შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი ჩანს (სრულად)


დღეს, 01:45
ავტორი ika abashidze
ნანახია 62

(დღე პირველი)

ზუსტად ვერ გავერკვიე, დღის რომელი მონაკვეთი იყო. ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა, რომელსაც სადღაციდან შემოეღწია სახლში. საწოლიდან წამოდგომაზე ფიქრი ზედმეტი იყო, ვერანაირ მოძრაობას ვერ ვასრულებდი, ყველაზე მარტივსაც კი. თვალებიც ვერ გავახილე. თითებიც ვერ გავამოძრავე. ვერც გვერდზე ვბრუნდებოდი, ოდნავაც ვერ ვძრავდი სხეულს.
შინაგანად, ძალიან შემეშინდა, თუმცა ვიგრძენი, რომ ამ შიშის გამოხატვის ძალაც აღარ შემწევდა.
ასე ვარ ახლაც, სიბნელეში. მხოლოდ რაღაც გაურკვეველი ხმები მესმის და რაღაცებს ვგრძნობ. თავიდან მეგონა, თუ ჰაერში ვტივტივებდი, იმიტომ რომ თავქვეშ ცივ სიცარიელეს ვგრძნობდი, რომელიც ჩემი ბალიში აღმოჩნდა. ტანზე მაისური არ მაცვია, მხოლოდ თხელი საბანი მაქვს გადაფარებული.
ძალიან მეშინია, მაგრამ ვერავის ვეძახი. ვერც ვმოძრაობ, რომ წამოვდგე და კედელზე მაინც ვაბრახუნო ხელები.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ჩემ თავზე არაფერი მახსოვს, არც ჩემი სახელი, არც ის, სად ვცხოვრობ, ან ახლა სად შეიძლება ვიყო.
სიცარიელის სარეცელზე ვდევარ, ან უბრალოდ ჰაერში ვტივტივებ და ასე, აწმყოსთან შეგუებით ვკლავ დროს. წარსულზე ფიქრს აზრი არ აქვს. მომავლის მეშინია.

***

არ ვიცი, როგორ, მაგრამ, შიშში დაყოფილი რაღაც დროის შემდეგ, მოსაღამოვება ვიგრძენი. უფრო მეტად აგრილდა და სხეულზე მზის ცხელი სხივების ნაცვლად, ზაფხულის საღამოს ნაზი ნიავი გადამეფინა.
მერე კარის ჭრიალი გავიგონე.
კარის ხმას უკან ნაბიჯების ხმაც მოჰყვა, მერე უცებ ყველაფერი გაჩუმდა.
ცოტა ხანში, სხეულზე ხელის შეხება ვიგრძენი.
რაღაც დაბრახუნების ხმაც იყო.
სახეზე ვგრძნობდი მეორე, ბევრად ცხელ სახეს და მდუღარე ცრემლებს.

***

რამდენიმე საათით, იმ ოთახში, სადაც მე ვიყავი, იქვე გამართულ დიალოგებს ვადევნებდი ყურს.
ასეთ სიბნელეში, გაურკვევლად, უმიზეზოდ წამოწყებული ტირილისა და ხმამაღალი, სევდიანი შეძახილების მოსმენა სულს მიღრღნიდა.
მერე ვიგრძენი, რომ მთლიანად სახლი ჩახუთულიყო. ალბათ, ყველა ფანჯარა დაკეტეს.

***

- შენ უკნიდან მოუდექი, ჯიგარო,
ზემოთ ამოაწექი. მე ზემოდან ავწევ და ავიტანთ.
...
- პირდაპირ ოთახში შეიტანეთ, ზალაში.
ამ რამდენიმე წინადადების მერე, საუბრის დანარჩენი ნაწილისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია.
ცოტა ხანი სახლში ბრაგა-ბრუგი ისმოდა.

(დღე მეორე)

ისედაც სუსტი, გამხდარი, წვრილი მზის სხივები ძლივს ძვრებიან სარკმელებზე აფარებული ნაჭრების ვიწრო ღრიჭოებში და ნემსებივით მესობიან შუბლზე.
რაღაც ცივ, პრიალა ნაჭერზე ვწევარ.
შიშველ ხელებზეც ნემსები მესობა, ამით ვხვდები, რომ ჩემი საყვარელი შალის ჟაკეტი მაცვია, შიგნიდან კი რაღაც მაისური.
სადაც ვწევარ, იქ ფეხები ბოლომდე არ მეტევა. ჰოდა, მარტო ქუსლებით ვეყრდნობი რაღაც მაგარ ხის ნაჭერს.

***

ოთახი ყვავილების სუნითაა მოცული.
მაგრამ, ვგრძნობ, რომ თავთან გახურებული, საფერფლის მაგვარი რკინის ჭურჭელი მიდგას, საიდანაც ტაძრის სუნი უხეშ, სქელ ბოლად მოსრიალებს გველივით და ჩემამდე აღწევს.
აქაურობა უმეტესად ჩუმია. მხოლოდ ძალიან ნაზი ქვითინით ან ხმამაღალი ტირილით თუ გაირღვევა ხოლმე სიჩუმე.
ბევრი ჩემთან ახლოს მოდის და ისე მოსდგება ტირილს. მაგრამ მე ვერავის ხმას ვერ ვცნობ.

***

მოსაღამავებულს, ცოტა გაგრილებულმა და გონება დასვენებულმა გონება დავძაბე და გამახსენდა, რომ ბოლოს რაც დავინახე, ჩემი ოთახის ძველი ჭაღი იყო, რომელიც ნელი ტემპით ქანაობდა ქარის ხმისა და მომაკვდავი სინათლის ერთობლივი მელოდიის ფონზე.
მეტი, მაინც ვერაფერი გავიხსენე.
ეს სახლი არ მახსოვს.
სრულიად უეცრად აღვმოჩნდი აქ.
ის გამახსენდა, რომ აქაურობა ყველაზე მეტად მენატრებოდა. ისიც ვიგრძენი, რომ აქაურობით დატკბობა ერთი დღითაც ვერ მოვასწარი.
ტირილი მინდა. მაგრამ, აბა, შემწევს მე ტირილისთვის ძალა?
მახსოვს, რომ ოთახს ვერტიკალურად თუ გაუყვები, აივანზე გახვალ და შენს თვალ წინ გადაშლილ ეზოს გადახედავ. მე კი ოთახში ჰორიზონტალურად ვწევარ... გასასვლელთან გვერდულად მიმაწვინეს,
ძალიანაც რომ მომინდეს, კარში ასე ვერ გავეტევი.
ჩემი თავის უკან კიდევ სარკმელია, იქიდან ჩემი ეზოს პატარა ნაჭერი და მეზობლის ბოსტანი ჩანს, ამ ორს კი პატარა ღობე ჰყოფს.
რამდენი რამე გამახსენდა, მაგრამ მაინც ყველაფერი ისეთი უცხოა... თითქოს, აქ ახლა არ უნდა ვიყო, მითუმეტეს ასეთი ფორმით.

(დღე მესამე)

იმ დიდ ხის ჩარჩოსთან ერთად მაჯანჯღარეს რამდენიმე ხანს, მეგონა, კაფსულაში ვიჯექი და ციცაბო კლდიდან ხრამისკენ ვეშვებოდი.
ახლა, ვგრძნობ, რომ ჩემი სახლის ეზოში ვარ. ისევ გაუნძრევლად ვწევარ და მზის სხივების ალერსს ჩემებური
ალერსითვე - მისტიურობითა და მორჩილებით ვპასუხობ.
ის მონატრებული და ამავდროულად უცხო ჰაერი ფილტვებს მიგუბებს და ცრემლებად უნდა გადმოსვლა ჩემს გაციებულ ბაგეებზე, მაგრამ, ვერა შვება და ვერა. რა ვუყო. არ უნდა ღმერთს, რომ ვინმეს რამე გავაგებინო და ვუთხრა, ამ დასკვნამდე მივედი.
მაგრამ, რაღად მინდა, რომ ვინმეს რამე ვუთხრა? ჰაერში აცეკვებული ფოთლები სადღაც მიმაცილებენ. ან შეიძლება, ცა დამტირის ყველას მაგივრად, ქარისავით არეული და ჩამოღრუბლული სახით, შეიძლება ეს ფოთლები მისი ცრემლები არიან.
ისმის დაჟანგული ჭიშკარის ტკივილნარევი ჭრიალიც, რომელიც ალბათ იავნანასავით გამყვება იქ, სადაც მისვლა მიწერია. ქარმა, აივანზე, მოშლილი ჭერის რამდენიმე დამპალი ფიცარიც ნაზად ააჭრიალა დამშვიდობების ნიშნად. ჯერ კიდევ ღია ჭიშკარში, ერთი ფოთოლი გამოძვრა და გულზე დამეცა, იქვე დამეკრო და დარჩა.
...
სადღაც მივემგზავრებით.
აშკარად მანქანაში ვართ და ცოტა ჩახუთულობაა.
...
ყველა ხორციელისგან
მიტოვებულ ადგილას მივედით,
იქ, სადაც ქარიც იშვიათად მღერის
და სადაც არც ისე ხშირად ისმის,
ხმა კბილთა ღრჭენის,
არც ტკივილით ვინმე კვნესის...
სიბნელეს, ვეღარავინ ებრძვის.
აქ, აღარავის სწამს ღმერთის.
გულიც, სახეც აქვთ ყველას, ცივი ქვების.
...
კიდევ
რამდენ
პატარა
გოლგოთაზე
სუფევს, ჟამი,
მზერის გამუქების,
წამი,
საუკუნო, საუკუნო დადუმების.

(ნოსტალგია)

გადის დრო და ვგრძნობ, რომ იმ სქელ,
ხის ნაჭერს, ხისავე ბასრი, პატარა ფესვები ნელნელა ბზარავენ და ბოლოს გაჭრიან.
მეც, სხვა რა დამრჩა, დაველოდები, რომ კარგად და მჭიდროდ ჩამეხუტოს მოხუცი ჭადარი თავისი ფესვებით... იქნებ, ის ჩემს გულზე მიკრული პატარა ფოთოლიც იპოვნოს, შეიფაროს, რამენაირად სახლი ამიშენოს... ახალი სახლი არ მინდა, ძველიც მეყოფა, ისეთი, როგორიც მქონდა.
...
მაინც ჩემდა გასაკვირად, ფესვი გულში გამესო და იქ დარჩა.
...
თავიდანაც, გულში ჭრილობით დავიწყე ჩემი სულის სამუდამო დაჩრდილვა და მივაღწიე კიდეც.
...მაგრამ, სახლს, ჩემს მუდამ ქარით აჭრიალებულ სახლს, რა შემიცვლის...


დასასრული.



№1  offline წევრი mariami91378

ვგიჟდები!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent