საუბარი ფიქრებით
როგორ უცბად იცვლება ყველაფერი, არა?! მაშინ, როდესაც ფიქრობ რომ კარგად ხარ, ყველაფერი კარგად არის და ცხოვრება გახარებს, არსაიდან გიახლოვდება სიბნელე და ვერ ამჩნევ. შემდეგ გეპარება შორიდან და თითქოს არ არსებობსო, ისე მოიწევს შენს ახლოს. ბოლოს კი...ბოლოს სულამდე მოაღწევს და ეგაა. გჭამს იქამდე, სანამ თავად არ დანებდები, არ ეტყვი რომ მორჩა, მან გაიმარჯვა...აი, აქ უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას. რატომ? იმიტომ რომ ამ დროს სიბნელე კი არ მიდის შენგან, პირიქით-შენს ყველაზე ნათელ ადგილებამდე აღწევს და იქ იდებს სამუდამო სამყოფელს. *** -დავიკარგე, მამაო...რა გავაკეთო, მითხარი!-მავედრეველი მზერა მივაპყარი შუახნის კაცს, რომელიც ჩვეული სიდინჯითა და დაფიქრებული სახით მიყურებდა. -ილოცე, შვილო ჩემო, ილოცე და მოგეშვება...-კიდევ რაღაცაზე ბუტბუტებდა, საუბრობდა გაუჩერებლად, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა. ყურებში ჰაერი უფრო მეტად იდგამდა ფესვებს. შემოსვლამდე, ვნატრობდი რომ უბრალოდ ვყოფილიყავი არამორწმუნე და ამ კაცის ბუტბუტი, რომელიც ძალიან კეთილი და სანდო სახით მიყურებდა, არაფრად ჩამეგდო. უბრალოდ მესაუბრა და მორჩა, რადგან ის ხომ ღმერთი არაა, სრული გარდატეხა რომ მოახდინოს ჩემს ცნობიერებაში, აზროვნებასა და ცხოვრებაში?! მაგრამ...განა ღმერთია ამისთვის საჭირო? ერთი წყეული მიზეზიც საკმარისია რომ ცხოვრება თავდაყირა დადგეს...საათივით აწყობილი გეგმები, დაიშალოს და დაინგრეს ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილაო და ასე დასრულდეს ზღაპარიც, რომელსაც თავის დროზე, ბოლო არ უჩანდა. ეკლესიაში, საუკუნეა არ ვყოფილვარ. ყოველთვის, როდესაც ჩემი სახლის გზაზე გავივლიდი, იქ იყო. იქ იყო ეკლესიაც და მამაოც, რომელიც კარებიდან ისე მეგებებოდა, როგორც დიდი ხნის მეგობარს. მე მეშინოდა...ჩემი ცოდვების? არა, ცოდვები ყველას აქვს და შეიძლება ჩემზე დიდიც, მაგრამ ჩემი თავის მეშინოდა. ჰო, ჩემი თავის, რომელიც ზოგჯერ ისეთი საშინელი იყო... ამბობენ, ღმერთი გასაჭირში ახსენდებათო. არ ვეთანხმებოდი ამ მოსაზრებას. ვგიჟდებოდი, როგორ თუ მსგავს სიტყვას ამბობ-მეთქი, როდესაც ვისმენდი ხალხის და ჩემი მეგობრების საუბარს. "როგორ, განა ღმერთი მუდამ ჩვენს გვერდით არ არის და არ ვიხსნებთ-თქო?!" აი, ახლა ვხვდები, თურმე რა იყო მათი სიტყვების არსი. სანამ არ გამიჭირდა და სულიერად არ ჩამოვვარდი მაღალი სართულიდან, მანამდე მხოლოდ შორიდან ვუყურებდი ღვთის სახლს, შორიდან მოვილოცავდი და ვტრაბახობდი, თითქოს მუდამ ღვთის წინაშე ვიყავი წარმსდგარი და ვასრულებდი ყოველივეს. ვის ვაწონებდი თავს? არც კი ვიცი... ხალხს? მაგრამ ხალხი ბრბოა, არა?! მაინც იმას ხედავენ, რაც სურთ და აწყობთ, თუმცა კი ფაქტი იყო...მე მათ თვალში ვმაღლდებოდი და ბევრი მბაძავდა, მაქებდნენ და ტაშსაც მიკრავდნენ, ჩემი კარგი საქციელის გამო, რომელსაც ღვთის სიყვარულით გამოვხატავდი. რად მინდოდა ეს ყოველივე? არც კი ვიცი. ახლა რომ ჩემს ძველ თავთან შემახვედრა, დავცინებდი, ამდენად სულელი რომ ვიყავი. ჩემი ფიქრების ხმაურს, ფონად სხვა ტონალობის "მუსიკა" გასდევდა. როგორც ლექსებშია...რომ კითხულობენ და თან უკან რაღაცა უკრავს, რაც მეტად ემოციურს ხდის კითხვის პროცესს...და მამაო ისევ აგრძელებდა...ამ ფიქრების ხმაში, მისი ხმა სრულებით დადუმებულიყო...ისე, როგორც მუსიკა, რომელსაც მხოლოდ მაშინ უთიშავ ხმას, თუ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც ხდება. ახლაც ასე იყო... ჩემს თავთან მქონდა მეტად მნიშვნელოვანი დიალოგი, რომელიც კარგა ხანს მინდოდა, მაგრამ საიდან დამეწყო, არ ვიცოდი. ვითომ ეს კეთილი და თბილი კაცი დამეხმარა? არაფერია გამორიცხული, თუმცა არც დაზუსტებული. სანამ საუბრობდა, ეკლესიას მოვავლე თვალი. ამ პატარა ადგილას, მხოლოდ მე და ის ვიყავით....და ღმერთი. ალბათ რომელიმე კუთხეში იდგა, გვიყურებდა და ეღიმებოდა, ან უბრალოდ სევდანარევი მზერით გვადევნებდა თვალს და ფიქრობდა. რას ფიქრობდა, ეგ უკვე აღარ ვიცი. ვითომ ჩემს ბრძოლაზე-საკუთარ თავთან, თუ მამაოს თავდადებულ საუბარზე იმის თაობაზე...მოიცადე, არც კი ვიცი რაზე მელაპარაკება. ღმერთო, მისი არც ერთი სიტყვა მესმის. მუხლებზე ვიდექი და ვამჩნევდი, თუ როგორ მეცინებოდა. ჩემს თავზე მეცინებოდა, რომ ასე უსირცხვილოდ ვდგავარ შენ წინაშე უფალო, თანაც არაფრის გამო, მაგრამ თან ყველაფრის გამო. საკმევლის სურნელი ყველა კუთხესა და კუნჭულშია გამჯდარი. მიყვარს აქაური აურა და სიმყუდროვე, რომელსაც მხოლოდ ჩემი აჩქარებული სუნთქვა და მამაოს ემოციური მონოლოგი არღვევს. მინდა ვილოცო და მადლობა გითხრა, უფალო, მაგრამ დამიჯერებ, რომ გითხრა ლოცვა არ ვიცი? აქედან წასვლა მინდა. მინდა წავიდე, ვიარო ქუჩაში და ყველაფერს შევეხო. მინდა ჩემი არსებობა ვიგრძნო. ამასობაში, ვგრძნობ როგორ მეხება თავზე უხილავი ხელი...რეალობაში უეცრად, მოსხლეტით ვბრუნდები და ვხედავ ჩრდილს...ეს მამაოა. მან დაასრულა თავისი საუბარი და ახლა მლოცავს. -სიმშვიდეს გისურვებ, ჩემო შვილო.-მესმის გარკვევით და წამოდგომაში მეხმარება. შემდეგ მეხუტება. წამით გრძელდება ჩვენი კონტაქტი და ისე ბრუნდება უკან, ვერ ვასწრებ სიტყვის თქმას. ავდექი და წამოვედი. ქუჩაში გამოვედი. დიდი ხნით ისედაც ვეღარ გავჩერდებოდი, რადგან ჩვენ სრულიად სხვადასხვა გზაზე ვიდექით, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. დიდად შუამავალიც ვერ იყო კომპეტენტური, ამიტომ გარეთ ხეტიალი გადავწყვიტე. ბევრი ადამიანი მხვდებოდა. ზოგი მიღიმოდა, ზოგი თვალს მარიდებდა. მხოლოდ ერთმა ისურვა ჩემთან დაჯდომა და მითუმეტეს საუბარი. ალბათ თავისიანად აღმიქვა. ისე კი გიჟივით მეცვა...სეზონისთვის შეუფერებლად. ზამთრის სუსხნიანი დღეები, ყველა ძვალში ატანდა, მაგრამ მე ძალიან თხელი მანტო, შიგნიდან შავი მაისური და სპორტული შარვალი მეცვა...რაღაც ჩექმებთან ერთად, რომელსაც უსაშველოდ დაბალი ყელი ჰქონდა-შეიძლება ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომაც გადაწყვიტა ამ ადამიანმს საუბარი. ჩვენს შორის, განსხვავება იცით რა იყო? მეცინება... მას უფრო მოვლილი თმა და წვერი ჰქონდა, ვიდრე მე. დანარჩენი ყველაფერი ერთნაირი...ლამის ტყუპებად შევრაცხე ჩვენი თავი. და მესმის ხმაც... -აქ რას აკეთებ?