შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბადების დღე


4-04-2019, 02:33
ნანახია 4 288

„ჩვენი კაფე“ - ასე ვეძახდით ადგილს, რომელიც ძალიან გვიყვარდა ახლო მეგობრებს. ფერების შეხამებაც ისეთია, თან გამშვიდებს, თან გამხიარულებს. ფართო, ნათელი ოთახი კოხტა მაგიდებითა და სკამებით, ბარით და საოცარი არომატით. შეხვიდოდი თუ არა, ნაირნაირი ნამცხვრების, ყავისა და კაკაოს სურნელი შემოგეგებებოდა. მეპატრონე დღენიადაგ ტრაბახობდა, გამორჩეულად გემრიელი კაკაო და ყავა გვაქვსო და მართალიც გახლდათ.
ზემოთჩამოთვლილი ღირსებების გამო ლექციების შუალედში ან შემდგომ აქაურობის ხშირი სტუმრები გახლდით. დასვენებისა და განტვირთვისათვის უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვიდით. აქ, ამ კაფეში განიხილებოდა ლექციების, გამოცდებისა თუ არდადეგების საკითხი, აღარაფერს ვამბობ სასიყვარულო თავგადასავლებზე. აღვნიშნავ, რომ ხშირად თითქმის სავსეც რომ ყოფილიყო, ჩვენთვის, ერთგული კლიენტებისთვის, ადგილი ყოველთვის მოიძებნებოდა.
-„მომავალი ექიმები მოვიდნენ“ - განაცხადებდა ხოლმე ხმამაღლა ადგილის დედა - დიასახლისი და თუ ხალხმრავლობა იყო, თვალს მოფარებულ მაგიდისკენ მიგვითითებდა ხოლმე.
ვინაიდან აღთქმული კაფე ჩვენს უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობდა, ძირითადად კვირის სამუშაო დღეებში ვსტუმრობდით ხოლმე, თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა შაბათს ან კვირას შევკრებილვართ.
ერთხელაც ჯგუფელი გოგონას გამო მოხდა ასეთი გამონაკლისი შემთხვევა და იქ მოვიყარეთ თავი. გარკვეული დროით ქალაქიდან უწევდა წასვლა, შეხვედრისა და დამშვიდობებისათვის „ჩვენი კაფე“ შეირჩა.
ავირჩიეთ და შევიკრიბეთ კიდეც. უცნაურად მოგვეჩვენა ის ფაქტი, რომ კვირა დღეს იქაურობა თითქმის ცარიელი დაგვხვდა, თუმცა ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონია, პირიქით, უფრო გაგვიხარდა.
ყავისა და ნამცხვრის მოლოდინში, ხუმრობასა და სიცილში ვერ შევამჩნიეთ, რომ გვერდით მაგიდას ახალგაზრდა ქალი მიუჯდა. რაღაც მომენტში გარემოს რომ გადავხედეთ, მაშინ დავინახეთ. პირველ რიგში ყურადღება იმით მიიპყრო, რომ მარტო იჯდა. ლამაზი სახე ჰქონდა, მხიარული, მოცინარი თვალები, ცოტა მოპუტკუნებულიც გახლდათ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არაფერს აკლებდა მის გარეგნობას, უხდებოდა კიდეც.
იჯდა მარტო; მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ გაიხედა კარის მხარეს.
- ვინმეს ელოდება? - დაინტერესდა ერთერთი ჩვენგანი.
- რას უყურებ, ვინ რას აკეთებს, რა შენი საქმეა - გამოეპასუხა მეორე.
- მაინტერესებს.
- კარგი, მოვა ის, ვისაც ელოდება, მაშინ ხომ დაწყნარდები.
- თორემ შენ არ გაინტერესებს.
ამაზე ყველას სიცილი აუვარდა, თან ვცდილობდით, ხმამაღლა არ გამოგვსვლოდა. მერე გადავერთეთ ჩვენს საქმეზე.
კიდევ გაირა ცოტა ხანმა. ახალგაზრდა ქალი ისევ ეულად იჯდა, ყავა მოატანინა, პიცის შეკვეთაც მისცა.
- ისევ მარტოა - უბრუნდება თემას ერთერთი.
- არაფერი გამოგრჩეს- ეპასუხება მეორე.
- როგორ გამომრჩება, აქვე ზის.
- ხომ მაგარი იქნება, გაიღოს კარი და შენი დ. შემოვიდეს?!
- მიდი, რა!
ამ დიალოგს ისევ საერთო სიცილი მოყვა.
- ისე არ გამიკვირდება. ის ისეთი სულელია, შეიძლება ეცადოს, მომატყუოს, სხვასთან გაძვრეს შეხვედრაზე, მაგრამ უცბად ჩემს გვერდით ამოყოს თავი და მერე მითხრას, გაიცანი, ეს ჩემი გარე ბიძაშვილიაო.
- შენ ისე კარგად ჩამოაყალიბე, რა შეიძლება მოხდეს, მგონი უკვე მომხდარა კიდეც, - სიცილით შეაგებეს სხვებმა.
- კი, მოხდა მსგავსი რამ, გახსოვთ, ერთხელ რომ ვყვებოდი. . .
- პარკში მომხდარზე ამბობ?
- ჰო, კლასელიაო, რომ მოაბოდიალა, თან ისეთი სახე ჰქნდა, აქეთ მე შემეცოდა, არაფერი მითქვამს. ნეტა ყველა კაცი ასეთი სულელია??
ამასობაში ერთ საათზე მეტი გავიდა. მეზობელი ისევ მარტოა. უკვე ნერვიულობს, ხან ტელეფონს დახედავს, ხან საათს, ნამცხვარიც შეუკვეთა. ჩვენი ყურადღების გარეშეც არ რჩება. უკვე აღარ ვიცინით, მართლა გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს როდის მოვა „ის“.
კიდევ თითქმის ერთი საათი. გამომეტყველება ეცვლება, ნაღვლიანი ხდება. ნამცხვარს და პიცას ახლოს არ ეკარება.
დრო გადის. აღარ გაიცინო - მიიღო შენიშვნა ცნობისმოყვარემ, როცა რაღაცის თქმა დააპირა.
- სულაც არ ვაპირებდი გაცინებას. მართლა მაინტერესებს, ვინმეს ელოდება თუ ცუდ ხასიათზეა და განმარტოება უნდოდა. მერე იქნებ ესეც მობეზრდა.
ჩვენი წასვლის დრო ახლოვდებოდა. ნელ - ნელა მომზადება დავიწყეთ.
- მოიცადეთ გოგოებო! - მოგვესმა ხმა.
მივიხედეთ, მარტოხელა ახალგაზრდა ქალი გვეძახდა.
- ხომ არ გეჩქარებათ, იყავით აქ ერთხანს, - გვთხოვა, აიღო ნამცხვრის ნაჭრები და ჩვენს მაგიდაზე გადმოაწყო, მერე პიცა ჩადგა შუაგულში.
- რას აკეთებთ, თქვენ ხელიც არ გიხლიათ - შევიცხადეთ.
- დღეს ჩემი დაბადების დღეა.
- გილოცავთ!! - თითქმის ერთხმად შევძახეთ.
- მინდა რომ ეს ნამცხვარი და პიცა მიირთვათ - და ამ სიტყვებთან ერთად ჩანთას მოკიდა ხელი, მანტო ჩაიცვა და წასასვლელად მოემზადა.
- რას აკეთებთ. უთქვენოთ ხომ არ ვიჯდებით, მოიცადეთ....
- წავედი აბა, კარგად! - დაგვიქნია ხელი და კარისაკენ გაემართა.
- კი, მაგრამ, მოიცადეთ! - დავადევნეთ ხმა, მაგრამ ის უკვე ქუჩაში იყო.
ისე ვიყავით გაოგნებულნი, ერთხანს ჩუმად მივაჩერდით ერთმანეთს.
- რა იყო ახლა ეს? - დაისვა კოლექტიური შეკითხვა.
- ამდენი ხანი რომ მარტო იჯდა, ბარემ აქამდე შემოგვერთებოდა და აღგვენიშნა ერთად.
- გვაკვირდებოდა?
- კი, მაგრამ, ის ხომ სხვას ელოდებოდა. ნერვიულობდა კიდეც.
- ბოლოს ძალიან დანაღვლიანდა.
- აბა რა, ამდენ რამეს მარტო თავისთვის ხომ არ შეუკვეთავდა.
- მაგრამ არ მოვიდა ის ვიღაც, არც დაურეკა.
- რატომ მოიქცა ასე?
- დასცინა?
- რასაკვირველია.
ხელს ვერ ვკიდებდით მეზობლის დატოვებულ ნუგბარს. გული გვატკინა მომხდარმა. მივხვდით, რა შემთხვევასთანაც გვქონდა საქმე.
- რა სასიამოვნო სახე და იერი ჰქონდა.
- ეტყობოდა, რომ კარგი ადამიანი იყო.
- სწორედ მაგიტომაც მოექცნენ ასე.
- რატომ ხდება ხშირად ასეთი უსამართლობა?
- ხომ წარმოგიდგენია, როგორ ემზადებოდა, როგორ ელოდებოდა შეხვედრის დღეს და მომენტს. . .
- რომ მყუდრო გარემოში მათ ორს აღენიშნათ ერთად.
- თან რომ არც დაურეკა, არც საყვედური უთქვამს.
- ჰოო, მართლა, მხოლოდ ელოდა.
- ნეტა დამანახა, ვინ არის, ვინ ჯანდაბაა.
- ჩვეულებრივი ნაძირალა.
- ნეტა სხვას თუ გაუბედავს ასეთ რამეს?
- არ ვიცი, მაგრამ მოვა დრო და თვითონ მას გაუბედავენ.
კარგა ხანმა გაიარა დიალოგებში. ისე აღგვაშფოთა და დაგვამწუხრა ახლაგაზრდა ქალის ამბავმა, თითო ჭიქა კონიაკიც შევუკვეთეთ, იუბილარი დავლოცეთ, ვუსურვეთ, სულ მალე ღირსეული ადამიანი შეხვედროდა, რომ ეს დღე საერთოდ ამოშლილიყო მისი მეხსიერებიდან.
საკმაოდ გვიან იყო, რომ დავიშალეთ და გზას გავუდექით. თითოეული ჩვენთაგანი იმ ქალბატონზე ფიქრობდა. ჩვენი საყვარელი კაფე ხომ მისთვის ჯოჯოხეთად იქცა, სადაც დაბადების დღე მარტო მჯდომმა გაატარა ფინჯან ყავასთან ერთად. იჯდა და ელოდა, თავის თავს ანუგეშებდა გუნებაში, რომ ალბათ ის შეფერხდა, აგვიანდება, რაიმე პრობლემა აქვს, იქნებ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა? საშინლად ერიდებოდა დარეკვა, ვაითუ ხელი შეეშალა და უფრო დაებრკოლებინა. „არ შევაწუხებ, ვიცი, მოვა. . .“ მაგრამ ის არ მოვიდა. . .

ნეტავ გვცოდნოდა მისი ამბავი, გვცოდნოდა, რომ მისი დაბადების დღე იყო, მან ხომ წასვლისას გვითხრა. ახლა კი მხოლოდ ფიქრებით მივმართავდით: იქნებ ჩვენ, სულ ახალგაზრდა გოგონებს რაიმე გვერჩია კიდეც, ხშირად არ იცი, ვერ გათვლი, ვისი აზრი უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან. ყოველთვის ასაკითა და გამოცდილებით ვერ განსაზღვრავ. იქნებ ჩვენს ნათქვამსა და მანუგეშებელ სიტყვებში გაგეგოთ და გეპოვათ ის, რაც მერე ძალიან გამოგადგებოდათ, იქნებ გულისტკივილი უფრო იოლად გადაგელახათ. . .
ნეტავ თუ გყავთ მეგობარი, ვისაც გულს გადაუშლით და მოუყვებით თქვენს ამბავს, ის კი დაგამშვიდებთ, დაგაწყნარებთ, საკუთარ თავს უფრო დაგაფასებინებთ და იმედს მოგცემთ. ალბათ გყავთ და ახლა ამ წუთში, შეიძლება ესაუბრებით კიდეც, მაგრამ ნეტავ ჩვენთვისაც მოგემართათ, მოგეთხროთ, გაგემხილათ, გაგეზიარებინათ, ნეტავ. . .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent