შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ვადაგასული მაგნიტი


13-09-2017, 23:11
ავტორი Rothaarige Madonna
ნანახია 1 294

ჩვენ - მე და ის. ორნი, ერთმანეთისთვის...საოცრებაა, ჩვენ შევძელით ის - რაც სხვებისთვის ისევ ოცნებად დარჩა. ოცნება ლამაზი ფიქრებია, რომელსაც ისეთი ირეალური ფერებით ხატავენ ადამიანები, რომ რეალობაში ამ საღებავებს ვერ პოულობენ. ჩვენ ვიპოვეთ.... შევღებეთ და მგონია- ამ ფერებს ჩვენს გარდა ვერავინ ამჩნევს....ან ამჩნევენ და არ იმჩნევენ...შეიძლება შურთ ან თვალს ხუჭავენ რადგან დაბრმავების ეშინიათ.
ჩვენ სრულყოფილები ვართ. ვიცით ჩხუბი, შემდეგ შერიგება.გაუთავებელი სიცილი, და ცხარე ცრემლებით ტირილი. დიახ, ეს სრულყოფილებაა. ჩვენ, როცა საჭიროა ვართ მუნჯები , ყრუები და ბრმები...მაგრამ ვგრძნობთ. ერთმანეთს ვგრძნობთ სხეულით. ჩვენი სხეულები ისე იზიდავენ ერთმანეთს როგორც მაგნიტები, მაგრამ ყოველთვის არა! მაგნიტი ვადაგასულია!.... სხეული? მგრძნობიარე, სათუთი, როგორც წყლის ზედაპირზე თითის ბალიშებით შეხება და მისი შეგრძნება- ეს ისეთი სასიამოვნო გრძნობაა, ...როგორც უკანასკნელი სექსი საყვარელ ადამიანთან. შეიძლება გგონიათ ვაჭარბებ, მაგრამ არა თქვენ ბრმები ხართ, ამიტომ იძულებულები ხართ დამიჯეროთ.
ჩვენი ურთიერთობა ერთ უბრალო დღეს, ძალიან უბრალოდ დაიწყო. ერთმანეთს პირველად ეკლესიაში შევხვდით. ცოცხალი არსებები ვიყავით მხოლოდ ჩვენ. დანარჩენები ზემოდან დაგვყურებდნენ. ჩვენ ერთმანეთის სურნელმა მიგვიზიდა. ხამებივით ვყნოსავდით ერთმანეთს და რაღაც დროის შემდეგ, როცა რეალობას დავუბრუნდით, ვერ გაგვეგო რა გვინდოდა ეკლესიაში. ღმერთი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ვიპოვეთ ერთმანეთი. ღმერთის ძებნა გადავიფიქრეთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენს ურთიერთობაში ის ზედმეტია.
შემდეგ დავიწყეთ ერთმანეთის წაკითხვა. ისე გაგვიტაცა კითხვამ, გადავწყვიტეთ არასდროს დაგვესრულებინა. საუკეთესო მომენტებზე ვჩერდებოდით და რამოდენიმეჯერ გადავიკითხავდით, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა ყოველი სიტყვა .
ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი. ერთმანეთზე დამოკიდებულები გავხდით, თითქოს ერთმანეთს მივეწებეთ, ერთმანეთში ღრმად შევედით, მხოლოდ ერთმანეთის სურნელებით ვსუნთქავთ. ნაზად ვეხებით ერთმანეთს თუ უხეშად, ორივე გრძნობა სასიამოვნოა, რადგან ორივეს სურვილს აკმაყოფილებს. ყველა გრძნობას უმაღლეს ფაზაში განვიცდით. ყოველ დღეს ისე ვხმარობთ თითქოს ეს დღე უკანასკნელია. ყველა გიჟდება და შურთ იმის, რომ არ გვბეზრდება - პირიქით ერთმანეთის სურვილი უფრო გვაძლიერებს.
არცერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს, ყოველ დღეს სხვადასხვა ტონებში ვხატავთ. არის ნათელი მკვეთრი ფერები. ისეთი გამოსხივებით, რომ ღამითაც კი შეგიძლიათ მისი დანახვა. არაბუნებრივი სხივი - ეს ჩვენი საიდუმლოა, საიდუმლო საღებავები... რა თქმა უნდა არსებობდა დღეები, როდესაც მუქ ფერებსაც ვურევდით, მაგრამ იმდენად შეუმჩნეველი იყო ამდენ ფერში, როგორც ვარსკვლავი გათენებისას....ორივეს საკუთარი ვარსკვლავი გვყავს - ერთმანეთს შევურჩიეთ. ისინიც ჩვენსავით სულ ერთად არიან და ციმციმებენ, ადვილად შესამჩნევები. დღისით არ ჩანან მაგრამ ჩვენ ვხედავთ....ჩვენ ვამჩნევთ იმას რისი დანახვაც თქვენ არ შეგიძლიათ. თქვენ ბრმები ხართ რომლებიც სათვალეებით დადიან, სათვალით რომელიც არც კი სჭირდებათ....და მაინც რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი?
ჩვენ არ გვესმის თქვენი, არც თქვენ გესმით ჩვენი. ვართ სრულიად უცხონი უცხო მიწაზე. განსხვავებული აზროვნებითა და შეხედულებებით. რთულია მაგრამ აუცილებელი. ურთიერთსაპირისპირო ქმედებების გარეშე სამყარო ვერ იარსებებს.
სიძულვილი? რა თქმა უნდა, ესეც ხომ აუცილებელია არსებობისთვის. ჩვენ რაღაც მომენტებში გვძულს ერთმანეთი. გვძულს რომ ადამიანთა ბრბოს მივეკუთვნებით, გვძულს რომ ერთ მასად გვაერთებენ, ზიზღს ვანთხევთ რათა სული არ შეგვიჭამოს. სიძულვილს ვერ გავაქრობთ მაგრამ შევებრძოლებით - სიყვარულით.
ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ. ბევრჯერ დავეცით. რამდენჯერაც დავეცით იმდენჯერ ავდექით. გავაბათილეთ ყველაფერი და შედეგიც მივიღეთ. ვამაყობთ ერთმანეთით. მე ფარი მიჭირავს მას ხმალი. ერთ სხეულად ვვერთიანდებით და ერთობლივი ძალით ვუტევთ მტრებს. რთულია გამარჯვება, მაგრამ ჰაერივით საჭირო. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება რადგან ერთმანეთის იმედი არ გაგვიქრეს. ასე ვაგრძელებთ მოღვაწეობას. არა, ჩვენ არ ვბერდებით, ვიზრდებით.....
რომ გავიზრდებით რა მოხდება?.... ჩვენ სხეულებს დავტოვებთ და ერთად გავუდგებით ჩვენთვის მონიჭებულ გზას. დიახ, ერთ გზაზე ვივლით ორნი სამუდამოდ.შემდეგ ჩვენს სხეულებს სხვები დაეპარონებიან და სხვაგვარად წარმართავენ თავიანთ ცხოვრებას... ეს ჩვენ აღარ გვეხება....
ჩვენ იქ შევხვდებით....
დროებით....




მადონა სვირავა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent