აედევნე უკან...
ჰეი, შენ შემთხვევით, უცნობების დევნით ხომ არ ხარ დაავადებული? თქვენდა გასაკვირად მე ასეთი ვარ, შეპყრობილი ვარ ამ სურვილით და სულაც არ მიმაჩნია ეს ცუდად. რომ იცოდეთ რამდენ რამეს იგებ ამით, რამდენ რამეს სწავლობ... სრულიად მოულოდნელად შეგიძლია აღმოაჩინო ისეთი ადგილი, რომელის შესახებაც აქამდე არ გსმენია და სწორედ ეს ადგილი გახდეს შენი ყოველდღიური საცხოვრებელი. სწორედ ამ ადგილიდან გამოვდივარ გარეთ. ხესთან ოქროსფერი ძაღლი ზის და ზევით, მაღლა, ხის კენწეროსკენ იყურება. მარცხენა მხარეს მდებარე მაღაზიიდან გაჭაღარავებული, სათვალიანი კაცი გამოდის, რომელსაც გახუნებული სპორტულები დასვრია და შეძლებისდაგვარად მის ჩამოფერთხვას ცდილობს. მე კი მუქი, ლურჯი ჯინსის შარვლის ჯიბეში, საშუალო ზომის ბლოკნოტს ვიდებ, რომელის კუთხეებშიც მელნის კვალი ატყვია. კალამი ძირს მივარდება და ოქროსფერი ძაღლისკენ მიგორავს. ნელი, მსუბუქი მოძრაობით ვეწევი და ჩემს ნივთს ბლოკნოტთან ერთად ვათავსებ. ჩემს გზას ვაგრძელებ, ძაღლი კი მე მედევნება. ცაში ვიხედები, ამინდს ვამოწმებ. შავი ღრუბლის კვალი არ ამჩნია. ნასიამოვნები გზას განვაგრძობ და ქუჩის კუთხეში, კედელს მიყუდებულ გოგონას ვამჩნევ. თმა სასაცილოდ ასწეწვია, სათვალე თვალებს ზემოთ აქვს აწეული, მუხლზე მუქი შოკოლადისფერი ჩანთა უდევს და უსიამოვნო სახით რაღაცას ეძებს. ვჩერდები. ძაღლიც ჩერდება და კუდის ქიცინს იწყებს. კვლავ გოგონასკენ ვაპარებ თვალს, რომელიც წელში სწორდება, ჩანთას მხარზე იკიდებს, კაბას დაბლა იწევს და შესახვევში უხვევს. მეც მას მივდევ. კვლავ, ჩემი ხედვის არეალში, როგორც კი ბრუნდება, ნაბიჯის სიჩქარეს ვუკლებ და ჯიბიდან ჩემს ნივთებს ვიღებ. ბლოკნოტს შუა გვერდზე ვშლი და კალამს თავსახურს ვაძრობ და წერას ვიწყებ: ,,ის სიარულს განაგრძობს, მეც ასევე, თან დაკვირვებებს ვახდენ. ნაცრისფერი ფეხსაცმელი აცვია, მარცხენა ფეხზე ჯაჭვი გამწყდარი აქვს და სიარულის დროს ხმას გამოსცემს. ცდილობს, როგორმე ჯაჭვი ისე მოათავსოს, რომ აღარ შეაწუხოს. მგონი, ფეხი ნატკენი აქვს. მარცხენა ფეხით, არც თუ შესამჩნევლად კოჭლობს... ხორცისფერი კოლგოტს თვალი აქვს წასული და ამავე ფერის ლაქით არის დაფარული. მუხლებამდე, ნაცრისფერი, ზოლიანი კაბა აცვია და ნიავის დროს უფრიალებს. გარედან წითელი, დუტის ქურთუკი აქვს შემოცმული. ყურებზე გრძელი, ვერცხლისფერი საყურეები უკეთია.“ ნეტავ როგორია? ან რაზე ფიქრობს? დილით პირველრიგში ჩაის სვამს თუ ყავას? უშაქროს თუ ჩემსავით ორი კოვზი? ძილის წინ რაზე ოცნებობს? ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობს? რისი კეთება მოსწონს? რა ფერის მაისურს იცვამს ყველაზე ხშირად? რომელი ჟანრის წიგნებს ანიჭებს უპირატესობას, ანდაც რა მუსიკას უსმენს? რომელია მისი საყვარელი ადგილი? რისი ეშინია? რა უხუთავს სულს? ხატვა თუ უყვარს? შეიძლება, არც უყვარს და უბრალოდ ადამიანების თვალიერება უყვარს, რომელიმე სატრანსპორტო მარშუტში... ლიმონის გასინჯვისას სახე თუ ემანჭება? ფორთოხალი უფრო უყვარს თუ გრეიფუტი? გრეიფუტზე გამახსენდა... პატარა რომ ვიყავი და ოჯახი მყავდა, რომელიც ქვეყანაზე მეტად მიყვარდა და მეჩემებოდა, დეიდამ გრეიფუტით სავსე ცელოფნის პარკი მომაწოდა. მე კი მაშინვე სამზარეულოში გავვარდი, სადაც ძალიან ციოდა. როგორ არ ვცდილობდი, რომ ეს ხილი მეჭამა, რომელიც მაშინ ფორთოხალი მეგონა. თითებიც გავიჭერი და ბინტით შეხვეული დავდიოდი სკოლაში. მას შემდეგ კი გრეიფუტი შევიძულე, მეგონა რომ ყველას რაღაცას ატკენდა... ფორთოხალი კი ყველაზე და ყველაფერზე მეტად შემიყვარდა. ფორთოხალი, ნარინჯისფერი ფორთოხალი... გოგონა ხმამაღალი სუნთქვით უკან ბრუნდება. იქვე მჯდომ მოხუც ბებოსკენ ვტრიალდები, რომელსაც არც თუ ისე კმაყოფილი სახე აქვს და სამ ჭიქა მზესუმზირას მაწვდის. როცა ვხედავ რომ სიარულს განაგრძობს, მეც მას მივყვები და ბლოკნოტში წერას ვაგრძელებ. ,,გოგონას საშუალო ზომის, ყავისფერი თვალები აქვს, ოდნავ კეხიანი ცხვირი, საშუალო ზომის ვარდისფერი ტუჩები, მარცხენა ლოყაზე ხალი აქვს, ნიკაპთან კი რამდენიმეცალი.“ ის ქურთუკის ჯიბიდან მობილურს იღებს და ვიღაცასთან რეკავს. ისე ჩუმად ლაპარაკობს, ვერ ვხდები რას ეუბნება, მაგრამ მის თითებს კარგად ვხედავ, ხო მის წვრილ და გრძელ თითებს... სწორედ ასე ვინიშნავ. ეტყობა სცივა, რამდენჯერმე გარბენასაც კი სცდის, თან ქურთუკის მაჯებს თითებამდე იწევს. ხველება უტყდება, თავს მაღლა სწევს და ცდილობს, როგორმე დამშვიდდეს. ტანსაცმლის მაღაზიასთან მდგომი ბიჭი, ხელში, რაღაც ფურცელს აწვდის, სადაც სავარაუდოთ რაიმე აქციის შესახებ იწერებიან. ბიჭი ღიმილით ასაჩუქრებს. ჩემი ,,სამიზნე“ ფურცელს არც კი უყურებს, ისე აგდებს ძირს. მე კი ამისთვის ვაკრიტიკებ. შესახვევში ჩერდება, კვლავ დაეჭვებული განაგრძნობს აქეთ-იქით ყურებას, მხრებს იჩეჩს და სწრაფი ნაბიჯით იწყებს სიარულს. ალბათ, რაღაც საეჭვო იგრძნო... ყავის აპარატთან ჩერდება, ამერიკანოს ისხამს პლასტმასის, პატარა ჭიქაში და აპარატის გვერდით დგება. შეუმჩნევლად ვჯდები, პატარა ხის სკამზე და ამასობაში ძველებური ფოტოაპარატით ფოტოებს ვუღებ. გოგონა ერთ ყლუპს სვამს და ნასიამოვნები იღიმის. საიდანღაც კატა ჩნდება, ორ კნუტთან ერთად. გოგონას ქურთუკზე ყავა ესხმევა და წვეთების მოშორებას ხელსახოცით ცდილობს. ჭიქას იქვე მდგომ ყუთში აგდებს და გზას განაგრძობს. ვიღაცას, რომლის სახესაც კარგად ვერ ვხედავ, ხელს უქნევს და მისკენ მიიჩქარის. მკლავებს ხვევს და სადარბაზოში შედიან. ასე სრულდება ჩვენი ,,საერთო მგზავრობა“. რომ იცოდეს რომ მას ვიღაც მიყვებოდა, ეს დღე აუცილებლად დაამახსოვრდებოდა, ისევე როგორც ჩემს მეხსიერებას. შეიძლება ეს ყველაფერი შიშით გაეხსენებინა, ანდაც აღტაცებით... ყოველი ჩემი ,,სამიზნე“ ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად რამდენად საინტერესონი არიან ისინი... მე მას მივყვებოდი, ოქროსფერი ძაღლი კი მე... გიგრძვნიათ, თითქოს ვიღაც მოგვყებოდეთ? თუ კი, იცოდეთ რომ მათთვის ძალიან მნიშნელოვანი ხართ, რა იცით იქნებ ერთ დღეს თქვენთისაც გახდეს ასეთი მნიშვნელოვანი ვინმე? მე მას მივყვებოდი, ოქროსფერი ძაღლი კი მე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.