შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანტონ... შენ ხომ გესმის, ანტონ?


26-12-2016, 02:14
ავტორი aidamorales
ნანახია 1 236

თავიდან ყველაფერი ,,უშენოდ აღარაფერი მინდათი” იწყება ხოლმე და მერე იცვლება ყველაფერი ძირეულად.
ღმერთსა და ადამიანს შორის არჩევნის უფლება უკანასკნელს ყოველთვის ეძღუდება, ამიტომაც არის, რომ გაღმერთებული ადამიანები შემოქმედის როლს უსიტყვოდ ირგებენ და რჩებიან მერე კერპთაყვანისმცემლის როლში მყოფები მშრალზე.

,,მხოლოდ შენი დანახვა მჭირდება ბედნიერებისთვისო! “- იტყოდა ხოლმე და მორბოდა ჩემთან, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება ჰქონდა გადაწყვეტილი. მიხაროდა, სიმართლე უნდა ვთქვა, მაგრამ ახლა ისიც კი მაბედნიერებს, რომ სახლში საეჭვოდ დაკუჭული პერანგით არ ბრუნდება. როგორ იცვლება ყველაფერი…

,,ყველგან მხოლოდ შენთან ერთად უნდა ვიყოო” - მეტყოდა ხოლმე, ხელს ჩამჭიდებდა მაგრად და დამათრევდა ათას უაზრო ადგილას. არ მსიამოვნებდა, მასთან ერთად ლოგინში წოლა მერჩია, მაგრამ მისი კომფორტისთვის უარესებსაც ავიტანდი, საჭირო რომ გამხდარიყო. ასე რომ, დავყვებოდი ხოლმე მის ნებას და ვერგებოდი ძვირიანი აქსესუარივით, ვცდილობდი, ყოველ შემთვევაში. ახლა აღარ მთავაზობს, მიზეზად თავიდან ის გაიხადა, რომ მე იქ ბედნიერი არ ვიყავი, არ მომწონდა უაზრო შეხვედრები, წვეულებები, ყალბი მზერები და ასობით თვალი, მერე მიზეზის მოგონებაზეც აღარ იწუხებდა თავს. უბრალოდ აღარ მთავაზობდა.

,,შუბლზე უნდა გაკოცო, მაგრად ჩაგიკრა გულში და მხოლოდ ასე დავიძინებ მშვიდადო” - იტყოდა ხოლმე, მომხვევდა ხელებს, ჩამიდებდა ცხვირს კისერში და გვეძინა ასე მთელი ღამე. ახლა უბრალოდ იცის, რომ ერთი საძინებლის განაწილება გვიწევს. მოდის, წვება თავის მხარეს, უხილავ წითელ ხაზს ავლებს, ბოლო ღერის მოწევის შემდეგ ტუმბოზე დადგმულ ჭიქა წყალს სვამს და ჩემგან ზურგით იძინებს. დილაუთენია წამოხტომა და სულელურად ბედნიერს თავის მოწესრიგება აღარ მიწევს, ვიცი, დილით მძინარე ცოლის ყურებას არ დაიწყებს, არ დააკვირდება, როგორ მიდევს ხელი სახესთან ახლოს და საუზმობისას არ შემახსენებს, ბედნიერი ღიმილით, რომ ცერა თითი ისევ ჯიქურ მქონდა ტუჩებთან მიტანილი, ჩვილი ბავშვივით.

,,გელოდები, ერთად ვივახშმოთო” - მომწერდა და ვიცოდი, რომ სანამ სამსახურიდან სახლში არაქათგაცლილი არ შევბობღდებოდი, არ ივახშმებდა. - წლებია, გარეთ შეექცევა საღამოობით. მე სახლში ვზივარ და წინა დღის მორჩენილ საჭმელს ვჭამ ახლაც.

,,უშენოდ აღარაფერი მჭირდება” - ხშირად მეუბნებოდა ამას. ასეც იყო თავიდან. მერე ექიმმა მითხრა, შვილს ვეღარ გააჩენო.საკუთარმა გენეტიკამ ძალიან ადრეულ ასაკში გამწირა, საშვილოსნოს პათოლოგიებმა იჩინა თავი. სამყარო თავზე ჩამომენგრა, ის იდგა, ჩემი ხელი ეჭირა და ცდილობდა, იმედგაცრუება არ დასტყობოდა სახეზე, როცა მთელი მისი გეგმების ჩამშლელს ხედავდა ექიმის კაბინეტში. წლების განმავლობაში მხოლოდ მე ვშლიდი ამ თემას. დაივიწყა დიდი ოჯახი და მხოლოდ მე ვყოფნი-მეთქი, დედაჩემს რომ ვუთხარი პირველად, ქალმა, რომელმაც გამაჩინა, იმ სარკეში ჩამახედა, თვალს რომ ვერ აარიდებ. მითხრა, მალე დაიღლება როლების თამაშით და ყველაფერი დამთავრდებაო. ვუყვირე, რა აღარ ვაკადრე გაგულისებულმა და სახლში წამოვედი. გზაშივე დავივიწყე მისი სიტყვები, სადღაც ძალიან ღრმად ჩავმარხე და არ ვაძლევდი ამოსვლის საშუალებას.
პირველად მაშინ გავაჟღერე მასთან დედას ნათქვამი, როცა მთელი ღამით მარტოს მაიძულა დაძინება. არ მითხრა, სად იყო. მოვიდა და სხვა ქალის სუნამომ ცხვირი დამილპო. როგორც კი სახეში შევატირე ჩემი ტკივილები, რას ელოდი აბაო, გამომიცხადა. დავიღალეო, სხვანაირად ვგეგმავდი ყველაფერს, შენ კი მომავალი წამართვიო. ვერაფერი ვუთხარი, გავიფიქრე, არც მთლად მტყუანია ეს კაცი-მეთქი, გადავტრიალდი და დავიძინე. მაშინ პირველად ვიწექით ასე შორს ერთმანეთისგან. მე საძინებელში, ის - დივანზე, მისაღებში.

,,არასოდეს გიღალატებო” - მილიონჯერ მაინც შემომფიცა. სხვა ქალთან ორი წლის შვილი ჰყავს, რომელიც ხშირად თამაშობს ჩვენს სახლში და რომლის მიმართ ჩემი სიძულვილიც ყოველ ჯერზე იზრდება, როცა საკუთარი ქმარი მაიძულებს, მისი გარყვნილების შედეგს სადილი მოვუმზადო. რა არ ვიფიქრე, განქორწინებიდან დაწყებული - სუიციდით დამთავრებული, ყველა იდეა განვიხილე. როცა ასე ,,შედეგიანად” გღალატობენ, საკუთარი თავი შენ არ გეკუთვნის. ვერაფერი ვუშველე ამ ამბავს. მითხრა, აბორტის გაკეთებას არ ვთხოვ, შვილი მინდაო. დავყევი მის ნებას, როგორც ყოველთვის.
დედამისი ღარიბი ოჯახის შვილია. გასათხოვარი. არაფერი აბადია, ყველაფერი, რაც ბავშვს აცვია, ჩემი ქმრის (ან ჩემი) ნაყიდია. მის საკვებზეც მიზრუნია არაერთხელ. ბოლო ხანებში განსაკუთრებით ხშირად რჩება ჩვენთან, დედამ სამსახური დაიწყო, როგორც გავიგე. ნეტავ, თუ შეიძლება, ამხელა სტრესის შემდეგ ადამიანის ფსიქიკა ბოლომდე ჯანმრთელი დარჩეს? არ ვიცი, თუმცა, ფაქტია,ჯერ არ გამომივლენია რაიმე კონკრეტული ნიშანი შიზოფრენიის, ან სხვა დაავადებისა.

