შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

It was snowing (სრულად)


11-12-2018, 19:06
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 011

თოვდა...
იმ დღესაც თოვდა.ჰო,ზუსტად ის დღე იყო.რა პატარა იყო მაშინ...ყველაფერი ძველებურად ეჩვენებოდა,თითქოს არაფერი მომხდარა და არც არაფერი შეცვლილაო,მაგრამ გარემო რატომღაც ეუცხოვებოდა,ჩვეული ნივთები სადღაც გამქრალიყო.ახალ სამყაროში ყველაფერი იყო,რაც მას უნდოდა,ყველაფერი მოსწონდა მასში,როგორ შეხმატკბილებოდა გარემო მის სხეულს.თოვლი კი განსაკუთრებული სისპეტაკით ავსებდა იქაურობას.
პირველი თოვლი იყო.
როგორც ყოველთვის,კისერი ოდნავ უკან გადაწია,თვალები დაეხუჭა და სიცივე დავიწყებოდა.თითქოს მთელი ცხოვრება თოვლში გაუტარებიაო,მაგრამ უწინდელივით ვეღარ ცეკვავდა,ვეღარ ბზრიალებდა,ვეღარც იმ ძველი სიმღერის ტექსტს იხსენებდა.გონება დაძაბა,კიდევ ერთხელ შეეცადა გაეხსენებინა,ცალკეული სიტყვები ამოუტივტივდა,მაგრამ მელოდია ვერაფრით აღიდგინა.ის კი ახსოვდა... ის ყოველთვის ახსოვდა...
თმა თოვლმა დაუფარა.ყოველთვის აოცებდა ამ პატარა,მოფარპატე ფერიების სილამაზე.ცაში გაჭირვებით აიხედა და ფიფქებს დააკვირდა,ჩვეული შეგრძნება დაეუფლა,ფიფქებმა წაიყვანეს ისიც და მასთან ერთად მთელი დედამიწაც. სახეზე ფართო ღიმილი გადაეფარა და უცბად თოვლში მობზრიალე გოგონა დაინახა,მას ქუდი ეფარა და სიცივის მიუხედავად თხლად ეცვა,ხანდახან კი შიშით აპარებდა თვალებს ფანჯრისაკენ,ალბათ არ სურდა მისი ბავშვური საქციელი ვინმეს დაენახა.გოგონამ თავი მოატრიალა და მისი სახე ბედნიერებამ დაფარა.
გოგონა გაქრა.მის ანთებულ მზერას თვალი გააყოლა და მეგობრები დაინახა.ჰო,მეგობრები.დღეს ისინი უნდა მისულიყვნენ,აუცილებლად მივიდოდნენ,ტრადიცია იყო.
რა ლამაზად თოვდა.
თვალები დახუჭა და ძველ სამყაროში დაბრუნდა.კიდევ ერთხელ უნდოდა მათი ნახვა,მაგრამ სიმყუდროვე რაღაცამ დაარღვია.ნაბიჯების ხმა იყო,ნელი,მოზომილი ნაბიჯების.ბოლომდე ვერ გამოერკვია,არ უნდოდა.მხარზე ხელის დადებამ გამოაფხიზლა,თვალები გაახილა და მომღიმარ სახეს შეაცქერდა.
რა ნაცნობი მზერა ჰქონდა.თვალებში სევდა ჩასდგომოდა,მაგრამ იღიმოდა.
ის იყო.გული ადრინდელივით აუფორიაქდა,ადრინდელივით დაიწყეს პეპლებმა ცეკვა.
-წამოდი,გველოდებიან.
დაბნეული მისჩერებოდა.სახლთან მეგობრები იდგნენ.ყველა იღიმოდა.მათ დააკვირდა,სულ სხვა სახეები დაინახა და ცრემლი მოადგა.საბოლოოდ შეავლო თვალი ფანტელებს,გამოწვდილ ძვირფას ხელს დაეყრდნო და გაჭირვებით წამოდგა.
ბედნიერი იყო.
გარეთ კი თოვდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent