ქაღალდის წერილი მარგოს
სალამი, მარგო. ეს მე ვარ, ელენი. ქაღალდის გოგო, ქაღალდის ქალაქში, ქაღალდის ადამიანებთან, ქაღალდის გრძნობებით. ხანდახან ქაღალდის ადამიანებს არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ სამყაროს ქაოსური წყობა. ნაბიჯები რომ აუწყო, უბრალოდ საჭიროა გამორთო შენში ყველაფერი შენი და მიყვე დინებას. მკვდარი თევზივით არა, ცოცხალი, მაგრამ ქაღალდის ადამიანივით. ყველას თავისი ქაოსი აქვს, სხვადასხვა ფერით და სხვადასხვა არომატით. ჩემი ქაოსი ლიმნისფერია და ბენზინის სუნი ასდის. მიყვარს ბენზინის სუნი. შემიძლია საათობით ვიდგე და ორგანიზმი ამ სუნით გავჟღინთო, მანამ, სანამ ბინძურ ჰაერს არ ამოვახველებ და მერე... იცი, მარგო, მე შენ გგავარ. ან იქნებ შენ მგავხარ მე. რა მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა საერთოდ არაფერს აქვს, ყველაფერი მაინც დიდი ილუზიაა, ყველაფერი მაინც შენი წარმოსახვის ნაწილია. მე არ ვუჩივი ფანტაზიას. ხშირად წარმოვიდგენ როგორი ვიქნებოდი ნამდვილი ცხოვრებით, ნამდვილ ქალაქში, ნამდვილ ადამიანებთან და ნამდვილი გრძნობებით. დავჯდები ჩემი დიდი, ნაცრისფერი ოთახის იატაკზე, ჩაის ცხელი ჭიქით ხელში და წარმოვიდგენ. ჩემი ოცნებები რეალობაზე უკეთესია, მაგრამ ოცნება ჰქვია. პირველი ყლუპი ყელს მწვავს... ჩემი ოცნებები რეალობაზე უფრო დიდ ხანს ცოცხლობს, მაგრამ წარმოსახვაა. მეორე ყლუპი ცხელია, ნიკუშას თითებივით ცხელი. ჩემი ოცნებები ფერადია, ხანდახან მხოლოდ ლურჯი, მაგრამ უფერულ სამყაროში ნადგურდება. მესამე ყლუპზე ისევ ხველება მიტყდება და მერე... ჩემთვის ბედნიერება ისეთივეა, როგორიც 0, 1, 6, 8 და 9. როგორც არ უნდა შემოაბრუნო და როგორც არ უნდა გადაატრიალო, მნიშვნელობა მაინც არ ეკარგება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ამ სამყაროში მხოლოდ ვინსენტის მოჭრილი ყური და ბეთჰოვენის უკანასკნელი სიმფონიაა. სხვა დანარჩენი ყველაფერი ნაგავია. შენ იღვიძებ დილით ადრე, ან გვიან, ახელ თვალებს, აკეთებ ყველაფერს, რასაც სხვა ნორმალური ქაღალდის ადამიანები აკეთებენ, მიდიხარ სამსახურში, სასწავლებელში, კაფეში, ბიბლიოთეკაში, ან საერთოდ არსად არ მიდიხარ. იმისათვის, რომ სხვა ქაღალდის ადამიანებისგან გამორჩეული იყო, ცდილობ ჩაიცვა სხვანაირად, ილაპარაკო სხვანაირად, იაზროვნო სხვანაირად, აკეთო ყველაფერი სხვანაირად და... რა გრჩება? არაფერიც არ გრჩება. შენ ასე უფრო ემსგავსები მათ. ნელ-ნელა ცურავ, ცურავ ამ ნაგავში და ფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. მე ვიხრჩობი, ვიხრჩობი თქვენი საცოდაობით და არ’არსებული განსხვავებულობით და ვახველებ. და მერე... მეც მიფიქრია გაქცევაზე, მარგო. ბავშვობაში დაბრუნებაც მინდა, კარადის კუთხეში დამალვაც და თვალების დახუჭვა მანამ, სანამ ჩემს წარმოსახვაში ყველაფერი არ აჭრელდებოდა. ახლა აღარ მინდა, დავიმალო. მინდა გავიქცე, რომ ვინმემ მიპოვოს. მინდა ისე გავიქცე, როგორც შენ და მინდა მეც ვიცოდე, რომ ვიღაც მიცნობს და ყოველთვის ეცოდინება, სად ვარ. ჩვენ, ქაღალდის ადამიანებს, გვჭირდება ისეთი ქაღალდის ადამიანები, რომლებსაც ვეყვარებით. მე შენს მსგავსად, არასდროს მწამდა სიყვარულის, მარგო. რატომ სჯერათ ამ სულელ ადამიანებს რომ რაღაც გრძნობა იარსებებს სამუდამოდ, დაისადგურებს მათ გულებს და აპოვნინებთ მეორე ნახევრებს. ზღაპარს გავს, ან იქნებ ესეც მათი წარმოსახვის ნაწილია. ჩემი წარმოსახვა არ არის მათი წარმოსახვის მსგავსი. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ოცნებებს, ილუზიებს და მერე ყველაფერს ერთად ყრიან გონების კუნჭულში, ურევენ და ადიან ერთნაირი წარმოსახვებით, ერთნაირი ოცნებებით და ილუზიებით, გამოშტერებული და დაცარიელებული თავებით და წითელი სულებით. მეზიზღება წითელი ფერი, ხველებასთან მიჩენს ასოციაციას და მეც ვახველებ. და მერე... მე ღმერთს სასამართლოში ვუჩივლე. არარსებობისთვის, ტყუილისთვის და იმედგაცრუებისთვის ვუჩივლე. სხდომა არ ჩატარებულა, ბრალდებული არ გამოცხადდა და კიდევ ერთხელ გამიცრუა იმედი. მერე სამუდამოდ დავკარგე ილუზიაც კი, მისი არსებობის შესახებ. შენ გწამდა ღმერთის, მარგო? ალბათ გწამდა. ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ, ან მორწმუნე უნდა იყო, ან ნაძირალა. ვერ ვიტან რელიგიაზე და პოლიტიკაზე საუბარს. ეს ორი, ერთმანეთთან სიბინძურით დაკავშირებული თემაა და არაფერს გვაძლევს, უამრავი ტყუილის და სიცარიელის გარდა. ღმერთზე ყველაზე მეტს ათეისტები საუბრობენ, პოლიტიკაზე საქმედაკარგული ულოგიკოთა ჯოგი, სექსზე ომგამოვლილი ბებერი ტვინგამორეცხილები და მე და შენ, მარგო, არაფერში გვჭირდება არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ამის წარმოდგენაზეც კი მინდება გული ორი თითით ავირიო და ხველა მეწყება. და მერე... არასდროს მიცდია გამორჩეული ვყოფილიყავი. უბრალოება ყველაზე დიდი გამორჩეულობაა ჩემი აზრით, და შენ სრული უფლება გაქვს ისარგებლო სამყაროს კანონზომიერებით. ხანდახან, როცა ერთ საგანს გავუშტერებ თვალს, წარმოვიდგენ რომ სამყარო ჩერდება და დედამიწა ბრუნვას წყვეტს. ამ დროს თავი არარსებული ღმერთი მგონია. ჩვენ, მარგო, ქაღალდის ადამიანებს, შეგვიძლია ვიყოთ ღმერთები, ქალღმერთები და ზეციური ქმნილებები. მე ლილიტის ერთადერთი ქალიშვილი ვარ, მარგო. შენ გიფიქრია ოდესმე ამაზე? შენ იცი, ვინ იყო დედაჩემი მარგო? სწორედ ის იყო პირველი ადამიანი იმ სამიდან, ცრუდ რომ სწამთ ადამიანებს და ლილიტი ერთადერთი რეალური იყო მათგან. მე მისი ქალიშვილი ვარ მარგო, მაგრამ როცა წარმოდგენები მემსხვრევა, ყელში ისევ მაწვება სისხლი. და მერე... მარგო, მე ტუბერკულოზი მაქვს. მე ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლე დამოკიდებულია ექიმებზე და პრეპარეტებზე და ფეხებ'ზე მ'კიდია, მარგო. ისინი ითვლიან წუთებსაც კი, მაგრამ მე ათვლას მხოლოდ მაშინ დავიწყებ, როცა ქაღალდის გოგონა აღარ ვიქნები და აღარც ქაღალდის ქალაქში ვიცხოვრებ, ქაღალდის ადამიანებთან ერთად. მე იმედი ჯერ კიდევ მაქვს მარგო, რომ ერთი დღე გავა სისხლის და ხველების გარეშე და მე მაშინ თავისუფალი ვიქნები. ერთ დღეს შენც იქნები თავისუფალი და ჩვენ ორივე ვიგრძნობთ ჩვენ წილ ბედნიერებას. ბედნიერებას ყველა იმსახურებს, ვინც არ იბრძვის ბედნიერებისთვის. მარგო, ხანდახან, როცა გადაწყვეტ რომ შენი რეალობა ოცნებაზე უკეთესია, იფიქრე ჩემზეც, როგორც ერთ-ერთ ქაღალდის გოგონაზე და იცოდე, რომ მეც ჩამიწყდა სულში ძაფი. კავშირის დასასრული. (მეტის დაწერა ვნებს ჩვენს ქაღალდის სულებს) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.