#2 ავტობუსში
ავტობუსის გაჩერებაზე გოგონა იდგა. დიდხანს იდგა. ბოლოს, როგორც იქნა, ყვითელმა “მინი-ბუსმა” “ჩამოიქროლა”. “ჟანგიანი ჯართი” გაიფიქრა, ნელა ავიდა, ბილეთი აიღო და ფანჯარასთან დაჯდა. კონტროლიორი ვიღაცას ეჩხუბებოდა, ბილეთის უქონლობის გამო, ჩაგდებით ემუქრებოდა… ფანჯარაში რამდენი რამის დანახვა შეიძლება… საკუთარი მკრთალი ანარეკლის ჩათვლით… ბინძური ქალაქის… რომელიც ყველამ დავაბინძურეთ და ყველა სხვას ვაბრალებთ. “მარტო მე ხომ არ ვაგდებ ნაგავს?” ვინ იცის რამდენჯერ გაუგონია გოგონას ეს სიტყვები… ვინ იცის რამდენი ადამიანისგან… ფანჯარაში საკუთარი მკრთალი ანარეკლის ბაგეზე ყველაზე მკრთალ ირონიულ ღიმილს ამჩნევდა და არ მოსწონდა. თუმცა ბევრი რამ იყო კიდევ, რაც არ მოსწონდა. თუნდაც თავისი დაბადება. საკუთარ დაბადების დღესაც კი ვერ იტანდა, თუმცა არ ახსოვდა… არც მუცელში ცხოვრება ახსოვდა. ბუნდოვანი მოგონებები მხოლოდ იქიდან იწყებოდა, როდესაც უკვე სიარული და “ჩლიფინი” დაეწყო… ეს მოგონებებიც, უფრო შთაგონებები იყო, მშობლების მოყოლილი ისტორიების ფსიქოლოგიური ანალიზის შედეგად მიღებული ცრუ, ბუნდოვანი მოგონებები… რა ბანალურია… ისევე როგორც მისი დაბადება… ვერ იტანს! ვერ იტანს როცა დედა ეუბნება “მე შენ გაგაჩინე, 9 თვე მუცელში მყავდი…” ამ დროს უნდა ენა შეუბრუნოს და ბოლო ხმაზე იყვიროს “მერედა ვინ გთხოვა, ჩემთვის არასოდეს გიკითხავს მინდოდა თუ არა ამ ბინძურ სამყაროში თუნდაც ერთი მუჭა ჰაერის ჩასუნთქვა… რაღაც, არ მახსოვს ეს საუბარი!” ვინ იცის რამდენჯერ სურდა ამ სიტყვების დედისთვის სახეში მჟავასავით შესხმა, უბრალოდ ეს არასოდეს გაუკეთებია. ყოველთვის მორჩილი შვილი იყო… ცხოვრებაც ისეთივე ბანალური ჰქონდა, როგორც დაბადება… არაფერი ყოფილა განსხვავებული, უცნაური ან ყურადღების გასამახვილებელი მის ცხოვრებაში… და ის ამასაც ვერ იტანდა… ვერ იტანდა თავის შეყვარებულსაც. უკვე ყოფილს, რომელიც ბედნიერება ეგონა და, როგორც თვითონ იტყოდა “ჩვეულებრივი “” გამოდგა…” როგორც წესი, გამბედაობა არ ეყო რაღაც მნიშვნელოვანს მოსჭიდებოდა და ის რაც “შექმნა” მოსაკლავად არ გაემეტებინა… რა გასაკვირია? ბანალური დაბადება… ბანალური ცხოვრება… ბანალური შეყვარებული… შეყვარებული??? აი, რატომ ვერ იტანდა… საკუთარი დედისგან განსხვავებით თვითონ გადაწყვიტა ჯერ კიდევ ემბრიონისთვის ეკითხა სურდა თუ არა “სანაგვეში” გადმოსახლება. პასუხი არ მიუღია… ამიტომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და ვიღაც ულვაშიანი ქალი იპოვა. რომელიც ექიმს უწოდებდა თავის თავს. პირში საშინელი სუნი ჰქონდა… და ამ ქალსაც ვერ იტანდა… მასთან რომ მივიდა უცნაური ხელსაწყოები აღმოაჩინა, ზოგიერთ მათგანს სიძველისგან ხავსიც კი მოსდებოდა, კოროზიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ… ალბათ, ამ იარაღებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე (არ ვიცი როდის) იყენებდნენ… ესეც ვერ აიტანა და… და ახლა ავტობუსში ზის და ფიქრობს რომ კარგად მოიქცა… ასე რომ არ მოქცეულიყო დედამისის მსგავსად სხვის ნაცვლად მიიღებდა გადაწყვეტილებას… ფიქრებიდან გამოფხიზლდა და მიხვდა რომ პატარა ყვითელ ავტობუსში ხალხი მომრავლებულიყო, ზედმეტადაც კი… ჰაერს მორიგეობით სუნთქავდნენ… მას კი 2 ადამიანის სამყოფი ჰაერი სწყუროდა… ვინ დაუთმობდა, მას ან იმ ბავშვს რომლის არსებობაც კი არ იცოდნენ? ხარბად სუნთქავდნენ… იზოგავდნენ… გოგონამ მორიდებით შეაღო ფანჯარა და იქიდან შემოპარული ჰაერი მთლიანად შთანთქა. ამოისუნთქა… თუმცა, მართალია რომ ამბობენ, ბედნიერება წამიერიაო… მის წინ მდგომი მოხუცი ქალი აყვირდა და ლანძღვა დაუწყო, გაციებული ვარ და მოვკვდები ხველებით მთელი ღამეო… მოვკვდებიო… “ცალი ფეხი ისედაც კუბოში გაქვს! მე კი მუცლით ბავშვს ვატარებ და მას ჰაერი სჭირდება, თუნდაც ისეთი ბინძური როგორსაც თქვენ და თქვენნაირები ხდით მას!” უნდოდა ეთქვა მაგრამ, ქალს მოუბოდიშა და ფანჯარა დახურა… გოგონას თვალებს შიგნიდან ეპარებოდა სიბნელე… სიკვდილივით უკუნითი და შავი… ქალი დიდ ხანს არ გაჩუმდა… “ეს რა თაობა მოდის, უფროსის პატივის ცემაც არ იციან… ჩამოსხდებიან და იხედებიან ფანჯარაში თითქოს ვერ გამჩნევენო…” კიდევ ათასი საზიზღრობა მტავრობაზე და იმაზე თუ ეს ვის ხელში იყო ქვეყანა… “შენ არ ამოეტენე უკვე კარგად გადაჭედილ ავტობუსში, კარიც ვერ დაკეტა მძღოლმა! იმუქრებოდა არ წავალო. ოდესმე გიფიქრია რატომ? ლანძღავ ახალ თაობას, მაშინ როცა, შენ და შენნაირებმა გაგვზარდეთ და გაგვხადეთ ასეთები… გაგვაბოროტეთ და სიკეთეს ითხოვთ. დაგვიბინძურეთ სულიც და ქალაქიც და მაინც სისუფთავეს ითხოვთ! ჩვენ არაფერი გვაქვს, მაშინ როცა ჩვენს ასაკში თქვენ ყველაფერი გქონდათ… ითხოვ ადგილი დაგითმო, მაშინ როცა ბილეთის ფულიც არ გადაგიხდია… იმისთვის, რომ სკამი დაგითმო, ფეხზე დასადგომი ადგილი ხომ მაინც უნდა იყოს? მაგრამ დატოვეთ? ყველა სკამისთვის იბრძვის… ყველგან… ოდესმე გიფიქრიათ, რომ ყველაფერი რის აშენებასაც გვთხოვთ თქვენი დანგრეულია…” რა გასაკვირია, რომ ამის თქმაც ვერ გაბედა… ის ჩვეულებრივი ბანალური გოგონა იყო… შეეძლო დარდის გულში ჩაკვლა… შეეძლო სათქმელი მუჭში მოემწყვდია და მოპარული ორცხობილასავით, ქურდულად ეჭამა… უბრალოდ ადგა და მოხუცს ადგილი დაუთმო… ქალი გაიბღინძა, ახლა მას ჰქონდა სკამი! ისეთი არა როგორიც გასულ საუკუნეში, თუმცა, მთავარია სკამი ერქვა! სულ არ ადარდებდა, გოგონასი და მასში ახლადჩასახლებული პატარა არსების ბედი, რომლებიც, უკვე დახურული ფანჯრის მინაზე მიაჭყლიტეს, კარებში მოაყოლეს, ფეხით გათელეს და ხელებიც უფათურეს, გარყვნილმა, მამისხელა კაცებმა (ან ცოტა უფროსებმაც). ვერ იტანდა… ვერარაფერს იტანდა… სიბნელე ელვის სისწრაფით მოვიდა… ეგონა გულისწასვლა შეუძლებელი იყო… მაგრამ შეძლო… ავტობუსი გაჩერდა. ხალხი ჩამოვიდა. (ქალი არა, უფრო მეტად გაიბღინძა და რაღაცების ბუტბუტს მოჰყვა). გოგონა წითლად შეიღება. ეს მხოლოდ ცხვირიდან წამოსული სისხლი არ ყოფილა. ეს უცოდველი, ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვის წმინდა სისხლი იყო, რომელსაც დედამისმა ჰკითხა სურდა თუ არა დაბადება… მან კი მოგვიანებით თავისივე სისხლით დაწერა ყვითელი ავტობუსის იატაკზე, რომ არა… არ ღირდა… იქ სადაც არ დაბადებულს ცომივით ზელენ, დაბადებულს რას უზამენ? გოგონა თეთრხალათიანებმა წაიყვანეს… ბავშვი კი გაქრა… თითქოს არც ჩასახულა… ნელი ნაბიჯებით გაჰყვა იმ სიბნელეს, რომელიც, ცოტა ხნის წინ, დედამისის თვალებს ასე ქურდივით მოეპარა უკნიდან… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.