შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათინას ათინა არ ჰქვია.


4-01-2022, 01:53
ავტორი ათინნა
ნანახია 9 406

ათინას ათინა არ ჰქვია.
მაგრამ ყოველთვის უნდოდა გამორჩეული და განსხვავებული სახელი ჰრქმეოდა. ღრმად სწამდა რომ სახელის სხვაობა განზე დააყენებდა, ოდნავ შემაღლებულ ადგილას, საიდანაც ყველას დაინახავდა, და სადაც ყველა დაინახავდა. თუმცა ის მაინც ავიწყდებოდა ხოლმე, რომ უკვე განსხვავებული იყო. მის გარშემო მყოფი ადამიანები ამას უმალვე ამჩნევდნენ, ეუბნებოდნენ, ახსენებდნენ, თუმცა ათინას ეს არ ეჯერა. ანდა როგორ უნდა დაეჯერებინა, ვისთანაც ყველაზე მეტად ცდილობდა ამ განსხვავებულობის გამოჩენას, სწორედ ის ვერ უფასებდა. არა, არ იფიქროთ რომ ეს სულ ასე იყო ხოლმე. თავიდან ინტერესებოდნენ, შორიდან ადევნებდნენ თვალ - ყურს. მერე ზოგი ფეხაკრეფით უახლოვდება, ზოგიც პირიქით, წითელ ხალიჩას გაიგებს, ბუკსა და ნაღარას მოიმარჯვებს და ასე პომპეზურად შეეფეთება ხოლმე სახეში.
ბევრი დაკვირვების შემდეგ ათინამ ერთი რამ აღმოაჩინა. მისი ცხოვრება წარმოიდგინა როგორც გრძელი, უსაშველოდ დიდი დერეფანი, სადაც სინათლის წყარო არც თუ ისე გამართულია. მომწვანო, მოყვითალო, თუმცა მაინც მუქი ფერის განათება ალაგ - ალაგ ბჟუტავს ხოლმე და შიშსაც კი ჰგვრის.
ამ დერეფანში უამრავი კარია, სხვადასხვანაირი, ერთმანეთს არც ერთი რომ არ ჰგავს. როგორც ბუნებაში არ გვაქვს ორი იდენტური ფოთოლი, ორი თითის ანაბეჭდი, ისე არ გვხვდება ამ დერეფანში ორი ერთნაირი კარი. თუმცა, იერით, ძირითადი გარეგანი მახასიათებლებით მაინც ჰგვანან ერთმანეთს.
ვინ არის კარს იქით? ვინ აკაკუნებს და ითხოვს მოკრძალებულად შემოსვლის უფლებას? ვინ ჩამოსწევს თავისუფლად და ალბათ თავხედურადაც კი კარის სახელურს და შემობორიალდება დაუპატიჟებლად? თუმცა ამას არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია ისაა ვინ რჩება ამ კარის ზღურბლის გადმოლახვის შემდეგ დერეფანში. სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, რომლებმაც კარი შიგნიდან გადაკეტეს, გასაღები ათინას დაუბრუნეს და უთხრეს, სანამ შენთვითონ არ დაიღლები და არ მოგვთხოვ წასვლას, აქ ვიქნებითო... ამის თქმის პარალელურად თითქოს ყელი გამოიწელეს და შეეხვეწნენ კიდეც, არ მოგვცე წასვლის უფლებაო. ის კი არ იცოდნენ, ათინასთვის რამდენად რთული იქნებოდა მათი გაშვება.
ხოდა, ისეთი მონდომებით მალავდა ამ ჩაბარებულ გასაღებებს ხანდახან თავადაც კი ავიწყდებოდა მათი არსებობა. არავინ ემეტებოდა წასასვლელად. არავინ ეთმობოდა. ყველა დერეფანში შემოსული უნდოდა მასთან დარჩენილიყო სამუდამოდ. არადა გულის სიღრმეში იცოდა, ეს რომ შეუძლებელი იყო. მისთვის თავს ვერავინ გადადებდა. გმირობას ვერავის მოსთხოვდა. არადა თვითონ რამდენი ადამიანისათვის შეეძლო თავის გადადება. ამას ზოგი ამჩნევდა, ისევე როგორც მის განსხვავებულობას, ზოგისთვის კი შეუმჩნეველიც რჩებოდა, თითქოს ეს არაფერი იყო. თითქოს ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ და ამის ვალდებულებაც კი გააჩნდა ათინას. და მასაც სჯეროდა.
სჯეროდა, რომ ოდესმე, საიდანმე მოვიდოდა ის რომელიც მის გამო თავს, ხელს, ფეხს, მთელ სხეულს გადადებდა. იცოდა რომ სადღაც ვიღაც არსებობდა, რომელიც მთელი არსით მას ეკუთვნოდა და ყველანაირად მისი იყო. თუმცა სად იყო? საიდან მოდიოდა? რამდენი დრო სჭირდებოდა მოსასვლელად? კიდევ რამდენი უნდა ეცადა ათინას? კიდევ რამდენჯერ უნდა გაბრახუნებინათ მის ცხვირწინ კარი ხმაურიანად ზუსტად მაშინ როცა ის ტირილით დარჩენას ითხოვდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent