ეგოისტი (სრულად)
09:23 დღეს სამშაბათია და შენ მიდიხარ. ახლა, ალბათ, სახლიდან გადიხარ. ბარგი ბევრია, რადგან დიდი ხნით მიდიხარ, შეიძლება სამუდამოდაც. თუმცა ჩემოდნებს Land Rover Discovery-ს საბარგულში უპრობლემოდ ატევ. მანქანა დაქოქე და წახვედი. შორს გაგიწევია. ჩემგან რაც შეიძლება შორს. ასე ხომ შენ თვითონ თქვი, უფრო სწორად, მომწერე იმ უიმედო წერილში, დღეს დილით ფოსტალინმა რომ მომიტანა. მე არ მწყენია შენი სიტყვები, რადგან ვიცი, იმიტომ მიდიხარ, რომ მე კი არა, საკუთარ თავს გაექცე. საკუთარ შეცდომებს. არ გინდა იგივე შეცდომების დაშვება. არ გინდა კიდევ ვინმეს ატკინო გული… „შენ ანგელოზი ხარ ციდან მოვლენილი, რომელსაც მე არ ვიმსახურებ. რომელსაც ცაში ავიყვან და ღრუბლებს ვაჩუქებ, მაგრამ მერე გულს ვატკენ და ავატირებ. ანგელოზები არ უნდა ტიროდნენ. ბოლო აკორდი კი ის იქნება, რომ ფრთებს დაგაჭრი და მიგატოვებ მიწაზე დაცემულს. ნადავლს კი კედელზე ჩამოვკიდებ, რათა ჩემი ამაზრზენი ცხოვრების ყოველ ბინძურ დღეს საკუთარი თავის სიძულვილით ვიწყებდე. შენ კი წამოდგები, ნელა და მტკივნეულად, მაგრამ წამოდგები და ცხოვრებას განაგრძობ. გული გაგიქვავდება, სული დაგიმძიმდება. და როცა ვინმესთვის სამყაროზე მეტი გახდები და მზად იქნება მთელი თავისი სიცოცხლე, სიყვარული, სიხარული, ოცნებები, მომავალი და საერთოდ ყველაფერი შენ მოგიძღვნას, შენ მასთან მიხვალ, მოეფერები, გაუღიმებ, მის მფეთქავ გულს გამოართმევ და წახვალ. იმ გულს წითელ საღებავად აქცევ და ტილოზე ფრთებს მიიხატავ. ამ ტილოს კი იმ კედელზე ჩამოკედებ, მასეთი ნახატებით სავსე ოთახში რომაა აღმართული. მე არ შემიძლია შეყვარება. მე არ შემიძლია გაღმერთება. მე არ შემიძლია ერთგულება. მე არ შემიძლია ვიყო სწორი და მოვიქცე სწორად. მე არ შემიძლია არ დავუშვა შეცდომები, მე ხომ თვითონვე ვარ ერთი დიდი შეცდომა. მე ვარ ტკივილი, წყენა, ბრაზი, სევდა, სიცივე, უიმედობა, სინანული, სიძულვილი... მე ვარ ბოროტება. იცი? შენ მე სულში ჩამიძვერი. ჩვენი პირველივე შეხვედრისას მივხვდი, რომ გადაშლილი წიგნივით ადვილად გადამიკითხე... მაგრამ არ დაგიხურავს და თაროზე არ შემოგიდია სადმე შორს, ბნელ კუთხეში. რატომ? არ მესმის... მე ხომ ასეთი საშინელი პიროვნება ვარ. იქნებ არასწორად გამიგე? ან... ნუთუ შეიძლებოდა იმდენად შეგყვარებოდი, რომ იმ დაწყევლილ წიგნში ამოკითხული თითოეული სიტყვა დაგვიწყებოდა? რატომ? როგორ? ასეთი რა გავაკეთე? შეიძლება, რომანტიკული ვარ, კეთილი და საინტერესო (ეს ხანდახან შემიმჩნევია საკუთარი თავისთვის), მაგრამ ეს ფარსია, სპექტაკლის თამაშისას აუცილებელი იმპროვიზაცია და მეტი არაფერი. მე ხომ გრძნობები არ გამაჩნია. მე არც გული გამაჩნია. მაგრამ იგი არავის მოუპარავს, როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში. მე იგი დაბადებიდანვე არ მქონია. აი, ასე. და ის თუ იცი, რომ შენ ამიხილე თვალები? შენ გამომაფხიზლე? აქამდე საკუთარი საქციელი არ მაწუხებდა, არ მაფიქრებდა, არ მადარდებდა. ვთვლიდი, რომ ადამიანები ამას იმსახურებდნენ. მაგრამ შენ რომ შეგხვდი, თითქოს სამყარო, რომელიც აქამდე ჩემთვის მხოლოდ შავ-თეთრი იყო და ჩაბნელებული, ათასნაირი ფერებით მოიდღაბნა და სინათლით აივსო. და სწორედ ამიტომ მივდივარ. შენგან რაც შეიძლება შორს. მე ამას არ ვიმსახურებ. მე სიბნელეში დავიბადე და სიბნელეშივე მოვკვდები. სხვების სამყაროები გავაშავე და ამის მერე ჩემსას გაფერადების უფლებას როგორღა მივცემ? ეგოისტი ვარ. მშიშარა ვარ. აი, ხომ ხედავ, უკვე შენც გტკენ გულს. არადა პირიქით მინდა. შენთვის უკეთესი მინდა. ახლა იმდენად არ გეტკინება, რამდენადაც მოგვიანებით, იმ შემთხვევაში თუ დავრჩები. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც არც სიყვარულს, არც სიკეთეს და არც ბედნიერებას არ იმსახურებს. მე ბოროტი დავიბადე და ჩემი სიცოცხლის, უფრო სწორად კი, არსებობის მანძილზე უამრავ ადამიანს დავუნგრიე ცხოვრება გააზრებულად, თუ გაუაზრებლად, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად. და სიმართლე გითხრა, არც მინდა შეცვლა. ასე რომ, მივდივარ და იმედია, ოდესმე გამიგებ და იქნებ მაპატიო კიდეც, რომ ერთ წვიმიან დღესაც შენს ცხოვრებაში გამოვჩნდი. P.S ვიცი, გავაბანალურე ჩემი სათქმელი და სისულელეები ვროშე. ასეთი რამეები არასდროს მჩვევია. ეს რაღაც იდიოტურ საპნის ოპერას ჰგავს, მაგრამ სულის სიღრმიდან მოდის... და ესეც ის ერთ-ერთი ახალი იმპროვიზაციაა, რომელიც სულელური სპექტაკლის თამაშს კი არა, არამედ რეალურ ცხოვრებას და მასში შენს გამოჩენას მოყვა. მშვიდობით, ანგელოზო.“ ეს ფურცელი ისევ მაგიდაზე დევს. მგონი რვაჯერ გადავიკითხე და უკვე ზეპირადაც ვიცი. დავრეკე და დღევანდელი რეისები ვიკითხე. ასე რომ, დაახლოებით მივხვდი, რომელი ორი სავარაუდო მიმართულებაა, საითაც შეიძლება წახვიდე: ნიცა და ჟენევა. ნიცის რეისი ნახევარ საათში გაფრინდება, ჟენევის კი ოთხ საათში. არ ვიცი, ამაზე რატომ ვფიქრობ. აეროპორტში გაქცევას და შენს შეჩერებას არ ვაპირებ. მაგრამ ამ წერილზე პასუხის გაცემაც მინდა. ამის ერთადერთი სწორი გზა მესიჯის მიწერა იქნება. დარეკვას ვერ შევძლებ ვერანაირად, ამის ძალა არ შემწევს. მაგრამ მესიჯი რომ მოგწერო და ტელეფონი გამორთული გქონდეს? იქნებ ნომერი საერთოდ გადააგდე? შეიძლება მესიჯი საერთოდ ვერ ნახო. მაინც მოგწერ. რაც იქნება, იქნება. „მე ყველაფერს გპატიობ, გარდა ერთისა - შენი ასეთი გადაწყვეტილების. იმიტომ, რომ არ ხარ ისეთი ლაჩარი, როგორადაც თავს თვლი. არც უგულო ხარ. არც ბოროტი. მით უმეტეს არც ასეთად დაბადებულხარ. შენ უბრალოდ სხვაგვარად უყურებ ამ საკითხს. შენ პატარაობიდანვე გეგონა, რომ ასეთი ხარ, მაგრამ ცდებოდი. დაფიქრდი, შენ ხომ არც კი გიცდია ყოფილიყავი სხვანაირი? მე არ ვაპირდებდი და არც ვაპირებ შენს შეცვლას. არც ისეთი უნდა მიმეღე, როგორადაც თავი წარმოგიდგენია. მე ვიცნობ ნამდვილ მაიკლს და მე სწორედ ის შემიყვარდა ასე ძლიერ. და კი, მართალი იყავი, როცა თქვი, რომ გადაშლილი წიგნივით გადაგიკითხე, ოღონდ იმაში შეცდი, რომ ეს ადვილი იყო. იმ გადაშლილ წიგნში მე ის დავინახე, რასაც ნიღაბი ჰქვია. ამ ნიღაბს ადამიანის ქმედებები აყალიბებენ. ხალხი ამ ნიღბებს ხედავს ხოლმე და მერე, როდესაც ადამიანი მას იხსნის, ყველა მოულოდნელ იმედგაცრუებას, სიხარულს ან სინანულს განიცდის. ვინც იმას ხედავს, რაც ნიღბის ქვეშაა, იმათ ეს არ ემუქრებათ. და მე სწორედ ის დავინეხე, რაც იმ შენი ნიღბის ქვეშ იმალება. რაც შემეხება მე... დამიჯერე, სულაც არ ვარ ციდან მოვლენილი ფრთიანი ანგელოზი. შეცდომები მეც დამიშვია და მეც სასტიკად მინანია. ეს ყველას მოსდის. მოკლედ, შენი საქმისა შენ იცი და რადგან წასვლა გადაწყვიტე, მე არ შეგაჩერებ. კი, მე მეტკინება, ძალიან მეტკინება, მაგრამ მართალი ხარ, მე ამას გავუძლაბ. და მადლობა, რომ ჩემზე ასე “ზრუნავ’’. „ დიდია, მაგრამ მაინც ვაგზავნი, უფრო მეტად ვეღარ შევამოკლებდი სათქმელს. ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და სხვენზე ავდივარ. მოლბერტზე შემოდებულ ქათქათა ტილოს ვუახლოვდები. თითებს ფუნჯებით სავსე ქილაზე ნაზად ვასრიალებ, მაგრამ არც ერთს არ ვიღებ. თვალში ნახშირი მხვდება. ხელს ვკიდებ და დაუფიქრებლად ვუსვამ ტილოზე. ხაზი გასმულია და უკან დასახევი გზა მოჭრილია. ვცდილობ ყველა ფიქრი განვდევნო და მხოლოდ ნახშირის ნატეხზე ვიფიქრო, რომელიც თეთრ ზედაპირზე უმისამართოდმიემართება და შავ კვალს ტოვებს, თითქოს გზას იმახსოვრებს უკან დასაბრუნებლად; ერთი ბოლოდან მეორეში ხტება, წრეზე ბრუნავს, დასრიალებს ერთ ადგილზე, თითქოს ჩემთვის უცნობ ცეკვას ასრულებს... გამომდის. ვხატავ. ხატვაში ვიკარგები. 11:15 სამზარეულოში ვზივარ და ჟოლოს ჩაის ვსვამ. ხელები არც კი დამიბანია და ნახშირიანი თითებით ჭიქა სულ გავაშავე. საძინებლიდან კარადაში ქექვის ხმები გამოდის. დილანია. ვდგები და სამზარეულოდან გავდივარ. ისევ მაღლა ავდივარ და კარს ვკეტავ. არავისთან ურთიერთობის თავი არ მაქვს. არც მასთან. არ მინდა ასეთ დღეში მნახოს. თანაც ვიცი, რომ როგორც კი მის აღელვებულ და მზრუნველ მზერას დავინახავ, თავს ვეღარ შევიკავებ და პატარა ბავშვივით ვიბრავლებ. -ჯეს?.. ჯესიკა?!.. ჯეს, ვიცი, რომ მანდ ხარ. არ ვპასუხობ. -ჰეი, ვინსენტ, დღეს ლოგანთან ხომ წამომყვები? ვინსენტი მე ვარ. ასე მეძახის ხოლმე. -არა... სიჩუმე. კარის სახელურს აწვალებს, გაღებას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. -ჯეს, კარგად ხარ? მინდა ვუპასუხო, კი-მეთქი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, ვიცი გამებზარება. -ჯეს?! ნერწყვს ვყლაპავ და ვცდილობ ყელში გაჩხერილი ბურთი გადავაგორო. -ჯეს! -კი! კარგად ვარ... -დარწმუნებული ხარ? -სავსებით. -იქნებ დამელაპარაკო? მეტს ვეღარაფერს ვეუბნები. ძალა აღარ შემწევს. -კარგი... გასაგებია. ნაბიჯების ხმა მესმის. -მაგრამ, ხომ იცი, თუ რამე დაგჭირდა... წავიდა. თავს ვეღარ ვიკავებ. ემოციებს თავისი გააქვთ. თვალები მისველდება. ცრემლები ლოყებზე მიგორავს, მიღიტინებს, ტუჩებს მისველებს. ყვირილი მინდა, მაგრამ არ შემიძლია. თვალებიც მალევე მიშრება. მინდა მარილიან ცრემლებში ვიხრჩობოდე, მაგრამ აღარ დამრჩა ცრემლები. 23:45 იატაკზე ვზივარ. თავიდან ფეხებამდე საღებავებში ვარ მოთხვრილი. დილანი კარზე მიბრახუნებს და განერვიულებული ხმით მთხოვს გავუღო. არ ვუღებ. არც გავუღებ. -წადი! -არა! არსად არ წავალ, სანამ კარს არ გამიღებ და არ დავრწმუნდები, რომ არაფერი მოგსვლია! -წადი! წადი! წადიიიი! წადი... -ჯესიკა, გამიღე! ჯესიკა! იმედი მაქვს, კარს არ შემოამტვრევს. არ ჩერდება. არაუშავს, მობეზრდება და დაიღლება. დაახლოებით ერთ საათში ასეც ხდება. -იქნებ დაკეტილი კარიდან მაინც დამელაპარაკო? არ ვპასუხობ. -რამე მაინც მითხარი. ისევ ჩუმად ვარ. -როგორც მივხვდი, დღეს მთელი დღე მანდ ხარ ჩაკეტილი. ესეიგი რაღაც მოხდა. უბრალოდ ხატვა რომ გდომოდა, კარს არ ჩაკეტავდი და ასეთი სიტყვაძუნწი არ იქნებოდი. -ცდები... გავსულვარ... საპირფარეშოში... -ოჰ! მადლობა ღმერთს, ცოცხალი ყოფილხარ და ლაპარაკიც შეგძლებია! -გთხოვ, დილან... მარტო დამტოვე... -და ღირს კი? ან შეიძლება? -ნუ გეშინია, ვენები არ გადამიჭრია და არც ვაპირებ. ამას ჩემგან ვერ ეღირსებით. -ჰაჰ! სასწაულად დამამშვიდე! -გთხოვ... -კარგი, ხო! წავალ, ოღონდ დამპირდი, რომ თავს რამეს არ აუტეხავ და დილით გნახავ ცოცხალს და უვნებელს. ვყოყმანობ, მე თვითონაც არ ვიცი, რატომ. -ჯეს... დამპირდი! -კარგი.. გპირდები. -ასე არ ჯობია? ძილინებისა, ვინსენტ. წავიდა. როგორც იქნა. სახეს ხელებში ვიქცევ და მძიმედ ვსუნთქავ. მერე მახსენდება, რომ ხელები საღებავიანი მაქვს. ესე იგი ახლა უკვე სახეც. 03:20 დავიღალე. ყველაფრით დავიღალე. უკვე ორი საათია ფანჯრის რაფაზე ნახევრად წამოწოლილი დაძინებას ვცდილობ და ვერ ვახერხებ. 04:30 ჩამეძინა. 07:55 სამზარეულოში ვდგავარ და რაც შეიძლება მაგარ ყავას ვიკეთებ. კარზე ზარია. ველოდები, დილანი როდის გააღებს, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ არც გაუღვიძია. ისევ აზარუნებენ. კიდევ. კართან მივდივარ და დაუფიქრებლად ვაღებ... ჯანდაბა. შენ ხარ... და ლანდი არ ხარ... ნამდვილი ხარ. ჩემს წინ დგახარ. უპეები ჩაგშავებია, ალბათ დიდი ხანია არ მოგიხუჭავს თვალები ან უბრალოდ ცუდად გეძინა. რამდენიმე დღის გაუპარსავი ხარ. ხვეული თმები სასაცილოდ გაქვს აჩეჩილი. ღია ნაცრისფერი პერანგი დაგეჭმუჭნა, მაგრამ მაინც საოცრად გაზის ტანზე და ისე გიხდება, გეგონება ასეც უნდა იყოსო. ახლაც კი ისეთი ლამაზი ხარ, მხატვრის დახატულს ჰგავხარ. ოსტატის, ნამდვილი ხელოვნის დახატულს. შენც მაკვირდები. ოდნავ შესამჩნევად იღიმი. ვიცი, რატომაც. მე ხომ საღებავებით ვარ მოსვრილი და ახლად გაღვიძებული. ასეთ დღეში რომ მხედავ, სულ გეღიმება ხოლმე და შენს ღიმილში სინაზე იკითხება. -მაიკლ... მეტს ვერაფერს ვამბობ, თითქოს ენა მომაჭრეს. -შეიძლება მართალი ხარ და ლაჩარი არ ვარ, მაგრამ ეგოისტი ნამდვილად ვარ. ამას ის ამტკიცებს, რომ ახლა აქ ვდგავარ, შენს წინ... ხელს მაღლა სწევ და თვალებზე ჩამოშლილ თმას ყურს უკან მიწევ. ლოყაზე ნაზად მეხები. ამ დროს საძინებლიდან დილანის ხმა ისმის: -ჯეს, შენ ხარ? ღიმილი გიქრება. სახე გისერიოზულდება. ხელს დაბლა სწევ და მუშტად კრავ. -ჯესიკა! კიდევ კარგი! დილანის ნაბიჯები სულ ახლოდან მესმის, მაგრამ მისკენ არ ვტრიალდები და არც ვეუბნები რამეს. მე შენ გიყურებ. შენ კი მე, პირდაპირ თვალებში. ვიცი, რომ ახლა რაღაც ხდება. რაღაც ცუდი, მაგრამ ამაზე ვერ ვფიქრობ. საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, იმის გარდა, რომ შენ აქ ხარ, ჩემგან ერთ ნაბიჯში და არსადაც არ გაფრენილხარ. მხარზე დილანის მძიმე ხელს ვგრძნობ. თავისკენ მატრიალებს და მიხუტებს. არ ვინძრევი. მკერდი სველი აქვს. მგონი სააბაზანოდან ახალი გამოსულია. ალბათ ცალ პირსახოცშემოხვეული დგას. -იცი, როგორ შემაშინე, ვინსენტ?! ასე როგორ შეიძლება? მეორედ ასე აღარ გააკეთო! თავს გვერდით ვატრიალებ. ისევ მიყურებ. სახე დაგემანჭა ტკივილისგან. ნელა დგამ ორ ნაბიჯს უკან და მიდიხარ. დილანის ხელებიდან თავს ვითავისუფლებ და მეც გარეთ გავდივარ. -მაიკლ! მოიცადე! ჩერდები და ჩემკენ ტრიალდები. -მაიკლ... -არა! არ გინდა! არაფერი არ თქვა... ვიცი, ამას ვიმსახურებ. სწრაფი ნაბიჯით მიდიხარ მანქანისკენ. მე ვდგავარ და ვერც ვინძრევი და ვერც ხმას ვიღებ. თვალები მეწვის. -ეს რა ჯანდაბა იყო? დილანი მიახლოვდება. -იქნებ ამიხსნა, ახლახანს რა მოხდა? წინ მიდგება. პირსახოცითაა გამოსული. ჩემს აცრემლებულ თვალებს რომ ხედავს, გაოგნებულ გამომეტყველებას იღებს. -მოიცა, ეს ის მაიკლი იყო?! თავს ვუქნევ. შუბლში ხელს ირტყამს და სახეს მანჭავს. -და მას ეგონა, რომ მე... ისევ უსიტყვოდ ვუქნევ თავს. -კი მაგრამ, რატომ არ აუხსენი?! რატომ არ უთხარი არაფერი?! -არვიცი... ხმა ჩახლეჩილი მაქვს და ისეთი ჩუმი, რომ მე თვითონვე ძლივს მესმის. დილანი გაკვირვებისგან ხელებს შლის, თუმცა არაფერს ამბობს. მერე სახლში შედის. მეც მივყვები. რამდენიმე წუთში ჩაცმული შემოდის სამზარეულოში, სადაც მე ჩემს გაციებულ ყავას მივშტერებივარ და ფიქრებით ჯერ ისევ შენს გარშემო დავფრინავ. გონს მაშინ მოვდივარ, როცა ვამჩნევ, რომ დილანს ჩემი მობილური უჭირავს და რაღაცას ეძებს. -რას აკეთებ? -მის ნომერს ვეძებ. -რა?! არა! -კი! ამ იდიოტობის გამო თქვენი ურთიერთობის დანგრევას ვერ დავუშვებ. -ის ისედაც ნანგრევებადაა ქცეული და შენ ვეღარაფერს უშველი. -ამასაც ვნახავთ. მისკენ მივდივარ, ტელეფონი რომ წავართვა, მაგრამ უკვე გვიანია. იგი ნაპოვნ ნომერს თავის ტელეფონში კრეფს და ყურთან მიაქვს. -მაიკლ? ... სალამი. მე ის ვარ, ახლახანს ჯესიკას სახლში რომ მნახე. ... მოიცა! არ გათიშო! შენთვის ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი. ... არა, ჯობია შეგხვდე და ისე გითხრა. ... კარგი. სახლიდან გადის და ზურგს უკან კარს იჯახუნებს. მე მძიმედ ვეცემი სკამზე და უღონოდ ვდებ მაგიდაზე თავს. 09:10 გასაღების ჩხარუნი და კარის ჭრიალი მესმის. გულის ფანცქალით ჩავდივარ ქვემოთ. თავი წესრიგში მაქვს მოყვანილი: სუფთა ტანსაცმელი მაცვია, საღებავი მოვიშორე, თმაც დავარცხნილი მაქვს და ყავის დალევაც მოვაწრარი. ერთი სიტყვით, ნორმალურ ადამიანს დავემსგავსე. მისაღებ ოთახში შევდივარ და შენ გხედავ. ჩემკენ მოემართები. მე ნაბიჯს ოდნავ ვუნელებ, თუმცა არ ვჩერდები და მეც შენკენ მივდივარ. ხელებს შლი და გულში მაგრად მიკრავ. მეც ხელებს გხვევ და სახეს შენს პერანგში ვმარხავ. ცოტახანი ასე ჩუმად და გაუნძრევლად ვდგავართ. სიჩუმეს შენ არღვევ: -მაპატიე... იდიოტი ვარ. -თავიდანვე უნდა მეთქვა... -არა, ვალდებული არ იყავი, მე ხომ ზარებზეც კი არ გპასუხობდი რამდენიმე დღე... -უნდა მეთქვა. დღეს უნდა მეთქვა... მაშინვე, როცა შენი რეაქცია დავინახე! უნდა გამეჩერებინე... უნდა დამეყვირა, რომ ჩემთვის მოგესმინა.... -ჩემი ბრალია... არც კი გათქმევინე. ღმერთო, რა იდიოტი ვარ! -ხარ... -თავში აზრადაც არ გამივლია, რომ ამას სხვა ახსნაც შეიძლებოდა ჰქონოდა... ესეიგი, ბიძაშვილი? -კი. მხოლოდ და მხოლოდ ბიძაშვილი. -წარმოგიდგენია მაინც, რა დამემართა, როცა დავინახე? რა აღარ ვიფიქრე... -გეტკინა? -ძალიან! -გუშინ დილით მეც ძალიან მეტკინა... -ვიცი... გთხოვ, მაპატიე. ყველაფერი მაპატიე. -რატომ დაბრუნდი? რატომ არ გაფრინდი? -შენ ხარ მიზეზი, როგორ ვერ ხვდები? თავი უკან გადავწიე და ყავისფერ თვალებში ჩაგხედე. -გიყვარვარ? -ძალიან. უზომოდ. -მეც. თავს ისევ შენს მკერდძე ვდებ. ვგრძნობ შენს გულისცემას. ეს რაღაც საოცარია. თითქოს შენი გული ჩემს სხეულში ცემს. მელოადიას უკრავს. ისეთ ლამაზ მელოდიას, მთელი ცხოვრება რომ მინდა ვუსმენდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.