მთვარემდე და უკან
სამყაროში ყველა სულიერ თუ უსულო ქმნილებას სჭირდება არსებობისთვის წყარო. ყველას სჭირდება თავისი მზე, რომ შემდეგ ღამეც ანათოს. მაგალითად, მე მზის არეკლილი შუქით ვარსებობ ღამე და უკუნეთ სიბნელეში ადამიანთათვის მანათობელ ბურთად ვარ ქცეული. ღამე ყველაზე ხმაურიანი, ფერადი და სიცოცხლით აღსავსეა. ამ დროს ყველაფერი რეალურია. მე ზემოდან დავყურებ დედამიწას, საიდანაც თითოეული ქალაქი თუ სოფელი ჩანს. აქ მანათობელი გულების მთელი ქსელია. შეყვარებული გულები ერთმანეთთან ოქროსფერი, მბზინავი და კაშკაშა ძაფებით არიან დაკავშირებულნი. როცა ორი სული შეხვდება და გაუმხელენ საკუთარ გრძნობებს ერთმანეთს, ძაფი მით უფრო სწორი და მბზინავია. როცა სიყვარული ცალმხრივია, მხოლოდ ნახევარი ძაფი კაშკაშებს. და როცა ყველაზე ძლიერი სულიერი კავშირი აქვს ორ ადამიანს, მაგრამ ჯერ ვერ გაუმხელიათ ერთმანეთისთვის სიყვარული, ძაფი ყვითლად ანათებს, აბურდულია და მანიშნებს, რომ სწორედ ამ ადამიანებს ვჭირდები ღამე. დღეს ჩვეულებისამებრ თვალი მოვავლე დედამიწას და ობობას ქსელივით დაკავშირებულ სასიყვარულო ურთიერთობებს. თვალში მომხვდა ერთი ძალზედ აბურდული ძაფი, რომელიც ყველაზე მეტად კაშკაშებდა. სინათლე შევისრუტე და ერთი პატარა ქალაქის ზეცაში მოვხვდი. ზემოდან დავყურებდი სახლებს. ამ მოკაშკაშე ძაფის ერთი ბოლო ორსართულიანი სახლის ფანჯარასთან მიდიოდა, საიდანაც მაღალი ბიჭი იმზირებოდა ნაღვლიანი თვალებით, ხოლო მეორე ბოლო პატარა ცისფერკედლიანი სახლის ფანჯარასთან, რომელშიც შავთმიანი გოგონას თავი მოჩანდა. აბურდულ გორგალში იკითხებოდა მათი წარსული და ყველა ის გამოვლილი გასაჭირი, რასაც ერთად გაუძლეს, თუმცა მაინც ვერ ამხელდნენ თავიანთ სიყვარულს. ეშინოდათ. რისი? არც თვითონ იცოდნენ, ან იცოდნენ და თვალს ვერ უსწორებდნენ ბევრ რამეს, რაც მოხდა ან რაც შეიძლება მომხდარიყო. თუმცა ისინი ყოველღამე მელაპარაკებოდნენ. ხანდახან მათი უმწეო ხმა სხვების ხმებში იკარგებოდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა რომელიმე ნაწყენი იყო ან სულში უცნაური სიმშვიდე ჩამოუდგებოდათ. მაშინ, როცა სიყვარულით გამოწვეული ქარიშხალი წყნარდებოდა, მაგრამ ეს წამიერი იყო. მათ ჩემთან დიალოგი ჰქონდათ, მესმოდა მათი და მიკვირდა, რატომ იყვნენ ჩუმად. ასეთი ძლიერი კავშირი ნამდვილად იშვიათია, ასეთი გრძნობაც და საუბრის მანერაც არსად შემხვდრია. მთელი ჩემი არსებობის მანძილზე უამრავ ადამიანს შემოუჩივლია, მაგრამ ისინი არ ჩიოდნენ. ისინი მხოლოდ მსმენელს ითხოვდნენ, რომელიც ჩემში იპოვეს. ეს იყო მათი დამაკავშირებელი ძაფის დასაწყისიც და დასასრულიც. მე ვიყავი საწყისიც და ბოლოც. გოგონამ მრავალხნიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო და ოდნავ შეღებული სარკმლიდან თავი გადმოყო: - ლუნა, მოდი ასე დაგიძახებ კარგი? დღეს საინტერესო არაფერი მომხდარა, არც ვიცი რა მოგიყვე. უბრალოდ ხანდახან ვგრძნობ, რომ უფრო და უფრო ვშორდები. გარშემო ვატყობ, ჩემს მეგობრებს დიდად აღარ ეხატებათ გულზე. რა საშინელებაა, როცა ერთი სამეგობრო წრე ხართ და უაზრო კამათის შემდეგ შეიძლება ვიღაცები გაებუტონ, შენ კი ორცეცხლ შუა დარჩე. დღეს ვერ ვგრძნობდი თავს ისე, რომ შემეძლო მივნდობოდი. ის სახლივით არ იყო. პარალელურად ბიჭი მეუბნებოდა: - სუნთქვა მიჭირს. ამ სამყაროში ვეღარ ვსუნთქავ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ჩემგან წასვლა უნდა და მე მის დასარჩენად ვერაფერს ვაკეთებ. გონებაში ათასი ფიქრი მიტრიალებს, ვერ ვწყდები იმ ფიქრებს, რომ ზედმეტი ვარ ამ სამყაროსთვის. ნეტავ მე მოვმკვდარიყავი ჩემი საყვარელი ადამიანების ნაცვლად. იქნებ ყველაფერი უფრო მარტივი ყოფილიყო. გოგონა: - ღმერთო, როგორ მესმის მისი. როცა ხალხშია, თითქოს მისი აზრების მესმის და ვგრძნობ, რომ კარგად არ არის. ვგრძნობ, რომ მუდმივად რაღაცა აწუხებს, სიცარიელის განცდა აქვს. ხანდახან მგონია, რომ შემიძლია დახმარება, მაგრამ არ მიშვებს თავის თავთან. ბიჭი: - არ მინდა დავაზარალო, როგორ მივცე უფლება დამეხმაროს და ნახოს ჩემი დამახინჯებული სული, როცა თვითონ ასეთი წმინდაა? როგორ ვანახო ჯოჯოხეთი, როცა სამოთხისთვისაა განკუთვნილი? ვფიცავ, არასდროს დავტანჯავ, თუნდაც ვკვდებოდე. არასდროს ვეტყვი, რომ ჩემი ღმერთია და ყველაზე მეტად მჭირდება ამ სამყაროში. გოგონა: - ალბათ მას ჰგონია, რომ ვერ შევძლებ მის დახმარებას. ასეცაა, მე აქეთ მჭირდება დახმარება, მაგრამ იქნებ ორმა გატეხილმა ადამიანმა შეძლოს ერთი-მეორის შეერთება და გამოკეთება? არ ვიცი. მის გარშემო უამრავი გოგო ტრიალებს, მგონი უყვარს კიდეც ვიღაც. მაინც ვერ ვგრძნობ, რომ კარგადაა. მაინც ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება შეყვარებული ადამიანი თვალებით სხვას სთხოვდეს დახმარებას. ბიჭი: - ნეტავ, ოდესმე ერთად ვიყოთ. პატარა კოტეჯს ვიყიდდი რომელიმე წყნარ სოფელში, სადაც ზაფხულს გავატარებდით ხოლმე. ეზოში უამრავი ყვავილი იქნებოდა, ჩვენი შვილები ირბენდნენ და ისე იქნებოდა ყველაფერი, როგორც თვითონ ოცნებობს. ხანდახან მისი ოცნებები მესმის. ვგრძნობ რა