შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, როგორც სანტა


20-12-2020, 18:02
ავტორი Annamay
ნანახია 827

31 დეკემბრის ღამეს , ქუჩაში ბრაგა-ბრუგი ახალი შეწყვეტილი იყო. ოთახის კუთხეში, პუფში ჩატენილი ალმაცერად ვუცქერდი აივანზე გაკრეფილ ოჯახის წევრებს და ვერ ვხვდებოდი, რა უხაროდათ. სუფრიდან ერთი ცალი მანდარინი მოვიპარე და სახლიდან გავედი. ყოველთვის, როცა ეს პერიოდი ახლოვდებოდა, სული უცნაურად მიფორიაქდებოდა. დამღლელ მარტოობას ვგრძნობდი, თითქოს, სხვა მარტოსულების დარდებიც მე მეკიდებოდნენ მხრებზე და მეც ამ ნაცრისფერ კვამლში ვიკარგებოდი, ვუფერულდებოდი და საბოლოოდ ვუჩინარდებოდი. ამიტომაც, არავინ მთხოვდა საახალწლო საყიდლებზე გაყოლას, არც საჩუქრებს მირჩევდნენ და არც ჩემგან ელოდნენ რამეს. ერთის მხრივ ეს მომწონდა, საშუალება მეძლეოდა იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი, თუმცა, როცა მარტო ვრჩებოდი და ფიქრს ფიქრზე ვაკოწიწებდი, ვხვდებოდი რომ მარტო დარჩენა აღარ მინდოდა და ეს ყველაფერს მინგრევდა.

ქუჩის ბოლოს, ერთი მარკეტი მეგულებოდა, რომელიც სულ მუშაობდა. შიგნით შესულს საახალწლოდ მორთული, დაღლილი კონსულტანტები შემომეგებნენ. ახალი წლის მილოცვით არც მათ შეუწუხებიათ თავი და რაღა თქმა უნდა არც მე. ერთ წამს ისიც ვიფიქრე, რომ ყველანი ერთ აზრზე ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ახალი წელი მხოლოდ მათთვის იყო დღესასწაული ვისაც ის მართლა ძალიან უყვარს, ან მაღალი ფენის წარმომადგენელია და აქვს შესაძლებლობა თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად, თავგადასავლებში ჩართულმა აღნიშნოს დედამიწის მიერ მზის გარშემო შემოვლილი სრული ბრუნი. აი ჩვენთვის კი ეს ყველაფერი სრული უაზრობა იყო.
მაღაზიაში ისეთი საკვები ვიყიდე, რომლებიც შეშინებული, მშიერი და გაყინული ძაღლების გამოსაკვებად გამოდგებოდა, ჩემთვის მუყაოს ჭიქაში ჩამოსხმული ყავა გამოვიყოლე და გამოვედი. ძაღლ-ბანდა ქვაფენილიდან მეშვიდე ჩიხში მეგულებოდა, რადგან იქ ბევრი არავინ ცხოვრობს და შესაბამისად ყოველ ნაბიჯზე ასაფეთქებლებს არ უფეთქებდნენ, საწ....ბს.
ნაგვის ყუთებისთვის გამოყოფილ, ქუჩიდან ოდნავ შეჭრილ ადგილზე გადამლულიყვნენ. ზოგს თვალები დაეხუჭა და ძილშიც კი ცაცხაცებდა, ზოგი აქეთ-იქით აცეცებდა დაბნეულ, შეშინებულ, წყლიან თვალებს, ზოგი კი არსად იყო, უბრალოდ არ იყო...
თავი სანტა კლაუსად ვიგრძენი, ჩემს დანახვაზე რომ წამოცვივდნენ და წკმუტუნითა და კუდის ქნევით შემომეგებნენ. გაბადრულმა საკუთარი ჭიქა აგურზე ჩამოვდე და საჭმელი დავურიგე.
-ჩემო პატარებო, მოიცადეთ... შენ ნუ ხარ მსუნაგი, ბიჭო, დანარჩენებსაც დაუტოვე... რა სულელი ხარ, შენ, მერამდენედ უნდა წაგართვან? გაიწიეთ, ამასაც ვაჭამო, ცოდო არ არის?!
ის ის იყო, ახალი წლის სითბო უნდა მეგრძნო, ვიღაც გრძნეულმა ასაფეთქებელი რომ შემოგვიგდო და გაიქცა. შეშინებული ძაღლებიც რა თქმა უნდა დამეფანტნენ და დავრჩით მხოლოდ მე, მაღაზიიდან წამოღებული ხურჯინი და ჩემი ყავა... სიბრაზისგან სუნთქვა გამიხშირდა, ცრემლებიც კი წამსკდა. ძაღლებს დარჩენილი საჭმელი იქ დავუტოვე და გზა განვაგრძე.
მთვრალ ხალხს ქუჩაში გამოშლა დაეწყოთ. როგორ შეიძლებოდა დიდი ბებიის დაქალის ბიძაშვილს მეკვლედ არ მისდგომოდა დაღლილი ნელიკო თავის მთვრალ ქმართან ერთად. დარწმუნებული ვარ შვილები მხოლოდ იმიტომ დატოვა სახლში, რომ “დიდები არიან და ვეღარ აძალებს”.
გაღიზიანებულმა მტკვრის სანაპირომდეც მივაღწიე. ჯებირზე შემოსკუპებულ, გამხდარ სხეულს მოვკარი თვალი და დაინტერესებულმა მეც მისკენ გავწიე ჩქარი ნაბიჯით.
-ფშტ, რას აკეთებ?- შორიდან დავუძახე, რომ არ შემეშინებინა და ჩემ გამო მდინარეში არ გადავრდნილიყო. შავთვალება ბიჭმა რამდენიმე წამიანი მზერა მიძღვნა და მერე ისევ მდინარეს ჩახედა. ჯებირზე ფეხები გადავჩაჩხე და საბოლოოდ მეც მის მსგავსად, მის გვერდით მოვკალათდი.
-აქ რატომ ხარ?
-და შენ რატომ ხარ?- ჩემივე კითხვა შემომიბრუნა.- შენთვის არ უსწავლებიათ, რომ სხვის საქმეში არ უნდა ჩაერიო?!
-კარგი ერთი!- გამეცინა მის შეკრულ კოპებზე.- მე აქ იმიტომ ვარ, რომ არავინ მყავს.- მხრები ავიჩეჩე და შევნიშნე, როგორ იცვალა ფერი მისმა სახემ.
-არც სახლი გაქვს?
-სახლი მაქვს, მაგრამ დიდი ხანია იქ ჩემი ოჯახის წევრები აღარ ცხოვრობენ. აი, როგორ გითხრა რომ მიგახვედრო...
-ვხვდები. ყველაფერს ვხვდები, თავისუფლად ილაპარაკე.- თავი დამიქნია და სულ ოდნავ დამთბარი თვალებით შემომხედა. ათიოდე წლის ბავშვის ჭკვიანმა თვალებმა, სწორად შერჩეულმა ტონმა და მიმიკებმა, თანაგრძნობით სავსე მზერამ და ძვალ-რბილში გამჯდარმა სიდინჯემ ღიმილი ამაკრო სახეზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერად ვიღიმოდი.
-სახლი მეც მაქვს, მშობლებიც მყავს, მაგრამ ისინი ისე არ მექცევიან, როგორც სხვა ჩემს თანატოლებს ექცევიან თავისები. აი, მაგალითად დღეს, იმის მაგივრად რომ ახლა მეც მათთან ერთად ვიჯდე სახლში თბილად, მამაჩემმა სუფრიდან რაღაცები ჩამიყარა პარკში და გასაყიდად გამომატანა... მე კი ამ წყალს გავატანე.- თავით მანიშნა მტკვრისკენ. - სახლში დაბრუნებულს, ვიცი კარგი დღე არ მელის, იმიტომ რომ სიმართლის დამალვას არ ვაპირებ.
-და აქ რაღატომ იყინები?
-არ ვიცი. როგორც ამბობენ ახალი წელია, სასწაულები ხდება, სანტა თავისი მარხილით გადაიქროლებს ცაზე და ყველას გააბედნიერებს... ალბათ მეც ამას ველოდები... ან უბრალოდ სახლში დაბრუნება არ მინდა. რადგან ამ ღამეს ხალხი ახალი ცხოვრების დასაწყებად ელოდება, არ მინდა რომ იქ დავბრუნდე, მეც მინდა ახალი ცხოვრება. მინდა ყველა დღე ისე მიყვარდეს, როგორც სხვებს უყვართ კონკრეტულად ეს დღე. მე არც ერთი დღე მაქვს ისეთი, რომ მიყვარდეს... ახლა სანტა რომ გვერდით მოგვიჯდეს, რას სთხოვდი?
-რომ შენთვის ახალი ცხოვრება მოეცა. - არც ერთი წამით დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე.
-მეც.-თავი დამიქნია და ცრემლიანი მზერა სივრცეში მიმოფანტა.
ვიგრძენი, როგორ ამეშალა შიგნით ყველაფერი. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა გონებაში და მაიძულებდა რაღაც მაგიურად ახალი გამეკეთებინა. რას არ დავთმობდი, რომ მე მისი სანტა გავმხდარიყავი... ან იქნებ, ვიყავი კიდეც?!



№1  offline წევრი kesa-keso

Dzalian momewona ❤ sheni wyalobit dges gimili ar momshordeba saxidan.❤ warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent