პან
ბავშვობიდან მაქვს განცდა, რომ განსაკუთრებული ვარ. ხანდახან, ეს განსაკუთრებულობა ის მეგონა, რომ ყველა ჩემს ირგვლივ,მე შემომციცინებდა. ყველას ჩემი იმედი ჰქონდა, ყველა ჩემს გაზრდას ელოდა, რომ დიდი ადამიანი გამოვსულიყავი… ზუსტად არ ვიცი, როდის ჩამესახა რწმენა იმისა, რომ მე განსაკუთრებული ვარ. ხანდახან, მგონია რომ მე არამარტო ჩემი თავი, არამედ ყველა და ყველაფერი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო – განსაკუთრებულია. ცხოვრებაც ხელს მიწყობდა ჩემი ილუზიის გაფართოვებაში… თუმცა, ეს იყო მანამდე, სანამ ჯერ კიდევ გზაში ვიყავი…. სანამ ჯერ კიდევ შედეგამდე შორი იყო… წლები გადიოდა და მე ჩემმა ფანტაზიამ, განსაკუთრებულობის შესახებ, იმდენად წამიღო, იმდენად გამიტაცა, რომ რეალობა სულ გადამავიწყდა. როცა კი თვალი გავახილე, უკვე გაზრდილი, შეცვლილი რელობის სახე ვეღარ ვიცანი და თვალი ავარიდე… ალბათ, მანაც ვერ მიცნო და ასე ჩავუარეთ გვერდი ერთმანეთს. გადავწყვიტე, ისევ ძველ მეგობართან ერთად განვმარტოვებულიყავი… ოცნება და რეალობა ხშირად ერთმანეთის მტრები არიან, ბრძოლის ველი კი მე აღმოვჩნდი.. აზრი არ ჰქონდა ვინ გაიმარჯვებდა, მე მაინც დაზარალებული გამოვიდოდი… თუმცა, ოცნება ცბიერია… იქ ისეთი განცხრომაა რომ ღარიბ რეალობასთან ყოფნა აღარ მინდოდა, მეტიც – მისი გაცნობაც კი არ მინდოდა… ხარბი ვარ არა? მოღალატე! ზამთარი დგება, სიცივეს ვერ ვიტან, მეზიზღება! მძულს გზა, რომელიც უნდა გავიარო, მძულს ფიქრები, რომლებიც გზაში მომდის თავში… მძულს რომ მცივა, მთელს ტანში მაყრის, ფეხებიდან იწყებს, ამოდის ზევით და მუცელთან რომ ამოვა, ცივად გაივლის… ვერ ვიტან ამ შეგრძნებას! განსაკუთრებით სუსხიან ღამეს! თბილი სახლიდან რომ გამოხვალ და არსად სინათლე არ არის, მხოლოდ უკუნითი სიბნელეა, მე სახეს დავმანჭავ, გავიფიქრებ: „ო როგორ მეზიზღება“ და ნაბიჯს ავუჩქარებ. წვიმიანი ცივი ქარი პირდაპირ სახეში გამაწნის სილას და გზას ჩამიხერგავს, მე დაჟინებით გავაგრძელებ გზას. უცებ, მთელს ტანში ამაზრზენად დამივლის სიცივე, სუსხი, ქარი, წვიმა და ის საშინელი ფიქრები, რომელსაც ვერ ავხსნი.. ის საშინელი განცდა, რომელიც ქვეცნობიერშია მიძინებული და მხოლოდ ამ ამინდში იღვიძებს… თუკი რამოდენიმეჯერ იბადება ადამიანი, მაშინ მე წინა ცხოვრებაში აუცილებლად ამ ამინდში მოვკვდი, ან რაღაც ისეთი საშინელება მომივიდა, რომ აქაც გადმომყვა…. ეს შეგრძნება ბავშვობიდან მაქვს, ამ ამინდში…. ყოველი საღამო, იმაზე ფიქრში ვარ, მეორე დღეს ვარ თუ არა სადმე წასასვლელი… თუ არსად, მშვიდად და ბედნიერად ვიძინებ, ხოლო თუ კი – საშინელი განწყობა მაქვს… ახლაც… დილით უნდა ავდგე, მოვემზადო, გავიარო ის წყეული გზა, რომელიც არ მიყვარს - რეალობის გზა! რეალობა არ მიყვარს და არც მას ვუყვარვარ, რადგან მე მის მტერთან ვმეგობრობ! ამის გამო ამითვალწუნა, არც კი ცდილობს რომ ჩემი გული მოიგოს. ასე, თავაწეული, ცხვირს მიბზუებს და თითქოს მემუქრება. ბოლომდე თავს ვერცერთს ვანებებ, რადგან ოცნება მიყვარს, რეალობა