ქაღალდი
მოლბერტზე ვარ ჩამომჯდარი და ვგრძნობ,როგორ მეფერება ქვედა ტუჩზე ფუნჯით,რომელიც ღვინისფერ,მეწამულ ან ღია ვარდისფერ საღებავშია ამოვლებული. ძველებურად ვოცნებობ,ამ უგემური საღებავის ნაცვლად ის სურნელოვანი ტუჩსაცხი მესვას,მის ქალბატონს რომ ამშვენებს გამუდმებით.იქნებ სწორედ ეს ტუჩსაცხი უყვარს და ამიტომ დააცხრება ხოლმე ქალის ბაგეთ მოწყურებულივით? ზედა ტუჩის დრო რომ დგება,მაშინ-ღა ვგრძნობ როგორ უთრთის ხელები,თითქოს პირველად მხატავდეს,არადა - წლებია მაფერადებს. მის სახეს ვერ ვხედავ,რადგან თვალები ჯერ არ მაქვს,თუმცა ვიცი: წაბლისფერი თმა აბურდული აქვს,ტუჩები დაშაშრული,მარჯვენა წარბის გასწვრივ ორი წვრილი ხალი,თვალები კი - თაფლისფერი. გამხდარი სახის პატრონია და გამხდარია თვითონაც. საჩვენებელ თითზე შავი ბეჭედი აქვს წამოცმული,ხოლო მარცხენა წარბი შრამით აქვს შუაზე გაყოფილი. ზეპირად ვიცი. წლებია ვოცნებობ,მისი მოფერება შემეძლოს,რათა ხელები თმაში შევუსრიალო და საკუთარი თითებით გავუხსნა თითოეული კვანძი. არ მინდა,მხოლოდ ტილოზე წათხაპნილი გრაფიტი და ზეთის საღებავები ვიყო,რომელსაც მუჭში მოიქცევს და კუთხეში მოისვრის,ან- ცეცხლს წაუკიდებს. მინდა ცეცხლი შინაგანად გამიჩაღოს,მინდა ვიგრძნო,როგორ შეერწყმება მისი ღვინისფერი ბაგეები ჩემსას,როგორ გავცვლით სუნთქვას და ერთმანეთით თავბრუდახვეულები დავიღვრებით ფერებად. უცნაურია,ტუჩებს რომ მიფერადებს,როცა თვალები ჯერ არ დაუხატავს,თუმცა მისგან - აბურდულთმიანი მხატვრისგან,რომელიც ყოველი დაბადებისას ნაკუწებად,ნაგავსაყრელის სტუმრად ან ფერფლად მაქცევს ხოლმე - აღარაფერი უნდა მიკვირდეს. ჩემი პირი შეხორცებული რომ არ იყოს(გადატანითი მნიშვნელობით,რასაკვირველია! მე უბრალო ქაღალდი ვარ,ხანდახან -ტილო),ბოდიშს მოვუხდიდი იმის გამო,რომ არცერთი ჩემი პორტრეტი უნაკლო არ გამოუვიდა. რომ ჩემმა ნარიჯისფერმა,მსხვილმა ტუჩებმა,ჟღალმა თმამ და თაფლისფერმა თვალებმა ის გამარჯვება ვერ მოუტანეს,რომელსაც ასე ელოდა და რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა. ვთხოვდი,შეეწყვიტა ჩემი დასჯა,წამება,რადგან უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა დასახიჩრებული სახის,გაკემსილი პირის,ამოთხრილი ცალი თვალის თუ ამოგლეჯილი გულის ხატვით. სამწუხაროდ,ეს არასოდეს მოხდება და ჩემი ჭმუნვაც არ მოკვდება მანამ,სანამ ის იცოცხლებს,ან - არ მოვბეზრდები. თუმცა,როცა მახსენდება,როგორი თვითკმაყოფილი,ჭინკებჩამდგარი მზერა აქვს ხოლმე ჩემი ხატვისას,ყველანაირი იმედი მიკვდება. ჩემ ტანჯვას ალბათ სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებს. ერთხელ,ფუნჯი საღებავში ამოავლო და თვალში წამისვა,თუმცა,როგორც ჩანს ზედმეტი დოზა მოუვიდა,რადგან სულ ვერ შევიწოვე. საღებავს ერთი კურცხალი მოსწყდა და გველივით ჩასრიალდა ნიკაპამდე. ეს ჩემი პირველი ცრემლი იყო და მას შემდეგ ვნატრობ,კიდევ ერთხელ მატიროს. განა ავადმყოფობის ნიშანი არაა ამ ყველაფრის მიუხედავად მისი ტუჩების დაგემოვნების სურვილი? სულელი ქაღალდი ვარ,ვიცი,სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია. მე იმისთვის შემქმნეს,რომ იგი მყვარებოდა სამუდამოდ და ყველაფრისდა მიუხედავად. ამის გამოსწორება არასოდეს მოხდება - გულის სიღრმეში ყველას უყვარს თავისი შემქმნელი. ნეტავ,ამჯერად რას მიპირებს? ვერ ვხედავ,მაგრამ ვიცი,შავი საღებავისგან შეკერილი გრძელმკლავიანი მაისური მაცვია და ხელი უხერხულად მაქვს ჰაერში აწეული. პროფილში ვარ დახატული და ტუჩები ოდნავ მაქვს ერთმანეთს დაცილებული,თითქოს რაღაცას ისე მოუთმენლად ველი,რომ სუნთქვაც კი მიჭირს. იქ,სადაც თვალები უნდა მქონდეს,სიცარიელეა. ნელ-ნელა ვხვდები,როგორ მეპარება მხარზე უცხო,სასიამოვნო სითბო და მთელ ჩემ სხეულს რაღაც უცნაური შეგრძნება ეპატრონება. ჟრუანტელი? მერე სახეზე ვიღაცის ჩემებური,ქაღალდური სუნთქვა მეფრქვევა და ვხვდები,რატომ მაქვს პირი ღია. მინდა ეს ამონასუნთქი ჩავყლაპო და მისით გავიბერო,რადგან ისეთი ლამაზი სუნი აქვს,როგორიცაა წყალში არეკლილი სავსე მთვარე. ეს უკანასკნელი ერთადერთხელ ვნახე და ისიც- მის ნახატზე. დანახვისთანავე მომაჯადოვა და ღრმად გაიდგა ჩემში ფესვები. ხელზე,რომელიც არაკომფორტულად მქონდა აშვერილი,ახლა რაღაც ზღაპრულს,რბილს და ნაზს ვგრძნობ. თვალები რომ მქონდეს და მათი მართვა შემეძლოს,სიამოვნებისგან მივლულავდი. ხელებს ლამაზი ამონასუნთქის პატრონის კისერზე შემოვხვევდი და ჩვენ ტუჩებს ერთმანეთით დატკბობის საშუალებას მივცემდი. თუმცა,თვალები არ მაქვს და ისღა დამრჩენია,სითბოთი დავტკბე. მათ ადგილას ლურჯი საღებავის სიცივის რამდენიმე ვარიაციას ვგრძნობ,თუმცა ესეც კი სასიამოვნოა. მეჩვენება,თითქოს ავფეთქდით და ფერებად დავიღვარეთ,ერთმანეთში დავიკარგეთ. ნუთუ ყველა შემქმნელი ასეთია? ნუთუ ყველა გასცემს დიდი ტანჯვის შემდეგ ბედნიერებას? არ ვიცი,მე ხომ უბრალო ქაღალდი ვარ. ქაღალდი,რომელსაც ცეცხლი უკიდია,იწვის და რომელსაც ტირილი უნდა,როდესაც ხვდება,რომ მისი ბედნიერება წარმავალია და ლამაზი სუნთქვის პატრონს მისი გადარჩენა არ შეუძლია. იქნებ ცრემლებმა ჩააქრონ ხანძარი? _____ უღრმესი მადლობა,სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ჩემი მესამე ტურში გადასვლით,ნამდვილად არ ველოდი,თუ აქამდე მოვიდოდი. არ ვიცი,რა ვთქვა,ამის მერე რა იქნება,არ აქვს დიდი მნიშვნელობა...მთავარია დღეს ამას ვდებ:D<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.