ნაქსოვი კალამი ანუ შენთან წერილია, ელიანა!
''ნაქსოვი კალამი ანუ შენთან წერილია, ელიანა'' კარი ჭრიალებს. ვიღაც უხერხულობის შეგრძნების დასაძლევად ახველებს და ჩახრინწული ხმით გამცნობს: -თქვენთან წერილია, ელიანა და იცი? ნაქსოვი კალმითაა დაწერილი. მგონი იქიდან არის, საიდანაც შენ მოხვედი. ხო, ზუსტად ასე ამბობს. შენ ცბები. წყალი ირგვლივ ლივლივებს, მაგრამ აქ უკვე აღარ ხარ. ბრუნდები იქ, საიდანაც მოხვედი. ძაფები გქაჩავენ, გწელავენ და წინაამღდეგობაც ნელ-ნელა ირღვევა. კონვერტს აცახცახებული ხელებით ხსნი და იქიდან ოთხად მოკეცილ ფურცელს იღებ. გაინტერესებს მართლა ნაქსოვი კალამითაა დაწერილი, თუ ფოსტალიონს შეეშალა. აქ ხომ წერილებს ისინი ნახულობენ, სანამ ადრესატს მისცემენ. გეშინია. გეშინია, რომ შეიძლება ტყუილად გაგიხარდა... რომ შენი წარსული წარსულში დარჩა... პირველივე სიტყვას აკვირდები და სუნთქვა გეკვრის. ფურცლის ხაოიან ზედაპირს ხელს უსმევ და ზუსტად იგივე გრძნობა გაქვს, როგორც ნაქსოვ სვიტრზე გასმისას. ''სალამი, ელიანა... მინდა გითხრა, რომ კალამი, რომელიც ხელში მიჭირავს, კი არ წერს, არამედ ქსოვს...'' თვალში გხვდება პირველი აბზაცი და ძლივსშესამჩნევად იღიმი. ეს ვიღაც ნამდვილად გიცნობს. თითქოს შენს გულში ზის... თითქოს შენს აზრებს კითხულობს... კი, მაგრამ წყალმა ხომ ყველა და ყველაფერი შთანთქა? ვინ დარჩა ზემოთ? ვის გაახსენდი? ვისი კალამი ქსოვს ასე ლამაზად? კითხვას აგრძელებ და შენ გარშემო ნაქსოვი წრე ჩნდება... შენ მასში იკარგები... ის ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს... ''...ელიანა, მე შენ გიცნობ, თუმცა შენ არა... ვიცნობ იმ სამყაროს, სადაც შენ ცხოვრობდი, რადგან მე შევქმენი ის. ცასა და მიწას შორის გამოვყავი ადგილი, სადაც ვიცხოვრებდი, სადაც ჩემს სამყაროს მოვქსოვდი, სადაც ვიქნებოდით მე და შენ. ელიანა, რაოდენ რთულია იმასთან შეგუება, რომ ვერადროს დავრწმუნდები, მივიდა თუ არა ეს წერილი დანიშნულების ადგილამდე... არადა ჩემი ყოველი ფიქრი და ოცნება ახლა შენკენაა მომართული... მეც ვხედავ სიზმრებს, მეც მიკეთია სათვალე, რომელიც შავად და თეთრად აჩვენებს იმას, რასაც არ უნდა ვენდო და რაც უნდა ვირწმუნო. ხო, თუ კარგ სიზმარს ვნახულობ, მეუბნებიან, აგიხდებაო, ხოლო თუ ცუდს, სიზმრებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. გეცინება, არა? შენც ასე გატყუებდნენ ხომ? განსვხვაბე ისაა, რომ შენი სათვალის შუშები სულ შავად იყო შეღებილი. მე მებრალებოდი მაშინ, ელიანა... ყველა მებრალებოდით, მაგრამ არ შემეძლო ჩავმძვრალიყავი წიგნის ფურცლებში, რადგან ის ისე ზუსტად იყო მოქსოვილი, მის გარღვევას ვერც ვბედავდი და ალბათ რომც გამებედა, უიმედო ოპტიმიზმში ჩავეფლობოდი მხოლოდ. ელიანა... იცი, კიდევ რით მგავხარ შენ? მეც მივდივარ წინ, ვარღვევ საგანგებოდ მოქსოვილ ბადეებს, მგონია, რომ მალე ბოლოში გავალ, მაგრამ ცხრათავიანი გველეშაპის პრინციპით, ერთ თავს რომ მოაჭრი და ხუთი ამოდის, გათავისუფლებულ ადგილას ისევ იხლართება ძაფები. კიდევ? ალბათ შენც გიყვარდა ზღაპრები... აი, მე კი ისე ვგიჟდებოდი ფათერაკებით მოცულ ისტორიებზე, რომ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, გავა დრო და ჩატარდება ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც რეალობა ზღაპრად გადაიქცევა_მეთქი... ახლა კი ის მსურს, რომ ჩემი აზროვნება შეიცვალოს და მოეწყოს ზღაპრის გმირების შინაგანი სამყაროს რადიუსებზე. მერე მეც