მწვანე შენი ფერია
მწვანე შენი ფერია! ჰო მართლა გეუბნები, აი ის ფერია, რომლითაც ჩემდა ჭირად შენი თვალები შეღება ბუნებამ. არ ვიცი მერამდენე წელია მაგ მწვანე თვალებში შემოგციცინებ და ვცდილობ მათში ის ამოვიკითხო რასაც სიტყვით არ მეუბნები. ხან გამომდის, ხანაც იმაში ვრწმუნდები, რომ ჩემს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ყველა დავღალე შენზე საუბრით, ჩემმა ახლობლებმა ზედმიწევით კარგად იციან, თუ როგორ გეპრიხება მაგ ოხერი ტუჩის კუთხეები სიცილისას, როგორ აჭერ კბილს კბილზე და მთელი ტანით როგორ ხვიხვინებ. იმასაც კარგად უწყიან თუ რა ხასიათის პატრონიც ხარ. როგორც უკვე მიხვდი ჩემი საყვარელი საუბრის თემა ხარ. უკვე იმდენი დრო გავიდა ვეღარც კი ვარჩევ შენ მიყვარხარ თუ შენზე საუბარი, მგონი ორივე ერთად! სასაცილოა, მაგრამ ჩემი არც ისე ხანგრძლივი ცხოვრების ნახევარი თუ არა მეოთხედი მაინც შენს სიყვარულში გავატარე. სხვა და სხვა ფორმები ჰქონდა ამ გრძნობას, ასევე გამოხატულებებიც. იყო დრო, როცა ამ ჩემს განცდებს შორიდან ცქერითა და დღიურის ფურცლების აჭრელებით გამოვხატავდი, მერე ნელ–ნელა იწყო შენმა სახელმა დღიურის ფურცლებიდან გაუჩინარება, არა იმიტომ რომ ჩემი გრძნობები შემცირდა, არამც და არამც , უბრალოდ ერთად–ერთი მიზეზი რისგამოც დღიურს ვაწარმოებდი მოგონებების შენახვა იყო, შენთან მიმართებაში კი ეს აღარ მჭირდებოდა. ვიცოდი, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი მოგონება არ გაქრებოდა, ძალიანაც რომ მომენდომებინა არსად წავიდოდა. ამიტომ შევეშვი შენზე წერას. ცოტა ხანში ისეთი პერიოდიც დამიდგა როცა ვიფიქრე რომ დაგივიწყე, გადავაბიჯე შენზე მოწოლილ ფიქრებს და ჩემს წარსულში დაგტოვე. თუმცა სულ მალე შენ ისევ დაბრუნდი, ამჯერად სულ სხვაგვარი იყო ჩვენი ურთიერთობა. მე აღარ ვიყავი ის ლოყებგაბერილი გოგონა ჩუმად შორიდან რომ შემოგცქეროდა, ამან თითქოს საშუალება მოგცა დაგენახე. ან იქნებ ესეც ჩემი ფანტაზიის ნაწილია, ვინ იცის. თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდი სულაც არ გამოუგონებია ჩემს ქვეცნობიერს. შენ ისე ურცხვად დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში, თან მოიყოლე შენზე ფიქრებიც და ერთი დიდი არეულობაც ჩემს თავში. ჰო სწორედ ამის შემდეგ გახდი ჩემი „გოგოშკური საუბრების“ მთავარი თემა. ჩემთან ერთად ყველა ჩემი ახლობელი ადამიანი ცდილობდა გაერკვია თუ რას ნიშნავდა შენი ქცევები. რატომ მომიჯდებოდი ხოლმე გვერდით და ყველასგან უჩუმრად ხელს ჩამკიდებდი. რატომ მთხოვდი სკოლაში ნახევარი საათით ადრე მოსვლას, ამისთვის კი უცნაურ მიზეზებსაც მოიშველიებდი. ახლაც მახსოვს შენი სახე, როცა ჩვენი პირველი „არააღიარებული“ პაემანი ჩაიშალა. მახსოვს როგორ ამოვირბინე ოთხი სართული იმის მოლოდინით რომ დილა შენით დაიწყებოდა, აჭარხლებული სახით შემოვაღე კლასის კარები და შენს გაბრაზებულ მზერას გადავაწყდი, ფრთხილად მოვათვალიერე კლასი და ამ გამომეტყველების მიზეზსაც წავაწყდი, ვინ იფიქრებდა რომ ჩვენ გარდა კიდევ ერთი დარტყმული მოინდომებდა დილის რვა საათზე სკოლაში მოსვლას. ისტერიული სიცილი ამიტყდა,ამ დღიდან მეტი აღარაფერი მახსოვს. