ქცევის კულტურა
ალბათ ბევრ თქვენგანს გაუაჩნდება კითხვა რატომ შევეჭიდე ამ თემას. სიმართლე გითხრათ მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ პასუხი უფრო ისაა, რომ ჩემზე ცუდად მოქმედებს ყოველივე ის რაც ჩვენს გარშემო ხდება. ქცევის კულტურა, აღზრდა, თავაზიანობა, ზრდილობა, პატივისცემა - აი რას ეხება ჩემი ჩანახატი. ესენი ის ადამიანური ღირსებებია, რომელიც ყველას უნდა გააჩნდეს. დღეს კი ეს ყველაფერი გვაკლია. არ ვიცი მარტო მე ვხედავ ამას თუ სხვებიც იზიარებენ ჩემს შეხედულებებს, თუმცა ის უმარტივესი ქცევის წესები დაგვავიწყდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თვალში საცემია ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ადამიანები საუბრისას; რიგის დარღვევა; სტუმრა ყოფნისას, მაგიდასთან, ქუჩაში, კინოში მოქცევის წესების დარღვევა; ბილწსიტყვაობაზე ლაპარაკიც აღარ მაქვს! ყოველი მეორე, სადაც არ უნდა გაიხედო კითხულობს როგორც თავისას, ისე უცხოების დედებს. განა შესაძლებელია ამ ყველაფრის აღმოფხვრა? უნდა გავბანალურდე და ვთქვა რომ ,,შეუძლებელი არაფერია.“ ნიშნები რომ იწერებოდეს, უთუოდ უმაღლეს შეფასებას მივიღებდით სხვის გაკრიტიკებაში და რჩევის მიცემაში. უმაღლეს ქულაზე ვიცით როგორ უნდა მივუთითოთ სხვას რაიმე ნაკლი მათ საქციელში, მაგრამ საკითხავი ისაა ჩვენ თვითონ როგორ ვიქცევით. ჩვენ შეგვიძლია გაუთავებლად ვიყბედოთ სხვაზე და წამოვაძახოთ, თუნდაც პატარა ბავშვს, რომ იგი გაუზრდელია და არ იცის ქცევის კულტურა. ჩემზე მტკივნეულად მოქმედებს ის ხედვა, თუ როგორ არ იცავენ ეთიკისა და ქცევის ნორმების ელემენტარულ წესებს ის ადამიანები, რომლებიც სხვას მოუწოდებენ მათი დაცვის შესახებ. მეც ხანდახან მიკვირს, რატომ უნდა მივიღოთ შენიშვნა ქცევის კულტურაზე იმ ადამიანისგან, რომელიც საერთოდ არ იცავს თავაზიანობის ანბანს. რა თქმა უნდა შენიშვნა როცა სამართლიანია, უნდა მიიღო კიდეც, მაგრამ მე უბრალოდ ვბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებიც მოუწოდებენ სხვას და თვითონ უარესს სჩადიან. მოზარდები, ჩემს მსგავსად, სწორედ ამიტომ უგულებელყოფენ მათ რჩევა-დარიგებებს. ნებისმიერისთვის მთავარი სიტყვა კი არა, საქმეა. ჩვენ, ადამიანებს ის უფრო გვჯერა რასაც ვხედავთ და თუ თქვენ ჩვენი შეცვლა გინდათ მოგვეცით მაგალითი და დაგვანახეთ რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება! ამით ენერგიასაც დაზოგავთ და აღარ მოგიწევთ უაზრო ყბედობა და ლექციების ჩატარება. აღზრდა-ეს ყველაფერიაო, უთქვამს მარკ ტვენს. აღზრდა მართლაც რომ წინაპირობაა ქცევის კულტურის ჩამოყალიბებისა. უფროსების უმეტესობას გონია რომ ბავშვის აღზრდა სკოლის და სკოლამდელ პერიოდში მიმდინარეობს, მაგრამ უმეტესობამ არ იცის რომ ადამიანის ფორმირება არც იწყება და არც თავდება სკოლაში. აღზრდა არის ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომელსაც ადამიანი თავისი სიცოცხლის ნახევარს უთმობს. აღზრდაც გარკვეულწილად დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში. მშობლების მოვალეობაა რომ მათი შვილი ღირსეულად გაიზარდოს, თუმცა ეს საქმე ადვილი როდია. არც წკეპლა და როზგი არ უნდა დაუშინო, როგორც საქონელს, და არც ხატად და კერპად აქციო. თუმცა სიმკაცრე, ჩემი აზრით, მაინც საჭიროა. დასჯა ადვილია, მაგრამ აღზრდა ძნელი. რა დასამალია და ერთხელ მეც მომივიდა კამათი ამ თემაზე, ჩემმა მოწინააღმდეგემ კი შემდეგი ანდაზა მოიყვანა მაგალითად - შვილი მტრად გაზარდე, -მოყვრად გამოგადგებაო. - შვილის მტრად გაზრდაში ცემა-ტყეპა არ იგულისხმება და სწორედ ეს ვერ შევასმინე. ბოლოს როცა ვერაფერს გავხდი თავი დავანებე, შენ როგორც გინდა ისე ჭრი და კერავ-მეთქი. ცემითა და ძალმომრეობით მთლიანად ინგრევა ადამიანის ფსიქიკა. კიდევ ერთი ფაქტორი რაც გამიგონია მშობლებისგან ისაა, რომ სკოლაში მასწავლებელი უნდა ასწავლიდეს ყოველივე ამას. ბებიაჩემს როცა გავაბრაზებ წამომაძახებს ხოლმე - „ამას გასწავლიან სკოლაში მასწავლებლები?“ - მაშინ მშობლის მოვალეობა რაღაა? ფულის შემოტანა ოჯახში? რა თქმა უნდა მასწავლებლებსაც დიდი როლი აკისრიათ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, მაგრამ მე ვთვლი რომ ოჯახზე და იმ გარემოზეა ყველაფერი დამოკიდებული სადაც ბავშვი იზრდება. ქცევის კულტურას ეხებოდა ჩემი ჩანახატი და აღზრდაზე უკვე რამდენი ვილაპარაკე, თუმცა ფაქტია ამ თემას ვერ ავცდებოდი, ისევე როგორც თავაზიანობასა და ზრდილობას. ამჯერად სერვანტესის ციტატას მოვიყვან მაგალითად: ,,არაფერი არ გვიჯდება ჩვენ ისე იაფად და არ ფასდება ისე ძვირად, როგორც თავაზიანობაა.“ განა რთულია თავაზიანობის გამოჩენა ნებისმიერ ადგილას. გინდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იყოს და გინდ არა. თავაზიანობა ტანსაცმელი არაა, რომელსაც რაღაც დროის მანძილზე ჩაიცმევ და მერე კარადაში შეინახავ. დაფიქრდით, რამდენი ადამიანის გაბედნიერება და გახარება შეგვიძლია ჩვენი ქმედებით. პატივისცემასა და უანგარობას ადამიანების მიმართ გასცემ და უკანვე გიბრუნდება. ელემენტარული პატივისცემა და თავაზიანობაა ის, რომ სატრანსპორტო საშუალებებში შენზე უფროსს, ორსულს ან ბავშვიანს ადგილი დაუთმო; დახმარების ხელი გამოუწოდო მას, ვისაც შენი შველა იმ მომენტში ძალიან სჭირდება. კიდევ ერთი საკითხია როცა უზრდელობასა და გაუნათლებლობას ერთმანეთთან აიგივებენ. კულტურული ადამიანს შეიძლება არ ეწყოს სახლში დიპლომები და ყურებიდან ტვინი არ გადმოსდიოდეს. ან პირიქით, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი შეიძლება ყეყეჩი და ამპარტავანიც იყოს, რომელსაც გონია რომ სხვაზე უფრო მაღლა დგას. ჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელი სულ იმას გვეუბნებოდა - ჯერ თქვენი ზრდილობა მინდა და მერე სწავლაო. სრულიად ვეთანხმები. ყველა, მათ შორის მეც, არ ვიცავთ ქცევის კულტურასა თუ ზრდილობას და ხანდახან, ნებით თუ უნებლიეთ, ვარღვევთ. მთავარია ვცადოთ და იმედი ვიქონიოთ რომ გამოგვივა! გირჩევთ ყველას რომ იმოქმედოთ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. ჭკუის დარიგებას მაშინ მოაქვს შედეგი, როდესაც შენ თვითონ არ აკეთებ იმას, რასაც გმობ. პატივი ეცით ერთმანეთს და ამით თქვენც მოიპოვებთ სხვისგან პატივისცემას. მომავალი ჩვენ ხელშია და ვეცადოთ რომ იგი უკეთესობისკენ შევცვალოთ! და საბოლოოდ გთხოვთ რომ გაიღიმოთ. ღიმილი არაფერი ღირს, მაგრამ ბევრს იძლევა! &&&&&&&&& სიმართლე გითხრათ, სულ არ ვაპირებდი კონსკურსში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ეს ჩანახატი თავისით ,,დამეწერა." ჩემმა დაქალმა კი მირჩია ამეტვირთა. მართლა არ ვიცი როგორი გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში მე ვეცადე. არ მაქვს გამარჯვების პრეტენზია. გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ კომენტარის სახით. როგორც თემაზე, ასევე ჩემს ნაწერზე. წინასწარ უუუდიდეს მადლობას გიხდით დრო რომ დამითმეთ და წაიკითხეთ. ეს ჩემი პირველი ჩანახატია ამ გვერდზე და მე მგონი არ იქნება უკანასკნელი. ცოტა რთული კი იყო ამ თემასთან შეჭიდება. ვცდილობდი მკვეთრად დამეფიქსირებინა ჩემი აზრი, მაგრამ იმედია ზედმეტად არ მოგახვიეთ თავს. მინდოდა რასაც ვფიქრობდი ყველაფერი დამეწერა, მაგრამ სალაპარაკო იმდენია რომ ფაქტობრივად ვერ შევძლებდი, ამიტომ წინა პლანზე წამოვწიე რამდენიმე თემა და ის განვიხილე. მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობაა!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.