შეიძლება მოეწონოს. ზოგჯერ ყველაფერს პირიქით ვაკეთებ, არ მინდა დაინახოს ჩემი ნაფლეთებად ქცეული გული. გოგონა: - ლუნა, იცი როგორ მიყვარს? მის სახეს და აწყლიანებულ თვალებს რომ ვხედავ, მინდა ჩავიკრა და მთელი მისი ტკივილი ზურგზე მე ვიტვირთო. მინდა თავზე ვაკოცო, თვალები დავუკოცნო. მინდა მთელ სამყაროს მისი თვალებით შევხედო. ბიჭი: - ერთხელ რომ ჩემი თვალებით შეძლებოდა სამყაროს დანახვა, საკუთარ თავს დაინახავდა. რატომ არ ვამბობ არაფერს? გიკვირს ალბათ, ამდენი ხანი ვის ან რას ველოდები? საშინელი ადამიანი ვარ, მთვარეო. როცა ვბრაზდები, გარშემო ყველას ვტკენ. ყველაზე მეტად იმას ვერ ავიტან, რომ ოდესმე მას ჩემს გამო ისე ეტკინოს, რომ სიძულვილით კი არა სიბრალურით აღსავსე თვალებით შემომხედოს. მირჩევნია ვძულდე, ვიდრე ვეცოდებოდე, იმის გამო რაც დამემართა. გოგონა: - ლუნა, ალბათ რამდენი ბანალური სიყვარულის ისტორია მოგისმენია, არა? ლაპარაკი რომ შეგძლებოდა, მეტყოდი ვის მისტირი, რას მისტირიო. არ მივსტირი მას. მე მხოლოდ მისი დახმარება მინდა. მსურს, რომ კარგად იყოს, ოღონდ მართლა. საათობით დავუჯდებოდი სალაპარაკოდ და მოვუსმენდი. ვიცი ვერავინ უსმენს და ვერავინ უგებს. ის გრძნობა სულ თან დამყვება, რომ მარტოსულია და ვერც მისი მეგობრები და ვერც ვითომ შეყვარებულები ვერ გააბედნიერებენ. ბიჭი: - ამ სამყაროში ერთადერთ ვინმეს შეუძლია ჩემი შველა და იმის გამო, რომ არ დავაზარალო, ამ საშველზეც უარს ვამბობ. გესმის? მე უარს ვამბობ იმ წამალზე, რომელიც სულიერად განმკურნავს. ერთდროულად დახურეს ფანჯრები და ოთახის სიღრმეში გაუჩინარდნენ. არაერთი დიალოგი მომესმინა, მაგრამ ყველაზე მეტად მიმწუხრებდა ეს გულს. ძაფთან დავიხარე და ჩემს წინ მათი წარსული გადაიშალა, სიკვდილით და ტკივილით სავსე. ჩემი სხეული მთლიანად ეიფორიამ მოიცვა. ისინი კარგ დასასრულს იმსახურებდნენ. ძაფის გორგლის ყველაზე ჩახლართულ ნაწილს მივუახლოვდი და სული შევუბერე. ჰაერის ნაკადმა უკან დამწია და მე დავინახე ყველაზე ლამაზი რამ ჩემს ცხოვრებაში: ძაფმა ნელ-ნელა გახსნა დაიწყო, გასწორდა და იქაურობა ყვითელმა სინათლემ შთანთქა. ჩიტების საამო ხმა მომესმა. გათენებას ჰგავდა. ღმერთის ხმა ჩამესმა: - შენ ჩემი შვილები მომიყვანე. მე მათ შევიფარებ და ვუპატრონებ, ხოლო მათ სულიერ კავშირს ისე გავუფრთხილებდი, როგორც შენ უფრთხილებოდი. გათენებულიყო. პატარა ქალაქში საოცარი სიჩუმე იდგა. დღეს ბოლო დღე იყო მათი ერთად ყოფნისა ამ სამყაროში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.