შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


12-12-2016, 02:06
ავტორი mravalshviliani
ნანახია 1 647

მშიერია. ორი დღეა არაფერი უჭამია. შიშველია. გაცვეთილ ტანსაცმელში სიცივე ატანს. დადის და ფეხები აღარ მიყვება.
კიდევ ცოტაც და...მიაღწევს ალბათ დანიშნულების ადგილს. მას ეს შეუძლია. ის ხომ ძლიერია. არა, ისეთი ვეღარაა, როგორიც ადრე, მაგრამ ერთდროს ხომ იყო. ადრე სახლში მიეჩქარებოდა, ახლა კი...კიბის ქვეშ ყუთი ელოდება, გადმობერტყავს და ჩაწვება შიგ. რათქმაუნდა არ დაიძინებს. ან რა დააძინებს!
ელოდება. რას ელოდება? ახალი წლის მოსვლას ელოდება.
ერთი სული აქვს. პატარა ბავშვივით უხარია და განიცდის. ყოველთვის უხაროდა.
კიდევ ცოტაც, კიდევ...
იჩქარე! იჩქარე თორემ... ამასაც საახალწლო სუფრა არ დახვდეს, თამადა ყანწით ხელში. სადა ყანწი, სადაა სუფრა, თამადა... გაქრა, მტვერივით გაიფანტა ყოველივე. ახლა ჭერიც აღარ აქვს. ფეხშიშველაა, ხელფეხ გაყინული და ქუჩაში ბარბაცით მიაბიჯებს. მათხოვარია? არა რათქმაუნდა. არასდროს ყოფილა და არც იქნება.
დღეს ყველაზე მეტი წიგნი გაყიდა. ოცი თუ ოცდაორი.
წვერი გაუთეთრდა, თმა გაუჭაღარავდა, კანი დაუნაოჭდა. ახალგაზრდობა ჩიტივით გაუფრინდა.
ცოტაც...და „სახლში“ იქნება.
ცოტაც...
დღეს ქუჩები განსაკუთრებით ლამაზი ეჩვენება.
ჰაერს ღრმად ისუნთქავს, თითქოს უკანასკნელად უნდა მოახლოებული ახალი წლის სურნელი შეიგრძნოს. ამდენი ხნის მანძილზე ცხოვრება პირველად უხარია.
ყინვა არ ინდობს.
ღამის ქუჩებში მიაპობს ლანდებს .
მხოლოდ საკუთარი ფეხის ხმა ესმის, საკუთარი გულისცემა ამშვიდებს, რომ ჯერ ცოცხალია.
კიდევ რამდენიმე საათი და ... საათი თორმეტს ჩამოჰკრავს.
ღელავს.
ცოტაც და... მისი წელიც დადგება. გუმანით გრძნობს, რაღაც უნდა მოხდეს. უჩვეულო, განსხვავებული.
ჰაერში ტკბილი სუნი ტრიალებს. ახალი წლის არომატით სავსე.
ხეები ვალსს ცეკვავენ, ერთმანეთს ეკვრიან. ფოთლები შრიალებენ, სიყვარულით ტკბებიან. ქარი კი ჩურჩულებს : ახალი წელია! ახალი წელია!
ფანჯარას შესცქერის, ბუხარი გიზგიზებს, სინათლე ანთია. თაფლისა და მოხალული ნიგვზის სურნელი ჭუჭრუტანიდან ატანს.
ნერწყვი მოსდის. თვალებს ხუჭავს. ცოტა ხანს კიდევ იდგება. რას აშავებს. გულს სიმოვნებს, ჭიას ახარებს. თავი პატარა, ცელქი ბავშვი ჰგონია ბებო რომ უკან დასდევს, საჭმელი ჭამე ბიჭო გეყოფა ამდენი ტკბილეულიო.
ფხიზლდება. ყურებჩამოყრილი ბანცალ - ბანცალით აგრძელებს გზას.
კიდევ ერთი ფანჯარა. ნაძვისხის სანთლები თვალებს სჭრის.
ქუჩები ბრწყინავს. ქალაქი დღესასწაულისთვის ემზადება.
შეაჟრჟოლა. წუთით შეჩერდა, მაგრამ რაღაც გაახსენდა და გზა განაგრძო.
მერამდენე ახალ წელს ხვდება მარტო?
უუჰ... აღარც კი ახსოვს.
თოვლი მაინც მოსულიყო, უკანასკნელად გაიხარებდა.
კიდევ ერთი სინათლე, კიდევ ერთი ფანჯარა, კიდევ ერთი სახლიდან გამოსული სითბო, სიტკბო და სიმყუდროვე. ნელსურნელება.
თავბრუ დაეხვა. ცოტაც და წაიქცეოდა. თავს სძლია და ხელით ბოძს ძლიერად ჩაეჭიდა. ერთხანს იდგა, ფეხის გადადგმა აშინებდა.
როგორც იქნა გაბედა. ნელი ნაბიჯით წაცანცარდა.
აი მისი ბინაც კიბის ქვეშ, მაღაზიაში ნაჩუქარ დიდ ყუთში. მას შემდეგ რაც შიგ სძინავს აღარ სცივა. პლედიც აქვს. ერთი ჭიქა და თეფშიც. კიდევ წიგნი, სამოცი თუ სამოცდაათი. ესაა მისი ავლადიდება.
ცივა. ძვალსა და რბილში ატანს. გახსნა ყუთი , პლედი ჩააფინა და ჩაწვა. ცას შეხედა. ისიც კი საოცრად მიმზიდველი მოეჩვენა. გადაწყვიტა ყუთი არ დაეხურა.
თვალები დახუჭა. თვალწინ ოჯახი დაუდგა : მშობლები, ცოლი, შვილები, ანცი და მოუსვენარი შვილიშვილები.
ცოლი კარგა ხანია მიწას მიაბარა. შვილებმა კი ვერ გაუგეს...
რას ვიზამთ...
ასე მოხდა...
თვალებზე ცრემლი მოადგა. ბავშვობა გაახსენდა. სკოლა, ინსტიტუტი, პირველი პაემანი ახალი წლის დილას, ერთგული და მოსიყვარულე მეორე ნახევარი. შვილების დაბადება ხომ ყველაზე საოცარი და სასიამოვნო წუთები იყო მის ცხოვრებაში. ახლა კი რა? რა შერჩა? ოთხი ფიცარიც კი არ აქვს, რომ მიწას მიბარდეს. მასზე არავინ ფიქრობს, არავის ადარდებს, ვერავინ ამჩნევს. ის მწერია, ერთი მიტოვებული ფოთოლია შემოდგომის ქარი რომ ჩამოაგდებს და გააფრიალებს.
უცებ, სასიამოვნო სიგრილე იგრძნო. ნაზმა სიომ დაუბერა მოხუცს გვერდებში. სახეზე კი თბილი ნიავი მიელამუნა.
სოფელში იყო. საკუთარ ეზოში. ცოლი ეძახდა. სახლში შევიდა. მოხუცი დედ-მამა სუფრასთან ისხდნენ და უღიმოდნენ. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.
გათენდა. უჩვეულო სიმსუბუქე იგრძნო მიწამ. ერთი ადამიანით ნაკლები შეეგება ახალ წელს. ზამთრის სიმშვიდით გამეფებული დილის სიჩუმე იდგა. ძაღლების ყეფაც კი არ ისმოდა.
სამყარო დუმდა.
ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა.
ქუჩებში კი ახალი წლის მოტკბო და სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
თოვდა.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent