შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავიწყება (სრულად)

3-09-2022, 22:58
ავტორი guroo
ნანახია 4 524

- ილო, ილო, პოლის ტილო, სიბერისკენ მიდიხარ, პატარა ბიჭო; - უკვე მესამედ არის ამ სალონში და ამჯერადაც იმავეს ისმენს, რაც პირველ და მეორე მისვლაზე უთხრეს. მიმართვის სტილიც კი არ შეუცვლია ამ ქერა კულულებიან ქალს. სიტყვა-სიტყვით იმეორებს, დაზეპირებულივით; - აი, ნახე; - ჭაღარა თმის ღერებს დანარჩენი თმისგან გამოყოფს და ილოს აჩვენებს.
- მომწონს ეგ ჭაღარები. ნეტავ, კიდევ უფრო მეტი მქონდეს.
ქალს სხარტი რექაცია აქვს. წარბებს ზემოთ ქაჩავს, გაკვირვებულია. ილოს უცინის და ეუბნება, ყველაფერი თავის დროზე იქნებაო, რა დროს ჭაღარები და სიბერეა შენისთანა სიცოცხლით სავსე ბიჭუკელასთვისო. თან სავარცხელს ისე უქნევს, როგორც საჩვენებელ თითს აქნევენ ხოლმე დიდაქტიკური მონოლოგების დროს.
- შეყვარებული არა გყავს?
ილო სიცილს ვეღარ იკავებს. ორი მიზეზი აქვს გასაცინებლად: ერთი ამ ქალის ფამილარულობა და ჭარბი სიხალისე, მეორე კი -პროვინციული კილოთი საუბარი.
- ცალმხრივ გრძნობებს თუ შეყვარებულის ყოლად ჩამითვლით, მაშინ კი, მყავს; - სარკეს უყურებს, საკუთარ ანარეკლს თვალს თვალში უყრის და ამას თავის გასაგონად უფრო ამბობს, ვიდრე ქალის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
ქერა კულულები მოძრაობას წყვეტს ქალის მხრებზე. მანამდე მოუსვენრად დასრიალებდა კისერთან და ლავიწებთან.
ქალი ილოს ნათქვამით შეძრულია. ახლა საკუთარი ანარეკლის ნაცვლად მას რომ უყურებდეს ილო, ამ ქალის თვალებში უზარმაზარ თანაგანცდას დაინახვადა. უხმოს, გამოუთქმელს და ამავდროულად მაინც საოცრად მეტყველს. თითქოს თანაგრძნობის გამოხატვა ოდითგავე ამ თვალების ღვთიური მისია იყო, ბუდეებიდან შთამბეჭდავი ექსპრესია იღვრება.
უნდა ჩაიხედოს ილომ ამ თვალებში. ოღონდ იმის გამო არა, რომ ნუგეში იპოვნოს მათ სიღრმეში, არამედ იმიტომ, რომ ერთხელ მაინც დაფიქრდეს იმაზე, თუ რა შეიძლება იდგეს ამ თანაგრძნობის მიღმა. შეიძლება მწარედ განცდილი ტკივილი. ან სხვათა წუხილის გაზიარების უზადო ნიჭი. არავინ იცის.
- ვინ არი, ბიჭო, ეგეთი ცხვირაბზუებული? შენ როგორ არ შეგიყვარა? - გამომეტყველებაც და ხასიათიც სწრაფად ეცვლება. ისევ მხიარულდება. კულულები ისევ ქაოსს ერთვის.
- სხვა უყვარს... - ილომ სარკეში კბილებს მოჰკრა თვალი და რაღაც არ მოეწონა. შერცხვა პირის კიდევ ერთხელ გაღების.
- უი, დედა! - გაკვირვებისგან მარტო ხმით კი არა, მთელი სხეულით იცხადებს ქალი ბიჭის ნათქვამს და ხელს მტკივნეულად ურტყამს; - ბოდიში, ილო-ბიჭო. გპირდები, ჩალურჯებულს არ გაგიშვებ.
ილო კბილებს მალავს. მოკუმული პირით უღიმის და ხმას არ იღებს.
- მაშ, ჩემო ილია, იმ გოგოს სიყვარულში ცალხმრივი გრძნობები შენი გადახდილია, არა?
- ასე გამოდის. - ზრდილობის გამო პასუხობს, კვლავ ფართოდ ეღიმება და თეთრ კბილებს კვლავ აჩენს.
კულულებიანი ქალის ბანალურ რითმებს ისევ ბანალურობის ხარჯზე შეუძლია ილოს გაცინება. საერთოდაც ყველაფერი იმის გამო ხდება სასაცილო, რომ თავისივე თავს იმეორებს უამრავჯერ. ილო ზუსტად ამ მომენტში ფიქრობს ამას. არადა, ქალს ჰგონია, რომ უპასუხო სიყვარული სტანჯავს.
- მუშაობ თუ დედაშენმა მოგცა თმის შესაჭრელი ფული?
- ვმუშაობ.
- სად? - ქალი ისეთი ენერგიულია, ისე სხარტი, ისე შეუვალი, გეგონება მნიშვნელოვან დაკითხვას აწარმოებს.
- წიგნების კომპანიაში.
- ანუ ვაჭრუკანა ხარ.
- ისე ზუსტად თქვით, რომ სამიზნეს ათიანში გაარტყვით.
- არა, დარცს კი არ გეთამაშები და სროლაში კი არ გეჯიბრები... - იბნევა. ხვდება, რომ უტაქტოდ მოუვიდა; - საკაიფოდ ყიდი?
- კი, როცა მიმართლებს.
- და ხშირად გაქვს ეგეთი იღბლიანი დღეები?
- თითქმის არასდროს.
- ნუ, ახლა, მე რაღა მიკვირს, ერთი! სიყვარულში არ გიმართლებს და წიგნებში თუ არ გაგიმართლა, ჯანდაბას მაგის თავი; - საქმეს ასრულებს და თავზე ხელს ურტყამს; - გილოცავ ახალ თავს, ილო-ბიჭო.
ილო კმაყოფილებით უმზერს ანარეკლს. ქალს მადლობას უხდის და ახალშეჭრილი თმებით მოფენილ მაგიდაზე ქაღალდის კუპიურას უდებს.
- ხურდა არ მინდა. დაიტოვეთ იმის ნიშნად, რომ მადლიერი ვარ მხიარულად გატარებული დროის გამო.
სალონიდან სწრაფად გადის. უხერხულობის განცდაც იქვე რჩება, გარეთ აღარ მოჰყვება.
გაუსაძლისად ცხელა. სამყარო ჯოჯოხეთის დიდი ქვაბია. იწვის ქვეყნიერება და იხარშება. საქმე თუ მოხარშვაზე მიდგა, ილოს მოხარშული თევზი ურჩევნია. ფაფუკი მასა მოსწონს და იმიტომ. ფიქრები ერთი-მეორეს ცვლის. გონებაში წარმოდგენილი სურათები ფოვერფოინთის სლაიდშოუსავით გადადის. ახლა იმ კადრზე დამუხრუჭდა, სადაც ილოს სამსახურია. მხოლოდ კრემისფერი კედლების გადაკვეთა ჩანს. ილო კუთხისკენ შებრუნებულია და ტელეფონზე პოტენციურ მომხმარებელს ელაპარაკება. პატარა ბავშვივით დასჯილს კი ჰგავს, მაგრამ არავის უბრძანებია მისთვის, კედლისკენ შებრუნდიო. თავად გადაწყვიტა. მაშინ უნდოდა, ჯერ კედლები დაერწმუნებინა, რომ წიგნი ნამდვილად საინტერესოა და უნდა შეიძინონ, მერე კი - ქალბატონი ასუსა, რომელიც მედგარ უარზე იყო და წიგნის ყიდვას უფულობის გამო ვერ ახერხებდა. ბოლოს მაინც იყიდა. ქუთაისელი ქალია ასუსა და ილოს, იმ მომენტში მის ლაპარაკს თუ მოუსმენდით, ღმერთის არსებობის როგორც სწამს, ისევე სჯეროდა, რომ ქუთაისელი ქალის მოუხერხებელი არაფერია. თუ მოინდომებენ, მთებსაც გადადგამენ, ოკეანეში წყალს დააშრობენ, ქვას კიდევ, პირიქით - წვენს გამოადენენ - ნაცარქექიასავით. ასუსამაც ამიტომ შეძლო წიგნის ყიდვა.
ილოს ამის გახსენებაზეც ეცინება. ვაჭრუკანა ხარო, რა მაგრად უთხრა კულელებიანმა ქალმა. ბიჭი გულში უდასტურებს. "კი, როგორ არა".
სახლის გზა შემოკლდა, თითქოს, მალე გაილია დრო ამ გზააბნეული ფიქრების გამოდევნების ხარჯზე. შეიძლება, საწვავია ფიქრი, რომელიც დროის მტკივნეული მიმდინარებისგან გასათავისუფლებლად სჭირდება ადამიანს და ილოს ძალიან უხარია, რომ ფიქრები ასე ჭარბად აქვს.
მობილურზე უცხო ნომრიდან მესიჯს უგზავნიან: "ანუ ლომი ხარ? შენს დღეს გილოცავ, ლამაზმანო".
ისევ ავიწყდება, რომ კბილები დამალოს. ღმერთმა უწყის, რატომ დაიმორცხვა, ასეთი რა ნახა ამ კბილებში დასამალი და მისაჩქმალი. აჰა, მარტო კბილები კი არა, ეს მესიჯიც გადამალა. არ უპასუხია, მაგრამ მაინც შეინახა.
ილოს ის აწუხებს, რომ ვერ ხვდება, ლამაზმანი ნამდვილად გოგომ დაუძახა თუ არა. წესით, ბიჭის მოწერილს უნდა ჰგავდეს. ყური ასე აქვს მიჩვეული. მის გარშემო ყოველთვის ბიჭებისგან ესმოდა მსგავსი მიმართვები.
ცოტათი აღელდა და, ნეტავ, რეალურად რა ხდება, სასიამოვნოა ეს ღელვა? - ილო ფიქრობს, რომ ჯანდაბას ხდომილობები. ბიჭის მოწერილია და მორჩა, გათავდა.
არა, გული ვერ მოუთმენს. სწრაფად უნდა გაარკვიოს, მალე უნდა გაფანტოს ნისლივით ჩამოწოლილი ინტრიგა და გონება გაისუფთავოს. მობილური ნომრების ბაზაში აკოპირებს უცხო ნომერს და საძიებო შედეგი იმდენად მოულოდნელია, რომ ხმამაღალი სიცილი ღრუტუნში გადასდის.
ერთი კვირის წინ მიჰყიდა ამ ქალს რომელიღაც ისტორიული წიგნი. ქალმა უთხრა მოვიფიქრებო, თან მეზობელსაც ვეტყვიო, იმას უყვარსო ისტორიის წიგნები. ნომერი გამოართვა, მეზობელს მივცემ და თვითონ დაგირეკავსო.
ილო იხსენებს და აგონდება, რომ მთელი სატელეფონო დიალოგი უცნაური იყო. არაერთხელ მოუხდა უჩვეულო წინადადებების და აზრების მოსმენა. ქალი ძირითადად არაადეკვატურობას ამჟღავნებდა, მაგრამ რა ექნა ილოს? წიგნის გაყიდვა ეწადა და ამიტომ, ქალს უთავბოლოდ უსმენდა და ეპირფერებოდა. თურმე თავი არ მოაწონა ამ ოხერმა?
უცებ სალონიც გაახსენდა. რა ამოუხსნელმა ჯადომ შეკრიბა უცნაური ხალხი და მისი ცხოვრების გზაზე სათითაო ჯარისკაცებად, ჩასაფრებულებივით დაალაგა?
ილომ იცის, რომ კომპიუტერულ თამაშებში, უმჯობესია მოკლა ასეთები, თორემ ისინი დაგასწრებენ. ჰოდა, კლავს კიდეც. ივიწყებს და მეხსიერების ნაგავსაყრელზე გულგრილად ისვრის. წლების შემდეგ აღარც ეს დღე და ქალები, აღარც მესიჯი და ინტრიგა - აღარაფერი ემახსოვრება.
გზა უკვე თითქმის მორჩა. სადაცაა სახლში შევა, მაგრამ დავიწყებასთან ერთად გზის დამოკლების ილუზიაც გაქრა. რაღაც ეტკინა ილოს ფარულად და ვერ მიხვდა - რა. ისიც არ იცის, დავიწყების გამო ეტკინა, თუ მანამდე უკვე ჰქონდა იარა. ილომ არაფერი იცის. თავის გადასარჩენად მხოლოდ დღეს კი არ დაუვიწყებია, არამედ დიდი ხანია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მიაგდო მეხსიერების მყრალ სიბინძურეში და ახლა, შეიძლება, ეს ყრუ ტკივილიც იქიდან ჟონავს. არ იცის ილომ. მან არაფერი იცის საერთოდ. უბრალოდ რაღაც დაივიწყა და სულ ეგ არის. მორჩა, გათავდა. აი, ისევ აღელდა, ამას რომ ფიქრობს.
კარს აღებს უკვე და იქიდან სიმღერა ისმის.
კი, დანამდვილებით ლამაზი დღეა. ლომი ბიჭის, ილო - პოლის ტილოს დაბადების დღეა.

№1  offline მოდერი guroo

"პოლის ტილო" ჩემი საყვარელი სიტყვა არ გეგონოთ. ისიც ვიცი, რომ ქართული არაა. უბრალოდ ასე იყო საჭირო.

№2 სტუმარი Mirabel Müller

ეს ჩვენი თმის მჭრელი ენერგიული ქალია. აქეთ თავს გილამაზებს, იქით ტვინს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. ხან სასიამოვნოა, ხან დოზაზე მეტი მოსდის. ესეც,ალბათ, მოჭარბებული ენერგიის ბრალია. გაცილებით რთულია გონივრულობა გამოიჩინო ასეთ დროს. ტემპერამენტის ამბავია,რა.
ხო, ქუთაისელებზეც დაგეთანხმები. მოუხერხებელი მათთვის არაფერია. ეს კარგია,მაგარია. მომწონს მათი მიზანსწრაფულობა.
ილო უცნაური ვინმეა, მხოლოდ მას შეიძლება გადახდეს ასეთი ამბები თმის შესაჭრელად წასულს და სამსახურში მიმავალსაც. ილოს დავიწყება... კარგი რამეა,როცა შეგიძლია ფიქრები მართო. შენს თავს უთხრა, იცი,რა?! მე დღეს ამის ხასიათზე არ ვარ,არც ეს წელი ვიქნები. ისიც კუდამოძუებული მირბის ბნელ კუნჭულში და იძინებს ღრმა ძილით.

№3  offline მოდერი guroo

Mirabel Müller

ქერა ქალის შემთხვევაში მართლა ტემეპერამენტის ამბავია. მომეწონა, ასეთნაირად რომ თქვი. მე ვერ შევძელი მაგდენის მოხერხება.
აქამდე ქუთაისის ადგილი ჩემს ცნობიერ ცხოვრებაში საერთოდ არ იყო ხოლმე. ბოლო ხანებში დიდი ინტენსივობით შემოიჭრა, თავი შემაყვარა და ისე ვერ გავძლებდი, სადმე რომ არ მეხსენებინა.
უცნაურ ილოს უკვირს უცნაურობები რატომ ხდება მის თავს, მაგრამ იმას აღარ ფიქრობს, რომ თვითონ არის ამ ყველაფრისთვის ზედმეტი სიფართოვით ღია.
არ გეთანხმები. ილო ფიქრებს ვერ მართავს. დავიწყება ფსიქოლოგიური პატერნი უფროა, ვიდრე გონებაზე გაბატონება. მართლა თვითონ რომ ხელმძღვანელობდეს პროცესებს, წესით, აღარ უნდა ეტკინოს ხოლმე.
კომენტარებზე ვაფრენ! იცოდი ეს?
მადლობა!

№4 სტუმარი სტუმარი Mirabel

guroo

კი,შევნიშნე რომ აფრენ კომენტარებზე. შინაგან განცდებს მხოლოდ მაშინ აკონტროლებ,როცა შენთვის ყველაფერი სულერთი ხდება. გამომხატველობითი ფორმის კონტროლი კი შესაძლებელია ( თუ აფექტის მდგომარეობა არაა).

№5  offline მოდერი guroo

როცა მედგრად მიდგებიან, სიძაბუნესა და სისუსტეს ვგრძნობ. უძლური ვხდები წინააღმდეგობის გასაწევად.
ვერაფერს გეტყვი. მე უძლური ვარ. წაკითხულმა მომხიბლა და ვიდრე ამ ჯადოდან არ გამოვაღწევ, მანამდე ვერ მივხვდები, სად აქვს ჩემს სათქმელს გაგრძელება, რომ ლოგიკის ჯაჭვი არ გამიწყდეს და აზრი სრულვყო. აი, მერე, შეგეჭიდები. ახლა ვერ. ახლა დამარცხებული ვარ.

№6  offline მოდერი guroo

მოდი, 7 სექტემბერი გამოვაცხადოთ კომენტარების საფესტივალო დღედ და აქ ნამდვილი ბუმი მოვაწყოთ, კარგი? დდდდ

№7  offline წევრი NieMaND

ილო, ოლო პოლის ტილო... ბავშვობაში გადავვარდი. ასე "ლამაზად" ვეხუმრებოდით ჩემს კლასელს. მაშინ არც მიფიქრია, რომ კარგი არ იყო )) ლადო, ლადო კვერცხი დადო, ვერ შეჭამა გადააგდო. )) ესეც... ხო სხვაგან წავედი. ალბათ, ბავშვობაში რომ წამეკითხა, მომეწონებოდა ეს მიმართვა, მაგრამ ახლა, რბილად რომ ვთქვათ, არაკულტურულია. )) იმდენად ცდილობს საუბარში აიყოლიოს, თუ რამეზე ისაუბროს, არ უკვირდება რას ამბობს. ზედმეტად მონდომებული ვინმეა. )) იღბალი არ სწყალობს ჩვენს ილოს, როგორც ჩანს. არც გაყიდვებში უმართლებს დიდად. მის "შეყვარებულსაც" სხვა უყვარს და "დავიწყებული" ისტორიები და ადამიანებიც არ ანებებენ თავს დიდი ხნით. გადამალავს გონების ბნელ კუნჭულში, მეხსიერების სანაგვეზე ისვრის ყველაფერს, რაც არ მოსწონს, რისთვისაც არ სცალია, ივიწყებს და მერე სიცარიელის შეგრძნება რჩება. თითქოს რაღაც აკლია. რაღაც უნდა გააკეთოს, მაგრამ ვერ ხვდება -რა. ჩემი აზრით, სუსტი ადამიანია. არ ცდილობს პრობლემებთან შეჯახებისას მის ბრძოლით მოგვარებას. მოისვრის სანაგვეზე და ყველაფერი მოგვარებულია. კი ნუ ეწყინება და ლომი ბიჭი კი არა, მართლა პოლის ტილოა .დდ უთხარი არ ეწყინოს.. მოკლედ, როგორც ყოველთვის, მივედ-მოვედები... ვერასდროს ვხვდები ხოლმე, რისთვის წერ ჩანახატს, რას ემსახურება, რა გრძნობის ან ემოციის გამომჟღავნებას ცდილობ. მაგრამ მომწონს როგორც წერ, მომწონს რა შედარებებს იყენებ, მომწონს სულის ბნელ კუთხეებში რომ დათარეშობ და აშიშვლებ. თუნდაც ვერაფერს ვხვდებოდე მომწონხარ, მიყვარხარ❤❤❤ დიდხანს ნუ უშვებ ხოლმე მუზას შვებულებაში. არ ეკადრება გაჩერება ... წარმატებები, გურამ❤❤❤❤❤
--------------------
L.T.

№8  offline მოდერი guroo

NieMaND

კომენტარი, რა თქმა უნდა, ორშაბათსვე ვნახე. უბრალოდ აქამდე ვერ შევძელი, რომ პასუხი დამებრუნებინა. ამიტომ ბოდიშს გიხდი დაგვიანებული პასუხისთვის.
ახლა რაც შეეხება ამ ჩანახატის შექმნის მიზანს... არავითარი წინა პირობა, წინასწარი მონახაზი და კონტურები არ მქონია. დავიწყე წერა და თანდათან გამოიძერწა ქერა ქალის პერსონაჟიც და ილოც. ისინი დეკორაციები არიან, თვითონ ჩანახატიც შესანიღბი სამოსი აღმოჩნდა და იგი ჩავაცვი ისეთ რამეს, ერთხელაც რომ არ მიხსენებია, მაგრამ მაინც ძალიან ცხადად იგრძნობა სხვადასხვა მინიშნებების ფონზე. არც ეს მინიშნებებია პირდაპირი. ისინიც ირიბ შინაარს დაატარებენ. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ჩანახატი არ ეხება იმას, თუ როგორი ფამილარული და უტაქტოები არიან ზოგჯერ ადამიანები; არც იმას, ილო რამდენად უცნაური ბიჭია. არამედ, მთლიანი ტექსტი სვამს ერთადერთ კითხვას, თუ რა დაივიწყა ილომ? ოღონდ მთავარი და მნიშვნელოვანი რა დაივიწყა, თორემ მცირედი დეტალები, რომელთა მეხსიერების ნაგავსაყრელზე გასროლა თხრობის მომენტში მოახერხა, ეგ ისედაც ჩანს.
მუდამ მიხარიხარ! სულ გამოგდის, ჩემს ეგოსთან სასიამოვნოდ გაგლასუნება. თაფლი გეღვრება პირდაპირ, აი თაფლი!
მადლობა, მადლობა და მადლობა!!!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent