ზეცის ცრემლები მინდა, რომ ვიყო…
შუა ღამით მოულოდნელად მეღვიძება. ოთახში ბნელა და სამარისებური სიჩუმე სუფევს. მხოლოდ ჩემი ხრინწიანი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის საცოდავი მცდელობები არღვევს სიჩუმეს. ფილტვებში ტკივილს ვგრძნობ, თითქოს რაღაც აწვება და ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს. ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ჰაერი ვშთანთქო. თვალებს აქეთ-იქით უაზროდ ვაცეცებ. ფანჯრისკენ ვიხედები. ღიაა. თხელი და მსუბუქი ფარდები კეკლუცად ფრიალებენ და ღამის ვარსკვლავებიან ცაზე ჩამოკიდებული უზარმაზარი მთვარის მზრუნველ სინათლეს ეპატიჟებიან ოთახში. გარეთ სუსტი ქარი ქრის და მეც სწორედ ამიტომ მაჟრიალებს, თუმცა სულაც არ ცივა. ქარი ხის ტოტებსაც და ფოთლებსაც თავის ჭკუაზე ათამაშებს. მათი ჩრდილები ოთახში მოძრაობენ და სხვადასხვა ფორმებს იღებენ. ეს ყველაფერი მისტიკურ იერს ღებულობს, რაც ასე ძლიერ აღმაფრთოვანებს ხოლმე. რას არ დავთმობდი, რომ ეს სანახაობა აღარასდროს დამთავრებულიყო. არის ისეთი მომენტები, როცა ძალიან მინდება ბუნებას შევერწყა, მისი ნაწილი გავხდე, ოღონდ რამე კონკრეტული კი არა, არამედ ჰაერივით ყველაფერს მოვედო და ყველაფერი ვიგრძნო, მაგალითად: ნიავის თითოეული დაბერვა და ამავდროულად მე თვითონვე ვიყო ეს ნიავი… გაზაფხულის ძლიერი ქარი მინდა ვიყო, შუაღამით შემაძრწუნებელ ხმებს რომ გამოსცემს, თუმცა ფანჯრის გაღებისას მაინც სასიამოვნო სილაღის შეგრძნებას რომ გიტოვებს… ხის ტოტზე აცოცებული ხოჭოს ზომისა მინდა ვიყო და ის გასაოცარი ხედი გადამეშალოს თვალწინ, რასაც ეს პატარა არსებები ხედავენ; თვით ეს ხეც მინდა ვიყო, მისი თითოეული ფოთოლი… ცას და ღრუბლებს მინდა შევერწყა, მათი ნაწილი გავხდე და ამავდროულად უბრალოდ ახლოდან შევხედო, შევეხო ისე, თითქოს ეს შესაძლებელი იყოს. ვიგრძნო და სულში შევუშვა, ჩემს ნაწილად გავხადო და მე თვითონაც ამის ნაწილი გავხდე… ასობით მეტრის სიმაღლიდან მიწაზე გამოდევნებული საკუთარი ფრთების ჩრდილს მინდა ვხედავდე და ვიცოდე, რომ დღეს კიდევ ერთი მეათედით მივუახლოვდი თავისუფლეებას… წვიმის შემდგომი სურნელი მინდა ვიყო და საკუთარ თავში თვითონვე ვიძირებოდე და ვიკარგებოდე… ზეცის ცრემლები მინდა, რომ ვიყო, ასეთი სიამოვნებით რომ მივუშვერ ხოლმე სახეს თვალებდახუჭული… ზამთრის სუსხადაც მინდა ყოფნა, სისხლისგამყინავ ძლევამოსილ სიცივედ… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ გასაოცარი და ულამაზესი ბუნების ნაწილი მინდა ვიყო, რომელიც ახლა ძალებს იკრებს და ფერფლიდან აღდგომას ლამობს, რათა თავისი კუთვნილი დაიბრუნოს. ადამიანებიც ბუნების ნაწილი ვართ, მაგრამ ამას ვერ ვხვდებით, ვერ ვაფასებთ, ვერ ვუფრთხილდებით და ვერ ვინარჩუნებთ. ჩვენ ვკარგავთ ერთი შეხედვით უმნიშვნელოს, მაგრამ სინამდვილეში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რაღაცას. ბუნების განადგურებასთან ერთად კი საკუთარ სულსაც ვანადგურებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.