შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ


8-03-2017, 20:58
ავტორი on lee wan
ნანახია 1 263

სახლიდან გადიხარ.. ატმისფერი მუხლსქვემოთ გაშვებული კაბა გაცვია, ყელმოღებულ მაიკაში ცოტა გცივა და ცდილობ პიჯაკით როგორმე დამალო შენი შიშვლად დარჩენილი კანი.. ხვეულ, გრძელ თმებს მოხდენილად ჰაერში იქნევ.. გიხარია.. რომ მზეა, რომ გაზაფხულია, რომ ქალი ხარ.. ყურსასმენს ფრთხილად ირგებ, საყვარელ მელოდიას რთავ, ნარნარით მიაბიჯებ მოფილაქნებულ ტროტუარზე და წამით ამ სამყაროდან მიდიხარ ! მიდიხარ სადღაც შორს.. იქ, სადაც ყოველთვის გინდოდა მოხვედრა.. ახლა ალისა ხარ საოცრებათა ქვეყანაში.. მიდიხარ მედიდურად, თმების ქნევითა და ამაყად ! ირგვლივ ყველა და ყველაფერი შენ შემოგხარის თავად გაზაფხულის ჩათვლით.. კიბის რამდენიმე საფეხურიც და მზე სადრაც გაქრა.. ახლა მიწის ქვეშ მიაბიჯებ, თუმცა სახეზე კვლავაც გრძნობ გაზაფხულის სუსტი მზის შემორჩენილ სითბოს.. ხედავ როგორ ყიდულობენ უამრავ მინდვრის ყვავილებს ახალგაზრდა, ან სრულიანად მოხუცებული მამაკაცები და გეღიმება.. დღეს ხომ შენი დღეა ! ისეთი კმაყოფილებით ჩაუვლი გვერდს თაიგულით ხელდამშვენებულ სრულიად უცნობ მამაკაცს, თითქოს ის თაიგული შენთვის უყიდია და ახლა უნდა როგორმე გადმოგცეს მთელი მოწიწებითა და პატივისცემით.. რამდენიმე წამში კი უფრო ღრმად შედიხარ სივრცეში, სადაც არც მზეა, არც ყვავილები და არც მამაკაცები, ასე რომ გაგამხიარულეს. მატარებელი ჩვეული რიტმით დგება ჩვეულ ადგილას და შენ ჩქარობ როგორმე შეასწრო, სანამ კვლავ გაუჩინარდება სიბნელეში. ყველა ადგილი დაკავებულია, ამიტომ მყარად დგები მატარებლის არც ისე სუფთა იატაკზე, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.. შენ ქალი ხარ და ახლა შენი დღეა ! ცდილობ თვალი მოავლო მთელს საზოგადოებას, რომელიც აქ შეგროვილა.. ზოგს ვარდები უჭირავს, ზოგს ყაყაჩოები, ყოჩივარდები, იები.. ისეთი სავსე ხარ ! ისეთი ბედნიერი, შინაგანი პროტონებით დამუხტული, წამით გეჩვენება რომ ანათებ.. თუმცა, შემდეგ შენს მკლავებს მზერას ჩააყოლებ და აღმოაჩენ, რომ შენთვის არავის გაუმეტებია თუნდაც ერთი ყვავილი.. წამით გული გწყდება, თითქოს გეწურება, დანანებით გადააქნევ თავს, მაგრამ ამას შენ გარდა ვერავინ შეამჩნევს.. მატარებელი ჩერდება და გაღებულ კარებში ისევე სწრაფად გადიხარ, როგორც შემოხვედი. კვლავ ამაყად მიაბიჯებ, შენი ნაბიჯები შენს სიმტკიცეზე მიუთითებენ.. გარეთ გადიხარ და გაზაფხულის სურნელს გრძნობ .. კვლავ ფიქრთა სამყაროში მიდიხარ ! ხეებს შორის პარკში ჯდები, მელოდიას თვალდახუჭული მიჰყვები.. აი შენკენ ვიღაც მოდის, მინდვრის ყვავილები დაუკრეფავს, ერთად შეუკრავს ლამაზ,შრიალა ქაღალდში და ღიმილით გიახლოვდება. დარწმუნებული არ ხარ, რომ იცნობ, თუმცა მოკრძალებულ ღიმილს მაინც არ იშურებ მისთვის. აი მოვიდა, მორიდებით გამოგიწოდა პატარა, ფერადი ყვავილების კონა და გილოცავო შემოგაპარა. გეღიმება. ყვავილებს ფრთხილად ართმევ და მათ სურნელს შეიგრძნობ..
-შეიძლება დავჯდე?-რაღაც ხმა გაიძულებს გამოფხიზლდე. თვალს ახელ. გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი გიზის და ხელში მოუსვენრად ათამაშებს პაწაწინა ქოთანში ჩაფლულ იისფერ ხავერდოვან ყვავილს.
-ჰო, რა თქმა უნდა-იბნევი, და კიდისკენ იხევ.
-გილოცავთ-გეუბნება მამაკაცი და ქოთანს წამში ხელებში გიდებთ.
-მე? მე ხომ არ გიცნობთ-გაიოცებ და წარბებს მაღლა აზიდავ, თუმცა გულში ძალიან გიხარია, რომ ყვავილი გაჩუქეს, თანაც ცოცხალი, სიცოცხლის უნარიანი.
-დიახ, თქვენ რა ქალი არ ხართ?-გპასუხობს უცნობი მამაკაცი და ეღიმება.
-ჰო, რა თქმა უნდა, მადლობა-ცდილობ მოკრძალებული იყო, თუმცა ახლა ერთადერთი რაც გინდა ისაა, რომ გულში ჩაიკრა ჯერ ეს პაწაწინა სიცოცხლით სავსე ყვავილი და შემდეგ მამაკაცი, რომელმაც წამის მეასედში მთელი გაზაფხული მოათავსა შენს კალთაში.
-მე წავალ-გეტყვის უცნობი და დამშვიდობებასაც ვერ მოასწრებ ისეთი სწრაფი ნაბიჯებით გაუყვება გზას, მალე კი ხეებს შორის გაუჩინარდება. გენანება ეს უცნობი მამაკაცი, რომელმაც გაზაფხული გაჩუქა, გაუჩინარებისთვის და გინდა დაედევნო, თუმცა შენ ადგილიდან არ იძვრი, მხოლოდ პაწაწინა ყვავილს დაჰყურებ, თითქოს შენი პატარა შვილი იყოს და გრძნობ, თუ რამხელა ბედნიერებაა როცა გაზაფხულია და შენ ქალი ხარ !




ქალთა დღეს გილოცავთ მანდილოსნებო ! დაე, ყოველი დღე თქვენთვის მოეძღვნათ სათუთი გაზაფხულის ყვავილებივით <3



№1  offline წევრი უჟმური

შენ შენ შენ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent