შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცხრამეტე ზამთარი


20-12-2017, 00:33
ავტორი ნილისმა
ნანახია 1 365

ყველას ცხოვრებაში დგება წამი, როდესაც აღარ გვსურს ვიყოთ ის, ვინც ვართ. აღარ გვსურს დილით გაივიღვიძოთ სხეულში გამოკეტილებმა და ყველა ნაცნობს შეხვდეთ ნაცნობივით, რადგან უბრალოდ არ შეგვწევს ძალა, მათთვის ასე ნაცნობი ადამიანის სხეულიდან გავიდეთ.
სასაცილოა, მაგრამ მე მზად ვარ პირველივე შემხვედრ ადამიანში ჩავსახლდე და მის კანქვეშ განვაგრძო ცხოვრება.
დავიღალე… დავიღალე იმით, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე ადამიანად ვიღვიძებ, დაუძლურებულ, გადაღლილ და გამოფიტულ სხეულს ვაიძულებ კიდევ ერთი ბრძანების შესრულებას და საწოლიდან ვდგები – ცხოვრება ხომ ჩემ გარშემო ისევ განაგრძობს ცხოვრებას, დროც არ ელოდება თავის მეგობარ ,,სხვა დროს” და ცდილობს დანიშნულების ადგილამდე პირველმა მიაღწიოს – ასე, რომ გარბის ძალიან, ძალიან სწრაფად. ამ დროს მე ვერ ვწყვეტ, ყავა დავლიო თუ ჩაი, რადგან ორივე ძალიან მიყვარს, ამიტომ ჯერ ერთს ვსვამ, შემდეგ – მეორეს.
ბოლოს სარკეში ვიყურები, ნაცნობ-უცნობ ადამიანს ჩავყურებ თვალებში, ჩვეულებრივ სარკეში ვხედავ სულის სარკეს, მაგრამ ის არაფერს ირეკლავს. დაორთქლილია. ნელ-ნელა ეს ორთქლი წყლად იქცევა და იღვრება სულში.
სიცარიელეა. ყველგან სიცარიელეა. თითქოს სამყაროთშორისი სივრცე რაღაცამ დააცარიელა. ყველაფერი, რაც პლანეტას გააჩნდა, რაღაცამ შთანთქა.
დიდხანს უნდა გაგრძელდეს ეს სიცარიელე? დიდხანს უნდა ჰქონდეს ყველას, მათ შორის მეც, ცარიელი სული და ფიქრებით დატვირთული გონება?
უკვე მეცხრამეტე შემოდგომას ვხვდები ასე.
მეცხრამეტედ ცვივა ფოთლები.
მეცხრამეტედ ვუყურებ ხეების ეროტიკას.
მეცხრამეტედ მოდის ზამთარი და დაცარიელებული სულის გაყინვით მემუქრება. გრძნობს თავის უპირატესობას, გრძნობს, რომ სუსტების გაყინვა უფრო მარტივია, სუსტებში უფრო მარტივად მოთოვს, მოთოვს და არასდროს გალღვება ეს თოვლი.
დაბზარული ვარ. ვუყურებ, როგორ ნაწევრდება ჩემი სხეული, მაგრამ ძალა აღარ შემწევს, რომ შევაწებო.
საკუთარ თავს საზღვრები დავუწესე. ამ საზღვრებში მოქცეული ნორმალურ ადამიანად ვგრძნობდი თავს. საქმე ისაა, რომ ჩემი ნორმალურობა უკვე დიდი ხანია, თავის ნორმებს გასცდა.
ერთი რამ უცვლელი დარჩა – მე ისევ ვეძებ ადამიანს, რომელშიც ჩავსახლდები და მის კანქვეშ მშვიდად, ყველასგან შორს განვაგრძობ ცხოვრებას…
ან ჩიტს…
სანამ ფრთებს დამამტვრევენ და ისევ მიწას მიმაჯაჭვავენ…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent