მე, როგორც
მეტროები ბავშვობიდან მომწონს, განსაკუთრებით კი ეს ადგილი, ეს მტვრიანი კიბეები, სარაჯიშვილის მიწისქვეშეთი, სადაც ჩემთვის, რაღაც იდუმალი, შეუცნობელი და შემაძრწუნებელი ხდება. აქაურობას ტაძრად ვთვლი, რადგან მხოლოდ აქ შევიგრძნობ უმაღლეს სიმშვიდეს და მომხიბვლელ მარტოობას. მატარებლის ხმაური არასდროს მაწუხებს, პირიქით, მსიამოვნებს. სასიამოვნოა ქაოსური ხმაურის მოსმენა, როცა შენს შიგნით, სულ სხვაგვარი ქაოსი მძვინვარებს. აქ, არ განვიცდი მათხოვრების სიმრავლეს და მათ, უფრო ხშირად ყალბ თხოვნა მუდარას. ასევე არ მანაღვლებს წყვილი, რომლებსაც ფიქრად არ უელავთ, რომ მატარებლის წინ, ლიანდაგზე გაწვნენ, მხოლოდ ასე თუ მიაღწევდნენ სასიყვარულო ისტორიის გენიალურ დასასრულს. კიდევ, პოლიციელს ვხედავ, რომელიც უკვე ორმოცდამეათეჯერ მავლებს თვალს და ალბათ ფიქრობს, თუ რას ვწერ. შენ „გწერ“ პოლიციელო, შენ, შენივე მბზინავი შავი გლოკით, რომ ვერ დაგვიხსნი ტერორისტების დავდასხმისგან. ალბათ ჩაისვრიდი კიდეც, ბომბის წიგწიკის ხმა რომ გაგეგო. არადა, როგორც წესი, შენს გვერდით თავს დაცულად უნდა ვგრძნობდე, არა? მაგრამ, არც შენ მადარდებ. ჩემს ყურადღებას კლოუნივით გამოკრასკული გოგოები უფრო იპყრობენ, ვიზუალის უმნიშვნელობას ურცხვად რომ ამტკიცებენ, თავიანთი დაბერილი ტუჩებით და უკანალზე შემოჭერილი შავი, მოკლე კაბით. მაგრამ, ეშმაკმაც დალახროს, მე ხომ დღეს ოპტიმისტი ვარ, ამდენი წლის შემდეგ. ხოდა ასეც მოვიქცევი, აქ, მიწისქვეშეთში, ჩემს საყვარელ მტვრიან კიბეზე, ჩემი განწყობის შესაფერად დავწერ, ოპტიმისტურად. ხო, დღეს არ მადარდებს უსასრულო სივრცე და პასუხი, თუ ვინ არის ღმერთი. ასევე არ მადარდებს ჩემს სახლში არსებული იესოს ხატი, რომელიც ღამ–ღამობით, მიმიკებს იცვლის. არ მადარდებს ჩემი აუტანელი, არარსებული დაავადებები, ანუ გაუსაძლისი ნევროზი. არ მადარდებს მთვარე, რომელიც წყლის მიმოქცევას აკონტროლებს, რომლის გარეშეც, ვნახავდით მშვენიერი, შემაძრწუნებელ აპოკალიფსს. არ მადარდებთ და ამავდროულად, თქვენს მიმართ უსაზღვრო სიყვარულს განვიცდი, ჩემი ტანჯვის ფონზე, ასეთ დიდებულ არსებებად რომ გამოიყურებით. თითქმის ლიტერატურულ პერსონაჟებს გავხართ, რომლებმაც ჩემსავით არ იციან მოსვენების გემო. მაგრამ მე თქვენგან განსხვავებით მწერალი ვარ, ანუ ღმერთი. (ვიცი, მწერალი ბრჭალებში უნდა მომეთავსებინა, მაგრამ არ მოვათავსე, რა თქმა უნდა სპეციალურად.) ხო, მე ვარ ღმერთი, და რაზეც ვიფიქრე, იმად ვიქეცი. თუმცა, დღეს თქვენს შეყვარებაზე არ მიფიქრია, მაგრამ მაინც... მიყვარს ღმერთი, რომელიც ვერ მიხსნის განსაცდელისგან. მიყვარს ჩემი სახლი, რომელიც სანაგვეს უფრო ჰგავს. (სწორად ამიტომ მიყვარს.) მიყვარს ჩემი ოთახი, საიდანაც მთელ უბანს, მოცარტის გამაგიჟებელ მელოდიებს ვასმენინებ. მიყვარს თბილისი, სადაც გამუდმებით ექსტრემალური გრიგალი მძვინვარებს. მიყვარს ჩემი მეგობრები, რომელიც არ მემეგობრებიან. მიყვარს ტყე და ქვიშა. მიყვარს განადგურებული ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, თუ რამ გაანადგურეს. მიყვარს ჩემი თავი, რომელიც რაიმე სახის მოსვენებას, რეალობასა და არარეალობის შორის გავლებულ ზღვართან ელოდება, როგორც იმედით სავსე ადამიანი, თავის მკვდარ მეორენახევარს. მიყვარს ცხელი შოკოლადი და მზიანი დღე. მიყვარს ხალხი, რომელშიც განდევნილი იქნება კაცი, რომელიც მტვრიან ფეხსაცმელს, დაძონძილ სამოსს მოუხდენს. მიყვარს, მიყვარს ეს მეძავებიც, რომლებთანაც სექსი არასდროს მექნება. კიდევ, ყველაზე უღმერთო ადამიანიც მიყვარს, ღმერთს, მთელი თავისი არსებით რომ ეძებს. მიყვარს ჩემი ქვეყნის რელიგია, ქრისტესი რომ არასწორად გაუგიათ და ხმელეთზე, ნამდვილ სიკაშკაშეს, სიბნელედ რომ ქმნიან. მიყვარს! მიყვარს! მიყვარს! მიყვარს ლინჩის წესით გასამართლებული, ინცესტს შეყვარებული გოგო, რომლის სისხლით შეღებილა მთელი სოფელი. მიყვარს ნაგვის ბუნკერზე გადაკიდებული ხალხი, ღამით მოსეირნეს, გამარჯობას რომ არ მაღირსებენ ხოლმე. მიყვარს მეძავი დედაჩემი, სულ რომ არ სცხვენია თავისი საქმიანობის. მიყვარს ჩემი და, რომელსაც მუცელი, თექვსმეტი წლის ასაკში მოეშალა. მიყვარს მამაჩემი, სულ პატარები რომ მიგვყარა. მიყვარს ჩემი უკომპიუტერო მეგობრები, რომელიც კომპიუტერის გამო თუ მსტუმრობენ, როგორც ქსელური მონობა სთხოვთ. მიყვარს კუბიკრუბიკი, რომელიც ჯეარაც ვერ ამიწყვია. მიყვარს ჩემი სტომატოლოგი, რომელიც ჩემი პირის ღრუს სიმყრალეს, ღირსეულად იტანს. მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის არც სახელი, და არც გვარი ვიცი. მიყვარს ბავშვები, სექსის ხსენებისას, ლოყები რომ უწითლდებათ. მიყვარს პატრიოტები, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს, იყო პატრიოტი. მიყვარს ის წმინდანები, რომლებიც უსულო მიწისთვის, სულიერს მოკლავენ. მიყვარს კაცი, რომელიც ყოველ ღამით სტუმრობს ერთ, ამოჩემებულ ბორდელს, რათა იხმაროს ერთი ამოჩემებული ლამაზმანი. მიყვარს ხორცის მოყვარული ვეგეტარიანელები. მიყვარს ქრისტიანი რასისტები. მიყვარს სექსუალურად დაუკმაყოფილებელი პიდოფილები. ხანდახან, „ბითლზის“ მოსმენაც მიყვარს. მიყვარს ათეისტები, რადგან მე, თეისტს, მათგან განსხვავებით აღარაფრის მწამს, არც ადამიანების, არც ხეების, არც მთების, არც ცის, არც კოსმოსის და არც უსასრულო სივრცის, რომელიც ჩემი ნეკა თითის ზომისაა. მიყვარს ფილმები... თუმცა, ახლა აღარ, რადგან მევე ვქმნი ყველაფერს, რადგან მე ვარ ამ ცხოვრების რეჟისორი. მიყვარს! მიყვარს! მიყვარს! მიყვარს მიწისძვრა, რადგან მხოლოდ ამ მოვლენას შეუძლია დამარწმუნოს იმაში, რომ ხმელეთზე მყარად ვდგავარ. მიყვარს ზღვა, რომლის ტალღებიც ჩემთან ერთად მოკვდნენ. მიყვარს მზე, ჰორიზონტს მიახლოვებული, სრულყოფილად რომ წითლდება. მიყვარს ექსტრასული ცეკვა, რომელიც არასდროს არ მიცეკვია. მიყვარს ჩემი დაუმორჩილებელი თმა. მიყვარს ანტონიო სალიერი. მიყვარს ამორალური ქცევები. მიყვარს კლასიკური ჟანრის მუსიკაზე შეყვარებული უბედურები. მიყვარს შექსპირი, მიუხედავად იმისა, რომ მისი არცერთი ნაწარმოები არ წამიკითხავს. კიდევ, ღმერთები მიყვარს, რომლებიც არასდროს ერევიან მოვლენების განვითარებაში. მიყვარს სიყვარული, რომლის ფუძე, სიძულვილია. მიყვარს სატელევიზიო შოუები, რომლებსაც თითქმის არასდროს ვუყურებ. მიყვარს უსაქმურობა, რამეთუ მხოლოდ ამ დროს ვარ დასაქმებული. მიყვარს მხატვრები, რომლებმაც ხატვა არ იციან. მიყვარს მარსი, პლუტონი და მთვარე. მიყვარს მდინარე, რომელზეც ჩემი ანარეკლი, არასდროს ჩერდება. მიყვარს ჩემი სახლის მოჩვენება, რომლის არსებობა, არასდროს შემიმჩნევია. და ყველაზე მეტად. დაცარიელებული მეტროები მიყვარს. ამ დროს მგონია, რომ ზომბი აპოკალიფსის შედეგად, მხოლოდ მე გადავრჩი და ამ კიბეებზე, ერთიდაიგივე შინაარსის წერილს ვტოვებ ხოლმე: „ ღმერთის წყალობით, მე ისევ ცოცხალი ვარ. მაგრამ ერთი უკიდურესობაა, ამდენი ხნის განმავლობაში, არცერთ სულიერს არ გადავყრილვარ, თუ ჩემს ძაღლს არ ჩავთვლი, რომელიც უკვე დაბერდა და კვდება. დილაობით ყველაზე მაღალ შენობებზე ვარ, ყავას ვსვამ და მზეს ვუყურებ. შუა დღეს ჩემს სახლში, ვწერ. საღამოობით აქ მოვდივარ, მერე კი, როცა შუაღამის სიბნელე მეფდება, ყველგან შუქებს ვანთებ. ღმერთის წყალობით, მე კვლავ ცოცხალი ვარ, მაგრამ თქვენს გარეშე, ცოტ ცოტა ყველაფერი ჭირს. მარტოობა კარგია, მაგრამ გარკვეულ დრომდე.“ როგორც გუშინწინ, როგორც გუშინ, თვალს დღესაც ვავლებ ლიანდაგის გაცრეცილ, ვერცხლისფერ ზედაპირს. ამ ბოლო დროს ყველაფერს ლამაზი ფერი აქვს, ბრიტვის ბასრ პირს, გახუნებულ თოკს, მაღალი შენობების სახურავებს, მდინარე მტკვრის პირს, შუქნიშნის მწვანე ფერს, ჩემს ფანჯრებს, ზღვის მღელვარე ზედაპირს, ბუნებრივი აირის გამშვებ ღილაკს და უამრავ საძილე აბებს. ჩამოთვლილთაგან, ყველაფერზე მბზვინვარებს დღის უკანასკნელი მზის სხივის ელვარება, და ყოველდღიურად, იწყება ღამე, მძიმე, და უსაშველო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.