-მეკითხება დალაგებული სიტყვებით, მაგრამ აშკარაა რომ თვალები ასეთივე დალაგებული ვერ აქვს. -არაფერს, უბრალოდ ვსეირნობ. მანამდე ღმერთთან ვიყავი. -ვა, რას ამბობ? როგორ? მიგიღო კიდეც?-აშკარად ვერ მიხვდა ჩემს ალეგორიას. მეც მეტი რა მინდოდა? გავხალისდი და უფრო მეტი ამბავი შევთხზე ჩემზე და ღმერთზე. მოვუყევი, თუ რაები მელაპარაკა და რამდენიმე დარიგება, მისთვისაც რომ გადმომცა, ვუთხარი და ძალიან გაუხარდა. მოკლედ, გული ვიჯერეთ საუბრით. მერე ავდექი და წამოვედი. განა იმიტომ რომ მომწყინდა....არა, პირიქით. შემეძლო საუკუნოდ დავრჩენილიყავი და მესაუბრა, რადგან ასეთი კარგი მსმენელი არასდროს მყოლია, უბრალოდ ხეტიალი მინდოდა მხოლოდ ამის გამო დავტოვე ჩემი გასაოცარი და კეთილი მსმენელი. თავში ისევ მოგონებები მერეოდნენ. ერთმანეთს ეჭიდებოდნენ და ცდილობდნენ დამარცხებას, ამასობაში კი მეც მერეოდნენ. სახალისოა მათთან ერთად ცხოვრება. ვერასდროს ვიწყენ, რადგან ერთმანეთს ყოველთვის ენაცვლებიან. ზოგჯერ კარგები იმარჯვებენ, უფრო ხშირად კი ცუდები და ასეთი გაშმაგებული "ომი" აქვთ ჩემს გონებაში. მომწონს კიდეც ეს "ომი" და ხანდახან, პოლემიკაშიც შევდივარ თითოეულ მათგანთან. მერე, მერე უცბად ვიღაც გაჩნდა ჩემს თავში. ვიღაც, ვინც გრძნობაზე მეტი იყო და მას სული ჰქონდა. ეს იყო ადამიანო, რომელიც არასდროს მენახა რეალურად. ის მუდამ ჩემს ფიქრებში ცხოვრობდა. ყოველთვის, როდესაც მეგონა ფიქრს ვასრულებდი, ის გამოვიდოდა დღის სინათლეზე და მიწყებდა მსჯელობას. არც კი ვიცი ვინ იყო, ან რა უნდოდა, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცოდი და ვიცი: ამ ადამიანის მიმართ, ყოველთვის თბილ და ემოციური კავშირი მქონდა და მექნება. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჩემი ნაწილია, არა?! ჩემს გონებაში ცხოვრობს, ჩემივე ემოციებით იკვებება და სულდგმულობს. მე კიდევ იმდენად კეთილი ვარ, საცხოვრებელი დავუთმე და კაპიკს არ ვიღებ იმისგან. აი, ხანდახან ასეთიც ვარ. საბედნიეროდ, მახსენდება რომ ეს ადამიანი რეალური არ არის და როგორც კი თავს გამოვიჭერ, მაშინვე ვწყვეტ მსგავს აზრებს და ვბრუნდები რეალობაში. ახლაც დავბრუნდი...ძალიან არ მინდოდა, მაგრამ უკვე დროა სახლში წასვლის. საკმარისზე მეტად ვესაუბრე როგორც ჩემს თავს, ისე უფალს, მამაოს, ვიღაც უცნობს და მერე ისევ ჩემს თავს. ერთი დღისთვის, ბევრი საუბარი გამოდის, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ჩემი თავით, ზოგჯერ ძალიან ვამაყობ, მაგრამ ვნახავ, როდემდე გაგრძელდება ყოველივე. დადგა ის დრო, როცა სრულიად უნდა დავემშვიდობო მეორე სამყაროს და ამ სამყაროში, უბრალოდ სვლა განვაგრძო. ვნახოთ, სადამდე მიმიყვანს ეს გაუკვალავი ბილიკები და რა იქნება იქ... ___________________________ გამარჯობა...))) როგორ ხართ? დიდი იმედი მაქვს რომ ნელ-თბილად მაინც ხართ. ძალიან სპონტანურად შექმნილია და მინდოდა გამეზიარებინა. არც აზრებს ვასწორებ, არ შეცდომებს-როგორც შემიძლია. წინასწარ ბოდიში, თუ არეული იქნება. მეც არეულივით ვარ, ცოტა არ იყოს))) მაგრამ იმის იმედი კი მაქვს, რომ ოდნავ მაინც გამოიწვევს სიმპათიას. კარგ დღეს/საღამოს გისურვებთ. პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.