შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ ბებია მყავდა...


11-05-2020, 12:51
ნანახია 958

ყველაზე მეტად დაწყება მიჭირს.
საუბრის, ურთიერთობის, უფრო უფრო კი წერის...
ახლაც, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი, აი ისეთს ყოველ დღე რომ არ ვხვდებით და ვსაუბრობთ, მაგრამ იმ ჯადოსნურ დღეებს, რომლებიც ერთმანეთს გვახვედრებენ არაფერი აკლდება განშორებით.
თითები და კაბის კალთა ერთიანად მიცახცახებს...
ერთი მღელვარებისგან, მეორე მაისის სიოსგან...
სულ სხვა გრძნობბების და შეგრძნებების გაზიარებას ვაპირებდი თუმცა... ახლა მაისია, გაზაფხული იწურება, მთვარე ნახევრადაა სავსე და პირიპირ მიყურებს, აივნის რიკულებიდან...
ბოლოდან მესამე კიბეზე ვზივარ ფეხმორთხმით და ვგრძნობ, გელოდები როდის მეტყვი, რომ ავდგე...
რომ შემცივდება...
რომ უკვე იმდენად გვიანია, რომ ყავის გაკეთებას პიტნის ჩაი დამელია ჯობდა...
ვზივარ და გელოდები როდის გახედავ თრიალეთს და მეტყვი, როგორ გიყვარს ის მადლიანი, ვინც ამ მთის წვერზე ჯვარი აიტანა, დადგა და გაანათა...
მეც მიყვარს და მეიმედება...
ზურგს უკან შენი ხმა მესმის, რომელიღაც ვარსკვლავს მანახებ და მთვარის მიხედვით ამ კვირის ამინდს პროგნოზირებ, მინდა ეს ორი საფეხურიც ამოვირბინო და აივანზე ჩაფიქრებული დაგინახო, ან ფანჯრიდან ინტერესით მომზირალი, ან კარში ჩამდგარი ჩემს დასატუქსად, რომ ჯერაც კიბეზე ვზივარ, ან ტახტზე წამოწოლილი, ხელებით რომ მითავისუფლებ ადგილს შენს გვერდით...
3 წელია, რაც ასე გელი...
3 წელია, რაც მხოლოდ სიზმარში მაგონებ...
თვალს ვახელ და ისევ უბინაო ვარ მაისისთვის უჩვეულო სუსხში.
ისევ მცივა უშენობა და ისევ მტკივა ხარბად ჩაგუბებული სიჩუმე შენს ოთახში...
იცი, ხანდახან მეჩვენება, რომ შენთან სინათლე ანთია. კიბეზე დავადგამ ფეხს თუ არა ქრება...
როგორც იმედი, რომ ოთახში შემოსულს გვერდით მომიწვენ და ისე მომეფერები, როგორც ბავშვობისას...
თვალს ვახელ და მთვარეა ისევ ჩემთანაც და ჩემშიც, ბჟუტავს და იცრიცება, როგორც იმედი, რომ ძილის წინ ისევ მისურვებ მშვიდობის ღამეს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent