სასჯელი
-დე, დე და, დე დი კო... გესმის ჩემი? გაიღვიძე, დედა, ნინო ვარ, გთხოვ, გაიღვიძე, რაღაც მინდა მოგიყვე. ეს ერთხელ მომისმინე, მინდა გითხრა, რისი თქმის საშუალებაც აღარასდროს მექნება. გესმის, დე? ჩემს ცხოვრებაზე მინდა მოგიყვე, არშემდგარ ცხოვრებაზე: შენ გგავარ, დე, თეთრი ვარ და თვალები ღიღილოებს მიმიგავს. მომცრო ტანი მაქვს, მინიატურული, თოჯინასავით. ქერა თმა მაქვს, როცა მისველდება, ბოლოებში მიკულულდება. ლამაზი ვარ, დე, შენსავით. აპრილის წვიმიან დილას დავიბადებოდი ერთი ციდა და შენ იტყოდი, ეს კნუტი ხელში როგორ ავიყვანოო. ერთი წლისას უნდა მეთქვა პირველი სიტყვა - ლა, გეგონებოდა, რომ შენ გეძახდი, ლანას ვამოკლებდი, სინამდვილეში ლა ჩემი წარმოდგენით წყალი იყო. ნივთებსა და მოვლენებს ჩემს სახელებს დავარქმევდი, ჩემი სიტყვები და ჩემი ფერები მექნებოდა. ბუ იქნებოდა რძე, მნა ამიყვანე, ლა - წყალი... ასე შევუცვლიდი და ჩემს ელფერს მივცემდი ყველა სიტყვას. სიარულს წლისა და სამი თვის ვისწავლიდი. მერე ბებოსთან, ქსნუარას ნაპირზე, ქვას ფეხს წამოვკრავდი და წავიქცეოდი, ტუჩი გამისკდებოდა და შენ იტირებდი, როცა ჩემი ვარდისფერი ტუჩებიდან წითელ შადრევანს დაინახავდი. არა, დე, არაფერია, არ იტირო, მალე დამავიწყდება, ეს ტკივილიც მოშუშდება და ხსოვნის მორევში ჩაიძირება. შენს ცრემლს ვერ ვიტან ყველაზე მეტად, მგონია, თითოეული შენი ცრემლი ჩემი სისხლის წვეთია. სამი წლისას მიმიყვანდი ბაღში. ზეიმზე მე ვიქნებოდი ჭიამაია და შენ შემიკერავდი სისხლისფერ კაბას, გამჭვირვალე ფრთებითა და შავი კოპლებით. მე ვიქნებოდი ისეთი პატარა, მართლა ჭიამაიასავით ვივლიდი ამდენ ბოხოხა ბავშვს შორის და შენ მთელი დღის განმავლობაში ღიმილი არ მოგშორდებოდა სახიდან. სკოლისათვის საგანგებოდ გამომაწყობდი. მექნებოდა თეთრი ფესაცმელი, ლამაზი კაბები და ვარდისფერი ჩანთა, ვიჯდებოდი პირველ მერხზე და ვეყვარებოდი კლასის ყველა ბიჭს ჩემი ოქროსფერი თმისა და ლურჯი თვალების გამო. მეყვარებოდა ლიტერატურა და ისტორია, გეოგრაფიასაც ვისწავლიდი, ვერ დავძლევდი მათემატიკასა და ფიზიკას, მაგრამ მაინც არ დამამდლებდნენ რვა ქულას, ისევ ჩემი დედისფერი თვალების დამსახურებით. პირველად სკოლის გუნდის ხელმძღვანელი აღმოაჩენდა, რომ უნიკალური სმენა მაქვს. დათო მასწავლებლის თქმით, დანაშაულია, მუსიკას ჩამოვშორდე. ის გახდებოდა ჩემი პირადი მასწავლებელი ვოკალში. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ იტყოდა, რომ საკუთარი თავი ამოწურა და ოპერის სოლისტთან გამიწევდა შუამდგომლობას. ვისწავლიდი ფორტეპიანოზე დაკვრას, ყველა გოგომ უნდა იცოდეს პრინციპით და ვიოლინოზე დაკვრას, ამ ინსტრუმენტის მიმართ ჩემი არანორმალური ვნების გამო. თექვსმეტი წლისა პირველ საერთაშორისო კონკურსს მოვიგებდი და საქართველოში დავბრუნდებოდი დიპლომითა და უცხოური პრესის ჭრელი და ამაღელვებელი შეფასებებით. იამაყებდი. მეორე წარმატება კონსერვატორია იქნებოდა. გავხდებოდი სტუდენტი და არ გავაცდენდი არც ერთ ლექციას, რადგან ეს იქნებოდა სამყარო, რომელიც მე მიყვარს და მჭირდება. ერთ-ერთ სასწავლო ღონისძიებაზე შემამჩნევდა მუსკომედიის თეატრის ხელმძღვანელი და მიმიწვევდა სპექტაკლზე „დაკარგული მზის საღამო“. პრემიერა ჩაივლიდა ამაღელვებლად და მეორე დღეს გავიღვიძებდი ახალ ცხოვრებაში, ყველა ისაუბრებდა ჩემს ფენომენალურ ნიჭზე. ერთმანეთს მიჰყვებოდა სხვადასხვა რეიტინგული გადაცემები, ჟურნალის ყდაზე ჩემი ფოტოები და ავტოგრაფები. ცოტათი ამივარდებოდა თავში და დავიჯერებდი, რომ განსაკუთრებული ვარ, შემიყვარდებოდა საკუთარი თავი და გავივლიდი ამპარტავნების ბეწვის ხიდზე, სადაც, საბედნიეროდ, საკუთარი გენი გამიმაგრებდა ფეხს და თავისუფლად გადავიდოდი მეორე ნაპირზე - მოკვდავი ადამიანის საუფლოში. ჩვიდმეტი წლისას შემიყვარდებოდა. სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მაკოცებდა პირველად გიორგი და მთელი საღამო მექნებოდა შეწითლებული ლოყები და სიცხიანი თვალები. დავწერდი დღიურებს, დაგიმალავდი გიორგის არსებობას და მოვიგონებდი ათასგვარ ტყუილს, სახლში დაგვიანება რომ გამემართლებინა. ღამე თავზესაბანწაფარებული ვილაპარაკებდი ტელეფონზე, რათა არ გაგეგო, როგორ ვიტყოდი გაბზარული ხმით: მეც ძალიან მიყვარხარ. შენ, რა თქმა უნდა, მიყურადება არ დაგჭირდებოდა, ისედაც ყველაფერი გეცოდინებოდა, ცოტათი გეწყინებოდა, რომ არ გენდობი, არ გიზიარებ საკუთარ სიხარულს, მაგრამ არ დაემსგავსებოდი სხვა დედებს და ჩუმად არ წაიკითხავდი ჩემს დღიურებს. მაგრამ პერიოდულად, ვითომ სხვათა შორის, მომიყვებოდი შენი დაქალების აწეწილი ცხოვრების შესახებ, როგორ დაღუპა თითოეული მათგანი ნაადრევმა ქორწინებამ, როგორ უღალატა 2 თვეში ყურებამდე შეყვარებულმა ქმარმა მანჩოს, როგორი უსაქმური გამოდგა ნატუკას ქმარი, როგორ გაუყიდა ნარკომანმა ქმარმა ნათიას დედის ნაჩუქარი ოქროს სამკაულები და როგორ ზის ახლა საწყალი ვაგზლის მოედანზე და შეციებული ფეხებითა და შელახული თავმოყვარეობით ყიდის ევროპულ ტანსაცმელს.... მე გამეცინებოდა და არც ერთ ისტორიას არ მივიტანდი გულთან ახლოს. ცხრამეტი წლისას ჯვრის მონასტერში მთხოვდა ხელს გიორგი, მე ვიქნებოდი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი და ვეტყოდი, რომ მინდა ყოველ დილით მის მხარზე მეღვიძებოდეს, მაგრამ შევთანხმდებოდით, რომ ჩემი სწავლის დასრულების შემდეგ ვიქორწინებდით. მერე ხშირად ვისაუბრებდით ჩვენს მომავალ ოჯახზე, შვილებზე, ჩემ მიერ მომზადებულ სადილებზე, შაბათ-კვირა ქალაქგარეთ პლედზე წამოწოლილ შუადღეებზე... დავგეგმავდით თითოეულ დეტალს, ათასჯერ წარმოვიდგენდით, თუ როგორ გავშლიდით ხალიჩას ზღვის ნაპირზე, ცხელ ქვიშაზე, მე ფეხშიშველი, გვირილების გვირგვინითა და გრძელი, თეთრი კაბით გავიქცეოდი მისკენ, რათა მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინა. . . მთელი ამ გეგმების მიუხედავად, ოცი წლის ასაკში, როცა მე კარიერის ზენიტს მივაღწევდი, გიორგი თავს ზედმეტად ჩვეულებრივად იგრძნობდა და მიმატოვებდა. მე ჩავწვებოდი საწოლში და ისევ წავიფარებდი საბანს, ამჯერად ტირილის დასაფარად. მაშინ ჯერ კიდევ არ მეცოდინებოდა, რომ ჩემი წარმატება ქმნიდა ჩვენ შორის უფსკრულს, ამიტომ თავი მეგონებოდა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალი და ვეცდებოდი დამემტკიცებინა, რომ არც ისე ცუდი ვარ. შევიცვლიდი იმიჯს, დავამოკლებდი ქვედაბოლოებს, წავისვამდი რაც შეიძლება წითელ ტუჩსაცხს და ვივლიდი გულამოჭრილი კაბებით, იქამდე, სანამ ყვითელ პრესაში არ გაჩნდებოდა სტატია სათაურით, სად წავიდა ფრთები, ანუ ნინო გიგნაძის ცხოვრება ანგელოზობიდან სექსუალურ ქალამდე. შემრცხვებოდა და ისევ ვეცდებოდი საკუთარი თავის პოვნას, მაგრამ ის აღარ დამხვდებოდა, ახლა სარკიდან დავინახავდი რამდენიმე დღეში დაქალებულ ბავშვს, რომელსაც თვალებში ვარსკვლავები აღარ უნთია. მთელ ენერგიას მოვახმარდი კარიერას და ოცდასამი წლისა, როდესაც გავიგებდი, რომ გიორგი ჩემს ყოფილ მეგობარზე დაქორწინდა, მივხვდებოდი, რომ, აი, ამ წუთას მოკვდა ჩემში რაღაც, ყველაზე მნიშვნელოვანი. თაკოსა და გიორგიზე გაბრაზებული რომანს გავაჩაღებდი ჩემს სიმპათიურ რეჟისორთან. სპეციალურად ვივლიდი ხალხმრავალ ადგილებში და ავაჭორავებდი პრესას. მაგრამ ერთ დღეს, სამთვიანი მცდელობისა და მუშაობის შემდეგ ნიღაბი სახლში დამრჩებოდა და ვეღარ შევძლებდი თავის მოტყუებას და ჩემს შლიაპიან რეჟისორს მთელ ფარსს მზის გულზე გადმოვულაგებდი. ამის შედეგად მომდევნო სამ სპექტაკლში როლს ვერ მივიღებდი და კიდევ ერთხელ გავხდებოდი პრესის განკითხვის საგანი. ბევრი აღმართი და დაღმართი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას. მექნებოდა კარიერული და პირადი ვატერლოო და დიდგორი, მაგრამ არ დავნებდებოდი, მაინც წამოვდგებოდი ფეხზე და ამჯერად უკვე მთელ ენერგიას შემოქმედებას დავუთმობდი. თვითკმაყოფილების წლებს უკან დავტოვებდი და ავიყვადი ვოკალის პედაგოგს, ისევ დავიწყებდი სხვადასხვა ინსტრუმენტის შესწავლას... არ შემეშინდებოდა, რადგან ცხოვრების არც ერთ ეპატზე შენ გვერდიდან არ მომშორდებოდი. ოცდაცხრა წლისა გავთხოვდებოდი, ამჯერად უკვე გონება მიიღებდა გადაწყვეტილებას და თორნიკე ონიანს ცოლობაზე დავთანხმდებოდი. მერე უკვე წლების შემდეგ მივხდებოდი, მე და თორნიკე მეგობრები უფრო ვიყავით, ვიდრე ვნებიანი საყვარლები, სწორად ამიტომ ჩვენ გვექნებოდა მშვიდი ცხოვრება. გავუგებდით ერთმანეთს, მოვუსმენდით და გვერდით დავუდგებოდით გასაჭირში, გაგვახარებდა ერთმანეთის წარმატება. გვეყოლებოდა ორი გოგონა - ლიზა და ლილე. გაწერილი მექნებოდა მომდევნო სამი-ოთხი წლის გეგმა. მოვივლიდი მსოფლიოს. აღფრთოვანებულს დამტოვებდა პრაღა. მომინდებოდა წვიმიან ლონდონში ცხოვრება. მივიღებდი მიწვევებს რამდენიმე ქვეყნიდან, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს ვიტყოდი, შენ გამო, დე, აქ მარტოს ვერ დაგტოვებდი. ორმოც წელს მიტანებული, როცა საკმარისი გამოცდილებაც მექნებოდა, კაპიტალიც და ქარიშხლებიც ჩამდგარი იქნებოდა, მთელ ჩემს შემოსავალს ქველმოქმედებას მოვახმარდი. გავხსნიდი თავშესაფარს და მიუსაფარ ბავშვებზე დავიწყებდი ზრუნვას..... კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, დე. ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, მაგრამ .... აზრი აღარაფერს აქვს. გული მწყდება, რომ შენ ჩემი გაგება არ მოინდომე, მწყინს, რომ ჩემი გაცნობა არ მოინდომე, დედა. ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგრამ განსაკუთრებით პატარები მადარდებს, იმ ბავშვებს რა ეშველებათ ახლა? იმ ოთხმოც ბავშვს ვინ მიხედავას, მე რომ უნდა მეპატრონა? მათ ისევ ქუჩაში მოუწევთ ძილი, ფეხშველები და ჭუჭყიანები ივლიან და შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანებს შემწეობას სთხოვენ. მათ შორის, იქნება, რომელიმე მკვლელი გახდეს, ან მოძალადე? იქნება იმ ბავშვებიდან ვინმემ ქალი გაძარცვოს ან ნარკოტიკი მოიხაროს.... ვინ იცი, ვინ იცის, არა და როგორ მინდოდა მათი გადარჩენა, მაგ მისიისთვის მიშვებდნენ, დედა. რატომ, დედა, ასე რატომ გამიმეტე, აქ სულ მარტო ვარ და ძალიან ბნელა, დანაწევრებული ყრია ჩემი სხეული და ჭრილობებიდან სისხლი მდის .... დე, რომ გცოდნოდა, როგორ მეტკინა სული, რომ გცოდნოდა, რა ცივი იყო დანა, რომელიც ფეხს მკვეთდა, ალბათ შეაჩერებდი, არ მისცემდი თეთრხალათიან ჯალათს ჩემი მოკვლის უფლებას... მთელი ხმით ვკიოდი და გევედრებოდი დახმარებას, მაგრამ შენ გეძინა და არაფერი გაგიგონია. შენ ახლაც გძინავს, დე, და არაფერი გესმის, მაგრამ ალბათ ბევრჯერ დაგესიზმრები. მეცოდები, დე, შენ ხომ მოგიწევს ცხოვრების ბოლომდე იწმინდო ჩემი სისხლით დასვრილი სხეული.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.