გალია
ქარიშხალი იყო გარეთ... თქვენ მოდიოდით, მოდიოდით და ხელებს მიქნევდით. არ ვიცი, მემშვიდობებოდით თუ მესალმებოდით. მაგრამ მოდიოდით. ჩემთან ერთი მბჟუტავი ნათურა ენთო. მე გაუნძრევლად ვიჯექი ჩემს ერთადერთ სკამზე და ხალხის მუხტს ვგრძნობდი. სევდა, მოლოდინი, სიყვარული, ბრაზი, იმედი და იმედგაცრუება, შური, ტკივილი და სითბო. მუხტი იყო მძიმე და წამლეკავი. მე ვიჯექი ჩემს სკამზე, დაბინდულ, მოკანკალე სიყვითლეში და მხოლოდ საკუთარი თავით ვიმუხტებოდი. თქვენ გიყურებდით. „ახლა ავდგები, ავდგები.. ჯერ მარჯვენა ფეხი, მერე მარცხენა, მარჯვენა... არა, ფეხებით არ გამოვა, არა... ჯერ ერთი ხელი, მერე მეორეც, ორივე, ორივე, კიდეებს გავყვები... არა... გავფორთხდები მაინც, იქამდე, ბოლომდე, საკუთარ სხეულს მივათრევ და მერე ისინი წამიყვანენ... თავიანთი ხელებით... ამწევენ.. მომერევიან...“ გაუნძრევლად ვიჯექი და ტვინით ვყვებოდი მოკანკალე სინათლეს. თქვენ მაინც მოდიოდით, სულ მოდიოდით. ქარიშხალიც იყო, თოვლიც, მზეც და გაზაფხულებიც. მაინც მოდიოდით და მე პირველყოფილ კმაყოფილებას განვიცდიდი რადგან იმედგაცრუება და ტკივილი მეტი იყო ვიდრე მოლოდინი. „თითებიც გამიშეშდა... სულელებო, სულელებო, ეგოისტებო. აღარაფერი მესმის თქვენი ზუილის გარდა, მხოლოდ ყრუ სასოწარკვეთის ხმა და ვიბრაცია. იდიოტებო, შემართულო იდიოტებო. მოკეტეთ.“ მე ვიჯექი ჩემს ერთადერთ სკამზე და უკვე მერამდენედ ვითვლიდი წარმოსახვით ნაბიჯებს. ყოველ მეათასე დათვლაზე ერთი ნაბიჯი ემატებოდა. ერთით მეტი ნაბიჯი, მეტი სივრცე, მეტი სიჩუმე, მეტი მე, სულ მე, მარტო მე... შვიდი. ოცდაოთხი. ას ორმოცდათვრამეტი. .... მე ჩემს საკუთარ გალიაში ვიჯექი და საკუთარი თავი მახრჩობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.