გავაგორებ ძაფის გორგალს და მივყვები მანამდე, ვიდრე კეთილ ჯადოქართან არ მიმიყვანს, ის კი ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ნაქსოვ ბარიერებს მოსპობს და გზას დამილოცავს. ასე ხდებოდა შენს შემთხვევაშიც, როცა ცდილობდი მეგობარს დახმარებოდი, ენაამოგლეჯილი გოგოსთვის გონების ძალით გემეტყველა და მისთვის ის დაგებრუნებინა, რაც წაართვეს... ოღონდ არანაირი ჯადოქარი შენს ცხოვრებაში არ გამოჩენილა... ერთი ხელის მოქნევით საქმის მოგვარება არ შეგეძლო... იმას, რასაც ფერია წამში გააკეთებდა, შენ დიდი ბრძოლა გჭირდებოდა, მაგრამ მაინც შეძელი... მაინც მოქსოვე თავისუფლება, სიმართლე, რაღაც ახლის დასაწყისი, მაგრამ წყლისქვეშეთი ამოსაფეთქად ემზადებოდა... ის უკვე ვეღარ არჩევდა კეთილსა და ბოროტს და დაანგრია როგორც ერთი, ისე მეორე. შენ? შენ არ შეგეშინდა სიზმრების, ელიანა... მე შემეშინდებოდა! ვიტირებდი, გავიქცეოდი და შველას შევთხოვდი იმ ადამიანებს, რომლებიც მატყუებდნენ, უფსკრულთან მაყენებდნენ და ხელს მკრავდნენ. შენ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩი. მოიხსენი შავი საღებავით შეღებილი სათვალე და ნაქსოვი გაიკეთე, რადგან სანახევროდ მაინც დაგენახა, თუ რა ხდებოდა შენ წინ... მთლიანად ვერ გაბედე. შენც კი გაუძალიანდი ბედისწერას, რომელიც ცდილობდა, რომ რეალობის კედელზე მთელი ძალით შეენარცხებინე. მე? მე იცი, რას ვიზამდი, როცა დავინახავდი, თუ როგორ ცურავდი ოფლში, ხელებს იქნევდი და ყვიროდი? ხო, მე! ვიკივლებდი, მარტო დაგტოვებდი და ყველას მოვუყვებოდი, რომ შენ სიზმრის მნახველი იყავი... რაც არ უნდა მყვარებოდი, ასე მოვიქცეოდი, რადგან მეც შენთან ერთად არ გამემარჯვა. გამემარჯვა, აბა, რა! მე რომ არ შემშინებოდა, გავიმარჯვებდი, მაგრამ საბედნიეროდ იქ, იმ ოთახში მე კი არა, ვალერია იყო... ის ვერაფერს იტყოდა, მაგრამ ამის სურვილი არც გასჩენია... გოგომ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გაგიცნო და როცა ჰკითხე, რომ შეგეძლოს, ეტყოდი თუ არა ვინმეს რამესო, მან თავი გააქნია თან ისეთი გამომეტყველებით, ვითომ ამას რატომ მეკითხებიო. შენ იმდენად ენდე, რომ წერა ასწავლე... მე ასე არ მოვიქცეოდი! იმის შიშით, რომ ვალერიას არ ვემხილე, თავს ჩემივე ნებით გავყოფდი ყულფში და ვაღიარებდი, რომ სიზმრებს ვხედავდი... მე არ ვიყავი იმ წიგნში და ეს ძალიან კარგია! შენ იყავი და უნდა ყოფილიყავი! მე რომ ხელები დამეღლებოდა, ქსოვას შევწყვეტდი... შენ კი ასე არ მოიქეცი! მრცხვენია, იცი? ელიანა... სირცხვილი მწვავს, მხრაკავს, სახეზე ხელებს მაფარებინებს... მადლობა, ელიანა... იმიტომ, რომ ის, რაც გითხარი, მაშინ იქნებოდა, შენ რომ არ გამეცანი... ახლა აღარც მე მეშინია! აღარც მე ვიხევ უკან! ჩემს ფეხებს მხოლოდ წინ შეუძლიათ სვლა... მხოლოდ წინ! ნახვამდის, ელიანა. მშვიდობით, ელიანა. პ.ს. წყალში საქსოვი ჩხირები და ძაფები არ არის, ხო? ხოდა გიგზავნი. მომიქსოვე ბედნიერება, გთხოვ...'' ტირი. ცრემლები იქსოვება და ლოყებზე მოედინება... მერე უცნობის გამოგზავნილი საჩუქარი გახსენდება, ფოსტალიონს გინდა დაუძახო და უცებ... -აქ კიდევ რაღაც ყოფილა შენს სახელზე, ელიანა.-თავს ყოფს შემოღებულ კარებში და იქვე მდგარ კომოდზე რაღაც ფუთას დებს. ბარბაცით დგები ფეხზე. ფუთას ხელში იღებ და ხსნი. იატაკზე ძაფის გორგალი გორდება, ხელში კი ჩხირები გრჩება. გეღიმება. სავარძელში ჯდები და ქსოვას იწყებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.