ჩემი მაგუ... (სრულად)
ჩემი მაგუ წამი არ გავა, რომ მასზე არ ვიფიქრო და ყოველთვის მხოლოდ დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობ. ჩემს თავს ვეკითხები: -შენ, საკუთარ თავში დიდად დარწმუნებულო უგუნურო, თუ ყველაფერს აკეთებ, თუ ყველაფერი შეგიძლია, როდესაც შენ თვალწინ კვდებოდა, სულთმობრძავს რატომ არ მიეშველე? რატომ არ გადაარჩინე? საბოლოოდ კი კითხვაზე პასუხს მე თვითონ ვცემ - თურმე, ყველაფერი არ შეგძლებია... მას კი შენთვის ყველაფრის გაკეთება შეეძლო, ყველაფერს მოგცემდა, ოღონდ შენ გეთხოვა... და ისევ კითხვა: -იცინი? რატომ?! დაიმსახურე, კი სიცილი? . . . . . ზუსტად ორი თვე გავიდა - არაფერი დამიწერია, ახლა ვწერ, რადგან ძალიან დიდ სიცარიელეს ვგრძნობ, სიცარიელეს, გამოწვეულს საყვარელი ადამიანის, უსაყვარლესი დეიდის დაკარგვით... დილით სკოლაში მივდივარ, თანაკლასელს დაბადების დღეს ვულოცავთ. მერე მთელი დღე საოცარი დაღლილობის, მოწყენილობისა და მონატრების გრძნობა... შიში... სიჩქარე... და ბოლოს, როგორც იქნა, სახლი... მაგუს სძინავს საშინელი ტკივილებით დაღლილს... იმ დღეს ვერაფრით მოვშორდი მის საწოლს და პირდაპირ მდგარ მაგიდას მივუჯექი. ვმეცადინეობ, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებ... ჩუმად ვაპარებ თვალს საწოლისკენ, თითქოს შეხედვისაც მეშინია, მეშინია ჩემი მზერითაც კი რამე არ დავუშავო, არ შევაწუხო. მაგრამ ის ისევე წევს, როგორც იწვა. სუნთქავს ნელა, მშვიდად და ასე გადის ერთი საათი. შემდეგ ორი, სამი... ხშირად ჩურჩულით ეკითხებიან - რამე ხომ არ გჭირდებაო, თვითონაც ჩურჩულით პასუხობს: -ქამანებდ ლიშვემ. (სვანურად - მაცადეთ მოსვენება) ხელები გაყინული აქვს, გულისცემა - სუსტი... ეკითხებიან რამე ხომ არ გტკივაო, მაგრამ ის ისევ პასუხობს: -ქამანებდ-იჯ ლიშვემ ი ლივჟე. (მაცადეთ ძილი და მოსვენება-მეთქი) დაღამდა... ცრის. ნელ-ნელა ეშვება ფანჯრის მინაზე წვეთები, თითქოს დედამიწამაც იგრძნო მოსალოდნელი უბედურება. სიკვდილი კი მოდის ნელა, ფეხაკრებით უახლოვდება მას, ჩვენდა შეუმჩნევლად. ალბათ ფიქრობს - რომ დამინახონ გამაგდებენო. მაინც შემოიპარა, მაინც წაიყვანა. მაგრამ მანამდე გამოფხიზლება მოასწრო: ,,ჰაერიო ’’ დაიკვნესა და ტკივილის კვალმა გადაურბინა სახეზე. ამიტომ ყველა გავიდა, მხოლოდ ოთხი და დარჩა ოთახში, რომელთაგან ერთი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, დანარჩენები თავს დასტრიალებდნენ. ვიკითხე - ხომ შეიძლება დავრჩე-მეთქი. მაკამ მიპასუხა: -კი, დეიდა, დარჩი შენ რას გვიშლი... მაგრამ დღეს ვნანობ იმ დარჩენას, ვნატრობ, არ მენახა მისი სიკვდილთან ჭიდილი...არ დამრჩენოდა ეს დღე მწარედ მოსაგონებლად... საწოლი ფანჯარასთან იდგა. ფანჯარა გამოაღეს და მაგუს დააკვირდნენ. მას თითქოს ეძინა, ამიტომ შეღვიძება სცადეს, მაგრამ მაგუს არ გაუღვიძია, არც კი შეტოკებულა. ამაზე ყველა შიშმა შეგვიპყრო, ერთხელ გაუბედავად დაუძახეს - მაგუ გამოფხიზლდიო, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. ახლა კი ყველა მიცვივდა, ეძახიან, ანჯღრევენ, ფეხზე წამოჭრილს დედაჩემის კივილნარევი ხმა ჩამესმის - ,,წადი მამაშენს დაუძახეო’’. მეც გავრბივარ, მამა მომყავს, მაგრამ ისევ მიშვებენ ორი პატარას მოსავლელად, იმისთვის რომ ერთმა მათგანმა დედის გაქვავებული სხეული არ ნახოს. მეც ისევ გავრბივარ, მეორე სართულის აივანზე გამოცვენილ ბავსვებს ვაჩერებ და ვითომც აქ არაფერიაო, ისეტი სახით და ხმით ვეუბნები: -ბავშვებო, სახლში შევიდეთ! - ისინიც მორჩილად მომყვებიან. მე არ ვიცი რა ხდება ქვემოთ და, სრულ ქაოსში მყოფი, ვცდილობ ბავშვები გავართო, რომ კივილისა და ტირილის ხმა არ გაიგონონ. ხატების კუთხისკენ ვიხედები, უფალი ხომ ყველა განსაცდელში დაგვეხმარება, ბავშვებიც იქით წავიყვანე. სამივემ დავიჩოქეთ, ლოცვანი ავიღე და კითხვა დავიწყე რაც შეიძლება ხმამაღლა, მაგრამ ვეღარ გავძელ და თვალები ცრემლებით ამევსო. როგორც ჩანს, გოგონა მაკვირდებოდა და მკითხა: -რატომ ტირი? -როდესაც ლოცვას ვკითხულობ, სულ უფლის ჯვარცმა მახსენდება, - ვუპასუხე. თუმცა იმ წამს სულ სხვა რამეზე ვტიროდი. ცოტა ხანში მამაჩემიც ამოვიდა და ისე გაგვიყვანა სახლიდან, არ დაგვანახა შიგნით რა ხდებოდა. უკან მოგვყვებოდა და საშუალებას არ გვაძლევდა შემოვბრუნებულიყავით. წვიმა კი ისევ აგრძელებდა მიწის დანამვას, თითქოს ცრემლები ცვიოდა ღრუბლებს... მაინც ვერ მოვითმინე და მამას კითხვიანი თვალით შევხედე, მაგრამ როდესაც დასტური მივიღე, მერჩია, მიწა გამსკდომოდა, მერჩია, მოვმკვდარიყავი, ვიდრე ეს გამეგო. ვერც ვტიროდი იმის გამო, რომ არ გვინდა ბავშვებს გაეგოთ. სამი დღე ვუმალავდით შვილს დედის გარდაცვალების ამბავს და მომდევნო შვიდი დღიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ წვიმა არ შეწყვეტილა, ცისფერი თვალები, ჩახუტება და სიტყვები: ,,ნუ გეშინია, ჩემო პატარა, მე შენთან ვარ’’, მახსოვს დიდი იმედგაცრუება, გამოწვეული საყვარელი ადამიანის დაკარგვით და ბოლო დღე, როდესაც მზე ცასა და ქვეყანას მოსდებოდა. რითაც უფალმა მაგრძნობინა, რომ მაგუ უკვე მისი ნაწილი იყო და, ეს იყო დღე როდესაც ბოლოჯერ ვიხილე ჩემი მაგუ, ჩემი მფარველი ანგელოზი... ჩემს თვალწინ ცოცხლდებოდა მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, ყოველი წამი და გამოხედვა, ღიმილი, მისი თბილი სურნელი - საყვარელი დეიდის სურნელი... მან გამზარდა, დედასავით მივლიდა და საკუთარი შვილივით ვუყვარდი. მახსოვს, ერთხელ ვუთხარი: -დეი, რა კარგი იქნებოდა, შენი შვილი რომ ვიყო. მაგუს გაეცინა და კითხვა შემომიბრუნა: -ისედაც ჩემი შვილი არ ხარ? -ხო, მაგრამ მინდა სულ შენთან ვიყო. -სენ ჩემი ხარ და არ აქვს მნისვნელობა სულ ჩემთან იქნები თუ არა, მთავარია, აქ გყავდე - მითხრა და გულზე დამადო ხელი. შემდეგ კი ისე მაგრად ჩამიკრა, რომ თავისი სულისა და გულის ნაწილი მაჩუქა... ეს მაგონდებოდა და ვტიროდი, ვღრიალებდი, მაგრამ არაფერი შემეძლო სიკვდილის წინაშე მდგარს, რომელმაც ასე უდროოდ გამომტაცა ხელიდან, ჩემი მაგუ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.