,,მინდა პირველი მოვკვდეო” - რამდენჯერ მომკლა, ნეტავ დაუთვლია?! საკონტროლო გასროლა პატარა ბავშვის ფოტო იყო, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში. ექიმს ხელიდან გამოსტაცა და ბედნიერებისგან დაბრმავებულმა მახარა, აი, ჩემი გოგოო! - ჩავეხუტე. მინდოდა ენახა, რომ მისი ბედნიერების გაზიარება ისევ შემეძლო, მიუხედავად ყველაფრისა. მაშინ მოვკალი ჩემში ცოლი და გავხდი დედა, რომელიც თავისი შვილის საყვარელ ქალზე ეჭვიანობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაზრდილ პირმშოს ართმევენ. მიუხედავად ყველაფრისა, ვერ შეძლო, ბოლომდე ვყვარებოდი. საქორწილო ფიციც დააღვია, ღვთის წინაშე დადებული აღთქმაც და ჩემთვის ნათქვამი ყველა სიტყვა ერთიანად გადაყარა სადღაც უკუნეთში.

,,მინდა, ყველაზე მაგარი ქალი იყო!” - შესძახებდა ხოლმე და განათებული თვალებით მიყურებდა რამდენიმე წამი. მერე ეს ფრაზა იმედგაცრუებით სავსე, სინანულით გაჟღენთილმა თვალებმა, ხმამ და ჟესტებმა შეცვალა.

ვერც მე გავხდი მაგარი ქალი და ვერც მან ზიდა კისერზე ნებით დადგმული უღელი ღირსეულად. არ შევდექით. ჩავფლავდით და ახლა ჩამონგრეული სახლის კედლებს შევჩერებივარ დაავადმყოფებული. წარმოდგენა არ მაქვს, მართლა საღ გონებაზე ვარ, თუ უბრალოდ ვერ ვხვდები, რომ გავგიჟდი. ერთი კი ნამდვილად ვიცი, რაც მეტ სართულს დაადგამ მყიფე საძირკველს, მით მეტ ძვირფას რამეს დააყენებ რისკის ქვეშ. - მე მთელი ჩემი ცხოვრება ავაშენე ასე და ახლა არ ვიცი, ჰაერში გამოკიდებული, რას მოვეჭიდო.

_ბატონო მოსამართლევ, ალბათ, ყველა დარბაზში მყოფნა და თქვენც, ყურადღებით მოისმინეთ შეშლილი მკვლელის წერილი.
ძვირფასო ნაფიცო მსაჯულებო, გთხოვთ, გაეცნოთ ექსპერტიზის დასვნას, რომლის მიხედვითაც, ამ ფურცლებზე ნაწერი 100%-ით ემთხვევა გარდაცვლილის შეშლილი მეუღლის კალიგრაფიას. მან მოკლა არამარტო ქმარი, არამედ მისი უკანონო შვილიც, რის გამოც, ბრალდების მხარე სამუდამო პატიმრების შეფარდებას ითხოვს! - გამოაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედის მიერ დაქირავებულმა, ძვირადღირებულმა ადვოკატმა. დარბაზის ერთი მხარე სრულიად სავსეა, ქერა, შაბევში ჩაცმული ქალის უკან სკამების 10 რიგი დგას, არც ერთი ადგილი არ არის თავისუფალი. მეორე, მარცხენა მხარეს კი მხოლოდ 2 სკამია შევსებული - ბრალდებულის დედა და მკურნალი ექიმი სხედან წაშლილი სახეებით. ქალი ფერად კაბაში, გადაწეული თმითა და ხელზე ბორკილებით, წამლებით გაბრუებული და არარეალურად ბედნიერი - ბრალდებულის სკამს ამშვენებს.

,,არ მაინტერესებს, რა განაჩენს გამომიტანენ, ანტონ!” - ჩასჩურჩულა თავის ადვოკატს, რომელმაც ყველა იმედი მაშინ დაკარგა, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საკუთარი ხელით გადასცა ქმრის ყოფილ საყვარელს 2 წლის წინ დაწერილი, უკვე ყველასთვის ცნობილი წერილი. - ,,არ იფიქრო, რომ ეს რამეს შეცვლის. ლეში სადაც არ უნდა დააგდო, მხოლოდ გარშემო მყოფებს აწუხებს, შენ ხომ გესმის ეს, ანტონ?!”



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ანტონს ესმის
მომეწონა ^-^

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent