა მისი მხრიდან ყურადღება, აღარ შეუწუხებია ოჯახი. ყოველთვის იცოდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა ელისოს შვილი ამ სოფელში. მიზეზს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარია ისევ ენახა თავისი ერთადერთი მეგობრის ყველაზე ძვირფასი დანატოვარი.
შავოსანი ქალის დანახვისას შინაგანად შეცბა ლუკა ფილფანი, თუმცა არ დასტყობია არაფერი. ისეთი სიყვარულით შემოჰყურებდნენ თამარას თვალები, რომ მოარიდა მზერა.
დაუმსახურებელმა სითბომ აუწვა შუბლი. არ იყო ნაჩვევი უანგარო სიყვარულს ლუკა. ეხამუშა კიდეც როცა მიხვდა, ვის გამოც გაუნაწილა თამარამ თავისი შვილისთვის კუთვნილი დედაშვილური გრძნობა. ელისო.
-რამხელა კაცი ხარ! -მხრებზე დაალაგა ქალმა ხელები და ამაყად შეხედა თვალებში ბიჭს, თითქოს მოეწონა ის, ვინც დაინახა. -როგორი კარგი...
კიდევ უნდოდა თამარას რაღაცის თქმა, მაგრამ არ იყო იმის დრო და ადგილი, ამიტომაც ჩაყლაპა ცრემლები.
-მოდი, მოდი! -ჩანთა ხელიდან აართვა ივამ, მხნედ შემოსცხო ხელი მეგობარს ზურგზე და საგულდაგულოდ გაშლილ მაგიდასთან მიიპატიჟა.
-ყველაფერი მოგიმზადეთ, დედა! -უცებ გარდაიქმნა დიასახლისად თამარა. საქმიანად დაიწყო ფუსფუსი. -ღვინო! დამვიწყებია...
-დედა, შენ როდის მერე მოგქონდა ღვინო სუფრაზე, -მშვიდად აართვა დოქი ხელიდან ქალს და თავით ანიშნა ლუკას, გამომყევიო ამოსაღებად.
სახლის უკანა მხარეს გავიდნენ, მარნის და საკუჭნაოს ნაზავი იყო ის ოთახი, სადაც საოცარი წესრიგით ელაგა ზამთრისთვის გამზადებელი საჭმელ-სასმელი.
-რა ხდება, არის რამე სიახლე? -ჰკითხა ივამ. მაგიდაზე ჩამოდგა დოქი და მკაცრი თვალებით მოუბრუნდა მეგობარს. -რამ გადაგაწყვეტინა მაინც აქ მოსვლა, ლუკა..
-ნინომ. -მშვიდად გააჟღერა დედინაცვლის სახელი.
ივასთან არაფერი ჰქონდა დასამალავი, ყველაფერი იცოდა ისედაც, მათ შორის ისიც, უკანასკნელი ადგილი რომ იყო ეს სოფელი, სადაც ყოფნა უნდოდა.
-ნინომ მთხოვა. -დაამატა და დოქში ჩაღვრილ წითელ სითხეს უღიმღამოდ გააყოლა ცარიელი მზერა. -წადი, სანამ ყველაფერი დალაგდებაო. ხოდა, წამოვედი.
-აქამდე რომ გაგეგონა მაგ ქალის ნათქვამი, არ გაყოფდი მაგხელა შარში თავს. -დაუნდობლად მიახალა სიმართლე. არც ივა უმალავდა ლუკას არაფერს, სათქმელ სიმართლეს კი ყველაფერზე მეტად. -მაგრამ მერე ვინ მოიცლიდა თავქარიანობისთვის...
-მოვისმინე უკვე ეგ, -ჩაეცინა ფილფანს. თანაც მერამდენედ, მაგრამ ივასგან მოსმენილი სულ სხვა იყო მაინც.
-ტვინამდე თუ მივიდა მერე, -საფეთქელზე მიუკაკუნა თითები ივამ. გულზე დაიკრიფა ხელები და წელით მიეყრდნო იმ მაგიდას, სადაც ღვინით სავსე დოქი იდგა. -შენ ხომ იცი, ამ სოფელში ყველა შეგიფარებს...
-კაი ერთი, -ირონიულად ჩაიფრუტუნა, ფანჯრიდან მოავლო თვალი სიმწვანეში ჩაფლულ სახლებსა და კოშკებს. ვერაფერს გრძნობდა. ვერც ნდობას აქაურობის მიმართ. -ამათ რამე დაავიწყდებათ? არამგონია რაღაც.
-დავიწყებით არ დაავიწყდებათ, ნუ გექნება მაგის მოლოდინი, მაგრამ შენ არავინ გაგიმეტებს უსამართლო სასჯელისთვის, ეს იცოდე. აქაურების იმედი სულ შეგიძლია გქონდეს. ყველასი. -გარკვევით დაამატა ბოლოს.
-კაი რა. იმათი განსაკუთრებით ხო? -თავი უმისამართოდ აიქნია ლუკამ. -თუ ეგრეა, შენს სახლში კი არა, იმათთან უნდა ვათევდე ახლა ღამეს.
-თუ გინდა მიდი, არ გამოგაგდებენ. -ზანტად აპრიხა ივამ ტუჩის კუთხე, თავით ანიშნა მერე, გავიდეთო სუფრასთან.
-მეღადავე ხო, რა გენაღვლება..
-ფრთხილად იყავი შენ. გულგრილობას აქ არავინ მოგითმენს. მე კი გიცნობ და ვიცი, რა კაციც ხარ სინამდვილეში, ამათთვის ჯერ კიდევ დასანახვებელი გაქვს ეგ ამბავი. -მკაცრად განუმარტა ყველაფერი. -სოფელშიც მოგიწევს გამოჩენა, მე შენს დამალვას არ ვაპირებ აქაურებთან.
-ერთი საათით მაინც შეგენახა ჩემი აქ მოსვლის საიდუმლო, რა ვიცი, ცა და დედამიწა მე მეძებს...
-აქ ვერავინ გიპოვის. და არც ხმა გავა აქედან. მე ამ სოფელს ვენდობი და სოფელიც მენდობა, ლუკა. -შავი თვალები გაუსწორა, არ ხუმრობდა.
-როგორც შენ გინდა. ჩემთვის სულ ერთია.
თავი გადააქნია ივამ. მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავდა ამ ბიჭისთვის რამის შესმენის მცდელობა. გაუგონარი იყო, მაგრამ მაინც ძალიან უყვარდა ხორგუანს.
ლუკასთვის მართლაც ყველაფერი სულ ერთი იყო უკვე.
*
სოფელი ლუკა ფილფანის სახელმა და გვარმა ზუსტად ისე აალაპარაკა და ააღელვა, როგორც მაშინ, პირველად რომ ჩაისუნთქა აქაური ჰაერი და სოფლის ბოლოს მდგარი სახლი, ახლა რომ ფერფლად ქცეულიყო, ხმამაღალი ტირილით გააყრუა. სიმშვიდე წაართვა ბევრ ოჯახს მისმა დაბადებამ. არც კი აღუნიშნავთ ფილფანების პირველი ვაჟი. ასეთი რაღაც პირველად და იმედია, უკანასკნელადაც მაშინ მოხდა ამ სოფელში. ვაჟკაცის დაბადებას პირველად შეხვდა მთელი სოფელი დუმილით, სადღეგრძელოებისა და ცეკვა-სიმღერის გარეშე.
ოცდახუთი წლის შემდეგ, როცა ისევ გამოჩნდა იფარელების ცხოვრებაში ლუკა ფილფანი, სუნთქვა შეიკრა მთელმა სოფელმა. ყველას თვალები ერთი სახლისკენ იყო მიმართული. იმ სახლში ცხოვრობდნენ გაბულდანები. - ლუკას დედის, ელისოს ოჯახი.
ყველა მათგან ელოდა ნაბიჯს, რომ გადაეწყვიტათ როგორ მიეღოთ დიდი ხნის დაკარგული შვილი. თუმცა აშკარა იყო ისედაც ყველაფერი, ლუკა ხორგუანებში ათევდა ღამეს.
ხორგუანებს კი დიდ პატივს სცემდნენ იფარში. ორი ძმის სახლს ერთი ღობე ყოფდა, თუმცა საერთო საგვარეულო კოშკი აერთიანებდა და ამაყად გამოარჩევდა ყველასგან. ისე იცხოვრეს ნერსემ და ოთარმა, ძმებს შორის ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გაჟღერებულა არასოდეს. შვილებიც ასე გაზარდეს. ნერსეს ბიჭი ჰყავდა - ივა, ოთარს კი პატარა და წლების ნანატრი ქალიშვილი - ლაილა. თითით საჩვენებელი ოჯახები იყვნენ და დანატოვარიც ასეთივე პატივსაცემი ჰყავდათ. ივა პატრონობდა დაქვრივებულ დედასაც, ბიცოლასაც და დასავით საყვარელ ლაილასაც.
ყველას უყვარდა ნერსეს ვაჟი, სამაგალითო, ტრადიციების დამცველი, მართალი და სამართლიანი კაცი ივა. ბევრი ეკითხებოდა მას აზრს ამ სოფელში, ახალგაზრდაც და მოხუციც, ამიტომაც არავინ ამოიღო ხმა, როდესაც ლუკა ფილფანის სტუმრობა გააჟღერა თამამად სოფელში.
ალბათ, ასე არის საჭიროო ჩათვალეს და თუმცა სიმშვიდე ყველას ძილს წაერთვა, პრეტენზია არავის გამოუხატავს.
სანადიროდ წაიყოლა დილაადრიან ქალაქიდან გამოქცეული ფილფანი ივამ. თავისი თოფი აჰკიდა მხარზე და თავაწეულები გამოვიდნენ ქუჩაში.
-დიდ ხანს არ გავჩერდები აქ, -უკმაყოფილოდ მოავლო მზერა სოფელს.
ყველაფერი მშვენიერი იყო ირგვლივ. ასეთს ვერსად ნახავდა სხვაგან, მაგრამ მაინც არ მიუწევდა გული აქაურობისკენ. ეს სოფელი ახსენებდა იმას, რის დავიწყებასაც წარუმატებლად შეალია მთელი ცხოვრება.
-რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, გაჩერდები. -საცალფეხო ბილიკს შეუყვნენ ტყეში.
უფრო აცივდა, მაგრამ ჰაერი მეტად თავისუფლად ჩაისუნთქა ლუკამ. აქ ვერ აღწევდა ხალხის მზერა. გრძნობდა, რომ ყველა აკვირდებოდა, მაგრამ დიდად არ ადარდებდა ეს ამბავი, არც საკუთარი ფესვები ღრმად რომ იყო გადგმული ამ მიწაში და ყოველი ნაბიჯის დადგმისას ახსენებდა თავს.
-ასეთი ზიზღით ნუ უყურებ ყველაფერს, არ მსიამოვნებს. -მერამდენედ მისცა უკვე ეს შენიშვნა ერთი დღის განმავლობაში, ვინ იცის.
-ნუ გამიხურე რა, -სახე მოეჭყანა უკმაყოფილოდ ლუკას, -მაინც ვერ შევიყვარებ აქაურობას.
-ქალაქმა რით შეგაყვარა თავი?
-იქ გავიზარდე, იქაურობამ შემიფარა..
-იქაურობას არ ადარდებს, ვინ ხარ, უბრალოდ. -ზუსტად ისე საუბრობდა ივა ქალაქზე, როგორი თვალებითაც ლუკა ათვალიერებდა ამ ტყეებს. -შენნაირად აძლევს საცხოვრებელს ყველას, მაგრამ შეფარებულის შენ არაფერი გეტყობა. აქაურობა სულ სხვაა..
-ჩამოდი ერთხელ კიდევ და განახებ, როგორია ქალაქური ცხოვრება. -მხარი ეშმაკური ღიმილით გაჰკრა დასერიოზულებულ ხორგუანს.
-ვხედავ კარგად შენი ქალაქური ცხოვრების შედეგს, -ცალი თვალით მოათვალიერა გვერდით ამომდგარი სხეული, -რამდენი დანა ჩაგარტყეს ზურგში, თუ დაითვალე მაინც.. რამდენის უფლება მიეცი საკუთარ თავს მაგ შენს ქალაქში, თუ გიფიქრია საერთოდ? დაგავიწყდა ვინ ხარ.
-ჩაგერთო დათა თუთაშხიას რეჟიმი?-თვალები აატრიალა ლუკამ. -რომ წავალ, წაგიყოლებ, გაგატარებ, გამოგატარებ, გაზიარებ თავისუფლებას..
-რა გეშველება, -ხმამაღლა გადაიხარხარა ივამ, -შენ რა იცი თავისუფლების, ლუკა...
-რა მჭირს საშველი? ეს მთები და ეს ხალხი მე არასდროს მიმიღებს, ეს ტრადიციების პატივისცემა გაბრმავებთ... გბოჭავთ... ეს არის თავისუფლება?
-თავისუფლება ნამუსის სიმშვიდეა და არა იმის კეთება, რაც მოგეპრიანება, როცა სინდისის ხმა აღარ გესმის. გაქვს შენ ნამუსი მშვიდად?
-ძალიან მშვიდადაა ჩემი ნამუსი, -უდარდელად ამოილაპარაკა, ჩრდილოეთით გაფრენილ ჩიტს გააყოლა მოჭუტული მწვანე თვალები. -შენიც დამშვიდდეს. არ შეგარცხვენ.
-ახლა მართლა დაგაჯენ ამ ტყვიას შუბლში. -ერთ ადგილას გაჩერდა ხორგუანი და მკაცრად ახედა მეგობარს, არ უყვარდა ასეთი ხუმრობა. -და გადაეჩვიე მაგ გულგრილ ლაპარაკს, მოგხვდება მაგრად იცოდე.
თავი გადააქნია ლუკამ. ვერაფერს გამოაპარებდა ამ კაცს, ამიტომაც უკვირდა გულის სიღრმეში სიყვარული მისგან. ყველაფერს რომ ამჩნევდა მასში და მაინც შეეძლო ყვარებოდა.

საღამოხანს დაბრუნდნენ სოფელში ბიჭები. ფეხაწყობილები მოაბიჯებდნენ ვიწრო შარაგზაზე და ხმადაბლა საუბრობდნენ ერთმანეთში. წინ იყურებოდა ლუკა ცარიელი თვალებით. ამ სოფელში ყველა სახლს და კოშკს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ერთი იყო მისთვის ყველაფერი. არ აინტერესებდა.
ნახევარი გზა უკვე გავლილი ჰქონდათ, ერთი ჭიშკარი რომ გაიღო ჭრიალით და თხუთმეტიოდე წლის შავტუხა გოგო გამოვიდა იქედან თეთრი კაბის ფრიალით. გზის გადაჭრა და მეზობელთან გადასვლა უნდოდა, პირდაპირ რომ შეეჩეხა ბიჭებს. ერთ ადგილას გაშეშდა. ხომ იცოდა, ვინც ჩამოვიდა ამ სოფელში, ვინც დაუკარგა მის ოჯახს სიმშვიდე და მოსვენება, უცებ რომ გადაეყარა ივას გვერდით მდგომს მამიდაშვილს, გაშეშდა ერთ ადგილას.
მიხვდა, რომ ის იყო ლუკა ფილფანი. მაღალი, მხრებგაშლილი ბიჭი, ხშირ წამწამებში მომზირალი მწვანე თვალებით, დაბალი თმითა და წვერით, სწორი, მტრულად შეყრილი წარბებით, ძალიან რომ მიამგვანა მამამისს იმ წამს. დაიძაბა გოგო, ვეღარ გაეგო, რა უნდა ექნა.
-გამარჯობა, ივა. -მეზობელს მიესალმა დამორცხვებით და თვალი გააპარა ლუკასკენაც.
-რაო, ტატა, როგორ ხარ? -თვალი ჩაუკრა მანაც გაბულდანების ქალიშვილს.
ლუკა იდგა ერთ ადგილას და დიდად არ ანაღვლებდა, ვინ იყო ეს გოგო და რატომ უყურებდა ასე დაჟინებით. არადა, მაშინვე მიხვდა, ვინც ედგა წინ. ერთი გულგრილი მზერისა და თავის დაკვრის მეტი არ გაუმეტებია მისთვის არაფერი.
-არამიშავს. -ლოყები გაუწითლდა ტატას. პირველ ნაბიჯს ელოდა ლუკასგან, მაგრამ ისე დასწყვიტა გული თავისი სიცარიელით, რომ ვერც თვითონ გამოიჩინა ინიციატივა. -თავად? ლაი როდის ჩამოვა?
-ამ დღეებში. -ხმის სიცივეზე დაეტყო ივას, ლუკასკენ რომ იყო მიმართული მისი მბრალდებლური ტონი, -ეს არის ლუკა.
-მივხვდი. -მტრული მზერა დაუბრუნა მამიდაშვილს ტატამაც. გაეცინა ლუკას. -კარგი, აბა, წავედი მე. ლაი რომ ჩამოვა, მესტუმროს. მოიწყინა სოფელმა მის გარეშე.
-რას ჰგავს შენი საქციელი? -გამეხებული მზერა გაისროლა ივამ ფილფანისკენ, როცა ტატა მეზობლის ეზოში მიიმალა და ისინიც გვარიანად გასცდნენ იქაურობას. -როგორ შეხვდი ბავშვს?
-რა გინდა ახლა, ავდგე და ყველას პირზე კოცნით შევხვდე? -არც ლუკამ დააკლო სიმკაცრე ხმას. მართლა გაუკვირდა, ვერ ხვდებოდა, რას ელოდნენ მისგან.
-წესიერად შეხვდი იმას, ვინც იმსახურებს შენგან წესიერად მოქცევას.
-შენი ოჯახის გარდა იმსახურებს ვინმე? -მზერა გაუსწორა. -აქ არავისთან შესარიგებლად არ მოვსულვარ, არც დავიწყებული ნათესავების დაბრუნება მინდა. არ მაინტერესებს არავინ და არაფერი, რატომ არ გესმის?
-მაგრად გცემ ერთხელაც. -ბრაზი შეერია ხმაში ივას. -ბავშვი რა შუაშია? ვერ დაინახე, როგორ გიყურებდა?
-ვერა. -უღიმღამოდ წაილაპარაკა ლუკამ.
ეზოში შეაბიჯეს განსხვავებული ემოციებით დამძიმებულებმა.
-ამ სოფელში კაცი არ მიცემია და შენ უნდა იყო პირველი? -იარაღი მოიხსნა მხრიდან, კარის გვერდზე მიაყუდეს შემოსასვლელში.
-შენც ნუ გაიტეხავ სახელს ჩემ გამო ამ სოფელში. ხო იცი, როგორც ხდება ხოლმე მერე, მოგკვეთავენ თემიდან.
თავი გადააქნია ივამ. მართლა არ იქნებოდა ამ ბიჭის საშველი. სულ ტყუილად ჰქონდა მისი მთისკენ, საკუთარი სახლ-კარისა და ფესვებისკენ მობრუნების იმედი. გადაგვარებულიყო, ბოლომდე წასულა ხელიდან იმ თავის ქალაქში.
აღარაფერი უთხრა საერთოდ ხორგუანმა. ხომ გარდაუვალი იყო მშობელი დედის ნათესავებთან შეხვედრა, მაგრამ მაინც არ ეგონა ტატასთვისაც თუ ვერ გამონახავდა ერთ თბილ გრძნობას, ნორმალური გამარჯობა მაინც რომ ეთქვა.
არც სისხლის ყივილის ხმა არ ისმოდა როგორც ჩანს იმ თავის ქალაქში, ასე ძალიან რომ უყვარდა ლუკა ფილფანს.
თავისი ოთახისკენ მიმავალს თვალი გააყოლა მშვიდად. ძალიან ჰგავდა სიარულის მანერით ბიძამისს, მინდია გაბულდანს. ეს რომ ხმამაღლა გაემხილა, საერთოდ აღარ გაივლიდა ალბათ მის თვალწინ ეს ჯიუტი ბიჭი.

ხუთი წლის იყო ივა ხორგუანი, ლუკა რომ დაიბადა სოფლის ბოლოში.
მალევე ჩაიცვა თამარამ შავები და მთელი დღეები დაუსრულებლად ტიროდა. ვერაფრით გაეგო ივას, რა მოხდა ასეთი, დედა რომ ასე განიცდიდა.
თურმე ამ ბავშვის დაბადებას გადაჰყოლია ახალგაზრდა ქალი, ელისო. ისე დაკრძალეს, ხმამაღლა არავის დაუტირია თამარას გარდა გარდაცვლილი. დასავით იყო მისთვის ელისო.
მერე სოფელს სიმშვიდე წაერთვა. სულ ჩხუბის და არეულობის გამო უწევდა ნერსეს სახლიდან გავარდნა და ერთმანეთზე გადაკიდებული მეზობლების გაშველება. მალე დაიწვა ფილფანების სახლი და ისინიც სამუდამოდ გაქრნენ სოფლიდან. ერთი წელი გავიდა თუ არა, ქალაქელი ცოლი შეირთო ერეკლე ფილფანმა. ნინო.
ისე გავიდა ოცდაოთხი წელი, არცერთ ფილფანს არ დაუდგამს ფეხი იფარში. არავის დავიწყებია მათი ამბავი, მათი სახლის ფერფლის სუნს არ დაუტოვებია იქაურობა, მაგრამ შეეგუვნენ როგორღაც.
ლუკა რომ დაბრუნდა, გამოიღვიძა სოფელში მიძინებულმა ტრაგედიამ. ყველას განუახლდა არეულობის მოლოდინი... ის, რაც ასე ახასიათებდათ ფილფანებს.
სოფელში ნელა გადიოდა დრო. აქ არაფერი ჰქონდა საქმე ლუკას. არც ტელეფონი იჭერდა ნორმალურად, ვინმეს რომ დალაპარაკებოდა. ხან ივას ეხმარებოდა, ხან თამარას სახლის საქმეებში. შეშას მოათრევდა ტყიდან და ჩეხავდა.
ენერგიას რომ ხარჯავდა, ისე ძალიან აღარ იყო დაძაბული და მოუსვენარი.
ივა ქალაქში ჩავიდა საყიდლებზე, თამარაც მეზობელთან გავიდა ყავის დასალევად და მარტო დარჩენილმა ისევ სახლის კუთხისკენ გასწია, სადაც ნაჯახი და უზარმაზარი მორი ეგულებოდა შეშის დასაჩეხად.
კარგად იყო გართული საქმიანობით, ცისფერმა კაბამ რომ გაიელვა მეზობელ ეზოში და ხეებს მიეფარა. თავიდან იფიქრა, რომ მოეჩვენა, მაგრამ აშკარად იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა, მაისური გადაიცვა ოფლით დაცვარულ სხეულზე და შუბლი ხელის ზურგით შეიწმინდა.
-დაგინახე, -დაილაპარაკა ხორგუანების მეორე სახლის მიმართულებით. იქ, სადაც ივას ბიცოლა და ბიძაშვილი ცხოვრობდნენ. -ვერ იმალები რაღაც კარგად.
-უკაცრავად? -ქალის ნარნარა ხმა გამოეპასუხა იქედან. ჰამაკში იწვა და წიგნს კითხულობდა, თავი წამოსწია, უცხო სხეული რომ შეეთვალიერებინა ბიძაშვილის ეზოში. -მე მეუბნები?
-ჰო, შენ გელაპარაკები. -მიმართა გაოცებულ გოგოს და ნაჯახი დაუშვა.
წამოდგა ისიც, გამართა ცისფერ კაბაში გამოწყობილი საშუალო სიმაღლის სხეული. მოღერებულ გულ-მკერდზე სცემდა შავი კულულები და თვალისმომჭრელ კონტრასტს ქმნიდა მისი მუქი წამწამები და თმა თეთრ კანთან.
გრძელი, შავი წარბები შეყარა. აქაურობისთვის დამახასიათებელი სიმკაცრე გამოამჟღავნა ერთი გამოხედვით.
მოათვალიერა კარგად გოგონა ლუკამ და ამგვარი მოურიდებლობით გამოიწვია კიდეც სიბრაზე ქალის თვალებში, თუმცა მას მაინც არ უთქვამს ხმამაღლა არაფერი.
ასეთ სანახაობას არასდროს შესწრებია ლაილა. როგორი იყო ეს ბიჭი? ამ სიცივეში ვინ ჩეხავდა შეშას შიშველი, ან უცხო ქალს ვინ უყურებდა ასეთი უტეხი თვალებით?
-რა გინდა? -სიუხეშე საუკეთესო გამოსავლად მოეჩვენა, არადა, არ იყო ასეთი ლაილა. ტკბილ ხმაზე ეტყობოდა, რომ უხეშობა არ იყო მისი ბუნებრივი მდგომარეობა. სხვანაირად ვერ დაიცავდა თავს უბრალოდ ამისნაირი ბიჭისგან.
-მე კი არა შენ რა გინდა, რომ მიყურებ ჩუმად მაქედან? რა გაინტერესებს?
-ვინ ხარ? -კითხვაზე თავის არიდება სცადა. მიუახლოვდა და გამოჩნდა კარგად, ამ ბიჭს რომ არ ეფიქრა მართლა მითვალთვალებსო. -და რა გინდა ჩემი ბიძაშვილის ეზოში?
წარბები აზიდა ლუკამ. ჩაეცინა და ერთი ხელის მოქნევით დაასო ნაჯახის ვერცხლისფრად მოლაპლაპე პირი ხის უზარმაზარ კუნძს.
სხვა ვინ იქნებოდა აბა, თუ არა ის ლაილა, ტატამ რომ თქვა, სოფელი გამოყრუვდა მის გარეშეო, მაგრამ წამით თავს დააჯერა მაინც, რომ სხვა შეიძლება ყოფილიყო. თითქოს წამიერმა სურვილმა მოატყუა, რომ არ იქნებოდა ეს გოგო ივას ერთადერთი ბიძაშვილი.
-ვიმალები აქ. -მიუახლოვდა ლუკა და იდაყვებით ჩამოეყრდნო იმ ღობეს, ძმების ეზოებს რომ ერთმანეთისგან აცალკევებდა. კარგად დააკვირდა გოგოს ალმურავარდნილ სახეზე, მის თვალებზე რომ ცდილობდა კონცენტრირებას ლუკას მოშიშვლებული მხრებით დაბნეული.
-ვერ იმალები რაღაც კარგად. -ჩაეცინა ლაილასაც. გულზე გადაიჯვარედინა ხელები. უკვე გრძნობდა სხეულში აღძრულ სითბოს. -რატომ იმალები აქ?
პირდაპირ შეკითხვას არ მოელოდა მისგან ლუკა. წესიერად არც ივას უკითხავს, რა გააკეთა ასეთი, დასამალავი რომ გახდა, დრო მისცა, სანამ დალაგდებოდა ამ არეულობაში მოხვედრილი, მას კი არც მოერიდა.
-რატომ გაინტერესებს შენ? დამასმენ?
-არა, -მხრები აიჩეჩა გულგრილად და წიგნი დახურა. -თუ ივა ხელს გაფარებს, ესე იგი შეიძლება შენი გამართლება. მე ის მაინტერესებს, აქ რატომ იმალები მაინც და მაინც. იფარში.
-აქ ყველაზე ნაკლებად მომძებნიან და იმიტომ.
-რატომ? -ეჭვის თვალით გამოხედა ლაილამ. რაღაც არ მოსწონდა ამ ბიჭში და ვერ გაეგო, რა.
-შენ სულ ამდენ კითხვებს სვამ, თუ მე ვარ უკიდეგანოდ საინტერესო.. -თავი ოდნავ გადახარა წინ, ნახევარი სხეულით გოგონას ეზოში იყო უკვე.
ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ლაილამ. როგორ ლაპარაკობდა? ვის უბედავდა ასეთ სითამამეს? ივამ სახლში შეიფარა, ეს კიდევ რამდენის უფლებას აძლევდა თავს მისი ბიძაშვილის წინაშე?
უნდა გარიდებოდა ნამდვილად. მიხვდა ამას ლაილა და დაასაჩუქრა უნდობლობით ღობესთან მომდგარი სტუმარი.
-საინტერესო არა, მაგრამ ყეყეჩი კი ბრძანდები. -ჩუმად უთხრა. ხმამაღლა საყვედურის გაჟღერებისაც კი ერიდებოდა, მაგრამ ვერ მოუთმინა მაინც ამას თავხედობა.
ჩაეცინა ლუკას. მისმა გულგრილმა თვალებმა სულ გააგიჟეს ლაილა. ერთ წამში დაკარგა ის ნდობა ამ ბიჭმა, რაც ივას გამო აჩუქა ისედაც.
-ახ, არაუშავს. -ღობეს მოსცილდა ლუკა, თუმცა თვალებს არ აშორებდა მაინც ამ გოგოს. -მაპატიებ როგორმე.
აღარაფერი უთხრა ლაილამ. აღარ აჰყვა ცინიკურ საუბარში. ამ ჰაერის სუნთქვასაც კი არ იმსახურებდა მაშინ ლუკა ფილფანი, მისთვის რომ გეკითხათ.
-მიდი, სტუმარი მოგივიდა. -უღიმღამოდ მიანიშნა ღია ჭიშკარში შემოფარფატებული ტატასკენ. თავად კი გაბრუნდა და დაჩეხილი შეშა გადაფარებულში შეალაგა.
გოგონების ჩურჩული ესმოდა შორიდან, აშკარად მასზე საუბრობდნენ და თავი გადააქნია ერთი-ორჯერ მეტისმეტად გამოკვეთილად რომ გაიგონა თავისი სახელი.
საქმეს რომ მორჩა, თამარაც დაბრუნდა მეზობლისგან. თეფშით მოჰქონდა ორთქლავარდნილი კუბდარი.
-ეს რამდენი შეშა დაგიჩეხავს! -ღიმილით გახედა გადავსებულ სათავსოს და შემდეგ ლუკას, -მოგწყინდა აქ, ხო? წამოდი, კუბდარი მოგიკითხა მეზობელმა, გასინჯე.
-არ მშია, თამარა დეიდა... -მშვიდად იუარა. უბრალოდ არავის ყურადღების მიღება არ უნდოდა ამ სოფლიდან, არავის მზრუნველობა სჭირდებოდა.
-შემოდი ერთი შენ სახლში, -ხმა გაიმკაცრა ქალმა. ღიმილი ვერ შეიკავა ლუკამ ამაზე და თეფში ხელიდან აართვა კარებში გახიდულს.
მარტივად შეეჩვია თამარას. სითბოს და საყვედურს ერთნაირად ეუბნებოდა, რის გამოც უნებურად გაუჩნდა მის მიმართ ნდობისა და სითბოს შეგრძნება.
-დაჯექი მანდ. უნდა ვილაპარაკოთ. -მაგიდის ერთ თავში თავად დაჯდა ქალი, მეორისკენ ლუკას მიუთითა. -რატომ არ გადიხარ შენ სახლიდან?
-სად წავიდე? -მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა.
-რა იცი ჩვენზე, ლუკა? -ხელები ერთმანეთში ახლართა თამარამ. ისეთი მკაცრი ჰქონდა გამოხედვა, მაშინვე მიამსგავს ივა დედამისს.
გულში რაღაცამ გაკენწლა უსიამოვნოდ. ნინოში ხომ ვერაფრით იპოვა თვითონ საკუთარი თავი, რაიმე საერთო.
-ივასგან ვიცი თქვენს ოჯახზე.
-ჩემს ოჯახზე არ გელაპარაკები მე. სოფელზე გელაპარაკები. შენს ნათესავებზე. -თვალები უსიამოვნოდ მოარიდა ლუკამ. რომელ ნათესავებზე? ცხოვრებაში რომ არ ენახა? -ხო, რა იყო ერთი? არ გყავს აქ ნათესავები, თუ რა?
-რომ შემხვდეს რომელიმე, ვერც კი ვიცნობ, რა ნათესავებზეა ლაპარაკი საერთოდ.
-დედაშენზე გიყვებოდა მამაშენი? -ცივად ჰკითხა. -მან შეგაძულა ჩვენი თავი.
-მე არავინ მძულს. შენ მითუმეტეს, თამარა. -იმხელა სითბოთი უთხრა, თავი დამნაშავედაც კი იგრძნო ქალმა. ოდნავ გაულღვა ყინულოვანი თვალები. -არც ივა. დანარჩენები არ მადარდებს უბრალოდ.
-დედაშენი ჩემთვის უახლოესი ადამიანი იყო. -ეხამუშა ელისოს დედად მოხსენიება, მაგრამ არ შეუსწორა მაინც. არ უნდოდა ამ ქალის წყენინება და ყოფილიყო ისე, როგორც მას სურდა. -საუკეთესო მეგობარი. არ გაინტერესებს მასზე არაფერი? მისი საფლავი სად არის, არ გინდა ნახო? შენი ბიძაშვილები არ გაინტერესებს?
-არ მინდა. -თვალი გაუსწორა, უთხრა გულწრფელად. რა პირდაპირები იყვნენ ეს სვანი ქალები მაინც..
-ბებიაშენს უნდა შენი ნახვა.
აი, თურმე ვინ გამოუგზავნა ის კუბდარი. კიდევ კარგი, ხელი არ დააკარა. ტანში გააცია. ასეთი გამყინავი გრძნობა აქამდე არასდროს დაუფლებია მის სხეულს, არც ბებიის სითბო გამოუცდია ოდესმე.
-უნდა თუ მოუნდა? -სიგარეტს დაუწყო მაშინვე ჯიბეში ძებნა.
როგორც ჩანს, გარეთ დარჩა, ეზოში. შეშას რომ ჩეხავდა მაშინ ამოიღო და უკან დაბრუნება დავიწყებია. გაღიზიანდა.
-არაფერს გაძალებს, მაგრამ ცუდად არის. არ უნდა შენს უნახავად სიკვდილი.
-თამა, მე მაგ ხალხს არ ვიცნობ. -პირველად გაკრთა რაღაც გულწრფელი მის თვალებში. ასე შემოკლებულმა სახელმაც იმოქმედა ძალიან თამარაზე. მართლა ზედმეტს ითხოვდა ალბათ ამ ბიჭისგან. -თუ ნახვა უნდა, მოვიდეს. მე არავისთან ვაპირებ მისვლას. ჩემი არსებობა ოცდაოთხი წლის განმავლობაში არავის გახსენებია, ახლა რა შეიცვალა? აქ რომ ვარ, ახლოს, ეგაა მიზეზი? საერთოდ არ მინდა აქ ყოფნა. ციხე მირჩევნია ამ სოფელში, ამ ხალხში ყოფნას, მაგრამ არ ვარ დამნაშავე და სხვანაირად ვერ ვამტკიცებ ჯერ. ნინოც მეცოდება პატიმრის დედობისთვის.
სუნთქვა შეეკრა თამარას. სულ სხვა ქალს ეძახდა დედას. სხვა ქალი უყვარდა ისე, როგორც დედები უყვართ შვილებს. ელისო კი მიწაში იწვა. ვერაფერს მოესწრო. არავინ დაიტირა.
მართლაც რას ელოდა ამ ბიჭისგან..
-მიხარია, შენ და ივა რომ მეგობრობთ. ჩემთვის ესეც საკმარისია, უბრალოდ შენ არ მინდა დაიტანჯო.
არაფერი უთქვამს ლუკას. ერთი და იგივეს გამეორებით ძალიან დაიღალა. რა იყო ასეთი გასაკვირი იმაში, უნახავი ნათესავები რომ არ უყვარდა? რამდენჯერ შეეძლოთ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოენახულებინათ დისშვილი და არცერთხელ გაუკეთებიათ.
ნერსე ხორგუანი იყო ერთადერთი, ვინც ქალაქში ჩააკითხა და ბიჭებს ერთმანეთი გააცნო. ცოლის მოყვანის შემდეგ ნერსეს და ერეკლესაც გაუფუჭდათ ურთიერთობა, მაგრამ შვილებს უნდა სცოდნოდათ ერთმანეთი. ლუკას უნდა სცოდნოდა, რომ მშობლიურ სოფელში ჰქონდა სახლი, სადაც მიესვლებოდა.
ბიჭებმა როგორღაც მოახერხეს ურთიერთობის შენარჩუნება. როცა ივა თბილისში სწავლობდა, ხშირად ნახულობდნენ ხოლმე ერთმანეთს. მეგობრების არჩევანს არც მაშინ უწონებდა ხორგუანი ლუკას, მაგრამ თავქარიანს აბა ვისი სიტყვის გაგონება ენდომებოდა?
ივასაც სულ სჯეროდა, რომ ცხოვრების დაკლაკნილი გზა დაკარგულ ლუკა ფილფანს აუცილებლად დააბრუნებდა იმ სოფელში, სადაც გულის სიღრმეში მის გამოჩენას ყველა ელოდა.

გვარიანად ბნელოდა, ივა რომ მოადგა ჭიშკარს. ლაილაც თითქოს ჩასაფრებულიყო, მაშინვე გამოქანდა მონატრებული ბიძაშვილის მოსანახულებლად.
ცისფერ კაბაზე თბილი მოსაცმელი მოეხურა და მაშინვე მივარდა მანქანიდან გადმოსულს.
-გოგო, ნელა! -ორივე ლოყაზე აკოცა ივამ ბიძაშვილს და ხელგადახვეულები შემოვიდნენ სახლში. -რა ხდებოდა ქალაქში? მოგწონს თბილისური ცხოვრება?
-ისე რა. -სახე მოეჭყანა ლაილას, -აქაურობას ვერ ჯობია.
ღია ფანჯრებში კარგად შემოდიოდა მათი საუბრის ხმა. წამოდგა ლუკაც, ივას ტვირთის შემოტანაში რომ მიშველებოდა.
-გამოცდები როგორ ჩააბარე? -სახლიდან გამოსულ ლუკას მოავლო თვალი, დინჯად რომ მოაბიჯებდა მათკენ. ლაილას გადმოხედა მერე ისევ.
-მაგრად. ყველაფერში „ეი“ მყავს. -მანაც სახლიდან გამოსულ მაღალ სხეულს გახედა.
უნებურად დაიძაბა, ივას წინაშე რომ უნდა მომხდარიყო მათი მეორე შეხვედრა.
ისევ რომ ეთავხედა და მის გამო ჩხუბი ამტყდარიყო, სულ მთლად გადაირეოდა.
მაგრამ ეშმაკი იყო ლუკა ფილფანი. კარგად იცოდა, სად რამდენი უნდა გაებედა. უდარდელად გადმოხედა გოგონას.
-გასაღები მომე, შემოვაყენებ. -ხელით დაიჭირა ივას ნასროლი მეტალის ასხმა. თავი დაუკრა ლაილას.
-იცნობთ თქვენ ერთმანეთს?
-არა. -მშვიდად უთხრა ლუკამ. ტყუილი არ იყო, თან ლაილასაც აწყობდა ეს პასუხი. -მაგრამ მივხვდი, ვინც არის.
-კარგია. -ჟღერი სიმკაცრე შეეპარა ხმაში ივას მაინც. გადამეტებული დამცველობა ახასიათებდა ლაილას მიმართ, მაგრამ არც ლუკასთან იყო უნდობელი. სახლში არ შეიფარებდა, ასე რომ ყოფილიყო. -ლაილაა, ჩემი ბიძაშვილი. ეს არის ლუკა. ფილფანი.
-ვიცი, -არ დაუმალავს ლაილას. -ტატამ მითხრა.
წარბები აზიდა ლუკამ. გიჭორავიათ უკვეო, აგრძნობინა თვალებით, თუმცა არ უთქვამს სიტყვა და ჭიშკრისკენ წავიდა მანქანის შემოსაყვანად.

სახლში მოხარშული ყავის და ფეჩზე დაყრილი თხილის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ლაილა ისე დაფუსფუსებდა, როგორც საკუთარ სამზარეულოში.
-ცისია არ გადმოვა? -ჰკითხა თამარამ, -მიაძახე, მოდუღდა ყავა.
-გადმოვა, არ უნდა მიძახება. ყავის სურნელს გამოყვება, ხომ იცი. -ლაღად დაამშვიდა ლაილამ ბიცოლა. ისეთი ხმა ჰქონდა, სხვანაირად არც შეიძლებოდა - რბილი და ხავერდოვანი.
ალბათ, კარგად მღერისო, ისიც კი გაიფიქრა ლუკამ, მაგრამ ზედმეტად არაფერი გაუმჟღავნებია. არც ყურადღება. ყველაფერი შემოზიდა შინ ივასთან ერთად და სახლის კუთხეში განცალკევდნენ შემდეგ კაცები სიგარეტის მოსაწევად.
ღია ფანჯრიდან გამოდიოდა ქალების მხიარული ლაპარაკის ხმა.
-ველაპარაკე მამაშენს, -ღერს გაუკიდა ივამ. მთებისკენ ექციათ პირი და ბნელ სილურჯეში ფანტავდნენ ნაცრისფერ კვამლს.
უბრალოდ გადმოხედა ლუკამ.
-სიახლე არაფერიაო. ვერ დაითანხმეს ცხადაძე სწორი ჩვენების მიცემაზე. გურგენიძეც ბობოქრობს...
-ნინო როგორაა? -არ აინტერესებდა ეს ამბები. ერთადერთი, ვის ნერვებსა და მშვიდად ყოფნაზეც ღელავდა, ნინო იყო.
-არ უთქვამს. -ცერად გადმოხედა ივამ. -ცუდად რატომ უნდა იყოს, სჭირს რამე?
-თამარა არ ინერვიულებდა შენზე? -წარბები აზიდა ლუკამ. ვერ გაიგო, რა იყო ასეთი გასაკვირი იმაში, შვილი რომ დედის ამბით დაინტერესდა.
ჩაეღიმა ივას. ერთი წამითაც არ ნანობდა, მის ჭერქვეშ რომ ეძინა ამ ბიჭს.
-რატომ არ მეკითხები, რა მოხდა იმ ღამეს? ასე ბრმად რატომ მენდობი, ივა?
-ხომ მითხარი, უდანაშაულოდ უნდათ ჩემი ჩასმაო? არაა სანდო შენი სიტყვა?
-კაი, ნუ დაძაბე სვანურად. -ჩაეცინა თავისებურად.
-შენ თათარი ხარ? -წარბები აზიდა ივამ. -არ გეამაყება, ვინც ხარ?
-მაგაზე ხმამაღლა ვინ ლაპარაკობს...
აღარაფერი უთქვამს ხორგუანს. ყველაფერზე ჰქონდა ამ ბიჭს პასუხი, საერთოდ ყველაფერზე.
ცისიამ ცივი თვალები მოავლო ლუკას ფანჯრიდან. არ მოსწონდა დიდად ამ ბიჭის გამოჩენა სოფელში, ცუდს უგრძნობდა დედის გული, მაგრამ ხმას არ იღებდა მაინც. ივა შვილივით ჰყავდა მასაც, ერთადერთი იმედი და საყრდენი იყო ქმრის გარდაცვალების შემდეგ და ვერაფრით ატკენდა გულს ამ ბიჭის გამო.
-გული ცუდს მიგრძნობს, თამარა. -მას კი გულღიად გაუმხილა სადარდებელი.
გაოცებით ამოხედა დედას ლაილამ. არ სჩვეოდა მას ასეთი საუბარი და ყურები დაცქვიტა მშინვე.
-რატომ?
-არ მომწონს ამ ბიჭის დაბრუნების ამბავი. რატომ მოვიდა?
-მეგობრობენ ის და ივა, ცისი. რატომ არ უნდა მოსულიყო? -არ გაამხილა სიმართლე თამარამ. დაიძაბა ლაილა. აბა, იმალებაო?
-რა ვიცი, მინდია ჩამოვიდა დღეს და არ მინდა ძლივს დამშვიდებული სოფელი ისევ აურზაურში გაეხვას ფილფანების გამო.
-მინდია არაფერს უზამს ბავშვს. ერეკლესთან ჰქონდა საქმე ყოველთვის, ლუკას როდის ერჩოდა?
პირველად ისმენდა ამ თემაზე ხმამაღალ საუბარს ლაილა. მხოლოდ ჭორები გაეგონა აქამდე იმ სახლზე, ფერფლად რომ მიმობნეულიყო სოფლის ბოლოში. ბავშვობაში იპარებოდა ხოლმე იქ, გემრიელი ალუჩის ხე ყვაოდა იმ ეზოში და ნაყოფს იპარავდნენ ბავშვები. ერთხელ კი ჰკითხა დედამისს, რატომ არის ის სახლი დამწვარიო, მაგრამ არაფერი უთქვამს ცისიას შვილისთვის. მაქსიმალურად არიდებდა ქალიშვილს ფილფანებს.
ახლაც ტატამ მოუყვა უეცრად დაბრუნებულ მამიდაშვილზე ამბები, როგორ ცივად შეხვდა და როგორ იყო გოგონა გულდაწყვეტილი ამის გამო.
-აირევა ყველაფერი. აი, ნახავ. ფილფანებს როდის მოუტანიათ სიმშვიდე ამ სოფლისთვის?
არაფერი უთქვამს თამარას. ცისია კარგი ქალი იყო, მაგრამ ზედაპირულად აფასებდა ყველაფერს და ცრურწმენებისა სჯეროდა. არც ელისოზე ამბობდა რამეს და ხვდებოდა თამარა, რომ გულის სიღრმეში უსირცხვილო ქალად მიაჩნდა მისი ბავშვობის მეგობარი.
მინდიას რეაქციაზე ისიც ღელავდა, მაგრამ მხოლოდ ლუკას გამო. მეტისმეტად გულგრილი იყო ის აქაურობისა და ნათესავების მიმართ და ამაყი კაცი ვერაფრით შეეგუებოდა ასეთ დამოკიდებულებას თავისი სისხლისა და ხორცისაგან.
-წამო, წავიდეთ, დედა. გვიანია უკვე. -ფეხზე წამოდგა ჩაფიქრებული ცისია, -ცეცხლი გამოქვრებოდა...
-ვიქნები მე რა.. -აწუწუნდა ლაილა. წესირად ვერ მოისიყვარულა მონატრებული ბიძაშვილი, თანაც ბიცოლასთან თავისუფლად უნდოდა ჭორაობა. -მალე გადმოვალ...
-კარგი, არ დააგვიანო ძალიან. -არ მოეწონა იქ დარჩენა რომ მოისურვა ლაილამ, თვალებით დაძებნა ლუკა.
არ უნდოდა თავისი შვილი ამ ბიჭის სიახლოვეს....
დედა რომ გავიდა და კარგად გასცილდა სახლს, ბიცოლამისს გამოხედა ინტრიგნულად ლაილამ. ო, როგორ უყვარდა საღამოები თამარასთან ერთად.
-ნუ მიყურებ ეგრე, პატარა მაიმუნო! -მიხვდა თამარაც, რატომ დაურჩა ეს ონავარი გოგო ასე გვიან სახლში. -რა გაინტერესებს?
-ვაიმე, ყველაფერი, თამუ, ყველაფერი! -ამბების მოსასმენად მოემზადა. -რა მოხდა ამ სოფელში ოცდაოთხი წლის წინ? რატომ იმალება აქ ეს ლუკა, თუ ვინცაა?
-იმალება? შენ რა იცი? -წარბები მკაცრად შეყარა თამარამ.
ცივი წყალი გადაევლო ლაილას. მაინც რომ წამოსცდა სიჩქარეში!
-ხო, რა იყო? თვითონ მითხრა ასე. -უცებ იმართლა თავი, მასთან ისედაც არაფერი ჰქონდა დასამალი.
-როდის ილაპარაკეთ თქვენ?
-დღეს. -გაიკვირვა ლაილამ, რამდენ კითხვებს სვამდა.. -არ შეიძლება მასთან ლაპარაკი?
-არა, როგორ არ შეიძლება... -უცებ დაიმშვიდა სახე თამარამ. თუმცა უსიამოვნოდ გაჰკრა გულში მასაც რაღაცამ. -რატომ არც მე ვიცი..
-რატომ არ იცი? ივამ იცის?
-ეცოდინება, მაგრამ არ იტყვის. შენ ნუ ინტერესდები, ლაი, ნუ ჩაერევი ზედმეტად. განერვიულდა ისედაც ცისია, მას რომ ხედავს...
-მაინცდამაინც ჩვენთან რატომ დარჩა? ორი სახლის იქეთ ცხოვრობენ მისი ნათესავები. ტატას იცი როგორ ეწყინა, რომ არ მიესალმა წესიერად?
-შეხვდა ტატას? მერე? -დაინტერესდა თამარაც, -გინდა კიდე ყავა?
-არა, ბიცოლა, გული გაგვისკდება ამდენი ყავით. რა ვიცი, არაფერიო. ისე შემომხედაო ტატამ თქვა, ვითომ სულ ერთი იყო მისთვის, ვინ ვიყავიო. ვინაა ერთი ასეთი, ზემოდან რომ იყურება? კარგი, არ იცნობს არ იცნობს, წესიერი გამარჯობა რა გაუხდა? ხომ არ ჰგონია, ვინმე შეეხვეწება.
-ლაი, გადის ხმა გარეთ. -ოდნავ შეღებული ფანჯრისკენ მიუთითა თამარამ.
-მერე, რა ? რას ვამბობ არასწორს? -გვარიანად კი გააცია ტანში, მაგრამ არ შეიმჩნია მაინც. -როგორ შეიძლება ბიძაშვილი არ გინდოდეს? ნეტავ კიდევ მყავდეს ვინმე ივას გარდა, სულ თან არ გადავყვები?
-სხვა ქალმა გაუწია დედობა ლუკას, ლაი. ელისო არც კი ახსოვს, არც გაბულდანებს იცნობს, მათგან სითბო და სიყვარული არ მიუღია, თავადაც იგივეთი რომ უპასუხოს...
აღარაფერი უთქვამს ლაილას. იცოდა, ბოლომდე რომ არ ეუბნებოდნენ სიმართლეს ამ ხალხზე, აბა, როგორ შეიძლება ასე დაივიწყო დისშვილი?
ივა და ლუკაც შემოვიდნენ სახლში, ძალიან რომ აცივდა და უკუნი სიბნელე ჩამოწვა სოფელში. მხოლოდ ყვითლად განათებული ფანჯრები ბრჭყვიალებდნენ აქა-იქ. ძაღლების ყეფის და ჭრიჭინების ხმა არღვევდა მთებით ზურგგამაგრებულ სიმშვიდეს.
-წავალ მე, ბიცოლა. -ფეხზე წამოდგა ლაილა. ცოტა ეწყინა კიდეც, ივამ რომ ვერ მოიცალა მისთვის და ამ თავის სტუმარს უთმობდა ამხელა დროს. -კარგად იყავით.
-ხვალ წავიდეთ მდინარეზე, ლაი? -სიტყვა გააყოლა ივამ ბიძაშვილს. დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა.
-რა ვიცი. თუ გეცლება, წავიდეთ. -მხრები სუსტად აიჩეჩა გოგომ. ასეთი მარტივი მოსაპოვებელი არ იყო მისი კეთილგანწყობა.
გაეღიმა ყველას ოთახში.
-მოვიცლი. მიდი, გიყურებ. -ფანჯარასთან ჩამოუდგა ივა. იმ ღობეში, მათ ეზოს რომ ჰყოფდა, პატარა კარი გაეჭრათ.
ჭრიალით გამოაღო ლაილამ და სწრაფი ნაბიჯებით დაუბრუნდა დედას, რომელიც მოუთმენლად ელოდა.

თვალი ვერ მოხუჭა ლუკამ იმ ღამით.
ამ სოფელმა ათასი კითხვა გაუჩინა, ათასი აზრი აუბნია ისედაც თავგზაარეულს. აქ ყველაფერთან მეტისმეტად ახლოს იყო. მეტი ძალა სჭირდებოდა საკუთარ თავთან და წარსულთან გასამკლავებლად. ფოთლის ყოველი გაშრიალება რაღაც ამბავს უყვებოდა თითქოს. ყველაზე მეტად მინდიას სახელის ხსენებამ ააღელვა. ამას არ აღიარებდა, მაგრამ მისთვის ბევრი კითხვა ჰქონდა დასასმელი, თუკი ოდესმე მოისურვებდა რამის გაგებას.
ვერც იმ ქალზე ფიქრები მოიშორა ვერაფრით. რას მოუკითხა ის კუბდარი? რატომ მოინდომა მისი ნახვა ახლა?
სიბნელე გაიცრიცა ნელ-ნელა. მეწამული განთიადი წამოადგა თავზე იფარს. მხატვარმა თითქოს ფუნჯი გაიქნიაო, ისე შეიღება ვერცხლისფერი მთები მარჯნისფრად. ფანჯარაში რომ შემოანათა მზემ ფეხზე წამოდგა და გადასწია გამჭვირვალე, რძისფერი ფარდები.
ხელის გულივით მოსჩანდა აქედან ხორგუანების მეორე ეზო, მათი ორსართულიანი სახლი და ღია ფანჯრიდან გამოვარდნილი თეთრი ფარდა.
თვალები მოისრისა სახურავზე აფარფატებული საღამური რომ დაინახა. ეგონა ელანდებოდა. სასწრაფოდ გამოაღო ფანჯარა. ცივმა ჰაერმა დაუკოცნა უძილარი სახე და სისუფთავით ამოუვსო ფილტვები.
აივნის სახურავზე წამომჯდარიყო ლაილა. შიშველ მხრებზე დაეფინა შავი კულულები და ხელებიც შემოეხვია საკუთარ მკლავებზე. მოკუნტულიყო სიცივისგან, მაგრამ მაინც მონუსხულივით გაჰყურებდა უზარმაზარ მთებს ოქროში ამოვლებულ კლდეებს რომ დამსგავსებოდნენ.
ფანჯრის რაფას დაეყრდნო ორივე ხელებით ლუკა და ასე უყურა ერთხანს სანახაობას. ისეთი ქარი ჰქროდა, წამით შეეშინდა კიდეც თან არ წაეღო ამ გოგოს სხეულიც.
წამოდგა ლაილა ნელ-ნელა, ფეხის წვერებზე გამოუყვა უკან გზას კიბისკენ, პეიზაჟით ტკბობას რომ მოჰყვა და ნელ-ნელა ჩაიარა კიბეც.
უნებურად გამოიხედა ივას სახლისკენ და ფანჯრიდან მოთვალთვალე ლუკა რომ შენიშნა, შეყარა მაშინვე წარბები, როგორც ჩვეოდა ხოლმე ამ ბიჭის დანახვისას.
ამაყად მოიღერა ყელი და შებრუნდა თავის ოთახში მედიდური ნაბიჯებით.
თავი ღიმილით გადააქნია და მოხურა ფანჯარა.
საწოლში გაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, ადგა ისევ, უბრალო თეთრი მაისური და ნაცრისფერი შორტი ჩაიცვა.
ნაგაზებიც მიეჩვივნენ ლუკას სიარულს მათ ეზოში. დიდად არ ეპრიანებოდათ მისი თავისუფლად ნავარდი, მაგრამ აღარ იღებდნენ ხმას. თვალს გააყოლებდნენ ხოლმე მის მედიდურ ნაბიჯებს და დაიფრუტუნებდნენ ერთი-ორს.
ბალახი ნამიანი იყო ეზოში ჯერ კიდევ. მასპინძლებსაც ეძინათ და ნახევარ სოფელსაც.
თბილად ჩაცმული ლაილას დანახვისას ფეხზე წამოხტნენ ძაღლები და ფეხდაფეხ გაყვნენ ეზოდან გამავალ გოგონას, ცარიელი სათლი რომ ეჭირა ხელში. გვერდზე არც მოუხედავს. იცოდა, ლუკა რომ უყურებდა, მაგრამ ვერ შეამჩნია თითქოს.
სანამ საკუთარ ნაბიჯებზე დაფიქრებას მოასწრებდა ფილფანი, ქუჩაში იყო უკვე ისიც ლაილასთან ერთად. ჭიშკრის ხმის გაგონებისას უნებურად გამოიხედა მისკენ.
შეატყო, რომ არ ეძინა და მისთვის საგულდაგულოდ მომზადებული მწარე სიტყვები ტუჩებზევე მიეყინა გოგონას. მაინც უსაშველოდ სიმპათიური მოეჩვენა, ისე იდგა, ისე მოძრაობდა და უყურებდა ლაილას, როგორც არავის გაუბედავს აქამდე.
-რამ წამოგაგდო ამ დილაადრიან?
-სად მიდიხარ? -გაუყრუა ლაილას შეკითხვას და ხელიდან ააცალა ცარიელი სათლი.
-წყაროზე. -ნელა გადაადგა ნაბიჯები, ცერად გადმოხედა. განჭვრიტა კარგად მისი მაღალი სხეული, სასიამოვნო და უცხო სურნელს რომ აფრქვევდა.
საფრთხე იგრძნო ძალიან აშკარა.
-სახურავზე რა გინდოდა? -ცალი თვალით გადმოხედა ლაილას. მაგრად შემოეხვია ნაქსოვი მოსაცმელი მკლავებზე და დაჟინებით იხედებოდა წინ.
-რა იყო, შეგეშინდა? -ალმაცერად გაუღიმა, ლურჯად გაუკრთა სხივი მუქ თვალებში, -ლამაზად ჩანს იქედან ყველაფერი.
-ხო, არ მინდოდა ჩემ თვალწინ გესწავლა ფრენა.
ჭას მიადგნენ, შიგნით ჩაუშვა ცარიელი სათლი და მოქაჩა უკან, როდესაც დამძიმდა. ლოყები აუხურდა ამ გამყინვარებაში ლაილას მის შემხვედვარეს. თვალები გააცეცა ლუკას დაძაბულ მკლავებზე, თოკს როცა ქაჩავდა სათლი რომ ამოეღო. ხორბლისფერი კანის ქვეშ უთამაშებდნენ კუნთები, როდესაც მოძრაობდა ნელა და დაკვირვებით.
-მოგწყურდა? -ისე ჰკითხა, არც კი შეუხედავს მისთვის წესიერად ფილფანს.
შეშფოთდა ლაილა. რამდენს უბედავდა?! კარგად მიუხვდა, რაზეც მიანიშნა და თვალები მოარიდა მხოლოდ. თითქოს ის გაყინული წყალი, ჭიდან რომ ამოიღეს, თავზე გადაავლო.
-არა. -გულზე გადაიჯვარედინა ხელები. -დალიე შენ თუ გინდა, არ გასინჯავ?
-არ მინდა იყოს, ისე მიყურებ, გადამცდება ალბათ.
ხმა აღარ გაუცია ლაილას. პროვოკატორი იყო ეს ადამიანი. მშვიდად მიაბიჯებდნენ ქუჩაში და ლოცულობდა, რომელიმე გულბანი არ გადმოსულიყო სახლიდან და ამ ბიჭს არ შეჩეხვოდა მისი თანდასწრებით.
სწორედ მაშინ ამოუხვია ქუჩის კუთხიდან თავისი თოფით ვაჟიკო გაბულდანმა, სოფლის ყველაზე დიდმა თავის ტკივილმა.
დაფეთებულმა ახედა ლუკას ლაილამ. ახლა ნამდვილად იგრძნო მთელი კავკასიონის სიცივე საკუთარ ძვლებში.
შედგა ბიჭი ერთ ადგილას და წარბშეყრილმა უყურა ჯერ ხორგუანს, მერე მის გვერდით მდგომ ფილფანს, ასე რომ უნდოდა შეხვედროდა და ვერსად გამოიჭირა.
უჩვეულო მრისხანება ჩასდგომოდა თვალებში. ლუკამ შეხედა გულგრილად, შენ რაღა გინდაო, აგრძნობინა.
-გამარჯობა, ვაჟიკო. -ლაილამ სცადა თეთრი დროშის აფრიალება.
თავის დაქნევით მიესალმა მეზობელს ვაჟიკო გაბულდანიც. მერე ისევ მისთვის ყველაზე საინტერესო კაცს დაუწყო კრიტიკულად თვალიერება.
-რა გინდა შენ ამასთან? -წარბები აზიდა ბიჭმა, უფრო მოხერხებულად მოიგდო მხარზე თოფი. ესღა აკლდა ახლა გამკონტროლებლად..
-რანაირად ლაპარაკობ? -უსაყვედურა ბავშვობის მეგობარს ლაილამ.
-შენ ნუ ერევი, ლაი.
-რა გინდა შენ ერთი? ცუდი სიზმარი ნახე? -წინ გადაუდგა ლუკა გოგოს. მკლავში დაქაჩა იმანაც მაშინვე, მაგრამ ააშვებინა ხელი. წყლიანი სათლი დადგა იქვე და მიუახლოვდა ერთი ნაბიჯით.
-შენ ვეღარ ნახავ სიზმარს ვერასდროს, თუ არ მოშორდები აქედან დროზე.
-რა პრობლემა გაქვს?
-ლუკა, დაანებე თავი. -ორივე ხელით შეეხო მკლავზე ამჯერად. ხმაში დაეტყო შიში და უცნაურად გამოხედა ფილფანმაც, თითქოს არაფერს აკეთებდა ისეთს, მას რომ შეშინებოდა.
-რა იყო? -გაეღიმა და ააშვებინა გაყინული ხელები. იმას მიუბრუნდა ისევ, მტრულად რომ უყურებდა. -გამატარე და თვალში არ გამომეჩხირო ცუდად მეორედ.
მიხვდა, ვინც იყო. რატომ არასდროს ცდებოდა ეს ინტუიცია ამ თავის ნათესავებთან? ძალიანაც გაუხარდებოდა, რომ ვერ მიხვედრილიყო ვინ იყო ეს ვაჟიკო.
-ცუდად შენ ეჩხირები ყველას ცხოვრებაში. შენ გამო შერცხვა ჩემი ოჯახი!
-კაი ერთი? -მიუახლოვდა ძალიან, ლაილას გადაუვიდა ფერი სახიდან.
იცოდა აზრი არ ჰქონდა ხვეწნა-მუდარას ამ ბიჭთან, მაინც არ ჩააგდებდა არაფრად. გული გაუსკდა ლამის შიშისგან, ისე ვერ იტანდა ჩხუბს და დაპირისპირებას.
-მე რით შეგარცხვინე მაინც? პირველად გხედავ საერთოდ, ბავშვო.
-არც მიკვირს შენ რომ ვერ ხვდები, სირცხვილ-ნამუსი უნდა გაგაჩნდეს, რომ მიხვდე ჩვენ რით შეგვარცხვინე. რომ არსებობ, აქ რომ მოდიხარ და მშვიდად დააბიჯებ, მაგით გვარცხვენ.
-ვინ ხარ ერთი, შემახსენე. -საჩვენებელი თითი დაატრიალა ჰაერში ლუკამ, ახსენი კარგად რას გულისხმობო, მიანიშნა. დოინჯი შემოირტყა მერე და ყალბი ინტერესით მიაჩერდა გაცოფებულ ბიძაშვილს.
-ვაჟიკო ვარ გაბულდანი.
-რაღაც არ მეუბნება არაფერს შენი სახელი და გვარი, ვაჟიკო.
-შეწყვიტეთ ეს სისულელე! -შუაში ჩადგა ისევ ლაილა. ვაჟიკო და იარაღი სახიფათო დუეტი იყო ნებისმიერ სიტუაციაში. -რა დაგემართათ ამ დილაადრიან? ივას დავუძახებ, იცოდეთ!
-ეგ მაინც რაღამ დააბრმავა, -ცინიკურად შესცინა ვაჟიკომ მიტკალივით გაფითრებულ ხორგუანს. -ეს როგორ მოათრია სოფელში! ხომ იცის, როგორ გვეზარება მისი დანახვა!
-რა ხდება აქ? - მინდიას ხმის გაგონებისას შეცბა ყველა.
ვაჟიკო ყველაზე უფრო. არ უნდოდა მაინც, ეს სიტყვები რომ გაეგონა მამამისს. არასდროს აძლევდა სხვებზე ცუდად ლაპარაკის უფლებას.
მის ჩამოყრილ ყურებზე გაეღიმა ლუკას. დასცინა და აგრძნობინა ეს კარგად.
ისე გაუბრაზდა ლაილა ამის გამო, მაგრამ მინდიას წინაშე ვერ ამოიღო ხმა. ამ კაცის ყველას ერიდებოდა იფარში. უბრალოდ გახედა მინდიას ლუკამ, იმანაც მკაცრად შეყრილი წარბებით მოავლო თვალი შეკრებილებს.
-ლაილა, წადი სახლში. -დამთბარი ხმით მიმართა გოგონას და მარტო დაიტოვა ბიჭები თავისთან.
წყლიან სათლს ხელი დაავლო და უკან მოიხედა ლაილამ რამდენჯერმე. მუხლები უკანკალებდა. რა შარი იყო მაინც ეს ფილფანი..
-მამა, ეს… -ხელი ლუკასკენ გამოიშვირა ვაჟიკომ, მაგრამ მაშინვე დაუშვა, მინდიას თვალებს რომ წააწყდა. წარბებაზიდული აკვირდებოდა ლუკა ამ სანახაობას.
-საჭიროა მეც რომ შევესწრო მამაშვილურ საუბარს? -იკითხა გულგრილად ფილფანმა.
ნელა გამოხედა მას მინდია გაბულდანმა და იმოდენა სევდა ჩაუდგა თვალებში, გაეყინა ლუკას სხეული.
-რა გაჩხუბებთ? -იკითხა მინდიამ, სვანური კილო დაჰკრავდა მის საუბარს. არ გაუგონია თითქოს ის შეკითხვა. ვაჟიკოს გაუკვირდა, რომ მოუთმინა. იეჭვიანა კიდეც. მას არასდროს აპატიებდა ასეთ ტონს, გამოხედვას, ასეთ სიტყვებს...
-ამის დანახვა არ მსიამოვნებს. აქ რომ მოვიდა, არ მსიამოვნებს. უნდა წავიდეს. -მშვიდად აღიარა ვაჟიკომ, -მე ვუყვიროდი.
ყურადღებას არ აქცევდა ლუკა მას საერთოდ. ამით ამწარებდა კიდევ უფრო მეტად.
-ფეხებზე ვკიდივართ. ვერ ხედავ, როგორ იქცევა? -ხელი იმ გზისკენ გაიშვირა, ლაილამ რომ ჩაიარა წეღან. გააყოლა მზერა ლუკამ მის მოქმედებას და ცარიელი თვალები მოატარა სახეზე. -ზუსტად მამამისივით! მეზობლის ქალს ეკურკურება ესეც და არ გაგიკვირდეთ მერე...
-სახლში შედი. -ხმას აუწია მინდიამ.
ჯერ ზიზღნარევ თვალებში შეხედა ლუკამ ვაჟიკოს, შემდეგ ბიძამისსაც უსახსოვრა გამოხედვა, რომელსაც აღარ გაიმეტებდა მათთვის აღარასდროს.
ერთი წუთით შეყოვნდა მათ სახლთან და უკვე შეახსენეს ძალიან კარგად, როგორი სამარცხვინოც იყო მათთვის მისი არსებობის მთელი ისტორია...
გაბრუნდა მერე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მშვიდად ჩაიარა სოფლის შარა და სხვის ეზოში გაუჩინარდა.
დიდხანს იდგა მინდია გარეთ, იმ ადგილს უყურებდა, სადაც გაიარა თავისი დის ერთადერთმა დანატოვარმა. ყველა ჭრილობა გადაეხსნა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა დანაშაულის გარდა.

მეორე თავი
ცეცხლი და წყალი
დაგვიანებულად შებინდდა იფარში. ვაჟიკოს დაბადების დღე ღამდებოდა. სტუმრები ეწვივნენ გაბულდანებს და ყიჟინით ახმაურდა მათი ეზო.
დილანდელი ჩხუბის შემდეგ საერთოდ გადაავიწყდა თარიღი და მისი მნიშვნელობა ლაილას. თავი ძალიან დამნაშავედ იგრძნო ვაჟიკოს წინაშე, რომ არ მიულოცა დილაადრიან დაბადების დღე, თუმცა ვინ დააცადა? მისი ბრალი სულაც არ იყო, ლუკას დანახვისთანავე ჭკუა რომ დაკარგა სულელმა გაბულდანმა.
სახლიდან აღარ გასულა მთელი დღე ლაილა, თუმცა ფანჯრებიდან მაინც აქტიურად უთვალთვალებდა ივას სახლის ყველაზე საინტერესო მაცხოვრებელს.
დღისით არ გამოჩენილა ლუკა ეზოში. ნაშუადღევს გამოაბიჯა სახლის წინა აივანზე ჭიქა ყავით ხელში და თავისი საფირმო გამომეტყველებით მოავლო თვალი არე-მარეს. აუწრიალდა ლაილას სხეულში ყველაფერი, ისე მოუნდა იმათ ეზოში გადარბენა. ცისიაც არ ინდობდა ქალიშვილს, ყველაფერს მას ავალებდა, როგორმე ნაკლები დრო რომ დარჩენოდა ლუკასთან სიახლოვისთვის... მაგრამ სოფელში დრო ნელა გადის, ბევრი რამის მოსწრება შეიძლება.
ტატა შემოიჭრა ლაილას თავისთან მისაპატიჟებლად ხორგუანების ეზოში. ფრთხილად გაიარა ბილიკი სახლამდე. აივანზე გადმომდგარი მამიდაშვილი შენიშნა და აღელდა უნებურად. ვერ მიხვდა, უნდა მისალმებოდა თუ არა. რამდენიმე წამიც უყურა ტატამ, იფიქრა, თუ გამომხედავს, თავის დაკვრით მივესალმებიო, მაგრამ წინ ხედს გასჩერებოდა ლუკა და საერთოდ არ ედარდებოდა მეზობლის ეზო და სტუმრები.
-წამო რა, -შეეხვეწა ლაილას მოწყენილი ხმით, მის გარდა მეგობარი არავინ ჰყავდა ამ სოფელში ტატას. -ცოტა ხნით მაინც გადმოდი, რა მოგივა?
-ისიც არის? -მეზობელი სოფლისკენ აიქნია თავი ლაილამ. ჰომეროსას თავი ნამდვილად აღარ ჰქონდა.
-ხო არის.. მაგრამ არ მოგეკარება, გპირდები. ერთ მხარეს მე მოგიჯდები, მეორე მხარეს მარიკო ნიჟარაძე. წამო, რა..
-მომეკარება რას ჰქვია, მე კი არ მეშინია მაგისი! -მშვიდად დაიწყო მზადება ლაილამ. -ბევრი ხალხია?
-კლასელები მარტო. -თვალები გაუბრწყინდა გოგონას, სულ დაავიწყდა წყენა და დღევანდელი დაძაბულობა. -აუ, რა კაია!
-ივა არ იქნება? -ჰკითხა ფრთხილად. მხოლოდ ივას ამბავი არ აინტერესებდა, თვალებში ეტყობოდა.
-ვაჟიკოს დაბადების დღეა, რა უნდა ივას? -გულწრფელად გაკვირდა ტატა. აღარც კი ახსოვს ივა ბავშვებთან ერთად სუფრასთან როდის იჯდა... ან თუ იჯდა საერთოდ.
-არაფერი, ისე ვიკითხე.
დიდად არ უნდოდა ვაჟიკოს დაბადების დღეზე მისვლა და ისედაც დაძაბული ატმოსფეროს უარესად დამძიმება, მაგრამ სხვა რა გზა იყო.
უზარმაზარი სუფრა გაეშალათ ეზოში გაბულდანებს, რომლის თავშიც ამაყად წამოჭიმულიყო გამოწკეპილი იუბილარი სავსე ჭიქით ხელში.
ლაილას მისვლას ხმაურით შეეგება ყველა. მართლა სოფლის თვალი იყო ეს გოგო, ახალგაზრდებსაც და უფროსებსაც ერთნაირად უყვარდათ და ეფერებოდნენ.
ერთ ყმაწვილს განსაკუთრებულად აენთო სასმლით ისედაც შეჟუჟუნებული თვალები მისი დანახვისას. ჰომეროსა ნიგურიანი იყო ეს ბიჭი, ისე გეგა ერქვა, მაგრამ ორივე სოფლის ახალგაზრდები ზურგს უკან და ზოგიც პირში ჰომეროსას ეძახდა. ბოლოს ისე გაითავისა ეს ერთი შეხედვით უჩვეულო მეტსახელი, აღარც თავად სწყინდა ასე რომ მოიხსენიებდნენ. უფრო მეტად ალბათ იმიტომ, რომ ლაილას უკავშირდებოდა ჰომეროსად მონათვლის ისტორია, გეგასთვის კი ყველაფერი ძვირფასი იყო, სადაც თავისი ერთადერთი სიყვარულის სახელი ერია.
განზრახ მოარიდა მზერა ლაილამ და სუფრის კიდეში, ჰომეროსასგან შორს ჩამოჯდა.
კარგად აკვირდებოდა ყველას და შესაბამისად არც მამის გამოჩენისას დახრილი ვაჟიკოს თვალები გამორჩენია. ცივი იყო მინდია ვაჟიშვილის მიმართ, ყურადღებას სტუმრებს უთმობდა მხოლოდ.
ელისოს ამბის შემდეგ ასეთები გახდნენ გაბულდანები. საკუთარ პრობლემებს სახლის კედლებში დასჯილი ბავშვივით კეტავდნენ, აღარავის აგებინებდნენ თავიანთ გაჭირვებას. თითქოს თავიანთი ღირსების გვერდით დასმული კითხვის ნიშნების ძახილის ნიშნებით ჩანაცვლებას ცდილობდნენ ასე.
ლაილასაც რომ არ სცოდნოდა დილანდელი აყალმაყალის შესახებ, ვერც მიხვდებოდა რა ხდებოდა გაბულდანების გულში რეალურად. რატომ იყო ჩვეულებრივ მეტისმეტად თავქარიანი ვაჟიკო ასეთი მორიდებული მამის სიახლოვეს, რატომ აღემართა მინდიას ყინულოვანი კედელი თავის ერთადერთ იმედთან, რომელსაც თავაწეულს უნდა ეტარებინა ოჯახის სიამაყე...

ჩუმად მიუახლოვდა ვაჟიკოს დაბადების დღის მისალოცად, მინდია რომ გაშორდა სუფრას და მარტო დატოვა ახალგაზრდები. შეებრალა ცუდ ხასიათზე დამდგარი იუბილარი. მერე რა, რომ ძალიან გააბრაზა დღეს დილით, ვაჟიკო მაინც მისი ბავშვობა იყო და როგორიც იყო, ზუსტად ისეთი უყვარდა ლაილას.
-გილოცავ, ვეჟო.. -ლოყაზე აკოცა მოურიდებლად. დედმამიშვილური სიყვარული ტრიალებდა ამ ორს შორის, ამიტომაც გამოხედა გულმოსული სახით გაბულდანმა. სიცილი ვერ შეიკავა ლაილამ, აუჩეჩა თმა.
-ახლა მილოცავ, ხო? -ჰკითხა გულდაწყვეტილმა, -დაგავიწყა იმან ჩემი დაბადების დღე...
ახლოს იჯდა გეგა ნიგურიანი იუბილართან. დაკვირვებით უმზერდა ლაილას და ვაჟიკოს სიახლოვეს, არც მისი სიტყვები გამორჩენია. დაეძაბა სხეული ყურადღებისგან.
-ოო, დააბრალე ახლა იმას! შენ დაიწყე, ნუ გავიწყდება. -ცხვირწინ დაუქნია თითი და საჩუქარი გაუწოდა მერე, -ნახე, თუ მოგეწონება..
-რა არი? -გამოართვა მაშინვე საჩუქარი, სიტყვებზე აღარ გამოჰკიდებია ზედმეტად. -ეს თუ რამე საშუალო სტატისტიკური საჩუქარია, მაგალითად, ბრელოკი... ვააა, რა მაგარია!
მეტალის პრიალა ნივთის დანახვისას ბავშვური აღტაცებით აუბრჭყვიალდა თვალები.
-ყელს ნურავის გამოჭრი ამით, ოღონდ!
-ჯიგარი ხარ, ლაი! -მაგრად აკოცა ლოყაზე, კისერზე გადხვია ხელი და არ მოიშორა გვერდიდან. -სად ნახე?
-სანამ ჩამოვიდოდი, ვეძებდი შენთვის საჩუქარს. ასე რომ არ დამვიწყებია, ვაჟბატონო..
ყურადღებით შეათვალიერა შვეიცარული დანა ვაჟიკომ. უყვარდა ისეთი ნივთები, რაც ნადირობასა და ხეზე მუშაობაში ადგებოდა, ათასნაირ ფიგურებს თლიდა ხოლმე, მაგრამ ლაილა უფრო მეტად უყვარდა, ერთხელ თუნდაც ჩუმად გაჟღერებულ სურვილსაც რომ იმახსოვრებდა და უსრულებდა. თავქარიანი და მოჩხუბარი კი იყო, მეტისმეტად ფიცხი ხასიათიც ჰქონდა, მაგრამ ხალხისთვის თავის შეყვარებას მაინც ახერხებდა როგორღაც.
-შემირიგდი? -გაეღიმა მის მომლბალ სახეზე გოგონას. ზურგით გრძნობდა უკვე გეგას დაჟინებულ მზერას და გააშვებინა ხელი ვაჟიკოს, რომ გარიდებოდა იქაურობას და მეტად აღარ დაეძაბა სიტუაცია. ისედაც ბევრის შემსწრე გახდა იმ დღეს. მეტი აღარ უნდოდა.
-კი, -გეგას გადახედა ვაჟიკომ. ლაილას ყველაზე ნაკლებად უნდა ეგრძნო თავი შეწუხებულად მის სახლში. -ივა არ არის სახლში? თუ იმას ყარაულობს?
-გასულია ქალაქში, შემოგივლის, რომ დაბრუნდება.
რაღაცაზე ჩაფიქრდა თითქოს გაბულდანი, მაგრამ მერე თავი გადააქნია და გაყარა აბეზარი ფიქრები გონებიდან. თვალებით მიაცილა ლაილა სუფრის ბოლოში, თავის ადგილამდე.
ისევ გეგას დაუბრუნა მკაცრი მზერა.
-გეყოფა უკვე. -მშვიდად უთხრა. გაეცინა გეგა ნიგურიანს მის სიტყვებზე, მაგრამ თავის თავზე უფრო მეტად.
-შენ რომ ჩემს დაზე ასე გითხრა...
-შენს დას მე ვუყვარვარ, გეგა. -მოურიდებლად შეახსენა სიმართლე.
ფეხზე წამოდგა იუბილარი, გავიდეთო სუფრისგან მოშორებით, თვალებით ანიშნა. დაფეთებული მზერა გააყოლა მათ ლაილამ.
-რა გინდა? ხო იცი, არავინ დაგითმობს მის თავს შენ, არც მე, მათ შორის. -გაუკიდა სიგარეტს და ჰომეროსასაც მიაწოდა ერთი ღერი. შეჟუჟუნებულიყო გვარიანად.
-არც შენ? -წარბები აზიდა გეგამ. -არც შენ?..
-ხო, არც მე. რატო გიკვირს? შენს დას რო არ ვუნდოდე, შენ დამითმობდი? -დაუფიქრებლად მიახალა, მეტისმეტი პირდაპირობა მოუვიდა, თუმცა ტყუილი ხომ არ უთქვამს,
ლაილას ხომ არასოდეს ჰყვარებია გეგა.
გოგონა მოძებნა გატეხილი თვალებით და მხოლოდ ერთი წამით გაუსწორეს მზერა ერთმანეთს. მაშინვე აარიდა ლაილამ აღელვებული თვალები. ლოცულობდა ივა არ მოსულიყო, ან როგორმე ისე გაპარულიყო აქედან, რომ ვერავის შეემჩნია...
-ნუ უყურებ, -ლამის წინ გადაუდგა ვაჟიკო, ისე გაღიზიანდა. რაზე ელაპარაკებოდა და ეს რას აკეთებდა... -ნუ დაძაბავ უფრო მეტად, რა გინდა, ჩემს ეზოში მოგკლას ივამ?
-ყურებაც დამიშალეთ ახლა, ლაპარაკი და მიკარება ხო ისედაც.. -ჩაეცინა გეგას, არაფრად ჩააგდო მეგობრის სიტყვები, მშვიდად მიუახლოვდა ლაილას სკამს.
ყველა მათ მიაჩერდა. დაფეთებულებმა ივა ხორგუანს დაუწყეს ძებნა თვალებით. ყველა ნატრობდა, იქ არ ყოფილიყო და მხიარულება სამგლოვიარო სუფრად არ გადაქცეოდათ წამიერად.
მთელმა სოფელმა იცოდა, არ ჰქონდა გეგას ლაილასთან მიახლოების უფლება, მაგრამ ნასვამმა დაკარგა ყველას სიტყვის და საკუთარი თავის პიტივისცემაც.
ჩუმად ადევნებდა მინდია თვალს ახალგაზრდებს. ზედმეტს ის არ დაუშვებდა პირველ რიგში.
-როგორ ხარ, გეგა? -თავად ჰკითხა პირველად, სიტუაციის განმუხტვა სცადა ლაილამ, ყველაფერი ამ ბიჭს რომ არ დაბრალებოდა საბოლოოდ, მიახლოებაც და ლაპარაკის წამოწყებაც. შეუმსუბუქა დანაშაული უნებურად და მიუხვდა გეგაც. ასეთი რომ იყო, როგორ უნდა დაევიწყებინა, როგორ გადაეყვარებინა....
-ამ წამს საუკეთესოდ. -მშვიდი ჰქონდა ხმა, თუმცა თვალები სასმლით და ერთმანეთში არეული ათასი გრძნობით სავსე. ვეღარ უყურა დიდ ხანს ლაილამ, ვერ აიტანა საკუთარი თავი მთავარ გმირად გეგას ყველა ამბავში. -ნუ გეშინია, ვერ გვხედავს შენი ბიძაშვილი...
-მე რატომ უნდა მეშინოდეს ივა დაგვინახავს თუ არა, გეგა?
-შენ თუ არ გეშინია, არც მე მეშინია ხოდა...
ტატა დაიძაბა. ნამდვილად სულელი იყო ეს ჰომეროსა, აშკარად ვერ დააფასა ივა სათანადოდ, თორემ ასე მარტივად არ იტყოდა ამ სიტყვებს.
აღარაფერი უთქვამს ლაილას. სიმწრით ჩაეცინა, მაშინვე რომ ანანეს საუბრის წამოწყება.
ახალ სადღეგრძელოს ამბობდა მინდია, სუფრაზე თავის ადგილს დაუბრუნდა გეგა რაღაცაზე მძიმედ ჩაფიქრებული, თითქოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა.
-რა გჭირს შენ, რატომ ხარ მოწყენილი? -მხარი გაკრა ლაილამ ტატას და ჩუმად ჩამოუსხა ღვინო ლიმონათის ჭიქაში. -გადაკარი უცებ.
-ყველა რომ აქ ვართ და... ლუკა სახლში მარტოა, მაწუხებს ეგ. -ამოიბურტყუნა თავისთვის, ორი ყლუპი მოსვა ჭიქიდან და უზარმაზარ სუფრას გახედა. -ამხელა სუფრაზე როგორ ვერ გამოიძებნა ერთი ადგილი მისთვისაც...
ხმა არ ამოუღია ლაილას. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა. რატომ იყო ოჯახებს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა, ლხინის დღეებშიც რომ ვერ ივიწყებდნენ წარსულ წყენას.
-ნუ ნერვიულობ, იმას დიდად არ ადარდებს ეგ ამბავი. -ლუკაზე ამბობდა.
დარწმუნებული იყო, არაფერს გრძნობდა ეს ბიჭი გაბულდანების ოჯახის მიმართ. ვაჟიკოს ისეთი ცარიელი თვალებით უყურებდა დღეს დილით, გული ნამდვილად არ დასწყდებოდა, სუფრასთან რომ არ წამოჭიმეს მის დღეობაზე.
-დედა ამბობს, რომ სისხლით კავშირი არ გავალდებულებს ადამიანის სიყვარულს... მაგრამ მე მგონია, რომ უბრალოდ ასე ამართლებს იმას, რაც ჩვენს ოჯახში რეალურად ხდება. ბებო ყველაზე მეტად განიცდის. არ ვიცი, თუ გადაურჩება ამ ამბავს. რაც გაიგო, რომ ლუკა ჩამოვიდა, სულ ტირის და ტირის...
მოხუცის უნახავად ვერ წავიდოდა ლაილა. ძლივს დააღწია თავი გადამთვრალ კლასელებსა და გაწელილ სადღეგრძელოებს.
ეზოსგან განსხვავებით სრული სიმშვიდე სუფევდა სახლში. ნათელას ოთახში სინათლე ენთო, ტელევიზორის წინ ჩამომჯდარიყო მოხუცი და აშკარად სხვაგან დაფრინავდა ფიქრებით. დაჩიავებულიყო, სულ მთლად დაეპატარავებინა ცხოვრების სიმძიმეს, ცრემლებით აპრიალებული თვალებით გადმოხედა ოთახში შემოსულ შვილიშვილებს და საყვარელი ლაილას დანახვისას ბედნიერებამ გაუნათა შავ თავშალში გამოხვეული სახე.
-ნათი, როგორ ხარ? -გული დაუტკბო ლაილას თბილმა ხმამ მოხუცს. ჩაეხუტა და აკოცა ორივე ლოყაზე.
-შენ შემოგევლე... -თავისი დამჭკნარი ხელებით დაიჭირა ლაილას ახალგაზრდა მაჯები. ჩამოისვა თავისთან ახლოს და თვალებით მიეფერა სახეზე. -შენ რომ დაგინახავს ადამიანი, როგორ უნდა იყოს ცუდად? რას ამოხვედი მოხუცთან, ვერ გაერთე ახალგაზრდებში?
-შენს უნახავად ამ სახლიდან როგორ წავალ, ნათი? თან დათვრნენ უკვე ისინი, ვერც შეამჩნევენ ჩემს გამოპარვას.
-ივა როგორ არის, ბებო? -ნაღველი ჩაუდგა ნათელას თვალებში, იგრძნეს გოგოებმა, ვის შესახებაც დაისმებოდა შემდეგი შეკითხვა..
-არაუშავს. ხან ქალაქშია, ხან აქ...
-ჩემი ლუკა... ის როგორ არის, ბებია... -ხმა აუკანკალდა ქალს.
სულ თავდაჭერილი და ამაყი იყო ნათელა, ტირილიც და გლოვაც ისეთი იცოდა, პატივისცემას უფრო გრძნობდა ლაილა, ვიდრე სიბრალულს... ახლა კი ყინულოვანი ჭურჭელი გატყდა თითქოს მის ხმაშიც და შიგ შენახული სითბო სიტყვებში გაებნა. ცრემლებით აევსო თვალები. -რამე ხომ არ უჭირს...
-ბე, ლაილამ საიდან უნდა იცოდეს... -მოხუცის დამშვიდება სცადა ტატამ. არც მას უნდოდა თავისი ოჯახის პრობლემების მეგობრისთვის თავზე მეტისმეტად მოხვევა.
-სათხოვარი მინდა დაგაბარო, ბებო. -ერთადერთი იმედივით ჩაეჭიდა ნათელა საკუთარი შვილიშვილივით საყვარელ ლაილას.
-რაც გინდა მთხოვე, ნათი.
-მე მალე აღარ ვიქნები, ვიცი... -გაეღიმა მშვიდად.
-ნუ ამბობ ასე, -წარბები შეყარა ლაილამ, თბილად მიეალერსა მოხუცს. -შენ კიდევ დიდ ხანს იქნები, ნათი.
-მე არ მეშინია სიკვდილის, ლაი... ჩემს ელისოსთან შეხვედრა მეჩქარება, მაგრამ მანამდე ერთხელ მაინც მინდა ჩავეხუტო მის შვილს მის მაგივრად. ერთხელ... ნუ მაპატიებს, თუ არ შეუძლია... ისე შემომხედოს, როგორც უცნობ მოხუცს, თუ ბებიად არ უნდა ჩემი დანახვა...
*
ნათელას სიტყვებით გულდამძიმებული გადავიდა გაბულდანების ეზოდან ლაილა. ზედმეტი ყურადღება არ მიუქცევია მოქეიფეებისთვის, შესაბამისად, ვერც ის შენიშნა, როგორ გადმოძვრა ღობეზე გვარიანად შეჟუჟუნებული ჰომეროსა და გზა მოუჭრა სახლისკენ მიმავალს.
-გარეკე? გული გამიხეთქე! -ადგილზე შეხტა ლაილა და სახეში მიანათა ბიჭს განათებული ფარანი. -საიდან გადმოძვერი? კისერი გინდა მოიტეხო?
-ნერვიულობ შენ ჩემზე? -გვერდზე გადახარა თავი გეგამ. ნამთვრალევი მზერა თამამად მოატარა სახეზე გოგონას.
-ერთი სიტყვა ვეღარ მითქვამს, შენ რომ სხვანაირი მნიშვნელობა ვერ გამოუძებნო. -ხმა გაუცივდა ლაილას. არ სიამოვნებდა არც მისი სიახლოვე და არც ეს სიმარტოვე შუა ქუჩაში. -შედი შიგნით და გამატარე.
-მიგაცილებ. -წინ გადაუდგა გეგა, როგორც კი გვერდის ავლა სცადა გოგონამ. მეტისმეტად შესამჩნევი იყო მისი ყველა სურვილი.
-არ მინდა. შენც იცი, რატომაც არ მინდა. შეწყვიტე ეს სისულელე, ბოლოს და ბოლოს!
სიბნელე აკლდა იმ ღამეს იფარში. ნახევარმთვარის შუქს ხარბად ირეკლავდნენ ვერცხლისფერთმიანი მყინვარები და ლურჯად ანათებდნენ სოფლის მიხვეულ-მოხვეულ შარაგზებს.
-რა არის სისულელე, ლაი? -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გეგა.
-რასაც შენ აკეთებ! რა გინდა, ივამ დაგვინახოს მაინც და მაინც? მკვლელად გინდა აქციო?
-ის რომ მკვლელად იქცევა შეგენანება, მე არ შეგენანები სიკვდილისთვის? -ხელი გასწია თმაზე მისაფერებლად, მაგრამ უკან გადახარა ლაილამ თავი.
დეტალებში აჩენდა თავის სიკარგესაც და სისასტიკესაც.
-მთელი ცხოვრებაა შენს გაქცეულ ნაბიჯებს მოვყვები, ლაი. იქნებ კარგი ვარ, იქნებ გიმსახურებ...
-ცუდი ხარო, როდის გითხარი, გეგა? ცუდად იქცევი, არასწორად.
-სწორი საქციელი რომელია, შენთვის თავის დანებება?-გულზე დაიკრიფა ხელები, გვერდის ავლის საშუალება აღარ დაუტოვა. აიძულებდა მის წინ მდგარიყო და ელაპარაკათ. -ყველას ეგ გინდათ ჩემ გარდა.
-მიზეზებს ეძებ რატომ არ გამოვა ჩვენს შორის არასდროს... რისთვის? გული რომ გეტკინოს უფრო მეტად? არ მინდა შენთვის გულის ტკენა, რატომ მაიძულებ? დღეს რატომ მომიახლოვდი ყველას დასანახად, რა დაამტკიცე მაგით, ივას სიტყვას რომ არ სცემ პატივს?
-შენ რომ მიყვარხარ ყველას სიტყვის მიუხედავად, ეგ. მომკლას, თუ უნდა.
-შენ დღეს მეც ცუდ მდგომარეობაში ჩამაყენე. ეგოისტურად მოიქეცი. ყველას დასანახად მაიძულე მშვიდად ამეტანა შენი სიახლოვე მაშინ, როცა არ მინდოდა... არც ახლა მინდა.
-რატომ დამიწყე მაშინ ლაპარაკი შენ თვითონ?
თავი სიცილით გადააქნია ლაილამ. არ იყო ეს ბიჭი სრულ ჭკუაზე!
-ვერ ხვდები თუ თავს ისულელებ? -გულზე გადაიჯვარედინა ლაილამ ხელები, დამფრთხალმა მოატარა ქუჩას თვალი.
ძალიან გაუგრძელდათ ეს საუბარი, ივა მალე მოვიდოდა და აღარ დამთავრდებოდა ჰომეროსას ისედაც ტრაგიკული ამბავი კარგად. არ უნდოდა, თავად ყოფილიყო მთავარი გმირი, საერთოდ, მეორეხარისხოვანი პერსონაჟიც კი არ სურდა რქმეოდა ამ ბიჭის ამბავში. -მე რომ ერთი ამბავი ამეტეხა, მაგას იმსახურებდი! არ იყავი ჩემგან დანდობის ღირსი და მიიღებდი საკადრის პასუხს, ვისგანაც საჭიროა, უბრალოდ მეგობარს დაბადების დღე აღარ ჩავაშხამე. საერთოდ რას გელაპარაკები...
-სხვა შეგიყვარდა იმ შენს ქალაქში? -დაეჭვებით ჰკითხა გეგამ. ენა ჩაუვარდა წამიერად ლაილას.
-შენი საქმე არ არის! -ცივად გაავლო საზღვარი, მაგრამ მაინც უძლურებას გრძნობდა ამ მიუხვედრელი და ჯიუტი არსების წინაშე.
-მოგიტაცებ, იცოდე... -ბრაზით აენთო თვალები, ავად აუელვარდნენ ნამთვრალევ მზერაში ნახევარმთვარის რკალები.
მართლა შეეშინდა ლაილას, თუმცა მასთან არ შეიტყო არაფერი. ერთი ნაბიჯი გადმოდგა გეგამ მისკენ, ლაილამ არცერთით დაიხია უკან.
-როგორ იქცევი? -ბოლომდე აგრძნობინა მისი საქციელით იმედგაცრუება, თუმცა ვერც ამან დააყრევინა ფარ-ხმალი ნიგურიანს.
-რას მერჩი, ლაილა? რას მიწუნებ?
-გეგა, ნასვამი ხარ... რომ გამოფხიზლდები მერე დავილაპარაკოთ, რა.-გულწრფელად შეეცოდა, იგრძნო კიდეც ეს ბიჭმა და უარესად აეწვა შუბლი. უფრო გაცხარდა, გამწარდა და გატყდა მის წინაშე. სიბრალული არ სჭირდებოდა საყვარელი ქალისგან, ამას სიძულვილი ერჩია...
-მე არასდროს გამოვფხიზლდები... -უკან დაიხია საბოლოოდ, სასმლით ამღვრეულ თვალებში სხვანაირი ნაღველი ჩაეღვარა, -მართლა მოგიტაცებ. ივამ რომ მომკლას, ერთი დღით მაინც მერქმევა შენი ქმარი. საკმარისი იქნება ჩემთვის შენნაირი გოგოს...
-გაჩუმდი ახლა! -ხმას აუწია ლაილამ, სულ აღარ ედარდებოდა შეყრიდა თუ არა მთელს სოფელს. -რომ გამოფხიზლდები შეგრცხვება შენი სიტყვების, გეგა, შენ არ ხარ ასეთი!
-შენ რა იცი... შენ რა იცი, მე როგორი ვარ, გოგო.. ჩემს სიყვარულს ვერ ამჩნევდი თორმეტი წელი და მე შემამჩნიე? -ორივე ხელი გულისკენ გაიშვირა ბიჭმა, შუბლზე ჩამოჰყროდა ხუჭუჭა თმა. -გაბოროტებული ვარ, აი, როგორი ვარ! არ გავჩერდები, არ დაგანებებ.. იმ ქალაქშიც ჩამოგაკითხავ, ვინც გიყვარს, იმასაც მივხედავ...
-ყველანაირი ფასი თუ გინდა რომ დაკარგო ჩემს თვალში, კი ბატონო. -ცოტაც და ტირილს დაიწყებდა, ისე დაღალა ამ საუბარმა.
-შენი კეთილგანწყობით ბოროტად ვსარგებლობ, -ხმა დაიმშვიდა გეგამ, ნაღვლიანად გააყოლა თვალი ლაილას. -ვიცი, მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად... ისიც ვიცი, ივას არაფერს ეტყვი და ჩემთვის ესეც სამოთხეს უტოლებს შენს სიახლოვეს ჩემს არსებობას, ლაი.. ვხვდები, მე რომ არ მიფრთხილდები შენი სიჩუმით, მაგრამ ჩემს გულს ეგეც უხარია. ასე მიყვარხარ...
კბილები მაგრად დააჭირა ლაილამ ერთმანეთს, რომ არ ეტირა მის წინაშე. აკანკალებული მხრებით აირბინა თავისი სახლის ჭიშკრამდე რამდენიმე მეტრის გზა და აფართხალებული გულით შევარდა ეზოში...
-შთამბეჭდავი იყო... -მართლაც გაოცებული ხმა შემოესმა ივას ეზოდან. სიგარეტის სუნს ლაილას ბაღშიც შეეღწია.
დენდარტყმულივით შეხტა ერთ ადგილას. უცებ შეიმშრალა ცრემლები. ორივე სახლის აივანზე სინათლე ენთო, ამიტომაც კარგად მოჩანდა ლუკას მაღალი სხეული.
ღობეს მოადგა, მკლავებით ჩამოეყრდნო ზედ და დაწვრილებული თვალებით მიაჩერდა ლაილას.
-მართლა არ გიყვარს, თუ თავს იფასებ?
-შენ მაკლდი ახლა კიდევ! -თუ ერთ სიტყვას იტყოდა ლუკა, სხვისთვის განკუთვნილ ბრაზსაც საკუთარ თავზე იწვნევდა მალე, ისე გაბერილიყო ლაილა უამრავი უსიამოვნო შეგრძნებით.
-რა გატირებს? -რა თქმა უნდა, მას ხომ არაფერი დარჩებოდა შეუმჩნეველი. კარგად ვერ შეიმშრალა ის ცრემლები ლაილამ, როგორც ჩანს. -გინდა გავიდე და ვცემო?
-ივას არაფერი უთხრა. -დაზავება მოინდომა ხორგუანმა, მოუახლოვდა მესერზე ჩამოყრდნობილ ბიჭს. ღიმილით გაზომა მათ შორის შემცირებული მანძილი ლუკამ, თამამად გაუსწორა ცარიელი მზერა.
-რატომ?
-რას ჰქვია, რატომ! -ხმა აუთრთოლდა ლაილას, იცოდა თავისი ბიძაშვილის სიფიცხის ამბავი, გაატყავებდა იმ საცოდავ ბიჭს. -შენი საქმე არ არის, ლუკა.
-ივას მე არაფერს ვუმალავ...
-მართლა? -მზაკვრული ღიმილით მოუახლოვდა ლაილა. ღრმად სუნთქავდა და ძალიან ახლოს იგრძნო მისი ჰაერის სასიამოვნო სურნელი ლუკამ. არ გარყეულა ადგილიდან, მას ხომ არ მოუთხოვია ეს სიახლოვე, რატომ უნდა დაეთმო თვითონ?... უფრო გაამძაფრა მზერა ფილფანმა, იმ კავშირს ვერცერთი ზებუნებრივი ძალა ვერ გაწყვეტდა, რაც მათ თვალებს შორის შედგა იმ წამს.
-რაღაც არამგონია. თუ ეგრე დარდობ შენი ძმაკაცის ბიძაშვილზე, გადმობრძანებულიყავი და გაგეცა პასუხი, როცა საჭირო იყო, ხომ არ გეთაკილება სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა!
-მაინტერესებდა სადამდე გაგიქაჩავდა. -გულწრფელად უთხრა. -შთამბეჭდავი იყო ნამდვილად.
-ასეთი საძაგელი რატომ ხარ? -სრული სერიოზულობით ჰკითხა ლაილამ, ვეღარ გადაურჩებოდა ეს ბიჭი ვერაფრით, მასზე იყრიდა ყველას ჯავრს, -ჩემს ცხოვრებაზე დაკვირვებას შენსას მიხედო ჯობია! რამდენჯერ უნდა შემოგითვალოს მოხუცმა ქალმა, რომ მოინახულო? მისი ერთადერთი ნატვრა ხარ და ასე როგორ არ გადარდებს, როგორ გკიდია ფეხებზე ყველაფერი, მისნაირ ადამიანს რომ ერთ სურვილს ვერ უსრულებ დაუმადლებლად...
-მისნაირს როგორს? არ ვიცნობ, მომიყევი ერთი, როგორი ბებია იყო... -ცინიკური ღიმილი შემოეფინა სახეზე. უარესად გაცხარდა ლაილა, ლამის ორთქლი აუვიდა სხეულზე, ისე გაღიზიანდა, მაგრამ ვეღარაფერი უთხრა, მთლად საფუძვლიანი არც მისი ბრალდებები იყო და იმიტომ..
-უცხო ადამიანი შეიძლება შეგებრალოს... შენ ქვა გიდევს გულის მაგივრად? გვიან არ იყოს მერე, რომ ინანებ შენს სიჯიუტეს მოხუცის მიმართ. იქნებ იმასაც აქვს თავისი სიმართლე, რის გამოც შვილიშვილთან ხუთი წუთის გატარებას მაინც იმსახურებს...
-არ ვარ მე ეგეთი ალტრუისტი და უანგარო, ლაილა.
ერთი ნაბიჯით უკან დაიხია გოგონამ. საკუთარი შეგრძნებები აოცებდა ამ ბიჭთან სიახლოვისას. როგორ იყო ასეთი...
-გეტყობა კარგად, რაც ხარ.
-ასეთი დაუნდობელი იმ გულდაფლეთილთან რო იყო, მოტაცებით არ დაგემუქრებოდა დღეს. -გაუღიმა უცნაურად. არც თბილად და არც ცინიკურად, მაგრამ როგორ - მაინც ვერ გაიგო ლაილამ.
-შენგან განსხვავებით მე გამაჩნია ადამიანების მიმართ ცოტაოდენი ემპათიის უნარი. ყველას ისე თუ მოექცევი, როგორც იმსახურებს, შეიძლება საკუთარი თავი აღარც კი მოგეწონოს ყველასთან ანგარიშგასწორებული. ამიტომაც გქვია ადამიანი და არა შეცდომების მთვლელი მანქანა.
-ჩემთვის აღარ შემოგრჩა ეგ ცოტაოდენი ემპათია, ლაი-ლა? -ჩაეცინა მის გამოსვლაზე ლუკას, უღიმღამოდ მოავლო გოგონას გამარქაფებულ სახეს ცარიელი თვალები, მხოლოდ მთვარის ანარეკლს რომ იტევდა და პასუხს არც დალოდებია ისე შებრუნდა ეზოში.
რაღაც უნდოდა ეთქვა ლაილას, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც კი ვეღარ მოახერხა, ისე მწარედ მოხვდა გულზე ლუკას სიტყვები. ყველა დამსახურებული...
შუაღამესთან ერთად მოუახლოვდა ივას მანქანაც ხორგუანების ჭიშკარს. არც ლაილას მიეკარა ძილი და სიმშვიდე, ხმაური რომ გაიგონა, მაშინვე მალულად გაიჭყიტა თავისი ფანჯრიდან, პირდაპირ მეზობელ ეზოს რომ გადაჰყურებდა და ყურადღებით მიადევნა თვალი ივას გადაადგილებას.
მათი სახლისკენაც გამოიხედა, გადაამოწმა ეძინათ თუ არა მეზობელ სახლში და უკანა ეზოს მიაშურა, სადაც ლუკა ატარებდა დროს ჩვეულებრივ.
-მოხვედი? -სახლიდან გამოვიდა ფილფანიც. ამ ბოლო დროს სულ ანთებული სიგარეტი ეჭირა ხელში. ჩვეულებრივ აღწევდა ხმა ლაილას ფანჯარამდე და მანაც დაძაბულმა მიუგდო ყური ბიჭების საუბარს.
არ ენდობოდა ლუკას. არ იყო გამორიცხული ყველაფერი წვრილად ჩაეკაკლა ივასთვის და ომი მონაგონი იქნებოდა იმ ქაოსთან შედარებით, რაც სოფელში დატრიალდებოდა.
-მოვედი ხო. ველაპარაკე მამაშენს. -გადაჭრილი ხის კუნძზე ჩამოჯდა ივა, დაღლილი ხმა ჰქონდა. ანუ ამის გამო იყო წასული ქალაქში. ლუკას ამბები რომ გაერკვია...
-რაო, მომენატრა ჩემი შვილიო?
-ქალი ახსენა. თიკა დიდებაშვილი.
წამიერად ყველა და ყველაფერი გაისუსა თითქოს. სუნთქვა შეეკრა ლაილას. თვალმოუშორებლად აჰყურებდა ივა მეგობარს, ლუკას კი არაფერი ედარდებოდა იმქვეყნად ჩასაწვავი სიგარეტის ღერის გარდა.
-რა უნდა თიკასთან? მივიღებო რძლად? -ხმაზე ეტყობოდა, რომ ეღიმებოდა მზაკვრულად.
-ქალია გარეული მაგ ამბავში, ლუკა? რატო არ მითხარი საცოლე თუ...
-არ ყოფილა საცოლე. -გააწყვეტინა დროულად. მის მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა აივნის კიდესთან და მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით. -და არც არაფერ შუაშია თიკა იმ ღამის ამბებთან... მოწმედ შეუძლია დამიდგეს, მაგრამ ერეკლეს არ უნდა მისი გამოჩენა ფილფანების გვარის გვერდით, ხომ ხვდები..
-ვერა, ვერ ვხვდები. -ხმა გაეყინა ივას. ლაილაც კი დაიძაბა უნებურად, საწოლზე წამოჯდა, უკეთ რომ მოესმინა მათი საუბარი. -გისმენ.
-ო, ისეთი არაფერი, -გაღიზიანდა, აშკარად არ მოსწონდა ამ თემაზე საუბარი. -არანაირი ოფიციალური ურთიერთობა არ გვქონია, უბრალოდ იმ ღამეს თიკასთან ვიყავი... ვერ ხვდები ამასაც თუ...
-თავს წაგაცლი, იცოდე. დასამალი რატოა ეგ გოგო?
-ქალია... -ისე შეუსწორა, თითქოს გადამწყვეტი ყოფილიყოს სიტყვებს შორის განსხვავება. -ერეკლეს საცოდავი ბიზნესი კიდე როგორც იქნა აყვავდა, მაღალ საზოგადოებაში მიიღეს და უფროსი ქალი არ უნდა რო უკავშირდებოდეს მისი საამაყო შვილის სახელს.
-მოკლედ, ეგ ქალი გეძებს, რა, -ფეხზე წამოდგა ივა, -უნდა დაურეკო და უთხრა სათქმელი, რო ხელი არ შეუშალოს ერეკლეს საქმის მოგვარებაში.
-დაურეკე კაია, -ფრუტუნით წამოდგა ლუკაც და ნელა აუბა ნაბიჯები წინ მიმავალ ხორგუანს. -ცა და დედამიწა მე მეძებს, ერთი ზარი რო განვახორციელო, ტრუპი ვარ.
-ახლა შეწუხდი მაგ ამბით? -გვერდულად მოხედა ივამ მეგობარს.
-ხო, აქ რაღაც სიცოცხლე მომწყურდა, -გაშლილი ხელები მოატარა ღამეში ჩამალულ სოფელს. -გადავწყვიტე გამოვსწორდე, ცოტაოდენი ემპათია გამოვიჩინო, ნათესავებს შევურიგდე, ცოლი მოვიყვანო და ამ სოფელში დავმკვიდრდე...
სანამ სახლში შევიდოდა, ლაილას ფანჯრისკენ მოაბრუნა თავი და ხელი დაუქნია. სახეს კარგად ვერ არჩევდა ერთ ადგილას გახევებული, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ კმაყოფილი უღიმოდა ჩუმად მოთვალთვალეს.
საბანში მაგრად გამოეხვა და ფარხმალდაყრილი დაელოდა გათენებას, იცოდა, ვეღარაფრით შეძლებდა დაძინებას...

ხორგუანების ეზოში ტელეფონი მხოლოდ კოშკთან იჭერდა. მიადგამდა ხოლმე ლაილა ზედ ხისგან შეჭედილ კიბეს და მანამ იჯდა ბოლო საფეხურზე, სანამ ინტერნეტში ბოდიალი და თბილისელ მეგობრებთან ჭორაობა არ მობეზრდებოდა.
გათენდა თუ არა მაშინვე მიაშურა ლაილამ გარესამყაროსთან კავშირის დაჭერის ერთადერთ წერტილს და უღიმღამოდ დაუწყო ახალ-ახალ ინფორმაციებს თვალიერება. რაღაც ჭია ღრღნიდა, არ ასვენებდა. ერთი-ორჯერ გახედა კიდეც ლუკას ფანჯარას გულმოსულმა, ეტყობა, იმას კარგად ეძინა, ჩქამი არ ისმოდა ჯერ ივას სახლიდან.
მეტისმეტი იცოდა უკვე ამ ბიჭზე, მაგრამ ამავდროულად გულს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება უჭამდა. რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს...
რამდენჯერმე გადაქექა მისი ყველა სოციალური ქსელი და ვერაფერი უპოვა საეჭვო... ვერავინ.
-რას აკეთებ მანდ? -გულზე ხელი დაეკრიფა ლუკას. ქვემოდან ახედა კიბეზე წამოსკუპებულ გოგოს, წარბებშეკრული რომ დასჩერებოდა ეკრანს.
მოულოდნელობისგან შეხტა ადგილზე და ორივე ხელით ხის კიბეს ჩაეჭიდა, თავისი ჰაერში აფრიალებული ტელეფონივით მიწაზე რომ არ დანარცხებულიყო, ლუკას ფეხებთან.
თვალებმოჭუტულმა ჯერ ლაილას ახედა, შემდეგ ტელეფონის ეკრანს, საკუთარი სურათი რომ გამოსახულიყო ზედ. თვალებდაქაჩული დაჰყურებდა ლაილა ზემოდან, როგორ დაიხარა ნელა ლუკა, ხელში შეათამაშა ტელეფონი და მას ამოხედა ისევ მშვიდი სახით. იხტიბარი არ გაიტეხა, თითქოს არაფერი მომხდარა ისეთი და სინამდვილეში არ უნატრია თავად ეფრინა იმ კიბიდან ტელეფონის ნაცვლად. ნელ-ნელა ჩამოვიდა კიბეზე და ხელიდან აართვა ლუკას თავისი მოწყობილობა.
მხოლოდ მაშინ გაეღიმა ფილფანს. მარტო იყვნენ ეზოში და არ მისცა მარტივად დასხლტომის უფლება.
-რას აკეთებ? -ლამის კოშკის გაყინულ კედელს აეკრო ზურგით ლაილა. კარგად დამალა მობილური ზურგსუკან, თითქოს საკმარისი არ ნახეს უკვე.. ქვემოდან ახედა ცივად, შეყარა სწორი წარბები.
დღის სინათლეზე საერთოდ სხვანაირი ფერი ჰქონდათ მის თვალებს. ზუსტად ისეთი მწვანე, განთიადის დროს რომ ჰქონდათ სვანურ კლდეებს, მზის ოქროსფერ სხივებს როცა ირეკლავდნენ.
-მე რას ვაკეთებ? -თვალები დააწვრილა ლუკამ, -შენ თვითონ რას აკეთებ...
-არაა შენი საქმე და ნუ მიახლოვდები.
-რა გაინტერესებს? მკითხე, გიპასუხებ. -თავი გვერდზე გადახარა.
როგორ უნდა დაეჯერებინა ამ ბიჭის სიტყვები, როცა თვალები ასეთი ეშმაკობით უციმციმებდნენ. საერთოდ როგორ ბედავდა მიახლოებას, როგორ არაფერი ადარდებდა..
-არაფერი-მეთქი. შენზე რა უნდა მაინტერესებდეს?
-რა ვიცი, ჩემს ინსტაგრამზე რასაც ეძებდი ეგ, მაგალითად.. გუშინ რის გამოც გვისმენდი ჩუმად... -ლაილას ფარდაგადაწეული ფანჯრისკენ აიხედა. -გაშლილი თმით გძინავს?
სუნთქვა შეუკრა სითავხედემ დანაშაულზე წასრებულს.
-შენ ნუ გაინტერესებს. -გულზე მაგრად მიაჭირა ლაილამ საჩვენებელი თითი, მიუახლოვდა ისე თამამად, რომ ერთმანეთის სხეულების სითბოს გრძნობდნენ, -და შემდეგში ხმადაბლა ილაპარაკე, თუ არ გინდა შენი აღსარება სხვამაც მოისმინოს.
-შენ მაინც მომისმენ... -ჯერ ლაილას თითს დახედა საკუთარ კანთან ძალიან ახლოს, შემდეგ მის გაღუებულ სახეს, ცეცხლის ალში გახვეოდა თვალები.
სიმწრით გაეცინა მის ქედმაღლობაზე ლაილას. გვერდი აუქცია გულზე ხელდაკრეფილმა.
-ვის ეძებდი...
-ინტერპოლი რო შეწყვეტს ჩემს ძებნას, მეც გამოგიწერ ინსტაგრამზე.
როგორ დათმობდა მისი გამწარების შანსს ლუკა. თვალებით მიაცილა მისი გაბრაზებული ნაბიჯები სახლამდე და კიბემიყუდებულ კოშკს ახედა, სადაც ლაილა იჯდა წეღან...
იფარში გათენდა.

მინდია გაბულდანის ნაბიჯებს ლუკას დაბრუნების შემდეგ სხვა თვალით აკვირდებოდა მთელი სოფელი. ისეთი დაძაბული სიჩუმე სუფევდა იფარში, როგორც გამოცხადებული ომის წინა დღეს. ყველა ცეცხლის გახსნას ელოდა, თავდასხმას კი არ ჩქარობდა არცერთი მხარე. დაბრუნებული შვილის მშვიდ სუნთქვას დარაჯობდნენ თმაჭაღარა კლდეები და მხოლოდ იმათი თვალები ხედავდნენ სიმართლეს, ვისაც ქვა არ ეჭირა ხელში ლუკა ფილფანისკენ გასასროლად...
ნათელამ ტატა ამოიყენა გვერდში და ელისოს გარდაცვალების შემდეგ პირველად, შვილის საფლავზე მისვლის ნაცვლად მეზობლების სახლ-კარს მიაშურა შავოსანმა ქალმა.
მორიდებით შეაღო ხორგუანების ჭიშკარი ტატამ. ფეხები არ ემორჩილებოდა, ისე არ უნდოდა ლუკასთან ნათელასთან ერთად მისვლა, იცოდა, არასასურველი დიალოგი ელოდათ წინ და არ უნდოდა თანამონაწილე ყოფილიყო ამ ყველაფრის... მამიდაშვილის გულამდე თავისი ბილიკით უნდოდა მისვლა, რაკი ოჯახს აშკარად ჩაეხერგა ყველა გზა ფილფანებამდე გაყვანილი.
მოხუც ნათელას დიდი სიხარულით მიეგება თამარა. ცრემლები ვეღარ შეიკავა. კარგად ახსოვდა მისი ბოლო ვიზიტი ამ ეზოში ოცდახუთი წლის წინათ, როგორ დარდობდა და განიცდიდა შვილის არეულ ნაბიჯებს მაშინ ნათელა.. ახალი ჩაცმული ჰქონდა შავები ქმარგარდაცვლილს. ქალიშვილმა კი მკვდარ მეუღლეზე უფრო მეტად მოკლა და გაანადგურა, ერთიანად მოტეხა და დააბერა ამაყი ქალი, ვისთვისაც ოჯახის ღირსება იყო უპირველესი საზრუნავი.
ახლა ამასაც ნანობდა... ღირსება და სიამაყე რომ დაიცვა და შვილიშვილი ვერა.
ლაილაც იქვე ჩამომდგარიყო ფეჩთან, ყავას ამზადებდა ბიცოლასთვის. ცივმა ჟრუანტელმა თხემიდან ტერფამდე დაუარა ნათელას დანახვისას და ტატას შეხედა გაოცებით. აცრემლებული თვალები მოარიდა მეგობარს, როგორ არ უნდოდა აქ ყოფნა, მაგრამ მაინც ეჭირა მოხუცი ბებიის ხელი.
-ლაი, ლუკას დაუძახებ? -მშვიდად მიმართა გოგონას თამარამ და ანიშნა, თავის ოთახში არისო.
მუხლების კანკალით ავიდა სახლის მეორე სართულზე ლაილა. ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი და სუნთქვაშეკრულმა მიაკაკუნა კარებზე. რა სასჯელად მოევლინა ეს ბიჭი...
პასუხის შემდეგ შეაღო კარი და თავი შეყო, არ უნდოდა შესვლა.
წარბაწევით გამოხედა ლუკამ, საწოლზე წამოწოლილიყო და ლეპტოპი დაედო მუხლებზე.
-შენთან არიან. -ხმადაბლა დაიჩურჩულა ლაილამ. მაინც ვერავინ გაიგებდა, მარტო იყვნენ.
როცა მიხვდა, ორი სიტყვით ვერ დაითანხმებდა წამოსვლაზე დაუპატიჟებლად შევიდა ოთახში და ზურგსუკან მიიხურა კარი.
-ნათელა ბებო მოვიდა შენს სანახავად. -თვალს არ აშორებდა ლაილა. თხოვნა არ გაუჟღერებია, მაგრამ ხმა ჰქონდა ცრემლებითა და მუდარით გაჟღენთილი. -თამარამ ჩამოვიდესო...
-ინტერპოლს ველოდი არადა, -ლეპტოპი დახურა და საწოლის მეორე მხარეს ერთი მოფრიალებით მიაგდო, კეფაზე ამოიდო ორივე ხელი და ისეთი გაჯიუტებით გამოხედა გოგონას, თითქოს ვერავინ დაძრავდა ადგილიდან. არ შეცვლია გამომეტყველება, ვერც იმას ხვდებოდა, ლაილა რატომ ღელავდა ასე ძალიან. -აშკარად გადასამზადებელია მაგათი კადრები, ოცდახუთი წლის წინ დაკარგულმა ნათესავებმა უფრო მარტივად მომაგნეს. აფსუს..
-ლუკა... -შეეხვეწა ლაილა. არ მოსწონდა ასეთი გულგრილი. არც ზოგადად მოსწონდა, მაგრამ ასეთი განსაკუთრებულად ეჯავრებოდა. -გთხოვ.
-შენ მთხოვ? -უღიმღამოდ წამოჯდა საწოლზე, დიდი მნიშვნელობა არც მის თხოვნას ჰქონდა, სიჯიუტე რომ დაეძლია.
-რამეს შეცვლის მე თუ გთხოვ? -კარგად ახსოვდა ლაილას, როგორ მოიშორა მისი ხელი იმ დილით, ვაჟიკო რომ შემოხვდათ ქუჩაში. -დამალვით ვერ შეცვლი ვერაფერს.
-ძალიან ბევრ რამეს ვცვლი დამალვით ამ წამს, -ფეხზე წამოდგა და მოუახლოვდა გოგონას მშვიდად. მაინც იძაბებოდა... მასთან ახლოს მაინც გრძნობდა საფრთხეს ლაილა. -კაი, წამო ერთი, ვნახოთ რა უნდა ბებოს...
ეჭვისთვალით ახედა ლუკას, თუმცა სიტყვა აღარ უთქვამს მეტად, თავს სუნთქვას აიძულებდა მის გვერდით.
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა ოთახში, როცა ლუკა შეუერთდა მომლოდინე ქალებს. მადლიერებით გადმოხედა ნათელამ შვილიშვილის უკან აწურულ ლაილას.
-გამარჯობა. -მშვიდად მიესალმა ყველას. ვინმესთან შეხვედრის სურვილით დაცლილიყო მისი ხმა, მხოლოდ ზრდილობის ვალდებულება იგრძნობოდა, მეტი არაფერი.
კუთხეში ჩამოჯდა ტატა. მძიმე იყო მისთვის ეს სანახაობა. არცერთს უნდოდა გული სტკენოდა დღევანდელი საუბრის შემდეგ, მაგრამ ლუკას ყველაზე მეტად. მასზე ყველაზე მეტად დარდობდა და განიცდიდა.
თითქოს ლუკასგან პირველ სიტყვას არ ელოდა არავინ, ისე გახანგრძლივდა ოცდახუთწლიანი მდუმარება.
მოხუც ქალს შეხედა წყლიან მწვანე თვალებში, ვერცერთი მსგავსება ვერ დაინახა, ვერ იგრძნო, რომ ეს იყო ბებიამისი, რომ ამ ქალს უყვარდა თურმე ასე ჩუმად და ხმაამოუღებლად ამდენი წელი.
საკუთარმა გრძნობებმა გააოცა. როგორი ცარიელი იყო...
-გავიდეთ ჩვენ, -ფეხზე წამოდგა თამარა. ზედმეტად იგრძნო თავი.
-რატომ მიდიხარ, თამა? -გაუღიმა ლუკამ თბილად. -შენს სახლში ვართ.
უბრალო სიტყვები არიან ყველაზე მწარე და დაუნდობელი, როცა მათი თქმის დრო დგება. ხმა აღარ ამოიღო თამარამ, ლაილამაც კი ვერ შეძლო ნაბიჯის გადადგმა, ისეთი იყო ლუკას სიტყვები.
-ბებო.. -ცრემლებით აევსო ხმა და თვალები ნათელას, თუმცა არცერთი გადმოვარდნია თვალიდან. -მაპატიე, თუ შეგიძლია.
-მე რა უნდა გაპატიოთ? -დოინჯი შემოირტყა ლუკამ, იმდენად მშვიდად და გულწრფელად იკითხა, თითქოს მართლა ვერ მიხვდა, რა იყო მათი დანაშაული..
სუნთქვა შეეკრა მის სისასტიკეზე ლაილას. მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს, ისე გაბრაზდა ასეთი დაუნდობელი რომ იყო. თითქოს ისედაც აშკარა არ იყო მოხუცის დანაშაული შვილიშვილის წინაშე, სიტყვებით თქმაც რომ არ ეიძულებინა.
-რომ არასდროს გაგხსენებიათ ჩემი არსებობა? -ისევ ისე განაგრძო, თითქოს ზღაპრად ყვებოდა თავისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ ნაწილს, -ქუჩაში რომ შემხვედროდით და არა აქ, ვერც კი გიცნობდით ვერცერთს. მე რა უნდა გაპატიოთ?
თვალები დახარა ტატამ. თვითონ იცნობდა აუცილებლად.
-შენ ყველაფერში მართალი ხარ, შვილო. -გაუღიმა ნათელამ, სულაც არ ემძიმებოდა თითქოს მისი პირდაპირობა, -მე არაფერი მამართლებს შენთან. დედას ყოველთვის მეტი ვალი აქვს შვილის წინაშე, თუნდაც დამნაშავის, თუნდაც შეცდომიანის... მაგრამ უჩვენოდ რომ გაიზარდე არ არის მხოლოდ ჩვენი ბრალი, ეს მამაშენის სურვილიც იყო... ეს უნდა იცოდე.
წარბები აზიდა ლუკამ გაოცებისგან. ნუთუ მეტი არგუმენტი ვერ მოძებნეს ამდენი წლის განმავლობაში თავის გასამართლებლად, ნუთუ ამისთვის ითხოვდა ასე დაჟინებით ეს მოხუცი მასთან შეხვედრას, ის რომ ეთქვა, რაც ისედაც იცოდა...
-მე არაფერს გთხოვ საერთოდ, არც შეგაწუხებს შენ ჩემი არსებობა ან არარსებობა. შენს ბიძაშვილებს გამარჯობა უთხარი მხოლოდ, ისინიც შენსავით უდანაშაულოები არიან ამ ამბავში...
-ჩვენ მოვგვარდებით ერთმანეთში, -ტატას გადახედა წამიერად, თვალებდაქაჩული რომ ადევნებდა თვალყურს მათ საუბარს. -ერთი რაღაც მაინტერესებს. იმიტომ კი არა, რომ რამეს შეცვლის პასუხის ცოდნა, უბრალოდ მაინტერესებს. რატომ აღარ დგას ფილფანების სახლი სოფლის ბოლოში?
თამარას გადახედა ლაილამ, არ ელოდა ამ შეკითხვას, თუმცა ყველაზე მეტად ამაზე აინტერესებდა პასუხი მასაც. ადგილიდან ვერ იძროდა, ახრჩობდა ამ დიალოგის შემსწრე რომ გახდა, მაინც ლუკას რომ ამართლებდა გულის სიღრმეში, მას რომ ვერ უპოვა არასწორად გადადგმული ნაბიჯი ამ სოფელში...
-არ ვიცი. -მშვიდად თქვა ნათელამ. კარგად მიხვდა, საითაც მიჰყავდა შვილიშვილს საუბარი, -არ ვიცი, რა მოხდა იმ დღეს.
-თამა, არც შენ გახსოვს? -ოჯახის დიასახლისს მიუბრუნდა ლუკა. ისეთი თბილი ხმა ჰქონდა, მიწის გასკდომა და შიგ ჩატანა ინატრა თამარამ, ოღონდ ის დღე არ გაეხსენებინა. მოგლეჯილი სხეულის ნაჭერივით ეწვოდა ეს ბიჭი...
-მახსოვს, როგორ არ მახსოვს...
-შენ გეჭირე ხელში თურმე, -თამარას გახედა მადლიერი თვალებით ლუკამ, -შენ შეხვედი ჩემ გამო ცეცხლში, მარტო შენ გაბედე, თამარა. ასე არ იყო?
სული აუწვა ლაილას მოსმენილი სიტყვების მხურვალებამ და ჯოჯოხეთურმა სისასტიკემ. თვალები მიეხუჭა უნებურად.
-ასე იყო, ლუკა, არ გინდა ამის გახსენება. -მხარზე დაადო ხელები თამარამ შვილობილს, ანგელოზის შეხებასავით მსუბუქი იყო და მშვიდი.
-რას გავიხსენებ, თამა, ხუთი თვის ვიყავი.. ერეკლეს მოყოლილს ვყვები, მაინტერესებს, სად მომატყუა მამაჩემმა, სად დამაშორა თქვენ ოჯახს მაშინ, როცა თქვენ ჩემი ნახვის სურვილს ვერ თოკავდით... -უზადო სიმშვიდით აკონტროლებდა ლუკა ხმას, სიტყვები კი მძიმდებოდნენ და მძიმდებოდნენ, მაღლდებოდა უხილავი კედელი ბებიასა და შვილიშვილს შორის. -წყალი თუ მაინც შეასხით ჩემს სახლს, როცა იწვებოდა...
-მინდია არ იყო სახლში... -თავი დახარა ნათელამ. უშველებელი ლოდი მოეხსნა გულიდან ტატას, ნაწილობრივ მაინც რომ გათავისუფლდა მამამისი ამ დანაშაულისგან.
-სად იყო? -ინტერესით იკითხა ლუკამ, -ხაჭვანების ტყეში ხომ არა ჩვენი სახლის უკან...
-შენ ბიძაშენს არ იცნობ, -ხმა გაიმკაცრა ნათელამ, სრული ცილისწამება იყო მინდიას გასვრა ამ ამბავში, ის არ იყო ასეთი კაცი..
-შენ ხომ თქვი უარი ჩემს დატოვებაზე მაშინ, ხომ გთხოვათ ერეკლემ ორი საათით დაიტოვეთ, სანამ შეშას მოვიტან, თორემ გამეყინებაო... თუ რამეს არასწორად ვამბობ, გამისწორეთ. -თვალი მოავლო ყველას, მხოლოდ ლოყებზე ცრემლებდადენილი ლაილა გამოტოვა.
აივანზე იდგა ივა და მთებს გაჰყურებდა. სიტყვა-სიტყვით ესმოდა ლუკას მშვიდი საუბარი. ახსოვდა ის დასაწვავი დღე. ახსოვდა, როგორ მიაბარეს ჩვილი ლუკა სადარაჯოდ, სანამ მის საძირკვლამდე დამწვარი სახლიდან ნარჩენებს მოათრევდნენ მისი მშობლები, ისიც ახსოვდა, როგორ უყვებოდა ატირებულს და ცხვირგამურულს გამოგონილ ამბებს ნადირობასა და მგლების მოშინაურებაზე, ის კი მაინც ჭყაოდა და ჭყაოდა. შიოდა...
-რისი შეგეშინდათ... -გაეღიმა ლუკას, - არ შეგვატოვოს და არ გაიქცესო?
-ლუკა... -წამოიყვირა თამარამ, იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის სრულიად ლოგიკური შეკითხვა.
-ასე არ იყო?
-ბებო.. -ფეხზე წამოდგა ტატა, შეწინააღმდეგებას შეევედრა უჩვეულოდ დადუმებულ ნათელას.
მზერა ააყოლა ბიძაშვილის აკანკალებულ სხეულს ლუკამ.
-რატომ ტირი? -არ უნდოდა, მაგრამ ვერ მოზომა მაინც სითბო. -ნუ ნერვიულობ შენ, ტატა...
-ასე იყო. -ხმა აუკანკალდა ნათელას, -ყველაფერი ასე იყო... მაგრამ ბიძაშენი არაფერ შუაშია...
-არ მაინტერესებს ვინ არის შუაში, ან თავში... არავის წვლილი მაინტერესებს ჩემს წარსულში, -ფეხზე წამოდგა ლუკა. -უბრალოდ თავი დამანებეთ. ნუ გაიხსენებთ, რო ვარსებობ.
დასრულებული იყო საუბარი.
კარებში გახიდულ ლაილას მშვიდად აუარა გვერდი, თითქოს იქ არც კი ყოფილა. ცრემლების სურნელი ასდიოდა, შორიდანაც ელავდნენ წყლით სავსე მწვანე თვალები, მაგრამ ისეთივე არაფრისმომცემი იყო გვიან გადმოვარდნილი სინანულის ცრემლები, როგორც წვიმა მისი სახლის ნამწვავებზე ოცდახუთი წლის შემდეგ.
სწრაფად შეიმშრალა ლაილამ თვალები და უკან გაჰყვა ეზოსკენ მშვიდად მიმავალს. მკლავში ჩაავლო ხელი, როგორც კი ეზოში გავიდნენ და მოაბრუნა მაშინვე თავისკენ.
აზიდული წარბებით დახედა ლაილას სუსტ და გაყინულ ხელებს თავის ფართე მკლავზე. შაქრისფერი კანი ჰქონდა ლუკას, ძარღვებსა და სხეულის სითბოს გრძნობდა თითებით ლაილა.
-რამე გინდა? -გააშვებინა ხელი და ტუჩებს შორის მოიქცა სიგარეტის ღერი, ასანთს ეძებდა და გოგონას არ აშორებდა მზერას, -დაიკმაყოფილე ინტერესი?
-მომისმინე... მე...
-ახლა ბოდიში არ მომიხადო, -სიგარეტის კვამლს გამოაყოლა ეს სიტყვებიც, მობეზრებულმა ჩაუკრა თვალი და გვერდი იბრუნა სახლისკენ. იმდენად მკაცრი იყო, ენა პირში შეაკავდა ლაილას. -ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს. არ მჭირდება. სახეზე გეტყობა ისედაც ყველაფერი.
-არ ვიცოდი.
-არც მე ვიცი შენზე ბევრი რამე, -მზაკვრულად გადმოხედა, -გინდა უაზრო დასკვნებით საბოდიშოდ გავიხადო საქმე? გავსწორდებით მერე.
-რანაირად მელაპარაკები... -გულზე გადაიჯვარედინა ლაილამ ხელები, არ მოეწონა ასეთი, შეეშინდა კიდეც ისეთი ცივი ჰქონდა გამოხედვა.
-რამე არ მოგწონს? მითხარი, არ მეწყინება.
არ ჰქონდა ლაილას მისი სიუხეშისთვის შესაფერისი პასუხი. ერთხანს უყურა ცარიელ თვალებში. ვერც საკუთარ თავს და სათქმელ სიტყვებს მნიშვნელობა რომ ვერ მიანიჟა მის თვალებში, მხოლოდ შემდეგ აუარა გვერდი.
აღარასდროს მივიდოდა მასთან ასე ახლოს...

საღამოხანს ხორგუანების ეზოში ერთი ქალი შემოფრინდა, ტელეფონი ეჭირა ცალ ხელში და სახე ისე გადათეთრებოდა, თითქოს მოჩვენება ენახოს.
ზოგადად, ამ სოფელში ბევრი ქვრივი ცხოვრობდა, მაგრამ ჟუჟა გაფრინდაშვილი გამორჩეული ქალი იყო ყველასგან. ერთადერთი ქალაქელი რძალი იყო იფარში ჟუჟა. ოცდაათი წლის წინ რომ მოიყვანა ცოლად ზაზა კვიციანმა, იმის შემდეგ არ გაცილებია მის კარ-მიდამოს. ბევრი უყურებდა თბილისელ ჟუჟას ეჭვისთვალით. ეგ აქაურ ბუნებას და ხალხის ხასიათს ვერ შეეგუება და მალე გაექცევაო ზაზას, მაგრამ ისე გაატარა თავისი ახალგაზრდობის ძვირფასი წლები ჟუჟამ თავისი საყვარელი ქმრის გვერდით, რომ ერთხელ არ უბრუნებია პირი თბილისისაკენ. ერთადერთი და დაგვიანებული ქალიშვილი ეყოლა ჟუჟას - ნინო, რომელიც ქალაქში გათხოვდა და მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდა დედას. როგორ არ მოუარა ნინომ, როგორ არ სთხოვა ქალს, მაგრამ არაფრით მიატოვა გაფრინდაშვილმა ქმრის დანატოვარი მიწა-წყალი, არ გადააქცია ნასახლარად ზაზას ხელით ნაწვალები კარმიდამო და ქალიშვილს ქალაქში არ გაჰყვა. მარტოობასაც შეეგუა და მარტოხელობასაც.
ამის გამო ყველას პატივს სცემდა ჟუჟას. ქალაქური პეწი მაინც დაჰკრავდა ქალს, სხვანაირი ჩაცმა-დახურვა და გამოწყობა იცოდა. მგლოვიარეც კი პატივსაცემი და კარგი შესახედი იყო.
-თამარა, რამე უნდა მიშველოთ. -ქარიშხალივით შემოვარდა ხორგუანების სახლში და ივას დაუწყო ძებნა თვალებით,- სადაა ჩემი გადამრჩენელი?
-რა ხდება, ჟუჟა? -შეშის ნაფოტები ფეჩთან დაყარა ივამ. ბინდდებოდა უკვე და აცივდა სახლშიც. -შუქი გაგეთიშა ისევ?
-არა, არა! ჩემი დისშვილიშვილი დავკარგე... ჩემთან მოდიოდა, გზა გაებნა და ღმერთმა იცის, სად წავიდა ამ შუაღამეს. -ტელეფონი მაგიდაზე დაახეთქა გაბრაზებულმა და შუბლით დაეყრდნო ხელისგულს. -ეთქვა მაინც თუ მოდიოდა... მე რა მეგონა... ქორწილი უნდა ჰქონოდა იმ კვირაში...
-ქორწილისთვის უნდა ალბათ შენი წაყვანა, ჟუჟა. დაწყნარდი, -წყალი მიაწოდა მოხუცს თამარამ.
-სად უნდა წამიყვანოს... მე იმ ქორწილში არ წავალ, იცის ეგ მაგან! -მკაცრად განაცხადა ქალმა და ივას მიაწოდა ტელეფონი, -დაურეკე, რა იქნება, შენ უფრო გაგაგებინებს სად არის, იქნებ უშველო..

მაზერის შესასვლელამდე რამდენიმე მეტრის მოშორებით შეეყენებინა ქალს ტყესთან მანქანა. ტელეფონს უმისამართოდ აქნევდა ჰაერში, როგორმე კავშირი რომ აღედგინა და მგლების ლუკმად არ ქცეულიყო იმ ღამით.
ოდნავ უკან დაიხია ქალმა, უცნობი მანქანა რომ მოადგა ფეხებთან და მაღალი, მხარგანიერი კაცი გადმოვიდა იქედან. ლურჯი, მოკლემკლავიანი მაისური და შავი ჯინსი ეცვა, დაბალზე შეჭრილი თმა და წვერი ჰქონდა, სქელი, სწორი თვალები და შავი, მკაცრი თვალები.
გულზე გადაიჯვარედინა ხელები და თავის მანქანას მიეყრდნო სანდრა.
-შენ ხარ დაკარგული? -მშვიდად ჰკითხა ივამ.
ისეთი მშვენიერი ქალი ედგა ცხვირწინ და ნორმალურად არც კი შეუხედავს, თითქოს ძალით გამოაგდეს სახლიდან მის წამოსაყვანად. სანდრასნაირი ქალები კი ყოველთვის გრძნობენ ზერელე დამოკიდებულებას, აითვალწუნა მანაც მაშინვე თავისი გადამრჩენელი.
-გაგიმარჯოს. -ცივად მიესალმა სანდრა. ეს რა ზრდილობა იყო, დაძალებული დახმარება არავისგან უნდოდა…
წარბები აზიდა ივამ. თეძოებზე დაილაგა ხელები და ისეთი ღრმა და გამჭოლი მზერით დააჯილდოვა ეს ქედმაღალი ქალი, რომ ვერავინ გაუძლებდა ასეთ გამოხედვას.
-უბრალოდ გზა ამებნა. ჟუჟასი ვინ ხარ… -ეჭვისთვალით მოათვალიერა.
-მეზობელი.
-მეზობელი გამოუშვა ჩემთან?
-ვის ელოდი, აბა? -ირონია შეერია ხმაში, ისე არ მოეწონა შეურაცხყოფილი ტონი ქალისგან. მადლობის მაგიერი იყო…
ტყეში უშნოდ შეყენებულ მანქანას გახედა და მერე მის წინ ამაყად აღმართულ სანდრას.
-რა იყო? -არ ესიამოვნა დამცინავი გამოხედვა. რა უზრდელი იყო მაინც ეს კაცი, როგორ შეხვდა უცხო ქალს… -რამე არ მოგწონს?
-არაფერი. წავედით.
-ვერ მოვაბრუნებ აქ მანქანას, -ხმადაბლა თქვა სანდრამ. პირდაპირ თხოვნა არ უნდოდა ასეთი დახვედრის შემდეგ, მაგრამ ვერც ამ ტყე-ღრეში დარჩებოდა ბედის ანაბარა. ნელა მობრუნდა ივა და მშვიდად გაუსწორა თვალები. როგორ არ მოსწონდა ასეთი ქედმაღალი ქალები...
-აქამდე როგორ ამოაღწიე ერთი... -ჯიბეებში ჩაილაგა ხელები. აგრძნობინა, რომ თუ არ სთხოვდა სათანადოდ, აქ მოუწევდა დარჩენა.
ბნელდებოდა მაზერში, თუმცა მზე საერთოდ არ სჭირდებოდა ამ ქალს, რომ ებრწყინა. ქერა, უხვად დატალღული თმა დაჰფენოდა კარამელისფერ მხრებზე და თვალისმომჭრელად უბზინავდა.
-ჯიპიესმა აურია. -გულზე გადაიჯვარედინა ხელები სანდრამ, გვერდულად გამოხედა, კაცისთვის არაფერი უთხოვნია აქამდე, ეს თავგასული ვინ იყო საერთოდ...
-კარგი, გაიწიე. -გვერდი აუარა და მისი მანქანისკენ წავიდა, გზაზე რომ გამოეყვანა.
გზა დაუთმო სანდრამ. გულზე გადაეჯვარედინებინა ხელები და წარბშეკრული აკვირდებოდა მისი სხეულის მოძრაობას. ვირულად რომ არ მოქცეოდა, მოეწონებოდა კიდეც, ისეთი მიმზიდველი იყო. კარგად აკვირდებოდა სახეზე, ხელებზე, როცა საჭეს შეეხო და მანქანა გზაზე გადმოუყენა.
-მოდი, -მიიპატიჟა თავისივე ავტომობილში და გაღებულ კარს ჩამოეყრდნო მკლავით. ხელით ანიშნა სანდრას, დაჯექიო.
მშვიდად მიჰყვა ინსტრუქციას და ალმური მოედო სახეზე, სავარძელზე დამჯდარს თავად რომ მიუხურა კარი. ოხ, ისე გაბრაზდა… ვითომ თავაზიანობა გამოიჩინა!
უტეხი მზერა არ მოუშორებია მისი გაშლილი, განიერი მხრებისთვის მედიდურად რომ არხევდა მოძრაობისას. ისეთი ამაყი იყო უბრალო ქცევებშიც კი…
გონს რომ მოვიდა, მხოლოდ მაშინ შენიშნა, მამაკაცის დატოვებული სუფთა, სულისშემხუთველი სურნელი.
გაღიზიანებულმა ამოიღო ძვირადღირებული სუნამოს ფლაკონი და აგრესიულად გაასხა მანქანაში ყველა მიმართულებით. დასამშვიდებლად და გონების გასანიავებლად ჩამოვიდა აქ და უკვე ხელს უშლიდნენ!
ფრთხილად გადაადგილდებოდა ივა კლდეზე გამოკიდებულ, ქვაღორღიან გზებზე. ყოველ წამს ამოწმებდა, ხომ არ ჩამორჩა აკიდებული პასუხისმგებლობა. გვარიანად შებნელებულიყო უკვე. ნახევარი საათის გზა ჰქონდათ დარჩენილი, საწვავი რომ გაუთავდა ქალს. გაღიზიანებულმა ჩამოადო თავი საჭეს და ლამის ტირილი დაიწყო, ისე გაღიზიანდა.
ფრთხილად მიუკაკუნა ივამ ამოწეულ მინაზე. აღარ უნდოდა ამ კაცისთვის შეხედვა და კიდევ რამის თხოვნა. გამოხედავდა ისევ დამცინავად, ისევ სულელ ქალად აგრძნობინებდა თავს…
ნელა ჩამოსწია ფანჯარა. მაშინვე ცხვირი აუწვა ივას გადამეტებულმა სუნამოს სურნელმა, მაგრამ არ შეიმჩნია. დაიხარა და სახე გაუსწორა ქალს. ისეთი ლამაზი იყო ახლოდან, ისეთი მიმზიდველი.. ცისფერი თვალები ჰქონდა, ვარდის ფურცლებივით ნაზი და ფაფუკი ტუჩები..
-გადაიფიქრე გზის გაგნება? -ჰკითხა და წითლად ანთებულ დაცარიელებული ავზის ნიშანს გახედა. -ჩაჯექი ჩემს მანქანაში, აქ დავტოვოთ ეს..
-აქ სად უნდა დავტოვოთ? -უკუნ სიბნელეში გახვეულ გარემოს მოავლო თვალი სანდრამ.
-შენც დარჩები? არავინ მოგპარავს. ხვალ ამოვიტან საწვავს და მოგიყვან სახლში.
პასუხს აღარ დალოდებია, ისე გამოუღო კარი.
-არ არის საჭირო პრინცესული მოპყრობა, მე თვითონაც გავაღებ კარს. -ძალიანაც მოსწონდა თავაზიანი ადამიანები, მაგრამ ეს კაცი სულ სხვა მიზნით იქცეოდა ასე…
ყურადღება არ მიუქცევია მისი ლაპრაკისთვის ივას. მშვიდად გადააყენა მანქანა უსაფრთხო ადგილას.
ხმა არ ამოუღიათ სოფლამდე. ჩუმად აკვირდებოდა სანდრა საოცრად მოწესრიგებულ და სუფთა სალონს, მძღოლისკენაც გააპარა მზერა ერთი-ორჯერ, მაგრამ რომ მიხვდა მეტისმეტად ყურადღებიანი იყო ეს კაცი და პატარა თვალის შევლებასაც ამჩნევდა, გზაზე გადაიტანა ყურადღება.
-მადლობა, -გულმა არ მოუთმინა მაინც. არ იყო ქედმაღალი და ამპარტავანი, დიდად არც სხვისი აზრი აინტერესებდა საკუთარ თავზე, მაგრამ არასწორი შთაბეჭდილება რატომ უნდა დაეტოვებინა პირველივე შეხვედრისას…
-არაფრის. -მშვიდად დაუბრუნა ივამაც პასუხი. თვალს არ აცილებდა სანდრა. აშკარად თავადაც ჰქონდა რაღაცის მოლოდინი. -შენც ელოდები მადლობას?
-არა, ბოდიშს ველოდები.
-ბოდიში, რომ მოგაკითხე და სახლში მიმყავხარ? -წარბები აზიდა ივამ. თითქოს ვერ მიხვდა, რაზე მიანიშნებდა.
-არ მომესალმე. უზრდელობაა.
-თავი დაგიკარი. შენ როგორ მისალმებას ხარ მიჩვეული, მუხლმოდრეკილს?
-დამცინი? -სახე აეშალა სანდრას, სუნამოს სურნელი სადღაც გამქრალიყო, ზღვის და რუჯის სურნელი ასდიოდა ამ ქალს, უცხო და მიმზიდველი. -ისე მიყურებ პირველივე წამიდან, თითქოს უუნარო სულელი ვიყო, რომელიც მარჯვენას და მარცხენას ვერ არჩევს. შენ არაფერი შეგშლია?
-გზა და ხმის ტონი არასდროს. -გამაფრთხილებლად გადმოხედა. -არც მარჯვენა და მარცხენა.
ჩუმად მყოფი უფრო ნაკლებად არ მოსწონდა ეს ქალი.
სოფლის გზაზე გადაუხვია თუ არა წითელმა ცეცხლმა მოსჭრა თვალები, დაძაბული მოიმართა საჭესთან და სიჩქარეს უმატა.
გაბულდანების სახლი იწვოდა.
მეოთხე თავი
მსხვერპლის დანაშაული
კოკისპირულად გაწვიმდა იფარში. ავდრის რუხი ღრუბლები გადაეფარნენ სოფელს და უხვად მორწყეს ზაფხულის მზითა და ხანძრებით დასიცხული მიწები. ამოვარდა ძლიერი ქარი. თითქოს ბუნება შეთანხმებულად ცდილობდა დაუპატიჟებლად მოსული სტუმრისათვის თავგზის აბნევას, დიდხანს რომ ჰყოლოდა თავისი შვილი კალთას ამოფარებული.
ბედად მაინც და მაინც მაშინ გამოვიდა გაბულდანების ჭიშკარში ლაილა, თბილისიდან ლუკას საძებნელად სვანეთში გადმოკარგულმა ნიკო ბურდულმა იქვე რომ შეაყენა მანქანა. არ ესიამოვნა ვაჟიკოს ეს შემთხვევითობა, ნაკლები ხალხი უნდა გასჩხეროდა თვალებში როგორმე ამ კაცს, რომელსაც არაფერი ეცხო სანდოობის.
-გამარჯობა, -ივას სამხედრო ქურთუკი წამოეგდო თავზე ლაილას, გაშლილი თმის ბოლოების გასველება მოესწრო გადარეულ ამინდს.
კარგად მოესწრო კიტას მისი შეთვალიერება უკვე. სახეზე ეტყობოდა კმაყოფილება, ასე რომ გაუმართლა და სხვაც შემოხვდა გზაზე ამ დაბნეული ბიჭის გარდა, რომელიც რას მიედ-მოედებოდა ღმერთმა უწყის.
-გაგიმარჯოს. -გაუსწორა ნიკომ მზერა.
მაღალი იყო ბევრად ვაჟიკოზე, ეტყობოდა დგომის მანერასა და გამოხედვაზეც, რომ უფროსი და გამოცდილი იყო ბევრად და ამჩევდა კარგად მის ვერდამალულ ნერვიულობას.
-ლუკას ვეძებ, ფილფანს. -გაუგრძელა ლაილას. უტიფრად გაუსწორა შავბნელი მზერა.
სახე აეწვა ვაჟიკოს არაფრად რომ არ ჩააგდეს მისი არსებობა. არადა როგორი იმედი მიეცა, რომ შანსი ჰქონდა მამიდაშვილთან დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა. ისევ უარეს შარში როგორ გაეხვა, რა ბედი ჰქონდა ასეთი...
-მერე? -იხტიბარი არ გაიტეხა ლაილამ. ერთიანად გამოეცვალა სინამდვილეში უდარდელი განწყობა. შეაშინა ამ კაცმა და მისი პირიდან წარმოთქმულმა ნაცნობმა სახელმა უფრო მეტად. -ფილფანების დამწვარი სახლის ნარჩენები აი, ამ გზის ბოლოშია. ოცდახუთი წელია ფეხი არ დაუდგამთ აქ, სულ ტყუილად დაეძებ.
-აქ არის, ვიცი, -ფართოდ გაეღიმა ნიკოს.
არ ადარდებდა, ცა რომ თავზე ექცეოდა. მოეწონა ამ ქალის სითამამე და გამბედაობა, ალბათ, დაუჯერებდა კიდეც ზუსტად რომ არ სცოდნოდა, სადღაც აქ იყო ლუკა ფილფანი...
იფარს შეთქმულების სუნი ასდიოდა.
-არასწორად გცოდნია. -მხრები აიჩეჩა ლაილამ, ვაჟიკოს გადახედა გვერდულად. სულ მთლად ჩამოერეცხა თქეშ წვიმას მისი სახიდან ყველანაირი ემოცია და თავდაჯერება. -შეიყვანე სახლში სტუმარი, ვაჟი...
-შენ რა გვარი ხარ? -გვერდის ასავლელად ნაბიჯგადადგმულ ქალს ოდნავ გადაუდგა წინ ნიკო.
-ლაილა, წადი სახლში. -ზურგზე დაადო თბილად ხელი ვაჟიკომ, -შენ ჩემთან გაქვს საქმე, გოგოს გაანებე...
-სათამაშოდ არ მოვსულვარ, -ვაჟიკოს გადმოხედა მკაცრად. -შენ მატყუებ. ვერ ვხვდები გგონია? არავის სახლში შესვლას არ ვაპირებ ამ სოფელში...
-უპატივცემულობას არავინ გაპატიებს აქ, -კისერი წაიგრძელა ბიჭურად ვაჟიკომ, მამის ყველა დარიგების გახსენებას ცდილობდა, ამიტომაც აერია ტვინში ყველაფერი. -არც მტრულად მოსულს უხვდებიან მოყვრულად. არც მე ვარ სულელი. გეტყობა კარგად, ცუდი რომ გიდევს გულში და მოშორდი აქაურობას, სანამ გამოგასალმეს სიცოცხლეს.
-ლაილა... -ისევ ერთ ადგილას გაშეშებულ ქალს მოხედა ნიკომ, განსაკუთრებულად დაარბილა მისი სახელი. ისე არ ესიამოვნა ლაილას, რომ სული გაეყინა, გაბრაზდა. -უთხარი ლუკას, გელოდებაო ნიკო ბურდული საკმარისი დრო მოგცა-თქო გამბედაობის მოსაკრებად...
-როცა იპოვი, ვისაც ეძებ, თვითონ უთხარი შენი სათქმელი.
-შენხელა გოგოს ძმის მკვლელებს აფარებს ხელს. შენ გყავს ძმა, ლაილა? -ჯიბეებში ჩაილაგა ორივე ხელი კაცმა, ბოროტებასა და ბოღმასთან ერთად სიმართლეც იკითხებოდა იმის თვალებში.
ნაბიჯის გადასადგმელად მოხრილი მუხლები გაუქვავდა თითქოს. ძმა არ ჰყავდა, მაგრამ ძმასავით იყო მისთვის ივა, არც ძმასავით ახლობლის დაკარგვა იყო ლაილასთვის უცხო ამბავი, მაგრამ არ აღებდა იმ უჯრას, სადაც მშვიდად განისვენებდა ნაადრევად დამარხული ბავშვობა და მასთან ერთად სუდარაში გამოხვეული ბევრი ადამიანის ბედნიერება.
სული გაუწვრილდა.
გაშრა ვაჟიკოც საერთოდ. ვეღარც წვიმას გრძნობდა და ვეღარც სხეულს. თვალები დაექაჩა მოულოდნელობისაგან. არცერთი გრძნობის დამალვა არ შეეძლო მაინც ამ ბიჭს, ისეთი გულღია იყო.
-დამარხა უკვე ნიკო ბურდულმა თავისი თვრამეტი წლის ბიძაშვილიო, გადაეცი, -ზიზღით გაებერა ხმა კაცს, ყველა წვიმის წვეთის ხმაური გადაფარა მისმა მრისხანებამ. სიკვდილს ეკუთვნოდა ეს ზიზღი, ლუკას თუ საკუთარ თავს რთული გამოსარჩევი იყო უკვე. -შენ გელოდება ახლა-თქო, უთხარი. არ გაცივდე, მიდი.
თავის მანქანაში ჩაჯდა ნიკო. დაძრა და გადააყენა გაბულდანების ეზოდან. ერთხანს იდგნენ ერთმანეთის გვერდით ლაილა და ვაჟიკო. წვიმამ გადაიღო ნელა-ნელა...
-რა უთხარი? -ცივად მოხედა ბიჭს. ისეთი შეუვალი და გაუტეხელი იყო ლაილა, თითქოს მართლაც არავის იცნობდა ისეთს, ვისაც ის კაცი ეძებდა.
-არაფერი... არ ვიცოდი ვინ იყო..
ერთხანს უყურა ლაილამ და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა შემდეგ თავისი სახლისკენ. წარსულიდან წამოწეული შავი ღრუბელიც გაიყოლა თან... მისთვის ხომ არ იყო უცხო უსამართლობას შეწირული სისხლი და ხორცი.
თამარა სამზარეულოში ფუსფუსებდა თავისთვის. ივაც არ იყო სახლში, ამ ბიჭის გულისთვის გამობმულიყო სოფელსა და ქალაქს შორის და ხან ალთას დაეხეტებოდა, ხან ბალთას.
ლუკას ოთახისკენ გავარდა გულამოვარდნილი ლაილა. სველი თმა გიშრისფერი გახდომოდა უფრო მეტად, თეთრ სახეზე მისწებებოდა და ვერ ითქვამდა სულს ვერაფრით.
დაუკაკუნებლად შეუვარდა ოთახში საწოლზე ნებიერად წამოწოლილ ფილფანს, თვალები რომ მიეხუჭა და ყურსასმენებში ხმამაღლა უსმენდა მუსიკას.
დიდად არც ახლა ადარდებდა მის გარშემო დატრიალებული ქარიშხალი. მაშინვე მოაშორა თავიდან მოწყობილობა ლაილამ და მკაცრად გაუსწორა გაოცებით დაქაჩულ თვალებს თავისი მზერა.
-რა გააკეთე? -იმედგაცრუებას ვერ მალავდა ვერაფრით. უნდოდა მკაცრი და შეუვალი ყოფილიყო მის წინაშე, თუმცა მაინც ვერ ერეოდა ემოციებს ლაილა. -რატომ იმალები აქ?
-შემინახავ საიდუმლოს? -ოდნავ აუპრიხა სუსტმა ღიმილმა ტუჩის კუთხე ლუკას. აღარ იყო ხუმრობის ხასიათზე თვითონაც.
-იმსახურებ? როგორც შენ აფარებ მკვლელებს ხელს, ისე დაგაფარო მეც? მოგაკითხეს. ნიკო ბურდულმა მოგაგნო.
წამიერად გაჩუმდა ამინდიც. სასოწარკვეთასა და გაკვირვებას დაკარგული მგზავრივით ეძებდა მის სახეზე ლაილა, თუმცა წარბიც არ შეხრია ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ლუკას. მშვიდად წამოდგა ფეხზე.
-არაფერს იტყვი? -ზურგში წააწია სიტყვა კარადისკენ მშვიდად წასულს. სისხლი შუბლზე მოაწვა. როგორ იყო ასეთი აუღელვებელი და გულცივი, როგორ არ ადარდებდა საერთოდ არავინ და არაფერი. -ივამ იცის რის გამო იმალები?
-რის გამო ვიმალები, შენი აზრით? -კარადა გამოაღო და მშვიდად გადაიცვა გრძელმკლავიანი მაისური.
-თვრამეტი წლის ბიჭის მკვლელებს ხელს აფარებ, -ცრემლები ხმაში მოერია ლაილას, ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ბოლომდე, მართლა ამის გამკეთებლის წინაშე იდგა თუ არა. -და იმ ადამიანების სახლში უტიფრად იმალები... ვინც იცის, რასაც ნიშნავს მოკლული შვილის სიმწარე.
უემოციო მზერით მოუბრუნდა თვალებამღვრეულს. წინააღმდეგობასაც კი არ უწევდა, ერთი სიტყვითაც კი არ აძლევდა შვებას.
-სად არის ის? -ქურთუკიც მოიცვა ლუკამ მშვიდად.
წასასვლელად ემზადებოდა აშკარად და სხვისი ავდრის ღრუბლების გაფანტვის სურვილი აღარ ჰქონდა დიდად. ასე იყო უმჯობესი ყველასთვის...
-შემომხედე რომ გელაპარაკები, -ხმა გაეყინა ლაილას.
-რას გეტყვის ჩემი შემოხედვა ისეთს, რაც ჩემმა საქციელმა ვერ გითხრა აქამდე? -გაუსწორა ცარიელი თვალები.
-მართალი თქვა იმან? -უკანკალებდა უკვე ტუჩები. ვეღარ პოულობდა ადგილს მის სიახლოვეს.
-კი, მართალი თქვა. არ გაქვს საკმარისი მიზეზი ჩვენს შორის მანძილის გასაზრდელად? -ხმა დაიდაბლა უჩვეულოდ, მხოლოდ ახლა შეამჩნია თითქოს იმ ცრემლების მიზეზი თვალებს რომ უპრიალებდა ქალს, თავად რომ იყო, -რა გატირებს...
-ივამ იცის? -უცებ მოიწმინდა ცრემლები. არც უკან იხევდა და არც უახლოვდებოდა. მართლა ყველა მიზეზი ჰქონდა მისთვის ზურგის შესაქცევად.
-ნუ ცდილობ ახლა, გამართლება რომ მომიძებნო... -მოუახლოვდა თვითონ. ისეთი ფრთხილი იყო ლუკა იმ წამს, თითქოს ცდილობდა ლამაზი მაინც ყოფილიყო მათი ბოლო სიახლოვე. -სიმართლეა ყველაფერი, რასაც ხედავ, ლაი, როგორც მხედავ... რა გაწუხებს შენ, მკვლელის ხელის დამფარებელი რომ ცხოვრობს შენს საყვარელ ოჯახში, თუ შენ რომ ცდილობ მის გამართლებას?
ფრთხილად მოსწმინდა წვიმით დანამულ სახეზე ჩამოღვრილი მოურიდებელი ცრემლები. ლოყასთან შეატოვა ცოტა ხნით თავისი თბილი ხელი ლუკამ.
-რად გინდა კაცი, რომელიც დღის სინათლეს ემალება, -გაუღიმა ნაღვლიანად და წამიერად გაუკრთა თვალებში ყველაფრის სხვანაირად ყოფნის დაუმსახურებელი სურვილი. -გოგოს, რომელიც მზეზე ადრე მარტო იმიტომ დგება, გათენებას რომ უყუროს... ჰა?
საკუთარი ნებით მოაშორა ხელი. საფრთხილო იყო მისთვის ლაილას ყველა შეხება და ყველა სიახლოვე.
თვითონ ხომ კარგად იცოდა ლუკამ, საფრთხე რომ იყო ყველასთვის, ვინც უყვარდა. თავისი დაბადების წამიდან...
-არ დაურეკო ივას, -დაუბრუნდა თავის უდარდელობის ყალიბში ჩამოსხმულ სახეს, ქურდივით წამოიხურა კაპიუშონი, -ნურც თამარას დააფეთებ. არაფერი მოხდება.
-ტყუილად ელოდები ჩემგან გათვალისწინებას, -გაუველურდა თვალები ლაილას. -არ ვაპირებ შენ გამო კიდევ შარში გაეხვას ეს სოფელი და მე ხმა არ ამოვიღო.
-შარში მაშინ გაეხვევა, ხმას თუ ამოიღებ...
-შენთვის მარტივია, -გაეღიმა ცივად ქალს, სამაგიეროს გადახდა უნდოდა ყველა იმ სიტყვისთვის, რომელიც მისი პირიდან გაიგო და ასე ატკინა გული. -კარგად გამოგდის გაჩუმება და დამალვა...
-ხო, რას ვიზამთ... სხვა რამეებიც გამომდის კარგად, მაგრამ არ შეიძლება ყველაფრით ტრაბახი... -გამომწვევად გაუსწორა მზერა. -არ დამიშავებს არაფერს, ვჭირდები ბურდულს. მაგრამ ჩემ გვერდით ვინმეს თუ დაინახავს ჩემიანს, არ დაინდობს იმას.
-ისე გაგამწარებს, როგორც შენ გაამწარე? ღირსი კი ხარ, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ... -მაგრად მოკუმა ტუჩები, ბრაზი რომ გაეკონტროლებინა, რასაც ამ ბიჭის წინაშე გრძნობდა. -სხვამ რა დააშავა, შენ თუ არ გყოფნის სწორად მოქცევის გამბედაობა?
პირველად შეეშინდა ლაილას ასე ძალიან. არ უნდოდა კარგად ნასწავლი მწარე გაკვეთილების გადამეორება, სიკვდილთან სიახლოვე, უბედურება და ძლივს დავიწყებული მგლოვიარე დღეების კიდევ ერთხელ გათენება.
მწარედ გაეღიმა ლუკას. რა ქნას, რომ ისე არ უცხოვრია, სასიამოვნო მოსასმენი ყოფილიყოს მართალი სიტყვები თავისი ცხოვრების შესახებ...

იფარის გასასვლელში ელოდა ნიკო. აღარ წვიმდა, თუმცა დღე უკვე ეთხოვებოდა სოფელს და გვარიანი სიბნელე ჩამოწოლილიყო სოფლის დაკლაკნილ შარაგზებზე.
თავისი ოთახის ფანჯრიდან უყურებდა ლაილა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მშვიდად როგორ მიემართებოდა ლუკა თავისი დანაშაულით გაბოროტებულ კაცთან შესახვედრად.
ადგილი ვერსად იპოვა სახლში. ვინმესთვის რომ გაემხილა ეს ამბავი, უარესი მოხდებოდა ალბათ, აუცილებლად დაიღვრებოდა სისხლი სოფელში, რომლის მიწასაც ჯერ კიდევ არ მოშორებია ახალგაზრდა სიკვდილის წითელი კვალი.
სწრაფად გადაირბინა სანდრასთან. ჩაუკაკლა წვრილად ყველაფერი. ერთადერთ იმედად და სწორი რჩევის მიმცემად ის ეგულებოდა მხოლოდ მთელს სოფელში.
-ვაჟიკო არ წაბოდიალდეს სადმე, -ხელები უკანკალებდა ლაილას, გასროლის, ანდაც ჩხუბის ხმას ელოდა ყველა მხრიდან. -ივას რომ დავურეკო? მეშინია... რამე არ მოხდეს... მაგრამ ის დეგენერატიც მარტო წავიდა.
-ჯობია ვინმეს ვუთხრათ, -ივასთან დარეკვის საფრთხეს სანდრამაც გაუაზრებლად აარიდა თავი. აღელდა თვითონაც ძალიან.
-მინდიას, -ქსოვას თავი მიანება სიმშვიდედაკარგულმა ჟუჟამ. -მინდიას უთხარით. თამარამ საკმარისად ჭამა შვილის საფლავის მიწა.
.
ხმაამოუღებლად ჩაუჯდა მანქანაში ფილფანი ნიკოს. მასაც ერთი სული ჰქონდა თითქოს იმ მიწას გაშორებოდა, სადაც მისი ოჯახის უბედურების ერთ-ერთი მიზეზი მშვიდად სუნთქავდა.
ზიზღით ჰქონდა სავსე თვალები, სხეული, მოძრაობაზეც ეტყობოდა რომ ვეღარ აკავებდა მისი კანი სიძულვილს ყველას მიმართ, ვინც ცოცხალი იყო.
რომელიღაც სოფლის სასაფლაოსთან შეაჩერა მანქანა. ფარები ჩართული დატოვა და გადავიდა იქედან სულის მოსათქმელად.
რამდენიმე წამით უყურა ლუკამ უბედური კაცის მხრებს, შურისძიების წყურვილით გაშლილს და გამხეცებულს. ვეღარც კი გადათვალა იმდენჯერ მიიღო სხვა ადამიანების უბედურებაში მონაწილეობა.
გამოაღო კარი და გადავიდა თვითონაც. არ იცოდა რა ელოდა, მაგრამ ბოლომდე მზად იყო თითქოს ყველაფრისთვის.
-რა ქენი, როგორ დაისვენე? -მომართა ღვარძლიანად, კარგად შეათვალიერა ლუკას ახალგაზრდა და ცოცხალი სახე ნიკომ. -ნამუსისგან დასვენებული ხარ შენ დიდი ხანია... მოგშორდა პატარა ბიჭის სისხლი ხელებიდან?
-დრო უნდა მომცე, ნიკო.
-დრო მოგცე? -თავი უკან გადაქინდრა კაცმა, ხმამაღლა გადაიხარხარა. -შენი აზრით, აქ შესათანხმებლად მოგაკითხე? შენს სისხლში რომ არ მაქვს გასვრილი ხელები, ხომ არ გგონია რამე შეგრჩება? მაინტერესებდა უბრალოდ, ვინ გყავდა ისეთი, ვისი იმედიც გქონდა ამ ცხოვრებაში ასეთ ჩვარსაც რომ დაგაფარა ხელი. მერე მეც ისე რომ გაგამწარო, როგორც შენ გამამწარე, როგორც გამწარდა გივიკოს ოჯახი... იმათგან... -სოფლისკენ გაიშვირა ხელი, -იმას ამოვარჩევ, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს... სამართლის მათხოვრად გაგხდი ჩემსავით. ოღონდ არ გეგონოს ხელს გავისვრი შენნაირი ლაჩრის სისხლში... არა... შენს ძმაკაცებს მოგიქსევ... იცი, როგორ გელოდებიან თბილისში? იცი, რომ არ დაგინდობენ, როგორც კი პირის გაღებას დააპირებ? ცოცხლად შეგჭამენ. იცი... რა ეშმაკი გაჩერებს, ბიჭო, ჩუმად, ბავშვის სიცოცხლე ადევთ იმ ლაჩრებს კისერზე... ღმერთის არ გეშინია?
-ძალიან. -უცებ უპასუხა ლუკამ. თავადაც მოუკიდა სიგარეტს. გულწრფელი იყო ერთ სიტყვაშიც კი ამ კაცის წინაშე. -მთელი ცხოვრება მაგ ბუმერანგის დაბრუნების შიშში ვიქნები, მაგრამ არ შემიძლია ახლა სხვანაირად.
ტალახში ჩაასრისა ფეხით ნიკომ ბოლომდე ჩაფერფლილი სიგარეტი. ისე სწრაფად მოხვდა ლუკას სახეში მისი ხელი, ძლივს შეიკავა თავი წაქცევისაგან.
არ მოუწმენდია ტუჩიდან წამსკდარი სისხლი.
-ჩემი თავი მეზიზღება შენნაირი არაკაცის იმედი რო მქონდა, -უკან დაიხია ბურდულმა, თავიდან ბოლომდე აჩვენა თავისი სიძულვილი, -იმაზე მეტად რო ჩაგთვალე, ვიდრე ხარ. აქვე დაგაკლავდი, -ქამარში ჩადებული იარაღი აიქნია ხელით, -მარტო მე რომ მეკუთვნოდეს ჩემი ცხოვრება, მოგკლავდი აქვე, ვინც მყავს, მარტო ჩემ იმედად რო არ იყვნენ დარჩენილები. ვიპოვე ის შენი საყვარელი... თიკა. ავალაპარაკებ, ცოცხლად შეგჭამენ ისინი, ვისაც ხელს აფარებ.
-შენ რა გგონია, რამე კარგს იზამ მაგით? შენ გგონია მე ვერ ვხვდები რას არქმევენ მართალი ადამიანები ჩემს საქციელს? -მშვიდად ჰკითხა, თავის მართლების გარეშე ამჯერად. -ხო არ გგონია ბიჭურს ვისწორებ მკვლელზე ხელის დაფარებით? მეამაყება გგონია?
-ფეხებზე შენი ისედაც განადგურებული ღირსება, ხვდები? შენ გქონდა სწორად მოქცევის შანსი! სისხლის აღებას ხო არ გთხოვ, ბიჭო, სიმართლის თქმას გთხოვ!
-დედაშენსაც დაუმიზნონ იარაღი შენ თვალწინ და ვნახავ მერე, რომელ სოროში შეძრომას ითაკილებ. დროს გთხოვ, მეტს არაფერს.
-არ გაქ უფლება! არაფრის თხოვნის უფლება არ გაქ! -ზიზღით მოშხამული სისხლი მოაწვა სახეში ნიკოს, არავის სიცოცხლის გარანტია არ უნდოდა რომ ყოფილიყო თავისი აღუსრულებელი სამართალი. -მამაშენს იმდენი ფული სამართლის აღსრულებაში რო დაეხარჯა, რამდენიც სიმართლის დამალვაში გაფლანგა, არც შენ გერქმეოდა ახლა გაქცეული კაცის სახელი. მე ჩემი გითხარი. იმ გოგოთი დავიწყებ, იცოდე... გაწამებ.
-ტყუილად გარევ უდანაშაულო ადამიანებს. თიკას...
-მაგ ქალს არ ვგულისხმობ, -გაუღიმა გაყინული, ადამიანობადაკარგული ღიმილით. -იმას ვგულისხმობ, ვინც გაგაფრთხილა... ლაილას... არ იცოდა აშკარად, რა კაცსაც იცავდა ასე გმირულად.
ჩაეცინა ლუკას, სიმწრით ისევ. თავი გადააქნია.
არ დაიჯერა იმ გრძნობის სიმწარე და აუტანლობა, ლაილას სახელის ამ კაცის პირიდან გაგონებამ რომ დააგემოვნებინა.
-ოდესღაც მიხვდები, რომ შენ გეხმარები, ნიკო. -მშვიდად გაუსწორა თვალები. ან უდანაშაულო უნდა იყო, ანდაც უგულო თავის აწევა და მზერის გასწორება რომ შეგეძლოს იმისთვის, ვისაც სიმართლემდე მისასვლელ გზას უგრძელებ. -ცოცხალი ვიქნები იმედია მაგ დროს...
-ფეხებზე შენი სიცოცხლე, ხვდები? შენ რატომ გიღირს ეგეთი ცხოვრება რამედ, ეგეც მაკვირვებს.
-ჩემი თავგანწირვა შენ გგონია რამეს დაგიმთავრებს? დამასწრებდი გმირობას, ეგ რო იყოს გამოსავალი? -აუტანლად მშვიდად ჰკითხა, სისხლით ჰქონდა ჩაწითლებული თვალები ბურდულს.
ადამიანობა და სიკვდილი ებრძოდნენ ერთმანეთს მის სხეულში.
-ეგრევე რატო არ მკლავ მაშინ, მოდი. -ხელები გაშალა ლუკამ, იმდენად გულწრფელი იყო მართლა დაუფიქრებლად მიიღებდა ტყვიას ამ კაცისგან. -დაამთავრე, თუ რამე დამთავრდება მაგით. ხელს დავაფარებ გგონია იმას, ვინც უდანაშაულო ბავშვი გაიმეტა? ვინც დედაჩემის მოკვლით დამემუქრა სიმართლის თქმისთვის? მადროვე... რა იცი, იქნებ იმაზე მწარედ ვაპირებ შურისძიებას, ვიდრე დამალულ კაცს შეუძლია...
-რატო უნდა მადარდებდეს... -სახე გაეცრიცა ნიკოს, გაუფერულდა ადამიანი. -რა გააკეთე შენი აქ ყოფნით ჩემი ოჯახის გაუბედურების მეტი? არ მადარდებს, ხვდები? შენ ყველაზე მეტად არ დაგინდობ, იცოდე...
მანქანისკენ გაბრუნდა ნიკო. იარაღი დააბრუნა თავის ადგილას და ერთხელ მოხედა მხოლოდ ჩაბნელებული ტყის პირას მარტო მდგომ ლუკა ფილფანს და საკუთარ თავს დასცინა, ერთადერთი იმედიც ასეთი უიმედო რომ ჰყავდა.

მინდია შემოხვდა იფარის დანგრეულ გზაზე ლუკას. სახლამდე ბევრი იყო სავალი ჯერ კიდევ და ისიც ისე მოაქროლებდა თავის ალუბლისფერი „ნივას“, აშკარად მიეჩქარებოდა სადღაც.
უკან იჯდა ვაჟიკოც, ნამდვილად ვიღაცისთვის გაეთავისუფლებინათ მძღოლის გვერდით ერთი ადგილი.
ფეხებთან გაუჩერდა მანქანა ლუკას. ისე არ უნდოდა ახლა ამათთან ერთად მგზავრობა, თუმცა აღარ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის და ყველასთან შერკინების თავი.
უსიტყვოდ მიუჯდა გვერდით მინდიას, რომელმაც მაშინვე მოაბრუნა მანქანა და ნელა აუყვა ამჯერად გზას სახლისკენ.
გასუსული იჯდა ვაჟიკო უკან. შენიშნა კარგად მამიდაშვილის გახეთქილი ტუჩი.
-რა მოხდა ერთი მოყევი, -ხმადაბლა მომართა მინდიამ. სვანური ქუდი ეფარა ახლაც. წარბები მუდამ შეკრული ჰქონდა და მზერაც ფიქრიანი.
-არაფერი ისეთი. მეგობარმა მომაკითხა ქალაქიდან.
ირიბად გადმოხედა მინდიამ ამ სიტყვების გაგონებისას თავის დისშვილს. ეტყობოდა რომ არ იყო გულწრფელი მასთან და იმასაც ხვდებოდა, არ ჰქონდა ამის მოთხოვნის უფლება.
ცალი ხელით ეყრდნობოდა ფანჯრის რაფას ლუკა. უჩვეულოდ გაიწელა გზა ივას სახლამდე.
გაბრაზდა ვაჟიკო, რომ მოატყუეს მამამისი, თუმცა ენის გაჩუმება არჩია ახლა. რაღაც წილად დამნაშავედ თვითონაც გრძნობდა თავს, სხვანაირად დაგეგმა ყველაფერი, ახლა რამე უარესი რომ მომხდარიყო... რომ მოეგნოთ და წაეთრიათ ეს ბიჭი აქედან...
გული დასწყდა რაღაცნაირად. ხომ ვერ გაუგეს ერთმანეთს, მაგრამ მაინც დააკლდებოდა ლუკას ყელყელაობა იფარის ქუჩებში.
-იმ მეგობარმა გაგილამაზა სახე? -ამჯერად უფრო გაუმკაცრდა ხმა მინდიას, ტყუილს აღარ მიიღებდა პასუხად. -დაუშავე რამე?
-კი. -აღიარა მშვიდად. ვაჟიკო უარესად დაიძაბა. იცოდა მინდიას პრინციპების ამბავი. -მაგრამ გამოვასწორებ.
-როგორ? -ხმადაბლა იკითხა ვაჟიკომ. ძალიან უნდოდა თვითონაც ყოფილიყო ამ დიალოგის და ურთიერთობის ნაწილი. -მე შემხვდა ეგ კაცი და მითხრა ყველაფერი. სიმართლეა?
-რა გითხრა?
უცებ დაიბნა ვაჟიკო. მინდიასთვის ხომ არ უთქვამს ყველაფერი, საიდუმლოს შენახვა უნდოდა ლუკასთვის...
-მკვლელებს აფარებს ხელსო...
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა მანქანაში. მინდია ისმენდა მშვიდად მხოლოდ ახალგაზრდების დიალოგს.
არ უთქვამს ლუკას არაფერი. ივას ჭიშკართან გაჩერდა მინდიას მანქანა, გადმოხედა დისშვილს.
-მართალია?
-ჯერჯერობით.
-როდის აპირებ სიმართლის თქმას? -ისე ჰკითხა მინდიამ, თითქოს ალტერნატივაზე არც უფიქრია.
-მალე. რაღაცას ველოდები.
-სიჩუმესაც ისეთივე ფასი უნდა ჰქონდეს, რამდენიც შენს სიტყვას. -რაღაც საიდუმლოს უმხელდა თითქოს მინდია, თითქოს გულწრფელად თანაუგრძნო დისშვილს, თითქოს თავადაც კარგად იცოდა დუმილის მწარე გემო, -მაგრამ იმდენსაც ნუ იზამ, ფასი დაუკარგოს მაგ დუმილმა შენს ყველა სათქმელს.
პასუხი არ ჰქონდა ლუკას ამ სიტყვებზე. გულის ძალიან ღრმა ნაწილში, საერთო სისხლმა საერთოდ სხვანაირად გადათარგმნა ბიძამისის ნათქვამი... თითქოს საკუთარი სინანული და გამოცდილება გაუზიარა ასე, სადღაც შორს იმ მკაცრ თვალებში იკითხებოდა კიდეც ფასდაკარგული „ბოდიშიც“....
.
-რას აპირებ ახლა? -ივას ტუჩებიდან გამოქცეული სიგარეტის ნაცრისფერი ბლანტი კვამლი შეერია მთაგრეხილების თავზე ჩამომხობილ ავდრის ღრუბლებს.
წვიმა ჩადგა. წვეთების ხმა მაინც მოისმოდა შორიშორ. ფოთლებსა და სახურავებზე ნაგროვები წყალი მიწას უერთდებოდა. ტურები კიოდნენ გაღმა.
-უნდა წავიდე რა.
-მერე? -გვერდულად გადმოხედა ივამ. სახლის უკან ისხდნენ, სადაც დაეჩვივნენ ლაპარაკსა და სიგარეტის მოწევას. -ან როდის?
-მალე, ზუსტად არ ვიცი. ერეკლესთან უნდა დავრეკო და გავაფრთხილო. არ გამოვა ასე უაზროდ ჯდომა აქ. რამე უარესს გააკეთებენ ის სირები და მერე მართლა ჩემი ბრალი იქნება ყველაფერი.
-ჯერ მაინც მგონია, რომ ჩქარობ შენ წასვლას.
-გამსკდარი ამბავია რა. ერეკლეც ვერ აგვარებს ისე, როგორც საჭიროა. ვინმე უდანაშაულოს ჩასვამენ და ესენი გააგრძელებენ ისევ პარპაშს.
-სხვა მოწმეც გინდა ვინმე, -თავმოხდილი სიგარეტის კოლოფი გაუწოდა, -ვისაც ვერ მიაგნებდნენ დასაშინებლად... მეც წამოვალ, როცა წახვალ.
-საქმე გაქ შენ აქ, მოსავალია ასაღები და მთელი ამბები. თან თამა ისე ჯიგრულად ცდილობს ქალი გაგირიგოს, ხელი რო შევუშალო იმათზე ადრე გამტრუპავს.
-ვინ ქალი? -წარბები შეყარა გაოცებით.
-ისა, -ჟუჟას სახლისკენ აიქნია თავი ეშმაკური ღიმილით, -საშენოა.
-პირიქით, -გაეღიმა ივას. ნამდვილად არ უფიქრია ამაზე აქამდე და არც ახლა გაუჩერებია იმ ქალზე ფიქრი გონებაში ერთ წამზე მეტხანს. -უხმაუროდ უნდა ჩახვიდე, სანამ ეგ ბურდული ატეხავს ალიაქოთს. როდის ფიქრობ მაინც წასვლას?
-სამ-ოთხ დღეში ასე...
მეზობელ სახლში ისევ გარკვევით ესმოდათ ყველაფერი.
.
ჩუმად გათენდა ოცი აგვისტოს ყველაზე ნაღვლიანი დილა იფარში. მზე ანათებდა მცხუნვარედ, ბამბის ქულასავით თეთრი ღრუბლებიც აქა-იქ მიმოფანტულიყვნენ ლაჟვარდისფერ ცაზე, თუმცა სოფელს მაინც ადარდიანებდა რაღაც ჭირივით მოუშორებელი სევდა და ასეთი ამინდიც ვერ შველოდა მათ სამგლოვიარო განწყობას.
თამარა ყოველთვის მოწყენილი იყო ამ დღეს. შავებს ისედაც არასოდეს იხდიდა ეს ქალი, მაგრამ ლაილას ეჩვენებოდა, რომ საბას დაბადების დღეს უფრო ბნელი ელფერი დაჰკრავდა თავის საყვარელ ბიცოლას.
ვისიაც უსიტყვოდ ეხმარებოდა ქალს კერძების გამზადებაში.
ლაილა ტორტს აცხობდა ხოლმე და ბავშვობის იმ გაცრეცილ მოგონებებს დაეძებდა, სადაც ნელ-ნელა უფერულდებოდა თავისი საყვარელი ბიძაშვილის სახე და ხმა...
ივაც გავიდა სახლიდან. იქ გაძლება აღარ შეეძლო მეტად. ლუკას ჩააბარა სახლის საქმე და მარტო დაუყვა თვითონ ვიწრო გზას სოფლის დაღმართებზე.
მხარზე თოფი კი შემოეგდო, თუმცა კარგად იცოდა თამარამ, არაფერს რომ არ მოკლავდა თავისი შვილი ასეთ დღეს.
დაკლაკნილი ჭალა რწყავდა იფარის მიწებს. ხეები ჩრდილავდა იქაურობას და სახლებისგან კარგა მოფარებულ ადგილს ქმნიდა. შეიძლებოდა აქ განმარტოვება.
ჭალის ხმაურს უგდებდა ყურს მწვანე ნაპირზე მიწოლილი ქალის გრძელი სხეული. ნაბიჯების ხმაზე შეკრთა სანდრა, უცებ წამოსწია თავი წიგნიდან და მხარზე თოფგადაკიდებულ ივას რომ ჰკიდა თვალი, წამოჯდა. გამოექცა მაინც კმაყოფილი ღიმილი მის ისედაც მაცდურ ტუჩებს. გაისწორა მხრებზე დაუდევრად გადაყრილი ბრეტელები და ცხვირზე ჩამოიწია მზის სათვალე.
-სამალავი ხო არ წაგართვი? -ოდნავ ასწია სხეული ქალმა, გაუთავისუფლა პლედზე ადგილი თავის გვერდით.
ხის ძირში მისგან ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა ივა, არ იყო ისეთი სიახლოვე საჭირო და... არც რეკომენდირებული.
გრძელი, კარამელისფერი ფეხები უბზინავდა მზეზე სანდრას. უბრალო თეთრი მაისური და მოკლე ჯინსის შორტი ეცვა. წვივზე წკრიალა ოქროსფერი ძეწკვი დაემაგრებინა. თმაც აკრული ჰქონდა თავისუფლად და უფრო კარგად მოუჩანდა გრძელი კისერი და ლამაზი მხრები.
მშვიდად უყურებდა კაცს.
-შენ ვის ემალები?
-აქ თუ ზოგადად, -ბალახის ღერო მოწყვიტა და დაიხვია თითებზე.
გაუაზრებლად გააყოლა მზერა მის ქმედებას ივამ. არ ეკეთა საქორწინო ბეჭედი და თვითონაც გაკვირვებული დარჩა, ასე რომ გადათარგმნა მისმა გონებამ სანდრას ცარიელი თითები.
-ჟუჟამ გამომაგდო, -ჩაიფხუკუნა ღიმილით. ივასაც აეპრიხა ტუჩის კუთხე. -თამარა დეიდასთან შეკრა პირი... ჩვენ უნდა რომ დაგვაჯახოს ერთმანეთს.
თავისუფლად ჩამოჯდა ხორგუანი. კეფით მიეყრდნო ხის ტანს.
-რა იცი?
-იცოდა შენ რომ მოხვიდოდი აქ და მითხრა მოკლეზე ჩადი, ჩრდილში გაგრილდები, სანამ მე კუბდარს მივაცხობო...-აუციმციმდა თვალები, ვერ ხვდებოდა, რატომ სიამოვნებდა ასე ძალიან, მასთან დიალოგში რომ შემოდიოდა ეს კაცი.
-იცოდი, ანუ რომ მოვიდოდი აქ...
-არა, რომ მოხვედი, მერე მივხვდი. -შეუსწორა ოდნავ მკაცრად. -შენ გამო არ მიფორთხია იმ კლდეზე...
დაქანებულ ფერდობს ახედა ივამ მოჭუტული თვალებით. ჟუჟას უკანა ეზოდან გამოკიდებულიყო უზარმაზარი აღმართი.
-ნაწვიმარია, მეორედ აღარ ჩამოხვიდე მაქედან.
-ხო, ეკლიანია, -შეწუხებული სახით შეითვალიერა ალაგ-ალაგ დაკაწრული ფეხები სანდრამ.
-გასაკაფია. მივხედავ, რომ მოვიცლი.
-შენი იმედი აქვს ჟუჟას. ყველაფერზე შენ გახსენებს.
-ჩემი თავი უნდა რომ მოგაწონოს ალბათ, -რამდენიმე სიტყვით და დაჟინებული თვალებით გააკონტროლა ქალის სხეულის ტემპერატურა.
-რა აზრი აქვს, შენ ხომ იწუნებ ყველას...
-ასე გითხრა? -ხმით გაეცინა ივას. თვალები ეხუჭებოდა ასეთ დროს.
-ხო, ძალიან ცდილობს, რომ წამაქეზოს...
მღელვარებაც კი ისეთი მშვიდი იყო ამ კაცის გვერდით... ისეთი უსაფრთხო და თავისუფალი...
-თუმცა ჩვენ ხომ შევთანხმდით რაღაცებზე, -შეახსენა კარგად მაშინდელი დიალოგი, როგორ არ მოსწონდათ ერთმანეთი.
-ხო, შევთანმხდით. -ისე დაუკრა კვერი, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც იმის მოსმენა უნდა, რაც გულს დაუმშვიდებს.
-ცხენი არ გყავს?.. რა გაცინებს? დავინახე სოფელში რამდენიმე და მომერიდა მისვლა...
-მყავს, ჯირითის სწავლა გინდა?
-ვიცი ისედაც. -თავმოწონებით მოიღერა ყელი, -ასე ნუ მიყურებ, მართლა გეუბნები. თუ გინდა შევეჯიბროთ...
-მჯერა... ხატავ? -თავი გადახარა ივამ, მზის სხივები აცნად აულიცლიცდნენ მოღერებულ, ხორბლისფერ კისერზე.
რატომ ამჩენვდა საერთოდ ასეთ რაღაცებს... და თუ ამჩნევდა, რატომ ეჩვენებოდა ასეთი მიმზიდველი და სასურველი ეს კაცი, რომელსაც საერთოდ სხვა რამეზე შეუთანხმდა სიტყვიერად.
ტუჩები დაუბუჟდა უნებურად სანდრას. წარმოიდგინა, როგორ ეხებოდა იმ კისერზე...
-ხო, -ზურგსუკან დამალული რვეული და ფანქრები ჩანთაში ჩაყარა.
-მე არ დამხატავ?
გაკვირვება ვერ დამალა სანდრამ. უკან ამოიღო რვეული. თვალს არ აცილებდა ამ დროს, კარგად უნდოდა გამოერკვია ამ კაცის ზრახვები, რომელიც არ აჩენდა ზედმეტს არაფერს.
-თუ დამხატე უკვე? -თვალები აზარტულად დააწვრილა ივამ. მოსწონდა მარტივად რომ არ ეტყობოდა ყველა ემოცია ამ ქალს სახეზე, ასე ამაყად რომ ეჭირა თავი, -ნუ გეშინია, თუ კარგად არ გამოგდის, ნუ მანახებ.
-არ მეშინია, უბრალოდ გამიკვირდა...
ო, როგორ იწვევდა... და როგორი აზარტული იყო ეს ქალიც. არცერთ თამაშში მონაწილეობაზე უარს არ ამბობდა არასდროს, პირიქით, უყვარდა კონკურენციის შეგრძნება და გამარჯვების მათრობელა გემო... პირველობის სასიამოვნო განცდა...
-თვითნასწავლი ვარ, რომ იცოდე...
-თავს იზღვევ ახლა?
-არა, -გაეღიმა ქალს, ჩამოეყარა კისერსა და გულ-მკერდზე გრძელი თმა. ფურცელს ჩაჰყურებდა ღიმილიანი სახით და ვერ ამჩნევდა საერთოდ ივას დაკვირვებულ მზერას, თითქოს სანდრა კი არა ის ყოფილიყოს მხატვარი... -შესაფერისი აღფრთოვანება რომ გამოხატო, მაგიტომ გეუბნები.
-კიდევ რა გამოგდის ისე, შესაფერისი აღფრთოვანება რომ უნდა გამოხატონ ადამიანებმა? -ხმადაბლა ჰკითხა.
თავს გვერდზე ხრიდა ხოლმე სანდრა, ნაზად ამოძრავებდა მაჯას ხატვისას, ოდნავი ღიმილი დასთამაშებდა ვარდისფერ ტუჩებზე. მოსწონდა ივას მისი ხმის მოსმენა. უამრავჯერ წამოსულა ამ ტყე-ღრეებში განსამარტოვებლად, მაგრამ იმ დღეს სხვანაირი შეგრძნება ჰქონდა საერთოდ.. თითქოს მართლა მოსწყდა რეალობას და იმ ნაცნობ გარემოს, ტიტანურ იმედებს რომ ჰკიდებდა მხრებზე...
-ახ, ბევრი რამე. ტანვარჯიშზე, ჩოგბურთსა და ჯირითზე დედა მატარებდა, მაგრამ არ მიყვარს დიდად არცერთი, მხოლოდ ჯირითი ცხენების ხათრით... ხატვა, ჭადრაკის თამაში და კონდიტერია ჩემით ვისწავლე. ბავშვობაში სულ მეგონა, რომ ახალი თაობის ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე ვიქნებოდი ერთად აღებული, -გაეღიმა თავის ოცნებაზე, -მაგრამ მერე შევეშვი.
-რატომ?
-ო, რა ვიცი, -გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა, -ბავშვი ვიყავი მაშინ და ერთხელ რომ მითხრეს „არა“, მარტივად ჩავიქნიე მეც ხელი. არც მეთამაშებოდა არავინ, არ მთვლიდნენ ღირსეულ მეტოქედ და გაბრაზებულმა საერთოდ მივანებე თავი.
ფანქრის ფურცელზე შრიალის ხმა ისმოდა ერთხანს. საქმე რომ მოილია, კმაყოფილმა დახედა თავის ნახატს და დაანახა ივასაც.
ხელი გამოუწოდა და გამოართვა რვეული. სუსტი ღიმილით დახედა საკუთარ თავს და სანდრას ამოხედა მერე. მისი შეფასებით დაინტერესებული არ სჩანდა, მთავარია თვითონ იყო კმაყოფილი. თავის ნივთებს კრეფდა პლედიდან.
-შენ გიყურებდი მთელი დრო და სხვაგან რატომ ვიხედები ნახატზე? -გამომცდელად შეხედა ქალს.
გაეღიმა სანდრას. ცალ მხარეს გადმოეყარა ოქროსფერი თმა და ისეთი მშვენიერი სანახავი იყო, ნეტავ შესძლებოდა საკუთარი თავის და ამ კადრის სამუდამოდ აღბეჭდვა ფურცელზე.
-რაღაცაზე იყავი ჩაფიქრებული და იმიტომ, -გამოართვა რვეული და აკეცა პლედიც.
-არ მჩუქნი ნახატს?
-არა, -გაუღიმა თავდაჯერებით, წამოდგა ივაც. მოიკიდა მხარზე თავისი იარაღი და გრძელი გზით გაბრუნდნენ სოფლისკენ. -რად გინდა საკუთარი თავის ნახატი? ავტოპორტრეტს გაჩუქებ მერე...
მრავალი მნიშვნელობა დაემატა ტუჩებზე გაცრეცილ ივას ღიმილს.
*
-ივიკო, დამელოდე ვა.... –„ბარსელონას“ ორი ზომით დიდი ფორმა ეცვა ლუკას, ძლივს მიფართხუნობდა ივას უკან.
-ჩქარა იარე.
-არ მიყვარს-მეთქი ეს „ბარსელონა“. ბარსა ბანძი, რეალი განძი! -რეპერივით მოიქნია ხელები.
-ყველა სისულელეს ნუ იმეორებ შენ. -მოუბრუნდა წარბებშეყრილი. მაშინ ბევრად მაღალი იყო მასზე ივა.
-კაი ხო... -ყურები ჩამოყარა უცებ. -რას მეჩხუბები?
-არ გეჩხუბები, უბრალოდ, ყველაფერი არ უნდა გაიმეორო, რასაც ქუჩაში გაიგონებ. -მის წინ ჩაიმუხლა და ფორმა გაუსწორა. -წამო, საბას თამაში არ გაინტერესებს?
-მაგრად. საბა ცვეტში ყველაზე მაგარია. -გაიკრიჭა, ივას გამოხედვაზე უცებ გადაასწორა: -საბა მართლა ყველაზე მაგარია.
სიცილით გადააქნია ივამ თავი.
-წამო, წამო...
*
-ივიკო... იმ დღეს მამას ვუთხარი, მეც მინდა ძმა რო მყავდეს, საბასავით და ივასავით-მეთქი. მაგრად გაბრაზდა.
-ჩვენ ძმები არ ვართ, ბიჭო? -მსუბუქად მიარტყა მუშტი მხარზე ივამ.
-ყველაფერზე მიბრაზდება. ხანდახან ჩუმად ვსუნთქავ ხოლმე.
*
-კიდე როდის ჩამოხვალთ? -ავტობუსის გაჩერებასთან იდგნენ.
ივას და საბას აცილებდა ლუკა. თექვსმეტის იყო უკვე მაშინ.
-შენ ჩამო ამ ზაფხულს, ლუკინო.. -თმები აუჩეჩა საბამ. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა თავის ძმას. ძალიან უნდოდა ლუკას, თვითონაც ეპოვა ასეთი მსგავსება ვინმესთან.
-კაი... მამა თუ გამომიშვებს.
*
არ დამდგარა ის ზაფხული. საბას გარეშე არ მოსულა.
*
საღამოს ხორგუანების ეზოში შეიკრიბნენ ახალგაზრდები. თამარა ნაღვლიანად უღიმოდა სოფლის გოგო-ბიჭებში გამორეულ თავისი შვილის ლანდებს. შიგადაშიგ იწმენდდა ცრემლებს და ლაილას თეფშებზე დალაგებულ ნაირ-ნაირ კერძებს აწვდიდა ფანჯრიდან.
მაგიდა ლუკამ გაიტანა ეზოში, ნათურაც ჩამოკიდეს ხის ტოტებზე.
არაფრით იმჩნევდა ლაილა იქ მის არსებობას. მშვიდად აწყობდა სუფრას და ბავშვობის გადაცრეცილი მოგონებების გახსენებას ცდილობდა, სადაც ნელ-ნელა იკარგებოდა საბას ხმაცა და თვალებიც.
ბევრი უბედურება და წირი უნახავთ ერთად ამ სოფლის მაცხოვრებლებს, ამიტომაც შეჰყურებდნენ ერთმანეთს ახლა ამხელა სიყვარულითა და თანადგომით.
გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეზე სხვანაირი მიხმარება იცოდნენ ქალებმაც. ყველა ხელს უწყობდა თამარას. ნაღველი და სევდა კი ყველაზე პატივსაცემი სტუმარი იყო ამ დღეს ხორგუანების ოჯახში.
-რამ შეგაცვლევინა ახლა აზრი? რას გადაეკიდე ამ თბილისს... -უკანა სახლის კუთხეში მოემწყვდია ვაჟიკოს თავისი შეყვარებული, ცარიელი ღვინის დოქი ეჭირა ცალ ხელში.
შავ თმას აწვალებდა შავთვალება, მშვიდი სახის გოგონა. ნაღველი უღვენთავდა სახეს.
-რატომ არ შეგიძლია, რომ შენც წამოხვიდე? -თმას თავი მიანება, გულდაწყვეტით ჰკითხა, -არ მინდა აქ ჯდომა უსაქმოდ. არ მინდა მარტო ეს იყოს ჩემი ცხოვრება.
-აღარ გინდა ჩემი ცოლობა?
-ო, ვაჟიკო... -თვალი მოარიდა ინამ, -ჯერ... ადრეა. წასვლა მინდა. სწავლა მინდა. შენ არ გინდა განათლებული ცოლი?
-ისედაც განათლებული ხარ.
-იქნებ შენც გესწავლა... ერთად წავიდეთ. გთხოვ, გავგიჟდები აქ. -ცრემლებით აევსო თვალები გოგოს.
-მე არ მინდა წასვლა. აქაურობის გარეშე ვერ გავძლებ. -ხმა ოდნავ დაიბოხა ბიჭმა, თითქოს მეტად თავდაჯერებული და სარწმუნო უნდოდა ყოფილიყო შეყვარებულის თვალში.
აღარაფერი უთხრა ინამ. აკანკალებული ნიკაპი და სახე მოარიდა მთლიანად.
-კაი რა, -მკლავში ჩაავლო წასასვლელად გამზადებულს. მოიღუშა თვითონაც, ასეთი რომ დაინახა.
-გამანებე... -ხელი აუქნია გოგონამ და სწრაფი ნაბიჯით გასწია სუფრისკენ, სადაც თავისუფალ ადგილს უნახავდა ლაილა თავის გვერდით.
წარბებშეყრილი მზერა გააყოლა მას ვაჟიკომ. ლუკას მოხედა მერე, აწეული წარბებით რომ შემოჰყურებდა.
-შენ არ გითხრეს ღვინო ჩამოასხიო? -ცარიელ დოქზე მიანიშნა თვალით.
-ჩამოვასხამ, ხო.
ბურდღუნით წავიდა მარნისკენ. თვალები გადაატრიალა ლუკამ და მიჰყვა ნელ-ნელა თვითონაც მისახმარებლად.
-არ მინდა შენი მეთვალყურეობა, -გაბრაზებულმა დაუმაგრა ძაბრი დოქს თავზე.
-გინდა, გინდა, -ხელი შეაშველა ბოცის წამოწევაში. -გაყევი იმ გოგოს, თორემ წავა უშენოდ და ნახავ მერე.
-შენ არავინ გეკითხება...
-ყურადღების მიქცევა დასჭირდება, ყველა შენნაირი ხისთავიანი კი არაა თბილისში. ნახავს ვინმე გამოსულს...-უთხრა გაიძვერულად, გაამწარა და დააკვირდა მერე ვაჟიკოს სახეს, ოდნავ წამოწითლებულს ბრაზისგან.
-ენას ამოგაძრობ, ნუ მიწვევ ახლა. რა გინდა? არავისაც არ ნახავს. მოვიტაცებ და მერე სად წავა?
-უკეთესი გამოსავალი ვერ მოიფიქრა შენმა ტვინმა? -ირონიულად ჰკითხა.
ჩამოასხეს ღვინო და გამოვიდნენ ერთად მარნიდან. წინ მოაბიჯებდა ვაჟიკო, ამ ქალაქელი „გამოსულის“ ჭკუის დარიგებებიღა აკლდა ახლა.
მობუზულმა ჩადო სუფრის შუაში ღვინო და ივას მიუჯდა გვერდით.
სანდრამ და ჟუჟამ შემოაღეს ჭიშკარი ერთად. სიხარულით წამოხტა ლაილა ფეხზე. ცალი თვალით გახედა ივამაც მოსულებს და თავის დაკვრით მიესალმა მეზობლებს.
-მოდი, მომიჯექი, -თავისკენ წაიყვანა სანდრა ლაილამ.
ლამის ძალით ჩააკვეხა ივას გვერდით. თავი უკან გადახარა მერე და მეტისმეტად შესამჩნევად ჩაუკრა თვალი სახლისკენ მიმავალ ჟუჟასა და ფანჯარაში გადმომდგარ თამარას.
ბიძაშვილის წარბაწეულ მზერაზე უცებ დაისერიოზულა სახე.
-დალევ? -ღვინის დოქი დახარა სანდრას ჭიქასთან. თვალებში შეხედა, სანამ ჩამოუსხამდა.
-ერთ ჭიქას. შენი ღვინოა? -ჭიქა ასწია, მიეშველა ქალიც.
თმა აეკრა, ბრეტელებიანი მაისურიდან მორიდებულად უმზერდნენ ვარსკვლავებივით მიმობნეული ხალები. ალუბლის სურნელი ასდიოდა.
-ჩემია...
თვალი არ მოუცილებია სანდრას, როცა აგემოვნებდა წითელ, ბლანტ სითხეს. შუშხუნა იყო ოდნავ და სასიამოვნო. მაშინვე ლოყებში მოაწვა მხურვალება.
-ცოტაც მათრობს, -გაეღიმა მსუბუქად და გააცმაცუნა ტუჩები, -გემრიელია.
-თბილისში მალე წახვალ? -ხმადაბლა ჰკითხა ტატამ ლუკას, თუმცა კარგად გაიგონა ყველამ.
ისედაც ფრთხილობდნენ ბავშვები, ყველას აინტერესებდა რა ურთიერთობა ჰქონდათ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს.
-ზეგ ალბათ.
ვერ დაიმორჩილა ლაილამ თვალები. გაკვირვებით ახედა ფილფანს, რომელსაც რომ შემოეხედა, მეტისმეტად აშკარა იქნებოდა მათი ამბავი ივას წინაშე.
-მეც მივდივარ ამ დღეებში და წაგიყვან, თუ გინდა, -უცებ შესთავაზა სანდრამ, ლაილაც რომ გონს მოსულიყო.
გულდაწყვეტილმა მოსვა ლიმონათი და ისე ჩამოუსხა ინასაც, არც კი უკითხავს, უნდოდა თუ არა.
-არ უნდა, -მშვიდად დაუსვა წერტილი ივამ ლუკას ტრანსპორტირების ამბავს. წარბები აზიდა სანდრამ, დიდად არც ესიამოვნა ეს კატეგორიული ტონი, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება მეტად. თავი მბრძანებელი რომ ჰგონია...
-მერე ხომ ჩამოხვალ ისევ?
-არ ვიცი, -თვითონ გამოხედა ამჯერად ლაილას, უაზროდ რომ ჩასჩერებოდა ტელეფონს. -არამგონია...
-ღამდება ძალიან და წავალ უკვე, -ფეხზე წამოდგა ინა,გადაკოცნა ლაილა, -დავემშვიდობები თამარა დეიდას...
თვალი ააყოლა ვაჟიკომ მის ქმედებას. არ მოსწონდა ასეთი მოწყენილი რომ იყო, უარეს დღეში ვარდებოდა თვითონ.
ორი თითით მოიხმო ივამ თავისკენ ბიჭი და ჯიბეებში მოიძია გასაღები.
-ნასვამი ხარ? -ჰკითხა, სანამ მიაწოდებდა.
-ხსოვნა დავლიე მხოლოდ. -მოტყუება არც უფიქრია ვაჟიკოს. გაუხარდა ივა რომ გამოელაპარაკა, რომ შეამჩნია იმის მიუხედავად, რომ ამდენი სტუმარი ჰყავდა ისედაც.
-ნელა მიიყვანე, -მანქანის გასაღები ჩაუდო ხელში, -და ნელა მოდი.
ვერ შეიკავა ღიმილი სანდრამ და ისე ესიამოვნა მისი ეს საქციელი, თავად აცილებდა თითქოს შეყვარებული სახლში.
მალე ადგა სუფრიდან ივა. ბავშვები დატოვა სასაუბროდ. მისი თანდასწრებით ერიდებოდათ მაინც თამამად ლაპარაკი, თან ყველა თავის დარდს მისცემოდა. საბას დაბადების დღე საბას გარეშე ისედაც რთული მოსათმენი იყო ნაღველისა და დარდის გარეშე.
.
მშვიდად ალაგებდა ლაილა სუფრას. ერთი სული ჰქონდა, სახლში მისულიყო და მაგრად ეტირა საკუთარი სისულელის გამო.
ვერ ხვდებოდა, რატომ სწყდებოდა გული ასე ძალიან. წავიდოდა და დაისვენებდა მთელი სოფელიც, დიდი ამბავი! ხომ გაავლო გარკვევით წითელი ხაზი, რაღას ცდილობდა...
-მოგეხმარები, -მოუახლოვდა უკნიდან. ხმაში ეტყობოდა ის სამი ჭიქა ღვინო. ისეთი თბილი ჰქონდა, უარესად მოუნდა ტირილი.
-არ მინდა, -არც შეუხედავს, ისე უთხრა.
დიდ თასზე დაალაგა დასარეცხი ჭურჭელი.
-ვერ იზამ მარტო, ნუ ჯიუტობ ყოველთვის.
-კარგი, წაიღე. -უკმაყოფილოდ მიაფერთხა ტილო მაგიდაზე.
მათკენ წამოსული სანდრა უცებ გაბრუნდა უკან. არ შეუშალა ხელი საუბარში ახალგაზრდებს და აივნისკენ გასწია ისევ თავისი ყავიანი ჭიქით.
-გწყინს?
-შენ არ უნდა მელაპარაკებოდე ახლა. -წყლიანი თვალები გაუსწორა ლაილამ. როგორ ვერცერთ ემოციას მალავდა მის წინაშე, რატომ იყო ასეთი სულელი და გულღია.
-გწყინს, ლაი? -ჩამოჯდა ნახევრად დაცარიელებულ მაგიდასთან.
არ აშორებდა თავის თვალებს უტიფრად.
-რა პასუხი გინდა?
-რო არ გწყინდეს და გეკიდოს მაგრად, -გაუღიმა. -მაგრამ შენ ეგ არ შეგიძლია.
-შემიძლია კარგადაც. წაიღე ეგ თუ მიგაქვს. და არაფერია იმაში საამაყო, რომ შენ თვითონ ყველაფრის დაკიდება შეგიძლია. ხომ ხედავ სადამდე მოხვედი.
-სადამდე?
-პასუხისმგებლობის აღების გეშინია. არასწორად იქცევი, -ცრემლები ჩამოუცვივდა თვალებიდან ლაილას, თუმცა მოიწმინდა მაშინვე, -არ იცოდე მაინც, რა დატრიალდა ამ სახლში... იგივეს როგორ უკეთებ სხვას... ივა დღესაც სამართალს ეძებს... გული არ გაქვს? წადი, ხომ მიდიხარ... და ნუ მელაპარაკები საერთოდ.
-კარგი, -მშვიდად აზიდა ჭურჭლით სავსე თასი და მშვიდად გაბრუნდა სახლისკენ. გაიყოლა თან ლაილას ბურტყუნი და გაბრაზებული მზერაც.

დაბნელდა იფარში. გაიკრიფნენ სტუმრებიც ნელა-ნელა. დაემშვიდობნენ მასპინძელს და განსაკუთრებული მხნეობა უსურვეს თამარას.
ნაღვლიანად აკვირდებოდა აივნის ფანჯრიდან სანდრა ამ ქალს, როგორ ძლიერად ეჭირა თავი. რაღაც აძლებინებდა ალბათ ისეთი, რაც მხოლოდ დედებს შეიძლება გააჩნდეთ თავიანთი შვილების მიმართ. რაღაცის რწმენა და სიყვარული უმაგრებდა ამ ქალს ხერხემალს, სხვაგვარად ხომ შეუძლებელი იყო გადაეტანა...
-არ მოკიდო შენ მაგას ხელი, -მაშინვე დაითხოვა სანდრა, როგორც კი დასარეცხ ჭურჭელს მოკიდა ხელი.
-ძალიან გთხოვთ, თორემ წავალ... -ულტიმატუმი წაუყენა თვითონაც.
ლაილა დაღლილი და მოწყენილი იყო, აღარ ჰქონდა დასუფთავების თავი. ჟუჟაც საქონლის მისახედად გავიდა სახლში და მარტო ვერ მიუტოვებდა ამ ქალს ამდენ საქმეს.
-კარგი, მოდი აქ, -თბილი წყალი მოუშვა ონკანიდან თამარამ და გვერდით ამოიყენა გოგონა, -მანდ გაგეყინება ხელები.
-ოხ, -წარბაწევით გადახედა სანდრას და თამარას ლუკამ. მაგიდა შემოიტანა სახლში.
დაუბღვირა ლაილამ. ისე იქცეოდა, თითქოს წეღან არაფერი მომხდარა. უნდოდა ისიც ისეთივე მოწყენილი ყოფილიყო, როგორც თვითონ.
-რა იყო, ბიჭო... -გაეღიმა თამარას მის გამომეტყველებაზე, ლაილას გახედა მერე გამომცდელად.
-არაფერი, ჯერ არ შემოსულა გოგო ოჯახში და უკვე დაასაქმე, -ვაშლი ჰაერში ააგდო და თვალი ჩაუკრა მერე სანდრას. -ნუ გაუთამამდები შენ სვანებს, თორემ მოგიწევს „ტუსოვკებზე“ უარის თქმა და ჭვიშტარის ამოზელა ყოველ საღამოს. მკაცრი ხალხია ესენი...
-ენას ნუ ასარსალებ, -დანა სასაცილოდ მოუღერა თამარამ ლუკას.
-კაი, თამა, ვღადაობ ხო იცი... -გემრიელად აკოცა ქალს ორივე ლოყაზე, მიიხუტა მერე მაგრად გულთან.
უსიტყვოდ გაანდო მადლობა, შვილმკვდარს მაინც რომ დარჩა ლუკასთვის სამყოფი დედობრივი მზურნველობა და სიყვარულიც.
-ვაუ, ეს რა ნამცხვარია?
-მე გამოვაცხვე, ალუბლისაა. -ისე უპასუხა სანდრამ, არც გამოუხედავს მისკენ.
-ოხ, ჩემთვისაა თუ უზენაესისთვის? -თავით მაღლა ანიშნა, სადაც ახლა ივა იმყოფებოდა წესით.
-ყველასთვის. ლაი, არ გასინჯავ?
უკან მოიხედა სანდრამ, პასუხი რომ არ გასცეს. მისძინებოდა ლაილას სავარძელზე. თავი გვერდზე უღონოდ გადაექინდრა და დაღლილ სახეზე ჩამოჰყროდა გრძელი, გიშრისფერი ხვეულები.
ლუკას გახედა წამიერად, ალუბლის ნამცხვარს რომ შეექცეოდა უდარდელად და უთქმელად მიანიშნა თითქოს რაღაცისკენ.
-აიყვანე რა, თუ არ გეზარება. დააწვინე ჩემ ოთახში.
ისე ამოიოხრა ლუკამ, თითქოს რაღაც ისეთს სთხოვდნენ, თამარა რომ არა, არ გააკეთებდა არავითარ შემთხვევაში.
წელზე მოხვია ლაილას ცალი ხელი, ფეხებქვეშ ამოსდო მეორე და ისე მსუბუქად შემოეფრქვა მისი ვანილის სურნელი სახეში, ყველა მძიმე შეგრძნებამ მიატოვა მისი ახალგაზრდა სხეული.
კიბეებზე რომ აჰყავდა, მაშინ იფხიზლა ლაილამ. სახეზე ეცემოდა ლუკას მშვიდი სუნთქვა და ზაფხულის სასიამოვნო სიგრილე.
ვერ გადაწყვიტა, გაეხილა თვალები თუ ბოლომდე დამტკბარიყო იმ წამით, რომელიც არც იცოდა ეღირსებოდა თუ არა მეორედ.
სიამოვნებდა მკბენარა სიგრილის ფონზე ლუკას მშვიდი გულისცემა და თბილი კანის შეგრძნება, ეს სიახლოვე ასეთი უცხო რომ იყო მისთვის.
ფეხით შეაღო თამარას ოთახის კარი და მიაწვინა საწოლზე.
დიდად გადასარევი აზრი რომ არ იყო სიბნელეში ვარაუდით გზის გაკვლევა მაშინ მიხვდა, რაღაც მყართან შეხებისას უჩვეულოდ მაღალი ხმა რომ გამოსცა ლაილას თავმა და წამოიყვირა კიდეც სიმწრისაგან.
-რა მოგივიდა? -ხელების ცეცებით დაუწყო კარის გვერდით შუქის ჩამრთველს ძებნა.
ფეხი მიარტყა თვითონაც რაღაცას.
-ტვინის შერყევა... -შუბლზე ხელს იჭერდა ლაილა, შუქი რომ აანთო საბოლოოდ. -ბარემ გესროლე კარებიდან.
-რა უმადური ხარ, ვითომ გეძინა შენც...
-მეძინა! -უტეხად მიანათა თვალები და მაინც აუწითლა ლოყები აშკარა სიცრუემ.
-კი, როგორ არა.. ნამეტანი გაგიხშირდა სუნთქვა, რა გესიზმრებოდა ასეთი.
მაგრად დააჭირა ტუჩები ერთმანეთს ლაილამ. მთელი დღის ნაგროვები ემოციები ახლა აწვებოდა თვალებში.
-რა გატირებს? გტკივა, -დაუახლოვდა ლუკა, ჩაიმუხლა მის წინ და ააწევინა თავი. -შემომხედე, გოგო, რა გჭირს..
-გამანებე თავი... -საწოლზე გადაწვა უცებ და ბალიშში ჩარგო თავი, ცრემლები რომ არ დაენახვებინა მისთვის.
-გტკივა? ცივს დაგადებ... -მხრებზე შეეხო ფრთხილად, რომ მოებრუნებინა, -შემახედე.
-არ მინდა, სახლში წავალ დასაძინებლად. -ფეხზე წამოვარდა ატირებული და სწრაფად წავიდა კიბისკენ.
ისე უცებ გავარდა უკანა ეზოში, თვალის გაყოლება ვერ მოასწრეს სანდრამ და თამარამ. ლუკაც გაყვა მაშინვე. ბნელოდა, ერთი ფანჯრიდან მოჩანდა მხოლოდ სინათლე ლაილას სახლიდან.
-არ წაიქცე, გოგო, რამ გადაგრია... -მაჯაზე ჩაავლო ხელი და დაქაჩა თავისკენ.
-გამიშვი.
-რა გატირებს მითხარი და გაგიშვებ.
-ივა გაიგონებს. -ხმას ისე დაუწია ლაილამ თავადაც ძლივს ესმოდა საკუთარი სიტყვები.
-გაიგონოს მერე, -ეს არ აკონტროლებდა სამაგიეროდ ტონს. -მითხარი, გთხოვ. ბოდიში... გეტკინა?
-რისთვის მიხდი ბოდიშს, რომ დამცინი? საშინელებებს რომ მეუბნები და რომ გსიამოვნებს, მე რომ გული მწყდება?
-მართლა შეგერყა მგონი...
-აი, კიდევ! -ხელი გამოგლიჯა ლაილამ, -ვერ გიტან!
-არაუშავს, სამაგიეროდ, მე მაქვს სათუთი გრძნობები შენ მიმართ. -კიდევ კარგი, ღამე იყო და ბნელოდა, თორემ ვერ გადაურჩებოდა ნამდვილად ლუკა მის რისხვას.
თავზე გადაუსვა ხელი ნაზად. მოსწმინდა ცრემლები თბილი თითებით.
ფრთხილად აკოცა ნატკენ შუბლზე. იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ეს ალერსი, ვიდრე ჰქონდა ჩაფიქრებული.
-მართლა...

*
სასიამოვნო ქალი იყო თამარა. ძალიან განათლებული. გათენებამდე დარეცხავდა ალბათ ჭურჭელს მასთან ერთად სანდრა. საოცარი სიმშვიდისა და თავისუფლების შეგრძნება დაეუფლა მის სიახლოვეს. ეს იყო ალბათ ხორგუანების ეფექტი.
მანქანა მოაყენა ვაჟიკომ მათ ჭიშკართან. ისეთი ბედნიერი ჩანდა, ისეთი გახალისებული...
-შეირიგე? -თმა აუჩეჩა ივამ, ძმაკაცურად გადახვია მერე ხელი.
ისე ესიამოვნა ლუკასვით რომ ექცეოდა... ჟრუანტელმა დაუარა ვაჟიკოს.
-კი, მაგრამ ვერ გადავაფიქრებინე. რა ვქნა?
-რა უნდა ქნა... ბედნიერებისთვის მოგიწევს დათმობაზე წახვიდე. თან რა დროს შენი ცოლია ჯერ, ბიჭო. -გამოართვა გასაღები.
-აბა რა ვქნა, თავი დავანებო? გავუშვა?
-გაჰყევი. აქაურობა არსად გაგექცევა... ტატისაც წაიყვან მერე, ხომ იცი, როგორი ნიჭიერია, როგორ უნდა ისწავლოს, როგორი ბედნიერები იქნებიან. არ გინდა მაგის მიზეზი გახდე?
-ოო, რა ვიცი... -კისერი მოეღრიცა უკმაყოფილოდ, არ მოსწონდა მაინც ის აზრი, საფუძველი რომ ეცლებოდა ნელ-ნელა.
-იცი, იცი.. -ოდნავ უბიძგა ხელით ჭიშკრისკენ და სახლში შემობრუნდა თვითონ.
-მიაცილე. -ლამის უბრძანა თამარამ კარებში შემოხვედრილ სანდრაზე.
თითქოს მითითება დასჭირდებოდა ამხელა კაცს, მაგრამ მაინც სცადა თავისებური ყურადღების და სითბოს ასე გამოხატვა.
-კარგად იყავით, თამარა დეიდა. ხვალ ჩვენთან გელოდებით, -ლამის ტუჩები შეიჭამა სანდრამ, იმაზე ფართოდ რომ არ გასცინებოდა, ვიდრე შეეფერებოდა.
კარის ძგიდეზე მიყრდნობილი აკვირდებოდა ამ სანახაობას ივა. გამოატარა მერე ქალი და გამოაყოლა ოდნავ ნამთვრალევი, მაგრამ მაინც მოზომილი მზერა.
-რაო, მიგიღებო რძლად? -ჰკითხა ეზოს სიბნელეს რომ შეეზარდა მათი სხეულები.
-ის კი მიმიღებს... ბიჭი ჰყოლია ცოტა პრეტენზიული... მკაცრიც.
-მკაცრი ვარ? -გულწრფელად გაუკვირდა ივას, ჭიშკარი გამოუღო და გაატარა.
სხვანაირი სითბო გააჩინა მათი სხეულების წამიერმა სიახლოვემ, ამ ქალის ტკბილმა ალუბლის სურნელმა ხომ სულ მთლად აურია გონება.
-ხარ. დღეს ისე გამეცი ლუკას მაგივრად პასუხი, თითქოს ფრონტის წინა ხაზზე ვეპატიჟებოდი და არა თბილისში.
-ჩათვალე ეგ ორი ერთი და იგივეა მაგისთვის. შარშია და შენც საფრთხეში გაეხვევი, მის გვერდით რომ დაგინახონ.
-თამარა დეიდას როგორ უყვარს... -წეღანდელი სცენა გაახსენდა, გაეღიმა უნებლიეთ.
ჩუმად გადადგეს რამდენიმე ნაბიჯი. თითქოს ორივე ცდილობდა უმოკლესი გზის იმდენად გახანგრძლივებას, რომ როგორმე დაემშვიდებინათ თავიანთი დაღლილი სულები.
-ის ნამცხვარი შენთვის იყო, -თავის ჭიშკარს მიეყრდნო სანდრა. მთვარის შუქი უნათებდა სახეს, უბრჭყვიალებდა თვალები.
-ეგეც შენით ისწავლე და სათანადოდ უნდა აღვფრთოვანდე? -გაეღიმა. დაუახლოვდა ერთი ნაბიჯით.
გონების საღად დარჩენილმა ნაწილმა კი ჰკითხა, ასე ძალიან რატომ მიეწებეო ამ ქალს, მაგრამ ვინ უსმენდა იმ ნაწილს...
-დიახ.
-მადლობა... -თვალებით დაეხეტებოდა მის სახეზე, ნასვამი იყო და უსაზღვროდ თავშეკავებული, უსაზღვროდ ფრთხილი და სურვილიანი, როგორც შეეფერებოდა ამ ქალს. -რომ არ მეკითხები არაფერს...
-ახ, მე მეგონა ნამცხვრით მოვიგე შენი გული. -ოდნავ შეაღო ჭიშკარი სანდრამ, გული ყელში ჰქონდა უკვე მობჯენილი, ისე სიამოვნებდა ეს სიახლოვე, ამ კაცის ენერგიის შეგრძნება თავისთან ახლოს...
-ჯერ არ გამისინჯავს...
-ალუბლის არის. -მაცდურად უთხრა, იცოდა თითქოს რასაც ფიქრობდა ივა, რომელი სურნელიც უღიტინებდა მომაჯადოვებლად.
თავად არაფრით გადადგამდა პირველ ნაბიჯს... ისე უნდოდა ის ყოფილიყო ინიციატორი.
სახიდან გადაუწია თმა ივამ. თბილი ჰქონდა თითები, საოცრად ფრთხილი იყო და მონდომებული.
ლარივით დაეჭიმა სხეული ქალს.
-იცი რასაც მიკეთებ... ჭკვიანი ხარ.
-მსიამოვნებს მაგის მოსმენა. -გაეღიმა.
-რა გსიამოვნებს კიდევ? -ყელისკენ ჩაუცურა ამჯერად გაშლილი ხელისგული, სურვილი ახრჩობდა უკვე.
-პირველობა... გამარჯვება... რომ მისმენენ, როცა ვსაუბრობ... როცა მაქებენ...
-კიდევ? -ნიკაპთან მიეფერა ცერი თითით, ხანაც თვალებში უყურებდა, ხანაც ყველა იმ ადგილას, სადაც კოცნას მოისურვებდა.
აღარ ჰქონდა პასუხი სანდრას. მშვიდად იტანდა წამებას, არაფრით უნდოდა საკუთარი სურვილების გამხელა ამ კაცისთვის, არ უნდოდა მეტისმეტად აშკარა ყოფილიყო, როგორ აღელვებდა...
ფრთხილად შეეხო მის ძლიერ მაჯას. მიეფერა ოდნავ თვითონაც.
კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ალბათ უთქმელი გრძნობების გაცვლა, მთვარის გარდა ორი მანქანის ფარიც რომ არ ჩარეულიყო მათ მყუდრო სიბნელეში.
პირდაპირ ჟუჟას კართან შეჩერდა მანქანა. ზანტად მიბრუნდა მისკენ ივა. ეჭვისთვალით გამოხედა მერე უჩვეულოდ დაჭიმულ სანდრას სახეს საკუთარ ხელისგულზე.
მოშორდა.
-ოთო? -ჯერ მანქანიდან გადმოსულ ახალგაზრდა კაცს შეხედა გაოგნებულმა, შემდეგ ივას. -რა გინდა აქ?
-მე კი არა შენ რა გინდა აქ? -გაბრაზებულმა მიხურა მანქანის კარი. ამრეზით ამოხედა ივას, -ამასთან...
-ეს ვინ არი? -სანდრას ჰკითხა მოჭუტული თვალებით ხორგუანმა. კარგად აგრძნობინა, მის პასუხზე რომ იყო დამოკიდებული დანარჩენი ქმედებები.
-საქმრო ვარ.
-ყოფილი. -ცხარედ შეუსწორა ქალმა. იმხელა ბრაზი და შეუგუებლობა დაანახა ოთოს, თავმოყვარე კაცი მაშინვე გაბრუნდებოდა იქედან.
-გასარკვევია ეგ ჯერ კიდევ...

მეხუთე თავი
კესანეები

მოუსვენარი სიჩუმე ჩურჩულებდა იფარში. თითქოს არც არავის სძინებია იმ ღამით. ყველა სახლის კედელს ესმოდა გამოსათხოვარი ქარის წრიალი.
დილაადრიან წამოხტა თამარა იმ დღეს. შეიძლება ითქვას, არც უძინია.
ტრადიციულად წაიკრა თავისი შავი თავშალი და ხელებდაკაპიწებული შეუდგა მზარეულობას.
თავის ბარგს დახედა ლუკამ უაზრო მზერით. პირველი დღე გაახსენდა ამ სახლსა და ამ სოფელში. ფანჯარაში გაიხედა შემდეგ და ისე დააკვირდა მწვანედ აფეთქებულ კლდეებს, თითქოს რამე უნდა შეცვლილიყო აქაურობაში, მაგრამ თვითონ ვერაფერს ამჩნევდა. არც განწყობა შესცვლია და არც გრძნობები. ისევ ბრაზობდა, ისევ ჯმუხი და უარყოფილი იყო მისთვის ეს სოფელი.
ჩუმად ჩამოვიდა სახლის პირველ სართულზე. ვერ შეამჩნია თამარა და არც თავად უხმაურია მეტისმეტად.
ნელა-ნელა აუყვა აღმართს სასაფლაოსკენ. ერთხელ შეავლო მხოლოდ თვალი ფილფანების სახლის ნანგრევებს. გვერდი აუარა ზედმეტი ფიქრის გარეშე. რაზე უნდა დასწყვეტოდა გული, იმასაც ვერ ხვდებოდა. არც კი ახსოვდა როგორი იყო ეს სახლი მანამდე, ახლა კი როგორც იცხოვრეს თავისმა მშობლებმა, ზუსტად ის სახე ჰქონდა და თავს მაინც თვითონ გრძნობდა ყველაზე დანგრეულად და მიტოვებულად.
ფეხებს თვითონ მიჰყავდათ იქ, სადაც არასდროს ყოფილა აქამდე, სადაც მისვლის ვალდებულებასაც გრძნობდა ამ სოფელში შემობიჯების პირველივე წამიდან.
ისეთი ძალით მიაწვა სისხლი შუბლზე, რომ კითხვაც დაავიწყდა წამიერად. აქამდე არასდროს უფიქრია ამ შეხვედრაზე. ისედაც სძულდა თავისი წარსულის ის ნაწილი, რომელმაც ბავშვობა და სიმართლე რომ ითქვას, მთელი ცხოვრებაც გაუნადგურა.
მაგრამ დედა…
„ელისო გაბულდანი
1980-1998”
მძიმედ, მაგრამ მაინც გამოაღო სასაფლაოს შავად შეღებილი კარი. ქვის პატარა სკამი და მაგიდა დაედგათ კუთხეში. მოწესრიგებული და კარგად მოვლილი იყო იქაურობა.
ჩამოჯდა მინდვრის მსუბუქი ყვავილებით უსაშველოდ დამძიმებული. ხელში ატრიალებდა მათ მწვანე ღეროებს. ნაბიჯი ვერ გადადგა, დედის საფლავი რომ მოერთო ქუჩის კუთხეში დაკრეფილი კესანეებით.
-ხელცარიელი ვერ მოვედი, -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა. -მოსვლა არც მინდოდა. შენზე ძალიან ვარ გაბრაზებული.
გაჩუმდა. სუნთქვა შეეკრა. სადღაც გულის სიღრმეში იმალებოდა კიდეც ამ სიტყვების თქმისთვის განკუთვნილი სინანული, მაგრამ არ უნდოდა მისთვის მიგნება ლუკას.
-რაც გავიგე, რომ ნინო დედაჩემი არ არის, სულ იმაზე ვფიქრობ, შენ ვინ ხარ. ნეტავ ცოცხალი იყო და ისე მიგეტოვებინე, ნეტავ ვიცოდე როგორი ადამიანი ხარ… როგორი იყავი… ახლა თამამად ვიქნებოდი გაბრაზებული. სინანული მაინც აღარ შემჭამდა. ამ სოფელში ყველას ვუყვარვარ და ეს… -სუნთქვა შეეკრა, ეგონა გულს აურევდა ხმამაღლა გაჟღერება ამ სიტყვების, -უფრო მაღიზიანებს. ვიცი, რაც არის ჩემი საშველი… მაგრამ არ მინდა. არავის პატიება არ მინდა. აქ რომ ვარ, ეგეც არ მინდა.
ამოიოხრა და წამოდგა ფეხზე. ჯვართან დაულაგა დედამისს ყვავილები და უკან აღარც მოუხედავს, ისე გავიდა სასაფლაოდან.
*
-თამარა დეიდა, ეს დედამ გამომატანა თქვენთან. -დილაადრიან ესტუმრათ ტატა ხორგუანებს.
გული დაუმშვიდდა, ჯერ კიდევ ეზოში რომ დაინახა ივას მანქანა.
აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს.
საშუალო ზომის თეფშზე შაქარმოყრილი ბლინები დაელაგებინა ლამაზად. აშკარად მეტისმეტად მოენდომებინა მზარეულს.
-მოდი, ტატი, დაჯექი, -გაეღიმა თამარას. ჩაი ჩამოუსხა გოგონას.
ლუკაც შემოვიდა ოთახში, წასასვლელად გამოწყობილიყო უკვე.
-არა იყოს, წავალ, -დაიბნა ტატა, არ იცოდა როგორ უნდა დამშვიდობებოდა, როგორ მოქცეულიყო. -კეთილი მგზავრობა.
-ესენი შენ გააკეთე? -მაგიდას მიეყრდნო ლუკა, ხელში ჩაიგდო ტკბილეული და მოათვალიერა კარგად.
-ა.. მე? არა… კი, ცოტა მივეხმარე დედას…
-კაია, -ცერი აუწია მოწონების ნიშნად.
რატომ იქცეოდა ასე კარგად… რომ მიდოდა საერთოდ არ სწყდებოდა გული?
-უშბა რატო იბღვირება დილიდან? -ივასკენ გაიქნია თავი, ბარგი ჩაელაგებინა უკვე მანქანაში და ეზოდანაც გადაეყვანა. -გააწბილეს ქალაქელმა ქალებმა?
-შენ ნუ ასარსალებ-მეთქი ენას… -ერთად გავიდნენ სახლიდან სამივენი. უცნაური შეგრძნება იყო ტატასთვის, თუმცა მოსწონდა ამ მსვლელობაში მონაწილეობა, ეს შინაურული შეგრძნება და ლუკას გვერდით თავისუფლად სიარული.
ლაილასაც ეძებდა თვალებით, მაგრამ არ გაუღვიძია ჯერ ეტყობა და არც დამშვიდობებას აპირებდა მათთან. ირიბად გაიხედა მხოლოდ მათი ეზოსკენ ლუკამ და გაეღიმა თავისთვის.
-ჭკვიანად იყავი იცოდე, -მკაცრად დაუყვავა თამარამ, -რომ დაყელყელაობ იქეთ-აქეთ. თავს მიხედე და დიდხანს არ მალოდინო, მოსავალი გვაქვს ასაღები.
-მე უნდა მამუშაო ხომ მაინც და მაინც? -ხელი გადახვია ქალს და აკოცა შავი თავსაფრით დაფარულ შუბლზე.
-მიდი, მიდი… -ჩაეხუტა თამარა. დაბალზე შეჭრილ თმაზე გადაუსვა ხელი ალერსით. -დამპირდი, რომ კარგად იქნები, იცოდე!
-ოხ, არ მიყვარს ქალებისთვის დაპირებების მიცემა, თამა…
-შე მაიმუნო! გააკეთე, რასაც გეუბნები!
-კაი, ხო… ჩემი დაჩეხილი შეშა კი გეყოფა ზამთრამდე, რომ აღარ გექნება, ჩამოვალ მერე.
ქალი რომ მოშორდა, ტატასკენაც გადაიწია, ოდნავ შეეხო მხარზე ხელით და გადაკოცნა აღელვებული ბიძაშვილი.
-ჭკვიანად. -ცხვირზე ჩამოკრა მერე ხელი და ჩაუხტა ივას მანქანაში, გარედან შემოარტყა ხელი კარს, წავედითო, ანიშნა.
მანამ უყურებდნენ თამარა და ტატა მიმავალთ, სანამ არ დაწვრილდნენ და მანქანის ხმაც არ გაშორდა მათ ყურთასმენას.
-რა გჭირს შენ? -ივას მოხედა ცალი თვალით.
-რა მჭირს? -წარბები აზიდა გაკვირვებულმა. საერთოდ არ ემჩნეოდა არაფერი, ეს გაიძვერა ბავშვი იგონებდა რაღაცებს და მოუწევდა ალბათ ფეხით სიარული თბილისამდე, ასე თუ გააგრძელებდა.
ჟუჟას ეზოში სანდრას მანქანა იდგა მხოლოდ, გაესტუმრებინათ სასიძო, როგორც ჩანს.
-დაიცა, დავემშვიდობო ჟუჟას. -ისეთი სახით სთხოვა, თითქოს მართლა ეს ყოფილიყოს მისი გულწრფელი ინტერესი.
სანდრამაც შენიშნა მათ ჭიშკართან შეჩერებული მანქანა და გამოვიდა ეზოში.
-მიემგზავრები? -ღიმილით ჰკითხა ლუკას, ცალი თვალი გაექცა წამიერად მძღოლისკენ.
-ჰო, ჟუჟა საითაა? შენ არ დაგემშვიდობები, მოგვიწევს მალე შეხვედრა. მიდი იმასთან, -მანქანიდან გადმოსული ივასკენ მიანიშნა ქალს,-მოგიგებთ მე დროს…
-ნუ მაიმუნობ ცუდად, -საჩვენებელი თითი გაუქნია სანდრამ გამაფრთხილებლად.
მათი სახლისკენ მოდიოდა უკვე ივა მშვიდი ნაბიჯებით.
არ ეტყობოდა სახეზე იმ ბრაზის კვალი, სანდრას საქმროს.. ყოფილი საქმროს გამოჩენამ რომ დაუთესა ამაყ გულში.
-გამარჯობა, -თავის დაკვრას არ დააჯერა სანდრამ. ოდნავ გადაუდგა წინ, გვერდის ავლის საშუალება რომ არ ჰქონოდა კაცს. -ნუ მიყურებ ასე…
-როგორ გიყურებ, სანდრა? -ცივად ჰკითხა, საერთოდ არ სურდა მასთან საუბარი. მესამე სხეულმა უსაშველოდ გაზარდა მანძილი ამ ქალამდე.
-როგორც პირველად…
-რამე შეიცვალა? -ტუჩის კიდე აეპრიხა ივას. -ან კოცნა შეცვლიდა რამეს?
თვალები დააწვრილა ქალმა.
-თუ არ შეცვლიდა, რას იწევდი მაშინ საკოცნელად? ხომ იცოდი, ვის წინაშეც იდექი?
-დანიშნული ქალის წინაშე ვმდგარვარ თურმე, რა ვიცოდი, სანდრა? -ხმა გაიმკაცრა უფრო მეტად.
-არ არის ასე. ბეჭედი არ დამჭირდებოდა სამტკიცებლად, ისე მიგახვედრებდი, დანიშნული ქალი რომ იდგა შენ წინაშე. -თვალწინ აუფრიალა ცარიელი თითები განაწყენებულმა.
ასე მშვიდად და აუღელვებლად არავის მიუყენებია მისთვის აქამდე შეურაცხყოფა. მშვიდად აქცია ზურგი და გრძელი კაბის შრიალით მიატოვა ეზოში ივა ხორგუანი.
-არაო თეთნულდმა? -მხარი გაჰკრა ლუკამ, ჭიშკარში რომ გადიოდნენ ერთად.
.
არ სძინებია ლაილას. ყველაფერი კარგად გაიგონა და დაინახა, რაც მეზობელ ეზოში ხდებოდა. მოშორდა თუ არა ივას მანქანა იფარის არემარეს, ფეხზე წამოდგა მაშინვე გაბრუებული.
გაგიჟდებოდა, ვინმესთან გული რომ არ მოეოხებინა ალბათ. სანდრას გარდა არც არავინ ეგულებოდა სოფელში ისეთი, ვისთანაც გვარიანად გამოლანძღავდა ლუკა ფილფანს და ნამუსი არ შეაწუხებდა ამის გამო.
-მოყევი ერთი, -ყავის ფინჯნები დაალაგა სანდრამ მაგიდაზე. ყურადღების სხვა რამეზე გადატანა უნდოდა თვითონაც, ისე იყო აფორიაქებული.
წვრილად ჩაუკაკლა ყველაფერი ლაილამ. მრისხანებით ანთებოდა თვალები. ბოლოს ისე აიხლართა თავისივე ნაამბობში, რომ აღარც ბრაზობდა იმდენად ლუკაზე.
-დაბნეული ვარ, -ამოილუღლუღა შეწუხებულმა.
-გული გწყდება ყურადღებას რომ არ გაქცევს, განსაკუთრებულად რომ არ გექცევა… -ყავა მოსვა სანდრამ, -შენ რომ ემოციებს ვერ მალავ და ის საერთოდ არაფერს აჩენს… რაო, როგორ გითხრა… დღის სინათლეს ემალებაო და შენ მზის ამოსვლის ყურება გიყვარსო… ოხ! ოხერია ნამდვილი.
-თან… დედამ ისეთები მელაპარაკა…
-რაო დედამ, ლაი? არ გინდაო… გზააბნეული შენც თავგზას აგირევსო?
თვალები მოარიდა ქალს. დაცარიელებულ ჭიქას დაავლო ხელი და ისე მიიტანა ტუჩებთან, თითქოს ბოლო ყლუპი დარჩენოდა გამოსაცლელი.
-მშობლის რჩევაზე უფრო პატივსაცემი და მოსაფრთხილებელი ცოტა რამეა ცხოვრებაში, ლაი… დედის რჩევა ქალიშვილისთვის მარტო მშობლიური დარიგება რომ არ არის, შენც ხომ იცი. ყოველთვის იქნება ქალური გამოცდილების გამზიარებელი დედის ყველა სიტყვა, მაგრამ… შენ შენ ხარ, შენი ცხოვრებით, გადაწყვეტილებებით და ამ გადაწყვეტილებებზე გამოკიდებული პასუხისმგებლობებით. ძალას და გამძლეობას ვერ გამოიმუშავებ, თუ შენი გადაწყვეტილება ბოლომდე შენი არ იქნება, ხვდები? -კიდევ ჩართო ყავის აპარატი სანდრამ, ბევრი ჰქონდათ სასაუბრო… -შეგიძლია სწორადაც მოიქცე და დედის აზრიც გაითვალისწინო, ოღონდ მაგრად უნდა დადგე… შენ კი მგონია, რომ უკვე შეგეშინდა. მთავარი წინ არის… თუ არ გყოფნის გრძნობა, მაშინ დაუჯერე იმ ბიჭს და გაერიდე მართლა.
-ასე მარტივი არ არის…
-მე მეუბნები ამას? -მწარედ გაეღიმა, -გუშინწინ შენმა ბიძაშვილმა სახლამდე რომ მომაცილა, ჩემი ყოფილი საქმრო წამოგვადგა თავზე. რომელსაც ძალიან, ძალიან ცუდად მოვექეცი სინამდვილეში, თავის დროზე რომ არ დავუსვი წერტილი მასთან ურთიერთობას. ახლა მის მილიონ კითხვის ნიშანზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს – არ მიყვარს, გრძნობა არ მყოფნის მის გვერდით ყოფნისთვის და ამის გამო საშინელი ქალი ვარ, რომელმაც ბიჭს სამი წელი დააკარგვინა, რომლისგანაც დღემდე ითხოვენ პასუხს – რატომ…
-მოიცა, რა დროს წამოგადგათ… -დანარჩენი სიტყვები ვერ გაიგო თითქოს ლაილამ, ყბა ჩამოუვარდა ლამის.
-ო, რა მნიშვნელობა აქვს ახლა? -თვალები მოარიდა ქალმა, ჩამოასხა ყავა ახლიდან. -არ გიყვარს ეგ ბიჭი? მაშინ გული რაზე გწყდება? გააგრძელე შენი ცხოვრება, გაერთე, ათასი გამოჩნდება, ათასი გაქრება…
-მიყვარს-მეთქი არც მითქვამს, -ლოყები აუწითლდა ლაილას, -ასეთი არ ვარ, სანდრა.. ასეთი დაბნეული, სუსტი… ასეთი არ ვარ, უბრალოდ…
-გრცხვენია დამალული კაცი რო გიყვარს?
სიტყვა პირში შეეყინა ლაილას. სუნთქვა ფილტვებში.
-არა! -ხმა გაუმკაცრდა, -რას მეუბნები? არ მიყვარს-მეთქი, რომც მიყვარდეს არ შემრცხვებოდა, უბრალოდ… მინდა სწორ გზაზე დადგეს, მინდა ის ზიზღი მოიშოროს გულიდან, რაც აქაურობის მიმართ აქვს, მინდა თავაწეული იმიტომ კი არ დადიოდეს ქუჩაში, რომ ყველას დაანახოს თავისი ბრაზი და მიუღებლობა… უბრალოდ მინდა იცოდეს, რომ თავდასახრელი ისედაც არაფერი აქვს.
-გააგებინე ხოდა, -ფეხები მეორე სკამზე შემოალაგა სანდრამ, გემრიელად მოსვა ცხელი ყავა, -ცოტა ხისთავიანი კი იქნება, მაგრამ არაუშავს. მისგან ყველა გულწრფელობას მოელის, ლაი… როგორ გგონია, რატომ არის ივასთან და თამარასთან ისეთი? ან ტატასთან?
-როგორი… -ჩაიბუტბუტა გულმოსულმა.
-თავისუფალი. მათთან კომფორტულადაა, იმიტომ კი არა, რომ ყველაფერში ამართლებენ, იმიტომ რომ არაფერს ელიან მისგან, ხვდები?
-არც მე ველი.
-კი, ელი… გინდა იმ სულელ ჰომეროსაზე იეჭვიანოს, გინდა ყურადღება მოგაქციოს… გინდა ივასაც დაუპირისპირდეს შენ გამო, არ არის ასე? არ ვიცნობ შენს ბიძაშვილს, მაგრამ არამგონია მარტივად შეეგუოს თქვენს ამბავს. თვალებში ეტყობა, რაც არის.
სიჩუმეა…
-საშინელი ადამიანი ვარ. -ტუჩი მოიკვნიტა ლაილამ. -არც კი დავემშვიდობე…
-გამოუცდელი ხარ, არაუშავს. -გაეღიმა სანდრას.
-შენ რას იზამდი ჩემ ადგილას…
-ოხ, მე კი ვიცი რაც არის სწორი… მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ შემეშლებოდა არაფერი… მეტისმეტად ამაყი ვარ, ვინმესკენ რომ გადავდგა პირველი, მეორე, მესამე ნაბიჯი, მაგრამ თუ გრძნობა მეყოფოდა, ალბათ, ვიზამდი. არ ვიცი…
-არ გეტყობა ეგ, იცი? -გაეღიმა ლაილას. ზაფხულის ელვასავით ნათლად გაურბინა გონებაში იმ აზრმა, რომ სწორედ მისნაირი ქალი სჭირდებოდა ივას.
-რა?
-ტრადიციული სიამაყე. ზოგადად, ქალური სიამაყე გეტყობა ყველაფერში, მაგრამ ეს ტრადიციულობა… რომ არასდროს გადადგამ პირველ ნაბიჯს, გიხდება კიდეც.
ხმით გაეცინა ქალს, აუციმციმდა მწვანე თვალები.
-საჭირო დროს მართლდება მხოლოდ პირველი ნაბიჯი ქალისგან. მაგ საჭირო დროს ან ვერ ცნობენ ქალები, ან არც უდგებათ ცხოვრებაში…
ცოტა ხანს ისაუბრეს კიდევ ათას თემაზე. მონუსხული იყო ლაილა მისი განათლებით, აზრებითა და მანერებით. მალევე გამობრუნდა სახლისაკენ, ცისიასთვის ხელი რომ წაეკრა საოჯახო საქმეებში.
გულიც თითქოს შეუმსუბუქდა. მოეშვა. თითქოს იმ ლაბირინთში, სადაც დაკარგულიყო, როგორც იქნა მისთვისაც გამოჩნდა სწორი გზა.
თავის აცდენილ გზას კი ამაყად მოუყვებოდა იმ დილით ჰომეროსა ნიგურიანი.
დაინახა სოფლიდან გამავალი ლუკა ფილფანი ივა ხორგუანთან ერთად.
შეიკრა მისი საძმაკაცო – მასსავით სულელი და თამამი, ჩასხდნენ რომიკო ქურდიანის ლურჯ „ოპელში“ ქალის მოსატაცებლად.
იმ ქალის, მშვიდი ნაბიჯებითა და კაბის მორიდებული ფრიალით რომ მიუყვებოდა გზას თავისი სახლისაკენ და გული სხვისი სიყვარულით ჰქონდა აფრიალებული.
ეჭვით მოხედა მის გვერდით გაჩერებულ მანქანას ლაილამ. აზრადაც არ გაუვლია, რომ ჰომეროსა მოტაცებას გაუბედავდა თავის სახლამდე რამდენიმე ნაბიჯდარჩენილს.
სანამ თვალებში არ ჩახედა და გულის სიყვარულით ფრიალი უცებ არ შეცვალა შიშმა და სასოწარკვეთამ. სადღაც შორიდან სწრაფი ნაბიჯებით მორბოდა სირცხვილიც, რომელსაც ხელში ეჭირა მუყაოზე უშნოდ წაწერილი „მოტაცებული ქალის“ სტატუსი.
-რა გინდა აქ? -იხტიბარი არ გაიტეხა. ირგვლივ მიმოიხედა დაფეთებულმა. არავინ იყო ქუჩაში მოსაშველებლად.
-სიტყვას გისრულებ. -თავით ანიშნა ბიჭებს მანქანიდან გადასულიყვნენ.
-არ მომეკაროთ, ხომ იცით, რაც დაგემართებათ.. -ავად გახედა ბიჭებს ლაილამ.
ისე სულელურად უღიმოდნენ, აშკარად არ იყვნენ სულელ მდგომარეობაში.
-კაი რა, ვიქეიფოთ ქორწილში, ლაი… -მანქანის კარი გამოაღო ერთ-ერთმა.
როგორი ლაჩარიც იყო ჰომეროსა ნიგურიანი, ისე ლაჩრულად მოიტაცა ქალიც. სხვისი ხელით.
.
იფარის დაღმართზე კისრისტეხით გაქანებულ მანქანას ეჭვით გააყოლა თვალი სანდრამ.
გაქცეულს მიამსგავსა აღელვებული მძღოლი საჭესთან. უჩვეულოდ გადაჭედილი უკანა სავარძლები.
გაახსენდა ის დღე, ხუმრობით რომ საუბრობდნენ მდინარის სანაპიროზე, როგორ უპირებდა ვიღაც სულელი „ჩონგურიანი ანტონიო ბანდერასი“ ლაილას მოტაცებას.
სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ქუჩაში და ხორგუანების სახლისკენ აუყვა გზას. ჭიშკართან ეგდო ლაილას ტელეფონი. გულაფართხალებული შევიდა ცისიასთან სახლში.
მალე ცას მისწვდა ქალის კივილი.
.
უკმაყოფილოდ დახედა ივამ ამღერებულ მობილურს. იცნო სანდრას ნომერი.
-გისმენ.
-შეგიძლია მანქანა გააჩერო ორი წუთით? რაღაც უნდა გითხრა, -აღელვებული ხმა ჰქონდა ქალს.
-სანდრა, არ მცალია ახლა.
-მე არ მეხება.
-გისმენ. -არ გაუჩერებია ისე გააჟღერა მოთხოვნა.
წარბაწევით გადმოხედა ლუკამ. არ ესიამოვნა რაღაც ეს ზარი, თუმცა არ იღებდა ხმას.
ბორბლების ჭრიალით მოაბრუნა მანქანა იქ, სადაც საერთოდაც არ იყო ნებადართვული მსგავსი მანევრის შესრულება.
პირდაპირ ნიგურიანებს მიადგა ივა ხორგუანის მანქანა. მღელვარებისგან გადათეთრებულიყო სახეზე ოჯახის უფროსი. აშკარად ვერ მოესწრო იმ საბუთის მოძებნა, რაც თავისი შვილის არაკაცურ საქციელს გაამართლებდა იმ კაცის წინაშე, რომელსაც პატივს სცემდა მთელი სოფელი და თვითონაც.
იმხელა მრისხანება დასტყობოდა აუჩქარებელ ნაბიჯებში, რომ სუნთქვა შეეკრათ „მასპინძლებს“, მზერას რომ ვერ უსწორებდნენ ბრაზით ჩაშავებულ თვალებში კაცს.
-მანუჩარ, ხომ იცი ჩემი პატივისცემა შენ მიმართ, -პირდაპირ დაიწყო ივამ, -ხომ გაგაფრთხილე შენ პირადად, გაგეფრთხილებინა კარგად შენი ბიჭი. ხომ ავუკრძალე მოკარება? სად წაიყვანა?
-არ ვიცი, შვილო, არ ვიცი. -თავზე შემოიწყო ხელები მანუჩარმა, უღონოდ ჩამოჯდა მაგიდასთან.
უემოციო სახით შეჰყურებდა ლუკა ამ სანახაობას. გულზე დაეკრიფა ხელები, თუმცა ცქმუტავდა მოუსვენრობისგან.
გულში უღიტინებდა ის უკმაყოფილო გრძნობა, რომ სათანადოდ ვერ შეაფასა ის სულელი ბიჭი. ვერ გათვალა, რომ ამის გამკეთებელი იყო, რომ შეეხებოდა იმას, ვისაც განსაკუთრებული სიფრთხილის გარეშე თვითონ სიტყვასაც არ უბედავდა.
-მოვკლავ, რამე რომ დაუშავოს.
-უყვარს, არაფერს დაუშავებს, -ტირილით გაამართლა ქალმა თავისი შვილი, -არ არის ჩემი შვილი ასეთი, სიყვარულმა…
-ნაირა დეიდა, -ისე დასჭიმვოდა სხეული ივას, ძლივს წარმოთქვამდა სიტყვებს. იმ ქალისგან განსაკუთრებულად არ უნდოდა ამის გაგონება, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ზუსტად იგივე წლების წინ. -დაურეკეთ.
-არ გვპასუხობს, შვილო. არ გვპასუხობს!
-ნომერი გამოართვი, -ხმა ამოიღო ლუკამაც, -გამოართვი ნომერი და არ გინდა მეტი არაფერი.
-ვინ არიან კიდე მაგასთან ერთად?
-მთელი სოფლის ბიჭები წასულია…. არავინაა სახლში. -სიცოცხლედ უჯდებოდა თვალის გასწორება მანუჩარს ივასათვის. ეტყობოდა კაცს, არაფერი რომ არ ყოფილა საამაყო ასეთ საქციელში და ძალიან რომ უნდოდა, თვითონ არ ყოფილიყო ამის მაგალითი შვილისათვის, -იქნებ…
-რა იქნებ, რა იქნებ? -ხმას აუწია ხორგუანმა. -გეკითხები, რა იქნებ! მაგას იმედი ხომ არ აქვს, რახან მომტაცა დავუტოვებ? ეგრე ჰგონია ხომ? ხომ გამიბედა, შენც ხო გადაგაბიჯა, მეც და ლაილას მკვდარ მამამასაც ხომ დააფურთხა საფლავზე! რისი ღირსია შენი შვილი, შენ თვითონ მითხარი და იმას გავუკეთებ! მითხარი, მანუჩარ!
-მე მივხედავ… დაურეკე კიდევ, -ცოლს მიმართა კაცმა, ძლივსღა ლაპარაკობდა, ფეხზე წამოდგომაც კი არ შეეძლო იმდენად მტკივნეული იყო არასწორი შვილის ზურგსუკან დგომა თურმე. -დაურეკე, მოიყვანოს…
-არსად არ მოიყვანს, თქვას სად არის! -პირველად ჰქონდა ხმა ასეთი შეუვალი, სიბოროტეშერეული ივას. -მივალ და მე თვითონ წამოვიყვან.
არ პასუხობდა ვაჟბატონი.
სისხლი ჩაექცა ტვინში პირდაპირი მნიშვნელობით ივა ხორგუანს. ნომერი გამოართვა ქალს ლუკამ.
-არ მინდა პოლიცია, -გააფრთხილა, ტელეფონი რომ ყურთან მიიტანა ფილფანმა.
-რა პოლიცია, აქეთ მეძებენ ეგენი…
-შენ სოფელში ადი, -საჭესთან დაჯდა ხორგუანი, -მე გავივლი აქეთ, შორს ვერ წავიდოდნენ. დამირეკე, თუ რამეს გაარკვევ.
ლენტეხში გადაპარულან. სანდრას მანქანით გაეშურა იქეთკენ ლუკა. გვერდით ეჯდა აღელვებული ქალიც, თვითონ მხოლოდ მობილურის მოუსვენრად ტრიალი ამხელდა ნერვიულობაში. მეტი არაფერი.
საერთოდ არაფერი ეწერა სახეზე.
-რატომ არ ურეკავ ივას? -გაკვირვებით შემოხედა სანდრამ.
-მე მინდა მივიდე პირველი, -თვალები დააწვრილა ფილფანმა, გვერდულად მოხედა, -არ შემინახავ საიდუმლოს?
-ლუკა, ისედაც გეძებენ….
-ლენტეხში არავინ მეძებს, -მშვიდად მიაჭირა გაზს, -შენ რა იცი, რომ მეძებენ? ჩემზე საუბრობდით?
-ყველა შენზე საუბრობს, რა გიკვირს? დაურეკე, თორემ მე დავრეკავ.
-ცოტა ხანში დავურეკავ, არ მინდა მიმასწროს. -ოდნავ შეიმკაცრა ხმა, -შენ იმას რატომ იცავ ეგრე… არ გენდომება გაბრაზებული ივას დანახვა, მერწმუნე.
-შენ რას იზამ? მიულოცავ? -ირონიულად აეპრიხა ტუჩის კუთხე, -ხომ იცოდი, როგორც ემუქრებოდა…
-მივულოცავ კი არა, დავლოცავ! -ბოროტად ჩაეღიმა ფილფანს, კარგად ჰქონდა ყველა გეგმა დაწყობილი, წარმოდგენილი ყველა სცენა… -ჯერ პარაკლისს ჩავუტარებ, მერე პანაშვიდს. ვერ ნახე ის ტიპი? სერიოზულად როგორ უნდა მიმეღო იმის ბოდვა…

ტყეში ჩაფლული პატარა სახლის საპირფარეშოში გამოკეტილიყო ლაილა. გული ერეოდა საკუთარ მდგომარეობაზე, თუმცა ტირილს არაფრით კადრულობდა მაინც.
-გამოდი, გოგო, დამელაპარაკე! -კარზე ბრახუნს არ წყვეტდა ბიჭი. -ლაილა, შემოვამტვრევ იცოდე!
-მომშორდი, მეზიზღები! როგორ მძულხარ, რომ იცოდე! -ხმა გაუტყდა, უღონოდ ჩაცურდა საპირფარეშოს კედელზე. მუხლებში ჩარგო ნერვიულობით გასკდომამდე გაბერილი თავი. -ივა რომ მოვა, აღარ დაგიცავ, იცოდე… მოგკლავს, შე საცოდავო!
-არაფერს არ მიზამს, ჩემი ცოლი ხარ უკვე! ჩემთან დაგტოვებს!
-როგორც დედაშენი დატოვეს მამაშენთან, არა? -ამოიკივლა გამხეცებულმა. მიჩუმდა კარს მიღმა ნიგურიანი. -ასე დამტოვებენ მეც გგონია? ცდები!
-დედაჩემს შეუყვარდა მამაჩემი…
-კრეტინო! მაგის იმედი გაქვს? რა შემაყვარებს შენს თავს, რა! -კარი გამოგლიჯა ლაილამ. თვალებში უნდოდა ჩაეხედა, როდესაც ასეთ მტკივნეულ სიტყვებს ეტყოდა. -მეზიზღები, შენზე საცოდავი ჩემს თვალში ახლა არავინაა. ხელიც კი ვერ მახლე, შენი ხელითაც კი ვერ მომიტაცე! შეგეშინდა!
-გოგო! -დაიყვირა შეურაცხყოფილმა. შეეშალა თვალები.
ყველა გაისუსა სახლში. აღარავის ექორწილებოდა მას შემდეგ, რაც მანუჩარისა და ნაირას ამბავი ახსენეს. უხერხულად აიწურნენ ეზოში და მარტო დატოვეს „ახლადშეუღლებულნი“.
-შენ ეს სიყვარული გგონია? შემომხედე კარგად! ასეთ დღეში ჰყავთ კარგ კაცებს საყვარელი ქალები, როგორშიც შენ ჩამაგდე ახლა?! -ხმა ჩახლეჩვოდა უკვე ყვირილისა და ტირილისაგან ლაილას. -რომელ რეალობაში გჯერა შენ იმის, რომ ივა ჩემს თავს განდობს, სულ რომ მიყვარდე და შენზე ვგიჟდებოდე? რომელში!
-რატო, რატო, რატო! -კედელს დაუშინა მუშტები ბიჭმა, სისხლი წასკდა გადაკეცილი თითებიდან. -რატო არ გიმსახურებ!
-შენ კიდევ ვერ ხვდები? -ტუჩზე ისე მწარედ იკბინა, ბლანტი სითხე იგრძნო ენაზე ლაილამ. ტკივილმა უფრო გააძლიერა და გაამეხა.
-ის იმსახურებს? მკვლელი! ჩავუშვებ, ყველას გავაგებინებ აქ რომ არის! მთელი სოფელი რომ მალავდით, ყველას გავაგებინებ! იმისნაირი ჩმორი შეგიყვარდა და მე… მაგ კალიბრის დანაშაული თუ არ ჩამიდენია, რომ ჩამედინა არც შევძვრებოდი იმ სოროში, სადაც დაბადებიდან სირცხვილს ვჭამ!
-ენა ჩაიგდე! არავინ მოუკლავს!
-ხო? -ბოროტად გაეღიმა, -ხელის დამფარებელი ნაკლები დამნაშავეა? იმ შენ ივასაც გვერდით მივუსვამ…
ხმამაღლა გადაიხარხარა ლაილამ. სულს ვეღარ ითქვამდა, იმდენ ხანს გაუგრძელდა სიცილი. შეეშინდა კიდეც გეგას, რომ ჭკუიდან გადადგა, იმდენად დაკარგა თავისი სახე გოგომ.
-გეყოფა… კარგად ხარ? -ოდნავ მიუახლოვდა ორად გაკეცილ ქალს, შეხება ვერ გაბედა მაინც. -ლაილა!
ტირილში გადაეზარდა ისტერიკული სიცილი.
-შენ? შემაშინე ახლა? თავი მომაწონე? რა… სულელი ხარ, გეგა ნიგურიანო, რა სულელი ხარ!
-ბიჭო, ვიღაც მოვიდა… -თავი შემოყო ოთახში რომიკომ.
წასული ჰქონდა ფერი მასაც სადღაც, იქ, საიდანაც საღ აზრებად უბრუნდებოდნენ სულელური შეცდომები.
სანდრას მანქანა იცნო ფანჯრიდან ლაილამ. ლუკა რომ გადმოვიდა პირველი იქედან ივას ნაცვლად, მართლა შეეშინდა, რომ ყველაფრის გამკეთებელი იყო უკვე გეგა.
გაწითლდა მთლიანად სახეზე, სისხლი გაუჩერდა.
-გარეთ არ გამოხვიდე! -ცხვირწინ დაუფრიალა საჩვენებელი თითი გოგონას.
-არაფრის ხათრი როგორ არ გაქვს, -იმედგაცრუებული მზერა აჩუქა ლაილამ, -ერთად გავიზარდეთ, ასე როგორ შეგიძლია მომექცე…
-არ გამოხვიდე გარეთ! -იგივე გაუმეორა ამჯერად მორიდებული თვალებით გეგამ, არ ჰქონდა ახალი პასუხი მის შეუცვლელ შეკითხვებზე.
-ოხ, ყველა აქ ყოფილხართ, -ღიმილით მოავლო თვალი ეზოში შეკრებილებს ლუკამ. -რა იყო, ბიჭო, მთელი სოფლის დახმარების გარეშე ვერ მოიტაცებდი ერთ გოგოს?
-შენ გამოგიშვა ივამ? -წინ დაუდგა ნიგურიანი. ამპარტავნებით გაშლილიყო მხრებში, თითქოს რამე საამაყო გააკეთა.
-შე საწყალო, მადლობა თქვი, მე რომ მოვედი პირველი, -გაიცინა ხმამაღლა.
სახლს მოავლო შეშლილი თვალები, ერთ ფანჯარაში მოჩანდა ლაილას სილუეტი.
-შენ მადლობის ღირსიც არ ხარ, -ზიზღით მოუთვალიერა სხეული გეგამ. -ქალს როგორ დაიცავ, საკუთარი ღირსებაც ვერ დაგიცვია…
მოუსვენრად წრიალებდა სანდრა. აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს, რომ დროულად მოსულიყო ივა და მშვიდად წაეყვანათ აქედან ლაილა.
-ოხ, ღირსება პირიდან შენ ამოგივიდა? -ორივე ხელი ჯიბეებში ჩაილაგა ლუკამ, დაუახლოვდა ერთი ნაბიჯით. -შენ? სადაა აბა…
-მანდ დაეტიე, -მკლავზე ხელი მიადო გეგამ სახლისკენ წასულს.
ჯერ ხელს დახედა ირონიული ღიმილით ლუკამ, შემდეგ იმ ხელის პატრონს.
საყელოებში ჩაავლო უცებ ხელი და ისე მწარედ მოხვდა ცხვირში ფილფანის შუბლი, რომ ერთ წამში დაუსვარა თეთრი მაისური თავისივე წითელმა სისხლმა გეგა ნიგურიანს.
-შენ სადაც დაეტევი, იმ ადგილს მე თვითონ გაგითხრი ექვსი მეტრის სიღრმეზე.
წაიწიეს ბიჭებმა მათკენ, თუმცა ხელით ანიშნა გეგამ, არ მოახლოვებოდნენ.
წამოიკივლა ლაილამ ოთახში, პირზე აიფარა ხელი სანდრამ ჭიშკართან.
-სად ხარ, სად! -მერამდენედ აკრიფა ივას ნომერი და არ უპასუხეს, ვეღარც კი ითვლიდა უკვე. ნერვიულად აკანკალებდა ქალი ფეხს.
ბიჭების ყოყლოჭინობაში ჩარევა არ სურდა, ლაილა ადარდებდა მხოლოდ იმ წამს.
-გამატარე ახლა, სანამ გვამზე გადასაბიჯებელი გამიხდი, -გვერდზე მოიქნია გეგას სხეული. ზიზღით შეიწმინდა შარვალზე სისხლიანი ხელები.
-არ გაგიჭირდება შენ გვამზე არც გადაბიჯება და არც გადმობიჯება! -იფურთხებოდა ლაპარაკისას ბიჭი.
სიმშვიდე რომ ხვდებოდა პასუხად ყველა ზიზღიან სიტყვაზე, უარესად ხელდებოდა. იწვევდა.
-არსად არ შეხვალ, წაეთრიე აქედან! -წინ გადაუდგა ისევ, -ცოლია ჩემი!
-ვინაა შენი ცოლი ერთი? თქვი სახელი და გვარი, მიდი!
-ხორგუანი ლაილა. -ბოროტად გაუღიმა გონებადაბინდულმა. -ჩემია, ხო! მე შევეხები…
მუცელში მოხვდა ამჯერად წიხლი ძლიერად.
სწრაფი ნაბიჯებით შეიჭრა სანდრა ეზოში. არ მოხდებოდა კარგი ამბავი. იარაღიც კი დაუნახა ერთი-ორს ქამარში.
-სანამ გადაგაყლაპებენ მაგ იარაღს, მოშორდით აქედან. -გული მიეცა მასაც, მეორე მანქანაც რომ ჭრიალით შეჩერდა ჭიშკართან.
-რა თქვი? -თმაში ჩაავლო წაქცეულს ფილფანმა, წამოაწევინა თავი, -გაიმეორე!
-ლუკა, შეეშვი… -მხარში ჩაავლო სანდრამ.
ივას ერთი თვალის შევლება დასჭირდა ეზოში თავმოყრილ ყველა ახალგაზრდას, დანაშაულის სიმძიმე რომ ეგრძნოთ და თავი დაეხარათ მაშინვე.
-დაახვიეთ აქედან და მოგივლით მე თქვენ მერე! -ჭიშკრისკენ გაიშვირა ხელი განრისხებულმა.
წაქცეული გეგასკენ და მის თავს წამომდგარი ლუკასკენ ეჭირა თვალი.
ყველა გაიძურწა იქედან რომიკოს გარდა, რომელმაც ვერ მიატოვა ბავშვობის მეგობარი.
-ივა, არ დაუშავებია არაფერი… -გამართლებაც კი სცადა.
-კრინტი! კრინტი არ გავიგო შენი! -ნიკაპში ჩაავლო ხელი. პატარა იყო და ვერ გაიმეტა მეტი ძალისთვის, -ამას ვიმსახურებდი მე შენგან, რომა?
-უყვარს, -თვალები დახარა, ბოლოს საერთოდ მიხუჭა.
-მაგას მე მივხედავ, -ხელი უშვა რომიკოს ივამ, ლუკას ეკუთვნოდა მისი სიტყვები ამჯერად.
გაოცებით მოხედა სანდრამ მოსულს და კიბეებზე ავარდა სასწრაფოდ, კარი რომ გაეღოთ ლაილასთვის.
მაშინვე გამოვარდა ხმამაღლა აღნავლებული. თვალები მიეხუჭა სანახაობის შემსწრეს. ასე მწარედ ატირებული საბას დაკრძალვისას ნახა ბოლოს თავისი პატარა ლაილა ივამ.
-კარგად ხარ? -თმაზე ეფერებოდა სანდრა, წელზე მოხვია ხელები, -ნუ გეშინია, ყველა აქ ვართ…
-ივა… -ბიძაშვილს ჩამოეკიდა კისერზე, იმის უფრო ეშინოდა ლაილას, რაც ამ ამბავს მოჰყვებოდა, -წავიდეთ სახლში, გთხოვ… წავიდეთ…
-ლუკა, წაიყვანე შენ ესენი, -მკლავში ჩაავლო ხელი ფილფანს და გამოათრია ბრძოლის ველიდან.
წამოჯდა დასისხლიანებული ნიგურიანი.
ღვარძლიანად გახედა ჯერ ლუკას, შემდეგ ივას.
-ამას… ამას ანდობ და მე არა, ხო? -ჩაეცინა, იდაყვებით ეყრდნობოდა თავის მუხლებს, ჩაქინდრა წვრილი კისერი, -ესაა ხო… სანდო და მე არა… საბას მერე… საბას მერე ამას როგორ აძინებ შენს ჭერქვეშ, ივა? მე შენ ღირსეული კაცი მგონიხარ.
-გადით, დროზე! -პირველად დაიყვირა ისე ხმამაღლა ალბათ თავის ცხოვრებაში.
ადგილზე შეხტა სანდრა. გაოცებით შეხედა სახედაკარგულ კაცს.
-ივა… -ხმადაბლა შებედა, -ბავშვია.
-გადით. დროზე. -სვენებ-სვენებით გაუმეორა ქალს და გაუსწორა კარგად შეშლილი მზერა, რომლის წინაშეც დაუძლურდა ყველა თხოვნა და ვედრება.
სიცილით დააჩერდა გეგა თავისივე სისხლით მოთხვრილ მინდორს. წაშლილი სახით შეხედა ლაილას და ლუკას სიახლოვეს.
-წამოდი, -მშვიდად უთხრა ქალს ფილფანმა. ზედაც არ შეუხედავს ზედმეტად, ისევ რომ არ დაეკარგა კონტროლი საკუთარ თავზე, იმ დიდ კედელს რომ არ გადახტომოდა, ვისაც ივა ხორგუანი ერქვა.
ხელი მოჰხვია სანდრამ ლაილას. ჩასხდნენ მანქანაში.
-არ წავიდეთ, გთხოვთ… -ცრემლები ახრჩობდა ლაილას. არ უნდოდა ივას აქ დატოვება, -არ მინდა… არავის შრამის მიზეზად ყოფნა არ მინდა.
-იმას უნდა სამაგიეროდ შენ რომ იყო მაგისი შრამების მიზეზი, -მანქანა დაქოქა ლუკამ, ასეთი ცივი ხმა პირველად ჰქონდა ალბათ, ასეთი შეუვალი და მკაცრი… ასეთი აქაური.
-რამე ხომ არ გტკივა? ხომ არ დაგიშავა რამე…
სმენა დაეძაბა ლუკას. წამიერად მოხედა უკანა ხედვის სარკით სანდრაზე აკრულ ლაილას მისუსტებულ სხეულს.
-არა. არაფერი… არ შემხებია. -ისე თქვა, თითქოს მადლობა ჰქონდათ ამისთვის გადასახდელი.
-ჩემიდან რომ წახვედი, მაშინ შეგხვდა?
-ხო. არ მეგონა… თუ გაბედავდა. ივას სახლთან ვიყავი უკვე მისული. გამთიშეს…
Advertisements
REPORT THIS AD
გვარიანი ღამე იყო, ივა რომ მობრუნდა იფარში.
მარტო შეიყუჟა ლაილა თავის ოთახში, არავის უშვებდა, არავისთან საუბარი არ უნდოდა, ყველას თვალებში ჩახედვის ერიდებოდა.
იცოდა, როგორც ჩურჩულებდნენ მოტაცებულ ქალებზე ზურგსუკან. მობრუნებულებზე ხომ საერთოდ. თუ ვინმე სიტყვის თქმას ვერ გაუბედავდა პირში, ეს მხოლოდ ივას ხათრით.
ეზოში ისხდნენ ლუკა და სანდრა. ისე აუარა ივამ მათ გვერდი, თითქოს არც დაუნახავს რომელიმე.
ენიშნა ლუკას მეგობრის შეცვლილი მიხვრა-მოხვრა, რაშიც მისმა გადაყვლეფილმა ხელებმაც შეიტანეს თავისი წვლილი.
თვალი გააყოლა კაცს სანდრამ დაკვირვებით.
-ნეტავ ის ბიჭი რას შვრება…
-არ მოკლავდა, ნუ გეშინია. -ჩაიცინა და თამარას გამოტანილი ყინული ერთი ხელიდან მეორეზე მოინაცვლა ფილფანმა. -კაი ტიპია შენი ბოიფრენდი.
-შენ არამგონია სასაცილოდ გქონდეს საქმე. შენც მოგხედავს იმის მერე და ნახავ…
-ოხ, -წარბები აწკიპა ლუკამ და ისე მოათვალიერა სანდრა, თითქოს აქამდე ვერ შეაფასა ეს ქალი სწორად, -შენ რა ცოლივით „აპადეშკებ“ ჩემს ძმაკაცს? ეგ რომ იცოდეს, ამაღამვე დაიწერდა ჯვარს შენზე და შეუდგებოდა თავისნაირი ხისთავიანი სვანიონების შექმნის…
-გეყოფა უკვე! -ყინული ააცალა ხელებიდან გაცხარებულმა. -რას ჩააცივდი…
-მოვუყვები, როგორ მთხოვდი მისთვის დამერეკა… -წარბები აათამაშა გაიძვერულად, -არ გინდოდა რამე დაგემალა, ინფორმაცია არ გინდოდა გაცივებულიყო, სანამ ივამდე მივიდოდა… ვერი ერთგულ… თქვენს შორის რო ვდგები, მაგნიტებს შორის მოქცეული საწყალი ოცთეთრიანივით ვგრძნობ თავს… ზედმეტად…
-შენ რით გაიმართლებ თავს? რატომ არ დაგირეკე ეგრევე, როცა გავიგე ლაილა სად იყოო… რას ეტყვი? -სათამაშოსავით აათამაშა ყინულებიანი პარკი ხელში სანდრამ.
-ძაან არ გაიგოს, მე როდის გავიგე ლაილა სად იყო…
-რატომ გინდოდა მისწრება… -თვალები დააწვრილა ქალმა, -პირადად რატომ გინდოდა პასუხის გაცემა… იცოდი, ისიც იქ თუ იქნებოდა, შენ არ იქნებოდი პირველი რიგში, ვისაც იმ ბიჭისთვის პასუხის მოთხოვნის უფლება ექნებოდა. რატომ?
-აი, თურმე რატომ მეწვოდა მთელი გზა ყურები, -სიგარეტი დააძრო ჯიბიდან და თავმომწონედ გაირჭო ტუჩებს შორის, სანდრას მოხედა მერე უცნაურად აკიაფებული თვალებით. -გიჭორავიათ კარგად.
-თავს ნუ არიდებ შეკითხვას, ლუკა.
-კაი, მოდი, შევთანხმდეთ. -მოლაპარაკებისთვის შესაფერისი პოზა მიიღო ფილფანმა, -მე შენ გიპასუხებ კითხვაზე… შენ აღიარებ რო ივა გევასება.
-სიმართლეს გეტყვი. საღიარებელი არაფერი მაქვს.
-ჰო, მე მინდოდა მისწრება. ხელები მექავებოდა, -წინ აუფრიალა დაწითლებული თითები.
-ეგ ვიცი, მე გეკითხები – რატომ.
-იმიტომ და მოკვდა ბაზარი. -საპირისპირო მიმართულებით გაუშვა სიგარეტის კვამლი, -არ შეიძლება ხმამაღლა მაგის თქმა.
-ო, მაგაზე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ კარგი.
-მიდი, აღიარე… -ეტყობოდა კარგად ერთობოდა ამათი გაუმხელელი „რომანით“. -შენ გამო მაგარი დაბღვერილი იყო ეს დღეები.
-მე არაფერ შუაში ვარ,- ისეთი სახე ჰქონდა ქალს, თითქოს ძალიან არ ესიამოვნა ეს ამბავი.
-ეჭვიანია მაგარი, დომინანტი… პირველობა უყვარს… მარტო კუნთებზე კი ნუ უყურებ, სვანი რომ არის ნუ გავიწყდება.
-შენ არ ხარ სვანი?
-კი, მაგრამ ქალაქური ვერსია ვარ. -თვალი ჩაუკრა. -ეს ტრადიციულია.
-მაქეზებ?
-ხო, აი, მუღამი მაქვს, როგორზეც ამბობდა არასდროს შევიყვარებო, ეგეთზე რო ჭკუა დაკარგოს.
-ოხერი ხარ, გაიძვერა… -თავი გადააქნია სანდრამ, გაეღიმა მის ენთუზიაზმზე. უცნაური გრძნობა შეუჩნდა გულში, თითქოს ვიღაც ბუმბულით უღიტინებდა, არ ასვენებდა, არ აძლევდა სიმშვიდეს. -როგორზე ამბობდა არასდროს შევიყვარებო?
-აი, ქალაქელ ქალებზე იყო აცრილი. ქერებზე, პრანჭიებზე…
-სულელური სტანდარტებია. -თვალები აატრიალა უკმაყოფილოდ. -მე არ ვარ პრანჭია.
-ლამაზი ხარ, შენ ნელა სიარულიც თავის მოწონებაში გეთვლება, რას ვიზამთ, რთული ბედი გარგუნა განგებამ.
-და მე არ მეკითხები როგორები არ მომწონს? იქნებ ძალიანაც შეეფერება ჩემს გემოვნებას შენი ძმაკაცი.
-ოხ… თანამედროვე ხარ, თავისუფალი, დამოუკიდებელი… ამასთან კიდევ კომპრომისებზე მოგიწევს წასვლა, ყველა სეზონზე სოფელში სიარული პარიზის და კორსიკას ნაცვლად…
თვალები აატრიალა სანდრამ. მოუსვენარი პატარა ძმასავით იყო ეს ბიჭი. ესიამოვნა საერთო ენა რომ იპოვა მასთან, რომ დაუახლოვდა.
-მოდის უზენაესი, -თავი აიქნია სახლიდან გამომავალი ივასკენ.

დაღლილი ჩამოჯდა მათთან. წამიერად მიეხუჭა თვალები. უსიტყვოდ ადევნებდა სანდრა მის ყველა მოქმედებას თვალს. შეჭმუხნილ შუბლზე თავისი გრილი თითებით მიფერება მოუნდა, უნდოდა თავად ყოფილიყო მისი შვების მიზეზი, მაგრამ მოაგონდა მერე დილანდელი დიალოგი და ფეხზე წამოდგა.
ღიმილი შეიკავა ლუკამ.
-მიდიხარ? -ჰკითხა გამომწვევად, ივას გასაგონად.
-გვიანაა უკვე.
ზანტად გაახილა ივამ თვალები და ააყოლა ჩაწითლებული მზერა ქალს. გაამაყებულს, მისგან შორს თავდაჭერილს.
ფეხზე წამოდგა უხმოდ ივა.
-არ მინდა გაცილება. -წესიერად არც შეუხედავს, ისე გადადგა ნაბიჯები, მაგრამ ვინ უსმენდა.
-არ მიკითხავს.
ჩაიფხუკუნა ლუკამ და მალევე გაძვრა სახლისკენ.
ცალი ხელით გამოუღო ჭიშკარი და ისე დადგა, ზედმეტად ახლოს გასვლა რომ დასჭირვებოდა.
გაბრაზებულმა აუქცია გვერდი. თვალებით გაეღიმა მხოლოდ ხორგუანს. მშვიდად შეისუნთქა მისი თმისგან მონაბერი ჰაერი.
-დაღლილი ხარ, შედი სახლში.
-სანდრა!
-კარგი, ხო. -გულზე ხელები გადაიჯვარედინა, დაუჩქარა სიარულს.
ჭიშკრის გასაღებად გაწეულ ხელზე წაეტანა, არ დააცადა შესვლა ეზოში, მოაბრუნა თავისკენ.
-რა გინდა, ივა? -ოდნავ დაეტყო გაბრაზება ხმაზე ქალს.
-პატიება… -არ გაუშვა მაინც.
საკმარისად ბნელოდა უკვე იმისათვის, კარგად რომ შეებურა მათი სხეულების სიახლოვე ღამის სილურჯეს.
-რისთვის? -გული ყელში ამოუხტა ქალს. მაინც ექაჩებოდა უკან, თავისკენ.
-რომ გაწყენინე…
-არ მწყენია შენგან არაფერი.
-ხო? მომეჩვენა? -ოდნავ შეუშვა ხელები, მაგრამ არა ბოლომდე.
სიამოვნებდა მისი სიგრილის შეგრძნება დღევანდელი ჯოჯოხეთის ცეცხლის შემდეგ.
-ალბათ. ახლა იცოდე, რომ ეს სიახლოვე ჩემი სურვილით აღარ ხდება. -ძალიანაც ნაწყენი ჰქონდა ხმა.
-ჯირითი გინდა?
-გასულელდი? -თავი უკან გადაქინდრა ქალმა, რა დროს ეს იყო…
-გინდა?
-გესმის რას გელაპარაკები? გამიშვი. არ მინდა შენი ეჭვქვეშ დაყენებული სიახლოვე. ვიღაცაში გეშლები.
-შენ ვისში უნდა შემეშალო? -ხელები შეუშვა, ჭიშკარს მიეყრდნო მხრით და წამოადგა თავზე ქალს. -არაფერს ვაყენებ ეჭვქვეშ.
-ხო? არც ჩემს პატიოსნებას?
-სულელობ უკვე.
-არაფერიც. -კისერი წაიგრძელა ქალმა და შეაღო ჭიშკარი, -ზუსტად ამას ნიშნავდა შენი დღევნდელი სიტყვები – საქმრო გყავს და აქ სანამ მარტო ხარ სხვისით ერთობი.
-ჩემით რომ ერთობოდი ეგ არ მიფიქრია, იმით შეიძლება…
-თავხედობ!
-შენ რას იფიქრებდი? როგორ იგრძნობდი თავს… აი, ახლა ქალი რომ მომადგეს და მკითხოს ეს ვინ არის, მე ვარ შენი საცოლეო.
-მარტო დაგტოვებდი იმ ქალთან და მერე პასუხს მოგთხოვდი.
-ანუ დაიჯერებდი…
-შენი მხრიდან სხვაა, ივა!
-იგივეა, -ყელზე ჩამოვარდნილ ოქროსფერ კულულზე წაეთამაშა და გაუსწორა დაღლილი თვალები, -არანაირი დასკვნა არ გამომიტანია, გელოდებოდი შენ როდის ახსნიდი იმას, რაც აღარ მინდა რომ ოდესმე მოხდეს კიდევ.
-ხომ აგიხსენი გასაგებად!
-გავიგე, -ოდნავ დაიხარა მისკენ და თმა გადაუწია მოღეღილ ყელთან. ტუჩებით გაედო რბილ, ოქროსფერ კანზე. აკოცა მოწყვეტით და შემდეგ ისე ჩამოაფარა თმა, თითქოს დანაშაულის კვალი დაფარა. -იმ გაიძვერა ბავშვს ნუ აყვები, შეკრულია ჟუჟასთან და თამარასთან…
ლოყაზე აკოცა შემდეგ და ნელა გაბრუნდა სახლისკენ…
*
თვალი ვერ მოხუჭა იმ ღამით ვერც ლუკამ და ვერც იმან, ლუკას ვის გამოც დაექაჩა თვალები და ფიქრების იმ ნავში ჩამჯდარიყო ნიჩბების გარეშე, რომელმაც არც კი იცის საით აიღოს გეზი უნაპირო ოკეანეში.
წამოდგა საწოლზე ტანსაცმლით გულაღმა გადაწოლილი და გახედა ლაილას ფანჯარას.
ნელა ჩავიდა ეზოში სიგარეტის მოსაწევად. ივას ნაგაზები თვლემდნენ მშვიდად, ერთი შემოხედეს თავიანთი ეზოს ხიზანს და გააგრძელეს უშფოთველი ძილი.
პატარა კენჭი აიღო, ხელში შეათამაშა. საკუთარ თავზე ჩაეღიმა, პატარა ბავშვივით რომ იქცეოდა, ვინმეს რომ შეემჩნია, იმ კენჭივით მოისროდნენ ალბათ ამ სახლიდან, მაგრამ მაინც გაარტყა ლაილას ფანჯარას.
მეორეჯერ… მესამედაც და შეირხა ფარდა და თმაგაშლილი სილუეტიც მის მიღმა.
გულისფანცქალით გადმოხედა ლაილამ ეზოში თეძოებზე ხელებშემოწყობილ ლუკა ფილფანს, თავი რომ გვერდზე გადაეხარა და მთვარის შუქი უნათებდა ღიმილს სახეზე.
არ გადაუწევია ფარდა. ხელით ანიშნა ჩამოდიო ჩემთან.
საწოლზე ჩამოჯდა ლაილა. თვალებიდან არასოდეს ამოუვიდოდა ალბათ დღევანდელი ფილფანი. მუდამ მშვიდსა და აუღელვებელს ხელების ასე დაუნდობლად ქნევა თუ შეეძლო, ვერც დაიჯერებდა ვერასდოდეს საკუთარი თვალით რომ არ დაენახა ნიგურიანის სისხლი იმის ხელებზე.
თბილი მოსაცმელი შემოიხურა პერანგზე და მხოლოდ მაშინ გაიაზრა რას აკეთებდა, როდესაც მთის მონაბერმა სუსხმა შეაფხიზლა, შიშველ წვივებზე ეკლებივით წაჩხვლიტა მკბენარა ჰაერმა.
ნელა მიუახლოვდა ღობესთან ჩამომდგარს. ასე შედგა მათი პირველი შეხვედრაც. გაეღიმა მსუბუქად ლუკას. თითქოს ორივეს ერთი და იგივე მოგონება ამოუტივტივდათ ტუჩის ნაპირებზე.
-გადაგედო რეისი… -გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
-რომ არ დამემშვიდობე, მაგის ბრალია. -ყველგან მოატარა თავისი თვალები ლუკამ. ყველგან მიაღწია, სადამდეც სავსე მთვარე უნათებდა გზას.
-მეძინა, ვერ გავიგე, როდის წახვედით.
-სანდრასთან საჭორაოდ ხომ წამოხტი სამაგიეროდ, -უფრო ფართოდ გაეღიმა გოგონას გაფართოებულ თვალებზე. -არ მოუყოლია არაფერი, ნუ ღელავ.
-არც არაფერია მოსაყოლი. -ხმა ჩასწყდომოდა ყვირილისგან, ფილფანის გულის ყველა მგრძნობიარე ნაწილს ეკალივით მოედო ლაილას ნაზი ხმის წასვლის ყველა მიზეზი. -რატომ დაარტყი?
-ახლა იმის დაცვა და შეცოდება არ დაიწყო როგორმე… -ისე გაეყინა ბგერები, თითქოს აგვისტოს ბოლო დღეებს არ ითვლიდეს ზაფხული. -ვერ შეიგნო ხისთავიანმა ადამიანური ლაპარაკი, ხოდა, მიიღო თავის ენაზე. მოგეკარა?
-არა, -ისე შეიცხადა ლაილამ, უკანაც კი გადადგა ნაბიჯი. -არ… არ შემხებია საერთოდ.
-აბა მანქანაში შენით ჩაუჯექი?
-რა კითხვებს მისვამ? -წარბები შეყარა, გაბრაზდა ძალიან, -ის სულელები გადმოვიდნენ და რაღაც ამაფარეს…
არაფერი უთქვამს ლუკას პასუხად.
-აქ რას ამბობდნენ… სოფელში… დედა არ მეუბნება არაფერს, -მიუახლოვდა პატარა ბავშვივით, რომელსაც ძალიან უნდა გაიგოს რაზე საუბრობენ უფროსები.
-მოდი ახლოს და გეტყვი. -ორი თითით მიანიშნა თავისკენ, გაეღიმა ეშმაკურად.
-ახლოს ვარ. -ოდნავ მიიწია კიდევ ლაილა.
-მოდი, მოდი…
-კარგი, რა… -გული მოუვიდა ქალს, მაგრად შემოიჭირა ტანზე მოსაცმელი. -მე მართლა გეკითხები.
-ვის რა უნდა ეთქვა, გოგო… ყველა შენ გეძებდა და იმას ყველა გასალახად ემუქრებოდა. თავისი მშობლებიც საშინელ დღეში ჩაყარა.
-დედამისი გამწარდებოდა განსაკუთრებით, -ტუჩის კუთხე მოებრიცა ბრაზით ლაილას, -არ მოვწონვარ. მე მაბრალებს მაგისი შვილი რომ შეშლილია და შეუგნებელი. ახლა უარესად გადამეკიდება, რომ სცემეთ. თვითონაც მოიტაცა თავისმა ქმარმა, შვილს იგივეს გაკეთების უფლება როგორ მისცა…
-თვითონაც არა რა, ჯერ ეს ერთიც. -მეტისმეტად გარკვევით გამოკვეთა ის ერთი აბეზარი ასო ლუკამ, გაღიზიანდა. -შენ არავის ცოლი არ ხარ ჯერ.
-კარგი, შედი სახლში. ხვალ ადრე უნდა ადგე…
-რაღაცას გეტყვი და შევალ მერე, -ორივე ხელით ჩამოეყრდნო ღობეს, -მოიწი ჯერ…
-ასე მითხარი.
-ავუწევ ახლა ხმას და მთელი შენი საგვარეულო გამოიწევს ჩემკენ, იცოდე. მოდი, ჩუმად უნდა გითხრა.
ძლივს გადადგა ლაილამ ნაბიჯი წინ. მუხლები უსუსტდებოდა. დღეს იმდენი გადაიტანა აღარ ჰქონდა არავისთან წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. მასთან მითუმეტეს, ისე უყურებდა მაცდურად და ისეთი თბილი ჰქონდა თვალები ამავდროულად, ყველა ყინული იწყებდა ლღვობას… ძალიან მოუნდა მოხვეოდა და მოახრჩო ცრემლებმა ამ სურვილის გაფიქრებისასაც კი.
მიიწია ისე ახლოს, რომ მის სუნთქვას გრძნობდა საკუთარ გაყინულ, ცრემლებით დაჭირხლულ კანზე. თბილი სუნთქვა ჰქონდა, სურნელოვანი… ლაილას საერთოდ დაავიწყდა როგორ მუშაობდა ფილტვები.
-კიდე ვინმე თუ მოგეკარება, უთხარი, შეგჭამსო ლუკა..
-ოო… -გული დასწყდა, ისე რომ მოემზადა და ასეთი სასაცილო მუქარა მიიღო მისგან ამოუცნობი პირების მისამართით.
-არა, მთავარი არ მითქვამს, -კიდევ მიანიშნა თითებით მოდი და ისე წაიგრძელა კისერი, რომ ნახევრად მის ეზოში იყო უკვე.
ყურთან მიუტანა ტუჩები, თითქოს მართლა უნდოდა რამის თქმა და მოწყვეტით აკოცა ლოყაზე. მაშივე გაუხტა ლაილა. დაქაჩული თვალებით მიაჩერდა თავხედს, რომელიც უღიმოდა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი, საკოცნელად რომ შეიტყუა თავისთან.
-გააფრინე? -ფანჯრებს ისე ახედა ლაილამ, გადაამოწმა, ხომ არ უყურებდათ ვინმე. გული ყელში კი არა, სადღაც უშბის მწვერვალებზე გადაუხტა საგულიდან. აუხურდა ლოყები.
-შენ არ მაკოცებ? ხვალაც რომ ჩაგეძინოს და ვერ დამემშვიდობო… -ლოყა მიუშვირა თვითონაც ეშმაკურად მომღიმარმა.
-არა. -სახსრების დათეთრებამდე მომუშტა თითები მღელვარებისგან გოგონამ. -მატყუარა ხარ…
-უწყინარ ტყუილებს რა უშავს?
-რა არის უწყინარი, მაკოცე! -ლოყისკენ ისე გაიშვირა ლაილამ ხელი, თითქოს შეახსენა კარგად, რაც გააკეთა.
-ტუჩებში რომ გაკოცებ მერე გამიბრაზდი ეგრე. რა იყო, გოგო, არავის უკოცნია?
-არა! თავხედო, -უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი განრისხებულმა, გაიძვერული მზერა გააყოლა მის მოშიშვლებულ ფეხებს ლუკამ, ჩაუკრა თვალი უარესად რომ გაემწარებინა, -გეთქვა რასაც აპირებდი!
-სულ შენი ნებით ჩამეკონებოდი ხომ? -ღიმილით მოსცილდა ღობეს თვითონაც.
-ჩუმად! -ტუჩებზე თვითონ აიფარა ხელები ლაილამ, -მოშორდი!
აჩქარებული ნაბიჯებითა და კიდევ უფრო აჩქარებული გულით შევარდა თვითონ თავის ოთახში. თავით დაემხო საწოლზე და ისეთი ბედნიერი ჩაეხუტა იმ ბალიშს, ცრემლებით რომ დაასველა, თითქოს ამ საღამოს გარდა არც უარსებია არცერთ სხვა საღამოს და არცერთ სხვა დღეს მის ცხოვრებაში.
-რას აკეთებ, ბიჭო, რას… -საკუთარ თავს ებუტბუტებოდა ლუკა, დასაძინებლად როცა ემზადებოდა. -დებილო, დეგენერატო…
იფარის აღმართის ბოლოს დედის საფლავზე დატოვებული კესანეები შრიალებდნენ ისე, თითქოს სული მოუბერაო ვინმე ცოცხალმა…
თავი მეექვსე
„დედაშენი არის ღმერთი“
ვერ მოისვენა მაინც ნიკო ბურდულმა, სამართლის ძებნაში თავ და მოთმინებადაკარგულმა. მთელმა ქალაქმაც გაიგო მისი სახელი. გასკდა და გასცდა თბილისურ პატარა ეზოს დაუნდობლად მოკლული გივიკო ბურდულის უღმერთოდ ტრაგიული ამბავიც.
-აიჭრა, ვსო, -გვერდზე მიაგდო ტელეფონი ლუკამ და მოისრისა მგზავრობით დაღლილი სახე.
უკვე თბილისში იყო, თითქმის არავინ იცოდა მისი ქარცეცხლში საკუთარი ნებით დაბრუნების ამბავი. იმ ქარცეცხლში, რომელსაც თვითონაც შეუკეთა და შეუბერა სული კარგად რომ წაკიდებოდათ სიმართლის ნაფოტებს და ფერფლად ქცეულიყვნენ საბოლოოდ.
-ერთი დღეც არ დამაცადა.
ჩუმად იჯდა ივა. სავარძლის საზურგეზე მიესვენებინა თავი და თითქოს არც უსმენდა მეგობრის ბუტბუტს.
-რთულია მოთმენა ასეთ დროს. -ხმადაბლა წაილაპარაკა თავისთვის.
კარზე დაზარუნების გარეშე შემოვარდა სახლში აკო წერეთელი. მიაჯახუნა მერე გემრიელად და გადაკეტა ურდულით.
თან ღიღინებდა რაღაცაც, ალბათ – „სულიკოს“, მაგრამ რთული იყო გამორჩევა, მას ხომ სიმღერის ნიჭი არ ჰქონდა.
-სალამი ბიჭებს, -მაგრად შემოეხვია მეგობარს და იქვე ჩაეშვა სავარძელში სულის მოსათქმელად, -ისე ცხელა, ისე ცხელა… პაჟარი წაგვიკიდა ამ ბურდლმა მოკლედ. შენი და თიკას ამბავი ოცთეთრიანი ბუშტივით არი გამსკდარი.
-ოხ, რა! ოხ! -უკმაყოფილოდ დაებრიცა ტუჩები ფილფანს. -დავურეკოთ მოვიდეს ერთი.
-რა გეგმა გაქვს? -თვალები გაახილა ივამ.
-სტრატეგიული უკანდახევა, არა? სხვა გამოსავალს მე პირადად ვერ ვხედავ, ძმაკუშ, -ლუკას გაუსწორა თვალები წერეთელმა, -შენ იტყვი, რომ ცერცვაძემ, ჟღენტმა და შონიამ უდანაშაულო ბიჭის სიცოცხლე კისერზე გაიდეს და ახლა უშფოთველად უნდათ ცხოვრების გაგრძელება და საქმის ისე შეკერვა, რო ვაბშე სხვა ტიპებმა აიღონ თავზე დანაშაული…
-სად აქვთ მაგათ მაგის ? საიდან უნდა მოიტანოს რომელიმემ იმდენი ფული, რო ვინმეს მაგათ ნაცვლად ციხეში ჩაჯდომა და მკვლელის იარლიყის მიკერება უღირდეს.
-ერეკლიკო რისთვისაა მერე?
- უნდა გაანძრიო, -პირდაპირ მიმართა ფილფანს ივამ, -რასაც შენ აკეთებ უკვე თავის გამართლების ყველანაირ მიზეზს გიკარგავს. ბურდული ამოქმედდა და ვერ ვიტყვი, რო უსამართლოდ. მამაშენი შენს გათრევასაც ცდილობს აქედან და საკუთარი თავისაც, მაგრამ აღარ გამოსდის სუფთად და იმათაც მოათრევს, ვინც შენ ჯიბეზე მამაშენის ჯიბრის გამო გამოიკერე. ადექი ახლა და აგე პასუხი.
-ხო, მეც რაღაც ასეთის თქმა მინდოდა, ოღონდ ცოტა უფრო რბილად. -შეიშმუშნა აკო. -ისე უნდა გააკეთო, რო შენც არ შემოგტენონ ეგ ამბავი…
კარზე ზარია, შემდეგ შეუჩერებელი ბრახუნი, შემდეგ კი შეუჩერებელი ზარუნი.
-მოვიდა ქარიშხალა, -ღრმად ამოისუნთქა აკომ და თვითონ წავიდა კარების გასაღებად, -გოგო, ჩვენ აქ კაცს ვმალავთ და შენ რატო შეყარე მთელი ნახალოვკა-პლეხანოვი-თემქის კასტა?
-სად არის ერთი? დამენახოს!
სწრაფი ნაბიჯებით შემოიჭრა ოთახში გაწიწმატებული გოგო, იქნებოდა ასე ოცდაოთხიოდე წლის, ლამაზი პირი-სახის, თუმცა იმდენად განრისხებული, რომ ვეღარ ეტეოდა იმ თავის მშვენიერ კანში.
-გვიკადრე? -წარბებშეყრილი მიაჩერდა ბავშვობის მეგობარს, რაღაც ფლაკონი მიაჩეჩა ხელში.
-ეს რა არი, გოგო? -მოჭმუხნული წარბით დახედა ჯერ ფლაკონს და მერე მონატრებულ მეგობარს, რომელმაც აიცილა მისი ჩასახუტებლად გაწეული მკლავი.
-დე-ვიტამინი, ჩახეთქე! დაგაკლდებოდა, სანამ იმალებოდი.
-შენც მე მერჩი, თეთე? არ გრცხვენია? -ღიმილით გადადო ფლაკონი გვერდზე და ბარის მაღალ სკამზე ჩამოჯდა. ივასკენ გამოაპარა თვალი, რომელიც ტელეფონში ჩაჰყურებდა რაღაცას ყურადღებით და არც კი ესმოდა მათი საუბარი.
-შენ თვითონ თუ არ გრცხვენია! -ცრემლებით ამოევსო თვალები ქალს, -გული მიკვდება იმ ბურდულს რომ ვუყურებ!
-სად უყურებ, გოგო, შენ ბურდულს? ან რატო? -წარბები შეყარა აკომ.
-თვალებში! იქ, სადაც ვერ შეხედავს ეს ვერასდროს, სიცოცხლე რომ გაუმწარა შვილმკვდარ ქალს, თავის შვილს რომ ვეღარ ხედავს და ვერც მის მკვლელებს ციხეში…
-შენ ბურდულთან ახლოს რა პონტში გაიარე…
-ამას აქვს ახლა მნიშვნელობა შენთვის, აკაკი? -მრისხანედ გახედა მეორე მეგობარს, -გივიკოს დას ველაპარაკე. არ მოისვენებს ის, სანამ ციხეში არ ჩაყრის იმ ხალხს. ჩაყვება ალბათ საფლავში იმ ბავშვს და გვიანი იქნება მერე შენი სინანულიც და სიმართლეც. დაურეკე ერეკლეს, ახლავე შეწყვიტოს ხალხის მოსყიდვა და გაამხილოს იმ… იმ… უღმერთოების სამალავები.
-არ არი ეგრე მარტივად.
-მარტივია. სიმართლე იცი? თქვი! -ივასაც გახედა თეთემ გაფართოებული თვალებით, ხომ მეთანხმებიო.
-მე რომ სიმართლეს ვიტყვი ასეთი რაღაც მოხდება, -წინ ჩამოუჯდა გოგონას ლუკა, -ეგ ტიპები ადგებიან და ნინოს სიცოცხლეს გამოასალმებენ. ხო იცი ნინო? დედაჩემი. ახლა წარმოიდგინე დედის შუბლზე წითელი წერტილი. მარტივად იტყვი სიმართლეს?
-ნინო ცოტა ხნით უნდა გაარიდოს მამაშენმა აქაურობას, -სიგარეტის მოსაწევად წამოდგა ივა. -თავიდანვე ასე იქნებოდა სწორი. ვერ ხვდებით, რო უპირატესობა გაქვთ? ხელში უჭირავს ერეკლეს ეგ ტიპები და რისი ეშინია? იმ სახელის შენარჩუნების, რომელიც მისი საერთოდ არ არის?
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. თეთე და აკო უხერხულად დააჩერდნენ იატაკს. თვითონ ვერასდროს შეძლებდნენ ხმამაღლა ეთქვათ ეს სიტყვები ლუკასთვის – სიმართლის მწარე გემოში ამოვლებული სიტყვები.
-დაურეკეთ ერთი იმ ბურდულს და მოვიდეს. -დაუმატა სიმშვიდეს თავისი სიტყვები ივამ.
-არ მაქ ნომერი. -უღონოდ ჩაესვენა სავარძელში ლუკა.
რატომღაც ყველამ თეთეს გახედა, რომელსაც მაშინვე აუწითლა სირცხვილმა ლოყები.
-მაგარი სალაპარაკო გვაქ მე და შენ, -ამოიბურტყუნა აკომ, -მიდი, დაურეკე…
*
აბრჭყვიალებულ, ხმაურიან ქალაქს გაჰყურებდა ივა აივნიდან. იდაყვებით ეყრდნობოდა მოაჯირს და მშვიდად სუნთქავდა სიგრილეშეპარულ ჰაერს.
დაისი ჩაწვა ერთმანეთზე მიწებებულ კორპუსებს შორის. ლამაზი იყო ეს სანახაობაც, მაგრამ არაფრით შეედრებოდა დაისს კავკასიონზე, იქაურ სიმშვიდესა და თავისუფლებას, რომელსაც მზის ყოველ ამოსვლასა და ჩასვლაში ეტყობოდა მთების ხელწერა…
მათ ეზოში შემოვიდა ნაჩქარევად ნიკო ბურდულის მანქანა. გადმოვიდა აჩქარებით. მარტო იყო. მაღლა არ ამოუხედავს, ისე შემოვიდა სადარბაზოში.
თვითონაც შიგნით შევიდა ხორგუანი.
-მოვიდა. მარტოა.
თითქოს ყველაფერს ამბობდა ეს სიტყვა ამ ადამიანზე. სუნთქვა შეეკრა თეთეს, დაუნაღვლიანდა მზერა.
-მე ვუთხარი, -ხმა ჩაუწყდა, როცა თავის „დანაშაულს“ ამხელდა, ძლივს გაუსწორა ლუკას თვალები, -მე ვუთხარი, სადაც იყავი.
-ვა, ყოჩაღ! აი, რა ვიცი, ბრავო! შენი მეგობრის სამალავი გაუმხილე კაცს, რომელიც მოსაკლავად დასდევს. დანაც შენ ხო არ აულესე შემთხვევით, თეონა?
-არაფერი მოსაკლავად არ დასდევს, -ცივად გაუსწორა მზერა აკოს.
-ა, შენი ხათრით დაინდობს?
-კი, დაინდობს. და ამას არავის ხათრით არ გააკეთებს. ისე… ისე აპირებდა თიკასთან მისვლას, მარტო აპირებდა ბრძოლას და მე ვუთხარი, რომ ლუკა… -თვალები გაუსწორა ფილფანს, -ჩემი მეგობარი არ იყო ის ადამიანი, რომელიც სიმართლეს უმიზეზოდ დამალავდა… ასე უბრალოდ არ დაიკიდებდა ფეხებზე ჩემი მეგობარი უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლეს. ვიცნობ ნატუკას, ნიკოს ბიძაშვილს. თვითონ ნიკოც ჩემს უნივერსიტეტში სწავლობდა… რო გავიგე ნატუკასგან, რასაც აპირებდა, მივედი და ყველაფერი მოვუყევი.
სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. კაბის ბოლოს აწვალებდა თეთე აბაშიძე.
-გახსოვს ჩვენი მეზობლების ეზოში ისამნის ყვავილები რომ მოიპარე? დედას დაბადების დღე ჰქონდა, მე კიდევ მთელი ჩემი დანაზოგი სკოლის საზიზღრებმა წამართვეს. შენ პასუხის მოსათხოვად მიხვედი, -ლუკას გაეღიმა, – ეგ ფული მაგ გოგოს დედისთვის ყვავილების საყიდლად უნდოდაო. მაშინ მაგრად მოგხვდა, ბევრნი იყვნენ, შენ შეგეშინდა და დირექტორთან ვერაფერი თქვი. სახლში ერთად მივდიოდით, სულ შემოხეული ჰქონდა ტანზე ახალი ტანსაცმელი. მეც ვტიროდი გაუჩერებლად ხან უსაჩუქრო დედაჩემის დაბადების დღეს, ხან ლუის, რომელსაც ახალი პერანგი დაუხიეს ჩემ გამო. მაშინ შენი ჩანთა ხელში დამაკავე, თვითონ მეზობლების იტალიურ ეზოში შეიპარე, სადაც უზარმაზარი იასამნის ხეები ხარობდა. მთელს ქუჩაზე იდგა იმათი სურნელი, მაგრამ მიკარებას ვერავინ ბედავდა, ისეთი დარაჯი ჰყავდა იმ ეზოს. ტოტები სულ დაატეხა და გამოიჭირეს კიდეც, ცოცხით გამოეკიდა მოხუცი ლამარა სერგეევნა. ეს კიდევ გახსნილი თასმებით მორბოდა და მე მეშინოდა… არ წაქცეულიყო. მე ორი ჩანთით გავრბოდი, ლუკა იასამნებით მორბოდა ჩემ გვერდით…
-ასე დეტალურად საერთოდ არ მახსოვს ეგ ამბავი, -გაეღიმა ფილფანს. ივაც ჩუმად და ყურადღებით უსმენდა აკანკალებული ხმით ნაამბობ ბავშვობის მოგონებას, რომელიც ვინ იცის, რამდენი გზას აცდენილი ადამიანისთვის გახდა სწორ ბილიკზე გადამისამართების მიზეზი.
-მარტო ის მახსოვს, როგორ მწყევლიდა ლამარა სერგეევნა რუსულად და გულს იმით ვიმშვიდებდი, რო მისი წყევლა არ მომივიდოდა, იმიტო რო რუსული არ ვიცოდი და კარგად არ მესმოდა, რას ამბობდა…
მძიმედ შემოვიდა ოთახში ნიკო ბურდული.
ამჟავებული სიმართლის სუნი დადგა ლუკას სახლში.
შავი ტანსაცმელი ემოსა ბურდულს მაღალ სხეულზე. უძილობას ამოეღამებინა მისი კუნაპეტივით შავი თვალები. მზერა მოარიდა მას თეთემ. სუნთქვა შეეკრა.
-დაგაგვიანდა. -ლუკას უთხრა და ჩამოჯდა იმ სავარძლის მეორე მხარეს, სადაც ოთახში მისი არსებობით დაძაბული ქალი იჯდა. ივას გაუსწორა მზერა. -რა გინდა, აბა… თუ სიმართლის თქმას არ აპირებ და ტყუილად დამიბარე აქ…
-შენი გეგმა რა არის? -წინ დაუჯდა ივაც. -სიმართლემდე მისასვლელი შენი გზის მარშრუტი გვაინტერესებს.
-თქვენი არასწორი გზიდან რომ გადმოუხვიოთ? -ტუჩი ირონიულად აეპრიხა ბურდულს. -ყველაფერს გამოვააშკარავებ, რაც იმალება. ვინც იმალება. ვინც მალავს და ვინც ხმას არ იღებს იმათი ჩათვლით.
-სიტყვა „სიმართლის“ დამთავრებას ვერ მოასწრებ, ისე გაგიხვრეტენ შუბლს. ოღონდ არ გეგონოს, პირველს გაგიშვებენ აქედან. -თეთესკენ გაექცა ცივი მზერა ლუკას რატომღაც, სახე დაუბუჟდა ბურდულს, იმ მზერის მნიშვნელობა რომ ამოხსნა მისმა გამოთიშულმა გონებამ, -ყველას გაისტუმრებენ შენამდე, მარტო დაგტოვებენ, ფეხი რომ აგერიოს მაგ შენს სწორ გზაზე. ახლა არ ადგე და არ მითხრა, რო მშიშარა ვარ. ვარ, ხო… მარტო იმის მრცხვენია, რაც მაგ შიშმა არასწორად გამაკეთებინა, თვითონ შიშის არა. ომი წამოიწყე. იმათ ვეღარც მამაჩემის ფულები გააჩერებს და ვეღარც მოსყიდული სასამართლო.
-გეგმა გქონდა რამე და ჩაგიშალე? -სიმწრით ჩაეცინა ბურდულს, -არ ვნანობ.
-სულელი ხარ, თუ არ გეშინია. -გააწყვეტინა ფილფანმა. აეშალა სახე ბრაზით.
-მეშინია რომელია. მაგრამ შენსავით არ ვაძლევ შიშს ჩემი კონტროლის უფლებას. რამე გეგმა გქონდა-მეთქი? -ხმა გაუმკაცრდა ნიკოს. გაეყინა ის მხარე თეთეს, სადაც ნიკო იჯდა. -რისთვის დამიბარე აქ, სალაქლაქოდ? მე შენ ერთი შანსი მოგეცი. დაგითმე. იცი რამდენი დამიჯდა ყველა ხმაამოუღებელი საათი? ვერ იყიდის მაგ ჩემს სიჩუმეს მამაშენის ფულები.
-დედაჩემს და შენი ოჯახის წევრებს დაცვას დავუყენებთ.
-არ მჭირდება შენი დაცვა.
-დაუჯერე, -ხმა ამოიღო ივამ. -გჭირდება.
-ყველაფერი ისე უნდა ჩანდეს, რო მე შენს მხარეს არ ვიბრძვი, ნიკო.
-იბრძვი? -ხმამაღლა გაეცინა ბურდულს, -შენ? ჩემს მხარეს? შენ ჩემ მხარეს კი არა, საერთოდ არ იბრძვი, ლუკა.
-ჩათვალე შენი მუქარა არ მახსოვს, -ხმა გაუმკაცრდა ფილფანს, წინ გადმოიხარა მისკენ.
სახე დაეჭიმა თეთეს, გაკვირვებით მოხედა კაცს, რომელიც კარგად ამჩენვდა მის ყველა ემოციას.
-ისიც მაგრად უკვე, რაც თიკაზე გასკდა. მთავარია კიდე ერთი უდანაშაულო ადამიანი არ შეეწიროს ამ ამბავს და სიმართლე გითხრა, არც დამნაშავე მინდა შემომაკვდეს.
-რატო, არ გინდა ძველი ურთიერთობის გაფუჭება ძმაკაცებთან?
-ჩემი ყველა მეგობარი აქ არი. ისინი ვინც არიან, მაგას დრო და სამართალი დაარქმევს თავის სახელს. შენ რატო არ მოკალი? მარტივია – არ გინდა მკვლელი იყო. ეგ ხო იმას არ ნიშნავს, რო სისხლი არ გწყურია არავისი. მერქვას ამ საქმეში გაქცეულიც, დამალულიც და შეშინებულიც, მე ხო ვიცი, რო დედაჩემის სიცოცხლის სახელი ჰქვია ჩემს გაქცევას, დამალვასაც და შიშსაც? და მარტო დედაჩემის არა. შენი მეორე ბიძაშვილი, გივიკოს და – ნატუკა, ხმაურობს ისიც შენსავით. რა გგონია, არავის ესმოდა მაგისი ხმა?
-ნატუკა რა შუაშია, -სახე შეეშალა ნიკოს.
-რა იყო, შეგეშინდა? მოდი, ჯერ ორი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების შანსი დადე სასწორის ერთ მხარეს და მერე ვნახავ რითი ეცდები მაგის გადაწონვას. ყველგან დაყვებოდნენ ნატუკას, ყველგან უყურებდნენ. ზოგი მარტო იმიტო იმალება, რო სიბნელეში დაგესხას თავს. ჩემზე კარგად არავინ იცის აქ, ვინ არის მამაჩემი, მაგრამ მარტო ჩემი სიცოცხლე არ უყიდია იმას მკვლელების გაჩუმებით, ნატუკას სიცოცხლეც იყიდა. კიდე გაქ კითხვები ჩემთან? კიდე გაინტერესებს ვის მხარეს ვარ, თუ აგენთო თავში ნათურა?
-ახლა რა იქნება… -ხმადაბლა იკითხა ქალმა. ირიბად შეავლო თვალი მამაკაცის დაძაბულ სხეულს მის გვერდით.
-შენ სახლში წაბრძანდები, -მას მიმართა ფილფანმა მთელი სიმკაცრით, -არ დაგინახო ჩაერიო ამ ამბებში. სანერვიულოს ნუ დამიმატებ. ნუ პრინციპში – ნუ დაგვიმატებ.
ცისფერი თვალები დაქაჩა გაოგნებულმა აბაშიძემ. რა საჭირო იყო ეს მრავლობითი რიცხვი.
-გვინდა თუ არ გვინდა, მამაჩემთან მოგვიწევს დალაპარაკება. ვიცი, რო „ბუაა“ და ასე შემდეგ, მაგრამ იცის სად არიან, ვისთან არიან, ვინ არის მაგათ მხარეს და მსგავსი მნიშვნელოვანი დეტალები.
*
ნაშუაღამევს დააპირეს დაშლა.
-გაგიყვან, -თეოსთან ერთად წამოდგა ნიკოც.
ერთმანეთში გაცვალეს მზერები მეგობრებმა. აკოს ჩარევა უნდოდა, მაგრამ ლუკას დაქაჩულ თვალებზე გულმოსული ჩაეხეთქა სავარძელში.
-კარგი. -არც მან გაუწია წინააღმდეგობა.
-ვის გაატანე ახლა ბავშვი, -ნერვები აეშალა წერეთელს.
-ბავშვი არაა, ქალია უკვე. -ფარდა გადასწია ლუკამ ფანჯრიდან, ბოლო ღერი ამოაძვრინა სიგარეტის კოლოფიდან, -უნდა შევეშვა რა მოწევას…
ფანჯრიდან გადახედა ეზოში გასულ წყვილს, შესაშური დისტანცია რომ ეკავათ სხეულებს შორის.
ხმადაბლა სუნთქავდა ქალი. რაღაც უცნაური სურნელება ასდიოდა ნიკოს სიახლოვეს ყველაფერს. შემოდგომის ის საღამო მოაგონდა, როცა პირველად შეხვდა, პირველად გაუსწორა თვალები და შეიცვალა მაშინ სამუდამოდ რაღაც ისეთი მის გულში, რაც ვეღარასოდეს დაუბრუნდებოდა პირვენდელ სახეს. თეთეს გულმა იგრძნო ნიკოს სიყვარული.
ნელა და მშვიდად გავიდა ეზოდან ბურდულის მანქანა. შავი ღრუბლები შემოეცალა თვალებიდან. იმედი იგრძნო.
-რაზე ფიქრობ? -გვერდულად გადმოხედა ქალს. იმდენი ხანია არ გაუღიმია, ასე ეგონა ყველას ესმოდა დაჭიმული კანის ხმაური. -რატომ მეხმარები…
-იმიტომ რომ შემიძლია დახმარება. -ფანჯარა ჩამოსწია თეთემ. -ლუკა ძალიან კარგი ადამიანია. იმედებს არ გაგიცრუებს. დაგეხმარება.
-რა უნდოდა კაცის მკვლელებთან, თუ ასეთი კარგია? მეორე ნაწილი მესმის – შეეშინდა საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო, მაგრამ მანამდე? როგორ შეიძლება შენთანაც მეგობრობდეს და იმათთანაც?
-არასდროს მეგობრობდა მათთან ლუკა, ნიკო. ერეკლეს… ერეკლეს არ მოსწონდა იმათთან რომ ჰქონდა კავშირი, ხულიგნების სიაში რომ ეწერებოდა თავისი შვილი, რომელიც ძალიან უნდოდა რო საამაყო ყოფილიყო, რომელიც მართლა იყო საამაყო ბავშვი მთელს სკოლაში. ლუკას არასოდეს ეცინებოდა ჩემს არეულ ენაზე, სწორად მეტყველება მიჭირდა… პირიქით – სულ მასწავლიდა როგორ წარმომეთქვა გ, ქ, კ ისე, რომ „გამარჯობის“ თქმისას ხალხს არ დაეცინა. ერეკლეს მისი არაფერი მოსწონდა მაინც. დატანჯა ბავშვი, თავისი ყველა უბედურების სათავედ მიაჩნდა მისი ბედნიერი მომავლის დასაწყისი. ხოდა, ნელ-ნელა ლუკამაც მიზეზების მიცემა დაიწყო ერეკლესთვის. მერე მართლა აშავებდა, მერე მართლა ცუდად იქცეოდა. მერე გაიგო, რომ თურმე ჰყავდა სხვა დედა და დედის მხრიდან ნათესავები, რომლებსაც არც კი უნდოდათ მისი გაცნობა, მასთან სიახლოვე, იმ სიყვარულის განაწილება, რასაც მხოლოდ დედინაცვალი – ნინო აძლევდა. ნინოზე გიჟდება. მის გამო ყველაფერს გააკეთებს. ყველასთვის ყველაფერს გააკეთებს, ვინც ოდნავ სითბოს და სიყვარულს დაანახებს, -ოდნავ გაეღიმა. -იმიტომ რომ.. განსაკუთრებულად აფასებს იმას, რაც ყოველთვის უნდოდა, რომ ჰქონოდა. გვერდში დაგიდგება და მარტო ჩემ გამო არა.
-მე მარტო შენ გამო მოვუთმინე, მარტო შენ გამო მოვუსმინე, თეთე.
ცეცხლის ალივით მოედო გულსა და კანზე გაგონილი სიტყვები ქალს.
-ბოლომდე მაინც ვერ მოუთმინე, -შეეპარა საყვედური რბილ ბგერებში, -მაგრამ მე შენიც მესმის… შენ იმსახურებ, რომ მარტო არ იბრძოდე სიმართლისთვის.
კანი დაეჭიმა ბურდულს, ოდნავ შეიშმუშნა კიდეც სავარძელზე, გაყინული სხეულის ისე ღრმა ნაწილებში შეაღწია ამ ქალის ნაფიქრი და ნაგრძნობი სიტყვების საცეცებმა.
-დაუჯერე იმას, -შეურიგებელი ტონით ახსენა ლუკა, -ნუ გამოხვალ გარეთ მაინც და მაინც. თუ სადმე წასვლა მოგინდება, ჩემი ნომერი იცი.
-რაზე დაემუქრე? დღეს ახსენა, რომ დაგივიწყებდა მუქარას…
-არ ვამაყობ მაგ სიტყვებით მაინცდამაინც. ძალიან გინდა იცოდე? -ფანჯარა ჩამოსწია, ჰაერი აღარ ეყო ნიკოს.
-თუ ნანობ ნუ მეტყვი. დეტალები არ მაინტერესებს, -მანქანის კარი გამოაღო თეთემ და თბილად გაუღიმა.
-ხო გახსოვს გარეთ გასვლაზე…
-მახსოვს. შენ დაგირეკო.
-ხო. არავითარი ლუკა და ის გაბღენძილი, მეორე.
-აკო? -ხმით გაეცინა თეთეს, თავი უკან გადახარა და ნარნარად აუცახცახდა კოხტა მხრები და პირი-სახე. შეხება მოუნდა ისეთი იყო, მაგრამ საჭესთან შეიმაგრა თავი. -ბოთეა, მაგას ნუ უსმენ.
-მე არ ვუსმენ არავის შენ გარდა. -ტუჩები არ შეხრია, თუმცა თვალებზე გადაეკრა პრიალა ბედნიერება და სიმშვიდე ნიკოს. -მიდი, გიყურებ, თეთე.
გაბრუებული გადმოვიდა მანქანიდან გოგონა, მთლიანად გაბერვოდა მოხდენილი სხეული იმ შეგრძნებით, რომ იმ წინადადების მთავარი აზრი იყო, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით – „არავის შენ გარდა“.
*
უემოციოდ შეაღო მშობლების სახლის კარები ლუკამ.
ტელევიზორის ხმადაბალი ლაქლაქი შემოსასვლელამდეც აღწევდა.
სამზარეულოში მაგიდასთან მარტო მჯდომმა ქალმა მაშინვე დაძაბა სმენა.
-ერე, მოხვედი?
ოდნავ გაეღიმა ნინოს ხმაზე. ფეხაკრეფით მიეპარა ზურგსუკან და უჩქმიტა მკლავებზე.
-გული გამიხეთქე! -წამოიკივლა ქალმა, ფერი იცვალა ბრაზმა მონატრებული შვილი რომ დაუდგა წინ ეშმაკური ღიმილით. -ლუკა, დე..
-რა მომენატრე, ნინო.. -ფეხზე წამოდგომა არ დააცადა ისე მოეხვია მხრებზე. -მარტო ხარ, გოგო?
-ხო, ველოდები მამაშენს.
-მე არ მელოდებოდი? -მის გვერდით ჩამოჯდა ლუკა.
-შენ ყველაზე მეტად! არ გშია, გაგიცხელებ…
-არ მინდა არაფერი, -მკლავში ჩაავლო დაფაცურებულ ქალს და დასვა ისევ მაგიდასთან, -ცოტა ხნით შემოგიარე.
-რა ხდება, შვილო… -მიეფერა წვერმოზრდილ სახეზე ნინო. ნაღველში ამოვლებული ცრემლებით გაევსო შავი თვალები. -რატომ არ გესმის ნათქვამი, რატომ არ დაელოდე ერეკლეს…
-რას დავლოდებოდი, ნინო? -ხმა გაუმკაცრდა. -მაგას მკვლელები უნდა ჩაესვა ციხეში და არა უდანაშაულო ადამიანები.
-რამე არ დაგმართონ, -ხმა აუკანკალდა ქალს, -მე შენ გარდა ვინ მყავს… შენ რო რამე…
-კაი ახლა, -შეწუხდა ლუკა, -რა უნდა დამმართონ, გოგო? მაგათ იცი რას ვუზამ? გადავიფენ მუშტზე ერთად და ცალ-ცალკე…
-ხუმრობის დროა? მომიყევი რა ხდებოდა იქ. -შეპარვით ჰკითხა ქალმა, თითქოს სადღაც, გონების ყველაზე მივიწყებულ ნაწილში მაინც არსებობდა ის ზღვარი, რომელიც უნდა დაეცვა შვილთან. -ცუდად ხომ არ დაგხვდნენ?
-არაფერი, რა უნდა ხდებოდეს სოფელში? -საზურგეს მიეყრდნო, ინსტიქტურად დადო მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი და ასანთი. -შევეშვები, გპირდები.
-მამაშენი ნერვიულობდა.
-ჩემზე? თუ საკუთარ თავზე? რა ანერვიულებდა ერთი, საკუთარი ნახევრად დამალული წარსულის წინაშე მე დამაყენა…
-ეშინია, რომ შენს პატივისცემას დაკარგავს.
-არი ჩემი პატივისცემა მნიშვნელოვანი მისთვის? -ოდნავ წასცდა ხელი სიგარეტისკენ, მაგრამ შეიკავა თავი ნინოს წინაშე. -რად უნდა… ყველაზე უკანასკნელი შვილი ვყავარ და რად უნდა ჩემი პატივისცემა? მორჩილება უნდოდა ყოველთვის, მარა არც ეგ მოსწონდა არასდროს.
-ჩემი ბრალია, მე შენ… უნდა დამეცავი მისგან.
-ნინიკო, შენ ხარ ჩემი მფარველი ეინჯელ, -აკანკალებული ხელები დაუკავა ქალს, მიეფერა. -ერეკლესგან კი არა ყველასგან მიცავ, ისეთი მაგარი დედა ხარ. რა გატირებს, გოგო? აუ, არ შემოგვისწროს ეხა შენმა ქმარმა, თორე მაფრენს აქედან, ისედაც მაგარი აკრეფილი ჰქონდა ტელეფონზე, შენ კი არა ვერ მიშველის მამაზეციერი.
-რა კარგი შვილი ხარ. -თავი გვერდზე გადახარა ქალმა, ამას რომ ეუბნებოდა. გაუსწორა თვალები.
თითქოს იმ დანაკლისის შევსება სცადა, რასაც ყოველთვის ელოდა ერეკლესგან ლუკას ნაღვლიანი თვალები.
-მაგარი თავში ავარდნილი, -თვალი ჩაუკრა, -მაგას მართალს გეუბნებოდა ჩვენი ერეკლიკო, შენი გატუტუცებული ვარ.
-შეხვდი ხომ… არ გაუხარდათ, რომ ჩახვედი?
-შერცხვათ უფრო. -ტუჩის კუთხე აეპრიხა, -ვერაფერი ვიგრძენი ბრაზის და მიუღებლობის გარდა. მაგათი ჩემთან დაახლოების ყველა მცდელობა მაღიზიანებდა, ნინო. ვერ… არ შემიძლია რა, არ მჭირდება.
-ასე ნუ ამბობ, -რკინასავით მაგარი გაუხდა თაფლივით ტკბილი ხმა ქალს.
-როგორ ვთქვა აბა? ის ქალი მოვიდა… -ტუჩზე იკბინა, „ბებიაც“ რომ ვერ დაუძახა ნათელას, ერთიანად იგრძნო ბრაზის ბატონობა სხვა ყველა გრძნობაზე. -მოინანია… თუ რაღაც ეგეთი. ვერ ვპატიობ რა, აი, რაღაც მაკლია თითქოს შიგნით, რაღაც საფუძველი, ნიადაგი, რაზეც გაიზრდება ეს ჩემი… პატიების სურვილი. მაგათგან არაფერი მახსოვს, ყველა გზა გადაწვეს ჩემთან მოსასვლელი და მარილი მოაყარეს ზემოდან. მარტო საერთო სისხლი არაა საკმარისი. არ მყოფნის ხვდები? სისხლი ჩემთვის თუა პასუხისმგებლობა, იმათ რატო არ გახსენებიათ არასდროს თავისი წილი ვალდებულება?
ყველა ცრემლი გადაყლაპა ნინომ. თვალები მოარიდა შვილს.
კიდევ ერთი ფილფანი შემოვიდა სახლში. გაცხარებით მოისროლა გასაღები და კარიც მთელი ბრაზით გაიჯახუნა.
-მოვიდა ტერორისტი, -თვალები აატრიალა ლუკამ და უდარდელად გადაწვა სკამზე.
-წესიერად მოიქეცი ახლა. -თითი დაუქნია ნინომ, -არ მინდა ჩხუბი და აყალმაყალი.
-ოხ, დაბრუნდა უძღები ძე… -სახეზე წამოწითლებულიყო ერეკლე ფილფანი, ფიქრის ტალღებივით გასწელვოდა შუბლზე ნაოჭები და თვალებით იხრჩობოდა თავისივე ფიქრების ზღვაში. -ვინ დაგპატიჟა?
გაბრაზდა ნინო ასეთ დახვედრაზე. საყვედურით გახედა ქმარს.
-შენ არა…
-რა გინდა აქ? ხომ გითხარი, ჯერ არ მომიგვარებია… ნინიკო, წყალი დამალევინე. -ცოლს მიმართა, -ხომ გითხარი, ჯერ არ მომიგვარებია-მეთქი!
-შენ მოგვარებას რას ეძახი, ერეკლე? -იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას ლუკა, წინ გადაიხარა. ამჟავებული სიმართლის სუნი ასდიოდა მამამისსაც, უვარგისი, დაგვიანებული სიმართლის სუნი. -სხვას შევტენოთ საქმე, მამა?
-იმ შენი კახპის ამბავი გაირკვა. გილოცავ. ახლა იმის საყვარლებს უყარე კაკალი… -ცხვირსახოცით შეიმშრალა შუბლზე დაღვრილი ოფლი ერეკლემ. ღრმად სუნთქავდა. -დამცველები გამოუჩნდა მაგ შენს ჟღენტს. ნათლია ჰყოლია ზემოთ.
-ვაა, -ნინოს გადახედა ლუკამ, ნახე ეს რა დიდებული ამბავი მომხდარაო, -შეგვეშინდა და რამე?
-შენი მოთხვრილი თვითონ მოწმინდე. -გაშლილი ხელისგული დაარტყა მაგიდას წყობილებიდან გამოსულმა.
-აპ, აპ… ახლა არის ჩემი მოთხვრილი შენ რომ ვეღარ აგვარებ? მე რა გავაფუჭე, მითხარი ერთი. არაფერი, სანამ შენ არ დაგიჯერე, სანამ შენ არ აიღე საკუთარ თავზე ყველაფრის მოგ-ვა-რე-ბა. ჩემ გვერდით დადგომას, ჩემს მხარდაჭერას მარტო ყოფნა არჩიე, ერეკლე.
-შენს მხარდაჭერას… -ცინიკურად ჩაეცინა კაცს. იმედგაცრუებული ღიმილიც მიიღო პასუხად. -ჩემი ბრალია ეს ყველაფერი? ჩემი?! ვერასდროს რომ ვერ გაიზარდე!
-შენ გამზარდე ასეთად. პირველ რიგში შენთვის ვიყავი ერთი დიდი მოუშორებელი სირცხვილი და მერე გამხადე სხვებისთვისაც, რატომ გიკვირს? -მშვიდი იყო ლუკა. მხოლოდ მზერაში ეტყობოდა წუხილი და ვერნაპოვნი ადგილი მამის თვალებში.
-მე შენ ყველაფერი მოგეცი, უმადურო…
-გეყოფათ… -მათ შორის ჩადგა ნინო, როგორც ყოველთვის. თბილად გადახვია ხელი ქალს ლუკამ, დამშვიდდიო.
-შენ მართალიც გრცხვენივარ შენ გვერდით და დამნაშავე ხომ საერთოდ… ეგ იყო შენთვის გამოსავალი – თავიდან მომიშორე, იმ ჯოჯოხეთში დამაბრუნე, საიდანაც შენი ფეხით გამოიქეცი, კარგად დამანახე რაც ვარ და ვინც ვარ, რასაც ისედაც მთელი ცხოვრება მახსენებდი – შეცდომა. გინდოდა დავრწმუნებულიყავი, რო მარტო შენთვის არ ვარ სამარცხვინო, რომ ყველას არიდებულ თვალებში დავინახავდი ჩემს ნაბიჭვრობას და ბოლოს და ბოლოს გაგამართლებდი რაღაცაში…
-გაგიჟებულხარ შენ, -სიმწრით ჩაეცინა ერეკლეს, ათასი ფერი გადასდიოდა სახეზე, ყველა მათგანი წაართვა თითქოს გაუფერულებულ ნინოს, რომელიც აღარც ცდილობდა ცრემლების შეკავებას.
-აღიარე, რომ მომეკლა გერჩივნა… მე რომ ვიყო მკვლელი ბოლოს და ბოლოს გექნებოდა ხელჩასაჭიდი მიზეზი მართლა ვიმსახურებდე შენგან სამარცხვინო შვილის სახელს… მოიოხებდი გულს, ჩემს არასწორობას იმ სისხლს დააბრალებდი, რომელიც შენი წილი არ არის ჩემს ძარღვებში, ვის გამოც გძულვარ ასე ძალიან.
-დედა, გაჩუმდი! -პირზე ხელები ააფარა ნინომ. -გეხვეწები გაჩუმდი, შვილო..
-როგორ სტკენ გულს ქალს, რომელმაც დედობა გაგიწია… -სკამზე ვეღარ დაეტია ერეკლე, მოსმენილით გაოგნებული ფეხზე წამოდგა და ისე გაიყინა შვილის წინაშე.
-არ მტკენს, არა… -ვეღარ გაიგო ნინომ, ვისთვის ამოეკერა პირი, როგორ დაესრულებინა ეს სატაჯველი ერთხელ და სამუდამოდ.
-ნინო შენთვის არის ქალი, რომელიც დედობას მიწევს, ჩემთვის დედინაცვალი არასდროს ყოფილა, არც დედობილი… დედა იყო ყოველთვის. მე არასდროს ჩამითვლია, რომ სხვისი შვილი ვარ. მარტო ნინოს გამო ვარ მადლიერი, რო იმათთან არ დამტოვე, იმათმა არ გამზარდეს. ნინო არ მეყოლებოდა იქ. იქ ყოველთვის თავმოკლული ქალის შვილი ვიქნებოდი, ვინც მამამაც მიატოვა, ეგ შეღავათი გამიწიე და მადლიერი ვარ. დანარჩენი… დანარჩენი იცოდე, რო ელისოს წილი სისხლი ძმრად მადინე უკვე.
-რა… რა იცი შენ ელისომ… რაც გააკეთა? -გადაფითრდა სახეზე ერეკლე.
-ათი წლის ვიყავი მაშინ. მთვრალი მოხვედი სახლში. ნინო გოგოებთან იყო გადასული და არ მინდოდა მისთვის ის საღამო ჩაგეშხამებინა, ამიტომ არ დავუძახე. გელაქუცებოდი, მინდოდა მესიამოვნებინა შენთვის, მინდოდა მომეყოლა, რამდენი გოლი გავიტანე იმ დღეს სპორტის გაკვეთილზე. მთვრალს ვერ გიტანდი და ღვინო და ჭიქა ჩემი ხელით გამოგიტანე, რომ დაგელია და ასე მაინც დამემსახურებინა შენგან თავზე ერთი ხელის გადასმა მაინც. მეტი არაფერი. -სისხლიანი კაპილარებით ამოევსო თვალები ლუკას, ამოუტივტივდა ბავშვური ტკივილები, -დალიე. მე გამიხარდა. რაღაც ისეთი გავაკეთე, რაშიც არ შემეწინააღმდეგე. ვიცოდი, უბრალოდ დალევა გინდოდა და არა ჩემი მოწოდებული ღვინო, მაგრამ მაინც ვაცადე ჩემს თავს მაგ ფაქტით ბედნიერება. შენ კი რატომღაც მაგის ჩაშხამებაც მოინდომე ჩემთვის. გაღიმებული რომ დამინახე, გაბრაზდი. ასე მითხარი, კიდევ კარგი დედაშენმა თავი მოიკლა და არ გხედავს.
სუნთქვა გაუჭირდა ნინოს. გულზე ხელი მიიჭირა აკანკალებულმა. ლუკა მშვიდად იდგა. მან ხომ ათი წლის ასაკში გამოიარა უკვე ეს ბრძოლა – მარტომ და უიარაღომ.
დამრგვალებული თვალებით უყურებდა ერეკლე შვილს და აღარ ახსოვდა თვითონაც, რას ითხოვდა მისგან საერთოდ უუფლებოდ დარჩენილი, თვითონ უფრო შერცხვენილი და სამარცხვინო.
-იმ დღეს მერჩივნა დაგერტყა, მაგრად გეცემე, როგორც მაშინ სკოლის დამლაგებლის ფულით მე და თეთემ ნაყინები რო ვჭამეთ. მე ხომ ვიცოდი ისედაც, სხვა ქალმა რომ გამაჩინა, მაგრამ ნინოს გამო არასდროს შევუწუხებივარ მაგ ფაქტს. ნინო ჩემთვის სულ დედა იყო. მაგრამ როცა შენი მშობელი ქალი იმიტო იკლავს თავს, რო მისი შეცდომის შედეგი ხარ და ვეღარ გიძლებს…
-ასე არ ყოფილა… ელისოს ფსიქოლოგიურად ჰქონდა პრობლემები. -ხმა აუკანკალდა ერეკლეს. აღარც ცოლის თვალები დაუხვდა იმედად, შვილი ხომ ისედაც განწირული ჰყავდა. თითქოს მარტო დარჩა სახლში, სადაც თავისი ოჯახი ცხოვრობდა. -მანამდეც სცადა. მინდიამ… გადაარჩინა. მეც.. მეც არ მინდოდა, რომ მომკვდარიყო. ასე არ ყოფილა, შენ გამო არ მოუკლავს თავი, შვილო… მამა…
-ხო, ახლა მეც ვხვდები მაგდენს. ათი წლის ბავშვი რასაც ფიქრობდა, მე იმას გეუბნები, მამა. გემძიმა? მაგ დღის მერე მთელი ბავშვობა მისი არასწორობით შენი არასწორობის გამართლებას ვცდილობდი. რომ გაგაბრაზა, მიგატოვა, ჩემი თავი და სირცხვილი შეგატოვა… ნინო რო არა, მე მართლა ვიქნებოდი სამარცხვინო, მკვლელი, ხულიგანი, გაბოროტებული ადამიანი. ნინოს რო ვხედავდი, ჩემი სიკარგის ვალდებულებას ვგრძნობდი მის წინაშე. რო მოვიდა იმ დღეს, შენ უკვე გეძინა. მე ვთამაშობდი, არ მინდოდა მიმხვდარიყო, რო რაღაც მოხდა, რაღაც მაწუხებდა, არაფერი მითხრა, მაგრამ გამომიჭირა მაინც. ჩემთან ერთად დაწვა მაშინ და მე ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, როგორიც მარტო დედამ შეიძლება აგრძნობინოს თავის შვილს.
ერეკლეს მძიმე და დაძალებული სუნთქვა ისმოდა სახლში ერთხანს.
-ახლა საქმეზე გადავიდეთ, -ხმა ჩაიწმინდა ლუკამ. -იმ გოგოს დაცვას არ მოაშორებ. დამიწერე სამივეს მისამართი და მოსყიდულ დამნაშავეებთან მოლაპარაკება მარტო იმიტო გააგრძელე, რო იმ არაადამიანებმა რამე არ იეჭვონ.
-ხალხი იცავს-მეთქი მაგათ ზემოდან! -ნინოს გახედა შეშლილი თვალებით ერეკლემ, მომეშველეო სთხოვა. თითქოს ახლა გაიაზრა ამ ქალის ძალა თავის შვილზე. -რატომ არ გესმის… ასე ჯობია. მეც მემუქრებიან, ყველაფერი ამოქექეს ჩემზე, ელისოზე… იმ დასაწვავ… დამწვარ სახლზეც.
-რამე ტყუილი მოგიგონეს, ერეკლე? შენ ხო სულ მაგას მასწავლიდი – კაცური კაცი უნდა იყო, უნდა აიტანო დამსახურებული ხელი.
-უკეთესი მამობა შენ გაუწიე შენს შვილებს! მე როგორც შევძელი…
-კაი მორჩეს ეს რიჟა ბაზრი რა უკვე, -ამდენი ლაპარაკის შემდეგ თითქოს ახლა შეწუხდა ლუკა პირველად, -მომეცი მისამართები.
-ვინ გიმაგრებს ზურგს? ვინ გყავს გვერდზე, იმათნაირები ვისაც ახლა ეჭიდავები ტიტველი ხელებით?
-დედა, უთხარი. -ნინოს მიმართა საშველად ბოლოს უმცროსმა ფილფანმა.
-მიეხმარე ბავშვს, ერეკლე. -ცრემლები შეიმშრალა ქალმა. -აცადე თვითონ მოაგვაროს და შენ მაინც იქვე იყავი ყოველი შემთხვევისთვის.
*
-დამელოდე, ლუი!
პატარა გოგო გვერდზე მოქცეული ჯინსის კაბით და წითელი ფეხსაცმელებით მთელი მონდომებით გამორბოდა სკოლის ეზოდან.
-დღეს რა ტარდათ…
-კ ა რ გ ა დ, -დაუმარცვლა ბიჭმა და გოგო რომ წამოეწია, მხოლოდ მერე განაგრძო სიარული გახსნილი თასმებით.
-ხო, კარდ..კარგად მოვყევი ლექსი! -აპუწული თმები გაისწორა და ერთად გაუდგნენ გზას სახლისკენ.
თეთე მეორეზე ცხოვრობდა, ლუკა მესამეზე.
-ნაყინი ვიყიდოთ? -ხურდები ამოიყარა ჯიბიდან პატარა ფილფანმა. მოკლედ შეჭრილი თმა სასაცილოდ დაეყენებინა ოფოფივით. ასეაო მოდაში. -დამლაგებლის ფული არ მიმიცია. ხვალ მივიტან. დედა მომცემს.
-აუ კიიი, მე შოკოლადის.
ნაყინის მაცივარს ძლივს წვდებოდნენ. გამყიდველი დაეხმარათ და ხურდა ისე გამოართვა ბავშვებს, არც კი გადაუთვლია.
-შენ იმათ ნუ უსმენ, -ბიჭებისკენ მიანიშნა, რომლებიც სულ აწვალებდნენ თეთეს გაუმართავი მეტყველების გამო. -დებილები არიან.
-ხო.
ეზოში ჩამოჯდნენ ჩანთამოკიდებულები. ჩუმად მიირთმევდნენ ნაყინს და ჰაერში აქანავებდნენ ფეხებს. გამვლელ-გამოვლელებს ინტერესით აკვირდებოდნენ და იმათ მომღიმარ სახეებზე მხრებს იჩეჩავდნენ, რა არისო სასაცილო.
-სულ დახსნილი რატომ გაქვს შნუროკები? -მის ფეხებს დახედა თეთემ.
-თასმები.
-ხო, თასმები.
-ვიცი, რო არ დავეცემი და მაგიტო. დედამ მითხრა თუ რაღაცას ძალიან დაიჯერებ, ის აუცილებლად მოხდებაო. თუ ირწმუნებო.
სახე აელეწა თეთეს გაუგებრობისგან. თითქოს ჩინურად ალაპარაკდა მისი მეგობარი – ვერაფერი გაიგო.
-მართალია დედაჩემი, -დახსნილ თასმებს დახედა ლუკამ, -მე ვიცი, რო გახსნილი თასმებითაც კარგად დავდივარ და არ წავიქცევი. ხოდა არასდროს წავქცეულვარ მართლა.
-რო გარბიხარ არც მაშინ წაიქცევი? რო წაიქცე? შარვალი გაგეხევა.
-ო, მაგდენი თუ ვიფიქრე. -ხელი აუქნია ბიჭმა.
ეზოში შემოვიდა სამსახურიდან სასასადილოდ დაბრუნებული ერეკლე. შეჭმუხნა წარბები ბავშვების დანახვისას. ლუკასაც რაღაც უსიამოვნო შეგრძნება დაუტრიალდა მუცელში, თითქოს ნაყინმა გემო დაკარგა და თითქოს წაიქცეოდა გახსნილი თასმებით რომ გაევლო.
ერეკლემ მაშინ არაფერი უთხრა შვილს. დაუძახა სახლში წამოდითო.
სკამიდან ჩამოხტნენ ბავშვები.
თეთე სულ ასეთი თბილი იყო, ლუკას მიმართ სიყვარულის გამოხატვის არასდროს ერიდებოდა. ჩაეხუტა მადლობის ნიშნად, სანამ სახლში შევიდოდა.
-ნინო დეიდასნაირი სუნი გაქ, -წამოიყვირა გოგომ უცებ. თვითონ არ უფიქრია, რომ რაღაც ისეთი უთხრა ლუკას, რის გამოც ასეთი გახარებული უნდა ყოფილიყო.
„დედაჩემისნაირი სუნი მაქ, ანუ მართლა დედაჩემია“ – ფიქრობდა ყველა საფეხურზე ფეხის დადგმისას პატარა ლუკა ფილფანი და თამამად მიაბიჯებდა გახსნილი თასმებით.
ბევრი ცუდი რამე მოხდა იმ დღეს, გახსენებადაც არ ღირს.
იმ დღის მერე ლუკას ნაყინი ცხოვრებაში აღარ უჭამია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თავისი მეგობრის სიტყვები დაამახსოვრდა იმ დღიდან – „ნინო დეიდასნაირი სუნი გაქ“.
*
-ჟღენტს ზემოდან იცავენ. -შუბლი მოისრისა ლუკამ.
-მამაზეციერი? -წარბები აზიდა აკომ გაკვირვებით. -რაღაც არამგონია…
-ნათლია.
-ო, ეგ უკვე სხვა საქმეა. -წაიღიღინა წერეთელმა.
-სახელი და გვარი? -ჩაერია ივა.
-თეიმურაზ ტვილდიანი. გეუბნება რამეს? -ეჭვით ახედა ფილფანმა. -შსს მინისტრის ძმაკაცია. თვითონ ინსპექტორ-გამომძიებელია თუ რაღაც ეგეთი… მთელი ოჯახით საქმეში არიან.
-მაგას ძმა ხო არ ჰყავს… ვიტალი, -სხეული მოეჭიმა სავარძელზე ივას. რატომღაც ყველამ მას შეხედა, ვინც იმ ოთახში იყო.
-რავი, არ შემისწავლია ტვილდიანების საგვარეულო შტო, მნიშვნელოვანია? -დაიძაბა ფილფანი. გადმოედო მეგობრის მღელვარება მასაც.
-ეგ ტიპია, ვინც საბას საქმე შეკერა. -სიგარეტი მოუთმენლად მოიძია ივამ. ძმისთვის ვერაღებულმა სისხლმა ჩაუწითლა თვალები.
-საბა? -პირველად ამოიღო ხმა იმ საღამოს ნიკო ბურდულმა.
-ჩემი ძმა. -თვალი გაუსწორა ივამ. თვითონ იქ მყოფთაგან ყველაზე უკეთ მას ესმოდა ნიკოს ტკივილის ხმა, -რვა წლის წინ… ზაფხულში ვიღაცამ მანქანით გაიტანა. მიატოვა. სისხლისგან დაიცალა.
ფანჯარაში გაიხედა ლუკამ, მოიკვნიტა ტუჩი მწარედ იმისთვის რომ დაებრალებინა შეკავებული ცრემლებით ამწვარი თვალები.
-საქმე მაგ შენს ვიტალის ჩააბარეს, ვინც მეზობელი სოფლიდან ერთ ბიჭს შეაწერა მკვლელობა. შანსი არაა ის იყოს დამნაშავე, ისიც არ იცის, ვისი ჩადენილი დანაშაულის გამო შეირქვა მკვლელის სახელი. კარგად შეფუთეს, ანუ ვიღაც ისეთის შვილია… ვისაც ფული მფარველობს და ღმერთი აღარ ახსოვს. ჯერ მარტო საბურავების კვალი ისეთი იყო, მაშინ ეგეთი ძვირადღირებული მანქანა სვანეთში არავის ჰყოლია.
-ანუ არ იცი რეალურად… -პირი გაუშრა ნიკოს, წყლის დასალევად წამოდგა.
-არა. კარგად მალავენ.
შუბლი მოისრისა ბურდულმა. ტვინი ასტკივდა. ვეღარ გაიგო რა სჯობდა, ცოდნოდა ვინ იყო დამნაშავე და შორიდან ეყურებინა, როგორ სუნთქავდა გივიკოს სისხლში გასვრილი, თუ ამ კაცივით სრულიად სიბნელეში მდგარიყო საკუთარი გარდაცვლილის წინაშე… და ვინ იცის, იქნებ ხელიც კი ისე ჩამოერთმია თავისი ძმის მკვლელისთვის, რომ ვერ ეგრძნო დამნაშავის სუნი.
-და ჩვენ ვინ გვყავს? -იკითხა ლუკამ, -გავიგეთ, რომ იმის „კრიშა“ პირდაპირ ორგანოს წარმომადგენელია. ჩვენ ვინ გვყავს ჩვენი უბადრუკი თავების გარდა?
-მე ვიცნობ ერთს, -ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან წერეთელმა. -ხო, რენე. სამკვდრო საქმეში მჭირდები… სასიცოცხლო რავი, მაგისთვის მჭირდები ზუსტად… ნახალოვკაში, ჩაგიგდებ ლოკაციას.
-დეკარტი მოგყავს თუ მაგრიტი? -წარბები აზიდა ლუკამ.
-მაისურაძე მომყავს, მაგას ხალხი „ქვემოთაც“ ჰყავს და „ზემოთაც“. და საერთოდ, ძაან დიდია რა, ერთ ხელში კალაშნიკოვი რო ეჭირა, მეორით კაპუჩინოს სვამდა და სუნ ძის „ომის ხელოვნებას“ ფურცლავდა. ძაან დიდია, გეუბნებით.
ერთმანეთს გადახედეს ოთახში მყოფებმა.
ისე აღწერა აკო წერეთელმა თავისი მეგობარი რენე მაისურაძე, თითქოს ზღაპრის გმირი ყოფილიყოს. არადა, ის, ვისთვისაც უკანასკნელი იმედით გაიღო ფილფანის სახლის კარი, ისეთი ადამიანი იყო, ვისზეც ზღაპრებს არავინ ჰყვება.
მანქანის გასაღების ჩხარუნით აირბინა კიბეები მაღალმა სხეულმა თეთრი პერანგითა და ლურჯი ამერიკული ჯინსებით. სველი, დაბალზე შეჭრილი თმა ხელით გადაევარცხნა უკან და შავი „რეიბანები“ მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნა ლურჯი თვალებიდან, როცა კარი გაუღეს.
-რამ შეგაწუხა, თავადო? -ხელი ჩამოართვა წერეთელს. -მოვედი გლეხი…
-მოდი, მოდი. სვანებს სჭირდები.
სახელები და სანდო მზერები გაცვალეს ერთმანეთში. შუშის მაგიდაზე დაალაგა თავისი სათვალე და გასაღებები კაცმა.
-გისმენთ აბა…
ერთმანეთთან უხილავი ჯაჭვით დაკავშირებული ამბები წვრილად მოუყვეს მაისურაძეს, სახელად – რენე.
ყურადღებით ისმენდა ისიც ნაამბობს. ხანდახან დააწვრილებდა ხოლმე თვალებს, თითქოს იმ ჩიხს მიანათა მისმა გონებამ, რაც დანარჩენებს მხედველობიდან გამორჩათ.
-კაი, -მკლავები დაიკაპიწა მონდომებით. -ეგ მინისტრი ოხერი კია, მაგრამ მოვსვამთ ადგილზე. ისედაც შერყეული აქვთ ოჯახში პოზიციები და თავმოყვარეობა. იცით, როდის ვერ იქნება ტიპი შენი „კრიშა“? როცა აქეთ არი დასაცავი.
-ანუ… -მოუთმენლობა შეეპარა ხმაში ივა ხორგუანს.
-იცი რა ფასობს ამ ქალაქში ყველაზე ძვირად? პატივისცემა. და არი ერთი რაღაც კიდე, რაც პატივისცემაზე უფრო ძვირად ფასობს – ინფორმაცია, რატომ არ უნდა გცემდნენ პატივს. მაგ მინისტრს შვილი ჰყავს ისეთი ჩაძირული, საცოლემაც ქორწილამდე ორი კვირით ადრე მიატოვა და საფრანგეთში დაჰკრა ფეხი. იმ დებილმა მოიარა მთელი ნიცა-პარიზი-მარსელი და გოგო სვანეთში ყოფილა თურმე.
წყალი გადასცდა ლუკას. სახე დაეჭიმა ივას.
-სახელი და გვარი?
-ოთო კაკაბაძე.
-არა, ბიჭო, გოგოს სახელი და გვარი.
-ააა, ალექსანდრა გელოვანი. რა იყოთ? -გაკვირვებით გახედა მაისურაძემ დადუმებულ სვანებს.
თვალები მოისრისა ივამ და ოხვრით გადაწვა სავარძლის საზურგეზე.
-ვა, სარძლო საქმეშიააა… -თვალი ჩაუკრა რენეს ლუკამ. -ჩვენთან იყო ეგ გოგო, ჩვენს სოფელში.
-ოპააა. -ივას რეაქცია ენიშნა მაისურაძის გამჭრიახ მზერას.
-და რატო მიატოვაო? -დაინტერესდა წერეთელი.
-იყნოსა ალბათ იმისი მყრალი ნამუსი, დეტალები რაში მაინტერესებს? -მხრები აიჩეჩა რენემ, -ყველაფერს კადრულობდა ეგ ბიჭი, რაც მდიდარი მამიკოს შვილმა შეიძლება იკადროს. ახლაც მაგრად მოხვდა თავმოყვარეობაზე, ქალმა რო მიატოვა. რაღაცას უეჭველი გააფუჭებს.
-ომს ვუცხადებთ ანუ? -წარბები აზიდა ბურდულმა.
-ვუცხადებთ. -თვალები გაახილა ივამ, წამოჯდა სავარძელში და რკინასავით მოუდრეკელი მზერა გაუსწორა აზარტულად მომღიმარ მაისურაძეს.
-სუნ ძი იამაყებდა თქვენით. -საზურგეს მიეყრდნო რენე და მხრები გადაშალა სავარძელზე.
*
უხმაუროდ დაბრუნდა თბილისში სანდრა გელოვანი, სამაგიეროდ თბილისი დახვდა ხმაურიანად მის დაბრუნებას.
ჯერ მხოლოდ პირველი დღის განმავლობაში იმდენი ინტერპრეტაცია მოისმინა საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ცხოვრების შესახებ, რომ სათვალავი აერია.
არ მოასვენა ოთო კაკაბაძე ქალის ხელით შელახულმა თავმოყვარეობამ. ჯერ ის არ ამყოფინა საფრანგეთში რომ აძებნინა თავი სვანეთის კალთებს თავშეფარებულმა და მთელი ქვეყნის სასაცილო გახადა, შემოსარიგებლად ჩასული მარტოც გამოუშვა თბილისში მტკიცე უარით.
-ჩამობრძანდი? -ირონია შეპარვოდა ხმაში კაცს.
-რატომ ჩქარობ, ოთარ? -ლაილას ჩაუკრა თვალი ეშმაკურად, -ჩემი საქმე ფუჭდება, შენი ხომ არა?
-შენ რატომ არ ჩქარობ? ხო არ გგონია გეხუმრები…
-არა, საიდან შენ მაგის უნარი… -ეზოში გააჩერა მანქანა, -დამელოდე და მე თვითონ გეტყვი, როცა მეცლება.
-შენ ძალიან თამაშობ მაგ ბიჭის ნერვებზე, -ხმა ამოიღო ლაილამ, როცა ოთოს გაუთიშეს ყურმილი. დაეღალა მგზავრობას.
-ხვალ შეგეხმიანები, თუ რამეს გაიგებ იმათზე, გამაგებინე.
-ფრთხილად, -სახე წაუხდა ხორგუანს, არ მოსწონდა იმ კაცის მოუსვენრობისა და შანტაჟის ამბავი.
-ლუკა მომიკითხე, -წარბები აათამაშა ეშმაკურად და მოხდენილად გაიყვანა მანქანა ეზოდან.
თან გაიყოლა დაინტერესებული ადამიანების მზერაც. ზოგმა ამოიცნო კიდეც ოქროსფერთმიან ქალში ყველაზე თავდაფასებული სარძლო მთელს ქალაქში.
-ეს ის არაა? -გადახედეს ერთმანეთს მეზობლებმა.
-ეგაა ხო. მატრაკვეცა. რა საშინლად მოექცა ოთიკოს, შეარცხვინა ბიჭი. ნახე, ნახე, რა თავაწეული დადის, ვითომ რამე საამაყო გააკეთა!
-კაი, რა ჩვენი საქმეა.
-არა, ისე ვამბობ. -თავი იმართლა მეორემ, გაღიზიანებული მზერა კი მანამ არ მოუშორებია მანქანისათვის, სანამ თვალს არ მოეფარა. -არა, მაინც რა უნდოდა მეტი? ბიჭს ყველაფერი აქვს… უზრუნველი ცხოვრება…
წვიმას აპირებდა თბილის-ქალაქში.
ცოდვის რუხი ღრუბელი ფარავდა გზის მაჩვენებელ ციმციმა ვარსკვლავებს.
აწრიალდნენ ბოროტი სულები.
პირველად იმ დღეს ესტუმრა თავის სახლში ლუკა ფილფანს ლაილა. მღელვარებისგან მთელი სხეული უკანკალებდა.
ივა მშვიდად მიაბიჯებდა მის წინ. მისი გაშლილი მხრები და მაღალი სხეული თითქმის ბოლომდე ფარავდა ბიძაშვილს.
-რომელზე უნდა შეხვდეს? -ჰკითხა მშვიდად.
-რვისკენ… -შეშინებული თვალებით ახედა ბიძაშვილს ლაილამ.
-ემუქრება ანუ… -თავისთვის გაეღიმა ხორგუანს, აზარტი იგრძნო თითქოს საკუთარ ხელებში იმ კაცის ძვლების დამსხვრევის.
-რენემ დარეკა. -ჯერ კიდევ ხელში ეჭირა ტელეფონი ლუკას. იქვე იჯდა აკო წერეთელიც და თეთეც. -ბურდული არ ჩანს. სამაგიეროდ ჟღენტი გამოჩნდა ძალიან პომპეზურად.
-გამარჯობა. -მიესალმა ლაილა ყველას.
ცალი თვალი შეავლო ლუკამ, თავი დაუკრა მხოლოდ და ისე გააგრძელა საუბარი, თითქოს არაფერი შეუცვლია ლაილას შემოსვლას იმ ოთახში.
-რაო ჟღენტმა რა მინდაო?
-უდანაშაულო ვარ და ამიტომაც დავდივარ თავაწეულიო. -შუბლი მოისრისა ლუკამ მოუთმენლად, თეთეს გახედა წაშლილი თვალებით. -დაურეკე შენ იმას.
-არ მპასუხობს.
-კიდე დაურეკე, თეთე, არ მოასვენო. სანამ არ გიპასუხებს დაურეკე, არ გაქ „ულიმიტო“, გოგო? -სავარძელში ჩაეშვა ფილფანი, თვალებმიხუჭული მიეყრდნო საზურგეს, -შემოტენვა უნდა. რო გაიგო, რო მე მყავს მოწმე, რომელიც გამამართლებს… იმასაც რამე არ დაუშავონ რა, ოხ, ნიკოლოზ ბურდულო, მოუთმენელო!
ფეხზე წამოდგა თეთე განათებული ტელეფონით. აივანზე გავიდა. არ წყვეტდა ზარებს.
-გაუშვებს დაცვას რენე მაგასთანაც, -ხმა ჩაიწმინდა აკომ. ეჭვით მოათვალიერა ჯერ ლაილა, მერე უჩვეულოდ დაძაბული ლუკა ფილფანი მის სიახლოვეს. -ჟღენტს რა უნდა კონკრეტულად გაგვაგებინე. მაგან დაგირეკა?
-შეხვედრა. -ჩაეღიმა ლუკას. -დღესვე.
-დღეს სანდრა ხვდება იმ…. იმას. -თავი ისე აიქნია, უსიტყვოდ მიანიშნა თითქოს მინისტრის შვილისკენ ივამ.
-შეხვდეს, აცადე. ნუ შევქმნით ხმაურს. ეგონოთ, რო ვერიდებით მაგათთან დატაკებას.
-რა შუაშია სანდრა… ჟღენტთან და დანარჩენებთან? -ობობის ქსელში გაბლანდულივით გრძნობდა თავს ლაილა.
-სანდრა არაფერ. ეგ ოთოა შუაში ბურდულის ბიძაშვილის მკვლელებთან. საერთო ნათლია ჰყავთ მაგას და ჟღენტს. -თვალი გაუსწორა ლუკამ, -რომელიც ხელს აფარებს, ვისი იმედითაც დაბოდიალობს დღის სინათლეზე უჩა ჟღენტი, თითქოს სიკვდილის სუნი არ ასდიოდეს. მაგ ოთარამაც ყველაფერი იცის, იმიტო რო მარტო სამხარეო პოლიცია კი არა თვითონ მინისტრიც ზურგს უმაგრებს მაგათ. მინისტრი – ანუ ოთო კაკაბაძის მამა, ანზორ კაკაბაძე.
-არ არი ეგ ოთო კარგი კაცი. -აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა ლაილამ, -თან სამ მკვლელზე ხელის დაფარებას ვინ გაურისკავს ძმაკაცის ნათლულის გამო?
სიჩუმე განაჩენივით ჩამოვარდა ოთახში. დაძაბულობისგან გაანგრევდნენ ალბათ კედლები შენობას.
-ერთი ვარიანტია… შეიძლება ვალშია ეგ ანზორა ტვილდიანთან და ასე „უბრუნებს“. ამ კაცსაც რა ნათლულები ჰყავს ასეთი, ყველა ღვთის პირიდან გადავარდნილები..
-ეგეთია თვითონაც ალბათ. -სუსტად აიჩეჩა მხრები ლაილამ. მას დააწვა თითქოს მოკლულის მოუსვენარი სულის სიმძიმე.
თეთეს გახედა, ნიკო ბურდულს რომ ურეკავდა უშედეგოდ.
-საბას საქმე მაგის შეკერილია, ლაი. ვიტალი ტვილდიანს ჩააბარეს. რა ვიცოდი მაშინ, ეგ თუ ეგეთი უღმერთო კაცი იყო… მინდიას არ მოსწონდა, მახსოვს ვერ ისვენებდა, მეც რაღაც ეჭვები მჭამდა, მაგრამ საქმე ისე მოაქციეს… ნუ ხო იცი, რა.
კარი გაიღო უხმაუროდ. ორი კაცის ნაბიჯების ხმა ენაცვლებოდა ერთმანეთს. გვერდიგვერდ იდგნენ რენე და ნიკო.
-წყალი დამალევინეთ, რა… -შეუწუხდა მაისურაძე რენეს მუდამ დალაგებული სახე. -ცივი, ბევრი ყინულით.
-სად იყავით? ან რატო არ პასუხობ იმ გოგოს… -საყვედურით შეყარა წარბები აკომ. მაშინ გამობრუნდა თეთეც. შვებად ამოუშვა სუნთქვა ცოცხალი რომ დაინახა ნიკო ბურდული თავის წინაშე.
მხოლოდ ცოცხალი.
-მომაკვლევინებენ თავს. თავი უნდათ რომ მომაკვლევინონ. -ლაილას გვერდით ჩამოჯდა ბურდული. -ნერვებზე თამაშობენ, მცდიან… სასაფლაოზე დამადგნენ დღეს. ერთი, ან ორი კი არა, სამივე ერთად.
სახე წაეშალა ლუკა ფილფანს. ადამიანისგან რაღაც უფორმო სირცხვილის გროვად გარდაიქმნა, სადღაც რომ იკვეთებოდა ისეთ ცხოველებთან, ვისაც საკუთარი ხელით მოკლულის საფლავზე დაბიჯებისთვის გამბედაობა კი არა არაკაცობა ჰყოფნით.
-მეგობრები ვიყავითო, მაგრად გვეწყინა და ხსოვნა გვათქმევინეო, ხვდებით ვისთან მაქ საქმე? მინდოდა იქვე დამეკლა ყველა შიშველი ხელებით. შენ, -ლუკას გაუსწორა ჩაწითლებული თვალები. -შენ იცოდე გივიკოზე უარეს დღეში ჩაგაგდებენ, და შენ, -ივას გახედა, -ჩემი დღე გექნება სანატრელი. ყველაფერი იციან. ყველა და ყველაფერი იციან, ვისაც აღელვებთ და ვინც გაღელვებთ.
შუბლი აეწვა ლაილას. ცრემლები მოაწვა თვალებზე.
-ჩვენც ვიცით რაღაცები, -ყინულები შეანჯღრია ჭიქაში რენემ. -სულ თავისი ნებით მოვლენ და გვეტყვიან, აგერ ჩემი მაჯები და დამადე ბორკილები, ოღონდ ხმამაღლა არ თქვაო არაფერი. ნუ მანამდე ისე უნდა ვქნათ, რო გადარჩეთ და ენა არ ამოგაძრონ.
-ინფორმაციას შენ ფლობ და ენები ჩვენ უნდა დაგვაძრონ?
-მე ვერ შემეხებიან. -თვალი ჩაუკრა აკო წერეთელს რენემ. -მაგ ჩვენს ოთარას ძმები ჰყავს. თვითონ არის უფროსი. უმცროსი ამერიკაში იყო და საქორწილოდ ჩამოსულა, შუათანა ყველაზე ნორმალურია. ოჯახი ჰყავს და ანუ აცხია რაღაც ისეთი ადამიანური, რის გამოც ვიღაცის სიყვარული დაიმსახურა.
-და უმცროსი? -წარბები აზიდა ივამ. -რამდენი ხნის წინ წავიდა…
-რვა წლის წინ. რა იყო?
გაისუსა ყველა ოთახში. ივას მძიმე სუნთქვისა და ლაილას ცრემლების ხმა ისმოდა მხოლოდ. ლუკა საერთოდ აღარ ეწერა ცოცხლებში.
კედლისთვის გაეშტერებინა უშინაარსო მზერა.
-დაწმუნებული ხარ? -ხმა ჩაიწმინდა.
-კი. ამერიკაში ჩააბარა, აგვისტოს ბოლოს წავიდა.
-კონკრეტულად რომელ რიცხვში?
რენეც შეყოვნდა ერთ წამს. აკოს გადახედა გვერდულად.
-სადღაც ოცის მერე, ზუსტად არ ვიცი.
ეჭვები თრთვილივით შეუჩნდა დასაწყობებულ ტკივილებს. გული გამოუჭამა სიმართლესთან ასე ახლოს ჩავლამ ივა ხორგუანს. ნელ-ნელა ეცლებოდა წლების ნაკოწიწები მოთმინება. სისხლის წყურვილი იგრძნო მძაფრად, ძალიან მძაფრად.
-თურმე რას უძლებ. -სიმწრით გაეცინა, საკუთარი თავი რომ დაინახა ნიკოს თვალებში.
ნელა წავიდა კარისკენ.
-სად მიდიხარ? -შიშისგან წამოხტა ლაილა.
-მოვალ მალე.
შუბლზე აკოცა ბიძაშვილს, მერე ისე გახედა ლუკას, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დაუბარა და ნელა გავიდა სახლიდან, თან მიათრევდა სიმშვიდეს, რომელიც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ტოვებდა მის სხეულს.
-დაგვერხა. ახლა მართლა დაგვერხა. ეს თუ გადაირია… -კედელს მისშტერებოდა აკო წერეთელი და ასე ბუტბუტებდა გაურკვეველ სიტყვებს.
-მოკლედ, შენ უნდა გამოიცვალო ადვოკატი, -თვალი გაუსწორა რენემ ბურდულს. -ვინმე მაგარი ტიპი გჭირდება, ცოცხლად რომ შეჭამს ყველას, ვინც სიმართლეში ლება. ვისაც ვერ კი არა, არ დააშანტაჟებენ, იმიტო კი არა რო დასაკარგი არაფერი აქვს, იმიტო რო ეშინიათ მისი გაღებული პირის და იქედან წარმოთქმული სიმართლის.
-ღმერთზე თუ ამბობ… -წარბები აზიდა ლუკამ. ნიკო ბურდულს თვალები ისევ ისეთი ჰქონდა – უიმედო და უემოციო.
-არა, ჩემზე ვამბობ. მე დაგიდგები.
-შენ რაში… რატო გვეხმარები საერთოდ?
-მიყვარს უთანასწორო ბრძოლაში იმის მხარეს ყოფნა, ვის გამარჯვებასაც არავინ ელოდება. მსიამოვნებს მერე პირდაღებულები რო მიყურებენ ხოლმე. თან მდიდრების ზიზღი მაქ. აი, ბევრი ფული რო აქვთ კი არა, რო ჰგონიათ რო ყველაფერს იყიდიან, ეგენი მეზიზღებიან. ანუ თანახმა ხარ. -თვალი გაუსწორა ნიკოს მაისურაძე რენემ.
სხვის ომში ბრძენმა და თავისაში – უფრო.
-უნდა გაარკვიო რა ხელი შეიძლება ჰქონდეს კაკაბაძის ძმას საბასთან, -მოუსვენრობა შეუჩნდა ლუკას მუხლებში. -შეიძლება, ეგ არის ამათი „სამაგიერო“…
-თუ ეგრეა…
-თუ ეგრეა, ივა არ დაჯერდება მარტო გისოსებს. ნათმენი და ნაგროვები უფრო რთული გადასაყლაპია, რაც არ უნდა მართალი იყო. -უცნაურად გახედა ლუკამ ბურდულს. თითქოს ასე აგრძნობინა ის, რაც ძალიან უნდოდა მასაც დაემსახურებინა ნიკოსგან – პატივისცემა მოთმინების გამო.
-თან ქალიცაა ამ საქმეში. ხო, რას მიყურებთ? სად გავარდა აბა ის, რა გგონიათ? -თვალი მოავლო შეკრებილ საზოგადოებას რენემ, -ის თავში ავარდნილი ოთარა ეგრე მარტივად დათმობს საცოლეს? თუნდაც ყოფილს. სულ რო არ უნდოდეს ცოლად, ორი ბრძოლის წაგების ტოლფასია მისთვის სანდრას დათმობა. თუ მისი ძმა მართლა დამნაშავეა ივას ძმის ამბავში, ქალსაც დაკარგავს და პატივსაცემი ოჯახის სახელსაც დაემშვიდობებიან კაკაბაძეები.
ისეთი სიჩუმე იდგა ქალაქში, როგორც ტყვიის გასროლამდე. სუნთქვაშეკრული მოძრაობდნენ საათის ისრებიც.
ნელ-ნელა ყველა შემოეცალათ სახლიდან. ჟღენტთან შესახვედრად ემზადებოდა ფილფანიც.
თავისი ადგილი ვერსად იპოვა ლაილამ დაცარიელებულ სახლში. უფრო სწორად, იქ უნდოდა ყოფნა, სადაც ლუკა არ იყო, სადაც არ ექნებოდა მისთვის თვალების გასწორების ვალდებულება.
ფანჯარა მოხურა, ფარდა ჩამოაფარა და მაინც წაიჭირა აივანზე განმარტოებული ლაილა თავის სიახლოვეს.
ზურგსუკან მიიხურა კარი და უყურა დამძიმებული თვალებით. ისე მოუნდა მიახლოვება და ფიქრებით გაბერილი თავის მის მხარზე ჩამოდება, ძალა მხოლოდ ამისთვის შემორჩა თითქოს.
-მარტო უნდა წახვიდე? -ჰკითხა ქალმა. აციმციმებულ ქალაქს გაჰყურებდა მშვიდად.
-რატომ ჩამოხვედი ასე ადრე? -წაუყრუა მის შეკითხვას ლუკამ. თვალს არ აშორებდა…
-სწავლა მეწყება, ჩემი საქმეც მაქვს.
-იტყუები, -მის გვერდით ჩამოეყრდნო მოაჯირს, ოდნავ შეეხო მკლავზე. -ჯერ ადრეა სწავლის დაწყებამდე. იქ უსაფრთხოდ იყავი, ლაილა. შენი დარდი აღარ მქონდა.
-მე მქონდა სამაგიეროდ. -თვალი გაუსწორა ქალმა. სუნთქვა შეეყინა იქვე ლუკას.
წარბები აზიდა და ძლივს მოუყარა ტუჩებს თავი, რომ არ გაჰღიმებოდა.
-ეგეთი გაბედული ხარ?
-ეგეთი გაბედული ვარ. -წელით მიეყრდნო მოაჯირს და გულზე დაიკრიფა ხელები. ზემოდან დაჰყურებდა ლუკას სახეს. თმას უშრიალებდა სექტემბრის გრილი სუნთქვა. -იმ ქალს, თი-კას, საფრთხე ემუქრება?
-არ დაუშავებენ არაფერს.
-რა მოხდა იმ ღამით? რა გინდოდა მათთან, ლუკა…
ღრმად ამოიოხრა. მთელი თავისი ნაგროვები სინანული ამოატანა თან.
-წერას ვყავდი ატანილი.
-მაგას მივხვდით ყველა. -წარბები აზიდა ლაილამ მკაცრად. ისეთი სასაცილო იყო, ისეთი საყვარელი… -რატო იღიმი?
-შენ მაღიმებ.
-თემას ნუ ცვლი, -მხრებზე შემოიხვია ხელები გოგონამ, დაუპატიჟებელი ჟრუანტელი რომ გადაეფარა. -შენი მეგობრები არიან მართლა?
-არა. ეგრე მარტივად არ ყოფილა. ერეკლეს არ უნდოდა მათთან მემეგობრა.
-და მამას ჩაუდექი ჯიბრში?
სხეული დაუწვა ყველა ბგერის სიმართლემ ფილფანს.
-მემგონი, ბოროტი გული მაქ. -გვერდით მიუდგა. თავის დაცარიელებულ სახლს მიაშტერდა უაზროდ. გაეღიმა ლაილას, თუმცა დააცადა მაინც, ბოლომდე ეთქვა ყველაფერი. -ვერავის ვერაფერს ვპატიობ. სამაგიეროს გადახდის სურვილი მახრჩობს. ახლა რომ ვუფიქრდები… ამ გადმოსახედიდან, როცა ჩემი საქციელის შედეგს ვუყურებ თვალებში… ჩემი გონების რომელიღაც ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ ისევ გავაკეთებდი ყველაფერს, რაც იმას გაამწარებდა, რაც ჩემი შეძულების საბაბი იქნებოდა მამაჩემისთვის. ჩემი თავი მე თვითონ მეზიზღებოდა, მათ გვერდით როცა ვიყავი არათუ ერეკლეს. კაცის მკვლელად ვერ ვხედავდი ოღონდაც ვერცერთს. არც ეგეთი მძაფრია ჩემი შურისძიების სურვილი, მკვლელს ჩამოვართვა მშვიდობის ხელი. ბევრი დავლიეთ. იმათმა მგონი მოწიეს კიდეც, შეიძლება გაიკეთეს…
-შენ არასდროს?… -ხმა წაერთვა ლაილას. ყველაზე მეტად ასეთი ადამიანები ეზიზღებოდა, ვისაც საკუთარი თავი არ უყვარდა პირველ რიგში, ვისთვისაც საკუთარი სიცოცხლე იყო უფასო.
-არა. -თავი გადააქნია ღიმილით. თავშესაფარივით მოძებნა ლაილას თვალები და რაღაც ძალიან მსუბუქმა ასწია ორი ნაბიჯით მაღლა, როცა ვერც ზიზღი დაინახა იქ და ვერც შეცოდება, -არასდროს. არც სურვილი მქონია. ნინოს… შენ დედაჩემს არ იცნობ, იცი რა მაგარი ქალია? ნინოს ვერ ვატკენდი გულს მაგდენად.
-ის არ სტკენდა გულს მამაშენის გასამწარებლად საზიზღარ ადამიანებთან რომ დაახლოვდი? არ გთხოვდა მათგან თავის შორს დაჭერას?
-რა მწარე ენა გაქ. -ჟრუანტელმა დაუარა ლუკას, -ნინოს ესმოდა ჩემი.
-და? ხშირად მოეძებნება დანაშაულს გამართლება, მაგრამ თუკი შეგიძლია უკეთესი იყო და ამას არ აკეთებ…
-არ შემეძლო. -თავი გადააქნია. სიგარეტს დაუწყო ძებნა.
-არ მოწიო ახლა. არ მსიამოვნებს მაგისი სუნი.
ღიმილით დააბრუნა ღერი თითქმის დაცარიელებულ კოლოფში, შემდეგ კი ჯიბეში და ოდნავ მიბრუნდა მისკენ გულზე ხელებდაკრეფილი.
-რატო ხარ მკაცრი ჩემ მიმართ? შენ ხო არ მიცნობ, ლაი, შენ ხო არ იცი ჩემზე არაფერი იმის გარდა, რასაც ივას ჩემთან მეგობრობა გეუბნება ჩემს შესახებ.
კანკალით შეისუნთქა ჰაერი ლაილამ.
-სახლში სულ შენი სახელი მესმოდა, -კბილებით დაიჭირა ტუჩები გოგონამ, თითქოს ვერ გადაეწყვიტა მოეყოლა თუ არა. -თამარას ისე უყვარხარ, საბას… დაკარგვამაც ვერ დაავიწყა შენი თავი. ლუკა ისეთია, ლუკა ისე თამაშობს ფეხბურთს, ლუკა ჭადრაკის ჩემპიონია, ლუკამ მათემატიკის ოლიმპიადაში გაიმარჯვა, ლუკა… ლუკა…
-და ბოლოს გაქცეული და დამალული გაგეჩითე. იმედგაცრუებული დაგტოვე, ხო?
-არა. -იმხელა სიყვარულით გახედა ლაილამ, გათქვა მაშინვე ყველა გრძნობა და საკუთარი თავიც, -გული დამწყდა…
-რატო? -ხელები ჯიბეებში ჩაიწყო მოსაფერებლად რომ არ გაქცეოდა.
-რა ვიცი. ჩემი გულწრფელი ემოცია ეგ იყო. ალბათ გქონდა საამისო მიზეზი… ისეთ ადგილას რომ დაბრუნებულიყავი, სადაც ყველაზე ნაკლებად გინდოდა ყოფნა. მაგრამ მერე ისე გამაბრაზე!
-არ გეტყობოდა რაღაც ბრაზი და უკმაყოფილება…
-ვერ შეამჩნიე ეტყობა, ზედმეტად იყავი დაკავებული ყველას და ყველაფრის ფეხებზე დაკიდებით. დარწმუნებული ვარ, დილით რო დგებოდი სარკეში იხედებოდი და იმ შენს უდარდელა გამომეტყველებას იყენებდი პირველ რიგში.
-ნწ, შენ გითვალთვალებდი ფანჯრიდან. -თვალები რომ აატრიალა ლაილამ, გაეღიმა ფართოდ, -მართლა გეუბნები. რით გაგაბრაზე?
-რომ იმალებოდი. ვაჟიკოს და ტატას რომ არაფრად აგდებდი, თითქოს იმათ დაგიშავეს რამე.
-შენს მაღალ სტანდარტებს ვერ მოვერგე?
-არ მაქვს სტანდარტები. -მთელი სხეულით მიბრუნდა მისკენ ლაილა, გაუსწორა თვალები, ლუკაც დაიხარა ოდნავ ერთმანეთის პირისპირ რომ დაეჭირათ სახეები. –„ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე“, ხო იცი? ამიტომ არ გეგონოს, რო მე ან ივას გადარებ, ან ვინმე სხვას ვინც შეიძლება ანალოგიურ სიტუაციაში შენს ადგილას სხვაგვარად მოქცეულიყო. მე შენ მინდა რომ იყო… თავაწეული და თავისუფალი შენს გადაწყვეტილებებში.
-სხვაგვარად არ დამიჭერ მხარს? -თვალები დააწვრილა ეშმაკურად, ოდნავ უღიმოდა. -გასაგებია, გინდა ჩემ გვერდით დგომა გეამაყებოდეს. ახლა შერყეული გაქვს ეგ პოზიციები…
-სამარცხვინო არაფერი გაგიკეთებია. ზუსტად ამას ვამბობ. უდანაშაულო ხარ და საქმეს მაინც ისე იქცევ, თითქოს შენ შეგეშალა რაღაც. რატომ დაიმალე? ახლა ხომ ხარ აქ, ახლა ხომ უარეს მდგომარეობაში ხარ ვიდრე თავიდან… მაგრამ აქ ხარ, ღელავ, მაგრამ არ გეშინია. შენ გეამაყება საკუთარი საქციელი?
-ხანდახან…. -ღიმილით გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა ყურსუკან, ხელი შეატოვა კისერთან და ნელა მიეფერა ათრთოლებულ კანზე. -არაფერი…
-მითხარი!
-არ მეამაყება, -ნაღვლიანად გაუღიმა, -მაგრამ ხანდახან რაც მე გავაკეთე, ის უფრო დიდ ძალას მოითხოვს, ვიდრე პრობლემებთან რქებით შეჯახებაა, ლაი.
-და რა გააკეთე…
-დავიმალე, ხო ასე ამბობ.
-მითხარი შენ რით ამართლებ, რამ მოითხოვა შენგან მაგხელა ძალისხმევა? -თავი გადახარა, ოდნავ ჩამოეყრდნო ზედ.
-ნინოს მოკვლით დამემუქრნენ, -ხმის კანკალის გარეშე გაუმხილა დაუძლეველი შიში მშობლის დაკარგვის. -გივიკოს დისთვის რამის დაშავებითაც მემუქრებოდნენ. იმ გოგოს სულ არ ვიცნობ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ერეკლემ მე მოვაგვარებ, ოღონდ შენ მომშორდიო. არც იმას ეამაყება დიდად ჩემ გვერდით დგომა… ლამისაა ეგეც გავამართლო.
თვალები მიეხუჭა ლაილას.
-მე მაგიტომ არ მითქვამს. -ხმა ჩაუწყდა, ისე ეტკინა გული თავისი სიტყვების გამო.
-ვიცი. შენ ქალი ხარ, რა სტატუსითაც შენ უნდა დადგე ჩემ გვერდით, მაგ სტატუსის დასამსახურებლად მე იმაზე მეტი მომეთხოვება, ვიდრე შვილს მშობლის წინაშე, შვილს, რომელიც თანადგომის და სიყვარულის გარდა არაფერს ელის მამისგან. ვიცი, ყველაფერი ისე ბავშვურად ჟღერს, როცა მამას ეჭიდავები ამხელა კაცი… დავუჯერე. მერე ვინანე. ბოლოს და ალბათ გვიანაც გავიაზრე, რო მამას კი არა იმ გრძნობას უნდა დავპირისპირებოდი საკუთარ თავში, რაც ჩემს ცუდ შვილობას მისაზღვრავდა. მაგრამ ამასაც ვერ მივხვდი, სანამ ძალიან, ძალიან მწარედ არ დავმარცხდი არასწორ მტერთან ბრძოლით. არა, არ მეამაყება არც ამ პრობლემის სათავეში მონაწილეობა და არც შედეგთან გამკლავების ჩემებური ხერხები.
უცებ მოიწმინდა ცრემლები ლაილამ. ძალიან მოუნდა ჩახუტებოდა, ისეთი იყო იმ წამს.
-რა გატირებს ახლა? წეღან კარგად ისმოდა სვანური ხის შრიალი შენგან…
-შენ თურქი ხარ? -სიცილ-ტირილი აუვარდა ლაილას.
-მე ძაან ქულ სვანი ვარ. ჩემს თავში ხის კონცენტრაცია ცოტაა.
-ნუ მაღიმებ. -მოაჯრის ჩააფრინდა გოგონა სუსტი ხელებით.
-რა ვქნა, კარგი ბიჭი ვარ. შენ ცუდები მოგწონს? -წარბები აათამაშა. ახლოს იყო მეტისმეტად მათი სახეები.
არ ენიშნა კარგად ლაილას არც ეს შეკითხვა და არც პასუხად მოყოლილი ლუკას თბილი სუნთქვა საკუთარ ტუჩებზე.
-არავინ მომწონს.
-მაკოცე. ვალი გამისტუმრე.
-გეყოფა, -აფართხალდა მოსაშორებლად, თუმცა ძალიან ვიწრო ადგილი დაუტოვა გასაქცევად და უფრო ნაკლები სურვილი, ისე სიამოვნებდა მისი სხეულის სითბო და ეს სურნელება, რაც სხვას არ ჰქონდა არავის. -ჩემი ნებით არ მიკოცნია, დაგავიწყდა?
-ვითომ ვერ მიხვდი…
-ნუ იცი ეს მზაკვრული შემობრუნებები. ჯერ რო რაღაცას აფუჭებ და მერე იმის ბრალი რომ არის, ვინც ვერ მიხვდა, რასაც აპირებდი.
-გაკოცე, ხო არ მიკბენია. რა გავაფუჭე?
ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა ლაილას დამრგვალებულ სახესა და ტემპერატურის აშკარა მატებაზე მის სხეულში.
-გე-ყო-ფა. -გულზე დაალაგა ორივე ხელი გოგონამ. უკან გადაიხარა მოსაშორებლად, თუმცა უარესი შედეგი მოჰყვა საკუთარ მცდელობას. უფრო მეტად აიკრეს სხეულზე. -რას აკეთებ? ვინმე რომ მოვიდეს…
-ჩემი სახლია, ვინც უნდა მოვიდეს. მიყვარს სტუმრები. შენ არა?
-ლუკა…
-დაუკაკუნებლად არავინ შემოვა და მანამდე მოვგვარდეთ ჩვენ.
-არაფერია მოსაგვარებელი. -სახე გაეყინა, მუცელი აუწრიალდა მღელვარებისგან. ეხუტებოდა ფაქტობრივად და არ იყო ჩვეულებრივი ეს სიახლოვე ლაილასთვის. პირიქით – განსაკუთრებული იყო ყველაზე მეტად.
-მაკოცე, -ლოყა მიუშვირა ჯიუტად.
-არ გენდობი.
-აუფ, გვიანია უკვე.
-არ გაკოცებ. -ხელები დაიხსნა მისგან ლაილამ, ისე აეჩეჩა მაისური, შიშველ წელზე აღმოჩნდნენ ლუკას ცხელი მკლავები პირდაპირ.
ისეთი ნასიამოვნები ჩანდა, გაიძვერული ხითხითი ვერ შეიკავა ვერაფრით.
-რატო, გოგო, რატო… გაიძულებ რამეს?
-ღმერთო ჩემო!
-ღმერთთან რა გინდა ახლა, გიშველა უკვე ჩემისთანა ბიჭს რომ ჰყავხარ მოქცეული მკლავებში.
-შენ ვერაფერს ვერ ხვდები, -ხმა დაისერიოზულა ლაილამ, ოდნავ შეეპარა კიდეც გულისწყვეტა ბგერებში, -ჩემთვის ეს… ეს მნიშვნელოვანია.
-ჩემთვის არ არი?
-არა! დღეს რა იყო ის მოსალმება? ბარემ სამხედრო სალამი მოგეცა.
-შენი ბიძაშვილის წინაშე მაგრად ჩაგკოცნი და მერე მითხარი თუ დაგაკლდება კიდევ ჩემგან ყურადღება… თან არ გელოდი, გული ამიფრთხიალდა. -ისე გამოთქმით წარმოთქვა ბოლო სიტყვა ღიმილი ვერ შეიკავა გოგონამ.
-რას იგონებ? -გული მართლა აუფრთხიალდა ლაილას. ლუკას კი არა, ასე ეგონა, მთელს ქალაქს ესმოდა მისი გადარეული პულსის ხმაური.
-დამაბნიე, თორე იმისი კი არ მეშინია, ვისაც ხის ასპროცენტიანი კონცენტრაცია აქვს თავში.
-ახლა გისმენდეს…
-არ მინდოდა შენ გეგრძნო თავი უხერხულად, -სხვანაირი გაუხდა ღიმილი, მიეფერა გიშრისფერ თმებზე. -თორე რა გგონია, არ გამიხარდა?
გულზე დაწყობილი ლაილას ხელებიდან ერთ-ერთი აიღო და აკოცა თხელ თითებზე ისე ფრთხილად, თითქოს არ უნდოდა კიდევ ერთხელ დაედოთ ბრალი, რომ იძულებული იყო გულიდან წამოსული მისი შეხება.
-იმ ქალს გაუგზავნე დაცვა? ნუ ხითხითებ ასე.
-კიდეც მოვწევ, კიდეც დავლევ, კიდეც ვიხითხითებ! რენეს ევალება ეგ. ჩემი მოვალეობა და პასუხისმგელობაცაა დავიცვა ის, ვინც ჩემ გამო შარშია.
-შენი შეყვარებული იყო?
-არა. ეჭვიანობ?
-არა. -ისე ირონიულად ჩაიფრუტუნა ლაილამ, გაეღიმა ლუკას.
-კაი.
-მართლა გეუბნები.
-ხო ვიცი, უბრალოდ განიცდი იმის სიტყვაზე რომ არ ის დამოკიდებული ჩემი ბედი. თუ გინდა ვთხოვ, ჩემი შეყვარებული ეჭვიანობს და არ მისცე ჩვენება, ჩავჯდები ციხეში…
-შენი შეყვარებული თუ ეჭვიანობს, მე რა შუაში ვარ?
-მაკოცე. -საწყის თემას დაუბრუნდა ისევ, ახლოს მიუტანა ტუჩებთან ლოყა.
-რატო გადამეკიდე?
-შეიძლება მაგრად მომხვდეს დღეს და მერე კაი ხანი ვეღარ აისრულებ მაგ ნატვრას. -ხერხემალზე აუთამაშა თბილი თითები.
თვითონ აკოცა თბილად ლოყაზე. არც მოპარული იყო ეს კოცნა და არც დაძალებული. მთლიანად მიენდო მის სხეულს ლაილა.
-შენ გამო ყველაზე მეტად მინდა, რო აღარ შემეშალოს არაფერი.
ფრთხილად მიაბრუნა სახე მისკენ გოგონამ. უცნაური გრძნობით უთრთოდა ტუჩები. სიმარტოვე და სიახლოვე მხოლოდ ართულებდა ყველაფერს. ფრთხილად შეეხო ლოყაზე და კანით იგრძნო, როგორ გაეღიმა. არ დაუნახავს.
-აჰა, ხო გადაგიხადე… -უკან გადასწია თავი ლაილამ, გაუსწორა თავისი აღელვებული თვალები ლუკას ეშმაკურად მოცინარს. -გავსწორდით.
-მე რომ მიყვარს ჩემთან ვალში რომ არიან?
-ღმერთო, შენ ვინ ხარ.. -თვალები აატრიალა ლაილამ უკმაყოფილოდ. გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით აუფრთხიალდა გული.
-ღმერთს ნუ ეკითხები, ეშმაკს ჰკითხე ჩემი ამბავი…
გადაჰყვა თან ლაილას სხეულს და აჩუქა პირველი კოცნა შეკავებული ღიმილით ათრთოლებულ ტუჩებზე.
სხვა ყველაფერი აირია თითქოს გარშემო.
თითქოს სამყარო შეთანხმდა არაფერს ეარსება ისეთს იდეალურს, იმდენად სანატრელსა და სამუდამოს, როგორც პირველი სიყვარულის პირველ შეხებას ტუჩებზე.
მხოლოდ იმათი გულები ფრთხიალებდნენ ადგილნაპოვნნი, ვინც სიყვარულის გამხელა გაბედა იმ საღამოს ავდრის ღრუბლით ამღვრეულ ქალაქში, სადაც არ ჩადნენ ვარსკვლავები.
უკუნ ღამეშიც შესაძლებელი ყოფილა პოვნა საკუთარი განთიადის.
ათასი ფიქრი ერეოდა თავში ივა ხორგუანს. ლუკას სახლიდან გასულს გზის ნახევარი აღარც კი ახსოვდა როგორ გაიარა.
ტვინში მოსწოლოდა სისხლი. საკუთარი სუნთქვა კი არა იმ ადამიანის შეჩერებული გულისცემა სჭირდებოდა თითქოს, რომ ეცოცხლა.
იმ მისამართზე გააჩერა მანქანა, სადაც სანდრა უნდა შეხვედროდა თავისი ტრაგედიის საეჭვოდ მთავარ გმირს.
ვიტრინიდან მოჩანდა სანდრას სხეული. მარტო იჯდა მრგვალ მაგიდასთან.
გაღებულ კარში ივას გამოჩენა სახეზე დაეტყო, რომ არ გაჰკვირვებია საერთოდ. ჩაეღიმა კიდეც, სანამ თვალი არ გაუსწორეს ერთმანეთს.
ჩაწითლებოდა ხორგუანს მზერა. ეტყობოდა ძლივს მოადგამდა ნაბიჯებს.
სანამ თავის ადგილს დაიკავებდა, მიუახლოვდა ქალს და ისე აკოცა ლოყაზე, თითქოს მისალმება კი არ უნდოდა სჭირდებოდა ეს შეხება.
გაკვირვებით ახედა სანდრამ.
-გამარჯობა… -გააყოლა მზერა მამაკაცის სხეულს, რომელიც მალევე მოთავსდა მის წინ და ნაომარი მზერა გაუსწორა. -მშვიდობაა?
-რაო, რა უნდა იმას?
-იმას არ ვიცი და მე ის მინდა, შენ რომ არ ჩაერიო და დამაცადო მოგვარება. ამისთვის მოხვედი?
-ვერ მოაგვარებ, -ქალისკენ გადმოიწია მთელი სხეულით, მაგიდაზე დაალაგა ხელები. -უნდა წამომყვე.
წარბები აზიდა სანდრამ. აღარ ეცინებოდა უკვე ასეთ საუბარზე.
-რას ნიშნავს „ვერ მოვაგვარებ“ და „უნდა წამოგყვე“?
-გივიკო ბურდული. გეცნობა სახელი და გვარი? თუ გინდა იმას დაველოდოთ და გეტყვის ვინ არის და რატომ არ ისჯებიან თვრამეტი წლის ბავშვის მკვლელები. -ჯიუტად არ წარმოთქვამდა ოთოს სახელს.
-ვიცი, ვინც არის. ოთო რა შუაშია არ ვიცი, მაგრამ შენ არ უნდა გქონდეს პასუხი მოსათხოვი მისთვის. საქმის მთავარ მოწმეს შენს ჭერქვეშ ეძინა, ბოლოს და ბოლოს, სანამ იმ ბავშვის ძმა სამართალს ეძებდა მარტო.
წამიერმა ღიმილმა გაუელვა თვალებში ივას. აათამაშა მაგიდაზე ხელები.
-უნდა წამომყვე.
-არა. -ღიმილით მიახალა უარი, -აჭარბებ საკუთარ უფლებებს. თანაც შეხვედრა მაქვს, ველოდები ადამიანს.
-ამ კაფეს გართმევს? -თვალი მოავლო იქაურობას ივამ.
-გცოდნია ყველაფერი.
-დაურეკე, რატომ აგვიანდება ჰკითხე. მიდი, დაგელოდები.
-რატომ იქცევი ასე უცნაურად? -ტელეფონი გვერდზე გადადო სანდრამ.
აღარც იყო სადმე გადარეკვა საჭირო, თავად შემოვიდა ოთო კაფეში. წყვილს რომ ჰკიდა თვალი, გაოცებით აზიდა წარბები მაღლა, ერთხანს შეყოვნდა და მოუახლოვდათ მერე გაოცებული სახით.
-ხელს ხომ არ გიშლით? -პასუხად ივასგან ისეთი მზერა მიიღო, რომ კი – აშკარად თავად იყო ზედმეტი ამ სიტუაციაშიც და ზოგადად სანდრას ცხოვრებაშიც.
-გარეთ დაგელოდები. -მშვიდად წამოდგა, თუ ზიზღმა წამოაყენა თავადაც ვერ მიხვდა ივა.
-არ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს? ბოლოს და ბოლოს, ერთი და იგივე ქალი მოგვწონს.
-ოთო! -ფეხზე წამოდგა სანდრა. წარბები აზიდა ივამ და ჯერ ქალს მოხედა, მერე იმ სიტყვების პატრონს.
-ივა, -ჯიბეებში განზრახ ჩაილაგა ხელები კაცმა, -ხორგუანი.
წამზე მეტხანს გაგრძელდა ოთოს მზერა. ან კარგი მსახიობი იყო, ან უდანაშაულო, თუკი არაფერი უთხრა გარკვევით წარმოთქმულმა გვარმა.
-კაკაბაძე ოთო. თუმცა გეცოდინება უკვე, ძალიან ახლოს ხართ, როგორც ჩანს.
-აქ და ახლა გინდა ამაზე ვისაუბროთ? -მიუახლოვდა ოდნავ ივა.
-სადაც გინდა და როცა გინდა.
-მე არაფერი მინდა. კაცისგან, რომელმაც არ იცის ქალის თანდასწრებით როგორ ისაუბროს, მითუმეტეს არაფერი მინდა.
-ეგ ქალი ხომ გინდა თვითონ… -წარბები აზიდა ირონიულად. ისეთი კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს რაღაც თქვა ძალიან ჭკვიანური.
სწრაფად ჩადგა სანდრა მათ შორის, სანამ ყველასთვის შესამჩნევი გახდებოდა ისედაც დაძაბული გარემოება.
-გარეთ გადი. -ცივად მიმართა ოთოს, -აღარ დაგინახო აქ, იცოდე.
-რა იყო, მე ხომ მაჭამე სირცხვილი, თვითონ არ მოგწონს გემო?
მშვიდად მოჰხვია მუცელზე ხელი ქალს ივამ. გაარიდა ოთოს სიახლოვეს.
-აქ არაფერი მოხდება, ტყუილად ცდილობ. აქედან გასული მე მარტო მოვალ შენთან შესახვედრად იცოდე, მაგრამ შენ მარტო მოსვლას არ გირჩევ.
-გეყოფათ. -მკლავზე მოქაჩა კაცს სანდრამ, -გთხოვ. არაფერში მჭირდება ახლა…
-წამო, -თვითონ აიღო სანდრას ჩანთა სკამიდან და ხელი ჩაკიდა. ოთოს მოუბრუნდა მერე, -ყურადღებით იყავი ტელეფონთან.
ცინიკური და ზიზღით სავსე მზერა აჩუქა ორივეს კაკაბაძემ.
-შენ არ გექნება მაგის სამყოფი ფული…
-შენ კაცობა არ გეყო ქალის შესანარჩუნებლად, ფულს დააბრალე. -უცებ მოუბრუნდა ივა კარიდან. სანდრას ისეთი განრისხებული მზერა ჰქონდა, ენაც კი გაუქვავდა. -მარტო არ მოხვიდე, აუცილებლად წამოიყვანე ვინმე, რომ წაგათრიოს, სანდრას სიახლოვეს კი არა, საერთოდ ნაბიჯის გადადგმას ვეღარ შეძლებ, ისეთს დაგმართებ.
-და-გე-ლო-დე-ბი, ხორგუანო ივა.

ჯიუტი მზერა შეაგება ქალის უსიტყვო წინააღმდეგობას. თავად გამოუღო კარები და მოათავსა მანქანაში. კაფის გასასვლელში იდგა ოთო და ბოროტი ღიმილით აკვირდებოდა სანახაობას.
სწრაფად მოსწყდა ადგილს ივას მანქანა.
-ამასთან გინდოდა ლაპარაკი? -ისე ჰკითხა, არც კი შეუხედავს მისთვის, იმდენად იყო განრისხებული. თავი რომ შეიკავა, თავადაც უკვირდა, -იმისთვის რამის გაგებინების იმედი გქონდა?
-გამოგიწვია, ვერ ხვდები?
-ხოდა, მიღებულია მაგისი გამოწვევა. რად უნდოდა, რა სარგებელს ნახავს დამტვრეული ძვლების გარდა? შენს თავს როგორ აკადრე საერთოდ ეგ არსება!
ფანჯარა ჩამოსწია ბოლომდე სანდრამ და სახე მიუშვირა. ცრემლებმა აუწვა თვალები, ისე ბრაზობდა.
-იცოდე, არ მიხვიდე, არ შეხვდე და ჩემი თავი მაგასთან გასარჩევი და მთელი ქვეყნის სალაპარაკო არ გახადო, თორემ ცხოვრებაში ვეღარ მნახავ.
-თავის სიტყვებზე აგებს პასუხს, შენ აქ არც შუაში ხარ და არც თავში.
-შენი დაცვა არ მჭირდება, -მკაცრად გამოხედა ივას, იმ თბილ ხმას ასეთი გამყინავიც თუ შეეძლო ყოფილიყო, ვერავინ იფიქრებდა. -მე მამაც მყავს და ბიძაშვილებიც, ვინც გასცემს საკადრის პასუხს.
-შენ გგონია იმან შენ გაგიბედა რამე? არა, მხოლოდ ის მოზომა, ჩემთან რამდენის უფლება აქვს შენთან მიმართებით. შენზე იმ სიტყვებით საუბარი მე გამიბედა და არა შენ. იმან საკუთარ თავს საკმარისი აკადრა, როცა ქალზე, რომელსაც ქმრობას უპირებდა, თქვა რომ „მოსწონს“. ჩემთან უკვე გაიზომა მაგისი ღირსება.
-ეგ სვანური კოდექსის რომელი მუხლია? -მთელი ენერგიით ცდილობდა ხმის კონტროლს გელოვანი, -ჩემზე ნათქვამი არცერთი სიტყვა შენი პასუხგასაცემი არ არის!
-რას მახსნევინებ ახლა უაზროდ? თითქოს ვერ ხვდები რაზე ვსაუბრობ.
-დავიცავდი თავს!
-არა. დაივიწყე თავდაცვის ცნება საერთოდ. -ღრმად შეისუნთქა ჰაერი ივამ.
-რატომ, შენ დამიცავ? -ცინიკურად ჩაეცინა ქალს. არავის დაცვა და მფარველობა რომ არ დასჭირვებია არასოდეს, ახლა კი ისე ელაპარაკებოდა ეს ჯიუტი კაცი, თითქოს თვითონ ითხოვა რაიმე მისგან.
არ მიუღია პასუხი თავის შეკითხვაზე, არასწორსა და არასწორად დასმულზე.
-შენ არ იცი ვის უპირისპირდები. -უთხრა, როდესაც მანქანა მრავალსართულიანი კორპუსებით გადაჭედილ ეზოში გააჩერა ივამ.
საზურგეს მიეყრდნო და თვალები მოისრისა დაღლილმა. -რომ დაპატიჟე მარტო არ მოხვიდეო, რა გგონია, მარტო აპირებდა მოსვლას? ამისთვის გცალია ახლა?
-ვის ვუპირისპირდები? შენ მითხარი, -ნელა მოაბრუნა თავი და ჯიუტად გაუსწორა თვალები.
ერთხანს უყურა სანდრამ ხმაამოუღებლად. ისედაც ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა, თვალებში ეტყობოდა, არავის თხოვნის და სიტყვის გამო არ იყო უკან დამხევი. ამან გააცოფა ქალი ყველაზე უფრო.
-მინისტრის შვილია.
-და? -წარბები აზიდა ხორგუანმა, -თვითონ ვინ არი ეგ მაინტერესებს, თვითონ რას წარმოადგენს… თუ ეგაა მაგისი მთავარი ღირსება, რის გამოც უნდა მოერიდოს ყველა – მინისტრის შვილობა.
-არ მინდა ორ კაცს შორის გარჩევის საგანი ვიყო, რთული გასაგებია, რასაც გთხოვ? შენ გგონია მე აქამდე არ შემეძლო მამა ჩამერია, თუკი დახმარება დამჭირდებოდა?
-მამამ რომ იცოდეს, არც მას დასჭირდებოდა შენი თხოვნა, ამიტომ გაეშვი…
-არ მინდა, ივა, არ წახვალ!
ღიმილიც მიემატა მაღლა აზიდულ წარბებს ივას დაღლილ სახეზე.
-შენი დახმარება მჭირდება, -აღარ გაუგრძელა ისედაც გადაწყვეტილ ამბავზე საუბარი.
მანქანიდან გადმოვიდა და როცა მიხვდა სანდრა, მისკენ კარის გასაღებად მოდიოდა დაასწრო და თვითონ გადმოვიდა დამოუკიდებლად. გაყინული სახით მიუხურა კარები და ისე ამოუდგა გვერდით სადარბაზოსკენ მიმავალს, რომ სიბრაზის შესაბამისი დისტანცია მაინც დაიცვა.
ლაილა და ლუკა იყვნენ მხოლოდ სახლში, მეტისმეტად შორს ისხდნენ ერთმანეთისგან, იმდენად ხელოვნური იყო მათ შორის მანძილი, რომ ღიმილი ვერ შეიკავა სანდრამ.
-ვა, ეს ვინ მოსულააა… -თვალი ჩაუკრა სტუმარს ლუკამ. -ნებითა შენითა თუ ძალითა ამისითა?
უხერხულად აიწურა ლაილა, ყველაფრის მოყოლა რომ მოუწია ივასთვის, რაც ქალმა გაუმხილა.
აივანზე რომ გავიდა ივა სასაუბროდ, მოწკურული თვალებით შეხედა სანდრამ წყვილს. სამზარეულოში გაყვა ლუკას წყლის დასალევად.
-რა გააფუჭე? სახეზე გაწერია ყველაფერი… -მხარი გაჰკრა, -წყალი დამალევინე.
-რა იყო დეჰიდრატაცია განიცადა შენმა ორგანიზმმა ჩემი ცეცხლოვანი ძმაკაცის გვერდით? -ეშმაკური ღიმილით ჩამოუსხა წყალი.
-ჰა, რაო, ჩიტებო, მალავთ ურთიერთობას? -მაცდური მზერით გახედა ჯერ სამზარეულოში შემოპარულ ლაილას, შემდეგ ლუკას.
-წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ. ხო, ლაი?
-სახე კი გაქვს მეტისმეტად კმაყოფილი იმისთვის, არაფერი რომ არ მომხდარიყო სანამ მარტო იყავით, აივანზე. -თვალი გააპარა ივას დაძაბული სხეულისკენ. -შემდეგში მოფარებულში ქენით ცოტა, რა ვიცი…
-მოგკლავ! -ცხვირწინ დაუქნია ლაილამ საჩვენებელი თითი ლუკას, მუქარით ჰქონდა სავსე თვალები. -დაგახრჩობ!
-ჯერ მაკოცე… -ოდნავ გადაიხარა წინ, აივნისკენ ეჭირა ცალი თვალი.
სწრაფად შეაქცია გვერდი ლაილამ. სანდრას მიუახლოვდა.
-არ მინდოდა… მე უბრალოდ…
-კოცნა? -წარბები აზიდა ქალმა, ღიმილით გადაიდო ფეხი ფეხზე.
-არა! არა, არც ეგ…
-ანუ გაკოცა?
-ივასთვის რომ მეთქვა ოთოზე… უბრალოდ, შემეშინდა, რაღაც უცნაურად დაკავშირდა ყველაფერი ერთმანეთთან, არ ვიცი შენთან როგორ იყო, მაგრამ არ ჩანს კარგი ადამიანი ეგ ბიჭი.
-მე ისედაც არ ვმალავდი ოთოსთან რომ ვაპირებდი შეხვედრას, ლაი, -ხმა დაუთბა სანდრას, თუმცა მაინც იგრძნობოდა შენარჩუნებული სიმკაცრე მის ხმაში. -არ ვარ პატარა ბავშვი, რომელიც ვერ ხვდება ვისთან აქვს საქმე. მესმის, რომ დახმარება გინდოდა, მაგრამ შემდეგში აღარ ჩაერიო.
-რამე მოხდა?
-შეხვდნენ ერთმანეთს, ოთოს არ ესიამოვნა და გამოიწვია შენი ბიძაშვილი, -ტელეფონზე საუბარს არ წყვეტდა ივა, მის ზურგს გაუშტერა ქალი თვალმა, -ჩემი თანდასწრებით არაფერი უთხრა ამან, მაგრამ არც უპასუხოდ დატოვებს. ეს არ მინდოდა, ხვდები?
ფეხზე წამოდგა და მშვიდად გავიდა აივანზე, როგორც კი საუბარი მოათავა ივამ. ჯიბეში დააბრუნა ტელეფონი და წამიერად გამოხედა გვერდით ამომდგარ ქალს.
-გისმენ. რაში გჭირდება შენ, ყოვლისშემძლეს, ჩემი დახმარება.
-ოთოს ჰყავს პატარა ძმა, -თავი გვერდზე გადახარა ივამ, გაუსწორა თვალები. -კარგი ბიჭია?
-ძალიან.
-ოთოსავით?
-რა შედარებაა, გიო ძალიან კარგი ბიჭია. -აივანზე დადგმულ საქანელაზე ჩამოჯდა სანდრა, ფეხი ფეხზე გადაიდო და პლედი მოიფარა შემცივნულ სხეულზე. -რატომ მეკითხები, ივა?
-კარგად იცნობ?
-ძირითადად ამერიკაში ცხოვრობს, იქ სწავლობდა, შემდეგ მუშაობაც დაიწყო. აქ იშვიათად ჩამოდის, მაგრამ ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ კარგი ადამიანია.
-წასვლამდე იცნობდი?
-შორიდან. -ქალაქს გახედა, -მე და ოთო კლასელები ვიყავით, გიო ჩვენზე ორი წლით არის უმცროსი. ისე ვიცნობდი, როგორც კლასელის ძმას იცნობენ. მოუსვენარი და თავქარიანი ბიჭი იყო, თუმცა უზრდელი არასოდეს. გათამამებული ჰყავდა ყველას, როგორც უმცროსი შვილი, მაგრამ ისეთი არაფერი დაუშავებია არასდროს… ლუკასთან რამე კავშირშია? რატომ მაყოლებ მის ამბავს?
-იმ ზაფხულს, როცა ეგ ბავშვი ქვეყნიდან წავიდა, ვიღაცამ ჩემი ძმა მანქანით გაიტანა და ადგილზე დატოვა, ქუჩაში. მეგობრები მესტიაში წავიდნენ, საბა გვიან აპირებდა მათთან შეხვედრას და სახლიდან ფეხით გავიდა. ღამე იყო. ზემო სოფელში მიდიოდა მეგობართან, მერე ერთად წავიდოდნენ მანქანით. საბა მეგობართან არ მისულა. ვერ… -ისე ყვებოდა ამ ამბავს, როგორც კარგად დაზეპირებულ ცუდ ლექსს. სანდრას კი წამიერად ეცვლებოდა ემოციები სახეზე. -მხოლოდ მანქანის ფერი ვიცით – წითელი, პრიალა… საბურავები ძვირადღირებული. ღამეში მეტი არაფერი ჩანდა იმის გარდა, როგორ გარბოდა ეს მანქანა სოფლის გზაზე მაქსიმალური სიჩქარით. გამოძიება ვინმე ვიტალი ტვილდიანმა ჩაიბარა. უეცრად დანაშაული საკუთარ თავზე მთელს სვანეთში ყველაზე ღატაკმა კაცმა აიღო, რომელსაც მთელი სამი სოფელი ეხმარებოდა საკვებით და ტანსაცმლით, ხუთი შვილი რომ გაეზარდა როგორმე. ნელ-ნელა გამოიცვალა იმათ სახლში ფანჯრები და სახურავი. ბავშვებმა და ცოლმა ახალი ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყეს. დახმარების სურვილი არ გამქრალა ხალხში, უბრალოდ ვეღარ უბედავდა ვერავინ ისედაც საუკეთესოდ ჩაცმულ-დახურულ „მკვლელის“ ოჯახს თავიანთი გამონაცვალის კადრებას და სახლში გამომცხვარ პურს. ლუკას ბიძა, მინდია, არაფრით ჩუმდებოდა, ეტყობოდა, რომ არ სჯეროდა იმ კაცის მკვლელობის ამბავი. არავის სჯეროდა. ერთი დანჯღრეული „ადინაცატი“ ჰყავდა, რომელსაც მთელი სოფელი აწვებოდა, რომ დაქოქილიყო. ახლა ირკვევა, რომ ეს ჩვენი ვიტალი, რომელიც მაშინ უბრალოდ ინსპექტორი იყო, სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნულა. შენი ოთო მისი ნათლულია, იცი, კიდევ ვინ არის მისი ნათლული? გივიკოს სამი მკვლელიდან ერთ-ერთი. უჩა ჟღენტი, რომელიც ბავშვის ბიძაშვილს, სასაფლაოზე მისულს დაადგა დანარჩენებთან ერთად და იცი, რა უთხრა? რომ მეგობრები იყვნენ, რომ უთანაგრძნობდნენ და ხსოვნის თქმა უნდოდათ. ამდენს უკანასკნელი არაკაციც არ იკადრებს. უბრალოდ, იცი რა დაანახეს იმ კაცს, რომელიც სამართალს ეძებს? ვიცით, რაც დავაშავეთ, დაგვიჭირე, თუ მაგარი ხარ. მაგრამ რას დაგვიჭერ, მამაშენი ხო მინისტრი არ არის, შენ ხო არ გაქ საკმარისი ფული უდანაშაულობა კი არა სიმართლე მაინც იყიდო.
თვალმოუცილებლად ისმენდა სანდრა მონაყოლს. სუნთქვა მხოლოდ მაშინ გაახსენდა, გულ-მკერდი რომ აუწვა უჰაერობამ.
ყველას ესმოდა სახლში ივას ნაამბობი. ნიკო ბურდულიც ბევრი ბოდიალის შემდეგ იქ დაბრუნებულიყო, სადაც მკრთალად მაინც ხედავდა იმედს სიმართლის პოვნის.
-მამას დაველაპარაკები, ვთხოვ დაგვეხმაროს გარკვევაში, -ფეხზე წამოდგა სანდრა, პლედი დაკეცა უცებ და მიაფინა საქანელაზე. -ასე ხელს ვერ დავადებ ვერავის, ივა.
-ანუ არაფერი იცი? საეჭვო არაფერი გაგიგია მაგათ გვარზე არასდროს?
-ჭორებს რა გამოლევს ამ ქალაქში, მითუმეტეს როცა ყველა გიცნობს… მაგრამ ისეთი არაფერი, რაც შენს ეჭვებს გაამყარებს.
-მე გავიგე რაღაცები, -ქაღალდები მოაბნია მაგიდაზე რენემ. ისე ხმამაღლა დაიწყო საუბარი, აივანზე მყოფთა ყურადღებაც მიიქცია.
შინ შეატარა ივამ ქალი.
-ეგ ტიპი, ვინც შენი ძმის ამბავი თავზე აიღო, ორი წლის წინ გლდანის ციხეში გადმოიყვანეს. ჩემი ერთი ნაცნობის საკანში… შევხვდი. სვანია ისიც – გუჯეჯიანი რატი. -ორი წამით გაუსწორა ივას თვალები, ხომ არ იცნობო. -მოკლედ, დაახლოებით იგივე მოუყვა მასაც, რაც ისედაც ვიცით ყველამ. არ უთქვამს სახელი და გვარი, მაგრამ ახსენა „ლეგა“, ეს კაცი მიუგზავნიათ მასთან. ვის დაშავებულს იღებდა თავზე, ისიც არ იცის, მაგრამ გასარკვევია ვინ არის ეს ლეგა. იქეთ თუ გყავთ ვინმე სანდო, ვისი ჩარევაც ამ საქმეში…
-გვყავს. გაარკვევს. -თითებით მიანიშნა, გადადიო შემდეგ საკითხზე.
-ჟღენტი შეხვდა ოთოს. დღეს. შონია და ცერცვაძე თავს იკავებენ გამოჩენისგან. ერთს ავადმყოფი დედა ჰყავს, მეორე საერთოდ უპატრონოა და სულელებს აყოლილი. უჩას იმედად არიან დარჩენილები და ამიტომაც არ იღებენ ხმას. რაღაცას აპირებენ სავარაუდოდ, ამიტომ შენ მარტო ვერ წახვალ ვერსად. -ლუკას გაუსწორა თვალი რენემ.
-ბებია მყავს განგსტერი, იმას წავიყვან. -ცივად გაუსწორა თვალები ფილფანმა. -მარტო წავალ და დაამთავრეთ რა. საქმეს მიხედეთ. ჩანაწერებს აღადგენენ მალე. მოითხოვეთ კიდევ ერთი მოსმენა, ან რა ვიცი, რამე და დროზე მოვრჩეთ ამ მასკარადს. შევხვდები, ვნახავ რა უნდა, რამის გაკეთების რო ჰქონდეს, აქამდე გამტრუპავდა.
სვანეთის უბნის აღმართს აუყვა ლუკა. ღია ჯინსის შარვლის ჯიბეებში ჩაელაგებინა ხელები და საკუთარ ნაბიჯს უყურებდა.
რამდენჯერ წაქცეულა ამ ქუჩებში, რამდენჯერ მოუპარავს ხილი მეზობლების ეზოდან ქუჩაში გადმოზნექილი ხის ტოტებიდან ვინ მოთვლის.
უყვარდა ცაცასთან დარჩენა. მაგარი ქალი იყო ბებიამისი. ნინოს დედა – ცაცა ტატიშვილი. ქმარი მაშინ მოუკლეს, ნინო რომ ერთი წლის ჰყავდა. ერთადერთი ქალიშვილისამარა დარჩენილს თავის გადასარჩენად კაცობაც უწევდა და ქალობაც.
ყველა ერიდებოდა ცაცას აწეულ წარბს და სიგარეტით დაბოხებული ხმით საყვედურის მოსმენას.
-ახ, „გოსპაძი“! -ჭრიალით გამოაღო ხის კარი და ხელები სიხარულით გაშალა, თავისი საყვარელი შვილიშვილი რომ შერჩა.
სიგარეტი ეჭირა ცალ ხელში, ტუჩებზე ასეთ დროსაც ესვა უცნაური ფერის ტუჩსაცხი და თავისი ერთგული მარგალიტის ყელსაბამიც ეკეთა.
-ცაცა, შე ძველო! სალამი უბადრუკი და ტუტუცი შვილიშვილისგან. მიმიღებ, გოგო?
-ოხ, ნე მაგუ შენი ბჟუტური. შემო, ბიჭო! -ორივე ლოყაზე აკოცა ბიჭს და თვითონვე მოაშორა პომადა.
-ჰაუ არ იუ, ცაცა? როგორაა საქმე კა-გე-ბეში? ამაგრებ უბნის პენსიონერთა საბჭოს? -მრგვალ მაგიდასთან ჩამოჯდა ლუკა. -დაყარა ლამარა კეჭაყმაძემ იარაღი და გაღიარა ბოლოს და ბოლოს ავტონომიურ რესპუბლიკად?
დაბერებულიყო ცაცა. ვეღარ დადიოდა ისე სხარტად.
-პენსიონერი ბებიაშენია, პრისტუპნიკ! რამ გაგახსენა ჩემი თავი?
-მე შენ სულ მახსოვხარ, ცაცუშ. გოგო, იცი რა მაინტერესებს? მე ხო შენი ერთადერთი მემკვიდრე ვარ?
-არ ვკვდები ჯერ. რა გინდა? -სიგარეტი ჩაასრისა ნარჩენებით სავსე საფერფლეში ქალმა.
-რა მინდა და აი ის იარაღი, ლოგინის ქვეშ რო მალავ.
გაჩერდა ცაცა ცოტა ხნით. ეჭვით გამოხედა შვილიშვილს.
-შენ რა იცი, ბიჭო, მე სად ვმალავ იარაღს?
-კაი, რა, ბებო. მათხოვე ერთი დღით.
-არა. არავითარ შემთხვევაში! ტი სუმა საშოლ? შენ ეგ სათამაშო ხომ არ გგონია! -საფეთქელზე მიირტყა ბეჭდებით დახუნძლული ორი თითი ქალმა. ვერცხლისფრად შეეღება ფრჩხილები. ღერა-ღერა შერჩენილი წარბები შეკრა.
-კაი, ჩემს თავს გაფიცებ, ცაცა.
-ვის რად უნდიხარ, რომ მაფიცებ, დურაკო! რად გინდა-მეთქი იარაღი?
-კი არ მინდა, მჭირდება. უფრო სწორად, შეიძლება დამჭირდეს. თავდასაცავად. მიდი რა, ნუ იქცევი ძაან ჩვეულებრივი ბებოსავით.
მოჭუტული თვალებით უყურა ერთხანს ქალმა.
-კაცის მოსაკლავად კი არ მინდა.
-აბა, სამარიაჟოდ?
-დაგიბრუნებ ხვალ დილით. მიდი რა…
რუსულად ბურტყუნით წამოდგა ცაცა სკამიდან. ლასლასით გავიდა თავის საძინებელში და ნაქსოვი ჩანთან გამოიტანა ოთახიდან.
გახსნა. იარაღი ამოიღო და დაუდო წინ შვილიშვილს.
-ან მამაშენს ესროლე, იმ ტუპიაკს, ან არავის. პონიალ? -თვალი გაუსწორა ცაცამ. -რომ ამომიტან, სიგარეტიც ზემოდან მოაყოლე. „პარლამენტი“.
-ძმა ხარ! -ქამარში ჩაიდო ლუკამ იარაღი, ფეხზე წამოდგა და ჩაკოცნა გემრიელად მოხუცი.
-კაი, კაი, ხვაწიტ უჟე! -შეწუხებული სახე კი ჰქონდა, მაგრამ სიამოვნებდა ამგვარი მოსიყვარულება ლუკასგან. -ასტაროჟნად იყავი, ხომ გაიგე?
კარამდე მიაცილა შვილიშვილი, ხელზე დაქაჩა და მოაბრუნა თავისკენ.
-თუ რამე ისეთს აპირებ, არ დამენახო აქ. თავს მოგჭრი მთელი ვერა-ვაკის მასშტაბით და არამარტო.
-ცაცაჩკა, -თავი მეზობლის აივნისკენ აიქნია ლუკამ ეშმაკური ღიმილით, ზაქრო ბაბუა იჯდა იქ და სიგარეტს აბოლებდა. ეს კაცი სულ ასეთი იყო, ოცი წლის წინაც და ახლაც. -რა ბლაგაროდნი ბიჭია?
-მოუსვი აქედან! -მხარზე შემოარტყა ქალმა საყვედურით. -დურაკ!
დიდ ხანს უყურა ცაცამ მიმავალ შვილიშვილს. ისე გაიზარდა, თითქოს გუშინ არ ყოფილიყოს მეორე კლასის მოსწავლე, გადაყვლეფილ მუხლებს რომ ეზოს ონკანს უშვერდა ჩამოსაბანად.
-ცაცა, კოფე ხოჩიშ? -გამოსძახა ქალს ზაქრომ მეორე აივნიდან.
-დავაი, რა, ზაქრო! -მინების ჟღარუნით გამოიჯახუნა ცაცამ ხის კარები. -ბაბნიკ!
*
-მოვიდა ჩვენი დროის გმირი! -მაგიდასთან იჯდა უჩა ჟღენტი. ფეხი ფეხზე გადაედო და ღიმილით შეჰყურებდა სტუმარს.
-შენი დრო წავიდა, უჩაჩო, -ხმაურით გამოაჩოჩა სკამი ლუკამ.
მიყრუებული ქუჩის მიტოვებულ იტალიურ ეზოში ეპოვათ ბინა. უფრო სწორად, ცერცვაძე ზურიკო ცხოვრობდა აქ და მასთან მიიპატიჟეს ლუკა თანამზრახველებმა.
სიგარეტის და არაყის სუნად ყარდა იქაურობა. იატაკიც ყოველი ფეხის დადგმისას ჭრიალებდა. გარედან შემოდიოდა მანქანებისა და ძაღლების ყეფის ხმა.
-მე არ ვაპირებ არსად წასვლას. რაო, ელაპარაკე საყვარელს? თანახმაა ყველას გვიმასპინძლოს, როგორც მაშინ… იმ საბედისწერო ღამეს?
-არ არის თანახმა. არ შემითავაზებია არაფერი. -უდარდელად შეეპასუხა ფილფანი. გაკვირდა უჩა.
-რატომ მერე? მოგბეზრდა თავისუფლება? თუ თვითონ სიცოცხლე… -წინ გადაიხარა. საზიზღარი ხმა ჰქონდა. გული ერეოდა მის შემყურეს. -ახლა აღარ მოგწონვართ?
-როდის მომწონდით? -რამდენიმე წამით მიაშტერდა ცერცვაძეს, მან ვერ გაუძლო ლუკას მზერას და ფანჯრიდან ძველისძველი ფარდა გადასწია. კვამლი გაუშვა. -როდის გეძმაკაცებოდით? როდის მოგეცით რამის იმედი?
-აპ, აპ, აპ! დაასტოპე… ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთ…
-კი, მახსოვს.
-გავიგე ხშირად ჩერდება ბურდულის მანქანა შენს ეზოში, -მოუთვალიერა სხეული, -მაგრამ ნაცემს არ ჰგავხარ…
-არც შენ ჰგავხარ მკვდარს. იქვე უნდა დაეკალი, იმ ბავშვის საფლავზე მისვლა რომ გაბედე აწეული თავით. სასიკვდილო ხართ ყველა. რას ერჩოდით, რა გინდოდათ სამივეს ერთად კი არა ცალ-ცალკე ვერ მოგერეოდათ თვრამეტი წლის ღლაპი!
-ხმას დაუწიე.
-დავუწიო? რატო, ჩურჩულით მოსმენილი სიმართლე უფრო გესიამოვნება?
-ბიჭო, შენ რა აგივარდა თავში გამაგებინე? ვისი იმედი გაქ? თუ დაგავიწყდა, როგორ გაგაქცუნა მამაშენმა როგორც კი თითი დაგიტკაცუნეთ? -მისკენ გადაიხარა უჩა.
-უჩა! -გამაფრთხილებლად მიმართა მეგობარს ზურიკომ.
ადამიანს აღარ ჰგავდა. სინანულს შეეჭამა მისი ისედაც გალეშებული სხეული.
-შენ ვისი იმედი გაქვს? კაკაბაძის?
-ამას დამიხედეთ ერთი, -ირონიულად ჩაიფრუტუნა კაცმა. ისეთი მახინჯი იყო მისი სახე იმ წამს, ისეთი უსახური და არაადამიანური, ნიკო ბურდულის მოთმინება ყველაზე მეტად იმ წამს დააფასა ფილფანმა.
-მიყურე რამდენიც გინდა, -სკამის საზურგეზე გადაწვა ლუკა კომფორტულად, აქაოდა, აქ ვარ და არსად წასვლას ვაპირებო. -რისთვის დამიბარე მითხარი და დაგტოვებთ. ვინმემ არ იფიქროს, რომ აქ თქვენთან ერთად ვი-მა-ლე-ბი.
-ფულისთვის. ფული გვჭირდება ყალბი პასპორტებისთვის და მესაზღვრეების…
-რამდენი გინდა? ხუთასი ლარი გეყოფა? -ჯიბეები მოიქექა, ტყავის საფულე ამოიღო და ხუთი ასლარიანი დაუდო მაგიდაზე მომღიმარმა.
-დამცინი?
-აბა რა ფულს მთხოვ, დებილი ხარ? რომელი ოლიგარქი მე მნახე?
-არ გაგეცინება მამაშენს რომ მოგისვენებენ ფეხებთან, დედაშენზე ისედაც იცი. თუ დედინაცვალზე… -გაუღიმა საზიზღარი ღიმილით.
სისხლი მოაწვა შუბლზე ლუკას. -ხორგუანებზეც ვიცი, იმათზეც, ვინც იმ სოფელში გყავს…
-გაწვდებით სამი კაცი მაგდენს? აშკარად მარტო ხართ დარჩენილი და ვის სთხოვოთ დახმარება, აღარ იცით.
სანადირო დანა წვერით დაასო მაგიდას უჩამ. დააბზრიალა საჩვენებელი თითით.
-არაო ოთუშკებიმ? არ დაგეხმარებითო? არ მოგწმენდთო ნამუსს? -ფეხზე წამოდგა ლუკა, ცინიკურად დააცქერდა ზემოდან საცოდავ სანახაობას. -როგორ ვნანობ, რო თქვენი სიტყვა რამედ ჩავაგდე საერთოდ… სასამართლოში შევხვდებით. გაბედე და ვინმეს შენი ბინძური საცეცებით მიეკარე, ჩემი ხელით დაგმარხავ ცოცხლად.
-შენ რისი გაქ, ბიჭო… -ფეხზე წამოიმართა უჩა ჟღენტი.
აწეული წარბებით გაჩერდა მის წინ ლუკა. მომღიმარმა დახედა ყვითელ შუქზე ბაცად აპრიალებულ დანას.
-მე გაგაფრთხილე. შენ შეგეძლო დახმარება… მაგრამ მატრაკვეცობა არ გიშვებს… -მხარზე ხელი დაადო, -მოკითხვა გადაეცი ოთოსგან ივა ხორგუანს. სხვისი ქალის დევნას ძმის მკვლელი ეძიოსო, ასე გადმოგცათ.
მოულოდნელად იგრძნო ფერდში რაღაც ისეთი ბასრი, თითქოს კანი კი არა სული დაუნაწევრა ერთი შეხებით ათას ნაწილად.
სისხლის გემო იგრძნო პირში, სიმწრის ტკივილისგან გაეღიმა და უკან წაიღო ხელი.
-მაგ სირს ასე გადაეცი, თავიანთი ქალებისთვის სხვების ხელით სხვისგან არ ითხოვენ-თქო პასუხს… -დააფურთხა სისხლი ჟღენტის ფეხებთან. -მაგრამ მაგას ისიც ვერ გაუგია რა ეკუთვნის და რა არა, ვის რა უნდა მოსთხოვოს.
-რას აკეთებ? -უკან გამოაგდო ზურიკომ დანაშემართული უჩა. -იარაღი აქვს!
-ოლა ჩიკას! -წიხლით შემოამტვრია ისედან მონგრეული კარი მაისურაძე რენემ, ორივე ხელში იარაღი და თავი გამარჯვებულივით ეჭირა. ნადავლივით შეჰყურებდა ვირთხებივით გამოჭერილ ჟღენტსა და ცერცვაძეს.
-ნაბოზარო! -ორად მოკეცილი ფილფანისკენ გასწია დანით უჩამ.
-რა სიტყვებია, იქნებ არასრულწლოვანი ვარ? -ფეხებში გაისროლა ზუსტად, ადგილიდან დაძვრა რომ ვერ მოეხერხებინა გამწარებულ, სიძულვილით დამახინჯებულ კაცს.
ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ ოთახში პოლიციელები. მუქარით გაათრიეს გარეთ უჩა ჟღენტი, მის უკან მშვიდად და მორჩილად შესდგომოდა თავის გზას ცერცვაძე ზურიკო.
-ესაა… არ გამოგყ…ვებითო-ო? -ძლივს ლაპარაკობდა უკვე საკუთარ სისხლნასვამი. ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და გარდაიქმნა შავ სიცარიელედ.
გადაუვარდა ხელი ჭრილობიდან ლუკას.
-სასწრაფო სად არი?! -იქვე მიყარა იარაღი რენემ. მთელი ძალით დააწვა ჭრილობაზე, -რა ჭირი ხარ, ბიჭო, ასეთი! სასწრაფო, ოე!
..
„არ ხარ შენ ნინოს შვილი, სხვა ქალის შვილი ხარ. არ უყვარდი იმას და მიგატოვა. არც ნინოს უყვარხარ, უბრალოდ სხვა შვილი არ ჰყავს და შენ ეცოდები.
-გაჩუმდი, გაჩუმდი… -ყურებზე იჭერდა ხელს ოთახის კუთხეში მოკუნტული პატარა ბავშვი, თითქოს ასე შეაჩერებდა იმ ხმას, რომელიც გარედან კი არა შიგნიდან მოდიოდა სინამდვილეში.“
..
„-დე, ჭამე ნაყინი. ნახე, მამამ მოგიტანა.
-არ მინდა. -ცრემლები გადაყლაპა. რაღა ნაყინი მოუტანა, ხომ იცოდა, მის გამო რომ აღარ უყვარს. -შენ გქონდეს ორივე.“
..
„-მა, ნახე! -მინიატურული ოქროს თასი ეჭირა ხელში, გულზეც მედალი ეკიდა დიდი ერთიანით. -მოვიგე. მე მოვიგე.
-ლუკა, არ მცალია ახლა. გადი ოთახიდან.
ჩამოუშვა ხელი პატარა ბიჭმა ოქროსფერი კულულებით და უზარმაზარი ლურჯი თვალებით. მეტი რაღა უნდა მოეგო მამის გულის მოსაგებად.
გადაყლაპა კიდევ ცრემლები.
არაუშავს, გადავდოთ ცოტა ხანი სიხარული, მამა რომ მოიცლის მერე გაგვიხარდეს.“
..
„-ცაცა, მომაწევინე რა…
-მოუსვი, ბიჭო, აქედან! -ფანჯარა გამოაღო ქალმა, ცალი თვალით ჩახედა სიგარეტის კოლოფს. რომ დავუშალო, უფრო არ მოესურვოსო გაიფიქრა.
-კაი რა, პაჩემუ ტი ასეთი მკაცრი?“
..
„ივა მოდის ვაკის პარკთან. ცალი ხელი პატარა გოგოსთვის ჩაუკიდებია. იქნება ასე ცხრა წლის. ლამაზი კაბა აცვია, ვარდისფერია. თმები ისეთი შავი აქვს, ლუკას არასდროს უნახავს ოდესმე მსგავსი, არასდროს მოსწონებია აქამდე რამე ისეთი, რასაც შავი ფერი ექნებოდა.
-ლაი, ნაყინი გინდა? -ჯიხურთან შედგა ბიჭი, ლუკას ხელი დაუქნია შენც მოდი ჩვენთან ახლოსო. -ლუკინო, შენ არ შეჭამ?
-არა, არ მიყვარს ქუჩაში ნაყინის ჭამა.
გოგომ აწყლიანებული თვალებით ამოხედა. როგორ უნდოდა ნაყინი და ახლა ხომ შერცხვებოდა ქუჩაში ჭამის.
-პარკში ჩავიდეთ. ყველაფერი შევურიოთ, ხო? -მხოლოდ თავი დაუქნია ლაილამ, -შენ მართლა არ გინდა ნაყინი?
-არა. -გოგოს დახედა ზემოდან.
ისედაც წელიწადში სამჯერ ხედავდა ივას, სულ არ მოეწონა დამსწრე რომ ეყოლებოდათ ბიჭებს საუბარში.
-ეს არ ლაპარაკობს? -სკამის კიდეში მიყუჟულ ლაილას გახედა გვერდულად. ნაყინის ჭამამდეც და მერე ხმა არ ამოუღია.
-კი ვლაპარაკობ, უბრალოდ შენთან მრცხვენია. -გამოხედა, ძალიან მშვიდად უთხრა და ისევ გაიხედა სხვაგან, ფოთლებს შორის გამოკეტილ ცაში…“
..
დასაკითხი კამერიდან დაღლილი სახით გამოვიდა მაისურაძე რენე.
ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ივა და ნიკო, ფაქტობრივად ერთდროულად მიაბრუნეს თავები მისკენ.
-დასრულდა ოპერაცია? -მესამე თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა თვითონაც.
არაო თავი გააქნია ივამ და გაუსწორა თვალები.
-რა გითხრეს?
ხმაამოუღებლად უყურა ყინულივით ცივი ხმის პატრონს. არ იცნობდა ამ კაცს რენე, არ იცოდა რისი გამკეთებელი იყო, რამდენად ღრმა ჰქონდა მოთმინების ფიალა.
-ამოღერღე. -წარბები აზიდა გაღიზიანებულმა.
-ფულის გადახდას დაპირდა კაკაბაძის ბიჭი, ოთო, გააქცევდა და გააპარებდა, თუკი შენ გაგასაღებდა. ლუკას დაჭრა პირველი ნაწილი იყო მაგათი შტერული გეგმის, მთავარი შენ ხარ. სხვის ქალს თავი დაანებოსო, ასე შემოგითვალა.
-და ეგ ასე პირდაპირ აღიარეს ამათმა? -ხმა ძლივს ამოიღო ნიკომ.
-ცერცვაძემ აღიარა, ის უარყოფს. შეშინებულია. -კედელს მიეყრდნო კეფით რენე, -მესამე სად ჯანდაბაშია, ეშმაკმა უწყის. იმ ოთოს მაგარი ჰკიდია რას იტყვიან ესენი, ამათთვის გადასახდელ ფულს ადვოკატებს მისცემს და ისე მოაყომარებს ამ ამბავს, თითქოს გივიკოს ამბავში უნდოდათ ლუკას ჩათრევა და მაგიტომაც შელაპარაკდნენ.
-გივიკოზეც… აღიარა? -ჰაერს რომ სუნთქავდა, მაშინღა იგრძნო ბურდულმა პირველად ამდენი ხნის განმავლობაში.
-ჩათვალე მოგებული გვაქვს ეგ საქმე, -მხარზე ხელი დაადო ნიკოს მაისურაძემ, თვალი გაუსწორა. -ახლა მთავარია ლუკა გამოფხიზლდეს და სასამართლოზე დასწრება შეძლოს. და შენ იმ ტიპის აგიტაციებს არ აჰყვე, გაიგე?
-მოდი მაგას მე თვითონ გადავწყვეტ, კაი? -ფეხზე წამოდგა ივა, -ყველამ თავის საქმეს მიხედოს.
-მაგ ტიპმა შენზე ყველაფერი იცის, ივა. ძმის მკვლელს რომ ეძებ, მაგ ამბავშიც მშვენივრად არის გარკვეული. ბოროტია და შერცხვენილი. ყველაფრის მკადრებელთან არა აქვს აზრი მუშტების ქნევას.
ისე უყურებდა ხორგუანი ამ სიტყვების წარმოთქმისას, თითქოს ყველაფერში ეწინააღმდეგებოდა. პასუხიც კი არ დაუბრუნა რენეს ახსნა-განმარტებებს, ისე აქცია ზურგი და გაშლილი მხრების რხევით მიატოვა იქაურობა.
-რატო მქონდა იმედი, რო დამიჯერებდა… -თავისთვის ჩაიბუტბუტა და თვალები მიხუჭა, -რა შტერები არიან ესენიც, მეგონა ნორმალურად მაინც დაგეგმავდნენ შემდეგ ნაბიჯებს. აზროვნებაც კი არ მიწევს საქმის გასახსნელად.
ნელა მოაბრუნა თავი მისკენ ნიკო ბურდულმა, ამოიოხრა ერთხელ და მხრებში გამართულმა დატოვა მანაც რენე მაისურაძე თავის ფიქრებთან.
გრძელ დერეფანში მხოლოდ ნინოს ცრემლების ხმა ისმოდა.
ცალკე იჯდა ერეკლე. კედელს ისე მისჩერებოდა როგორც სიკვდილმისჯილი იმ თოფის ლულას, რომელმაც შუბლი უნდა გაუხვრიტოს.
თეთე და ლაილა ამოსდგომოდნენ ორივე მხრიდან ქალს. უშედეგოდ ცდილობდნენ მისთვის იმ სიმშვიდისა და იმედის მიცემას, რასაც მხოლოდ შვილისაგან მიიღებდა ნინო.
სანდრა მიმღებში ესაუბრებოდა ექიმებს. წყალი მიუტანა ჯერ ერეკლეს და შემდეგ ნინოს. მის წინ დაიხარა და მუხლებზე დაადო ორივე ხელი ქალს.
-ამ საავადმყოფოში საუკეთესო ექიმები მუშაობენ. მამა ორჯერ გადაარჩინეს სიკვდილს. ახლა ექთანს შევაპარებთ ამბის გამოსატანად, არ ინერვიულოთ, კარგი?
ინსტიქტურად დაუქნია მხოლოდ თავი ქალმა. ძლივს მოსვა ერთი ყლუპი წყალი.
-არ მოსულა? -ივაზე ჰკითხა ლაილას. კარისკენ ეჭირა უძილობით ამომწვარი თვალები. თავის გაქნევით მიიღო მხოლოდ უარი.
ნაცნობმა ნომერმა რომ გაანათა ტელეფონის ეკრანი, ეზოში გავიდა საპასუხოდ.
ბრაზი და ბოღმა კისერში უჭერდა. წინ რომ ჰყოლოდა, ალბათ მხოლოდ იმისთვის დაივიწყებდა თავშეკავებას, რომ მისი სახე დაემახინჯებინა უარესად.
-რა გინდა?
-ჭიშკართან გამოდი.
ხმამაღლა გაეცინა ქალს მის სიტყვებზე.
-ის სვანი ახლა შემოვიდა ეზოში, გვერდი აუარე და ჩემთან გამოდი.
-ოთო, რა გინდა ბოლოსდაბოლოს? -თვალი გამოაყოლა სადრამ ივას მანქანას. უცნაური, უსიამოვნო შეგრძნება აუგორდა მუცელში.
არ სურდა მისი მოტყუება.
-მოეწონებათ შენებს ახალი სასიძო? სარფიანად უნდოდათ შენი გათხოვება და რა ვიცი, რა აქვს მაგას იმდენი, შენნაირი ქალი რომ დააკმაყოფილა?
-, -არაფრით იმჩნევდა სახეზე იმ მძაფრ და აუტანელ შეგრძნებებს, რაც შიგნიდან ჭამდა. -მამაჩემმა რომ გაიგოს, ცოცხლად დაგმარხავს.
-ნახე, ვინ დაგალაპარაკო…
-სანიიი, -სიხარულით ჩაჰყვირა პატარა ბიჭის ხმამ ყურმილში. -ოთიკომ გამომიყვანა ბაღიდან, ნაყინი უნდა ვჭამოთ, შენც ხო წამოხვალ?
-ანდრი, მიაწოდე ყურმილი ოთოს. -შიში დაეტყო თვალებში, მიბრუნდა სასწრაფოდ, როგორც კი საკმარისად მოუახლოვდა ივა, -ბავშვს როგორ მიეკარე? ასეთი ნაძირალა როგორ ხარ, მოგკლავ!
-გელოდებით. დროზე. არ მაქვს თქვენი ნერვები. მაგას არაფერი უთხრა, თორემ მე და ანდრია ისე დაგემალებით, რო ვერავინ გვიპოვოს, ხო ანდრი?
გათიშული ტელეფონი და აბნეული გზა შერჩა ხელებში სანდრას.
ფერგადასული მიბრუნდა ივასკენ.
-ვინ იყო? -ჯერ უღონოდ დაშვებულ ხელს გახედა, შემდეგ ქალს გაუსწორა თვალები, სიცარიელით სავსე.
-რა კითხვებია… -თავს გაღიმება დააძალა, -რა ხდება, დააკავეს სამივე?
-ერთს ეძებენ.
ტელეფონმა ისევ მოუსვენრად ატეხა ზუზუნი. ყინული გადაევლო ახლიდან სხეულზე სანდრას.
-გისმენ, მამა, -უპასუხა მშვიდად, ჩაეცინა იქედან მოსაუბრეს, ბავშვის ტიტინი ისმოდა შორიდან.
-გიყურებთ. გამობრუნდი და წამოდი.
-მალე გამოვალ, კარგი, არ ინერვიულო. -შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო ტელეფონი, -ექიმებს ვესაუბრე. ბიცოლაჩემი მუშაობს აქ და ექთანი შეუშვეს ამბის გასაგებად. ერთი საათით გავალ და მოვალ მალე.
გვერდის ავლა უნდოდა, წელზე რომ დაადო ხელი ივამ და დააბრუნა საწყის პოზიციაზე, ოღონდ უფრო ახლოს საკუთარ სხეულთან.
ასეთი დაძაბული, ასეთი რთული მასთან სიახლოვე აქამდე არასდროს ყოფილა სანდრასთვის. მაშინვე აწრიალდა ტელეფონი უკანა ჯიბეში.
-გთხოვ, არაფერში ჩაერიო. არ შეხვდე, არ დაუკავშირდე, არ დაელაპარაკო საერთოდ იმ ტიპს. -შუბლით მიეყრდნო ქალის შუბლს, თვალები მიეხუჭა წამიერად, თითქოს თავს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ტელეფონი არ ჩერდებოდა, -უბრალოდ დამაცადე, კარგი?
-კარგი… შედი ლუკასთან, -მხარზე შეეხო ფრთხილად, -მალე მოვალ.
მუხლები უკანკალებდა სიარულისას.
ცრემლები, საკუთარი უძლურება და ბოროტების სიდიდე ახრჩობდა. ასეთი არაფერი დაუშავებია, ამის ფასი არ იყო მისი დანაშაული, რომ არასოდეს დამთავრდა წამება.
ბავშვი მიიხუტა ამოვარდნამდე მისულ გულზე და ისე გახედა მომღიმარ ოთოს, მთელი სამყაროს ზიზღი დაიტიეს მისმა თვალებმა.
-ბავშვი მიმაყვანინე სახლამდე და რაც გინდა ის ქენი მერე, -დაღლილმა გადაყლაპა ყველა ცრემლი.
მცხეთის გზაზე შეაჩერა მანქანა ოთომ. პეიზაჟს გამორეცხილი თვალებით შეჰყურებდა სანდრა, თითქოს არ აინტერესებდა სად იყო და ვისთან ერთად. თითქოს არ აშინებდა საერთოდ ამ კაცთან სიმარტოვე.
ფანჯარა ჩამოსწია კაცმა.
-ბოდიშიც არ მოგიხდია, -სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან.
ცინიკურად ჩაეღიმა ქალს.
-შენი და რომ ცოცხალია, მამაჩემის დამსახურებაა, ჩემი დამსახურებაა. ისე მიმატოვე ბოდიშიც არ მოგიხდია, მთელი ქვეყნის სათრევი გახადე ჩემი სახელი.
-შეგახსენო შენ რა გააკეთე? რა გამიკეთე? შეგახსენო რატომ არ შემიძლია შენ გვერდით მშვიდად ჯდომა? სადაც ჩემი ყოველდღე ნათქვამი „მადლობა“ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დღემდე არ მაყვედრიდე იმ ფულს, რომელსაც აუცილებლად დაგიბრუნებ… -სუნთქვა შეეკრა ქალს, -ჩემი ბოდიში შეცვლის რამეს? თანაც საერთოდ არ ვთვლი თავს დამნაშავედ შენს წინაშე. შენ დაიმსახურე შენი ნათრევი სახელი, რომელიც თავად გაიხადე სათრევი! ვინ დგას მაგ სახელის უკან? კაცი, რომელიც შანტაჟით ინარჩუნებს ქალს? ვის გვერდით უნდა მდგომოდა ყოფნა, არარაობის, რომელიც ყოველდღე მახსენებდა ფულს, რომლითაც მიყიდა?
ზიზღიანი მზერით ისმენდა ყოველ სიტყვას ოთო. შიში ჯერ კიდევ არ იყო ისეთი ძლიერი, სიამაყის ჯებირები რომ დაენგრია ამ ქალის თვალებში.
-არ გაგახარებ არავისთან, იმ სვანთან მითუმეტეს. აქამდე ჩემთან მოსვლაც ვერ გაბედა, რად გინდა მაგისნაირი უტრაკო კაცი? აა, თუ შენც ეგ არ მოგწონს? ვიღაცაზე ძლიერად რომ გრძნობ თავს, ადამიანების კონტროლი რომ შეგიძლია.
-შენთან მოსვლა ვერ გაბედა თუ შენ გარბიხარ მისგან სასოწარკვეთილი? მე მაშანტაჟებ, ხომ ასეთი სუსტი გგონივარ, შენ ხომ ვერ გაგაკონტროლე და ხომ მაგიტომ მიგატოვე, -მთელი ტანით მიბრუნდა მისკენ სანდრა. უწევდა უკვე ხმას საგრძნობლად. -იქ არ გყავდა? მისულიყავი და მისთვის გეთქვა, რაც გქონდა სათქმელი, დისშვილით რომ მაშანტაჟებ, არაკაცო!
-ცოლობაზე რატომ დამთანხმდი, თუ უნდა მიგეგდე მეორე დღეს?
-დაგთანხმდი? დაგთანხმდი?! -მზერა შეეშალა ქალს, -ნახევარი თბილისი შემიკრიბე და ისე მთხოვე ხელი, მაშინ უნდა მექცია ზურგი, მაშინ უნდა შემერცხვინე! მითხარი, „კი“ გიპასუხე? გთხოვე განვმარტოვებულიყავით, რომ დაგლაპარაკებოდი და რა გააკეთე, ნაგავო!
-გოგო, გაჩუმდი! -ჰაერში აღმართა გაშლილი ხელი ოთომ, წარბიც კი არ გატოკებია სანდრას. ჯერ ხელს შეხედა, შემდეგ იმის პატრონს და აგრძნობინა ნათლად, როგორ გაანადგურა იმ აწეული ხელით ისედაც წართმეული და გათელილი საკუთარი ღირსება ამ ქალის თვალებში.
-დამარტყი, ეგეც იკადრე ბარემ. მიდი!
-არ მინდოდა დაძალება, -საჭეს მიეყრდნო შუბლით ოთო, -არ მინდოდა… არ დაგაძალებდი, ხომ იცი, არ დაგაკარებდი ხელს…
-არ მაინტერესებს, რას გააკეთებდი და რას არა. შენ ჩემთვის მაშინ დამთავრდი, როგორც კაცი და როგორც ადამიანი, როცა ეგ გაიფიქრე, როცა თვალებში დაგეტყო შენი ყველა სურვილი, მარტო რომ გამომკეტე იმ… იმ სახლში და, ღმერთო! იცოდი, არავინ მეყოლებოდა მშველელი და შენ ეგ გიხაროდა, გინდოდა მომენტის გამოყენება!
-გაჩუმდი, გაჩუმდი! -საჭეს ურტყამდა უკვე თავს.
-და მე მოგიხადო ბოდიში? რისთვის? მე რომ შენს წინაშე შეშინებული ვიდექი და შენ ერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამს უკან? მეჩვიდმეტე „არა“-ზე რომ გაჩერდი? პირველი რომ ვერ გაიგე?
-არაფერი დამიშავებია… არაფერი… -ბუტბუტებდა თავისთვის შეშლილივით, არ უნდოდა, მაგრამ კარგად ესმოდა ყოველი სიტყვა.
-აუცილებლად უნდა დაგეშავებინა, დამნაშავე რომ იყო? შენს ბინძურ სურვილებში გამოჩნდა შენი კაცობა. ახლა რაც გინდა ის იფიქრე თავის დასამშვიდებლად. მიგატოვე კი არა თავს ვუშველე… და კიდევ შენ ხარ ღირსებაშელახული? ყველას თვალში ისედაც მე ვარ საკუთარ თავში გაურკვეველი, გაუმაძღარი და დაუნახავი ქალი! ნეტავ ჩემი სიცოცხლისთვის ყოფილიყო ის ფული… არ დაგთანხმდებოდი, მოვკვდებოდი და იმ გზას არ გამოვივლიდი მეორედ! ხომ გინდოდა გენახე შეშინებული, დამცირებული, ნაყიდი და გაუფასურებული, ხომ გინდოდა! დაკმაყოფილდი? დაედო ფასი შენს ძალას და სახელს, იგრძენი თავი კაცად?
-მამაშენი მენდობოდა, ყველას ვუყვარდი შენს ოჯახში შენ გარდა. -მორყეულ ხმაში გამოუჩნდა შერყეული პოზიციები კაკაბაძეს. ჩაუწითლდა თვალები შეკავებული გრძნობებით.
-მაშინ რომ მოხვედი და მითხარი დამეხმარებოდი ჩემი დისთვის ოპერაციის დაფინანსებაში… მეგონა შენზე დიდი გულის პატრონი არ არსებობდა სამყაროში, ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი შენი თავი რომ გამოაჩინა ჩემს ცხოვრებაში. შენ იცოდი ანანოს მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში, -მხოლოდ დის ხსენებამ შეურყია ხმაში სიმტკიცე სანდრას. გული გაეყინა ოთოს, ამ ემოციის მიზეზი თვითონ რომ ვერაფრით გახდა ამ ქალის ცხოვრებაში. -მაშინ ისედაც მქონდა დაფინანსების იმედი… მაგრამ ამას ერთი წამითაც არ შეურყევია ის მადლიერება, რაც შენ მიმართ ვიგრძენი. მერე შეწყდა ყველა დაფინანსება, იმედები გადაგვიწურეს ექიმებმა მე და ჩემს ოჯახს. შენ ჩემ გვერდით იდექი ამ დროს, მეგონა… ღმერთო! და თურმე შენი მიზეზით ყოფილა ყველაფერი, შენ წინაშე ვალში გინდოდა ვყოფილიყავი, მერე უკეთ რომ მოგეთხოვა ჩემგან დრო, ყურადღება, პაემნები, ვალდებულება შენ გვერდით ყოფნის. გამაბი. მამაჩემის სახელს საერთოდ როგორ ახსენებ… უყვარხარ, კი, ოღონდ შენი ნამდვილი სახე კი არა ის კაცი უყვარს, ვინც ჩემი სიჩუმის წყალობით ხარ მის თვალში. იცოდე გადაგიხდი, ყველაფრისთვის…
-არ გიხდება ეს მუქარა, -სიმწრით გაეცინა ოთოს. -არ ხარ იმ მდგომარეობაში აქეთ მემუქრებოდე…
-არც შენ გვერდით ყოფნა მიხდებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, მიწევდა. ვალდებული ვიყავი. რამდენჯერაც სწორად მოქცევის შანსი მოგეცი, იმდენჯერ მანანე საკუთარი საქციელი.
-ყველასთვის სანატრელი იყავი. ყველასთვის სასურველი. ნიკუშა ცირეკიძეს პირველი კლასიდან უყვარდი. -მთვარეულივით საუბრობდა კაკაბაძე, -მისნაირად რამდენი იყო კიდევ სკოლიდან და სკოლის გარეთ. შენ ყველაფერი იცოდი, ყველაფერს ამჩნევდი და ზედმეტი მზერა არ გაგიმეტებია არავისთვის. იმხელა ფასი დაადე საკუთარ გამოხედვასაც კი, ვინ გაგწვდებოდა შენ? ჩემს ძმას აუბი ერთხელ მხარი. რაც არ დაუშავებია, იმას აბრალებდნენ და ჩემთან ერთად შეხვედი დირექტორის კაბინეტში, სიმართლე რომ გეთქვა. კარში შეგატარე და შენ გამიღიმე მადლობის ნიშნად. მეტი არაფერი ყოფილა, მაგრამ…
-და შეგიყვარდი? -ცინიკურად ჩაეცინა ქალს. მართლა შეიცვალა იმ დღის შემდეგ ოთო.
-ვიგრძენი, როგორ შეიცვალა ყველას დამოკიდებულება ჩემ მიმართ. მარტო იმის გამო, რომ შენ ჩამთვალე ღირსად. და მე მაგ გრძნობამ შემჭამა. მინდოდა სულ ასე გაგრძელებულიყო. ახლაც ვერ ველევი…
თავი გადააქნია სანდრამ. ჩამოსწია ფანჯარა ამ კაცის სულის სიბინძურისგან რომ დაცლილიყო აქაურობა.
-წამიყვანე სახლში, დამღალე უკვე. მოგყიდი კაფეს და შემეშვი. -თვალები მიეხუჭა დაღლილობისგან.
-არ შემიძლია. პრინციპის საკითხია უკვე. -პირველყოფილი ფერი დაიბრუნა ოთომ, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. -დაურეკე და უთხარი, რომ ჩემთან ხარ.
-ვის? -თავი მოისულელა ქალმა. საცოდავისთვის განკუთვნილი ღიმილი ვერაფრით მოიშორა სახიდან.
-ხორგუან ივას.
-თავად გეშინია? -არაფრით გამოართვა მობილური.
ყურთან მიიტანა ტელეფონი კაცმა.
-ივას სალამი, -გამაღიზიანებლად გაწელა სიტყვა. ხმამაღალზე ჩართო, სანდრასაც რომ გაეგონა მისი ლაპარაკი.
-სად დამემალე?
-შენ არ მეძებ სათანადოდ, ძმაო, შენ. -სანდრას რეაქციას აკვირდებოდა. -თორემ ვისაც უნდოდა ჩემი პოვნა, გვერდით მიზის. ჩემი მშვენიერი საცოლე.
სახე დაეჭიმა მრისხანებისგან სანდრას. ხმის ამოღებას არ აპირებდა.
-შენ თავისი ნებით ვინ მოგიჯდება გვერდით, -ჩაეცინა ივას. ფანჯარაში გაიხედა ქალმა სიტყვებით გამოწვეული ემოციები რომ მოერიდებინა ოთოს თვალებისთვის. -ვინმე წამოიყვანე-მეთქი, რომ გითხარი, ის არ მიგულისხმია. ძალიან გინდა შენს სირცხვილს უყუროს? ასეა? შენ სხვისი პირით შემოთვლილი მუქარა პირში მითხარი.
-ოხ, გადმოგცეს? სანდრას არ სცოდნია, -ქალის გაკვირვებულ სახეზე გაეღიმა, -რატომ არ უთხარი? არ უნდა იცოდეს, რომ დავხოცეთ კაცებმა ერთმანეთი მისი გულისთვის? ის ბიჭი ვისთვის კვდება, არ უნდა იცოდეს?
პირველი ცრემლი მაშინ დაინახა ქალის სახეზე, ამ სიტყვების წარმოთქმა რომ დაასრულა.
-მოგკლავ. დაიმახსოვრე მნიშვნელობა ამ სიტყვის. მოგკლავ და მის გამო არც მკვდარი დაგერქმევა და არც ცოცხლად დარჩენილი, ეს იცოდე. ხელს ვერ დააკარებ.
-შენი შემეშინდება?
-უკვე გეშინია…
-არ გინდა დემაგოგია, -ხმა გაეყინა ოთოს. კარს დაეჯაჯგურა სანდრა გასაღებად, ჩაკეტილი ჰქონია თავიდანვე. -აირჩიე, ან სანდრა ან შენი ძმის მკვლელის სახელი და გვარი.
-გაკეთებული მაქვს არჩევანი დიდი ხანია შენს მოჭრილ თავზე. დროზე ამოღერღე სად ხარ, შენს ძმებსაც აინტერესებთ ძალიან.
სხეული დაეჭიმა მათი ხსენებისას კაკაბაძეს. დაძრა მანქანა ადგილიდან.
უკარნახა მისამართი და ფანჯრიდან მოისროლა მაშინვე ტელეფონი.
თავი მერვე
საძირკველი
მინდია და ვაჟიკო გაბულდანები თბილისში ჩამოვიდნენ.
მამა-შვილს ერთნაირად ეზარებოდათ ქალაქის აურზაური, მაგრამ როგორც კი ლუკას ამბავი გაიგეს, წამიც არ დასჭირვებიათ მშობლიური იფარის დასატოვებლად.
პირდაპირ საავადმყოფოში მივიდნენ.
პირველად უნდა შეხვედროდა ვაჟიკო იმ კაცს. ლუკას მამას. ბიძამისს.
ის ქალიც იქ იქნებოდა ალბათ, დედინაცვალი.
სუნთქვა გაუჭირდა უცებ.
გაბრუნება მოუნდა, მაგრამ როცა მინდიას გახედა, რაღაც უჩვეულო სიმსუბუქე იგრძნო გულში.
თავაწეული მიაბიჯებდა მინდია დერეფანში. არავის იქ ყოფნა არ ადარდებდა ლუკას გარდა და იმხელა სიამაყით აევსო გული, სიმართლე რომ დაინახა მამის გაშლილ მხრებში, თავადაც ასწია ნიკაპი სათანადო სიმაღლეზე ვაჟიკომ.
ყველაზე ცხადად პირველად მაშინ იგრძნო რას ნიშნავდა, როდესაც საამაყო მშობელი ედგა გვერდით.
ნინომ მაშინვე იცნო მინდია. იმდენად ჰგავდა ლუკა ბიძამისს, შეუძლებელი იყო კავშირი არ დაეჭირა უცხო თვალსაც კი, გამზრდელ დედას ხომ საერთოდ.
ერეკლეს გახედა მაშინვე. ფეხზე იდგა უკვე ისიც და ჩამქრალი მზერით, ძალაგამოცლილი შეჰყურებდა მათ სხეულებს.
-გამარჯობა, ნინო. -ხელი ჩამოართვა ქალს მინდიამ. უდიდესი მხარდაჭერა გაიცვალა მათ თვალებს შორის.
ვაჟიკოც კი მხრებში გასწორდა ქალის წინაშე პატივისცემის ნიშნად.
-მინდია... -სკამზე ჩამოჯდა ისევ ქალი.
ლაილა ორი წყლის ჭიქით მოდიოდა დერეფნის ბოლოდან. ფეხს აუჩქარა აღელვებულმა, როგორც კი ნაცნობი სახეები დაინახა.
თვითონაც აუჩუყდა გული, მაგრამ გადაყლაპა ცრემლები.
წყალი მიაწოდა ქალს და ჩაეხუტა მაშინვე ვაჟიკოს. თმებზე აკოცა მანაც ლაილას. თვალი რომ გაუსწორა, მისი ყველა ეჭვი გამართლდა, გამართლდა ყველაფერი, რასაც პირველივე დღიდან ყვიროდა ხმამაღლა.
-დასრულდა ოპერაცია. ყველაზე რთული... გადავიარეთ. -ამოთქვა ქალმა, -ამხელა გზაზე...
-გთხოვ, არ გვინდა ამაზე საუბარი. -ფრთხილად გააწყვეტინა მინდიამ, -გონს არის? ან ივა რატომ არ არის აქ?
-არა, ჯერ არ გამოსულა ნარკოზიდან. ივა... -ლაილას გახედა დაბნეული თვალებით ნინომ, -აქ იყო... ცოტა ხნის წინ.
-ვიღაცამ დაურეკა. -შეშინებული თვალებით გახედა მინდიას გოგონამ.
რენე შემოვიდა ამ დროს საავადმყოფოში. გამოეცვალა. ისევ ერთ ღილზე ჩახსნილი თეთრი პერანგი და ლურჯი ჯინსი ეცვა. საქმიანი გამომეტყველებით მოემართებოდა მათკენ ამბის გასაგებად.
უკმაყოფილოდ გააყოლა მას თვალი ვაჟიკომ. შეიშმუშნა. ისეთი მიხვრა-მოხვრა, გამომეტყველება და აღნაგობა ჰქონდა ამ ახალგაზრდა კაცს, რომ უნებლიედ მოუნდა ასეთი ყოფილიყო თვითონაც. თან არც მოსწონდა ეს თანამედროვეობა. ამ ქალაქმა საერთოდ დააბნია!
-გამარჯობა, -თავის დაკვრით მიესალმა უცხო ადამიანებს, -რამე სიახლე ხომ არ არის?
-დასრულდა ოპერაცია. ყველაფერი კარგად იქნებაო ექიმმა.
-სახლში რომ წამობრძანდეთ? -მხარზე დაადო ქალს ხელი რენემ.
ოხ, რა მანერებია... წარბები აზიდა ვაჟიკომ.
-მოწესრიგდით, რამე მიირთვით და შემდეგ მე თვითონ მოგიყვანთ აქ.
-არა, მადლობა, შვილო. -მადლიერი თვალებით ახედა ქალმა რენეს. -რა კარგი მეგობრები ჰყოლია ჩემს შვილს...
ცრემლიანი თვალები მოავლო ყველას. გულში სიმწარე ჩაეღვარა, თითქოს მინდიას იქ დგომამ შეცვალა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერაფრით შეურყია დედობრივი ინსტიქტი, შესისხლხორცებული შეგრძნება საკუთარი შვილის სიყვარულის.
-ლაილა წაიყვანეთ, არც უძინია, არც უჭამია...
-არა, აქ მირჩევნია. -უცებ იუარა. ყველას გაეღიმა რატომღაც.
-არ შევალ უშენოდ, -მიეფერა მას ნინო, -აქ რომ გიყურებ ასე გადაღლილს, შენზეც ვდარდობ. ივას ამბავი ხომ არ იცი, რენე, შვილო?
-თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ, საქმეზეა გასული. -მინდიას გამოხედა შემდეგ, ხელი ჩამოართვა. -რენე, ივას და ლუკას მეგობარი, ზოგადად ადვოკატი.
-მინდია, ლუკას ბიძა. -ხელი ჩამოართვა კაცმა, -გავიდეთ გარეთ, გული მეხუთება აქ.

*
სინათლეებიც კი არ აენთოთ სახლში.
შინ არც შესულა სანდრა, ეზოში პატარა სკამზე იჯდა თვალებგაშტერებული. ყველაფერი გაიხსენა მიმდევრობით - როგორ მივიდა აქამდე, როგორ ვერავინ იფიქრებდა რამხელა შეურაცხყოფისა და დამცირების ატანა რომ უწევდა სინამდვილეში. სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
მოადგა მალევე ჭიშკარს ორი მანქანა ორწამიანი ინტერვალებით. მარტო გადმოვიდა ივა თავისი ავტომობილიდან. მალევე იპოვეს მისმა თვალებმა ქალის სხეული, განმარტოვებული, არაქათგამოცლილი და უემოციო.
წამოდგა მაშინვე სანდრა.
მეორე მანქანიდან ძმები კაკაბაძეებიც გადმოვიდნენ აღელვებული სახეებით. მალე მოადგათ მესამე მანქანაც ჭიშკართან - რენე და მინდია მოსულიყვნენ ერთად.
-ჩაჯექი მანქანაში, -თავისი გასაღები გაუწოდა ივამ. იმდენად ბრაზობდა მასზე, რომ ნორმალურად ვერც კი გაუსწორა ქალს თვალები.
შუქები აანთეს სახლში. ეზოც მაშინვე გაანათა ბაცმა სიყვითლემ.
არ დაუწყია ზედმეტი ახსნა-განმარტებები სანდრას. სძულდა ეს მდგომარეობა და საკუთარი თავიც იმ წამს.
წამიერად შეხედა მხოლოდ ხორგუანს გაყინულ სახეზე და საპასუხო მზერა რომ ვერ დაიმსახურა, გავიდა იმ სახლის ეზოდან, სადაც ყოფნა ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო მისთვის.
-კარგად ხარ? -ორივე მხარზე ხელები დაადო რენემ. -არ ინერვიულო არაფერზე. ჩაჯექი და ჩვენც მოვალთ მალე.
მხოლოდ გაუღიმა ქალმა.
მათი შეხვედრის პირველი დღე მოაგონა ივას მანქანაში მგზავრის ადგილის დაკავებამ.
ახლა ნეტავ იქ იყოს, ნეტავ სამუდამოდ იქ დარჩენილიყო ჟუჟასთან, ნეტავ კიდევ ერთხელ შეეძლოს აქაურობის მიტოვება, ყველა პასუხისმგებლობის დავიწყება.
-მოხვედით? -მაგიდაზე ფეხები შემოალაგა ოთომ. თავის ძმებს აჩუქა რაღაც უცნაური მზერა.
ივას მხრიდან ვერავინ მიხვდა, რა იყო ამ მზერის სარჩული.
რენემ წარბები აწკიპა გაოცებით.
-აბა, მარტო მოვალო? -ივას გაუსწორა ამჯერად მზერა, მის უკან გაიხედა, სანდრას ეძებდა თვალებით. -სად არის ჩვენი სანდრა?
-ოთო, გეყოფა. -ხმა გაიწმინდა გიორგიმ.
გააჟრიალა ივას, ერთადერთი ეჭვმიტანილი იყო გიორგი კაკაბაძე საბას საქმეში და ისიც ისეთი თვალებით იხედებოდა, ისე საუბრობდა, ვერაფრით დააბრალა მკვლელობა და სისხლიანი ხელები ამ ხმის პატრონს.
გამოსწორებული არაკაციც ვერ შეძლებს იყოს ასეთი.
-რა გინდა მითხარი ერთი, -თითით ანიშნა ივამ, მოიწიე ჩემკენო, -მოდი, თვალი გამისწორე და მითხარი, რა არ გასვენებს?
-გაეშვი სანდრას. რთულია?
-ოთო! -შუათანა ძმაც ჩაერია სიტყვაში, არცერთს სიამოვნებდა ასეთი ძმის დამცველად იქ დგომა.
სიკვდილს ინატრებდა ივა მის ადგილას.
-ბიჭო, თქვენ რატო შემე*ით? -ძმებს მიუბრუნდა ნირწამხდარი, გაშლილი ხელებით. -ამის მანქანაში ზის ჩემი...
-მაგ კისერს მოგიგრეხ, -წაეტანა ხელით მოთმინებაგამოცლილი ხორგუანი დაგრძელებულ კისერში, ახლოს მიუტანა სახე. -აკონტროლე ნაცვალსახელები.
-ივა, გაუშვი, -მხარზე დაქაჩა რენემ.
ზიზღით შეუშვა ისედაც ხელები. გული ერეოდა უკვე.
-შენი არ არის, თავისი ნებით ჩაჯდა სანდრა ამ ადამიანის მანქანაში, -მშვიდად ცდილობდა გიორგი ყველაფრის ახსნას. თვალებში უყურებდა უფროს ძმას. -არ უნდა შენთან. აღიარე ბოლოსდაბოლოს და შეეშვი ადამიანების წამებას! თავს რო იმცირებ, ვერ ხვდები?
-თქვი სახელი და გვარი, სანამ გაგიტეხე ეგ დებილი თავი. რა იცი ჩემი ძმის მკვლელზე?
-და მე რას მივიღებ სანაცვლოდ? -მოუღერა დიდი გული ცინიკურად. მიიღო შესაბამისი პასუხიც მოღრეცილ სახეში. სისხლი წასკდა სანაცვლოდ ცხვირ-პირიდან.
ხელში ჩააფრინდა გიორგი. ვერ მისცა მაინც წაქცევის უფლება.
-მშვიდად მოვაგვაროთ, -წინ გადაუდგა ივას გუგა, შუათანა ძმა.
-ამათ მაინც რას ერჩი, შენი არაკაცობის თრევა და მოთმენა რომ უწევთ, ჰა? -არც კი შეუხედავს ივას მისთვის, ორი კაცი აკავებდა უკვე. მინდია არც კი ცდილობდა.
-შენ ხო ხარ ჩემზე უკეთესი ძმა, -სისხლიანად გაუღიმა ოთომ, -რვა წელია ვერ გიპოვია შენი ძმის მკვლელი და შენ... შენ ხარ ჩემზე უკეთესი მშვიდად რომ გძინავს, როცა შენი ძმის მკვლელი უდარდელად დასრიალებს ქუჩებში ახალ-ახალი მანქანებით და შენი ძმა მიწამ შეჭამა?
-მოვკლავ! -ისე დაიღრიალა, მანქანაშიც გაიგონა სანდრამ უჩვეულოდ შეცვლილი ივას ხმის ტემბრი.
სასწრაფოდ შეიჭრა ეზოში. არ უნდოდა მათ შორის გარევა, თუმცა ვერც ერთ ადგილას გაჩერებული ისვენებდა.
-შენ რა დაგემართა, ბიჭო, ჰა? -პირზე ააფარა ორივე ხელი გიორგიმ თავის უფროს ძმას. გააგდო ოთახის უსაფრთხო ნაწილში. -რანაირად იქცევი?
-ოთო, თუ რამე იცი, უთხარი. -გუგაც ჩადგა მათ შორის. -არ გჭირდება ასეთი მოქცევა, რა...
-ჩვენ ისედაც ყველაფერი ვიცით უკვე. -სვანურმა კილომ გააჩუმა ოთახში ყველას სუნთქვა. მინდიას გახედეს ახალგაზრდებმა. -შენთან სახვეწარი ამ კაცს არაფერი სჭირს. შენ თუ გეყოფა გამბედაობა, სიმართლე თქვა, ჩვენ მოგსიმენთ, მაგრამ ჩალის ფასი აქვს იმის ყველა სიტყვას, ვისაც სხვისი გარდაცვლილი ძმის სულის პატივისცემა არ შეუძლია საკუთარი ცოცხლების თანდასწრებითაც კი!
სიკვდილივით უჩინარი და მძიმე სიჩუმე ჩამოწვა მთელს სახლში.
მუხლები აუკანკალდა სანდრას მღელვარებისგან. კარში ხედავდა ივას თავდასასხმელად შემართულ სხეულს, რომელსაც ოდნავ გადასდგომოდა რენე წინ.
მინდია კი იდგა ცალკე და ერთი საფეხურით ყველაზე უფრო მაღლა მოეჩვენა იმ წამს ქალს.
საშინლად შეებრალა კაკაბაძეები.
-ტიტე ქურდიანი. -ცივად წარმოთქვა სახელი და გვარი ოთომ. მოწმინდა სისხლი და ჩაეშვა სავარძელში. გატეხილ ცხვირზე მიიჭირა ხელი. -მამამისმა ახალი მანქანა რომ უყიდა ხომ გახსოვს? ყველაზე ძვირადღირებული... სიამაყით რომ დააქროლებდა მთელს თბილისში თავის ძმაკაცებთან ერთად. შენც მაგიტომ გაგიშვეს ამერიკაში, გიუშ, მაგასთან რომ აღარ გეძმაკაცა.
-სად არის ახლა? -არ აინტერესებდა ამათი ოჯახური ამბები ივას. ორი ნაბიჯი გადადგა წინ.
სანდრას სუნთქვა შეეკრა. სახლში შევიდა და იგრძნო ყველამ, ქალიც რომ ესწრებოდა მათ საუბარს.
-არ ვიცი. მამამისის ფულებს ხარჯავს სადმე ჰავაიზე. -სუსტად აიჩეჩა მხრები რენემ, თავი გვერდზე გადაქინდრა და გაუსწორა თვალი ოთახში შემოსულ ქალს.
-წესიერად... -წარბები აუზიდა რენემ.
-არ ვიცი-მეთქი! მარტო შენთან არ მიუქარავს მაგას...
-მიქარვას ეძახი შენ უდანაშაულო ბავშვის მკვლელობას, ბიჭო? მაგ ენას...-მოთმინება დაჰკარგვოდა ივას. ყველას ჯავრს სიამოვნებით იყრიდა ამ უხერხემლო არსებაზე.
-კაი, ივა! -ძლივს მოერია რენე გადარეულს, მინდიასაც სთხოვა თვალებით შველა. ისიც ჯიუტად არ იძვროდა ადგილიდან, თითქოს ყველაფერში ამართლებდა ივას. -დააცა. ვისთან მიქარა კიდევ?
-ბევრთან. -თავის ძმას ჩაეჭრა სიტყვაში გიორგი, როცა მიხვდა განსაკუთრებულად აღიზინებდათ ოთოს საუბარი. -ბავშვს რომ ყველაფერს მისცემ მაშინ, როდესაც ეს მას არ სჭირდება, იმან აღარ იცის რას ნიშნავს კმაყოფილების შეგრძნება. ტიტესთან წლებია აღარ ვმეგობრობ, მაგრამ ბევრი მესმის მასზე და სამწუხაროდ, ძირითადად, კარგი არაფერი... არ გირჩევთ მასთან დაპირისპირებას.
ჩაეცინა ივას ამ „გაფრთხილებაზე“. რენემაც წარბები აზიდა.
-ამ ქალაქში დიდი ხანია მართალს და ღონიანს არ ეკუთვნის გამარჯვებულის სტატუსი, -გაეღიმა გიორგის, ხელი ამოსწია ჯიბიდან და თითები ერთმანეთს გაუსვა, -ფული... იმარჯვებს ის, ვინც უფრო მეტს იხდის. იმ კაცმა, რომელთან დაპირისპირებაც მე არ გირჩიე და სხვათაშორის ძალიან გულწრფელად, თავის ძმაკაცს ცოლი წაართვა. საყვარლად დაისვა. მერე მიატოვა. ვერ მოერევი იმიტომ კი არა, რომ ძალა არ გყოფნის, შენ შენი სინდისით ვერ შეეჭიდები იმის უსინდისობას. ყველაფრის გამკეთებელია, იმიტომ რომ იმას მართლა არაფერი აკავებს. არ აქვს ნამუსი. გესმის? უარესს დაგმართებს და გიღირს?
-მამაჩემი არაფერ შუაშია, -გაეღიმა ოთოს. ივას გაუსწორა თვალები. -ვიცი, ასე გეგონა.
-შენ არ მოგიცია სხვანაირად ფიქრის საბაბი, -გააჟრიალათ კაკაბაძეებს ამ სიტყვების მოსმენისას, -ესენი რომ არ გედგნენ გვერდით, არც კი გავივლებდი აზრად, რომ კაცის გაზრდილი ხარ.
გაეყინა სანდრას სხეული. ოთოს მიაჩერდა მაშინვე გაფართოებული თვალებით.
მოემუშტა ხელები კაცს. შეელახა ყოველგვარი ღირსება, როგორც კაცსა და უფროს ძმას ყველას წინაშე.
გამობრუნდა ივა, არც კი დალოდებია მისგან პასუხს. იმდენი სიამაყე კი შერჩენოდა ოთო კაკაბაძეს, მტკიცება არ დაეწყო თავისი ღირსების, რომელიც სისხლად მოაწვა სახეში.
ხელებით გააჩერა ორივე ძმამ და დააბრუნეს თავის ადგილას.
გაყინული თვალებით გამოხედა ივამ ქალს. ძლივს იდგა უკვე ფეხზე.
-ვერ მოითმინე ათი წუთით? -წელზე მოხვია ხელი, რომ გაებრუნებინა.
-მომშორდი. -ისე დაუბრიალა თვალები სანდრამ, ტუჩები ლამის გადაეყლაპა რენე მაისურაძეს, რომ არ გასცინებოდა.
თვითონ ვერ გაუბედავდა ამ კაცს ასე საუბარს.
-აქ გინდა დარჩენა? -თავზე წამოადგა ჯიუტად. ხელი არ მოაშორა.
-დახმარება არ მინდა შენი.
სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რომ მოშორებოდა მის სხეულს ქალი.
-სანდრა! -გიორგი წამოეწიათ.
ქალთან ერთად მოაბრუნა სახე ივამ. არანაირი ემოცია არ იკითხებოდა მის თვალებში.
-ორი წუთით, -ამას რომ სთხოვდა, ივასაც გახედა გიორგიმ. მაჩუქეო თითქოს ორწუთიანი ნდობა.
-გისმენ, გიო. -სანდრა არ დალოდებია არავის ნებართვას სამაგიეროდ. გააყოლა ივამ მის ნაბიჯებს თვალი და წავიდა თავისი მანქანისკენ.
სული ეხუთებოდა უკვე აქ.
-თქვენთან ერთად მე „რაზბორკებზე“ წამომსვლელი აღარ ვარ, ძმაო! -ბუტბუტებდა მაისურაძე, მინდია როგორც ყოველთვის წელსუკან ხელებშემოწყობილი მშვიდად მიაბიჯებდა.
-რატომ, ვეჟო? -სიყვარულით მიმართა. გაუღიმა.
-შენ რა კაცი ყოფილხარ, ძია მინდია? მეთქი გამშველებელი მომყვება, მე შენი იმედი მქონდა. -თავისი კარი გამოაღო რენემ და ასე უყურებდნენ ერთმანეთს. -იმან დასარტყმელად რომ გაიწია, მე კი გადავეფარე თეთრი დროშასავით და შენ ისე იყურებოდი, მეთქი მე მცემს გაშველებისთვის-თქო!
გაეღიმა მინდიას და ჩაჯდა მანქანაში.
-ხანდახან არ არის საჭირო გააჩერო ადამიანი. იმას ეკუთვნოდა და მიიღო.
-არ გეგონოთ მე ვიღაცა წესრიგის მოყვარული გლეხი, მინდიავ ბატონო! -გვერდით მოუჯდა რენეც და გაეღიმა კაცის სიტყვებზე. -იმას რომ მეორედ გაეწია, დააკლავდა ადგილზე, ხომ იცი?
-ვიცი, ვიცი.
-მერე რატომ არ უთხარი სიტყვა? -დაძრა მანქანა.
-შენ ხომ აშველებდი უკვე?!
თავი გადააქნია რენემ ღიმილით. გავიდნენ ის და მისი საყვარელი სვანი მთავარ გზაზე.
-იცით, -გადმოხედა სხვანაირად. როგორც სანდო ადამიანს. -მე ძმას ვეძებ.
-ეძებ? -წარბები შეყარა მინდიამ, -ეს როგორ, დაიკარგა?
-გრძელი ამბავია. -ფანჯარა ჩამოსწია მაისურაძე რენემ. სხვანაირი შეიქნა მისი სახე საერთოდ. -გვითხრეს, რომ მკვდრადშობილი იყო. თურმე გაყიდეს.
ხმა ვერ ამოიღო ერთხანს მარტივად მოყოლილი ტრაგედიით დამძიმებულმა კაცმა.
-ამიტომაც ვარ გამომძიებელი. თექვსმეტის ვიყავი, რომ გავიგეთ ეს ამბავი. ცარიელმა ძმის საფლავმა გადამაწყვეტინა. -გზას გახედა დაკვირვებით. თუმცა მას ასეთი მზერა ჰქონდა ისედაც.
-ამიტომაც დაეხმარე ჩემს ივას და იმ ბიჭს? ნიკოს.
გაჩუმდა რენე. არ ჰქონდა ნაფიქრი ამაზე.
-ალბათ.

ეზოში იდგნენ გიორგი და სანდრა ერთმანეთის პირისპირ.
მანქანასთან ეწეოდა ივა. მათგან ზურგშექცევით. არ უყურებდათ.
-ბოდიშს გიხდი, სან... -ვერაფერი მოუხერხა ხელებს გიორგიმ, ამიტომაც ჯიბეებში ჩაილაგა. -არ ვიცი, აქამდე თუ რამით გჭირდებოდა ჩემი დახმარება და მე ვერ...
-არ გვინდა ამაზე. -თბილად გაუღიმა ქალმა. თითქოს არანაირი დაძაბულობა არ ყოფილიყოს მათ ოჯახებს შორის. -არაფერია ისეთი.
-ოთოს მე დაველაპარაკები. აღარ შეგაწუხებს. არაფერზე იდარდო.
-რამხელა გაიზარდე, -აუჩეჩა თმა სანდრამ და მოეხვია თვითონ, -შენ თვითონ არ იდარდო. მე არაფერი მემუქრება.
-ხო, იმის გვერდით... –„შეშინებული“ მზერა მიიღო გიორგიმ, ივასკენ ანიშნა თვალებით. -ასე მეგონა, შეჭამდა ოთოს. კი იყო ღირსი, მაგრამ ძმაა, რა ვქნა? ხო არ გადავაგდებ?
-ოხ! -თვალები აატრიალა სანდრამ.
-ნუ უკადრისობ. ისეთი კაცია, შენ რომ შეგეფერება. -შუბლზე აკოცა, -ძლიერი და ღირსეული.
-მიდი, მიდი, -გაეცინა ქალს. ოდნავ დაუბრუნდა ორგანიზმიდან ბოლო წვეთამდე გამოწურული ენერგია. -შენს ქორწილში ხომ დამპატიჟებ?
-აუცილებლად.
-ქართველი მოიყვანე, იცოდე! -თითი დაუქნია სანდრამ თითქმის ჭიშკრიდან. ხმამაღლა გაეცინა გიორგის.
-ახლა ვხვდები, რატომ არ თმობდა მამაჩემი შენს მამამთილობას!
თავი გადააქნია ქალმა, აღარაფერი უთქვამს მისთვის, ისე გაიხურა ამ სახლის ჭიშკარი. ბოლოჯერ. და სამუდამოდ.
ისე დაჯდა მანქანაში, ივასთვის არც კი შეუხედავს.
ჯიუტი დაძაბულობა გამყარებულიყო მათ შორის. არც ხორგუანი იღებდა ხმას, ქალი ხომ საერთოდ.
მისთვის თვალების გასწორება არ უნდოდა სანდრას.
-დამარეკინე, -ისე უთხრა თხუთმეტწუთიანი მდუმარე მგზავრობის შემდეგ, თითქოს ვინმე აძალებდა საუბარს.
ირიბად გადმოხედა ივამ.
-შენი სად გაქვს? -ოდნავ წამოიწია, ჯიბიდან რომ ამოეღო.
-ჩემს მანქანაში, -ხელზე დახედა უკმაყოფილოდ. სპეციალურად ისე ეჭირა, შეხების გარეშე ვერ გამოართმევდა მობილურს.
-მატყუებ. -თავისკენ გასწია ხელი ივამ. თვალებში ჩახედა ქალს.
კბილები მაგრად დააჭირა სანდრამ ერთმანეთს.
-რატომ მისვამ ზედმეტ შეკითხვებს? -ხმას დაუწია, მორეული ცრემლები რომ არ დასტყობოდა.
საშინლად რცხვენოდა იმ მდგომარეობის, რომელშიც ყველას დასანახავად ჩავარდა.
აღარაფერი უთქვამს ივას. ღრმად შეისუნთქა ჰაერი და მიაწოდა ტელეფონი.
-მირა, მე ვარ. -ჟრუანტელმა დაუარა მის თბილ ხმაზე კაცს. ამოსწია ფანჯრები მაშინვე, თითქოს სიცივის ბრალი ყოფილიყოს. -სახლში ხარ? კაი, მოვალ მალე მაშინ. არა. არა! მირა, მერე გეტყვი. კი. კაი, გითიშავ.
უხმოდ დაუბრუნა ტელეფონი. მანაც სპეციალურად ისე გამოართვა, რომ გაყინულ თითებზე შეეხო. გავარვარებული ჰქონდა ხელები.
შეშვება აღარ უნდოდა, ისე ესიამოვნა უბრალო და თბილი შეხება სანდრას.
-რას აპირებ ახლა? -ჰკითხა ხმადაბლა.
-არ მინდა ახლა ამაზე...
-ის ტიტე...
-ჩემი საქმეა, -ისე გაეყინა ხმა, თითქოს იმ თბილი შეხების პატრონი არ ყოფილიყოს ეს კაცი. გამოხედვითაც დაარწმუნა თავის სიტყვებში სანდრა.
ერთხანს უყურა ქალმა თვალებში საპასუხო სიმკაცრით. რახან ასეა, არც ჩემი საქმე გეხებაო, აგრძნობინა და გზას გახედა ცივად.
საშინლად, საშინლად დასწყდა გული, მან რომ არ გაუზიარა თავისი წუხილი მას შემდეგ, რაც თვითონ ყველაფრის შემსწრე გახდა, რასაც სანდრაც სიამოვნებით დამალავდა ყველასგან.
მირას მისამართი უკარნახა. ეზოში ელოდა უკვე მეგობარი.
-მადლობა, -უთხრა ცივად და კარისკენ წაიღო ხელი გასაღებად, -გამიღე.
-აქ რჩები? -მშვიდად ჰკითხა, თითქოს ვერც ბრაზს ხედავდა სანდრას თვალებში, ვერც გულისწყვეტას და ის შეკითხვა მითუმეტეს არ გაუგია.
-ჩემი საქმეა. -საერთოდ განრისხდა მის უტიფრობაზე ქალი.
მირა მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა წყვილს. ტელეფონითაც უღებდათ ჩუმად და ხითხითებდა თავისთვის.
-ცუდი დროა გასაბრაზებლად. გეკითხები, აქ რჩები?
-ოცი წლის გოგოს ვგავარ, რომელსაც შენი მფარველობა სჭირდება?
-არა, არ გავხარ, მაგრამ ახლა ხუთი წლის ბავშვივით იქცევი. -თავადაც გადაიხარა ივა მისკენ. დაიძაბა მთელი სამყარო მათ ირგვლივ. -არც მფარველობა გჭირდება, მე მჭირდება, რომ ვიცოდე უსაფრთხოდ ხარ. ხედავ სხვაობას, სანდრა?
თვალები ასტკივდა მირას, ისე დაქაჩა მღელვარებისგან.
-უსაფრთხოდ ვიყავი შენამდე და ახლაც მივხედავ როგორმე თავს.
-კარგი, -გაეღიმა ივას და გაუხსნა ჩამკეტი, -გაგიღო თუ შენით?
გაცხარებული გადმოვიდა მანქანიდან სანდრა. უკან არ მიუხედავს, ისე გავარდა მირასკენ, რომელიც ხან მას უყურებდა, ხანაც ივას.
-ეს არის? -ჩუმ-ჩუმად იხედებოდა უკან. ხელკავით მიათრევდა მეგობარს სანდრა თავისივე სახლისკენ. -ის.. სვანი...
-მოატრიალე თავი, სანამ მოგიგრიხე ეგ კისერი!
-ცოტა ძაან ჰოთ ხომ არ არის? -მხარი გაჰკრა მეგობარს და ფეხაწყობით შევიდნენ სახლში. -რა გინდა, გოგო, ჩემთან? ასეთმა კაცმა მოგიყვანა... ის მანქანიდან ძალით თუ გადმომაგდებს, თორემ მე ჩემი ნებით არ გადმოვიდოდი, სანდრა! დაჯექი, მოყევი...
....
წითელი ღვინით და გაფართოებული თვალებით ისმენდა მირა მონათხრობს. დალევა სულ გადაავიწყდა.
ბოლომდე ჩაუკაკლა ყველაფერი მეგობარს სანდრამ, ახლა ვინმესთან გული რომ არ გადაეშალა, ნამდვილად გაუსკდებოდა.
-კაი? -მოსვა საბოლოოდ ღვინო. -დალიე შენც, მოგეშვება.
-არ მინდა, -ოხვრით გადაწვა საწოლზე. -ეს კაცი ცალკე მიშლის ნერვებს...
-არაფერსაც არ გიშლის, -გვერდით მიუჯდა მეგობარს მირა, კალთაში ჩაიდო მისი თავი და მიეფერა ოქროსფერ თმებზე. -ჯიუტობ ახლა ძალიან. მეტისმეტი სიამაყე რა საჭიროა მასთან?
-სიამაყე რა შუაშია, მირა? არ გაიგონე, რაც მოგიყევი? ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს.
-გარდაუვალი იყო „ასეთი რაღაცები“, ხომ იცი შენც. ხომ იცი, არ მოგვარდებოდა სხვანაირად ოთოს ამბავი.
-ოხხხ! ნუ უჭერ იმას მხარს! -ამოიზმუვლა გაბრაზებულმა. -საშინლად შემრცხვა. ძალიან, მირა.
-მესმის, მაგრამ შენ არაფერი გაგიკეთებია სამარცხვინო. შენ საერთოდ არაფერი გადაგიწყვეტია საკუთარი ნებით, სან...
-ეგ მაღონებს და მიშლის ნერვებს, -მოწოლილი ცრემლები ბრაზით მოიშორა, -რომ არაფერი გადამიწყვეტია, რომ არ დამიმსახურებია არც ეს სირცხვილი და არც ეს დამცირება. მე არ შემიძლია ასე, გესმის? ოთოს ძლვის დავაღწიე თავი და ისიც ასე რომ ჩაერიოს...
-კარგი, რა... როდის ჩაერია ივა ისე, როგორც ოთო ერეოდა? ძალიან არასწორი შედარებაა. გეშინია, გაუსწორე თვალი ამას. შიში ისეთებს გაკეთებინებს, როგორი საქციელიც არ შეგეფერება. საფუძვლიანი მაინც იყოს იმის შიში, რომ ივაც ისე გაგაკონტროლებს, როგორც ოთო იქცეოდა.
-რატომ გადაწყვიტე, რომ იმასთან რამე მინდა? -წარბშეკრულმა ახედა, თუმცა გულწრფელად აინტერესებდა ამაზე პასუხი.
-გინდა. მასაც უნდა.
-რა იცი?
-ოხ, ვიცი! ისე ეტლიკინებოდი, მეთქი მიაჭერს ახლა გაზს და გაიტაცებს სვანეთში ჩემს დაქალს. იმან მოგითმინა. დაგითმო. ხომ უთხარი, რატომ მისვამ ზედმეტ შეკითხვებსო? აღარ შეგაწუხა.
-იმიტომ რომ მისი საქმე არ არის. არც თვითონ შეიწუხა თავი ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემით. არ ჩამთვალა ღირსად, მირა.
-ღმერთო, რა შეყვარებულია ეს გოგო... -ამოიოხრა და მაღლა ასძახა მას, ვისაც ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა ეს ამბავი დიდი ხნის წინათ.
-წავალ იცოდე. -ჟრუანტელმა დაუარა სანდრას. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო ეს გრძნობა. არასდროს ყოფილა ასეთი... შეყვარებული.
-ხარ, ხარ... -თმაზე ხელი დაუსვა დამამშვიდებლად, -დაბნეული, შეშინებული, აციმციმებული... უბრალოდ მიხვდა, რომ გერიდებოდა მასთან თავის ბოლომდე გამოხატვის დღევანდელის შემდეგ და აღარ დაგაძალა ამაზე საუბარი, სან.
ღრმად ამოიოხრა სანდრამ.
-არ დატოვებს მაინც ისე. ამალაპარაკებს მაინც. მერევა.
გაეღიმა მირას.
-რით მოგაწონა თავი... მომიყევი, რა. დავივიწყოთ ის ბოთე ოთო. ხომ მოარტყა კარგად? -გვერდით მიუწვა და მისკენ გადაბრუნდა.
ორივემ ხელები ამოიდეს თავქვეშ. წამით თექვსმეტი წლისებად იგრძნეს თავი. თითქოს რომელიმე მათგანს პირველად ეწვია სიყვარული.
გულში უღიტინებდა სანდრას ეს მოუსვენარი შეგრძნება. საკუთარ თავსაც კი გაუნაწყენდა, ასე რომ გაუჯიუტდა და არ დაემშვიდობა წესიერად.
-არ მომწონს. -თქვა და ისე ფართოდ გაეღიმა, საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები.
ასე ლამაზად მხოლოდ შეყვარებული ქალები იცინიან.
-კარგი, მერე?
-თავისუფლად ვიყავი მასთან. იფარში ყველაფერი სხვანაირად იყო. ნეტავ არც ჩამოვსულიყავი. იქ არავინ იცოდა ჩემი ამბავი. არც მან. თითქოს არც უარსებია იმ წლებს, როცა ოთო არსებობდა ჩემს ცხოვრებაში. თავს ისე ლაღად ვგრძნობდი, ასეთი ლაქა რომ არ აჩნდა ჩემს წარსულს მათ თვალში...
-და რამე შეიცვალა ახლა, როცა ყველაფერი გაიგო? ივა შეიცვალა შენ მიმართ?
-არა. -გული ყელში მოებჯინა სანდრას. -არ ვიცი, როგორ მოვიქცე, მირა.
-მიენდე. აღარ ხარ თვრამეტი წლის გოგო, რომელიც ვერ მიხვდება, საით წავა მისი ურთიერთობა. კაცი ამდენ და ამხელა პრობლემებშია გახვეული და მაინც შენს უსაფრთხოებაზე აინტერესებს ინფორმაციები, რა არ იცი, ნუ გადამრიე!
მშვიდმა სიჩუმემ შემოირბინა ოთახი. გაეღიმა მირას.
-გაკოცა?
-არა! მირა, ნუ მეკითხები ასეთებს.
-კაი, მე თვითონ მივხვდები, როცა გაკოცებს.
-ოხ! -ამოიფრუტუნა გაბეზრებულმა და ზურგზე დაწვა, -შენი აზრით, რას იზამს? თავისი ძმის მკვლელთან დაკავშირებით. სვანია. სისხლი რომ აიღოს? უნდა გენახა, როგორ იწევდა დღეს ოთოსკენ. იმის წინაშე რომ დააყენო, აუცილებლად მოკლავს.
-არ ვიცი. ასეთ დროს ვინ როგორ მოიქცევა, არავინ იცის, სან. არ აქვს მნიშვნელობა, სვანი ხარ თუ არა. დაელაპარაკე.
-ზოგჯერ ისეთი... ჯიუტია! -ბრაზით წარმოთქვა ბოლო სიტყვა. ბალიში დაიფარა თავზე და სუნთქვა შეიკრა, მრისხანება უჰაერობით რომ მოეგუდა თავის სხეულში.
ძალიან მოუნდა მასთან ყოფილიყო იმ წამს. რატომ არ შეიძლებოდა, უფრო მარტივად აწყობილიყო მათი ურთიერთობა, რომ აქამდე შეხვედროდა...
-ისიც ასე ფიქრობს, დარწმუნებული ვარ. -გაეღიმა მირას. წამოდგა. -მიდი, იბანავე. მოგიტან ღამის პერანგს და დაწექი.
ოთახიდან გავიდა მასპინძელი. სურვილით დახედა მის მიტოვებულ მობილურს სანდრამ. ისე მოახრჩო დარეკვის სურვილმა, ადგილიდან ვერ იძროდა.
სწრაფად გამობრუნდა შემდეგ სააბაზანოსკენ. გაექცა ივას ხმის გაგონების ნატვრას.
როგორ არაფერში ცდებოდა მირა, როგორ ყველაფერში მართალი იყო მისი მეგობარი!
*
ლუკა რომ გონს მოვიდა, მასთან შესახვედრად შეკრებილიყო ყველა საყვარელი ადამიანი.
ეზოში განმარტოებით მჯდომი ნიკოსკენ წავიდა თეთე მოკლე და ფრთხილი ნაბიჯებით.
გრძელ აბრეშუმის კაბას უფრიალებდა ნაზი ნიავი. მშვენიერი დასანახავი იყო მისი სხეული და მშვიდი სახე. თვალი ვერ მოსწყვიტა ნიკომ, ისე გაუწმინდა სასუნთქი გზები ამ ქალის დანახვამ.
-მოვიდა გონს, -გაუღიმა. ტუჩზე იკბინა მაშინვე, რომ არ ეტირა.
გვერდით ჩამოუჯდა კაცს, ოდნავ შორს. იყო მათ შორის მოსაფრთხილებელი დისტანცია.
-მისცემს ჩვენებას. -ცრემლები მოიწმინდა და გამოხედა ბურდულს.
-ვიცი, რომ მისცემს, თეთე.
-ცოტა უკეთ არ ხარ? -ოდნავ მიიწია მისკენ ქალი. გაეღიმა ამ ბავშვურ ქმედებაზე: ხელოვნურად შექმნილ დისტანციასა და ამ მანძილის საკუთარი სურვილითვე შემცირებაზე... ისე უყურებდა ნიკოს თვალებში, თითქოს იქ ეძებდა პასუხებს. -ბოდიში, უადგილოა... როგორ იქნები...
-ვარ.
-მართლა? -თვალები აენთო თეთეს. ისეთი სითბო ტრიალებდა მის გვერდით, ისეთი სიმშვიდე, სულზე მოსწრებული... -მიხარია.
-ის არ მწყალობს, -აკოსკენ აიქნია თავი, ჩუმად რომ უთვალთვალებდათ დერეფნიდან. გაეცინა გოგონას. -შენს თავში ხომ არ ვეცილები?
ყველა უჯრედი აეწვა სხეულში თეთეს, რომელიც გულის აფეთქებას მოჰყვა იმ სიტყვების გაგონების შემდეგ.
-ეცილები რას ნიშნავს? -უკან დახევა უნდოდა, მაგრამ აღარ გამოუვიდა.
სკამზე დაყრდნობილ მის ხელს უცებ შემოევლო მაჯაზე ნიკოს თითები.
-შენი მეგობარია?
-არის. ბავშვობის.
-კარგი. კარგია. -მიეფერა მაჯაზე და შეუშვა თითები ღიმილით. -მიდი, შედი. აქ დაგელოდები მე.
-მთელი ღამე აქ იყავი, დაღლილი ხარ.
-არ ვარ დაღლილი.
არადა, როგორ არ იყო. სახეზე ეწერა ყველაფერი.
-კარგი, უცებ გამოვალ.
გაეღიმა ნიკოს მის აჩქარებულ ნაბიჯებზე. ჰაერს აყოლილ ოქროსფერ თმაში ჩააქსოვა თავისი ყველაზე მადლიერი მზერა იმ ძალის მიმართ, ვინც ამ ადამიანის სხივი შემოანათა თავის სიბნელით დამძიმებულ ცხოვრებაში.
-სიყვარული გეწვია? -გამოიჭირა მისი მზერა რენემ. გაუკიდებელი სიგარეტი ეჭირა თითებით და ისე მოუახლოვდა ნიკოს.
არ გაუცია პასუხი. მსგავს შეკითხვებზე საპასუხოდ ხომ არასდროს არის სიტყვები საკმარისის მთქმელი.
*
-ოხ, შეგაშინეთ? -ძლივს საუბრობდა ლუკა, თუმცა ღიმილი არ დავიწყებია მაინც ამდენი შეწუხებული სახის დანახვისას. -ვა, ცაცა, შენც აქ ხარ? გოგო, ტერორისტებს საავადმყოფოებში არ უშვებენ ხოლმე, შენ და შენი სიძე გამოექეცით დაცვას?
-გაგეხსნება ჭრილობა, ნუ ლაპარაკობ ამდენს. -შეაწყვეტინა აკომ.
-დედა, ხო არ გტკივა? -შეწუხდა ნინო.
-რა მტკივა, გოგო, წუხანდელი ღამენათევი ვიყავი და ჩამეძინა უბრალოდ. -თვალი მოატარა ყველას და ლაილაც რომ შენიშნა, აზიდა წარბები მაღლა, -შრამიანი ბიჭები მოსწონთ გოგოებს.
-ოხ, ალაპარაკებულხარ... -ოთახში შემოვიდნენ რენე და ივა.
ჩუმად გახედა ბიძაშვილს ლაილამ, იმედი ჰქონდა, არ გაუგია არაფერი.
-მოხვედი, პაზორ?! -წარბები აზიდა ლუკამ მაისურაძის დანახვისას, -ორი ფისტოლეტით შენ შემოვარდი და მაინც მე რატო ვწევარ ამ მოუხერხებელ საწოლზე გაკერილი?
-რა მიწოდე?
-პაზორ. -გაუმეორა გამოთქმით. -ისე შემოვარდი ოთახში ორი იარაღით, თავი ტარანტინოს ფილმში მეგონა.
-იარაღი ამოგიღეს. -ტუმბოზე დაუდო რენემ ავტომატი, მის ხელს გააყოლა ყველამ მზერა. -კიდევ კარგი, არ გაგისროლია, თორემ ვერც შენ გადაგარჩენდი და ვერც ამის პატრონს.
-რა სჭირს, ბიჭო, ბებიაჩემს შენი გადასარჩენი? -ამოილაპარაკა შეურაცხყოფილმა. უჭირდა ჯერ კიდევ უპრობლემოდ საუბარი.
-დედა, გააფრინე შენ? -საუცხოოდ გამოწყობილ მოხუცს მიუბრუნდა ნინო გაოგნებული სახით.
-ისტერიჩკა! -რუსული აქცენტით წარმოთქვა ქალმა და უკმაყოფილოდ აუქნია შვილს ათასგვარი ბიჟუტერიით დატვირთული ხელი, ლუკას გამოხედა მერე მზაკვრულად, -ვერ ესროლე, ჩუვაკ? ერთი მაგისიც!
სიცილის ლაღმა ტალღამ გადაურბინა ყველას პალატაში.
ექთანი შეწუხებული სახით ეხვეწებოდა სტუმრებს, დაეტოვებინათ პაციენტი, თუმცა რატომღაც არავის სურდა მისი გაგონება.
-დედა, რად გინდა იარაღი? -გაოცებას ვერ მალავდა ნინო.
-შენს ქმარს რომ დავაჭედო შუბლში! გამოდი, დააცადე ახალგაზრდებს.
-კარგად დაუმიზნე, ცაცუშ... -თვალი ჩაუკრა კარებში გამავალ ბებოს ლუკამ. საპასუხოდ დაუბრუნა ცაცამაც იგივე ქმედება.
-ჩვენც გავალთ, სალაპარაკო გექნებათ. -სწრაფად გაეცალა ლაილა იმ დაძაბულ სიტუაციას, სადაც ეგონა, რომ ყველა ყველაფერს ხედავდა და ამჩენვდა უკვე.
იმ კოცნას განსაკუთრებით.
-შენი გოგოს გამო დამაჩნდება ამხელა შრამი, -წამოაყვედრა ივას მაშინვე, -ბავშვის მონათვლას ვერ დამაჯერებ, ჩემი სახელიც უნდა დაარქვა. რა ქენით, სანამ მეძინა, მომიგვარეთ პრობლემები?
-ეს არ გამოსულა მგონი ჯერ ნარკოზიდან. -ივას გადახედა რენემ. -სასამართლოში უნდა გამოცხადდე. მესამეც დავიჭირეთ საზღვარზე და ეგაა, რა. კაკაბაძეებმაც დაიკიდეს საბოლოოდ. არავის უნდა მაგათ გამო სახელის გასვრა. ნუ უარესად გასვრა, ყოველ შემთხვევაში.
-ხო... -ლუკამაც ხორგუანისკენ მიმართა თვალები. -შენ რა გაიგე?
-არაა შენი საქმე. დაადექი შენს გზას და აღარ დაგინახო დეგენერატებთან საქმე დაიჭირო მეორედ, თორემ ვერავინ გამომაცლის შენს თავს ხელიდან, ხო კარგად გაიგე? -მანამ არ მოუშორებია თვალი ლუკას გაოცებული სახისათვის, სანამ არ დაუქნია თავი ოდნავ.
-კაი, გავალთ ჩვენ. დანარჩენზე რომ გაგწერენ მერე დავილაპარაკოთ.
.
ნელ-ნელა დამშვიდდა ყველას გული. დაძაბულობამაც დატოვა საავადმყოფოს ვიწრო დერეფნები.
ერეკლესაც უნდოდა ლუკასთან შესვლა, მაგრამ ნინომ არ დაანება.
-წამოდი, წაგიყვან სახლში. -ხელი გადაჰხვია ივამ ლაილას. ძლივსღა დაათრევდა უკვე სხეულს.
-სანდრასთან იყავი გუშინ?
-თვითონ მოგიყვება, -თვალი ჩაუკრა ზანტად, -მე ძალიან დავიღალე.
-მინდია და ვაჟიკო ჩვენთან დარჩნენ. მე ანუკისთან გადავალ, მაინც მარტოა.
-კაი, სახლში გავარკვიოთ ეგ ამბები.
-უკაცრავად, გოგონა! ორი წუთით შეიძლება? -ახალგაზრდა ექთანი წამოეწიათ. ლაილას სთხოვდა თავისკენ.
მანქანისკენ წავიდა ივა. აღარ დალოდებია. ეჭვიანი მზერა კი დაუტოვა ორი წამით მარტო დარჩენილებს.
-ამ საღამოს თერთმეტზე მთავრდება ჩემი ცვლა. -უცებ დაიწყო გოგომ, -მოდი და მასთან შეგიშვებ.
-ვისთან? კი მაგრამ...
-ლუკასთან.
-ნამდვილად ჩემზე გითხრათ? -გული მოაჯდა ყელში ლაილას.
-ხო, აბა? შავთმიანი, ლამაზი, მწვანეთვალება. -მოკლედ აღწერა უცებ გოგონა და მოათვალიერა კარგად მისი სხეული, -დაგელოდებათ.
-ასე გადაეცით...
-წამლებს არ დალევს, თუ არ მოხვალ. -ყელში ამოუვიდა ექთანს ამდენი ლაქლაქი. -თერთმეტს რომ ხუთი დააკლდება აქ იყავი.

თავისთან მიიწვიეს ვაჟიკო და მინდია ხორგუანებმა. რენეც გაიყოლეს დასალაპარაკებლად.
სუფრას შლიდა ლაილა. საათისაკენ ეჭირა ცალი თვალი.
-მოგეწონა თბილისი? -ჰკითხა ვაჟიკოს, ცოტა ხნით რომ გამოერიდა იმათ საუბარს.
-ისე რა. -სახე მოემანჭა უკმაყოფილოდ. განჯინას მიეყრდნო გულზე ხელებდაკრეფილი, -ბევრი ხალხია, ხმაური, მანქანები, ბუღი ასდის ყველაფერს.
-საღამოს უნდა გაისეირნო. ინაც რომ ჩამოვა და შენც აქ იქნები, მერე უკეთ რომ გაიცნობ ამ ქალაქს, ისე შეგიყვარდება, სადაც არ უნდა წახვიდე, თბილისის მონატრება ყველგან წაგყვება.
-იფარს არაფერი მირჩევნია.
-არც მე. -გაუღიმა. -მაგრამ ცხოვრება აქ მირჩევნია. იმდენ ადამიანს გაიცნობ, იმდენი გზა გაგეხსნება შენი მომავლისკენ. სულ სოფელში რა უნდა გააკეთო?
-ყველა რომ ასე ფიქრობს, ამიტომაც დაიცალა სოფლები. ყველას ამ თბილისში უნდა. -გულმოსულმა ამოიბურტყუნა, ყველას აზრი საერთოდ არ აინტერესებდა, იმ ერთის გამო იყო ასეთი დანაღვლიანებული, ვისი სიშორეც მოსვენებას ართმევდა. -შენი აზრით, უნდა გამოვყვე? ჩააბარა უკვე. იცი, რა კარგი ქულები აიღო?
-შენ ჩემზე უკეთ იცი ამაზე პასუხი, ვეჟო... -მხარზე მიეფერა ღიმილით.
-სანამ წავალთ, არც ვიცი, თუ ენდომება, -უხერხულად მოიქექა თავი, -თუ ენდომება იმას... მე მინდა, რომ ვნახო და... ნუ მოკლედ, უთხარი და თუ ენდომება ვნახავ.
-გადავცემ.
სანდრა ელოდა ეზოში ლაილას. გაცვლილი ჰქონდათ უკვე გოგონებს ერთმანეთში ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ჩუმად ახედა მათ აივანს. ცარიელი იყო, არ იდგა ის, ვისი ნახვაც სურდა ასე ძალიან.
მან მიიყვანა საავადმყოფოში და დატოვა იქვე აღელვებული გოგონა.
ექთანი უკვე ელოდა ლუკას პალატასთან. ჩუმად დაზვერა გარემო და შეატარა გაღებულ კარში.
-ხვალ დილის ათზე იქნება შემოვლა.
-კარგი... -გაკვირვებულმა გახედა შეთქმულივით მოქმედ ექთანს.
დილამდე აქ დარჩენას არ აპირებდა ისედაც.
ყველა მღელვარება რატომღაც მაშინ მოაწვა, მარტო როდესაც დარჩნენ ერთმანეთის წინაშე ცარიელ პალატაში. ძლივს ახელდა თვალებს ლუკა, ისე ეძინებოდა ქანცგაწყვეტილს, მაგრამ ლაილას დანახვისას გაეღიმა ფართოდ და ეშმაკურად.
-ოხ, მოვიდა ჩემი წამალი. -გაეცინა გოგონას განრისხებულ სახეზე. იცოდა, მეორე ქარიშხალს დაატეხდა თავს მეორე ხორგუანი. -ჰაუ არ იუ, ძეტკა?
-რას აშანტაჟებ აქ ექთნებს? -გულზე ხელებდაკრეფილი ჩამოჯდა თავისუფალ სკამზე მის გვერდით. საერთოდ არ ეხუმრებოდა ახლა.
-შენ არ მოხვიდოდი აბა შენი ნებით ჩემთან, -ოდნავ მისკენ გადატრიალდა, კარგად რომ შეეხედა. -მოვნუსხე, კი არ ვაშანტაჟებ. განერვიულე?
-იმსახურებ, რომ ვნერვიულობდე შენზე? -მაგრად გადახლართა ხელები ერთმანეთში. გამყარებულ სახსრებში იგრძნო, რომ შიშს არ დაეტოვებინა მისი სხეული. -გეკითხები! ჭკუა სად გქონდა...
მაგრად იკბინა ტუჩებზე. მოარიდა სახე, თვალების ნაპირებს მომწყდარი ცრემლები რომ არ დაენახვებინა მისთვის.
-რას მომიყვანე აქ საერთოდ? -კუშტად გახედა, პასუხი რომ ვერ მიიღო ლაილამ თავის შეკითხვაზე. მხოლოდ უყურებდა ლუკა მშვიდი სახით და თავისებური ღიმილით. -პატარა ბავშვივით იქცევი!
-როგორც გული მკარნახობს, ისე ვიქცევი. -სახე დაემანჭა, ოდნავ სცადა წამოჯდომა. -მოდი, მოიწიე ცოტა ჩემკენ, ვერ გხედავ აქედან. რა იყო, გოგო, გადავრჩი და ასე უნდა გამიბრაზდე? რო მოვკვდე...
-ასე მშვიდად როგორ შეგიძლია სიკვდილის ხსენება? გადარჩი და გგონია სიკვდილს თამაშში მოუგე? -აღარც იკავებდა უკვე ცრემლებს ლაილა. სახეზე ეწერა ყველაფერი ისედაც. -დედაშენი იცი რა დღეში იყო? შენ გადარჩი და ჩვენ ჯოჯოხეთში ვიყავით უკვე შენი სულელური საქციელის გამო, მარტო იმიტომ რომ გმირობა მოინდომე! მარტო მიადექი იმათ... იმათ თვრამეტი წლის ბავშვი არ დაინდეს, შენ დაგინდობდნენ?! მომიყვანე აქ და ისე მიღიმი, თითქოს საგმირო საქმე გაქვს ჩადენილი და მე მედლის ჩამოკიდება დამავიწყდა! რომ ვინერვიულე სასიამოვნო მოსასმენი და დასანახია ეგ შენთვის? ასეთი ეგოისტი როგორ ხარ?
-ორივეს გაგვყრიან აქედან, უფრო ხმამაღლა თუ მოინდომებ ჩემთან ლაპარაკს. -ორივე წარბი აზიდა ხმის ტონით გაოცებულმა. ასეთი სიმკაცრე პირველად იგრძნო მისგან ლაილამ, დაეჭიმა მთელი სხეული გაოცებისგან. -ბოდიშს თუ ელოდები ჩემგან, არ იქნება ბოდიში. შენზე კარგად მე ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. იმ ეზოში ჩემთან ერთად კიდევ ვინმე რომ შესულიყო, ისე გაიპარებოდნენ იქედან ეგ შენი რენე სიტყვას ვერ დააწევდა. შევპირდი, რომ მარტო მივიდოდი. მარტო მივედი. ფინიტა ლა კომედია.
-თვითონაც დაგპირდა, მარტო დაგხვდებიო...
-და? ვიღაცა არაკაცურად რო მოგექცევა, შენც უნდა ადგე და იგივენაირად მოექცე მარტო იმიტომ, რომ ის არ იმსახურებს უკეთეს პასუხს? შენ გგონია მე იმათი პატივისცემა მაღელვებს და მაგიტო არ გადავედი ჩემს სიტყვას?
-ვერავინ გაიგებდა! -ისევ სავარძელში ჩამოჯდა ლაილა.
-მერე რა? -გაუტყდა მკაცრი სახე ლუკას, გაეღიმა მის მოღუშულ თვალებსა და ტუჩებზე, ბავშვურ გაბრძოლებაზე. -მე ხო მეცოდინებოდა, რო არასწორი ვარ? და აღარ მინდა რა... სწორად მოქცევაც შემიძლია ხანდახან.
-ხანდახან... -ჩაიფრუტუნა ლაილამ. მოხდენილად გადაიდო ფეხი ფეხზე და მაინც ბრაზით გახედა მომღიმარს.
-შეგერყა პოზიციები? მოდი ახლოს, რა იქნება...
-ვიცი მე შენი ახლოს. -უფრო მაგრად მიეკრა ლაილა სავარძლის საზურგეს, მჭიდროდ გადაიჯვარედინა გულზე ხელები. თითქოს მართლა არ უნდოდა. -მითხარი თუ რამე გინდა და წავალ მერე, მთელი ღამე აქ გაჩერებას არ ვაპირებ, იცოდე.
-მოდი, გოგო, კი არ შეგჭამ. -უფრო ფართოდ გაეღიმა ლუკას, თითებით ანიშნა მომიახლოვდიო. -დარჩები, აბა, სად წახვალ ასეთ დროს...
-ნუ მიყურებ ასე, ნურც მარტო და ნურც ხალხში! -ლოყები შეეფერა ლაილას, იმდენად აშკარად იკითხებოდა ყველა სურვილი იმ გაიძვერულ ღიმილსა და გამოხედვაში.
-მოდი, მოდი ახლა, რომ შემჭამე თვალებით იმდენ ხალხში. ერთი ერთზე გავარკვიოთ რა გაწუხებს. მე ვუყურებ მერე კიდე „ასე“, -ხელი დაატყაპუნა რამდენჯერმე გაჭირვებით გათავისუფლებულ ადგილზე თავის გვერდით, კბილებით ეჭირა სიცილი ქალის განრისხებულ სახეზე. -მოდი, უნდა მოვინანიო ცოდვები შენთან.
-დამანებებ თავს? -ჩამოუშვა დაუძლურებული ხელები ლაილამ, მთელი სხეული გაუთბა. ეღიმებოდა უკვე თვითონაც.
-რად მინდა ჩემი თავი შენთვის დანებებული?
-ნუ ამბობ ასეთ რაღაცებს, -წამოდგა ფეხზე ლაილა.
-როგორს? -ფრთხილობდა, არ უნდოდა რამე ისეთი ეთქვა, რის გამოც მის სიახლოვეს გადაიფიქრებდა.
ისეთი უმანკო გამომეტყველება მიიღო, გაეღიმა ლაილას. ფრთხილად ჩამოუჯდა საწოლთან. მორიდებით, მაგრამ მაინც მოუთვალიერა მოშიშვლებული კარამელისფერი მხრები და კისერი.
-გული რომ მომილბო...
-ოხ! -ძლივს გასწია გვერდით სხეული. ადგილი გამოუთავისუფლა ლაილას.
-რას აკეთებ? არ შეიძლება ამდენი ხვანცალი.
-მოდი, წამოწექი, -მკლავი გაუმზადა თავის დასადებად.
-ვერ დავრჩები აქ.
-ხელში მაინც დავეჭერი იმ უხიაგს, -ამოიბურტყუნა უკმაყოფილოდ, -კოცნა მინდა და ვერ ვმოძრაობ კარგად.
-წავალ იცოდე.
-არ წახვალ. ვერ მიმატოვებ, -ხელზე დაქაჩა და მოისვა მაინც გვერდით სანატრელი სხეული. -თან შენც გინდა, რო მაკოცო.
-ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს! -სახეზე აიფარა ორივე ხელი შერცხვენილმა. თითებზე აკოცა ლუკამ.
-ცაცა როგორ გიყურებდა? -ჩაეღიმა ეშმაკურად. -ყველაფერს მიხვდა.
-ხომ არავის ეტყვის ჯერ?
-რისი გეშინია? ივას გოგოს გამო მე აქ შრამი მადევს, ხმა არა აქვს შენს ბიძაშვილს ჩემთან ამოსაღები!
-ვიყოთ ასე ცოტა ხანს. ჯერ არ არის ამის დრო. -თვალები მიეხუჭა. ორი ღამის უძილობამ ერთიანად დარია ხელი მის დამძიმებულ შავ წამწამებს.
-მინდიას მოვკარი თვალი... -ჩაილაპარაკა ფრთხილად.
მიხვდა ლაილა, როგორ გმირულად არ იმჩნევდა აქამდე ბიძამისის სიახლოვე რომ შენიშნა.
-ხო, იმ დღესვე ჩამოვიდა ვაჟიკოსთან ერთად. საბას მკვლელის ამბავი თითქმის ბოლომდე მან გაარკვია.
-კაია. რომ გაირკვა საბას ამბავი.
-რა ვიცი. თითქოს უარესია. -უფრო მიეხუტა ლაილა. -ის უმისამართო ბრაზი და სიძულვილი, რომელიც უცნობი მკვლელის მიმართ გვქონდა, ის უსამართლობის განცდა თითქოს გაათკეცდა ახლა... მიზანმიმართული გახდა. არ ვიცი, ივა რას მოიმოქმედებს. არ მინდა... ხომ იცი, ჩვენში როგორც ხდება. არ მოუხდება ივას სხვისი შვილის სისხლი ხელებზე... ვაჟიკოს უნდა შენი ნახვა, თუ თვითონ წინააღმდეგი არ იქნებაო, დამაბარა.
-ოხ, რა უნდა პატარა სვანუკას? -გაეღიმა იმის შეჭმუხნული სახის გახსენებისას ლუკას. სიკვდილისგან გადარჩენილის სიხარული ყველაზე ცხადად მაშინ იგრძნო მისმა გულმა - ისეთი ადამიანის მოგონებამაც გააბედნიერა, ვინც ნერვებს უშლიდა ყველაზე მეტად. -მოვიდეს მერე, გამართობს...
*
საავადმყოფოს ეზოში ისხდნენ ივა და ვაჟიკო. ვერ ისვენებდა ბიჭი ერთ ადგილას. მთელი ეზო შემოიარა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა.
ალაგებდა სათქმელს თავის არეულ და დახრილ თავში.
-მოდი აქ, მოდი... -დაუძახა ივამ, მოისვა გვერდით და გადახვია ხელი ძმაკაცურად. -რა არ გასვენებს ერთი, მითხარი.
-არა, არაფერი... ისე დავდივარ. არ მომწონს აქაურობა და...
-ჩვენ რომ ვილაპარაკეთ, იმაზე რა მოიფიქრე?
-არაფერი. -მზერა მოარიდა. საავადმყოფოს დერეფანს მიაჩერდა ისიც. იმ გზის გავლაზე ფიქრობდა ახლა ყველა საფიქრალზე უფრო მეტად. -აქ როგორ ჩერდები? ამ ქალაქში... იფარში არ გირჩევნია?
-მირჩევნია.
-აბა, შენც შეყვარებული გყავს აქ? -წარბები აზიდა გაოცებით. გაეღიმა ივას.
-ჩემი საქმე მაქვს აქ. შენ გყავს მამა, ვაჟო. ჯერ პატარა ხარ...
-ოცის ვარ. -მხრებში გაიმართა, თითქოს სულაც არა ვარ ისეთი ასაკის შენ რომ გაგეღიმოსო.
-ვიცი რამდენისაც ხარ. ახლა რომ დარბიხარ სოფლიდან სოფელში და არ გედარდება სახლში ნასვამი რომ ბრუნდები, ის სახლი ფეხზე მდგომი როგორ გხვდება, სულ ასე არ იქნება. მინდია რომ სულ გყავდეს, შენ მაინც შენი თავის კაცი უნდა იყო. იქ რას მიკეთებ, რა დაგრჩენია იმ იფარში შენისთანა უსაქმური ძმაკაცების გარდა?
-არ ვარ უსაქმური.
-ხო, მინდიასთვის პრობლემების შექმნით და თავქარიანობით ხარ დაკავებული. ცოლი რომ მოგყავს, ვის იმედად მოგყავს?
-აუ, გამანებე ახლა თავი... -ასე მწარედ და პირდაპირ არავისგან მოუსმენია ვაჟიკოს სიმართლე. ემძიმა ის ხელი მეგობრულად რომ შემოადო ივამ მხრებზე და ახლა მძიმე უღლად დააწვა. -მაინც არ მომყვება.
-შენზე ჭკვიანია და იმიტომ. შენი საქმე გჭირდება. მინდია დაბერდება, შენ ვინ იქნები? მინდიას შვილი ვაჟიკო, თუ ვაჟა გაბულდანი, თვითონ შენ. გჭირდება შენ ეს ქალაქი. იფარი არსად გაგირბის.
-ის... რენე რას წარმოადგენს? -წარბებშეჭმუხნით მოაგონდა გამომძიებელი მაისურაძე რენე. როგორ უცებ გაიცნო ყველა, როგორი თავისუფალი იყო და თანამედროვე. თვითონ აქამდე მხარზე იარაღშემოდებულს იფარის ტყეებში ბოდიალი ეგონა ცხოვრება და ცხონება.
-ჰკითხე თვითონ.
-გამომძიებელი რომ გავხდე და ჩვენკენ ვიმუშაო, არ შეიძლება?
-როგორ არა.
-რა გაცინებს? მე ვერ მომისყიდიან. თავიდანვე დავაყენებ „პალაჟენიას“.
უფრო ხმამაღლა გაეცინა ივას, აუჩეჩა თმა და მხნედ შემოსცხო მხრებზე გაშლილი ხელი. ძმასავით საყვარელი იყო ვაჟიკო. თავისი შეცდომებიანად უყვარდა ივას მთელი გულით.
-რაო? -ჰკითხა დაძაბულმა, ლაილა რომ დაინახა მათკენ მომავალი. ფეხზე წადმოგა.
-არაფერი, -უბრალოდ აიჩეჩა მხრები გოგონამ. უცნაურად იქცეოდა. ძალიან ცდილობდა ზედმეტად არ ჩავარდნოდა ივას თვალში თავისი საეჭვო საქციელით. -მიდი, გელოდება...
გვერდზე ჩამოუჯდა ბიძაშვილს. ჩუმად გააყოლეს თვალი მამიდაშვილის სანახავად ქალაქში თავისი ნებით ჩამოსულ ვაჟიკოს.
-შენ აქ დილაუთენია რატომ მოხვედი? -ირიბად გადმოხედა ლაილას ივამ.
მოახლოვდა ჩემი განკითხვის ჟამიო, გაიფიქრა გოგონამ. აიწურა უხერხულად. ძლივს გაუსწორა მზერა.
-თქვენზე ხუთი წუთით ადრე მოვედი. -უტიფრად აიჩეჩა მხრებში და შინაგანი შვება იგრძნო განუზომელი, სანდრას მანქანაც რომ მოადგათ ეზოში. ახლა ხომ აღარ ეცლებოდა მისთვის ივას.
მოხდენილად გადმოვიდა ქალი. ნახევრად შეეკრა ოქროსფერი თმა, თუმცა შაქრისფერ მხრებზე მაინც ძვირფასი რიდესავით ჩამოჰყროდა ხვეულები.
ჩვეულებრივად გამოწყობილიც ისეთი მშვენიერი იყო. ივას დააკვირდა ცალი თვალით ლაილა. ერთი შეავლო ქალს თვალი და აზარუნდა მაშინვე მისი ტელეფონიც.
წამოდგა ფეხზე და თავის დაკვრით უცნობი ნაცნობივით მიესალმა სანდრას. იმანაც ისეთი ზერელე „გაგიმარჯოს“ დაუბრუნა, ეჭვს შეიტანდა გამვლელი, იცნობდნენ თუ არა საერთოდ ერთმანეთს.
-ეს რა იყო? -ჰკითხა ხმადაბლა გვერდით ჩამომჯდარს, ოდნავ რომ გაშორდათ ტელეფონზე მოსაუბრე.
-არაფერი. რა უნდა იყოს?
-იჩხუბეთ? -ღიმილს ვერ იკავებდა სანდრას შეკავებული ბრაზით ანთებულ სახეზე ლაილა.
-არა, რატომ მეკითხები? -უდარდელად აიჩეჩა მხრები და დაწვრილებული თვალებით დააკვირდა ზურგშექცევით მდგარს.
მხრები აეწვა ივას. ნელა მოტრიალდა მისკენ და გაუსწორა თვალები. ისე საუბრობდა, არ აცილებდა გამომწვევ მზერას ქალს. თითქოს ვინც პირველი გატეხდა კავშირს, ის იქნებოდა ამ ორთაბრძოლაშიც დამარცხებული.
-რა ვიცი... -მათ შორის დააცეცებდა ლაილა თვალებს. თითქოს ზედმეტი იყო უკვე. -დღეს თითქმის გამომიჭირა, შენ რომ მოხვედი, გადავრჩი დაკითხვას...
-ხო? -გაეღიმა. მოაშორა თვითონ მზერა თავისივე ნებით. -აქ დარჩი?
-ჩამეძინა.
-ჩაგეძინებოდა... -გაუღიმა ეშმაკურად, -არ გიძინია ორი ღამე.
გაერიდა ცხელ წერტილს ლაილა. მარტო დატოვა ერთმანეთში გასარკვევი წყვილი.
ღელავდა სანდრა. ისიც უტიფრად რომ არ უხლოვდებოდა... აწვალებდა ბოლომდე.
აღარ მოუთმინა ბოლოს გულმა. საერთოდ აღარ ესმოდა, რაზე ელაპარაკებოდა რენე ასეთი გამარქაფებული. იმედს ვერ აძლევდა მაინც ვერაფრის. ტიტე ქურდიანი რომელ კონტინენტზე ერთობოდა და ანადგურებდა სხვების ცხოვებას, მისმა ოჯახმაც კი არ იცოდა.
-ჩემთან მოხვედი თუ იმასთან? -კბილებით დაიჭირა ივამ ტუჩები, რომ არ გაჰღიმებოდა.
-პაციენტის მოსანახულებლად. -არ ეცინებოდა სანდრას. ძალიან იყო გაბრაზებული და დამორცხვებული ერთდროულად.
-ხვალ დილით სვანეთში მივდივარ. არ წამოხვალ?
დაეჭვებით ახედა უჩვეულოდ მშვიდს და ჯიუტს. თითქოს უარს არც იკადრებდა.
-არა, იყოს.
-მარტო გამიშვებ? მენდობი მაგდენად? -წარბები აზიდა გამომცდელად. რატომღაც ის საუბარი მოაგონდა სანდრას, რის გამოც იჯდა ახლა ასეთი გულმოსული მის გვერდით. -რა იცი, რისთვის მივდივარ...
-რატომ მიწვევ ახლა? -ნახევარი სხეულით მიბრუნდა მისკენ. უპრიალებდა კანს ტოტებს შორის გამომძვრალი მზის სხივები. -ჩემი საქმე ხომ არ არის? იმიტომ არ მიკითხავს შენთვის რას აპირებდი, რომ მგონია კაცის მკვლელი ხარ და სისხლს აიღებდი, როგორც თქვენს სვანურ კოდექსში წერია...
-აბა, რატომ? -ტუჩებზე მოისვა თითები, რომ შეეკავებინა ღიმილი. ისეთი თვალებით გახედა, სხეული დაუწვა იქ ანთებული გრძნობების მცხუნვარებამ სანდრას.
მოარიდა მზერა. რატომ იყო ამ კაცის გვერდით ასეთი მოდუნებული, ასეთი მგრძნობიარე...
-მითხარი, -ორი თითით გადაუწია თმა მხრებიდან.
იმის გაფიქრებამ, რომ ტუჩებს ეხებოდა წეღან ამ თითებით, სულ დაუწვა ყველა ადგილი, სადაც შეეხო. არადა, არც შეხებია ზედმეტად. მიეფერა ოდნავ. ასე გამოხატა ყველა სინაზე, რაც ამ ქალის სახელით სათაურდებოდა ივას ფიქრებში, გრძნობებსა და სურვილებში...
-არ მინდოდა, ასეთი გენახე. თუ გინდა გაბრაზდი, -მრისხანედ გაუსწორა ცრემლებით სავსე თვალები სანდრამ. თითქოს არ ეშინოდა მისი სიბრაზისა და სიმკაცრის, -მერჩივნა არ მოსულიყავი საერთოდ არც იმ სახლში და არც იმ კაფეში. ამიტომ მინდოდა შენც გეთქვა ჩემთვის, რაც გაწუხებდა, რასაც ვერ აგვარებდი...
-გავთანაბრდებოდით ეგრე? რა არ გასვენებს, რა გგონია, იმან ჩემს თვალში დაგამცირა შენ როგორმე? გგონია ამას ვინმე მოახერხებს? -ისეთი მძიმე ხმა ჰქონდა, სუნთქვა შეეკრა ქალს. –„ასეთი“ როგორი გნახე თავს რომ იტანჯავ, როგორ იგრძენი თავი, მითხარი...
-დამცირებულად. -გაუტყდა წლების ნაწებები ხმა საბოლოოდ. -სუსტად. ადექით და საქმეები არჩიეთ ჩემთან დაკავშირებით...
-ახლა შენ გეშლები ოცი წლის ბიჭში. რაც იმან ილაპარაკა, შენ კი არა თავის თავს აკადრა მხოლოდ... და მიიღო მცდელობაზე საკადრისი პასუხი. დამთავრდა.
-მე ხომ ვაკადრე ჩემს თავს მისნაირი. ასე არ მითხარი? როცა ხაზგასმით მომახსენე, რომ ჩემი საქმე არ იყო, შენ რას აპირებდი, ჩამთვალე მაშინ ისეთ ქალად, ვისაც რამის ცოდნას ანდობდი შენს ცხოვრებაზე? არა. ამიტომ კარგად დაფიქრდი, ვის სთავაზობ შენთან ერთად წასვლას სადმე. ჩემგან უარი გაქვს, არ დავდგები ისეთი კაცის გვერდით, რომელიც თავის სწორად და სანდო საყრდენად არ მთვლის. სასაცილოს ვამბობ რამეს?
მრისხანედ შეხედა ივას ღიმილით გახსნილ სახეს.
-არა, შენ მაღიმებ. გამაცანი ერთი ეგ შენი საფიცარი სვანური კოდექსი. ჯიუტ და ამაყ ქალებთან მოქცევის წესებზე არ წერია რამე?
-მე რაზე გელაპარაკები და შენ რას მპასუხობ!
-არ გეტყვი იმას, რაც შენც ძალიან კარგად იცი. -გაიმკაცრა ხმა ივამ, გაეცრიცა ღიმილი. იფარის მონატრებული სიგრილე იგრძნო მის სიახლოვეს სანდრამ, -ეს შენ გაქვს ჩემთვის შენი ძალის და დამოუკიდებლობის დამტკიცების მოთხოვნილება. რამ შეგაშინა, სანდრა...
-შეუძლებელია შენთან საუბარი!
-სხვანაირად ვცადოთ მაშინ ერთმანეთის გაგება, -გადაიხარა ოდნავ მისკენ. სუნთქვა ჰქონდა სამაგიეროდ ცხელი და მათრობელა. თვალებში ეტყობოდა, როგორ იკავებდა თავს ამ ქალთან. -გამოგივლი ხვალ. ადრე. თბილი ტანსაცმელი ჩაალაგე.
*
ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უკან უნდოდა გამობრუნება ვაჟიკოს.
ფიქრობდა, ვკითხავ „როგორ ხარ“, ის მეტყვის „კარგად“... მერე რა ვუთხრა? რატომ ვარო აქ... არ უნდა მოვსულიყავი. სისულელეა.
შეაღო მაინც კარი. ტელეფონში ათვალიერებდა ლუკა რაღაცას. ამოხედა სტუმარს აწეული წარბებით.
„ოღონდ ახლა ნერვები არ მომიშალოს, რამე ისეთი არ მითხრას!“ ფიქრობდა ვაჟიკო.
-მანდ უნდა იდგე? -სკამისკენ ანიშნა, ჩამოჯექიო.
-როდის გაგწერენ? -მოათვალიერა კარგად მამიდაშვილი.
-ერთ კვირაში.
-მოკითხვა დამაბარეს თამარამ და ჟუჟამ.
-შენ არ რჩები აქ? -ტელეფონი გვერდზე გადადო ლუკამ.
-ყველა მაგაზე რატომ მელაპარაკებით?
-კაი, როგორც გინდა. -მხრები აიჩეჩა ფილფანმა.
-მამაჩემიც აქ არის.
-ნათელა რატომ დამიტოვეთ? ან ტატა.
-არაა სასაცილო. ნათელამ რომ გაიგოს საავადმყოფოში ხარ, წნევა დაარტყამს.
-კაი, კაი.
-მართლა გეუბნები. -ხმა ჩაიწმინდა ვაჟიკომ, შეეცვალა სახე. -ახლა ისეთი რაღაც უნდა გითხრა, რისი თქმისთვისაც შეიძლება ენა ამომაძრონ.
-არ გინდა ამხელა მსხვერპლი... -ჩაიფრუტუნა ლუკამ დანანებით, -ბრძნული აზრები შემოაკლდება შთამომავლობას.
-შენ იქცევი ახლა უმცროსივით. -ღიმილი დაიკავა ლუკამ. გისმენო ანიშნა სერიოზული სახით. -იფარში შენი სახლის გაყიდვა უნდოდა მამაშენს. უფრო სწორად, თავისი იყო, მაგრამ ახლა შენია. მინდიამ გამოისყიდა შენთვის მამაშენისგან.
-შენ რა იცი? -სხეული დაეჭიმა ლუკას. არ მთავრდებოდა სიურპრიზები მამამისის წარსულიდან.
-ვიცი. დედას ეუბნებოდა და გავიგონე. მამაჩემს არასდროს ნდომებია თქვენი სოფლიდან წასვლა, შენი დაკარგვა. ამას თავისი პირით არასდროს გაგიმხელდა, იმიტომ რომ არ უნდა შენ მის წინაშე თავი ვალდებულად იგრძნო. ასე არ არის. მინდიას მარტო ის უნდა, რომ მისი დისშვილის სახლში სინათლე აანთოს ვინმემ.
-დამწვარია ეგ სახლი.
-ახლის აშენებაში მოგეხმარება... მოგეხმარებით. თუ შენ მოინდომებ. მეტი მე არაფერი ვიცი, -ფეხზე წამოდგა ვაჟიკო. უფრო მსუბუქად იგრძნო თავი, თითქოს ყველა ნაკავები სიტყვა გაათავისუფლა თავისი მდუმარების გალიიდან. -არ ვიცი, რატომ არ ვიცნობდით ჩვენ აქამდე ერთმანეთს. ამის ახსნა აუცილებლად ექნება მამას. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ არსებობდი, გვიყვარდი ჩვენს წარმოსახვაში. შენ რომ ჩამოხვედი და ისე გვიყურებდი ჩვენ და ირგვლივ მთელს სოფელს, თითქოს რამე აქეთ დაგიშავეთ, გავბრაზდი. ამიტომაც ვიქცეოდი ასე. მინდოდა, აზრი შეგეცვალა.
-მაგიტომ დამასიე მთელი სოფელი, არა? რო შემყვარებოდით უფრო. მახსენებდი რაღაც-რაღაცებს...
-ნერვებს მიშლი უკვე. -წარბები შეყარა ვაჟიკომ გამაფრთხილებლად. -ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა.
კარისკენ წავიდა მხრებში გამართული. გაზრდილი. გათავისუფლებული.
-აქ ჩამოსვლას თუ გადაწყვეტ, -სიტყვა დააწია ლუკამ გამოღებულ კარში მდგომს. -არის ჩემს სახლში შენი ადგილი. მაინც მარტო ვცხოვრობ და ვინმეს ნერვებს მოვუშლი.
თავი გადააქნია ვაჟიკომ ღიმილით. ეს იყო, ალბათ, ლუკა ფილფანის სიყვარულის ენა და ვერ უგებდა აქამდე - ენამწარობა და სხვის ნერვებზე თამაში...
*
გარდაუვალი იყო მათი შეხვედრაც.
წლების შემდეგ იდგნენ ერთმანეთის პირისპირ მინდია და ერეკლე.
ფილფანისთვის რომ გეკითხათ, ახალგაზრდობაში რომ სცოდნოდა, როგორ დაამძიმებდა თავისი ცოდვები სიბერის ჟამს, რა მწარედ დაუდებდა მომავალი კვანტს და ვის ფეხებთან წააქცევდა, სხვანაირად მოიქცეოდა ალბათ მაშინ.
მაგრამ გავიდა ოცდაექვსი წელი. არაფერი გაუფერულებულა იმ ადამიანის მომავლის გარდა, ვის ცხოვრებაშიც წარსული შეცდომები კაშკაშებდნენ დამაბრმავებლად.
-მაინც მოვიდა შენამდე. -ჩამოჯდა ერეკლე. აღარ ჰქონდა ფეხზე დგომის თავი.
ნინო შორიდან შიშით უმზერდა ქმრის პაემანს თავის მძიმე წარსულთან. მაინც არ უნდოდა დაცემული ენახა.
-მიწა თავისას მოითხოვს, ერეკლე. შენ სულ არაფერი გასწავლა მამაშენმა?
-აღარ მახსოვს მამაჩემი, მინდია. -გაუსწორა ჩაწითლებული, უაზრო თვალები. ვეღარ ხედავდა აზრს ცხოვრების გაგრძელებაში.
-ვიცი. შენ მამაჩემის საფლავს რომ გადააბიჯე, მაშინ უკვე დავიწყებული გყავდა მამაშენი. კიდევ კარგი, მკვდარი იყო ორივე და არ მოესწრო შენს.. არ მოგესწრო შენ. შვილი საერთოდ არ გიყვარს, ბიჭო? ასეთი კაცის შვილობისთვის რომ იმეტებ, არ გეცოდება?
-შენ გგავს. -თითქოს ეს იყო სწორი პასუხი მინდიას შეკითხვაზე. -შენნაირად დადის, შენნაირად ლაპარაკობს, შენნაირად მიყურებს. ვერაფრით გაგექეცი. ვერაფრით დავემალე ღვთის სასჯელს ჩემს ყველა შეცდომაზე.
-შენი შვილია ღვთის სასჯელი შენთვის? შვილად არ ივარგე, კაცად არ ივარგე, ძმად არ ივარგე! -ნელ-ნელა უწევდა ხმას მინდია. -მამობა შენი სუფთა ფურცელი იყო, ბიჭო, მამადაც როგორ ვერ ივარგე! ბავშვს არ გამაკარე...
-ელისომ...
-ნუ ახსენებ იმის სახელს! -ადგილზე შეხტა ნინო. -რამდენჯერაც ჩამოვედი, ბავშვი იმდენჯერ დამიმალე. მეგონა შენთან ბედნიერი იყო. ნინო უწევდა დედობას. ეტყობოდა ამ ქალს თავისი შვილის სიყვარული. აღარ შევახსენე ბავშვს ის, რისი დავიწყებაც შენ გინდოდა ასე ძალიან, ბავშვი იყო, ვერ გაიგებდა, არ დავუმძიმე გული. ვიფიქრე, ექნება ის ოჯახი, ის სიმშვიდე, რომელსაც იმსახურებს, რომელიც წაართვით შენ და ჩემმა დამ! გენდე! იმ შვილისთვის ღირსეული მამობის გაწევის იმედით გენდე, მე რომ უნდა მომენათლა. გახსოვს? ასე ვიყავით შეთანხმებულები ბავშვობაში! შეცდომა დავუშვი. ვნანობ. სოფელში რომ ჩამოვიდა და იმის თვალებში განუზომელი სიძულვილი და სიუცხოვე დამხვდა, ვინანე მამა-შვილის ურთიერთობაში რომ არ ჩავერიე. თურმე ვცოდნივართ... ხედავ რა მიქნა შენნაირ კაცში კარგის დანახვის მცდელობამ? მეც შემაცდინა. არ დაგინახო გზაზე გადაეღობო ლუკას. არ დაგინახო, რამე დაუშალო, თორემ საკუთარ თავს ვერ იცნობ, ისეთ დღეში ჩაგაგდებ.
-მომკალი და დაამთავრე. -პირზე აიფარა ნინომ ხელები. მისვლა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა მათ საუბარში ჩარევას. -ყველას გაგიმარტივდებათ ცხოვრება! რატომ არ მკლავ, რატომ!
-ადექი და ერთხელ რამე შენც გააკეთე სწორად. იქნებ მერე მოგინდეს სიცოცხლე. იქნებ მერე სხვებსაც მოუნდეთ შენთან ერთად ცხოვრება...
*
ფერდობებიდან თოვლი დედოფლის ფატასავით დაეშვა. სანახაობა იყო თვალისმომჭრელი საქორწილოდ გამოწყობილი თეთრი კავკასიონი. ზაფხული უცებ შეცვალა ნაადრევად დამდგარმა ზამთარმა.
მინდია და ვაჟიკო ჩამოსხეს თავიანთი სახლის ჭიშკართან. გულითადი მადლობა გადაუხადა ივას დამგზავრებისათვის. სანდრასაც თავის დაკვრით გამოემშვიდობა დიდი პატივისცემით და ერთად შევიდნენ სახლში გაბულდანები.
-იმედია აქ არ გავეჭედებით, -დათოვლილ მთებს გახედა სანდრამ. ისე ყინავდა უკვე, თითქოს სამი კვირის წინ მოკლე მკლავებიანი მაისურით არ იჯდა ჟუჟას ეზოში.
-საღამოს გამოგივლი.
სულისგამაწვრილებლად არ ჩქარობდა ნაბიჯების გადადგმას ივა. ერთხანს უყურა თვალებში სანდრამ, სიცილით გადააქნია შემდეგ თავი და შეიჭრა ჟუჟას ეზოში დიდი სიხარულით.
-ასე მალე დამიბრუნდი? -სიხარულით შემოეგება ქალი.
-ივა მოდიოდა და წამოვყევი. -ჩაკოცნა სანდრამ საყვარელი მოხუცი. -დედამ და მამამ მოკითხვა დამაბარეს.
-რად მინდა მოკითხვა, ჩამომაკითხონ და მნახონ ერთხელაც. რაო ივამ? -ეშმაკურად გაეღიმა.
იქეთ ეზოში შვილს ესიყვარულებოდა თამარაც.
-არაფერი, რა უნდა ეთქვა ივას?
.
ვაჟიკოს ცხენს უკარება ერქვა. საერთოდ ძალიან მეგობრული ფაშატი გახლდათ უკარება, თავიდან მხოლოდ თავისი პატრონი აითვალწუნა. ძლივს მოათვინიერა, როდესაც ტყიდან მოუყვანა ველური ცხენები მინდიამ თავის შვილს.
ერთი ლუკასთვის იყო, წითელი და ტანკენარი... სახელი თავად პატრონს უნდა შეერჩია, ამიტომაც საგულდაგულოდ უვლიდნენ ლუკას ცხენს.
-შეიძლება? -ჰკითხა სანდრამ, მიეფერა უკარებას.
ტყიდან ბრუნდებოდა ვაჟიკო ცხენთან ერთად. დიდი წკნელი ეჭირა ხელში და მოერეკებოდა მსხვილფეხა ცხოველებს სახლისაკენ.
-იცი ჯირითი? -გადაულოცა აღვირი ქალს და ღიმილით დააკვირდა უკარებას ნასიამოვნებ ფრუტუნს.
-როგორ არა... შეიძლება?
-კი, მიდი. მიენდე, არ არის თავქარიანი ლუკას ცხენივით.
-ლუკასაც ჰყავს? -მოხდენილად მოთავსდა უნაგირზე ქალი, წითელ ფაფარზე მიეფერა უკარებას.
-კი, ეზოშია. რომ გაისეირნებ, დამიძახე და შევიყვან შინ. ახლა მეჩქარება, მამა მელოდება.
ათასი საფერებელი სიტყვით დააჯილდოვა სანდრამ ფაშატი. ასეთი ლამაზი ცხენი ცხოვრებაში არ ენახა. ნელ-ნელა დაუყვა იფარის ქვაღორღიან შარას. შემოუარა უკნიდან სოფელს და იმ ადგილს მიადგა, მდინარის პირას, სადაც ივასთან ერთად იყო პირველად და ბოლოს.
წყალი შეასვა ცხოველს. აკვირდებოდა თან ამ მშვენიერებას. უამრავი სურათი გადაუღო სამახსოვროდ.
ამხედრებული უკან აპირებდა დაბრუნებას ნაცნობი სხეული რომ შემოხვდა გზაზე. ვერაფრით შეიკავა ღიმილი ტყუილში გამოჭერილმა. ივასაც ეტყობოდა სახეზე, რომ მასაც ის დიალოგი მოაგონდა, როცა ჯირითის სწავლება შესთავაზა ქალს.
-გცოდნია... -ეშმაკურად გაეღიმა კაცს, მოქაჩა ოდნავ აღვირი თავის შავ ულაყს. ისიც დინჯად დაჰყვა პატრონის ნებას. -არადა, ვიფიქრე გასწავლიდი...
-ახ, მაგისთვის მთხოვე წამოსვლა?
წრეზე ჩორთით მოძრაობდნენ თავიანთი ცხენებით. არ აშორებდნენ თვალს ერთმანეთს. ისეთი სანახავი სცენა იყო, თითქოს ერთმანეთს ზვერავდნენ მთავრები მტრების ბანაკებიდან, ზომავდნენ თვალებით მეტოქის შესაძლებლობებს.
-რისთვის მთხოვე მესწავლებინა...
-გეპრანჭებოდი, -მაცდურად გაუღიმა ქალმა. -გინდა შევეჯიბროთ?
-პირველად ხარ ამ მიწაზე, პირველად ჯირითობ მაგ ცხენით... ძალიან გნდომებია ჩემი დამარცხება.
-არ გამომივა? -წარბები აზიდა სანდრამ.
-არ გამოგივა. -გამოიწვია თვალებით. -გეგმებიც ჩამიშალე...
დაუახლოვდა სანდრას ფაშატს ივა. გაჩერდნენ. ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ძალიან ახლოს. უსაფრთხო მანძილი აღარ არსებობდა მათ შორის.
-ჟუჟამ მოგიკითხა... -წინ წავიდა სანდრა, მოხდენილად ჰყვებოდა მისი სხეული ცხენის ნაბიჯებს. თვალი გააყოლა ივამ, დატკბა ბოლომდე სანახაობით.
-მე არ გამეცინებოდა ჟუჟას და თამარას მონდომებაზე, შენს ადგილას რომ ვიყო.
-რატომ, სერიოზულად მიიღე მაგათი თვალით დანახული ჩვენი მომავალი?
-მეტისმეტად. -წინ გადაუდგა ქალს ივა.- გადმოჯექი ჩემთან.
-არა... -გაუღიმა და გვერდის აქცევა სცადა სულ ტყუილად.
-მოდი, -წარბები აზიდა ივამ, ჯიუტობით უკმაყოფილომ. -თუ ასე კარგად იცი, ექსტრემალურ სიტუაციაშიც შეძლებ...
-შენ ხარ ეგ ექსტრემალური სიტუაცია? -გარკვევით წარმოთქვა ბოლო ორი სიტყვა. ოხ, როგორ იწვევდა იმ შავი თვალებით, სიახლოვის სურვილით...
ჟუჟას აღმართზე ააშვებინა სანდრას ვაჟიკოს ულაყი. გაიგნებსო თავის გზას. არ მიანება თავი, სანამ მის წინ არ მოისვა ქალი.
კმაყოფილმა მოხვია მუცელზე ხელი და აიკრა გაშლილ გულ-მკერდზე მისი დაძაბული სხეული. ჩაეცინა სანდრას ოქროსფერ თმებში. მოუღიტინა მისმა ჰაერმა კისერში ქალს.
-მიდი, აჰა, -გადაულოცა აღვირი ხელებში, ლოყით ეხებოდა მის თავს. -აუყევი ამ გზას...
-ვიცი, რაც უნდა ვქნა. -ძლივს შეკოწიწებული სიმშვიდით აუყვა მდინარის ნაპირს სანდრა. -ნუ იღიმი ეგრე ბოროტულად...
-მე რას მიყურებ, შენი საქმე აკეთე... -უთხრა ხმადაბლა, განზრახ იქცეოდა ასე, განზრახ აკარგვინებდა მოთმინებას.
თმა გადაუწია ერთ მხარეს. გამოუთავისუფლა დანახვის წამიდან სასურველი კისერი ქალს.
-გამიშვი ხელი. ნუ მიჭერ, არ გადავვარდები...
-კარგი, მოგეფერები მაშინ. -მორჩილი ღიმილი მიაწება ათრთოლებულ კანზე სანდრას. მოხერხებულად მოუძებნა ხელის შესაძვრენი ადგილი მაისურსა და შარვალს შორის, გაშლილი მტევნით მიეფერა მუცელზე.
-ესაა შენი ექსტრემალური სიტუაცია? -ძლივსღა ლაპარაკობდა უკვე.
არასდროს ყოფილა შეხება ასეთი სასიამოვნო. არასდროს უარსებია სხვა შეხებას სანდრას სხეულზე.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, უარესიც შემიძლია, იცოდე.. -თეძოზე გამაფრთხილებლად, მსუბუქად მოუჭირა ხელი.
აუჩქარა ოდნავ სანდრამ, სჭირდებოდა ცივი ჰაერი, მაინც და მაინც მათი სხეულების ირგვლივ რომ გახურებულიყო აუტანლად.
-ცუდად იქცევი... -ძლივს ამოილაპარაკა ქალმა. თვალები ეხუჭებოდა უკვე, ძალით ცდილობდა წართმეული სიფხიზლის შენარჩუნებას. აგიჟებდა ზურგზე მოწებებული მისი სხეულის ძალა და მცხუნვარება. -არ მაცდი...
-ხაფანგში რომ ხარ, თუ ხვდები... -კოცნით აუყვა მხრიდან კისრამდე მანძილს. -რატომ წამომყევი...
-უარს მიიღებდი? -მიესვენა ძალაგამოცლილი მის მხარს. მოუდუნდა მთელი სხეული.
-არა... -გაეღიმა, ლოყით მიეყრდნო მის სახეს და გამოართვა თავისუფალი ხელით სადავე. -მაგრამ შენ გინდოდა ჩემთან... ხომ ასეა?
-ასეა. -გაეღიმა სანდრასაც.
ესიამოვნა კიდეც ის შეგრძნება, რომ მასაც ჰყავდა საყრდენი. მასაც შეეძლო მიეშვა სადავეები და ჰქონოდა ვინმე ისეთის იმედი, ვინც არ გადაიყვანდა გზიდან...
-რატომ არ მოგეწონე პირველად? ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ. -მიაბრუნა მისკენ სახე ნახევრად. ლოყასთან ახლოს გაუჩერდა ტუჩებით.
მის ნაზ სუნთქვას გრძნობდა ივა. ყველაფრით ავსებდა ეს შეგრძნება, ეს სურნელი, რაც ამ ქალს ჰქონდა და თვითონ აკლდა და სჭირდებოდა.
გაეღიმა შეკითხვაზე.
-ვერ მოგინელებია?
-უბრალოდ ვერ ვხვდები.
-როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ მოსწონდე? -მაცდურად აუმოძრავა თითები მუცელზე, შარვლის ნაპირთან. მისწია უფრო ახლოს თავისკენ.
ტუჩებით რაღაც მიანიშნა თავის ულაყს. მანაც შეანელა სვლა და გაჩერდა საბოლოოდ.
-მანქანაში იმდენი სუნამო გამისხი, ჯერაც ასდის ის სურნელი. მეტიჩარა და ქედმაღალი იყავი, ამიტომაც.
-ახლა აღარ ვარ? -გაუღიმა ეშმაკურად.
ერთ მხარეს გადაალაგებინა ივამ ფეხები, მოახედა თავისკენ უკეთესად. ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა.
-ხარ, -კისერთან შეატოვა ხელი, ცერით მოეფერა ნიკაპზე. -ახლა მაგიტომაც ხარ აქ, ჩემთან და არა სადმე სხვაგან...
-სხვასთან?
-სხვასთან არც მიფიქრია. შენ სულ ჩემთან გინდოდა... შენ მოგეწონე პირველივე წამიდან...
-ცდები.
მოშიშვლებულ წელზე შეეხო ამჯერად. მისწია თავისკენ და აახდინა ორივეს სურვილი, პირველივე წამიდან გაჩენილი და უარყოფილი.
კოცნითაც იწვევდა თითქოს, ისე ეხებოდა ნანატრ ტუჩებზე ქალს.
ორივემ იცოდა, რომ მათ პაექრობას არ ჰყავდა გამარჯვებული. მხოლოდ ერთმანეთის წინაშე მარცხი იქნებოდა მათთვის მარტივად შესაგუებელი.
თვალები მიეხუჭა სანდრას მის მხარზე. ნელა გაუყვა სოფელში დასაბრუნებელ გზას ივა. პერიოდულად კოცნიდა ქალს შუბლზე. ფერებას არ წყვეტდნენ მისი ხელები.
-ხომ კარგად ვატარებ? -ჰკითხა, ოდნავ რომ მოფხიზლდა. ფართოდ გაეღიმა ივას. ესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა სანდრას, ამიტომაც იჯდა ასეთი გასუსული, სმენადაძაბული.
ასე უსიტყვოდ არავისგან გაუგონია სიყვარულის ახსნა, ასე დანამდვილებით არავის გრძნობებში ყოფილა დარწმუნებული.
-საუკეთესოდ.
-შენზე კარგადაც?
-არა, ჩემს შემდეგ საუკეთესოდ.
უამრავჯერ აკოცა უკმაყოფილოდ აფრუტუნებულ სახეზე ქალს.
-ჩემი აზრის რატომ შეგეშინდა? -სპეციალურად წაიყვანა შორი გზით ულაყი. უნდა ჩამოესვათ ამ გზებზე ყველა შიშები და მიეტოვებინათ.
-აქ რომ ჩამოვედი პირველად, სახლი რომ იწვოდა მინდიასი... შენმა მისვლამ იმხელა იმედი გაუჩინა ყველას, თითქოს ყოვლისშემძლე იყავი. შემდეგ ისე საუბრობდნენ შენზე ყველანი, ჟუჟა განსაკუთრებით.. ვიცი, არ ყოფილა მხოლოდ შენი ჩემთვის მოწონება მისი მიზანი. გულწრფელი იყო სრულიად ყველა სიტყვაში. შიშები მაშინ დამეწყო ზუსტად, როცა ჩემმა გულმა სხვანაირად დაიწყო შენს სიახლოვეს რეაგირება. ასე ძალიან არასდროს მდომებია, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელს არ ეარსება. არ ვყოფილიყავი შენთვის სხვაზე დანიშნული ქალი, რომელმაც საქმო მიატოვა. შემეშინდა, რომ არ ვიქნებოდი საკმარისად სანდო და ძლიერი, სასურველი, იმიტომ რომ მინდოდა შენთან... არ ვიცი, როგორ ახერხებ, რასაც ახერხებ, მაგრამ მეც მინდა ვიყო მაგის ნაწილი... ცხოვრებაში პირველად შემეშინდა, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი ვინმესთვის, შენ ისე მექცეოდი, ისე მაგრძნობინებდი, რომ არ მოგეწონე...
-არ ვიცი, რას ვაპირებ. -მიეფერა წელზე ძალიან ნაზად. თითქოს ყველა სიტყვაში გაუგო, იმის მიუხედავად, რომ არ ეთანხმებოდა უმეტესად. წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა არ მოსწონებოდა, საკმარისზე მეტი იყო ეს ქალი, გასაღმერთებელი.. -არ მქონდა შენს კითხვაზე პასუხი. შენ არ გჭირდებოდა იმ დღეს საკუთარი თავის გარდა სხვა საფიქრალი. არ გაფრთხობს ეს? რომ არ ვიცი... წინ რომ დამიყენონ, რა შეიძლება გავუკეთო.. არ გაფრთხობს ეს? იქნებ შემიძლია ვიყო მკვლელი. ამის ნაწილიც გენდომება, რომ იყო?
-არ ხარ მკვლელი.
-რატომ, სვანურ კოდექსში არ წერია სისხლის აღების ძირძველ წესზე?
-არ ხარ მკვლელი. ისეთ ადამიანებს არ უყურებენ იმედიანი თვალებით, ვისაც შეუძლია მკვლელი იყოს. აქ ხომ ყველამ იცის შენი ამბავი. არავინ მოელის შენგან სისხლის აღებას. ამაზე საუბარიც კი არაბუნებრივია შენგან.
-არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცევა ასეთ დროს. მაინც გენდომებოდა? გამიჩერდებოდი ასე მშვიდად, რომ გითხრა კაცის მოკვლა მაქვს-მეთქი გადაწყვეტილი?
-არა. ვინანებდი იმ სიტყვებს, რაც გითხარი. -მკაცრად უთხრა სანდრამ და მოაშორებინა ხელები. -რა გინდა, რომ მათქმევინო? მიდი, მოკალი და მერე შენ ციხეში იჯექი და მე დაგელოდები ოცი წელი-მეთქი? იოცნებე ოთხ კედელში მერე, ახლა ღია ცის ქვეშ თუ არ შეგიძლია იმის დაფასება, რაც გაგაჩნია. ვიფიქრებ, რომ ტყუილად ჰქონდა ამდენ ხალხს შენი იმედი. შენ არცერთი მათგანის ნდობა არ დაგიმსახურებია თურმე. დედაშენმა საკმარისი არ იწვალა? საკმარისი არ დაკარგა? რა იქნება მისთვის სამართლის აღსრულება, მითხარი, რომ ადგე და უკანასკნელი იმედიც წაართვა შენი სახით? ნუ მეხები საერთოდ, მაგ ხელებით ვინმეს მოკვლას თუ გეგმავ.
-გადამივარდები, გაჩერდი, -მაგრად მოხვია ცალი ხელი წელზე გადავარდნის პირას მისულს.
-რა ცუდი კაცი ხარ! გამიშვი.
-არა. -გააფრთხილა ხმამაღლა. მიიკრა გულზე მისი სხეული. -გაჩერდი. აღარ გაქვს შენ სხვაგან წასასვლელი.
უამრავჯერ აკოცა გაბრაზებულ თვალებზე.
-ასეთს მარტო შენ მხედავ. -უთხრა ხმადაბლა. -მკვლელი არ ვარ, მაგრამ არც ეგეთი კარგი ვარ, შენ რომ გგონია.
-ხარ. -შეეწინააღმდეგა მაშინვე. -შენზე უკეთესი არ არსებობს. მიმიყვანე ახლა ჟუჟასთან, თორემ გააგებინებენ მთელს სოფელს.
-გააგებინონ, აღარ დაგვაგვიანდება ბევრი.
-ასე მარტივად არ დაგთანხმდები.
-თანახმა ხარ უკვე.
დაბრუნდა სოფელში თავისი დაკარგული და ნაპოვნი სიმშვიდითა და ძალით ხორგუანი ივა.
არც მას ეშინოდა სადავეების მიშვების. სწორ გზაზე იდგა სწორ ადამიანთან ერთად.
*
ეს ამბავი ყველაზეა, ვინც ლუკა ფილფანის საავადმყოფოდან სახლამდე მისვლაში შეიტანა წვლილი.
ვინც მის გაშლილ მაგიდასთან იჯდა იმ ამბით გახარებული, რომ ბოროტების ხელებს ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე დაუსხლტა უამრავი უდანაშაულოს შეწირვის შემდგომ.
-რატომ ვერ ისვენებ? -უკმაყოფილოდ გადაუდგა წინ მოუსვენრად მოწრიალეს ლაილა.
-ოხ, დარჩი ბარემ ჩემთან, მაინც ცოლივით მეკაპასები. -თვალი ჩაუკრა ჩუმად და დაიმარტოხელა აივანზე თავისი საყვარელი ადამიანი ლუკამ.
ნინო თვალცრემლიანი ღიმილით შეჰყურებდა ამ სანახაობას.
-ჭრილობა გაწუხებს? რატომ წრიალებ?
-ტიტე მოკლეს. მაიამიში. -მოაჯირს მიეყრდნო წელით ლუკა.
-საბას... -სიტყვა ვერ დაამთავრა ლაილამ. იქვე ჩამოჯდა. სიცარიელეს გრძნობდა, მეტს ვერაფერს.
იმედი, რომ სამართალი საბას სულისთვის ადამიანის ხელით აღსრულდებოდა, მკვდრადშობილი იყო ისედაც.
-ხო. -თვალები მოისრისა ბიჭმა. -მანქანამ გაიტანა. რენემ გამაგებინა წეღან. უკვე ივასაც ეცოდინება.
-მანქანამ? -კისერში გაეჩხირა ყველა სიტყვა ლაილას.
თვალწინ დაუდგა ყველა მოგონება საბას შესახებ. გრძნობას, რომელიც ეშმაკივით ეჩურჩულებოდა, რომ სამართალი ყოველთვის პოულობს გზას, ვერაფრით დააღწია თავი.
-ვიღაც იქაური გუბერნატორის შვილმა.
-ალბათ, მამამისი საბაზე ფიქრობს. -ცრემლი გადმოუვარდა ლაილას.

ერთად მოვიდნენ ივა და სანდრა ახალგაზრდების ყრილობაზე. ლუკამ მკაფიოდ განაცხადა უარი მისთვის მიელოცათ გამოჯანმრთელება. ეს წვეულება სანდრას სახელობის შრამს ეძღვნებოდა ლუკა ფილფანის ტანკენარ სხეულზე. (მისივე სიტყვების ციტირებაა.)
სპეციალურად დასხდნენ ერთმანეთის გვერდით ის და ლაილა. უკეთ რომ აეხვიათ თვალები ყველასთვის, აქაო და, ასეთი სიახლოვის დროსაც კი ვერ მიიტანთო ჩვენზე ეჭვს.
ჩუმად ეღიმებოდა სანდრას მათი ცუდი მსახიობობის შემყურე. ივაც გმირულად ითმენდა ამ მაიმუნობას.
თვალებით გაიწვია ბოლოს ლუკა აივანზე. ისეთი დაფეთებული მზერა გააყოლა მათ ლაილამ, აშკარა იყო ყველაფერი ისედაც.
-გადააგდებს თუ თავს გაუტეხავს? -ფიქრიანი მზერა გააყოლა აკომ მათ სხეულებს.
-ჩემი აზრით, ხელს მოატეხავს. -ფსონს ჩამოვიდა რენე მაისურაძე.
-რას ლაპარაკობთ? -პირი გაუშრა ლაილას. ნუთუ ყველა ყველაფერს ამჩნევდა.
-ძალიან ცუდი მსახიობები ხართ, -თვალი ჩაუკრა აკომ. სუფრასთან მშვიდად მჯდომ ნიკოს ჰკითხა შემდეგ ხმადაბლა, -შენ რას ფიქრობ?
-არაფერსაც არ უზამს. -გამომწვევად გადადო ხელი თეთეს სკამის საზურგეზე.
-შენ რომ არ მოგხვდა იმას არ ნიშნავს, სხვასაც უპასუხოდ დატოვებენ.
-თუ რამე გაქვს სათქმელი, მე არსად გავრბივარ.
გამოიხურეს აივნის კარი. აღარ ისმოდა არავის ხმა. მხოლოდ ქალაქი გუგუნებდა შეუსვენებლად.
-რა საჭირო იყო ეს ბავშვური დამალობანა? -ირიბად გადმოხედა ლუკას პროფილს ივამ.
-თვითონ უნდოდა ასე. თან სხვა მუღამი აქვს.
-რატომ უნდოდა ასე, არ ჰკითხე?
-შენი რცხვენია. რა შეკითხვაა? ისე გვიყურებ ერთად, თითქოს რამეს ვაშავებთ.
-აშავებთ, -უთხრა დარწმუნებით. -მიმალავთ. უკვე დანაშაულია. მითხარი ახლა, რაც გაქვს სათქმელი. რას აპირებ და ასე შემდეგ.
-მიყვარს.
-რა იცი? -გამოხედა ცივი თვალებით. იმ წამს პირველად იგრძნო ისე ცხადად ლუკამ, რომ ლაილას ბიძაშვილი ედგა გვერდით და არა თავისი ბავშვობის მეგობარი.
-რო ვუყურებ, მინდა რომ იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე ვარ. სხვაგან გახედვა არ მინდა. ჩემი შეცდომების მეშინია. ვიცი, ახლებს გააზრებულად არ დავუშვებ, მარტო იმიტომ რომ ის იყოს უსაფრთხოდ.
-მის გვერდით ყოფნა ხომ იცი, რასაც ნიშნავს? უკან დაბრუნება მოგიწევს. ჩემს სახლში აღარ დარჩები. არც არავინ უნდა გაბედოს ზედმეტად ლაილასთვის რამის თქმა იმ სოფელში. წარსული წარსულია, ყველას გვიწევს მხრებით ნაანდერძალი ისტორიის ტარება.
-ვიცი. -გაუსწორდა მხრებში გაშლილი. ერთი წამითაც არ დაუნახავს იმ თვალებში ეჭვი და ორჭოფობა ივას. -ლამპრობას გველოდებიან იფარში.
*
ლამპრობის დღესასწაულის ხსოვნა განსაკუთრებულად პატივსაცემია სვანეთში.
არც იფარელები აკლდებიან ადრესაგაზაფხულო ჩვეულებას. გაზაფხულის ადრე დადგომის შესათხოვად და ბუნების გამოღვიძების აღსანიშნავად კოცონს ანთებდნენ სოფლელები.
ყველა ოჯახიდან იმდენი ცეცხლწაკიდებული ლამპარი გამოაქვთ, რამდენი კაციც ცხოვრობს მათ სახლში.
მოსაღამოვდა. სანდრა და ლაილა სუფრის გაწყობაში ეხმარებოდნენ ქალებს. სანახაობისკენ ეჭირა თვალი გელოვანს. პირველად ესწრებოდა ასეთ სანახაობას თავის ცხოვრებაში. თვალს ვერ სწყვეტდა ივას მაღალ სხეულს.
შეთანხმებით ჭუკჭუკებდნენ თამარა და ჟუჟა.
ასე შეხმატკბილებითა და დანაკლისის გარეშე ბოლო ოცდაექვსი წლის განმავლობაში არცერთი ლამპრობა არ აღნიშნულა იფარში.
საოცარი სანახაობა იყო გაბულდანების ეზოდან ერთად გამომავალი სამი ცეცხლწაკიდებული ლამპარი. მინდია შუაში იდგა. ვაჟიკო და ლუკა მხრებში ამოსდგომოდნენ ოჯახის უფროსს. ფეხაწყობით მიდიოდნენ საერთო კოცონისაკენ, ცეცხლი რომ შეეკეთებინათ იფარელების გულებში.
ცრემლიანი თვალების გარეშე ვერ უყურა თამარამ თავის ახდენილ ოცნებას.
ტუჩებს თავს ვერ უყრიდა სანდრა ივას შემყურე. იმხელა სიამაყითა და სიხარულით გაებერა გული მისი მედიდური ნაბიჯების დანახვისას. თვალი ჩაუკრა ქალს ეზოდან გასვლამდე.
ჩაფიქრებული იდგა ცისია თავისი ქალიშვილის გვერდით. კანკალებდა ლაილა, ისე უნდოდა დედამისს ხელი ჩაეკიდა და ეგრძნობინებინა, რომ მის გვერდით იყო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ არჩევანში.
ცეცხლის ალი უნათებდა სახეს ლუკას. ჯერ კიდევ უხვად იდო თოვლი იფარის ფერდობებზე. უშბა დამშვიდდა თითქოს. აღსრულდა საწადელი მშობლიური მიწის. მიწის, რომელიც ყოველთვის იბრუნებს თავისას.
-ეს გოგო ჩემი სარძლოა, -ხმადაბლა გადაუჩურჩულა თამარამ ერთ-ერთ მეზობელს, რომელიც განსაკუთრებულად დაინტერესედა სანდრას ვინაობით.
ერთი უვარგისი ბიჭი ჰყავდა თვითონაც საცოლო.
დიდად არ ადარდებდა თამარას, რას გაიგებდა გულიკო ვიბლიანი, უბრალოდ ყველას უნდოდა სცოდნოდა, როგორ გაუმართლა თავის შვილს. მოიწონა თავი სანდრათი.
მხარი გაჰკრა ლაილამ ქალს, რომელმაც კარგად გაიგონა ისედაც ყველაფერი.
-შემდეგ ლამპრობას ბავშვი იქნება საჭირო... -ჩაიფხუკუნა ხმადაბლა.
ღიმილით გადმოხედა შვილს ცისიამ. შეეხო თავისი თბილი ხელით მის გაყინულ მაჯებს და გაუღიმა იმედიანად.
-როდის დადნება ეს თოვლი... -თვალი მოუთმენლად მოავლო მინდიამ გარემოს.
მუდამ თავდაჭერილი კაცისგან გაუკვირდათ ამგვარი სულსწრაფობა.
-რატომ გეჩქარება, მინდია? -გაუკვირდა კახა ხვისტანს.
-საძირკველი გვაქვს მე და ლუკას ჩასაყრელი.
.
თენდებოდა. მარჯნისფერი რიდით შემოსილიყვნენ ჭაღარა მყინვარები.
ქურდივით აღარ ეცლებოდა გარემოს ღამენათევი სილურჯე.
ამაყად ისხლეტდა უშბა ფერდბობებზე მოლიცლიცე მზის სხივებს. ზაფხულის ბოლო იდგა. სტუმრებს ელოდა იფარის ბოლოში ახლადაშენებული სახლის მოსახლე.
გამოაღო ლაილამ თავისი ოთახის ფანჯრები. სიხარულით სავსე გულით გახედა ადრიანად ანთებულ სინათლეს ლუკას სახლის ფანჯრებში.
-შენი სახლის სახურავიდან უკეთესად გამოჩნდება. -უთხრა მოწყენილმა, როგორც კი ტელეფონს უპასუხეს სოფლის ბოლოდან.
-კიბე გაგიკეთე, უცებ რომ ახვიდე და მზემ არ ამოგასწროს.
-ხედავ შენც? -ანთებული თვალებით უყურებდა ლაილა, როგორც იწყებდა უშბა ნათებას ოქროსფრად.
-არა, მე შენ გიყურებ.
ღიმილით ჩამოეყრდნო თავისი სახლის ფანჯრის რაფას ლუკა. წერტილივით მოჩანდა სახურავზე წამოსკუპებული შავთმიანი ქალი.
განთიადი დადგა იფარში.
სიყვარულით სავსე თვალები მოავლო მშობლიურ მიწას ლუკა ფილფანმა.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი

.......................



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგი იყო ძალიან. ❤️
ველოდებით შემდეგ გემრიელობას.????

 


№2  offline წევრი აბლაბუდა

ბოლოში დამაკლდა რაღაც, არ ვიცი რა

 


№3  offline წევრი Mmarriamkk

მიყვარს ესეთი გეემრიელი ისტორიებიიი!! წარმატებებიი❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი ნი-კე

ისეთი კარგი იყო,აღარ მინდოდა დასრულებულიყო საერთოდ♥️♥️♥️წარმატებები უამრავი....,.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

სხვამ როგორ წაიკითხა არ ვიცი. მხოლოდ შინაარსი მოეწონათ თუ სხვა თვალით შეაფასეს, მაგრამ ჩემს აზრს გეტყვი: ბევრი მდარე ნოველა დევს ამ საიტზე, მდარე სიუჟეტით და სტილისტურად გაუმართავი.
მართლა აღფრთოვანებული ვარ. სტილისტურად გამართული, პუნქტუაცია დაცული, საინტერესო სიუჟეტი, თხრობის მანერა და საოცარი მხატვრული ხერხები."ქურდივით აღარ ეცლებოდა გარემოს ღამენათევი სილურჯე". არასოდეს მოეშვა წერას. ვკითხულობ შენს შემოქმედებას და ყოველ ახალ ნაწარმოებს შორის იზრდები. თამამად შემიძლია ვუწოდო ნაწარმოები. ძალიან კარგად წერ და დარწმუნებული ვარ, თუ მიჰყვები, უმაგრესი მწერალი დადგები. უდიდესი პოტენციალი, ნიჭი, კულტურა და განვითარებისკენ დაოკებელი სწრაფვა ჩანს შენი ნაწერიდან. წარმატებები❤️

 


№6 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა განსხვავებული საინტერესო ნაწარმოებია საოცრად დახვეწილი,მომეწონა წყვილები ასე სამართლიანობისთვის ერთიანად მებრძოლი ცოტა სევდიანი უამრავი ემოციები დამიტოვა ალაგ ალაგ მხიარულიც კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები♥️????????????

 


№7 სტუმარი ია

ახლა დავასრულე და ემოციებში ვარ, ძალიან კარგი იყო, აი ძალიან, ივაზე ჩვეულებრივად შეყვარებული ვარ ❤???? არ შემიძლია არ ავღნიშნო უსაყვარლესი ქალბატონი ცაცა, მაგის დიალოგები ლუკასთან ????????
გამართული ტექსტი რომაა და საოცრად სასიამოვნო წასაკითხი მაგაზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან კარგად წერთ, არასდროს შეწყვიტოთ ❤
ყველა წაკითხული მაქვს თქვენი და დიდი პატივისცემა ჩემგან პირადად ????❤

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

საოცრებაა, როგორც შენი ყველა სხვა ისტორია ❤️

 


№9 სტუმარი Tako S-A

რამხელა სიამოვნებაა ასეთი ისტორიის კითხვა, ყველაფერი რომ თავის ადგილზეა და არაფერი გიშლის ხელს ისიამოვნო პერსონაჟებით, მათი ურთიერთობებით, გადაწყვეტილებებით, მიზნებითა და ოცნებებით.❤️

ძალიან კარგი იყო და მადლობა შენ ამისთვის!!!!

და არ დავიღლები გამეორებით, ივა&სანდრა>>>>>>

 


№10 სტუმარი anuka

ტასოოო!!!
ვერც კი აღვწერ როგორი კარგი იყო. ახლა დავასრულე და ისეთი სასიამოვნო ემოციებით ვარ დამუხტული მიჭირს გადმოცემა. ყოველ ნაწარმოებს ეტყობა რომ წინ მიიწევ, თუნდაც დიალოგებში. ისეთ შტრიხებს, სვამ თითოეული სიტყვა რომ დაგაფიქრებს. მიყვარს შენი იუმორი და შეფარვით სიყვარულის ახსნები. ყოველი პერსონაჟის ხასიათი დეტალურად გაქვს გადმოცემული და ძალიან კარგად იკვეთეება. სვანეთი ხომ ჩემი სიყვარულია და უკარგესად აღწერე ყველაფერი heart_eyes heart_eyes
არ შეწყვიტო წერა, ეს ის საქმეა რაც ძალიან კარგად გამოგდის. ძალიან ბევრი წარმატება შენ ❤

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

მიყვარს თქვენი გამორჩეული ისტორიები, მაგრამ ეს იყო საოცრება❤️ მინდოდა არ დასრულებულიყო, კითითხვის დროს მიღებული დიდი სიამოვნება❤️ მადლობა❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი გულბანი

აი სიტყვებიც კი ზედმეტია ????❤️❤️❤️???? ყოჩაღ მადლობა ასეთი ბედნიერებისთვის ❤️

 


№13  offline წევრი Annia

ლამაზი, თბილი და კარგი ნაწერი იყო თავისი პწრსონაჟებით???????? მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent