ნუ მიეჯაჭვებით!
მიყვარს მეტრო. მართალია ხანდახან თავს შეურაცხყოფილად მაგრძნობინებს (ძირითადად მაშინ, როცა ხალხითაა გატენილი და სუნთქვის შესაძლებლობას აღარ მიტოვებს), მაგრამ რომ დაუფიქრდე ორმოცდაათ თეთრად (თუ სტუდენტი ხარ ოციც გეყოფა) მოგატარებს მთელ ქალაქს. გზაში მაგრადაც გაგართობს, ათასნაირი ხალხის თვალიერების შესაძლებლობით გაგანებივრებს. მეტი რა გინდა? ყველაზე მეტად მაინც იმიტომ მიყვარს, რომ „ძაან პატიოსანია“. აბა წარმოიდგინე, ადიხარ ხალხით გატენილ ვაგონში. დასაჯდომი არსად არის, შუაში დგომაც არ გინდა ძელივით, რას გააკეთებ? პირველივე თავისუფალ კართან მიაჭრი და მიეყუდები! მაგრამ ამ უკანასკნელს გარკვევით აწერია, ნუ მიეყრდნობით! შენც უკვე იცი, რომ ეს პატივცემული შესაძლოა ნებისმიერ დროს გაიღოს და თუ მთელი ძალით ხარ მიყრდნობილი ისე გადავარდები ამ შენი ხალხით გატენილი ვაგონიდან თითქოს იქ არც ყოფილხარ. ვის დაადანაშაულებ? კარს გარკვევით აწერია, ნუ მიეყრდნობით. თორემ თუ გადავარდები, ხელები დამიბანია! ვერაფერს იტყვი, სამართლიანია. ძალიან საინტერესო შემოთავაზება მაქვს, იქნებ ხალხსაც ავაკრათ წარწერა. ნუ მიეყრდნობით! ან კიდევ უკეთესი, ნუ მიეჯაჭვებით! ან, ნუ მიეჩვევით! ასე თავს დავიცავდით მტკივნეული „ზღართანისგან“! აი მაგალითად, გაიცნობ ადამიანს, რომელსაც შუბლზე აწერია, ნუ მომეჩვევი! რა ხდება ამ დროს? შენ არ წყვეტ მასთან ურთიეთობას, შესაძლოა ღამეებიც გაათენოთ საუბარში, მაგრამ მას გარკვევით აწერია, ნუ მომეჩვევი (ნუ მომეყრდნობი). ეს წარწერა გამუდმებით ნიშანს გაძლევს, მართალია სასიამოვნო მოსაუბრე ვარ, მაგრამ ძალიანაც ნუ გაგიკვირდება ერთ დღესაც უმიზეზოდ თუ დაგემშვიდობები. მზად იყავი ამისთვის, ფეხები მაგრად დადგი თორემ ერთბაშად რომ გამოგეცლები შეიძლება მიწაზე გაადინო ზღართანი! რა ხდება შემდეგ? ისეთი არაფერი. შენ უბრალოდ აგრძელებ ურთიერთობას, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის იცი, რომ მთელი ძალით არ უნდა მიეყრდნო ამ ურთიერთობას და იმ მომენტში, როცა ეს უკანასკნელი ერთმაშად გამოგეცლება, შენ ფეხზე მყარად დგახარ. რადგან მან თავიდანვე გაგაფრთხილა, ნუ მომეყრდნობი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.