შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ გააჩერებთ!


7-03-2017, 10:30
ავტორი L LI
ნანახია 1 355

მზის სინათლე უკვე იასამნისფრად იდღაბნებოდა მოცისფრო ცაზე, სახლის კარი რომ გავიხურე. მძიმე ჩანთამოკიდებული მივდიოდი, გზას ვიკვლევდი უსასრულოდ გაწელილ კორპუსებს შორის. გვერდს ვუვლიდი ჟანგისფერ ფარეხებს წარწერით: ,,ნუ გააჩერებთ.“ მათგან ცოტა მოშორებით , უკვე ათი წელია ჭაობისფერი მანქანა დგას უძრავად. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ფაქტმა ჩემი ყურადღება მიიქცია. როგორც ხდება ხოლმე ხანდახან , რაიმე უმნიშვნელო, არაფრისმომცემი წვრილმანიც კი გვაიძულებს მასზე ვიფიქროთ.
ვფიქრობდი და თან ტოტებზე პოლიეთილენის პარკებშერჩენილი ხეების მიღმა ვუყურებდი, როგორ მიფრინავდა ყვავების გუნდი. თავისებურ ბგერებს გამოსცემდნენ, ბევრისთვის რომ არასასიამოვნოა. და მაინც ვერ ვხვდები, რატომ აღიქვამენ ყვავს უბედურების სიმბოლოდ, რატომ ეშინიათ მისი ხმის გაგონებისაც კი? მაშინ, როდესაც არავისთვის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ შავია... ვითომ ყველაფერი , რაც(ვინც) მშვენიერებით, ლამაზი ხმით ვერ დაიტრაბახებს, უბედურება მოაქვს სხვებისთვის, ან მისი უნდა ეშინოდეთ?
ვუყურებდი და რაღაც აირია ჩემს შიგნით. სიბრალულს ვგრძნობდი ყვავის მიმართ, რადგან აითვალწუნეს, რატომ თვითონაც არ იციან... არ უყვართ ისე, როგორც ბეღურა, მერცხალი...
აბა, ვინ დაუყრის ყვავს პურის მარცვლებს ფანჯრის რაფაზე?!
მინდორში გავედი, გაშლილ ადგილას. ახლა თავისუფლად შემეძლო დამენახა და ავხედე კიდეც მოიასამნისფრო ცას, მასზე მფქინავი ყვავების გუნდს. ავხედე, და გავუღიმე. თითქოს მინდოდა ეგრძნოთ, რომ ისინი მარტო არ იყვნენ, რომ ვიყავი მე, იყო სადმე სხვა ვიღაც, რომელსაც არ ეშინია, პირიქით, გულწრფელად უყვარს ყვავი. დიახ, ის შავი, ულამაზო ყვავი, განსაკუთრებული, გამორჩეული...
ვინ იცის, რამდენი ადამიანი იტანჯება ყვავების მსგავსად, რამდენს ააკრეს სიშავის, უბედურების იარლიყი, დააჯერეს, თითქოს მათი ადგილი აქ არ არის. მათაც სჯერათ, რომ წარწერა ,,ნუ გააჩერებთ“ მათ ეკუთვნით, არ იმსახურებენ იქ გაჩერებას, ყოფნას სადაც მერცხლები და ბეღურები არიან, ტოროლები თავს იწონებენ ლამაზი ხმით... თავიდან მაინც იბრძვიან, ცდილობენ თავი დაიმკვირონ... ბოლოს ნებდებიან... ბოლოს სხვები მიდიან, მოდიან, მოძრაობენ... თავად კი ემსგავსებიან ჭაობისფერ, ჟანგმოკიდებულ მანქანებს, უძრავად რომ რჩებიან... ნეტავ, მართლა არ გაეჩერებინათ!
ადამიანები, ხშირად ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ მათთვის შეუფერებელ საზოგადოებაში, ამ ცდებით კი ინდივიდუალიზმს კარგავენ, თმობენ საკუთარ მეს. ცდილობენ თავადაც გახდნენ მერცხლები და ჭიკჭიკი დაიწყონ, მაგრამ ყვავი მაინც ყვავად რჩება. ისინი ვერ ხვდებიან, რომ გული არ უნდა გაიტეხონ, მოძრაობა არ შეწყვიტონ. ადამიანმა უნდა დააფასოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის, არ შეწყვიტოს პიროვნული განვითარება, მხოლოდ იმიტომ რომ სხვას არ ჰგავს. რა იცის, იქნებ სწორედ ამითაა განსაკუთრებული?
ყვავი არ არის ლამაზი და არც გალობს, მაგრამ არც ერთ სულიერს არ შეუძლია მასსავით იბრძოლოს, მისი ცხოვრება ხომ ბრძოლაა გადარჩენისთვის...
აბა, ვინ დაუყრის ყვავს პურის მარცვლებს ფანჯრის რაფაზე?!
უსიამოვნო ფიქრებით გამომეჭედა თავი, დამიმძიმდა. თითქოს ტვინში ნაღმი მედო და აფეთქებას აპირებდა. აღარც მიმიხედავს ერთ ადგილას მიჯაჭვული მანქანისკენ. თავი გადავიქნიე, ვეცადე რამე სასიამოვნო გამეხსენებინა. არაფერი გამომივიდა.
ჩემ წინ ერთი კაცი მიდიოდა, საშუალო ასაკის. შავ თმაში უკვე შეპარვოდა ჭაღარა. ციოდა, პირიოდულად ხელები პირთან მიჰქონდა და იორთქლავდა, შემდეგ კი, ჯემპრის სახელოებს ხელის გულში იბღუჯავდა. ყურადღების გადატანის მიზნით გადავწყვიტე მას დავკვირვებოდი და ქცევებით, ნაბიჯებით შემესწავლა მისი პიროვნება, დიდი დრო არც დამჭირვებია...
უეცრად შავი კატა გამოჩნდა, ნაგვის ურნიდან გადმოხტა და გზაზე აპირებდა გადასვლას. გამოჩნდა თუ არა, გამეღიმა. ბევრს აქვს ცრურწმენები მის შესახებ, თითქოს ,,თარსია“. გზაზე გადაირბინა. ახლა უფრო მეტად გამძაფრებული ცნობისმოყვარეობით შევყურებდი კაცს, რომელიც ჯერ შეკრთა ცხოველის დანახვაზე, აიმრიზა და მერე ორი წამით შეჩერდა, მე გამომხედა. ყოყმანი შევამჩნიე მის მზერაში და უკვე მზად ვიყავი გავქცეულიყავი, პირველს მე გამევლო შავი კატის მიერ გადაჭრილ გზაზე, ის რომ არ ,,დათარსულიყო“, მაგრამ უცებ თავად მოიკრიბა გამბედაობა და წინ წავიდა. მის ნაბიჯს მტკიცეს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი...
გამეცინა. ვერ ვხვდებოდი რას ხედავდნენ ასეთ საშიშს უწყინარ არსებებში, მათ ფერში...
გზაზე შავმა კატამ გადაირბინა. თავზე დამჩხაოდა ყვავების გუნდი, არ ჩერდებოდა, ადგილზე არ იყინებოდა, თავისუფლად დაფრინავდა... გულზე მომეშვა.
-რატომ არავის უყვარს შავი კატა, შავი ყვავი? -ჩემდა უნებურად, ხმამაღლა ვთქვი.
-მე მიყვარს. მიყვარს ასე, ერთ გუნდად რომ გადაიფრენენ ხოლმე. - უეცრად ხმა მომესმა.
შევცბი, არ ველოდი...ჩემს უკან გავიხედე, ერთი მოხუცი იდგა. გრძელი, მუქი კაბა ეცვა, თავსაფარი უფარავდა ნაცრისფერ ჭაღარას, ნაოჭებს დაეღარა მთელი სახე... მზერა ზემოთ ჰქონდა მიმართული, ცაში. ნაცრისფერი თვალები ირეკლავდნენ შავ ყვავებს...იღიმოდა, აი ისე, მხოლოდ მოხუცებმა რომ იციან... გულში სითბო ჩამეღვარა... ყვავებს ავხედე. გონებაში ტიტრებად იძვროდა ჟანგისფერ ფარეხზე ამოკითხული ორი სიტყვა : ,,ნუ გააჩერებთ“...



№1  offline წევრი მოლურჯო

სასიამოვნო წასაკითხი იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი L LI

მოლურჯო
სასიამოვნო წასაკითხი იყო

მადლობა

 


№3  offline წევრი smithv

კარგი წასაკითხი იყო, მაგრამ აზრი იყო მწირი.

 


№4  offline წევრი lost alien

ძალიან მომეწონა.. სასიამოვნო, ლამაზი და დამაფიქრებელია

 


№5  offline წევრი L LI

lost alien
ძალიან მომეწონა.. სასიამოვნო, ლამაზი და დამაფიქრებელია

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent