გაყინული სუნთქვა
დღეს, პირველი პაციენტი დავტოვე მაგიდაზე. შუა ოპერაციის დროს შეტევა დაეწყო, წნევა დაუვარდა, გული გაუჩერდა, ბევრი ვიწვალე, ბევრი ვეცადე, ბევრჯერ... ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ დავმუხტე მისი სხეული, ძალიან ვაწვალე, ვაწვალე უკვე უსულო სხეული... არაფერი გამოვიდა... პირველი სიცოცხლე გამომეცალა ხელიდან, პირველი სუნთქვა მიილია ჩემს ხელებში, პირველი სული გამოეყო საკუთარ სხეულს და პირველად მომკლა მეც სხვისმა სიკვდილმა. ცივა, შუა იანვარია. ასეთი მკაცრი ზამთარი არ მახსოვს. ქურთუკის საყელოს ზემოთ ვიწევ და კაშნეს უფრო თბილად ვიხვევ. ფეხით მივაბიჯებ თბილისის ქუჩებში. სულ რამდენიმე, არა, ზუსტად სამი ადამიანი გადამეყარა გზაში. ყველა თავის გზას მიუყვება, თავისი პრობლემებით გატაცებული გონებით. ცივა, ძალიან ცივა. სუნთქვას ტუჩებზე მიყინავს სუსხი. ხელებს ჯიბეებში ვილაგებ და ბარათაშვილის ხიდს მივუყვები. აი, მეოთხე ადამიანი დავლანდე ჩემ წინ. ვითვლი, ვითვლი მათ რაოდენობას, ვითვლი რამდენი დარჩა ჯერ კიდევ ცოცხალი და რამდენს დააკლდა ის ერთი, მე რომ გავუშვი, მე რომ მივეცი წასვლის უფლება, ჩემს ხელში რომ გაუფითრდა და გაუქვავდა სახე, ხელები, ქუთუთოები. ორი საათი ვიჯექი მის წინ და ყოველ გაფითრებულ უჯრედს ვადევნებდი თვალს... მალე სულ გაფითრდა, გაქვავდა... მოიცა... რას აკეთებს? მოაჯირს იქით ნელა გადადის და გაშტერებულ მზერას არ აშორებს წყალს, რომელიც ღამის წყვდიადში კუპრივით შავი ჩანს. ჩემდაუნებურად ადგილს ვწყდები და მისკენ გავრბივარ. „გაჩერდი! გაჩერდი! გაჩერდი!“ - ყოველ გადადგმულ ნაბიჭს რითმულად ვაყოლებ სიტყვებს გონებაში. დამელოდე, გთხოვ! მისგან მოშორებით, რამდენიმე ნაბიჯში ვჩერდები და წამიერად სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ, შემდეგ კი ფეხაკრეფით ვიპარები მასთან ახლოს და მისგან ხუთ მეტრში მოაჯირს არხეინი სახით, მკერდზე მკლავებმიკრული ვეყრდნობი. -გცივა?- ვითომ უდარდელი ხმით ვეკითხები და მისკენ გახედვას ვუკრძალავ თავს. -რა? - შეშინებული ბრუნდება სახით ჩემსკენ, როგორც ჩანს აქ არავის ელოდა ასე გვიან. -გცივა-მეთქი? - ცოტა ხმას ვიმკაცრებ და გამჭოლი მზერით გაჩერდები. ლამპიონის მკრთალ განათებაზეც კი კარგად ვამჩნევ, თვალები ჩაწითლებული აქვს, ცხვირის წვერი, ნიკაპი და ლოყები სიცივისგან აწითლებული. ლამაზია... -არა! წადი აქედან! - უხეშად მპასუხობს და მზერას მაშორებს. -მე თუ მკითხავ, გცივა! - დარწმუნებით ვეუბნები. - იმედია ხელთათმანები გათბობს... -საჩვენებელი თითით ტყავის ხელთათმანებზე ვუთითებ. -თავი დამანებე! - ჩურჩულებს და მდინარის ზედაპირს დაჰყურებს. -შორია, ხომ? მაღალი ხიდი აგირჩევია, დროც ცუდად შეარჩიე, ძალიან ცივა. - მხრებს უდარდელად ვიჩეჩ. - წარმოგიდგენია წყალი რა ცივი იქნება? ცივი და ბნელი. -წადი-მეთქი აქედან!- მიყვირის. -რატომ? ყურება მინდა. თან მაინტერესებს რა პრობლემა გაქვს ასეთი, რომ თავს აი ამისთვის იმეტებ.- თითს ახლა წყლისკენ ვიშვერ. -ჰო, არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი, რომელიც ასე ასრულებს ცხოვრებას. თრთის - სიცივისგან... ემოციებისგან. ჩამქრალი თვალებით მპასუხობს ერთი ნაბიჯით მისკენ ვიწევი. მეშინია ხელია არ გაეშვას, მეშინია კიდევ ერთი არ გამომეცალოს ხელიდან. -შენ არ იცი...- თვალები ცრემლით ევსება, მხოლოდ დახამხამებაა საჭირო და მისი ლოყები ცხელი სითხით დაიზოლება. -ჰო, არ ვიცი... იმიტომ რომ ეს შენი პრობლემაა, მაგრამ მეც მაქვს პრობლემები. იქნებ ჩემი პრობლემაც ღირდეს იმად, რომ მოაჯირს იქით გადავიდე და მერე ამ ცივი, ბინძური და ცოდვებით გატენილი წყლის ქვეშ აღმოვჩნდე? რომ ჩემი სხეულის ჯიჯგვნის უფლება მივცე თევზებს? ღირს? მითხარი!... - მეც ვუწევ ხმას. -თავი დამანებე! წადი! შემეშვი! დამაცადე სიკვდილი! - ლოყებზე ცრემლი ჩამოსდის. -მიდი, დაგაცდი სიკვდილს. გეფიცები, არ გადმოვხტები და შენს გადარჩენას არ შევეცდები. მიდი, ბოლო მოუღე შენს თავს, დაასრულე სიცოცხლე, დატოვე აქ შენი პრობლემები, რომელთაც საკუთარი თავის გათელვის უფლება მიეცი. რომელიც ალბათ რამდენიმე დღეში გაუფარულდება, იქნებ რამდენიმე კვირაში, ან წელშიც. ჰო, გაუფერულდება და მომავლიდან მის დაცინვასაც კი შეძლებდი, მაგრამ როგორც ჩანს, შენ ეს მოკლე გზა აირჩიე, მოკლე და იოლი. გზა, ხიდიდან - წყლის ფსკერამდე. მიდი, გადახტი, მიდი! ხმამაღლა ქვითინი უვარდება წყლისკენ ოდნავ იხრება, მზერას არ აშორებს. ერთ ნახტომში ვუახლოვდები და თათმანიან ხელზე ძლიერად ვეჭიდები. კრთება... -შეგეშინდა? ჰო, აი, ესაა საშიში. ამის უნდა გეშინოდეს და არა იმ პრობლემების რაც მოაჯირს აქეთ გელოდება. -მუცელზე მკლავს ვხვევ და ხიდის მოაჯისა და ჩემს მკერდს მთელი ძალით ვაკრავ. ახლა უკვე აღარ მეშინია, ახლა უკვე აღარ გავუშვებ... - მითხარი, გინდა სიკვდილი? გაშეშებული დგას, გვერდიდან ვხედავ, ყოველ მომდევნო ცრემლს, რომელიც ძველის ნაკვალევს მიჰყვება, მერე კი ვგრძნობ, როგორ უდუნდება სხეული და ჩემს მკერდს უფრო მეტად როგორ ეკვრება. -არ მინდა! - ჩურჩულებს. - არ მინდა! არ მინდა! არ მინდა! ნელა ვაბრუნებ ჩემსკენ და გადმოსვლაში ვეხმარები. როგორც კი მყარად დგება ხიდზე, წამის შემდეგ მუხლები ეკვეთება და ჩემს მკლავებში გახვეული დაბლა ეშვება. არ ვცდილობ მის ფეხზე დაყენებას, მეც მასთან ერთად ვჯდები გაყინულ მიწაზე. ქვითინებს თავდახრილი, მე კი თმაზე რიტმულად ვეფერები. -რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! -ვბურტყუნებ. სუსხი კი ისევ მიყინავს ტუჩებზე სუნთქვას... ერთი გავუშვი, ერთი კი შევაკავე ამ ქვეყნად... ჰო, ღირს ცხოვრება ამად, ამ გრძნობისთვის ღირს!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.