Describe the Sky to Me
- ცა... - არ ვიცი. - გთხოვ... - უფერულია. - გევედრები... - ნაცრისფერი. - არა, რა... - შენი ტკივილისფერია. გვტკივა ორივეს. არყოფნა თუ ვერყოფნა. ერთმანეთის დაცარიელება, ამოწურვა გვტკივა და არ მინდა, თვალები გავახილო. მე ვარ მისი ცა. - სუფთაა.ხომ სუფთაა? - მეშინია. - არ გაწვიმდე. არ გავწვიმდები.არ უყვარს წვიმა. - გავანათო? - არა.არა, თორემ ვეღარ წავალ. შორსაა. ბევრად შორს, ვიდრე მიწა ცისგან. - დაღამდი, - რაღაც მწყდება, - დაღამდი უვარსკვლავებოდ. უმთვაროდ. ვკვდები. - უღრუბლოდ. ვკვდები. - უკოსმოსოდ. ვკვდები. - და დაიძინე. ქუთუთოებს უფრო ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს. არ უნდა გავახილო თვალები. - დაიძინე-მეთქი. დაიძინე, გესმის? გამორთე მთვარე და დაიძინე. დაიძინე! ყვირის. ყურებზე ხელებს ვიფარებ. "არ გაწვიმდე, არ გაწვიმდე." - ნუ მფიქრობ. ნუ მფიქრობ. ხომ ხედავ, გტკივა. მტკივა. - ნუ მაქცევ ტკივილად. მტკი-ვა. - ისუნთქე. ისუნთქე, რა. ერთი ორი სამი ჩაისუნთქე-ამოისუნთქე. - ადვილია. ისუნთქე. მშვიდად. ნელა. როგორც შეძლებ. ოღონდ ისუნთქე. ვსუნთქავ და მტკივა დაჟანგული ფილტვები. - აი ასე. წყნარად. უნდა გაუძლო. არ შეგივძლია. არაფერი შეგვიძლია, გარდა ტკენის. კანკალის, გაგიჟებამდე კანკალის გარდა არაფერი შეგვიძლია. არ შეგვიძლია. არაფერი შეგვიძლია, გარდა სიყვარულის. უსასრულობამდე სიყვარულის და მერე... მერე არაფერი. მერე არაფერი ხდება. გვიყვარს ასე ცალ-ცალკე და ვერასდროს ერთად. სიყვარული სიყვარულად რჩება და არ არის სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი. ან თუ არის, ძალიან, ძალიან დიდი ნაბიჯია. უარს ვამბობთ. ყველაფერზე ვამბობთ უარს და გვრჩება მხოლოდ საკუთარი თავი, ისიც - ყველაფრისგან დაცლილი და ვერაფით ავსებადი. რჩება ტკივილი მხოლოდ ტკივილი უფრო ერთმანეთის, ვიდრე საკუთარი. რჩება სიტყვები, რომელთაც ფერი არ აქვთ. რჩება მუსიკა, რომელიც აღარ ისმის. ვყრუვდებით. ვბრმავდებით. ვხეიბრდებით. ვპესიმისტდებით. ვბანალურდებით. ვსაზიზღრდებით. და გვეცინება კაცმა არ იცის, რაზე, მაგრამ გვეცინება და ეს არის დატირება საკუთარი უარყოფილი თავის. - არ წახვიდე, - თითქმის ნაწვიმარი ხმა მაქვს. - არ დამისიზმრო. ღამეა. მშვიდი, მაგრამ უმთვარო. იქნებ იქაც იხოცებიან. სუნთქვისგან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.