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, უკანასკნელად ვესტუმრეთ ჩვენს კლასს, ერთმანეთს ფერადი ფლომასტერებით გაკეთებული წარწერებით გამოვემშვიდობეთ. ჩვენი ნაკლებადშემოქმედებითი ბუნების გამო თეთრ პერანგებზე მხოლოდ ერთი სიტყვა ჭარბობდა „გილოცავ“. ამ მხრივ არც ჩემი პერანგი გამოირჩეოდა, ნეტავ რას მილოცავდნენ, იმას რომ შენი ნახვის შესაძლებლობა დღითი დღე იკლებდა? ამ დღეს სამი წარწერა გააკეთე ჩემს პერანგზე, პიველი სტანდარტული მოლოცვა იყო, იისფერი მარკერით–„გილოცავ“, მეორე უფრო პროვოკაციული, „კიდევ გილოცავ ფუმფულ“ (დღემდე ვერ ვიტან ასე რომ მომმართავ). მესამე კი საყელოს ქვეშ იყო წაწერილი, წერას რომ მორჩი ერთი სული მქონდა გამეხადა და მენახა, ვიცოდი რაღაც ისეთი დამხვდებოდა, რაც ჩემი პულსის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევდა, არც შევმცდარვარ. „გილოცავ თაკო მიყვარხარ“. წავიკითხე თუ არა რამდენიმე საათით უკან დავბრუნდი, გამახსენდა რომ დილიდან მინდოდა შენი თეთრი მაისურის ყელზე დიდი ასოებით მიმეწერა ის ცხრაასოიანი სიტყვა მეხუთე კლასიდან მოყოლებული ყელში რომ მიჭერს და ყოველი ჩასუნთქვის შემდეგ სახმო სიმების საშუალებით ჩემი ბაგიდან გაჟღერებას ლამობს. თუმცა ასე ვერ მოვიქეცი, შემეშინდა, ვიფიქრე მიხვდება მართალს, რომ ვწერ–მეთქი. მერე შეძლებისდაგვარად მშვიდად ვუყურე როგორ გაწერდა ამ სიტყვას ჩემს მაგივრად სხვა, მართლა ვინანე. კიდევ რამდენიმე დღე გავიდა და ის წუთიც დადგა, მორთულ- მოკაზმულები, რომ გავეშურეთ ერთმანეთთან გამოსამშვიდობებლად. არასდროს მქონია ერთდროულად ასეთი ლამაზი და მტკივნეული საღამო. სულელი, შეყვარებული გოგონას თვალებში ეს ისე ჩანდა თითქოს უკანასკნელად გხედავდა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გოგონა ცდებოდა. მას შემდეგ მრავალჯერ შევხვდით ერთმანეთს, ზოგჯერ ჩუმად, ყველასგან მალულად , ზოგჯერ სხვებთან ერთადაც. ნეტავ ვის ვემალებოდით, ალბათ ყველაზე მეტად რეალობისგან დამალვას ვცდილობდით. არასდროს გვისაუბრია იმაზე თუ რატომ ვხვდებოდით ერთმანეთს ჩუმად, ნუთუ ისეთი ლაჩრები ვიყავით რომ ყველაფრის აღიარების გვეშინოდა? არა ლაჩარი შენ იყავი ჩემი ძვირფასო, მე კი უბრალოდ ის ადამიანი, ვინც თავს ძალას ატანდა რომ გაჩუმებულიყო, რათა „ზედმეტი სითამამით“ შენი , როგორც ვაჟკაცის, წარმოდგენები არ წაეხდინა. თითქოს გავიზარდე, დამოუკიდებლობასა და საკუთარი ძალის დამტკიცებასაც ვცდილობ, თუმცა ეს შიში მაინც ვერ გადავლახე. ისევ უკან ვაბრუნებ ყელში მობჯენილ „მიყვარხარს“ და როცა თავის შეკავება მიჭრს იმ წერილებს ვწერ რომელსაც არასდროს მიიღებ. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე წამეშალე ჩემი ცხოვრებიდან. შევწყვიტე შენზე საუბარი, ყველა დავარწმუნე, რომ აღარ მაინტერესებ, თითქოს საკუთარ თავთანაც მივაღწიე შემდეგს, თუმცა როგორც ხედავ ჩავფლავდი. ახლა უკვე ყველას ვატყუებ, საკუთარი თავის გარდა. ჰოდა იმ წუხილს რომელსაც ადრე ახლობლებს მაინც ვუზიარებდი ახლა უმისამართო წერილებს ვატან. რას მიშვრები გამაგებინე! მაშინაც კი, როცა აღარაფრის მწამს ყველაზე ბედნიერ წამად შენს გვერდით საკურთხევლის წინ დგომა წარმომიდგენია. იმ ხატებს ვთხოვ შენს დაცვას, რომლისაც აღარც კი მჯერა, ამას როგორ ახერხებ? ალბათ ყველაფერი იმ ოხერი თვალების ბრალია, რომელიც, ჩემდა ჭირად, მწვანედ შეგიღება ბუნებამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.