Moonly - წერილი ანნას
და შენ თავად შეშალე სიგიჟე, ანნა. შენი სიგიჟე მავთულხლართებს წყვეტს. აი, იმ მავთულხლართებს, რომელნიც ასე თავგამოდებით ცდილობენ შეგვაჩერონ იმ შენობის შიგნით, რომელსაც ჩარჩო ჰქვია. ოჰ, ეს მოჩვენებითი ღიმილი, ეს მასხარად ქცეული სახე და საჟონგლიოროდ მომზადებული ნაკვთები. ვის ატყუებ, საკუთარ თავს? დაგავიწყდა, რომ ოდესღაც შენში ბინა დავიდე, შენივე ნებართვით? კარგი, ვაღიარებ. არც ისე შენი ნებართვით, მაგრამ მაშინ, როდესაც შენი ქვეცნობიერის ფსკერზე მოვთავსდი და ციხესიმაგრე მოვიწყვე, შენ არც კი გიფიქრია დაუპატიჟებელი სტუმრის გაგდება - რატომ? იმიტომ, რომ მე შენს ოთახში მიმოფანტულ ქაოსურ კანონზომიერებას არ შევხებივარ, ანნა. ისინი ცდილობდნენ ძირს დაგდებული ჭუჭყიანი ტილო გაერეცხათ, დაეკეცათ და კოხტად მოეთავსებინათ კარადაში. განა, სიკეთეს არ სჩადიოდნენ შენთვის? უმადური ხარო, მოგაძახებდნენ და ზურგს გაქცევდნენ. რა იცოდნენ მათ, რომ ის ჭუჭყიანი ტილო იმაზე მეტს ინახავდა თავის მიგდებულ ფორმაში და მტვერში, ვიდრე თავად მათი არსებობა… ის კარადა კი, საითაც მიაქანებდნენ ისინი ამ "ტილოს, ჰო, ის მოჩუქურთმებული, მტვრიანი კარადა იყო მოგონებათა წებოვანი ქსელის უზარმაზარი საცავი. ყბადაღებული სიკვდილის ობობები კი პეპლებად ქცეულ ლამაზ ფიქრებზე ნადირობდნენ… შენი მოგონებები მდედრ კალიას მაგონებენ, ანნა. ისინი სექსუალური აქტის შემდეგ ყოველ შენს საღ აზრს თავს აწყვეტენ და არსებობის საშუალებას მიზანმიმართულად უსპობენ. საკუთარი თავის მტერი ხარ, ანნა და არ იტირო, იცოდე! შენ ეს მოგწონს. გიყვარს, როცა ანადგურებ და ამავდროულად, ნადგურდები შენც. სხვაგვარად, უბრალოდ, არ ძალგიძს. რაოდენ წააგავს ხელოვნების ნიმუშს შენი ზიზღი ტანჯვის მიმართ, იცი? ეს ხელოვნებაა. ეს არ ჰგავს, ეს არის. ზოგჯერ რა სულელურად ვყოყმანობთ არა, ანნ? ვორჭოფობთ მაშინ, როცა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ და პირიქით, ვიცით, როცა უნდა ვთამაშობდეთ ასკინკილას ფეხიდან ფეხზე. შენ არ გიყვარს საკუთარი თავი, როცა გტკივა. შენ გიყვარს შენს თმაში ჩაწნული ტკივილი, რომელიც ისე მოგეჯაჭვა, როგორც თოთო ბავშვი დედის რძესა და სითბოს. შენ მას კვებავ და ათბობ. დედობით ბედნიერი ხარ, მაგრამ ზოგჯერ ალქაჯს ემსგავსები. გინდება საკუთარ ბრჭყალებში შემოგემტვრეს შვილის თავის ქალა და ეს წყეული ტკივილი საბოლოოდ მოიშორო თავიდან. გსურს შეჰღაღადო ღმერთს, რომ გაიმეტოს შენთვის ბედნიერების ნატეხი, მაგრამ იცი, რა? ღმერთს უყვარხარ. მან ძალიან ბევრჯერ მოგცა ის, რასაც ნატრობდი, მაგრამ შენ მაინც მეტი გინდოდა ყოველთვის. რა პარადოქსია, არა? ე.ი. არც მიგიღია ის, რაც გინდოდა. გახსოვს საკუთარი თავი კმაყოფილი? ყოველთვის ეს თამაში, ბრძოლა, დამალობანა. როგორ ბედავდი და მემალებოდი? იმას მაინც ვერ ხვდებოდი, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყავი - გიპოვიდი? ფეხდაფეხ წამოგყვებოდი და ყოველთვის უთქმელად მეცოდინებოდა შენი მდგომარეობა? გამირბიხარ, მემალები და ნიღბით ცდილობ ჩემი პირდაპირი დარტყმების ასხლეტას. როგორ გგონია, დიდხანს შეძლებ გადავადებას? მთელი ცხოვრება ასე ვიკატათაგვობანოთ. ეს გინდა? ჰო, გაძალებ. ვიცი, რომ გაღიზიანებ და ვიცი, რომ სისულელე გგონია ის, რასაც გეუბნები. მაგრამ - თვალი გაახილე! რატომ დასწვდი ჩემს სარწეველა სკამზე მიგდებულ, დიდი ხნის გაურეცხავ შავ პერანგს და რატომ სცადე მისი გაწმენდა? რატომ ამირიე ქაოსი, ანნა? ქაოსი, რომლითაც ვსუნთქავდი და რატომ წამოდექი საწოლიდან, როდესაც ყოველთვის ჩემი განუყრელი პლედი იყავი და მათბობდი? მცივა, ანნა. შენზე უკეთ კი არავინ იცის - რას ნიშნავს, როცა მე მცივა. მეზიზღება სიცივე, მთვარის ქალიშვილო. შენ კი გამიმეტე ამისთვის. ზიზღისთვის გამიმეტე. გრძნობა რომ ვყოფილიყავი, ეჭვგარეშეა, რომ ზიზღად დავიბადებოდი. შენ კი შურისძიებად. ვიცი, რომ არასოდეს მაპატიებ, რომ დაგტოვე, რამდენჯერაც არ უნდა გთხოვო ეს წყეული პატიება. მაგრამ კმარა, ანნა. უბრალოდ, კმარა. მე აქ ვარ. ისევ აქ. შენ შორს ხარ, მაგრამ იმდენად არა, რომ გამოწვდილი ხელის მანძილზე ვერ შემეხო. ნუ გაფერმკრთალდები ჩემთვის, თუ ეს რაიმედ გიღირს. ნუ მაიძულებ, რომ შენი არაცნობიერის იმდენად ღრმა ფენებში დავილექო, რომ შენზე ბევრად გამოცდილმა მოთამაშემ, სახელად ცხოვრებამ, ყველაზე მოუხერხებელ დროს გადინოს ცრემლი, რომელსაც ჩემი სახელი ჰქვია. ნუ ჩამიქრობ იმ ალისფერს, რომელიც მგუდავი კვამლის ნაცვლად, ჩემი ჟანგბადის ბალონი გამოდგა ოდესღაც და აბსოლუტურად მართალი ხარ, ანნა - უკიდურესად ეგოისტი ვარ. იმდენად ეგოისტი, რომ გეტყვი - ნუ გაიმეტებ საკუთარ თავს უჩემობისთვის. ვიცი, რომ ყველა სიტყვა ზედმიწევნით ზუსტად გესმის და ზედმეტს არაფერს დავამატებ. შენ იცი - ვინ ვარ და მე ვიცი - ვინ ხარ შენ. ნუთუ ერთ დიდ კალიას ვერ გავაბამთ იმ წებოვან ქსელში, თუ გავერთიანდებით? ნაწერში ყოველივე სხვაგვარად ჩანს. თუ ვერ გაიგებ - დაგიწერ. არ მოგეწონება? მე მაინც არ შევწყვეტ შენთვის წერას. იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ ისე, როგორც ზიზღს შეეფერება. მეფე და დიდებულები არ არიან ირგვლივ. ნუ იქნები მასხარა, ანნა. მესაუბრე მარტოობას და აითალე ეგ შეზრდილი და გაუხეშებული კანი სახედან, როდესაც მარტოობასთან ერთად ლაბში ყავას დალევ. მარტოობას ვერ შეეგუები უზარმაზარ სამეფო დარბაზში, რომელიც გატენილია სხვადასხვა ჯურის ხალხით. ამას მივხვდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.