კი მჭირდება. უმადური უნდა ვიყო რომ მასაც არ დავუფასო… სწორედ რეალურ სამყაროში ცხოვრობენ ის პერსონაჟები, რომლებიც ჩემს ოცნებებში ძველ სცენაზე გამოდიან და სპექტაკლს დგამენ. მე კი ერთადერთი ვარ უზარმაზარი თეატრის მაყურებლის სკამზე. სწორედ რეალობაშია ჩემი პიროვნების საწყისი, თუმცა მე აქ ისეთივე უჩინარი ვარ, როგორიც ჩემი ფიქრები… ალბათ, ეს იმიტომ ხდება რომ მე განსაკუთრებული ვარ.. თუ განსაკუთრებული ვარ, ჩემი განცდებიც საპატიოდ უნდა მივიღო და ისიც, რომ ჩემი არავის ესმის…თუმცა, ბევრს ვუყვარვარ… არავის გამოსდის ჩემი გაგება, მაგრამ რომ ცდილობენ – ესეც სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანია, თურმე… მაინც, რატომ ვითხოვ რომ გამიგონ? ამპარტავანი ვარ! ეს ჩემი განსაკუთრებულობა დიდი რამე მგონია, მინდა ყველას გავაგებინო რომ მე უნიკალური ვარ, დაე ყველამ დამაფასოს! რა გულუბრყვილობაა, გულის სიღრმეში ხომ, თავადაც კარგად ვიცი, რომ ერთი ჩვეულებრივი, საკუთარ თავზე შეყვარებული მეოცნებე სისულელე ვარ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დიდი იმედი მაქვს, ამას უარყოფს ვინმე და დაჟინებით დამიმტკიცებს საპირისპიროს, მაგრამ მე მაინც მეცოდინება, თუ ვინ ვარ სინამდვილეში! როცა დავიბადე, ღმერთმა ალბათ განსაკუთრებული მისია მომცა და ამ მისიისთვის კარგი უნარებიც მარგუნა, მაგრამ მე ამპარტავნების ცდუნებას ვერ გავუძელი. უფლის მიერ მოცემული უნარები უმოწყალოდ გავანადგურე! ახლა კი ვზივარ და ჩემი არასრულფასოვნებით დაღლილს უზომოდ მწყურია მოწყალება - საკუთარი თავის, საკუთარი თავის მიმართ… ისევ ფიქრებმა გამიტაცა, ვცდილობ ჩემი სულის ყველაზე ბნელ და მიუწვდომელ კუნჭულებში ვიხეტიალო, რომ რამე საინტერესოს,ხელმოსაჭიდს გადავაწყდე, მაგრამ ეს ვერ უშველის იმ ფაქტს, რომ დილით ადრე უნდა ავდგე, ის საშინელი გზა გავიარო და ადამიანებს გამოველაპარაკო. ოჰ, როგორ არ მიყვარს ეს პროცესი, როგორ მიყვარს ადამიანები და როგორ არ მიყვარს მათთან გამოლაპარაკება, მით უფრო, რამის თხოვნა. ასეთ დროს, ასში ერთი თუ გაგიღიმებს და სიამოვნებით გაგიწევს სამსახურს, ჩვეულებრივ ყველას სახე ჩამოსტირის, თითქოს ყველა მათი უბედურების მიზეზი მე ვიყო. მათ განწყობას მათსავე სახეზე ვკითხულობ, საკმარისია დავინახო და თითქოს მაგნიტი ვიყო, ჩემსკენ მორბიან, მესევიან და მთელს სხეულზე მეკვრიან ცხელი ზაფხულის სისხლისმსმელი კოღოებივით… ხვალ ალბათ მაღვიძარას ბევრჯერ გადავწევ დილით, თან უამრავ მიზეზს მოვიფიქრებ რის გამოც შეიძლება ხვალიდნელი წასვლა გადავდო. აი ახლაც, ამაზე ფიქრის სურვილი ისეთი ძალით მომაწვა, რომ საცაა გონებიდან ფანტელებად აიშლებიან სივრცეში. ზოგჯერ, როგორ მესმის იმ ადამიანის, ახლა რომ სადღაც, ცივილიზაციასა და ადამიანებს მოწყვეტილი, ხის ქოხში სარკმელთან ზის და მის წინ გაშლილ ხეებს გაჰყურებს. მერე რა, რომ შეიძლება ასეთი ადამიანი სულაც არ არსებობდეს?!... 12 იანვარი, 2017წ 23:14 საათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.