შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თებრო


14-02-2023, 07:32
ავტორი ვე რა
ნანახია 9 918

თებრო

მას შემდეგ, რაც ქმარს გაშორდა თებროს არავინ ჰყოლია, რაც ქმარს გაშორდა უკვე ათი წელი გავიდა.
შვილი უკვე გაიზარდა, კვერცხის შეწვასაც ახერხებს თავისით.
თებრო კი ოცდაცამეტი წლისაა. რაღაც საკრალური ციფრია ეს ოცდაცამეტი. შეხედავ და მოგეწონება, ლამაზია , შხვართი. მაგრამ უცნაურად სევდიანი თვალებით. დაქალები ეხუმრებიან , მოღალატე ქმარს უნახავ ერთგულებას, შენზე ერთგული ქალი დედამიწის ზურგზე არ დადისო. ასე არაა!
ადრე ,როცა გათხოვდა თებრო, სიგიჟემდე უყვარდა თავისი ქმარი. მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა. თუმცა მხოლოდ სამი წელი გაძლო მათმა ოჯახმა.
ქმარსაც უყვარდა თებრო, უცნაური სიყვარულით. აი ისეთით ღალატი რომ მოსულა და რომ ისეთი არაფერია. ისეთით ცოლი "კუხნაში" რომ იცის და ისეთით ცოლს ყვავილები რათ უნდა, სანოვაგით სავსე ჩანთაც რომ ყოფნის.
მხოლოდ სიტყვაზე არ დაიჯერა თებრომ ქმრის ღალატი, არც ნანახმა მიმოწერამ დაარწმუნა, არც ქალის სუნამომ და არც ტუჩსაცხის კვალმა. თითქოს დაბრმავდა თებრო, თითქოს აღქმის უნარი დაკარგა.
უფრო მეტი მონდომებით დაიწყო კატლეტების და ნამცხვრების მზადება. თითქოს მთელი თავისი ქალური ვნება სამზარეულოში გადაიტანა.
სამზარეულოში და ინტერნეტში ახლადშექმნილ, საკუთარ ანონიმურ ბლოგში, სახელად " მე ქალი!"
იქ წერდა ყველაფერს, ქალური ვნებისგან დაწყებული მზარეულის ვნებით დამთავრებულს.
იცლებოდა ემოციისგან და მორიგი თავგადასავალიდან დაბრუნებულ ბედნიერ ქმარს მოსიყვარულე ცოლის ღიმილით ხვდებოდა კართან.
იმ წელს , როცა ოჯახი დაანგრია ორსულად იყო თებრო.
მის სხეულს ქმრისთვის სასურველი ფორმა დაეკარგა, მის კანს ის ბრწყინვალება, რაც ასე ხიბლავდა თებროში ქმარს. წვრილი ლამაზი ფეხებიც დაუსივდა. ვეღარც სამზარეულოში ტრიალებდა ისე გამეტებით. ამის გამო კუჭიდან გულამდე მიმავალი გზაც სამუდამოდ ჩაიხერგა მისთვის.
ერთ საღამოს კონსულტაციიდან მომავალმა ბედნიერმა თებრომ, რომელსაც სასურველი სქესი ამცნო ეხომ. სახლთან ახლოს ქმრის მანქანას მოჰკრა თვალი.
გახარებული მისკენ გაემართა, რათა ეხარებინა ბიჭი გვეყოლება , გვარის ნანატრი გამგრძელებელიო.
რომ ნანახით გამოწვეულმა ელდამ ლამის მუხლებში ჩაკეცა. მის ქმარს ზედ შემოესვა მეზობელი, წითურთმიანი ელა და ერთმანეთში ახლართულები პირდაპირ სახლთან ეძლეოდნენ თავდავიწყებას.
წამიერმა შოკმა მალევე გადაუარა თებროს.
მიუახლოვდა, ისე ახლოს ,რომ მათი სიამოვნების დასტური ხმებიც კი გარკვევით ესმოდა.
გაბერილ მუცელს ხელები მოხვია და იქვე სკამზე ჩამოჯდა. როგორც ღია კინო_თეატრში ეროტიულ ფილმს, ისე უყურებდა საკუთარ ქმარს და მეზობელს, რომელთან ერთადაც ჯერ კიდევ დილით ყავა დალია და გაოცებული ფიქრობდა იმაზე, რომ ტკივილს საერმთოდ ვერ გრძნობდა . ზუსტად ისე, როგორც პორნოგრაფიას შეიძლება უყურო, ისე უყურებდა ერთ დროს საყვარელ ქმარს. ხელი გაბერილი მუცლიდან გულზე დაიდო, არაფერი! არც აჩქარებული ფეთქვა, არც მწარე ნემსების ჩხვლეტა, არც არანაირი ტკივილი. გაკვირვებულმა თავი გვერდზე გადახარა. გაიღიმა.
_ შენ თავისუფალი ხარ! _ უთხრა საკუთარ თავს.
ზუსტად ისე, მძიმე სენს რომ შეეგუება ადამიანი და გარდაუვალი სიკვდილის მუდმივი მოლოდინი, გარდაუვალ აღსასრულს რომ შეგაგუებს. ისე იყო მისი ქვეცნობიერი შეგუებული მათი ოჯახის უცილობელ დანგრევას.
ადგა და ღიღინით, ნელა გაუყვა გზას სახლისკენ. ჩემოდანი გადმოიღო, და კარადისკენ მიბრუნდა, დაათვალიერა ერთგული და პატიოსანი ცოლის უღიმღამო გარდეროფი. გაეცინა. არაფერი არ აუღია. შემდეგ დანარჩენ ოთახს მოავლო თვალი. ყველაფერი ისეთი უცხო და შორეული ეჩვენა, თითქოს ვიღაც უცხოს სახლში იყო და გარსაც ვიღაც უცხოს ნივთები ეხვია. ცივი ღიმილით გამობრუნდა . სახლის კარი გააღო და ხელჩანთის ამარა დაუყვა კიბის ნაცნობ საფეხურებს. კარიც კი არ გამოუხურავს ზურგსუკან.
იმ დღის მერე აი უკვე ათი წელი გავიდა. თებრო ისევ ლამაზი ქალია, ასაკი თითქმის არ ეტყობა. ან ისე ეტყობა, რომ ამშვენებს. ქუჩაში რომ მიდის კაცების აღფრთოვანებული მზერა მიჰყვება. თებრომ მხოლოდ მოინდომოს და ...
მაგრამ თებროს არ უნდა. თებრო თავისუფალია!
ხშირად ფიქრობს სჭირდება კი ეს თავისუფლება? იმაზეც ფიქრობს ,რომ საკუთარ თავს შანსი მისცეს.
იმაზეც ფიქრობს, რომ სადღაც დადის მისი ნახევარი და მას ეძებს. კი ასე ფიქრობს, რადგან თებრო გულში ისევ რომანტიკოსია .
მაგრამ ეშინია თებროს, კვლავ ღალატის, კვლავ ტყუილის, კვლავ იმედგაცრუების!
ვისაც არ გამოუცდია ის გაკიცხვას, ის ვერ გაუგებს , თუ რამხელა და რა ყოვლის მომცველია ეს შიში. ამაზე ბლოგში წერს, უზიარებს უცხო მკითხველებს საკუთარ განცდებს და ყურადღებით კითხულობს ყველა კომენტარს. თითქოს პასუხს ეძებს, პასუხს რომლის მოსმენაც უნდა. ბლოგი კი კვლავ ანონიმურია.
ხშირად ,ღამით როცა დაწვება თებრო ფიქრებში უხმობს წარმოსახვით საყვარელს. უსახოს, უსახელოს, მაგრამ ვნებიანს და მასთან ერთად ეძლევა წარმოსახვით სიყვარულს. ოცნებაში კიდევ უფრო თავისუფალია თებრო, თანაც რეალურზე ბევრად თამამი!
ცარიელი საწოლი ხდება მისი ოცნებების თავშესაფარი, მისი არ შემდგარი ბრძოლის ველი.

არ დაგავიწყდეთ ,რომ თებრო ლამაზია, კეთილია,კარგი მზარეულია, სულ ცოტა ბიძგი სჭირდება და ის ქალი გახდება კაცები რომ ხშირად ოცნებობენ.
ერთ დღესაც თებრო იპოვის გამბედაობას და საკუთარ თავს მეორე შანსს მისცემს. ის ამას იმსახურებს!
ახლა კი, სულ ესაა თებროს ცხოვრება....

დასასრული

ვერა გურული



№1 სტუმარი სტუმარი მარია

ღოჩაღი გოგო! მჯერა, ყველაფერი გამოუვა!

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მარია
ღოჩაღი გოგო! მჯერა, ყველაფერი გამოუვა!

ალბათ გამოუვა, არც კი ვიცი. მე უფრო მწუხარე თებროები შემხვედრიან, ვიდრე ბედნიერები.

 


№3  offline წევრი katerinaeka

სამწუხაროდ რეალურ ცხოვრებაში გაწბილებული, სევდიანი და ნდობადაკარგული ,,თებროები" უფრო ბევრია.

 


№4 სტუმარი სტუმარი მარია

ყველაფერს აქვს დასასრული, მწუხარებასაც… ადამიანმა მოინდომოს და არ გამოუვიდეს?? :))

 


№5 სტუმარი სტუმარი მარია

უმაქნის კაცს არავინ გადაჰყვეს უნდა , არც ერთი თებრო!

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

katerinaeka
სამწუხაროდ რეალურ ცხოვრებაში გაწბილებული, სევდიანი და ნდობადაკარგული ,,თებროები" უფრო ბევრია.

სწორედ მათ გასაგონად ვწერ, ცხოვრების ახლიდან დაწყების დროა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent