ფასადების ქვეყანა
ისეთი ზამთარი იდგა, მრავალ ტანისსამოს ქვეშაც დაგივლიდა გაყინული ჰაერი და ძვლებს აგიკანკალებდა. არ თოვდა, თუმცა უჩვეულოდ კიოდა ცივი ქარიშხალი. სახლებში შეხიზნულიყო ყველა, დიდი და პატარა. თბილი და მყუდრო სახლები ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულიყვნენ და ყველას ფანჯრიდან მოჩანდა სინათლე, სითბოთი სავსე. ახალ წლამდე ჯერაც დიდი დრო იყო, მაგრამ თითოეულს აეჭრელებინა თავისი სახლი მრავალგვარი მოსართავით, რომლებიც უკუნით სიბნელეში თვალებს მოგჭრიდნენ და სიბრმავეს დაგანატრებდნენ. თითქოს ერთი, ჩვეულებრივი უბანი იყო, ბავშვების ჟრიამულით აღსავსე. ჩააყოლებდი თვალს ლამაზი ინტერიერის სახლებს, ათასი ფიგურით მოჩუქურთმებულს და გაგიხარდებოდა, ააყოლებდი და მაინც გიხაროდა. ამ სახლებიდან წამომავალი მხიარულება, სითბო, ოჯახური იდილია გაგრძნობინებდათ, რომ სამოთხეში მოხვდით, მაგრამ ვინ რა იცოდა რას მალავდა ეს ფასადები. გამოვიდოდა ქალი, აკანკალებულ თითებს შეახებდა რამოდენიმე წვრილ ხეს და ძლიერი ნაბიჯებით, თავაწეული შევიდოდა სახლში. გადააბიჯებდა თუ არა ზღურბლს და სიმარტოვეს დაიგულებდა, წელში მოტყდებოდა და ისევ მისცემდა თავს ნებას, რომ აკანკალებულიყო და ასე მაინც აღემაღლებინა ტემპერატურა, რომელიც კარგს არაფერს უქადდა. სახლის უკანა მხრიდან გამუდმებით გამოდიოდა ბოლი, რომელიც გაფიქრებინებდათ, რომ სახლის პატრონს მუდმივად გააჩნდა შეშა და სახლში სითბო. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ძლივს მოჩანდა მბჟუტავი სინათლე ალუმინის გაშავებული ღუმელიდან, რომელიც სითბოს ერთი მეტრის იქით არ იმეტებდა. თუ ოდესმე გაიმეტებდა, სახლში გაჩენილი ღრიჭოები არ აცდიდა შენარჩუნებას, დარჩენას და სასწრაფოდ დევნიდა გარეთ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არავითარი განსხვავების მქონე ქალი იყო ისიც, რომლის სახლის ფასადიც ისეთი დახვეწილი და კარგი იყო, რომ გუნებას არ წაგიხდენდა. იშვიათად გამოდიოდა გარეთ, გადახედავდა გარემოს, გადახედავდა სხეულებს და ნუგეშს ვერსად პოულობდა. ის იყო ობოლი, სულით ობოლი, რომელსაც არავითარი საზრდო არ გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლის ფასადი უდაოდ მშვენიერი იყო და ისეთივე უბადლო, როგორც სხვანი; მიუხედავად იმისა, რომ მისი გაჭირვება არ აძლევდა გასაქანს, რათა რამე შეეძინა და მასაც სიამაყით გაბღენძილს ევლო, მაინც დადიოდა წელში გასწორებული, ნარნარი მიხვრა–მოხვრით და სიამაყით დაჰყურებდა ყველას. ის ტოვებდა შეხედულებას გამვლელებში, მეზობლებში, რომ იყო ამაყი, ამპარტავანი და ამავდროულად არარაობა, თუმცაღა ყველაფერი ასევე რჩებოდა, შეხედულების ფარგლებს არ სცილდებოდა, რადგან ვერავინ ახერხებდა მის გაცნობას და მეტიც, არც არავის სურდა. ის დადიოდა წელში გასწორებული და სიამაყით დასცქეროდა მოძრავ არსებებს. იყო პატარა, ჯერ ახლად მოვლენილი ქვეყანას, მაგრამ მაინც შეეძლო მიხვედრილიყო ყველა ადამიანის პირადი მე. შეხედავდა და გაიფიქრებდა იმას, რისი გაფიქრებაც სხვას არავის შეეძლო. იყო ლამაზი, მაგრამ ზედ მიფენილი მტვერი ფარავდა ყველანაირ სილამაზეს და ის იყო ისევ ის, ვინც ყოველთვის: ამაყი, ამპარტავანი და ამავდროულად არარაობა. მან არ იცოდა სითბო, სიყვარული, თუნდაც მშობელური, თუნდაც მეგობრული, რადგან იყო ობოლი ყველგან და ყოველთვის. მას არ სურდა ცოდნოდა სხვები, მაგრამ მაინც ყოველთვის, ყველაზე მეტი იცოდა მათზე. ხმას არასდროს იღებდა. არავის შეეძლო მისი ხმის მოსმენით დამტკბარიყო. არც არავის ჰქონდა იმის ბედნიერება, რომ მისი დიდრონი, ზღვისფერი თვალები ენახა და უბრალოდ, საუკუნოდ ეცქირა მათთვის. არავინ იცოდა როგორ სტკიოდა, როგორ ციოდა, როგორ შიოდა და ის მაინც იყო ამაყი, ამპარტავანი და ამავდროულად არარაობა. ზამთრის სუსხში მიაბიჯებდა, ისევ ამაყი სიარულით. ჩაშავებული ხელები მოძენძილ ქურთუკში ჩაემალა, რომელიც რამოდენიმე წლის წინ, მეურვეებმა უყიდეს. ქურთუკი იმდენად პატარა იყო, რომ ბოლომდე შეკვრას მაინც ვერ ახერხებდა, თუმცაღა სითბოს, რომელსაც ეს ძაძები ატარებდა, ასე უბრალოდ ვერ ელეოდა ქალი. მიაბიჯებდა ამაყი და მძიმე ნაბიჯებით. მიწას კი არა, ზეცას გაჰყურებდა და ტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს ის იყო ამპარტავანი. მოსახვევში გაუხვია და მისმა ამაყმა ნაბიჯებმა ინსტიქტურად დაიწყეს უკან დაბრუნება. ასევე ინსტიქტურად წაიღო თითები მტკივანი ადგილისკენ, რომელიც რაღაცაზე მძიმე შეჯახებამ უფრო აატკია და თვალებში სიშავე იგრძნო. უცხო გარემოში გამოღვიძებულს თვალები გაუფართოვდა. ვერ გაეგო რა ხდებოდა, სიზმარი იყო თუ ცხადი, რომელიც სიამოვნებას აგრძნობინებდა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრმა სურნელმა ნესტოები დაუწვა, მაინც ერჩივნა ეს სურნელი მის სახლში გამეფებულ ნესტისას. აღარ ციოდა, რაღაც მძიმე უფარავდა ფეხებს და აღარც მისი თითები იყვნენ ჰაერში გაშოტილნი ეულად, რადგან მათაც ეხებოდა რაღაც სასიამოვნო და უჩვეულო სითბო. მარცხნივ გადაატრიალა თავი და უცხო ადამიანის დანახვისთანავე შეხტა. უცნობი მის თვალებს მიშტერებოდა, გაოგნებული და გახევებული. დამფრთხალი ქალი ადგილს ვერ პოულობდა და გონზე მოსვლასაც ვერ ახერხებდა. ცალი ხელი გაკავებული ქონდა, მეორეთი კი საკუთარ თავს ჩქმეტდა და გაღვიძებისკენ მოუწოდებდა, თუმცა მისთვის ასე უცხო სიტუაცია დღესავით ცხადი და ნათელი იყო. მერე ცქმუტვა შეწყვიტა და თავადაც დააკვირდა მამაკაცის შავ, უძირო თვალებს. პულსმა აჩქარება დაიწყო. –ვინ ხართ? – წარმოსთქვა შეშინებულმა, დამფრთხალმა და ხმა აკანკალებულმა. მამაკაცი კი დასშტერებოდა მის თითოეულ ნაკვთს და გონზე მოსვლას ვერ ახერხებდა. რას წარმოიდგენდა უცნობი კაცი, თუ პირველი გასაოცარი შეხვედრა უკანასკნელი იქნებოდა და ამ გასაოცარი ხმის გამგონი, ამ საოცარი თვალების შემყურე პირველი და უკანასკნელივე გახდებოდა. წარმოდგენა შეუძლებელი იყო, რადგან რამოდენიმე წუთის წინ ეს განცდები რომ აღგეწერათ მისთვის, რასაც ახლა განიცდიდა, კარგად დაგცინებდათ. ქალმა კი, სახეზე მინაცრებულმა, შიშისგან თვალებგაფართოვებულმა დატოვა ეს ლამაზ ფასადებიანი ქვეყანა და გადაეშვა იქ, სადაც ყოველთვის იცოდა, რომ ელოდნენ. თუმცაღა, ის მაინც დარჩა ქვეყანას, როგორც ამაყი, ამპარტავანი და უბრალოდ, არარაობა. ეს ისე, ისტორიის სტილში პატარა ჩანახატი. ვინც "გზაჯვარედინზე" ელოდებით, სულ მალე დავდებ ახალ თავს და მაპატიეთ დაგვიანებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.