წელიწადის დრონი, როგორც თავად სიცოცხლე.
იანვრის თოვლში ფეხშიშველი სიარული, უდაოდ, მტკივნეულია. წვიმის შემდეგ გუბეებში ხეტიალი - სულელური და საშიში. მაგრამ თუკი მე ეს მომწონს? მეც შეუძლიათ მიწოდონ სისულელისა და საშიშროების განსახიერება. ზედმეტად ბევრს ვიღებ საკუთარ თავზე, შემდეგ კი ვიტანჯები იმის გამო, რომ არ შემიძლია მივაღწიო იმას, რისკენაც მივილტვოდი. ზუსტად ამიტომაც ვისჯი თავს "იანვრის" ტკივილით. არ მიყვარს ზამთარი. ჩემს უიღბლო დღეებს, გაყინულ ოცნებებსა და გეგმებს მახსენებს, რომლებიც სხვა დროისთვის გადავდე. ხვალ - ასობგერების საშინელი წყობაა. ოცნება... ეს სიტყვა ჩემს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს, რადგან ზუსტად ამისგან შედგება ის. ლტოლვა, მიზანი, მარცხი, ბრძოლა - ვიღაცისთვის ეს სხვადასხვა რამ არის, მაგრამ ჩემთვის თითოეულს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. შემოდგომა. ჩემი ბავშვობის ფავორიტი. ერთდროულად იმედის, სიყვარულისა და გამარჯვების განსახიერება. როდესაც გარშემო ყველაფერი ნაირ-ნაირად ფერადდება, თითქოს ამასთან ერთად ჩემი სულიც ცოცხლდება. რაც შეეხება სულს, მას დაუნდობლად ვფატრავ ეჭვებით და შიშით. მეუბნებიან, რომ სხვისი სულები გადავარჩინე, მაგრამ რა, როდესაც არ მძალუძს ჩემს თავს საკუთარი თავისგანვე ვუშველო? ეს იმედგაცრუება ისეთივეა, როგორც ჩემი საყვარელი სეზონის - ზაფხულის თვის, ივლისის მზის შუადღის სიცხე: მჭამს, მღლის, ძლივს ვდგავ ნაბიჯებს... მკლავს. რატომ დგება ზამთრის შემდეგ გაზაფხული? რატომ ეფლობა წყვდიაში მთლიანი სამყარო, მშვენიერი დაისის შემდეგ? ამის მერე ხომ დიდხნიანი ლოდინია საჭირო აისამდე. დღესაც მომწონს შემოდგომა კოკისპირული წვიმებისა და ჭექა-ქუხილების გამო. დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც თვალს ვადევნებ შუშაზე ჩამოგორებულ წვიმის წვეთებს. და ის სიცივე... ის თბილი ფეხსაცმელები... და ქუხილის ხმა... ალბათ, ასეთია ჩემი შინაგანი სამყაროც: მოღრუბლული ცა, გამყინავი წვიმა და ძლიერი ქარი. მე დანიელა მქვია, ვოცნებობ მწერალი გამოვიდე, მაგრამ ვერაფერი ღირებულის დაწერას ვერ ვახერხებ. მხოლოდ პატარა ჩანახატები, ჩემს გრძნობებზე აგებული. არ ვიცი რა მელის წინ და მე ეს მაშინებს. რა იქნება მომავალში? არ მსურს ცხოვრების დინებას მივყვე, მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ სვლისგანაც დავიღალე... იქნებ უბრალოდ მაღალი მუხის ქვეშ, პატარა გრძელ სკამზე ჩამოვჯდე, დავხუჭო თვალები და წარმოსახვაში დავხატო ყველაფერი ის, რაც მსურს ცხორებაში ვიხილო. ქარი უბერავს და ვგრძნობ, როგორ მწევს მიწიდან. სიჩუმის მელოდიით ვტკბები; მას ჩემი სულისთვის განკუთვნილი ჰარმონია მოაქვს, რომელსაც ასე მონატრებია ეს იშვიათი სტუმარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.