"მარხილი"
(სახსოვრად თამილა აბაშიძეს ნინა ტერიკოსგან) -ერთი წუთით მეგობარო, შეიძლება?- მომიახლოვდა და სანდომიანად გამიღიმა. -დიახ,გისმენთ?- ინტერესით შევათვალიერე. -იცით,დახმარება მჭირდება,შვილისთვის საჩუქარი მინდა,-იმედიანად მომაჩერდა. მაშინვე ჯიბისკენ წავიღე ხელი. -არა,არა.. ვერ მიმიხვდით,ფული არაფერ შუაშია,მე თქვენი ხელი მჭირდება. -ბატონო?! უკეთესად დავაკვირდი და მაშინღა შევამჩნიე,მის მარჯვენა ხელზე მოკვეთილი მტევანი. -დიახ,თქვენი დახმარება მჭირდება,შეგიძლიათ? -როგორ? უცნაურად ჟღერდა მისი მოთხოვნა. -წამომყვებით? აქვე ვცხოვრობ,ბევრი სიარული არ მოგიწევთ,- მოუთმენლობა დაეტყო. ცოტა არ იყო,შევფიქრიანდი.ყოყმანი შემატყო. -ჩემი შვილი მელოდება,გესმით?! -კი,მაგრამ მე როგორ უნდა დაგეხმაროთ? -გეტყვით,წამომყევით,-ადგილიდან დაიძრა. უხმოდ ავუწყვე ნაბიჯი. -ვიცოდი,რომ უარს არ მეტყოდით,მე თქვენში მეგობარი ამოვიცანი,-სიხარულით შეუთამაშდა მხრები. ფიცრულ შენობას კლიტე მოხსნა და თავით მანიშნა შიგნით შესვლა. ირგვლივ თვალი მოვატარე და ხის საჭრელ დაზგაზე შევაჩერე მზერა. -დურგალი ვიყავი,ჩემი გაუფრთხილებლობით ჩამყვა ხელი დაზგაში. სახეზე ცვლილება შემატყო. -არ ღირს სანერვიულოდ,დიდი ხნის ამბავია,-სევდიანად გამიღიმა. -აქ რა უნდა გავაკეთო?- ხის მომცრო მორებს გადავხედე. -მარხილი. -მარხილი? სიმწრით გამეცინა და თავი გავაქნიე. ზუსტად ,მარხილის თანხის საშოვნელად ვიყავი გამოსული სახლიდან. -დიახ,ჩემი შვილისთვის. -მზა,რომ იყიდოთ?-ახირებას ვერ მივუხვდი. -ის ჩემგან ელოდება..იცის,რომ მამამისი ყველაფერს შეძლებს მის გამო.იმედს ვერ გავუცრუებ,ის ისეთი პატარა და სუფთაა.. -არაფერი გამეგება ამ საქმის,-უკან დავიხიე. -მაგაზე ნუ სწუხარ მეგობარო,თქვენ მარტო ხელი მათხოვეთ.უნდა მოვასწრო,დღესვე. უხმოდ შევიხსენი პალტოზე ღილები. -არ შევმცდარვარ თქვენში..თქვენ მეგობრის თვალები გაქვთ!-წამოიძახა აღტაცებით და პატარა ბავშვივით ხალისიანად მიირბინა ხის მორთან. *** გვიან ღამემდე ისე ვიმუშავე,დაღლა არ მიგრძვნია. დრო და დრო მის ბედნიერ მზერას ვაწყდებოდი. ჩვენს ნახელავს გავხედე.ჩემი თავის გამიკვირდა,ამდენი,თუ შემეძლო,არ ვიცოდი. -მეგობარო,მეგობარო.. თვალის უპეზე გადმოკიდულ ცრემლს თითი შეაშველა. პალტო ჩავიცვი. -თქვენ არ იცით,რა ჩაიდინეთ! გზად,მისი მადლიერებით სავსე ხმა მომწვდა. მხრებში გავიშალე. *** -შენს ლოდინში ჩაეძინა,- ნაწყენი ხმა ჰქონდა. საწოლს დავხედე,ლოყებაწითლებულს მშვიდად ეძინა. -სად იყავი? -მეგობართან,-ვთქვი და აივანზე გავედი. დილამდე ფანჯარასთან მდგომი გავყურებდი ქუჩას,რომელიც ნება-ნება ეხვეოდა თეთრ ქურქში. - არ მომიტანე ციგა? დიდრონი თვალები აწყლიანებოდა. ვერ გავუძელი. კარი უხმოდ გავიხურე. *** -ერთი წუთით,მეგობარო! სანდომიანად გამიღიმა. -თქვენ?! გამიკვირდა და მის ფეხებთან მდგარ მარხილს დავაკვირდი.ვიცანი! -მეგობარო,მეგობარო..-ჩაიღიღინა და შეტრიალდა. -მოიცადეთ,მარხილი დაგრჩათ! -ის ისეთი პატარა და სუფთაა.. გამომძახა უკანმოუხედავად. დასასრული თამილა,ჩემო საყვარელო გოგო, ვინაიდან,არც ბროლის ბუ გამაჩნია და მითუმეტეს არც მისი კვერცხები,ეს პატარა მინიატურა მიიღე ჩემგან საჩუქრად)) <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.