შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხსნა


4-10-2015, 20:11
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 713

გრძელ, ლაქებმოცილებულ ფრჩხილებს ბოლომდე იჭრი. მთლიანად შიშველი, შავი, აბრეშუმივით ჩამოშლილი თმით დგახარ ჩემ წინ და სრულყოფილება რაღაცით გემსგავსება.
ხომ იცი, რომ ეს არ არის სიყვარული? არასდროს ყოფილა სიყვარული. ეს რომ სიყვარული იყოს, ოდნავ მაინც უნდა გეფაკლებოდეს ღაწვები. ახლა კი შენი ქათქათა კანი ნახევარი ტონითაც კი არ იცვლის ფერს.
ზოგიერთი ქალღმერთს გადარებს. მე მეცინება. ან, რომ არ მოგატყუო, მეშინია შენი რამესთან შედარების. მეშინია, რამე ზედმეტად რეალურად არ გადაიქცე. შენი დაკარგვის მეშინია კატასტროფულად. გახსოვს, წინა ზაფხულს როგორ გაირუჯე? შენი შებრაწული კანი რომ დავინახე, შიშისგან გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა, მაგრამ სახეზე მკრთალი ჭორფლები გეყარა და ისეთი ლამაზი იყავი... ახლაც მიკვირს, შენთან ჭორფლებს რა ესაქმებათ? შენი ჭორფლების დათვლა მიყვარს, რომ ვიცოდე, რამდენი შეცდომისთვის უნდა მივუტევო ღმერთს.
კიდევ იცი, როდის შემეშინდა შენი? როცა ჩემ თვალწინ, საკუთარი ხელით შეიჭერი თმა. მაშინ ისე შემაშინე, კინაღამ გავიქეცი შენგან, მაგრამ წარმოდგენილმა უშენობამ ისე შემაცია, მთელი არსებით მოგეხვიე და შენს არც ერთ კითხვას არ ვუპასუხე.
ზოგჯერ მგონია, რომ არაფერი ვარ უშენოდ. ახლაც, როცა ისეთი გამჭვირვალე ხარ, აორთქლებამდე ბევრი არაფერი გიკლია, ვხვდები, რომ არც შენამდე და არც შენს შემდეგ არაფერი ჩემი გინდ არსება, გინდ - არსებობა. შენ წინ ვდგავარ და შენზე ვწერ ნაცვლად იმისა, მოვდიოდე და რამეს გახურავდე შიშველ მხრებზე ან... არა, შენც იცი და მეც, რომ ამას არასდროს გავიფიქრებ.
მაინც რა ლამაზი ხარ... რა ლამაზი...
ახლოს ხარ, ძალიან ახლოს. იმდენად, რომ შენს ამონასუნთქ ჰაერს ვსუნთქავ და რაღაც ზედმეტად არაამქვეყნიურით მევსება ფილტვები. წერას არ ვწყვეტ. არადა, საშინლად მინდა, შემოგხედო და ისევ დავითვალო ღვთის გულუბრყვილო შეცდომები შენს სახეზე. იქნებ დააბნიე და დაუცვივდა? ვინ იცის...
იმ დღეს მესიზმრა, ვიღაც ფრთიანი, ხუჭუჭა ყმაწვილი მეუბნებოდა, რომ შენი ღირსი არ ვარ. ვიცი-მეთქი, ვუთხარი და კაცმა არ იცის, მერამდენე ღერს მოვუკიდე. უნდა გიყვარდესო, მითხრა მერე. ვერა-მეთქი, ვუპასუხე და გაბრაზდა. პირდაპირ სახეში შემომაყარა ვარსკვლავური მტვერი და კინაღამ ჩამიქრო სიგარეტი. წასულს მივაძახე, სიყვარული საკმარისი არ იქნება-მეთქი. გაიგონა, ვიცი. ფრთები შეუკრთა. არაფერი უთქვამს, ისე გაფრინდა სადღაც და მე გამეღვიძა. ჩემ გვერდით გეძინა, უცნაურად მხურვალე ხელი გედო ჩემს მკერდზე და მშვიდად, ძალიან მშვიდად სუნთქავდი. არც ეს იყო სიყვარული.
მთელი ცხოვრებაა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნაღმზე მიდგას ფეხი. ერთი ნაბიჯიც და ყველაფერი აფეთქდება. იქნებ მართალიც იყო ის ანგელოზი? შეიძლება, მაგრამ შენი თითები, ლამისაა რომ დამახრჩონ ახლა, არ მაძლევენ ამაზე ფიქრის საშუალებას.
გადამარჩინე.
გადამარჩინე, როგორც მაშინ, პირველად... როგორც ყოველთვის.
ამომათრიე ამ ჭაობიდან.
განმწმინდე საკუთარი თავისგან.
მიშველე.
მიხსენი.
ეს სამართებელი ახლა შენს ხელში ისეთი ლამაზია, როგორიც... ჯანდაბას, ვინმე რამეს მოიფიქრებს.
შენი კანი ახლა ისეთი თეთრია, როგორც არასდროს...
და წითელი ფერიც ისე გიხდება,
როგორც...
როგორც...
როგორც...
დაამთავრე!



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

დედაა, ეს რა იყო?! ნეტა რამ მოგიარა?! კიდევ უნდა წავიკითხო მგონი, რომ უკეთ გავიგო. აშკარად წინა ჩანახატებისგან განსხვავებულია, ამას არ ველოდი ნამდვილად.

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ორჯერ წავიკითხე...
როცა გგონია, რომ შეყვარება საკმარისი არ არია, სწორედ ესაა სიყვარული.
თეო სასწაული გოგო ხარ.
ასე უცხოდ და თან ასე გასაგებად გადმოსცემდე გრძნობებს, აი, არ ვიცი...
წავედი, რამე სხვაც უნდა წავიკითხო შენი.

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

მადლობა მადლობა მადლობა!
სიმართლე რომ ვთქვა, მე თვითონ არ ვიცი, როგორ ან რატომ მივედი ამ დასასრულამდე. მგონია, რომ უჩვეულოდ მძიმე გამოვიდა.
უზომოდ მიხარია, რომ კითხულობთ.
ვერ გადმოგცემთ, ისე მიხარია. ^^

 


№4  offline წევრი Archive

საინტერესო ხარ

 


ზუსტად ორჯერ წავიკითხე ზუსტად ორჯერ დამიარა ტანში საშინელმა ჟრუანტელმა <3 ბრავო

 


№6  offline წევრი Khaleesi

ვაი ვაი ვაი როგორ მომწონს სენი ნაწერები! გასცდი ამ საიტს დაა გაეცანი სხვებს, რათა მათაც მიანიჭოო სიამოვნება, რათქმაუნდა, თუ გინდა request

 


№7  offline ადმინი შამანი

ღმერთო,თეონა სასწაული გოგო ხარ!!!
შენი ჩანახატები ყოველთვის ღრმად აღწევს შენი მკითხველის გულში!!
ჩემს გულში კი ფესვებიც გაიდგა...
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent