და აფრიალდა შავი მანტია...
ალბათ თვლი, რომ მე ვარ დამნაშავე, ის კი არ იცი, როგორ აფრიალდნენ მაშინ შავი მანტიის სახელოები. ალბათ არასდროს გინახავს, ყოვლისშემძლე ხელმა მძიმე ჩაქუჩის ქვეშ როგორ გამოჭედა უსასრულო სიტყვები, რომელთაც სწორედ მაშინ ვინანებდი, ჩემს ბაგეებს რომ მოსწყდებოდნენ. მე კი მინახავს... მინახავს და ვინანე ქმედებები, რომელთაც უკან ვერ დავაბრუნებდი. გინახავს? განუწყვეტლივ როგორ ეცემოდა ჩაქუჩი სიმხურვალისგან აწითლებულ სიტყვებზე, სულ მალე იხილავდნენ მზის სინათლეს. ჩემს სატანჯავად, წურბელებივით ეხვეოდნენ ჩემს ქვეცნობიერს... შენ არც კი იცი, რომ ამ დროს, ყოველ ჯერზე, ყურებზე ხელს ვიჭერ, თვალებს ვხუჭავ. გაბრაზებული მუჭს ვახეთქებ მაგიდაზე, ყურადღების გადასატანად, მაგრამ მანტიის ძლივსგასაგონი შრიალი არ ქრება, მაინც ფარავს ჩემ ირგვლივ არსებულ ხმაურს. მე კი მხოლოდ ტკივილი მრჩება და მოლოდინი იმისა, რომ კვლავ შემიპყრობს სინანული. ვიცი, ბადრაგები ჩაბნელებულ დერეფანში გამატარებენ. მეც ვიხილავ ყოვლისშემძლე ხელს, კვლავ რომ დაჰკრავს ძლიერად ჩაქუჩს, თავისივე გამოჭედილი სიტყვების გასასამართლებლად. ვიცი, ამ დროს სიჩუმე დაისადგურებს, რომელიც იყვირებს და ეს ყვირილი ამაცილებს ეშაფოტისკენ მიმავალ კიბეებზე... ყოველ ჯერზე მინდა გავიქცე, ხელიდან დავუსხლტე ყავისფერპალტოიან ბადრაგს. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბო და გამოვაღწიო ჩაბნელებული სასამართლოდან. ალბათ არ გაგიკვირდება, შენთვითონაც კარგად იცი, ადამიანები ხომ ყოველთვის გავურბით ჩვენს თავს, არ გვსურს განვსაჯოთ. მაგრამ ვუყურებ მის პალტოს, ცხვირში მიღიტინებს მისი წვიმის სურნელი და იცი? ჩემს თავს მაგონებს. ყოველთვის, როდესაც მას ვუყურებ, მგონია რომ საკმარისია თმები შეარხიოს და შემოდგომის ოქროსფერი ფოთლები ჩამოცვივდება ციდან, შემოდგომის წვიმით დანამული, ათასჯერ გადათელილი დასველებულ ფილაქანზე. შემოდგომა მიმაცილებს სასამართლო დარბაზამდე, იქ რომ შევალ, ყველაფერი დასრულდება. ალბათ თოვლიც წამოვა. მე, ბრალდებული, ვიტყვი, რომ უბრალო ვარ. რა ჩემი ბრალია, თუ აფრიალდნენ შავი მანტიის სახელოები? თუ მათ გამოჭედეს უსასრულო სიტყვების მწკრივი, რომელთაც წარმოთქმისთანავე ვინანებდი? ალბათ მოსამართლე არასდროს დამიჯერებდა, ის თავად ვერ შეიგრძნობს თავისი მანტიის შრიალს, გონგის ხმასავით რომ ჩამესმის ყურებში. ახლაც გავიგე გონგის ხმა, ნიშანს რომ მაძლევს თითქოს გასაქცევად. მაგრამ არ გავქცეულვარ. აზრი არ ჰქონდა. ყავისფერპალტოიანი ბადრაგი მაინც დამაკავებდა. არ მომცემდა საშუალებას წავსულიყავი. ისევ შემოდგომა მიმაცილებს. შავი მანტიის წინაშე რომ წარვსდგები, ვიტყვი, რომ უბრალო ვარ. სიჩუმე იყვირებს, ეს ყვირილი ამაცილებს ეშაფოტისკენ მიმავალ კიბეებზე. მერე ალბათ თოვლიც წამოვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.