შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ შემიყვარდეს, მერე?


21-09-2017, 10:11
ავტორი makomako0001
ნანახია 1 389

რომ შემიყვარდეს, მერე?

ხვამლის მთა, წლებია ჩემი საყვარელი ადგილების მონახულების სიის მოწინავე ადგილებზეა...რამდენჯერმე გადაიდო ჩემი იქ გამგზავრება და აჰა, როგორც იქნა ამ ზაფხულს „მეღირსა“ წილად მხვდომოდა მისი ნახვის ბედნიერება. წამსვლელები ნელ-ნელა ვიკრიბებოდით. ადრიანი დილა იყო. ნელ-ნელა მზეც იკრებდა ძალებს.
პირველად რომ დავინახე, მაშონვე მივხვდი რომ სხვებს არ ჰგავდა. საერთოდ არავის ჰგავდა. ოდნავ სევდიანი სახე, გაუპარსავი წვერი, კრავივით ჩახვეულ-ჩახუჭუჭებული თმა და საოცრად მეტყველი თვალები. მზე ანათებდა სახეზე და თვალებიც ცისფრად კიაფობდნენ. მგზავრობისას, ჩემს წინ იჯდა...რატომღაც ვიფიქრე, რომ მთელი გზა ხმის ამომღები არ იყო. თუმცა, ჩვენს თამაშებში აქტიურად ჩაერთო და დრო და დრო, როცა იღიმებოდა, მზის სხივს ჰგავდა, კაშკაშა მზის სხივს, სქელი ღრუბლებიდან ახლხანს რომ შემოაღწია დედამიწაზე...“ნამიოკობანა“-ს ვთამაშობდით. ჩემს წინ მჯდომს ეუბნებოდა ხოლმე ჩემთვის სათქმელ სიტყვებს და ის გადმომცემდა. მივხვდი, რომ რატომღაც არ მიშვებდა ახლოს. „ალბად, შეყვარებული ჰყავს, ასეთ ბიჭს ვინ დატოვებს მარტო“- გავიფიქრე ჩემთვის და თამაში განვაგრძე...
მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ არ ჰქონდა ცისფერი თვალები...მზის ეფექტი იყო. ღია მწვანე თვალები აქვს. რაღაც განსაკუთრებული ტონის.
მთისკენ დავიწყეთ სიარული. თავიდან გამიჭირდა სიცხის გამო. თან ჩვევა მაქვს და მევალება კიდეც რომ მოლაშქრეებს ფოტოები გადავუღო და კარგი კადრების დაჭერას დრო სჭირდება, ამიტომ როცა გადასაღები მაქვს ფოტოები, უკან ვრჩები ხოლმე. „ის“ წინ მიდის...ძალიან საყვარელი გამოხედვა აქვს. მოვასწარი და რამდენიმე კადრი გადავუღე. თუმცა, ვხვდები რომ თავს მარიდებს. როცა იმ ადგილას მივალ, სადაც თვითონაა, თავ-ქუდ-მოგლეჯილი გარბის. რამდენიმე ვარიანტს ვფიქრობ: ან მართლა შეყვარებული ჰყავს, ან კიდევ რატომღაც არ მოვეწონე. ჩემთვისვე ვფიქრობ: „საკუთარი თავი მე არ მომწონს და სხვას როგორ უნდა მოვეწონო“...არ ვგრძნობ არაფერს, ამ განრიდების საპასუხოდ და ისევ ფოტოგრაფის თვალით ვუყურებ გარემოს...ცოტა დამყოლი რომ იყოს და ასე წინ არ გარბოდეს, ბევრ კარგ კადრს გადავუღებდი, თუმცა მარტო თვითონ ხომ არ არის აქ, სხვებსაც ხომ უნდა გადავუღო...და მივაბიჯებ საბანაკემდე მშვიდად, აუჩქარებლად. ნელ-ნელა ღამდება. ნისლიც ჩამოწვა. ისეთი ლამაზია აქაურობა... ჩემი საოცნებო ხვამლის მთა...რატომღაც უფრო სხვანაირი წარმომედგინა...
ავდივართ საბანაკემდე, ვშლით კარვებს და სუფრის გაწყობას ვიწყებ ბრეზენტ-გადაფარებულ „საქეიფო“ ადგილას და თან ხმამაღლა გავძახი მოლაშქრეებს „ვისაც რა გვაქვს, მოვიტანოთ და მოდით, ვჭამოთ“...თვითონაც მოვიდა...უამრავი ადგილია გარშემო თავისუფალი, იმიტომ რომ სხვები, ნუ ბევრი მათგანი ჯერ არ მოსულა. ვფიქრობ, რომ შორს დაჯდება, თუმცა ჩემს გვერდი ირჩევს ადგილს, თან სველია ის ადგილი. მზრინველად ვუფენ პარკს რომ არ დასველდეს და იწყება ჩვენი მოლაშქრული საღამოც...როცა მონათესავე სულებთან ერთად ვარ, ვსვამ ხოლმე ალკოჰოლურ სასმელს, თან ლაშქრულ საღამოებს უხდება დალევა, სიმღერა, კარგი და დასამახსოვრებელი დროის გატარება...ზოგჯერ, სადღეგრძელოების თქმას ვითხოვ. იმიტომ, რომ თამადა ცოტა არ იყოს შეთვრა და „აჯანჯლებს“...ვმღერით...გვიხარია...გარეთ კი ისევ სქელი ნისლია...აღმოჩნდა, რომ თვითონაც შეუძლია სიმღერა, თან არაჩვეულებრივი ხმა აქვს. უფრო და უფრო ვიხიბლები მისით. სიმღერის დროს ხელსაც მხვევს მხრებზე, მაგრამ „ძმაკაცურში“ ვუტარებ და არ ვუცხოობ. მერე, მოგვიანებით კოცონთან გავდივართ და ამ დროს უკვე, უმეტესი მოლასქრეებისა, კარვებშია შემძვრალი. 3-4 ბიჭი და მე ვრჩებით კოცონთან. საკმაოდ ბევრი დავლიეთ, თუმცა ასეთ დროს, თავის კონტროლი არ მიჭირს და იმდენს არ ვსვამ ხოლმე რომ... მღერიან ბიჭები. ისევ და ისევ ვტკბები მისი არაჩვეულებრივი და ხავერდოვანი ხმით. ისევ მხვევს ხელს, სიმღერისას, ისევ „ძმაკაცურში“ ვუტარებ...მერე ვფიქრობ, რომ ჯობს ბიჭები მარტო დავტოვო და ჩემი კარავისკენ მივემართები. ნისლში გზა მერევა, სხვა მიმართულებით მივდივარ, თუმცა მერე მაინც ვაგნებ ჩემს ლურჯ კარავს და ნინუცას გვერდით ვიშოტები. ვერ ვიძინებ ხოლმე კარავში. ამჯერადაც არ მომეკარა გულიანი ძილი. თან მძინავს, თან-არა. ყველაფერი მესმის გარეთ რაც ხდება.
თენდება...ზემოთ უნდა გავემართოთ, ხვამლის მისკენ. „ის“ კარავიდან არ გამოდის. მისი მეგობარი ამბობს, რომ ცუდი ნაბახუსევი აქვს ხოლმე და ძილი ურჩევნია...საოცარი კადრები გამომდის ზემოთ, თუმცა, მალევე ნისლით იფარება მთის წვერი და ქვემოთ ჩამოვდივართ. კარავს ვშლით. როგორც იქნა, გამოყო თავი თავისი კარავიდან. დასიებული აქვს თვალები , თუმცა მის ხიბლს, ეს ვერაფერს აკლებს. ამ დროს, გოგოებთან ერთად ვიღებ სელფებს და მასაც ვეუბნები რომ „შემოყოს თავი“. ღიმილით მოდის. კარგი კადრები გამოვიდა. ყველაზე მეტად ერთი ფოტო მომწონს, ჩემს მხარზე უდევს ხელი და მისი განუმეორებელი ღიმილით მიყურებს. გოგოები ჩამოვაჭერი ამ ფოტოს და ჩემთვის შევინახე.
უკან წამოსასვლელ გზაზე წინ მივდივარ. თვითონ ჩემზე გაცილებით უკანაა. ბევრი კადრი აღარ მაქვს გადასაღები და მივქრივარ.
მერე ისევ მგზავრობა მიკროავტობუსით, ისევ თამაშები...“წითელი, ყვითელი, შავი“-საც ვთამაშობთ და მისი კოცნა მომიწია. მომერიდა. მორცხვად ვკოცნი ლოყაზე სასწრაფოდ და თამაშს ვაგრძელებთ...
თბილისში შემოსვლისას, წინ გადმოვდივარ.ისიც წინ რიგში ზის. ყველას ვერ გადავკოცნი სათითაოდ, მხოლოდ მასთან გამომშვიდობება კი მომერიდა. სიტყვიერად ვემშვიდობები ყველას და ჩამოვდივარ. თუმცა, ვგრძნობ, რომ ჩემი სულის რაღაც ნაწილი მასთან რჩება...
ვნახავ კი ოდესმე ისევ?
მერე ვეძებ...სახელი და გვარი ვიცი...თუმცა არსად ჩანს. თითქოს საერთოდ არ არსებობს...
ბოლოს მაინც ვპოულობ, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ.
მიხარია პატარა ბავშივით. მიხარია რომ არ დავკარგე.
არ ვიცი, რა იქნება ხვალ ან ზეგ, ვიმეგობრებთ თუ ისევ გამერიდება, მარა ზუსტად ვიცი, რომ არ მსურს, ჩემგან შორს იყოს...ფეისბუქზე დამატება საღამოს გავუგზავნე. მხოლოდ 1 ფოტო უდევს და ბოლო პოსტი 2015 წლით თარიღდება...
არ მიფიქრია მიმეწერა. ან რომ მიმეწერა, ბანალურობაზე მეტად არაფერი მძაგს და...
ნაშუაღამევს მეღვიძება და მისი მოწერილი 1 ფრაზა მხვდება, ჩემს დაპოსტილ ლექსზე მკითხა რაღაც...
მერე ვიწყებთ საუბრებს.
დილას, შუადღეს, საღამოს...
პატარა ბავშვი რომ თოვლის პაპასგან საჩუქრებს ელოდება, ისე ველოდები ხოლმე მის მოწერილს...
უფრო და უდრო საინტერესოდ მეჩვენება მასთან საუბრები...
მეგობრულად ვსაუბრობთ.
ვიგებ რომ შეყვარებული ჰყავს.
სადღაც, გულის ყველაზე ღრმა ადგილას მეტკინა, წამით გავიფიქრე რომ აღარ ღირს გავაგრძელოთ, მაგრამ მერე საკუთარ თავს ვეუბნები :“შენ ხომ არ გიყვარს“ ჰოდა დაე, ვიყოთ მეგობრები. და ვხდებით კიდეც.
როცა სამსახური „უშვებს“, მპასუხობს...
ჩემი სულის ნაწილი ხდება.
მასთან ნებისმიერ სერიოზულ თუ არასერიოზულ თემებზე შემიძლია „ლაყბობა“...
თან დრო და დრო საკუთარ თავს ვაფრთხილებ რომ არ უნდა შემიყვარდეს.
სულ ახლახანს დავასამარე სხვა ადამიანის მიმართ გრძნობები და არ ღირს ხელახლა ვცადო. არ მინდა შემიყვარდეს ადამიანი, რომელსაც სხვა უყვარს...
თუმცა ვეჩვევი. თვითონაც შემეჩვია...
1 დღე არ მივწერე...
მეორე დღეს თვითონ მომწერა...
რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მეგობრობაზე მეტია, რაღაც ძალიან ღრმაა, მაგრამ სიყვარული არა. სიყვარული ვერ იქნება.
„მას სხვა უყვარს“ ვახსენებ ხოლმე საკუთარ თავს, მას შემდეგ, რაც სულელივით ვიღიმები მის წერილებზე.
ასეთი გულწრფელი არავისთან ვყოფილვარ.
ამდენჯერ არავისთვის მიმიწერია...
ჩემი სულის, ყველაზე მშვენიერი მელოდიაა...
ჩემი სულს ყველაზე ნათელ ფერებში ალამაზებს მისი არსებობა.
პლიაჟზე ვარ...გავყურებ ზღვას...
მერე მუსიკებს ვისმენ ინტერნეტიდან ყურსასმენებით.
ტელეფონს ნაჭერს ვაფარებ რომ არ დააცხუნოს მზემ. როგორღაც მასთან დარეკილა ვიდეოზარი. ტელეფონი რომ ხელში ავიღე, გავშრი. შემრცხვა. მომერიდა რომ ნახევრად შიშველი დამინახა. თან, ბიუსტჰალტერის ზონარიც ჩამოწეული მაქვს...
შოკში ვარ. ვერ ვესაუბრები. ვთიშავ ტელეფონს და ბოდიშებს ვუხდი...ხალისობს.მერე მეც გადამედო მისი ხალისი...
ისევ ვწერთ...
ყოველ დღე...
ყოველ დილით და საღამოს...
მართლა ძალიან შევეჩვიე, ვგრძნობ.
რომ შემიყვარდეს, მერე?
გადავწყვიტე, გავაუქმო დროებით ფეისბუქი...რამდენიმე დღით მაინც, მაგრამ ვერ შევძელი...
„ახლა, რაც გვაკავშირებს, მშვენიერია. სახეზე ღიმილი დამიბრუნდა და ამაზე უარი რატომ უნდა ვთქვა“?-მემილიონედ ვესაუბრები საკუთარ თავს და ვერ ველევი მაინც.
ვიცი, რომ ახლა არ მიყვარს. უბრალოდ განსაკუთრებული და უსაყვარლესია.
მაგრამ, რომ შემიყვარდეს, მერე?


31.08.17




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent