უკუნეთს უხდება რითმა (მეორე თავი)
რამდენიმე საათში ისეთივე დაღლილს გამომეღვიძა, როგორმაც დავიძინე და ამან სულ უფრო ამირია, ისედაც არეულ-დარეული ხასიათი. ფხიზელი ძილი მაქვს, თუმცა ახლა ვერაფერს დავაბრალებ ჩემს გამოღვიძებას. საუკუნესავით გამეწელება ხოლმე წუთობით ძილი და თითქოს ჩემს თავსაც ვეღარ ვცნობ ახალგამოღვიძებული. ხასიათს ყოველთვის მუსიკით ვშველი, მაგრამ დღეს ქალაქში უნდა გავიდე და ალბათ ცხოვრებაში პირველად თუ არა, მეორედ მაინც მომიწევს ყურსასმენების ტრანსპორტში გამოყენება. ტანსაცმლის ჩასაცმელად დიდი დრო არ დამჭირვებია, როგორც გითხარით ტანსაცმლის ამოჩემება მიყვარს და არც სარკე გიჟდება ჩემზე, ისევე როგორც მე არ ვგიჟდები მასზე. არ ვუხდებით ერთმანეთს, არც არასდროს ვუხდებოდით. სარკე მათთვისაა, რაღაც ახლის პოვნა, რომ უნდა საკუთარ თავში, რაღაც ახლის და კარგის, განსხვავებულის, ასეთს ვერც ვიპოვნი და არც მიცდია. ხასიათს ვერ აჩვენებს უბრალო მინა და გარეგნობა კი დიდად არ მხიბლავს, არც ჩემი და თქვენთან გულახდილი რომ ვიყო, არც სხვების. ჩემს ხასიათს გააჩნია, ზოგჯერ ყველა ერთნაირად ლამაზი მეჩვენება, ზოგჯერ ყველა ასევე ერთნაირად მახინჯი, არ აქვს მნიშვნელობა ვის უფრო ახალი და ფერადი აცვია, თუ სამყაროს შავ-თეთრად ვხედავ. ჰო, არის ხოლმე ასეთი უჟმური მომენტებიც. თუმცა ამაზე მოგვიანებით. ახლა კი, ჩაიფიქრეთ რამე, რადგან ავტობუსში, როგორც მახსოვს პირველად ვუსმენ მუსიკას და რაღა დაგიმალოთ მოუხდა ამ პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩებს, ავტობუსი რომ ძლივს უხვევს. სახლიდან გალერეამდე და გალერეიდან სახლამდე ვუსმენდი. არცერთი მგზავრისთვის არ შემიხედავს. არც ისე მჩვევია ხალხის თვალიერება. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არც არავის ვუმზერ თვალებში, თუმცა კი ყოველთვის ვგრძნობ სხვის მზერას. ცუდი შეგრძნებაა, თითქოს მუდმივად ვიღაც გაკონტროლებს, გამოწმებს, სულს გიშიშვლებს და ცდილობს აზრებში შემოგიძვრეს. თუ კი ვინმეს უნებლიედ შევავლებ თვალს, მხოლოდ მის მზერას ვაკვირდები. ადამიანის თვალებში ყველაფერია, დაბადებიდან სიკვდილის ჩათვლით, სამოთხედან ჯოჯოხეთამდე და თანაც, ეს ყველაფერი ერთი პიროვნების თვალებში ეტევა, უბრალოდ თითოეულ ადამიანში სხვადასხვა დოზით. სახლს რომ მოვუახლოვდი, ჯერ მობილურს ჩავუგდე ხმა, შემდეგ ყურსასმენი შევინახე და მობილური ჩავაგდე ჩანთის გარეთა ჯიბეში. წინასწარ დავდექი ავტობუსის უკანა კართან, სანამ ჩემს გაჩერებას მივუახლოვდებოდით და ჩასვლისას ვიღაცის სიტყვები ჩამესმა: „I look at you And before my eyes it's true The girl of my dreams Is not quite what she seems“ დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, რომ მივმხვდარიყავი, ზედმეტად ხმამაღლა ვუსმენდი სიმღერას. ლოყები ამიწითლდა, თავი დავხარე და არც შემიხედავს მისთვის ისე სწრაფად შევედი სახლში, თითქმის სირბილით. ის ჩემს მეზობლად შევიდა და მაშინვე მივხვდი მის სახელს, ალექსანდრე იყო. ჰო, ზუსტად ის, მე რომ ხმას არ ვცემდი. სახლში დაბრუნებულმა ჩემს თავს პირობა ჩამოვართვი, რაც არ უნდა მომხდარიყო აღარ მოვუსმენდი ასე ხმამაღლა. პირობა იმ საღამოსვე დავარღვიე. მარტოობის საშინელი განცდა შემომიძვრა ძვლებში და მოსვენება არ მომცა, ძლივს მიწყნარებული ხასიათი ამომიყირავა. ინსტიქტურად ჩავრთე ლექსის აუდიო ჩანაწერი ბოლო ხმაზე, სხვენში ავედი, ფეხები მოვიკეცე, ფურცლებამოხეული, თუმცა ჩემთვის მაინც ძვირფასი რვეული დავიდე მუხლზე და წერა დავიწყე. განსაკუთრებული ვერაფერი დავწერე და კიდევ ერთი ფურცელი დააკლდა რვეულს. იმ საღამოს მალევე დამეწყო მთქნარება, მიუხედავად შუადღის ძილისა და მეც აღარ დამიტანებია თავისთვის ძალა, დავიძინე. ოღონდ გთხოვთ, სიზმრების მოყოლა არ მთხოვოთ, ზედმეტად ბევრი და არც თუ ისე ლამაზი სიზმარი მესიზმრა და ალბათ ერთი სული მქონდა, როდის გამეღვიძებოდა, რადგან დილის ექვს საათზე უკვე თვალები ფართოდ მქონდა დაჭყეტილი და საწოლის თავთან ჭერზე ჩამოკიდებულ ნათურას მივჩერებოდი. ჯერ ერთი თვალი მოვუხუჭე და ცალი თვალით დავუწყე ცქერა, მერე მეორე. დიდი ვერაფერი განსხვავება შევატყე, მხოლოდ ოდნავ ინაცვლებდა ნათურა ადგილს, ისიც, სამწუხაროდ, ჩემს წარმოსახვაში. ადგომა მეზარებოდა, მარა მტკიცედ გადავწყვიტე დროა წამოდგომის-თქო და ისე სწრაფად მომივიდა წამოჯდომა, რომ ოთახმა და სახლმა კი არა დედამიწამაც სინათლის სიჩქარით დაიწყო ბრუნვა. ესეც კიდევ ერთი საშინელი ჩვევა, რომელიც ვერ მოვიშორე. დიდხანს ვიჯექი დაბორიალებული და ბოლოს გავბედე ფეხზე წამოდგომა. მუქი ფარდები, რომელიც თავად მე შევარჩიე ყველაზე ბნელი ფერის ფარდებს შორის, ძლიერად გავწიე, ჩამოვწყვიტე კიდეც და თვალებიც დავიბრმავე. დილაობით აქამდე არასდროს შემიმჩნევია ამხელა მზე. გამიხარდა, გავუღიმე, თვალი ჩავუკარი და მერე შემრცხვა, ნეტავ ხომ არავინ დამინახა და სულ არ შევუცვალო ჩემზე ისედაც ჩამოუყალიბებელი წარმოდგენა-მეთქი. საბედნიეროდ არავინ იყო, ქალაქს ჯერ ისევ დილის ტკბილი ძილით ეძინა, მე რომ მიყვარდა ბავშვობაში, ისეთით. დილის ძილი ყოველთვის კარაქიან და თაფლიან ახალგამომცხვარ თონის პურს მახსენებს და ამის გახსენებაზე მომშივდა კიდეც. კარგად რომ დავფიქრდეთ, გუშინ მაცივარი გამოვაცარიელე და ძებნას აღარ აქვს აზრი. ჯერ ზედმეტად ადრეა იმისთვის, რომ ჩემს სახლთან ახლოს ამაყად წამოჭიმული, ისე კი დიდი ვერაფერი მაღაზია ღია იყოს, შორს წასვლა კი მეზარება. ამიტომ ჩავრთე ტელევიზორი, მტვერზე მივხდი, რომ დიდი ხანია არც ჩამირთავს და ალბათ ახლოსაც კი არ გამივლია მასთან. არც იმდენი მტვერი ედო, გამოსახულება რომ ვერ დამენახა ( ამ დროს დედაჩემი იტყოდა შენისთანა სახლში არ შეიშვებაო და ვეთანხმები კიდეც ) და ჩავუჯექი ჩემს საყვარელ მულტფილმს. ტომი ისევ თავქუდმოგლეჯილი დასდევს ჯერის, მე ისევ მშია, თუმცა სად აქვს ტომის ქუდი და მოდი ასე ვთქვათ, ტომი თავმოგლეჯილი დასდევს ჯერის და მე ისევ მშია. მოიცა, ახლა წარმოვიდგინე და არც თუ კარგი სანახავია თავმოგლეჯილი კატა, თანაც რაღა დაგიმალოთ და მიყვარს კატები ძაღლებზე მეტად, თაგვებზე მეტადაც, მარა ჯერი უფრო საყვარელია. მოკლედ, ავამუშავებ წარმოსახვას, ვითომ ტომის აფარია ქუდი და ვთქვათ, რომ ტომი ისევ თავქუდმოგლეჯილი მისდევს ჯერის და მე ისევ მშია. დასკვნა, როცა წინადადების მეორე ნაწილი უცვლელია და მე ისევ მშია, რა მნიშვნელობა აქვს რა რას მისდევს და როგორ. აი, უკვე ყველი მოჰპარა ჯერიმ და მეტი აღარ შემიძლია, კი გავიდა ამ ჩვენი ქართულის ენის მულტფილმისთვის მორგებაში ნახევარი საათი და შესაძლებელია მაღაზიაც გაღებული იყოს. სასწრაფოდ ავიღე საფულე და ამჯერად უკვე მე გავიქეცი თავქუდმოგლეჯილი მაღაზიისკენ. რომ დავფიქრდეთ, რა მაგარი სიტყვაა, ყველაფერს უხდება. მაღაზიაში არც ისე დიდი რიგი დამხვდა, თუმცა არც სივრცეა დიდი და რამდენი ადამიანიც შეეტია იმდენი იყო. ისე გაფაციცებით ვაკვირდებოდი თაროებზე შემოწყობილ სასუსნავებს, როგორც ჯერი და სულ არ მიმიქცევია ყურადღება ვიცნობდი თუ არა მათ ვინც ჩემს წინ, ან უკან იდგა. საოცარი სისწრაფით ვუთხარი დახლთან მდგომ გოგონას 1 პაჭკა მაკარონი, 2 ნაჭერი ყველი და თეთრი პური, კიდევ ბევრი შოკოლადები და ჟელიბონი. ვერაფერი გაიგო, ჯერ უცხოელი ვეგონე, შემდეგ გაანალიზა რაც ვუთხარი, ერთი გაკვირვებულმა შემომხედა, ნეტა რამ მოაშია ასე დილაუთენიაო და ჩამიწყო ყველაფერი ჩანთაში. გასვლა რომ დავაპირე, ვიღაცამ ყურში ჩამჩურჩულა: „სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია, ვერ გადურჩები სულის წვალებას, მე რომ გაფრენა არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.“ მე ისევ მივხდი, რომ გუშინაც ზედმეტად ხმამაღლა ვუსმედი გრანელს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.