ქსელი
როგორც ძილს, წერასაც მივეჩვიე. ზამთარს ზღარბისთვის ქურქი გაეძრო და როგორც ეტყობოდა, კარგა ხანი არ აპირებდა დაბრუნებას. ნაცნობი, ახლობელი, სუსხიანი და ნათელი ღამე იყო. საათი 2:40 აჩვენებდა, დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა. ფიქრებმა ჩემს თავში ქსელების გაბმა დაიწყეს და მერე, აზარტში შესულებმა რაღაცის გამოძერწვა გადაწყვიტეს. თავიდან, რასაკვირველია, გარკვევით არაფერი ჩანდა. მე უძლური ვიყავი მათ წინაშე. ისღა დამრჩენოდა, მოთმინებით დავლოდებოდი, პატარ-პატარა დეტალები როგორ გაერთიანდებოდნენ და ერთ მთლიანობად ქცეულნი რა აზრს დახატავდნენ. შორიდან ვაკვირდებოდი გაკვირვებით, როგორ გაშინაურებულიყვნენ და დიდი ზეიმი მოეწყოთ იქ, ჩემს თავში. მერე მეც ამ ზარ-ზეიმის მონაწილე გამხადეს, თან ისე, რომ არც კი უკითხავთ ჩემთვის - მინდოდა თუ არა, ან განწყობა თუ მქონდა ამ ჟრიამულის. ორომტრიალისგან თავბრუთახვეული, ხან შუა წერტილში აღმოვჩნდებოდი, ხანაც კიდურა, უწვრილეს ძაფზე ვიდექი ცალი ფეხით. ყველას სათითაოდ და ერთად ვეთამაშებოდი. ჯერ ერთი ჩამკიდებდა ხელს და წრეზე მაბზრიალებდა - თურმე, კატო დღეს ნატოს არ მიესალმა, ქუჩაში რომ შეხვდა. რა მუდოა ეგ გოგო! მერე მეორე ჩამკიდებდა ერთ ხელს და მანიშნებდა დამებზრიალებინა- ნინიმ მეგობარს უთხრა, შენთან ურთიერთობას აღარ ვაპირებო. როგორ შეიძლება მეგობარი ასე მარტივად მიატოვო! მესამე მოდის და ვალსს მეცეკვება - გუშინ, გივის ბიჭი სახლიდან წასულა. რა თავნება ვინმეა! მეოთხე მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა - ერთი იმ ბავშვს შეხედე, სახე როგორ დაუღრეჯია, სიცოცხლის ნაპერწკალი არ გააჩნია. ეს და კიდევ მრავალი, გაუჩერებლად დადიოდნენ და საკუთარ კვალს ტოვებდნენ, რომელთაც, როგორც იქნა, რაღაც კონკრეტული გამოსახეს. გვერდზე გავდექი და შევხედე - ჯოკერი! აი, თურმე რისი დახატვა უნდოდათ. ვუყურებდი გამოსახულებას და, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯოკერის ამ სიტყვებს მახსენებდნენ: "ცივილურად აღარავინ იქცევა, აღარავინ ფიქრობს სხვის ადგილზე ყოფნა როგორია" კვლავ ოთხკუთხედ ჩარჩოში მოძრავი ისარი დავლანდე, 4:15 აჩვენებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.