ნაცრისფერი ქალაქი
ალბათ არ ვინანებ, როდესაც დავტოვებ ყველაფერს. ჩავალაგებ ბარგს და უბრალოდ გავქრები ნაცრისფერი ქალაქიდან, რომელშიც მტვერი დაედო ადამიანობას. მოშავო სილუეტები მოჩვენებებივით დაძრწიან ჩაბნელებულ ქუჩებში. განუწყვეტლივ ისმის ხმაური, უცნობების ტირილშერეული ხარხარი, სიცილშერეული ტირილი... სანამ წავალ, სანაგვეზე მოვისვრი მოწიკწიკე საათს, დროის შეგრძნებას დავკარგავ და უსასრულოდ ვისეირნებ ტყეში. ცამდე ასულ ხეებს შორის ჩამოიღვენთება მზის სინათლე სვეტებად, მასში იცეკვებენ დაუსრულებლად მტვრის პატარა ნაწილაკები. და ეს სინათლე გაანათებს ყველაზე ბნელ კუნჭულებს. მერე ალბათ ცას მოაწყდება ცივი ნაცრისფერი, ღრუბლებს გაკვეთს ელვა, სულისშემძვრელად დაიგრიალებს. ცა იტირებს, ცრემლებად ჩამოღვრის წვიმას. ამ დროს მე მთელი ძალით გავიქცევი მინდორში, მოვისვრი ქოლგას და დავსველდები, კარგად შევიგრძნობ ცამდე ასულ მიწის სურნელს. ჩემამდე მოაღწევს ზღვიდან მონაბერი ნიავი, თან გამიყოლებს. და მაშინ, როდესაც სანაპიროზე მივალ, უკანასკნელად მოვიხედავ. ვიცი, ახლა სიჩუმეს მოწყურებულს, ბოლოჯერ მომესმება ხმაური. სინათლეს მოწყურებული, ბოლოჯერ ვიხილავ სიბნელეს. და შევიგრძნობ უსასრულობას... დავუქნევ ხელს სილუეტებს, ნაცრისფერ ქალაქს და თანდათან ავორთქლდები. ვიცი, ოდესმე უნდა დავტოვო ნაცრისფერი ქალაქი, მოვისროლო საათი, ქოლგა და ჩემი სხეული. ცაში არ ავალ, ღმერთებს არ შევაწუხებ. ალბათ სადმე წყლის ქვეშ დავიდებ ბინას, პოსეიდონს გამოვგლეჯ თავის ჯადოსნურ კვერთხს და ზღვაზე ვიბატონებ. აზვირთდება წყალი და გადარეცხავს მტვერს ნაცრისფერ ქალაქზე. წალეკავს სიბინძურეს, ხმაურს, სიბნელეს... მე არ დამჭირდება სხეული, არ მექნება ფორმა. აბსტრაქციად ვიქცევი. მე ვიქნები სიჩუმე, რომელიც დაისადგურებს ხმაურიან ქუჩებში, მე ვიქნები სინათლე, რომელიც გაანათებს სიბნელეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.